გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/396-2019
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
24 ივლისი 2019 წ. ქ. რუსთავი
შესავალი ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი
სხდომის მდივანი თამარ კობაიძე
მოსარჩელე თ----–- ქ---------–--ე
მოპასუხე ს------- მ------ი
წარმომადგენლები დავით ჩხაიძე, რაუფ გუსეინოვი
დავის საგანი საადვოკატო ჰონორარის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ს------- მ------ისათვის თ----–- ქ---------–--ის სასარგებლოდ 35 000 აშშ დოლარის დაკისრება.
სარჩელის გარემოებები
2011 წლის 05 მაისს ნოტარიუს მერი მერაბიშვილის მიერ დამოწმებული სანოტარო N110452446 აქტით მოპასუხე ვიდადი ხიალოვმა აღიარა ს------- მ------ის მიმართ არსებული ვალი 70 000 აშშ დოლარის ოდენობით. 2012 წლის 25 სექტემბერს ნოტარიუს მერი მერაბიშვილის მიერ დამოწმებული სანოტარო N121033737 აქტით მოპასუხე ვიდადი ხიალოვმა აღიარა მოსარჩელის ს------- მ------ის მიმართ არსებული ვალი 15 000 აშშ დოლარის ოდენობით. რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ს------- მ------ის სარჩელი ვიდადო ხიალოვზე თანხის დაკისრების ნაწილში ნაწილობრივ დაკმაყოფილდა (70 000 აშშ დოლარის მოთხოვნასთან დაკავშირებით), ხოლო დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
2015 წლის 26 აგვისტოს წერილობით დადებული საადვოკატო მომსახურების ხელშეკრულებით და 2015 წლის 26 აგვისტოს სანოტარო წესით დამოწმებული რწმუნებულების საფუძველზე, როგორც ს------- მ------ის რწმუნებული და ადვოკატი, აწარმოებდა მისი სარჩელის საფუძველზე ვ. ხიალოვის, ე. აბდულაევას, მ. პაშაევის, დ. გუმბათოვას მიმართ აღძრულ სამოქალაქო საქმეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში. ამ საქმეზე მოსარჩელისთვის მომზადებულ იქნა საჭირო დოკუმენტაცია, მონაწილეობდა სამოქალაქო საქმის განხილვაში, დაესწრო ყველა სასამართლო სხდომას ისევე, როგორც სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებასაც.
საადვოკატო მომსახურების ხელშეკრულების თანახმად, საქმის დადებითი შედეგით დამთავრებისთანავე, ს------- მ------ს მოსარჩელისთვის, საადვოკატო ჰონორარის სახით უნდა გადაეხადა დაბრუნებული ვალიდან, ქონებიდან 50%. ს------- მ------ის მიერ მოსარჩელისთვის გაცემული 2015 წლის 26 აგვისტოს რწმუნებულება ს------- მ------ის მოთხოვნის საფუძველზე 2018 წლის 28 ივლისს ნოტარიუს დავით ბედიანაშვილმა გააუქმა, რადგან მოსარჩელემ სრულად შეასრულა მასსა და ს------- მ------ს შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული საადვოკატო ვალდებულება.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ შესაგებელში და სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო შემდეგი საფუძვლების გამო:
საადვოკატო ხელშეკრულების ტექსტი დაბეჭდილია ქართულ ენაზე, ხოლო გარკვეული პირობები რუსულ ენაზე ჩაწერა თავად მოსარჩელემ. ხელშეკრულება უთარგმნა კატიბ ბაბაევმა, ხოლო ხელშეკრულება ითვალისწინებს ადვოკატისათვის ჰონორარის გადახდას თანხის ან ქონების ამოღების შემთხვევაში, რაც არ მოხდა. თ----–- ქ---------–--ემ სასამართლოში შეიტანა სარჩელი ვიდადი ხიალოვისათვის 70 000 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ და ასევე მოითხოვა ვიდადი ხიალოვის მიერ დადებული გარიგებების ბათილად ცნობა და რამდენიმე ქონების მესაკუთრედ აღიარება. სასამართლო გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ვიდადი ხიალოვს დაეკისრა თანხის გადახდა, ხოლო სხვა მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა. თ----–- ქ---------–--ე ასევე მონაწილეობდა ვიდადი ხიალოვისათვის გადახდის ბრძანებით დაკისრებული 15 000 აშშ დოლარის აღსრულების პროცესში, რის შედეგად მოხდა მოვალის ქონების რეალიზაცია, ხოლო აუქციონზე შემოსული თანხა არ გადასცა მას და არც აცნობა აღსრულების მიმდინარეობის შესახებ. თ----–- ქ---------–--ის მონაწილეობით მომზადდა ხელშეკრულება ვიდადი ხიალოვის ქონების მის საკუთრებაში გადმოცემის შესახებ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ქონებას თანამესაკუთრეები ჰყავდა, რის გამოც ხელშეკრულება ვერ დაიდო. მოსარჩელემ ჯეროვნად არ შეასრულა მისი მოვალეობა, რის გამოც გააუქმა მინდობილობა. ამასთან, სასამართლოში სარჩელი სრულად არ დაკმაყოფილდა, დაკისრებული თანხა გადახდილი არ არის, რის გამოც არ არსებობს საადვოკატო ჰონორარის გადახდის საფუძველი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. თ----–- ქ---------–--ეს და ს------- მ------ს შორის 2015 წლის 26 აგვისტოს დაიდო საადვოკატო მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საგანია ვალის დაბრუნების საკითხზე სამოქალაქო საქმეზე საადვოკატო მომსახურების გაწევა სასამართლოსა და სხვა ორგანიზაციებში. ადვოკატის მომსახურება იწყება ხელშეკრულების დადების დღიდან და მთავრდება სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისთანავე. საადვოკატო მომსახურების ჰონორარია 500 აშშ დოლარი, რაც ს------- მ------მა გადაიხადა. ხელშეკრულების მე-7 პუნქტით გათვალისწინებულია კლიენტის ვალდებულება ადვოკატს გადაუხადოს საქმის დადებითი შედეგის დამთავრებისთანავე დაბრუნებული ვალიდან და ქონებიდან 50%. 2015 წლის 26 აგვისტოს სანოტარო ფორმით დადებული რწმუნებულებით, ს------- მ------მა თ----–- ქ---------–--ეს მიანიჭა სასამართლოში წარმომადგენლობის ფართო უფლებამოსილება, მათ შორის სააღსრულებო ფურცლის მიღების და აღსრულების პროცესში მონაწილეობის უფლება.
სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- იურიდიული მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულების ასლი ( ს.ფ. 52-55. ტომი 1)
- რწმუნებულების ასლი (ს.ფ. 46-51. ტომი 1).
3.1.3. თ----–- ქ---------–--ე, როგორც ს------- მ------ის წარმომადგენელი მონაწილეობდა რუსთავის საქალაქო სასამართლოში სამოქალაქო საქმის განხილვაში. სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
რუსთავის საქალაქო სასამართლოში ს------- მ------მა სარჩელი აღძრა მოპასუხეების ვიდადი ხიალოვის, ეგენე აბდულაევას, მუშვიკ პაშაევის და დუნიახანუმ გუმბათოვას შემდეგი სასარჩელო მოთხოვნებით:
1.1. მოპასუხე ვიდადი ხიალოვს დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 70.000 (სამოცდაათი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი თანხის ეროვნულ ვალუტაში გადახდა, რომელიც შეადგენს 165.200 (ას სამოცდახუთიათას ორას) ლარს.
1.2. მოპასუხე ვიდადი ხიალოვს დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 15.000 (თხუთმეტი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი თანხის ეროვნულ ვალუტაში გადახდა, რომელიც შეადგენს 35400 (ოცდათხუთმეტი ათას ოთხას) ლარს.
1.3. ბათილად იქნეს ცნობილი 2008 წლის 24 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხე ვიდადი ხიალოვმა მოპასუხე ეგენე აბდულაევაზე გაყიდა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, მდებარე ქ. გარდაბანში, გამარჯვების ქ. №7, მიწის ს/კ №81.15.24.146;
1.4. ბათილად იქნეს ცნობილი ნოტარიუსი ს.ხიალოვის მიერ დამოწმებული 2010 წლის 28 დეკემბრის №101303437 ჩუქების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხე ეგენე აბდულაევამ მოპასუხე მუშვიკ პაშაევს აჩუქა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი ფართობით.1.100 კვ.მ (მისამართი ქ.გარდაბანი, გამარჯვების ქ. №7, ს/კ №81.15.24.146).
1.5. ვიდადი ხიალოვი ცნობილ იქნეს 1.100 კვ.მ სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთის (მისამართი: ქ გარდაბანი, გამარჯვების ქ.№7, მიწის და მასზედ მდგომი საცხოვრებელი სახლის სა/კ №81.15.24.146) მესაკუთრედ.
1.6. მოპასუხე ვიდადი ხიალოვი ცნობილ იქნეს მისი მეუღლის მოპასუხე დუნიახანუმ გუმბათოვას სახელზე საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით რიცხული, ქ. გარდაბანში, 9 მაისის ქ. №6 30,28 კვ.მ ფართის №16 ბინის ს/კ 81.15.29.141.01.016, თანამესაკუთრედ და ამ ბინის ნახევარზეც მიექცეს თანხის გადახდევინებაზე სასამართლო გადაწყვეტილების იძულებით აღსრულება.
2017 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
· მოპასუხე ვიდადი ხიალოვს მოსარჩელე ს------- მ------ის სასარგებლოდ დაეკისრა 70 000 აშშ დოლარის გადახდა.
· ს------- მ------ის სარჩელი მოპასუხე ვიდადი ხიალოვის მიმართ 15 000 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნით არ დაკმაყოფილდა და შეწყდეს საქმის წარმოება აღნიშნული მოთხოვნის ნაწილში.
· ს------- მ------ის სარჩელი მოპასუხეების - ვიდადი ხიალოვის და ეგენე აბდულაევას მიმართ 2008 წლის 24 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით არ დაკმაყოფილდა.
· ს------- მ------ის სარჩელი მოპასუხეების - ეგენე აბდულაევას და მუშვიკ პაშაევის მიმართ 2010 წლის 28 დეკემბრის ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით არ დაკმაყოფილდა.
· ს------- მ------ის სარჩელი მოპასუხე ვიდადი ხიალოვის მიმართ უძრავ ქონებაზე მდებარე ქ. გარდაბანი, გამარჯვების ქუჩა №7, საკადასტრო კოდი: 81.15.24.146 ვიდადი ხიალოვის მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით არ დაკმაყოფილდა.
· ს------- მ------ის სარჩელი მოპასუხე ვიდადი ხიალოვის მიმართ დუნიახანუმ გუმბათოვას სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ქონების მდებარე ქ. გარდაბანი, 9 მაისის ქუჩა №6-16, ს/კ 81.15.29.141.01.016, თანამესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით არ დაკმაყოფილდა.
გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა და შესულია კანონიერ ძალაში.
სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- გადაწყვეტილების ასლი (ს.ფ. 28-44, ტომი 1)
3.1.4. თ----–- ქ---------–--ე, როგორც ს------- მ------ის წარმომადგენელი მონაწილეობდა აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მიღებული გადახდის ბრძანების აღსრულების პროცესში, რომლითაც ვიდადი ხიალოვს დაეკისრა 15 000 აშშ დოლარის გადახდა. აღსრულების მიზნით 2017 წლის დეკემბერში განხორციელდა მოვალე ვიდადი ხიალოვის უძრავი ქონების რეალიზაცია, ქონება გასხვისდა 519 ლარად, რაც ჩაირიცხა თ----–- ქ---------–--ის საბანკო ანგარიშზე. თ----–- ქ---------–--ემ ამის შესახებ მარწმუნებელს არ აცნობა და არ გადასცა მიღებული თანხა.
სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- სააღსრულებო წარმოების მასალების ასლები ( ს. ფ. 309-310, 335-342. ტომი 1)
- მხარეთა ახსნა-განმარტება (04.07.2019წ სხდომის ოქმი CD დისკი )
3.1.5. 2018 წლის 23 ივლისს ს------- მ------მა გააუქმა 2015 წლის 26 აგვისტოს თ----–- ქ---------–--ისათვის წარმომადგენლობის მინიჭების შესახებ სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა.
სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- სანოტარო აქტის ასლი (ს.ფ. 56-57. 121-122. ტომი 1)
3.1.6. თ----–- ქ---------–--ის მიერ 2018 წლის 1 მაისს აღძრულია სარჩელი კომლის ქონებაზე ვიდადი ხიალოვის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ. სარჩელის განხილვა დასრულებული არ არის.
სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელისა და თანდართული საბუთების ასლები ( ს. ფ. 184-245. ტომი 1)
- მხარეთა ახსნა-განმარტება (04.07.2019წ სხდომის ოქმი CD დისკი )
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები არ არის.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
თ----–- ქ---------–--ის სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან დავის წარმატებით დასრულებისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჰონორარის სრულად დაკისრების საფუძველი არ არსებობს, რადგან სასამართლოში სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 709-ე, 710-ე, 52-ე, 90-ე, 92-ე, 720-ე, 713-ე, 715-ე მუხლები
- ადვოკატთა შესახებ საქართველოს კანონი
- ადვოკატთა ეთიკის კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება
მხარეებს შორის სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა საადვოკატო მომსახურების ხელშეკრულების დადებით, რაც თავისი არსით დავალების ხელშეკრულებაა, რის გამოც დავა უნდა გადაწყდეს დავალების ხელშეკრულების მომწესრიგებელი სამართლის ნორმებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლის მიხედვით, დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე.
710-ე მუხლის მიხედვით, 1. მარწმუნებელი ვალდებულია გადაუხადოს რწმუნებულს გასამრჯელო მხოლოდ ხელშეკრულებით ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში; 2. გასამრჯელო ჩაითვლება უსიტყვოდ შეთანხმებულად, თუ გარემოებათა მიხედვით მოქმედების შესრულება მხოლოდ გასამრჯელოთი არის მოსალოდნელი; 3. თუ გასამრჯელოს ოდენობა არ არის განსაზღვრული, მაშინ რაიმე ნიხრის არსებობისას შეთანხმებულად მიიჩნევა სანიხრო გასამრჯელო, ისევე, როგორც ნიხრის არარსებობისას - ჩვეულებრივი გასამრჯელო.
განსახილველ საქმეში დავის საგანია გაწეული იურიდიული დახმარების, საადვოკატო ჰონორარის ანაზღაურება.
მხარეებს შორის დადებული საადვოკატო მომსახურების ხელშეკრულებით შეთანხმებულია, რომ საადვოკატო ჰონორარია 500 აშშ დოლარი, რაც კლიენტმა - მოპასუხე ს------- მ------მა გადაიხადა სრულად და ჯეროვნად. ხელშეკრულების მე-7 პუნქტი შემდეგი შინაარსისაა -„კლიენტი ს------- მ------ი ვალდებულია საქმის დადებითი შედეგით დამთავრებისთანავე ადვოკატს გადაუხადოს დაბრუნებული ვალიდან ან ქონებიდან 50%.“ ამდენად, ხელშეკრულებით შეთანხმებულია, რომ კლიენტმა ადვოკატს 500 აშშ დოლარის გარდა დამატებით უნდა გადაუხადოს ჰონორარი საქმის დასრულების შედეგიდან გამომდინარე. მოპასუხეს სადაოდ არ გაუხდია ჰონორარის შეთანხმებული პროცენტის ოდენობა, მისი განმარტებით ამ თანხის გადახდა ევალება მას შემდეგ, რაც მოპასუხე რეალურად გადაუხდის დაკისრებულ თანხას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ დავის გადაწყევტისათვის ორი ძირითადი საკითხია შესაფასებელი - ხელშეკრულებაში რა პირობაა შეთანხმებული ჰონორარაის გადახდის საკითხზე და ადვოკატმა რა მოქმედებები შეასრულა კლიენტთან დადებული დავალების ხელშეკრულების საფუძველზე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ დავალების ხელშეკრულება ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა, სადაც თითოეულ მხარეს გააჩნია უფლება-მოვალეობები. რწმუნებულის ძირითადი ვალდებულებაა შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე, ხოლო მარწმუნებელი ვალდებულია გადაუხადოს რწმუნებულს გასამრჯელო მხოლოდ ხელშეკრულებით ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში (სამოქალაქო კოდექსის 710-ე მუხლი).
მარწმუნებელმა დავალების ხელშეკრულება შეწყვიტა 2018 წლის 23 ივლისს. სამოქალაქო კოდექსის 720-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ასეთ შემთხვევაში მარწმუნებელმა უნდა აანაზღაუროს გასამრჯელო შესრულებული სამუშაოს კვალობაზე. ამ შემთხვევაში მარწმუნებლის ინიციატივით რწმუნებულების შეწყვეტის გამო გასამრჯელო ადვოკატის მიერ შესრულებული სამუშაოს მიხედვით ანაზღაურდება, რის გამოც უნდა შეფასდეს ადვოკატის მიერ შესრულებული სამუშაოების გარემოებები, რადგან მარწმუნებლის განმარტებით ადვოკატმა ჯეროვნად არ შეასრულა მოვალეობა. დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია შეფასდეს, მინდობილობის შეწყვეტის მიზანი ხომ არ იყო ჰონორარის გადახდისგან თავის არიდება.
პირველ ყოვლისა უნდა განიმარტოს ადვოკატის მიერ მოთხოვნილი ჰონორარის გადახდის შესახებ სახელშეკრულებო პირობის არსი. მხარეები განსხვავებულად განმარტავენ იმ საკითხს, თუ რას ნიშნავს საქმის დადებითი შედეგით დასრულება და როდის უნდა გადაეხადა კლიენტს შეთანხმებული ჰონორარი. მოპასუხის განმარტებით, ადვოკატმა უნდა მიეღო ჰონორარი ამოღებული თანხიდან, ხოლო მოვალეს მისთვის თანხა არ გადაუხდია. მოსარჩელის განმარტებით, მას ჰონორარი უნდა მიიღოს საქმის გადაწყვეტის შედეგის მიხედვით. ამდენად, წამოჭრილია ხელშეკრულების პირობის განმარტების აუცილებლობა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის მიხედვით, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან.
განმარტების მიზანია გარიგების მონაწილეთა ნების დადგენა, იმის დადგენა თუ მხარეები რაზე შეთანხმდნენ და განმარტების მიზანი არ არის ნების გამოვლენისათვის ახალი მნიშვნელობის მინიჭება. გონივრული განსჯის შედეგად ნების დადგენის წესის მიხედვით უნდა გაირკვეს მხარეთა მიერ შეთანხმებული ნება, ის თუ რაზე მიაღწიეს თანხმობას მხარეებმა. აღიარებულია, რომ ნების გამოვლენის განმარტება უნდა განხორციელდეს ნების მიმღების შემეცნების (გაგების) შესაძლებლობათა გათვალისწინებით, მხოლოდ ნების მიმღების სუბიექტური მახასიათებლები განმსაზღვრელი არ არის. ნების გამოვლენის განმარტების დროს გათვალისწინებული უნდა იყოს, შეეძლო თუ არა ნების მიმღებს გამოვლენილი ნება ისევე გაეგო, როგორც ეს ნების გამომვლენმა იგულისხმა.
გონივრული განსჯის საფუძველზე განმარტების პრინციპიდან გამომდინარე, ნების შინაარსის დასადგენად გადამწყვეტია არა მარტო ხელშეკრულების მხარის, ნების მიმღების მიერ აღქმული ნება, არამედ ის თუ როგორ გაიგებდა გამოვლენილი ნების შინაარსს ნების ადრესატის ადგილას მყოფი სხვა გონივრულად მოაზროვნე ადამიანი. ხელშეკრულებაში გამოვლენილი ნების განმარტებისას განმსაზღვრელია მნიშვნელობა, რომელიც შეიძლებოდა მიენიჭებინა წარმოსახვით გონიერ ადამიანს, ჩაყენებულს აღნიშნული ნების ადრესატის მდგომარეობაში (იხ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის კომენტარი).
ამდენად, ნების განმარტებისას უპირატესობა ენიჭება ხელშეკრულების საერთო შინაარსის შესაბამისად ბუნდოვანი დებულების განმარტებას და არა ამ დებულების განცალკევებულად განმარტებას, მისთვის ინდივიდუალური მნიშვნელობის მინიჭებას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ადვოკატის უფლებამოსილებები მხოლოდ საადვოკატო მომსახურების ხელშეკრულებით არ განსაზღვრულა და ს------- მ------მა რწმუნებულებითაც მიანიჭა მას წარმომადგენლობითი უფლებამოსილება. შესაბამისად, სადაო პირობის განმარტებისათვის ხელშეკრულება და რწმუნებულება ერთობლივად უნდა იქნას განხილული. რწმუნებულებით ადვოკატს ჰქონდა ფართო უფლებამოსილება, მოიცავდა არა მარტო სასამართლოში წარმომადგენლობის უფლებას, არამედ აღსრულების პროცესში წარმომადგენლობის უფლებასაც. რწმუნებულება და საადვოკატო მომსახურების ხელშეკრულება არ შეეხება მხოლოდ 2011 წლის 5 მაისის ვალის აღიარების ხელშეკრულების (დავის საგანია 70 000 აშშ დოლარი) საფუძველზე საქმის წარმოებას და ადვოკატი მონაწილეობდა 2012 წლის 25 სექტემბრის ვალის აღიარების ხელშეკრულების საფუძველზე გადახდის ბრძანებით დაკისრებული 15 000 აშშ დოლარის გადახდევინების სააღსრულებო წარმოებაში. გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის აღსრულების პროცესში მოსარჩელე ვერ მიიღებს მონაწილეობას, რადგან 2018 წლის 23 ივლისიდან რწმუნებულება შეწყვეტილია.
იურიდიული მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებულია, რომ ადვოკატის მომსახურება იწყება ხელშეკრულების დადების დღიდან და მთავრდება სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისთანავე, ამავე დროს მითითებულია, რომ ჰონორარი გადახდილი უნდა იქნას საქმის დადებითი შედეგით დასრულებისთანავე ამოღებული ქონებიდან ან თანხიდან.
სასამართლოს მიაჩნია, რომ საადვოკატო ჰონორარის განსაზღვრის მიზნებისათვის საქმის დადებითი შედეგით დასრულება არ ნიშნავს გადაწყვეტილების აღსრულების დროს კლიენტის მიერ მიღწეულ წარმატებას. სასამართლო ამ საკითხზე მოიხმობს მსგავს საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 12 ოქტომბრის განმარტებას საქმეზე №ას-1161-1116-2016.
“16.1.საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საადვოკატო მომსახურების ჰონორარის (გასამრჯელოს) ოდენობის შესახებ რაიმე მოწესრიგებას “ადვოკატთა შესახებ” საქართველოს კანონი ან ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსი (დამტკიცებულია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრების მიერ 2006 წლის 15 აპრილს) არ შეიცავს. ამაზე ყურადღების გამახვილება სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია იმის გათვალისწინებით, რომ მაგალითად, ევროგაერთიანების ადვოკატთა (CCBE) ქცევის მოდელური კოდექსი, რომელიც სახელმძღვანელოა ევროგაერთიანებისა და ევროპის ეკონომიკური სივრცის ადვოკატთათვის, აწესრიგებს ჰონორარის საკითხს, კერძოდ, 3,.4. პუნქტით დადგენილია, რომ 3.4.1. ადვოკატის მიერ მოთხოვნილი ჰონორარი სრულად უნდა გაუმჟღავნდეს კლიენტს და უნდა იყოს სამართლიანი და ზომიერი. 3.4.2. ადვოკატსა და კლიენტს შორის სხვაგვარი შეთანხმების არსებობის გარდა, ადვოკატის მიერ მოთხოვნილი ჰონორარი ექვემდებარება რეგულირებას იმ ადვოკატურისა თუ იურიდიული საზოგადოების წესების შესაბამისად, რომელსაც ადვოკატი მიეკუთვნება.
საკასაციო სასამართლო ასევე მოიხმობს ევროგაერთინების ადვოკატთა ქცევის კოდექსის 3.3. მუხლს, რომელიც რომელიც უკრძალავს ადვოკატს აწარმოოს ე.წ. Pactum Quota de Litis (3.3.1 ქვეპუნქტი), რაც ნიშნავს 3.3.2 შეთანხმებას ადვოკატსა და კლიენტს შორის, რომელის დადებულია იმ საქმის გადაწყვეტამდე, რომელშიც კლიენტი ერთერთ მხარეს წარმოადგენს და რომლის საფუძველზე კლიენტი იღებს ვალდებულებას ადვოკატს გადასცეს წილი საქმის შედეგიდან, მიუხედავად იმის, თუ წილი თანას ან სხვა სარგებელს წარმოადგენს, რომელსაც კლიენტის საქმის გადაწყვეტისას მიიღებს.
3.3.3. Pactum Quota de Litis არ მოიცავს შეთანხმებას, რომლის თანახმად, ჰონორარი გამოიანგარიშება ადვოკატის მიერ აღებული საქმის ღირებულების საფუძველზე, ოფიციალურად დამტკიცებული ჰონორარების სისტემის ან ადვოკატზე იურისდიქციის მქონე კომოეტენტური ორგნოს კონტროლის ქვეშ (.).
საქართველოს საკანონმდებლო აქტებით არ არის მოწესრიგებული ადვოკატის ჰონორარის ოდენობის საკითხი, რის გამოც მისი ოდენობა უნდა დადგინდეს მხარეების მიერ დადებული ხელშეკრულების პირობების განმარტების გზით. ამ შემთხვევაში მხარეები შეთანხმდნენ საქმის წარმატებით დასრულების გამო ჰონორარის სადაო თანხის ან ქონების 50%-ის ოდენობით გადახდის შესახებ. მხარეებს შორის ჰონორარის ეს ოდენობა სადაო არ არის, ამ პროცენტული მაჩვენებლის თაობაზე მოპასუხე პრეტენზიას არ აცხადებს.
მოპასუხის განმარტებით, ჰონორარის გადახდა რეალურად აღსრულებაზეა დამოკიდებულია. სასამართლოს მიაჩნია, რომ სადაო პირობის ამგვარი განმარტება გონივრული და სამართლიანი განმარტების პრინციპს ეწინააღმდეგება.
სასამართლო განმარტავს, რომ საადვოკატო მომსახურების ხელშეკრულების თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ ადვოკატის მომსახურება როგორც წესი სასყიდლიანია და მან უნდა მიიღოს ჰონორარი დავის დასრულების შედეგის მიუხედავად, იმ შემთხვევაშიც, თუ სარჩელის განხილვა კლიენტისთვის წარუმატებლად დასრულდება, რადგან ჰონორარი არის ადვოკატის მიერ გაწეული შრომის გასამრჯელო. ადვოკატთა ეთიკის კოდექსის 8,3 მუხლის მიხედვით, ადვოკატს უფლება არა აქვს კლიენტს მისცეს გარანტიები მისგან აღებული საქმის შედეგებთან დაკავშირებით. შესაბამისად, ადვოკატის ყოლა საქმის წარმატებით დასრულების გარანტია არ არის, ადვოკატს უფლება არა აქვს კლიენტს მისცეს საქმის წარმატებით დასრულების გარანტია. ადვოკატმა გაწეული შრომის გასამრჯელო უნდა მიიღოს დავის დასრულების შედეგის მიუხედავად, რადგან დავის წარმატება მხოლოდ ადვოკატის მონაწილეობის პროფესიონალიზმზე დამოკიდებული არ არის და დავის შედეგი საქმის ფაქტობრივი გარემოებების და არსებული მტკიცებულებების შინაარსის მიხედვით წყდება.
თუმცა მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ, რომ ადვოკატი გასამრჯელოს გარდა მიიღებს დამატებით ჰონორარს დავის წარმატებით დასრულების გამო. ამ უკანასკნელ შემთხვევაში ადვოკატის მიერ ჰონორარის მიღება არ შეიძლება იყოს დამოკიდებული რეალურად აღსრულების პირობის დადგომაზე. სასამართლო აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილების რეალურად აღსრულება კრედიტორის ნებაზეა დამოკიდებული, იძულებით აღსრულება კრედიტორის მოთხოვნით იწყება. ობიექტური გარემოებების გამო გადაწყვეტილება შესაძლოა საერთოდ ვერ აღსრულდეს იმ მიზეზით, რომ მოვალეს არ აღმოაჩნდეს ქონება და მისი რეალიზაცია ვერ მოხდეს. ამასთან, გადაწყვეტილება შეიძლება შესრულდეს გადაწყვეტილების აღსრულების დაწყებიდან დიდი დროის გასვლის შემდეგ, რამდენიმე წლის შემდეგ, რადგან გადაწყვეტილების აღსრულების საერთო ვადა როგორც წესი 10 წელია. მოპასუხის პოზიციის გაზიარების შემთხვევაში ადვოკატს ჰონორარის გადახდის მოლოდინი და მოთხოვნის უფლება ექნება გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 10 წლის განმავლობაში. ამდენად, მოპასუხის განმარტების მიხედვით, ადვოკატმა შესაძლოა ჰონორარი მიიღოს საქმის დასრულებიდან მე-10 წელსაც კი, რაც მხარეთა ორმხრივი ინტერესებიდან გამომდინარე არაგონივრულია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 90-ე მუხლის მიხედვით, პირობითად ითვლება გარიგება, როდესაც იგი დამოკიდებულია სამომავლო და უცნობ მოვლენაზე იმით, რომ ან გარიგების შესრულების გადადება ხდება მის დადგომამდე, ანდა გარიგების შეწყვეტა - ამ მოვლენის დადგომისთანავე. 92-ე მუხლის მიხედვით, ნებაზე დამოკიდებულად ითვლება ისეთი პირობა, რომლის დადგომაც ან დაუდგომლობა დამოკიდებულია მხოლოდ გარიგების მხარეებზე. ასეთი პირობით დადებული გარიგება ბათილია.
ამდენად, გადაწყვეტილების რეალურად შესრულების პირობის დადგომა კრედიტორის ნებაზე დამოკიდებული პირობაა, რაც სამოქალაქო კოდექსის 92-ე მუხლის საფუძველზე ბათილი პირობაა და ასეთ გარემოებაზე ადვოკატისათვის ჰონორარის გადახდა ვერ იქნება დამოკიდებული .
საკასაციო სასამართლომ ზემოთმითითებულ საქმეში მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა იმ საკითხზე, შესაძლებელია თუ არა ადვოკატისათვის ჰონორარის გადახდის ვალდებულება წარმოიშვას გადაწყვეტილების რეალურად შესრულების შედეგად და რეალურად შესრულების შემდეგ.
საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ „განსახილველ შემთხვევაში ხელშეკრულების ორივე მხარის სამართლიანი ინტერესის შეფასებაა მნიშვნელოვანი, თუმცა, საკასაციო სასამართლოს არ აქვს იმგვარი ვარაუდის საფუძველი, რომ ადვოკატის სურვილი იქნებოდა თავის თავზე ეტვირთა მისაღები ჰონორარის (გასამრჯელოს) გადახდის სურვილთან ან გადახდისუნარუანობასთან დაკავშირებული ის რისკები, რომელსაც როგორც წესი, მისი კლიენტის მოვალე (საპროცესო მოწინააღმდეგე) ატარებს. სადავო 2.2.4. პუნქტის კასატორისეული ვერსიის გაზიარების შემთხვევაში, თუკი ეს უკანასკნელი წააგებდა დავას, არ ეკისრება ადვოკატისათვის გასამრჯელოს გადახდის ვალდებულება, ხოლო თუ მოიგებდა საქმეს, მაგრამ მისი პროცესუალური მოწინააღმდეგე (დავაში დამარცხებული მხარე) არ გადაიხდიდა სასამრთლო დავის შედეგად მოსარჩელის (კლიენტის) სასარგებლოდ თანხას, მაშინ ამ ვითარებაშიც არ ექნებოდა ამ უკანასკნელს ადვოკატისათვის მომსახურების სანაცვლო ანაზღაურების გადახდის ვალდებულება. .... 17.3. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, ხელშეკრულების მხარეებს არ გაუცნობიერებიათ ბოლომდე ჰონორარის გადახდის წესი, რადგან სრულიად აშკარაა, რომ შეუძლებელია ადვოკატის ინტერესში შედიოდეს ჰონორარის გადახდის დაკავშირება კლიენტის პროცესუალური მოწინააღმდეგისათვის თანხის ამოღებისაგან“.
ამდენად, ადვოკატის მიერ ე.წ. წარმატების ჰონორარის მიღება არ არის დამოკიდებული გადაწყვეტილების რეალურად აღსრულების გარემოების დადგომაზე. შესაბამისად, ის ფაქტი, რომ მოვალეს თანხა არ გადაუხდია, ს------- მ------ს ადვოკატის წინაშე ჰონორარის გადახდის ვალდებულებისაგან არ ათავისუფლებს.
სასამართლო განმარტავს, რომ სადაო შემთხვევაში ჰონორარის გადახდის ვალდებულება კლიენტს არ ექნებოდა, თუკი გადაწყვეტილების წარმატებით შესრულება დაბრკოლდებოდა ადვოკატის მიერ მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების გამო. ასეთ გარემოება საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება. თ----–- ქ---------–--ე მართალია კლიენტს წარმოადგენდა აღსრულების ბიუროში, მაგრამ აღსრულება შეეხებოდა აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გამარტივებული წესით გამოცემულ გადახდის ბრძანებას და არა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას.
ამდენად, საადვოკატო ჰონორარი უნდა განისაზღვროს იმის მიხედვით, თუ რა შედეგით დასრულდა საქმე და არა იმის მიხედვით რა ზომით და როდის აღსრულდა გადაწყვეტილება.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილებით ს------- მ------ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. სარჩელი დაკმაყოფილდა ვიდადი ხიალოვისათვის 70 000 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში, ხოლო არ დაკმაყოფილდა სარჩელის მოთხოვნები ვიდადი ხიალოვის მიერ დადებული გარიგებების ბათილად ცნობის და უძრავ ქონებაზე მისი თანასაკუთრების უფლების აღიარების შესახებ.
სარჩელი შინაარსიდან გამომდინარე ადვოკატის მომსახურების შინაარსში არ შედიოდა მხოლოდ თანხის დაკისრების შესახებ სამოქალაქო საქმის წარმოება. ამაზე მიუთითებს სარჩელის შინაარსი, რომლითაც დავის დაწყების მიზანი იყო სადაო თანხის აღსრულებისათვის ხელსაყრელი გარემოებების შექმნა, რამდენიმე უძრავ ქონებაზე მოვალის საკუთრების უფლების აღიარება. ს------- მ------ის მხრიდან დავის დაწყების მიზანი თანაბრად იყო თანხის დაკისრება და მოვალის საკუთრების უფლების აღიარება ქონებაზე, რაც თანხის რეალურად გადახდევინების ინტერესებს ემსახურებოდა. ვინაიდან მხოლოდ თანხის დაკისრების მოთხოვნა დაკმაყოფილდა და მისი აღსრულების წარმატებისათვის აღძრული მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა, ჰონორარი უნდა განახევრდეს. ხელშეკრულების საფუძველზე სარჩელის სრულად დაკმაყოფილების შემთხვევაში მარწმუნებელს ადვოკატისათვის უნდა გადაეხადა 35 000 აშშ დოლარი, რომლის 50% არის 17 500 აშშ დოლარი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ადვოკატისათვის გადასახდელი ჰონორარის ოდენობის განსაზღვრისათვის მნიშვნელოვანია არა მარტო დავის დასრულების შედეგი, არამედ ისიც, რა მიზეზით შეწყვიტა კლიენტმა რწმუნებულება. მოსარჩელის განმარტებით, მან სრულად და ჯეროვნად შეასრულა ვალდებულება და ამის გამო შეწყდა მინდობილობა, ხოლო მოპასუხის განმარტებით, მან ადვოკატს მოვალეობის არაჯეროვანი შესრულების გამო შეუწყვიტა რწმუნებულება.
რწმუნებულების შეწყვეტის საკითხი მოწესრიგებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 720-ე მუხლის მიხედვით, რომლის მიხედვით, 1. დავალების ხელშეკრულების შეწყვეტა მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს. შეთანხმება ამ უფლებაზე უარის შესახებ ბათილია; 2. თუ ხელშეკრულება რწმუნებულმა მაშინ შეწყვიტა, როდესაც მარწმუნებელი მოკლებული იყო შესაძლებლობას, სხვაგვარად უზრუნველეყო თავისი ინტერესები, რწმუნებულმა უნდა აანაზღაუროს ხელშეკრულების შეწყვეტით მიყენებული ზიანი, გარდა იმ შემთხვევებისა,როცა რწმუნებულს ამისათვის მნიშვნელოვანი საფუძველი ჰქონდა; 3. თუ ხელშეკრულება წყდება მარწმუნებლის მიერ, მაშინ ის მოვალეა აუნაზღაუროს რწმუნებულს მინდობილი მოქმედების შესრულებისას გაწეული ყველა აუცილებელი ხარჯი, ხოლო, თუ ხელშეკრულება სასყიდლიანი იყო, - გადაუხადოს გასამრჯელო შესრულებული სამუშაოს კვალობაზე.
ამდენად, 720-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, მარწმუნებლის მიერ დავალების ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში მან რწმუნებულს უნდა გადაუხადოს გასამრჯელო ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოსათვის.
მოსარჩელე ადვოკატის ჰონორარის დაკისრებას მოითხოვს 2011 წლის 5 მაისის ვალის აღიარების ხელწერილით გათვალისწინებული თანხიდან, თუმცა რადგან მარწმუნებლის - ადვოკატის ყოფილი კლიენტის დავალება მხოლოდ ამ თანხის გადახდევინებისათვის იურიდიულ დახმარებას არ ითვალისწინებდა, საქმისათვის მნიშვნელოვანია მინდობილობის გაუქმებამდე ადვოკატმა რა მოქმედებები განახორციელა, რადგან გასამრჯელო უნდა მიიღოს ფაქტობრივად შესრულებული მოვალეობების გამო.
ს------- მ------მა მინდობილობა გააუქმა 2018 წლის 23 ივლისს, ხოლო მანამდე ადვოკატმა შეასრულა შემდეგი მოქმედებები:
· 2016 წლის 7 მაისს რუსთავის საქალაქო სასამართლოში, როგორც ს------- მ------ის წარმომადგენელმა აღძრა სარჩელი ვიდადი ხიალოვის, ეგენე აბულაევას, მუშიკ პაშაევას და დუნიახანუმ გუმბათოვას მიმართ და ვიდადი ხიალოვისათვის 70 000 აშშ დოლარის დაკისრების, მოპასუხეების მონაწილეობით დადებული გარიგებებს ბათილად ცნობის და ქონების მესაკუთრედ აღიარების შესახებ. საქმეზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი – სარჩელზე 3000 ლარი, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფაზე 50 ლარი. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ვიდადი ხიალოვს დაეკისრა თანხის გადახდა, ხოლო დანარჩენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა და შესულია ძალაში.
· ს------- მ------ი ვიდადი ხიალოვის მიმართ აწარმოებდა გამარტივებულ წარმოების საქმეს 15 000 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ, რაზეც გადახდის ბრძანება მიღებულია 2017 წლის 25 მასს, ხოლო სააპლიკაციო განაცხადი შეტანილია 2013 წლის 23 ივლისს, ვიდრე მხარეებს შორის დავალების ხელშეკრულებს გაფორმდებოდა. ბრძანების აღსრულების განხორციელების დროს ადვოკატმა მიიღო აუქციონზე შემოსული თანხა 2017 წლის დეკემბერში. მხარეებს შორის სადაო არ არის, რომ ამის შესახებ მოსარჩელემ არ აცნობა მარწმუნებელს და არ გადასცა თანხა.
· თ----–- ქ---------–--ის მონაწილეობით 2018 წლის 25 ივნისს მომზადდა ხელშეკრულება ს------- მ------სა და ვიდადი ხიალოვს შორის უძრავი ქონების კრედიტორის საკუთრებაში გადაცემის შესახებ, რაც გადახდის ბრძანების აღსრულებისათვის მიმართული ქმედება იყო. ხელშეკრულება ვერ დაიდო, რადგან ქონებას ჰყავს თანამესაკუთრეები, რომლებმაც თავიანთი წილის განკარგვაზე თანხმობა არ განაცხადეს. 2018 წლის 10 ივლისს ს------- მ------მა აღსრულების ბიუროში წარდგენილი განცხადებით მოითხოვა აღსრულების შეწყვეტა. მინდობილობა გაუქმდა ამის შემდეგ – 2018 წლის 23 ივლისს.
· 2018 წლის 1 მაისს სასამართლოში აღძრა სარჩელი ვადადი ხიალოვის მიმართ და მოითხოვა კომლის ქონებზე მისი საკუთრების უფლების აღიარება. სარჩელის განხილვა დასრულებული არ არის.
სასამართლოს მიაჩნია, რომ აუქციონის შედეგად მიღებული თანხის მარწმუნებლისათვის გადაუცემლობით მოსარჩელემ ჯეროვნად არ შეასრულა ვალდებულება, ხოლო ეს ქმედება ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობისათვის მნიშვნელოვანი დარღვევაა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 713-ე მუხლის მიხედვით, 1. რწმუნებული მოვალეა მისცეს მარწმუნებელს აუცილებელი ინფორმაცია, ხოლო მისი მოთხოვნით - მიაწოდოს ცნობები დავალების შესრულების მიმდინარეობის შესახებ, შესრულების შემდეგ კი ჩააბაროს მას ანგარიში. 2. შეთანხმება, რომლითაც მომავალში შეიზღუდება ან გამოირიცხება რწმუნებულის მოვალეობები ამ მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით,საჭიროებს წერილობით ფორმას.
სამოქალაქო კოდექსის 715-ე მუხლის მიხედვით, 1. რწმუნებული მოვალეა დაუბრუნოს მარწმუნებელს ყველაფერი, რაც მან მიიღო მინდობილი მოქმედების შესასრულებლად და არ გამოიყენა ამისათვის,აგრეთვე ისიც, რაც მან შეიძინა მინდობილი მოქმედების შესრულებასთან დაკავშირებით. 2. თუ რწმუნებული თავისთვის იყენებს ფულს, რომელიც მას უნდა დაებრუნებინა მარწმუნებლისათვის ან გამოეყენებინა მის სასარგებლოდ, რწმუნებული ვალდებულია დააბრუნოს ფული პროცენტთან ერთად.
„ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ადვოკატი ვალდებულია დროულად მიაწოდოს კლიენტს ყველა ინფორმაცია და განუმარტოს ყველა შესაძლო ფინანსური ვალდებულება, რომელიც დაკავშირებულია მისი საქმის წარმოებასთან.
აღსრულების პროცესში წარმომადგენლობის განხორციელების დროს აუცილებელი ინფორმაციაა მოვალის რა ქონების მოძიება მოხდა, როდის და რა ფასად ხდება ქონების რეალიზაცია. ადვოკატთა შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე ადვოკატის ვალდებულებაა კლიენტის დროულად ინფორმირება საქმის წარმოების მიმდინარეობის შესახებ. ხოლო სამოქალაქო კოდექსის 715-ე მუხლის მიხედვით, რწმუნებულმა მარწმუნებელს უნდა გადასცეს ის ქონება, რაც შეიძინა დავალების შესრულების შედეგად. ქონების შეძენაში სიტყვა-სიტყვით ადვოკატის მონაწილეობით დადებული გარიგებით გათვალისწინებული შესრულების მიღება არ იგულისხმება და აღსრულების შედეგად მოვალისგან გადახდევინებული თანხაც რწმუნებულების შესრულების შედეგად მიღებული ქონებაა, რომელიც რწმუნებულმა უნდა გადასცეს მარწმუნებელს. მარწმუნებლის ინფორმირების და მისთვის ქონების გადაცემის ვალდებულება მოსარჩელემ ჯეროვნად არ შეასრულა. სასამართლო აღნიშნავს, რომ კლიენტსა და ადვოკატს შორის ურთიერთობა ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობაა, რადგან პირი ადვოკატთან სამართლებრივ ურთიერთობას ამყარებს მისი პროფესიული ცოდნის გამო, კლიენტი მისი საქმის წარმოებისათვის საჭიროებს იურიდიულ მომსახურებას, ისეთ საკითხებში დახმარებას, რაშიც მას ცოდნა არ გააჩნია.
"ადვოკატთა ეთიკის კოდექსის" მე-3 მუხლის მიხედვით დადგენილია საადვოკატო საქმიანობის ერთერთი პროფესიული პრინციპი - ნდობის პრინციპი. ამ ნორმის მიხედვით, კლიენტისა და ადვოკატის ურთიერთობა ეფუძნება ნდობას. ადვოკატისადმი კლიენტის ნდობა ეფუძნება ადვოკატის პირად ღირსებას, პატიოსნებას, შეუვალობას, კომპეტენტურობას და დამოუკიდებლობას. ადვოკატმა არ უნდა იმოქმედოს ისე, რომ ეჭვქვეშ დააყენოს მისდამი კლიენტის ნდობა. აღნიშნული თვისებები ადვოკატის პროფესიული ვალდებულებაა.
"ადვოკატთა ეთიკის კოდექსის" მე-8.5 მუხლის თანახმად, ადვოკატმა კვალიფიციურად და კეთილსინდისიერად უნდა მისცეს რჩევა კლიენტს და განახორციელოს წარმომადგენლობა. 8.6 პუნქტის მიხედვით, ადვოკატმა კლიენტს მასთან შეთანხმებული წესით უნდა მიაწოდოს ინფორმაცია მასზე მინდობილი საქმის მსვლელობისა და საქმის წარმოების მოსალოდნელი ხარჯების შესახებ. ეთიკის კოდექსის 7.5 პუნქტის მიხედვით, კლიენტის ინტერესების დაცვის შეწყვეტისას ადვოკატმა კლიენტს უნდა დაუბრუნოს ყველა დოკუმენტი, ფულადი სახსრები ან სხვა ქონება, რომელიც კლიენტმა ადვოკატს გადასცა ან მიანდო წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებისას ან რომელიც ადვოკატმა სასამართლოსგან, სხვა ორგანოსაგან ან პირისგან მიიღო საქმის წარმოების პროცესში. კლიენტისთვის გადასაცემი თანხიდან ადვოკატს უფლება აქვს გამოქვითოს ურთიერთობის შეწყვეტამდე განხორციელებული მომსახურებისათვის მისაღები გასამრჯელო და გაწეული ხარჯი.
ამდენად, დავალების ხელშეკრულებაში რწმუნებულის მნიშვნელოვანი ვალდებულებაა მარწმუნებლის ინფორმირება დავალების შესრულების მიმდინარეობის შესახებ, ასევე რწმუნებულების შესრულების შედეგად მიღებული ქონების მარწმუნებლისათვის გადაცემა. ამ ვალდებულების არაჯეროვნად შესრულება კლიენტს წარმოუშობდა იმის საფუძველს, რომ შეეწყვიტა რწმუნებულება.
ამდენად, მოსარჩელემ საადვოკატო მომსახურების ხელშეკრულებით და რწმუნებულებით გათვალისწინებული ვალდებულებები ნაწილობრივ შეასრულა. მან სასამართლოში წარადგინა სარჩელი, მონაწილეობა მიიღო საქმის განხილვაში. სასამართლოში ამჟამად განიხილება მისი მონაწილეობით აღძრული მეორე სარჩელი უძრავ ქონებაზე მოვალის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ. ამ ნაწილში მან ჯეროვნად შეასრულა ვალდებულება, თუმცა სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების გამო შეთანხმებული ჰონორარის 50% 17 500 აშშ დოლარი უნდა მიიღოს. მოსარჩელემ გადახდის ბრძანების აღსრულების პროცესში არ შეასრულა ჯეროვნად ვალდებულება, რის გამოც მარწმუნებელს წარმოეშვა მინდობილობის შეწყვეტის საფუძველი. ამ გარემოებების გამო სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შედეგად მისაღები ჰონორარი 17 500 აშშ დოლარი უნდა განახევრდეს და განისაზღვროს 8750 აშშ დოლარით.
რწმუნებულების გაფორმების შემდეგ ს------- მ------მა ადვოკატს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჰონორარის 500 აშშ დოლარის გარდა გადაუხადა 5000 აშშ დოლარი. მოპასუხის განმარტებით, თანხის ნაწილი გადასცა სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად. რწმუნებულების თანახმად, მარწმუნებელი ვალდებულია გადაიხადოს დავალების შესასრულებლად ყველა საჭირო ხარჯი. მოპასუხის ამ განმარტების საწინააღმდეგო კონკრეტული გარემოება მოსარჩელეს არ დაუსაბუთებია. მან ვერ დაასაბუთა, რომ სახელმწიფო ბაჟი 3050 ლარი გადასახდილია მისი ხარჯით და მარწმუნებელმა არ შეასრულა მინდობილობით გათვალისწინებული ვალდებულება. სახელმწიფო ბაჟი სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილია თ----–- ქ---------–--ის მიერ 2016 წლის 7 ივნისს, რა დროსაც ეს თანხა შეადგენდა 1426 აშშ დოლარს (ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი 1 აშშ დოლარის კურსი იყო 2.1376 ლარი). ამდენად, 5 000 აშშ დოლარიდან საადვოკატო ჰონორარის სახით მოსარჩელეს მიღებული აქვს 3 574 აშშ დოლარი.
შესაბამისად, ს------- მ------ის მიერ გადასახდელი ჰონორარიდან - 8750 აშშ დოლარიდან მოსარჩელეს მიღებული აქვს 3574 აშშ დოლარი, რის გამოც მოპასუხეს გადასახდელი აქვს 5176 აშშ დოლარი.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 350 ლარი, ხოლო 2019 წლის 14 მარტის განჩინებით მოსარჩელეს გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟის 2470,72 ლარის გადახდა.
სსსკ 53-ე მუხლის მიხედვით, მხარეებს შორის სახელმწიფო ბაჟის გადახდის საკითხის დაკისრების დროს განმსაზღვრელია, თუ რა ზომით დაკმაყოფილდა სარჩელი. სარჩელის ფასია 79 275 ლარი (35 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში). სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს დაეკისრა 5 176 აშშ დოლარის გადახდა, რაც არის სასარჩელო მოთხოვნის 15%.
სარჩელზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟია 2820,72 ლარი, რომლის 15% არის 450 ლარი. მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია ამაზე ნაკლები თანხა 350 ლარი, რის გამოც მოპასუხეს უნდა დაეკისროს სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ჯამში 350 ლარის გადახდა. შესაბამისად, დაკმაყოფილებული თანხის პროპორციულობის პრინციპის საფუძველზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟიდან 100 ლარის გადახდა გადავადებული აქვს მოსარჩელეს, რომლის გადახდა მოსარჩელეს აღარ ევალება სარჩელი ამ ნაწილის დაკმაყოფილების გამო. ამ საქმეზე გადავადებულია სახელმწიფო ბაჟის 2 470,72 ლარის გადახდა, საიდანაც მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა დაეკისროს 2370,72 ლარის გადახდა (გადავადებულ თანხას უნდა გამოაკლდეს 100 ლარი). სახელმწიფო ბაჟი უნდა გადაიხადოს შემდეგ ანგარიშზე - ხაზინის ერთიანი ანგარიში, ბანკის კოდი - TRESGE22, ანგარიშის სახაზინო კოდი №30063150;
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. ამ ნორმის საფუძველზე, უცვლელი უნდა დარჩეს ამ საქმეზე 2019 წლის 14 მარტის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რადგან სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367ე, 369-ე მუხლებით
გადაწყვიტა:
1. თ----–- ქ---------–--ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. ს------- მ------ს დაეკისროს თ----–- ქ---------–--ისათვის 5 176 აშშ დოლარის გადახდა.
3. ს------- მ------ს დაეკისროს თ----–- ქ---------–--ისათვის სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 350 ლარის გადახდა.
4. თ----–- ქ---------–--ეს დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის 2370,72 ლარის გადახდა.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი