განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3ბ/532-17
N330310014496331
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
26 ივნისი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თავმჯდომარე: მირანდა ერემაძე
მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი
მერაბ ლომიძე
სხდომის მდივანი: ხვთისო აზარაშვილი
აპელანტი (მოსარჩელე) - შპს „ტ---“
დირექტორი - ს-------- თ------–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – საქართველოს გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო
წარმომადგენლები - მ-----------–-–---–ი, გ---------–-----ა
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო წარმომადგენლები - ნ------------–---–ი, დ-----------------ე
მესამე პირი - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი
წარმომადგენელი - ნ-----–----------------ა
მესამე პირი - სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი დაკმაყოფილდეს.
1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
1.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს „ტ---ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
1.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
1.2.1. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 200- წლის 12 ოქტომბრის N1-1----- ბრძანებით შპს „ტ---ზე“ გაიცა ს--–-------------- რეგიონალური სატყეო სამმართველოს ა-------ს ყოფილი სატყეო უტყისუბნის (10-13, 15-18, 21-26, 28-29 კვარტლები) ყოფილ სატყეო უბანზე, საერთო ფართობით 2571 ჰა (მათ შორის საექსპლუატაციო ფართობი 6,08 ჰა) გრძელვადიანი ტყითსარგებლობის მიზნით ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზია 10 წლის ვადით. ლიცენზიით გათვალისწინებული მოსაჭრელი ლიკვიდური მარაგი განისაზღვრა მთავარი სარგებლობის ჭრით, სოჭი- 5067მ3 (სამასალე - 3550მ3 და საშეშე - 1517მ3).
200- წლის 19 ოქტომბერს შპს „ტ---ზე“ გაიცა ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზია N1------ ბრძანებით დადგენილი პირობებით (ტ,1, ს.ფ. 229-230; ს.ფ. 232-233).
1.2.2. შპს „ტ---ზე“ 200- წლის 19 ოქტომბერს გაცემული ხე-ტყის დამზადების სპეციალური N1----- ლიცენზიის საფუძველზე დამტკიცებულია ტყითსარგებლობის გეგმა, ტყეკაფის გამოყოფის აქტები, ტყეკაფის მიღება-ჩაბარების აქტი (ტ.2, ს.ფ. 16-436;
ს.ფ. 327-328).
1.2.3. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტები გაცემულია 200- წლიდან 2013 წლის ჩათვლით, როგორც მთავარი სარგებლობის ჭრის სახეობების, ისე სანიტარული ჭრის სახეობების, ასევე ჩახერგილობის გაწმენდის მიხედვით (ტ. 3, ს.ფ. 60-დან ტ. 6, ს.ფ. 388; მათგან, №1----- ლიცენზიის ფარგლებში გაცემული დოკუმენტები ამორიცხულია საქმის მასალებიდან; ტ.7, ს.ფ. 41-43).
1.2.4. სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს თანამშრომლების მიერ 2011 წლის 8 სექტემბერს შემოწმებულ იქნა შპს “ტ---ზე” გაცემული №1----- სპეციალური ლიცენზიით გადაცემული უტყისუბნის სატყეოს შესაბამისი კვარტლები. შემოწმებისას დარღვევები არ გამოვლენილა (ტ.2, ს.ფ. 302-305).
1.2.5. სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს ტყისა და ველური ბუნების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ შემოწმდა შპს „ტ---ზე“ გაცემული №1----- ხე-ტყის დამზადების ლიცენზიით გათვალისწინებული პირობებისა და გარემოსდაცვითი კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესრულება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილებით შპს „ტ---ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს 2012 წლის 10 დეკემბრის შემოწმების აქტი და მის საფუძველზე გამოცემული გარემოსათვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის მოთხოვნა (ტ.2, ს.ფ. 307-317; 318-326).
1.2.6. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი დეპარტამენტის ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის ტყითსარგებლობის კონტროლის განყოფილების თანამშრომლების მიერ 2013 წლის 10 სექტემბრის ინსპექტირებისას გამოვლინდა, რომ შპს „ტ---ს“ მიერ №1----- სპეციალური ლიცენზიის საფუძველზე ათვისებული მერქანი აღემატება ლიცეზიით გათვალისწინებული ლიკვიდური მარაგის (5067მ3) მოცულობას.
2013 წლის 12 სექტემბერს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების გარემოსდაცვითი დეპარტამენტის ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის ტყითსარგებლობის კონტროლის განყოფილების მიერ შედგა ანგარიში შპს „ტ---ზე“ გაცემული №1----- ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის პირობებისა და გარემოსდაცვითი კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესრულების მდგომარეობის შემოწმების თაობაზე (ტ.1, ს.ფ. 107-110; 111-116; 98-103).
1.2.7. სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 16 იანვრის №-- ბრძანებით ძალადაკარგულად გამოცხადდა შპს „ტ---ზე“ გრძელვადიანი ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის გაცემის შესახებ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 200- წლის 12 ოქტომბრის №1-1----- ბრძანება და მის საფუძველზე შპს „ტ---ზე“ გაცემული ს--–-------------- რეგიონალური სატყეო სამმართველოს ა-------ს ყოფილი სატყეო უტყისუბნის (10-13, 15-18, 21-26, 28-29 კვარტლები) ყოფილ სატყეო უბანზე საერთო ფართობით 2571 ჰა (მათ შორის საექსპლუატაციო ფართობი 6,08 ჰა) გრძელვადიანი ტყითსარგებლობის მიზნით ხეტყის დამზადების №1----- სპეციალური ლიცენზია (ტ. 1, ს.ფ. 96-97).
1.2.8. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2014 წლის 4 აპრილის №----- ბრძანებით შპს „ტ---ს“ უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე (ტ.1, ს.ფ.17; 138-171).
1.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
1.3.1. სასამართლომ მიუთითა, რომ ტყის კოდექსის (200- წლის 12 ოქტომბერს მოქმედი რედაქცია) 50-ე მუხლის თანახმად, ტყითსარგებლობა არის სახელმწიფოსა და მისი მოსახლეობის ეკოლოგიური, ეკონომიკური და სოციალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების მიზნით, საქართველოს ტყის ფონდის სასარგებლო თვისებების გამოყენება და ამ ფონდის ტერიტორიაზე არსებული ეკონომიკური და სხვა ღირებულების მქონე რესურსების მოპოვება. ამავე კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს ტყის ფონდის ტერიტორიაზე შეიძლება განხორციელდეს ტყითსარგებლობის შემდეგი სახეები: ა) ხე-ტყის დამზადება (ტყითსარგებლობა მერქნის მიღების მიზნით). ამავე კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ტყითსარგებლობის სანებართვო დოკუმენტებია ტყითსარგებლობის ლიცენზია, ხელშეკრულება და ბილეთი. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ტყითსარგებლობის ლიცენზიით, ხელშეკრულებითა და ბილეთით განისაზღვრება: ა) ტყითსარგებლობის ადგილი; ბ) ტყითსარგებლობის სახე; გ) ტყითსარგებლობის ვადები; დ) ასათვისებელი რესურსის სახე და ოდენობა; ე) რესურსის მოპოვების დასაშვები ფორმები და მეთოდები; ვ) რესურსის ღირებულება, სხვა გადასახადები და მოსაკრებლები; ზ) ტყითმოსარგებლის სხვა უფლებები და პასუხისმგებლობა; თ) სხვა პირობები. ამავე კოდექსის 57-ე მუხლის მე-2-მე-3 პუნქტების თანახმად, 2. ამ კოდექსით განსაზღვრული ჭრის სახეებიდან ლიცენზირებას ექვემდებარება მთავარი სარგებლობისა და გავლითი ჭრები, გარდა ამ მუხლის მე-7 ნაწილით განსაზღვრული შემთხვევებისა; 3. ხე-ტყის დამზადების მიზნით ხუთ წელზე მეტი ვადით ლიცენზია გაიცემა იმ იურიდიულ პირზე, რომელიც, რესურსების მოპოვების პარალელურად, თავის სამოქმედო ტერიტორიაზე უზრუნველყოფს ტყის მოვლის, დაცვისა და აღდგენის ტყეთმოწყობის პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების განხორციელებას.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 200- წლის 12 ოქტომბრის N1-1----- ბრძანებით შპს „ტ---ზე“ გაიცა ს--–-------------- რეგიონალური სატყეო სამმართველოს ა-------ს ყოფილი სატყეო უტყისუბნის (1013, 15-18, 21-26, 28-29 კვარტლები) ყოფილ სატყეო უბანზე საერთო ფართობით 2571 ჰა (მათ შორის საექსპლუატაციო ფართობი 6,08 ჰა) გრძელვადიანი ტყითსარგებლობის მიზნით ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზია 10 წლის ვადით. ლიცენზიით გათვალიწინებული მოსაჭრელი ლიკვიდური მარაგი განისაზღვრა მთავარი სარგებლობის ჭრით, სოჭი - 5067 მ3 (სამასალე - 3550 მ3 და საშეშე - 1517მ3).
სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს N132 დადგენილებით დამტკიცებული „ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ“ დებულების (200- წლის 12 ოქტომბერს მოქმედი რედაქცია) მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ტყით სარგებლობის გეგმა არის კომპლექსური დოკუმენტი, რომელიც შემუშავებულია მომავალი 10-წლიანი პერიოდისათვის ტყეთმოწყობის მასალების საფუძველზე და შეიცავს: ზოგად მონაცემებს არსებულ მდგომარეობაზე, ტყის დაცვის, აღდგენისა და ტყით სარგებლობის დაპროექტებულ ღონისძიებათა ცხრილებს, ტაქსაციურ და საგეგმო-კარტოგრაფიულ მასალებს. ამავე დებულების მე-21 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ტყეთმოწყობის მასალები წარმოადგენენ ტყით სარგებლობის გეგმის საფუძველს. ტყით სარგებლობის გეგმისა და სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმის შემუშავებისა და დამტკიცების წესს ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი.
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 26 სექტემბრის №6-- ბრძანებით დამტკიცებული ,,ტყით სარგებლობის გეგმის შემუშავებისა და დამტკიცების წესის შესახებ” დებულების (200- წლის 12 ოქტომბერს მოქმედი რედაქცია, ძალადაკარგულია ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 08/27/2012 N277 ბრძანებით) პირველი მუხლის თანახმად, წინამდებარე დებულება განსაზღვრავს ტყის საკუთრებისა და სარგებლობის ფორმის მიუხედავად ,,ტყით სარგებლობის გეგმის“ შემუშავებისა და დამტკიცების წესს. გეგმაში აისახება ტყის ფონდის აღრიცხვიდან 10 წლის განმავლობაში განსახორციელებლი ტყის მოვლის, დაცვის, აღდგენის და ტყითსარგებლობის ღონისძიებები და სავალდებულოა შესასრულებლად ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე ორგანოებისათვის და ლიცენზიანტისათვის. გეგმას შეიმუშავებს ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე ორგანო, აგრეთვე სამოქმედო ტერიტორიაზე ლიცენზიანტი. გეგმის შედგენის საფუძველია ტყის ფონდის აღრიცხვის მასალები. ამავე დებულების მე-2 მუხლის თანახმად, გეგმის შედგენის მიზანია ტყით სარგებლობას დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე განსახორციელებელი საქმიანობის განსაზღვრა სარევიზიო პერიოდის განმავლობაში; გეგმა იქმნება ტყის ფონდის აღრიცხვის მასალების საფუძველზე ტყითსარგებლობის ობიექტის ფუნქციონალური დანიშნულების გათვალისწინებით, ტყითსარგებლობის მიზნების მისაღწევად და აკრძალულია გეგმის გარეშე ტყითსარგებლობის განხორციელება. აღნიშნული დებულების II თავით დადგენილია, თუ რა მონაცემებს უნდა შეიცავდეს ტყით სარგებლობის გეგმა.
ტყის კოდექსის (200- წლის 12 ოქტომბერს მოქმედი რედაქცია) 68-ე მუხლის პირველი-მე-4 ნაწილების თანახმად: 1. საქართველოს ტყის ფონდის ტერიტორიაზე ხე-ტყის დამზადების მიზნით ხორციელდება მთავარი სარგებლობისა და გავლითი ჭრები, თუ უზრუნველყოფილია მერქნის თანაბარი და უწყვეტი მოპოვების პირობები ტყის სასარგებლო ბუნებრივი თვისებებისათვის ზიანის მიუყენებლად; 2. ხე-ტყის დამზადება შეიძლება განხორციელდეს, აგრეთვე გაწმენდითი, გამოხშირვითი, სარეკონსტრუქციო, სანიტარიული და სპეციალური ჭრებით; 3. მთავარი სარგებლობის ჭრა ხორციელდება მწიფე და მწიფეზე უხნეს კორომებში; 4. გაწმენდითი, გამოხშირვითი, სარეკონსტრუქციო, სანიტარიული და გავლითი ჭრები ხორციელდება შესაბამისად ამ კოდექსის 101-105-ე მუხლებით განსაზღვრულ კორომებში. ამავე კოდექსის 70-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მთავარი სარგებლობის ჭრის სახეა ნებით-ამორჩევითი ჭრა. ამავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი-მე-3 ნაწილების თანახმად: 1. ტყეკაფი გამოიყოფა და ტყითმოსარგებლეს გადაეცემა ერთ წლამდე ვადით ტყითსარგებლობისათვის; 2. ტყეკაფის ოდენობის გადამეტებით ჭრა დაიშვება მხოლოდ წინა წელს აუთვისებელი ტყეკაფის ხარჯზე; 3. ტყითმოსარგებლეს ტყეკაფი გადაეცემა ტყითსარგებლობის დოკუმენტის საფუძველზე ხე-ტყის ზეზეურად გაცემის წესით შესაბამისად ამ კოდექსის მე-15 და მე-16 მუხლებით უფლებამოსილი ორგანოების ტერიტორიული ორგანოების მიერ. ამავე კოდექსის 93-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, კორომთა ხნოვანებისა და ფუნქციური დანიშნულების მიხედვით განისაზღვრება მოვლითი ჭრის ერთ-ერთი სახეა სანიტარიული ჭრა. ამავე კოდექსის 104-ე მუხლის თანახმად, სანიტარიული ჭრა ხორციელდება 0,4-ზე მეტი სიხშირის კორომებში მათი სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესების აუცილებლობის შემთხვევაში და გულისხმობს განსაზღვრული უბნის ტერიტორიაზე ზეხმელი, ხმელი, ხმობადი, ძლიერ ფაუტი (ფუტურო) და მავნებლებით ძლიერ დაზიანებული ხეების მოჭრას და ტყიდან გამოტანას, აგრეთვე სტიქიით მოთხრილი და მოტეხილი ხეების ტყიდან გამოტანას. ამავე კოდექსის 106-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გავლითი და სანიტარიული ჭრები ხორციელდება ტყითმოსარგებლის მიერ ტყითსარგებლობის დოკუმენტის საფუძველზე.
სასამართლოს განმარტებით, საქმეში დაცულია ტყითსარგებლობის გეგმა (შედგენილი 2010 წელს) ს--–-------------- რეგიონალური სატყეო სამმართველოს ა-------ს სატყეო უბნის ყოფილი უტყისუბნის სატყეოს კვ. №10-13; 15-18; 21-26; 28; 29, ფართობით - 2571 ჰა, მათ შორის ტყით დაფარული - 2358 ჰა (ტ, 2, ს.ფ. 329-436). აღნიშნული ტყით სარგებლობის გეგმა დამტკიცებულია შპს „ტ---ს“ მიერ მოპოვებული №1----- ლიცენზიის პირობების შესასრულებლად. აღნიშნული ტყით სარგებლობის გეგმა დამტკიცებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2010 წლის 6 აგვისტოს №ი---- ბრძანებით, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 26 სექტემბრის №6-- ბრძანებით დამტკიცებული ,,ტყით სარგებლობის გეგმის შემუშავებისა და დამტკიცების წესის შესახებ” დებულების მე-3 მუხლის საფუძველზე (ტ. 2, ს.ფ. 327328). ტყითსარგებლობის გეგმა მოიცავს როგორც სანიტარული ჭრებისა და ჩახერგილობის ლიკვიდაციის, ისე მთავარი სარგებლობის ჭრების უწყისებს. საქმეში დაცულია ასევე ტყეკაფების გამოყოფასთან დაკავშირებული წარმოების მასალა, ასევე ტყეკაფის პასპორტები, როგორც მთავარი სარგებლობის ჭრის, ისე სანიტარული ჭრისა და ჩახერგილობის ლიკვიდაციის მარაგის მოცულობის გათვალისწინებით (ტ. 2, ს.ფ. 16-301). მხარისათვის გადაცემული ლიცენზიის საფუძველზე 200--2013 წლებში გაცემულია ხე-ტყის წარმოშობის (დამადასტურებელი) დოკუმენტები, რომლებიც შპს „ტ---ზე“ გაცემულია როგორც მთავარი სარგებლობის ჭრის, ისე სანიტარული ჭრისა და ჩახერგილობის ლიკვიდაციის შედეგად მოპოვებული ხე-ტყის მოპოვებისათვის. აღნიშნულ დოკუმენტებში მოჭრილი ხე-ტყის სახეობა რიგ შემთხვევაში განსაზღვრულია სახეობის (ჯიშის) მიხედვით (სოჭი, ნაძვი), ხოლო რიგ შემთხვევაში მითითებულია წიწვიანები (იხ. ტ. 3, ს.ფ. 60-დან ტ. 6, ს.ფ. 388; მათგან, №1----- ლიცენზიის ფარგლებში გაცემული დოკუმენტები ამორიცხულია საქმის მასალებიდან). საქმეში დაცულია შპს „ტ---ს“ 2013 წლის 9 სექტემბრის №7- წერილი, რომლის თანახმად, შპს „ტ---ს“ №1----- ლიცენზიის საფუძველზე 200- წელს ათვისებული აქვს 29 მ3; 2010 წელს - 1260,5 მ3 სამასალე მერქანი და 1000 მ3 საშეშე მერქანი; 2011 წელს ათვისებული აქვს 1811,854მ3 სამასალე მერქანი და 1528,8 მ3 საშეშე მერქანი; 2012 წელს ათვისებული აქვს 1982,824 მ3 სამასალე მერქანი და 185 მ3 საშეშე მერქანი; 2013 წელს - 446,075 მ3 სამასალე მერქანი და 3,95მ3 საშეშე მერქანი. სულ უტყისუბნის სატყეოდან ათვისებულია 8248,003 მ3, მათ შორის 5530,253 მ3 სამასალე და 2717,75მ3 საშეშე მერქანი, რაზეც გადახდილი მოსაკრებლის თანხა შეადგენს 145714,8 ლარს (ტ.1, ს.ფ. 104). მოსაკრებლის გადახდის დასადასტურებლად მოსარჩელე მხარემ ასევე წარმოადგინა შპს „ტ---ს“ კუთვნილი საბანკო ანგარიშიდან ამონაწერი (ტ. 1, ს.ფ. 190-223). საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი დეპარტამენტის მიერ განხორციელებული შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ შპს „ტ---ს“ მიერ №1----- ლიცენზიის საფუძველზე ათვისებული ჰქონდა 8248,003 მ3, მათ შორის 5530,253 მ3 სამასალე და 2717,75მ3 საშეშე მერქანი (ტ. 1, ს.ფ. 35-38). სასამართლოში საქმის განხილვისას სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ დათვლილ იქნა შპს „ტ---ს“ მიერ №1----- სპეციალური ლიცენზიით ათვისებული ხე-ტყის მოცულობა, რამაც 200- წლის 2011 წლის 1 ივლისამდე პერიოდისათვის შეადგინა მთავარი სარგებლობით მოპოვებული - 10-4,5, სანიტარული ჭრით 250-,3; ჩახერგილობის გაწმენდა 673,5; ჯამში 4277,3 მ3; 2011 წლის 1 ივლისადან ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადებამდე - მთავარი სარგებლობის ჭრით 1591,573; სანიტარული ჭრით - 633,88; ძირნაყარი ხე-ტყე 1414,90-; სულ 3640,362 მ3 (ტ. 7, ს.ფ. 41-43). ასევე მოსარჩელე მხარის მიერ 2016 წლის 3 ოქტომბრის №105 წერილით წარმოდგენილ იქნა ხე-ტყის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტების მიხედვით დათვლილი შპს „ტ---ს“ მიერ ათვისებული ხე-ტყის რაოდენობის გაანგარიშება: 1. მთავარი სარგებლობის - 1007,4 მ3, სანიტარული ჭრა - 2439,1 მ3, ჩახერგილობის გაწმენდა - 638მ3, ბილეთებით, რომლებშიც მითითებული არ არის ჭრის სახეობა - 1588,85 მ3, სულ 5673,35 მ3(ტ.7, ს.ფ. 79).
საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემული დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია გაირკვეს - შპს „ტ---ზე“ გაცემული №1----- სპეციალური ლიცენზიით გათვალისწინებული ლიკვიდური მარაგის დათვლისას მხედველობაში უნდა მიღებულიყო თუ არა მთავარი ჭრის გარდა სხვა ჭრით (სანიტარული, ჩახერგილობის გაწმენდა) მიღებული ხე-ტყის მოცულობა. შპს „ტ---ს“ მიერ მოპოვებული ხე-ტყის მარაგის ზოგადი შეჯამებით მიღებული მონაცემი აღემატება ლიცენზიით გათვალისწინებული მოსაჭრელი ლიკვიდური მარაგის (5067 მ3, მათ შორის სამასალე - 3550მ3, საშეშე - 1517მ3) ოდენობას, თუმცა სასამართლოს განმარტებით, აღსანიშნავია ის გარემოება, რომ როგორც ტყეკაფის პასპორტის მიხედვით, მთავარი სარგებლობის ჭრისათვის ტყეკაფში მონიშნული ტყეების სახეობა მითითებულია როგორც სოჭი, ისე ნაძვი, ასევე ხე-ტყის წარმოშობის დამადასტურებელ დოკუმენტებში მითითებულია ორივე ჯიშის ხე, ან ზოგადად წიწვოვანი სახეობა. ამდენად, სადღეისოდ შეუძლებელია იმ გარემოების ზუსტად დადგენა, შპს „ტ---მ“ №1----- სპეციალური ლიცენზიის საფუძველზე მთავარი სარგებლობის ჭრით გათვალისწინებული ლიკვიდური მარაგის რა ოდენობა აითვისა სოჭის ჯიშის ხე-ტყით.
სასამართლომ ასევე ყურადღება გაამახვილა ტყით სარგებლობის გეგმის №27 ცხრილში მოცემულ მაჩვენებელზე, კერძოდ ტყითმოწყობის ობიექტის სამოქმედო ზონის მოსახლეობის წლიური პირადი მოთხოვნილება ტყის რესურსზე განისაზღვრა შეშაზე 24550 მ3, სამასალე მერქანზე 12275 მ3. ამავე გეგმის №83 ცხრილის თანახმად, მიმდინარე ტყეთმოწყობის სპეციალური ჭრები არ ინიშნება იმის გამო, რომ სატყეო უბნის ფართობი უზრუნველყოფილია სატყეო-სამეურნეო გზებით და საშეშე მერქნით უზრუნველყოფა უამრავი ჩახერგილი და სანიტარიული ჭრებითაც შეიძლება. ამდენად, ტყით სარგებლობის გეგმის თანახმად, შპს „ტ---სთვის“ გამოყოფილ 2571 ჰა-ზე დადგენილი ხე-ტყის საერთო ლიკვიდურ მარაგს (მთავარი სარგებლობის ჭრა, სანიტარული ჭრები, ჩახერგილობის ლიკვიდაცია) უნდა უზრუნველეყო როგორც ლიცენზიანტის უფლება ხე-ტყის მოპოვებაზე, ისე ტყით სარგებლობის გეგმით დამტკიცებული ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნილება საშეშე და სამასალე მერქანზე (ტყით სარგებლობის გეგმის №27 ცხრილი, ტ.2, ს.ფ. 359).
სასამართლოს განმარტებით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის (200- წლის 12 ოქტომბერს მოქმედი რედაქცია) მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, გენერალური ლიცენზია არის უფლება, როდესაც პირს შეუძლია ერთიანი ზოგადი ლიცენზიის საფუძველზე განახორციელოს მსგავსი ტიპის საქმიანობები და ვალდებული არ არის ცალ-ცალკე მოიპოვოს თითოეული საქმიანობის ლიცენზია; ამავე კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ტყით სარგებლობის ლიცენზიის ერთ-ერთი სახეა ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზია.
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ტყის კოდექსის 57-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, ხე-ტყის დამზადების მიზნით ხუთ წელზე მეტი ვადით ლიცენზია გაიცემა იმ იურიდიულ პირზე, რომელიც, რესურსების მოპოვების პარალელურად, თავის სამოქმედო ტერიტორიაზე უზრუნველყოფს ტყის მოვლის, დაცვისა და აღდგენის ტყეთმოწყობის პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების განხორციელებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „ტ---ზე“ №1----- სპეციალური ლიცენზიის გაცემისას მოქმედი სამართლებრივი ნორმით 5 წელზე მეტი ვადით გაცემული ლიცენზიის მფლობელი პირი უფლებამოსილი იყო მოეპოვებინა ტყის რესურსები, ხოლო სანაცვლოდ იღებდა ვალდებულებას თავის სამოქმედო ტერიტორიაზე უზრუნველეყო ტყის მოვლის, დაცვისა და აღდგენის ტყეთმოწყობის პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები.
სასამართლომ აღნიშნა, რომ შპს „ტ---ზე“ ლიცენზიის გაცემის დროისათვის მოქმედ ტყის კოდექსის რედაქციასა და ამავე პერიოდში მოქმედ კანონქვემდებარე აქტებში, გარდა საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 24 ივლისის №479 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს ტყეებში ზეზეური ხის გაცემის წესისა, არ არსებობდა დათქმა, რომ ლიცენზიის პირობების შესასრულებლად წარმოებული სანიტარული თუ ჩახერგილობის გაწმენდით მიღებული ხე-ტყე ტყითმოსარგებლეს უნდა გადაეცა სატყეო ორგანიზაციის, ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის. თუმცა, ამგვარი დანაწესის არარსებობა არ უნდა იქნეს გაგებული იმგვარად, რომ ტყითმოსარგებლე უფლებამოსილი იყო ლიცენზიით გაცემული ტყის საერთო ფართობზე დადგენილი სრული ლიკვიდური მარაგი შეეძლო აეთვისებინა ეკონომიკური სარგებლის მიღების მიზნით. ლიცენზიის თანახმად, შპს „ტ---“ უფლებამოსილი იყო მთავარი სარგებლობის ჭრით აეთვისებინა ლიკვიდური მარაგი სოჭის სახეობის ხე-ტყით (5067 მ3, მათ შორის სამასალე - 3550მ3, საშეშე - 1517მ3) ოდენობა, ხოლო სანიტარული ჭრითა თუ ჩახერგილობის ლიკვიდაციით მიღებული მერქანი (საშეშე, სამასალე), უფლებამოსილი ორგანოს მიერ სათანადო ადმინისტრირების ფარგლებში, უნდა განაწილებულიყო ტყითმოსარგებლის მიერ სალიცენზიო პირობების (მოვლითი ჭრები, ტყის აღგენის სამუშაოები) შესრულების სანაცვლო მოცულობისა და ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნილების დასაკმაყოფილებელი მოცულობის შეპირისპირებით.
1.3.2. სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ტყის კოდექსი ემყარება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1992 წლის რიო-დე-ჟანეიროს გარემოსა და განვითარების საერთაშორისო კონფერენციის (United Nations Conference on Environment and Development, Rio de Janreiro, 1992) მიერ მიღებულ „გარემოსა და განვითარების რიოს დეკლარაციის“, „21-ე საუკუნის გლობალური მდგრადი განვითარების პროგრამის -დღის წესრიგი 21ისა“ და „ტყეების დაცვის, მდგრადი განვითარებისა და მართვის პრინციპების შესახებ არასაკანონმდებლო ვალდებულებათა განცხადების“ დასკვნითი დოკუმენტების მიერ აღიარებულ მდგრადი განვითარების პრინციპებს. აღნიშნული პრინციპის გათვალისწინებით, საქართველოს ტყის კოდექსის მიერ დამკვიდრებული ტყის მდგრადი მართვა გულისხმობს ტყის გამოყენებას ისეთი მოცულობით, რომ შენარჩუნებული იყოს მისი ბიომრავალფეროვნება, პროდუქტიულობა, რეგენერაციის შესაძლებლობა, სიცოცხლისუნარიანობა და მისი პოტენციალი, რათა ახლაც და მომავალშიც შესრულდეს ტყის შესაბამისი ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური ფუნქციები ლოკალურ, ეროვნულ და გლობალურ დონეზე და არ გამოიწვიოს სხვა ეკოსისტემების დაზიანება.
სასამართლომ აღნიშნა, რომ შპს „ტ---ს“ ტყითსარგებლობის გეგმის დამტკიცების შემდგომ პერიოდში - 2010-2013 წლებში, საქართველოს ტყის კოდექსში, ტყეთსარგებლობის ურთიერთობის მომწესრიგებელ ნორმებში განხორციელდა ფუნდამენტური ცვლილებები, რომლებიც ემსახურებოდა იმ მიზანს, რომ საქართველოს ტყე, მიუხედავად მისი საკუთრების ფორმისა, უნდა იმართებოდეს მდგრადი განვითარების პრინციპების შესაბამისად ჩამოყალიბებული სისტემის საფუძველზე, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოში ტყეების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესებას, ბიომრავალფეროვნების დაცვას, ტყის ეკოლოგიური ფასეულობების გათვალისწინებით მისი ეკონომიკური პოტენციალის რაციონალურ გამოყენებას, ტყის მართვაში საზოგადოების მონაწილეობასა და ტყის რესურსებზე ხელმისაწვდომობას.
სასამართლოს განმარტებით, „ტყის ფონდის მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის (მიღებულია 2010 წლის 6 ივლისს №3345-რს) მე-15 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ტყითმოსარგებლე ვალდებულია განახორციელოს მხოლოდ ლიცენზიით, ტყითსარგებლობის ხელშეკრულებით, ხე-ტყის დამზადებისა და ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთებით განსაზღვრული საქმიანობა მათში მითითებულ ადგილებზე, ვადებში და მითითებული მოცულობით. ამავე კანონის 23-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეს კანონი ვრცელდება ამ კანონის ამოქმედებამდე გაცემული ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიისა და სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის მფლობელებზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მითითებით, „ტყის ფონდის მართვის შესახებ“ საქართველოს კანონით კონკრეტულად განისაზღვრა ის პირობა, რომ ტყითმოსარგებლე ვალდებულია განახორციელოს მხოლოდ ლიცენზიით, ტყითსარგებლობის ხელშეკრულებით, ხე-ტყის დამზადებისა და ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთებით განსაზღვრული საქმიანობა მათში მითითებულ ადგილებზე, ვადებში და მითითებული მოცულობით და აღნიშნული ვალდებულება გავრცელდა ასევე წინა პერიოდში გაცემული ლიცენზიის მფლობელებზე, მათ შორის, შპს „ტ---ზე“ (ლიცენზიით გათვალისწინებული მოცულობა 5067 მ3, მთავარი სარგებლობის ჭრა, სოჭი).
სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 აგვისტოს N241 დადგენილებით დამტკიცებული "ტყის მოვლისა და აღდგენის წესის“ მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მოვლითი ჭრებით მიღებული მერქნული რესურსი და ჭრის ნარჩენები უნდა დასაწყობდეს ტყის მართვის უფლების მქონე ორგანოების მიერ მითითებულ ტერიტორიაზე. ამავე მუხლში 2011 წელს განხორციელებული ცვლილების თანახმად, ნორმა ჩამოყალიბდა შემდეგი შინაარსით: მოვლითი ჭრებით მიღებული მერქნული რესურსი (თუ ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული) ტყის მართვის უფლების მქონე შესაბამისი ორგანოსთვის გადაცემის მიზნით უნდა დასაწყობდეს ტყის მართვის უფლების მქონე ორგანოების მიერ მითითებულ ტერიტორიაზე.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს „ტ---ზე“ გაცემული ლიცენზიით გათვალისწინებული მოსაჭრელი ლიკვიდური მარაგი განსაზღვრული იყო მთავარი სარგებლობის ჭრით (სოჭი - 5067 მ3; სამასალე - 3550 მ3 და საშეშე - 1517 მ3), აღნიშნულიდან გამომდინარე, 2010 წლის შემდეგი პერიოდის საკანონმდებლო ცვლილებები ცალსახად ადგენს, რომ მოვლითი ჭრის შედეგად მიღებული მერქნული რესურსი გადაეცემოდა ტყის მართვის უფლების მქონე ორგანოს და ის ლიცენზიანტისათვის ეკონომიკური სარგებლობის მომტან ობიექტად არ განიხილებოდა. სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელეს №1----- სპეციალური ლიცენზიის საფუძველზე ტყითსარგებლობის გეგმით განესაზღვრა ლიცენზიით მოპოვებული ისეთი კონკრეტული უფლება–მოვალებები, როგორიცაა სალიცენზიო ობიექტზე ლიკვიდური მერქნის სრული რაოდენობა, განსახორციელებელი ჭრების სახეობები, ასევე მოვლითი ჭრის შედეგად მოპოვებული მერქნული რესურსის ტყის მართვის უფლების მქონე ორგანოსათვის გადაცემის ვალდებულება გათვალისწინებულ იქნა 2010 წელსა და შემდგომ პერიოდში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით, რაც შპს „ტ---ზეც“, როგორც სპეციალური ლიცენზიის მფლობელზე გავრცელდა. სასამართლომ აღნიშნა, რომ შპს „ტ---ს“ ტყითსარგებლობის გეგმის მიხედვით ასევე გააჩნდა ვალდებულება გაეტარებინა ტყის მოვლის ღონისძიებები, სანიტარული ჭრა და ჩახერგილობის გაწმენდა, რომლის შეუსრულებლობა სალიცენზიო პირობების დარღვევად განიხილება, ამიტომ შპს „ტ---“ (მიუხედავად იმისა, რომ შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს არ მიუმართავს სანიტარული ჭრით თუ ჩახერგილობის გაწმენდით მიღებული რესურსის გადაცემის მოთხოვნით) ვალდებული იყო ტყეკაფის პასპორტით გათვალისწინებულ ვადაში აეთვისებინა გამოყოფილი ტყეკაფი.
სასამართლოს განმარტებით, როგორც მასალებით დგინდება, შპს „ტ---ზე“ ტყეკაფები გამოიყო და ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტები ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაიცა №1----- სპეციალური ლიცენზიით გათვალისწინებული ლიკვიდური მარაგის გადაჭარბებით, რამაც შპს „ტ---ს“, მიუხედავად საკანონმდებლო ცვლილებებისა, შეუქმნა ფაქტობრივი საფუძველი, ლიცენზიით დადგენილი პირობების გაუთვალისწინებლად (ლიკვიდური მარაგის ფარგლების გადაცილებით (როგორც რაოდენობრივად, ისე ხის ჯიშის გათვალისწინებით)) მიეღო ეკონომიკური სარგებელი.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს განმარტებით, შპს „ტ---ს“ მიერ №1----- სპეციალური ლიცენზიის საფუძველზე ათვისებული მერქანი აღემატება ლიცენზიით გათვალისწინებულ ლიკვიდური მარაგის (5067 მ3) მოცულობას. ზემოთ მოყვანილი მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება, რომ ლიცენზიით გათვალისწინებული ლიკვიდური მარაგი უნდა აეთვისებინა მხოლოდ მთავარი ჭრით მიღებული მერქნით (სამასალე, საშეშე) და დათვლისას მასში არ უნდა შესულიყო სხვა ჭრებით მიღებული მერქანი. სასამართლომ მიიჩნია, რომ 2010 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, შპს „ტ---“ უფლებამოსილი იყო ლიცენზიით გათვალისწინებული მოცულობით (5067მ3, 10 წლის მანძილზე) და ფარგლებში (მთავარი სარგებლობის ჭრით, სოჭის სახეობით) მიეღო ხე-ტყის დამზადებისათვის საჭირო დოკუმენტები ხე-ტყის მოპოვებით ეკონომიკური სარგებლის მიღების მიზნით.
სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის ძალადაკარგულად გამოაცხადოს კანონის შესაბამისად გამოცემული აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს პირდაპირ არის მითითებული კანონში ან მის საფუძველზე გამოცემული ზემდგომი ორგანოს კანონქვემდებარე აქტში.
სასამართლოს განმარტებით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის 41-ე პუნქტის თანახმად, თუ აშკარაა, რომ სარგებლობის ლიცენზიის პირობების ან/და კონკრეტული ობიექტით სარგებლობისათვის დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო ლიცენზიის მფლობელის დაჯარიმებას შედეგი არ მოჰყვება, ლიცენზიის გამცემი უფლებამოსილია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით გააუქმოს ლიცენზია. ამავე მუხლის მე-6 პუნქტს თანახმად, ლიცენზიის გაუქმება ნიშნავს ლიცენზიის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად ძალადაკარგულად გამოცხადებას. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლით გათვალისწინებულის გარდა არის კანონით დადგენილი სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობა.
სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს N132 დადგენილებით დამტკიცებული „ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ“ დებულების მე-81 მუხლის თანახმად, ლიცენზიის გაუქმება ხორციელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 200- წლის 12 ოქტომბრის N1-1----- ბრძანებით შპს „ტ---ზე“ გაიცა ს--–-------------- რეგიონალური სატყეო სამმართველოს ა-------ს ყოფილი სატყეო უტყისუბნის (10-13, 15-18, 21-26, 28-29 კვარტლები) ყოფილ სატყეო უბანზე საერთო ფართობით 2571 ჰა (მათ შორის საექსპლუატაციო ფართობი 6,08 ჰა) გრძელვადიანი ტყითსარგებლობის მიზნით ხეტყის დამზადების სპეციალური ლიცენზია 10 წლის ვადით. ლიცენზიით გათვალისწინებული მოსაჭრელი ლიკვიდური მარაგი განისაზღვრა მთავარი სარგებლობის ჭრით, სოჭი- 5067მ3 (სამასალე - 3550მ3 და საშეშე - 1517მ3); 200- წლის 19 ოქტომბერს შპს ტ---ზე გაიცა ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზია N1------ ბრძანებით დადგენილი პირობებით.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2013 წლის 10 სექტემბერს განხორციელებული ინსპექტირების შედეგების მიხედვით, შპს „ტ---ს“ მიერ №1----- სპეციალური ლიცენზიის საფუძველზე ათვისებული მერქანი აღემატება ლიცენზიით გათვალისწინებული ლიკვიდური მარაგის (5067 მ3) მოცულობას, აღნიშნული გარემოება დადასტურებულია როგორც შპს „ტ---ს“ 2013 წლის 9 სექტემბრის წერილით, ასევე სასამართლოში დავის განხილვისას მხარეთა მიერ ხე-ტყის წარმოშობის დამადასტურებელ დოკუმენტებში ასახული მონაცემების დათვლით, მხარეები აღნიშნულ გარემოებას სადავოდ არ ხდიან, მხარეთა შორის დავა გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ შპს „ტ---ს“ მიერ სხვა ჭრებით (გარდა მთავარი სარგებლობის ჭრისა) მიღებული მერქნის მოცულობა ჩათვლილი იქნა ლიცენზიით გათვალისწინებული ლიკვიდური მარაგის მოცულობაში. გარდა ამისა, მხარე ყურადღებას ამახვილებდა იმ გარემოებაზე, რომ მის მიმართ არ არსებობს არც სამართალდარღვევის საქმეზე და არც სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემული დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობა არ აქვს იმ ფაქტს, შპს „ტ---ს“ მიმართ მიღებულ იქნა თუ არა სამართალდარღვევის საქმეზე ან სისხლის სამართლის საქმეზე რაიმე გადაწყვეტილება, განსახილველ დავაში მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ №1----- სპეციალური ლიცენზიით გათვალისწინებული ლიკვიდური მარაგით გათვალისწინებული მერქნის ათვისების შემდეგ შპს “ტ---ს” აღარ გააჩნია აღნიშნული ლიცენზიის საფუძველზე ხე-ტყის დამზადების მიზნით საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილება. შესაბამისად, სახეზე იყო ისეთი გარემოება, რომლის დროსაც სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო, ჯარიმის გამოყენება რაიმე შედეგს ვერ გამოიწვევდა, აღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო უფლებამოსილი იყო 2014 წლის 16 იანვრის №-- ბრძანების გამოცემით ძალადაკარგულად გამოეცხადებინა შპს “ტ---ზე” გრძელვადიანი ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის გაცემის შესახებ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 200- წლის 12 ოქტომბრის №1-1----- ბრძანება და მის საფუძველზე შპს “ტ---ზე” გაცემული ს--–-------------- რეგიონალური სატყეო სამმართველოს ა-------ს ყოფილი სატყეო უტყისუბნის (10-13, 15-18, 21-26, 28-29 კვარტლები) ყოფილ სატყეო უბანზე საერთო ფართობით 2571 ჰა (მათ შორის საექსპლუატაციო ფართობი 6,08 ჰა) გრძელვადიანი ტყითსარგებლობის მიზნით ხე-ტყის დამზადების №1----- სპეციალური ლიცენზია.
1.3.3. სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს გაასაჩივროს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება ამ კოდექსის VI თავით გათვალისწინებული დებულებანი. ამავე კოდექსის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ წერილობით აცნობოს ყველა იმ პირს, რომელიც მონაწილეობდა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტის გამოცემასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში და უზრუნველყოს მათი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. ამავე კოდექსის 198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ზეპირი მოსმენა ტარდება ამ კოდექსის VIII თავით დადგენილი წესით. ამავე კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება - ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე. ამავე კანონის 202-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის თაობაზე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და იგი უნდა აკმაყოფილებდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისთვის ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. ამავე კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას.
სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2014 წლის 4 აპრილის №----- ბრძანებით შპს „ტ---ს“ უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე, აღნიშნული ბრძანების გამოცემას წინ უძღვოდა ადმინისტრაციული წარმოება და 2014 წლის 26 მარტს გამართული ზეპირი მოსმენის სხდომა (ტ.1, ს.ფ. 138-171), სხდომის მოწვევისა და მიმდინარეობისას დაცული იყო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისი ნორმები, ასევე მხარეებს მიეცათ შესაძლებლობა სხდომის დასრულების შემდეგ წარედგინათ დამატებითი მოსაზრებები, ასევე 2014 წლის 4 აპრილს შედგა მოხსნებითი ბარათი, რაც შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოსაცემად წარედგინა მინისტრს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2014 წლის 4 აპრილის №----- ბრძანების გამოცემისას დაცულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის წესი, რაიმე პროცედურულ დარღვევას, ასევე სამართლებრივი საკითხის არასწორ შეფასებას, ადგილი არ აქვს.
1.3.4. სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები, ამავე მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ანინტერესს ანუკანონოდ ზღუდავს მას.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, შესაბამისად, არ არსებობს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 200- წლის 12 ოქტომბრის №1-1----- ბრძანებისა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2014 წლის 4 აპრილის №ი198 ბრძანების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი. ამდენად, შპს „ტ---ს“ უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
2. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
აპელანტი არ ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას და ითხოვს მის გაუქმებას, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების 4.1 პუნქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად არის მიჩნეული, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 200- წლის 12 ოქტომბრის N1-1----- ბრძანებით შპს „ტ---ზე“ გაცემულია ს--–-------------- რეგიონალური სატყეო სამმართველოს ა-------ს ყოფილი სატყეო ტყისუბნის (10-13, 15-18, 21-26, 28-29 კვარტლები) ყოფილ სატყეო უბანზე, საერთო ფართობით 2571 ჰა (მათ შორის საექსპლუატაციო ფართობი 6,08 ჰა) გრძელვადიანი ტყითსარგებლობის მიზნით ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზია, 10 წლის ვადით. ლიცენზიით გათვალისწინებული მოსაჭრელი ლიკვიდური მარაგი განისაზღვრა მთავარი სარგებლობის ჭრით, სოჭი - 5067 მ3 (სამასალე - 3550 მ3 და საშეშე - 1517 მ3), თუმცა სასამართლო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში შემდგომში ყველგან არასწორად უთითებს, რომ ლიკვიდური მარაგი (მათ შორის, სხვა სახეობის ჭრებისთვისაც), ჯამში არის 5067 მ3. აპელანტის განმარტებით, აღნიშნული არ გამომდინარეობს არც ლიცენზიიდან და არც მის საფუძველზე და მისი პირობების შესასრულებლად დამტკიცებული დოკუმენტებით, ცალსახაა და ლოგიკურია, რომ თუ მთავარი სარგებლობის ჭრით მოსაპოვებელი ლიკვიდური მარაგი არის 5067 მ3, მოვლითი ჭრებით მოსაპოვებელი რესურსის მოცულობა (რაც ტყის მართვის გეგმის მიხედვით, გაცილებით მეტია, ვიდრე მთავარი სარგებლობით მოსაპოვებელი რესურსის მოცულობა) ვერ იქნება მთავარი სარგებლობის ჭრით გათვალისწინებულ ლიკვიდურ მარაგთან ერთად 5067 მ3. საქმეში არსებული არცერთი დოკუმენტით არ დასტურდება, რომ საერთო (როგორც მთავარი სარგებლობის ჭრის, ასევე მოვლითი ჭრის) ჯამური ლიკვიდური მარაგი 5067 მ3-ია.
აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ შპს “ტ---ს“ მიერ მოპოვებულია ლიცენზიით განსაზღვრულზე მეტი ხე-ტყის რესურსი, სასამართლო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ნაწილში არ მიუთითებს ამ გარემობაზე, მაგრამ მთელი სამართლებრივი დასაბუთება აგებულია სწორედ იმ მონაცემზე, თითქოს შპს „ტ---ს“ მიერ მოპოვებულია 8248,003 კუბური მეტრი მერქანი, ნაცვლად ლიცენზიით გათვალისწინებული 5067 კუბური მეტრისა. სასამართლოს მოსაზრება მცდარია, მის მიერ არასწორად არის შეფასებული ფაქტობრივი გარემოებები, რამაც საბოლოოდ განაპირობა საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა. გასაჩივრებული გადაწყვეტილების მე-9 გვერდის პირველ და მეორე ბაზაცებში მოცემული მსჯელობა, სადაც მითითებულია შპს „ტ---ს“ მიერ მოპოვებული რესურსის მოცულობა, ეწინააღმდეგება ერთმანეთს: გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ სასამართლოში საქმის განხილვისას სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ დათვლილ იქნა შპს „ტ---ს“ მიერ N1----- სპეციალური ლიცენზიით ათვისებული ხე-ტყის მოცულობა, რამაც 200- წლის 2011 წლის 1 ივლისამდე პერიოდისათვის შეადგინა მთავარი სარგებლობით მოპოვებული - 10-4,5, სანიტარული ჭრით 250-,3; ჩახერგილობის გაწმენდა 673,5; ჯამში 4277,3 მ3; 2011 წლის 1 ივლისადან ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადებამდე - მთავარი სარგებლობის ჭრით 1591,573; სანიტარული ჭრით - 633,88; ძირნაყარი ხე-ტყე 1414,90-; სულ 3640,362 მ3 (ტ. 7, ს.ფ. 41-43), რაც იმას ნიშნავს, რომ მთავარი სარგებლობის ჭრით შპს „ტ---ს“ მიერ მოპოვებული მერქნის მოცულობა არ აღემატება ლიცენზიით გათვალისწინებულს, თუმცა სასამართლო მოდევნო აბზაცში საპირისპირო აზრს ავითარებს და მიუთითებს, რომ შპს „ტ---ს“ მიერ მოპოვებული ხე-ტყის მარაგის ზოგადი შეჯამებით მიღებული მონაცემი აღემატება ლიცენზიით გათვალისწინებული მოსაჭრელი ლიკვიდური მარაგის (5067 მ3, მათ შორის სამასალე - 3550მ3, საშეშე - 1517მ3) ოდენობას, ამავდროულად, სასამართლო იმასაც მიუთითებს, რომ შეუძლებელია იმ გარემოების ზუსტად დადგენა, შპს „ტ---მ“ N1----- სპეციალური ლიცენზიის საფუძველზე მთავარი სარგებლობის ჭრით გათვალისწინებული ლიკვიდური მარაგის რა ოდენობა აითვისა სოჭის ჯიშის ხე-ტყით. აპელანტის მოსაზრებით, გაურკვეველია, რომელ მონაცემებზე დაყრდნობით ჩათვალა სასამართლომ, რომ შპს „ტ---ს“ მიერ ასათვისებელი ლიკვიდური მარაგი (რაც უნდა მოიცავდეს როგორც მთავარი სარგებლობის ჭრით, ასევე მოვლითი ჭრით მოპოვებულ რესურსს), შეადგენს 5067 მ3-ს. საქმეში წარმოდგენილ ლიცენზიაში ცალსახად არის მითითებული, რომ ეს მოცულობა არის მხოლოდ მთავარი სარგებლობის ჭრით მოსაპოვებელი რუსურისათვის განსაზღვრული, ხოლო სხვა სახის ჭრებისათვის ლიცენზიით კონკრეტული მოცულობა არ არის დადგენილი.
აპელანტის მოსაზრებით, სასამართლოს მოცემული მსჯელობა წინააღმდეგობრივია, სასამართლომ არასწორედ დაადგინა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ შპს „ტ---მ“ ლიცენზიით გათვალისწინებულ ჭრის სახეობაში მოიპოვა ლიცენზიით გათვალისწინებულზე მეტი მერქნული რესურსი. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემული დავის გადაწყვეტისათვის, მნიშვნელოვანი არ არის გარემოება -დადგენილია თუ არა შპს „ტ---ს“ მიერ ადმინისტრაციული სამართლადღვევის ჩადენის ფაქტი ან დაეკისრა თუ არა მას სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, არამედ უნდა გაირკვეს ის საკითხი, შპს „ტ---ზე“ გაცემული N1----- სპეციალური ლიცენზიით გათვალისწინებული ლიკვიდური მარაგის დათვლისას, მხედველობაში უნდა მიღებულიყო თუ არა მთავარი ჭრის გარდა სხვა ჭრით (სანიტარული, ჩახერგილობის გაწმენდა) მიღებული ხე-ტყის მოცულობა. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ აღნიშნულის საკითხის გარკვევის მცდელობისას ვერ დაასაბუთა, თუ რატომ უნდა იყოს გათვალისწინებული ლიკვიდური მარაგის დათვლისას მთავარი ჭრის გარდა სხვა ჭრით მოპოვებული ხე-ტყის მოცულობა და ვერც შესაბამის ნორმატიულ აქტზე მიუთითა. მცდარი მოსაზრების დასადასტურებლად სასამართლომ ყურადღებას გაამახვილა ტყით სარგებლობის გეგმის N27 ცხრილში მოცემულ მაჩვენებელზე, სასამართლომ აღნიშნა, რომ ტყითმოწყობის ობიექტის სამოქმედო ზონის მოსახლეობის წლიური პირადი მოთხოვნილება ტყის რესურსზე განისაზღვრა შეშაზე 24550 მ3, სამასალე მერქანზე 12275 მ3. ამავე გეგმის N83 ცხრილის თანახმად, მიმდინარე ტყეთმოწყობის სპეციალური ჭრები არ ინიშნება იმის გამო, რომ სატყეო უბნის ფართობი უზრუნველყოფილია სატყეო-სამეურნეო გზებით და საშეშე მერქნით უზრუნველყოფა უამრავი ჩახერგილი და სანიტარიული ჭრებითაც შეიძლება. ამდენად, სასამართლოს განმარტებით, ტყით სარგებლობის გეგმის თანახმად, შპს „ტ---სათვის“ გამოყოფილ 2571 ჰა-ზე დადგენილი ხე-ტყის საერთო ლიკვიდურ მარაგს (მთავარი სარგებლობის ჭრა, სანიტარული ჭრები, ჩახერგილობის ლიკვიდაცია) უნდა უზრუნველეყო როგორც ლიცენზიანტის უფლება ხე-ტყის მოპოვებაზე, ისე ტყით სარგებლობის გეგმით დამტკიცებული ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნილება საშეშე და სამასალე მერქანზე (ტყით სარგებლობის გეგმის N27 ცხრილი, ტ.2, ს.ფ. 359). აპელანტის განმარტებით, საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ შპს “ტ---სათვის“ გამოყოფილ 2571 ჰა-ზე დადგენილი ლიკვიდური მარაგით ვერ იქნა უზურველყოფილი მოსახლეობის მოთხოვნილება და ლიცენზიანტის უფლება. აბსოლუტურად გაუგებარია, რისი მტკიცება სურდა სასამართლოს ზემოაღნიშნული მსჯელობით. სასამართლოს არ დაუდგენია ტყითსარგებლობის გეგმის შეუსრულებლობა შპს „ტ---ს“ მიერ.
აპელანტის განმარტებით, სასამართლომ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ შპს „ტ---ზე“ ლიცენზიის გაცემის დროისათვის მოქმედ ტყის კოდექსის რედაქციასა და ამავე პერიოდში მოქმედ კანონქვემდებარე აქტებში არ არსებობდა დათქმა, რომ ლიცენზიის პირობების შესასრულებლად წარმოებული სანიტარული თუ ჩახერგილობის გაწმენდით მიღებული ხე-ტყე ტყითმოსარგებლეს უნდა გადაეცა სატყეო ორგანიზაციის, ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის, თუმცა, სასამართლოს განმარტებით, ამგვარი დანაწესის არარსებობა არ უნდა იქნეს გაგებული იმგვარად, რომ ტყითმოსარგებლე უფლებამოსილი იყო ლიცენზიით გაცემული ტყის საერთო ფართობზე დადგენილი სრული ლიკვიდური მარაგი აეთვისებინა ეკონომიკური სარგებლის მიღების მიზნით. აოელანტის მოსაზრებით, სასამართლოს აღნიშნული განმარტება არ ეფუძნება არცერთ სამართლებრივ ნორმას და მეტიც, ეწინააღმდეგება განსახილველი სამართალურთიერთობის ლოგიკას. კერძოდ, სასამართლოს განმარტებიდან გამომდინარეობს, რომ ლიცენზიანტი, რომელმაც გადაიხადა მოსაკრებელი სანიტარული ჭრებით მოპოვებულ რესურსზე, რაზეც გაცემული იყო შესაბამისი ბილეთები და არ ყოფილა მითითებული მათი დასაწყობების მოთხოვნა, ვალდებულია გადასცეს ამ სახით დამზადებული ხე-ტყის მასალა სახელმწიფოს.
აპელანტის განმარტებით, საქალაქო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ შპს „ტ---ს“ ტყითსარგებლობის გეგმის დამტკიცების შემდგომ პერიოდში, 2010-2013 წლებში საქართველოს ტყის კოდექსში, ტყეთსარგებლობის ურთიერთობის მომწესრიგებელ ნორმებში განხორციელდა ფუნდამენტური ცვლილებები, რომლებიც ემსახურება იმ მიზანს, რომ საქართველოს ტყე, მიუხედავად მისი საკუთრების ფორმისა, უნდა იმართებოდეს მდგრადი განვითარების პრინციპების შესაბამისად ჩამოყალიბებული სისტემის საფუძველზე, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოში ტყეების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესებას, ბიომრავალფეროვნების დაცვას, ტყის ეკოლოგიური ფასეულობების გათვალისწინებით მისი ეკონომიკური პოტენციალის რაციონალურ გამოყენებას, ტყის მართვაში საზოგადოების მონაწილეობასა და ტყის რესურსებზე ხელმისაწვდომობას. აპელანტის განმარტებით, სასამართლოს მიერ მითითებული საკანონმდებლო ცვლილებები ითვალისწინებს იმას, რომ „ტყის ფონდის მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ტყითმოსარგებლე ვალდებულია განახორციელოს მხოლოდ ლიცენზიით, ტყითსარგებლობის ხელშეკრულებით, ხე-ტყის დამზადებისა და ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთებით განსაზღვრული საქმიანობა მათში მითითებულ ადგილებზე, ვადებში და მითითებული მოცულობით. ამ კანონის მოქმედება შეეხო კანონის ამოქმედებამდე გაცემულ ლიცენზიებსაც, თუმცა კანონს ლიცენზიით გათვალისწინებული, კანონის ამოქმედებამდე შესასრულებლი ვალდებულებების მიმართ უკუქცევითი ძალა არ მინიჭებია. სასამართლომ ვერ მიუთითა ზემოაღნიშნული კანონის კონკრეტულად რომელი ნორმა იქნა დარღვეული ლიცენზიანტის მიერ. სასამართლოს მიერ არ არის დადგენილი ხე-ტყის დამზადებისა და ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთებით (რომელსაც გასცემს ადმინისტრაციული ორგანო) განსაზღვულ ოდენობაზე მეტი რესურსის მოპოვების ფაქტი, ასევე არ არის დადგენილი ტყითსარგებლობის გეგმის დარღვევა.
აპელანტის განმარტებით, სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 აგვისტოს N241 დადგენილებით დამტკიცებული “ტყის მოვლისა და აღდგენის წესის“ მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მოვლითი ჭრებით მიღებული მერქნული რესურსი და ჭრის ნარჩენები უნდა დასაწყობდეს ტყის მართვის უფლების მქონე ორგანოების მიერ მითითებულ ტერიტორიაზე. ამავე მუხლში 2011 წელს განხორციელებული ცვლილების თანახმად, ნორმა ჩამოყალიბდა შემდეგი შინაარსით: მოვლითი ჭრებით მიღებული მერქნული რესურსი (თუ ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული) ტყის მართვის უფლების მქონე შესაბამისი ორგანოსთვის გადაცემის მიზნით, უნდა დასაწყობდეს ტყის მართვის უფლების მქონე ორგანოების მიერ მითითებულ ტერიტორიაზე. აპელანტი საყურადღებოდ მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ეს ნორმა ამოქმედდა შპს „ტ---ს“ მიერ ლიცენზიის მოპოვების შემდგომ და ნორმის ამოქმედებამდე განხორცილებულ მოქმედებებზე ვერ გავრცელდება. რაც შეეხება ნორმის ამოქმედების შემდგომ პერიოდს, შპს „ტ---“, როგორც მანამდე, ასრულებდა ტყითსარგებლობის გეგმის პირობებს (რომელიც სპეციალური ლიცენზიის განუყოფელი ნაწილია), სადაც მითითითებული არ ყოფილა მოვლითი ჭრებით მოპოვებული რესურის ტყის მართვის უფლების მქონე ორგანოებისათვის გადაცემის ვალდებულება, მეტიც, ამ ორგანოს მიერ გაიცემოდა ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთები და ლინცეზიანტის მიერ გადახდილია მოპოვებული რესურსის მოსაკრებელი სრულად.
აპელანტის განმარტებით, სასამართლო გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ „საქმეში დაცულია ტყითსარგებლობის გეგმა (შედგენილი 2010 წელს), ს--–-------------- რეგიონალური სატყეო სამმართველოს ა-------ს სატყეო უბნის ყოფილი უტყისუბნის სატყეოს კვ. N10-13; 15-18; 21-26; 28; 29, ფართობით - 2571 ჰა, მათ შორის ტყით დაფარული - 2358 ჰა (ტ, 2, ს.ფ. 329-436). აღნიშნული ტყით სარგებლობის გეგმა დამტკიცებულია შპს „ტ---ს“ მიერ მოპოვებული N1----- ლიცენზიის პირობების შესასრულებლად. აღნიშნული ტყით სარგებლობის გეგმა დამტკიცებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2010 წლის 6 აგვისტოს Nი---- ბრძანებით, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 26 სექტემბრის N6-- ბრძანებით დამტკიცებული ,,ტყით სარგებლობის გეგმის შემუშავებისა და დამტკიცების წესის შესახებ” დებულების მე-3 მუხლის საფუძველზე (ტ. 2, ს.ფ. 327-328). ტყითსარგებლობის გეგმა მოიცავს როგორც სანიტარული ჭრებისა და ჩახერგილობის ლიკვიდაციის, ისე მთავარი სარგებლობის ჭრების უწყისებს. საქმეში დაცულია ასევე ტყეკაფების გამოყოფასთან დაკავშირებული წარმოების მასალა, ასევე ტყეკაფის პასპორტები, როგორც მთავარი სარგებლობის ჭრის, ისე სანიტარული ჭრისა და ჩახერგილობის ლიკვიდაციის მარაგის მოცულობის გათვალისწინებით (ტ. 2, ს.ფ. 16-301). მხარისათვის გადაცემული ლიცენზიის საფუძველზე 200--2013 წლებში გაცემულია ხე-ტყის წარმოშობის (დამადასტურებელი) დოკუმენტები, რომლებიც შპს „ტ---ზე“ გაცემულია როგორც მთავარი სარგებლობის ჭრის, ისე სანიტარული ჭრისა და ჩახერგილობის ლიკვიდაციის შედეგად მოპოვებული ხე-ტყის მოპოვებისათვის. საქმეში ასევე დაცულია შპს „ტ---ს“ 2013 წლის 9 სექტემბრის N7- წერილი, რომლის თანახმად, შპს „ტ---ს“ N1----- ლიცენზიის საფუძველზე, 200- წელს ათვისებული აქვს 29 მ3; 2010 წელს - 1260,5 მ3 სამასალე მერქანი და 1000 მ3 საშეშე მერქანი; 2011 წელს ათვისებული აქვს 1811,854მ3 სამასალე მერქანი და 1528,8 მ3 საშეშე მერქანი; 2012 წელს ათვისებული აქვს 1982,824 მ3 სამასალე მერქანი და 185 მ3 საშეშე მერქანი; 2013 წელს - 446,075 მ3 სამასალე მერქანი და 3,95მ3 საშეშე მერქანი. სულ უტყისუბნის სატყეოდან ათვისებულია 8248,003 მ3, მათ შორის, 5530,253 მ3 სამასალე და 2717,75მ3 საშეშე მერქანი, რაზეც გადახდილი მოსაკრებლის თანხა შეადგენს 145714,8 ლარს (ტ. 1, ს.ფ. 104), რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით (ტ. 1, ს.ფ. 190-223). აპელანტის მითითებით, საქალაქო სასამართლომ, დაადგინა რა ზემოაღნიშნული ფაქტები, კერძოდ კი ის, რომ შპს „ტ---ს“ ტყითსარგებლობის გეგმა არ დაურღვევია, რესურსი აქვს მოპოვებული მხოლოდ უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ბილეთების საფუძველზე და გადახდილი აქვს მოსაკრებელი სრულად, სასამართლომ მაინც მიიჩნია, რომ შპს „ტ---მ“ დაარღვია კანონი, კერძოდ, არ გადასცა ტყის მართვის ორგანოს ის რესურსი, რაზეც გადახდილი ჰქონდა მოსაკრებელი. აპელანტის განმარტებით, კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ტყის მართვის ორგანოსათვის იმ რესურსის გადაცემას, რომელზეც ლიცენზიანტმა გადაიხადა მოსაკრებელი, სასამართლო სწორედ აღნიშნულის გამო ვერ უთითებს სამართლებრივ საფუძველს და ასკვნის, რომ შპს „ტ---ზე“ ტყეკაფები გამოიყო და ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტები ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაიცა N1----- სპეციალური ლიცენზიით გათვალისწინებული ლიკვიდური მარაგის გადაჭარბებით, რამაც შპს „ტ---ს“, მიუხედავად საკანონმდებლო ცვლილებებისა, შეუქმნა ფაქტობრივი საფუძველი ლიცენზიით დადგენილი პირობების გაუთვალისწინებლად (ლიკვიდური მარაგის ფარგლების გადაცილებით (როგორც რაოდენობრივად, ისე ხის ჯიშის გათვალისწინებით)) მიეღო ეკონომიკური სარგებელი. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლოს მსჯელობა ნიშნავს იმას, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ გამოსცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებირივი აქტები, რომლებიც შესრულდა ლიცენზიანტის მიერ, თუმცა ამ აქტებით შპს „ტ---ს“ მიეცა შესაძლებლობა გადაჭარბებით მოეპოვებინა რესურსი და მიეღო ეკონომიკური სარგებელი. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლოს აღნიშნული მსჯელობაც არასწორია, ვინაიდან სასამართლოს მიერ თავიდანვე არასწორად იქნა დადგენილი და განსაზღვრული ლიკვიდური მარაგის ოდენობა (იხ. პირველი ფაქტობრივი უსწორობის დასაბუთება). სასამართლოს მიერ დარღვევად მიჩნეულია ის გარემოება, რომ მთავარი სარგებლობის ჭრასთან ერთად, სხვა სახის ჭრებით მოპოვებული ხე-ტყის ჯამური ოდენობა აღემატება ლიცენზიით გათვალისწინებული მთავარი სარგებლობის ჭრისათვის გათვალისწინებულ ოდენობას. რაც შეეხება მთავარი სარგებლობის ჭრით მოპოვებულ მოცულობას, ცალსახად დასტურდება, რომ ლიცენზიით გათვალისწინებულზე ნაკლებია.
აპელანტის განმარტებით, მსჯელობა იმის თაობაზე, რომ შპს „ტ---ს“ მიერ რესურსი მოპოვებულია ლიცენზიით გათვალისწინებული ოდენობის გადაჭარბებით, ჯერ ადმინისტრაციულ ორგანოს, ხოლო შემდგომ სასამართლოს დასჭირდა მხოლოდ იმისათვის, რომ ლიცენზიანტისათვის ლიცენზია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით გაეუქმებინათ და მას არ ჰქონოდა შესაძლებლობა ადმინისტრაციული წარმოებისას წარედგინა თავისი პოზიცია, რაც თავისთავად გამოიწვევდა ლიცენზიის გაუქმების პროცედურის გახანგრძლივებას. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონი ითვალისწინებს ლიცენზიის გამცემის უფლებას გააუქმოს ლიცენზია თუ არსებობს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და აღნიშნული კანონით გათვალისწინებული წინაპირობები, თუმცა ცალსახად განსაზღვრავს, რომ დაუშვებელია ლიცენზიის გაუქმება ადმინისტრაციული წარმოებისა და ლიცენზიის მფლობელისათვის პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობის მიცემის გარეშე. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის გაუქმება ნიშნავს ლიცენზიის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად ძალადაკარგულად გამოცხადებას. ამავე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად კი, ლიცენზიის გამცემი ლიცენზიის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ლიცენზიის გაცემისათვის ამ კანონით დადგენილი წესით. ლიცენზიის გამცემი ვალდებულია ლიცენზიის მფლობელს დაუყოვნებლივ აცნობოს ლიცენზიის გაუქმების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ. აპელანტი საყურადღებოდ მიიჩნევს, რომ ლიცენზიის გაუქმების თაობაზე არათუ წარმოების დაწყების თაობაზე არ ეცნობა ლიცენზიის მფლობელს, გასაჩივრებული ბრძანებაც არ ჩაბარებია კანონით დადგენილი წესით. ცალსახაა, რომ მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციულმა ორგანომ არ იხელმძღვანელა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე და 96-ე მუხლების იმპერატიული დანაწესით და ადმინისტრაციული აქტი გამოსცა დასაბუთების გარეშე, დაინტერესებული პირის მოსაზრებების გაუთვალისწინებლად, ლიცენზიის გაუქმების შესახებ ბრძანების გამოცემისას სააგენტომ იხელმძღვანელა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-4 პირმა პუნქტით, რომლის თანახმად, თუ აშკარაა, რომ სარგებლობის ლიცენზიის პირობების ან/და კონკრეტული ობიექტით სარგებლობისათვის დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო ლიცენზიის მფლობელის დაჯარიმებას შედეგი არ მოჰყვება, ლიცენზიის გამცემი უფლებამოსილია, მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით გააუქმოს ლიცენზია. მოცემული საქმის განხილვისას, ცხადი გახდა ის გარემოება, რომ სააგენტომ პირდაპირ შეასრულა პროკურორის უკანონო მითითება (იხ. სარჩელის დანართი 7 - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი). საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების გარემოსდაცვითი დეპარტამენტის ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის ტყითსარგებლობის კონტროლის განყოფილების მიერ შედგენილი ინსპექტირების აქტითაც დასტურდება, რომ შპს „ტ---ს“ მოპოვებულ რესურსზე გადახდილი აქვს შესაბამისი მოსაკრებელი, ამასთანავე, ინსპექტირების აქტში არ არის მითითებული არანაირ დარღვევაზე შპს „ტ---ს“ მხრიდან (აღნიშნულს ადასტურებს სასამართლოც; იხ. გადაწყვეტილების 4.4 პუნქტი). მიუხედავად აღნიშნულისა, სააგენტომ გააუქმა ლიცენზია მარტივი ადმინისტრაციული წესით, ისე, რომ ამ ფორმით გადაწყვეტილების მიღების მიზანშეწონილობა არ დაუსაბუთებია, ხოლო სამინისტრომ და შემდგომ - სასამართლომ გაიზიარეს სააგენტოს დაუსაბუთებელი პოზიცია, სასამართლომ შპს „ტ---ს“ არგუმენტაციის მოსმენის მიუხედავად, აბსოლუტურად დაუსაბუთებლად გააიგივა მთავარი ჭრით მოსაპოვებელი რესურსის ლიკვიდური მარაგი, მთავარ ჭრასთან ერთად სავალდებულო მოვლითი ჭრებით მოსაპოვებელი რესურის ლიკვიდურ მარაგთან. მსგავსი რამის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება ან ნორმატიული აქტი არ არსებობს, შესაბამისად, ლიკვიდური მარაგის ოდენობის ამ სახით წარმოჩენა მხოლოდ და მხოლოდ სასამართლოს სურვილია და არ გამომდინარეობს კანონმდებლობიდან.
აპელანტის განმარტებით, საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რომ შპს „ტ---ს“ მიმართ გამოცემულია ადმინისტრაციული სამართლადარღვევის ოქმი ან გამოტანილია განაჩენი სისხლის სამართლის საქმეზე. მეტიც, მოხსენებით ბარათში მითითებულია, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი არ გამოცემულა, ხოლო რაც შეეხება ინსპექტირების აქტის საფუძველზე დაწყებულ გამოძიებას სისხლის სამართლის საქმეზე, აღნიშნული დასრულდა გამამართლებელი განაჩენით. სასამართლომ აბსოლუტურად დაუსაბუთებლად მიიჩნია, რომ მოცემული დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობა არა აქვს, დადგენილია თუ არა შპს „ტ---ს“ მიერ ადმინისტრაციული სამართლადარღვევის ჩადენის ფაქტი ან დამდგარია თუ არა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა და მხოლოდ მოსაპოვებელი რესურსის ლიკვიდური მარაგის გადამეტება ჩათვალა მარტივი ადმინისტრაციული წარმოების გზით ლიცენზიის გაუქმების საფუძვლად. ლიცენზიით განსაზღვრული მთავარი სარგებლობის ჭრით მოსაპოვებელი ლიკვიდური მარაგი არ არის გადაჭარბებული, რაც ცალსახად ჩანს სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებებიდან, თუმცა ამ გარემოებას სასამართლოსათვის ხელი არ შეუშლია მიეღო უკანონო გადაწყვეტილება და ამ მიზნით, აბსოლუტურად დაუსაბუთებლად, სამართლებრივი ნორმების მითითების გარეშე, მხოლოდ და მხოლოდ ტერმინის „ლიკვიდური მარაგის“ არასწორი ინტერპრეტაციის შედეგად დაადგინა, რომ შპს „ტ---მ“ დაარღვია სალიცენზიო პირობები.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების დასაბუთება
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, როდესაც არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები (სსსკ-ის 394-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები), სააპელაციო სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოიტანოს გადაწყვეტილება, რა დროსაც სსსკ-ის 386-ე მუხლის მიხედვით გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 200- წლის 12 ოქტომბრის N1-1----- ბრძანებით დადგინდა, რომ შპს „ტ---ზე“, გრძელვადიანი ტყითსარგებლობის მიზნით, ს--–-------------- რეგიონალური სატყეო სამმართველოს ა-------ს ყოფილი სატყეო უტყისუბნის (10-13, 15-18, 21-26, 28-29 კვარტლები) ყოფილ სატყეო უბანზე (საერთო ფართობით 2571 ჰა, მათ შორის, საექსპლუატაციო ფართობი 60,8 ჰა), 10 წლის ვადით უნდა გაცემულიყო ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზია. ლიცენზიით გათვალისწინებული მოსაჭრელი ლიკვიდური მარაგი განისაზღვრებოდა მთავარი სარგებლობის ჭრით, სოჭი- 5067მ3 (სამასალე - 3550მ3 და საშეშე - 1517მ3). ბრძანების გამოცემის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულ იქნა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონის მე-5 მუხლი და 7.4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი; საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს N132 დადგენილებით დამტკიცებული „ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების“ 3.1 მუხლი.
ზემოაღნიშნული ბრძანებით დადგენილი პირობების შესაბამისად, 200- წლის 19 ოქტომბერს შპს „ტ---ზე“ გაიცა ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზია N1-----. ლიცენზიაში ჭრის სახედ მითითებულ იქნა „მთავარი სარგებლობის ჭრა“; მოსაპოვებელი რესურსის სახეობად განისაზღვრა „სოჭი“, ხოლო მოსაპოვებელი რესურსის რაოდენობა განისაზღვრა შემდეგნაირად: სამასალე - 3 550 მ3, საშეშე - 1 517 მ3 , ლიკვიდური მარაგი - 5067მ3. ლიცენზიის მოქმედების ვადად განისაზღვრა 200- წლის 12 ოქტომბრიდან 2019 წლის 12 ოქტომბერი.
4.2. შპს „ტ---ზე“ 200- წლის 19 ოქტომბერს გაცემული ხე-ტყის დამზადების სპეციალური N1----- ლიცენზიის საფუძველზე დამტკიცებულია ტყითსარგებლობის გეგმა, ტყეკაფის გამოყოფის აქტები, გაცემულია ტყეკაფის მიღება-ჩაბარების აქტები.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 200- წლიდან 2013 წლის ჩათვლით შპს „ტ---ზე“ ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტები გაცემულია როგორც მთავარი სარგებლობის ჭრის, ისე სანიტარული ჭრის სახეობების მიხედვით, ასევე ჩახერგილობის გაწმენდის მიხედვით.
4.3. სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს თანამშრომლებმა შეამოწმეს შპს “ტ---ზე” გაცემული №1----- სპეციალური ლიცენზიით გადაცემული უტყისუბნის სატყეოს შესაბამისი კვარტლები. 2011 წლის 8 სექტემბერს შედგენილი აქტის მიხედვით, სულ გამოვლინდა უკანონოდ მოჭრილი 11 ძირი წიწვოვანი ჯიშის ხე, საერთო მოცულობით - 8,51მ3, გარემოსათვის მიყენებულმა ზიანის თანხამ შეადგინა 594,42 ლარი, ხოლო ტყეკაფის გაუწმენდაობით - 91-70 ლარი.
4.4. სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს ტყისა და ველური ბუნების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა შეამოწმეს შპს „ტ---ზე“ გაცემული №1----- ხე-ტყის დამზადების ლიცენზიით გათვალისწინებული პირობებისა და გარემოსდაცვითი კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესრულების მდგომარეობა, შემოწმების შედეგები აისახა 2012 წლის 10 დეკემბერს შედგენილ შემოწმების აქტში. აღნიშნული აქტით დგინდება, რომ სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფროსის 2012 წლის 22 ნოემბრის №13/711 და 4 დეკემბრის №13/783 ბრძანებების საფუძველზე, ამავე სააგენტოს ტყისა და ველური ბუნების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩაატარეს შპს ”ტ---ს” მიერ №1----- ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიით გათვალისწინებული პირობებისა და გარემოს დაცვითი კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესრულების შემოწმება. შემოწმების პერიოდში აღრიცხვულ იქნა უკანონო ჭრები, სულ 1 048 მ3. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 2 თებერვლის №2 ბრძანებით დამტკიცებული გარემოსათვის მიყენებული ზიანის განსაზღვრის მეთოდიკის მიხედვით გაანგარიშებული იქნა უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყით გარემოსთვის მიყენებული ზიანი, რომელმაც შეადგინა 124 0-2 ლარი, ბუნებრივი რესურსების სარგებლობისთვის მოსაკრებელმა - 20 502 ლარი. ასევე, განისაზღვრა ტყეკაფების წესების დარღვევით გამოყოფის შედეგად გარემოსათვის მიყენებული ზიანი - 4 162, 5 ლარი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „ტ---ს“ სარჩელი, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს 2012 წლის 10 დეკემბრის შემოწმების აქტი და მის საფუძველზე გამოცემული გარემოსათვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის მოთხოვნა. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის მოთხოვნა გამოსცა ისე, რომ არ გამოუკვლევია, 2012 წლის 10 დეკემბრის შემოწმების აქტით გამოვლენილ დარღვევებს მოჰყვა თუ არა შესაბამისი რეაგირება, სამართალდარღვევის ოქმის შედგენისა და სამართალდამრღვევისთვის შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრების სახით.
4.5. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების გარემოსდაცვითი დეპარტამენტის ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის ტყითსარგებლობის კონტროლის განყოფილების თანამშრომლებმა 2013 წლის 10 სექტემბრის ინსპექტირებისას გამოავლინეს, რომ შპს „ტ---ს“ მიერ №1----- სპეციალური ლიცენზიის საფუძველზე ათვისებული მერქანი აღემატება ლიცენზიით გათვალისწინებული ლიკვიდური მარაგის (5067მ3) მოცულობას.
2013 წლის 12 სექტემბერს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების გარემოსდაცვითი დეპარტამენტის ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის ტყითსარგებლობის კონტროლის განყოფილებამ შეადგინა ანგარიში შპს „ტ---ზე“ გაცემული №1----- ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის პირობებისა და გარემოსდაცვითი კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესრულების მდგომარეობის შემოწმების თაობაზე.
4.6. სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 16 იანვრის №- ბრძანებით ძალადაკარგულად გამოცხადდა შპს „ტ---ზე“ გრძელვადიანი ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის გაცემის შესახებ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 200- წლის 12 ოქტომბრის №1-1----- ბრძანება და მის საფუძველზე შპს „ტ---ზე“ გაცემული ს--–-------------- რეგიონალური სატყეო სამმართველოს ა-------ს ყოფილი სატყეო უტყისუბნის (10-13, 15-18, 21-26, 28-29 კვარტლები) ყოფილ სატყეო უბანზე საერთო ფართობით 2571 ჰა (მათ შორის საექსპლუატაციო ფართობი 6,08 ჰა) გრძელვადიანი ტყითსარგებლობის მიზნით ხე-ტყის დამზადების №1----- სპეციალური ლიცენზია (ტ. 1, ს.ფ. 96-97).
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2014 წლის 4 აპრილის №----- ბრძანებით შპს „ტ---ს“ უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე (ტ.1, ს.ფ.17; 138-171).
5. სამართლებრივი დასაბუთება
5.1. სააპელაციო პალატა მიუთითებს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონზე, რომლის 7.4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სარგებლობის ლიცენზიის სახეს წარმოადგენს ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზია. „ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესი და პირობები“ კი განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის 11.08.2005წ. N132 დადგენილებით დამტკიცებული „ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებით. აღნიშნული დებულების 8.1 მუხლში მოცემულია ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის მფლობელისათვის სავალდებულოდ გასათვალისწინებელი სალიცენზიო პირობები. ამავე დებულების მე-81 მუხლის თანახმად, ლიცენზიის გაუქმება ხორციელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
პალატა ასევე მიუთითებს 200- წელს შპს „ტ---ზე“ ლიცენზიის გაცემის დროს მოქმედი რედაქციის საქართველოს ტყის კოდექსზე, რომლითაც ტყითსარგებლობა განმარტებულია, როგორც სახელმწიფოსა და მისი მოსახლეობის ეკოლოგიური, ეკონომიკური და სოციალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების მიზნით, საქართველოს ტყის ფონდის სასარგებლო თვისებების გამოყენება და ამ ფონდის ტერიტორიაზე არსებული ეკონომიკური და სხვა ღირებულების მქონე რესურსების მოპოვება. აღნიშნული კოდექსის 51.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს ტყის ფონდის ტერიტორიაზე შესაძლო განსახორციელებელი ტყითსარგებლობის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს ხე-ტყის დამზადება (ტყითსარგებლობა მერქნის მიღების მიზნით). ამავე კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, აკრძალულია ტყითსარგებლობა ტყითსარგებლობის ლიცენზიის, ხელშეკრულებისა და ბილეთის გარეშე, ამ კოდექსის 78-ე მუხლითა და 106-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული შემთხვევების გარდა. აღნიშნული კოდექსის 55.1 მუხლის თანახმად, ტყითსარგებლობის სანებართვო დოკუმენტებია ტყითსარგებლობის ლიცენზია, ხელშეკრულება და ბილეთი. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ტყითსარგებლობის ლიცენზიით, ხელშეკრულებითა და ბილეთით განისაზღვრება: ა) ტყითსარგებლობის ადგილი; ბ) ტყითსარგებლობის სახე; გ) ტყითსარგებლობის ვადები; დ) ასათვისებელი რესურსის სახე და ოდენობა; ე) რესურსის მოპოვების დასაშვები ფორმები და მეთოდები; ვ) რესურსის ღირებულება, სხვა გადასახადები და მოსაკრებლები; ზ) ტყითმოსარგებლის სხვა უფლებები და პასუხისმგებლობა; თ) სხვა პირობები. ამავე კოდექსის 57-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, ამ კოდექსით განსაზღვრული ჭრის სახეებიდან ლიცენზირებას ექვემდებარება მთავარი სარგებლობისა და გავლითი ჭრები, გარდა ამ მუხლის მე-7 ნაწილით განსაზღვრული შემთხვევებისა; ხე-ტყის დამზადების მიზნით ხუთ წელზე მეტი ვადით ლიცენზია გაიცემა იმ იურიდიულ პირზე, რომელიც, რესურსების მოპოვების პარალელურად, თავის სამოქმედო ტერიტორიაზე უზრუნველყოფს ტყის მოვლის, დაცვისა და აღდგენის ტყეთმოწყობის პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების განხორციელებას.
მითითებული კოდექსის (№1----- ლიცენზიის გაცემის დროს მოქმედი რედაქცია) 68-ე მუხლის თანახმად: 1. საქართველოს ტყის ფონდის ტერიტორიაზე ხე-ტყის დამზადების მიზნით ხორციელდება მთავარი სარგებლობისა და გავლითი ჭრები, თუ უზრუნველყოფილია მერქნის თანაბარი და უწყვეტი მოპოვების პირობები ტყის სასარგებლო ბუნებრივი თვისებებისათვის ზიანის მიუყენებლად; 2. ხე-ტყის დამზადება შეიძლება განხორციელდეს, აგრეთვე გაწმენდითი, გამოხშირვითი, სარეკონსტრუქციო, სანიტარიული და სპეციალური ჭრებით; 3. მთავარი სარგებლობის ჭრა ხორციელდება მწიფე და მწიფეზე უხნეს კორომებში; 4. გაწმენდითი, გამოხშირვითი, სარეკონსტრუქციო, სანიტარიული და გავლითი ჭრები ხორციელდება შესაბამისად ამ კოდექსის 101-105-ე მუხლებით განსაზღვრულ კორომებში. ამავე კოდექსის 70-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მთავარი სარგებლობის ჭრის სახეა ნებით-ამორჩევითი ჭრა. ამავე კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად: 1. ტყეკაფი გამოიყოფა და ტყითმოსარგებლეს გადაეცემა ერთ წლამდე ვადით ტყითსარგებლობისათვის; 2. ტყეკაფის ოდენობის გადამეტებით ჭრა დაიშვება მხოლოდ წინა წელს აუთვისებელი ტყეკაფის ხარჯზე; 3. ტყითმოსარგებლეს ტყეკაფი გადაეცემა ტყითსარგებლობის დოკუმენტის საფუძველზე ხე-ტყის ზეზეურად გაცემის წესით შესაბამისად ამ კოდექსის მე-15 და მე-16 მუხლებით უფლებამოსილი ორგანოების ტერიტორიული ორგანოების მიერ. ამავე კოდექსის 93.1 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ამ კოდექსის მოთხოვნათა დაცვით დამზადებული ხე-ტყის ტყიდან ტრანსპორტირებისთვის თითოეულ სატრანსპორტო საშუალებაზე გაიცემა ხე-ტყის კანონიერად დამზადების დამადასტურებელი დოკუმენტი. კოდექსის 99-ე მუხლის „ე“ პუნქტის თანახმად, კორომთა ხნოვანებისა და ფუნქციური დანიშნულების მიხედვით განსაზღვრული მოვლითი ჭრის ერთ-ერთი სახეა სანიტარიული ჭრა. ამავე კოდექსის 104.1 მუხლის თანახმად, სანიტარიული ჭრა ხორციელდება 0,4-ზე მეტი სიხშირის კორომებში, მათი სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესების აუცილებლობის შემთხვევაში და გულისხმობს განსაზღვრული უბნის ტერიტორიაზე ზეხმელი, ხმელი, ხმობადი, ძლიერ ფაუტი (ფუტურო) და მავნებლებით ძლიერ დაზიანებული ხეების მოჭრას და ტყიდან გამოტანას, აგრეთვე სტიქიით მოთხრილი და მოტეხილი ხეების ტყიდან გამოტანას. ამავე კოდექსის 106-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გავლითი და სანიტარიული ჭრები ხორციელდება ტყითმოსარგებლის მიერ ტყითსარგებლობის დოკუმენტის საფუძველზე.
მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 200- წლის 12 ოქტომბრის N1-1----- ბრძანებით დადგინდა შპს „ტ---ზე“ გრძელვადიანი ტყითსარგებლობის მიზნით, ს--–-------------- რეგიონალური სატყეო სამმართველოს ა-------ს ყოფილი სატყეო უტყისუბნის (10-13, 15-18, 21-26, 28-29 კვარტლები) ყოფილ სატყეო უბანზე (საერთო ფართობით 2571 ჰა, მათ შორის, საექსპლუატაციო ფართობი 60,8 ჰა), 10 წლის ვადით ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის გაცემა. ლიცენზიით გათვალისწინებული მოსაჭრელი ლიკვიდური მარაგი უნდა განსაზღვრულიყო მთავარი სარგებლობის ჭრით, სოჭი- 5067მ3 (სამასალე - 3550მ3 და საშეშე - 1517მ3). აღნიშნული ბრძანებით დადგენილი პირობების შესაბამისად, 200- წლის 19 ოქტომბერს შპს „ტ---ზე“ გაიცა ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზია N1-----. ლიცენზიაში ჭრის სახედ მითითებულ იქნა „მთავარი სარგებლობის ჭრა“; მოსაპოვებელი რესურსის სახეობად განისაზღვრა „სოჭი“, ხოლო მოსაპოვებელი რესურსის რაოდენობა განისაზღვრა შემდეგნაირად: სამასალე - 3 550 მ3, საშეშე - 1 517 მ3 , ლიკვიდური მარაგი - 5067მ3. ლიცენზიის მოქმედების ვადად განისაზღვრა 200- წლის 12 ოქტომბრიდან 2019 წლის 12 ოქტომბერი.
სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 16 იანვრის N9 ბრძანების ბათილად ცნობა, რომლითაც ძალადაკარგულად გამოცხადდა შპს „ტ---ზე“ გრძელვადიანი ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის გაცემის შესახებ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 200- წლის 12 ოქტომბრის №1-1----- ბრძანება და მის საფუძველზე, შპს „ტ---ზე“, გრძელვადიანი ტყითსარგებლობის მიზნით, ს--–-------------- რეგიონალური სატყეო სამმართველოს ა-------ს ყოფილი სატყეო უტყისუბნის (10-13, 15-18, 21-26, 28-29 კვარტლები) ყოფილ სატყეო უბანზე (საერთო ფართობით 2571 ჰა, მათ შორის, საექსპლუატაციო ფართობი 60,8 ჰა) გაცემული ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზია. დადგენილია, რომ 2014 წლის 16 იანვრის N9 ბრძანების გამოცემის ფაქტობრივი საფუძველი გახდა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების გარემოსდაცვითი დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ინსპექტირების შედეგები, რომლითაც გამოვლინდა, რომ შპს „ტ---ს“ მიერ №1----- სპეციალური ლიცენზიის საფუძველზე ათვისებული მერქანის მოცულობა აღემატებოდა ლიცენზიით გათვალისწინებული ლიკვიდური მარაგის (5067მ3) მოცულობას, კერძოდ, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების გარემოსდაცვითი დეპარტამენტის მიერ განხორციელებული შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ შპს „ტ---ს“ მიერ №1----- ლიცენზიის საფუძველზე ათვისებული ჰქონდა 8248,003 მ3, მათ შორის 5530,253 მ3 სამასალე და 2717,75მ3 საშეშე მერქანი.
საქალაქო სასამართლომ საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით დადგენილად მიიჩნია, რომ შპს „ტ---ს“ მიერ მოპოვებული ხე-ტყის მარაგის ზოგადი შეჯამებით მიღებული მონაცემი აღემატება ლიცენზიით გათვალისწინებული მოსაჭრელი ლიკვიდური მარაგის (5067 მ3, მათ შორის სამასალე - 3550მ3, საშეშე - 1517მ3) ოდენობას, მასთანავე, სასამართლომ მიუთითა, რომ როგორც ტყეკაფის პასპორტის მიხედვით, მთავარი სარგებლობის ჭრისათვის ტყეკაფში მონიშნული ტყეების სახეობა მითითებულია როგორც სოჭი, ისე ნაძვი, ასევე ხე-ტყის წარმოშობის დამადასტურებელ დოკუმენტებში მითითებულია ორივე ჯიშის ხე, ან ზოგადად წიწვოვანი სახეობა. ამდენად, სადღეისოდ შეუძლებელია იმ გარემოების ზუსტად დადგენა, შპს „ტ---მ“ №1----- სპეციალური ლიცენზიის საფუძველზე მთავარი სარგებლობის ჭრით გათვალისწინებული ლიკვიდური მარაგის რა ოდენობა აითვისა სოჭის ჯიშის ხე-ტყით. საქალაქო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ტყით სარგებლობის გეგმის №27 ცხრილში მოცემულ მაჩვენებელზე და აღნიშნა, რომ ტყით სარგებლობის გეგმის თანახმად, შპს „ტ---სთვის“ გამოყოფილ 2571 ჰა-ზე დადგენილი ხე-ტყის საერთო ლიკვიდური მარაგით (მთავარი სარგებლობის ჭრა, სანიტარული ჭრები, ჩახერგილობის ლიკვიდაცია) უნდა უზრუნველყოფილიყო როგორც ლიცენზიანტის უფლება ხე-ტყის მოპოვებაზე, ისე ტყით სარგებლობის გეგმით დამტკიცებული ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნილება საშეშე და სამასალე მერქანზე, რაც მოცემულ შემთხვევაში, არ დასტურდება.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეზე დავის საგნის შინაარსისა და საქალაქო სასამართლოს მიერ სადავო საკითხზე გაკეთებული დასკვნებიდან გამომდინარე, უნდა შეფასდეს - №1----- სპეციალური ლიცენზიით განსაზღვრული ხე-ტყის ლიკვიდური მარაგის დათვლისას, ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა გათვალისწინებინა თუ არა მთავარი ჭრის გარდა სხვა სახის ჭრებით მიღებული ხე-ტყის მოცულობა, იმ პირობებში, როდესაც დადგენილია, რომ გაცემული ლიცენზიით შპს „ტ---სათვის“ ხე-ტყის ჭრის სახედ განისაზღვრა მხოლოდ „მთავარი სარგებლობის ჭრა“.
პალატა მიუთითებს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონის 21.6 მუხლზე, რომლის თანახმად, ლიცენზიის გამცემი სალიცენზიო პირობების შესრულების კონტროლს ახორციელებს მხოლოდ სალიცენზიო პირობების შემოწმებით. ლიცენზიის გამცემს უფლება არა აქვს შეამოწმოს ან მოითხოვოს ისეთი ფაქტობრივი გარემოებების წარდგენა, რომლებიც უშუალოდ არ არის დაკავშირებული ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დაცვასთან. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეზე დავის საგანი უკავშირდება მოსარჩელის სახელზე გაცემული ლიცენზიის ძალდაკარგულად გამოცხადებას, მასში მითითებული პირობების შეუსრულებლობის გამო. დადგენილია, რომ სალიცენზიო პირობას წარმოადგენდა მთავარი სარგებლობის ჭრით სოჭის ჯიშის ხე-ტყის მოპოვება, რომლის ლიკვიდური მარაგიც, ლიცენზიაში მითითებული პერიოდის განმავლობაში, არ უნდა ყოფილიყო 5067მ3-ზე მეტი. პალატის მოსაზრებით, სალიცენზიო პირობების დარღვევის საფუძვლით ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადებაზე უფლების მქონე ადმინისტრაციულ ორგანოს ერთმნიშვნელოვნად არ დაუდგენია, რომ სწორედ ლიცენზიით განსაზღვრული პირობების დარღვევას ჰქონდა ადგილი შპს „ტ---ს“ მხრიდან, ის გარემოება, რომ შესაძლოა, საერთო ჯამში, მთავარი სარგებლობის და სხვა სახის ჭრებით შპს „ტ---მ“ ტყითსარგებლობის გეგმა ვერ შეასრულა - ვერ უზრუნველყო მისთვის გამოყოფილ 2571 ჰა-ზე დადგენილი ლიკვიდური მარაგით მოსახლეობის და საკუთარი უფლების დაკმაყოფილება, არ წარმოადგენს სადავო საკითხის შპს „ტ---ს“ საწინააღმდეგოდ გადაწყვეტის უშუალო წინაპირობას.
სააპელაციო პალატა მართებულად მიიჩნევს აპელანტის მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ დასაბუთებული არ არის, რატომ უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული ლიკვიდური მარაგის დათვლისას მთავარი ჭრის გარდა სხვა ჭრით მოპოვებული ხე-ტყის მოცულობა. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ შპს „ტ---ზე“ გაცემული ლიცენზიით განსაზღვრული მოსაჭრელი ხე-ტყის ლიკვიდური მარაგი დადგინდა მხოლოდ მთავარი სარგებლობის ჭრასთან მიმართებით, ლიცენზიაში არ არის მითითება სხვა სახეობის ჭრის განსაზღვრისა და მთავარი სარგებლობის ჭრისათვის დადგენილ ოდენობასთან ერთად, მათი რაოდენობის გათვალისწინების შესახებ, ამ პირობებში, პალატის მოსაზრებით, ადმინისტრაციულ ორგანოს ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სადავო აქტის გამოცემით სათანადოდ უნდა დაესაბუთებინა - რატომ უნდა მიჩნეულიყო ლიცენზიის პირობების დარღვევად მასში მითითებული ჭრის სახეობისათვის განსაზღვრული ლიკვიდური მარაგისა და სხვა სახის (ლიცენზიით გაუთვალისწინებელი) ჭრებით მოპოვებული ხე-ტყის ოდენობის შეჯამებით მიღებული შედეგები. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ის გარემოება, რომ ტყის მართვის გეგმის მიხედვით, მოპოვებული ხე-ტყის მოცულობა გაცილებით მეტია, ვიდრე მთავარი სარგებლობის ჭრის მოპოვებისათვის ლიცენზიით დადგენილი რესურსის მოცულობა, ვერ გახდება იმგვარი დასკვნის გაკეთების საფუძველი, რომ საერთო (როგორც მთავარი სარგებლობის ჭრის, ასევე მოვლითი ჭრის) ჯამურ ლიკვიდურ მარაგად უნდა იქნეს განხილული 5067 მ3 და შესაბამისად, შპს „ტ---ს“ მხრიდან ლიცენზიის პირობების დარღვევა, ყველა სახეობის ჭრის შედეგების მიხედვით უნდა შეფასდეს. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მთავარი სარგებლობის ჭრით შპს „ტ---ს“ მიერ მოპოვებული მერქნის მოცულობა არ აღემატება ლიცენზიით გათვალისწინებულს, შესაბამისად, ადმინისტრაციულმა ორგანომ სათანადოდ არ შეაფასა შპს „ტ---ს“ მხრიდან შესაძლო სალიცენზიო პირობის დარღვევის ფაქტის არსებობა.
სააპელაციო პალატა მიუთითებს 200- წელს შპს „ტ---ზე“ ლიცენზიის გაცემის დროს მოქმედი რედაქციის საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს N132 დადგენილებით დამტკიცებულ „ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ“ დებულებაზე. აღნიშნული დებულების 11.1 მუხლით დადგენილი იყო, რომ ტყით სარგებლობის გეგმა არის კომპლექსური დოკუმენტი, რომელიც შემუშავებულია მომავალი ათწლიანი პერიოდისათვის ტყეთმოწყობის მასალების საფუძველზე და შეიცავს: ზოგად მონაცემებს არსებულ მდგომარეობაზე, ტყის დაცვის, აღდგენისა და ტყით სარგებლობის დაპროექტებულ ღონისძიებათა ცხრილებს, ტაქსაციურ და საგეგმო-კარტოგრაფიულ მასალებს. სააპელაციო პალატა ასევე მიუთითებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 26 სექტემბრის №6-- ბრძანებით დამტკიცებული ,,ტყით სარგებლობის გეგმის შემუშავებისა და დამტკიცების წესის შესახებ” დებულებაზე (200- წლის 12 ოქტომბერს მოქმედი რედაქცია, ძალადაკარგულია ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 27.08.2012წ. N277 ბრძანებით). აღნიშნული დებულებით განსაზღვრული იყო ტყის საკუთრებისა და სარგებლობის ფორმის მიუხედავად ,,ტყით სარგებლობის გეგმის შემუშავებისა და დამტკიცების წესი“, დებულების მიხედვით, გეგმაში აისახებებოდა ტყის ფონდის აღრიცხვიდან 10 წლის განმავლობაში განსახორციელებლი ტყის მოვლის, დაცვის, აღდგენის და ტყითსარგებლობის ღონისძიებები, რაც სავალდებულო იყო შესასრულებლად ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე ორგანოებისათვის და ლიცენზიანტისათვის. ამავე დებულების მიხედვით, გეგმას შეიმუშავებს ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე ორგანო, აგრეთვე სამოქმედო ტერიტორიაზე ლიცენზიანტი. გეგმის შედგენის საფუძველია ტყის ფონდის აღრიცხვის მასალები. დებულების მე-2 მუხლის თანახმად, გეგმის შედგენის მიზანია ტყით სარგებლობას დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე განსახორციელებელი საქმიანობის განსაზღვრა სარევიზიო პერიოდის განმავლობაში; გეგმა იქმნება ტყის ფონდის აღრიცხვის მასალების საფუძველზე ტყითსარგებლობის ობიექტის ფუნქციონალური დანიშნულების გათვალისწინებით, ტყითსარგებლობის მიზნების მისაღწევად და აკრძალულია გეგმის გარეშე ტყითსარგებლობის განხორციელება. აღნიშნული დებულების მეორე თავით დადგენილია, თუ რა მონაცემებს უნდა შეიცავდეს ტყით სარგებლობის გეგმა.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეს ერთვის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 26 სექტემბრის №6-- ბრძანებით დამტკიცებული ,,ტყით სარგებლობის გეგმის შემუშავებისა და დამტკიცების წესის შესახებ” დებულების საფუძველზე გამოცემული, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2010 წლის 6 აგვისტოს Nი---- ბრძანებით დამტკიცებული ს--–-------------- რეგიონალურ სატყეო სამმართველოს მართვას დაქვემდებარებულ ა-------ს სატყეო უბანში ყოფილი უტყისუბნის სატყეო შპს „ტ---ზე“ გაცემული ხე-ტყის დამზადების N1----- სპეციალური ლიცენზიით გათვალისწინებული ფართობის (2571 ჰა) ტყით სარგებლობის გეგმა. აღნიშნული ტყითსარგებლობის გეგმა მოიცავს როგორც სანიტარული ჭრებისა და ჩახერგილობის ლიკვიდაციის, ისე მთავარი სარგებლობის ჭრების უწყისებს. საქმეში დაცულია ასევე ტყეკაფების გამოყოფასთან დაკავშირებული წარმოების მასალა, ასევე ტყეკაფის პასპორტები, როგორც მთავარი სარგებლობის ჭრის, ისე სანიტარული ჭრისა და ჩახერგილობის ლიკვიდაციის მარაგის მოცულობის გათვალისწინებით. მხარისათვის გადაცემული ლიცენზიის საფუძველზე, 200--2013 წლებში გაცემულია ხე-ტყის წარმოშობის (დამადასტურებელი) დოკუმენტები, რომლებიც შპს „ტ---ზე“ გაცემულია როგორც მთავარი სარგებლობის ჭრის, ისე სანიტარული ჭრისა და ჩახერგილობის ლიკვიდაციის შედეგად მოპოვებული ხე-ტყის მოპოვებისათვის. აღნიშნულ დოკუმენტებში მოჭრილი ხე-ტყის სახეობა რიგ შემთხვევაში განსაზღვრულია სახეობის (ჯიშის) მიხედვით (სოჭი, ნაძვი), ხოლო რიგ შემთხვევაში, მითითებულია წიწვიანები.
პალატის მოსაზრებით, მართალია, ზემოაღნიშნული ტყით სარგებლობის გეგმა დამტკიცებულია შპს „ტ---ზე“ გაცემული ხე-ტყის დამზადების N1----- სპეციალური ლიცენზიის საფუძველზე, თუმცა, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან სადავო აქტის გამოცემისას სათანადო დასაბუთებას საჭიროებდა საკითხი - გეგმაში მთავარი სარგებლობის ჭრის გარდა სხვა სახეობის ჭრების დაფიქსირებამ შეცვალა თუ არა ლიცენზიით დადგენილი პირობა, რაც შპს „ტ---სათვის“ მხოლოდ მთავარი სარგებლობის ჭრასთან მიმართებაში გულისხმობდა ლიკვიდური მარაგის დაწესებას. პალატის მოსაზრებით, გაურკვეველია, რატომ შეფასდა ლიკვიდური მარაგის ოდენობისათვის გადაჭარბებად მთავარი სარგებლობის ჭრით მოპოვებულ ხე-ტყის მარაგთან სხვა სახის ჭრებით მოპოვებული ხე-ტყის მარაგთან შეჯამების შედეგები და შესაბამისად, რატომ იქნა მიჩნეული აღნიშნული შედეგები ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძვლად. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ ლიცენზიაში მითითებული ჭრის სახეობით - მთავარი სარგებლობის ჭრით მოპოვებული ხე-ტყის მოცულობა აღემატება ლიცენზიით გათვალისწინებულ მაქსიმალურ ოდენობას.
5.2. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონის 22.41 მუხლის თანახმად, თუ აშკარაა, რომ სარგებლობის ლიცენზიის პირობების ან/და კონკრეტული ობიექტით სარგებლობისათვის დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო ლიცენზიის მფლობელის დაჯარიმებას შედეგი არ მოჰყვება, ლიცენზიის გამცემი უფლებამოსილია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით გააუქმოს ლიცენზია. ამავე კანონის 22.5 მუხლის თანახმად, ლიცენზიის გამცემმა ლიცენზიის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებაში უნდა დაასაბუთოს პასუხისმგებლობის ამ ფორმის გამოყენების აუცილებლობა. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ლიცენზიის გაუქმება ნიშნავს ლიცენზიის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად ძალადაკარგულად გამოცხადებას, ხოლო მე-8 პუნქტის თანახმად, ლიცენზიის გამცემი ლიცენზიის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ლიცენზიის გაცემისათვის ამ კანონით დადგენილი წესით. ლიცენზიის გამცემი ვალდებულია ლიცენზიის მფლობელს დაუყოვნებლივ აცნობოს ლიცენზიის გაუქმების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება აქვს განიხილოს და გადაწყვიტოს საკითხი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებულ მხარეს, რომლის უფლება ან კანონიერი ინტერესი იზღუდება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, მიეცა საკუთარი მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობა. გამონაკლისს ადგენს კანონი. პირს უნდა ეცნობოს ადმინისტრაციული წარმოების შესახებ და უზრუნველყოფილი უნდა იქნეს მისი მონაწილეობა საქმეში. ამასთანავე, სზაკ-ის 95.2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა, და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში.
სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით - სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 16 იანვრის N9 ბრძანებით შეიზღუდა მოსარჩელის უფლება - მასზე გაცემული ლიცენზიით დადგენილი ლიკვიდური მარაგის ფარგლებში მოიპოვოს ხე-ტყე, გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ამძიმებს მოსარჩელის სამართლებრივ მდგომარეობას. ამდენად, პალატის მოსაზრებით, შპს „ტ---ზე“ გაცემული ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება ჩატარდა კანონის მოთხოვნათა დარღვევით. კერძოდ, ადმინისტრაციულმა ორგანომ იხელმძღვანელა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 22.41 მუხლით, რაც გულისხმობს მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით ლიცენზიის გაუქმებას, თუმცა არ გაითვალისწინა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-96-ე მუხლებით განსაზღვრული მოთხოვნები და სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოსცა დაინტერესებული პირის მოსაზრების მოსმენის გარეშე.
5.3. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასების და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 16 იანვრის N0- ბრძანება გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სათანადოდ გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, ამდენად, მითითებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი და დაევალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
5.4. მოსარჩელის მოთხოვნას ასევე წარმოადგენს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს 2014 წლის 4 აპრილის N----- ბრძანების ბათილად ცნობა.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ იმ პირობებში, როდესაც სასამართლომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნო სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 16 იანვრის N0- ბრძანება, მოსარჩელისათვის ინტერესის მქონე საკითხის გადაწყვეტა, ასევე ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის შესაძლებლობის გამოყენება დამოკიდებულია სადავო საკითხზე მოპასუხის მიერ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოცემული ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შინაარსზე. ამდენად, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს 2014 წლის 4 აპრილის N----- ბრძანება ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სააპელაციო პალატა თვლის, რომ ზემოაღნიშნული გარემოებები გასაჩივრებულ აქტებთან მიმართებაში ადასტურებენ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობის წანამძღვრების არსებობას, კერძოდ, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მომზადების და გამოცემის წესის ისეთ არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაში, მოცემულ საკითხზე შესაძლოა მიღებულიყო სხვაგვარი გადაწყვეტილება. პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ნაწილობრივ ქმნიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძველს.
7. საპროცესო ხარჯები
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 10.2 მუხლის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც. შესაბამისად, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება შპს „ტ---ს“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 385-ე, 389-ე, 391-ე, 393-ე, 394-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით
სააპელაციო სასამართლომ
გა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. შპს „ტ---ს“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. შპს „ტ---ს“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 16 იანვრის N0- ბრძანება, რომლითაც ძალადაკარგულად გამოცხადდა შპს „ტ---ზე“ გრძელვადიანი ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის გაცემის შესახებ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 200- წლის 12 ოქტომბრის №1-1----- ბრძანება და მის საფუძველზე შპს „ტ---ზე“ გაცემული ს--–-------------- რეგიონალური სატყეო სამმართველოს ა-------ს ყოფილი სატყეო უტყისუბნის (10-13, 15-18, 21-26, 28-29 კვარტლები) ყოფილ სატყეო უბანზე საერთო ფართობით 2571 ჰა (მათ შორის საექსპლუატაციო ფართობი 6,08 ჰა) გრძელვადიანი ტყითსარგებლობის მიზნით ხეტყის დამზადების №1----- სპეციალური ლიცენზია; დაევალოს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა შპს „ტ---ს“ მიმართ, წინამდებარე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ადმინისტრაციული აქტის გამოცემისათვის კანონით დადგენილ ერთთვიან ვადაში;
5. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს 2014 წლის 4 აპრილის N----- ბრძანება, რომლითაც შპს „ტ---ს“ უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე;
6. სააპელაციო სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება შპს „ტ---ს“ სასარგებლოდ დაეკისროს სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს კასაციის წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).
თავმჯდომარე: მირანდა ერემაძე
მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი
მერაბ ლომიძე