გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/318-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
28.06.2019 წელი ქ. რუსთავი
შესავალი ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი
სხდომის მდივანი თამარ კობაიძე
მოსარჩელე დ---- გ-----------ი
წარმომადგენელი ნანა ჯახველაძე
მოპასუხე ა------ ო--------ი
წარმომადგენელი სულეიმან ისმაილოვი
დავის საგანი განქორწინება, ალიმენტის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. დ---- გ-----------ს და ა------ ო--------ს შორის 2016 წლის 26 დეკემბერს რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტა;
1.2. ა------ ო--------ისათვის არასრულწლოვანი შვილის 2017 წლის 3 ივნისს დაბადებული ანნა ო--------ის სარჩენად ალიმენტის დაკისრება ყოველთვიურად 400 ლარის ოდენობით.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:
მხარეები 2016 წლის 26 დეკემბრიდან იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში. 2018 წლის 7 იანვრიდან აღარ ცხოვრობენ ერთად. მათ შორის ფაქტობრივად შეწყვეტილია ქორწინება და ქორწინების შენარჩუნება და ოჯახური ცხოვრების აღდგენა შეუძლებელია. მოსარჩელის განმარტებით ქორწინების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი ანნა ო--------ი, რომელიც ცხოვრობს დედასთან ერთად. მოპასუხე არანაირ მონაწილეობას არ იღებს ბავშვის რჩენას და აღზრდაში. ბავშვს სჭირდება მკურნალობა, რაც ხარჯებთან არის დაკავშირებული. მოპასუხე არის ავტოსატრანსპორტო საშუალების ხელოსანი და აქვს საკმარისი შემოსავალი რომ უზრუნველყოს ბავშვის რჩენა და აღზრდა საჭირო თანხებით.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წერილობით შესაგებელში სარჩელი ცნო ნაწილობრივ და განმარტა, რომ თანახმაა განქორწინდეს მოსარჩელესთან. შესაგებელში და სასამართლო სხდომაზე ალიმენტის მოთხოვნა ცნო ნაწილობრივ და განმარტა, რომ შეეცდება ყოველთვიურად 80 ლარი გადაიხადოს ალიმენტის სახით და შეძლებისდაგვარად უზრუნველყოს ბავშვი საკვებით და სეზონური ტანსაცმელით. მას რაიმე სერიოზული შემოსავალი არა აქვს, ფიზიკური სამუშაოებით ირჩენს თავს. ამასთან, მეორედ იქორწინა და ელოდება მეორე შვილის დაბადებას.
(შესაგებელი ს.ფ.25-29. ტომი 1. 28.06.2019 წ სხდომის ოქმი CD დისკი)
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდაო გარემოებები
3.1.1. დ---- გ-----------ი და ა------ ო--------ი აღარ ცხოვრობენ ერთად. მათი არასრულწლოვანი შვილი ანნა ო--------ი ცხოვრობს დედასთან მოსარჩელე დ---- გ-----------თან ერთად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
- სარჩელი (ს.ფ. 3-9. ტომი 1)
- შესაგებელი (ს.ფ. 25-29. ტომი 1)
3.1.2. დ---- გ-----------ი დასაქმებულია სილამაზის სალონში დამხმარედ და ყოველთვიურად იღებს შემოსავალს 100-150 ლარს. მას მატერიალურად ეხმარებიან მშობლები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (04.04.2019 წ სხდომის ოქმი CD დისკი)
- სამედიცინო ცნობის ასლი (ს.ფ. 20. ტომი 1)
3.2. დადგენილი სადაო გარემოებები
3.2.1. დ---- გ-----------ს და ა------ ო--------ს შორის ქორწინება რეგისტრირებულია 2016 წლის 26 დეკემბერს სააქტო ჩანაწერი N37163000761. დ---- გრიგრიანს და ა------ ო--------ს ჰყავთ ერთი არასრულწლოვანი შვილი ანნა ო--------ი.
საქმეში წარმოდგენილი ქორწინების მოწმობის თანახმად, 2016 წლის 26 დეკემბერს სსგს მარნეულის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში რეგისტრირებულია ქორწინება დ---- გ-----------ს (პირადი N-----------) და ა------ ო--------ს (პირადი N-----------) შორის სააქტო ჩანაწერი N37163000761.
მხარეებს ჰყავთ ერთი არასრულწლოვანი შვილი. წარმოდგენილი დაბადების მოწმობების თანახმად, ანნა ოგანეასიანი დაბადებულია 2017 წლის 3 ივნისს. მის მშობლებად რეგისტრირებული არიან: დედა დაიან გ-----------ი, მამა – ა------ ო--------ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დაბადების მოწმობა (ს.ფ. 18. ტომი 1).
- ქორწინების მოწმობა (ს.ფ. 17. ტომი 1)
3.2.2. მოპასუხე ა------ ო--------ი არის ჯანმრთელი, შრომისუნარიანი პიროვნება. იგი არ განიცდის სოციალურ გაჭირვებას. შვილის გარდა სხვა შრომისუუნარო პირების მარჩენალი არ არის.
მოპასუხე სარჩელს ნაწილობრივ ცნობს და თანახმაა შვილის რჩენისათვის ყოველთვიურად გადაიხადოს 80 ლარი. მოპასუხის ამ პოზიციის საფუძველია ის გარემოება, რომ მას არა აქვს საკმარისი შემოსავალი, საკუთრებაში არა აქვს უძრავი ქონება.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მძიმე მატერიალური მდგომარეობა არ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით.
მოპასუხის მიერ წარმოდგენილია ინფორმაცია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან, რომლის მიხედვით, 2019 წლის 28 ივნისის მდგომარეობით, 2019 წელს მას დასაბეგრი შემოსავალი არ უფიქსირდება.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მხოლოდ შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით არ დასტურდება, რომ მოპასუხის მატერიალური მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ მას 80 ლარზე მეტი თანხის გადახდა შვილის რჩენისათვის არ შეუძლია.
მოპასუხის არ მიუთითებია, რომ მას აქვს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები, რომელთა გამოც დასაქმების შესაძლებლობა არა აქვს ან მნიშვნელოვნად შემცირებულია. როგორც მხარეთა განმარტებით დასტურდება, მოპასუხეს სხვა არასრულწლოვანი შვილი არ ჰყავს, იგი არ არის სხვა შრომისუუნარო პირების მარჩენალი. მას არ ჰყავს შრომისუუნარო ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ოჯახის წევრები. ა------ ო--------ის ოჯახი არ იღებს სოციალურ შემწეობას, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მას არა აქვს ისეთი მატერიალური მდგომარეობა, რაც მის სიდუხჭირეზე და განსაკუთრებულ ფინანსურ სიძნელეებზე მიუთითებდეს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ინფორმაცია შემოსავლების სამსახურიდან (ს.ფ. 61. ტომი 1)
- მხარეთა განმარტებები (28.06.2019წ სხდომის ოქმი CD დისკი)
III სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
მხარეთა მატერიალური და ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობაა 250 ლარი, რის გამოც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. უნდა დაკმაყოფილდეს განქორწინების მოთხოვნა, რადგან მოპასუხემ ცნო ეს მოთხოვნა.
5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
საქმის სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ გამოიყენა შემდეგი ნორმები:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე, 1127-ე მუხლის მე-3 ნაწილი, 1198-ე, 1212-ე, 1214-ე, 1199-ე, 1237-ე მუხლის მე-2 ნაწილი და 1234-ე, 1245-ე მუხლები.
გაეროს კონვენცია „ბავშვის უფლებების შესახებ“
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-7 დამატებითი ოქმი
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში (შემდგომ – სააგენტოს ტერიტორიული სამსახური).
ამავე კოდექსის 1127-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ დ---- გ-----------სა და ა------ ო--------ს შორის ქორწინება უნდა შეწყდეს, რადგან მოპასუხემ ცნო განქორწინების შესახებ მოთხოვნა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით დადგენილი დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ამასთან მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს ცნოს სარჩელი.
განსახილველ შემთხვევაში მოპასუხემ ამ ნორმით მინიჭებული უფლება გამოიყენა და სრულად ცნო სარჩელი, თანხმობა განაცხადა განქორწინებაზე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, რის გამოც განქორწინების მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს ალიმენტის შესახებ მოთხოვნა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის შესაბამისად მშობლები უფლებამოსილნი და მოვალენი არიან აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლით განსაზღვრულია მშობლების მოვალეობა არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, ასევე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. არასრულწლოვანი ან შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით, ხოლო შეუთანხმებლობის შემთხვევაში მათ შორის დავას წყვეტს სასამართლო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის შესაბამისად ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
მშობლებისა და შვილის ურთიერთობის საკითხი მოწესრიგებულია გაეროს მიერ მიღებული `ბავშვის უფლებათა კონვენციით”, რომლის პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითრებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი – სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები – უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ”ბავშვის უფლებათა კონვენციის” 27-ე მუხლით აღიარებულია ყოველი ბავშვის უფლება უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლის მიხედვით, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს. შესაბამისად, მშობლებისა და შვილების ურთიერთობაში კანონმდებელი უპირატესობას ბავშვის ინტერესს მიიჩნევს და აკეთებს დათქმას, რომ მშობლის უფლებები უნდა განხორციელდეს ბავშვის ინტერესების შესაბამისად.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და ”ბავშვთა უფლებების შესახებ” კონვენციის მიხედვით საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. ამ ნორმებით დეკლარირებულია ბავშვებთან დაკავშირებული საკითხის გადაწყვეტის ძირითადი პრინციპი, რომლის თანახმად, მშობლის უფლების განხორციელების საკითხში განმსაზღვრელია ბავშვის ინტერესი.
ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები, ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება კი ეკისრებათ მის მშობლებს თავიანთი უნარებისა და შესაძლებლობების მიხედვით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, რაც გულისხმობს როგორც ბავშვის საჭიროების, ისე ორივე მშობლის უნარისა და რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებას.
მოპასუხემ ცნო სარჩელი მისთვის ალიმენტის სახით 80 ლარის დაკისრების ნაწილში. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მიერ დასახელებული თანხა მისი მატერიალური და ოჯახური პირობების და ბავშვის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით აშკარად მცირე ალიმენტის თანხაა.
ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია, რომ მხარებს ჰყავთ ერთი არასრულწლოვანი შვილი, რომელიც არის 2 წლის ასაკის. მას სწორი აღზრდა განვითარებისათვის ესაჭიროება მატერიალური უზრუნველყოფა, ბავშვებს ასაკის გამო აქვს განსაკუთრებული კვების რაციონი, რის გამოც სჭირდებათ განსაკუთრებული საკვები პროდუქტების შეძენა, ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მუდმივი ზრუნვა, ამის გამო სამედიცინო მეთვალყურეობა, სეზონური სამოსი და ბავშვის შემეცნების განვითარებისათვის აუცილებელი გასართობი საშუალებები. ამ საჭიროებების უზრუნველყოფა კი ორივე მშობლის ვალდებულებაა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელეს სრულფასოვნად დასაქმების და შემოსავლის მიღების შესაძლებლობა არა აქვს. ბავშვი არის მცირეწლოვან ჩვილ ასაკში, რის გამოც მას მუდმივად მეთვალყურეობა და დედისგან განსაკუთრებული ზრუნვა სჭირდება. ამის გამო მოსარჩელეს დასაქმების ობიექტური შესაძლებლობა ამჟამად არა აქვს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხემ ვერ დაადასტურა, მისი იმგვარად მძიმე მატერიალური მდგომარეობა, რაც ასაბუთებს, რომ 80 ლარი არის მისი მატერიალური შესაძლებლობიდან გამომდინარე გონივრული თანხა.
1984 წლის 22 ნოემბერს მიღებული ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-7 ოქმის მე-5 მუხლის თანახმად, მეუღლეებს გააჩნიათ კერძო სამართლებრივი ხასიათის თანაბარი უფლებები და მოვალეობები ერთმანეთთან და თავიანთ ბავშვებთან ურთიერთობებში, ისეთ საკითხებში რომლებიც ეხება ქორწინებაში შესვლას, ქორწინებაში ყოფნას და განქორწინებას. წინამდებარე მუხლი ხელს არ შეუშლის სახელმწიფოებს მიიღონ აუცილებელი ზომები ბავშვების ინტერესების დასაცავად.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, ბავშვთან დაკავშირებულ დავებში მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ყველა დაინტერესებული მხარის ინტერესები, ასევე, უფლებები და თავისუფლება და, განსაკუთრებით, ბავშვის საუკეთესო ინტერესები და მისი უფლებები კონვენციის მე–8 მუხლის თანახმად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილებაში (საქმე „ნ.წ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ (განაცხადი N. 71776/12), განმარტებულია, რომ „ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა წარმოადგენდეს უმთავრეს განხილვის საგანს და, მისი ბუნებიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, შეიძლება აჭარბებდეს მშობლების ინტერესებს (იხილეთ, სხვა მრავალთა შორის, ოლსონი (No.2), § 90, იგნაკოლო–ზენიდი, § 94; პლაზა პოლონეთის წინააღმდეგ, No. 18830/07, § 71). აღნიშნული დავა შეეხებოდა ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრას, თუმცა ეს პრინციპი საერთოა ბავშვთან დაკავშირებულ ყველა სადაო სამართალურთიერთობაში, რაც გამომდინარეობს ბავშვთა უფლებების კონვენციიდან და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-7 დამატებითი ოქმიდან.
ამდენად, შვილის აღზრდა, მათზე ზრუნვა და მათი რჩენა არის მშობლის ძირითადი ვალდებულება, რაც მშობელს ეკისრება მისი უნარების, ჯანმრთელობის და ოჯახური მდგომარეობის, შემოსავლის ოდენობის, შემოსავლის წყაროს და საქმიანობის ხასიათის გათვალისწინებით.
მშობლის მიერ შვილის რჩენის ვალდებულება განსაზღვრულია ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციით. შესაბამისად, რჩენისათვის აუცილებელი სახსრების მიღება ბავშვის უფლებაა. ამ კონვენციის მონაწილე სახელმწიფოს კი ეკისრება ბავშვის უფლებების დაცვა კონვენციის პრინციპების საფუძველზე.
ალიმენტის, როგორც განსაკუთრებული ქონებრივი პასუხისმგებლობის მნიშვნელობაზე მიუთითებს ის სამართლებრივი დანაწესი, რომლის მიხედვით, ალიმენტის გადახდა იწყება სასამართლოში სარჩელის აღძვრის დღიდან (1234-ე მუხლის), ასევე ის პრინციპი, რომლის მიხედვით დასაშვებია წარსული დროის ალიმენტის გადახდევინება სარჩელის საფუძველზე. ამდენად, ამ ნორმების საფუძველზე ბავშვის რჩენის პრიორიტეტულობიდან გამომდინარე კანონი ითვალისწინებს ალიმენტის დაკისრებას შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე განვლილი დროისათვის, ხოლო მისი გადახდის ვალდებულება ძალაშია ბავშვის სრულწლოვანებამდე.
ამდენად, საალიმენტო ვალდებულებას აქვს დროში განგრძობადი ხასიათი და მისი გადახდის ვალდებულება ერთჯერადად ვალდებულების შესრულებისკენ მიმართული ქმედებით არ სრულდება.
ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია ორივე მშობლის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობა, რომელთა შეფასების შედეგად უნდა დადგინდეს ალიმენტის სამართლიანი ოდენობა, ის თანხა რაც ბავშვის რჩენისათვის აუცილებელია და რომლის რეალურად გადახდა მშობელს მისი უნარების და ქონებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე შეუძლია.
”ბავშვის უფლებათა კონვენციის” 27-ე მუხლით მშობლებს ევალებათ შვილების ცხოვრების ისეთი დონით უზრუნველყოფა, რაც მათი უნარების და ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარეობს. სასამართლო აღნიშნავს, რომ ამ ნორმის მიზანი არ არის მშობლების ქონებრივი უფლებების დაცვა, რადგან კოვენცია ბავშთან უფლებებს ადგენს და კონვენციის მიზანი ბავშვის უფლებების დაცვაა. ეს დებულება არის იმ ფაქტის აღიარება, რომ თითოეული ოჯახის მატერიალური მდგომარეობა განსხვავებულია და მშობლებს მათი ფინანსური შესაძლებლობის ფარგლებში ეკისრებათ შვილების სათანადო რჩენის, ფინანსური უზრუნველყოფის ვალდებულება. ამავე ნორმით აღიარებულია ყოველი ბავშვის უფლება უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. სასამართლო აღნიშნავს, რომ კონვენციაში მითითებული დებულებები ბავშვის უფლებებია, შესაბამისად ბავშვის უფლებაა იგი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის სათანადო ცხოვრების დონით უზრუნველყონ, შესაბამისად, მშობლებმა უნდა იზრუნონ ბავშვის ამ უფლების რეალიზაციისათვის, თავიანთი უნარების შესაბამისად გააუმჯობესონ ბავშვების ცხოვრების დონე.
კონვენციის ეს ნორმა არ აწესებს შეღავათს მშობლის ქონებრივი უფლებების საკითხში, ნორმის მიზანი მშობლის ქონებაზე, მათ ქონებრივ უფლებებზე ზრუნვა არ არის. კონვენციის მიზანია ბავშვის უფლების დაცვა, მისი მატერიალური უზრუნველყოფის უფლების დაცვა, რა დროსაც გასათვალისწინებელია მშობლების პატივსადები ინტერესები - მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ოჯახური პირობები, შემოსავლების ოდენობა, შემოსავლის მიღების წყაროები. ალიმენტი არის ყოველთვიურად გადასახდელი ფულადი თანხა, რომელიც აუცილებელია ბავშვის ნორმალური აღზრდის და მატერიალური მოთხოვნილებების სათანადოდ დასაკმაყოფილებლად. შესაბამისად, მშობლების მატერიალური მდგომარეობა უნდა შეფასდეს ამ პრინციპის რეალიზაციის მიზნებიდან გამომდინარე და არა მშობლის უფლებების, მისი ქონებრივი ინტერესების დაცვის პრინციპიდან გამომდინარე.
სასამართლომ ალიმენტის მოცულობა უნდა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა. სწორედ ამ მიზნით, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის, აგრეთვე, გაზრდის საკითხის განხილვისას, უპირატესად უნდა განისაზღვროს ალიმენტის გონივრული ოდენობა, რომელიც დგინდება მშობელთა ქონებრივი მდგომარეობისა და ბავშვის საჭიროებების ურთიერთშეჯერებით, ამ უკანასკნელის საუკეთესო ინტერესების დაცვის მიზნით. (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბერის განჩინება საქმე №ას-1313-2018)
ამ შემთხვევაში ალიმენტი მოთხოვნილია 2 წლის ასაკის არასრულწლოვანი შვილის სარჩენად. მოსარჩელე მართალია დასაქმებულია, მაგრამ მას მცირე შემოსავალი აქვს და მატერიალურად ოჯახის წევრები ეხმარებიან. იგი მოპასუხის მონაწილეობის გარეშე ყოველდღიურად ზრუნავს მცირეწლოვან შვილზე, რის გამოც უწევს მის სარჩენად ყოველდღიურად ხარჯების გაღება. მოპასუხე ბავშვის აღზრდაში ჩართული არ არის და არც მატერიალურად მონაწილეობს შვილის ყოველდღიური საჭიროებების უზრუნველყოფაში. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს ჯანმრთელობის მდგომარეობიდან და მისი საქმიანობიდან გამომდინარე აქვს შესაძლებლობა შვილის სარჩენად ალიმენტის სახით გადაიხადოს ყოველთვიურად 80 ლარზე მეტი თანხა.
მოპასუხე არ იღებს სოციალურ დახმარებას, არა აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, მას სხვა არასრუწლოვანი შვილი არ ჰყავს, ასევე არ ჰყავს კმაყოფაზე შრომისუუნარო ოჯახის წევრები. აღნიშნული გარემოებების გამო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს აქვს საკმარისი შესაძლებლობა, რომ შვილისათვის გადაიხადოს 80 ლარზე მეტი თანხა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხისათვის მოთხოვნილი ალიმენტის თვეში 400 ლარის დაკისრების საფუძველი არ არსებობს. კანონის თანახმად, ალიმენტის ოდენობა უნდა იყო გონივრული და სამართლიანი. შესაბამისად, საალიმენტო ვალდებულება უნდა განისაზღვროს იმის მიხედვით, რეალურად რა ოდენობის თანხის გადახდა შეუძლია მოპასუხეს და არ თანხაა საჭირო ალიმენტის მიმღების სარჩენად. ალიმენტის მიმღების ინტერესია რეალურად მიიღოს თანხა და იგი რეალურად მოხმარდეს შვილის აღზრდას. იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხეს სტაბილური შემოსავალი, ყოველთვიური ხელფასი არა აქვს, მისთვის ყოველთვიურად 400 ლარის დაკისრება მოპასუხის რეალურ მატერიალურ მდგომარეობასთან შეუსაბამო ვალდებულების დაკისრება იქნება.
ამასთან, საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ ბავშვს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სჭირდება ყოველთვიურად კარდიოლოგიური მკურნალობა და მეთვალყურეობა. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სს რუსთავის 2 სამკურნალო-დიაგნოსტიკური ცენტრის მიერ 2019 წლის 25 თებერვალს გაცემული ცნობა, სადაც მითითებულია ანნა ოაგანესიანის დიაგნოზი -შფოთვა, მოუსვენრობა, სარძევე ჯირკვლის გაჯირჯვება. ცნობაში მითითებულია, რომ ბავშვი დაიბადა ასფიქსიის მდგომარეობაში, ბლოკშივე ჩაუტარდა რეანიმაციული ღონისძიებები, მალევე გამოიხატა რესპირატორული დარღვევები, პათოლოგიური ნევროლოგიური სიმპტომატიკა და გადაყვანილი იქნა რეანიმაციულ მდგომარეობაში. ცნობაში მითითებულია დანიშნული მკურნალობა - დორადო. კალციქეა. ნეიროსტატი, პაიდოტერინის სიროპი.
ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სხვა მტკიცებულებები მოსარჩელეს არ წარმოუდგენია. ამ ცნობით კი არ დასტურდება, რომ ბავშვს სჭირდება ხანგრძლივი მკურნალობა ან სისტემატიური სამედიცინო მეთვალყურეობა და კონსულტაცია და ამის გამო ყოველთვიურად ხარჯების გაწევა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ალიმენტი არის პირის რჩენისათვის ყოველთვიურად აუცილებელი თანხა, რაც მოიცავს ბავშვის კვების, სეზონურად აუცილებელი სამოსის შეძენის, აუცილებელ საგანმანათლებლო პროცესებში მონაწილეობის ხარჯებს. ასევე ბავშვისათვის საჭირო ისეთი სამედიცინო მომსახურების ხარჯებს, რაც ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის განსაკუთრებული გართულებით არ არის გამოწვეული. ამ უკანასკნელ შემთხვევაში წამოჭრილი ხარჯების ანაზღაურებას ემსახურება დამატებითი ხარჯების დაკისრება (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1215-ე მუხლი). შესაბამისად, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების შემთხვევაში მოსარჩელეს უფლება აქვს მოითხოვოს დამატებითი ხარჯების დაკისრება.
ამდენად, ყოველთვიურად 400 ლარის ოდენობით ალიმენტის დაკისრება მოპასუხის მატერიალური მდგომარეობის შეუსაბამო თანხაა და არც ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ამ თანხის გადახდის აუცილებლობა დასტურდება.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მატერიალური და ჯანმრთელობის მდგომარეობის, ასევე მოსარჩელის მატერიალური და ოჯახური პირობების გამო გონივრული ალიმენტის თანხაა ყოველთვიურად 250 ლარის დაკისრება. მოპასუხეს ჯანმრთელობის პრობლემები არა აქვს, იგი შრომისუნარიანია, რის გამოც აქვს შესაძლებლობა არჩინოს როგორც საკუთარი თავი და ოჯახის წევრები, ისე მისგან განცალკევებით მცხოვრები მცირეწლოვანი შვილი. მოპასუხის განმარტებით, იგი მეორედ დაოჯახდა, ელოდება შვილის დაბადებას, რაც მცირეწლოვანი შვილის რჩენის საკითხში მის პასუხისმგებლობას არ ამცირებს და მისი მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გაუარესებაზე არ მიუთითებს. შვილის რჩენის საკითხში პასუხისმგებლობა შეიძლება შემცირდეს მხოლოდ განსაკუთრებულად მძიმე მატერიალური მდგომარეობის, ჯანმრთელობის ისეთი სირთულის გამო, როცა პირს თავად სჭირდება დახმარება. ასეთი გარემოებები საქმეში არ გამოვლინდა. მოპასუხის ჯანმრთელობის და ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ მას ამჟამად სტაბილური შემოსავალი არა აქვს, ყოველთვიურად ალიმენტის 250 ლარის გადახდა გონივრულია, რადგან მოპასუხეს აქვს შესაძლებლობა და უნარი გამოიმუშავოს ყოველთვიურად ეს თანხა და მატერიალურად დაეხმაროს მეორე მშობელს ბავშვის აღზრდაში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან, რის გამოც ალიმენტის გადახდა უნდა დაიწყოს სარჩელის აღძვრის დღიდან - 2019 წლის 4 მარტიდან.
7. პროცესის ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის 1-ლი ნაწილს ”ა” ქვეპუნქტის თანახმად სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე, შესაბამისად ამ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟი სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა გადაიხადოს მოპასუხემ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის ”გ” პუნქტით დადგენილი წესის მიხედვით ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელში დავის საგნის ფასი განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხის ერთობლიობით, რაც ამ დავაში შეადგენს 3000 ლარს. სსსკ 39-ე პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 100 ლარს. ალიმენტის დაკისრების შესახებ საქმე სსსკ 16-ე მუხლის მიხედვით, არის მაგისტრატი მოსამართლის განსჯადი საოჯახო-სამართლებრივი დავა, რის გამოც გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი ნახევრდება და ამ დავაში შეადგენს 50 ლარს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამ ნორმის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად. მოპასუხემ ნაწილობრივ ცნო ალიმენტის დაკისრების მოთხოვნა 80 ლარის დაკისრების ნაწილში, რაც არის დაკისრებული თანხის 32%. მოპასუხე თავისუფლდება სახელმწიფო ბიუჯეტში ამ პროპორციულობით თანხის გადახდისგან არც შეადგენს 16 ლარს. სსსკ 55-ე მუხლის საფუძველზე მოპასუხეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტში ამ საქმეზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის 34 ლარის გადახდა. სახელმწიფო ბაჟი გადაიხდევინება შემდეგ ანგარიშზე ხაზინის ერთიანი ანგარიში, ბანკის კოდი - TRESGE22, ანგარიშის სახაზინო კოდი №30063150;
8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საკითხი.
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფა გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 247-ე, 248-ე, 256-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367ე, 369-ე მუხლებით
გადაწყვიტა:
1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს დ---- გ-----------ის სარჩელი;
1.1. შეწყდეს 2016 წლის 26 დეკემბერს სსგს მარნეულის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში რეგისტრირებული ქორწინება დ---- გ-----------სა (პირადი N-----------) და ა------ ო--------ს (პირადი N-----------) შორის სააქტო ჩანაწერი N37163000761.
1.2. ა------ ო--------ს არასრულწლოვანი შვილის 2017 წლის 3 ივნისს დაბადებული ანნა ო--------ის სარჩენად დაეკისროს ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 250 ლარის ოდენობით. ალიმენტის გადახდა დაიწყოს 2019 წლის 4 მარტიდან;
1.3. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა ალიმენტის დაკისრების შესახებ 150 ლარის ოდენობით;
2. ა------ ო--------ს დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის 34 ლარის გადახდა;
3. დ---- გ-----------ს დაუბრუნდეს 2019 წლის მარტს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი, თანხა გადახდილია შემდეგ ანგარიშზე - ხაზინის ერთიანი ანგარიში, ბანკის კოდი - TRESGE22, ანგარიშის სახაზინო კოდი №30063150 (საგადახდო დავალება N19540798);
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი