განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №080310017002126197
საქმე N3/ბ-335-18წ.
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
19 ნოემბერი, 2018 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე მურთაზ მეშველიანი
სხდომის მდივანი: ონისე გურეშიძე
აპელანტი _ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიურო
მოწინააღმდეგე მხარე _ ნ---------–------ძე
დავის საგანი _ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა; ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
ნ---------–------ძემ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხის სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს მიმართ, რომლითაც მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 11 სექტემბრის N6---- გადაწყვეტილება და დაევალოს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს მოსარჩელის მიერ გირაოს სახით შეტანილი თანხის - (3000 ლარის) უკან დაბრუნება.
მოსარჩელის განმარტებით, მისი მეუღლის ვ------- მ--------–-ძის მიმართ აღძრული იყო სისხლის სამართლის საქმე, რისთვისაც მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით. ვ------- მ--------–-ძის გირაოსათვის აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე, 2017 წლის 4 აპრილს, მოსარჩელის მიერ შეტანილი იქნა თანხა 3000 ლარის ოდენობით. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 31 მაისის განაჩენით ვ------- მ--------–-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით, საიდანაც 2 წელი განესაზღვრა რეალურად მოსახდელად პენიტენციურ დაწესებულებაში, დარჩენილი 2 წელი ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელი ვადად დაუდგინდა 2 წელი და დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა - 4000 ლარის ოდენობით. ამასთან, განაჩენით დადგინდა, რომ გაუქმდა აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს თანხა უნდა დაუბრუნდეს მის შემტანს. მიუხედავად ამისა, მოპასუხე აღსრულების ბიურომ მოსარჩელეს არ დაუბრუნა გირაოს სახით შეტანილი თანხა და 2017 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილებით უარი უთხრა გირაოს თანხის დაბრუნებაზე, იმ მოტივით, რომ გირაოს თანხა უნდა გადაირიცხოს ვ------- მ--------–-ძისათვის დაკისრებული ჯარიმის 4000 ლარის დასაფარად. აღნიშნულს მოსარჩელე არ დაეთანხმა და განმარტა, რომ მოპასუხე მხარემ შელახა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით გარანტირებული საკუთრების უფლება, სადავო გადაწყვეტილება ეწინააღმდეგებოდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 31 მაისის განაჩენს, მოპასუხემ არ აღასრულა სასამართლოს გადაწყვეტილება და არ დაუბრუნა თანხა. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მისი მატერიალური მდგომარეობა არის მძიმე, ჰყავს სამი არასრულწლოვანი შვილი, რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ოჯახების ერთიან ბაზაში.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით ნ---------–------ძის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 11 სექტემბრის N6---- გადაწყვეტილება; იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს დაევალა ნ---------–------ძის მიერ ვ------- მ--------–-ძის სასარგებლოდ 2017 წლის 4 აპრილს გირაოს სახით გადახდილი 3000 (სამი ათასი) ლარის დაბრუნება; იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის - 100 (ასი) ლარის გადახდა.
ფაქტობრივი გარემოებები:
2017 წლის 4 აპრილს, ნ---------–------ძის მიერ ვაჟა ვ------- მ--------–-ძის სისხლის სამართლის საქმეზე სს ,,საქართველოს ბანკის’’ მეშვეობით გადახდილი იქნა გირაოს თანხა 3000 ლარის ოდენობით.
2017 წლის 31 მაისის ზესტაფონის რაიონული სასამართლოს N1/64-2017 განაჩენით ვ------- მ--------–-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, დანიშნული სასჯელიდან 2 (ორი) წელი განესაზღვრა რეალურად, პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 2 (ორი) წელი ჩაეთვალა 3 პირობითად და სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით (საიდანაც 2 წელი განესაზღვრა რეალურად პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 2 წელი ჩაეთვალა პირობითად, 2 წლის გამოსაცდელი ვადით), შთანთქა წინა, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 29 ნოემბრის N1/220 განაჩენით (სსკ-ის 273-ე მუხლით) დანიშნული სასჯელი - ჯარიმა 2050 ლარის ოდენობით და ვ------- მ--------–-ძეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით (საიდანაც 2 (ორი) წელი განსაზღვრა რეალურად პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 2 წელი ჩაეთვალა პირობითად 2 წლის გამოსაცდელი ვადით). საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 29 ნოემბრის N1/220-16 განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელის მოხუდელი ნაწილი, ჯარიმა 4000 ლარის ოდენობით და საბოლოოდ ვ------- მ--------–-ძეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 2 (ორი) წელი განესაზღვრა რეალურად, პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 2 (ორი) წელი ჩაეთვალა პირობითად და სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი და დამატებითი სასჯელი, ჯარიმა 4000 ლარის ოდენობით. ამავე განაჩენის სარეზოლუციო ნაწილით დადგინდა: ვ------- მ--------–-ძის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში, გირაოს თანხა დაუბრუნდეს საქმის განმხილველი სასამართლოს გადაწყვეტილების, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიული პირში - აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენის გზით. აღნიშნული განაჩენის აღსრულების მიზნით 2017 წლის 31 მაისს გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია Nა1------- სააღსრულებო საქმე, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მიერ გაცემული 1/64-2017 სააღსრულებო ფურცლის აღსრულების მიზნით.
სააღსრულებო ფურცლის თანახმად, ვ------- მ--------–-ძეს სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 4000 ლარი. 2017 წლის 7 ივლისს ვ------- მ--------–-ძეს გაეგზავნა შეტყობინება წინადადების ნებაყოფლობით შესრულების თაობაზე, რომელიც ჩაბარდა ვ------- მ--------–-ძის დედას ციალა მ--------–-ძეს.
2017 წლის 3 აგვისტოს, ნ---------–------ძემ განცხადებით მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს და მოითხოვა გირაოს სახით გადახდილი - 3000 ლარის უკან დაბრუნება. დადგენილია, რომ 2017 წლის 11 სექტემბრის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს N6---- წერილით ნ---------–------ძეს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, იმ მოტივით, რომ ნ---------–------ძის მიერ ვ------- მ--------–-ძის სახელით შეტანილი გირას თანხა 3000 ლარი ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში ჯარიმის სახით გადარიცხვას.
სამართლებრივი დასაბუთება:
სასამართლმ განმარტა, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონი აწესრიგებს საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების და ამ კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს. კანონის მეორე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, განჩინება და დადგენილება... მითითებული საკანონმდებლო აქტის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სააღსრულებო ბიურო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს ამ კანონით, საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით და სააღსრულებო ბიუროს დებულებით. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის №221 ბრძანებით დამტკიცებული ”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” ინსტრუქციის მე-152 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბიუროს შესაბამის სადეპოზიტო ანგარიშზე სისიხლის სამართლის საქმეზე გირაოს სახით დარიცხული (შეტანილი) თანხის მისი შემტანისათვის დაბრუნება ხორციელდება აღნიშნულზე გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს შესაბამისი გადაწყვეტილების წარდგენის საფუძველზე.
საქალაქო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღკვეთის ღონისძიების სახეებია: გირაო, შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ, პირადი თავდებობა, სამხედრო მოსამსახურის ქცევისადმი სარდლობის მეთვალყურეობა და პატიმრობა. ამავე კოდექსის მე-200 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გირაო არის ფულადი თანხა ან უძრავი ქონება. ფულადი თანხა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე შეაქვს ბრალდებულს ან მისი სახელით ან მის სასარგებლოდ სხვა პირს სასამართლოსათვის მიცემული წერილობითი ვალდებულებით ბრალდებულის სათანადო ქცევისა და გამომძიებელთან, პროკურორთან, სასამართლოში დროულად გამოცხადების უზრუნველყოფის თაობაზე. ფულადი თანხის ნაცვლად შეტანილ უძრავ ქონებას ედება ყადაღა. გირაოს მიღების შესახებ დგება ოქმი, რომლის ერთი ასლი გადაეცემა გირაოს შემტანს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გირაოს შეტანის წინ მის შემტანს აფრთხილებენ წერილობითი ვალდებულებით განსაზღვრული პირობის შეუსრულებლობის იმ შესაძლო შედეგების შესახებ, რომლებიც მითითებულია ამ მუხლის მე-7 ნაწილში. აღნიშნული მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, თუ ბრალდებულმა, რომლის მიმართაც აღკვეთის ღონისძიებად შერჩეულია გირაო, დაარღვია ამ ღონისძიების გამოყენების პირობა ან კანონი, პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს განჩინებით გირაო შეიცვლება უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით. ამავე განჩინებით გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა გადაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო უძრავი ქონება გირაოს სახით შეფარდებული ფულადი თანხის ამოღების მიზნით, აღსასრულებლად მიიქცევა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ბრალდებულს ან მის სასარგებლოდ გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდება გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა (გირაოს შეტანის დროს არსებული კურსის გათვალისწინებით) და უძრავი ქონება, თუ ბრალდებული ზუსტად და კეთილსინდისიერად ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებას და მის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება არ შეცვლილა უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით. აღნიშნული მუხლის მე-10 ნაწილი ადგენს, რომ გირაოს შემტანს გირაოს თანხა დაუბრუნდება საქმის განმხილველი სასამართლოს ან პროკურორის გადაწყვეტილების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენის გზით.
საქალაქო სასამართლოს დასკვნით, საპროცესო კანონმდებლობა ბრალდებულის სახელით გირაოს შემტან პირს აძლევს იმის სრულ გარანტიას, რომ მის მიერ შეტანილი თანხა მიზნობრივია და მას დაუცველად არ ტოვებს. თუკი გირაოს შემტან პირს ეჭვი შეეპარა, რომ ბრალდებულმა შესაძლებელია არ შეასრულოს სასამართლოსათვის მიცემული ვალდებულება, მას უფლება აქვს, წინასწარ და სასამართლო გამოძიების ნებისმიერ სტადიაზე მიმართოს წერილობით საქმის მწარმოებელ ორგანოს და მოითხოვოს, რომ ის გირაოთი ვეღარ უზრუნველყოფს ბრალდებულის სათანადო ქცევას, მას ერთი თვის ვადაში სრულად უბრუნდება მის მიერ გირაოში ჩადებული თანხა ან უძრავი ქონება, ხოლო ბრალდებულის ან განსასჯელის მიმართ შეიძლება შეირჩეს უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიება - დაპატიმრება. ამასთან, ზემოაღნიშნული ნორმების განმარტებიდან გამომდინარეობს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე პირის მიმართ განაჩენის გამოტანის შემთხვევაში, წინასწარი და სასამართლო გამოძიებისას პირის სათანადო ქცევისა და ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალების - გირაოს თანხის გადამხდელისათვის უკან დაბრუნების აუცილებელი პირობაა განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადის გასვლა.
საქმეზე დადგენილი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 281 მუხლის საფუძველზე, გირაოს სახით აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანილ ფულად თანხის ჯარიმის სახით გადარიცხვასთან დაკავშირებით, აღსრულების განხორციელების სავალდებულოობის შესახებ.
სასამართლოს დასკვნით, აღნიშნული განმარტება წინააღმდეგობაში მოდის როგორც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის დანაწესებთან, ისე სასამართლო აქტის აღსრულების სავალდებულოობის კონსტიტუციურ პრინციპთან (საქართველოს კონსტიტუციის 82.2 მუხლი).
სასამართლოს მითითებით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ადგენს დანაშაულის გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და მართლმსაჯულების განხორციელების წესებს. კოდექსის ნორმებით გამიჯნულია სისხლის სამართლის პროცესის სტადიები, თუმცა თითოეული სტადია მიმართულია იმ მიზნისაკენ, რომ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში კანონმდებლობით დადგენილი წესით მოხდეს პირის დამნაშავედ ცნობა, მისთვის სასჯელის შეფარდება და განაჩენის აღსრულება.
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა აღკვეთის ღონისძიების ისეთ სახეზე როგორიცაა - გირაო, რომლის გამოყენების მიზანი, სხვა აღკვეთის ღონისძიების სახეებთან ერთად, ასევე რეგულირებულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით. გირაო, როგორც აღკვეთის ღონისძიების სახე, მიეკუთვნება მკაცრ აღკვეთის ღონისძიებებს, ვინაიდან ზღუდავს ბრალდებულის (ან სხვის) ქონებრივ უფლებებს. გირაოს მიზანია ბრალდებულის სათანადო ქცევის უზრუნველყოფა, როგორც წესი, მისი ან გირაოს შემტანის საკუთრების უფლების შეზღუდვის გზით. გირაოს გამოყენებისა და მისი ოდენობის განსაზღვრის შემთხვევაში სისხლის სამართლის მოსამართლე ყურადღებას მიაქცევს ჩადენილი ქმედების ხასიათს, დანაშაულის სიმძიმეს, ასევე საქმეში არსებულ სხვა არსებით გარემოებებს, როგორც მნიშვნელოვან რისკფაქტორებს. ამასთან ერთად, სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პირად ქონებრივი შესაძლებლობებს და იმ პირების ქონებრივი მდგომარეობა, რომლებიც უზრუნველყოფენ გირაოს გადახდას, ბრალდებულის ურთიერთობას იმ პირებთან, რომლებიც გირაოს იხდიან ბრალდებულის სასარგებლოდ - რამდენად წარმოადგენს გირაოს თანხის დაკარგვა ან თავდები პირის მიმართ „საქმის აღძვრა“ ბრალდებულის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, მიმალვის სურვილის საკმარის შემაკავებელ ფაქტორს. გირაოს ოდენობას უნდა ჰქონდეს რეალური შემაკავებელი ეფექტი - ბრალდებულს ან იმ პირს, რომელმაც უზრუნველყო გირაოს თანხის გადახდა, აღნიშნული ქონების დაკარგვა უნდა უქმნიდეს მნიშვნელოვან/ხელშესახებ ქონებრივ დანაკლისს, რის გამოც ბრალდებული შეეცდება შეასრულოს გირაოს პირობები, ხოლო გირაოს გადამხდელი შეეცდება უზრუნველყოს ბრალდებულის სათანადო ქცევა.
სასამართლომ მიუთითა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-9 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ ბრალდებულის სასარგებლოდ გირაოს შემტანი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე წერილობით მიმართავს შესაბამისად პროკურორს ან სასამართლოს, რომ იგი ვერ უზრუნველყოფს ბრალდებულის სათანადო ქცევას და მის დროულად გამოცხადებას გამომძიებელთან, პროკურორთან, სასამართლოში, გირაოს შემტანს 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდება გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა (გირაოს შეტანის დროს არსებული ინფლაციის მაჩვენებლის გათვალისწინებით) და უძრავი ქონება, ხოლო ბრალდებულის მიმართ შეიძლება შეირჩეს უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიება. მოცემული მუხლის დანაწესი ბრალდებულის სასარგებლოდ გირაოს შემტან პირს, რომელიც პირადი მატერიალური ქონებით და პასუხისმგებლობით უზრუნველყოფს ბრალდებულის სათანადო ქცევას (გამომძიებელთან, პროკურორთან, სასამართლოში დროულად გამოცხადება, აღიკვეთოს მისი შემდგომი დანაშაულებრივი საქმიანობა) აძლევს გარანტიებს იმ შემთხვევებისათვის, როდესაც ბრალდებულის ქცევა გირაოს შემტანი პირის ობიექტურ კონტროლს აღარ ექვემდებარება, დაიბრუნოს თავისი ქონება (ფულადი თანხა). აღნიშნული გარანტიებით კანონმდებელმა უფრო დიდი სიკეთის - საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და განაჩენის აღსრულების უზრუნველსაყოფად დასაშვებად მიიჩნია სხვა პირს მისცეს შესაძლებლობა აიღოს პასუხისმგებლობა (გარკვეული გარანტიების არსებობით) ბრალდებული მოაქციოს ,,სათანადო ქცევის“ ფარგლებში და ამით დაეხმაროს საბოლოო მიზნის მიღწევას - განაჩენის აღსრულებას. შესაბამისად, იმ საპროცესო ეტაპზე, როდესაც ბრალდებულის ქცევის უზრუნველსაყოფად გირაოს შემტანის ინტერსები დაცულია და მას გარკვეული პირობების არსებობისას უფლება აქვს დაიბრუნოს ფულადი თანხა, სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია ბრალდებულის სასარგებლოდ გირაოს შემტანი პირის თანხმობის გარეშე გირაოს თანხა ჯარიმის სახით უპირობოდ დაექვემდებაროს სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხვას. ამ შემთხვევაში გირაო განიხილება არა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მიზნად, არამედ შემდგომში გამოსატანი განაჩენით დადგენილი ჯარიმის წინასწარ შენატანს. ბრალდებულის სასარგებლოდ გირაოს თანხის შემტანისათვის გირაოს თანხის შეტანის დროს ცნობილია, რომ იგი მხოლოდ კონკრეტული მიზნებისათვის გამოიყენება, ხოლო თუ იგი ამ მიზნების განხორციელებას ვერ უზრუნველყოფს, მას აქვს შესაძლებლობა დაიბრუნოს თანხა. გირაოს შემტანს გირაოს თანხა არ შეაქვს განაჩენით დადგენილი ჯარიმის გადახდის უზრუნველსაყოფად, მითვის გირაოს თანხის შეტანის დროისათვის, საერთოდ უცნობია დადგება თუ არა გამამტყუნებელი განაჩენი და თუ დადგება, იქნება თუ არა განაჩენით სასჯელის სახედ განსაზღვრული ჯარიმა. მისთვის პასუხისმგებლობის აღების დროისათვის არ ხდება განმარტება იმის თაობაზე, რომ გირაოს თანხა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ იგი თანხმობას არ გამოხატავს წერილობითი ფორმით, ,,ტრანსფორმირდება“ ჯარიმის თანხაში.
საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდებულის სასარგებლოდ სხვა პირისათვის გირაოს შეტანისათვის იმგვარი პირობების დაწესებით, რაც სცილდება აღკვეთის ღონისძიების მიზნებს და საფუძვლებს და ავალდებულებს უფრო მეტი პასუხისმგებლობის აღებას, ვიდრე ეს გათვალისწინებული კონკრეტული განჭვრეტადი, ლეგიტიმური სამართლის ნორმებით, არ არის სისხლის სამართლის საპროცესო თუ სხვა საკანონმდებლო აქტების განმარტების შესაბამისი.
საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც ადგენს, რომ ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ადგილი ჰქონდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, რის გამოც ბათილად ცნო აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 11 სექტემბრის N6---- წერილი.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიურომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
აპელანტის მითითებით, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ არასწორად განმარტა როგორც "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის 281, ასევე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლები.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, გირაო არის ფულადი თანხა, რომელიც სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე შეაქვს ბრალდებულს ან მისი სახელით ან მის სასარგებლოდ სხვა პირს. ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ბრალდებულს ან მის სასარგებლოდ გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდება გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა (გირაოს შეტანის დროს არსებული კურსის შესაბამისად) და უძრავი ქონება, თუ ბრალდებული ზუსტად და კეთილსინდისიერად ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებას და მის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება არ შეცვლილა უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის №221 ბრძანებით დამტკიცებული "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" ინსტრუქციის 152 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბიუროს შესაბამის სადეპოზიტო ანგარიშზე სისიხლის სამართლის საქმეზე გირაოს სახით დარიცხული (შეტანილი) თანხის მისი შემტანისათვის დაბრუნება ხორციელდება აღნიშნულზე გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს შესაბამისი გადაწყვეტილების წარდგენის საფუძველზე.
დადგენილია, რომ 2017 წლის 31 მაისის №1/64-2017 განაჩენით, ვ------- მ-------–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა 4000 ლარის ოდენობით. ამასთან, გაუქმდა ვ------- მ-------–--ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და დადგინდა, რომ გირაოს შემტანს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში, გირაოს თანხა დაუბრუნდეს საქმის განმხილველი სასამართლოს გადაწყვეტილების, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში - აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენის გზით.
ზემოაღნიშნული ნორმების განმარტებიდან გამომდინარეობს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე პირის მიმართ განაჩენის გამოტანის შემთხვევაში გირაოს თანხის გადამხდელისათვის უკან დაბრუნების აუცილებელი პირობაა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადის გასვლა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მიხედვით, აღკვეთის ღონისძიების გამოყენების ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს განაჩენის აღსრულების უზრუნველყოფა. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით უდავოა, რომ გირაოს თანხა მსჯავრდებულის სახელით სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე განათავსა სხვა (მესამე) პირმა; სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანოს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მიერ 2017 წლის 31 მაისს გაცემული №1/64-2017 სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად ვ------- მ--------–-ძეს დაეკისრა ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
აპელანტის მითითებით, არსებობს დამატებითი სასჯელის სახით განსაზღვრული ჯარის აღსრულების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
"სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის 281 მუხლის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო ვალდებულია სააღსრულებო ფურცლის სააღსრულებო ბიუროში წარდგენიდან 10 დღის ვადაში, მსჯავრდებულისა და გირაოს შემტანის წერილობითი თანხმობის საფუძველზე (ხოლო თუ გირაოს შემტანი თავად მსჯავრდებულია ან გირაო შეტანილია მსჯავრდებულის სახელით - მისი თანხმობის გარეშე) მოახდინოს აღსრულება გირაოს სახით აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანილ ფულად თანხაზე ამ კანონით დადგენილი წესით.
მითითებული მუხლი ადგენს ნორმატიულ აღწერას იმ ფაქტობრივი მოცემულობის, რომლის არსებობისას სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო მიაქცევს აღსრულებას იმ თანხაზე, რომელიც გირაოს სახით არის განთავსებული მის სადეპოტიზო ანგარიშზე. კერძოდ, იმ შემთხვევაში თუ გირაოს თანხა გადახდილია სხვა პირის მიერ მსჯავრდებულის სახელით, მისი და მსჯავრდებულის თანხმობის გარეშე, სააღსრულებო ბიუროში წარდგენილი სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე მოახდენს აღსრულებას გირაოს სახით შეტანილ თანხაზე.
იმის გათვალისწინებით, რომ ვ------- მ-------–--ისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით განსაზღვრული გირაოს თანხა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურის სადეპოზიტო ანგარიშზე მსჯავრდებულის (ვ------- მ-------–--ის) სახელით შეიტანა ნ---- ს---–--------- და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმოებაშია ვ------- მ-------–--ისათვის დამატებითი სასჯელის სახით განსაზღვრული ჯარიმის აღსრულების მიზნით გაცემული სააღსრულებო ფურცელი, ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია სასამართლოს პოზიცია – დავალდებულდეს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო დაუბრუნოს მოსარჩელეს გირაოს სახით გადახდილი თანხა.
4.გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლომ შეამოწმა რა სააპელაციო საჩივრისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების საფუძვლიანობა-დასაბუთებულობა, მიიჩნევს, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
ფაქტობრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ საკითხებთან დაკავშირებით, შესაბამისად, სააპელაციო პალატა დამტკიცებულად მიიჩნევს საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებიც დადგენილია გასაჩივრებული გადაწყვეტილებით. სასამართლოს დასკვნები საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად და მტკიცების ტვირთიც, იმავე კოდექსის 102-ე მუხლისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მხარეებზე განაწილებულია სწორად.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს მხოლოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება.
სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სააღსრულებო სამართალი საჯარო სამართალს მიეკუთვნება, ვინაიდან მისი საგანია სასამართლო გადაწყვეტილებების და კანონით გათვალისწინებული სხვა აქტების ,,იძულების ძალით’’ განხორციელება, რაც ლეგიტიმირებულია არა კრედიტორის კერძოსამართლებრივი მოთხოვნით, არამედ მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოს მიერ მინიჭებული უფლებამოსილებით. შესაბამისად, სახელმწიფოს ვალდებულებაა სააღსრულებო სამართლით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობისას მოვალის უფლებებსა და თავისუფლებებში კანონისმიერი ჩარევის გზით აღასრულოს კრედიტორის მოთხოვნა – სახელმწიფოს დახმარებით განახორციელოს სასამართლო ხელისუფლების მიერ (გადაწყვეტილებით) ტიტულირებული, დადასტურებული მოთხოვნა, რაც წარმოადგენს სახელმწიფოს სააღსრულებო კომპეტენციის გამოვლინებას.
პალატა დამატებით განმარტავს, რომ ვინაიდან იძულებითი აღსრულება, როგორც წესი, ვერ ხორციელდება უფლებებსა და თავისუფლებებში ჩარევის გარეშე, აუცილებელია მისი ეფექტური სასამართლო კონტროლი წარმოების დასაწყისიდან, მის ყველა სტადიაზე. ამას ითხოვს ასევე ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის’’ მე-13 მუხლის დანაწესი, რომლის თანახმად ყველას ვისაც დაერღვა ამ კონვენციით გათვალისწინებული უფლებები და თავისუფლებები, უნდა ჰქონდეს სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალება ეროვნული ხელისუფლებისაგან, თუნდაც ეს დარღვევა ჩაიდინოს პირმა, რომელიც სამსახურებრივ უფლებამოსილებას ახორციელებდა
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სამართლებრივი საშუალებები სააღსრულებო წარმოების ფარგლებში უნდა უზრუნველყოფდეს, რომ ერთი მხრივ, არ გაჭიანურდეს იძულებითი აღსრულება და შეძლებისდაგვარად სწრაფად და სრულად განხორციელდეს კრედიტორის მოთხოვნები, ხოლო მეორე მხრივ, მოვალეს ან დაინტერესებულ მესამე პირს უნდა შეეძლოს კანონით გაუთვალისწინებელი ჩარევისაგან თავის დაცვა, რაც გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით, რომლის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. ამდენად ცალსახაა, რომ სააღსრულებო ორგანოებს აღსრულების პროცესში ევალებათ სამართლიანი ბალანსის დაცვა კრედიტორის მოთხოვნებსა და მოვალის, ასევე სააღსრულებო წარმოებაში მონაწილე სხვა პირთა ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ”ბ” და ”გ” პუნქტების თანახმად, ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება: სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი, განჩინება, დადგენილება და ბრძანება ქონებრივი გადახდევინების ნაწილში; სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ფიზიკური ან/და იურიდიული პირისათვის სასჯელის სახით ჯარიმის ან/და ქონების ჩამორთმევის დაკისრების შესახებ. მავე კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.
ამავე კანონის კანონის 281 მუხლით დადგენილია აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შემთხვევაში განაჩენით დაკისრებული ჯარიმის აღსრულების წესს, კერძოდ აღსრულების ეროვნული ბიურო ვალდებულია სააღსრულებო ფურცლის სააღსრულებო ბიუროში წარდგენიდან 10 დღის ვადაში, მსჯავრდებულისა და გირაოს შემტანის წერილობითი თანხმობის საფუძველზე (ხოლო თუ გირაოს შემტანი თავად მსჯავრდებულია ან გირაო შეტანილია მსჯავრდებულის სახელით – მისი თანხმობის გარეშე) მოახდინოს აღსრულება გირაოს სახით აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანილ ფულად თანხაზე ამ კანონით დადგენილი წესით.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო ოდექსის მე-200 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, ბრალდებულს ან მის სასარგებლოდ გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდება გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა (გირაოს შეტანის დროს არსებული კურსის გათვალისწინებით) და უძრავი ქონება, თუ ბრალდებული ზუსტად და კეთილსინდისიერად ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებას და მის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება არ შეცვლილა უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით.
2012 წლის 16 მაისს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიერ მიღებული იქნა №52/04 ბრძანება, რომლითაც განსაზღვრულია, რომ საქართველოს საბანკო დაწესებულებებში ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ზარალის ანაზღაურების, გირაოს, სასჯელის სახით შეფარდებული ჯარიმის ან განრიდების შეთავაზების ოქმით გათვალისწინებული თანხის შესაბამის ანგარიშზე შეუფერხებელი და დროული ჩარიცხვის მიზნით, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1681 მუხლის, მე-200 მუხლისა და 21-ე თავის შესაბამისად, დამტკიცებული იქნა „ზარალის ანაზღაურების, გირაოს, სასჯელის სახით შეფარდებული ჯარიმის ან განრიდების შეთავაზების ოქმით გათვალისწინებული თანხის გადახდის დასტურის“ ფორმები. ამ წესით განისაზღვრა დასტურის ორი სახის ფორმა, პირველი - იმ შემთხვევისათვის, როდესაც ვალდებული პირის სახელით სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე გადახდას აწარმოებდა გადამხდელი და მეორე, იმ შემთხვევისათვის, როდესაც გადამხდელი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე გადახდას აწარმოებდა, ვალდებული პირის სასარგებლოდ.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ვ------- მ--------–-ძის მიმართ სასამართლოს განაჩენი შესულია კანონიერ ძალაში. მის სასარგებლოდ გირაოს თანხის შეტანა უზრუნველყო მეუღლემ ნ---------–------ძემ. შესაბამისად, გირაოს სახით გადახდილი თანხის უკან დაბრუნების ერთ-ერთი პირობა სახეზეა. ამასთან, აღსანიშნავია, ისიც, რომ გირაოს სახით სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე 3000 ლარის გადახდის შესახებ შევსებულ ფორმაში მითითებულია, რომ ნ---------–------ძის მიერ განხორციელდა გადასახდელის გადახდა (ს.ფ.16), რაც ექვემდებარება სააღსრულებო ბიუროს მხრდან დაბრუნებას.
5.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს მისი გაუქმებისათვის საფუძვლიან და არგუმენტირებულ პრეტენზიას, რის გამოც პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6.საპროცესო ხარჯები:
აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე, 390-ე მუხლებით, 257-ე მუხლით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2.უცვლელად დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება;
3. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
4.განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №32), დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 21(ოცდაერთი) დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (მისამართი: ქუთაისი, ნიუ-პორტის ქუჩა №32).
მოსამართლე: მურთაზ მეშველიანი