გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/21256-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
22 ნოემბერი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ხათუნა ჯინორია
სხდომის მდივანი - ირაკლი გამსახურდია
მოსარჩელე - სს ,,თ----------ი‘’
წარმომადგენელი - ნ---- ს--------
მოპასუხე - რ---–---- ძ-----
წარმომადგენელი - მ------ ტ---–---–ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
რ---–---- ძ-----ს მოსარჩელე სს „თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს:
1.1. 2018 წლის 11 ივნისის საბანკო კრედიტის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე შემცირებული დავალიანების გადახდა - 2873.34 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირითადი თანხაა - 1500 ლარი, საპროცენტო ვალი - 473.34 ლარი და შემცირებული ჯარიმა - 900 ლარი.
1.2. 2019 წლის 18 აგვისტოდან, (საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) 2018 წლის 11 ივნისის საბანკო კრედიტის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე - 1500 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 60% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 75 ლარს.
1.3. 2018 წლის 13 იანვრის საბანკო კრედიტის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე შემცირებული დავალიანების გადახდა - 927.27 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირითადი თანხაა - 546.47 ლარი და ჯარიმა - 380.80 ლარის ოდენობით.
1.4. 2018 წლის 30 აპრილის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდა - 779.31 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირითადი თანხაა - 445.26 ლარი, პროცენტი - 107.45 ლარი და ჯარიმა - 226.60 ლარის ოდენობით.
1.5. 2019 წლის 18 აგვისტოდან, (საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) 2018 წლის 30 აპრილის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე - 445.26 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 48% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 17.81 ლარს.
1.6. 2017 წლის 20 ივნისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდა - 3006.28 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირითადი თანხაა - 2389.36 ლარი, საპროცენტო სარგებელი - 381.92 ლარი და ჯარიმა - 235 ლარი.
1.7. 2019 წლის 18 აგვისტოდან, (საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) 2017 წლის 20 ივნისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე - 2389.36 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 33% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 65.70 ლარს.
სარჩელის საფუძვლად მითითებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
სს „თ----------სა“ და რ---–---- ძ-----ს შორის, ინტერნეტბანკის საშუალებით, 2018 წლის 11 ივნისს, დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N3--------------, რომლის საფუძველზეც მსესხებლზე გაიცა კრედიტი - 1500 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 60%-ით, კრედიტის ვადა - 2019 წლის 11 ივნისამდე. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 11 რიცხვში. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი გრაფიკის ყოველი დარღვევისას და დავალიანების თანხის 0.5% ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის.
რ---–---- ძ-----მ 2018 წლის 11 ივნისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით N3-------------- ნაკისრი ვალდებულებები დაარღვია და 2019 წლის 11 იანვრის შემდეგ აღარ განუხორციელებია გადახდა.
2019 წლის 16 აგვისტოს მდგომარეობით რ---–---- ძ-----ს, 2018 წლის 11 ივნისის საბანკო კრედიტის N3-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება - 3018.90 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირითადი თანხაა - 1500 ლარი, პროცენტი - 473.34 ლარი და ჯარიმა - 1045.56 ლარი.
სს „თ----------სა“ და რ---–---- ძ-----ს შორის 2018 წლის 13 იანვარს, სწრაფი განვადების ფარგლებში გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშკრულება N3--------------, რომლის საფუძველზეც მსესხებლზე გაიცა კრედიტი - 1639.55 ლარის ოდენობით. კრედიტის ვადად განისაზღვრა 560 დღე (18 გადახდა), კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 27 რიცხვში, ყოველთვიურად - 92.99 ლარის გადახდით. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე - გრაფიკით განსაზღვრული გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში, ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის - 2 ლარი და 1.5 % - ს ოდენობით.
რ---–---- ძ-----მ 2018 წლის 13 იანვრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით N3-------------- ნაკისრი ვალდებულებები დაარღვია და 2019 წლის 08 თებერვლის შემდეგ აღარ მომხდარა გადახდა.
2019 წლის 16 აგვისტოს მდგომარეობით, რ---–---- ძ-----ს 2018 წლის 13 იანვრის საბანკო კრედიტის N3-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 945.39 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირითადი თანხაა - 546.47 ლარი, ჯარიმა - 380.80 ლარი და საკომისიო - 18.12 ლარი.
სს „თ----------სა’’ და რ---–---- ძ-----ს შორის 2018 წლის 30 აპრილს დაიდო საკრედიტო ბარათით (Prime card) სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა საკრედიტო ბარათი - 500 ლარიანი საკრედიტო ლიმიტის მოცულობით. წლიური საპროცენტო სარგებლის განაკვეთი საკრედიტო ლიმიტით სარგებლობისთვის განისაზღვრა 48%-ით კრედიტის სავაჭრო/მომსახურების ობიექტში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში და 48%-ით ბანკომატით ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო გრაფიკით განსაზღვრული გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში, ყოველი გადაცილებული დღისთვის: 1 ლარი და დავალიანების 1.5 %. კრედიტის პერიოდული დაფარვა უნდა მომხდარიყო დაანგარიშების თარიღიდან მაქსიმუმ 25-ე დღეს დაანგარიშების დღემდე ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 5%-ს დამატებული ათვისების დღიდან დაანგარიშების დღემდე დარიცხული საპროცენტო სარგებლის და პირგასამტეხლოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ოდენობით. დაანგარიშების თარიღად განისაზღვრა ყოველი თვის 27 რიცხვი. ამასთან, 2018 წლის 30 აპრილის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულების 4.4 პუნქტის თანახმად, ეს ხელშეკრულება წარმოადგენს ამ ხელშეკრულების 2.1 ქვეპუნქტში დასახელებული ძირითადი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ ხელშეკრულებაზე სრულად ვრცელდება ძირითადი ხელშეკრულების მოქმედება და საქართველოს კანონმდებლობით ამ ხელშეკრულებისათვის გათვალისწინებული ყველა სხვა პირობა მოცემულია ძირითად ხელშეკრულებაში; ხოლო, ამავე ხელშეკრულების 2.1 პუნქტის თანახმად, ეს ხელშეკრულება იმავდროულად წარმოადგენს კლიენტის განცხადებას საკრედიტო პროდუქტის მიღების შესახებ, რომლის ხელმოწერითაც კლიენტი ადასტურებს, რომ დეტალურად იცნობს ბანკის ინტერნეტ გვერდზე www.tbcbank.ge განთავსებული საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ ხელშეკრულების პირობებს (ამ ხელშეკრულებაში შეტანილ ყველა ცვლილებასა და დამატებას) და ეთანხმება მათ, რითიც უერთდება ზემოხსენებულ ხელშეკრულებას.
რ---–---- ძ-----მ 2018 წლის 30 აპრილის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები დაარღვია და 2019 წლის 21 თებერვლის შემდეგ და აღარ მომხდარა გადახდა.
2019 წლის 18 აგვისტოს მდგომარეობით რ---–---- ძ-----ს, 2018 წლის 30 აპრილის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება - 779.31 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირითადი თანხაა - 445.26 ლარი, საპროცენტო სარგებელი - 107.45 ლარი და ჯარიმა - 226.60 ლარი.
სს „თ----------სა’’ და რ---–---- ძ-----ს შორის 2017 წლის 20 ივნისს დაიდო საკრედიტო ბარათით (Prime card) სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა საკრედიტო ბარათი - 2500 ლარიანი საკრედიტო ლიმიტის მოცულობით. წლიური საპროცენტო სარგებლის განაკვეთი საკრედიტო ლიმიტით სარგებლობისთვის განისაზღვრა 18%-ით კრედიტის სავაჭრო/მომსახურების ობიექტში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში და 33%-ით ბანკომატით ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო გრაფიკით განსაზღვრული გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში, 20 ლარი და დავალიანების 0.5 % ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის. კრედიტის პერიოდული დაფარვა უნდა მომხდარიყო დაანგარიშების თარიღიდან მაქსიმუმ 25-ე დღეს დაანგარიშების დღემდე ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 5%-ს დამატებული ათვისების დღიდან დაანგარიშების დღემდე დარიცხული საპროცენტო სარგებლის და პირგასამტეხლოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ოდენობით. დაანგარიშების თარიღად განისაზღვრა ყოველი თვის 17 რიცხვი. ამასთან, 2017 წლის 20 ივნისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულების 7.2 პუნქტის თანახმად, ეს ხელშეკრულება წარმოადგენს ამ ხელშეკრულების 2.1 და 7.6.2 ქვეპუნქტებში დასახელებული ძირითადი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ ხელშეკრულებაზე სრულად ვრცელდება ძირითადი ხელშეკრულების მოქმედება და საქართველოს კანონმდებლობით ამ ხელშეკრულებისათვის გათვალისწინებული ყველა სხვა პირობა მოცემულია ძირითად ხელშეკრულებაში; ხოლო, ამავე ხელშეკრულების 2.1 და 7.6.2 პუნქტების თანახმად, ეს ხელშეკრულება იმავდროულად წარმოადგენს კლიენტის განცხადებას საკრედიტო პროდუქტის მიღების შესახებ, რომლის ხელმოწერითაც კლიენტი ადასტურებს, რომ დეტალურად იცნობს ბანკის ინტერნეტ გვერდზე www.tbcbank.ge განთავსებული საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ ხელშეკრულების პირობებს (ამ ხელშეკრულებაში შეტანილ ყველა ცვლილებასა და დამატებას) და ეთანხმება მათ, რითიც უერთდება ზემოხსენებულ ხელშეკრულებას.
რ---–---- ძ-----მ 2017 წლის 20 ივნისის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები დაარღვია და 2019 წლის 12 მარტის შემდეგ და აღარ მომხდარა გადახდა.
2019 წლის 18 აგვისტოს მდგომარეობით რ---–---- ძ-----ს, 2017 წლის 20 ივნისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება - 4082.06 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირითადი თანხაა - 2389.36 ლარი, საპროცენტო სარგებელი - 381.92 ლარი და ჯარიმა -1310.78 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილია შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი და პირგასამტეხლო.
ძირითადი თანხის ოდენობა შეადგენს 1500 ლარს, დარღვევა მოპასუხის მხრიდან ფიქსირდება 2019 წლის იანვრიდან, ხოლო ნახევარი წლის პერიოდისათვის ბანკის მიერ სარჩელით მოთხოვნილია დაახლოებით 13000 ლარი.
ხელშეკრულებით ეფექტური საპროცენტო განაკვეთი შეადგენს 21%-ს, ხოლო სარჩელით მოთხოვნილია წლიური 60%, რომელიც წინააღმდეგობაშია მოქმედ სამოქალაქო კოდექსთან.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1 სს „თ----------სა“ (კრედიტორი, მოსარჩელე) და რ---–---- ძ-----ს (მოვალე, მოპასუხე) შორის, ინტერნეტბანკის საშუალებით, 2018 წლის 11 ივნისს, დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N3-------------- (პირველი ხელშეკრულება), რომლის საფუძველზეც მოვალის სახელზე გაიცა კრედიტი - 1500 ლარი, წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 60%-ით, კრედიტის ვადა - 2019 წლის 11 ივნისამდე. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 11 რიცხვში. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი გრაფიკის ყოველი დარღვევისას და დავალიანების თანხის 0.5% ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
- 11.06.2018 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (ს.ფ. 214-216);
- სს „თ----------ის“ 13.08.2019 ცნობა (ს.ფ. 23);
3.1.2 კრედიტორის მიერ 2018 წლის 11 ივნისის ხელშეკრულებით გაცემული კრედიტის თანხა მოვალემ აითვისა.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
- დავალიანების ცნობა (ს.ფ. 81);
- გადახდების ისტორია (ს.ფ. 64).
3.1.3. მოვალემ პირველი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები დაარღვია და 2019 წლის 11 იანვრის შემდეგ აღარ განუხორციელებია გადახდა.
2019 წლის 16 აგვისტოს მდგომარეობით რ---–---- ძ-----ს პირველი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება - 3018.90 ლარი, საიდანაც ძირითადი თანხაა - 1500 ლარი, პროცენტი - 473.34 ლარი და ჯარიმა - 1045.56 ლარი.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- გადახდების ისტორია (ს.ფ. 64);
- დავალიანების ცნობა (ს.ფ. 81).
3.1.4 კრედიტორსა და მოვალეს შორის 2018 წლის 13 იანვარს, სწრაფი განვადების ფარგლებში გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშკრულება N3-------------- (მეორე ხელშეკრულება), რომლის საფუძველზეც მოვალის სახელზე გაიცა კრედიტი - 1639.55 ლარი. კრედიტის ვადად განისაზღვრა 560 დღე (18 გადახდა), კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 27 რიცხვში, ყოველთვიურად - 92.99 ლარის გადახდით. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე - გრაფიკით განსაზღვრული გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში, ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის - 2 ლარი და 1.5%.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- 2018 წლის 13 იანვრის ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები (ს.ფ. 24)
- 2018 წლის 13 იანვრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (ს.ფ. 25);
3.1.5 კრედიტორის მიერ მეორე ხელშეკრულებით გაცემული კრედიტის თანხა მოვალემ აითვისა.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- დავალიანების ცნობა (ს.ფ. 81);
- გადახდების ისტორია (ს.ფ. 65).
3.1.6. მოვალემ მეორე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები დაარღვია და 2019 წლის 8 თებერვლის შემდეგ აღარ მომხდარა გადახდა.
2019 წლის 16 აგვისტოს მდგომარეობით, მოვალეს მეორე ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება -945.39 ლარი, საიდანაც ძირითადი თანხაა - 546.47 ლარი, ჯარიმა - 380.80 ლარი და საკომისიო - 18.12 ლარი.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- დავალიანების ცნობა (ს.ფ. 81);
- გადახდების ისტორია (ს.ფ. 65).
3.1.7. კრედიტორსა და მოვალეს შორის 2018 წლის 30 აპრილს დაიდო საკრედიტო ბარათით (Prime card) სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება (მესამე ხელშეკრულება), რომლის საფუძველზეც მოვალის სახელზე გაიცა საკრედიტო ბარათი 500-ლარიანი საკრედიტო ლიმიტის მოცულობით. წლიური საპროცენტო სარგებლის განაკვეთი საკრედიტო ლიმიტით სარგებლობისთვის განისაზღვრა 48%-ით კრედიტის სავაჭრო/მომსახურების ობიექტში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში და 48%-ით ბანკომატით ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო გრაფიკით განსაზღვრული გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში, ყოველი გადაცილებული დღისთვის: 1 ლარი და დავალიანების 1.5 %. კრედიტის პერიოდული დაფარვა უნდა მომხდარიყო დაანგარიშების თარიღიდან მაქსიმუმ 25-ე დღეს დაანგარიშების დღემდე ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 5%-ს დამატებული ათვისების დღიდან დაანგარიშების დღემდე დარიცხული საპროცენტო სარგებლის და პირგასამტეხლოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ოდენობით. დაანგარიშების თარიღად განისაზღვრა ყოველი თვის 27 რიცხვი.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- 30.04.2018 წლის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები (ს.ფ. 29);
- 30.04.2018 წლის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ.30-32)
3.1.8 კრედიტორის მიერ მესამე ხელშეკრულებით გათვალისწინებული საკრედიტო ლიმიტი აითვისა.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- დავალიანების ცნობა (ს.ფ. 81);
- გადახდების ისტორია (ს.ფ. 67-70).
3.1.9. მოვალემ მესამე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები დაარღვია და 2019 წლის 21 თებერვლის შემდეგ და აღარ მომხდარა გადახდა.
2019 წლის 18 აგვისტოს მდგომარეობით მოვალეს მესამე ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება - 779.31 ლარი, საიდანაც ძირითადი თანხაა - 445.26 ლარი, საპროცენტო სარგებელი - 107.45 ლარი და ჯარიმა - 226.60 ლარი.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- დავალიანების ცნობა (ს.ფ. 81);
- გადახდების ისტორია (ს.ფ. 67-70).
3.1.10. კრედიტორსა და მოვალეს შორის 2017 წლის 20 ივნისს დაიდო საკრედიტო ბარათით (Prime card) სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება (მეოთხე ხელშეკრულება), რომლის საფუძველზეც მოვალის სახელზე გაიცა საკრედიტო ბარათი 2500-ლარიანი საკრედიტო ლიმიტით. წლიური საპროცენტო სარგებლის განაკვეთი საკრედიტო ლიმიტით სარგებლობისთვის განისაზღვრა 18%-ით კრედიტის სავაჭრო/მომსახურების ობიექტში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში და 33%-ით ბანკომატით ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო გრაფიკით განსაზღვრული გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში, 20 ლარი და დავალიანების 0.5 % ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის. კრედიტის პერიოდული დაფარვა უნდა მომხდარიყო დაანგარიშების თარიღიდან მაქსიმუმ 25-ე დღეს დაანგარიშების დღემდე ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 5%-ს დამატებული ათვისების დღიდან დაანგარიშების დღემდე დარიცხული საპროცენტო სარგებლის და პირგასამტეხლოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ოდენობით. დაანგარიშების თარიღად განისაზღვრა ყოველი თვის 17 რიცხვი.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- 20.06.2017 წლის ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები (ს.ფ. 36-37)
- 20.06.2017 წლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (ს.ფ. 38-43);
3.1.11 კრედიტორის მიერ მეოთხე ხელშეკრულებით გაცემული კრედიტის ლიმიტი მოვალემ აითვისა ბანკომატის მეშვეობით თანხის გატანის გზით.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- დავალიანების ცნობა (ს.ფ. 81);
- გადახდების ისტორია (ს.ფ. 71-80).
3.1.12. მოვალემ მეოთხე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები დაარღვია და 2019 წლის 12 მარტის შემდეგ და აღარ მომხდარა გადახდა.
2019 წლის 18 აგვისტოს მდგომარეობით მოვალეს მეოთხე ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება - 4082.06 ლარი, საიდანაც ძირითადი თანხაა - 2389.36 ლარი, საპროცენტო სარგებელი - 381.92 ლარი და ჯარიმა -1310.78 ლარი.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- დავალიანების ცნობა (ს.ფ. 81);
- გადახდების ისტორია (ს.ფ. 71-80).
3. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. კრედიტორმა ხელშეკრულებები შეწყვიტა 18.08.2019 წელს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეზე არ დგინდება სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლით გათვალისწინებული საბანკო კრედიტის ვადამდე შეწყვეტის პირობები (გადახდის ვადის ზედიზედ ორჯერ გადაცილების შემდგომ მოვალის გაფრთხილება და ორკვირიანი ვადის მიცემა). შესაბამისი მტკიცებულებები საქმეში არ არის წარმოდგენილი და არც მხარეები მიუთითებენ ამ გარემოებაზე. მოსარჩელე ზოგადად განმარტავს, რომ მოპასუხემ დაარღვია კრედიტის დაბრუნების ვადა. ვინაიდან სარჩელის აღძვრამდე სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები არ შესრულებულა, სასამართლო ხელშეკრულებას შეწყვეტილად მიიჩნევს 18.08.2019 წლიდან - დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის მომენტიდან, ვინაიდან პროცენტი და პირგასამტეხლო დაანგარიშებულია სწორედ ამ მდგომარეობით, ხოლო ამის შემდგომ პერიოდისათვის კრედიტორი ითხოვს მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებას. სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დამატებითი ვადის განსაზღვრა არ არის აუცილებელი, თუ აშკარაა, რომ ამას შედეგი არ მოყვება. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზეც უარს აცხადებს დავალიანების დაფარვაზე. ამდენად, აშკარაა, რომ დამატებითი ვადის განსაზღვრა შედეგის მომტანი ვერ იქნებოდა.
3.2.2. ხელშეკრულებებით მხარეები არ შეთანხმებულან მოვალის მიერ ვადის გადაცილების შემთხვევაში ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტის გადახდაზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. მტკიცებულებათა წარმოდგენის მოვალეობას საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დასადგენად, კანონმდებელი აკისრებს იმ მხარეს, რომლისთვისაც ეს უფრო ადვილი და მოსახერხებელია.
ამავე კოდექსის 102-ე მუხლი ადგენს მტკიცების ტვირთის განაწილების პროცესუალურ სტანდარტს და ზოგადი წესის თანახმად, თითოეულ მხარეს ევალება მის მიერ მითითებული გარემოების დამტკიცება, თუმცა, ამავე ნორმის მე-3 ნაწილი ყურადღებას ამახვილებს რიგი გარემოებების სათანადო, განკუთვნადი მტკიცებულებებით დადასტურების აუცილებლობაზე. ამგვარი სათანადო მტკიცებულებების სახეს კი, როგორც წესი, მატერიალური კანონმდებლობა განსაზღვრავს.
მტკიცების ტვირთის განაწილებისაგან უნდა გამოვყოთ ფაქტების მითითების ტვირთი. მოსარჩელე ვალდებულია, სრულყოფილად მიუთითოს მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმიდან გამომდინარე და მისი მტკიცების სფეროში შემავალი ფაქტობრივი გარემოებები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ფაქტების მიუთითებლად, მტკიცებულების წარმოდგენა შედეგის მომტანი ვერ იქნება.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის წარმომადგენელმა სასამართლოს მთავარი სხდომაზე განმარტა, რომ მხარეები შეთანხმდნენ მოვალის მიერ ვადის გადაცილების შემთხვევაში ხელშეკრულებით გათვალისწინებული მთლიანი პროცენტის გადახდაზე.
სარჩელში ეს გარემოება მითითებული არ არის და არც მოთხოვნა ემყარება სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული.
სასმართლოს მთავარ სხდომაზე საპატიო მიზეზის გარეშე მითითებულ ახალ ფაქტობრივ გარემოებებს სასამართლო მხედველობაში ვერ მიიღებს.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე, 867-ე, 625-ე, 361-ე, 868-ე, 872-ე, 873-ე, 394-ე, 411-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 319-ე, 325-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი, ხოლო 867-ე მუხლის თანახმად კი საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, საბანკო კრედიტი არის სესხი, რომელსაც გასცემს კომერციული ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ან არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება − საკრედიტო კავშირი, ამასთან, ჩვეულებრივი სესხის ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, საბანკო კრედიტი ყოველთვის სარგებლიანია.
განსახილველ შემთხვევაში კრედიტორსა და მოვალეს შორის დაიდო ოთხი საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლებიც ითვალისწინებს სესხის ნაწილ-ნაწილ დაბრუნებას.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
ამავე კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
დადგენილია, რომ მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულებებით გათვალისწინებული გადახდის გრაფიკები და ვალდებულება აღარ შეუსრულებია, რის გამოც ხელშეკრულებები ვადამდე შეწყდა და კრედიტორი უფლებამოსილია, თანხის ერთიანად დაბრუნება მოითხოვოს. მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, მას სადავოდ არ გაუხდია ხელშეკრულებების დადების ფაქტი. მას არც საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხები გაუხდია სადავოდ.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ უნდა გახადოს მოპასუხემ. სწორედ ამის შემდეგ ეკისრება მოსარჩელეს მათი დადასტურების ტვირთი. შედავება უნდა მოხდეს საპირისპირო ფაქტებზე მითითების ან მითითებული გარემოებების უარყოფის გზით და საკმარისი არ არის შესაგებელში „არ ვეთანხმები“ გრაფის მონიშვნა.
სარჩელზე შედავება ნიშნავს მოსარჩელის ახსნა-განმარტების (მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების) უარყოფას. ამასთან, საუბარია ისეთ განმარტებებსა და გარემოებებზე, რომლებიც სასამართლოს აზრით მნიშვნელოვანია სასარჩელო მოთხოვნის დასაბუთებულობისათვის და საბოლოო გადაწყვეტილებისთვის. მაგ: მოპასუხის შედავებაში უარყოფილია მოსარჩელის მიერ მითითებული ისეთი ფაქტები, როგორიცაა თარიღი, ადგილი, მოვლენათა განვითარება სრულად ან მისი დეტალები. ამასთან, მოპასუხის შედავება შეიძლება იყოს დასაშვები ან დაუშვებელი. დაუშვებელია შედავება, როდესაც იგი აბსტრაქტული ან ზოგადია (დაუზუსტებელი), ანუ, როდესაც მასში არაფერია ნათქვამი ცალკეულ ფაქტებსა და მოვლენებზე. ასეთ შემთხვევებში სასამართლო დაუშვებლად მიიჩნევს მოპასუხის მიერ განხორციელებულ შედავებას. ზოგადი და აბსტრაქტული შედავების დაუშვებლობა გამომდინარეობს შემდეგი მოსაზრებებიდან: თუ დაშვებული იქნებოდა ასეთი ზოგადი და აბსტრაქტული ხასიათის შედავება, მოსარჩელეს არ ექნებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე და შესაბამისად, რისი მტკიცება მოუწევს მას მისივე მითითებული გარემოებებიდან (მაგალითად, შეთანხმების დადების ფაქტის, შეთანხმების თარიღის, ნასყიდობის საგნის და ა.შ.). აღნიშნული კი მას, საპროცესო კანონმდებლობიდან გამომდინარე, არასათანადოდ ჩააყენებდა არახელსაყრელ მდგომარეობაში, ვინაიდან ამით ხელი შეეშლებოდა მის მიერ სსკ-ის 102-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების, კერძოდ, მტკიცების ტვირთის (რომელიც პროცესში მომეტებულად მოსარჩელეს აკისრია) განხორციელებას. იმის დადგენა და გამოვლენა, თუ რომელი გარემოებაა სადავო, ანუ რომელი ფაქტის დამტკიცება უწევს მოსარჩელეს, შესაძლებელი ხდება მხოლოდ მოპასუხის მიერ თავისი პასუხის (შედავების) სათანადოდ დაზუსტების/დაკონკრეტების შემდეგ. ამრიგად, დაუშვებელია მხოლოდ ზოგადი და აბსტრაქტული შედავება და იგი განხილულ უნდა იქნას, როგორც უპასუხობა, ანუ დასტური (აღიარება) (იხ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს №2ბ/6205-18 განჩინება).
განსახილველ შემთხვევაში, მართალია, მოპასუხემ წარმოადგინა კვალიფიციური შესაგებელი, რომლითაც სარჩელი არ ცნო, მაგრამ, რეალურად, შედავება ეხება მხოლოდ სესხის პროცენტსა და პირგასამტეხლოს. მიუხედავად იმისა, რომ შესაგებელში მოსარჩელის მიერ მითითებულ ყველა ფაქტობრივ გარემოებაზე მონიშნულია „არ ვეთანხმები“ გრაფა, მოპასუხეს არ მიუთითებია რაიმე კონკრეტული შედავება ხელშეკრულების დადების ფაქტის, მისი პირობების განსაზღვრის და სესხის ძირითადი თანხის მიღების საწინააღმდეგოდ. მოპასუხე ასევე არ მიუთითებს, რომ სესხი დააბრუნა და, ამ თვალსაზრისით, არც რაიმე მტკიცებულებაა წარმოდგენილი, ამდენად, კრედიტორის სასარგებლოდ მოპასუხეს უნდა დაეკისროს პირველი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი თანხის - 1500 ლარის, მეორე ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 546.47 ლარის, მესამე ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 445.26 ლარისა და მეოთხე ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 2389.36 ლარის გადახდა.
6.2. სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი ან ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი.
მოპასუხე არ ეთანხმება სადავო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ პროცენტს და მიიჩნევს, რომ ის შეუსაბამოდ მაღალია.
სასამართლო მოპასუხის ამ მტკიცებას ვერ გაიზიარებს.
სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი.
აღნიშნული ნორმით განსაზღვრულია კერძო სამართლის ფუნდამენტური პრინციპი, სახელშეკრულებო თავისუფლება, რომელიც, გულისხმობს არა მხოლოდ ხელშეკრულების დადების თავისუფლებას, არამედ შესაძლებლობას, რომ მხარეებმა თავისუფლად განსაზღვრონ მისი შინაარსი.
ნებისმიერი დავის გადაწყვეტისას, სასამართლო ხელმძღვანელობს დავის სამართლიანად გადაწყვეტისა და მონაწილეთა ინტერესების დაცვის პრინციპით. სამოქალაქო სამართალში ურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისიერი ქცევაა პრეზუმირებული, რაც იმთავითვე გულისხმობს იმის ვარაუდს, რომ ისინი თავიანთ უფლებებს კეთილსინდისიერად ახორციელებენ [სსკ-ის 8.3 მუხლი]. „უფლებათა ბოროტად გამოყენებისაგან სხვათა თავისუფლებას იცავს სამოქალაქო კანონის იმპერატიული ნორმები“ [სსკ-ის 10-ე მუხლის მესამე ნაწილი]. შესაბამისად, მხარეთა უფლება თავისუფლად დადონ ხელშეკრულება და ასევე თავისუფლად განსაზღვრონ მისი შინაარსი, აბსოლუტური არ არის. სახელშეკრულებო დებულებების განსაზღვრის დროს ისინი ვალდებულნი არიან გაითვალისწინონ ზემოაღნიშნული (იხ. სუსგ ას-663-629-2015).
სამოქალაქო კოდექსის 325-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე.
სარგებლის მართლზომიერების მტკიცების ტვირთი გამსესხებელს აწევს სსკ-ის 325-ე მუხლის პირველი და სსსკ 102-ე მუხლის პირველი ნაწილების თანახმად.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ შეძლო დაედასტურებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტის მართლზომიერება.
ხელშეკრულებით განსაზღვრულია საპროცენტო სარგებელი, რომელსაც მსესხებელი დაეთანხმა ხელშეკრულების ხელმოწერისა და სესხის თანხის მიღებით. მართალია, საპროცენტო სარგებელს განსაზღვრავს კომერციული ბანკი, რომელიც, მსესხებელთან შედარებით, ძლიერი მხარეა, მაგრამ ეს გარემოება თავისთავად არ ნიშნავს ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტის უკანონობას.
მნიშვნელოვანია, რომ სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად (ოთხივე ხელშეკრულების დადების დროისათვის მოქმედი რედაქციით) მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის პროცენტის განსაზღვრისას სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს 100 პროცენტს. ხელშეკრულებებით გათვალისწინებული საპროცენტი სარგებელი არათუ არ აღემატება მაქსიმალურ ზღვარს, არამედ გაცილებით ნაკლებია.
პროცენტის მაქსიმალური ოდენობა დადგენილი იყო კანონით, თავად კანონმა დაუშვა წლიური 100%-ის ფარგლებში სარგებლის გათვალისწინების შესაძლებლობა, ამდენად, საკრედიტო დაწესებულებამ ბაზარზე გაბატონებული მდგომარეობა კი არ გამოიყენა, არამედ, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში იმოქმედა და მაქსიმალური ზღვარის ფარგლებში საშუალო მაჩვენებლით განსაზღვრა სესხის ძირითად თანხაზე დასარიცხი პროცენტი.
როგორც უკვე აღინიშნა, მოპასუხეს მოთხოვნის შემწყვეტი შესაგებელი არ წარმოუდგენია და არ მიუთითებია, რომ ვალდებულება შესრულებულია, შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს ხელშეკრულების შეწყვეტის მდგომარეობით დარიცხული პროცენტის გადახდა.
6.3. მოსარჩელე ითხოვს პირველი, მესამე და მეოთხე ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებას - ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პროცენტების დარიცხვას ვალდებულების შესრულებამდე.
სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული სარგებლის გადახდის ვალდებულება არსებობს ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში. სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტი, რომელიც თავისი შინაარსით სარგებელია, განსხვავდება 403-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტისაგან, რომელიც ის ზიანია, რაც განიცადა კრედიტორმა ფულადი თანხის გადახდის ვალდებულების დარღვევის გამო; ამასთან, 403-ე მუხლით სარჩელის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელია შემდეგი პირობების არსებობა: 1) მოვალეს შესასრულებელი უნდა ჰქონდეს ფულადი ვალდებულება; 2) ფულადი ვალდებულების შესრულების ვადა უნდა იყოს დარღვეული; 3) ფულადი თანხის გადახდის ვადის გადაცილებისათვის უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება პროცენტის თაობაზე (იხ. სუსგ Nას-1701-1685-2011). ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომ სარგებლის გადახდის ვალდებულება შეიძლება არსებობდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მხარეები ამის თაობაზე შეთანხმებული არიან. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო საკრედიტო ხელშეკრულებები არ ითვალისწინებს სარგებლის დარიცხვას მისი შეწყვეტის შემდგომ.
სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის.
ამავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
სარგებელი ეს არის ნივთის (ამ შემთხვევაში ფულის სარგებლობისათვის) გამოყენების შედეგად მსესხებლის მიერ მიღებული ან მისაღები შემოსავალი, ხოლო მიუღებელი შემოსავალი - ის ზიანია (დანაკარგია), რომელიც ვერ მიიღო ბანკმა მსესხებლის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო. შესაბამისად, განსხვავებულია მათი მტკიცების ფარგლებიც. მიუღებელ შემოსავალს დამტკიცება სჭირდება (სსკ-ის 404-ე, 411-412-ე მუხლები), მაშინ, როდესაც ხელშეკრულებით განსაზღვრული გონივრული პროცენტის ნამდვილობისათვის საკმარისია მხარეთა წერილობითი შეთანხმება (იხ. სუსგ №ას-932-882-2015).
დადგენილია, რომ ხელშეკრულებები შეწყდა 18.08.2019 წელს, შესაბამისად, კრედიტორს ამ მდგომარეობით გააჩნია ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლის მოთხოვნის უფლება, ხოლო ამ მომენტიდან სამომავლოდ კრედიტორს გააჩნია არა ხელშეკრულებით განსაზღვრული სარგებლის, არამედ მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნის უფლება. მოსარჩელე არის კომერციული ბანკი და იგი შემოსავალს იღებს მათ შორის საკრედიტო ხელშეკრულებების დადების გზით, მაგრამ სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, მტკიცებას საჭიროებს არა მხოლოდ მიუღებელი შემოსავლის არსებობა, არამედ მისი ოდენობაც. მიუღებელი შემოსავალი ერთ-ერთი სახეა ზიანისა. იგი თავისი ბუნებით გულისხმობს „წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს“, რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს (იხ, სუსგ №ას-459-438-2015, 2015 წლის 07 ოქტომბერი). მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება (იხ. სუსგ Nას-307-291-2011).
სამოქალაქო კოდექსის 872-ე მუხლის თანახმად, თუ კრედიტის ამღები უკან აბრუნებს კრედიტს საკრედიტო ურთიერთობის დამთავრებამდე, მაშინ კრედიტის გამცემს შეუძლია მოითხოვოს ზიანის შესაბამისი ანაზღაურება. ამასთან, ზიანის საზღაურში უნდა ჩაითვალოს დაზოგილი გასავლების ღირებულება, აგრეთვე ის სარგებელი, რომელსაც კრედიტის გამცემი მიიღებდა სასესხო ვალუტის სხვაგვარი გამოყენებიდან, ან თუ კრედიტის მიმღებმა განზრახ არ დაუშვა მისი მიღება.
მოცემული ნორმა შეეხება როგორც კრედიტის მიმღების მიერ თანხის ვადამდე ნებაყოფლობით დაბრუნების, ისე, 873-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევას. აღნიშნული ნორმის საფუძველზე, საპროცენტო სარგებლის მოთხოვნის უფლება მოვალის მიერ თანხით მთელი პერიოდისათვის სარგებლობას არ უკავშირდება. ნებისმიერ მსესხებელთან საბანკო კრედიტის ხელშეკრულების გაფორმება ხდება იმ მოლოდინით, რომ ბანკი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოგებას მიიღებს. საპროცენტო განაკვეთი საბანკო კრედიტისათვის არის კრედიტის ფასი, რაც კრედიტით სარგებლობის გარკვეული ეტაპის დასრულებისას უნდა იყოს გადახდილი. საპროცენტო განაკვეთი უზრუნველყოფს ბანკს, რომ მან დაფაროს ის ხარჯები, რაც დაკავშირებულია დეპოზიტზე მოზიდული სხვისი სახსრების პროცენტების გადახდასთან, შესაბამისი მოგების მიღებასთან და სარესურსო ფონდების გაზრდასთან. მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა კი, ბანკს უფლებას აძლევს მოითხოვოს როგორც დამდგარი ზიანის, ისე მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება. ამასთან, საყურადღებოა, ასეთ შემთხვევაში მიუღებელ შემოსავლად რა ჩაითვლება. 872-ე მუხლი ნათლად მიუთითებს, რომ ზიანის საზღაურში ჩაითვლება ის მოგება, რაც კრედიტის გამცემს თანხის სხვაგვარი გამოყენებით შეეძლო მიეღო. აღნიშნულის გათვალისწინებით, მიუღებელი შემოსავალი თანხის კრედიტის გამცემისათვის სარეალიზაციოდ დაბრუნებას უკავშირდება და არა ხელშეკრულების შეწყვეტას. კონკრეტული საპროცენტო განაკვეთი მოქმედებს მხოლოდ იმ პერიოდისათვის, როდესაც ფულადი რესურსი ბანკის სარგებლობაში არ იმყოფება. იმ მომენტიდან, როდესაც სესხის თანხა კრედიტის გამცემს უბრუნდება, მიუღებელი შემოსავალი აღარ არსებობს, რადგანაც კრედიტორს სრული შესაძლებლობა აქვს სხვაგვარად განკარგოს ეს თანხა, თავიდან გასცეს კრედიტი, ან სხვა საშუალებით მიიღოს მოგება (იხ. სუსგ №ას-1586-1585-2011).
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს გააჩნია მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების უფლება.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონის“ 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, იმ გადაწყვეტილებათა აღსრულებისას, რომლებითაც გათვალისწინებულია კრედიტორის მოთხოვნის ზრდა ძირითად თანხაზე სარგებლის ან/და საურავის დარიცხვის შედეგად, სააღსრულებო წარმოების დაწყების დღიდან შეწყდება კრედიტორის მოთხოვნის ძირითად თანხაზე სარგებლის ან/და საურავის დარიცხვა, გარდა საგადასახადო მოთხოვნის შემთხვევებისა. კრედიტორის მოთხოვნის ძირითად თანხაზე სარგებლის ან/და საურავის დარიცხვა გაგრძელდება იმ დღიდან, როდესაც აღსრულების ეროვნული ბიურო ამ კანონის 35-ე მუხლის შესაბამისად დაუბრუნებს კრედიტორს სააღსრულებო ფურცელს.
შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ კრედიტორს მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნის უფლება გადაწყვტილების აღსრულების დაწყებამდე გააჩნია.
რაც შეეხება მიუღებელი შემოსავლის ოდენობას: მოსარჩელე ვერ ასაბუთებს, რომ მიიღებდა იმავე ოდენობის შემოსავალს - იმავე საპროცენტო განაკვეთში გაცემულ იმავე ოდენობის კრედიტის თანხაზე დარიცხულ სარგებელს. ის საერთოდ არ მიუთითებს ამგვარ გარემოებებზე.
ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ მინიმალური შემოსავალი, რომელიც ფულადი თანხის გამოყენების გზით ნებისმიერ კრედიტორს შეუძლია მიიღოს, არის ანაბარზე დასარიცხი პროცენტი.
საქართველოში არსებული ყველაზე მსხვილი კომერციული ბანკების ვებგვერდზე საჯაროდ განთავსებული ინფორმაციის (www.tbcbank.ge, www.bankofgeorgia.ge, www.libertybank.ge), საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მიუღებელი შემოსავალი უნდა განისაზღვროს ანაბრის საშუალო წლიური პროცენტით - 11%-ით. ეს არის მაქსიმალური პროცენტი, რომელსაც თავად მოსარჩელე სთავაზობს თავის მომხმარებლებს.
6.3. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის, ხოლო 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
დადგენილია, რომ ოთხივე ხელშეკრულება შეიცავს შეთანხმებას პირგასამტეხლოს თაობაზე.
მოვალე სადავოდ ხდის პირგასამტეხლოს ოდენობას, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ის შეუსაბამოდ მაღალია.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.
პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (იხ. სუსგ Nას-1560-1463-2012).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას, მათ შორის : ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება.
ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლოს უფლება აქვს, დაიყვანოს პირგასამტეხლო თანაზომიერების ფარგლებამდე.
სასამართლომ, დარღვეული ვალდებულების მოცულობის, მოპასუხის ქონებრივი მდგომარეობისა და კრედიტორის მხრიდან ვალდებულების დროულად შესრულების მიმართ არსებული ინტერესის გათვალისწინებით შეაფასა ოთხივე ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს მოთხოვნები. საყურადღებოა, რომ მოსარჩელე პირგასამტეხლოს გადახდას ხელშეკრულების შეწყვეტის მდგომარეობით ითხოვს.
პირველი ხელშეკრულებიდან გამომდინარე მაღალია როგორც პირგასამტეხლოს პროცენტი, ისე დარიცხული თანხა სესხის ძირითად თანხასთან მიმართებით, შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს გონივრულ ოდენობამდე - 500 ლარამდე.
მეორე ხელშეკრულების ფარგლებში დარიცხული პირგასამტეხლო ასევე მაღალია სესხის ძირითად თანხასთან მიმართებით და უნდა შემცირდეს გონივრულ ოდენობამდე - 150 ლარამდე.
სასამართლოს მოსაზრებით, მესამე ხელშეკრულების ფარგლებში დარიცხული პირგასამტეხლო არ არის შეუსაბამოდ მაღალი და მოვალეს მისი გადახდა უნდა დაეკისროს, ხოლო მეოთხე ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს გადახდის მოთხოვნა მოსამზადებელ სხდომაზე თავად მოსარჩელემ შეამცირა 235 ლარამდე.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელის იმ ნაწილის შესაბამისად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება, რომელიც დაკმაყოფილდა; სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება; ასევე საჯარო რეესტრში აკრძალვის რეგისტრაციის საფასურის ანაზღაურება.
რაც შეეხება ადვოკატის მომსახურების საფასურს, მოარჩელის წარმომადგენელმა სარჩელს დაურთო 500 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლი ითვალისწინებს მაქსიმალურ ზღვარს, რომლის ფარგლებშიც მოპასუხე პასუხის აგებს მოსარჩელის მიერ გაწეულ ხარჯზე. ამასთან, სასამართლოს შეუძლია, თავად განსაზღვროს ის გონივრული და სამართლიანი ოდენობა, რომლის ანაზღაურებაც მოპასუხეს უნდა დაეკისროს.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეს უნდა დაეკისროს ადვოკატის მომსახურების საფასურის - 100 ლარის ანაზღაურება. საქმის თავისებურებების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ სწორედ 100 ლარი წარმოადგენს იურიდიული მომსახურების საფასურის გონივრულ და სამართლიან ოდენობას.
სასამართლო აქვე განმარტავს, რომ საქმის მომზადების დასრულებამდე მოსარჩელემ შეამცირა 2017 წლის 20 ივნისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა პირგასამტეხლოს ნაწილში და გაზარდა ამავე ხელშეკრულებიდან გამომდინარე მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნა, რითაც უცვლელი დარჩა დავის საგნის შეჯამებული ღირებულება და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის გამოყენების საფუძველი არ არსებობს.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
ვინაიდან სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და ამ ნაწილში არსებობს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ინტერესი, არ არსებობს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 აგვისტოს განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე-244-ე, 248-ე-250-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს ,,თ----------ის“ სარჩელი რ---–---- ძ-----ს მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. რ---–---- ძ-----ს სს ,,თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს:
2.1. 2018 წლის 11 ივნისის საბანკო კრედიტის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 2473 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 1500 ლარი, პროცენტი - 473,34 ლარი, ჯარიმა - 500 ლარი;
2.2. 2018 წლის 11 ივნისის საბანკო კრედიტის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2019 წლის 18 აგვისტოდან გადაწყვეტილების აღსრულების დაწყებამდე მიუღებელი შემოსავლის, სესხის ძირითადი თანხის - 1500 ლარის წლიური 11%-ის გადახდა.
2.3. 2018 წლის 13 იანვრის საბანკო კრედიტის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 696 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 546 ლარი, პირგასამტეხლო - 150 ლარი.
2.4. 2018 წლის 30 აპრილის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 779.31 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 445,26 ლარი, პროცენტი - 107,45 ლარი, პირგასამტეხლო - 226,60 ლარი.
2.5. 2018 წლის 30 აპრილის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2019 წლის 18 აგვისტოდან აღსრულების დაწყებამდე მიუღებელი შემოსავლის - ძირითადი თანხის - 445.26 ლარის წლიური 11%-ის გადახდა.
2.6. 2017 წლის 20 ივნისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 3006.28 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 2389,36 ლარი, პროცენტი - 381,92 ლარი, პირგასამტეხლო - 235 ლარი.
2.7. 2017 წლის 20 ივნისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2019 წლის 18 აგვისტოდან აღსრულების დაწყებამდე მიუღებელი შემოსავლის - ძირითადი თანხის - 2389.36 ლარის წლიური 11%-ის გადახდა.
3. დანარჩენ ნაწილში სს ,,თ----------ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. რ---–---- ძ-----ს სს ,,თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 250 ლარის, სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახადილი სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის, აკრძალვის რეგისტრაციის საფასურის - 20 ლარის და იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 100 ლარის ანაზღაურება.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) მეშვეობით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ხათუნა ჯინორია