გადაწყვეტილება

სამოქალაქო 28.06.2019
საქმის ნომერი
010210018002484762
კატეგორია
დავის ტიპი
მეუღლეთა განქორწინების თაობაზე
თარიღი
28.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

010210018002484762

საქმე №2-1415/18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

28 ივნისი, 2019 წელი ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე

სხდომის მდივანი ცირა ქარცივაძე

 

მოსარჩელე (მოპასუხე შეგებებულ სარჩელში) - ო----- წ---–-----ე

წარმომადგენელი - პ----------–----ე

 

მოპასუხე (მოსარჩელე შეგებებულ სარჩელში) - ნ----- ნ---–--ე

წარმომადგენელი - პ----------–----ე

 

მესამე პირი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრი

წარმომადგენელი - გ---–-------–-------ე

 

დავის საგანი ძირითად სარჩელში: რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტა, შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა

 

დავის საგანი შეგებებულ სარჩელში: ალიმენტის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა (ძირითად სარჩელში)

 

1.1. 1 შეწყდეს ო----- წ---–-----ეს და ნ----- ნ---–--ეს შორის 2005 წლის 12 მაისს რეგისტრირებული ქორწინება განქორწინებით.

1.1.2. მოსარჩელე ო----- წ---–-----ეს განესაზღვროს არასრულწლოვან შვილთან, თ---–- წ---–-----ესთან (დაბადებული 2013 წლის 14 დეკემბერს) ურთიერთობისათვის დროის მონაკვეთი: ნახვის დღეები ყოველდღიურად და კვირაში სამი დღით პარასკევს, შაბათ და კვირას 24 საათის განმავლობაში ღამით დარჩენის უფლებით, ასევე, ზაფხულის და ზამთრის არდადეგების პერიოდში არდადეგების ნახევარი 24 საათის განმავლობაში წაყვანის და უკან, დედასთან დაბრუნების ვალდებულებით. (სარჩელი, განცხადება სარჩელის დაზუსტების თაობაზე).

 

ო----- წ---–-----ე და ნ----- ნ---–--ე 2005 წლიდან იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. მათ თანაცხოვრების პერიოდში, შეეძინათ ერთი შვილი: 2013 წლის 14 დეკემბერს დაბადებული თ---–- წ---–-----ე. ქორწინების პერიოდში მათ შორის წარმოიშვა გარკვეული უთანხმოება, რის გამოც ამჟამად ერთად აღარ ცხოვრობენ. არასრულწლოვანი შვილი ცხოვრობს დედასთან, ნ----- ნ---–--ესთან. მოპასუხე მხარე არ აძლევს საშუალებას ო----- წ---–-----ეს, ნახოს არასრულწლოვანი შვილი და ჰქონდეს მასთან თავისუფალი ურთიერთობა. მოპასუხე წინააღმდეგია არასრულწლოვანი ბავშვი ღამით დარჩეს მამასთან და ასევე, მოსარჩელეს არ აძლევს უფლებას, არასრულწლოვანი წაიყვანოს მშობლების სახლში. მხარეთა შეუთანხმებლობის გამო, მიზანშეწონილია, შეწყდეს ქორწინება და სასამართლომ ასევე განსაზღვროს მამასა და შვილს შორის ურთიერთობისათვის დროის მონაკვეთი.

 

1.2. სასარჩელო მოთხოვნა შეგებებული სარჩელით

 

1.2.1. მოპასუხე ო----- წ---–-----ეს დაეკისროს არასრულწლოვანი შვილის - 2013 წლის 14 დეკემბერს დაბადებული თ---–- წ---–-----ის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობით სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2018 წლის 31 ოქტომბრიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე;

 

ო----- წ---–-----ეს და ნ----- ნ---–--ეს ჰყავთ ერთი საერთო შვილი: თ---–- წ---–-----ე (დაბადებული 2013 წლის 14 დეკემბერს). მხარეები ამჟამად ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ. არასრულწლოვანი შვილი იზრდება დედასთან. მოპასუხე ო----- წ---–-----ე არ იღებს მონაწილეობას მის რჩენა-აღზრდაში და არ ეხმარება მათ მატერიალურად. (შეგებებული სარჩელი);

 

2.1. მოპასუხის პოზიცია

 

2.1.1. მოპასუხე ნ----- ნ---–--ე ცნობს სარჩელის ქორწინების შეწყვეტის ნაწილში და თანახმაა შეწყდეს მხარეებს შორის ქორწინება განქორწინებით.

 

2.1.2. მოპასუხე ნ----- ნ---–--ე არ არის წინააღმდეგი, მოსარჩელეს ურთიერთობა ჰქონდეს არასრულწლოვან შვილთან, მაგრამ ვინაიდან ბავშვი არის მცირეწლოვანი და ძალიან მიჯაჭვულია დედას, ამიტომ იგი წინააღმდეგია ბავშვი ღამით დარჩეს მამასთან.

 

2.2. მოპასუხის პოზიცია შეგებებულ სარჩელზე

 

შეგებებულ სარჩელში მოპასუხე ო----- წ---–-----ე ნაწილობრივ ცნობს შეგებებულ სარჩელს და თანახმაა გადაიხადოს ალიმენტი ყოველთვიურად 100 ლარის ოდენობით.

 

3. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიცია

 

მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ არასრულწლოვანი ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებელია, ბავშვს ურთიერთობა ჰქონდეს როგორც დედასთან, ასევე მამასთან, რაც აუცილებლად დადებითად იმოქმედებს ბავშვის ფსიქო-ემოციურ და ფიზიკურ განვითარებაზე. ვინაიდან მოპასუხე ნ----- ნ---–--ე არ არის წინააღმდეგი მამას ურთიერთობა ჰქონდეს არასრულწლოვან შვილთან, თუმცა უარს აცხადებს ღამით ბავშვის მამასთან დატოვებაზე, სოციალური სამსახურის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ მოცემულ ეტაპზე მიზანშეწონილი არ იქნება ბავშვის ღამით მამასთან, ო----- წ---–-----ესთან დარჩენა. თავდაპირველ ეტაპზე, მამასა და შვილს შორის ურთიერთობა უნდა განისაზღვროს დღის განმავლობაში, ხოლო გარკვეული პერიოდის შემდგომ, ბავშვსა და მამას შორის ნდობის, მიჯაჭვულობის ჩამოყალიბების შემდეგ, შესაძლებელია ურთიერთობის წესი დადგინდეს მამასთან ღამისთევით დარჩენის უფლებითაც.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1.1. ო----- წ---–-----ე და ნ----- ნ---–--ე 2005 წლის 12 მაისიდან იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში. მათ თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი: 2013 წლის 14 დეკემბერს დაბადებული თ---–- წ---–-----ე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

- დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N01136090942;

- ქორწინების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N77181001910.

 

4.1.2. მხარეებს შორის წარმოიშვა კონფლიქტი და ისინი ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ. მხარეებს, ო----- წ---–-----ეს და ნ----- ნ---–--ეს შორის დაძაბული ურთიერთობაა. გამოცემულია შემაკავებელი ორდერიც.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- შემაკავებელი ორდერი.

 

4.1.3. არასრულწლოვანი თ---–- წ---–-----ე ცხოვრობს დედასთან, ნ----- ნ---–--ესთან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის სოციალური მუშაკის დასკვნა-რეკომენდაცია.

 

4.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.2.1. ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის დასკვნის მიხედვით, სოციალური მუშაკის მიერ ვიზიტი განხორციელდა ნ----- ნ---–--ის საცხოვრებელ მისამართზე: ბათუმი, გ------–---–ის ქN18/20, ბინა N65-67. ასევე ვიზიტი განხორციელდა ო----- წ---–-----ის საცხოვრებელ მისამართზე: ქ.ბათუმი, ა----–-----–-- ქN6.

 

ნ----- ნ---–--ე შვილთან და მშობლებთან ერთად ცხოვრობს საკუთარ ფართში ზემოაღნიშნულ მისამართზე. ბინა არის სამოთახიანი, კეთილმოწყობილი, ორი საძინებელი, ზალა, სამზარეულო, აბაზანა-ტუალეტით. ბინა აღჭურვილია ავეჯით და აუცილებელი საყოფაცხოვრებო ნივთებით. ნ----- ნ---–--ე მუშაობს და მისი ხელფასი შეადენს დაახლოებით 1000 ლარს, ასევე მის დედას და მამას აქვთ ყოველთვიური შემოსავალი. ნ----- გარდა სასახურში გატარებული რამდენიმე საათისა დაკავებულია შვილის მოვლით.

 

ო----- წ---–-----ე დედასთან ერთად ცხოვრობს ქ. ბათუმი, ა----–-----–-- ქN6-ში და ოჯახის საკუთრებას წარმოადგენს ზ/აღნიშნულ მისამართზე მდებარე სამსართულიანი კეთილმოწყობილი საცხოვრებელი სახლი. სახლი აღწურვილია ავეჯით და აუცილებელი საყოფაცხოვრებო ნივთებით. სან-ჰიგიენური პირობები დამაკმაყოფილებელია. ო----- წ---–-----ე დასაქმებულია შპს „ბ-----–ი“ და არის ფირმის დირექტორი, საიდანაც მისი შემოსავალი შეადგენს 1000 ლარს, ხოლო ამავე ფირმის მესაკუთრეს წარმოადგენს ო----- წ---–-----ის დედა- გ------–- წ---–-----ე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის სოციალური მუშაკის 2018 წლის 27 დეკემბრის დასკვნა N3794;

 

4.2.2. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალის ფსიქოლოგის დასკვნაში მითითებულია, რომ მცირეწლოვან თ---–- წ---–-----ეს აქვს ემოციური მიჯაჭვულობა დედასთან. თ---–-ს აქვს მამასთან ურთიერთობის დანაკლისი და მნიშვნელოვანია ყურადღება მიექცეს ბავშვის სურვილს. შესაბამისად ხელი უნდა შეეწყოს მამასთან ურთიერობის გაღრმავებას. მხარეებმა უნდა იმოქმედონ ბავშის სურვილის და ინტერესების გათვალისწინებით, არ გამოიყენონ დამაშორებელი ქცევები. სასურველია მშობლების კონსტრუქციული თანამშრომლობა ბავშვთან დაკავშირებულ საკითხებში, სასურველია გათვალისწინებული იქნეს არასრულწლოვანის ემოციური მდგომარეობა, ასაკი, სურვილი და საჭიროებები. (ფსიქოლოგის დასკვნა)

 

მცირეწლოვან თ---–- წ---–-----ესთან გასაუბრებით დგინდება, რომ ბავშვს აქვს მამასთან ურთიერთობის სურვილი, თუმცა მას არ სურს ამ ეტაპზე ღამით დედის გარეშე დარჩენა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალის ფსიქოლოგის დასკვნა. 03.05.2019წ.

- არასრულწლოვანთან გასაუბრება. (სხდომის ოქმი)

 

4.2.3. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ მომზადებული დასკვნების მიხედვით, არასრულწლოვანი ბავშვის აღზრდა-განვითარების ინტერესებისათვის აუცილებელია მას ურთიერთობა ჰქონდეს მამასთან, ო----- წ---–-----ესთან.

 

სოციალური სამსახურის შეფასებით, მშობლებს შორის უთანხმოებამ არ უნდა ჰპოვოს ასახვა ბავშვთან დამოკიდებულებაზე და ორივე მათგანს უფლება აქვთ, მიიღონ მონაწილეობა მის აღზრდაში. მოცემულ ეტაპზე არ გამოვლენილა ო----- წ---–-----ის მის შვილთან თ---–- წ---–-----ესთან ურთიერთობის ხელისშემშლელი გარემოება. სოციალური სამსახურის წარმომადგენელი ნაწილობრივ ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას და მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მიზანშეწონილია, დღის განმავლობაში განისაზღვროს ბავშვის მამასთან ურთიერთობა, ხოლო მათ შორის ურთიერთნდობის, პოზიტიური მიჯაჭვულობის ჩამოყალიბების შემდგომ კი, შესაძლებელი იქნება ღამით დარჩენის უფლებით მამასა და შვილს შორის ურთიერთობისათვის დროის მონაკვეთის განსაზღვრა. ბავშვის მამასთან ურთიერთობისათვის დროის განსაზღვრამ ხელი არ უნდა შეუშალოს არასრულწლოვანი ბავშვის ასაკის შესაბამის აღმზრდელობით პროცესში ჩართულობას;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება.

- მოპასუხის ახსნა-განმარტება.

- მესამე პირის წარმომადგენლის განმარტება;

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის სოციალური მუშაკის 2018 წლის 27 დეკემბრის დასკვნა N3794;

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალის ფსიქოლოგის დასკვნა. 03.05.2019წ.

- არასრულწლოვანთან გასაუბრება. (სხდომის ოქმი)

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

5.1. სასამართლომ განიხილა ო----- წ---–-----ის სასარჩელო მოთხოვნები, მოისმინა მხარეთა და წარმომადგენელთა მოსაზრებანი, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებანი და ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ: შეწყდეს ო----- წ---–-----ეს და ნ----- ნ---–--ეს შორის 2005 წლის 12 მაისს რეგისტრირებული ქორწინება განქორწინებით; არასრულწლოვანი თ---–- წ---–-----ე საცხოვრებლად დარჩეს დედასთან, ნ----- ნ---–--ესთან და დავალდებულდეს ნ----- ნ---–--ე ხელი არ შეუშალოს ო----- წ---–-----ეს არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობაში; განესაზღვროს ო----- წ---–-----ეს არასრულწლოვან შვილთან, თ---–- წ---–-----ესთან (დაბადებული 2013 წლის 14 დეკემბერს) ურთიერთობისათვის დროის მონაკვეთი, შემდეგი წესით: სასამართლო გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი წლის განმავლობაში, ყოველი კვირის შაბათ 11:00 საათიდან 19:00 საათამდე და კვირას 11:00 საათიდან 19:00 საათამდე წაყვანის უფლებითა და დედასთან დაბრუნების ვალდებულებით, ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით; სასამართლო გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი წლის შემდეგ, ყოველი კვირის შაბათ 11:00 საათიდან კვირას 19;00 საათამდე, წაყვანის, ღამით დარჩენის უფლებითა და დედასთან დაბრუნების ვალდებულებით, ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით; სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ორი წლის შემდეგ, სასამართლოს მიერ დადგენილ ზ/აღნიშნულ წესს დაემატოს ზამთრის არდადეგების პერიოდში მეორე ნახევარი - 1 კვირა და ზაფხულის არდადეგების პერიოდში ივლისის თვის მეორე ნახევარი -3 კვირა, წაყვანის, ღამით დარჩენის უფლებითა და დედასთან დაბრუნების ვალდებულებით, ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით.

 

5.2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ, ვინაიდან, ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას და განკუთვნილია არასრულწლოვანის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის, მშობლების, ასევე შვილების რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, შეგებებული სარჩელი ალიმენტის დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს სრულად, კერძოდ: ო----- წ---–-----ეს დაეკისროს ალიმენტის გადახდა არასრულწლოვანი შვილის, თ---–- წ---–-----ის (დაბადებული 2013 წლის 14 დეკემბერს) სასარგებლოდ, ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობით, შეგებებული სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2018 წლის 31 ოქტომბრიდან, ბავშვის სრულწლოვანებამდე.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სასამართლომ იხელმძღვანელა “ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-18 და 27-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე, 1122-ე, 1127-ე, 1197-ე, 1198-ე, 1199-ე, 1202-ე, 1212-ე, 1213-ე, 1214-ე და 1234-ე მუხლებით, ასევე სამოქალაქო აქტების შესახებ კანონის 55-ე და 61-ე მუხლებით და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 356-ე მუხლით.

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად ქორწინება ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში. A

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლით განსაზღვრულია ქორწინების შეწყვეტის საფუძვლები, კერძოდ, დასახელებული მუხლის ,,გ” პუნქტის თანახმად, ქორწინება წყდება განქორწინებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1127-ე მუხლის შესაბამისად განქორწინების საქმეებს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით, რომელიც დადგენილია სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად დადგენილია, რომ განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა. ხსენებული ნორმების სამართლებრივი ანალიზი საფუძველს იძლევა დასკვნისათვის, რომ დაქორწინებისათვის, ასევე ოჯახის აღდგენისა და შენარჩუნებისათვის მხარეთა ორმხრივი ნების გამოვლენაა საჭირო.

 

დადგენილია, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა ორმხრივ ნებას ოჯახის შენარჩუნებისათვის ადგილი არ აქვს.

 

სასამართლო მოიხმობს სამოქალაქო აქტების შესახებ კანონს, რომლის 58-ე მუხლის თანახმად, სასამართლო თავის გადაწყვეტილებას მეუღლეთა განქორწინების შესახებ მისი კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 სამუშაო დღის ვადაში უგზავნის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს გადაწყვეტილების გამოტანის ადგილის მიხედვით. განქორწინების შესახებ სასამართლოს მიერ წარდგენილი გადაწყვეტილების საფუძველზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო ახორციელებს განქორწინების რეგისტრაციას. ამდენად სამოქალაქო აქტების შესახებ კანონის 55-ე მუხლის თანახმად განქორწინებისათვის სავალდებულოა მისი რეგისტრაცია სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიერ. ამავე კანონის 61-ე მუხლის თანახმად, განქორწინების შემთხვევაში ქორწინება შეწყვეტილად ითვლება განქორწინების რეგისტრაციის მომენტიდან.

 

ხსენებულ საკანონმდებლო რეგულაციის გათვალისწინებით, სასამართლო განუმარტავს მხარეებს, რომ მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის საკმარისი და ქორწინება შეწყვეტილად ითვლება სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში განქორწინების რეგისტრაციის მომენტიდან.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება შეუძლებელია, მათ შორის რეგისტრირებული ქორწინება უნდა შეწყდეს.

 

7.2. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 356 მუხლის დანაწესიდან გამომდინარე განქორწინებასთან ერთად უნდა გადაწყდეს ქორწინებაში დაბადებული ბავშვის ერთ-ერთი მშობლისათვის გადაცემის საკითხი და არასრულწლოვანი თ---–- წ---–-----ის საცხოვრებელ ადგილად უნდა განისაზღვროს დედის, ნ----- ნ---–--ის საცხოვრებელი ადგილი. აღნიშნული საკითხის გადაწყვეტისას სასამართლო მხედველობაში ღებულობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე და 1198-ე მუხლების დანაწესებს, რომლის თანახმადაც დადგენილია, რომ შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება. მშობლებს უფლება აქვთ, განსაზღვრონ, თუ ვისთან და სად უნდა იცხოვროს შვილმა. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად მშობლებს ენიჭებათ უფლება და ეკისრებათ ვალდებულება, ჰქონდეთ ურთიერთობა თავიანთ შვილებთან, განსაზღვრონ თავიანთ შვილებთან მესამე პირთა ურთიერთობის საკითხი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მართალია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად ბავშვების საცხოვრებელი ადგილი სასამართლომ უნდა განსაზღვროს მშობლების უფლება-მოვალეობათა სრული თანასწორობისა და ბავშვების სწორად აღზრდის ინტერესებიდან გამომდინარე, ამასთან ბავშვის აღზრდის პირობებში გათვალისწინებული უნდა იქნეს მშობლების მატერიალური პირობებიც, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში სასამართლო თვლის, რომ მთავარი ყურადღება უნდა მიექცეს იმას, თუ როგორი გარემოს შექმნას შეძლებენ მშობლები ბავშვებისათვის. ამასთან გასათვალისწინებელია, რომ ამჟამად არასრულწლოვანი ცხოვრობს დედასთან და მშობლებს შორის დავა ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თაობაზე არ არის. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ არასრულწლოვანი თ---–- წ---–-----ის საცხოვრებელ ადგილად უნდა განისაზღვროს დედის ნ----- ნ---–--ის საცხოვრებელი ადგილი.

 

7.3. ო----- წ---–-----ემ სარჩელით განქორწინებასთან ერთად მოითხოვა არასრულწლოვან შვილთან, თ---–- წ---–-----ესთან (დაბადებული 2013 წლის 14 დეკემბერს) ურთიერთობისათვის დროის მონაკვეთის განსაზღვრა შემდეგი წესით: ნახვის დღეები ყოველდღიურად და კვირაში სამი დღით პარასკევს, შაბათ და კვირას 24 საათის განმავლობაში ღამით დარჩენის უფლებით, ასევე, ზაფხულის და ზამთრის არდადეგების პერიოდში არდადეგების ნახევარი 24 საათის განმავლობაში წაყვანის უფლებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ, ხოლო ამავე კოდექსის 1198-ე მუხლით დადგენილია, რომ მშობლები უფლებამოსილნი და მოვალენი არიან აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1200-ე მუხლის თანახმად, შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ. მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში, სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო მშობლების მონაწილეობით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.

 

სამოქალაქო კანონმდებლობა ბავშვთან ურთიერთობის წესების დადგენისათვის თანაბარ უფლებებს განსაზღვრავს ბავშვის მშობლების მიმართ, სწორედ ამიტომ ამ უფლების გასაზღვრისა და გამოყენების წესების დადგენა მხარეთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში ხდება სასამართლოს მიერ ბავშვის უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით.

 

დადგენილია, რომ მხარეები ამჟამად ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ. არასრულწლოვანი შვილის საცხოვრებელ ადგილს კი წარმოადგენს დედის, ნ----- ნ---–--ის საცხოვრებელი ადგილი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლიდან გამომდინარე, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. მშობელს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არა აქვს, შეზღუდოს მეორე მშობლის უფლება-მოვალეობები. ამავე კოდექსის 1199 მუხლი კი იმპერატიულად განსაზღვრავს, რომ მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს.

 

მოცემული ნორმის განმარტებით, მშობელს უფლება აქვს, ურთიერთობა იქონიოს შვილებთან, მიუხედავად იმისა, მონაწილეობს თუ არა მის აღზრდაში, ხოლო სასამართლო უფლებამოსილია, დაავალდებულოს მშობელი, საშუალება მისცეს მეორე მშობელს ურთიერთობა იქონიოს შვილთან და ამ მიზნით იგი განსაზღვრავს და ადგენს არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობის წესს. მამასთან და მისი ოჯახის წევრებთან ურთიერთობა და მათთან სტაბილური კონტაქტი მნიშვნელოვანია არასრულწლოვანის სწორი აღზრდისა და მისი განვითარებისათვის.

 

მართალია ნ----- ნ---–--ე არ არის წინააღმდეგი, მოსარჩელეს ჰქონდეს ურთიერთობა შვილთან, თუმცა ამავდროულად იგი მიუთითებს, რომ მცირეწლოვანს ესაჭიროება განსაკუთრებული ყურადღება, თ---–- წ---–-----ეს აქვს განსაკუთრებული მიჯაჭვულობა მასთან და წინააღმდეგია ღამით დარჩეს მამის ოჯახში.

 

სასამართლოს განსახილველია არა მშობლის უფლება, ურთიერთობა ჰქონდეს საკუთარ შვილთან და ნახოს იგი, არამედ ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესი, ოჯახური გარემოს ჰარმონიული აღქმისა და აღზრდა-განვითარებისათვის ყველა პირობა ჰქონდეს, რათა კონტაქტი არ დაიკარგოს მშობელთან, მიუხედავად მშობლების დაშორებისა. ,,ბავშვები უნდა იყვნენ განხილული არა როგორც მშობლების საკუთრება, არამედ როგორც საკუთარი უფლებებისა და საჭიროებების მქონე ინდივიდები (ევროპის საბჭოს ასამბლეა, 31-ს სესია, რეკომენდაციები ბავშვთა უფლებების ევროპულ ქარტიაზე, ტექსტი მიღებული 04.10.1979წ.). სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი დანაწესი იძლევა ცალსახა დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ მშობელთა უპირველესი მოვალეობა ბავშვის ჰარმონიული აღზრდა-განვითარება და მისთვის ოჯახური გარემოს შექმნაა და ამ კუთხით მისაღები ნებისმიერი გადაწყვეტილებისას უპირატესობა არასრულწლოვანის ჭეშმარიტ ინტერესებს ენიჭება.

 

“ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-18 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია. კონვენციის 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება - უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.

 

სოციალური სამსახურის შეფასებით, მშობლებს შორის უთანხმოებამ არ უნდა ჰპოვოს ასახვა ბავშვთან დამოკიდებულებაზე და ორივე მათგანს უფლება აქვთ მიიღონ მონაწილეობა მის აღზრდაში. მოცემულ ეტაპზე არ გამოვლენილა ო----- წ---–-----ის მის შვილთან ურთიერთობის ხელისშემშლელი გარემოება. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ მომზადებული დასკვნების მიხედვით, არასრულწლოვან თ---–- წ---–-----ის აღზრდა-განვითარების ინტერესებისათვის, აუცილებელია, ურთიერთობა ჰქონდეს მამასთან. მოპასუხე ნ----- ნ---–--ეც არ არის წინააღმდეგი მამას ურთიერთობა ჰქონდეთ არასრულწლოვან შვილთან, თუმცა, უარს აცხადებს ღამით ბავშვის მამასთან დატოვებაზე.

 

ფსიქოლოგის დასკვნის თანახმად მცირეწლოვან თ---–- წ---–-----ეს აქვს ემოციური მიჯაჭვულობა დედასთან. თ---–-ს აქვს მამასთან ურთიერთობის დანაკლისი და მნიშვნელოვანია ყურადღება მიექცეს ბავშვის სურვილს. შესაბამისად ხელი უნდა შეეწყოს მამასთან ურთიერთობის გაღრმავებას. მხარეებმა უნდა იმოქმედონ ბავშის სურვილის და ინტერესების გათვალისწინებით, არ გამოიყენონ დამაშორებელი ქცევები. სასურველია გათვალისწინებული იქნეს არასრულწლოვანის ემოციური მდგომარეობა, ასაკი, სურვილი და საჭიროებები.

 

სოციალური სამსახურის წარმომადგენლის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, ბავშვს ასაკის შესაბამისად აქვთ იმის გონებრივი შესაძლებლობა, რომ თავისი სურვილი ნათლად გამოხატონ მამასთან ურთიერთობასთან დაკავშირებით, რის გამოც გათვალისწინებული უნდა იქნეს მისი მოსაზრება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ ეტაპზე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ მიზანშეწონილი არ იქნება ბავშვის ღამით მამასთან დარჩენა. თავდაპირველ ეტაპზე მამასა და შვილს შორის ურთიერთობა უნდა განისაზღვროს დღის განმავლობაში, ხოლო გარკვეული პერიოდის შემდგომ ბავშვსა და მამას შორის ნდობის, მიჯაჭვულობის ჩამოყალიბების შემდეგ, შესაძლებელია, ურთიერთობის წესი დადგინდეს მამასთან ღამისთევით დარჩენის უფლებითაც. ხოლო ბავშვის ასაკის ზრდასთან ერთად უნდა გაიზარდოს ურთიერთობისათვის დადგენილი დროის ხანგრძლივობა და მიეცეს მამას უფლება, შვილი წაიყვანოს არდადეგების პერიოდში კონკრეტული დროის მონაკვეთით.

 

2019 წლის 25 ივნისის სხდომაზე, სასამართლო ფსიქოლოგთან და სოციალურ მუშაკთან ერთად გაესაუბრა არასრულწლოვან თ---–- წ---–-----ეს. ბავშვმა განმარტა, რომ მას სურს მამასთან ყოფნა, თუმცა არ გამოთქვა სურვილი, ღამით მამასთან დარჩენის. თ---–- წ---–-----ესთან გასაუბრებით სასამართლომ დაადგინა, რომ ბავშვს აქვს მამასთან ურთიერთობის სურვილი, თუმცა მას არ სურს ამ ეტაპზე ღამით დედის გარეშე დარჩენა.

 

ამდენად, სასამართლო მოცემულ შემთხვევაში ითვალისწინებს არასრულწლოვანი ბავშვის ასაკობრივ მაჩვენებელს და რეჟიმს, ასევე გარემო-სოციალურ პირობებს, აგრეთვე მშობლების დატვირთულობას და შვილის მიმართ მზრუნველობა-დამოკიდებულებას, რის გამოც, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე ო----- წ---–-----ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, თავდაპირველ ეტაპზე (გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი წლის განმავლობაში) უნდა განისაზღვროს არასრულწლოვან თ---–- წ---–-----ესთან ურთიერთობისათვის დროის მონაკვეთი დღის განმავლობაში, ყოველი კვირის შაბათ 11:00 საათიდან 19:00 საათამდე და კვირას 11:00 საათიდან 19:00 საათამდე წაყვანის უფლებითა და დედასთან დაბრუნების ვალდებულებით; ხოლო სასამართლო გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი წლის შემდეგ, კვირაში ერთი ღამით მამასთან დარჩენის უფლებით, ისე, რომ ხელი არ შეეშალოს არასრულწლოვანი ბავშვის სწავლის პროცესში ჩართულობას, კერძოდ ყოველი კვირის შაბათ 11:00 საათიდან კვირას 19:00 საათამდე, წაყვანის, ღამით დარჩენის უფლებითა და დედასთან დაბრუნების ვალდებულებით; ასაკის ზრდასთან და მამასთან პოზიტიური მიჯაჭვულობის ჩამოყალიბების შემდგომ კი, მამას უნდა მიეცეს უფლება, ბავშვი წაიყვანოს არდადეგების პერიოდში კონკრეტული დროის მონაკვეთით, კერძოდ: ზამთრის არდადეგების პერიოდში მეორე ნახევარი - 1 კვირა და ზაფხულის არდადეგების პერიოდში ივლისის თვის მეორე ნახევარი-3 კვირა, წაყვანის, ღამით დარჩენის უფლებითა და დედასთან დაბრუნების ვალდებულებით, ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით.

 

7.4. ნ----- წ---–-----ემ შეგებებული სარჩელით ალიმენტის მოპასუხე ო----- წ---–-----ეზე გადახდის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ არასრულწლოვანი შვილი, 2013 წლის 14 დეკემბერს დაბადებული თ---–- წ---–-----ე, რომელიც აღსაზრდელად იმყოფება მასთან და მის აღზრდაში და რჩენაში ბავშვის მამა ფაქტობრივად მონაწილობას არ ღებულობს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანხმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება. ამავე კოდექსის 1197-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. ამავე კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.

 

„ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის“ პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. ამავე კონვენციის მე-18 მუხლის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად, ალიმენტის დაკისრებისას მხედველობაში მიიღება ორივე მშობლის მატერიალურ მდგომარეობა, შემოსავლები, რომელსაც ალიმენტზე ვალდებული მხარეები იღებენ, ასევე ითვალისწინებს მათ კმაყოფაზე მყოფ პირთა კანონიერ ინტერესს. ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ არასრულწლოვანი ბავშვი ცხოვრობს დედასთან, ნ----- ნ---–--ესთან. საქმეში არსებული მასალებით, მოსარჩელე ნ----- ნ---–--ე დასაქმებულია და მას აქვს სტაბილური მატერიალური შემოსავალი. მისი ყოველთვიური შემოსავალი საშუალოდ 1000 ლარია.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ არასრულწლოვანი, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, საჭიროებს განსაკუთრებულ დაცვასა და მზრუნველობას. არასრულწლოვანის აღზრდა და მის კეთილდღეობაზე ზრუნვა უპირველესად მშობლების ვალდებულებას წარმოადგენს. დადგენილია შეგებებულ სარჩელში მოპასუხე ო----- წ---–-----ის მატერიალური მდგომარეობა, იგი არის შპს „ბაზისის“ დირექტორი და მისი შემოსავალიც მისივე განმარტებით არის ყოველთვიურად 1000 ლარი. საწინააღმდეგო სახის მტკიცებულება საქმეზე წარმოდგენილი არ არის. ამასთან, საქმის მასალებით არ დასტურდება მოპასუხე ო----- წ---–-----ის მიერ არასრულწლოვანი ბავშვისათვის მატერიალური დახმარების ფაქტი. მოპასუხის კმაყოფაზე სხვა პირი არ იმყოფება.

 

ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მშობლის შესაძლებლობები ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ო----- წ---–-----ე თავს არ არიდებს შვილზე ზრუნვის ვალდებულებას, თუმცა შესაგებლით განმარტავს, რომ იგი თანახმაა გადაიხადოს ალიმენტი ყოველთვიურად 100 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ არასრულწლოვანის აღზრდა-განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნაში ორივე მშობელი თანაბრად უნდა იღებდეს მონაწილეობას. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ არასრულწლოვანი ბავშვის აღზრდისათვის ასაკთან შესაბამისი საჭირო პირობები ზრდის ბავშვისათვის აუცილებელ ხარჯს. სასამართლო იზიარებს მშობელთა მხრიდან ბავშვზე მაქსიმალური ზრუნვის დანაწესს, მაგრამ ეს უკანასკნელი უნდა განისაზღვროს მშობელთა მატერიალური შემოსავლების, ყოველთვიური ხარჯისა და არასრულწლოვანი ბავშვის მდგომარეობის გათვალისწინებით. მშობლის უპირველესი ვალდებულებაა უზრუნველყოს თავისი შვილის მატერიალური კეთილდღეობა ბავშვის სრულწლოვანების ასაკის მიღწევამდე. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ არასრულწლოვანის აღზრდა-განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნაში ორივე მშობელი თანაბრად უნდა იღებდეს მონაწილეობას. აღსანიშნავია ისიც, რომ მშობლის ფინანსური მდგომარეობა ბავშვის მოთხოვნილებებს არ ამცირებს. სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ საარსებო მინიმუმის კომპონენტების გათვალისწინებით, რაც აუცილებელი მინიმალური ნორმატივია ადამიანის არსებობისთვის, ბავშვის რჩენის თანხაც მასვე უნდა შეესაბამებოდეს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.

 

საქმეზე დადგენილი ზემოთაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, არასრულწლოვანი ბავშვის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა, რომელიც უნდა დაეკისროს მოპასუხე ო----- წ---–-----ეს არასრულწლოვანი შვილის, 2013 წლის 14 დეკემბერს დაბადებული თ---–- წ---–-----ის სასარგებლოდ, იქნება თვეში 200 ლარი.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული.

 

მოცემულ შემთხვევაში ო----- წ---–-----ის მიერ სარჩელზე განქორწინების ნაწილში წინასწარ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟის სახით 50 ლარი, ხოლო ბავშვთან ურთიერთობის წესის დადგენის ნაწილში გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარი. ამასთან დადგენილია, რომ ქორწინების შეწყვეტის მოთხოვნის ნაწილში მოპასუხე ნ----- ნ---–--ემ სარჩელი ცნო სასამართლოს მთავარ სხდომამდე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხე ნ----- ნ---–--ემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო ქორწინების შეწყვეტის ნაწილში და მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, ამიტომ ო----- წ---–-----ეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს 16.05.2018წ. სს „თიბისი ბანკში“ #1 საგადახდო დავალების საფუძველზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარი. ამასთან ნ----- ნ---–--ეს უნდა დაეკისროს ო----- წ---–-----ის სასარგებლოდ მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 100 ლარის ოდენობით.

 

8.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები – არასრულწლოვანთა უფლებების დარღვევასთან დაკავშირებულ სარჩელებზე. ამავე მუხლის მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლებიან ასევე მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე. შესაბამისად, მოსარჩელე ნ----- ნ---–--ე (შეგებებული სარჩელით) გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით. შესაბამისად, მოპასუხე ო----- ნ---–--ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 72 ლარის გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 46-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364, 369-ე მუხლით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ო----- წ---–-----ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. შეწყდეს ო----- წ---–-----ეს და ნ----- ნ---–--ეს შორის 2005 წლის 12 მაისს რეგისტრირებული ქორწინება განქორწინებით.

 

3. არასრულწლოვანი თ---–- წ---–-----ე საცხოვრებლად დარჩეს დედასთან, ნ----- ნ---–--ესთან და დავალდებულდეს ნ----- ნ---–--ე ხელი არ შეუშალოს ო----- წ---–-----ეს არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობაში.

 

4. განესაზღვროს ო----- წ---–-----ეს არასრულწლოვან შვილთან, თ---–- წ---–-----ესთან (დაბადებული 2013 წლის 14 დეკემბერს) ურთიერთობისათვის დროის მონაკვეთი, შემდეგი წესით:

 

4.1. სასამართლო გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი წლის განმავლობაში, ყოველი კვირის შაბათ 11:00 საათიდან 19:00 საათამდე და კვირას 11:00 საათიდან 19:00 საათამდე წაყვანის უფლებითა და დედასთან დაბრუნების ვალდებულებით, ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით;

 

4.2. სასამართლო გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი წლის შემდეგ, ყოველი კვირის შაბათ 11:00 საათიდან კვირას 19:00 საათამდე, წაყვანის, ღამით დარჩენის უფლებითა და დედასთან დაბრუნების ვალდებულებით, ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით;

 

4.3. სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ორი წლის შემდეგ, 4.2. პუნქტით დადგენილ წესს დაემატოს ზამთრის არდადეგების პერიოდში მეორე ნახევარი - 1 კვირა და ზაფხულის არდადეგების პერიოდში ივლისის თვის მეორე ნახევარი-3 კვირა, წაყვანის, ღამით დარჩენის უფლებითა და დედასთან დაბრუნების ვალდებულებით, ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით.

4.4. ნ----- ნ---–--ეს დაეკისროს ო----- წ---–-----ის სასარგებლოდ 100 ლარის გადახდა მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

5. ნ----- ნ---–--ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

5.1. ო----- წ---–-----ეს დაეკისროს ალიმენტის გადახდა არასრულწლოვანი შვილის, თ---–- წ---–-----ის (დაბადებული 2013 წლის 14 დეკემბერს) სასარგებლოდ, ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობით, შეგებებული სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2018 წლის 31 ოქტომბრიდან, ბავშვის სრულწლოვანებამდე.

 

6. ო----- წ---–-----ეს დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელზე 2018 წლის 16 მაისს სს ,,თიბისი ბანკში“ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა 50 (ორმოცდაათი) ლარი (ანგარიშის N300773150, ბანკის კოდი TRESGE22).

 

7. მოპასუხე ო----- წ---–-----ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 72 ლარის ოდენობით.

 

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე