გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010210017002193585
# 2-4708/2017
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი
19. 06. 2019 წ. ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - სალიხ შაინიძე
სხდომის მდივანი - ნათია გოგმაჩაძე
მოსარჩელე: ი-----–----ა
წარმომადგენელი: ჯ-----------------–-–---–ი
მოპასუხე: შპს ,,ი--–-------------’’
წარმომადგენელი: და----–--------ე, და------------, ირ---–----------ე
დავის საგანი: სახელფასო დავალიანების თანხის დაკისრება, ვადაგადაცილებულ დღეებზე 0,07%-ის დარიცხვა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეს შპს ,,ი--–------------ს’’ დაეკისროს ი-----–----ას სასარგებლოდ 2075 ლარი სახელფასო დავალიანების გადახდა, მათ შორის: 2015 წლის მარტის თვის ხელფასის დარჩენილი ნაწილი 575 ლარი, აპრილის თვის ხელფასი 1000 ლარი და მაისის თვის ხელფასი 500 ლარი
1.2. შპს ,,ი--–------------ს’’ დაეკისროს 2015 წლის მარტის თვის ხელფასის დარჩენილი ნაწილის 575 ლარის გადაუხდელობის გამო 575 ლარი 0.07 % რაც შეადგენს 40 თეთრს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე თანხის სრულიად გადახდამდე.
1.3. შპს ,,ი--–------------ს ‘’ დაეკისროს 2015 წლის აპრილის თვის ხელფასის 1000 ლარის გადაუხდელობის გამო 0.07% რაც შეადგენს 70 თეთრს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე თანხის სრულიად გადახდამდე.
1.4. შპს ,,ი--–------------ს’’ დაეკისროს 2015 წლის მაისის თვის ხელფასის 500 ლარის გადაუხდელობის გამო 0.07% რაც შეადგენს 35 თეთრს დღეში თანხის სრულიად გადახდამდე.
სარჩელის საფუძვლები:
- შპს ,,ი--–------------ს’’ და ი-----–----ას შორის 2014 წლის 14 სექტემბერს გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება, რომლის მიხედვით იგი დასაქმდა საწარმოში მთავარ ბუღალტრად და ხელფასის ოდენობა განისაზღვრა 1500 ლარით.
- 2015 წლის 01 თებერვალს მხარეთა შეთანხმებით 2014 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულებაში იქნა ცვლილება შეტანილი, კერძოდ შრომითი ხელშეკრულების 5.1. პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით ,,შრომის ანაზღაურება გაიცემა ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით და თვეში შეადგენს 1000 ლარს საშემოსავლო გადასახადის გარეშე’’.
- მხარეებს შორის შრომითი ხელშეკრულება შეწყდა 2015 წლის 02 მაისს, თუმცა ი-----–----ა 2015 წლის 15 მაისამდე აგრძელებდა ფაქტობრივად მუშაობას, რადგან მიმდინარეობდა გადაბარების პროცესი, რამაც გარკვეული დრო მოითხოვა.
- მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ გააჩნია სახელფასო დავალიანება, რაც შეადგენს 2075 ლარს. აქედან 2015 წლის მარტის თვის ხელფასი ჩაურიცხეს ნაწილობრივ, მხოლოდ 425 ლარი, ნაცვლად 1000 ლარისა, დააკლეს 575 ლარი. საერთოდ არ გადაუხდიათ აპრილის თვის ხელფასი 1000 ლარი, და მაისის თვის პირველი ნახევრის ხელფასი 500 ლარი. აქედან გამომდინარე, მიუღებელი ხელფასების თანხებს უნდა დაერიცხოს 0,07% ყოველვადაგადაცილებულ დღეზე, რაც შეადგენს მარტის თვის მიუღებელ ხელფასზე - 575 ლარზე 40 თეთრს ყოველდღიურად, აპრილის თვის ხელფასზე - 1000 ლარზე ყოველდღიურად 70 თეთრს, ხოლო 2015 წლის მაისის ნახევარი თვის ხელფასზე - 500 ლარზე ყოველდღიურად 35 თეთრს.
- მოსარჩელის წარმომადგენელი მიუთითებს, რომ მხარეებს შორის გაფორმებული 2015 წლის 02 მაისის გადაბარების აქტით დასტურდება, რომ ამ პერიოდისათვის ი-----–----ა მუშაობდა, 2015 წლის 15 მაისს ი-----–----ამ წარადგინა დეკლარაცია. 2015 წლის 15 მაისის ჩათვლით, ი-----–----ა ყოველდღიურად სალაროს მოძრაობის შესახებ ანგარიშებს, ინფორმაციას უგზავნიდა ფინანსურ მენეჯერს, პარალელურად ასწავლიდა ბუღალტერიას ე-------------ას, მის შემცვლელს. ამ პერიოდში მისი მუშაობა შეთანხმებული იყო კომპანიის ხელმძღვანელთან, რომ მას უნდა შეესრულებინა ეს სამუშაო, თან ახალი ბუღალტერისათვის უნდა შეესწავლა საქმიანობა და ბოლოს გადაებარებინა მისთვის, რაც ი-----–----ამ შეასრულა, თუმცა ანაზღაურება არ მიუღია. იგი ამ სამუშაოებს ასრულებდა თვითონ, თუმცა ე-------------ას სახელით.
(იხ. სარჩელი, ახსნა-განმარტებები სხდომის ოქმში).
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო. წარმოდგენილი შესაგებლით არ ეთანხმება სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს და მიუთითებს, რომ:
- მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2014 წლის 14 სექტემბერს 06 თვის ვადით გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით, სახელფასო განაკვეთი თავდაპირველად განისაზღვრა 1500 ლარით, ხოლო შემდეგ შემცირდა 1000 ლარამდე, რასაც ურიცხავდა მოსარჩელე მოპასუხეს.
- შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით დადებული იყო 06 თვის ვადით, შესაბამისად ვადა გავიდა და ის შეწყდა 2015 წლის 14 მარტს და არა 2015 წლის 02 მაისს, როგორც ამას მოსარჩელე მიუთითებს, რაც შეეხება ფაქტობრივ მუშაობას, მოსარჩელე აღარ მუშაობდა 2015 წლის 14 მარტიდან, ხოლო რაც შეეხება 2015 წლის 02 მაისს განხორციელდა მხოლოდ თანხის 18317.65 ლარის გადაბარება.
- 2015 წლის 15 მარტიდან 2015 წლის 15 მაისამდე მიმდინარეობდა ბუღალტერიის გადაბარება, არ ჰქონდა წესრიგში მოსარჩელეს და ამიტომ გაგრძელდა 2015 წლის 15 მაისამდე. 2015 წლის 02 მაისს მოხდა რა გადაბარება, 2015 წლის 15 მაისამდე ი-----–----ა აგრძელებდა ე-------------ას სწავლებას.
- ხელშეკრულება შეწყდა 2015 წლის 14 მარტს გამოსაცდელი ვადის გასვლის გამო, ახალი ხელშეკრულება არ დადებულა, მოსარჩელესთან კომპანიამ შრომითი ურთიერთობები აღარ გააგრძელა, რომლის თანახმადაც მოსარჩელეს გადახადეს 425 ლარი (14 დღის ხელფასი), შეწყდა შრომითი ურთიერთობაც ვადის გასვლით, შესაბამისად არც შრომითი ურთიერთობა 2015 წლის 15 მაისამდე არ განხორციელებულა და არც სახელფასო დავალიანება არ არსებობს.
- მოსარჩელეს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ შრომითი ურთიერთობაც არ შეუსრულებია. აქედან გამომდინარე, მოპასუხეს მიაჩნია, რომ მოსარჩელის წინაშე არავითარი სახელფასო დავალიანება არ არსებობს, მითუმეტეს არავითარი პირგასამტეხლო არ შეიძლება დაერიცხოს არარსებულ სახელფასო მოთხოვნას.
(იხ. შესაგებელი, დაზუსტებული შესაგებელი, ახსნა-განმარტებები სხდომის ოქმში).
3. მოწმეთა ჩვენებები:
3.1. მოსარჩელის მოწმე არ---–---------–ის ჩვენება:
- მოწმე არ---–---------–მა აჩვენა, რომ 2014 წლიდან 2016 წლის ჩათვლით მუშაობდა შპს ,,ი--–-------------ს" ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე. ი-----–----ა ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, 2015 წლის 15 მაისამდე ფაქტიურად აგრძელებდა მუშაობას, ასწავლიდა ე-------------ას - ახალ ბუღალტერს, აბარებდა ბუღალტერიას. ამ პერიოდში ი-----–----ა აწვდიდა მას - ფინანსურ მენეჯერს ანგარიშებს სალაროს მოძრაობის შესახებ, როგორც ელექტრონულად, ასევე ხელზე გადაცემით, ახდენდა მონაცემების დამუშავებას, იყო ჩართული ამ სამუშაოში თვითონაც (იხ. სხდომის ოქმი).
4. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1. ი-----–----ასა და შპს ,,ი--–------------ს’’ შორის 2014 წლის 14 სექტემბერს 06 თვის ვადით გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი, შესაგებელი, დაზუსტებული შესაგებელი;
- შრომითი ხელშეკრულება;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
4.1.2. შრომითი ხელშეკრულების თანახმად, ი-----–----ას ყოველთვიური ხელფასი სრულ სამუშაო თვეზე განისაზღვრა 1500 ლარის ოდენობით. რაც 2015 წლის 01 თებერვლის მხარეთა შეთანხმებით 1000 ლარამდე შემცირდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი, შესაგებელი;
- შრომითი ხელშეკრულება;
- 01.02.2015წ. შეთანხმება;
4.1.3. სადავო არაა, რომ 2015 წლის 14 მარტს მხარეებს შორის გამოსაცდელი ვადით დადებულ 2014 წლის 14 სექტემბრის 06 თვის ვადით დადებულ შრომით ხელშეკრულებას გაუვიდა ვადა, მხარეებს შორის წერილობითი ფორმით ახალი ხელშეკრულება ან შეთანხმება შრომითი ურთიერთობების გაგრძელების შესახებ არ დადებულა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი, შესაგებელი, დაზუსტებული შესაგებელი;
- შრომითი ხელშეკრულება;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
4.1.4. სადავო არაა, რომ 2015 წლის 02 მაისს ახალმა ბუღალტერმა ი-----–----ასგან ჩაიბარა სალაროზე არსებული თანხა 18317,65 ლარი, რასაც ორივე მხარე ადასტურებს ხელმოწერით. 2015 წლის 02 მაისის მიღება-ჩაბარების აქტი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- 2015 წლის 02 მაისის მიღება-ჩაბარების აქტი.
4.1.5. მხარეთა შორის სადავო არაა ასევე, რომ 2015 წლის 14 მარტიდან 2015 წლის 15 მაისამდე პერიოდში ი-----–----ა ახორციელებდა ახალი ბუღალტრის ე-------------ას სწავლებას და მასზე საბუღალტრო დოკუმენტაციის გადაბარებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი, შესაგებელი, დაზუსტებული შესაგებელი;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
4.1.6. მხარეები არ დავობენ იმაზე, რომ ი-----–----ას 2015 წლის 14 მარტიდან 2015 წლის 15 მაისამდე პერიოდში რაიმე სახის ანაზღაურება შპს ,,ი--–-------------საგან" არ მიუღია;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი, შესაგებელი, დაზუსტებული შესაგებელი;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
4.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
4.2.1. მხარეებს შორის სადავოა შემდეგი:
- 2015 წლის 14 მარტიდან 2015 წლის 15 მაისამდე პერიოდში, ი-----–----ა, გარდა იმისა, რომ ახორციელებდა ახალი ბუღალტრის ე-------------ას სწავლებას და მასზე საბუღალტრო დოკუმენტაციის გადაბარებას, ასევე ფაქტიურად ახორციელებდა თუ არა ამ პერიოდისათვის მიმდინარე საბუღალტრო საქმიანობას, დეკლარაციების წარდგენას. აწვდიდა თუ არა ყოველდღიურად, სალაროს მოძრაობის შესახებ ანგარიშებს, ინფორმაციებს ფინანსურ მენეჯერს, ახდენდა მონაცემთა დამუშავებას. და თუ ეს ასე იყო, ამ პერიოდში მისი მუშაობა შეთანხმებული იყო თუ არა კომპანიის ხელმძღვანელთან, რომ მას უნდა შეესრულებინა ეს სამუშაო;
- სადავო საკითხი, გააჩნია თუ არა მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ სახელფასო დავალიანება და რა ოდენობის, წარმოადგენს სამართლებრივი შეფასების საკითხს, რომელიც გადაწყდება ზემოაღნიშნული სადავო ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, თუ რა დადგინდება.
ყოველივე ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით, მხარეები აძლევენ ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებებს.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალში მოქმედებს პრინციპი ”affirmanti, non negati, incumbit probatio” - ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს”. ამ დებულებიდან გამომდინარე, უნდა განისაზღვროს, ვინ რა უნდა ამტკიცოს.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სამოქალაქო სამართალწარმოებისას, მტკიცების ტვირთი ნაწილდება ობიექტურად და სამართლიანად. მტკიცების ტვირთის განაწილების ობიექტური და სამართლიანი სტანდარტი განაპირობებს მოსარჩელისა და მოპასუხის მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების წრის განსაზღვრას, რა დროსაც მხედველობაში მიიღება მხარის მიერ მტკიცების ობიექტური განხორციელების შესაძლებლობა. აღნიშნულ პრინციპს ეფუძნება დადებითი მოვლენის მტკიცების ვალდებულება ნეგატიური მოვლენის მტკიცების შეუძლებლობის გამო. თავის მხრივ, შრომითი სამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. მოსარჩელე, ანუ დასაქმებული, რომელიც შრომითი მოვალეობის შესრულების, სახელფასო დავალიანებასა და მის ოდენობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს მის არშესრულების, არმიღების ფაქტს. შესაბამისად, მოსარჩელის მითითება ამის თაობაზე, მტკიცების ტვირთს აბრუნებს და დამსაქმებელს აკისრებს მოსარჩელის მიერ შრომითი მოვალეობების არშესრულების, ხოლო მოპასუხის მიერ სახელფასო თანხების გაცემის მტკიცების ვალდებულებას. აღნიშნული დასკვნა ეფუძნება იმ პრინციპს, რომ დამსაქმებელს გააჩნია მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მტკიცებულებები იმის თაობაზე, რომ მოსარჩელეს შრომითი ვალდებულებები არ შეუსრულებია, ასევე კუთვნილი ხელფასები გაცემული აქვს მოსარჩელეზე, თუ ასეთს ჰქონდა ადგილი.
განსახილველ შემთხვევაში, უნდა აღინიშნოს, რომ მოპასუხე უარყოფს დავალიანების არსებობას იმაზე მითითებით, რომ მოსარჩელეს შრომითი ხელშეკრულების დადებიდან მისი შეწყვეტის შემდეგ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება არ შეუსრულებია. აღნიშნულს არ ეთანხმება მოსარჩელე, განმარტავს, რომ ის წერილობთი ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ 2 თვე ფაქტიურად აგრძელებდა-ასრულებდა თავის მოვალეობებს და გამომუშავებული ხელფასი არ აქვს მიღებული.
4.2.2. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელის მიერ შრომითი ვალდებულებების არშესრულების მტკიცება ეკისრება მოპასუხეს. თუმცა, მოპასუხემ ასეთი მტკიცებულებები არ ან ვერ წარმოადგინა. ასეთი მტკიცებულებები შეიძლება ყოფილიყო კომპანიის მიერ გაწეული მომსახურებების სარეგისტრაციო ჟურნალის და სხვა იმ მტკიცებულებების წარმოდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა მოსარჩელის მიერ კომპანიაში გაწეული საქმიანობის ასახვა და კონსულტაციების ოდენობა, შესრულებული შრომის ოდენობის-მოცულობის, მისი ანაზღაურების გადახდები, ასევე მისი არარსებობის შემთხვევაში, არც სარეგისტრაციო ჟურნალში აღმოჩნდებოდა შესაბამისი ჩანაწერები. მოსარჩელემ თავის მხრივ წარმოადგინა ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან, თუ რა პერიოდში და როდის რამდენი ანაზღაურება აქვს მიღებული, ასევე მოპასუხე კომპანიის ფინანსურ მენეჯერზე ელექტრონულად გაგზავნილი 2015 წლის 14 მარტიდან 2015 წლის 15 მაისამდე პერიოდის, მიმდინარე საბუღალტრო საქმიანობის ამსახველი, სალაროს მოძრაობის შესახებ ანგარიშები, ინფორმაციები, დამუშავებული მონაცემები, 2015 წლის 02 მაისის მიღება-ჩაბარების აქტი, 2015 წლის 15 მაისს გადაგზავნილი დეკლარაცია.
2015 წლის 14 მარტიდან 2015 წლის 15 მაისამდე პერიოდში ი-----–----ას მიერ ბუღალტრის მოვალეობის ფაქტიურ შესრულებას ადასტურებს მოწმე არ---–--იჩხელიც, რომელიც იმ დროისათვის ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე მუშაობდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერები საბანკო ანგარიშიდან;
- ელექტრონულად გადაგზავნილი 2015 წლის 14 მარტიდან 2015 წლის 15 მაისამდე პერიოდის, მიმდინარე საბუღალტრო საქმიანობის ამსახველი, სალაროს მოძრაობის შესახებ ანგარიშები, ინფორმაციები, დამუშავებული მონაცემები;
- 2015 წლის 02 მაისის მიღება-ჩაბარების აქტი;
- 2015 წლის 15 მაისს გადაგზავნილი დეკლარაცია.
- მოწმის ჩვენება;
4.2.3. დადგენილია, რომ 2015 წლის 14 მარტის შემდეგ, მხარეთა ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, 2015 წლის 14 მარტიდან 2015 წლის 15 მაისამდე პერიოდში, ი-----–----ა, გარდა იმისა, რომ ახორციელებდა ახალი ბუღალტრის ე-------------ას სწავლებას და მასზე საბუღალტრო დოკუმენტაციის გადაბარებას, ასევე ფაქტიურად ახორციელებდა ამ პერიოდისათვის მიმდინარე საბუღალტრო საქმიანობას, დეკლარაციების წარდგენას. აწვდიდა ყოველდღიური სალაროს მოძრაობის შესახებ ანგარიშებს, ინფორმაციებს ფინანსურ მენეჯერს, ახდენდა მონაცემთა დამუშავებას. ანუ იმყოფებოდა მოპასუხესთან შრომით სამართლებრივ ურთიერთობებში. ამ პერიოდის მუშაობისათვის მას ნაზღაურება არ მიუღია. სარჩელი აღძრულია 2017 წლის 30 ნოემბერს, ხოლო სარჩელით მოთხოვნილია 2015 წლის მარტის თვის დარჩენილი ნაწილი 575 ლარი, 2015 წლის აპრილის თვის მთლიანი ხელფასი 1000 ლარი და ამავე წლის მაისის თვის ხელფასი 500 ლარის ოდენობით. ჯამში 2075 ლარის და პირგასამტეხლო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი, შესაგებელი, დაზუსტებული შესაგებელი;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- ამონაწერები საბანკო ანგარიშიდან;
- ელექტრონულად გადაგზავნილი 2015 წლის 14 მარტიდან 2015 წლის 15 მაისამდე პერიოდის, მიმდინარე საბუღალტრო საქმიანობის ამსახველი, სალაროს მოძრაობის შესახებ ანგარიშები, ინფორმაციები, დამუშავებული მონაცემები;
- 2015 წლის 02 მაისის მიღება-ჩაბარების აქტი;
- 2015 წლის 15 მაისს გადაგზავნილი დეკლარაცია.
4.2.4. დადგენილია, რომ მოსარჩელე ი-----–----ასთან შრომითი ურთიერთობა ფაქტიურად შეწყდა 2015 წლის 15 მაისს, თუმცა მას 2015 წლის 15 მარტიდან 15 მაისამდე პერიოდისათვის, არ მიუღია შესრულებული სამუშაოსათვის ანაზღაურება, კერძოდ: 2015 წლის მარტის თვის დარჩენილი ნაწილი, 2015 წლის აპრილის მთლიანი ხელფასი და მაისის ნახევარი თვის ხელფასი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი, შესაგებელი, დაზუსტებული შესაგებელი;;
- მხარეთა ახსნა-განმარტებანი;
- 2014 წლის 14 სექტემბრის შრომითი ხელშეკრულება;
- 2015 წლის 01 თებერვლის მხარეთა შეთანხმება;
- ელექტრონულად გადაგზავნილი 2015 წლის 14 მარტიდან 2015 წლის 15 მაისამდე პერიოდის, მიმდინარე საბუღალტრო საქმიანობის ამსახველი, სალაროს მოძრაობის შესახებ ანგარიშები, ინფორმაციები, დამუშავებული მონაცემები;
- 2015 წლის 02 მაისის მიღება-ჩაბარების აქტი;
- 2015 წლის 15 მაისს გადაგზავნილი დეკლარაცია.
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ სამართლებრივად შეაფასა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. კერძოდ:
- მოპასუხე შპს ,,იალნჩინ მარკეტს’’ მოსარჩელის ი-----–----ას სასარგებლოდ დაეკისროს ხელზე ასაღები სახელფასო დავალიანების გადახდა 2075 ლარის ოდენობით, საიდანაც 575 ლარი არის 2015 წლის მარტის თვის ხელფასი დარჩენილი ნაწილი, 1000 ლარი - 2015 წლის აპრილის თვის ხელფასი, 500 ლარი 2015 წლის მაისის ნახევარი თვის ხელფასი.
- მოპასუხე შპს ,,ი--–------------ს’’ დაეკისროს მოსარჩელის ია ყ--–----ას სასარგებლოდ 2015 წლის მარტის თვის ხელფასის დარჩენილი ნაწილის - 575 ლარის 0.07%-ის გადახდა ყოველ ვადა გადაცილებულ დღეზე40 თეთრის ოდენობით, თანხის (575 ლარი)სრულიად გადახდამდე.
-2015 წლის აპრილის თვის ხელფასის - 1000 ლარის 0,07%-ის გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 70 თეთრის ოდენობით, თანხის (1000 ლარი) სრულიად გადახდამდე.
-2015 წლის მაისის ნახევარი თვის ხელფასი - 500 ლარის 0.07%-ის გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 35 თეთრის ოდენობით, თანხის (500 ლარი)სრულიად გადახდამდე.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
- საქართველოს კონსტიტუცია;
- ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია;
- სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი;
- ევროპის სოციალური ქარტია;
- საქართველოს ორგანული კანონი - შრომის კოდექსი;
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
- ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება - CASE OF SILIADIN V. FRANCE.
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. სასამართლო უპირველესად ხელმძღვანელობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსაზრებით, რომ თუ კი „ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი სასამართლოს ავალდებულებს დაასაბუთონ თავიანთი გადაწყვეტილებანი, ეს არ შეიძლება გაგებულ იქნეს თითოეულ არგუმენტზე პასუხის გაცემის მოთხოვნად“ (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ).
სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული საკითხი განხილულ უნდა იქნეს როგორც საერთაშორისო, ასევე ეროვნული სამართლის წყაროებთან შესაბამისობის კუთხით და შეფასდეს ყოვლისმომცველად.
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით (რომელსაც ზოგიერთ შემთხვევაში თანამედროვე ცივილიზებული სამყაროს ქცევის ზოგად კოდექსსაც უწოდებენ), განსაზღვრულია რა ადამიანის უფლებათა ძირითადი პოსტულატები, ასევე რეგულირებული და დაცულია თანამედროვე კაცობრიობის არსებობისა და ყოფის უმნიშვნელოვანესი ელემენტი - შრომის უფლება. ამ საერთაშორისო დოკუმენტის 23-ე მუხლი ადგენს, რომ ყოველ ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობებისა და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება; ამავე მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება იღებდეს სამართლიანსა და დამაკმაყოფილებელ გასამრჯელოს.
სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლის შესაბამისად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფონი (რომელსაც უცილობლად წარმოადგენს საქართველო), აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც შეიცავს თითოეული ადამიანის უფლებას საარსებო სახსრები მოიპოვოს საკუთარი შრომით. ამავე საერთაშორისო სამართლის წყაროს მე-7 მუხლი ადგენს, რომ მონაწილე სახელმწიფონი აღიარებენ თითოეულის უფლებას ჰქონდეს შრომის სამართლიანი და ხელშემწყობის პირობები, მათ შორის ანაზღაურება სამართლიანი ხელფასის სახით და სხვა.
საერთაშორისო სამართლის ე.წ. რეგიონალური მნიშვნელობის - კერძოდ ევროპის საბჭოს ფარგლებში მოქმედ უმნიშვნელოვანეს წყაროს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით, "საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ" საქართველოს კანონისა და "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოში პირდაპირ მოქმედებს, - ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია წარმოადგენს. აღნიშნული დოკუმენტის მე-4 მუხლი შეიცავს რეგულაციას, რომელიც კრძალავს იძულებით შრომას. კონვენციის ამ რეგულაციის (ისევე, როგორც ძირითადი უფლებების დამდგენი სხვა რეგულაციების) ავთენტურ და ავტორიტეტულ განმარტებას იძლევა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი. სწორედ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები და კონვენციის ნორმათა შეფასებები იძლევა ამ ზოგადი შინაარსის და ხშირ შემთხვევაში კონკრეტიკას მოკლებული (გარკვეულწილად არათვითშესრულებადი) სამართლებრივი დეფინიციების სწორად აღქმის, გააზრებისა და შემდგომ შეფარდების შესაძლებლობას. ვინაიდან, კონვენციაში ჩამოყალიბებული მრავალი ნორმა ძალზე ზოგადად არის ფორმულირებული, ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის გაანალიზების გარეშე რთულია კონვენციის დებულებათა სწორად განმარტება და გამოყენება. აქედან გამომდინარე, ევროსასამართლოს პრეცედენტული სამართალი ეროვნული სასამართლოს მიერ, როგორც მინიმუმ აღქმულ უნდა იქნეს სამართლის შემეცნების წყაროდ (თუ უშუალოდ სამართლის წყაროდ არა). აღნიშნულის ვალდებულება (პრეცედენტული სამართლის გამოყენების ვალდებულება) გამომდინარეობს როგორც უშუალოდ კონვენციიდან, ასევე ეროვნული (ქართული) კანონმდებლობის რიგი სამართლებრივი აქტებიდან (მაგ: "საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს კანონი, "სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ" საქართველოს კანონი). ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით (CASE OF SILIADIN V. FRANCE), კონვენციის მონაწილე სახელმწიფო, ვალდებულია უზრუნველყოს ისეთი სამართლებრივი მოცემულობა, რომელშიც გარანტირებული იქნება ეფექტური დაცვა დასაქმებულისათვის გაწეული სამუშაოს შესაბამისი შრომის ანაზღაურებისა.
სასამართლო აქვე მოიხსენიებს ევროპული სოციალური სფეროს მარეგულირებელ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ხასიათის დოკუმენტს - ევროპის სოციალურ ქარტიას, რომლის პირველი მუხლის თანახმად, ხელშემკვრელი მხარეები კისრულობენ ვალდებულებას ხელი შეუწყონ დასაქმების მაქსიმალურად სტაბილური და მაღალი დონის მიღწევასა და შენარჩუნებას; ამავე ქარტიის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მხარეები ვალდებულებას იღებენ აღიარონ თითოეული მუშაკის მიერ დასაქმების შეწყვეტის შესახებ შეტყობინების წინასწარი მიღების უფლება; აღნიშნულ დავასთან მიმართებაში მნიშვნელოვანია ქარტიის 24-ე მუხლის რეგულაცია, რომლის თანახმადაც, დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში მუშაკთა მიერ დაცვის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები იღებენ ვალდებულებას აღიარონ ყველა მუშაკის უფლება უარი თქვას დასაქმების შეწყვეტაზე „საპატიო მიზეზის გარეშე“, რომელიც უნდა გამომდინარეობდეს მისი პროფესიული შესაძლებლობებიდან ან მოქცევიდან, ასევე საწარმოს შინაგანაწესიდან; მხარეები ასევე აღიარებენ მუშაკთა მიერ სათანადო კომპენსაციის ან სხვა შესაბამისი ანაზღაურების მიღების უფლებას საპატიო მიზეზის გარეშე დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში.
სასამართლო აქვე განმარტავს, რომ არასრული იქნება შრომით სამართლებრივი ურთიერთობების მომწესრიგებელი საერთაშორისო სტანდარტების მიმოხილვა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციისა და მისი ფარგლებში შემუშავებული სამართლის სხვადასხვა წყაროების მოხსენიების გარეშე.
1919 წლის ვერსალის ხელშეკრულების საფუძველზე შექმნილია შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO), რომლის ფარგლებშიც შემუშავებულია შრომითი უფლებების დაცვის საერთაშორისო სტანდარტები.
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (შემდგომში - შსო) ფილადელფიის დეკლარაციით (1944 წ.), განმარტებულია დამოკიდებულება, რომელიც საქართველოს შემთხვევაშიც, ეროვნული კანონმდებლობის გამოყენებისას უნდა გაითვალისწინოს ეროვნულმა სასამართლომ, როდესაც ის შრომით სამართლებრივ ურთიერთობას შეაფასებს წმინდა ჰორიზონტალური - სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობის ჭრილში; აღნიშნული დეკლარაციით, საერთაშორისო საზოგადოებამ აღიარა, რომ „შრომა არ წარმოადგენს საქონელს“. მართლაც, შრომა არ ჰგავს საქონელს (უძრავ ან მოძრავ ნივთს), უსულო პროდუქტს, რომელზეც შესაძლებელია მოლაპარაკება მაქსიმალური მოგების ან მინიმალური ფასის მიღების მიზნით. შრომა, თითოეული ინდივიდის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. მისი როლი არსებითია პიროვნების ღირსებისა და კეთილდღეობისათვის და ინდივიდის, როგორც ადამიანის ჩამოყალიბებისათვის. სწორედ ამ ჭრილში უნდა გავიგოთ ეკონომიკური განვითარების დადებითი ასპექტები; ერთი სიტყვით, ეკონომიკური განვითარება ხდება არა საკუთრივ განვითარებისათვის, არამედ ადამიანის ცხოვრების გაუმჯობესებისათვის.
სასამართლოს აზრით, თუ სამუშაოს მოპოვების პოსტულატი მნიშვნელოვანია და დაცულია სამართლებრივი სახელმწიფოს მიერ, მით უფრო მნიშვნელოვანი და დაცულია უკვე მოპოვებული სამუშაოს შენარჩუნების შესაძლებლობა. საწინააღმდეგო შემთხვევაში, შრომით ურთიერთობათა სივრცე და სფერო, მოკლებული იქნება სტაბილურობას, რაც ამ სამართალურთიერთობის ხასიათს მერყევს და არასანდოს გახდის.
7.2. სამართლის ეროვნული წყაროების მიმოხილვას სასამართლო რა თქმა უნდა დაიწყებს საქართველოს კონსტიტუციით, რომლის პრეამბულაში გამოხატულია ქართველი ხალხის ურყევი ნება დაამკვიდრონ სოციალური სახელმწიფო.
საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლი ადგენს რომ შრომა თავისუფალია, რაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ნიშნავს, რომ ადამიანს მინიჭებული აქვს უფლება თავად განკარგოს საკუთარი შესაძლებლობები შრომით საქმიანობაში და თავად აირჩიოს საქმიანობის სფერო (გადაწყვეტილება N2/4-24, 28.02.1997). შრომის თავისუფლებაში იგულისხმება სახელმწიფოს (მათ შორის რა თქმა უნდა სახელისუფლებო ძალაუფლების ერთ-ერთი შტოს - სასამართლოს ხელისუფლების) ვალდებულება დაიცვას მოქალაქეთა შრომითი უფლებები (გადაწყვეტილება N2/2-389, 26.10.2007). საკონსტიტუციო სასამართლოს ამავე განმარტებით, დაცულია არა მარტო უფლება აირჩიო სამუშაო, არამედ ასევე უფლება განახორციელო, შეინარჩუნო და დათმო ეს სამუშაო. საქართველოს კონსტიტუციის ზემოაღნიშნული ნორმა ადგენს, რომ შრომის ანაზღაურებისა და მასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება ორგანული კანონით.
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს, ასევე, საქათველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს მიიჩნია რა თავისი შრომითი უფლება დარღვეულად, აღნიშნული უფლების დაცვის მიზნით, სარჩელით მიმართა სასამართლოს.
საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, შრომითი უფლებების დაცვა განისაზღვრება ორგანული კანონით - საქართველოს შრომის კოდექსით.
7.3. საქართველოს ორგანული კანონის - საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. ამდენად, შრომითი უფლებების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს დასაქმებულის უფლება მიიღოს სამუშაოს შესრულების სანაცვლოდ შესაბამისი ანაზღაურება.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ი-----–----ასთან შრომითი ურთიერთობა შეწყდა, რაც არ წარმოადგენს დავის საგანს, თუმცა მას არ მიუღია შესრულებული სამუშაოსათვის ანაზღაურება 2015 წლის მარტის თვის დარჩენილი ნაწილი, 2015 წლის აპრილის მთლიანი ხელფასი და მაისის ნახევარი თვის ხელფასი.
საქართველოს შრომის კოდექსის VII თავი არეგულირებს შრომის ანაზღაურების საკითხებს. ამავე კოდექსის 31-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. მე-2 ნაწილის მიხედვით კი, შრომის ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ. მე-3 ნაწილი ითვალისწინებს დამსაქმებლის ვალდებულებას შრომის ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0,07%. ამავე კოდექსის 32-ე მუხლი ითვალისწინებს შრომის ანაზღაურებას იძულებით მოცდენის დროს. კერძოდ, მისი 1-ლი ნაწილის თანახმად, დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის დროს დასაქმებულს შრომის ანაზღაურება მიეცემა სრული ოდენობით.
დამსაქმებლის მიერ დარღვეულია შრომის კოდექსის 34-ე მუხლის მოთხოვნებიც, მას უნდა მოეხდინა საბოლოო ანგარიშსწორება შრომითი ურთიერთობების შეწყვეტის შემდეგ.
7.4. სასამართლო განმარტავს, რომ მხარეებს შორის წერილობით დადებული შრომითი ხელშეკრულება შეწყდა 2015 წლის 14 მარტიდან, თუმცა მხარეთა ზეპირი სეთანხმებით, ი-----–----ა ფაქტიურად ასრულებდა სამუშაოს და იყო შრომით სამართლებრივ ურთიერთობაში 2015 წლის 15 მაისის ჩათვლით. ანუ მხარეები 2015 წლის 15 მაისიდან უკვე აღარ იმყოფებოდნენ ერთმანეთთან შრომით სამართლებრივ ურთიერთობებში. მოსარჩელისათვის, ასევე მოპასუხისათვის ცნობილი იყო ამ დროისათვის, რომ საბოლოო ანგარიშსწორება განხორციელებული არ იყო, არსებობდა სახელფასო დავალიანება. დადგენილია, რომ სარჩელი აღძრულია 2 წლის შემდეგ. დავის საგანს წარმოადგენს სახელფასო დავალიანების გამო თანხების დაკისრება.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ დამსაქმებელმა, ბოროტად გამოიყენა უფლება და სრულიად უსაფუძვლოდ არ გასცა ხელფასი, უფრო მეტიც, სასამართლო სამართალწარმოებაში არ არსებობს რაიმე დოკუმენტი, ან სხვა სახის მტკიცებულება (მოპასუხის წარმომადგენლის ახსნა-განმარტების გარდა, რომლის დამაჯერებლობაც არაფრითაა უზრუნველყოფილი და რომელიც, გარკვეულწილად იმის გამო, რომ მხარე, რა თქმა უნდა მიკერძოებულია და მას უფლება აქვს მისი ინტერესები დაიცვას სხვადასხვა საშუალებებით), რომელიც კანონისმიერ საფუძველს შესძენდა მის გადაწყვეტილებას მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების მიცემაზე უარის თქმის თაობაზე.
შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ამ დასაბუთების სამართლებრივ წინაპირობას, სხვა რეგულაციებთან ერთად, ასევე ქმნის საქართველოს შრომის კოდექსის 44-ე მუხლი.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი გადახდება მოპასუხის, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად. ამავე კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა ( 2075 ლარის დაკისრებით) მოპასუხეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი 152.20 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, იმ თანხის გადახდა, რომელსაც მოსარჩელე გადაიხდიდა, რომ არ გათავისუფლებულიყო ბაჟისგან.
ასევე, მოპასუხე შპს ,,ი--–------------ს’’ მოსარჩელის ი-----–----ას სასარგებლოდ დაეკისროს იურიდიული მომსახურების საფასურის ანაზღაურება 400 ლარის ოდენობით.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 243-ე-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 264-ე, 364, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. ი-----–----ას სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხე შპს ,,ი--–------------ს’’ მოსარჩელის ი-----–----ას სასარგებლოდ დაეკისროს ხელზე ასაღები სახელფასო დავალიანების გადახდა 2075 ლარის ოდენობით, საიდანაც 575 ლარი არის 2015 წლის მარტის თვის ხელფასის დარჩენილი ნაწილი, 1000 ლარი - 2015 წლის აპრილის თვის ხელფასი, 500 ლარი 2015 წლის მაისის ნახევარი თვის ხელფასი.
3. მოპასუხე შპს ,,ი--–------------ს’’ დაეკისროს მოსარჩელის ია ყ--–----ას სასარგებლოდ:
3.1. 2015 წლის მარტის თვის ხელფასის დარჩენილი ნაწილის - 575 ლარის 0.07%-ის გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 40 თეთრის ოდენობით, თანხის (575 ლარი) სრულიად გადახდამდე.
3.2. 2015 წლის აპრილის თვის ხელფასის - 1000 ლარის 0,07%-ის გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 70 თეთრის ოდენობით, თანხის (1000 ლარი) სრულიად გადახდამდე.
3.3. 2015 წლის მაისის ნახევარი თვის ხელფასის- 500 ლარის 0.07%-ის გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 35 თეთრის ოდენობით, თანხის (500 ლარი) სრულიად გადახდამდე.
4. მოპასუხე შპს ,,ი--–------------ს’’ მოსარჩელის ი-----–----ას სასარგებლოდ დაეკისროს იურიდიული მომსახურების საფასურის ანაზღაურება 400 ლარის ოდენობით.
5. მოპასუხე შპს ,,ი--–------------ს’’ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 152.20 ლარის ოდენობით.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
8. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე სალიხ შაინიძე