განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 010210016001559369
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
საქმე №2/ბ-847-2017 12 დეკემბერი, 2017 წელი
ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე სიმონ ჩხაიძე
სხდომის მდივანი - ეკატერინე ქორიძე
აპელანტი - ი---- ა------
წარმომადგენელი - დ----- ა-----ე
მოწინააღმდეგე მხარე - შპს მ------ ტ--------ი
წარმომადგენელი - გ---–- გ-------ე
დავის საგანი - ხელშეკრულების ბათილად ცნობა, თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ი---- ა------ს სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. საქალაქო სასამართლომ დაადგინა: დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.1. 2015 წლის 23 მაისს ი---- ა------სა და შპს მ------ ტ--------ის უფლებამოსილ წარმომადგენელ ი---- ი-–----ს შორის გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება, რომლის თანახმად ი---- ა------ს მოპასუხე ორგანიზაციაში უნდა შეესრულებინა მზარეულის მოვალეობა. ხელშეკრულების მე-3 პუნქტით სამუშაო დრო განისაზღვრა კვირაში 40 საათი. ყოველთვიური სახელფასო ანაზღაურება შეადგენდა 700 ლარს საშემოსავლო გადასახადის გარეშე. ამავე ხელშეკრულების 5.4 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ”დამსაქმებელი” ვალდებული აყო აენაზღაურებინა ”დასაქმებულისათვის” ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებისათვის ხელფასი გაზრდილი საათობრივი განაკვეთით, კერძოდ ყოველ ზეგანაკვეთურ საათში ”დამსაქმებელი” გადაუხდიდა ”დასაქმებულს” სტანდარტული საათობრივი ანაზღაურების საფასურზე 1,25%-ით გაზრდილ თანხას. ხელშეკრულების მე-7 პუნქტით კი მხარეები შეთანხმდნენ, რომ შრომითი ხელშეკრულება იდებოდა 6 თვის გამოსაცდელი ვადით, ხოლო ”დასაქმებულის” მიერ 6 თვის გამოსაცდელი ვადის წარმატებით გავლის შემთხვევაში ხელშეკრულება ავტომატურად გაგრძელდებოდა ერთი წლის ვადით. 2.2. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მოსარჩელე ი---- ა------მ დაიწყო მუშაობა მოპასუხე კომპანიის კუთვნილ სასტუმრო ”ლ-----------–-” მზარეულად. მან წარმატებით გაიარა 6 თვიანი გამოსაცდელი ვადა და მასთან შრომითი ხელშეკრულება ხელშეკრულების 7.2 პუნქტის თანახმად ავტომატურად გაგრძელდა ერთი წლის ვადით, 2016 წლის 23 ნოემბრამდე. 2.3. 2016 წლის 25 ივლისს შპს ”მ------ ტ--------ის” უფლებამოსილ წარმომადგენელ ი---- ი-–----სა და ი---- ა------ს შორის გაფორმდა შეთანხმება ”შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ”, რომლის თანახმადაც მხარეები შეთანხმდნენ, რომ მათ შორის 2015 წლის 23 მაისს გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება შეწყდეს შემდეგი პირობებით: 1) 2016 წლის 09 აგვისტოდან შეწყდება მხარეთა შორის არსებული შრომითი ხელშეკრულება. 2) შეთანხმების საფუძველზე ”დამსაქმებელი” გადაუხდის ”დასაქმებულს” ივლისის თვის ანაზღაურებას მის მიერ ფაქტობრივად ნამუშევარი დღეებისათვის, რაც ჯამში შეადგენს 700 ლარს. ”დამსაქმებელი” ასევე გადაუხდის ”დასაქმებულს” ანაზღაურებას მის მიერ გამოუყენებელი შვებულების დღეებისათვის, რაც ჯამში შეადგენს - 654 ლარს. ანაზღაურება კი მოხდება ”შეთანხმების” ხელმოწერილიდან 7 კალენდარული დღის ვადაში უნაღდო ანგარიშსწორების წესით. ამავე შეთანხმების თანახმად ”დასაქმებული” ადასტურებდა, რომ მის მიერ ნამუშევარი საათები, მათ შორის ზეგანაკვეთური საათები ”დამსაქმებლის” მიერ ანაზღაურებული იყო სრულად და ჯეროვნად. აქედან გამომდინარე, მას შეთანხმების ხელმოწერის დღის მდგომარეობით არ ეკუთვნოდა რაიმე სახის კომპენსაცია ან დამატებითი თანხა. ასევე ამავე შეთანხმებით ”დასაქმებულმა” დაადასტურა, რომ მას რაიმე სახის პრეტენზია თუ მოთხოვნა შრომითი ხელშეკრულებიდან გამომდინარე არ გააჩნდა. 2.4. 2016 წლის 25 ივლისს გაფორმებული შეთანხმებით გათვალისწინებულ ვადაში ი---- ა------მ მიიღო შეთანხებაში მითითებული შრომის ანაზღაურება და გამოუყენებელი შვებულების დღეების ანაზღაურება სრულად, ხოლო 2016 წლის 09 აგვისტოდან შეწყდა მხარეებს შორის შრომითი ურთიერთობა. 2.5. 2016 წლის 10 აგვისტოს ი---- ა------მ განცხადებით მიმართა მოპასუხე შპს ”მ------ ტ--------ის” დირექტორის მინდობილ პირს ი---- ი-–----ს, სადაც განმარტავდა, რომ მას იძულებით მოაწერინეს ხელი სამსახურიდან განთავისულების განცხადებაზე და ითხოვდა სამუშაოს გაგრძელებას, იმავე წლის 23 აგვისტოს და 01 სექტემბერს კი კვლავ მიმართა განცხადებით მოპასუხეს, სადაც მიუთითებდა, რომ იგი კვირაში ნაცვლად 40 საათისა, მუშაობდა 48 საათს და მოითხოვდა მის მიერ ზედმეტად ნამუშევარი საათების ანაზღაურებას. 2.6. საქმეში წარმოდგენილი 2015 წლის 18 ივნისის მინდობილობის თანახმად ი---- ი-–----ი წარმოადგენს შპს ”მ------ ტ--------ის” დირექტრის უფლებამოსილ წარმომადგენელს, რომელსაც ასევე უფლება აქვს საზოგადოების სახელით ხელი მოაწეროს შრომით ხელშეკრულებას, სამუშაოზე მიიღოს და გაათავისუფლოს მუშაკები. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.7. მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობა შეწყვეტილ იქნა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტის შესაბამისად მხარეთა წერილობითი შეთანხმების საფუძველზე. კერძოდ დადგენილია, რომ 2016 წლის 25 ივლისს შპს ”მ------ ტ--------ის” უფლებამოსილ წარმომადგენელ ი---- ი-–----სა და ი---- ა------ს შორის გაფორმდა შეთანხმება ”შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ”, რომლის თანახმადაც მხარეები შეთანხმდნენ, რომ მათ შორის 2015 წლის 23 მაისს გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება შეწყდეს შემდეგი პირობებით: 1) 2016 წლის 09 აგვისტოდან შეწყდება მხარეთა შორის არსებული შრომითი ხელშეკრულება. 2) შეთანხმების საფუძველზე ”დამსაქმებელი” გადაუხდის ”დასაქმებულს” ივლისის თვის ანაზღაურებას მის მიერ ფაქტობრივად ნამუშევარი დღეებისათვის, რაც ჯამში შეადგენს 700 ლარს. ”დამსაქმებელი” ასევე გადაუხდის ”დასაქმებულს” ანაზღაურებას მის მიერ გამოუყენებელი შვებულების დღეებისათვის, რაც ჯამში შეადგენს - 654 ლარს. ანაზღაურება კი მოხდება ”შეთანხმების” ხელმოწერილიდან 7 კალენდარული დღის ვადაში უნაღდო ანგარიშსწორების წესით. 2.8. საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ დგინდებoდა მოპასუხის მხრიდან შეთანხმებაზე ხელმოწერისას ვინმეს მხრიდან იძულების გამოყენების ფაქტი, ასევე არ დასტურდებოდა მოტყუების ფაქტი. საქმეში წარმოდგენილი 2015 წლის 18 ივნისის მინდობილობით სასამართლომ დაადგინა, რომ საზოგადოების სახელით შეთანხმებაზე ხელმომწერი პირი ი---- ი-–----ი წარმოადგენდა შპს ”მ------ ტ--------ის” დირექტორის უფლებამოსილ წარმომადგენელს, რომელსაც ასევე უფლება ჰქონდა საზოგადოების სახელით ხელი მოეწერა შრომით ხელშეკრულებისათვის, სამუშაოზე მიიღო და გაათავისუფლებინა მუშაკები.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები გადაწყვეტილება გაასაჩივრა ი---- ა------მ: ფაქტობრივი საფუძვლები 3.1. სასამართლომ გადაწყვეტილების 3.2.2 პუნქტში არასწორად ჩათვალა ფაქტობრივი გარემოება დადგენილად და მიუთითა, რომ თითქოს 2016 წლის 25 ივლისს შპს მ------ ტ--------ის უფლებამოსილი წარმომადგენელ ი---- ი-–----სა და მოსარჩელე ი---- ა------ს შორის გაფორმდა შეთანხმება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. 3.2. მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელე მხახეს პრეტენზია ჰქონდა ი---- ა------ს მიერ 2016 წლის 25 ივლისს „შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ“ შეთანხმების შინაარსზე, მოსამართლემ არ შეაფასა ამ ხელშეკრულების კანონიერება შინაარსის მიხედვით ხელშეკრულების შინაარსი სინამდვილეს არ შეესაბამება. 3.3. სასამართლომ არ გაითვალისწინა და არ გამოიყენა საქართველოს შრომის კოდექსის XII თავის (47-52 მუხლები), რომელიც ეხება შრომითი დავების განხილვის წესებს და თავისებურებებს. სამართლებრივი საფუძვლები 3.4. სასამართლომ წინამდებარე საქმის გადაწყვეტისას არ გამოიყენა კანონი, რომლებიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა არასწორად განმარტა კერძოდ: 3.4.1. საქართველოს შრომის კოდექსის 1-ლი მუხლის პირველი პუნქტების თანახმად “ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებს. შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კანონი ან სხვა სპეციალური კანონი რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით. 3.4.2. შეთანხმება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დადებული იყო: მოტყუებით, ზეგავლენის ბოროტად გამოყენებით, არაუფლებამოსილი პირის მიერ, აგრეთვე დასაქმებულის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობით, რაც გამოიხატებოდა შპს მ------ ტ--------ის კადრების უფროსის, ე----- ჩ------ს მხრიდან ი. ა------სთვის აგდებული და დამამცირებელი დამოკიდებულებით. ი. ა------მ სასამართლოს განუმარტა, რომ ე. ჩ------ პირადად იჩენდა მის მიმართ ასეთ დამოკიდებულებას, ერეოდა მის, როგორც მზარეულის საქმეში, რისი უფლებაც შინაგანაწესით არ ჰქონდა და პირადად მან იძულებით და მოტყუებით მოაწერინა ხელი ხელშეკრულებაზე შვებულებაში ყოფნის დროს. ეს ფაქტები სასამართლომ არ განიხილა და დავის გადაწყვეტისას არ გამოიყენა საქართველოს შრომის კოდექსის 1-ლი მუხლი მე-2 პუნქტი, მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-14 მუხლის 1-ლი პუნქტის, მე-17 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, 38-ე მუხლი, 47-ე და 48-ე მუხლების მოთხოვნები. 3.5. სასამართლომ სადავო შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ე.წ. “შეთანხმების” სამართლიანობის და კანონიერების განხილვისას არ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმები, კერძოდ: 50-ე; 51.2; 55-ე; 73 “ბ” პუნქტი (ი. ა------ს მხრიდან) 81-83-ე მუხლები. 85-ე და 86-ე მუხლები და 111-ე მუხლები.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ: ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. დადგენილი არის, რომ 2015 წლის 23 მაისიდან ი---- ა------ მუშაობდა შპს მ------ ტ--------ში მზარეულად. 4.2. შრომითი ხელშეკრულება დადებული იყო 2016 წლის 23 ნოემბრამდე, ხოლო აპელანტის ყოველთვიური ანაზღაურება, საშემოსავლო გადასახადის გარეშე, შეადგენდა 700 ლარს, ხოლო საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით - 875 ლარს. 4.3. ხელშეკრულების 3.2. პუნქტის თანახმად, კვირაში სამუშაო საათების რაოდენობა არ უნდა ყოფილიყო 40 საათზე მეტი. ე.ი. აპელანტს უნდა ემუშავა კვირაში 5 დღე, ყოველდღიურად - 8 საათი, თუმცა აპელანტი, ყოველდღიურად, 8 საათის ნაცვლად მუშაობდა 12 საათს, ხოლო კვირაში 5 დღის ნაცვლად - 6 დღეს. 4.4. 2016 წლის 25 ივლისს მხარეებმა შრომითი ურთიერთობა, ერთობლივად, 2016 წლის 9 აგვისტოდან შეწყვიტეს, თუმცა შესრულებული ზეგანაკვეთური სამუშაოს ღირებულება დამსაქმებელს აპელანტისთვის არ გადაუხდია. სამართლებრივი დასაბუთება 4.5. პალატას მიაჩნია, რომ მხარეთა შეთანხმება შრომითი ხელშეკრულების თაობაზე შესახებ ნამდვილია. 4.5.1. საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის 1-ლი პუნქტის “ე” ქვეპუნქტის თანახმად, მხარეთა წერილობითი შეთანხმება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძველია. 4.5.2. ამის შესაბამისად, მხარეები უფლებამოსილნი იყვნენ შრომითი ურთიერთობები ამ გზთ შეეწყვიტათ. 4.5.3. ის გარემოება, რომ გარიგებაში ნება შეცდომით, მოტყუებით ან იძულებით გამოავლინა, აპელანტმა ვერ დაამტკიცა. 4.5.4. მხოლოდ შეთანხმების ტექსტში არსებული ჩანაწერი - “შრომითი ხელშეკრულების ვადა ამოიწურება 2016 წლის 23 მაისს” - აპელანტის მიერ გამოვლენილი ნების ნაკლს არ ადასტურებს. 4.5.5. მართალია, 2016 წლის 23 მაისის შეთანხმების დადების დროისათვის უკვე გასული იყო, თუმცა თავად ტექსტში იგი ნახსენები იყო მომავალ დროში. ეს კი ნიშნავს, რომ ზემოხსენებული თარიღი შეთანხმებაში ჩაიწერა შეცდომით და მას ნების გამოვლენაზე გავლენა არ მოუხდენია. 4.5.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 78-ე მუხლის თანახმად, კი ამგვარი წვრილმანი შეცდომები გარიგების ბათილობას არ იწვევს. 4.5.7. თუმცა, ასეც რომ არ იყოს, თავად აპელანტის თქმით, მან ხელი შეთანხმებას წაუკითხავად მოაწერა. ამ ვითარებაში კი ტექსტში არსებული ჩანაწერები მისი ნების გამოვლენაზე ვერანაირ გავლენას მოახდენდა. 4.5.8. ამრიგად, 2016 წლის 9 აგვისტოს შემდეგ მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობები შეწყვეტილი იყო და დამსაქმებელს ხელფასის გადახდის ვალდებულება აღარ ჰქონდა. 4.5.9. პალატა სავსებით იზიარებს საქალაქო სასამართლოს პოზიციას იმის თაობაზე, რომ ი---- ი-–----ი უფლებამოსილი იყო დამსაქმებლის სახელით 2016 წლის 25 ივლისის შეთანხმება დაედო. აღსანიშნავია, რომ აპელანტთან დადებულ შრომით ხელშეკრულებასაც ხელი ამ პი---- მოაწერა. 4.5.10. ამის შესაბამისად, ამ ნაწილში, სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლები არ არსებობს. 4.6. თუმცა, ამავდროულად, პალატას მიაჩნია, რომ ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებისათვის ანაზღაურების მიღების უფლება აპელანტს არ დაუკარგავს. 4.6.1. შეთანხმების ტექსტში აღნიშნულია: “დასაქმებული” აცხადებს და ადასტურებს, რომ მის მიერ ნამუშევარი საათები, მათ შორის ზეგანაკვეთური საათები “დამსაქმებლის” მიერ ანაზღაურებულია სრულად და ჯეროვნად. აქედან გამომდინარე, “დასაქმებული” ადასტურებს, რომ “შეთანხმების” ხელმოწერის დღის მდგომარეობით “დამსაქმებლისგან” არ ეკუთვნის რაიმე სახის კომპენსაცია ან დამარტებითი თანხა. “დასაქმებული” ასევე ადასტურებს, რომ “დამსაქმებლის” მიმართ არ გააჩნია რაიმე სახის პრეტენზია თუ მოთხოვნა “შრომითი ხელშეკრულებიდან” გამომდინარე ან მასთან დაკავშირებით”. 4.6.2. ამ ტექსტიდან, პირველ ყოვლისა, გამომდინარეობს, რომ აპელანტს დამსაქმებლის სასარგებლოდ ზეგანაკვეთური სამუშაო შეუსრულებია. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი ანაზღაურების თაობაზე “შეთანხმებაში” საუბარი არ იქნებოდა. 4.6.3. მნიშვნელოვანია, რომ აპელანტის მიერ ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების ფაქტი, ოღონდ - არა სარჩელში მითითებული ოდენობით, მოწინააღმდეგე მხარემაც დაადასტურა. 4.6.4. ამრიგად, დავის გადაწყვეტისათვის არსებითად მნიშვნელოვანია, თუ რა სახის ნება იქნა გამოვლენილი ამ გარიგებაში აპელანტის მიერ. 4.6.5. პალატას მიაჩნია, რომ თავისი სამართლებრივი ბუნებით, ზემოხსენებული ტექსტი არის კრედიტორის მიერ ვალდებულების შესრულების ფაქტის დადასტურება. 4.6.6. თუმცა, იმისათვის, რომ ამგვარი ნება ნამდვილად, ხოლო ხელშეკრულება დადებულად ჩაითვალოს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, აუცილებელია მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. 4.6.7. ვალდებულების შესრულების დამდასტურებელი ნების გამოვლენის არსებითი პირობები მოცემულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 430-ე მუხლში, რომლის თანახმადაც, კრედიტორის ან საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი დოკუმენტი შესრულების თაობაზე უნდა შეიცავდეს მონაცემებს ვალის მოცულობისა და სახეობის შესახებ, მოვალის ან იმ პირის გვარსა და სახელს, რომელიც იხდის ვალს, შესრულების დროსა და ადგილს. 4.6.8. როგორც ამ ნორმიდან ჩანს, არსებითი პირობა, რომელზეც მხარეები უნდა შეთანხმებულიყვნენ, იყო ვალის მოცულობა. ამ პირობაზე კი მხარეები არ შეთანხმებულან. კერძოდ, ხელშეკრულებაში არ არის მითითებული, თუ რამდენი ზეგანაკვეთური საათი იმუშავა აპელანტმა მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ და რა თანხა გადაუხადა დამსაქმებელმა მას ამისთვის. მნიშვნელოვანია, რომ “შეთანხმება” აღნიშნულზე მითითებასაც კი არ შეიცავს. 4.6.9. ამის შესაბამისად, ამ ნაწილში, მხარეთა შორის შეთანხმება დადებული არ არის. ეს კი ნიშნავს, რომ ხელშეკრულების საფუძველზე, აპელანტს მოწინააღმდეგე მხარის მიმართ მოთხოვნის უფლება არ დაუკარგავს. 4.7. ასეც რომ არ იყოს, აპელანტი მოწინააღმდეგე მხარისაგან ზეგანაკვეთური სამუშაოსათვის 12400,56 ლარს ითხოვს, ამ ოდენობის თანხა კი დამსაქმებელს მისთვის უთუოდ არ გადაუხდია. 4.7.1. ეს კი ნიშნავს, რომ თუ აპელანტის მოთხოვნა მართებულია, მას შეთანხმებაში ნება შეცდომით გამოუვლენია. ამგვარი არსებითი შეცდომა კი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 73-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, შეცილების საფუძველია. 4.7.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 79-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, შეცილება უნდა მოხდეს შეცილების საფუძვლის შეტყობის მომენტიდან ერთი თვის ვადაში. 4.7.3. აპელანტი კი გარიგებას შეეცილა 2016 წლის 10 აგვისტოს, ხოლო ზეგანაკვეთური სამუშაოსათვის ანაზღაურება მოითხოვა 2016 წლის 23 აგვისტოს, ამ დროისთვის კი 2016 წლის 25 ივლისიდან ერთი თვე გასული არ იყო. 4.7.4. ამრიგად, აღნიშნულ ნაწილში გარიგება დადებულადაც რომ ჩავთვალოთ, აპელანტს იგი დადგენილ ვადაში და დადგენილი წესით შეცილებული აქვს. 4.8. ამის შესაბამისად, აპელანტის პრეტენზიის ნამდვილობის გასარკვევად აუცილებელია იმის დადგენა, თუ რა მოცულობისა და ღირებულების ზეგანაკვეთური სამუშაო შეასრულა მან მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ. 4.8.1. პალატას მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში, საქალაქო სასამართლომ მტკიცების ტვირთი მხარეებზე შეცდომით გადაანაწილა. 4.8.2. ზოგადად, პალატა აღნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთი მტკიცების საგანთანაა დაკავშირებული, ხოლო მტკიცების საგანს მატერიალური სამართალი განსაზღვრავს. ამის გამო, მტკიცების ტვირთიც, ძირითადად, სწორედ მატერიალური სამართლით განისაზღვრება. 4.8.3. როგორც საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-7 პუნქტის, ასევე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, ვალდებულების შეწყვეტის მტკიცება მოვალეს ეკისრება, თავის მხრივ კი კრედიტორმა ვალდებულების არსებობა უნდა დაამტკიცოს. 4.8.4. როგორც აღინიშნა, ის გამორემოება, რომ აპელანტი ზეგანაკვეთურ სამუშაოს ასრულებდა, დამტკიცებულია. 4.8.5. ამრიგად, აპელნტმა თავისი მოთხოვნის საფუძველი დაამტკიცა. 4.8.6. ამის შემდეგ, მოწინააღმდეგე მხარეს უნდა დაემტკიცებინა, თუ კონკრეტულად რამდენი საათის განმავლობაში ასრულებდა აპელანტი ზეგანაკვეთურ სამუშაოს და რამდენი გადაუხადა მან ამ სამუშაოს შესრულებისათვის. 4.8.7. აღნიშნავია ისიც, რომ ამ გარემოებებს აპელანტი ობიექტურადაც ვერ დაამტკიცებდა, რადგან მათი დამადასტურებელი ყველა მტკიცებულება მოწინააღმდეგე მხარეს გააჩნდა. 4.8.8. ამასთან დაკავშირებით, პალატა, დამატებით მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 10 აპრილის განჩინებაზე საქმეზე №ას-18-18-2014, რომელშიაც საკასაციო სასამართლომ საერთო სასამართლოების ერთიან პრაქტიკასთან შესაბამისად მიიჩნია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ: “მოსარჩელის მიერ არასამუშაო დროს შრომითი მოვალეობების შეუსრულებლობის, მოსარჩელის მიერ არასამუშაო დროს სამუშაოს (ზეგანაკვეთური სამუშაოს) შესრულების თაობაზე მხარეთა შორის ზეპირი შეთანხმების არარსებობის და ასეთი სამუშაოს შესრულების საჭიროების არარსებობის ფაქტების მტკიცების ტვირთი ეკისრებოდა დამსაქმებელს”. 4.8.9. გარდა ამისა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2016 წლის 29 იანვრის განჩინებაში საქმეზე №ას–445–424–2015 განმარტა: “მოსარჩელის მითითება, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, მტკიცების ტვირთს აბრუნებს და დამსაქმებელს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას აკისრებს” (ამასთან დაკავშირებით, იხ. აგრეთვე – 2015 წლის 15 დეკემბრის განჩინება საქმეზე №ას–1056–996–2015; 2015 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე №ას–761–7202015). 4.8.10. ამრიგად, ამ განჩინების 4.8.6. ქვეპუნქტში მითითებული ფაქტების მტკიცების ტვირთი მოპასუხეს ეკისრებოდა, მას თავისი პოზიციის დასადასტურებლად არც-ერთი მტკიცებულება წარმოუდგენია. 4.9. ამის შესაბამისად, პალატას დამტკიცებულად მიაჩნია შპს დანი-აუდიტის დასკვნაში აღნიშნული გარემოებები იმის თაობაზე, რომ 2015 წლის 23 მაისიდან 2016 წლის 8 აგვისტოს ჩათვლით აპელანტმა ზეგანაკვეთურად იმუშავა 464 საათი. 4.9.1. მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 5.4. პუნქტის თანახმად, ზეგანაკვეთურ საათში დამსაქმებელს დასაქმებულისათვის უნდა გადაეხადა სტანდარტული საათობრივი ანაზღაურების საფასურზე 1,25%-ით გაზრდილი თანხა. 4.9.2. შპს დანი-აუდიტის დასკვნის თანახმად, კი ამ თანხამ შეადგინა 12400,56 ლარი. 4.10. საქართველოს შრომის კოდექსის მე-17 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურდება ხელფასის საათობრივი განაკვეთის გაზრდილი ოდენობით. ამ ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით. 4.10.1. ამ ნორმის საფუძველზე, მოწინააღმდეგე მხარემ აპელანტს 12400,56 ლარი უნდა გადაუხადოს. 4.11. პალატა არ ეთანხმება აპელანტს, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დროს მის მიმართ განხორციელდა დისკრიმინაციული მოპყრობა, რადგან აღნიშნულის დამადასტურებელი ფაქტები მას სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ ი---- ა------ს სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. უნდა გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება და ი---- ა------ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. შპს მ------ ტ--------ს ი---- ა------ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 12 400 ლარისა და 56 თეთრის გადახდა.
6. საპროცესო ხარჯები 6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილების საფუძველზე, შპს მ------ ტ--------ს ი---- ა------ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის, 490 ლარის ანაზღაურება. 6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, შპს მ------ ტ--------ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის, 12 400,56X7%=868 ლარისა და 3 თეთრის გადახდა.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გადაწყვიტა
1. ი---- ა------ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება;
3. ი---- ა------ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. შპს მ------ ტ--------ს ი---- ა------ს სასარგებლოდ დაეკისროს 12 400 ლარისა და 56 თეთრის გადახდა;
5. შპს მ------ ტ--------ს ი---- ა------ს სასარგებლოდ დაეკისროს 490 ლარის გადახდა;
6. დანარჩენ ნაწილში ი---- ა------ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
7. შპს მ------ ტ--------ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის, 868 ლარისა და 3 თეთრის გადახდა, რაც ჩაირიცხოს შემდეგ ნგარიშზე: სახელმწიფო ხაზინა: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: TRESGE22, სახაზინო კოდი 300 183 150;
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე სიმონ ჩხაიძე