გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #340210018002712586
საქმე #2/922-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
ნაწილი I (შესავალი):
1- ივლისი, 201- წელი ქ. გურჯაანი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე დევი დევიძე
სხდომის მდივანი თეონა ნატროშვილი
განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენა, მხარეთა მონაწილეობით
მოსარჩელე - შპს „გა-------ი“;
წარმომადგენელი - მე-----------ძე (დირექტორი);
მოპასუხე - შპს „ფა---ა“;
წარმომადგენლები - თე-----------------–-ძე, თა------–---–--ძე და მა-----------–--ლი (ყველა მინდობილობით);
დავის საგანი - ხარჯების ანაზღაურება;
ნაწილი II (აღწერილობითი):
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის საფუძვლები:
1.1. 2018 წლის 06 ნოემბერს გურჯაანის რაიონულ სასამართლოში შემოვიდა სარჩელი, რითაც მოსარჩელემ მოითხოვა:
- მოპასუხეს მის სასარგებლოდ დაეკისროს 1.5-----,00 ლარის დაკისრება;
1.2. მოსარჩელემ თავისი მოთხოვნა დააფუძნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
- 2015 წლის 16 დეკემბერს მხარეებს შორის დაიდო ხელშეკრულება სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის ნაწილის გადაცემის შესახებ. ამ ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელეს გადაეცა #1---005 სპეციალური ლიცენზიის ნაწილი, კერძოდ, 2--- ჰა მიწის ნაკვეთი;
- 2016 წლის 02 დეკემბერს მოპასუხის დირექტორმა მიმართა სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს და სრულიად უსაფუძვლოდ, ყოველგვარი შეთანხმების გარეშე, მოითხოვა ლიცენზიის გადაცემის შესახებ ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტა, რის თაობაზეც ადმინისტრაციულმა ორგანომ მოსარჩელეს აცნობა 2016 წლის 1- დეკემბრის წერილით;
- 2016 წლის 16 დეკემბერს მოსარჩელის დირექტორი - მე-----------ძი დააკავეს და შეუფარდეს პატიმრობა, რის შემდეგაც მოპასუხის წარმომდგენლებმა გააძევეს ტერიტორიიდან მოსარჩელის თანამშრომლები და დაიწყეს მისი ქონების განადგურება. მოპასუხემ დაიბრუნა მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული ქონება;
- 2015 წლის დეკემბრიდან მოსარჩელემ გადაცემულ ტერიტორიაზე განახორციელა უამრავი სამუშაო და გააუმჯობესა იგი, კერძოდ: გაიყვანა 10 კმ. კაპიტალური გზა, დაარტყა 15 კმ. დამცავი არხი, აშენდა რამდენიმე ვოლიერი, ღამის გასათევი რეინჯერებისათვის და 180 მ. დასალევი წყლის ჭაბურღილი, რაც მოსარჩელეს დაუჯდა 1.5-----,00 ლარი;
· მოსარჩელეს სარჩელში ასევე დაყენებული ჰქონდა შუამდგომლობა ხარჯის ოდენობის დამადასტურებელი მტკიცბულების წარმოდგენისათვის ვადის მიცემის თაობაზე, რის შესაძლებლობაც სასამართლომ მოსარჩელეს მისცა. მოსამზადებელ სხდომაზე, 201- წლის 23 აპრილს, მოსარჩელემ წარმოადგინა ცნობა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან იმის თაობაზე, რომ [მოსარჩელის მიერ] წარდგენილი მასალების საფუძველზე ექსპერტიზის ჩატარება (ჩატარებული სამუშაოების ღირებულების დადგენა) არის შეუძლებელი. ამის კვალობაზე, სასამართლო გადავიდა მთავარი სხდომის ეტაპზე, თუმცა მოსარჩელეს მომდევნო სხდომამდე განუსაზღვრა ვადა, რათა წარმოედგინა შესაბამისი მტკიცებულება;
· 201- წლის 13 ივნისის სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელემ წარმოადგინა მის მიერ ტექნიკური საშუალებით შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი და მათი ღირებულების გაანგარიშება. ამ გაანგარიშებით სამუშაოების ჯამური ოდენობა შეადგენს 3.3136-0,00 ლარს. მოსარჩელემ მოისურვა მოთხოვნის გაზრდა ამ თანხის ზღვრულ მოცულობამდე, თუმცა იმის გამო, რომ იყო მთავარი სხდომის ეტაპი, მოპასუხე არ დაეთანხმა მოთხოვნის გაზრდას (სსკ-ის 83-ე მუხლი). მიუხედავად ამისა, სასამართლომ მიიღო და დაურთო საქმეს გაანგარიშება, როგორც სარჩელში მითითებული გარემოებების დაზუსტების საშუალება, რასაც არ სჭირდებოდა მოპასუხის თანხმობა (სსკ-ის 83-ე მუხლის მე-4 ნაწილი);
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხემ 2018 წლის 31 დეკემბერს წარმოადგინა შესაგებელი, რითაც სარჩელი არ ცნო;
· ნაწილობრივ დაეთანხმა პირველ გარემოებას, კერძოდ, მიუთითა, რომ მხარეებს შორის ნამდვილად დაიდო სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის ნაწილის დათმობის ხელშეკრულება. არ დეთანხმა, რომ ლიცენზიის ნაწილის გადაცემა მოხდა ფაქტობრივად და იურიდიულად, რადგან იმისათვის, რომ ლიცენზიის გადაცემა იყოს იურიდიული ძალის მქონე, არ არის საკმარისი მხოლოდ ხელშეკრულების გაფორმება,ასევე საჭიროა საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს #132 დადგენილებით დამტკიცებული „ტყით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის წესის“ რეგულაციების დაცვა, - ლიცენზიის (მისი ნაწილის) გადაცემა უნდა დაედასტურებინა ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოს თავისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;
· ნაწილობრივ დაეთანხმა მე-2 ფაქტობრივ გარემოებას, კერძოდ, მიუთითა, რომ მოპასუხემ მიმართა სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს, თუმცა ეს არ ყოფილა უსაფუძვლო, რადგან მოსარჩელემ განახორციელა მთელი რიგი უკანონო ქმედებებისა;
· არ დაეთანხმა მე-3 ფაქტობრივ გარემოებას, კერძოდ, გამორიცხა მითითებული ქმედებების განხორციელება;
· ნაწილობრივ დაეთანხმა მე-4 ფაქტობრივ გარემოებას, კერძოდ, მოპასუხემ განმარტა, რომ მოსარჩელემ განახორციელა გარკვეული მოქმედებები, თუმცა ამით არ გაუმჯობესებულა გადასაცემი ტერიტორია. მოსარჩელის მიერ განხორციელებული ქმედებები მიმართული იყო ტერიტორიის საზიანოდ და მოსარჩელის ინტერესის დასაკმაყოფილებლად, ასევე არც ერთი სამუშაო არ იყო შეთანხმებული ლიცენზიის გამცემთან. გარდა ამისა, მოსარჩელე ვერ ასაბუთებს გაწეული სამუშაოების ღირებულებას და, შესაბამისად, გაუგებარ თანხას წარმოადგენს 1.5-----,00 ლარი;
2.2. დამატებითი ფაქტობრივი გარემოების სახით მოპასუხე უთითებს, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გამოვლინდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტი, კერძოდ, შპს „ფა---ას“ ტერიტორიაზე მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნა-გადაადგილება. გამომდინარე იქიდან, რომ ეს ქმედება შეიცავდა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, საქმის მასალები გადაიგზავნა საგამოძიებო ორგანოში და ამასთან დაკავშირებით შსს-ს ლა--------------------------------–----------ს განყოფილება აწარმოებდა სისხლის სამართლის საქმეს;
3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. საქმის უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. შპს „ფა---ა“ ფლობს სამონადირეო მეურნეობის სპეციალურ #1---005 ლიცენზიას, რომელიც გაცემულია 2002 წლის 05 ივნისს და მისი მოქმედების ვადა სრულდება 2022 წლის 05 ივნისს. ლიცენზიის მოქმედების არეალია: ლაგ-------- მუნიციპალიტეტი, მდინარე---–-----ს ხეობა, ლაგ-------- ჭ----------–----ის სატყეო უბანი;
სასამართლო ეყრდნობა მხარეთა ახსნა-განმარტებას, ლიცენზიას და ხელშეკრულებას;
- 2003 წელს მოპასუხეს გაფორმებული აქვს ხელშეკრულება სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე სამონადირეო მეურნეობის მოწყობის (შექმნის) მიზნით ტყით სარგებლობაზე;
- ხელშეკრულების ობიექტია 5020 ჰა სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორია, სოფელ აფენის მიმდებარედ;
- ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ერთ-ერთ ვალდებულებას წარმოადგენს (მ.4; პ.„თ“): „საჭიროების შემთხვევაში ტყის ფონდის მესაკუთრესთან შეთანხმებით სამონადირეო მეურნეობის წარმოების საჭიროებიდან გამომდინარე მოაწყოს დროებითი (არაკაპიტალური) ნაგებობანი“;
3.1.2. მხარეებს შორის 2015 წლის 16 დეკემბერს დადებული ხელშეკრულება სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის ნაწილის გადაცემის შესახებ არის ბათილი;
სასამართლო ეყრდნობა მხარეთა ახსნა-განმარტებას, ხელშეკრულებას და ადმინისტრაციული ორგანოს წერილს;
- მოპასუხის სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოსადმი 2016 წლის 02 დეკემბრის მიმართვის საფუძველზე ამ ადმინისტრაციულ ორგანოში მიმდინარე წარმოება ხელშეკრულების რეგისტრაციის თაობაზე, შეწყდა;
- შესაბამისად, ამ ხელშეკრულებას დააკლდა ნამდვილობის ისეთი აუცილებელი ელემენტი, როგორიცაა უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან წინასწარი თანხმობის (ნებართვა) არსებობა;
3.1.3. მოსარჩელემ ბათილი ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხის მიერ ლიცენზიით მიღებულ ტერიტორიაზე განახორციელა გარკვეული სამუშაოები: გაიყვანა გზა, გზის გასწვრივ მოაწყო თხრილები, ამოთხარა ჭაბურღილი, ააშენა ვოლიერები, მაგრამ ეს სამუშაოები არ ყოფილა შეთანხმებული არც ლიცენზიის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოსთან და არც სხვა შესაბამის ორგანოებთან;
· როგორც მოპასუხემ აღნიშნა, მოსარჩელის დირექტორს აქვს თავისი ფერმა სამონადირეო მეურნეობის მიმდებარედ და გზა, რომელიც მე-----------ძემ გაიყვანა, გაყვანილი იყო იმისათვის, რომ მოსარჩელის წარმომადგენელს გაადვილებოდა თავის ფერმაში მოხვედრა, ასევე განმარტა, რომ ვოლიერებში მოსარჩელის დირექტორს შეყვანილი ჰყავდა შინაური ღორები, რაც დაუშვებელია და ასევე მარხავდა მათ სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე, ასევე არ იყო ჭაბურღილისა და არხების მოწყობის საჭიროება (მოსარჩელემ ამის საწინააღმდეგოდ ვერ წარმოადგინა შესაგებელი, შესაბამისად, დაეთანხმა ამ პოზიციას);
სასამართლო ეყრდნობა მხარეთა ახსნა-განმარტებას, მოწმეთა ჩვენებას;
- სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შეადგინა „ლაგ-------- მუნიციპალიტეტში შპს „ფა---ას“ სამონადირეო მეურნეობის და მიმდებარე ტერიტორიაზე შესაბამისი ნებართვის გარეშე მიწის ექსკავაციის (თხრილის გაყვანა) შედეგად გარემოსათვის მიყენებული ზიანის“ გამოანგარიშება. ამ დოკუმენტში ნათქვამია, რომ „...შესაბამისი ნებართვის გარეშე გაყვანილია თ-----–-------------–-----------------–-----–-----–-----------------------------------------------------------------–------------------------------------------------------------–--------------------------–---------------------------------–--------–----–---------------------–-----------–---------------------–----------–---------–--------–--------------------------–------- კვ.მ. ფართობზე“;
- როგორც ზიანის გაანგარიშების დოკუმენტშია აღნიშნული, მიწის (ნიადაგის) დეგრადაციის შედეგად გარემოს მიადგა 1-------3 ლარის ზიანი (ამ ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე);
- მოსარჩელის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ აღნიშნული „ზიანის გაანგარიშება“ შედგა მის მიერ (მისი დავალებით) წარმოებულ სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით;
3.2. საქმის სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. არ დასტურდება, თუ რა ღირებულების სამუშაოები ჩაატარდა მოსარჩელის მიერ (მისი დავალებით) მოპასუხისათვის ლიცენზიით გადაცემულ ტერიტორიაზე;
- მართალია, მოსარჩელემ სასამართლოს ნებართვით, მთავარ სდომაზე წარმოადგინა ჩატარებული სამუშაოების გაანგარიშება (კონკრეტულად რა გააკეთა და რამდენი გადაიხადა თითოეულს სამუშაოში), მაგრამ სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული არ არის სარწმუნო მტკიცებულება ამ უკანასკნელი გარემოების დასადასტურებლად. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის ნაწილდება შედეგნაირად: მხარემ, რომლისთვისაც გარემოების დადასტურება იწვევს ხელსაყრელ შედეგს, უნდა წარმოადგინოს ამ გარემოების არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულებ(ებ)ი. ამასთან, ნეგატიური ფაქტების მტკიცების ტვირთი ეკისრება მოწინააღმდეგე მხარეს. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მოსარჩელესა და სავარაუდო მესამე პირს ან პირებს შორის, რომელთაც განახორციელეს სამშენებლო სამუშაოები, არსებობდა ურთიერთობა, რომელზეც ვრცელდება „ნარდობის ხელშეკრულების“ მარეგულირებელი ნორმები. სახელდობრ, სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური, ხოლო იმავე მუხლის მე-3 ნაწილი ითვალისწინებს ხარჯთაღრიცხვის შედგენას. იმავე კოდექსის 6-1-ე მუხლი საუბრობს მიახლოებით ხარჯთაღრიცხვაზე. ამ კონტექსტში საგულისხმოა სკ-ის ნორმები ვალდებულების შესრულების მიღების დოკუმენტის მიმართ: კოდექსის 429-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე კრედიტორმა მოვალეს (მისი მოთხოვნით) ყოველ შესრულების მიღებაზე უნდა მისცეს შესაბამისი დოკუმენტი. გამომდინარე იქიდან, რომ ნარდობა არის ორმხრივი ხელშეკრულება, სადაც ხელშეკრულების ორივე მხარე გვევლინება, როგორც კრედიტორის, ისე მოვალის როლში (ერთი ასრულებს სამუშაოს, ხოლო მეორე იხდის მის ღირებულებას), ორივე მხარე უფლებამოსილია მოითხოვოს ასეთი დოკუმენტი, - პრაქტიკაში ხშირია „მიღება-ჩაბარების აქტის“ შედგენა, რომელსაც აქვს ორივე მხარის ხელმოწერა და რითაც დასტურდება სამუშაოს მიღებისა და თანხის გადახდის ფაქტი (ან მხარეს შეიძლება ჰქონდეს და წარმოადგინოს უნაღდო ანგარიშსწორების დოკუმენტი);
- სასამართლოს მიაჩნია, რომ სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის დედააზრიდან გამომდინარე და სსკ-ის 429-ე, 629-ე და 6-1-ე მუხლების გათვალისწინებით, მოსარჩელეს გაწეული ხარჯების, ისევე როგორც წარმოებული სამუშაოების თაობაზე უნდა წარმოედგინა უფრო სარწმუნო მტკიცებულება, ვიდრე მხოლოდ მის მიერ შედგენილი გაანგარიშება, რასაც არ ახლავს მენარდის (მენარდეების) დასტური. სწორედ ამიტომ, სასამართლოს აზრით, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა აღნიშნული გარემოება. აქვე დაიბადება კითხვა, თუ ჩატარებული სამუშაოების გარკვეული ნაწილი უდავოა, რატომ არ დგინდება მათი ღირებულება (ნარდობის დროს ხომ შესაძლებელია მხარეები დაეყრდნონ სატარიფო განაკვეთს ან ჩვეულებრივ ანაზღაურებას, თუ ის არ არის შეთანხმებული), მაგრამ ვინაიდან მოსარჩელე საუბრობს უკვე გაწეულ ხარჯებზე, მას უნდა წარმოედგინა მათი გაწევის დამადასტურებელი მტკიცებულება, მით უფრო, - საუბარია მეწარმე სუბიექტზე და, საკუთრივ, იურიდიული პირის მხრიდან ხარჯების გაღებაზე. ამ დროს, ფიზიკური პირისაგან განსხვავებით, უზრუნველყოფილი უნდა იყოს კომპანიის ფინანსური დისციპლინის გაცილებით მაღალი სტანდარტი, როგორიცაა ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტების არსებობა;
3.2.2. მოსარჩელეს არ ჰქონია ნებართვა სამშენებლო სამუშაოების წარმოებაზე;
- მართალია, მოსარჩელე აცხადებს, რომ მოპასუხე წინააღმდეგი არ ყოფილა სამშენებლო სამუშაოების წარმოებაზე, ხოლო მოპასუხე უარყოფს ამ ფაქტს, მაგრამ ვინაიდან კანონი ხელშეკრულებისათვის ითვალიწინებს სპეციალურ ფორმას (კერძოდ, უნდა არსებობდეს სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულება და უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს ნებართვა, ასახული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში), ასეთი ნებართვა უნდა ყოფილიყო ასევე წერილობითი ფორმით მიღებული, რაც მოსარჩელეს არ წარმოუდგენია. შესაბამისად, მოქმედებს პრეზუმფცია, რომ მას არ ჰქონდა წინასწარი თანხმობა სამუშაოების წარმოებაზე, რისი შერყევაც იყო მოსარჩელის მტკიცების ტვირთი, რაც მან ვერ შეასრულა. აქედან გამომდინარე სასამართლოს სარწმუნოდ მიაჩნია მოპასუხის მტკიცება, რომ ის იმთავითვე წინააღმდეგი იყო, რომ მოსარჩელე დაეწყო ნებისმიერი სამშენებლო სამუშაოების წარმოება, ვიდრე ის ოფიციალურად არ გადაიბარებდა ტყის შესაბამის კვარტლებს;
ნაწილი III (სამოტივაციო):
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
4.1. სასამართლომ გაანალიზა დადგენილი გარემოებები, შეაფასა მტკიცებულებები და მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს;
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
· საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგ - „სსკ“)
· „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდეგ - „ლიცენზიების კანონი“)
· საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს #132 დადგენილებით დამტკიცებული „ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების“ (შემდეგ - „თავრობის დებულება“)
6. სამართლებრივი დასაბუთება:
6.1. ლიცენზიების კანონის მე-3 მუხლის „ა“ და „ა.ა“ ქვეპუნქტების თანახმად, ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: (ა) ლიცენზია – ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე პირისათვის კანონით დადგენილი პირობების დაკმაყოფილების საფუძველზე მინიჭებული განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების უფლება: (ა.ა) სარგებლობის ლიცენზია – სარგებლობის ლიცენზია – ლიცენზიის სახეობა, რომლითაც პირს ენიჭება ამ კანონით განსაზღვრული სახელმწიფო რესურსებით სარგებლობის უფლება. სარგებლობის ლიცენზია გაიცემა აუქციონის წესით, გარდა ამ კანონითა და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, და უკავშირდება ობიექტს. ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია დაყოს სარგებლობის ლიცენზია ან/და მთლიანად ან ნაწილი გადასცეს სხვა პირს, მათ შორის, მემკვიდრეობით;
იმავე კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზია წარმოადგენს სარგებლობის ლიცენზიის ნაირსახეობას;
სსკ-ის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, კერძო სამართლის იურიდიულ პირს (სამეწარმეოს თუ არასამეწარმეოს (არაკომერციულს)) უფლება აქვს განახორციელოს კანონით აუკრძალავი ნებისმიერი საქმიანობა, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ეს საქმიანობა მისი სადამფუძნებლო დოკუმენტებით გათვალისწინებული, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, ზოგიერთი საქმიანობა, რომელთა ჩამონათვალსაც განსაზღვრავს კანონი, იურიდიულ პირს შეუძლია განახორციელოს მხოლოდ სპეციალური ლიცენზიის/ნებართვის ან ავტორიზაციის გავლის საფუძველზე. აღნიშნული საქმიანობის განხორციელების უფლება იურიდიულ პირს წარმოეშობა ლიცენზიის/ნებართვის მიღების ან ავტორიზაციის გავლის მომენტიდან;
იმავე კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბათილია კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული აუცილებელი ფორმის დაუცველად დადებული გარიგება, ასევე ნებართვის გარეშე დადებული გარიგება, თუ ამ გარიგებისთვის საჭიროა ნებართვა;
მთავრობის დადგენილების მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“, „ბ“, „ბ.ბ“, „დ“, „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტების თანახმად, (ა) სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, დაიცვას შემდეგი სალიცენზიო პირობები: (ა) სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმის დამტკიცებამდე, ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიაზე, სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე შესაბამისი ორგანოსგან ეტაპობრივად, თითოეული კვარტალის მიხედვით, ჩაიბაროს ტერიტორია მიღება-ჩაბარების აქტით. ლიცენზიანტი და სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე შესაბამისი ორგანოს წარმომადგენლები ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიაზე ერთობლივად აღრიცხავენ უკანონო ჭრებს და სხვა დარღვევა-ნაკლოვანებებს, რაც, შესაბამისად, აისახება მიღება-ჩაბარების აქტში. მიღება-ჩაბარების განხორციელების წესსა და ფორმას ამტკიცებს მინისტრი ბრძანებით „ტყით სარგებლობის გენერალური ლიცენზიით, ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიით ან სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიით განსაზღვრული ფართობის მიღება-ჩაბარების განხორციელების წესისა და ფორმის შესახებ“; (ბ) განახორციელოს ლიცენზიით განსაზღვრული ტერიტორიის დაცვა: ბ.ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აღკვეთოს და შესაბამის ორგანოებს დროულად მიაწოდოს ინფორმაცია ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიაზე უნებართვო საქმიანობისა და სამართალდარღვევის ფაქტების შესახებ; (დ) უზრუნველყოს დამტკიცებული სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულება; (მ) ლიცენზიის ან მისი ნაწილის გასხვისებისას, ლიცენზიის მფლობელმა და ლიცენზიის ან მისი ნაწილის მიმღებმა, გადაცემული ფართობის მიღება-ჩაბარების აქტით გადაბარება უნდა მოახდინონ ლიცენზიის ან მისი ნაწილის გადაცემის შესახებ ლიცენზიის გამცემის მიერ შესაბამისი აქტის გამოცემის შემდეგ. გადასაცემი ტერიტორიის დაცვისათვის, ამ აქტის გაფორმებამდე, პასუხისმგებლობა ეკისრება ლიცენზიის მფლობელს. დეპარტამენტს მიღება-ჩაბარების აქტი წარედგინება ლიცენზიის ან მისი ნაწილის მიმღების მიერ; (ნ) ლიცენზიის ნაწილის გასხვისების შემთხვევაში, ლიცენზიის გამცემი და ლიცენზიის მიმღები სამინისტროს დასამტკიცებლად წარუდგენენ ახალ სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმას;
- როგორც დავინახეთ, ლიცენზიის გაცემა უთანაბრდება სახელმწიფოს მხრიდან ნებართვის (წინასწარი თანხმობის) გაცემას, რაც გარიგებას სძენს ლეგიტიმურ ხასიათს. ლიცენზიის/ნებართვის შემთხვევაში მხარეთა მიერ გამოვლენილი ნება სამართლებრივად ვარგისია დასახული და შეთანხმებული მიზნის მისაღწევად. მოცემულ შემთხვევაში, გამომდინარე იქიდან, რომ საქმე ეხება ლიცენზიით რეგულირებულ საქმიანობას, მოპასუხეს შეეძლო ლიცენზიის ნაწილის გასხვისება, მოსარჩელესთან სანოტარო წესით დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, მაგრამ გასხვისებასთან დაკავშირებული ნამდვილი ურთიერთობის წარმოშობისათვის აუცილებელი წინაპირობა იყო, სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს მხრიდან თანხმობის (შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით) გაცემა. სწორედ ეს ბოლო ელემენტი დააკლდა მხარეთა ურთიერთობას, - ამ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება შეწყდა (აღნიშნული არ ყოფილა დავის საგანი);
- მხოლოდ ასეთ შემთხვევაში იქნებოდა მოსარჩელე უფლებამოსილი (შემდეგი სამართლებრივი პროცედურის სახით) მიეღო ლიცენზიის თავდაპირველი მფლობელის მხრიდან გასხვისებულ ნაწილზე მფლობელობა და წარედგინა უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში მეურნეობის მართვის ახალი გეგმა (რომელიც, მათ შორის, მოიცავდა იმ სამუშაოების ჩამონათვალს, რაც დეფაქტო აწარმოა მოსარჩელემ), რის დამტკიცების შემდეგაც ნებისმიერი საქმიანობა, თუნდაც მშენებლობის კუთხით, შეიძენდა კანონისმიერ ელფერს (თუკი საჭირო იქნებოდა სხვა, პარალელური პროცედურა იმავე ან სხვა ადმინისტრაციულ ორგანოში, გეგმის არსებობა იქნებოდა საფუძველი ამ ყველაფრისათვის). ამდენად, ვინაიდან ადმინისტრაციული წარმოება არ იყო დასრულებული, მოსარჩელეს არ ჰქონდა უფლება, დაეწყო და გაეგრძელებინა სამშენებლო სამუშაოები;
- ასე რომ, ლიცენზიის ნაწილის მოსარჩელისათვის გადაცემა არ მომხდარა, ვინაიდან უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს თანხმობის არარსებობის პირობებში, მხარეთა შორის 2015 წლის 16 დეკემბერს დადებული ხელშეკრულება არის უცილოდ ბათილი გარიგება (ასეთი გარიგება კი - სსკ-ის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ბათილად ითვლება მისი დადების მომენტიდან)
6.2. სსკ-ის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან;
იმავე კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ქვეპუნქტის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ: ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში;
იმავე კოდექსის 987-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირს, რომელმაც შეგნებულად ან შეცდომით ხარჯები გასწია მეორე პირის ქონებაზე, შეუძლია მისგან მოითხოვოს თავისი დანახარჯების ანაზღაურება, თუ მეორე პირი ამით გამდიდრდა, ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად კი, გამდიდრების არსებობა განისაზღვრება იმ მომენტით, როცა მოვალეს უბრუნდება თავისი ნივთი, ან იგი ღირებულების გაზრდის შედეგად სხვაგვარად იღებს სარგებელს;
- როგორც აღინიშნა, მხარეებს შორის 2016 წლის 16 დეკემბერს დადებული ხელშეკრულება არის უცილოდ ბათილი ხელშეკრულება, რომელიც არ წარმოშობს ხელშეკრულებით განსაზღვრულ სამართლებრივ შედეგებს, მაგრამ ეს სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ იგი უდრის ნულოვან შედეგს. ბათილობის ნიადაგზე წარმოიშობა კონდიქციური ვალდებულება, ანუ ხდება სახელშეკრულებო ვალდებულებათა ტრანსფორმირება კანონისმიერ ვალდებულებებად. უმთავრესი კონდიქციური ვალდებულება (უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამოდინარე ვალდებულება) არის მიღებულის უკან დაბრუნება - ე.წ. „რესტიტუცია“;
- მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ არ არსებობდა ჩატარებული სამუშაოების ობიექტური აუცილებლობა: მოპასუხის მფლობელობაში არსებულ სამონადირეო მეურნეობაში არსებობდა მისასვლელი გზა, ვოლიერები და რეინჯერების ღამის გასათევი ობიექტები. სახელმწიფო მხრიდან მოპასუხესთან გაფორმებული ხელშეკრულებაც კი ნაგებოების მშენებლობას მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში უშვებს. გარდა ამისა, გზის გაყვანამ შეამცირა ტერიტორიაზე უკანონო ტყითსარგებლობის მიმართ მოპასუხის მხრიდან ხარისხიანი მონიტორინგის ალბათობა;
- მითითებული ინფრასტრუქტურის მოწყობის აუცილებლობა შეიძლება წარმოშობილიყო მოსარჩელესთან მიმართებით მას შემდეგ, რაც ის de jure და de facto გადაიბარებდა ლიცენზიის ნაწილს და შეუდგებოდა მეურნეობის მართვას მოქმედი წესების მიხედვით. ამდენად, გადაბარებამდე არ იკვეთება სამუშაოების წარმოების რეალური აუცილებლობა. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ წარმოებულ მოქმედებებს შედეგად არ მოჰყოლია მოპასუხის გამდიდრება. საგულისხმოა, რომ ვერც გაწეული ხარჯის ოდენობა დაადასტურა სარწმუნოდ. კიდევ ერთი მომენტი: რომ დავუშვათ, რომ მოსარჩელეს დაედასტურებინა მოპასუხის გამდიდრება და ხარჯების ოდენობა, არსებობს ამ ხარჯების ანაზღაურების დამაბრკოლებელი ისეთი სამართლებრივი გარემოება, როგორიცაა სსკ-ის 987-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის სახით მოთხოვნა გამორიცხულია, თუ: პირმა, რომელსაც წაეყენება პრეტენზია, სადავო გახადა ხარჯები მათ განხორციელებამდე“. მოპასუხე თავიანვე (სამუშაოების დაწყებამდე) იყო მსენებლობის წინააღმდეგი;
ამასთან დაკავშირებით სასამართლოს სურს მოიხმოს საკასაციო სასამართლოს განმარტება ერთ-ერთ სამოქალაქო საქმეზე:
„კონდიქციურ ვალდებულებათა რეგულირებას ეთმობა სამოქალაქო კოდექსის 976-991-ე მუხლები, უსაფუძვლო გამდიდრება სახეზეა, თუ არსებობს მოპასუხის გამდიდრება, ამის შესატყვისად მოსარჩელის ქონებრივი დანაკლისი და მატერიალურ სიკეთეთა ასეთი გადანაცვლების უსაფუძვლობა/გაუმართლებლობა. სასამართლომ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 987-ემუხლი, თუმცა, არ უნდა დაეკმაყოფილებინა სარჩელი, რადგანაც არ არსებობს მოცემული ნორმით გათვალისწინებული წინაპირობები: მოპასუხე არ გამდიდრებულა - ხიდის საბალანსო ღირებულება დარჩა იგივე, ვინაიდან მასზე განხორციელებული სამუშაოების სახეობითა და ხარისხით ვერ დადგინდება ხიდის ღირებულებამ მოიმატა თუ დაიკლო; მოსარჩელის ქმედებას არ გამოუწვევია მოპასუხის გამდიდრება (ისევ და ისევ გაურკვეველი სამუშაოების ჩატარებიდან გამომდინარე, რომლთა ღირებულების დადგენისთვის არ არის საკმარისი ზედაპირული შეფასება, ხოლო ზედაპირული შეფასების შესაძლებლობისას, აღნიშნული სამუშაო არ წარმოადგენს აუცილებლობას და არ უნდა იქნეს ანაზღაურებული); მოპასუხის გამდიდრება არ არის უკანონო, ვინაიდან არ დგინდება თავად გამდიდრების ფაქტი. დაუშვებელია მოქალაქეთა მიერ, რომელთაც არ გააჩნიათ შესაბამისი გამოცდილება და დავალება, საავტომობილო გზების და მათი შემადგენელი ნაწილების რაიმე ფორმით გადაკეთებისა თუ მათ მთლიანობაში ჩარევა. მართალია, სასამართლომ სავსებით მართებულად განმარტა კონდიქციიდან გამომდინარე ანაზღაურების მიზანი, თუმცა, ზემოთ მითითებული გარემოებების გაუთვალისწინებლობის გამო, მიიღო არასწორი გადაწყვეტილება. სწორედ ზიანის ანაზღაურება დააკისრა სასამართლომ დეპარტამენტს თავისი გადაწყვეტილებით, ვინაიდან, არ არსებობდა უსაფუძვლო გამდიდრებისათვის საჭირო არც ერთი პირობა“ (სუს-ს 201- წლის 08 თებერვლის განჩინება, საქმე #ას-1004-2018);
საკასაციო სასამართლოს ამ განმარტების განსახილველ დავაზე კონვერტაციით შეიძლება გამოვყოთ ორი მნიშვნელოვანი მომენტი:
(1) იმისათვის, რომ ვითომ-კრედიტორს დაეკისროს გაწეული ხარჯების ანაზღაურება სახელზე უნდა იყოს ამ ხარჯების გაწევის ობიექტური აუცილებლობა, რამაც შეიძლება გაზარდოს მოპასუხის ქონების ღირებულება და რაც არის ტესტი იმისა, გამდიდრდა თუ არა მოპასუხე, ასევე ხარჯები სარწმუნოდ უნდა დასტურდებოდეს და
(2) დაუშვებელია მოსარჩელემ ჩაატაროს სამონადირეო მეურნეობის არეალში, სახელმწიფო ტყის ზონაში სამშენებლო სამუშაოები იმ პირობებში, როცა მას არ გააჩნია მესაკუთრის (სახელმწიფო) ან მართლზომიერი მფლობელის შესაბამისი დავალება, ნებართვა, მით უფრო, მაშინ, როცა ამ სამუშაოებმა გარემოს მიაყენა ზიანი;
7. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება:
7.1. სსსკ-ის 1-91 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის [...] შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით...;
- მოსარჩელემ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით იშუამდგომლა ყადაღის დადების შესახებ მოპასუხის საკუთრებაში არსებული შემდეგი უძრავი ნივთების მიმართ: (1) ლაგ-------- რაიონში მდებარე ს---------------------------–ი მიწები (საკადასრტო კოდები): 5-.1-.6-.024; 5-.1-.6-.026; 5-.1-.6-.025; 5-.1-.6-.023; 5-.1-.6-.027; 5-.1-.6-.022; 5-.1-.6-.021; 5-.1-.6-.028; (2) ლაგ-------- რაიონში მდებარე სოფ--–------–-----ი (საკადასტრო კოდები): 5-.0-.5-.007; 5-.0-.5-.00-; 5-.0-.5-.011; 5-.0-.5-.012;
- გურჯაანის რაიონული სასამართლოს მიერ 201- წლის 16 იანვრის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოპასუხეს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული ზემოაღნიშნული უძრავი ნივთების მხოლოდ გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა (ტოტალური ყადაღის ნაცვლად):
· გამომდინარე იქიდან, რომ სარჩელი არ დაექვემდებარა დაკმაყოფილებას, სასამართლო ვალდებულია იმავე გადაწყვეტილებით გააუქმოს სარჩელის უზრუნველსაყოფად გატარებული ღონისძიება
8. საპროცესო ხარჯები:
8.1. სსსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა;
- იმავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ თანახმად, დავის საგნის ფასი განისაზღვრება: ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელისა – გადასახდელი თანხით;
- იმავე კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს, მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, თუ მოქალაქე დაასაბუთებს სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობას და სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს, შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, რის თაობაზედაც მოსამართლეს გამოაქვს მოტივირებული განჩინება;
- იმავე კოდექსის 5--ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია;
- იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო;
· სარჩელთან ერთად მოსარჩელემ იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლების შესახებ, რაც გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 ნოემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა;
· გამომდინარე იქიდან, რომ სარჩელი არ დაექვემდებარა დაკმაყოფილებას, სახელმწიფო ბაჟის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ მოპასუხეს არ ეკისრება (მოსარჩელეც განთავისუფლებულია მისი გადახდისაგან). შესაბამისად, სსსკ-ის 5--ე მუხლის მე-3 ნაწილის ლოგიკური განმარტებიდან გამომდინარეობს დასკვნა, რომ სახელმწიფო ბაჟი უნდა გაიღოს სახელმწიფომ;
ნაწილი IV (სარეზოლუციო):
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, მე-10, 37-ე-39-ე, 41-ე, 49-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 250-ე, 251-ე, 2591, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. შპს „გა-------ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 201- წლის 16 იანვრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რითაც მოპასუხე შპს „ფა---ას“ (ს/კ 233113680) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული შემდეგი უძრავი ნივთების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა:
2.1. ლაგ-------- რაიონში მდებარე ს---------------------------–ი მიწები (სადასრტო კოდები): 5-.1-.6-.024; 5-.1-.6-.026; 5-.1-.6-.025; 5-.1-.6-.023; 5-.1-.6-.027; 5-.1-.6-.022; 5-.1-.6-.021; 5-.1-.6-.028;
2.2. ლაგ-------- რაიონში მდებარე სოფ--–------–-----ი (საკადასტრო კოდები): 5-.0-.5-.007; 5-.0-.5-.00-; 5-.0-.5-.011; 5-.0-.5-.012;
3. მოსარჩელე განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
4. განემარტოს მხარეებს, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით დაუშვებელია;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მდებარე: თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), გურჯაანის რაიონული სასამართლოს (მდებარე: გურჯაანის, სანაპიროს ქ. №24) მეშვეობით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, შემდეგი წესების დაცვით: გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გურჯაანის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;
მოსამართლე: /დევი დევიძე/