განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 160210017002232149
საქმე №2ბ/5798-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
19 ნოემბერი, 2018 წ. ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე _ მაია სულხანიშვილი
განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
აპელანტი - ტ------ მ--------ი
მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,,მ---- ლ---------------ი“
წარმომადგენელი - გ--------–--------ი
გასაჩივრებული განჩინება – ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 08 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2018 წლის 30 ივლისის განჩინება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
1. აპელანტის მოთხოვნა: გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება პირველი ინსტანციის სასამართლოში არსებითად განსახილველად.
2. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების დასკვნებზე მითითება
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 08 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით შპს ,,მ---- ლ---------------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხე ტ------ მ--------ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა მოსარჩელე შპს „მ---- ლ---------------ის“ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე - ქ. მ--------–---------------ს ქ. N--, ს.კ N8----------- და უძრავი ქონება იქ განთავსებული ნივთებისაგან გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელეს.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.1. 2017 წლის 25 დეკემბერს, ბოლნისის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მომართა შპს “მ---- ლ---------------ის” წარმომადგენელმა გ--------–--------მა მოპასუხე ტ------ მ--------ის მიმართ, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მოთხოვნით. სარჩელში მითითებულია, რომ 2017 წლის 11 ოქტომბერს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ ჩატარებულ იძულებით საჯარო აუქციონზე შპს ,,მ---- ლ---------------მა“ შეიძინა უძრავი ნივთი მდებარე ქ. მა-------–--------------------------, ს.კ. 8-----------. აღნიშნული უძრავი ქონება საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია მოსარჩელის საკუთრებად. მოპასუხე მოსარჩელის არაერთი კანონიერი მოთხოვნის მიუხედავად, არ ათავისუფლებს ქონებას და კანონიერი მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ აგრძელებს უძრავი ქონების ფლობას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „მ---- ლ---------------ის“ წარმომადგენელმა მოითხოვა მოპასუხე ტ------ მ--------ის უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე - ქ. მა-------–--------------------------, ს.კ. 8----------- გამოთხოვა.
2.2. ბოლნისის რაიონული სასამართლოს მიერ შპს „მ---- ლ---------------ის“ სარჩელი განსახილველად იქნა მიღებული.
2.3. სარჩელის განსახილველად მიღების შემდგომ მოპასუხისათვის სარჩელისა და თანდართული მასალების ჩაბარების ვალდებულება იკისრა მოსარჩელე შპს „მ---- ლ---------------ის“ წარმომადგენელმა გ--------–--------მა
2.4. 2018 წლის 10 იანვარს, მოსარჩელის წარმომადგენელმა გ--------–--------მა წარმოადგინა მოპასუხე ტ------ მ--------ისათვის გზავნილის ჩაბარების დამადასტურებელი მტკიცებულება, საიდანაც დგინდება, რომ მოპასუხისათვის გაგზავნილი გზავნილი ჩაბარდა მის მეუღლეს, შ---–- ქ--------ას (პ/ნ 2----------), 2018 წლის 6 იანვარს.
2.5. მოპასუხეს შესაგებლის წარმოსადგენად განესაზღვრა 10 დღის ვადა, თუმცა სასამართლოს მიერ დანიშნულ 10-დღიან ვადაში მას შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზის შესახებ უცნობებია სასამართლოსთვის, რის გამოც ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 08 თებერვალს გამოტანილი იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც შპს ,,მ---- ლ---------------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა.
2.6. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 08 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოპასუხე ტ------ მ--------ის მეუღლეს, შ---–- ქ---------ს ჩაბარდა 2018 წლის 01 მაისს. 2018 წლის 04 მაისს, ტ------ მ--------მა საჩივრით მიმართა ბოლნისის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 08 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
2.7. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 მაისის განჩინებით ტ------ მ--------ის საჩივარი მიღებული იქნა განსახილველად და საჩივრის განხილვის მიზნით დაინიშნა სასამართლო სხდომა, ხოლო 2018 წლის 30 ივლისის განჩინებით ტ------ მ--------ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და 2018 წლის 08 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.8. გასაჩივრებულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით. განსახილველ შემთხვევაში, გზავნილი ჩაბარდა მოპასუხის ოჯახის წევრს, მის მეუღლეს, შესაბამისად, სასამართლო გზავნილი ჩაითვალა კანონით დადგენილი წესით ჩაბარებულად. ამასთან, დადგენილია, რომ მოპასუხეს შესაგებლის წარმოსადგენლად განესაზღვრა 10 დღის ვადა და ამავე გზავნილით მას ეცნობა, რომ თუ ის სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ წარმოადგენდა შესაგებელს არასაპატიო მიზეზით, სასამართლო მის მიმართ გამოიტანდა დაუსწრებელ გადაწყვეტილებას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXVI თავით დადგენილი წესით. დადგენილია აგრეთვე, რომ მოპასუხეს, სასამართლოს მიერ დანიშნულ 10-დღიან ვადაში შესაგებელი არ წარმოუდგენია, მას არც შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზის შესახებ უცნობებია სასამართლოსთვის. სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის თანახმად, მოპასუხეთა მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლი დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებენ სასარჩელო მოთხოვნას. განხილულ შემთხვევაში, ვინაიდან სასამართლომ ჩათვალა, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის თანახმად, შპს ,,მ---- ლ---------------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა.
2.9. დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ სასამართლოს 2018 წლის 30 ივლისის განჩინებაში მითითებულია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით, თუ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, სასამართლოს გამოაქვს განჩინება საჩივრის დაუკმაყოფილებლობისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ. სასამართლომ განიხილა საჩივარი, გაითვალისწინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო, შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსთვის. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებში მითითებული გარემოების არსებობისას. ამავე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოებაა - ,,გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები’’. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში მოსამართლეს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება ამ კოდექსის XXVI თავით დადგენილი წესით. 2321 მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
სასამართლომ განმარტა, რომ მოპასუხის მიერ არასაპატიო მიზეზით სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში შესაგებლის წარმოუდგენლობისას სარჩელში მითითებული გარემოებები ითვლება დამტკიცებულად და ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით დასკვნების გაკეთების მიზნით მტკიცებულებების გამოკვლევა არ ხდება. კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში მოპასუხეს შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც მისი წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსთვის. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული გარემოებები ჩაითვალა დამტკიცებულად და ვინაიდან, სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული გარემოებები იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას, გამოტანილი იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. როგორც საქმეში წარმოდგენილი შეტყობინების ბარათებით დგინდება, სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლები ჩაბარდა მოპასუხის მეუღლეს შ---–- ქ---------ს, ასევე დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლიც მასვე ჩაბარდა. მოპასუხე მიუთითებდა, რომ მას არ გადასცემია სარჩელისა და თანდართული მასალების ასლები, რის გამოც ვერ შეძლო შესაგებლის წარმოდგენა. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის აღნიშნული მოსაზრება, ვინაიდან, დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლიც კვლავ მოპასუხის მეუღლეს ჩაბარდა და მოპასუხემ შეძლო ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში საჩივრის წარმოდგენა, ხოლო ის გარემოება, რომ შ---–- ქ--------- არის მოპასუხის ყოფილი მეუღლე, არ დასტურდებოდა შესაბამისი მტკიცებულებებით, ამასთან, არც მოპასუხე არ ხდიდა სადავოდ იმ ფაქტს, რომ ისინი ერთ მისამართზე ცხოვრობდნენ. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ საჩივარი ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 08 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ დაუსაბუთებლად მიიჩნია და არ დააკმაყოფილა.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
საჩივრის ავტორის განმარტებით, სარჩელი და თანდართული მასალები ჩაბარდა მის ყოფილ მეუღლეს, რომელიც არ ცხოვრობს მასთან ერთად და არ წარმოადგენს მის ოჯახის წევრს, შესაბამისად, იგი არ იყო უფლებამოსილი ჩაებარებინა გზავნილი და სასამართლოს მიერ არასწორად ჩაითვალა სარჩელი ტ------ მ--------ისთვის ჩაბარებულად. აპელანტი უთითებს, რომ მისთვის უცნობი იყო მის წინააღმდეგ სასამართლოში არსებული სამართალწარმოების შესახებ და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანით სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78 მუხლით გათვალისწინებული პროცედურა და არასწორად განმარტა ამავე კოდექსის 233-ე მუხლი, რის გამოც დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა, არსებითად განსახილველად უნდა დაუბრუნდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს.
4. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და განჩინების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება
4.1. პალატა ვერ დაეთანხმება აპელანტის მოსაზრებას მასზედ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად და კანონის ნორმათა გვერდის ავლით მიიჩნია გზავნილი მოპასუხისთვის ჩაბარებულად, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201.1 მუხლის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მიღების შემდეგ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელზე და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე, თავისი მოსაზრებები სარჩელისათვის დართული დოკუმენტების შესახებ და მოსარჩელისათვის პასუხის (შესაგებლის) და თანდართული დოკუმენტების ასლების გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტი. სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადა არ უნდა აღემატებოდეს 14 დღეს, ხოლო რთული კატეგორიის საქმეებზე – 21 დღეს. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს საპატიო მიზეზი. პასუხი (შესაგებელი) უნდა უპასუხებდეს ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დადგენილ მოთხოვნებს. ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში მოსამართლეს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება ამ კოდექსის XXVI თავით დადგენილი წესით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო ნიშნავს მთავარ სხდომას, რის შესახებაც ეცნობება მხარეებს ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
აღნიშნული მუხლებიდან გამომდინარე, მოპასუხის მიერ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში შესაგებლის წარუდგენლობის, ანუ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მოპასუხის მიერ სასარჩელო განცხადებასთან დაკავშირებით თავისი პოზიციის გამოხატვის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კანონმდებელი აწესებს ზეპირი მოსმენის გარეშე მის წინააღმდეგ სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობას. ამდენად, სასამართლო ვალდებულია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას შეამოწმოს არსებობს თუ არა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები. კერძოდ, 1. სასამართლო უნდა დარწმუნდეს, რომ სასამართლო გზავნილი (სარჩელი და თანდართული საბუთების ასლები) კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა მოპასუხეს და შესაბამისად, განემარტა შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო მის წინააღმდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ; ამასთან, სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე დაუსწრებელ გადაწყვეტილებას მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიტანს, თუ მის მიერ დადგენილ ვადაში მოპასუხე არასაპატიო მიზეზით არ წარმოადგენს პასუხს (შესაგებლს). 2. სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად რამდენად ამართლებს (ასაბუთებს) სასარჩელო მოთხოვნას.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობის გამო, ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 08 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, ტ------ მ--------ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა შპს ,,მ---- ლ---------------ის“ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება. დადგენილია ასევე, რომ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 ივლისის განჩინებით, ტ------ მ--------ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ამავე სასამართლოს 2018 წლის 08 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 183-ე მუხლის თანახმად, სარჩელის (განცხადების) სასამართლოში შეტანისას სასამართლოს კანცელარია ახდენს სარჩელის (განცხადების) რეგისტრაციას და, თუ სარჩელი (განცხადება) შეაქვს იურიდიულ პირს, ინდივიდუალურ მეწარმეს, ადვოკატს ან წარმომადგენელს (გარდა კანონიერი წარმომადგენლისა), ან თუ სარჩელი (განცხადება) შეიტანება იურიდიული პირის წინააღმდეგ, მოსარჩელეს (წარმომადგენელს) გადასცემს გზავნილს (სარჩელის (განცხადების) და თანდართული დოკუმენტების ასლებს) მოპასუხისათვის ჩასაბარებლად. დადგენილია, რომ ბოლნისის რაიონული სასამართლოს მიერ შპს „მ---- ლ---------------ის“ სარჩელი განსახილველად იქნა მიღებული, ხოლო ზემოაღნიშნული მუხლის შესაბამისად, სარჩელის განსახილველად მიღების შემდგომ მოპასუხისათვის სარჩელისა და თანდართული მასალების ჩაბარების ვალდებულება იკისრა მოსარჩელე შპს „მ---- ლ---------------ის“ წარმომადგენელმა გ--------–--------მა.
საქმის მასალებში წარმოდგენილი 2018 წლის 06 იანვრის გზავნილით დასტურდება, რომ აპელანტისთვის გაგზავნილი გზავნილი ჩაბარდა მის მეუღლეს, შ---–- ქ--------ას (პ/ნ 2----------) (ტომი 1; ს.ფ. 52).
პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70.1. მუხლის პირველი და მე-2 წინადადების თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 71.1. მუხლის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. ხოლო, კოდექსის 73.1. მუხლის თანახმად, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანამიმდევრობა. სასამართლომ დასაბარებელ პირს უწყება შეიძლება ჩააბაროს ასევე სასამართლოს შენობაში. საქართველოს სსკ-ის 74.1. მუხლის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სასამართლო გზავნილი ჩაბარდა აპელანტის მეუღლეს, 2018 წლის 06 იანვარს და შესაბამისად, სასამართლო გზავნილი საქართველოს სსკ-ის 74-ე მუხლის შესაბამისად, მოპასუხეებისათვის ჩაბარებულად ითვლება.
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტების განმარტებას, რომ გზავნილის მიმღები პირი, არ წარმოადგენს მოპასუხის მეუღლეს. ამ კუთხით პალატა იზიარებს რაიონული სასამართლოს მსჯელობას, რომ როგორც საქმეში წარმოდგენილი შეტყობინების ბარათით დგინდება, სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლები ჩაბარდა მოპასუხის მეუღლეს შ---–- ქ---------ს, ასევე დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლიც მასვე ჩაბარდა. აპელანტი მიუთითებს, რომ მას არ გადასცემია სარჩელისა და თანდართული მასალების ასლები, რის გამოც ვერ შეძლო შესაგებლის წარმოდგენა, თუმცა მის ამ პოზიციას პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან, დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი კვლავ მოპასუხის მეუღლეს ჩაბარდა და მოპასუხემ შეძლო საჩივრის წარმოდგენა. ამასთან, პალატა შენიშნავს იმასაც, რომ აპელანტის მიერ გაჟღერებული ის გარემოება, რომ შ---–- ქ--------- არის მისი ყოფილი მეუღლე, არ დასტურდება შესაბამისი მტკიცებულებებით, ამასთან, არც თავად აპელანტს გაუხდია სადავოდ პირველი ინსტანციის სასამართლოში ის ფაქტი, რომ ისინი ერთ მისამართზე ცხოვრობენ, რაც კიდევ ერთხელ ამყარებს სასამართლოს მოსაზრებას მასზედ, რომ შ---–- ქ--------- წარმოადგენს აპელანტის ოჯახის წევრს, მასთან მუდმივად მცხოვრებ პირს.
4.2. პალატა დამატებით განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან დადგენილია, რომ სარჩელი და თანდართული მასალები 2018 წლის 06 იანვრს ჩაბარდა აპელანტის ოჯახის წევრს, მეუღლეს, შ---–- ქ--------ას. პალატა შენიშნავს, რომ შესაგებლის შეტანის 10–დღიანი ვადის დენა დაიწყო გზავნილის გადაცემის მომდევნო დღიდან, ე.ი. 2018 წლის 07 იანვრიდან და ამოიწურა 2018 წლის 16 იანვარს. დადგენილია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოტანილი იქნა 2018 წლის 08 თებერვალს მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობის გამო.
პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სსკ-ის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამავე კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, სასამართლოს გამოაქვს განჩინება საჩივრის დაუკმაყოფილებლობისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია თუ: ა) თუ მხარე არ იყო მოწვეული ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები;
პალატა აღნიშნავს, რომ აპელანტმა ასევე ვერ დაადასტურა, რომ არსებობდა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სსკ-ის 215-ე მუხლით (იმ გარემოებათა ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება მიჩნეულ იქნეს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზად, განსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი, რომელიც ადგენს, რომ ასეთ მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარმოდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე) გათვალისწინებული საფუძველი - არსებობდა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზი.
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, სასამართლოს გამოაქვს განჩინება საჩივრის დაუკმაყოფილებლობისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ. მოცემულ შემთხვევაში, პალატა თვლის, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, სარჩელი და თანდართული მასალები სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარდა აპელანტის ოჯახის წევრს, აპელანტმა დადგენილ ვადაში შესაგებელი არ წარმოადგინა და არც მისი წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზების თაობაზე მიუთითებია, რის გამოც პალატა თვლის, რომ არ არსებობს არც სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლები, შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად არ გააუქმა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დატოვა იგი ძალაში.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების სააპელაციო საჩივრის ფარგლებში შემოწმების შედეგად ასკვნის, სააპელაციო საჩივრის პრეტენზია დაუსაბუთებელია, ვინაიდან სახეზე არ არის გასაჩივრებული სასამართლო აქტების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები.
6. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, არ არსებობს წანამძღვრები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილებისათვის.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ტ------ მ--------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 08 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2018 წლის 30 ივლისის განჩინება.
3. სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს 21 დღის ვადაში განჩინების ასლის მხარისათვის გადაცემის მომენტიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების 32), თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (თბილისი, გრიგოლ რობაქიძის 7ა) საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.
მოსამართლე მაია სულხანიშვილი