გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/363-19
160210019002989970
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
25 ივნისი, 2019 წელი ქ.ბოლნისი
შესავალი ნაწილი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნინო თარაშვილი
სხდომის მდივანი ლედი ყულიაშვილი
მოსარჩელე - კა-----------------ვი
წარმომადგენელი - ვე----ა ჩი------ი, არ-------------ი
მოპასუხე - შპს ,,G-----t’’
წარმომადგენელი - ილ-–-ა მი–----ო, ზუ------–-----ძე
თარჯიმანი - ევგენია კარაპეტიანი
დავის საგანი: გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
შპს ,,G-----t-ს’’ კა-----------------ვის სასარგებლოდ დაეკისროს 3899 ლარის ანაზღაურება გამოუყენებელი შვებულების სახით.
სარჩელის საფუძვლები:
კა-----------------ვი 2013 წლის ივნისიდან დასაქმებული იყო შპს ,,G-----t-ში’’ დირექტორის თანამდებობაზე. 2018 წლის 11 იანვრამდე - სულ 4 წელი და 7 თვე. კომპანიის დომინანტ პარტნიორთან ურთიერთობის დაძაბვის გამო კა-----------------ვმა საკუთარი ინიციატივით შეწყვიტა შრომითი ურთიერთობა შპს ,,G-----t-თან’’.
მოსარჩელის მტკიცებით, შპს ,,G-----t-ში’’ საქმიანობის განმავლობაში კ.მამედოვი ყოველწლიურად ითხოვდა ანაზღაურებად შვებულებაში გასვლას, მაგრამ იმ მიზეზით, რომ შემცვლელი არ ჰყავდა, დომინანტი პარტნიორისგან ღებულობდა უარს. სწორედ ეს და ზოგადად თანამშრომელთა შრომითი უფლებების მიმართ ექსპლუატატორულმა დამოკიდებულება და ამ კუთხით საზოგადოების დირექტორზე ზეწოლა გახდა კ.მამედოვსა და საწარმოს დომინანტ პარტნიორ ილ-–-ა მი–----ოს მიმართ ურთიერთობის დაძაბვის და კ.მამედოვის სამსახურიდან წამოსვლის მიზეზი.
შპს ,,G-----t-ში’’ დასაქმების პერიოდში: 1) 2013 წლის ივნისიდან 2014 წლის მაისის ჩათვლით კა-----------------ვს გააჩნდა ფიქსირებული ხელფასი. ამ პერიოდის ბოლო 3 თვის ხელზე ასაღებმა თანხამ შეადგინა მარტში 700 ლარი, აპრილში 800 ლარი, მაისში 800 ლარი. 2014 წლის ივნისის შვებულების წინა 3 თვის საშუალო ანაზღაურებამ შეადგინა 766 ლარი. შესაბამისად, 2014 წლის წლიური ანაზღაურებადი შვებულების თანხაა 766 ლარი. 2) 2014 წლის ივნისიდან 2015 წლის მაისის ჩათვლით კა-----------------ვს გააჩნდა ფიქსირებული ხელფასი. 2015 წლის შვებულების წინა 3 თვის საშუალო ანაზღაურებამ შეადგინა 800 ლარი. შესაბამისად, 2015 წლის წლიური ანაზღაურებადი შვებულების თანხაა 800 ლარი. 3) 2015 წლის ივნისიდან 2016 წლის მაისის ჩათვლით კა-----------------ვს გააჩნდა ფიქსირებული ხელფასი. ამ პერიოდის ბოლო 3 თვის ხელზე ასაღებმა თანხამ შეადგინა მარტში 1000 ლარი, აპრილში 2000 ლარი, მაისში 1000 ლარი. 2016 წლის მაისის შვებულების წინა 3 თვის საშუალო ანაზღაურებამ შეადგინა 1333 ლარი. შესაბამისად, 2016 წლის წლიური ანაზღაურებადი შვებულების თანხაა 1333 ლარი. 4) 2016 წლის ივნისიდან 2017 წლის მაისის ჩათვლით კა-----------------ვს გააჩნდა ფიქსირებული ხელფასი. 2014 წლის ივნისის შვებულების წინა 3 თვის საშუალო ანაზღაურებამ შეადგინა 1000 ლარი. შესაბამისად, 2017 წლის წლიური ანაზღაურებადი შვებულების თანხაა 1000 ლარი. კა-----------------ვის მისაღებმა ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულების თანხამ ჯამში შეადგინა 3899 ლარი.
მოსარჩელემ სარჩელში მიუთითა, რომ 2019 წლის 23 აპრილს საქართველოს შრომის კოდექსის 48-ე მუხლის თანახმად დასაქმებულმა დამსაქმებელს წერილობით მიუთითა დავის წარმოშობის საფუძველი და მისი მოთხოვნა. მიუხედავად 10 დღიანი ვადის გასვლისა დამსაქმებელმა არ განიხილა და წერილობით არ აცნობა დამსაქმებელს თუ რა გადაწყვეტილება მიიღო მის მოთხოვნასთან დაკავშირებით, რაც შრომის კოდექსის 48-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად დავის ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთს აკისრებს დამსაქმებელს - შპს ,,G-----t-ს’’ .
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ წერილობით შესაგებელში და სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო შემდეგი გარემოებების გამო:
კა-----------------ვი პარტნიორთა გადაწყვეტილებით 2012 წლის 6 დეკემბრიდან საწარმოში დასაქმებული იყო დირექტორის პოზიციაზე. კა-----------------ვს არასოდეს მიუმართავს კუთვნილი შვებულების მიღების მიზნით საზოგადოებისთვის და არც უარი მიუღია ამ თხოვნაზე. ამასთან, მოსარჩელე წარმოადგენდა საწარმოს პარტნიორს, იგი 2012 წლის 6 დეკემბრიდან 2018 წლის 11 იანვრამდე თავადვე მართავდა საზოგადოებას საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში. საზოგადოების წესდების 8.2 პუნქტის თანახმად პარტნიორთა კრების კომპეტენციაში არ შედიოდა დირექტორის შვებულებაში გასვლის საკითხის შეთანხმება საწარმოს სხვა პარტნიორებთან, ამდენად, მას თუკი სურდა შვებულების უფლებით სარგებლობა, შეეძლო მისი განხორციელება, თუმცა, სარჩელითა და საქმეზე დართული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მოსარჩელემ ისარგებლა კუთვნილი ყოველწლიური შვებულებით. საქმეში წარმოდგენილი შემოსავლების სამსახურის მიერ 2019 წლის 20 მარტს გაცემული ცნობის თანახმად, 2013 წლის ივნისიდან -2017 წლის დეკემბრის ჩათვლით კა-----------------ვს სრულად აქვს მიღებული შემოსავალი საზოგადოებისგან. საანგარიშო თვეში განხორციელებული ცხრილის მე-5 სვეტი განაცემების სახე კვალიფიკაციას შვებულების ანაზღაურებას არ ითვალისწინებს და მასში შვებულების ანაზღაურებაც და ხელფასიც კვალიფიცირდება როგორც ხელფასი. ამდენად, რადგან კა-----------------ვმა 2013 წლის მე-8 თვეში, 2014 წლის მე-7 თვეში, 2015 წლის მე-7 თვეში, 2016 წლის მე-4 თვესა და 2017 წლის მე-4 თვეში მიიღო შემოსავალი კუთვნილი ხელფასის ორმაგი ოდენობით, აღნიშნული მიუთითებს სწორედ შვებულებით სარგებლობის ფაქტზე.
მოპასუხემ ასევე მიუთითა, რომ სარჩელს არ ერთვოდა საქართველოს შრომის კოდექსის 25-ე მუხლის შესაბამისად განცხადება მიმდინარე წლის კუთვნილი შვებულების მომდევნო წლისთვის გადატანის თაობაზე, შესაბამისად, ცალსახაა რომ კა-----------------ვი ყოველწლიურად სარგებლობდა შვებულების უფლებით და არ შექმნილა გამოუყენებელი შვებულების მომდევნოს წლისთვის გადატანის საჭიროება.
მოსარჩელე სამსახურიდან გათავისუფლდა საკუთარი განცხადების საფუძველზე, საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის ,,დ’’ ქ/პუნქტის თანახმად, ხოლო ამავე კოდექსის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მას შვებულების ანაზღაურება კანონის საფუძველზე არ შეიძლება მიეცეს.
მოპასუხემ ასევე მიუთითა, რომ საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დავა არის შრომითი ურთიერთობის დროს წარმოშობილი უთანხმოება, რომლის გადაწყვეტაც შედის მხარეთა კანონიერ ინტერესებში, კა-----------------ვი წერილის გაგზავნის მომენტში აღარ წარმოადგენდა საზოგადოებაში დასაქმებულ პირს და საქართველოს შრომის კოდექსის 48-ე მუხლზე მითითება მტკიცების ტვირთის მოპასუხეზე გადაკისრების კონტექსტში უსაფუძვლოდ მიიჩნია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. შპს ,,G-----t-ის’’ 2012 წლის 5 დეკემბრის პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით კა-----------------ვი დაინიშნა შპს ,,G-----t-ის’’ დირექტორად. კა-----------------ვი იმავდროულად წარმოადგენდა საზოგადოების 33 პროცენტის წილის მესაკუთრეს. აღნიშნული ინფორმაცია გასაჯაროვებულ იქნა საჯარო რეესტრის მიერ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- პარტნიორთა კრების ოქმი N1
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან
3.1.2. კა-----------------ვი შპს ,,G-----t-ში’’ დირექტორის პოზიციაზე დასაქმებული იყო 2012 წლის 5 დეკემბრიდან 2018 წლის 11 იანვრამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება
- პარტნიორთა კრების ოქმი N1
- საქართველოს შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ცნობა.
3.1.3. კა-----------------ვს დასაქმების განმავლობაში შვებულებით სარგებლობა არ მოუთხოვია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება
3.1.4. 2019 წლის 23 აპრილს კა-----------------ვმა შპს ,,G-----t-ის’’ დირექტორს ილ-–-ა მი–----ოს წერილობით მოსთხოვა შვებულების ანაზღაურება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 23.03.2019 წლის წერილი
- საფოსტო გზავნილის ჩაბარების დასტური
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოსარჩელე კა-----------------ვთან შრომითი ურთიერთობა შეწყდა 2018 წლის 11 იანვარს თავისივე ინიციატივით. კა-----------------ვს შპს ,,G-----t-ში’’ დასაქმების პერიოდში მიღებული აქვს ყოველთვიური ანაზღაურება.
2018 წლის 11 იანვარს კა-----------------ვმა განცხადებით მიმართ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და ითხოვა სუბიექტის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია. კერძოდ, წარადგინა განცხადება, სადაც მიუთითა, რომ საკუთარი სურვილით თავისუფლდებოდა დირექტორის თანამდებობიდან. განცხადებაში აღნიშნულ იქნა, რომ შპს ,,G-----t-ის’’ დომინანტი პარტნიორი ილ-–-ა მი–----ო უხეშად არღვევდა საქართველოს კანონმდებლობასა და კომპანიის შინაგანაწესს, უშუალოდ მას როგორც კომპანიის დირექტორს უზღუდავდა უფლებებს და აქედან გამომდინარე საკუთარი სურვილით ტოვებდა თანამდებობას.
სასამართლო განმარტავს, რომ პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით დანიშნულ დირექტორთან დადებული ხელშეკრულება არ წარმოადგენს შრომით ხელშეკრულებას და იგი თავისი ბუნებით ყველაზე ახლოს დავალების ხელშეკრულებასთან დგას. ამ ტიპის ურთიერთობებიდან წარმოშობილ დავებთან დაკავშირებით საქართველოს უზენაეს აქვს დადგენილი პრაქტიკა (იხ. მაგ: სუსგ №ას-302-287-2016, 15 ივლისი, 2016 წელი), სასამართლოს მოიხმობს ერთ-ერთ გადაწყვეტილებას, სადაც დავის საგანს წარმოადგენდა კომერციული იურიდიული პირის ყოფილი ხელმძღვანელობითი/წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირის მოთხოვნა სასამსახურო ხელშეკრულების შეწყვეტის გამო, კომპენსაციის დაკისრების, ნამუშევარი ხელფასის მიღების და შვებულების უფლებით სარგებლობის თაობაზე. აღნიშნულ საქმეში სასამართლომ განმარტა, რომ მიუხედავად „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში შრომით-სამართლებრივი ელემენტების შემოღებისა, საწარმოს დირექტორთან დადებული ხელშეკრულება არ უნდა დაკვალიფიცირდეს შრომით-სამართლებრივ ხელშეკრულებად, არამედ, იგი პირობითად შეიძლება სასამსახურო ხელშეკრულებად მოვიხსენიოთ, რომელიც მომსახურების ხელშეკრულების ნაირსახეობაა და სავსებით განსხვავდება შრომის სამართლისათვის დამახასიათებელი პრინციპებისაგან (შკ-ის უმთავრესი პრინციპია დაქვემდებარებული შრომა, კერძოდ, კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ). (საქმე №ას-1154-1074-2017 23 თებერვალი, 2018 წელი.
აქვე სასამართლო აღნიშნავს, რომ იმის მიუხედავად, რომ ამ ურთიერთობას არ აკვალიფიცირებს კლასიკურ შრომით სამართლებრივ ურთიერთობად და მას დავალების ხელშეკრულებად მიიჩნევს, დასაქმებული დირექტორი ინარჩუნებს იმ მინიმალური სოციალური დაცვის გარანტიებით უზრუნველყოფილ მოთხოვნებს, რაც დამახასიათებელია შრომითი ურთიერთობისათვის. „ევროპის სოციალური ქარტია“ აღიარებს დასაქმებულის დაცვის იმ მინიმალურ სტანდარტს, რომელიც საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის ძირითადი უფლებებიდან გამომდინარეობს და შეეხება ისეთ ფუნდამენტურ ღირებულებებს, როგორიცაა შრომის უფლება, რომელიც თავის თავში მოიცავს შრომის თავისუფლებას, უფლებას შრომის სამართლიან პირობებზე, სამართლიანი ანაზღაურების უფლებას, უფლებას შვებულებაზე და სხვა, რაც, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, შესაძლოა, უფრო დეტალურად იქნას მოწესრიგებული იურიდიული პირის წესდებითა და დირექტორთან გაფორმებული ვალდებულებით-სამართლებრივი აქტით.
სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირობაზე, რომლის მიხედვითაც სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების უტყუარად არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს იმგვარად, რომ ფაქტის მტკიცება ობიექტურად შესაძლებელი იყოს. დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი გულისხმობს მხარეების ვალდებულებას წარმოადგინონ სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების უფრო მყარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები, რითაც სასამართლოს შეუქმნიან თავიანთი პოზიციის დამაჯერებელ შინაგან რწმენას. შესაბამისად, გადაწყვეტილება იქნება იმ შინაარსისა, რა შინაარსის გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას შექმნის მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები.
სასამართლო განმარტავს, რომ დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს იმგვარად, რომ მხარეს, რომელსაც დაეკისრება რომელიმე ფაქტის მტკიცების ტვირთი, მისი განხორციელება მისთვის ობიექტურად შესაძლებელი იყოს. მხარეებს არ უნდა დაეკისროთ იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომლის დამტკიცებაც მათთვის ობიექტურად შეუძლებელია.
სასამართლოს მიზანშეწონილად მიიჩნევს აქვე განმარტოს, რომ შრომის კოდექსი ითვალისწინებს დამსაქმებლის ლოკაუტის უფლებას, რაც გულისხმობს, დავის შემთხვევაში, დამსაქმებლის დროებით ნებაყოფლობით უარს შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების მთლიანად ან ნაწილობრივ შესრულებაზე. მოცემული ნორმა აყალიბებს ლოკაუტის უფლების განხორციელების წინაპირობას - დავას. საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დავა არის შრომითი ურთიერთობის დროს წარმოშობილი უთანხმოება, რომლის გადაწყვეტაც შედის შრომითი ხელშეკრულების მხარეთა კანონიერ ინტერესებში. ამდენად, წინამდებარე დავის სამართლებრივი ბუნების და სარჩელსა და შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით აღნიშნული ნორმა არ არის რელევანტური მოცემული დავასთან, შესაბამისად, ამავე კოდექსის 48-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისიწინებული მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალური წესიც (შესაბამისი წინაპირობების დაცვის გათვალისწინებით) არ უკავშირდება განხილულ საქმეს. ამდენად, კა-----------------ვმა უნდა ამტკიცოს, რომ მას ნებაყოფლობით არ დაუტოვებია თანამდებობა და არ უსარგებლია შვებულების უფლებით.
სასამართლო მოიხმობს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის N158-ე კონვენციას, რომელიც შეიცავს მნიშნელოვან დანაწესს, რომლის თანახმადაც, კონვენციის შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კანონიერი მიზეზის მტკიცების ტვირთი უნდა ეკისრებოდეს დამსაქმებელს. მით უმეტეს, შრომითი ურთიერთობა თავისი არსით ბუნებრივად ეხება ისეთ მხარებს, რომელნიც ჰორიზონტალურ სიბრტყეში ვერ იქნებიან აღქმულნი ერთურთის მიმართ. დამსაქმებელი, ასეთი შინაარსის სამართალურთიერთობაში წარმოადგენს ხელშეკრულების ძლიერ მხარეს, თუმცა, საგულისხმოა ისიც, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარე მართალია სადავოდ არ ხდის მასთან სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტის მართლზომიერებას, თუმცა, რამდენადაც მოპასუხე მხარემ წარმოადგინა მოთხოვნის შემაფერხებელი შესაგებელი, იმ თვალსაზრისით რომ მან მითითება განახორციელა საქართველოს შრომის კოდექსის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის ,,დ’’ ქ/პუნქტის საფუძვლით (პირადი განცხადების საფუძველზე), შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა შვებულების ანაზღაურების უფლებას არ წამოშობს, სწორედ კა-----------------ვის მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაა, იმის დადასტურება, მან თანამდებობიდან გადადგომის განცხადება არა საკუთარი სურვილით, არამედ იძულებით განახორციელა.
სასამართლო მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ერთ-ერთ საქმეზე, სადაც აღნიშნულია, რომ თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნით მოსარჩელის მიერ ხელმოწერილი განცხადების არსებობის პირობებში, მოქმედებს აღნიშნულ დოკუმენტში მხარის მიერ გამოხატული ნების ნამდვილობის პრეზუმფცია. საწინააღმდეგოს დადასტურება კი იმ მხარის მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაა, რომელიც აღნიშნულ განცხადებას სადავოდ ხდის (იხ. სუსგ საქმე №ას-649-616-2014, 5 ნოემბერი, 2014 წელი).
საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია დასაქმებულის მიერ, თანამდებობის საკუთარი ნებით, წერილობითი განცხადების საფუძველზე დატოვება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 720-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავალების ხელშეკრულების შეწყვეტა მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს. დადგენილია, რომ კა-----------------ვთან სახელშეკრულებო ურთიერთობა შეწყდა მას შემდეგ, რაც მან თავად წარადგინა შესაბამისი განცხადება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, გადაიხადა დაჩქარებული წესით განცხადების რეგისტრაციის შესაბამისი საფასური, ხოლო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილებით მისი მოთხოვნა დაკმაყოფილდა. საგულისხმოა ისიც, რომ კა-----------------ვის წარმომადგენელთა მტკიცებით, მათი მარწმუნებლისთვის ცნობილი იყო, რომ ილ-–-ა მი–----ო, როგორც დომინანტი პარტნიორი, პარტნიორთა კრებაზე, დირექტორს მაინც გადააყენებდა თანამდებობიდან. ამდენად, კ.მამედოვმა ერთგვარად ,,დაასწრო’’ ი.მი–----ოს და თავად წარადგინა განცხადება საჯარო რეესტრში საკუთარი ნებით თანამდებობიდან წასვლის შესახებ. ილ-–-ა მი–----ომ კი, კა-----------------ვის თანამდებობიდან გადადგომიდან რამდენიმე დღეში მოწვეულ პარტნიორთა კრებაზე შეიტყო და ყოფილი დირექტორის ეს საქციელი მოულოდნელიც კი აღმოჩნდა მისთვის, მან ჩათვალა, რომ კა-----------------ვმა, საკუთარი სურვილით თანამდებობიდან გადადგომა პარტნიორთა კრების ჩაშლის მიზნით განხორციელა.
ამდენად, თავად მოსარჩელეთა წარმომადგენლების მიერ იქნა დადასტურებელი, რომ თანამდებობიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილების ნება კა-----------------ვს პირადი განწყობილების გათვალისწინებით ჩამოუყალიბდა, შემდეგ აღნიშნული ნება წერილობითი ფორმით იქნა გამოვლენილი და ამ ნების გამოვლენის წინაპირობა მისდამი იძულება, შანტაჟი და ა.შ. არ ყოფილა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ დასაქმებულის წერილობით განცხადება არის ცალმხრივი ნების გამოვლება, რომლის მიზანია შრომის ხელშეკრულების შეწყვეტა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 85-ე მუხლის შესაბამისად გარიგების დადების მიზნით იმ პირის იძულება (ძალადობა ან მუქარა), რომელმაც დადო გარიგება, ანიჭებს ამ პირს გარიგების ბათილობის მოთხოვნის უფლებას მაშინაც, როცა იძულება მომდინარეობს მესამე პირისაგან, ხოლო ამა კოდექსის 86-ე მუხლის 1-ლი ნაწილი ადგენს, რომ გარიგების ბათილობას იწვევს ისეთი იძულება, რომელსაც თავისი ხასიათით შეუძლია გავლენა მოახდინოს პირზე და აფიქრებინოს, რომ მის პიროვნებას ან ქონებას რეალური საფრთხე ემუქრება.
კა-----------------ვის განცხადება წარედგინა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, რომელმაც დააკმაყოფილა შესაბამისი განცხადება და მოახდინა მისი რეგისტრაცია. მას შემდეგ რაც საწარმოს დომინანტი პარტნიორისთვის - ილ-–-ა მი–----ოსთვის ცნობილი გახდა, რომ კა-----------------ვმა შეწყვიტა შპს-სთან სახელშეკრულებო ურთიერთობა, დამატებით რაიმე სახის ბრძანება არ გამოუცია, რამეთუ კა-----------------ვის თანამდებობიდან გადადგომა რეგისტრირებული იყო საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში და მოგვიანებით მოწვეულ პარტნიორთა კრებაზე თავად დაინიშნა საწარმოს დირექტორად.
აქვე სასამართლო აცხადებს, რომ ვინაიდან შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ცნობით დგინდება, რომ შპს ,,G-----t-ში’’ საქმიანობის პერიოდში კა-----------------ვმა 2013 წლის მე-9 თვეში, 2014 წლის მე-7 თვეში, 2015 წლის მე-7 თვეში, 2016 წლის მე-4 თვესა და 2017 წლის მე-4 თვეში მიიღო შემოსავალი კუთვნილი ხელფასის ორმაგი ოდენობით, აღნიშნული მიუთითებს სწორედ შვებულებით სარგებლობის ფაქტზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის განცხადების ასლი
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება
- მხარეთა ახსნა-განმარტება
- ცნობა შემოსავლების სამსახურიდან
- შპს ,,G-----t-ის’’ წესდება
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან დასაქმებულის ინიციატივით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დროს ამ თანხის ანაზღაურებას კანონი არ ითვალისწინებს, ამასთან მოპასუხე შპს-ში საქმიანობისას კა-----------------ვს მიღებული აქვს შემოსავალი დასაქმების ყოველ თვეს აღნიშნული მიუთითებს სწორედ შვებულებით სარგებლობის ფაქტზე.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
· საქართველოს შრომის კოდექსი
· საქართველოს კონსტიტუცია
· ,,ყოველწლიური ფასიანი შვებულების შესახებ“ კონვენცია
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს, ასევე საქათველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისთვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ სასამართლოს მომართა თავისი შრომითი უფლების დასაცავად, რამეთუ ხელყოფილად მიიჩნევს მის უფლებას, მიიღოს გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურება.
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით განსაზღვრულია ადამიანის უფლებათა ძირითადი პოსტულატები. დეკლარაციით აღიარებულია შრომის უფლება და დასვენების უფლება. დეკლარაციის 23-ე მუხლი ადგენს, რომ ყოველ ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობებისა და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება; ამავე მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება იღებდეს სამართლიანსა და დამაკმაყოფილებელ გასამრჯელოს.
დეკლარაციის 24-ე მუხლით აღიარებულია, რომ ყოველ ადამიანს აქვს დასვენებისა და მოცალეობის უფლება სამუშაო დღის გონივრული შეზღუდვისა და ანაზღაურებული პერიოდული შვებულების უფლების ჩათვლით.
ამდენად, ადამიანის უფლებათა დეკლარაციით შრომის უფლება და დასვენების უფლება აღიარებულია და დაცულია, როგორც ცივილიზებული თანამედროვეობის არსებობისა და ადამიანთა ყოფისათვის უმნიშვნელოვანესი უფლებები.
საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, შრომის თავისუფლება უზრუნველყოფილია.
საქართველოს ორგანული კანონის - საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ.
სასამართლო აღნიშნავს, რომ შრომითი ურთიერთობა მართალია სახელშეკრულებო ურთიერთობაა, მაგრამ სხვა კერძოსამართლებრივი ურთიერთობისგან იგი იმით განსხვავდება, რომ დასაქმებული ერთგვარად დამსაქმებლისადმი დაქვემდებარებულ ურთიერთობაშია, ნებაყოფლობით თანხმდება დაემორჩილოს დამსაქმებლის მიერ შემუშავებულ წესებს, შრომის დისციპლინას და შინაგანაწესს. „შრომითი ურთიერთობებისადმი წმინდა სახელშეკრულებო მიდგომის გამოყენება არ არის მიზანშეწონილი, რადგან კლასიკურად ასეთი ურთიერთობა მოიცავს მის მონაწილეთა შეთანხმებას თანაბარ საწყისებზე, მაშინ, როდესაც შრომით ურთიერთობაში ერთი პირი ნებაყოფლობით თანხმდება მეორის დაქვემდებარებაში ყოფნას“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 26.07.2016წ. განჩინება საქმეზე N ას-98-94-2016).
საქართველოს შრომის კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დასაქმებულს უფლება აქვს, ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით – წელიწადში სულ მცირე 24 სამუშაო დღით.
ამავე კოდექსის 22-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, დასაქმებულს შვებულების მოთხოვნის უფლება წარმოეშობა მუშაობის თერთმეტი თვის შემდეგ. დასაქმებულს მხარეთა შეთანხმებით შვებულება შეიძლება მიეცეს აღნიშნული ვადის გასვლამდეც.
საქართველოს შრომის კოდექსის 21-ე მუხლის მეოთხე პუნქტის მიხედვით, ამ კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ვ“–„თ“ და „ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულს აუნაზღაუროს გამოუყენებელი შვებულება შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობის პროპორციულად.
აღნიშნული ნორმა გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურებას ითვალისწინებს ისეთ შემთხვევებში, როცა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ინიციატორი არის დამსაქმებელი, სამუშაოს მიმცემი.
სასამართლო განმარტავს, რომ გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურების საკითხში შრომის კოდექსის დებულებები შეესაბამება „ყოველწლიური ფასიანი შვებულების შესახებ“ კონვენციას და ევროპის სოციალურ ქარტიას.
„ყოველწლიური ფასიანი შვებულების შესახებ“ კონვენციის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ყოველ პირს, რომლის მიმართაც წინამდებარე კონვენცია გამოიყენება, უფლება აქვს ერთი წლის ხანგრძლივობით უწყვეტი მუშაობის შემდეგ ისარგებლოს ყოველწლიური ფასიანი შვებულებით, რომელიც სულ ცოტა ექვსი სამუშაო დღის ტოლი იქნება. ამ კონვენციის მე-3 მუხლის მიხედვით, ყოველი პირი, რომელიც შვებულებაში გადის წინამდებარე კონვენციის მე-2 მუხლის თანახმად, შვებულების მთელი ხანგრძლივობის განმავლობაში იღებს: ა) ან თავის ჩვეულებრივ გასამრჯელოს, რომელიც გამოთვლილია ეროვნული კანონებით ან წესებით, მისი ნატურით ანაზღაურების, თუ ასეთი არსებობს, ფულადი ეკვივალენტის დანამატით; ბ) ან კოლექტიური შეთანხმებით განსაზღვრულ გასამრჯელოს.
კონვენციის მე-6 მუხლით დადგენილია, რომ კუთვნილი შვებულებით სარგებლობამდე დამქირავებელთა მიზეზით დათხოვნილი პირი ამ კონვენციის თანახმად მისი კუთვნილი შვებულების ყოველი დღისათვის იღებს მე-3 მუხლით გათვალისწინებულ გასამრჯელოს.
აღნიშნული კონვენცია საქართველოში ძალაშია საქართველოს პარლამენტის 1993 წლის 22 თებერვლის დადგენილებით.
შესაბამისად, საქართველოს ეროვნული კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებით აღიარებულია დასაქმებულის უფლება ყოველწლიურად ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით, ასევე აღიარებულია დასაქმებულის უფლება შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დროს მიიღოს გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურება. თუმცა, კონვენცია და საქართველოს შრომის კოდექსი გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურებას ითვალისწინებს იმ შემთხვევაში, როცა შრომითი ურთიერთობა შეწყდა დამსაქმებლის ინიციატივით.
როგორც ზემორე პუნქტში აღინიშნა, იურიდიულ პირსა და მის წარმომადგენლობითი/ხელმძღვანელობითი უფლებამოსილებით აღჭურვილ სუბიექტს შორის დადებული ხელშეკრულების დავალების სამართლებრივ ურთიერთობად მიჩნევის მიუხედავად, ამ ურთიერთობას ასევე გააჩნია დასაქმებული დირექტორის მინიმალური სოციალური დაცვის გარანტიებით უზრუნველმყოფი მოთხოვნები, ამის დასტურია სწორედ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის 72პუნქტის ის დებულება, რომლის თანახმადაც ამ მუხლის 71 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მხარეები ვალდებული არიან მარეგისტრირებელი ორგანოსათვის რეგისტრირებული პირის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ განცხადების წარდგენამდე გააგზავნონ შეტყობინება საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლით დადგენილი წესით, შესაბამისად, ვინაიდან უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ განცხადება თავად დასაქმებულის კა-----------------ვის მიერვე იყო წარდგენილი, მასვე ევალებოდა საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე გაეფრთხილებინა დამსაქმებელი წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნით, რაც მას წარმოდგენილი მტკიცებულებების თანახმად არ განუხორციელებია.
ამდენად, იმის მიუხედავად, რომ მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ არც ბრძანება გამოცემულა და არც პარტნიორთა კრებაზე ყოფილა მიღებული გადაწყვეტილება, თავისი არსით ხელშეკრულების შეწყვეტა ესადაგება სწორედ შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველს, რაც გულისხმობს დასაქმებულის მიერ თანამდებობის/სამუშაოს საკუთარი ნებით, წერილობითი განცხადების საფუძველზე დატოვების გამო შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას. ამდენად, მოსარჩელესთან ურთიერთობა შეწყდა დასაქმებულის ინიციატივით, შრომის კოდექსი კი ასეთ შემთხვევაში გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურებას არ ითვალისწინებს.
6.2. საქმეში წარმოდგენილი შპს-ს წესდებით დგინდება, რომ შვებულების ვადების, საშვებულებო ანაზღაურებისა და სხვა საკითხებთან დაკავშირებით მასში რაიმე პირობა გათვალისწინებული არ არის. კა-----------------ვთან დადებული წერილობით ხელშეკრულება სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა. ამიტომ, შვებულების დრო, ანაზღაურება და სხვა საკითხები უნდა გადაწყდეს შრომის კოდექსის 21-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. შრომის კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილით დასაქმებულს შვებულების მოთხოვნის უფლება წარმოეშობა მუშაობის თერთმეტი თვის შემდეგ. დასაქმებულს მხარეთა შეთანხმებით შვებულება შეიძლება მიეცეს აღნიშნული ვადის გასვლამდეც.
დასაქმებულის მიერ შვებულების უფლებით სარგებლობისას მასთან შრომითი ურთიერთობა დროებით ჩერდება. საშვებულებო ანაზღაურება არ წარმოადგენს ყოველთვიური ხელფასის გარდა, კიდევ დამატებით ანაზღაურებას. ის მხოლოდ იმ პერიოდის ანაზღაურებაა, რა პერიოდშიც დასაქმებული ისვენებს და მასთან შეჩერებულია შრომითი ურთიერთობა. შესაბამისად, თუ დასაქმებულს წლის განმავლობაში მიღებული აქვს სრული ანაზღაურება, მას დამატებით საშვებულებო ხელფასი არ აუნაზღაურდება. შვებულება წლის განმავლობაში გაიცემა 24 დღის ვადით და კალენდარული წლის გასვლის შემდეგ შვებულების მიღების უფლება უქმდება გარდა საგამონაკლისო შემთხვევებისა.
საქართველოს შრომის კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ დასაქმებულისთვის მიმდინარე წელს ანაზღაურებადი შვებულების მიცემამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს სამუშაოს ნორმალურ მიმდინარეობაზე, დასაქმებულის თანხმობით დასაშვებია შვებულების გადატანა მომდევნო წლისათვის. აკრძალულია არასრულწლოვნის ანაზღაურებადი შვებულების გადატანა მომდევნო წლისათვის. მე-2 ნაწილის თანახმად კი, აკრძალულია ანაზღაურებადი შვებულების გადატანა ზედიზედ 2 წლის განმავლობაში“.
სასამართლო აცხადებს, რომ შვებულების მომდევნო წელში გადატანა არ გულისხმობს მხოლოდ საშვებულებო ხელფასის გაცემის ვალდებულების გადატანას. მასში მოიაზრება ანაზღაურებადი დასვენების უფლებით სარგებლობის გადატანა. შესაბამისად, დასაქმებული ინარჩუნებს უფლებას წინა წელს დასვენების უფლების გამოყენების შეუძლებლობის გამო მომდევნო წელს ისარგებლოს იმ დღეთა ჯამით, რაც მას არ გამოუყენებია. ასევე, დასაქმებულს უფლება ექნება მიმდინარე წლის შვებულების გამოყენებისა და ანაზღაურების მიღებაზეც. ანაზღაურებადი შვებულების გადატანა შეიძლება მხოლოდ მაშინ, როდესაც დასაქმებულისათვის მიმდინარე წელს ანაზღაურებადი შვებულების მიცემამ, შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს სამუშაოს ნორმალურ მიმდინარეობაზე და დასაქმებული თანახმაა შვებულების გადატანაზე. სხვა შემთხვევაში დამსაქმებელს არ მიეცემა ანაზღაურებადი შვებულების გადატანის უფლება და დასაქმებულიც ვერ მოითხოვს გასული წლის ანაზღაურებად შვებულებას. წინამდებარე შემთხვევაში მხარეები არ შეათანხმებულან შვებულების შემდეგი წლისათვის გადატანაზე. ასეთი შეთანხმების არარსებობაც ასევე გამორიცხავს გასული წლების შვებულების ანაზღაურებას.
ამდენად, სასამართლო აცხადებს, რომ კა-----------------ვთან შრომის ხელშეკრულება შეწყდა თავად დასაქმებულის მოთხოვნით. ამასთან, კა-----------------ვმა 2013 წლის მე-9 თვეში, 2014 წლის მე-7 თვეში, 2015 წლის მე-7 თვეში, 2016 წლის მე-4 თვესა და 2017 წლის მე-4 თვეში მიიღო შემოსავალი კუთვნილი ხელფასის ორმაგი ოდენობით, შესაბამისად მას ყოველწლიურად მიღებული აქვს სრული ანაზღაურება და მას დამატებით საშვებულებო ხელფასი არ აუნაზღაურდება. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურების შესახებ უსაფუძვლოა და მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად მოსარჩელე გათავისუფლებულია საშვებულებო თანხის ანაზღაურების მოთხოვნაზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან. სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო მოპასუხისათვის ამ თანხის ანაზღაურების საფუძველი არ არსებობს, რის გამო ამ საქმეზე სასამართლო ხარჯები უნდა ანაზღაურდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 247-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. კა-----------------ვის სარჩელი შპს ,,G-----t-ის’’ მიმართ გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნინო თარაშვილი