განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330210016001495559 (№2ბ/1272-17)
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
13 თებერვალი, 2018 წ. ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
მოსამართლე _ ამირან ძაბუნიძე
სხდომის მდივანი _ ნათია ხოლოაშვილი
აპელანტი _ შპს ,,G---------’’
წარმომადგენელი - შ--–-- ლ------ე
მოწინააღმდეგე მხარე _ სს ,,ს------------- კ-------- ჯ------- ჰ---–-----ი’’
წარმომადგენელი - დ----- ჭ------ე
დავის საგანი – თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 9 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება; ამავე სასამართლოს 2016 წლის 27 დეკემბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ
1. აპელანტის მოთხოვნა
გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება.
2. გასაჩივრებული სასამართლო აქტების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 9 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სს ,,ს------------- კომპანის ჯ------- ჰ---–-----ის’’-ს სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეებს შპს ,,G---------’’-ს და შ--–-- ლ------ეს სს ,,ს------------- კ-------- ჯ------- ჰ---–-----ი’’-ს სასარგებლოდ სოლიდარულად გასადახდელად დაეკისრათ 4309.50 ლარის გადახდა, ასევე პირგასამტეხლო 2016 წლის 2 აგვისტოდან გადაწყვეტილების აღსულებამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 4.30 ლარის ოდენობით.
სასამართლოს მითითებით, 2016 წლის 7 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მომართა სს ,,ს------------- კ-------- ჯ------- ჰ---–-----ის” წარმომადგენელმა მოპასუხეების შპს ”G---------"-ის და შ--–-- ლ------ის მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით.
სასამართლოს მიერ სარჩელი განსახილველად იქნა მიღებული და მოსარჩელე მხარეს დაეკისრა მოპასუხისთვის სარჩელის და თანდართული საბუთების ჩაბარების ვალდებულება. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხეების სარჩელი და მასალები ჩაბარდა შ--–-- ლ------ის, რომელიც ასევე წარმოადგენს შპს ”G---------"-ის დირექტორს, ოჯახის წევრს (მეუღლეს) ლ--–- ა-------–---–ს 2016 წლის 28 სექტემბერს.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის `ა-გ’ ქვეპუნქტებზე, რომელთა თანახმად, საქმის სასამართლო განხილვისათვის მომზადების მიზნით მოსამართლე - ა) უგზავნის მოპასუხეს სარჩელის (განცხადების) და ამ კოდექსით გათვალისწინებული დოკუმენტების ასლებს; ბ) დაუნიშნავს მოპასუხეს ვადას იმისთვის, რომ მან წერილობით შეადგინოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელსა და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე თავისი მოსაზრებები სარჩელისათვის დართული დოკუმენტების შესახებ და წარუდგინოს ისინი სასამართლოს. გ) აფრთხილებს მოპასუხეს პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობის შესაძლო შედეგების შესახებ. მე-6 მე-7 ნაწილების მიხედვით, მოპასუხე ვალდებულია, თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელსა და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე თავისი მოსაზრებები სარჩელისათვის დართული დოკუმენტების შესახებ წარუდგინოს სასამართლოს სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მიღებიდან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. შესაგებელი უნდა პასუხიბდეს ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილ მოთხოვნებს. სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში მოსამართლეს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება ამ კოდექსის XXVI თავით დადგენილი წესით. 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, შესაგებელი შედგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით, როგორც წესი, ნაბეჭდი სახით და უნდა უპასუხებდეს ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშს.
სასამართლომ მიუთითა ამავე კოდექსის 232I-ე მუხლზე, რომლის თანახმად მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის `ბ’ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
სასამართლომ აღნიშნა, რომ სარჩელი და თანდართული საბუთები მოპასუხეებს ჩაბარდათ 2016 წლის 28 სექტემბერს. მოპასუხეს სარჩელზე შესაგებლის წარმოსადგენად დანიშნული ჰქონდა 10 დღის ვადა, მაგრამ მან შესაგებელი არ წარმოადგინა და არც მისი წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის. ამასთან, არც შესაგებლის წარმოდგენის ვადის გაგრძელების შესახებ შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის. გამომდინარე აქედან, სასამართლომ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად მიიჩნია.
სასამართლომ განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები, საქართველოს სამოქალაქო 316-317-ე, 799-ე,820-821, 832-ე, 890-891-ე, 895-ე მუხლების თანახმად, იურიდიულად ამართლებდნენ სასარჩელო მოთხოვნას. ამასთან, არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით, რის გამოც მიღებული უნდა ყოფილიყო დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე 2016 წლის 21 ნოემბერს სასამართლოში წარდგენილი საჩივრით, შპს ,,G---------’’-ს დირექტორმა შ--–-- ლ------ემ მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 9 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ სარჩელის და თანდართული მასალები ჩაბარდა მის მეუღლეს, რა დროსაც მოპასუხე მივლინებით იმყოფებოდა ქუთაისში, რის გამოც ვერ შეძლო შესაგებლის წარმოდგენა, საჩივრის ავტორი ასევე განმარტავს, რომ მოსარჩელესთან ჰქონდა სიტყვიერი შეთანხმება დავალიანების მიმდინარე წლის ბოლომდე დაფარვის შესახებ და არ ელოდებოდა რომ მოსარჩელე მხარე სასამართლოს მიმართავდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 27 დეკემბრის საოქმო განჩინებით ,,G---------’’-ს დირექტორის შ--–-- ლ------ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალქო საქმეთა კოლეგიის 09.11.2016 წლის გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის წარმოების განხლების შესახებ არ დაკმაყოფილდა. ძალაში დარჩა ამავე სასამართლოს 09.11.2016 წლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 9 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სს ”ს------------- კ-------- ჯ------- ჰ---–-----ის” სასარჩელო მოთხოვნა შპს ,,G---------’’-სა და შ--–-- ლ------ის მიმართ დაკმაყოფილდა. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ დავალიანების - 4309.50 ლარის გადახდა, პირგასამტეხლოს გადახდა - 2016 წლის 2 აგვისტოდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 4.30 ლარის ოდენობით და მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 272 ლარის ანაზღაურება.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ზემოაღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიღებულია მოპასუხეთა მიერ სარჩელთან დაკავშირებით შესაგებლის სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში წარუდგენლობის შედეგად.
სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ შპს ,,G---------’’-ს დირექტორის შ--–-- ლ------ის ოჯახის წევრს (მეუღლეს) სარჩელი და თანდართული მასალები ჩაბარდა 2016 წლის 28 სექტემბერს, რაც დასტურდება საქმეში არსებული საფოსტო დასტურით. ამ გარემოებას არ უარყოფს საჩივრის ავტორიც.
სასამართლომ განმარტა, რომ მოპასუხე საჩივარში შესაგებლის წარმოუდგენლობას ასაბუთებდა იმით, რომ მისი მეუღლის მიერ სასამართლო გზავნილის გადაცემა ვერ მოხერხდა დროულად, რადგან იმ დროისათვის იმყოფებოდა მივლინებით ქუთაისში, რის გამოც დაირღვა შესაგებელის წარდგენის ვადა.
სასამართლომ აღნიშნა, რომ საჩივრის ავტორს არ ჰქონდა წარმოდგენილი არანაირი მტკიცებულება იმ გარემოებათა დასამტკიცებლად, რაც საჩივარში აქვს მითითებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად.
ზემოაღწერილი მსჯელობის გათვალისწინებით სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოპასუხის საჩივარში მითითებული გარემოებები შესაგებლის დანიშნულ ვადაში წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზად ვერ განიხილებოდა და საჩივრის ავტორმა საპროცესო მოქმედების ვადაში შეუსრულებლობის საპატიო მიზეზი ვერ დაასაბუთა.
სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 240-ე მუხლის 11 პუნქტზე, რომლის დეფინიციით თუ საჩივრის განხილვის შედეგად აღმოჩნდება, რომ ამ კოდექსის 232.1 მუხლის შესაბამისად გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს იმ საფუძვლით, რომ პასუხის წარმოუდგენლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, სასამართლო განჩინებით აუქმებს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას და მოპასუხეს აღუდგენს პასუხის წარმოდგენისთვის ამ კოდექსის 201-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილ ვადას.
სასამართლომ განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში, საჩივრის ავტორმა ვერ დაასაბუთა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზი ან მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების სხვა სამართლებრივ საფუძველი, რის გამოც წინამდებარე საჩივარს დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
აპელანტის მითითებით, თანხის გადახდევინების შესახებ შეთანხმებული იყო სადაზღვევო კომპანიასთან, რომ იმ ვალდებულებას, რომელიც შ---ს ნაკისრი ჰქონდა შეასრულებდნენ ყოველგვარი სასამართლო დავის გარეშე. მისი განმარტებით, სარჩელის წარდგენის პერიოდში იგი იმყოფებოდა ქალაქ ქუთაისში მივლინებით, რის გამოც მისთვის ცნობილი არ იყო რომ პასუხის (შესაგებლის) წარსადგენად ჰქონდა განსაზღვრული ვადა. აპელანტის განმარტებით, იგი მზად იყო გადაეხადა აღნიშნული თანხა, თუმცა ამისათვის მას ესაჭიროებოდა რამდენიმე თვე. აპელანტის მითითებით, დაუსწრებელ გადაწყვეტილებასთან მიმართებით მის მიზანს წარმოადგენდა, რომ მიღებული ახალი გადაწყვეტილება არა დაკისრებული თანხის ცვლილებასთან დაკავშირებით, არამედ მომხდარიყო შეათანხმება ვალდებულების შესრულების ვადებთან დაკავშირებით, თუმცაღა მისთვის უცნობი იყო პროცესის დანიშვნის დღე.
4. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და განჩინების უცვლელად დატოვების დასაბუთება
სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული სასამართლო აქტების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ შპს ,,G---------’’-ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ შპს ,,G---------’’-ს სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201.1 მუხლის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მიღების შემდეგ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელზე და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე, თავისი მოსაზრებები სარჩელისათვის დართული დოკუმენტების შესახებ და მოსარჩელისათვის პასუხის (შესაგებლის) და თანდართული დოკუმენტების ასლების გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტი. სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადა არ უნდა აღემატებოდეს 14 დღეს, ხოლო რთული კატეგორიის საქმეებზე – 21 დღეს. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს საპატიო მიზეზი. პასუხი (შესაგებელი) უნდა უპასუხებდეს ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დადგენილ მოთხოვნებს. ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში მოსამართლეს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება ამ კოდექსის XXVI თავით დადგენილი წესით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო ნიშნავს მთავარ სხდომას, რის შესახებაც ეცნობება მხარეებს ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
აღნიშნული მუხლებიდან გამომდინარე, მოპასუხის მიერ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში შესაგებლის წარუდგენლობის ანუ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მოპასუხის მიერ სასარჩელო განცხადებასთან დაკავშირებით თავისი პოზიციის გამოხატვის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კანონმდებელი აწესებს ზეპირი მოსმენის გარეშე მის წინააღმდეგ სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობას. ამდენად, სასამართლო ვალდებულია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას შეამოწმოს არსებობს თუ არა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები. კერძოდ, 1. სასამართლო უნდა დარწმუნდეს, რომ სასამართლო გზავნილი (სარჩელი და თანდართული საბუთების ასლები) კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა მოპასუხეს და შესაბამისად, განემარტა შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო მის წინააღმდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ; ამასთან, სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე დაუსწრებელ გადაწყვეტილებას მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიტანს, თუ მის მიერ დადგენილ ვადაში მოპასუხე არასაპატიო მიზეზით არ წარმოადგენს პასუხს (შესაგებლს). 2. სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად რამდენად ამართლებს (ასაბუთებს) სასარჩელო მოთხოვნას.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობის გამო, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 9 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სს ,,ს------------- კ-------- ჯ------- ჰ---–-----ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეებს შპს ,,G---------’’-ს და შ--–-- ლ------ეს სს ,,ს------------- კ-------- ჯ------- ჰ---–-----ი’’-ს სასარგებლოდ სოლიდარულად გასადახდელად დაეკისრათ 4309.50 ლარის გადახდა, ასევე პირგასამტეხლო 2016 წლის 2 აგვისტოდან გადაწყვეტილების აღსულებამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 4.30 ლარის ოდენობით. დადგენილია ასევე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 27 დეკემბრის საოქმო განჩინებით შპს ,,G---------’’-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალქო საქმეთა კოლეგიის 09.11.2016 წლის გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის წარმოების განხლების შესახებ არ დაკმაყოფილდა. ძალაში დარჩა ამავე სასამართლოს 09.11.2016 წლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 183-ე მუხლის თანახმად, სარჩელის (განცხადების) სასამართლოში შეტანისას სასამართლოს კანცელარია ახდენს სარჩელის (განცხადების) რეგისტრაციას და, თუ სარჩელი (განცხადება) შეაქვს იურიდიულ პირს, ინდივიდუალურ მეწარმეს, ადვოკატს ან წარმომადგენელს (გარდა კანონიერი წარმომადგენლისა), ან თუ სარჩელი (განცხადება) შეიტანება იურიდიული პირის წინააღმდეგ, მოსარჩელეს (წარმომადგენელს) გადასცემს გზავნილს (სარჩელის (განცხადების) და თანდართული დოკუმენტების ასლებს) მოპასუხისათვის ჩასაბარებლად.
2016 წლის 12 სექტემბრის აქტის თანახმად დადგენილია, რომ სასამართლოს შესაბამისი მოხელის მიერ, მოსარჩელის წარმომადგენელს გადაეცა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების გზავნილი სარჩელში მითითებული მოპასუხისათვის ჩასაბარებლად (ტომი 1; ს.ფ. 36). საქმეში წარმოდგენილი მიმართვით - გზავნილით, ასევე დასტუდება ის გარემოება, რომ სასამართლოს მიერ მოპასუხეს განესაზღვრა 10 დღის ვადა სარჩელზე შესაგებლის წარსადგენად (ტომი 1; ს.ფ. 35).
საქართვლოს სამოქალაქო კოდექსის 184-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 183-ე მუხლით გათვალისწინებულ პირებს მოსამართლისათვის სარჩელის (განცხადების) გადაცემიდან არა უადრეს 5 და არა უგვიანეს 14 დღისა მათ მიერ მითითებულ ტელეფონის ნომრებზე ან/და ელექტრონული ფოსტის მისამართებზე ეგზავნებათ შეტყობინება ან სასამართლოში გამოცხადების შედეგად ეცნობებათ სარჩელის (განცხადების) მიღებაზე უარის თქმის შესახებ ან სასამართლო გზავნილის (სარჩელის (განცხადების) და თანდართული დოკუმენტების ასლების) მათ მიერ მოპასუხისათვის ჩაბარების თაობაზე. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოსარჩელე ვალდებულია უზრუნველყოს მოპასუხისათვის სასამართლო გზავნილის ფოსტის ან სასამართლო კურიერის მეშვეობით ჩაბარება ან მისი ელექტრონული ფოსტით გაგზავნა ამ კოდექსის 70-ე−78-ე მუხლებით დადგენილი წესების დაცვით მისთვის გზავნილის გადაცემიდან 2 თვის ვადაში.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2016 წლის 12 სექტემბერს მოსარჩელის წარმომადგენელს სატელეფონო საშუალებით ეცნობა სარჩელის განსახილველად მიღების შესახებ და სასამართლო გზავნილის (სარჩელის და თანდართული დოკუმენტების ასლების) მის მიერ მოპასუხისათვის ჩაბარების თაობაზე (ტომი 1; ს.ფ. 25), რის შემდეგაც მოსარჩელეს წარმოეშვა საქართველოს სსკ-ის 184-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული ვალდებულება უზრუნველყო მოპასუხისათვის სასამართლო გზავნილის ფოსტის ან სასამართლო კურიერის მეშვეობით ჩაბარება ან მისი ელექტრონული ფოსტით გაგზავნა ამ კოდექსის 70-ე−78-ე მუხლებით დადგენილი წესების დაცვით მისთვის გზავნილის გადაცემიდან 2 თვის ვადაში.
დადგენილია, რომ გზავნილი მოპასუხისათვის ჩაბარებული იქნა 2015 წლის 28 ნოემბერს, რაზეც შედგენილ იქნა შესაბამისი ოქმი (ტომი 1; ს.ფ. 37-38);
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად ,,საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში’’. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ,,წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი’’. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ,,საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება’’.
განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან დადგენილია, რომ სარჩელი და თანდართული მასალები მოპასუხეს ჩაბარდა 2016 წლის 28 სექტემბერს, მისთვის შესაგებლის შეტანის 10–დღიანი ვადის დენა დაიწყო გზავნილის გადაცემის მომდევნო დღიდან, ე.ი. 2016 წლის 28 სექტემბრიდან და ამოიწურა 2016 წლის 11 ოქტომბერს. ამდენად, მოპასუხეს შესაგებელი სასამართლოში უნდა წარედგინა 2016 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით. დადგენილია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოტანილი იქნა 2016 წლის 09 ნოემბერს მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობის გამო.
საქართველოს სსკ-ის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამავე კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, სასამართლოს გამოაქვს განჩინება საჩივრის დაუკმაყოფილებლობისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია თუ: ა) თუ მხარე არ იყო მოწვეული ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები;
პალატა აღნიშნავს, რომ აპელანტი შპს ,,G---------’’ გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად უთითებდა იმ გარემოებაზე, რომ არსებობდა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზი. იმ გარემოებათა ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება მიჩნეულ იქნეს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზად, განსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი, რომელიც ადგენს, რომ ასეთ მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარმოდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. აპელანტის განმარტება, რომ სარჩელის წარდგენის პერიოდში იგი იმყოფებოდა ქალაქ ქუთაისში მივლინებით, რის გამოც მისთვის ცნობილი არ იყო, რომ პასუხის (შესაგებლის) წარსადგენად ჰქონდა განსაზღვრული ვადა, არ წარმოადგენს საპატიო მიზეზს, რომლიც შეიძლება გაზირებულ იქნეს პალატის მიერ.
მითითებული მუხლებიდან გამომდინარე, მხარეს შუძლია გააქარწყლოს ვარაუდი, რომელიც საფუძვლად უდევს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, მოითხოვოს მისი გაუქმება და საქმის განხილვის განახლება, თუ დაამტკიცებს, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული „საპატიო მიზეზის“ მტკიცების ტვირთი, ამავე კოდექსის 102–ე მუხლის შესაბამისად, ეკისრება საჩივრის ავტორს.
სასამართლო, ასევე დადგენილად მიიჩნევს, რომ შპს ”------------ის დირექტორის შ--–-- ლ------ის ოჯახის წევრს (მეუღლეს) სარჩელი და თანდართული მასალები ჩაბარდა 2016 წლის 28 სექტემბერს, რაც დასტურდება საქმეში არსებული საფოსტო დასტურით. ამ გარემოებას არ უარყოფს საჩივრის ავტორიც.
მოპასუხე საჩივარში შესაგებლის წარმოუდგენლობას ასაბუთებს იმით, რომ მისი მეუღლის მიერ სასამართლო გზავნილის გადაცემა ვერ მოხერხდა დროულად, რადგან იმ დროისათვის იმყოფებოდა მივლინებით ქუთაისში, რის გამოც დაირღვა შესაგებელის წარდგენის ვადა.
მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიუთითებს სააპელაციო საჩივრის ავტორის მიერ არ არის წარმოდგენილი არანაირი მტკიცებულება იმ გარემოებათა დასამტკიცებლად, რაც საჩივარში აქვს მითითებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩნების დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ გაუქმების საფუძვლად.
როგორც აღინიშნა, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისთვის კიდევ ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს ის, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად უნდა ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.
პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონიერად მიიჩნია დადგენილად სარჩელში მითითებული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები, საქართველოს სამოქალაქო 316-317-ე, 799-ე,820-821, 832-ე, 890-891-ე, 895-ე მუხლების თანახმად, იურიდიულად ამართლებდნენ სასარჩელო მოთხოვნას. ამასთან, არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით, რის გამოც მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში, საქალაქო სასამართლომ კანონიერად დაასკვნა, რომ დამტკიცებულად მიჩნეული ეს ფაქტობრივი გარემოებები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 623-ე მუხლების თანახმად, იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას. შესაბამისად, სს ,,ს------------- კ-------- ჯ------- ჰ---–-----ის“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილებულიყო.
პალატა განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო არ იხილავს მტკიცებულებებს, არ შედის წარმოდგენილი მტკიცებულებების არსებით კვლევაში, მსჯელობს მხოლოდ სარჩელის შინაარსის ფარგლებში და სარჩელის შინაარსიდან გამომდინარე იღებს გადაწყვეტილებას, თუ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებენ სასარჩელო მოთხოვნას.
მოცემულ შემთხვევაში, მხარემ ვერ დაადასტურა ის გარემოება, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას ადგილი ჰქონდა საქართველოს სსკ-ის 233-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს, ისევე, როგორც ვერ დაადასტურა საქართველოს სსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებული შესაგებლოს წარუდგენლობის საპატიო მიზეზი, რისი მტკიცების ტვირთიც, საქართველოს სსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად, ეკისრებოდა თავად საჩივრის ავტორს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, სასამართლოს გამოაქვს განჩინება საჩივრის დაუკმაყოფილებლობისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ არ არსებობდა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების სააპელაციო საჩივრის ფარგლებში შემოწმების შედეგად ასკვნის, შპს ,,G---------’’-ის სააპელაციო საჩივრის პრეტენზია დაუსაბუთებელია, ვინაიდან სახეზე არ არის გასაჩივრებული სასამართლო აქტების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები.
6. საპროცესო ხარჯები
აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი 173.00 ლარის ოდენობით წინასწარ იქნა გადახდილი.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს ,,G---------’’-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 9 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე კოლეგიის 2016 წლის 27 დეკემბრის საოქმო განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ამირან ძაბუნიძე