გადაწყვეტილება

სამოქალაქო 16.10.2019
საქმის ნომერი
190210017002019955
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
16.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/1574-2017

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

16.10.2019 წ. ქ. რუსთავი

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი

სხდომის მდივანი თამარ კობაიძე

მოსარჩელე შპს ”რ-------------------------ა”

წარმომადგენელი თეონა დიდებელი

მოპასუხე გ------- ხ---–--ე

დავის საგანი ავტომობილის პარკირების საფასურის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. შეწყდეს შპს რ-------------------------ასა და გ------- ხ---–--ეს შორის 2014 წლის 6 ივნისს დადებული ქირავნობის ხელშეკრულება ავტომობილის Subaru Imreza სახ ნომერი K------ პარკირების შესახებ;

1.2. გ------- ხ---–--ეს დაეკისროს შპს რ-------------------------ასათვის 2015 წლის 22 იანვრიდან 2017 წლის 7 ივლისამდე გადაუხდელი ავტომობილის პარკირების საფასურის 1437 ლარის გადახდა;

1.3. გ------- ხ---–--ეს დაეკისროს შპს რ-------------------------ასათვის 2017 წლის 8 ივლისიდან 2018 წლის 26 მარტამდე ყოველდღიურად 1 ლარის გადახდა;

1.4. გ------- ხ---–--ეს დაეკისროს შპს რ-------------------------ასათვის 2018 წლის 27 მარტიდან ყოველდღიურად 0,1 ლარის გადახდა გადაწყვეტილების აღსრულებამდე;

 

(ს.ფ. 305, სარჩელის დაზუსტების განცხადება

8.10.2019წ სხდომის ოქმი CD დისკი )

 

სარჩელის გარემოებები:

 

შპს ”რ-------------------------ა” (ავტობაზრობა AUTOPAPA) საქმიანობის საგანს წარმოადგენს ავტომობილების პარკირების მოსახურების გაწევა, მათთვის საპარკინგე ადგილოს გადაცემა, რათა პირებს შესაძლებლობა მიეცეთ განათავსონ ავტომობილები ავტობაზრობაზე სარეალიზაციოდ. მხარეებს შორის იდება ქირავნობის ხელშეკრულება, ხოლო გადასახდელი პარკირების საფასური დადგენილია შპს რ-------------------------ის დირექტორის ბრძანებით, რაც საჯაროდ განთავსებულია ავტობაზრობის ტერიტორიაზე და მის ვებგვერდზე. გ------- ხ---–--ემ ბაზრობის ტერიტორიაზე 201 წლის 6 ივნისს შემოიყვანა ავტომობილი Imreza სახ ნომერი K------, რომლის მესაკუთრე არის ლ------ ბ--–----ა. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 1 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით შპს რ-------------------------ას სარჩელი დაკმაყოფილდა და გ------- ხ---–--ეს დაეკისრა 2014 წლის 6 ივნისიდან 2015 წლის 21 იანვრის ჩათვლით გადაუხდელი საფასურის 2959 ლარის ანაზღაურება. ეს თანხა მოპასუხეს არ გადაუხდია და ავტომობილი ამ დრომდე ავტობაზრობას ტერიტორიაზეა. ავტომობილი ხანგრძლივი დროის მანძილზე იმყოფება ბაზრობის ტერიტორიაზე, რის გამოც ავტობაზრობამ მას შეუცვალა საპარკინგე ზონა და ამჟამად ყოველდღიური მინიმალური ტარიფის ზონაშია განთავსებული.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

გ------- ხ---–--ე სარჩელს არ ცნობს შემდეგი გარემოებების გამო:

ავტობაზრობასთან რამდენიმეწლიანი ურთიერთობა ჰქონდა, იგი ავტომობილების იმპორტს ახორციელებდა და ავტობაზრობის ტერიტორიაზე ერთდროიულად რამდენი ათეული ავტომობილი ჰქონდა განთავსებული და წერილობითი ხელშეკრულებას ჰქონდა დადებული, რომლის საფუძველზე მოსარჩელეს უხდიდა თანხას. ამ კონკრეტული ავტომობილის პარკირების საფასურიც შესაძლოა ამ თანხაში შედიოდა. ამჟამად დაპატიმრებულია, რის გამოც დოკუმენტაციაზე ხელი არ მიუწვდება და არც შემოსავალი აქვს თანხის გადასახდელად.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2014 წლის 6 ივნისს გ------- ხ---–--ემ ავტოსატრანსპორტო საშუალება Subaru Imreza სახ ნომერი K------ შეიყვანა შპს „რ-------------------------ის“ ტერიტორიაზე და მხარეთა შეთანხმების საფუძველზე ავტომობილი განათავსა N12b საპარკინგე ზონაში, 4 რიგში N1 ადგილზე

.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი (ს.ფ.3-7. ტომი 1)

- მოპასუხის განმარტება ( 8.10.2019წ სხდომის ოქმი CD დისკი )

 

3.1.2. შპს რ-------------------------ას დირექტორის 2014 8 მაისის N14/1 ბრძანებით N12b საპარკინგე ადგილზე 2014 წლის 6 ივნისისათვის განსაზღვრული იყო ყოველდღიურად 2 ლარი ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, ხოლო შაბათ კვირას - დღეში 20 ლარით. ბრძანების მიხედვით, დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში ყოველდღიური ტარიფი ორმაგდება. ავტობაზრობას დირექტორის 2014 წლის 6 აგვისტოს ბრძანებით პარკირების საფასური შეადგენს ყოველდღიურად 1 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ბრძანებების ასლები (ს.ფ 39-47, ტომი 1)

 

3.1.3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 1 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილა შპს რ-------------------------ას სარჩელი, გ------- ხ---–--ეს დაეკისრა შპს რ-------------------------ასათვის 2959 ლარის გადახდა, რაც არის 2014 წლის 6 ივნისიდან 2015 წლის 21 იანვრამდე გადაუხდელი ავტომობილის Imreza სახ ნომერი K------ პარკირების საფასური. გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულად და მის აღსასრულებლად გაცემულია სააღსრულებო ფურცელი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი (ს.ფ. 75-78. ტომი 1)

 

3.1.4. ავტომობილი Imreza სახ ნომერი K------ შსს მომსახურების სააგენტოში რეგისტრირებულია ლ------ ბ--–----ას საკუთრებად 2014 წლის 28 მაისიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მომსახურების სააგენტოს ცნობა (ს.ფ. 73. ტომი 1)

 

3.1.5. ავტომობილი Imreza სახ ნომერი K------ ამ დრომდე შპს რ-------------------------ას ტერიტორიაზეა გაჩერებული. ავტომობილის პარკირების საფასური გადახდილი არ არის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი (ს.ფ.75. ტომი 1)

- მოპასუხის განმატება (8.10.2019წ სხდომის ოქმი CD დისკი )

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები სადაო არ არის.

 

III სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, მოპასუხეს უნდა დაეკისროს ავტომობილის პარკირების საფასურის გადახდა.

 

5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

 

საქმის სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ გამოიყენა შემდეგი ნორმები:

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 531-ე, 553-ე, 558-ე, 763-ე, 399-ე, 405-ე, 354-ე, 564-ე, 394-ე, 316-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 531-ე მუხლის თანახმად, ქირავნობის ხელშეკრულებით გამქირავებელი მოვალეა დამქირავებელს სარგებლობაში გადასცეს ნივთი განსაზღვრული ვადით. დამქირავებელი მოვალეა გამქირავებელს გადაუხადოს დათქმული ქირა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 553-ე მუხლის მიხედვით, 1. ქირა გადახდილ უნდა იქნეს ქირავნობის ხელშეკრულების ვადის დამთავრებისას. თუ ქირის გადახდა დროის მონაკვეთებით განისაზღვრება, მაშინ იგი გადახდილ უნდა იქნეს დროის ამ მონაკვეთების გასვლის შემდეგ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 558-ე მუხლის მიხედვით, გამქირავებელს შეუძლია ხელშეკრულება მოშალოს ვადამდე, თუ დამქირავებელმა ქირა არ გადაიხადა სამი თვის განმავლობაში.

 

შპს რ-------------------------ას 2014 წლის 8 მაისის ბრძანებით დამტკიცებულია პარკირების შესაბამის ზონებზე ტარიფები. ამ ბრძანების მიხედვით, N12ბ (ყოფილი ზონა 13N) ზონაში პარკირების საფასურია 2014 წლის 5 აპრილიდან სამუშაო დღეებში არის 2 ლარი, შაბათ კვირას 20 ლარი.

 

შპს რ-------------------------ას დირექტორის 2014 წლის 6 აგვისტოს ბრძანებით დამტკიცებულია პარკირების მომსახურების გაწევის წესები, რომლის N2 დანართის მე-4 პუნქტის მიხედვით, შაბათ კვირას 12ა და 12ბ ზონაში პარკირების საფასურია დღეში 20 ლარი. 5.1 პუნქტის მიხედვით, პარკირების საფასური სამუშაო დღეებში შეადგენს 3 ლარს ყოველდღიურად comfort პარკინგზე, ხოლო ყველა დანარჩენ პარკინგზე დღეში 2 ლარს. პარკირების მომსახურების ერთჯერადი საფასური პარასკევს, შაბათს და კვირას შეადგენს 5 ლარს, გარდა N10, N11 და N17 პარკინგისა.

 

სტანდარტული ხელშეკრულების 10-ე პუნქტის თანახმად, შემსრულებელი პასუხისმგებელი არ არის პირადი ნივთების ან/და ავტოსატრანსპორტო საშუალების ნაწილებზე, მოპარვაზე, სტიქიური მოვლენებით მიყენებულ ზარალზე. შემსრულებელი პასუხს არ აგებს მის ტერიტორიაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში, რომელიც შეიძლება მოხდეს სხვა მესამე პირებს შორის. სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ავტოსატრანსპორტო შემთხვევის მონაწილეებს, „შემსრულებელი“ კი თავის მხრივ უზრუნველყოფს ადგილზე სამართალდამცავი ორგანოების გამოძახებას. პარკირების წესების 11.4 პუნქტის მიხედვით, პარკინგზე შესვლის დროს აუცილებელია დამკვეთმა მიიღოს ბილეთი და შეინახოს გასვლამდე.

 

2014 წლის 6 აგვისტოს ბრძანების მიხედვით, N4 დანართით დადგენილია „დროებით შენახვის საწყობის მომსახურების წესები“, რომლის მიხედვით, ავტოსატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება დროებითი შენახვის საწყობში გადაყვანას, თუ არ არის გადახდილი სამი თვის განმავლობაში მომსახურების საფასური ავტოტრანსპორტის ტერიტორიაზე შემოყვანის მომენტიდან ან/და ავტოტრანსპორტის სავარაუდო ღირებულება უტოლდება მომსახურებისათვის უკვე გაწეული საფასურის ნახევარს ან/და სრულ მოცულობას, აგრეთვე თუ სატრანსპორტო საშუალების მფლობელმა დაარღვია ერთერთი პუნქტი პარკირების მომსახურების გაწევის წესებიდან. N4 დანართის მე-7 პუნქტის მიხედვით, შემსრულებლის მიერ ავტომობილის საწყობში გადაყვანის შემდგომ მომსახურების დღიური ფასი განისაზღვრება 1 ლარის ოდენობით. ხელშეკრულების მე-9 პუნქტის მიხედვით, საწყობის მომსახურების და შპს „რ-------------------------ის პარკირების“ მომსახურების გაწევის შესახებ წესები რუსთავის N1 ავტობაზრობაზე autopapa-ზე წარმოადგენს ერთიან სისტემას და ერთმანეთის განუყოფელი ნაწილია.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ შეთავაზებული პარკირების წესების შინაარსიდან გამომდინარე მხარეებს შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობა ქირავნობის ხელშეკრულებაა, რადგან მოსარჩელე როგორც უძრავი ქონების მესაკუთრე საფასურის მიღების სანაცვლოდ ავტოტრანსპორტის მფლობელს აძლევს უფლებას სატრანსპორტო საშუალება განათავსოს მის კუთვნილ ტერიტორიაზე, სანაცვლოდ იგი არ კისრულობს ავტომობილის შენახვის, მისი დაცვის ვალდებულებას. ხელშეკრულებაში ტერმინი „პარკირების მომსახურება“ განმარტებულია, როგორც დამკვეთისთვის პარკირების დანომრილი ადგილის გამოყოფა მიბარების ან შენახვის მომსახურების გარეშე.

 

ამდენად, მხარეებს შორის არსებული სამართლებრივ ურთიერთობა მიბარების ხელშეკრულებას არ წარმოადგენს. სამოქალაქო კოდექსის 763-ე მუხლის თანახმად, მიბარების ხელშეკრულებით შემნახველი კისრულობს შეინახოს მიმბარებლის მიერ მისთვის ჩაბარებული მოძრავი ნივთი. პარკირების წესების მიხედვით, შპს რ-------------------------ა პასუხისმგებელი არ არის ავტოსატრანსპორტო საშუალების ნაწილებზე მათ მოპარვისას ან დაზიანების შემთხვევაში. მიბარების ხელშეკრულების არსებითი პირობაა მიბარებული ნივთის მოვა-პატრონის ვალდებულება, რაც დასახელებული სამართლებრივი ურთიერთობისათვის დამახასიათებელი არ არის.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 13 მარტის განჩინებაში საქმეზე № ას-706-676-2016 საკასაციო სასამართლომ გაიზიარა სააპელაციო პალატის მოსაზრება, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების მიზანს დღიური ქირის სანაცვლოდ ავტომანქანის განთავსებისთვის ადგილის გადაცემა წარმოადგენს, რაც ქირავნობის ხელშეკრულებად განიხილება. ზემოაღნიშნულ წესებში არ იკვეთება ნარდობისთვის დამახასიათებელი ისეთი უმთავრესი წინაპირობა, როგორიცაა მენარდის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულება და მისი მიღება შემკვეთის მიერ. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც საქმის მასალებით დადგენილია, რომ მხარეთა შორის არსებობდა ქირავნობის ურთიერთობა, რაც მოპასუხეს აკისრებდა ავტოსადგომზე განთავსებული ქონებისადმი გულისხმიერებას, მოსარჩელის კუთვნილი ავტომანქანა დაზიანდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ტერიტორიაზე დგომისას და საქმეში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა „პარკირების მომსახურების გაწევის წესებით“ გათვალისწინებულ პასუხისმგებლობის გამომრიცხველ რაიმე გარემოების არსებობას, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ქვედა ინსტანციების სასამართლოებმა მართებულად მიიჩნიეს საფუძვლიანად მოსარჩელის მოთხოვნა მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ“.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეებს შორის 2014 წლის 6 ივნისს წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობა არის ქირავნობის ხელშეკრულება, რომლითაც ავტომობილის განთავსების, მისი პარკირებისათვის მოსარჩელე აქირავებს მის კუთვნილ ფართს, რის სანაცვლოს ავტომობილის მფლობელს ეკისრება ქირის საფასურის გადახდა. ხელშეკრულების პირობები განისაზღვრება სტანდარტული სახელშეკრულებო პირობებით, რომელიც შემუშავებულია შპს რ-------------------------ას მიერ, მის მიერ არის დადგენილი ასევე პარკირების საფასური.

 

მოპასუხის მიერ ავტომობილი ავტობაზრობის ტერიტორიაზე შეყვანილია 2014 წლის 6 ივლისს, ხოლო შეთანხმებით პარკირების კონკრეტული ვადა განსაზღვრული არ არის, ავტომობილი ამ დრომდე ბაზრობის ტეროტორიაზეა განთავსებულია, ხოლო მხარეთა შეთანხმება გრძელვადიანია, განუსაზღვრელი ვადითაა დადებული.

 

მოპასუხეს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დაკისრებული აქვს ავტომობილის პარკირების საფასურის ნაწილის გადახდა, რაც არის 2015 წლის 21 იანვარის მდგომარეობით არსებული დავალიანება, ხოლო ამ სარჩელით მოთხოვნილია შემდგომი პერიოდის დავალიანების დაკისრება და ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, 1. ხელშეკრულების ნებისმიერ მხარეს შეუძლია, პატივსადები საფუძვლიდან გამომდინარე, უარი თქვას გრძელვადიან ვალდებულებით ურთიერთობაზე ხელშეკრულების მოშლისათვის დაწესებული ვადის დაუცველად. პატივსადებია საფუძველი, როცა ხელშეკრულების მომშლელ მხარეს კონკრეტული ვითარების, მათ შორის, დაუძლეველი ძალისა და ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით, არ შეიძლება მოეთხოვოს სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელება შეთანხმებული ვადის ან ხელშეკრულების მოშლისათვის დაწესებული ვადის გასვლამდე; 2. თუ საფუძველი სახელშეკრულებო ვალდებულებათა დარღვევაცაა, ხელშეკრულების მოშლა დასაშვებია მხოლოდ ნაკლოვანებათა აღმოფხვრისათვის დადგენილი ვადის უშედეგოდ გასვლის ან უშედეგო გაფრთხილების შემდეგ. შესაბამისად გამოიყენება 405-ე მუხლის მე-2 ნაწილი. 3. უფლებამოსილ პირს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე გონივრულ ვადაში მას შემდეგ, რაც მისთვის ცნობილი გახდება ხელშეკრულების მოშლის საფუძველი; 4. თუ უკვე შესრულებული აღარ წარმოადგენს უფლებამოსილი პირისათვის რაიმე ინტერესს ხელშეკრულების მოშლის შედეგად, მაშინ ხელშეკრულების მოშლა შეიძლება ამ შესრულებაზედაც გავრცელდეს. უკვე შესრულებულის დაბრუნების უზრუნველსაყოფად გამოიყენება შესაბამისად 352 – 354-ე მუხლები; 5. ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის მიმართ შესაბამისად გამოიყენება 407-ე მუხლი.

 

მხარეებს შორის ქირავნობის ხელშეკრულება დაიდო განუსაზღვრელი ვადით, შესაბამისად ხელშეკრულების მოშლა დასაშვებია ამ ნორმით გრძელვადიანი ხელშეკრულების მოშლისათვის დადგენილი წესების დაცვით.

 

ხელშეკრულების მოშლა დასაშვებია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლით დადგენილი პროცედურების დაცვით. კერძოდ, 1. თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი. 2. არ არის აუცილებელი დამატებითი ვადის დაწესება ან გაფრთხილება, თუ: ა ) აშკარაა, რომ მას არავითარი შედეგი არ ექნება; ბ ) ვალდებულება არ შესრულდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, ხოლო კრედიტორმა ურთიერთობის გაგრძელება ხელშეკრულებით დაუკავშირა ვალდებულების დროულ შესრულებას; გ ) განსაკუთრებული საფუძვლებიდან გამომდინარე, ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით, გამართლებულია ხელშეკრულების დაუყოვნებლივ მოშლა.

 

მოპასუხეს არ შეუსრულებია ქირავნობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მისი ძირითადი ვალდებულება, მას ქირა არასდროს გადაუხდია, რის გამოც გამართლებულია მოსარჩელის მოთხოვნა ქირავნობის ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 354-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულებიდან გასვლის შედეგად წარმოშობილი ვალდებულებები მხარეებმა უნდა შეასრულონ ერთდროულად.

 

მოსარჩელის მოთხოვნაა ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტა, რომლის საფუძვლად მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლს. ამ ნორმის 1-ლი ნაწილის მიხედვით, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება).

 

სამოქალაქო კოდექსის 564-ე მუხლის მიხედვით, ნივთის ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტისას დამქირავებელი მოვალეა დაუბრუნოს გამქირავებელს ნივთი იმ მდგომარეობაში, რომელშიც მისგან მიიღო, ნორმალური ცვეთის გათვალისწინებით, ან იმ მდგომარეობაში, რაც ხელშეკრულებით იყო განსაზღვრული.

 

მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსიდან გამომდინარე იგი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 399-ე მუხლის საფუძველზე მოითხოვს ხელშეკრულების მოშლას, რაც 352-ე მუხლით გათვალისწინებული ხელშეკრულებიდან გასვლისგან განსხვავებით არ ითვალისწინებს ორმხრივი რესტიტუციას, უკვე განხორციელებული შესრულების უკუქცევის შესაძლებლობას, რადგან ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში გამქირავებელს არ ეკისრება დამქირავებლისათვის უკვეა გადახდილი ქირის დაბრუნება მისთვის ქონების დაბრუნების სანაცვლოდ.

 

ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტის მიზანი 564-ე მუხლის საფუძველზე არის გაქირავებული ქონების დაბრუნება მესაკუთრისათვის, რასაც სარჩელით არ მოითხოვს მოსარჩელე. იგი მოითხოვს ავტომობილის პარკირების საფასურის დაკისრებას გადაწყვეტილების აღსრულებამდე, რაც გულისხმობს გადაწყვეტილებაზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის აღსასრულებლად წარდგენის დღისათვის არსებული დავალიანების გადახდევინებას. სასამართლოს მიაჩნია, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომ დადგენილი ქირის გადახდის მოთხოვნის უფლება გამქირავებელს ენიჭება როგორც ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა სამოქალაქო კოდექსის 567-ე მუხლის საფუძველზე. ამ ნორმის 1-ლი ნაწილის მიხედვით, თუ დამქირავებელი ქირავნობის ურთიერთობის დამთავრების შემდეგ უკან არ აბრუნებს გაქირავებულ ნივთს, მაშინ გამქირავებელს უფლება აქვს მოითხოვოს დაყოვნების განმავლობაში დადგენილი ქირის გადახდა, როგორც ზიანის ანაზღაურება.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება ავტომობილის პარკირების საფასურის გადახდა. გ------- ხ---–--ესა და შპს რ-------------------------ას შორის 2013 წლის 7 ოქტომბერს დადებულია ქირავნობის ხელშეკრულება, რომლის საგანია ბაზრობის ტერიტორიაზე 35 კვ.მ ფართის გადაცემა საოფისე დანიშნულებით. იჯარის ვადაა 3 თვე, საიჯარო ქირა თვეში 500 ლარი (ს.ფ. 306-315). აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ავტობაზრობის ტერიტორიაზე საოფისე ფართის ქირავნობა, ხოლო განსახილველ სარჩელში სხვა დავის საგანია, რადგან მოთხოვნილია კონკრეტული ავტომობილის პარკირების საფასურის გადახდის დაკისრება. ავტომობილის პარკირების საფასური კი მოპასუხეს გადახდილი არა აქვს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ქირავნობის ხელშეკრულება კონსესუალური ხელშეკრულებაა, რადგან იგი დადებისთანავე წარმოშობს ქირავნობის საგნის გადაცემის ვალდებულებას, ქირავნობის ხელშეკრულების დადებულად აღიარება ნივთის ფაქტობრივ გადაცემაზე დამოკიდებული არ არის. ამავე დროს ორმხრივი ხელშეკრულებაა, რადგან მესაკუთრე ვალდებულია გადასცეს დამქირავებელს ნივთი, ხოლო დამქირავებელმა უნდა გადაუხადოს შეთანხმებული ქირა.

 

მოპასუხე არის საპარკინგე ადგილის დამქირავებელი, რომლის საფასურის გადახდის ვალდებულება არ შეუსრულებია, რაც ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია. ხელშეკრულების შეწყვეტის გამო მოპასუხეს გააჩნია ვალდებულება, გამოათავისუფლოს მოპასუხის კუთვნილი ტერიტორიაზე განთავსებული ავტომობილისაგან.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოთაღნიშნული უფლება გააჩნია ასევე ავტომობილის მესაკუთრეს ლ------ ბ--–----ას. აღნიშნული გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლიდან, რომლის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

 

სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე არის ლ------ ბ--–----ა, რომელიც უფლებამოსილია ნივთზე სარგებლობის და მფლობელობის უფლების განსახორციელებლად მოითხოვოს მისი კუთვნილი ავტომობილის გაყვანა ავტობაზრობის ტერიტორიიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. 394-ე მუხლის მიხედვით, 1. მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის.

 

ამ ნორმების მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად - შეთანხმებული პირობების დაცვით. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში წარმოიშობა არა მარტო შესრულების მოთხოვნის უფლება, არამედ ზიანის ანაზღაურების ვალდებულებაც. მოსარჩელის კუთვნილ ტერიტორიაზე ავტომობილი განთავსდა გ------- ხ---–--ის მიერ, რის სანაცვლოდ უნდა გადაეხდა პარკირების საფასური. ეს ვალდებულება მან არ შეასრულა, რის გამოც სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის საფუძველზე მოსარჩელე უფლებამოსილია მოითხოვოს ვალდებულების შესრულება და ზიანის ანაზღაურება, რის გამოც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. პროცესის ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 14-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დავა მაგისტრატი მოსამართლის განსჯადია (დავის საგნის ღირებულება 5000 ლარზე ნაკლებია).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 40-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ერთ სარჩელში რამდენიმე სხვადასხვა მოთხოვნაა ჩამოყალიბებული, მაშინ ეს მოთხოვნები უნდა შეჯამდეს და ამის შემდეგ განისაზღვროს სადავო საგნის ღირებულება. 41-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ზ“ პუნქტის მიხედვით, ქონების ქირავნობის ხელშეკრულების ვადამდე მოშლის შესახებ სარჩელში სარჩელის ფასი განისაზღვრება დარჩენილი ვადით, მაგრამ არა უმეტეს სამი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.

მოსარჩელე მოითხოვს 2015 წლის 22 იანვრიდან 2017 წლის 7 ივლისამდე დარიცხული საფასურის 1437 ლარის დაკისრება, ასევე 2017 წლის 8 ივლისიდან 2018 წლის 26 მარტამდე ყოველდღიურად 1 ლარის დაკისრებას, მითითებული პერიოდი მოიცავს 261 დღეს, რის გამოც ამ მოთხოვნის სარჩელის ფასის 261 ლარი. მესამე მოთხოვნაა 2018 წლის 27 მარტიდან ყოველდღიურად 0,1 ლარის დაკისრება, რომლის ფასი სსს 41-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ზ“ პუნქტის საფუძველზე არის 109,5 ლარი. ჯამურად სარჩელის ფასია 1807,5 ლარი. ამდენად, დავა მაგისტრატი მოსამართლის განსჯადია და ამავე კოდექსის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე სახელმწიფო ბაჟი ნახევრდება. სსსკ 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე სარჩელის გადასახდელი სახელმწიფო ბაჟია დავის საგნის ღირებულების 3% მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. თავდაპირველი სარჩელის ფასი შეადგენდა 3627 ლარს (რომლის 3% შეადგენს 108,81 ლარს), რაც შემცირდა. ამდენად, საქმეზე საბოლო სარჩელის ფასის მიხედვით გადასახდელი სახელმწიფო ბაჟია 100 ლარი, რაც ნახევრდება და შეადგენს 50 ლარს. მოსარჩელემ სარჩელზე გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი 108,81 ლარი, საიდანაც 58,81 ლარი ზედმეტადაა გადახდილი და უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. სარჩელის დაკმაყოფილების გამო მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურდეს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 50 ლარი. სსსკ 53-ე მუხლის საფუძველზე მოპასუხეს უნდა დაეკისროს ასევე ავტომობილის რეგისტრაციის შესახებ საინფორმაციო ცნობის მომზადების საფასურის 21 ლარის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფა გამოყენებული არ არის.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 247-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367ე, 369-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა:

 

1. დაკმაყოფილდეს შპს ”რ-------------------------ას” სარჩელი;

1.5. შეწყდეს შპს რ-------------------------ასა და გ------- ხ---–--ეს შორის 2014 წლის 6 ივნისს დადებული ქირავნობის ხელშეკრულება ავტომობილის Subaru Imreza სახ ნომერი K------ პარკირების შესახებ;

1.6. გ------- ხ---–--ეს დაეკისროს შპს რ-------------------------ასათვის 2015 წლის 22 იანვრიდან 2017 წლის 7 ივლისამდე გადაუხდელი ავტომობილის პარკირების საფასურის 1437 ლარის გადახდა;

1.7. გ------- ხ---–--ეს დაეკისროს შპს რ-------------------------ასათვის 2017 წლის 8 ივლისიდან 2018 წლის 26 მარტამდე ყოველდღიურად 1 ლარის გადახდა;

1.8. გ------- ხ---–--ეს დაეკისროს შპს რ-------------------------ასათვის 2018 წლის 27 მარტიდან ყოველდღიურად 0,1 ლარის გადახდა გადაწყვეტილების აღსრულებამდე;

 

2. გ------- ხ---–--ეს დაეკისროს შპს რ-------------------------ასათვის სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 50 ლარის გადახდა და ავტომობილის შესახებ ცნობის საფასურის 21 ლარის გადახდა;

 

3. შპს რ-------------------------ას დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2017 წლის 7 ივლისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 58,81 ლარი, რომელიც გადახდილია შემდეგ ანგარიშზე - ერთიანი საბიუჯეტო ანგარიში, სახაზინო კოდი 300063150 (საგადახდო დავალება N877).

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი