გადაწყვეტილება

სამოქალაქო 06.01.2020
საქმის ნომერი
080210119002893142
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
06.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 2/521-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

05 დეკემბერი, 2019 წელი ქ. ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ციცინო მოსიძე

სხდომის მდივანი თეონა აბზიანიძე

მოსარჩელე - მ---- ხ----–--ე

წარმომადგენელი - მ---- დ---------ე

მოპასუხეები - მ--- ხ-------–---–ი, ნ----- ხ-------–---–ი, დ-------- გ-------ი

წარმომადგენელი - ილია ჯანელიძე

დავის საგანი - ჩუქებისა და ნასყიდობის ხელშეკრულებების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, სამკვიდრო ქონების წილზე მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნას ცნობილი ჩუქების ხელშეკრულება, შესრულებული დ-------- გ-------სა და მ--- ხ-------–---–ს შორის 2012 წლის 01 აგვისტოს, საცხოვრებელ სახლზე, მდებარე ქ. ქუთაისი, თ---------–---ს ქუჩა, მე-4 ჩიხი N20-ში, ¼ ნაწილში.

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი მ--- ხ-------–---–სა და ნ----- ხ-------–---–ს შორის 2014 წლის 30 ივნისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება, სადავო უძრავი ქონების ¼ ნაწილში.

1.3. ქ. ქუთაისში, თ---------–---ს ქუჩა, მე-4 ჩიხი N20-ში (ს/კ 0-----------) მდებარე უძრავ ქონების ¼ ნაწილზე მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობილი იქნეს მ---- ხ----–--ე.

 

მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, ქ. ქუთაისში თ---------–---ს ქ. მე-4 ჩიხი N4-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი 2012 წლის 20 ივლისამდე ირიცხებოდა დ-------- გ-------ის სახელზე, რომელიც არის მ---- ხ----–--ის გარდაცვლილი ქმრის - რ----- გ-------ის მამა. 2012 წელს დ-------- გ-------მა სახლი აჩუქა მის ქალიშვილს მ--- გ-------ს, ხოლო მან თითქოსდა მიჰყიდა 2014 წლის 30 ივნისს მის ქალიშვილს ნ----- ხ-------–---–ს. საცხოვრებელი სახლი ექსპლოატაციაში მიღებულია 1993 წელს სახელმწიფო მიმღები კომისიის მიერ. სახლი აგებულია ნ-----–- გ-------ისა და დ-------- გ-------ის თანაცხოვრების პერიოდში, ანუ იყო მეუღლეთა თანასაკუთრება. ნ-----–- გ-------ი გარდაიცვალა 2010 წელს და მისი გარდაცვალების შემდეგ საცხოვრებელ სახლს დაეუფლა მისი მემკვიდრე რ----- გ-------ი. დ-------- გ-------ი 2005 წლიდან წასულია საქართველოდან და ცხოვრობს ოსეთში. მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, ვინაიდან მისი წარმომადგენლის მეუღლე ფსიქიურად იყო დაავადებული, მთელი სახლი დ-------- გ-------მა აჩუქა მის ქალიშვილს, ისე რომ საქართველოში არ ჩამოსულა. აღნიშნული ფაქტი მისთვის ცნობილი გახდა მეუღლის გარდაცვალების შემდეგ. მას მემკვიდრეობა მისი გარდაცვლილი მეუღლის წილ ქონებაზე არ მიუღია. 2012 წელს დ-------- გ-------მა წარმომადგენლის მეშვეობით სახლი აჩუქა მის ქალიშვილს, მან კი ფიქტიურად მიჰყიდა მის შვილს, რომელთაც ასევე აქ არასდროს უცხოვრიათ. სახლში ცხოვრობდა მ---- ხ----–--ის მეუღლე და შვილი. ამჟამად სახლში ცხოვრობს მარტო, რადგან მისი შვილი პატიმარია. მული და მულიშვილი, რომლებმაც ქონება მიიღეს ჩუქებით, ცხოვრობენ რუსეთში და მისი ქმრის დაკრძალვაზე ჩამოვიდნენ. მათ სურთ სახლის გაყიდვა და უპირებენ სახლიდან გარეთ გაგდებას. დროებით სამუშაოდ წასული იყო თურქეთში. როდესაც უკან დაბრუნდა, სახლი დახვდა დაკეტილი და აყვანილი დაცვის სამსახურის მიერ დაცვაზე, რათა ვერ შეძლოს სახლში შესვლა, არდა მას საცხოვრებელი სახლი არ გააჩნია. მისი ყველა ნივთი არის სადავო სახლში და დღემდე აღნიშნულ მისამართზეა რეგისტრირებული.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე მ--- ხ-------–---–ის წარმომადგენელი სარჩელს არ ცნობს და განმარტავს, რომ სადავო სახლი მართლაც ირიცხებოდა დ-------- გ-------ის სახელზე. ჩუქების ხელშეკრულება მხარეებს შორის დაიდო 2012 წელს, ხოლო ნასყიდობა დედა-შვილს შორის დაიდო ორი წლის შემდეგ - 2014 წლის 30 ივლისს. არანაირ ფიქტიურ ნასყიდობას ადგილი არ ჰქონია. მ--- ხ-------–---–მა გაყიდა აღნიშნული ქონება, ხოლო ნ----- ხ-------–---–მა იყიდა და საკუთრების უფლებით დაირეგისტრირა საჯარო რეესტრში და დღემდე მისი საკუთრებაა. ნ----- ხ-------–---–ი ცხოვრობს და მუშაობს ქ. მოსკოვში, სწორედ ამიტომ არ ცხოვრობს ის დღესდღეობით სადაო ბინაში და არა ფიქტიური ნასყიდობა, რაზედაც უთითებს მოსარჩელე მხარე. მართალია ნ-----–- გ-------ი გარდაიცვალა 2010 წელს, მაგრამ სადავო ქონება მეუღლეების დ-------- გ-------ის და ნ-----–- გ-------ის თანასაკუთრება არ ყოფილა, რადგან არ არსებობს საჯარო რეესტრის ამონაწერი, რომელიც დაადასტურებს აღნიშნულ ფაქტს. სადავო ქონება იყო დ-------- გ-------ის საკუთრება, როცა მან ეს მის შვილს მ--- ხ-------–---–ს გადასცა საჩუქრად. ამასთან თანასაკუთრებაზე უფლება შეიძლება მოითხოვოს მეუღლემ და არა რძალმა, შესაბამისად სარჩელი უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

2.2. მოპასუხეებს ნ----- ხ-------–---–ს და დ-------- გ-------ს შესაგებელი არ წარმოუდგენიათ. სასამართლო სხდომაზე მათმა წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, როგორც უსაფუძვლო და დაუსაბუთელი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ნ-----–- ჯ----–---–ი 1957 წლის 11 სექტემბერს დაქორწინდა დ-------- გ-------ზე და ქორწინების შემდგომ მიიღო გვარი გ-------ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქორწინების მოწმობა (ს.ფ. 34).

 

3.1.2. ნ-----–- გ-------ი გარდაიცვალა 2010 წლის 04 მარტს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ. 23).

 

3.1.3. ნ-----–- გ-------ს და დ-------- გ-------ს ჰყავდათ ორი შვილი: რ-----ი გ-------ი და მ--- ხ-------–---–ი (ქორწინებამდელი გვარი გ-------ი).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა-ახსნა-განმარტებები.

 

3.1.4. რ-----ი გ-------ი გარდაიცვალა 2019 წლის 25 თებერვალს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ. 21)

 

3.1.5. მ---- ხ----–--ე და რ-----ი გ-------ი დაქორწინდნენ 2010 წლის 04 ივნისს. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი - დ-------- გ-------ი (დაბ. 11.01.1996წ.).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქორწინების მოწმობა (ს.ფ. 22).

- დაბადების მოწმობა (ს.ფ. 23).

 

3.1.6. მ---- ხ----–--ე სსგს ქუთაისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მონაცემებით 2015 წლის 04 სექტემბერს რეგისტრირებულია მისამართზე: ქ. ქუთაისი, თ---------–---ს მე-4 ჩიხი N20.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსგს ქუთაისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის საინფორმაციო ბარათი (ს.ფ. 71-72).

 

3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მხარეთა შორის სადავოა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

- ქ. ქუთაისში, თ---------–---ს ქუჩა, მე-4 ჩიხი N20-ში მდებარე უძრავი ქონება იყო თუ არა მეუღლეთა - ნ-----–- გ-------ის და დ-------- გ-------ის თანასაკუთრება.

- იყო თუ არა ქ. ქუთაისში, თ---------–---ს ქუჩა, მე-4 ჩიხი N20-ში მდებარე უძრავი ქონების 1/2 წილი სამკვიდრო ქონება.

- ნასყიდობის და ჩუქების ხელშეკრულებების კანონიერება.

 

3.2.2. სადავო ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით მხარეები იძლევიან ურთიერთ საწინააღმდეგო განმარტებებს. მათი განმარტებები გამორიცხავენ ერთმანეთის არგუმენტებს. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის განმარტებას, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის არგუმენტებს. მხარეთა არგუმენტების დამტკიცება დასაშვებია დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე შეკრებილი მტკიცებულებებით.

 

3.2.3. სასამართლო განმარტავს, რომ სადავო საკითხის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად. ზოგადად ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს სამართლიანად. მხარეს უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტის დამტკიცება, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია. მხარეს არ უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლის განხორციელებაც მისთვის შეუძლებელია. მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება საქმის განხილვის უმთავრესი პრინციპია. წინამდებარე შემთხვევაში მ---- ხ----–--ეს უნდა დაეკისროს დაამტკიცოს, რომ ქ. ქუთაისში, თ---------–---ს ქუჩა, მე-4 ჩიხი N20-ში მდებარე უძრავი ქონება შეძენილია მეუღლეთა თანაცხოვრების განმავლობაში. მოპასუხე უარყოფს უძრავი ქონების ქორწინების განმავლობაში შეძენას. ასეთი ფაქტების არარსებობას მოპასუხე ვერ დაამტკიცებს. ფაქტის არარსებობის მტკიცება შეუძლებელია. ძველი რომის სამართლის ერთ-ერთი პრინციპის მიხედვით ,,არარსებობს, არარსებობის მტკიცებულება. არსებობს მხოლოდ ფაქტების არსებობის მტკიცებულება“. ამიტომაც მოსარჩელის მიერ სადავო ქონების მეუღლეთა თანაცხოვრების განმავლობაში შეძენის დამტკიცება მოპასუხეს არ ეკუთვნის. თუ არ დადგინდა, რომ უძრავი ქონება შეძენილია ქორწინების პერიოდში, მიჩნეული იქნება, რომ ასეთ ფაქტს ბუნებაში ადგილი არა აქვს.

 

3.2.4. 2012 წლის მონაცემებით, ქ. ქუთაისში, თ---------–---ს მე-4 ჩიხი N20-ში მდებარე უძრავი ქონება საკუთრების უფლებით საჯარო რეეტრში რეგისტრირებული იყო დ-------- გ-------ის საკუთრებად. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია ექსპლუატაციაში მიღების აქტი N164/93, დამოწმებული 1993 წლის 16 აგვისტოს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საჯარო რეესტრის ამონაწერი (ს.ფ. 17-18).

 

3.2.5. მოწმე გ---–----ი ბ----–--ის განმარტებით დადგენილია, რომ გ-------ებს ჰყავდათ ორი შვილი, რ-----ი და მ---. რ-----ი იყო ავადმყოფი, წამლების ყიდვის საშუალება არ ჰქონდა მ----ს და მულს - მ--- ხ-------–---–ს უთხრა: დამეხმარე წამლებზე ან საზღვარგარეთ უნდა წავიდეო. მათ არ ეგონათ, რომ სახლს არ მისცემდა. რ-----ი რომ მოკვდა, ხალხი დადიოდა სახლის სანახავად, მ---ს გაყიდვა უნდოდა. მ---- და რ-----ი სისტემატიურად ცხოვრობდნენ აღნიშნულ მისამართზე. ნ-----–-ს გარდაცვალების შემდეგ არავინ არ ჩამოსულა, არც ქმარი, არც შვილი. რ-----ის გარდაცვალების დროს ჩამოვიდა მ--- და დაიწყო სახლის გაყიდვა.

 

3.2.6. მოწმე ლ--–- შ-----–---–ის განმარტებით დადგენილია, რომ ნ-----–-ს გარდაცვალების შემდეგ არავინ არ ჩამოსულა, რ-----ი მის ცოლ-შვილთან ერთად ამ სახლში მუდმივად ცხოვრობდა. არც ნ-----ს და არც მ---ს არ უცხოვრიათ ამ სახლში. ნ-----–-ს გარდაცვალებაზე არც ქმარი, არც შვილი და არც შვილიშვილი არ ჩამოსულა. რ-----ი იყო ავად, მაშინ ჩამოვიდა მ---, მ---- თურქეთში იყო. მან მ---ს თხოვა რ-----ისთვის ეყიდა წამალი, მაგრამ მ---მ უთხრა ყოველდღე 8 ლარიანი წამალი როგორ ვუყიდოო. ნ-----–- და დ--------ს ქონებაზე დავა არ იყო, ერთად ააშენეს ეს სახლი. დ-------- გ-------ი რომ წავიდა რუსეთში, სახლი აშენებული იყო.

 

3.2.7. მოწმე ნ----- ბ--–-------ის განმარტებით დადგენილია, რომ იმ სახლში ნ-----–- და დ-------- ცხოვრობდნენ. დ-------- ოსეთშია უკვე 30 წელიწადია. სულ ერთხელ ჰყავს ნანახი. ნ-----–- მარტო ცხოვრობდა, შვილი და მისი ოჯახი ცხოვრობდა მასთან. რ-----ი რომ გარდაიცვალა, მ---მ დაიწყო სახლის გაყიდვა. რ-----ის ორმოცის მერე მ---- წავიდა თურქეთში და ამ დროს მ---ს სახლი გადაუფორმებია, აუყვანია დაცვაზე და მ---- ვეღარ შევიდა. ნ-----–-სა და დ--------ს ქონებრივი დავის თაობაზე არაფერი იცის, 31 წელიწადია აქ ცხოვრობს და ერთხელ იყო მხოლოდ ჩამოსული.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოწმეთა ჩვენებები (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.2.8. მეორე სადავო საკითხია - არის თუ არა ქ. ქუთაისში, თ---------–---ს ქუჩა მე-4 ჩიხი N20-ში მდებარე უძრავი ქონების 1/2 წილი სამკვიდრო ქონება. მოცემულ შემთხვევაში სადავოა, როგორ უნდა გაიყოს მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდგომ სამკვიდრო ქონება მემკვიდრეებს შორის, კერძოდ, კონკრეტულ შემთხვევაში რამდენს შეადგენს მათი წილი სამკვიდრო ქონებაზე. აღნიშნულის გარკვევამდე სასამართლომ უნდა დაადგინოს თუ როდის იყო შეძენილი ეს ქონება. სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას). დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მეუღლეთა საერთო საკუთრებაა ის ქონება, რომელიც მათ რეგისტრირებულ ქორწინებაში ყოფნისას შეიძინეს. კანონმდებელი ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლების წარმოშობას უკავშირებს ქორწინების პერიოდს, როდესაც ისინი ერთიანი ძალებით უძღვებიან საოჯახო მეურნეობას. სასამართლო თვლის, რომ სადავო ქონება წარმოადგენს მეუღლეთა თანასაკუთრებას, ის შეძენილია ქორწინების პერიოდში და სამკვიდრო გაიხსნება მხოლოდ სადავო ქონების ½ ნაწილზე. ასეთ შემთხვევაში კი მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან მისი წილი წარმოადგენს მხოლოდ 1/4, რადგან დადგენილია, რომ მ--- ხ-------–---–ი არ დაუფლებია დედის სამკვიდრო ქონებას, ხოლო მ---- ხ----–--ის მეუღლის - რ-----ი გ-------ის მიერ ფაქტობრივი ფლობით მიღებული დედის დანაშთი ქონება, მიიღო ფაქტობრივი ფლობით მხოლოდ მოსარჩელე მ---- ხ----–--ემ, რადგან მისი შვილი პატიმრობაში იმყოფებოდა.

 

3.2.9. დადგენილია, რომ 2012 წლის 01 აგვისტოს მ--- ხ-------–---–სა და დ-------- გ-------ს შორის გაფორმდა ჩუქების ხელშკრულება და მ--- ხ-------–---–მა საჩუქრად მიიღო უძრავი ქონება, მდებარე ქ. ქუთაისი, თ---------–---ს მე-4 ჩიხი N20-ში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2012 წლის 01 აგვისტოს უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება (ს.ფ. 28-29).

 

3.2.10. დადგენილია, რომ 2014 წლის 30 ივლისს მ--- ხ-------–---–ს და ნ----- ხ-------–---–ს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება და მ--- ხ-------–---–მა მისგან შეიძინა უძრავი ქონება მდებარე ქ.ქუთაისი, თ---------–---ს მე-4 ჩიხი N20-ში, 35 000 აშშ დოლარად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2014 წლის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 26-27).

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.

 

უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცავს ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1151-ე მუხლის თანახმად, რეგისტრირებული ქორწინება წარმოშობს მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს და წყდება ეს უფლება-მოვალეობები განქორწინების რეგისტრაციის მომენტიდან;

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი.

 

ამავე კოდექსის 1163-ე მუხლის თანახმად, თითოეული მეუღლის ქონება შეიძლება ჩაითვალოს მეუღლეთა თანასაკუთრებად, თუ დადგინდება, რომ ქორწინების განმავლობაში გაწეული ხარჯების შედეგად ამ ქონების ღირებულება მნიშვნელოვნად გადიდდა (გადაგეგმარება, მშენებლობის დასრულება, გადაკეთება და სხვა). მოცემული წესი არ გამოიყენება, თუ საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ იქნება გათვალისწინებული.

 

6.3. საქმის მასალებით დადგენილია, რომ დ-------- გ-------ი და ნ-----–- გ-------ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 1957 წლიდან. მათ შორის საქორწინო ხელშეკრულება არ დადებულა. შესაბამისად მათ მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება თანასაკუთრებაა. ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება საერთო საკუთრებაა მიუხედავად იმისა თუ რომელი მეუღლე ეწეოდა ანაზღაურებად საქმიანობას, რომელს შემოჰქონდა შემოსავალი და რომელი მეუღლე იყო დაკავებული საოჯახო საქმიანობით და არ გააჩნდა დამოუკიდებელი შემოსავალი. საერთო ჯამში მეუღლეთა მიერ ოჯახში მოზიდული შემოსავლით შეძენილი ქონება, მეუღლეთა თანასაკუთრებაა. საჯარო რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმცია. ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ქონება ითვლება იმ პირის საკუთრებად, რომელიც მესაკუთრედაა რეგისტრირებული, მაგრამ დასახელებული პირობა მეუღლეებს არ ართმევს უფლებას ნებისმიერ დროს მოითხოვონ თანამესაკუთრედ დარეგისტრირება. სადავო არაა ის გარემოება, რომ ქონების მესაკუთრედ საჯარო რეესტრში რეგისტირებული იყო დ-------- გ-------ი. ქონების ერთ-ერთი მეუღლის საკუთრებად რეგისტრაცია არ ნიშნავს იმას, რომ ნ-----–- გ-------მა უფლება დაკარგა ქორწინების განმავლობაში შეძენილ საერთო საკუთრებაზე. მას ნებისმიერ დროს შეეძლო გამოეხატა პრეტენზია და მოეთხოვა მისი საკუთრების უფლების აღიარება, მაგრამ თუ მეუღლე მის სიცოცხლეში არ იყენებს ამ უფლებას, ეს არ ნიშნავს, რომ მისი წილი ქონება ავტომატურად ხდება მისი მეუღლის საკუთრება, არამედ მისი წილი ქონება მემკვიდრეობით გადადის მის მემკვიდრეებზე, რომელთაც შეუძლიათ იდავონ სამკვიდრო ქონებაზე და მოითხოვონ სამკვიდრო ქონებიდან წილის გამოყოფა.

 

საქმის განხილვით დადგინდა და მხარეებიც არ უარყოფენ, რომ საცხოვრებელი ბინა, რომელიც მდებარეობს ქ. ქუთაისში, თ---------–---ს მე-4 ჩიხი N20-ში, საჯარო რეესტრის ამონაწერით დ-------- გ-------ის სახელზე იყო რეგისტრირებული. ბინა მის სახელზე დარეგისტრირდა ექსპლუატაციაში მიღების N164/93 აქტით, დამოწმებული 1993 წლის 16 აგვისტოს. ანუ ითვლება, რომ დასახელებული ქონება შეძენილია იმ პერიოდში, როდესაც დ-------- გ-------ი და ნ-----–- გ-------ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ. შესაბამისად, დასახელებული უძრავი ქონება მიჩნეული უნდა იქნეს ნ-----–- გ-------ის და დ-------- გ-------ის თანასაკუთრებად.

 

6.4. ამავე კოდექსის 1339-ე მუხლის თანახმად, ცოცხლად დარჩენილი მეუღლის მემკვიდრეობის უფლება არ ეხება ქონების იმ ნაწილს, რომელიც მას მეუღლეთა თანასაკუთრებიდან ეკუთვნის.

 

6.5. სადაო უძრავი ქონება შეძენილია მეუღლეების დ-------- გ-------ისა და ნ-----–- გ-------ის ერთად ცხოვრების პერიოდში, რის გამოც სასამართლოს დადგენილად მიაჩნია ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ უძრავი ქონება მდებარე ქ. ქუთაისი, თ---------–---ს მე-4 ჩიხი N20-ში, წარმოადგენდა მამკვიდრებელ ნ-----–- გ-------ისა და მისი მეუღლის დ-------- გ-------ის საერთო საკუთრებას. შესაბამისად დადგენილია, რომ მამკვიდრებლის ნ-----–- გ-------ის გარდაცვალების შემდეგ, სამკვიდრო გაიხსნა თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე ქ.ქუთაისი, თ---------–---ს მე-4 ჩიხი N20-ში, 1/2 - წილზე;

 

6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1319-ე, 1320-ე, 1328-ე მუხლების თანახმად, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების შედეგად. სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე; სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის;

 

6.7. სამოქალაქო კოდქესის 1306-1307-ე მუხლების თანახმად, გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით. კანონით მემკვიდრეობით გარდაცვლილის ქონების გადასვლა ხორციელდება კანონში მითითებულ პირებზე თუ მამკვიდრებელს არ დაუტოვებია ანდერძი, ან თუ ანდერძი მოიცავს სამკვიდროს ნაწილს, ან თუ ანდერძი მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილად იქნება ცნობილი. კანონით მემკვიდრეები შეიძლება იყვნენ – პირები, რომლებიც ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის;

 

6.8. სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლით განსაზღვრულია სამკვიდროს მიღების წესი. აღნიშნული მუხლის თანახმად, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდაოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს 6 თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან;

 

6.9. მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღება ნიშნავს მის მიერ ისეთი მოქმედებების განხორციელებას, რაც მიუთითებს მემკვიდრის ნებაზე დაეუფლოს სამკვიდროს, აღნიშნული გამოიხატება სამკვიდრო ქონების მოვლაში, შენახვასა და ზრუნვაში. თავისი სამართლებრივი ბუნებით სამკვიდროს მიღება ცალმხრივი გარიგებაა, რომელიც სამკვიდროს მიღებაზე მემკვიდრის ნებას გამოხატავს;

 

საკასაციო პალატის განმარტებით, სამემკვიდრეოსამართლებრივი ურთიერთობების წარმოშობა და სამემკვიდრეო უფლებების განხორციელება უკავშირდება არა მარტო სამკვიდროს გახსნის მომენტს, არამედ მემკვიდრეთა მხრიდან გარკვეული იურიდიული მოქმედების შესრულებას. მართალია, კანონის თანახმად, სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრება ხდება მისი გახსნის მომენტიდან, მაგრამ, როდესაც სამკვიდროს მიმღებ მემკვიდრეთა რიცხვი ერთზე მეტია, მაშინ აუცილებელია, თითოეულმა მემკვიდრემ კანონით დადგენილ ექვსთვიან ვადაში შეასრულოს სამკვიდროს მიღებისათვის აუცილებელი იურიდიული მოქმედება.

 

სამკვიდრო ქონების ფაქტობრივად დაუფლების დროს განმსაზღვრელია იურიდიული მნიშვნელობის მქონე კომპონენტები - სამკვიდროს მართვა-დაუფლებისკენ მიმართული ნება და ამგვარი ნების მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვეში გამოვლენა. ფაქტობრივი ფლობისკენ მიმართული ნებისმიერი მოქმედებიდან აშკარად უნდა იკვეთებოდეს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების სურვილი, მემკვიდრის ნება (სამკვიდროს მიღება ცალმხრივი გარიგებაა, რომლისთვისაც, ჩვეულებრ-ივ, აუცილებელია ნების ნამდვილობა). მემკვიდრის ყველა ამგვარი მოქმედების შედეგს უნდა წარმოადგენდეს სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობა (მაგალითად: მამკვიდრებლის საცხოვრებელ სახლში ცხოვრება, მამკვიდრებლის ნივთების, როგორც საკუთარის მიღება და განკარგვა, სამკვიდროს ფაქტობრივი მართვა, მოვლა და სხვა). (შდრ. სუსგ-ები №ას-283-268-2017, 07.07.2017; №ას-1172-1127-2016, 31.03.2017წ; ას-203-193-2016, 02.06.2016; ას-972-921-2015, 15.12.2015წ; Nას-482-455-2012, 31.05.2012წ). (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტება სამოქალაქო საქმეზე Nას-278-2019, 27 ივნისი, 2019 წელი);

 

6.10. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ რ-----ი გ-------მა დედის სამკვიდრო ქონება ფაქტობრივი ფლობით მიიღო და მართავდა მას სამკვიდროს გახსნის დღიდან - 2010 წლის 04 მარტიდან. სამკვიდრო წილს კი წარმოადგენდა სადავო ქონების 1/4, რადგან სამკვიდრო მასა შეადგენდა სადავო ქონების ½ წილს, რომელიც მიიღო ორმა მემკვიდრემ: შვილმა - რ-----ი გ-------მა და მეუღლემ - დ-------- გ-------მა (ამ ნაწილში მოსარჩელე არ შედავებია მოპასუხეს). ხოლო მ--- ხ-------–---–ს არც ფაქტობრივი ფლობით და არც სანოტარო ბიუროში განცხადების შეატნით არ მიუღია სამკვიდრო. შესაბამისად, დ-------- გ-------ის და რ-----ი გ-------ის წილი ნ-----–- გ-------ის სამკვიდროზე შეადგენდა მთელი ქონების 1/4-1/4 ნაწილს;

 

6.11. ვინაიდან დადგენილია, რომ რ-----ი გ-------ის წილი ნ-----–- გ-------ის სამკვიდროზე შეადგენდა მთელი ქონების ¼ ნაწილს, რომელიც მან ფაქტობრივი ფლობით მიიღო, რ-----ი გ-------ის სამკვიდრო ფაქტობრივი ფლობით სრულად მიიღო მისმა მეუღლემ - მოსარჩელე მ---- ხ----–--ემ, ვინაიდან რ-----ი გ-------ის შვილი პატიმრობაში იმყოფებოდა და არ დაუფლებია მამის დანაშთ სამკვიდრო ქონებას.

 

6.12. იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ რ-----ი გ-------მა დედის სამკვიდრო ქონება ფაქტობრივი ფლობით მიიღო და მართავდა მას, დადგენილია, რომ რ-----ი გ-------ი თანამესაკუთრის სტატუსის მქონე პირს წარმოადგენდა, შესაბამისად სადავო უძრავი ქონება წარმოადგენდა არა ერთი პირის - დ-------- გ-------ის ინდივიდუალურ საკუთრებას, არამედ თანასაკუთრებას, რის გამოც მოსარჩელის მეუღლის - რ-----ი გ-------ის მამა არ იყო უფლებამოსილი გაესხვისებინა საცხოვრებელი სახლის თანამესაკუთრის წილი.

 

6.13. სამოქალაქო კოდექსის 959-ე მუხლის თანახმად, თითოეულ მოწილეს შეუძლია განკარგოს თავისი წილი, ხოლო საზიარო საგნის განკარგვა ხდება მხოლოდ ერთობლივად;

 

სამოქალაქო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ბათილია კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული აუცილებელი ფორმის დაუცველად დადებული გარიგება, ასევე ნებართვის გარეშე დადებული გარიგება, თუ ამ გარიგებისათვის საჭიროა ნებართვა;

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ რამდენადაც სადავო უძრავი ქონება თანასაკუთრებას წარმოადგენდა დ-------- გ-------ს სადავო ქონების განკარგვისას (გაჩუქებისას) წინასწარი თანხმობა სჭირდებოდა ნ-----–- გ-------ის მემკვიდრისაგან, რ-----ი გ-------ისგან, თანახმად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 102-ე მუხლის I ნაწილისა, რომლის მიხედვითაც საგნის განკარგვა არაუფლებამოსილი პირის მიერ ნამდვილია, თუკი იგი ხორციელდება უფლებამოსილი პირის წინასწარი თანხმობით;

 

უდავოა, რომ არანაირი თანხმობა რ-----ი გ-------ს სადაო ბინის განკარგვასთან, გაჩუქებასთან დაკავშირებით დ-------- გ-------ისთვის არ მიუცია;

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად განკარგვა მხოლოდ მაშინ ხდება ნამდვილი, თუ უფლებამოსილი პირი მას მოიწონებს;

 

მოწონების არარსებობის დასტურია მ---- ხ----–--ის მიერ აღძრული წინამდებარე სარჩელი ჩუქებებისა და ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით;

 

სამოქალაქო კოდექსის 187-ე მუხლის თანახმად, შემძენი ხდება ნივთის მესაკუთრე მაშინაც, როცა გამსხვისებელი არ იყო ნივთის მესაკუთრე, მაგრამ შემძენი ამ ფაქტის მიმართ კეთილსინდისიერია. . . . კეთილსინდისიერი შემძენი ვერ გახდება ნივთის მესაკუთრე თუ შემძენმა ის უსასყიდლოდ მიიღო;

 

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ დ-------- გ-------ს არ ჰქონდა უფლება გაესხვისებინა (გაეჩუქებინა) სადავო ბინის ნ-----–- გ-------ის წილი, რის გამოც ბათილია დ-------- გ-------სა და მ--- ხ-------–---–ს შორის 2012 წლის 01 აგვისტოს ჩუქების ხელშეკრულება საცხოვრებელ სახლზე, მდებარე ქ. ქუთაისი, თ---------–---ს ქუჩა, მე-4 ჩიხი N20, ¼ ნაწილში.

 

6.14. დადგენილია, რომ მ--- ხ-------–---–სა და ნ----- ხ-------–---–ს შორის 2014 წლის 30 ივნისს დადებული იქნა ნასყიდობის ხელშეკრულება სადაო უძრავ ქონებაზე.

 

დადგენილია, რომ მ--- ხ-------–---–ი და ნ----- ხ-------–---–ი არიან დედა-შვილი. აღნიშნული გარემოება მოპასუხეებმა მიუთითეს მათ მიერ წარდგენილ შესაგებელში (ს.ფ. 49). შესაბამისად დადგენილია, რომ ნ----- ხ-------–---–ისთვის ცნობილი იყო სადავო უძრავ ქონებაზე რ-----ი გ-------ის და მ---- ხ----–--ის უფლებების შესახებ;

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად (სუსგ-ები №ას-1347-1272-2012, 2013 წლის 1 ივლისი , №ას-1439-1357-2012, 2013 წლის 1 თებერვალი), იმ შემთხვევაში, როდესაც გარიგება იდება ნათესავებს (მაგალითად, მამა-შვილს, დედა- შვილს შორის) ან სხვა ოჯახის წევრებს შორის, უნდა ვივარაუდოთ, რომ ოჯახის წევრებისათვის ცნობილია საქმის გარემოებების თაობაზე;

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, დაცულია კეთილსინდისიერი შემძენის ინტერესი მაშინ, როდესაც სადავოდ არის გამხდარი მესაკუთრის საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უფლება და ამ ფაქტის მიმართ შემძენის დამოკიდებულება არაკეთილსინდისიერია ანუ, საქმე გვაქვს ისეთ გარემოებასთან, როდესაც შემძენმა იცოდა და გონივრული წინდახედულობის ფარგლებში უნდა სცოდნოდა, რომ გამყიდველს არ გააჩნდა რეესტრში რეგისტრირებული ნამდვილი უფლება ან ასეთი უფლება სადავო იყო;

 

სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლის დებულებანი იცავენ კეთილსინდისიერი შემძენის ინტერესებს საჯარო რეესტრის მონაცემთა სისწორისა და რეგისტრირებული მესაკუთრის უფლებამოსილების მიმართ. აღნიშნული მუხლი მოიცავს შემთხვევას, როდესაც უძრავი ნივთის გასხვისების ნებას ავლენს რეგისტრირებული მესაკუთრე, მაგრამ მისი საკუთრების უფლება შეცილებულია სხვა, მესამე პირთა მხრიდან, ან არ არის სრულყოფილი, რისი არცოდნაც შემძენის მიერ წარმოგვიჩენს მას (შემძენს) კეთილსინდისიერად;

 

აღნიშნულ ნორმათა ანალიზი ცხადყოფს, რომ, როდესაც საქმე ეხება უძრავი ქონების შეძენას, შემძენს, თავისი უფლების დასამტკიცებლად შეუძლია დაეყრდნოს რეესტრში რეგისტრირებული ფაქტების სისწორის ვარაუდს, თუნდაც სინამდვილეში უსწორო იყოს რეესტრის მონაცემები. ამ მდგომარეობას არაარსებითად აქცევს შემძენის კეთილსინდისიერი დამოკიდებულება, რაც საჯარო რეესტრის ჩანაწერის უსწორობაში გამოიხატება. ერთადერთი, რაც რეესტრის უტყუარობის ფიქციას არღვევს, სწორედ შემძენის არაკეთილსინდისიერებაა. სამოქალაქო კოდექსის 185-ე და 312-ე მუხლები შეიცავს არაკეთილსინდისიერების იურიდიული შედეგის განმსაზღვრელ კომპონენტს - შემძენმა იცის, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე. ამ უკანასკნელი საკითხის გამორკვევისას გამოკვლეული უნდა იქნეს შემძენის შესაძლებლობანი რეესტრის არასწორი ჩანაწერის ცოდნასთან მიმართებით, ან უნდა გაირკვეს შემძენს გონივრული წინდახედულობის ფარგლებში უნდა სცოდნოდა თუ არა სადავო ფაქტი. ამდენად, შემძენის ინტერესების დაცვა უნდა მოხდეს არა მხოლოდ საჯარო რეესტრის მონაცემების გათვალისწინებით, არამედ ქონების მესაკუთრის ვინაობისადმი მისი სუბიექტური დამოკიდებულებით (საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა, იხ. სუსგ 21.07.2014წ. საქმე №ას-355-334-2014; სუსგ14.07.2014წ. საქმე№ას-375-352-2014);

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარემ დაამტკიცა, რომ მ--- ხ-------–---–მა იცოდა ან უნდა ცოდნოდა იმის თაობაზე, რომ დ-------- გ-------ი არ იყო ჩუქების საგნის ნაწილის მესაკუთრე. უტყუარადაა დადასტურებული, რომ ფაქტობრივად არც მ--- ხ-------–---–ს გადასცემია სადავო ქონება და არც ნ----- ხ-------–---–ს, არამედ აღნიშნულ ქონებას უწყვეტად ფლობდა რ----- გ-------ი ოჯახთან ერთად, მისი გარდაცვალების შემდეგ კი მოსარჩელე მ---- ხ----–--ე. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ----- ხ-------–---–ი არ წარმოადგენს კეთილსინდისიერ შემძენს, რაც 2014 წლის 30 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველია - 1/4 წილის ნაწილში;

 

6.15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები.

 

6.16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

6.17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. (26.12.2-14 N 3014).

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე მ---- ხ----–--ეს სახელმწიფო ბაჟის სახით სარჩელის აღძვრისათვის გადახდილი აქვს 189 ლარი, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფისათვის - 50 ლარი. ვინაიდან სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, აღნიშნული ხარჯები უნდა დაეკისროს მოპასუხეებს სოლიდარულად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 14 მარტის განჩინების საფუძველზე საქმეზე გამოყენებულია უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედო ნ----- ხ-------–---–ის (პ/ნ 0----------) სახელზე რიცხულ უძრავი ქონების ¼ ნაწილს, მდებარე: ქ. ქუთაისი, თ---------–---ს მე-4 ჩიხი N20 (ს/კ 0-----------). ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, არ არსებობს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 14 მარტის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 49-ე, 1991-ე, 243-244, 248-ე, 249-ე, 364-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მ---- ხ----–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. ბათილად იქნეს ცნობილი დ-------- გ-------სა და მ--- ხ-------–---–ს შორის 2012 წლის 01 აგვისტოს ჩუქების ხელშეკრულება საცხოვრებელ სახლზე, მდებარე ქ. ქუთაისში, თ---------–---ს ქუჩა, მე-4 ჩიხი N20, ¼ ნაწილში.

 

3. ბათილად იქნეს ცნობილი მ--- ხ-------–---–სა და ნ----- ხ-------–---–ს შორის 2014 წლის 30 ივნისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება საცხოვრებელ სახლზე, მდებარე ქ. ქუთაისში, თ---------–---ს ქუჩა, მე-4 ჩიხი N20, ¼ ნაწილში.

 

4. ქ. ქუთაისში, თ---------–---ს ქუჩა, მე-4 ჩიხი N20-ში მდებარე უძრავი ქონების (ს/კ 0-----------) ¼ ნაწილზე მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობილი იქნეს მ---- ხ----–--ე.

 

5. მოპასუხეებს დ-------- გ-------ს, ნ----- ხ-------–---–ს და მ--- ხ-------–---–ს მოსარჩელე მ---- ხ----–--ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სარჩელის აღძვრისთვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 189 ლარის ოდენობით და სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარის ოდენობით;

 

6. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩეს უცვლელი.

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8-9 პუნქტებით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) მეშვეობით.

 

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

9. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე ციცინო მოსიძე