განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №180210017001936408
საქმე №2ბ/412-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
29 ივნისი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - ამირან ძაბუნიძე
განხილვის ფორმა- ზეპირი მოსმენის გარეშე
აპელანტი - ჯ--–--- კ--–--------–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე - სს ,,მ------------------–ი“
წარმომადგენელი - ნ---- დ-----ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2017 წლის 29 ნოემბრის განჩინება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
მცხეთის რაიონული საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დაკმაყოფილდა სს ,,მ------------------–ის“ სარჩელი; ჯ--–---ი კ--–--------–---–ს დაეკისრა სს ,,მ------------------–ის” სასარგებლოდ 1114.66 ლარის გადახდა;
გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
2.1. სს ,,მ------------------–სა'' და ჯ--–---ი კ--–--------–---–ს შორის 2015 წლის 14 ნოემბერს გაფორმებულ იქნა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებლის სახელზე გაცემულ იქნა თანხა 500 ლარის ოდენობით, 6 თვის ვადით, 2016 წლის 14 მაისამდე. ყოველთვიური გადასახდელი საპროცენტო სარგებლის და ძირითადი თანხის ოდენობა შეადგენდა 155,50 ლარს. ჯ--–---ი კ--–--------–---–ის მიერ დარღვეული იქნა სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები 2016 წლის 10 მაისს და აღნიშნული თარიღის შემდგომ მოპასუხის მიერ დავალიანების დაფარვა აღარ მომხდარა. გადახდის ზედიზედ ორ ვადაზე მეტის გადაცილებისა და მოპასუხის მიერ დამატებითი ორკვირიანი ვადის უშედეგოდ გაშვების შედეგად მოსარჩელეს წარმოეშვა დავალიანების მთლიანი თანხის ერთჯერადად და დაუყოვნებლივ დაფარვის მოთხოვნის უფლება. მოსარჩელე ითხოვს, მოპასუხე ჯ--–---ი კ--–--------–---–ს სს ,,მ------------------–ი''-ს სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების 1114.66 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხა არის 236.34 ლარი, 609.41 ლარი - პროცენტი, ხოლო 268.91 ლარი - პირგასამტეხლო. მოსარჩელე ასევე ითხოვს მოპასუხეს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის 50 ლარის ანაზრაუღება.
სარჩელი და თანდართული მასალები 2017 წლის 3 ივნისს ჩაბარდა მოპასუხე ჯ--–--- კ--–--------–---–ის მეუღლეს ქ------- მ---------ეს.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მიღებული უნდა ყოფილიყო დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილზე რომლის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია, სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მიღების შემდეგ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელზე და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე თავისი მოსაზრებები სარჩელისათვის დართული დოკუმენტების შესახებ და მოსარჩელისათვის პასუხის (შესაგებლის) და თანდართული დოკუმენტების ასლების გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილზე რომლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. ამავე კოდექსის 60-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან მოვლენის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით განსაზღვრულია, რომ საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ხოლო თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.
სასამართლოს მითითებით ჯ--–---ი კ--–--------–---–ისათვის გაგზავნილი სარჩელი და თანდართული საბუთები სსსკ-ის 74-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით 2017 წლის 3 ივნისს ჩაბარდა მოპასუხის მეუღლეს ქ------- მ---------ეს (პ/ნ 3----------). წერილობითი შესაგებლის წარმოსადგენად განსაზღვრული 10 დღის ვადის დენა დაიწყო 2017 წლის 4 ივნისს და ამოიწურა 2017 წლის 13 ივნისს. მოპასუხეს აღნიშნულ ვადაში შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც მისი წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზები უცნობებია სასამართლოსთვის.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 201-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარმოუდგენლობის შემთხვევაში მოსამართლეს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება ამ კოდექსის XXVII თავით დადგენილი წესით.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321-ე მუხლზე რომლითაც განსაზღვრულია მოპასუხის მიერ შესაგებლის წარმოუდგენლობის შედეგები. ამ ნორმის შესაბამისად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთან, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელი იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321-ე მუხლის შესაბამისად დამტკიცებულად ითვლება სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად მიჩნეული გარემოებები საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე მუხლების შესაბამისად იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას თანხის გადახდის შესახებ.
აღნიშნული გარემოებები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321-ე მუხლის შესაბამისად წარმოადგენდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.
2017 წლის 25 ივლისს მოპასუხე ჯ--–--- კ--–--------–---–მა საჩივრით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა 2017 წლის 11 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება.
საჩივრის ავტორის განმარტებით შესაგებლის წარუდგენლობის მიზეზს წარმოადგენს ის გარემოება, რომ მასზე ჩაბარებული გზავნილის გახსნისას, კონვერტში იდო მხოლოდ სასამართლოს თავფურცელი, რომელსაც თან არ ერთვოდა სარჩელი და დანდართული მასალები, რის გამოც იგი ვერ გაერკვია თუ რასთან ჰქონდა საქმე. არც სასამართლოს თავფურცელში და არც ფოსტის ჩაბარების დოკუმენტში კონკრეტულად არ იყო მითითებული სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების, ასევე ფურცლების რაიოდენობის შესახებ, რაც თავის მხრივ გამორიცხავს მის ბრალეულობას შესაგებელის წარმოუდგენლობაზე.
მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 ნოემბრის განჩინებით ჯ--–--- კ--–--------–---–ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ძალაში დარჩა მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია თუ: ა) მხარე არ იყო მოწვეული ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
სასამართლოს შეფასებით, განსახილველ შემთხვევაში, ადგილი არ ჰქონდა არც ერთ დასახელებულ შემთხვევას, ხოლო საჩივრის ავტორის განმარტება დაუსაბუთებელია, რამეთუ არ ემყარება სათანადო მტკიცებულებებს. ამდენად, არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივი/სამართლებრივი საფუძვლები და ის უნდა დარჩეს ძალაში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ჯ--–--- კ--–--------–---–ის საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივ - სამართლებრივი საფუძვლები:
3.1. აპელანტმა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმების საფუძვლად მიუთითა იმ გარემოებებზე, რომ სასარჩელო განცხადება და მასზე თანდართული მასალები არ ჩაბარებია. მას ჩაბარდა სასამართლოს მიერ დალუქული კონვერტი, რომელიც იყო მხოლოდ სასამართლოს მიერ გამოწერილი თავფურცელი, სასარჩელო განცხადება და მასზე თანდართული მასალები აღნიშნულ კონვერტში არ იდო.
აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვს გაუქმდეს მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე კოლეგიის 2017 წლის 29 ნოემბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების დასაბუთება
სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201.1 მუხლის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მიღების შემდეგ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელზე და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე, თავისი მოსაზრებები სარჩელისათვის დართული დოკუმენტების შესახებ და მოსარჩელისათვის პასუხის (შესაგებლის) და თანდართული დოკუმენტების ასლების გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტი. სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადა არ უნდა აღემატებოდეს 14 დღეს, ხოლო რთული კატეგორიის საქმეებზე – 21 დღეს. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს საპატიო მიზეზი. პასუხი (შესაგებელი) უნდა უპასუხებდეს ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დადგენილ მოთხოვნებს. ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში მოსამართლეს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება ამ კოდექსის XXVI თავით დადგენილი წესით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო ნიშნავს მთავარ სხდომას, რის შესახებაც ეცნობება მხარეებს ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
აღნიშნული მუხლებიდან გამომდინარე, მოპასუხის მიერ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში შესაგებლის წარუდგენლობის ანუ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მოპასუხის მიერ სასარჩელო განცხადებასთან დაკავშირებით თავისი პოზიციის გამოხატვის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კანონმდებელი აწესებს ზეპირი მოსმენის გარეშე მის წინააღმდეგ სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობას. ამდენად, სასამართლო ვალდებულია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას შეამოწმოს არსებობს თუ არა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები. კერძოდ, 1. სასამართლო უნდა დარწმუნდეს, რომ სასამართლო გზავნილი (სარჩელი და თანდართული საბუთების ასლები) კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა მოპასუხეს და შესაბამისად, განემარტა შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო მის წინააღმდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ; ამასთან, სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე დაუსწრებელ გადაწყვეტილებას მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიტანს, თუ მის მიერ დადგენილ ვადაში მოპასუხე არასაპატიო მიზეზით არ წარმოადგენს პასუხს (შესაგებლს). 2. სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად რამდენად ამართლებს (ასაბუთებს) სასარჩელო მოთხოვნას.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობის გამო, მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სს ,,მ------------------–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა. ჯ--–--- კ--–--------–---–ს სს ,,მ------------------–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 1114.66 ლარის გადახდა. დადგენილია ასევე, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 ნოემბრის განჩინებით ჯ--–--- კ--–--------–---–ის საჩივარი მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალქო საქმეთა კოლეგიის 11.07.2017 წლის გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა. ძალაში დარჩა ამავე სასამართლოს 11.07.2017 წლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 183-ე მუხლის თანახმად, სარჩელის (განცხადების) სასამართლოში შეტანისას სასამართლოს კანცელარია ახდენს სარჩელის (განცხადების) რეგისტრაციას და, თუ სარჩელი (განცხადება) შეაქვს იურიდიულ პირს, ინდივიდუალურ მეწარმეს, ადვოკატს ან წარმომადგენელს (გარდა კანონიერი წარმომადგენლისა), ან თუ სარჩელი (განცხადება) შეიტანება იურიდიული პირის წინააღმდეგ, მოსარჩელეს (წარმომადგენელს) გადასცემს გზავნილს (სარჩელის (განცხადების) და თანდართული დოკუმენტების ასლებს) მოპასუხისათვის ჩასაბარებლად.
დადგენილია, რომ სარჩელი და თანდართული მასალები მოპასუხე ჯ--–--- კ--–--------–---–ის მეუღლეს ქ------- მ---------ეს ჩაბარდა 2017 წლის 3 ივნისს. (ტომი 1; ს.ფ. 39). საქმეში წარმოდგენილი მიმართვით - გზავნილით, ასევე დასტუდება ის გარემოება, რომ სასამართლოს მიერ მოპასუხეს განესაზღვრა 10 დღის ვადა სარჩელზე შესაგებლის წარსადგენად (ტომი 1; ს.ფ. 33).
საქართვლოს სამოქალაქო კოდექსის 184-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 183-ე მუხლით გათვალისწინებულ პირებს მოსამართლისათვის სარჩელის (განცხადების) გადაცემიდან არა უადრეს 5 და არა უგვიანეს 14 დღისა მათ მიერ მითითებულ ტელეფონის ნომრებზე ან/და ელექტრონული ფოსტის მისამართებზე ეგზავნებათ შეტყობინება ან სასამართლოში გამოცხადების შედეგად ეცნობებათ სარჩელის (განცხადების) მიღებაზე უარის თქმის შესახებ ან სასამართლო გზავნილის (სარჩელის (განცხადების) და თანდართული დოკუმენტების ასლების) მათ მიერ მოპასუხისათვის ჩაბარების თაობაზე. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოსარჩელე ვალდებულია უზრუნველყოს მოპასუხისათვის სასამართლო გზავნილის ფოსტის ან სასამართლო კურიერის მეშვეობით ჩაბარება ან მისი ელექტრონული ფოსტით გაგზავნა ამ კოდექსის 70-ე−78-ე მუხლებით დადგენილი წესების დაცვით მისთვის გზავნილის გადაცემიდან 2 თვის ვადაში.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2017 წლის 25 მაისს სს მ--------------------–--- წარმომადგენელს სატელეფონო საშუალებით ეცნობა სარჩელის განსახილველად მიღების შესახებ და სასამართლო გზავნილის (სარჩელის და თანდართული დოკუმენტების ასლების) მის მიერ მოპასუხისათვის ჩაბარების თაობაზე (ტომი 1; ს.ფ. 36), რის შემდეგაც მოსარჩელეს წარმოეშვა საქართველოს სსკ-ის 184-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული ვალდებულება უზრუნველყო მოპასუხისათვის სასამართლო გზავნილის ფოსტის ან სასამართლო კურიერის მეშვეობით ჩაბარება ან მისი ელექტრონული ფოსტით გაგზავნა ამ კოდექსის 70-ე−78-ე მუხლებით დადგენილი წესების დაცვით მისთვის გზავნილის გადაცემიდან 2 თვის ვადაში.
პალატა დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელემ უზრუნველყო საქართველოს სსკ-ის 184-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება, კერძოდ, საქმის მასალებით დგინდება, რომ გზავნილი მოპასუხისათვის ჩაბარებული იქნა 2017 წლის 3 ივნისს, რაზეც შედგენილ იქნა შესაბამისი აქტი (ტომი 1; ს.ფ. 39);
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად ,,საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში’’. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ,,წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი’’. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ,,საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება’’.
განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან დადგენილია, რომ სარჩელი და თანდართული მასალები მოპასუხეს ჩაბარდა 2017 წლის 3 ივნისს, მისთვის შესაგებლის შეტანის 10–დღიანი ვადის დენა დაიწყო გზავნილის გადაცემის მომდევნო დღიდან, ე.ი. 2017 წლის 4 ივნისიდან და ამოიწურა 2017 წლის 13 ივნისს. ამდენად, მოპასუხეს შესაგებელი სასამართლოში უნდა წარედგინა 2017 წლის 13 ივნისის ჩათვლით. დადგენილია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოტანილი იქნა 2017 წლის 11 ივლისს მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობის გამო.
საქართველოს სსკ-ის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამავე კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, სასამართლოს გამოაქვს განჩინება საჩივრის დაუკმაყოფილებლობისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია თუ: ა) თუ მხარე არ იყო მოწვეული ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები;
პალატა აღნიშნავს, რომ აპელანტი ჯ--–--- კ--–--------–---–ი გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად უთითებდა იმ გარემოებაზე, რომ არსებობდა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზი.
იმ გარემოებათა ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება მიჩნეულ იქნეს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზად, განსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი, რომელიც ადგენს, რომ ასეთ მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარმოდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
მითითებული მუხლებიდან გამომდინარე, მხარეს შუძლია გააქარწყლოს ვარაუდი, რომელიც საფუძვლად უდევს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, მოითხოვოს მისი გაუქმება და საქმის განხილვის განახლება, თუ დაამტკიცებს, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული „საპატიო მიზეზის“ მტკიცების ტვირთი, ამავე კოდექსის 102–ე მუხლის შესაბამისად, ეკისრება საჩივრის ავტორს. ამასთან, ისეთ დროს, როდესაც საპატიო მიზეზად აპელანტი, რომ მასზე ჩაბარებული გზავნილის გახსნისას, კონვერტში იდო მხოლოდ სასამართლოს თავფურცელი, რომელსაც თან არ ერთვოდა სარჩელი და თანდართული მასალები, რის გამოც იგი ვერ გაერკვია თუ რასთან ჰქონდა საქმე. არც სასამართლოს თავფურცელში და არც ფოსტის ჩაბარების დოკუმენტში კონკრეტულად არ იყო მითითებული სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების, ასევე ფურცლების რაოდენობის შესახებ, რაც თავის მხრივ გამორიცხავს მის ბრალეულობას შესაგებელის წარმოუდგენლობაზე.
მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიუთითებს განსახილველ შემთხვევაში, არ დგინდება ის გარემოება, რომ 2017 წლის 3 ივნისიდან (გზავნილის ჩაბარების თარიღი) - 2017 წლის 13 ივნისის (შეპასუხების წარმოდგენის ბოლო ვადა) ჩათვლით, მით უფრო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის (11.07.2017წ) დროისათვის, მოპასუხე იმყოფებოდა ისეთ მდგომარეობაში, რომ ვერ შეძლებდა სასამართლოში შესაგებლის წარდგენას.
როგორც აღინიშნა, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისთვის კიდევ ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს ის, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად უნდა ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.
პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონიერად მიიჩნია დადგენილად სარჩელში მითითებული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
სს ,,მ------------------–სა'' და ჯ--–---ი კ--–--------–---–ს შორის 2015 წლის 14 ნოემბერს გაფორმებულ იქნა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებლის სახელზე გაცემულ იქნა თანხა 500 ლარის ოდენობით, 6 თვის ვადით, 2016 წლის 14 მაისამდე. ყოველთვიური გადასახდელი საპროცენტო სარგებლის და ძირითადი თანხის ოდენობა შეადგენდა 155,50 ლარს. ჯ--–---ი კ--–--------–---–ის მიერ დარღვეული იქნა სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები 2016 წლის 10 მაისს და აღნიშნული თარიღის შემდგომ მოპასუხის მიერ დავალიანების დაფარვა აღარ მომხდარა. გადახდის ზედიზედ ორ ვადაზე მეტის გადაცილებისა და მოპასუხის მიერ დამატებითი ორკვირიანი ვადის უშედეგოდ გაშვების შედეგად მოსარჩელეს წარმოეშვა დავალიანების მთლიანი თანხის ერთჯერადად და დაუყოვნებლივ დაფარვის მოთხოვნის უფლება. მოსარჩელე ითხოვს, მოპასუხე ჯ--–---ი კ--–--------–---–ს სს ,,მ------------------–ი''-ს სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების 1114.66 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხა არის 236.34 ლარი, 609.41 ლარი - პროცენტი, ხოლო 268.91 ლარი - პირგასამტეხლო. მოსარჩელე ასევე ითხოვს მოპასუხეს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის 50 ლარის ანაზრაუღება.
მოცემულ შემთხვევაში, საქალაქო სასამართლომ კანონიერად დაასკვნა, რომ დამტკიცებულად მიჩნეული ეს ფაქტობრივი გარემოებები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 623-625ე, 417-418-ე მუხლების თანახმად, იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას. შესაბამისად, სს ,,მ------------------–ის“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილებულიყო.
პალატა განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო არ იხილავს მტკიცებულებებს, არ შედის წარმოდგენილი მტკიცებულებების არსებით კვლევაში, მსჯელობს მხოლოდ სარჩელის შინაარსის ფარგლებში და სარჩელის შინაარსიდან გამომდინარე იღებს გადაწყვეტილებას, თუ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებენ სასარჩელო მოთხოვნას.
მოცემულ შემთხვევაში, მხარემ ვერ დაადასტურა ის გარემოება, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას ადგილი ჰქონდა საქართველოს სსკ-ის 233-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს, ისევე, როგორც ვერ დაადასტურა საქართველოს სსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებული შესაგებლოს წარუდგენლობის საპატიო მიზეზი, რისი მტკიცების ტვირთიც, საქართველოს სსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად, ეკისრებოდა თავად საჩივრის ავტორს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, სასამართლოს გამოაქვს განჩინება საჩივრის დაუკმაყოფილებლობისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ არ არსებობდა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების სააპელაციო საჩივრის ფარგლებში შემოწმების შედეგად ასკვნის, ი--------–----------- სააპელაციო საჩივრის პრეტენზია დაუსაბუთებელია, ვინაიდან სახეზე არ არის გასაჩივრებული სასამართლო აქტების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები.
6. საპროცესო ხარჯები
აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი რჩება სახელმწიფო ბიუჯეტში.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ჯ--–--- კ--–--------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე კოლეგიის 2017 წლის 29 ნოემბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ;
3. ჯ--–--- კ--–--------–---–ს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა, რაც მის მიერ წინასწარ გადახდილია 75 ლარის ოდენობით;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი დასაბუთებული განჩინების ასლის მხარეთათვის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.
5. განჩინების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, რომელიც ესწრება სასამართლო განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდნენ თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ამირან ძაბუნიძე