გადაწყვეტილება

სამოქალაქო 07.10.2019
საქმის ნომერი
190210017002192271
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
07.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/2668-2017

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

7.10.2019 წ ქ. რუსთავი

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი

სხდომის მდივანი თამარ კობაიძე

მოსარჩელე ჭ------ ნ------ე

მოპასუხე შპს ”გ-------–--–-+”

წარმომადგენლები თამაზ ჯალიაშვილი, დარეჯან ბუცხრიკიძე

დავის საგანი ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. შპს ”გ-------–--–-+სათვის“ 42 500 აშშ დოლარის დაკისრება;

(18.09.2019წ სხდომის ოქმი)

 

სარჩელის გარემოებები:

 

2015 წლის წლის 14 აგვისტოს შპს გ-------–--–- +“-ის დირექტორთან ზ------ ფ--------ესთან გააფორმა შეთანხმება, რომელიც დამტკიცდა ,,საზოგადოების" 2015 წლის 15 დეკემბრის პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით. ამ გადაწყვეტილების საფუძველზე ჭ------ ნ------ემ ,,საზოგადოებაში" მისი კუთვნილი 24% წილი 184 000 ლარად და 29 200 აშშ დოლარად მიჰყიდა ზ------ ფ--------ეს. ამავე გადაწყვეტილებით ჭ------ ნ------ეს შესაძლო და მიუღებელი დივიდენდების ანგარიშში უნდა გადასცემოდა საზოგადოების საკუთრებაში არსებული 42 500 აშშ დოლარად შეფასებული ზეთის სახდელი დანადგარი, რომელიც აღმოჩნდა უფლებრივად ნაკლოვანი. ნაკლის გამო დანადგარის გადაცემა მოსარჩელისათვის შეუძლებელი აღმოჩნდა. გარიგების დადების დროისთვის ზეთის სახდელი დანადგარი დატვირთული იყო იპოთეკით მოპასუხის მიერ, რომლის შესახებაც ცნობილი არ იყო ჭ------ ნ------ისთვის. ამის შესახებ მოსარჩელემ შეიტყო გარიგების დადების შემდეგ გარკვეული დროის გასვლის შემდგომ. ზეთის სახდელი დანადგარის მიმართ მესამე პირს ირანულ კომპანიას ,,ქეიჰან მიმი საბზის" გააჩნია პრეტენზია, როგორც მის მესაკუთრეს. დანადგარი 2012 წლის 24 სექტემბერს შპს სადაზღვევო კომოანია ,,არდი ჯგუფი" სა და ,,საზოგადოებას" შორის დადებული 2013 წლის 28 მარტის გირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე ყოფილა დატვირთული გირავნობით აღნიშნული კომპანიის მიმართ ,,საზოგადოების" ვალდებულების უზრუნველსაყოფად.

 

შეთანხმების დადების დროისათვის დანადგარი უფლებრივად ნაკლის მქონე იყო, რის გამოც ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება შეუძლებელია. ნივთის ნაკლი ცნობილი იყო მოპასუხისთვის და დაუმალა მოსარჩელეს. მორიგების პირობის შეუსრულებლობის გამო განიცადა ზიანი მიუღებელი შემოსავლის სახით. დივიდენდის მიღების სანაცვლოდ იმიტომ მოითხოვა დანადგარის საკუთრებაში გადაცემა, რომ მიმდინარე პერიოდისათვის მას დაგეგმილი ჰქონდა ამ დანადგარის მეშვეობით საკუთარი ეკონომიკური საქმიანობის დაწყება. ამისთვის მან მონათესავე ეკონომიკური საქმიანობის მონათესავე სუბიექტთან დადო მომსახურების ხელშეკრულება და ერთობლივი რესურსებით მოეწყო ტერიტორია და სამუშაო შესაბამისობაში იქნა მოყვანილი საწარმოს შენობა ნაგებობა. 2015 წლის 15 ნოემბერს ხელშეკრულება გააფორმა გიორგი გოგატიშვილთან მომსახურების თაობაზე. აღნიშნული ხელშეკრულების მიხედვით მოსარჩელე სარგებლობაში გადასცემდა ზეთის სახდელს დანადგარს გიორგი გოგატიშვილს, რომელიც თავის მხრივ ამ დანადგარის მეშვეობით გააფართოებდა თავის ბიზნესის წარმოების მოცულობას, რომელიც ანალოგიური პროდუქტის შექმნას ემსახურება და ყოველდღიურად გადაამუშავებდა 5 ტონა ზეთს. მოსარჩელეს ყოველ გადამუშავებულ ტონაზე შემოსავლის სახით უნდა მიეღო 100 ლარი და ვინაიდან ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2 წლით იყო განსაზღვრული, შემოსავლის სახით მას ყოველდღიურად უნდა მიეღო 500 ლარი, რომელიც 22 სამუშაო დღეში ყოველთვიურად შეადგენს 11 000 ლარს, ხოლო 24 თვის განმავლობაში კი 264 000 ლარს. გარდა ამისა, ხელშეკრულებაში გათვალისწინებული იყო, რომ დანადგარის გამოსასყიდად გიორგი გოგატიშვილს უნდა გადაეხადა ყოველდღიურად 6500 აშშ დოლარი, რაც ორი წლის განმავლობაში შეადგენდა 156 000 აშშ დოლარს. ამდენად დასახელებული ხელშეკრულების მიხედვით მოსარჩელემ ვერ მიიღო შემოსავალი, რომელიც უნდა მიეღო, თუ მოპასუხე მას გადასცემდა ზეთის სახდელ დანადგარს. საბოლოოდ მიუღებელი შემოსავლით ზიანი მიადგა მოსარჩელეს, რომელიც შედგება 2012-2015 წლების მიუღებელი დივიდენდების ოდენობისაგან, რომელიც სავარაუდოდ შეადგენდა 450 000 ლარს, ასევე მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიუღებელი შემოსავალია 264 000 ლარი და 156 000 აშშ დოლარი. ჯამურად დასახელებული თანხები დაახლოებით შეადგენს 1. 133640 ლარს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

შპს ”გ-------–--–-+” სარჩელს არ ცნობს შემდეგი გარემოებების გამო:

 

შეთანხმებაში მითითებული ზეთის სახდელი დანადგარი საქართველოში შემოტანილია ირანის რესპუბლიკიდან 2011 წელს და მას შემდეგ დგას შპს გ-------–--–-+“-ის ტერიტორიაზე. დანადგარს პრაქტიკულად არ უმუშავია, შესაძლოა მხოლოდ საცდელად ამუშავდა. ჭ------ ნ------ე იყო შპს გ-------–--–-+“-ის ერთერთი პარტნიორი და მისი მონაწილეობით მოხდა დანადგარის საქართველოში ჩამოტანა და გ-------–--–-+“-ის ტერიტორიაზე განთავსება. შპს გ-------–--–-+“-ისთვის არავის განუცხადებია პრეტენზია დანადგარის საკუთრებაზე. შპს „გ-------–--–-+“ მზადაა შეასრულოს შეთანხმება და მოსარჩელეს გადასცეს დანადგარი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2015 წლის 14 აგვისტოს შპს გ-------–--–-+“-ის პარტნიორებს ზ------ ფ--------ესა და ჭ------ ნ------ეს შორის წერილობით დაიდო აქტი პარტნიორთა მორიგების თაობაზე, რომლითაც ჭ------ ნ------ემ თანხმობა განაცხადა შპს გ-------–--–-+“-ში 25% წილის გადაცემაზე ასევე შპს „გ-------–--–-+“-ის პარტნიორის ზ------ ფ--------ის საკუთრებაში. წილის დათმობის სანაცვლოდ ზ------ ფ--------ემ, როგორც საზოგადოების დირექტორმა უარი განაცხადა ჭ------ ნ------ის მიერ 184 000 ლარის დავალიანების გადახდის მოთხოვნაზე, რომელიც მორიგების მიზნებიდან გამომდინარე განხილულია სასესხო ურთიერთობად სარგებლის გარეშე. შპს „გ-------–--–-+“-ის მიერ ჭ------ ნ------ის მიერ ჭ------ ნ------ის ინტერესებში დაფარული საბანკო სესხის 29 200 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში გაიქვითება ჭ------ ნ------ის სასარგებლოდ მორიგების საფუძველზე ზ------ ფ--------ისათვის 25%-იანი წილის დათმობის ანგარიშში და ნაწილობრივად მის სანაცვლოდ; შეთანხმების მე-5 პუნქტის მიხედვით, შპს „გ-------–--–-+“-ის დირექტორი ზ------ ფ--------ე შესაძლო მიუღებელი დივიდენდის ანგარიშში ჭ------ ნ------ეს გადასცემს ტექნიკური ზეთის სახდელ დანადგარს საბალანსო ღირებულებით 42 500 აშშ დოლარის ექვივალენტით ლარში. დანადგარის დემონტაჟისა და ტრანსპორტირების ხარჯების გაწევა იკისრა ჭაბუკა ნ------ემ. ხელშეკრულების მე-6 პუნქტის მიხედვით, ზ------ ფ--------ემ იკისრა ჭ------ ნ------ისათვის ორ ეტაპად 35 000 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება, საიდანაც 20 000 აშშ დოლარის გადახდის ვადაა 2015 წლის 15 სექტემბრამდე, ხოლო 15 000 აშშ დოლარის გადახდის ვადა- 2015 წლის 31 დეკემბრამდე; ხელშეკრულების მე-5 პუნქტის შესრულების მიზნით ტექნიკური ზეთის სახელი დანადგარის გადაცემას შპს „გ-------–--–-+ “ უზრუნველყოფს 2015 წლის 15 ნოემბრამდე ჩათვლით, რაც ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტით. ხელშეკრულების მე-8 პუნქტის მიხედვით, 20 000 აშშ დოლარის გადახდის თანადროულად ფორმდება სანოტარო წესით ხელშეკრულება გადახდის გადადებით წილის ნასყიდობის შესახებ და ჭ------ ნ------ის 25% წილზე რეგისტრირდება შესაბამისი აკრძალვა და შეზღუდვები წილის განკარგვისა და რაიმე ვალდებულების სანაცვლოდ მის მიერ უფლებრივი დატვირთვის აკრძალვაზე. თანხის სრულად გადახდისთანავე ჭ------ ნ------ის 25%-ინი წილი შპს „გზატკევილი+“-ში უპირობოდ გაუფორმდება ზ------ ფ--------ეს.

მითითებული შეთანხმება მოწონებულია შპს გ-------–--–-+“-ის პარტნიორთა კრების მიერ 2015 წლის 14 სექტემბერს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შეთანხმების ასლი (ს.ფ.38-41. ტომი 1)

- კრების ოქმის ასლი (ს.ფ 43-46. ტომი 1)

 

3.1.2. 2015 წლის 23 დეკემბერს შპს „გ-------–--–-+“-სსა და ჭ------ ნ------ეს შორის წერილობით გაფორმებულია ხელშეკრულება ზეთის გამოსახდელი დანადგარის ნივთობრივად (ნატურით) გადაცემის შესახებ, რომლის 2.4 პუნქტის მიხედვით, ქონების დემონტაჟისა და ტრანსპორტირებისათვის გათვალისწინებული ვადა არ შეიძლება აღემეტებოდეს 10 კალენდარულ დღეს ქონების მიმღების მხრივ შესაბამისი მიმართვის დღიდან. 2.5 პუნქტის მიხედვით, ქონების მიმღები ჭ------ ნ------ე ვალდებულია გადაცემული ქონების დემონტაჟი და ტრანსპორტირება განახორციელოს შპს „გ-------–--–-+“-ისათვის მიმართვიდან 10 დღის კალენდარული დღის ვადაში - 2016 წლის 25 დეკემბრამდე. 2015 წლის 14 აგვისტოს შეთანხმებაში მითითებული ზეთის სახდელი დანადგარი იმყოფება შპს გ-------–--–-+“-ის ტერიტორიაზე, იგი ფაქტობრივ მფლობელობაში გადაცემული ჭ------ ნ------ეს არა აქვს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მიღება-ჩაბარების აქტის ასლები (ს.ფ. 54-55. ტომი 1)

- სარჩელი (ს.ფ. 3-10. ტომი 1)

- შესაგებელი (ს.ფ. 153-157. ტომი 1)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. ირანულ კომპანიას ქეიჰან შიმი საბზ კო ზეთის გამოსახდელი დანადგარის საკუთრებაზე პრეტენზია განცხადებული არა აქვს.

 

2015 წლის 14 აგვისტოს შეთანხმებაში მითითებული ზეთის გამოსახდელი დანადგარი საქართველოში შემოტანილია 2011 წლის 9 აგვისტოს, რის თაობაზე საქმეში წარმოდგენილია 2011 წლის 9 აგვისტოს ინვოისი, რომლის მიხედვით, ტვირთiს გამომგზავნია ირანული კომპანიია „ქეიჰან შიმისაბზ კო“, ხოლო მიმღები შპს გ-------–--–-+“. ტვირთი არის ნავთობის გადამამუშავებელი მეორადი მანქანა წონით 5840 კილოგრამი.

 

მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია კომპანიის „ქეიჰან შიმი საბზ“ წარმომადგენლის ყავამ მასუმის 2 წერილის ასლები, რომელთა ქართულ ენაზე თარგმანი სანოტარო წესით დამოწმებულია 2016 წლის 4 ივლისს. წერილების ადრესატია შპს გ-------–--–-+. წერილებში მათი გამოგზავნის ან შედგენის თარიღი მითითებული არ არის.

 

ორივე წერილის რეგისტრაციის ნომერია 1087. ერთ წერილი შემდეგი შინაარსისაა- „ მე ყავამ მასუმიმ, კომპანიის„ქეიჰან შიმი საბზ“ წარმომადგენელმა 2011 წლის 14 ივლისს ირანიდან საქართველოში ქალაქ რუსთავში შემოვიტანე მეორადი ძრავის ზეთების (ნამუშევარი ზეთების) გამფილტრავი დანადგარები და ზეთის შესაცვლელი აპარატები და დავამონტაჟე თქვენი კომპანიის კუთვნილ ასფალტის ქარხნის ტერიტორიაზე, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო ვერ შევძელით აღნიშნული დანადგარით სარგებლობა და საქმიანობის წამოწყება. ამდენად, მოგმართავთ თხოვნით, მოგვცეთ სამი თვე ვადა, რომ აღნიშნული დანადგარები სხვა ადგილზე გადავიტანოთ. ამასთან, თუკი ჩვენი კომპანიის შეუთანხმებლად მოხდება აღნიშნული დანადგარის სხვა ადგილას გადატანა, ანდა გაყიდვა, იძულებული ვიქნებით საკუთარი უფლებების დაცვის მიზნით მივმართოთ საქართველოს უზენაეს სასამართლოს საჩივრით.

 

მეორე წერილი შემდეგი შინაარსისაა - „მე ყავამ მასუმ კომპანიის „ქეიჰან შიმი საბზ“ წარმომადგენლმა 2011 წლის 14 ივლისს ირანიდან საქართველოში, ქალაქ რუსთავში შემოვიტანე მეორადი ძრავის ზეთების გამფილტრავი დანადგარები და ზეთის შესაცვლელი აპარატები და დავამონტაჟე თქვენი კომპანიის კუთვნილ ასფალტის ქარხნის ტეროტორიაზე, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო ვერ შევძელი აღნიშნული დანადგარებით სარგებლობა და საქმიანობის წამოწყება. ამდენად, მოგმართავთ თხოვნით, მოგვცეთ სამი თვე, რომ აღნიშნული დანადგარები სხვა ადგილზე გადავიტანოთ.

 

მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ამ წერილებზე არ არის მითითებული თარიღი. წერილების ადრესატია შპს „გ-------–--–-+“, მაგრამ მოპასუხისათვის ამ წერილების გაგზავნის მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სადაო სამართლებრივი ურთიერთობის სწორი სამართლებრივი კვალიფიკაციისათვის პირველ ყოვლისა უნდა განისაზღვროს რომელ მხარეს ეკისრება ნივთის უფლებრივი ნაკლის დადასტურება.

 

უფლებრივი ნაკლი წარმოშობს მყიდველის მთელ რიგ მოთხოვნებს (ხელშეკრულების მოშლა, ნაკლის გამოსწორება, ზიანის ანაზღაურეა). ამ შემთხვევაში მოსარჩელე ზიანის ანაზღაურების დაკისრებას მოითხოვს, რის გამო მისი მტკიცების საგანში მოთხოვნის წარმომშობი გარემოებების არსებობის დასაბუთება, ნასყიდობის ურთიერთობაში გამყიდველს ეკისრება უფლებრივი ნაკლის არ არსებობის მტკიცების ტვირთი ნივთის გადაცემამდე. მიიღო თუ არა მყიდველმა ნივთი, როგორც შესრულება, დგინდება საკუთრების უფლების გადაცემის მომენტის შესაბამისად. კერძოდ, ნივთზე საკუთრების უფლების გადაცემის შემდეგ მყიდველს ეკისრება უფლებრივი ნაკლის არსებობის შესახებ მტკიცების ტვირთი. ფაქტობრივი გადაცემა არ არის საკმარისი მკტიცების ტვირთის მყიდველზე გადასვლისათვის(იხ. სამოქალაქო კოდექსის 489-ე მუხლის კომენტარი www. gccc.ge).

 

ამ შემთხვევაში სადაო დანადგარის მყიდველია ჭ------ ნ------ე, დივიდენდის სანაცვლოდ მას უნდა მიეღო ნივთი, რის გამოც მას ეკისრება ნივთზე მესამე პირის პრეტენზიასთან დაკავშირებული ფაქტების დასაბუთების ვალდებულება.

 

სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რომლის თანახმად, მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლი).

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოებაში მოქმედებს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტურის განაწილების სტანდარტი, რომლის თანახმადაც, მტკიცების ტვირთი იმგვარად უნდა განაწილდეს, რომ მხარეს დაეკისროს იმ ფაქტის დამტკიცება, რომლის მტკიცება მისთვის ობიექტურად შესაძლებელია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით მტკიცების ტვირთი აწევს იმ მხარეს, ვინც მითითებულ ფაქტებზე ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს.

 

შეჯიბრებითობის პრინციპი მხარეებს აკისრებს მტკიცებულების წარმოდგენის საპროცესო მოვალეობას, რადგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლიდან, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამდენად, მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განხორციელდეს.

 

მესამე პირის - ირანული კომპანიის პრეტენზიის წარმოშობის საფუძვლების შესახებ საქმეში წარმოდგენილია მითითებული წერილების ასლები, რომლებითაც არ დასტურდება თუ რას ეფუძნება პრეტენზია, შპს გ-------–--–-+“-თან რა შეთანხმების საფუძველზე წარმოეშვა მას უფლება სადაო დანადგარზე. ამასთან, წერილებში მკაფიოდ და გარკვევით არ არის მითითებული დანადგარზე რა უფლების გადაცემას ითხოვს კომპანია.

 

მოსარჩელემ მესამე პირის უფლებების დასადასტურებლად მოითხოვა მოწმედ ბახმან ისკანდაროვის დაკითხვა, რომელიც მოსარჩელისავე მიერ წარმოდგენილი 2019 წლის 15 სექტემბრის მინდობილობის თანახმად, არის არის ყავამ მასული გუნიქანის წარმომადგენელი. საქმეში წარმოდგენილია ასევე 2015 წლის 26 ნოემბერს გაცემული მინდობილობა რომლის თანახმად, კომპანიის ქეიჰან შიმი საბზ (რეგისტრაციის N1087) დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი (თარგმანში ვინაობა მითითებული არ არის) უფლებამოსილებას ანიჭებს ყავამ მასუმი გუნეიქანს, რაიმის ძეს, მოითხოვოს ზეთის გამფილტრავი დანადგარის წამოღება შპს „გ-------–--–-+“-ისაგან და ამ საკითხზე აწარმოს საქმე სასამართლოში და საგამოძიებო ორგანოებში. ირანის ისლამური რესპუბლის ფარსაბადის N39 სანოტარო ბიუროს იერ გაცემული ცნობის მიხედვით, ირანში კოოპერატიული საზოგადოების „ქეიჰან შმი საბზ“ დირექტორია მეჰდი მოაზამი თაიეფე აჯირლუ, რომლის მინდობილი პირია ყავამ მასუმი გუნეიქანდი.

 

ამდენად, ირანული კომპანიის წარმომადგენელია ყავამ მასუმი გუნიქანდი, რომლის მიერ შედგენილი წერილები ერთვის სარჩელს, ხოლო ბახმან ისკანდაროვი არის მისი წარმომადგენელი.

 

ბამან ისკანდაროვი საქმის გარემოებების შესახებ ინფორმირებულია მისი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ფარგლებში, რადგან მოსარჩელეს არ მიუთითებია, რომ ეს პიროვნება მონაწილეობდა ირანულ კომპანიასა და შპს გ-------–--–-+“-სა შორის შეთანხმების დადებაში. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 141-ე მუხლის „გ“ პუნქტის საფუძველზე წარმომადგენლის მოწმედ დაკითხვა არ დაიშვება. მოწმედ მითითებული პირი შპს „გ-------–--–-+“-თან სამართლებრივი ურთიერთობის დამყარებისას არ მოქმედებდა როგორც მხარის წარმომადგენელი, რის გამო მისი დაკითვა არც სსს143-ე მუხლის საფუძველზეა შესაძლებელი.

 

შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე მხარე თავად განსაზღვრავს რა ფაქტები მიუთითოს და რა მტკიცებულებები წარმოადგინოს ამ ფაქტების დასადასტურებლად. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით რა დასტურდება, თუ რა შეთანხმება დაიდო მესამე პირსა და შპს გ-------–--–-+“-სს შორის, რომლის საფუძველზეც მესამე პირის წარმოეშვა ნივთზე მართლზომიერი უფლებები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2015 წლის 26 ნოემბრის მინდობილობის და ამონაწერის ასლი (ს.ფ. 79-84. ტომი 1)

- 2019 წლის 15 სექტემბერის მინდობილობის ასლი (ს.ფ. 178-180. ტომი 1)

- წერილების ასლები (ს.ფ. 62-67. ტომი 1)

- ინვოისის ასლი (ს.ფ. 48-50. ტომი 1)

 

III სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

მესამე პირის პრეტენზიის წარმოშობის საფუძვლები დაუსაბუთებელი, რის გამოც მყიდველის მოთხოვნა უფლებრივი ნაკლის გამო ზიანის ანაზღაურების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

 

საქმის სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ გამოიყენა შემდეგი ნორმები:

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე, 521-ე, 487-ე, 489-ე, 494-ე, 490-ე, 491-ე, 492-ე, 352-ე, 405-ე მუხლი

- მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის 31-ე და 32-ე მუხლი

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

მხარეებს შორის დადებული შეთანხმება თავისი არსით არის საზოგადოებიდან პარტნიორის გასვლის შესახებ შეთანხმება, რადგან შეთანხმებით გათვალისწინებულია შპს «გ-------–--–-+“-ში ჭ------ ნ------ის წილის მეორე პარტნიორის ზ------ ფ--------ისათვის საკუთრებაში გადაცემის პირობები.

 

“მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მიხედვით, 1. პარტნიორის საზოგადოებიდან გასვლის წესი განისაზღვრება საწარმოს წესდებით, ამ კანონის 144 მუხლის მე-6 და მე-8 პუნქტებით დადგენილი წესების გათვალისწინებით. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის 1. საზოგადოებიდან პარტნიორის გასვლის შემთხვევაში მისი წილი საზოგადოების ქონებაში ნაწილდება სხვა დანარჩენ პარტნიორებზე. 2. დანარჩენი პარტნიორები ვალდებული არიან, საზოგადოებიდან გამსვლელი პარტნიორი გაათავისუფლონ საზოგადოების ვალებისაგან და გადაუხადონ ის, რასაც იგი საზოგადოების ლიკვიდაციის შემთხვევაში მიიღებდა.

 

მხარეებს შორის დადებული შეთანხმების მე-5 პუნქტით გათვალისწინებულია დივიდენდის ანგარიშში საზოგადოებიდან გამსვლელი პარტნიორისათვის საკუთრებაში მოძრავი ნივთის გადაცემა და თანხის გადახდა ჯამურად 35 000 აშშ დოლარის ოდენობით.

 

ამდენად, შეთანხმებით გათვალისწინებულია ჭ------ ნ------ისათვის წილის სანაცვლოდ თანხის გადახდა და ნივთის გადაცემა, რის გამოც ეს შეთანხმება ნასყიდობის შინაარსის მქონეა, წილის გადაცემის სანაცვლოდ ქონების მიღებაა გათვალისწინებული და დავის გადაწყვეტისათვის ნასყიდობის წესები უნდა იქნას გამოყენებული.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად, 1. ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. 2. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 521-ე მუხლის მიხედვით, 1. გაცვლის ხელშეკრულებით მხარეებს ეკისრებათ ქონებაზე საკუთრების უფლების ურთიერთგადაცემა. 2. გაცვლის ხელშეკრულების ყოველი მხარე ითვლება იმ ქონების გამყიდველად,რასაც ცვლის, და იმის მყიდველად, რასაც სანაცვლოდ იღებს. 523-ე მუხლის მიხედვით, გაცვლის ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება ნასყიდობის შესაბამისი წესები

 

ამდენად, ნასყიდობის ხელშეკრულების არსია გამყიდველისათვის ქონებაზე საკუთრების უფლების გადაცემა, ქონების და მასთან დაკავშირებული საბუთების მიწოდება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 487-ე მუხლის მიხედვით, გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო ნივთი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 489-ე მუხლის მიხედვით, 1. ნივთი უფლებრივად უნაკლოა, თუ მესამე პირს არ შეუძლია განუცხადოს მყიდველს პრეტენზია თავისი უფლებების გამო. 2. უფლებრივ ნაკლს უთანაბრდება, თუ საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია არარსებული უფლება.

 

ამდენად, გამყიდველის მთავარი ვალდებულებაა მყიდველს გადასცეს ნაკლის არმქონე ნივთი. შესაბამისად, ნაკლიანი ნივთის გადაცემა მყიდველის მხრიდან ნასყიდობის ხელშეკრულების არსებითი დარღვევაა.

 

განსახილველი დავა შეეხება მოძრავ ნივთზე საკუთრების უფლების გადაცემის შესახებ შეთანხმებას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლით რეგულირებულია მოძრავი ნივთის შეძენის წესი და დადგენილია, რომ საკუთრების გადასაცემად აუცილებელია მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი. ნორმის მე-2 ნაწილის მიხედვით, ნივთზე საკუთრების გადაცემისათვის აუცილებელია შემძენისათვის ნივთის ჩაბარება პირდაპირ მფლობელობაში; არაპირდაპირი მფლობელობის გადაცემა ხელშეკრულებით, რომლის დროსაც წინა მესაკუთრე შეიძლება დარჩეს პირდაპირ მფლობელად; მესაკუთრის მიერ შემძენისათვის მესამე პირისაგან მფლობელობის მოთხოვნის უფლების მინიჭება.

 

„კანონმდებელი ნივთის უფლებრივი ნაკლის არსებობას უკავშირებს ისეთ გარემოებას, როდესაც მესამე პირს გასასხვისებელი ნივთის მიმართ თავისი სანივთო ან ვალდებულებითი სახის უფლება გააჩნია. შესაბამისად, ნამდვილი მესაკუთრის უფლების რეალიზაცია იწვევს შემძენის უფლებათა შეზღუდვას, თავისუფლად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს შეძენილ ნივთს და იმავდროულად წარმოშობს გამყიდველის პასუხისმგებლობის საფუძვლებს. (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 12 დეკემბრის განჩინება, საქმე №ას-24-22-2013)

 

მოსარჩელე მოითხოვს ნასყიდობის საგნის უფლებრივი ნაკლის გამო ზიანის ანაზღაურებას, რადგან მოითხოვს ქონების ღირებულების ანაზღაურებას. ამ მოთხოვნის საფუძველი კი არის სამოქალაქო კოდექსის 494-ე მუხლი. ამ ნორმის თანახმად, 1. ნივთის ნაკლით ან ხელშეკრულებით განსაზღვრული სხვა პირობების დარღვევით მიყენებული ზიანი ანაზღაურდება ზოგადი წესების მიხედვით. 2. მყიდველს არ წარმოეშობა უფლებები ნივთის ნაკლის გამო, თუ ხელშეკრულების დადების მომენტში მან იცოდა ამის შესახებ.

 

ნივთის ნაკლის გამო ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის შემთხვევაში უნდა დადასტურდეს შემდეგი გარემოებები: კერძოდ, მხარეთა შორის დადებული უნდა იყოს ნასყიდობის ხელშეკრულება (განსახილველ შემთხვევაში გაცვლის ხელშეკრულება), გამყიდველს მყიდველისათვის უნდა ჰქონდეს გადაცემული უფლებრივად ნაკლიანი ნივთი (გასხვისებული ნივთის ნამდვილი მესაკუთრეა მესამე პირი), სახეზე უნდა იყოს ნაკლით გამოწვეული ზიანი (მესამე პირის პრეტენზიის წარდგენის გამო, შემძენს ჩამოერთვა ნივთი, რის გამოც სახეზეა მოსარჩელის ქონებრივი დანაკლისი). დასახელებული შემადგენლობიდან რომელიმე ელემენტის არარსებობა გამორიცხავს იმ სამართლებრივი შედეგის დადგომას, რომლის მიღწევაც მოსარჩელეს სურს. (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 12 დეკემბერი განჩინება საქმე №ას-24-22-2013წ)

 

სასამართლოს მიაჩია, რომ უფლებრივი ნაკლის გამო ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა დასაშვებია იმ შემთხვევაშიც, თუ უფლებრივი ნაკლის გამო დაინტერესებული პირს დაკარგული აქვს ნივთის საკუთრებაში მიღების ინტერესი, რადგან არსებობს მესამე პირის პრეტენზიის საფუძველზე ნივთზე საკუთრების უფლების ჩამორთმევის საფრთხე. ნაკლი სახეზეა მიუხედავად იმისა, მისი არსებობა შემძენს აბრკოლებს თუ არა მოცემულ მომენტში ცალკეული უფლებების რეალიზებაში. ამასთანავე უმნიშვნელოა, აპირებს თუ არა მოთხოვნის მფლობელი აღნიშნული უფლების რეალიზებას, გადამწყვეტია, რომ მას შესაბამისი უფლების განხორციელება შეუძლია. უფლებრივი ნაკლი სახეზეა, შესაბამისად, მაშინაც, თუ ის მესაკუთრეს კონკრეტული უფლების გამოყენებაში ხელს არ უშლის (489-ე მუხლის კომენტარი www,gccc,ge).

 

ამდენად, ნაკლის გამო წარმოშობილი მოთხოვნებისათვის განმსაზღვრელია, რომ უფლებრივი ნაკლი საკუთრების უფლების გადაცემის მომენტისათვის წარმოშობილი იყოს.

 

სამოქალაქო კოდექსი მყიდველს ნივთის ნაკლის გამო რამოდენიმე მოთხოვნის უფლებას ანიჭებს. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 490-ე მუხლით გათვალისწინებულია ნაკლიანი ნივთის გაყიდვის შემთხვევაში მყიდველის ვალდებულება გამოასწოროს ნაკლი საკუთარი ხარჯებით. 491-ე მუხლის მიხედვით, 1. მყიდველს შეუძლია ნივთის ნაკლის გამო მოითხოვოს ხელშეკრულების მოშლა 352-ე მუხლის მიხედვით. 2. გამყიდველმა უნდა აუნაზღაუროს მყიდველს გაწეული დანახარჯები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 492-ე მუხლის მიხედვით, თუ მყიდველი არ ითხოვს ნივთის ნაკლის გამოსწორებას ან ახლით მის შეცვლას გამყიდველისათვის საამისოდ მიცემული ვადის გასვლის შემდეგ და არც ხელშეკრულების მოშლას, მას შეუძლია მოითხოვოს ფასის შემცირება იმ ოდენობით, რაც საჭიროა ნაკლის გამოსასწორებლად. მხედველობაში მიიღება ხელშეკრულების დადების მომენტისათვის არსებული ფასი. ნაკლის გამოსწორების მოთხოვნის უფლება მყიდველს აქვს როგორც ნივთობრივი, ისე უფლებრივი ნაკლის შემთხვევაში.

 

სამოქალაქო კოდექსის 491-ე მუხლი 352-ე მუხლის საფუძველზე ითვალისწინებს ნაკლის გამო ნასყიდობის ხელშეკრულების მოშლას, ხოლო 352-ე მუხლის დასათაურებულია როგორც ხელშეკრულებაზე უარი. 352-ე მუხლის მიხედვით, გათვალისწინებულია ხელშეკრულებიდან გასვლა, ხოლო ხელშეკრულების მოშლა არის გრძელვადიანი სახელშეკრულებო ურთიერთობის მოშლა, რომლის შემდეგ რესტიტუცია გათვალისწინებული არ არის. ამდენად, ხელშეკრულების მოშლა არის ხელშეკრულების სამომავლოდ გაუქმება რესტიტუციის გარეშე. ხელშეკრულებიდან გასვლა ხელშეკრულების მოშლისგან იმით განსახვავდება, რომ იგი ორმხრივ რესტიტუციას ითვალისწინებს. მოშლის შემთხვევაში სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტა ხდება სამომავლოდ, მიღებული შესრულების დაბრუნების გარეშე. სამოქალაქო კოდექსის 491-ე მუხლში გამოყენებული ტერმინი, ხელშეკრულების მოშლა, თავის არსით ხელშეკრულებიდან გასვლას გულისხმობს მასში მითითებული 352-ე მუხლის საფუძველზე.

 

ნაკლიანი ნივთის მიწოდების შემთხვევაში მყიდველმა უპირველესად ნაკლის გამოსწორება უნდა მოითხოვოს, ხოლო ამის შეუძლებლობის შემთხვევაში უფლებამოსილია მოითხოვოს ხელშეკრულებიდან გასვლა და ზიანის ანაზღაურება.

 

მოსარჩელე ნივთის ნაკლის გამო მოითხოვს ზიანის ანაზღაურებას, ამდენად, იგი შესრულების ნაცვლად ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს. შესრულების ნაცვლად ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა გულისხმობს შესრულების ინტერესის გამორიცხვას. ამ მოთხოვნის არჩევის შემთხვევაში, მყიდველი კარგავს შესრულების მოთხოვნის უფლებას და მის ნაცვლად ხდება შესრულების ინტერესის კომპენსაცია ფულადი სახით. შესრულების ნაცვლად ზიანის ანაზღაურება კი მხოლოდ ხელშეკრულებიდან გასვლის შედეგადაა განხორციელებადი.

 

352-ე მუხლის მიხედვით, 1. თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება). 405-ე მუხლით დადგენილია ვალდებულების დარღვევისათვის დამატებითი ვადის დაწესება. ამ ნორმის მე-2 ნაწილი ითვალისწინებს შემთხვევებს, როცა დამატებითოი ვადსი დაწესება აუცილებელი არ არის. ამ ნორმის „გ“ პუნქტის მიხედვით, დამატებით ვადის დაწესება აუცილებელი არ არის, თუ განსაკუთრებული საფუძვლებიდან გამომდინარე, ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით, გამართლებულია ხელშეკრულების დაუყოვნებლივ მოშლა. ეს მოთხოვნა მყიდველს წარმოეშობა იმ შემთხვევაში, როდესაც ხელშეკრულებიდან გასვლა არ ფარავს ზიანს, რომელიც მიადგა მყიდველს ვალდებულების დარღვევის შედეგად. ამდენად, ხელშეკრულებიდან გასვლასთან ერთად ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველი გამომდინარეობს 494-ე მუხლის, 407-ე მუხლის, 394-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 395-ე მუხლებიდან.

 

ნასყიდობის საგნის უფლებრივ ნაკლს წარმოშობს მასზე მესამე პირის სანივთო ან ვალდებულებით-სამართლებრივი ხასიათის მოთხოვნები, ხოლო ეს მოთხოვნები სამართლებრივად ნამდვილი საფუძვლებიდან უნდა გამომდინარეობდეს. ნაკლის გამო ზიანის ანაზღაურების დავაში მყიდველს (მოსარჩელეს) ეკისრება ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობის, ვალდებულების დარღვევის, ზიანისა და მისი მოცულობის, ასევე მიზეზობრივი კავშირის არსებობის მტკიცების ტვირთი.

 

მესამე პირის უფლებების არსებობის მტკიცების ტვირთი მყიდველს აწევს. ამ შემთხვევაში მოსარჩელის მტკიცების საგანში შედის იმის დადასტურება, თუ რა უფლებები გააჩნია ნივთზე მესამე პირს, რა სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველზეა წარმოშობილი მისი უფლება.

 

მოსარჩელის განმარტებით, მესამე პირი პრეტენზიას აცხადებს ნივთზე და შპს გ-------–--–-+-„საგან მოითხოვს დანადგარის გადაცემას, თუმცა საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან არ გამომდინარეობს რა სახის შეთანხმების საფუძველზე გადაეცა შპს „გ-------–--–-+“სს სადაო დანადგარი, რა ვალდებულება უნდა შეესრულებინა შპს “ გ-------–--–-+“სს, რომლის შეუსრულებლობის გამო მესამე პირი მოითხოვს დანადგარის მფლობელობაში გადაცემას. მოსარჩელის განმარტებებიდან გამომდინარე, შპს „გ-------–--–-+“-სსა და მესამე პირს შორის ერთობლივი საქმიანობის შესახებ ზეპირი შეთანხმება არსებობდა, თუმცა ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები წარმოდგენილი არ არის.

 

ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ გამყიდველმა შპს „გ-------–--–-+“მა არ შეასრულა ნაკლის არმქონე ნივთის გადაცემის ვალდებულება, რის გამოც მყიდველის მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. პროცესის ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო, მოსარჩელისათვის სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების საფუძველი არ არსებობს.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის შესაბამისად სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების და საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას. რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო უნდა გაუქმდეს ამ საქმეზე 2017 წლის 30 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 1991-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367ე, 369-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა:

 

1. არ დაკმაყოფილდეს ჭ------ ნ------ის სარჩელი;

 

2. მოსარჩელეს უარი ეთქვას სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურებაზე;

 

3. გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მოპასუხე შპს ,,გ-------–--–-+" -ს (ს/ნ 2--------) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - ქ-----------–-------------------ში მდებარე 25857 კვ.მ არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ასევე მასზე განლაგებულ შენობა ნაგებობების (საკადასტრო კოდით 0-----------) გასხვისება;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი