განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210015001158169
საქმე №2ბ/4386-17
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
15 მაისი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - ამირან ძაბუნიძე
სხდომის მდივანი - თამარ ბლიაძე
აპელანტი - ლ-–- ჩ--------–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე - სს ,,თ----ი ბანკი“
წარმომადგენელი - ნ-------- ზ-------, მ------ ა---–---–-
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2017 წლის 8 ივნისის განჩინება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით მიღებულ იქნა განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დაკმაყოფილდა სს ,,თ----ი ბანკის“ სარჩელი. მოპასუხე ლ-–- ჩ--------–---–ს სს ,,თ----ი ბანკის“ სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების - 3634.30 ლარის გადახდა.
გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
2.1. სს ”თ----ი ბანკს” და მოპასუხე ლ-–- ჩ--------–---–ს შორის, 2012 წლის 12 სექტემბერს დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულება, ლიმიტი განისაზღვრა 4000 ლარი, საპროცენტო სარგებელი 36%, ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი და 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
მოსარჩელის განმარტებით, ლ-–- ჩ--------–---–ის მიერ დარღვეულ იქნა 2012 წლის 12 სექტემბრის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და 2015 წლის
23 ოქტომბრის მდგომარეობით ბანკის მიმართ ერიცხება დავალიანება -3 634,30 ლარის ოდენობით.
სარჩელი და თანდართული დოკუმენტები შესაგებლის წარმოსადგენად, წერილობითი შესაგებლის წარმოსადგენად მოპასუხეს დანიშნული ჰქონდა 10 დღის ვადა, 2015 წლის 13 დეკემბრის ჩათვლით. მან დადგენილ ვადაში შესაგებელი არ წარმოადგინა და არც მისი წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მიღებული უნდა იქნეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა -გ” ქვეპუნქტების თანახმად, საქმის სასამართლო განხილვისათვის მომზადების მიზნით მოსამართლე - ა) უგზავნის მოპასუხეს სარჩელის (განცხადების) და ამ კოდექსით გათვალისწინებული დოკუმენტების ასლებს; ბ) დაუნიშნავს მოპასუხეს ვადას იმისთვის, რომ მან წერილობით შეადგინოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელსა და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე თავისი მოსაზრებები სარჩელისათვის დართული დოკუმენტების შესახებ და წარუდგინოს ისინი სასამართლოს. გ)აფრთხილებს მოპასუხეს პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობის შესაძლო შედეგების შესახებ. მე-6-მე-7 ნაწილების მიხედვით, მოპასუხე ვალდებულია, თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელსა და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე თავისი მოსაზრებები სარჩელისათვის დართული დოკუმენტების შესახებ წარუდგინოს სასამართლოს სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მიღებიდან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. შესაგებელი უნდა უპასუხებდეს ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილ მოთხოვნებს. სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში მოსამართლეს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება ამ კოდექსის XXVI თავით დადგენილი წესით.
ამავე კოდექსის 232I-ე მუხლით, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ’ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.
ზემოთ აღინიშნა, რომ სარჩელის თაობაზე მოპასუხეს ეცნობა 2015 წლის 3 დეკემბერს. წერილობითი შესაგებლის წარმოსადგენად მოპასუხეს დანიშნული ჰქონდა 10 დღის ვადა (2015 წლის 13 დეკემბრის ჩათვლით), მაგრამ მოპასუხემ შესაგებელი არ წარმოადგინა და არც მისი წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებია ამიტომ, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება.
განსახილველ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული გარემოებები სასამართლომ დამტკიცებულად ჩათვალა. კერძოდ, დამტკიცებულადაა მიჩნეული, რომ:
სს ”თ----ი ბანკს” და მოპასუხე ლ-–- ჩ--------–---–ს შორის, 2012 წლის 12 სექტემბერს დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულება, ლიმიტი განისაზღვრა 4000 ლარი, საპროცენტო სარგებელი 36%, ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი და 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
დადგენილია, რომ ლ-–- ჩ--------–---–ის მიერ დარღვეულ იქნა 2012 წლის 12 სექტემბრის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და 2015 წლის 23 ოქტომბრის მდგომარეობით ბანკის მიმართ ერიცხება დავალიანება - 3 634,30 ლარის ოდენობით.
განსახილველი სარჩელის დავის საფუძველს წარმოადგენს მხარეთა შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. სესხის ხელშეკრულების მიხედვით, გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი ვალდებულია დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. სესხისათვის შეიძლება მხარეები შეთანხმდნენ სარგებელზე თანახმად, სამოქალაქო კოდექსის 623-ე, 625-ე, 868-ე მუხლებისა.
მოცემულ შემთხვევაში, დამტკიცებულად ითვლება, რომ მოპასუხე ლ-–- ჩ--------–---–მა სს ”თ----ი ბანკთან” დადებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე, მიიღო სესხი და წარმოეშვა შეთანხმებული პირობებით და წესის დაცვით, ბანკისათვის სესხის დაბრუნების ვალდებულება.
დამტკიცებულად ითვლება, რომ ლ-–- ჩ--------–---–მა დაარღვია ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები - დაებრუნებინა სესხი შეთანხმებულ ვადაში, შეთანხმებული პირობებით. დამტკიცებულად ითვლება სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში ბანკის მიმართ მისი დავალიანება შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 361-ე, 867-868-ე, 417-ე მუხლებისა, სს ,,თ----ი ბანკი“” უფლებამოსილია მოითხოვოს ვალდებულების შესრულება, ხოლო მოპასუხე ვალდებულია შეასრულოს მოთხოვნა.
ამდენად, სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად ჩათვლილი ფაქტობრივი
გარემოებები, იურიდიულად ამართლებენ სასარჩელო მოთხოვნას. ამასთან, არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით, რის გამოც მიღებული უნდა იქნეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ და ლ-–- ჩ--------–---–ს ბანკის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს დავალიანების გადახდა 3 634,30 ლარის ოდენობით.
2016 წლის 21 აპრილს ლ-–- ჩ--------–---–მა საჩივრით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, რომლითაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის განახლება.
საჩივრის ავტორმა საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლად მიუთითა ის გარემოება, რომ იგი სს ,,თ----ი ბანკის'' მიერ შეცდომაში იქნა შეყვანილი, რათა მათი მხრიდან სერიოზულ დარღვევებს ჰქონდა ადგილი, გარდა ამისა სარჩელი არის ხანდაზმული, თუმცა მას არასდროს განუცხადებია ბანკის წინაშე უარი დავალიანების გადახდაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის განახლებას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 8 ივნისის განჩინებით ლ-–- ჩ--------–---–ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321-ე მუხლზე რომლის თანახმად მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“ (გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოება) ქვეპუნქტში მითითებული გარემოების არსებობისას.
სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მითითებას, იმის თაობაზე, რომ ის სს ,,თ----ი ბანკის'' მიერ შეცდომაში იქნა შეყვანილი, რათა მათი მხრიდან სერიოზულ დარღვევებს ჰქონდა ადგილი, ასევე, სარჩელი არის ხანდაზმული, წარმოადგენს შესაგებლის წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზს.
სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის 1-ლი ნაწილზე რომლის თანახმად სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის ან სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის მიხედვით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ სარჩელი და მასალები ჩაბარდა მოპასუხე ლ-–- ჩ--------–---–ის დედას მ----- გ--------ეს - ოჯახის წევრს, მოპასუხის საცხოვრებელ მისამართზე და მას არ განუცხადებია უარი გზავნილის მიღებაზე.
ამდენად, სასამართლომ არ გაიზიარა საჩივრის ავტორის დასაბუთებას დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის განახლების შესახებ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხის საჩივარი უსაფუძლოა, არ უნდა დაკმაყოფილდეს და ძალაში უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თუ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, სასამართლოს გამოაქვს განჩინება საჩივრის დაუკმაყოფილებლობისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 240-ე მუხლის მე-3 ნაწილზე რომლის თანახმად, სასამართლოს განჩინება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე დაუსწრებელ გადაწყვეტილებასთან ერთად გასაჩივრდება სააპელაციო წესით.
3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივ - სამართლებრივი საფუძვლები:
3.1. აპელანტის განმარტებით, აღნიშნულ საქმეზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება განპირობებულია მოწინააღმდეგე მხარის იერ სასამართლოს შეცდომაში შეყვანით. 2015 წლის 13 დეკემბერს მიღებული გაფრთხილების წერილი, რომლის შემდეგაც შპს ,,ტ----ას“ წარმომადგენელი აწარმოებდა მოლაპარაკებას შეთანხმებაზე, რომლის დროსაც რამოდენიმეჯერ მიღწეული შეთანხმება ისევ მათივე მხრიდან იქნა დარღვეული. გარდა ამისა დავის ვითრება ჩვეულებრივ სესხის გადაფარვის შემთხვევისგან რადიკალურად განსხვავებულია და სერიოზულ დარღვევებს ჰქონდა ადგილი მათი მხრიდან, რომლემაც განაპირობა დავის წარმოშობა და უარყოფითად აისახა მისავე საზიანოდ. ამისდა მიუხედავად აპელანტი განმარტავს, რომ უარი არასოდეს განუცხადებია მოცემულ პერიოდში ვალის დაბრუნებაზე, მხოლოდ მის შემდგომ მათივე დაშვებულ შეცდომებზე აიღებდნენ პასუხისმგებლობას.
აპელანტის განმარტებით, მიმდინარე სიტუაციაში ვალის დაბრუნების მოთხოვნა კანონშეუსაბამოა და რეალურად დაზარებულებულ მხარეს წარმოადგენს თვითონ აპელანტი.
აპელანტის განმარტებით, არ იყო ინფორმირებული პროცესის დანიშვნის თობაზე. ასევე არ იქნა გათვალსიწინებული ვალის ხანდაზმულობა, რომელიც განპირობებული იყო მოწინააღმდეგე მხარის მიერ. სასამართლოს უწყებად ჩაითვალა გაფრთხილების წერილი, მიღებული 2015 წლის 3 დეკემბერს, სადაც სასამართლოს დანიშვნის შესახებ არ იყო მითითებული.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების დასაბუთება
სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201.1 მუხლის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მიღების შემდეგ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელზე და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე, თავისი მოსაზრებები სარჩელისათვის დართული დოკუმენტების შესახებ და მოსარჩელისათვის პასუხის (შესაგებლის) და თანდართული დოკუმენტების ასლების გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტი. სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადა არ უნდა აღემატებოდეს 14 დღეს, ხოლო რთული კატეგორიის საქმეებზე – 21 დღეს. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს საპატიო მიზეზი. პასუხი (შესაგებელი) უნდა უპასუხებდეს ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დადგენილ მოთხოვნებს. ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში მოსამართლეს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება ამ კოდექსის XXVI თავით დადგენილი წესით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო ნიშნავს მთავარ სხდომას, რის შესახებაც ეცნობება მხარეებს ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
აღნიშნული მუხლებიდან გამომდინარე, მოპასუხის მიერ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში შესაგებლის წარუდგენლობის ანუ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მოპასუხის მიერ სასარჩელო განცხადებასთან დაკავშირებით თავისი პოზიციის გამოხატვის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კანონმდებელი აწესებს ზეპირი მოსმენის გარეშე მის წინააღმდეგ სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობას. ამდენად, სასამართლო ვალდებულია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას შეამოწმოს არსებობს თუ არა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები. კერძოდ, 1. სასამართლო უნდა დარწმუნდეს, რომ სასამართლო გზავნილი (სარჩელი და თანდართული საბუთების ასლები) კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა მოპასუხეს და შესაბამისად, განემარტა შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო მის წინააღმდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ; ამასთან, სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე დაუსწრებელ გადაწყვეტილებას მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიტანს, თუ მის მიერ დადგენილ ვადაში მოპასუხე არასაპატიო მიზეზით არ წარმოადგენს პასუხს (შესაგებლს). 2. სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად რამდენად ამართლებს (ასაბუთებს) სასარჩელო მოთხოვნას.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობის გამო, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სს ,,თ----ი ბანკის“ სარჩელი დაკმაყოფილდა. ლ-–- ჩ--------–---–ს სს ,,თ----ი ბანკის“ სასარგებლოდ დაეკისრა 3634.30 ლარის გადახდა. დადგენილია ასევე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 8 ივნისის საოქმო განჩინებით ლ-–- ჩ--------–---–ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალქო საქმეთა კოლეგიის 22.01.2016 წლის გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა. ძალაში დარჩა ამავე სასამართლოს 22.01.2016 წლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 183-ე მუხლის თანახმად, სარჩელის (განცხადების) სასამართლოში შეტანისას სასამართლოს კანცელარია ახდენს სარჩელის (განცხადების) რეგისტრაციას და, თუ სარჩელი (განცხადება) შეაქვს იურიდიულ პირს, ინდივიდუალურ მეწარმეს, ადვოკატს ან წარმომადგენელს (გარდა კანონიერი წარმომადგენლისა), ან თუ სარჩელი (განცხადება) შეიტანება იურიდიული პირის წინააღმდეგ, მოსარჩელეს (წარმომადგენელს) გადასცემს გზავნილს (სარჩელის (განცხადების) და თანდართული დოკუმენტების ასლებს) მოპასუხისათვის ჩასაბარებლად.
დადგენილია, რომ სარჩელი და თანდართული მასალები მოპასუხე ლ-–- ჩ--------–---–ს დედას მ----- გ--------ეს ჩაბარდა 2015 წლის 3 დეკემბერს. (ტომი 1; ს.ფ. 37). საქმეში წარმოდგენილი მიმართვით - გზავნილით, ასევე დასტუდება ის გარემოება, რომ სასამართლოს მიერ მოპასუხეს განესაზღვრა 10 დღის ვადა სარჩელზე შესაგებლის წარსადგენად (ტომი 1; ს.ფ. 33).
საქართვლოს სამოქალაქო კოდექსის 184-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 183-ე მუხლით გათვალისწინებულ პირებს მოსამართლისათვის სარჩელის (განცხადების) გადაცემიდან არა უადრეს 5 და არა უგვიანეს 14 დღისა მათ მიერ მითითებულ ტელეფონის ნომრებზე ან/და ელექტრონული ფოსტის მისამართებზე ეგზავნებათ შეტყობინება ან სასამართლოში გამოცხადების შედეგად ეცნობებათ სარჩელის (განცხადების) მიღებაზე უარის თქმის შესახებ ან სასამართლო გზავნილის (სარჩელის (განცხადების) და თანდართული დოკუმენტების ასლების) მათ მიერ მოპასუხისათვის ჩაბარების თაობაზე. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოსარჩელე ვალდებულია უზრუნველყოს მოპასუხისათვის სასამართლო გზავნილის ფოსტის ან სასამართლო კურიერის მეშვეობით ჩაბარება ან მისი ელექტრონული ფოსტით გაგზავნა ამ კოდექსის 70-ე−78-ე მუხლებით დადგენილი წესების დაცვით მისთვის გზავნილის გადაცემიდან 2 თვის ვადაში.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2015 წლის 20 ნოემბერს სს ,,თ----ი ბანკის“ წარმომადგენელს სატელეფონო საშუალებით ეცნობა სარჩელის განსახილველად მიღების შესახებ და სასამართლო გზავნილის (სარჩელის და თანდართული დოკუმენტების ასლების) მის მიერ მოპასუხისათვის ჩაბარების თაობაზე (ტომი 1; ს.ფ. 35), რის შემდეგაც მოსარჩელეს წარმოეშვა საქართველოს სსკ-ის 184-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული ვალდებულება უზრუნველყო მოპასუხისათვის სასამართლო გზავნილის ფოსტის ან სასამართლო კურიერის მეშვეობით ჩაბარება ან მისი ელექტრონული ფოსტით გაგზავნა ამ კოდექსის 70-ე−78-ე მუხლებით დადგენილი წესების დაცვით მისთვის გზავნილის გადაცემიდან 2 თვის ვადაში.
პალატა დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელემ უზრუნველყო საქართველოს სსკ-ის 184-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება, კერძოდ, საქმის მასალებით დგინდება, რომ 2016 წლის 20 იანვარს, სს ,,თ----ი ბანკის“ წარმომადგენელმა მიმართა სასამართლოს და წარმოადგინა განცხადება მოპასუხეზე სარჩელისა და თანდართული მასალების ჩაბარების შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად ,,საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში’’. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ,,წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი’’. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ,,საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება’’.
განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან დადგენილია, რომ სარჩელი და თანდართული მასალები მოპასუხეს ჩაბარდა 2015 წლის 3 დეკემებერს, მისთვის შესაგებლის შეტანის 10–დღიანი ვადის დენა დაიწყო გზავნილის გადაცემის მომდევნო დღიდან, ე.ი. 2015 წლის 4 დეკემბრიდან და ამოიწურა 2015 წლის 13 დეკემბერს. ამდენად, მოპასუხეს შესაგებელი სასამართლოში უნდა წარედგინა 2015 წლის 13 დეკემბერის ჩათვლით. დადგენილია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოტანილია 2016 წლის 22 იანვარს მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობის გამო.
საქართველოს სსკ-ის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამავე კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, სასამართლოს გამოაქვს განჩინება საჩივრის დაუკმაყოფილებლობისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია თუ: ა) თუ მხარე არ იყო მოწვეული ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები;
პალატა აღნიშნავს, რომ აპელანტი ლ-–- ჩ--------–---–ი გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად უთითებდა იმ გარემოებაზე, რომ არსებობდა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზი.
იმ გარემოებათა ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება მიჩნეულ იქნეს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზად, განსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი, რომელიც ადგენს, რომ ასეთ მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარმოდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
მითითებული მუხლებიდან გამომდინარე, მხარეს შუძლია გააქარწყლოს ვარაუდი, რომელიც საფუძვლად უდევს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, მოითხოვოს მისი გაუქმება და საქმის განხილვის განახლება, თუ დაამტკიცებს, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული „საპატიო მიზეზის“ მტკიცების ტვირთი, ამავე კოდექსის 102–ე მუხლის შესაბამისად, ეკისრება საჩივრის ავტორს. ამასთან, ისეთ დროს, როდესაც საპატიო მიზეზად აპელანტი უთითებს რომ არის მეორე ჯგუფის ინვალიდი და არ შეეძლო გამოცხადება, მან ეს გარემოება უნდა დაადასტუროს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიუთითებს განსახილველ შემთხვევაში, არ დგინდება ის გარემოება, რომ 2015 წლის 3 დეკემბრიდან (გზავნილის ჩაბარების თარიღი) - 2015 წლის 13 დეკემბერის (შეპასუხების წარმოდგენის ბოლო ვადა) ჩათვლით, მით უფრო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის (22.01.2016წ) დროისათვის, მოპასუხე იმყოფებოდა ისეთ მდგომარეობაში, რომ ვერ შეძლებდა სასამართლოში შესაგებლის წარდგენას.
როგორც აღინიშნა, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისთვის კიდევ ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს ის, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად უნდა ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.
პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონიერად მიიჩნია დადგენილად სარჩელში მითითებული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
სს ”თ----ი ბანკს” და მოპასუხე ლ-–- ჩ--------–---–ს შორის, 2012 წლის 12 სექტემბერს დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულება, ლიმიტი განისაზღვრა 4000 ლარი, საპროცენტო სარგებელი 36%, ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი და 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. შესაბამისად, დადგენილია, რომ ლ-–- ჩ--------–---–ის მიერ დარღვეულ იქნა 2012 წლის 12 სექტემბრის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და 2015 წლის 23 ოქტომბრის მდგომარეობით ბანკის მიმართ ერიცხება დავალიანება - 3 634,30 ლარის ოდენობით.
მოცემულ შემთხვევაში, საქალაქო სასამართლომ კანონიერად დაასკვნა, რომ დამტკიცებულად მიჩნეული ეს ფაქტობრივი გარემოებები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 867-868-ე, 417-ე მუხლების თანახმად, იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას. შესაბამისად, სს ,,თ----ი ბანკის“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილებულიყო.
პალატა განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო არ იხილავს მტკიცებულებებს, არ შედის წარმოდგენილი მტკიცებულებების არსებით კვლევაში, მსჯელობს მხოლოდ სარჩელის შინაარსის ფარგლებში და სარჩელის შინაარსიდან გამომდინარე იღებს გადაწყვეტილებას, თუ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებენ სასარჩელო მოთხოვნას.
მოცემულ შემთხვევაში, მხარემ ვერ დაადასტურა ის გარემოება, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას ადგილი ჰქონდა საქართველოს სსკ-ის 233-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს, ისევე, როგორც ვერ დაადასტურა საქართველოს სსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებული შესაგებლოს წარუდგენლობის საპატიო მიზეზი, რისი მტკიცების ტვირთიც, საქართველოს სსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად, ეკისრებოდა თავად საჩივრის ავტორს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, სასამართლოს გამოაქვს განჩინება საჩივრის დაუკმაყოფილებლობისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ არ არსებობდა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების სააპელაციო საჩივრის ფარგლებში შემოწმების შედეგად ასკვნის, ლ-–- ჩ--------–---–ის სააპელაციო საჩივრის პრეტენზია დაუსაბუთებელია, ვინაიდან სახეზე არ არის გასაჩივრებული სასამართლო აქტების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები.
6. საპროცესო ხარჯები
აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი 150 ლარის ოდენობით წინასწარ იქნა გადახდილი.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ-–- ჩ--------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე კოლეგიის 2017 წლის 8 ივნისის საოქმო განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ამირან ძაბუნიძე