გადაწყვეტილება

სამოქალაქო 26.06.2019
საქმის ნომერი
060210018002387842
კატეგორია
დავის ტიპი
სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ
თარიღი
26.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/306-2018წ

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

26 ივნისი 2019 წელი ქ. სამტრედია

შესავალი ნაწილი

სამტრედიის რაიონული სასამართლო

მოსამართლე: ნონა ზარქუა

სხდომის მდივანი: ნათია ძაძამია

მოსარჩელე - ვ-–------------;

წარმომადგენელი - ი-----–-------ე;

მოპასუხე - სს "ს----------–--------------"

წარმომადგენლები - თ--------------ე, მ------------;

დავის საგანი - სს „ს----------–--------------“-ს დირექტორთა საბჭოს 2009 წლის 06 მარტის N5--- დადგენილების მე-4 დანართის მე-4 მუხლის ბათილად ცნობა, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სს "ს----------–--------------ს" დირექტორთა საბჭოს 2009 წლის 06 მარტის N5--- დადგენილების მე-4 დანართის მე-4 მუხლი.

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი სს "ს----------–--------------"-ს ინფრასტუქტურის დირექტორის 2017 წლის 29 ნოემბრის ბრძანება N6-- მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ;

 

1.3. ვ-–------------ აღდგენილ იქნეს სს „ს----------–--------------“-ს „ს----------–------------------------------------------–---–-“, სიგნალიზაციის, ცენტრალიზაციისა და ბლოკირების (სცბ) დეპარტამენტი, სამტრედიის სიგნალიზაციის, ცენტრალიზაციის და ბლოკირების სამმართველო, I ავტომატიკის ექსპლუატაცია, სამტრედია I, სამტრედია II ჯგუფი, სამტრედია II ცვლის ელექტრომექანიკოსის თანამდებობაზე.

 

1.4 სს ,,ს----------–--------------ს“ ვ-–------------ს სასარგებლოდ დაეკისროს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2017 წლის 29 ნოემბრიდან სასამართლო გადაწვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიური ხელფასის 640 ლარის ოდენობით გადახდა.

 

1.5 სს ,,ს----------–--------------ს“ ვ-–------------ს სასარგებლოდ დაეკისროს ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისთვის დაყოვნებული თანხის 0.07% ანაზღაურება სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

 

მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნა დაამყარა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე, მიუთითა, რომ იგი 1996 წლის 02 მაისიდან დასაქმებული იყო სს ,,ს----------–--------------“-ში სხვადასხვა თანამდებობებზე, სამუშაოდან გათავისუფლებამდე მუშაობდა სს ს----------–--------------ში „ელმექანიკოსი ცვლის“ თანამდებობაზე. პერიოდულად გადიოდა სამედიცინო შემოწმებას და იყო ვარგისი სამუშაოსთვის და საამისოდ შექმნილი კომისიის მიერ ეძლეოდა შესაბამისი დასკვნა, ვიდრე 2017 წელს არ გაიკეთა გულის ოპერაცია (შუნტირება), რის გამოც იმავე კომისიის მიერ გაიცა დასკვნა, რომ დაწუნებულია ცვლის ელ მექანიკოსად მუშაობისთვის შპს ,,-----------–-------------ის“ დირექტორთა საბჭოს 2009 წლის 06 მარტის N5--- დადგენილებით დამტკიცებული დანართი N4-ის მე-4 მუხლის საფუძველზე, რომელიც მიაჩნია დაუსაბუთებლად, უსაფუძვლოდ და დისკრიმინაციულად. იგი არჩეულია სს “საქართველოს რკინიგზის“ სამტრედიის სცბ სამმართველოში დასაქმებულთა პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის თავმჯდომარედ. მოსარჩელის აზრით დამსაქმებელს არ ქონდა უფლება გაეთავისუფლებია იმ დროს მოქმედი „პროფესიული კავშირის შესახებ „ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის საფუძველზე, ვინაიდან ამ მუხლის თანახმად დაუშვებელია დამსაქმებელთა ინიციატივით, შესაბამისი პროფკავშირული ორგანოს წინასწარი თანხმობის გარეშე, ძირითად სამუშაოზე დასაქმებული არჩევითი პროფკავშირული ორგანოს თავმჯდომარის, წევრის, პროფორგანიზატორისა და პროფჯგუფორგის სამუშაოდან დათხოვნა, სხვა სამუშაოზე გადაყვანა ან დისციპლინარული წესით დასჯა, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ შპს „ს------–-----–-----------------------“-ის მიერ 2017 წლის 30 ოქტომბერს გაცემული საავადმყოფო ფურცლის მიხედვით, მოსარჩელე 25 სექტემბრიდან 30 ოქტომბრის ჩათვლით იყო საავადმყოფო ფურცელზე, დიაგნოზით: არასტაბილური სტენოკარდია (პროგრესირებადი) და კორონალური არტერიების შუნტირება. მკურნალი ექიმის აზრით, მოსარჩელე საჭიროებდა ვადამდელ საექიმო კომისიაზე გატარებას. სს “ს----------–--------------“, როგორც სატრანსპორტო კომპანია არის მომეტებული საფრთხის შემცველი საწარმო. ამიტომ „ჯანმრთელობის მდგომარეობის სავალდებულო პერიოდული შემოწმების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 11 ივლისის N2-- ბრძანების საფუძველზე დამსაქმებელს უფლება აქვს განსაზღვროს დასასაქმებელის და დასაქმებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების დამატებითი პირობები. შპს ,,-----------–-------------ის“ დირექტორთა საბჭოს 2009 წლის 06 მარტის N5--- დადგენილებით დამტკიცებული დანართი N4-ით დადგენილია განსაზღვრულ პოზიციებზე კონკრეტული დაავადებების, მათ შორის გულის ან მსხვილი მაგისტრალური სისხლძარღვთა დაავადებისა და ნაოპერაციებ პირთა საქმიანობის დაუშვებლობა. აღნიშნულის საფუძველზე რკინიგზის თანამშრომლები, მათ შორის მოსარჩელე ექვემდებარებოდა სამედიცინო შემოწმებას. შემოწმების შედეგად 2017 წლის14 ნოემბერს შპს „ს------–-----–-----------------------“-ის სამედიცინო კომისიის მიერ, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გაცემული სამედიცინო დოკუმენტის - ფორმა N100-ის თანახმად, მოსარჩელე დაწუნებულია ცვლის ელექტრომექანიკოსად მუშაობისთვის. მიაჩნია, რომ როგორც შპს ,,-----------–-------------ის“ დირექტორთა საბჭოს 2009 წლის 06 მარტის N5--- დადგენილება, ასევე სს ,,ს----------–--------------ს“ინფრასტრუქტურის დირექტორის 2017 წლის 29 ნოემბრის N6-- ბრძანება შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ გამოცემულია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ვ-–------------ 1996 წლის 02 მაისიდან დასაქმებული იყო სს ,,ს----------–--------------“-ში სხვადასხვა თანამდებობებზე, სამუშაოდან გათავისუფლებამდე მუშაობდა „ს----------–------------------------------------------–---–-“, სიგნალიზაციის, ცენტრალიზაციისა და ბლოკირების (სცბ) დეპარტამენტი, სამტრედიის სიგნალიზაციის, ცენტრალიზაციის და ბლოკირების სამმართველო, I ავტომატიკის ექსპლუატაცია, სამტრედია I, სამტრედია II ჯგუფი, სამტრედია II ცვლის ელექტრომექანიკოსის პოზიციაზე. მისი ყოველთვიური შრომის ანაზღაურება შეადგენდა 640 ლარს (ხელზე მისაღები ოდენობა).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (სასამართლოს 2019 წლის 29 მაისის სხდომის ოქმი);

 

3.1.2. სს ,,ს----------–--------------ს“ინფრასტრუქტურის დირექტორის 2017 წლის 29 ნოემბრის N6-- ბრძანებით „ს----------–------------------------------------------–---–-“, სიგნალიზაციის, ცენტრალიზაციისა და ბლოკირების (სცბ) დეპარტამენტი, სამტრედიის სიგნალიზაციის, ცენტრალიზაციის და ბლოკირების სამმართველო, I ავტომატიკის ექსპლუატაცია, სამტრედია I, სამტრედია II ჯგუფი, სამტრედია II ცვლის ელექტრომექანიკოსი ვ-–------------ სშკ-ის 37-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ო“ პუნქტის და 38-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. ამავე ბრძანების საფუძველზე ვ-–-----------ს მიეცა კომპენსაცია 2 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით და გამოუყენებელი კუთვნილი შვებულების თანხა 12 სამუშაო დღის ოდენობით.

 

სასამართლოს ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (სასამართლოს 2019 წლის 29 მაისის სხდომის ოქმი);

- 2017 წლის 29 ნოემბრის N6-- ბრძანება ( ტომი I ს.ფ. 213).

 

3.1.3. ვ-–------------ს სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანების საფუძვლად მითითებულია სამტრედიის სიგნალიზაციის, ცენტრალიზაციის და ბლოკირების სამმართველოს უფროსის 2017 წლის 16 ნოემბრის N0------ სამსახურეობრივი წერილი.

 

სასამართლოს ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (სასამართლოს 2019 წლის 29 მაისის სხდომის ოქმი);

- 2017 წლის 29 ნოემბრის N 6-- ბრძანება (ტომი I ს.ფ. 213).

 

3.1.4. ვ-–------------ს 2017 წლის 05 დეკემბრის მოთხოვნის საფუძველზე, 2017 წლის 11 დეკემბრის სს ,,ს----------–--------------“-ს N7273 წერილით მოსარჩელეს ეცნობა, მისი სამუშაოდან გათავისუფლების სამართლებრივი საფუძველი და ამავე მიმართვით განემარტა, რომ იგი წარდგენილი საავადმყოფო ფურცლის საფუძველზე, ექიმის მიერ გაკეთებული ჩანაწერის თანახმად „რკინიგზის მუშა-მოსამსახურეთა წინასწარი და პერიოდული სამედიცინო შემოწმების დამატებითი წესების დამტკიცების შესახებ“ სს „ს----------–--------------“-ს დირექტორთა საბჭოს 2009 წლის 06 მარტის N5--- დადგენილების შესაბამისად, გაგზავნილი იყო ვადამდელ საექიმო კომისიაზე. 2017 წლის14 ნოემბერს შპს „ს------–-----–-----------------------“-ის სამედიცინო კომისიის მიერ, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გაცემული სამედიცინო დოკუმენტის - ფორმა N100-ის თანახმად, იგი დაწუნებულია ცვლის ელექტრომექანიკოსად მუშაობისთვის ზემოაღნიშნული დადგენილების მე-6 ჯგუფის მე-4 მუხლის შესაბამისად.

 

სასამართლოს ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (სასამართლოს 2019 წლის 29 მაისის სხდომის ოქმი)

-2017 წლის 11 დეკემბრის N72733 წერილი (ტომი I ს.ფ. 38-39).

 

3.1.5. შპს ,,ს----------–--------------“-ს დირექტორთა საბჭოს 2009 წლის 06 მარტის N5--- დადგენილებით დამტკიცებული დანართი N4-ით განისაზღვრა დაავადებათა და იმ ფიზიკურ ანომალიათა დამატებითი ჩამონათვალი, რომელთა არსებობაც უკუნაჩვენებია სარკინიგზო ტრანსპორტის მართვასთან და მოძრაობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პროფესიებისათვის, მე-4 მუხლის თანახმად, უკუნაჩვენებია გულის ან მსხვილი მაგისტრალური სისხლძარღვების ოპერაციის შემდგომი მდგომარეობა.

 

სასამართლოს ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

შპს ,,ს----------–--------------“-ს დირექტორთა საბჭოს 2009 წლის 06 მარტის N5--- დადგენილებით დამტკიცებული დანართი N4 (ტომი II 83).

 

3.1.6. ვ-–-----------ს 2017 წლის 27 სექტემბერს დაესვა დიაგნოზი: გიდ. არასტაბილური სტენოკარდია (პროგრესირებადი), კორონარული არტერიების შუნტირება. რეჟიმი სტაციoნარული. საავადმყოფო ფურცელზე იმყოფებოდა 2017 წლის 25 სექტემბრიდან 2017 წლის 26 ოქტომბრამდე.

 

სასამართლოს ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (სასამართლოს 2019 წლის 29 მაისის სხდომის ოქმი)

- საავადმყოფო ფურცელი (ტომი I ს.ფ. 94).

 

3.1.7. ვ-–------------ს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შპს „ს------–-----–-----------------------“-ის მიერ გაცემული ცნობის, სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა N100/ა-ს თანახმად დიაგნოზი მითითებულია გიდ. არასტაბილური სტენოკარდია (პროგრესირებადი)ოპერაციის - კორონარული შუნტირების შემდგომი მდგომარეობა არტერიული ჰიპერტენზია III, თანმხლები დაავადებები: დიაგნოზი შაქრიანი დიაბეტი.

 

სასამართლოს ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა N 100/ა (ტომი I ს.ფ. 96-97).

 

3.1.8. ვ-–------------ არის ა(ა)იპ „საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის“ დამფუძნებელი და გამგეობის წევრი 2013 წლის ივნისიდან. 2013 წლის 9 ივლისიდან არჩეულია სს „ს----------–--------------“-ს სამტრედიის სცბ სამმართველოში დასაქმებულთა პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის თავმჯდომარედ.

 

სასამართლოს ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის პრეზიდენტის მიერ 2019 წლის 21 თებერვალს გაცემული N1910 ცნობა.(ტომი II ს.ფ. 19).

 

3.1.9 ვ-–-----------თან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება არ არის შეთანხმებული პროფკავშირულ ორგანოსთან.

 

სასამართლოს ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

მხარეთა ახსნა-განმარტება (სასამართლოს 2019 წლის 29 მაისის სხდომის ოქმი)

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებზე მხარეები არ დავობენ.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; ბათილად უნდა იქნეს ცნობილი მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ სადავო ბრძანება, აღდგენილ იქნას სამუშაოზე და აუნაზღაურდეს იძულებითი განაცდური, ხოლო მოთხოვნა შპს ,,ს----------–--------------“-ს დირექტორთა საბჭოს 2009 წლის 06 მარტის N5--- დადგენილებით დამტკიცებული, დანართი N4-ის მე-4 მუხლის ბათილად ცნობის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია;

საქართველოს შრომის კოდექსი;

„პროფესიული კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონი;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;

ევროპის სოციალური ქარტია;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. მოსარჩელის მოთხოვნა სს "ს----------–--------------"-ს დირექტორთა საბჭოს 2009 წლის 06 მარტის N5--- დადგენილების მე-4 დანართის მე-4 მუხლის ბათილად ცნობის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ დადგენილების სადავო მუხლი არ წარმოადგენს დისკრიმინაციულ დათქმას საწარმოში დასასაქმებელი და დასაქმებული პირებისათვის. შრომისათვის უსაფრთხო და ჯანსაღი პირობების შექმნა დამსაქმებლის კანონისმიერი ვალდებულებაა. საქართველოს შრომის კოდექსის 35-ე მუხლის პირველი პუნქტი იმპერატიულად ადგენს დამსაქმებლის ვალდებულებას უზრუნველყოს დასაქმებულის სიცოცხლისა და ჯანმრთლეობისათვის მაქსიმალურად უსაფრთხო სამუშაო გარემო. აღნიშნული მიზნებისთვის საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 11 ივლისის N2--/ნ ბრძანების დანართი 1-ის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დამსაქმებლის ხარჯით დასაქმებულის სავალდებულო პერიოდულ სამედიცინო შემოწმებას დაექვემდებარა შემდეგი საქმიანობები და პირები: საავიაციო, მცურავ, სარკინიგზო და მეტროპოლიტენის ან სხვა ტრანსპორტთან დაკავშირებული საქმიანობა, რომელიც უშუალოდ არის დაკავშირებული ტრანსპორტის მართვასთან და მოძრაობის უსაფრთხოებასთან. ამავე ბრძანების დანართი 2-ის მე-2 პუნქტის თანახმად დამსაქმებელს უფლება აქვს დააწესოს დასასაქმებელის და დასაქმებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების დამატებითი პირობები.

ნებისმიერი დამსაქმებელი ინდივიდუალურად განსაზღვრავს იმ დაავადებათა და იმ ფიზიკურ ანომალიათა ჩამონათვალს, რომელთა არსებობაც უკუნაჩვენებია დასასაქმებელ და დასაქმებული პირებისათვის და დაუშვებელია დამსაქმებლის შეზღუდვა და იძულება განსაზღვროს კონკრეტულ დაავადებათა და ანომალიათა წრე, მითუმეტეს როცა კომპანია წარმოადგენს მომეტებული საფრთხის წყაროს. სს „ს----------–--------------“ როგორც მომეტებული საფრთხის წყაროს შემცველი სატრანსპორტო კომპანია ვალდებულია უზრუნველყოს როგორც კომპანიაში დასაქმებულ პირთა, ასევე კომპანიის მომსახურებით მოსარგებლე პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემო.

სს "ს----------–--------------ს" დირექტორთა საბჭოს მიერ 2009 წლის 06 მარტის N5--- დადგენილებით განსაზღვრულ დაავადებათა და იმ ფიზიკურ ანომალიათა დამატებითი ჩამონათვალში გულის ან მსხვილი მაგისტრალური სისხლძარღვების ოპერაციის შემდგომი მდგომარეობის მითითება, როგორც უკუნაჩვენები სარკინიგზო ტრანსპორტის მართვასთან და მოძრაობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პროფესიებისათვის, არ ეწინააღმდეგება საქართველოს შრომის კოდექსს, თანხვედრაშია საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 11 ივლისის N2--/ნ ბრძანებასთან და უზრუნველყოფს, როგორც კომპანიაში დასაქმებულ მომხმარებელ პირთა უსაფრთხო გარემოს.

 

6.2 სამართლებრივი სახელმწიფოს თანამედროვე განვითარების ეტაპი მნიშვნელოვანწილად გამოწვეულია იმ ფუძემდებლური, საერთაშორისო ხასიათის მქონე რეგულაციების შექმნით, როგორებიცაა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, საერთაშორისო პაქტი სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების შესახებ, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია და სხვა. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით (რომელსაც ზოგიერთ შემთხვევაში თანამედროვე ცივილიზებული სამყაროს ქცევის ზოგად კოდექსსაც უწოდებენ), განსაზღვრულია რა ადამიანის უფლებათა ძირითადი პოსტულატები, ასევე რეგულირებული და დაცულია თანამედროვე კაცობრიობის არსებობისა და ყოფის უმნიშვნელოვანესი ელემენტი - შრომის უფლება. ამ საერთაშორისო დოკუმენტის 23-ე მუხლი ადგენს, რომ ყოველ ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობებისა და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება; ამავე მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება იღებდეს სამართლიანსა და დამაკმაყოფილებელ გასამრჯელოს.

 

სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლის შესაბამისად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფონი (რომელსაც წარმოადგენს საქართველო), აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც შეიცავს თითოეული ადამიანის უფლებას საარსებო სახსრები მოიპოვოს საკუთარი შრომით. ამავე საერთაშორისო სამართლის წყაროს მე-7 მუხლი ადგენს, რომ მონაწილე სახელმწიფონი აღიარებენ თითოეულის უფლებას ჰქონდეს შრომის სამართლიანი და ხელშემწყობის პირობები, მათ შორის ანაზღაურება სამართლიანი ხელფასის სახით და სხვა.

 

საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს, ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად.

 

საქართველოს ტერიტორიაზე შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებს, თუ ისინი განსხვავებულად არ რეგულირდება სხვა სპეციალური კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, არეგულირებს საქართველოს ორგანული კანონი „შრომის კოდექსი“.

 

შრომის უფლება არის ადამიანის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უფლება. შრომა, სოციალური გარემო არის ადამიანის ყოფიერების უმთავრესი ელემენტი, ხოლო ანაზღაურება - ღირსეული არსებობის მთავარი პირობა.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, შრომის თავისუფლება ნიშნავს, რომ ადამიანს მინიჭებული აქვს უფლება თავად განკარგოს საკუთარი შესაძლებლობები შრომით საქმიანობაში და თავად აირჩიოს საქმიანობის სფერო (გადაწყვეტილება N2/4-24, 28.02.1997). შრომის თავისუფლებაში იგულისხმება სახელმწიფოს (მათ შორის, სასამართლო ხელისუფლების) ვალდებულება, დაიცვას მოქალაქეთა შრომითი უფლებები (გადაწყვეტილება N2/2-389, 26.10.2007). საკონსტიტუციო სასამართლოს ამავე განმარტებით, დაცულია არა მარტო უფლება აირჩიო სამუშაო, არამედ, ასევე უფლება განახორციელო, შეინარჩუნო და დათმო ეს სამუშაო. საქართველოს კონსტიტუციის ზემოაღნიშნული ნორმა ადგენს, რომ შრომის ანაზღაურებისა და მასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება ორგანული კანონით.

 

შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა არის ღონისძიება, რომელიც გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში. საქართველოში განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი სწორედ დასაქმებულის უფლებების დაცვა იყო. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შრომის სამართალი დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნეს ე.წ. „favor prestatoris“ პრინციპი, რაც დასაქმებულთათვის სასარგებლო წესით უპირატესობას ნიშნავს. სწორედ აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას, საჭიროა დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტში. (იხ. სუსგ №ას-941-891-2015, 29.01.2016წ.)

 

ვ-–------------ს სამუშაოდან გათავისუფლების დროისთვის მოქმედი „პროფესიული კავშირების“ შესახებ საქართველოს კანონის 23-ე მუხლი აწესებს პროფესიულ კავშირის ორგანოში არჩეული და ძირითად სამუშაოზე დასაქმებული პროფკავშირული მუშაკის დაცვის გარანტიებს. დასახელებული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია დამსაქმებელთა ინიციატივით, შესაბამისი პროფკავშირული ორგანოს წინასწარი თანხმობის გარეშე, ძირითად სამუშაოზე დასაქმებული არჩევითი პროფკავშირული ორგანოს თავმჯდომარის, წევრის, პროფორგანიზატორისა და პროფჯგუფორგის სამუშაოდან დათხოვნა, სხვა სამუშაოზე გადაყვანა ან დისციპლინარული წესით დასჯა, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.

 

კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში დამსაქმებელმა დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა შეწყვიტა იმ მოტივით, რომ იგი შპს „ს------–-----–-----------------------“-ის მიერ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გაცემული ცნობის საფუძველზე დაწუნებულია გულის ან მსხვილი მაგისტრალური სისხლძარღვების ოპერაციის შემდგომი მდგომარეობის გამო. სასამართლოს მიაჩნია, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მოტივაცია შესაბამისობაშია შპს ,,-----------–-------------ის“ დირექტორთა საბჭოს 2009 წლის 06 მარტის N5--- დადგენილებით დამტკიცებული დანართი N4-ით დაავადებათა და იმ ფიზიკურ ანომალიათა დამატებით ჩამონათვალთან, რომლებიც უკუნაჩვენებია სარკინიგზო ტრანსპორტის მართვასთან და მოძრაობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პროფესიებისათვის. (გულის ოპერაციის შემდგომი მდგომარეობა დანართი N4 მე-4 მუხლი) მაგრამ მოპასუხე მხარემ პროფესიულ კავშირის ორგანოში არჩეული და ძირითად სამუშაოზე დასაქმებული პროფკავშირული მუშაკის სამუშაოდან გათავისუფლებაზე თანხმობის მისაღებად არ მიმართა პროფესიული კავშირის ორგანოს. არც სარჩელში, არც სასამართლოსთვის მიცემულ ახსნა-განმარტებაში არ არის მითითებული გარემოება (კანონით გათვალისწინებული შემთხვევა) და შესაბამისად არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები რაც გამორიცხავდა პროფესიული კავშირის ორგანოსთვის მიმართვის აუცილებლობას.

 

მტკიცების ტვირთის განაწილების იმ სტანდარტით, რომელსაც შრომის სამართალი აწესებს (რომლის თანახმად, სწორედ დამსაქმებელია ვალდებული ადასტუროს დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერი საფუძვლის არსებობა), მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას წარმოადგენს კანონით გათავალისწინებულ რა შემთხვევას ჰქონდა ადგილი, რაც გამორიცხავდა მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების საკითხის გადაწყვეტას პროფკავშირული ორგანოს თანხმობის გარეშე, მოცემულ შემთხვევაში მოპასუხემ არათუ მიუთითა აღნიშნულ გარემოებაზე, არამედ განმარტა, რომ ასეთი თანხმობის მიღების მოთხოვნა პროფესიული კავშირების ორგანოდან არ წარმოადგენს მოპასუხის ვალდებულებას.

 

შესაბამისად, მოპასუხემ ვერ შეძლო დაედასტურებინა ის გარემოება, რომ მის მიერ ვ-–------------ს გათავისუფლებისას არ დარღვეულა კანონი, კერძოდ, გათავისუფლების მომენტისათვის მოქმედი „პროფესიული კავშირის შესახებ“ საქართველოს კანონი. ვ-–-----------თან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება არ არის შეთანხმებული პროფკავშირულ ორგანოსთან, რის გამოც შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების გამოცემისას დარღვეულია სამუშაოდან გათავისუფლების კანონით დადგენილი წესი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.

 

ყველა ზემოაღნიშნული გარემოების მხედველობაში მიღების შედეგად, იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა მოხდა საამისოდ კანონით გათვალისწინებული წესის დარღვევის პირობებში, მოპასუხის მიერ გამოცემული 2017 წლის 29 ნოემბრის №6-- ბრძანება ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

 

6.3. საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით.

 

სშკ-ის 38.8 მუხლის გამოყენების შესახებ საკასაციო სასამართლომ არაერთხელ განმარტა: „დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანების უკანონოდ (ბათილად) ცნობის შემთხვევაში, დასახელებულ ნორმაში მითითებულია დამსაქმებლის ვალდებულება, რომელიც რამდენიმე შესაძლებლობას მოიცავს, თუმცა, კანონმდებლის მიერ დადგენილი წესი არ შეიძლება იმგვარად განიმარტოს, რომ სასამართლოს, დისკრეციული უფლებამოსილებით, შეუძლია მოხმობილი ნორმის დანაწესის საკუთარი შეხედულებისამებრ გამოყენება. სშკ დამსაქმებელს ავალდებულებს „პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით“. მითითებული რეგულაციით დამსაქმებლისათვის დადგენილია უკანონოდ გათავისუფლებული დასაქმებულის პირვანდელ სამუშაოზე აღდგენა, ხოლო თუკი აღნიშნული შეუძლებელია, მაშინ მომდევნო რიგითობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება (იხ. სუსგ #ას-951-901-2015, 29.01.2016წ.; ას-931-881-2015., 29.01.2015წ. #ას- 1083-1020-2015, 15.04.2016წ.).

 

მოცემულ შემთხვევაში სარჩელით მოსარჩელე ითხოვს აღდგენილ იქნეს ცვლის ელექტრომექანიკოსის თანამდებობაზე. მოპასუხე ადასტურებს შესაბამის პოზიციაზე თავისუფალი (ვაკანტური) შტატის არსებობას. შესაბამისად, ბათილია რა სს „ს----------–--------------“-ს ინფრასტრუქტურის დირექტორის 2017 წლის 29 ნოემბრის № 6-- ბრძანება ვ-–------------ს თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ, დამსაქმებელი ვალდებულია აღადგინოს ის პირვანდელ სამუშაო ადგილზე.

 

საქართველოს შრომის კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის დროს, დასაქმებულს მიეცემა შრომის ანაზღაურება სრული ოდენობით. მოცდენად უნდა ჩაითვალოს იმგვარი ვითარებაც, როდესაც შრომის ხელშეკრულების არამართლზომიერად მოშლის შედეგად, დასაქმებულს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოვალეობების შერულების შესაძლებლობა ესპობა, ვინაიდან, ამევე დროს, არსებობს დასქმებულის ნება განახორციელოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება და მიიღოს შესაბამისი ანაზღაურება. შესაბამისად, შრომითი ხელშეკრულების არამართლზომიერად მოშლის მომენტიდან დასაქმებულის სამუშაოზე აღდგენამდე დრო დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული მოცდენაა. საქართველოს შრომის კოდექსის 44-ე მუხლის მიხედვით შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

შრომითი ხელშეკრულების საფუძვლის ბათილად ცნობა შედეგობრივი თვალსაზრისით იწვევს ხელშეკრულების საფუძვლის ბათილობამდე არსებული მდგომარეობის აღდგენასა და იმ ზიანის ანაზღაურებას, რომელიც დასაქმებულს დამსაქმებლის მხრიდან არამართლზომიერი გათავისუფლებით მიადგა. სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე და 411-ე მუხლების კონტექსტში ის სამართლებრივი შედეგებია, რაც დამსაქმებლის არამართლზომიერ ქმედებას სდევს თან. შესაბამისად, ვ-–-----------ს უნდა აუნაზღაურდეს იძულებითი განაცდური 2017 წლის 29 ნოემბრიდან სამსახურში აღდგენამდე ყოველთვიურად 640 ლარის (საშემოსავლო გადახდების გარეშე) ოდენობით და საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისთვის დაყოვნებული თანხის 0.07% სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1-ე მუხლის პირველი თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. მოცემულ შემთხვევაში სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შესაბამისად მოპასუხეს უნდა გადახდეს მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 200 ლარის ნაწილი, 100 ლარი ვ-–------------ს სასარგებლოდ.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ვ-–------------ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სს "ს----------–--------------"-ს ინფრასტუქტურის ფილიალის დირექტორის 2017 წლის 29 ნოემბრის ბრძანება N6-- მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ;

 

1.2. ვ-–------------ აღდგენილ იქნეს სს „ს----------–--------------“-ს „ს----------–------------------------------------------–---–-“, სიგნალიზაციის, ცენტრალიზაციისა და ბლოკირების (სცბ) დეპარტამენტი, სამტრედიის სიგნალიზაციის, ცენტრალიზაციის და ბლოკირების სამმართველო, I ავტომატიკის ექსპლუატაცია, სამტრედია I, სამტრედია II ჯგუფი, სამტრედია II ცვლის ელექტრომექანიკოსის თანამდებობაზე.

 

1.3. სს „ს----------–--------------ს“ დაეკისროს აუნაზღაუროს ვ-–-----------ს იძულებითი განაცდური სამუშაოდან გათავისუფლების დღიდან, 2017 წლის 29 ნოემბრიდან სამუშაოზე აღდგენამდე, სარგოს (საშემოსავლო გადახდების გარეშე) 640 ლარის ოდენობით;

 

1.4. სს ,,ს----------–--------------ს“ ვ-–------------ს სასარგებლოდ დაეკისროს ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისთვის დაყოვნებული თანხის 0.07% ანაზღაურება სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

 

1.5. უარი ეთქვას მოსარჩელეს სს "ს----------–--------------ს" დირექტორთა საბჭოს 2009 წლის 06 მარტის N5--- დადგენილების მე-4 დანართის მე-4 მუხლის ბათილად ცნობაზე.

 

2. მოპასუხე სს „ს----------–--------------“-ს ვ-–------------ს სასარგებლოდ დაეკისროს მოსაჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის ანაზღაურება.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით სამრედიის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სამტრედიის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნონა ზარქუა