განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 20.03.2019
საქმის ნომერი
010310016001512153
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სააღსრულებო ურთიერთობებიდან წარმოშობილი დავები
თარიღი
20.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №010310016001512153

საქმე №3/ბ-451-2018წ.

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

20 მარტი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

მოსამართლე მურთაზ მეშველიანი

 

სხდომის მდივანი: ონისე გურეშიძე

 

აპელანტები _ 1.დალი ბლადაძე, მაია, ნათია, ხატია, გიორგი ვერულიძეები

 

2. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო; სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიურო

 

მოპასუხეები _ კერძო აღმასრულებელი ჯამბულ ძირკვაძე; დიმიტრი მჟავია;

 

მესამე პირი _ ალეკო ურუშაძე

 

დავის საგანი _ აუქციონის შედეგების ბათილად ცნობა; მოვალეთა რეესტრიდან ამორიცხვა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება

 

1.1. აპელანტების დალი ბლადაძის, მაია, ნათია, ხატია, გიორგი ვერულიძეების მოთხოვნა: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

 

1.2. აპელანტების სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს მოთხოვნა: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და დალი ბლადაძის, მაია, ნათია, ხატია, გიორგი ვერულიძეების სარჩელის სრულად უარყოფა.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

2016 წლის 20 სექტემბერს დალი ბლადაძემ, მაია ვერულიძემ, ნათია ვერულიძემ, ხატია ვერულიძემ და გიორგი ვერულიძემ სარჩელით მიმართეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს, კერძო აღმასრულებელ ჯამბულ ძირკვაძის, ალეკო ურუშაძის და დიმიტრი მჟავიას მიმართ და მოითხოვეს ალეკო ურუშაძის დავალდებულება, საააღსრულებო წარმოების შეწყვეტის შესახებ, დალი ბლადაძის, მაია ვერულიძის, ნათია ვერულიძის, ხატია ვერულიძის და გიორგი ვერულიძის მიმართ და აღსრულების ეროვნული ბიუროს დავალდებულება, მოვალეთა რეესტრიდან მოსარჩელეთა ამორიცხვის შესახებ.

 

სარჩელი ეფუძნებოდა იმ გარემოებებს, რომ 2006 წლის 19 დეკემბერს დალი ბლადაძის მეუღლე, ჯემალ ვერულიძე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ 179-ე და 236-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. აღნიშნული განაჩენით ჯემალ ვერულიძეს დაეკისრა ციური კაიკაციშვილის და ალეკო ურუშაძის სასარგებლოდ, მორალური ზიანის ანაზღაურება. ჯემალ ვერულიძე გარდაიცვალა 2008 წლის 27 მარტს. მისი უფლებამონაცვლეები გახდნენ პირველი რიგის მემკვიდრეები, დალი ბლადაძე, მაია ვერულიძე, ნათია ვერულიძე და გიორგი ვერულიძე, რომლებმაც მემკვიდრეობით მიიღეს ქ. ბათუმში, კლდიაშვილის №7-ში მდებარე, ჯემალ ვერულიძის დანაშთი ქონება.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2009 წლის 25 დეკემბერს გამოიტანა გადაწყვეტილება (2006 წლის 19 დეკემბრის განაჩენის საფუძველზე), რომლის თანახმად სასამართლომ მოსარჩელეები სცნო ჯემალ ვერულიძის უფლებამონაცვლედ, რაც თავისი შინაარსით არის მხარეთა შეცვლა იმ პირებით, რომლებზედაც მათი უფლებები და მოვალეობები გადავა.

 

2014 წლის 15 მაისს აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს მიერ ჩატარდა აუქციონი ქ. ბათუმში, კლდიაშვილი №7-ში მდებარე ქონების გაყიდვის მიზნით, ქონება იძულებითი აუქციონით გასხვისდა და მოხდა ვალის ნაწილის დაფარვა. კერძოდ, დაკმაყოფილდა კრედიტორი ციური კაიკაციშვილი, ხოლო ალეკო ურუშაძე არა, ვინაიდან, ჯემალ ვერულიძეს მის სახელზე რიცხული სხვა ქონება არ გააჩნდა, ხოლო იმ ქონებით (ქ. ბათუმში, კლდიაშვილი №7-ში მდებარე უძრავი ქონება), რაც მემკვიდრეობით მიიღეს მოსარჩელეებმა, ჯემალ ვერულიძის ვალი იქნა დაფარული.

 

მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ ფაქტობრივად, მთელი სამკვიდროს აქტივებით მოხდა სამკვიდროს პასივების შესრულება, ხოლო მემკვიდრეებს აღარაფერი დარჩათ. შესაბამისად, ისინი ჯემალ ვერულიძის ვალდებულებებისთვის სამოქალაქო პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლდნენ, მაგრამ სამწუხაროდ ისინი დღესაც ირიცხებიან მოვალეთა რეესტრში, რამაც გამოიწვია შემდეგი არაკანონიერი მოქმედებები.

 

2016 წელის 07 მარტს ბათუმის საქალაქო სასამართლომ გასცა სააღსრულებო ფურცელი სასამართლოს 2009 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც ეყრდნობა 2009 წლის 27 აპრილის დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რაც მოსარჩელე მხარეს უკანონოდ მიაჩნია, რადგანაც გადაწყვეტილების თანახმად მოსარჩელეები არიან ჯემალ ვერულიძის უფლებამონაცვლეები და მათ დაეკისრათ ალეკო ურუშაძის სასარგებლოდ თანხის გადახდა, მაგრამ გადაწყვეტილებით არ არის გათვალისწინებული, რომ უფლებამონაცვლეებს მამკვიდრებლის, ჯემალ ვერულიძის ქონებიდან (აქტივებიდან) არაფერი დარჩათ, ჯემალ ვერულიძის ვალის გამო იძულებითი აღსრულების შედეგად უკვე გასხვისდა სამკვიდრო ქონებაში შემავალი აქტივები და სრულიად მოხდა მათი გადაცემა კრედიტორ ციური კაიკაციშვილზე.

 

ამ პერიოდში ალეკო ურუშაძეს არ მიუმართავს სააღსრულებო ბიუროსათვის და შესაბამისად, მისი, როგორც ჯემალ ვერულიძის კრედიტორის ვალდებულება შეუსრულებელი (განუხორციელებელი) დარჩა, რადგანაც აღარ არსებობდა ჯემალ ვერულიძის მიერ დატოვებული აქტივები, რომელზედაც მემკვიდრეები (უფლებამომნაცვლეები) შეძლებდნენ სამკვიდრო პასივის განხორციელებას.

 

2015 წლის 06 ოქტომბერს დალი ბლადაძემ მეგობრებისა და ნათესავების დახმარებით გააფორმა ქ. ბათუმში, გორგასალის ქ. №125 / თაყაიშვილის ქ. №30-ში მდებარე ბინა №21-ზე ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, გამოსყიდვის უფლებით და საკუთრების უფლება ამ უძრავ ნივთზე დაირეგისტრირა საჯარო რეესტრში. როდესაც მოპასუხე ალეკო ურუშაძემ საჯაროდ შეიტყო დალი ბლადაძის საკუთრების შესახებ, 2016 წლის 25 იანვარს მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს და 2007 წლის 19 დეკემბრის განაჩენის საფუძველზე მიიღო სააღსრულებლო ფურცელი. ასევე, 2016 წლის 07 მარტსაც მოითხოვა მან სააღსრულებო ფურცელი, იგივე საფუძვლით. მართალია მას გააჩნდა სააღსრულებო ფურლის მოთხოვნის უფლება, მაგრამ ვინაიდან მისი მოვალის, ჯემალ ვერულიძის გარდაცვალების შემდეგ მის უფლებამონაცვლეებზე გადაცემული სამკვიდროს აქტივები (ქონებაზე უფლებები) ამ დროისათვის უკვე აღარ არსებობდა, (რადგანაც მთელი აქტივებიდან მიღებული ქონება გადაეცა ჯემალ ვერულიძის ერთ-ერთ კრედიტორს), ალეკო ურუშაძის მიერ დალი ბლადაძის ქონების მიმართ განხორციელებული ღონისძიებები, მისი ქონების იძულებით აუქციონზე გატანა და გაყიდვა, უკანონო და უსამართლოა.

 

წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ დალი ბლადაძეს ჩაბარდა 2016 წლის 12 აპრილს, რის შემდეგ მან მიმართა ადვოკატს და განახორციელა რიგი სახის ღონისძიებები, თუმცა დაგვიანებით. აუქციონი მაინც შესდგა, დალი ბლადაძის ქონება უკანონოდ გასხვისდა მინიმალურ ფასად, 2500 ლარად, რის შედეგად დალი ბლადაძე უკანონოდ დაზარალდა და ვერც მოვალე დაკმაყოფილდა.

 

ამასთან, რადგანაც მოსარჩელეებს ჯემალ ვერულიძის ქონებიდან არაფერი გააჩნიათ, მათი მოვალეთა რეესტრში რეგისტრაცია არის უკანონო და უსამართლო. ამოტომაც, ჩატარებული აუქციონის შედეგები უნდა გაბათილდეს და მოსარჩელეები ამორიცხული უნდა იქნან მოვალეთა რეესტრიდან.

 

2018 წლის 26 ივლისს, საქალაქო სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელე მხარემ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 28-ე მუხლით დადგენილი წესის საფუძველზე მოახდინა სასარჩელო მოთხოვნის ტრანსფორმაცია და სასარჩელო მოთხოვნა ჩამოყალიბდა, შემდეგი სახით:

- აუქციონის შედგების გაუქმება, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2016 წლის 16 ნოემბრის №A16025317-015/001 განკარგულების ბათილად ცნობა;

- აღსრულების ეროვნული ბიუროს დავალდებულება, მოვალეთა რეესტრიდან მოსარჩელეთა ამორიცხვის შესახებ.

 

მოპასუხეების სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა, კერძო აღმასრულებელმა ჯამბულ ძირკვაძემ და ალეკო ურუშაძემ პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელი არ ცვნეს და განმარტეს, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი იყო კანონიერი და არ არსებობდა მისი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით დალი ბლადაძის, მაია ვერულიძის, ნათია ვერულიძის, ხატია ვერულიძისა და გიორგი ვერულიძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2016 წლის 16 ნოემბრის №A16025317-015/001 განკარგულება, ქ. ბათუმში, ვახტანგ გორგასლის ქუჩა №125-ში, თაყაიშვილის ქუჩა №30-ში მდებარე ბინა №21-ის (საკადასტრო კოდი: 05.23.26.016.01.021) საჯარო აუქციონზე რეალიზაციის შედეგად ქონების შემძენად დიმიტრი მჟავიას გამოცხადებასთან დაკავშირებით და აუქციონის შედეგები;

 

მოპასუხე მხარეს, სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს დაეკისრათ მოსარჩელის სასარგებლოდ, მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 ლარი.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

სასამართლომ დაადგინა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 19 დეკემბრის განაჩენით დალი ბლადაძის მეუღლე, ჯემალ ვერულიძე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ 179-ე და 236-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

აღნიშნული განაჩენით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სამოქალაქო სარჩელიც და ჯემალ ვერულიძეს დაეკისრა ციური კაიკაციშვილის სასარგებლოდ, 20 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა, ხოლო ალეკო ურუშაძის სასარგებლოდ, 25 600 აშშ დოლარის მატერიალური ზიანის და 2000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის მორალური ზიანის ანაზღაურება.

 

ჯემალ ვერულიძე გარდაიცვალა 2008 წლის 27 მარტს. გარდაცვალების დროისათვის მამკვიდრებლის საკუთრებაში ირიცხებოდა ქ. ბათუმში, კლდიაშვილი №7-ში მდებარე უძრავი ქონება, კერძოდ, 463 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე განთავსებული, 471.02 კვ.მ. ფართის შენობის (საცხოვრებელი სახლი) ½ ნაწილი, საკადასტრო კოდი: 05.22.18.001.01/502.

 

ქ. ბათუმში, კლდიაშვილი №7-ში მდებარე უძრავ ქონებაზე, 463 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე განთავსებულ, 471.02 კვ.მ. ფართის შენობის (საცხოვრებელი სახლი) ½ ნაწილზე 2011 წლის 02 დეკემბრიდან აღრიცხული იქნა მოსარჩელეთა საკუთრების (თანასაკუთრება) უფლება.

 

ჯემალ ვერულიძის პირველი რიგის მემკვიდრეებზე, დალი ბლადაძეზე, მაია ვერულიძეზე, ნათია ვერულიძეზე, ხატია ვერულიძესა და გიორგი ვერულიძეზე 2014 წლის 26 აგვისტოს გაცემული იქნა სამკვიდრო მოწმობა, რომლითაც მათ საკუთრებაში მიიღეს მამკვიდრებლის სამკვიდრო სრულად, თანაბარწილად, მასში შემავალი აქტივებით (საბანკო ანგარიშებზე რიცხული თანხები, ანაბარი, მიუღებელი პენსია, თანხა (მათ შორის სადაზღვევო), წილი, აქცია სამეწარმეო საზოგადოებაში, სხვა არაპირდაპირი ხასიათის უფლებები, რომელიც ჰქონდა მამკვიდრებელს მესამე პირთა მიმართ - მათი არსებობის შემთხვევაში და სხვა) და პასივებით (მამკვიდრებლის შეუსრულებელი ვალდებულებები, მესამე პირთა მიმართ - მიღებული სამკვიდროს ღირებულების ფარგლებში).

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა კრედიტორმა ალექსანდრე ურუშაძემ და მოითხოვა, გარდაცვლილი მოვალის, ჯემალ ვერულიძის უფლებამონაცვლის დადგენა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 19 დეკემბრის განაჩენსა და მის საფუძველზე, 2008 წლის 26 ივნისის სააღსრულებო ფურცელზე, 2009 წლის 27 აპრილის დაუსწრებელ გადაწყვეტილებასა და მის საფუძველზე 2009 წლის 16 ივნისს გაცემულ სააღსრულებო ფურცელზე.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 25 დეკემბერის გადაწყვეტილებით ალეკო ურუშაძის სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 27 აპრილის დაუსწრებელ გადაწყვეტილებით და მის საფუძველზე 2009 წლის 16 ივნისს გაცემული სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრულ ვალდებულებაზე, რომლის თანახმად, მოპასუხე ჯემალ ვერულიძე დავალდებულდა, ქ. ბათუმში, კლდიაშვილის ქუჩა №7-ში არსებული უძრავი ქონება - სახლთმფლობელობის ½ ნაწილი აღერიცხა მის საკუთრებად საჯარო რეესტრში, ასევე, სახელმწიფო ბაჟის, 100 ლარის გადახდაზე, ჯემალ ვერულიძის უფლებამონაცვლედ ცნობილი იქნა დალი ბლადაძე, მაია ვერულიძე, ხატია ვერულიძე, ნათია ვერულიძე და გიორგი ვერულიძე.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 19 დეკემბრის განაჩენით და მის საფუძველზე, 2008 წლის 26 ივნისს გაცემული სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრულ ვალდებულებაზე, რომლის თანახმად ჯემალ ვერულიძეს დაზარალებულ ალეკო ურუშაძის სასარგებლოდ დაეკისრა 25 600 აშშ დოლარის მატერიალური ზიანის და 2000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურება, ჯემალ ვერულიძის უფლებამონაცვლედ ცნობილი იქნა დალი ბლადაძე, მაია ვერულიძე, ხატია ვერულიძე, ნათია ვერულიძე და გიორგი ვერულიძე. სასამართლო გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში იქნა შესული.

 

აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს 2014 წლის 15 მაისის №ა10061055-022/001 განკარგულების თანახმად, მოვალეების, დალი ბლადაძის, მაია ვერულიძის, ხატია ვერულიძის, ნათია ვერულიძისა და გიორგი ვერულიძის თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, ქ. ბათუმში, კლდიაშვილი №7-ში მდებარე 463 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე განთავსებული, 471.02 კვ.მ. ფართის შენობის (საცხოვრებელი სახლი) ½ ნაწილი, 2014 წლის 08 მაისს ჩატარებული მეორე განმეორებით აუქციონზე გაიყიდა, რომელიც 36 000 ლარად შეიძინა ედნარ ბოლქვაძემ, რომელსაც გადაეცა მასზე საკუთრების უფლება.

 

მხარეთა განმარტებების თანახმად, იძულებითი აუქციონის შედეგად მიღებული თანხა გადეცა კრედიტორ ციური კაიკაციშვილს.

 

2015 წლის 21 სექტემბერს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს განცხადებით მიმართა ციური კაიკაციშვილმა აღსრულების შეწყვეტის მოთხოვნით, იმ საფუძვლით, რომ მოვალეების, დალი ბლადაძის, მაია ვერულიძის, ხატია ვერულიძის, ნათია ვერულიძისა და გიორგი ვერულიძის მიერ დავალიანება გადახდილი იქნა სრულად, რის საფუძველზეც სააღსრულებო წარმოება შეწყდა.

 

2015 წლის 12 ოქტომბერს საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული იქნა დალი ბლადაძის საკუთრების უფლება, ქ. ბათუმში, ვახტანგ გორგასალის ქ. №125 / თაყაიშვილის ქ. №30-ში მდებარე მშენებარე სახლში, 92.40 კვ.მ. ფართის ბინა №21-ზე, საკადასტრო კოდი: 05.23.26.016.01/021. რეგისტრაციისთვის უფლების დამდგენ დოკუმენტად მითითებულია 2015 წლის 06 ოქტომბრის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით, გამოსყიდვის ვადა, 2016 წლის 16 აპრილი.

 

2016 წლის 25 იანვარს კრედიტორ ალეკო ურუშაძის მოთხოვნის საფუძველზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული იქნა სააღსრულებო ფურცელი, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 19 დეკემბრის განაჩენზე, სამოქალაქო სარჩელის ნაწილში, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სამოქალაქო სარჩელიც და ჯემალ ვერულიძეს დაეკისრა ალეკო ურუშაძის სასარგებლოდ, 25 600 აშშ დოლარის მატერიალური ზიანის და 2000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურება.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 19 დეკემბრის განაჩენის ამ ნაწილზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ იგივე შინაარსის სააღსრულებო ფურცელი გაცემული იყო 2008 წლის 28 ივნისს და 2015 წლის 13 ნოემბერს.

 

2016 წლის 07 მარტს ალეკო ურუშაძის მოთხოვნის საფუძველზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული იქნა სააღსრულებო ფურცელი, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 25 დეკემბერის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც, ჯემალ ვერულიძის უფლებამონაცვლედ ცნობილი იქნენ დალი ბლადაძე, მაია ვერულიძე, ხატია ვერულიძე, ნათია ვერულიძე და გიორგი ვერულიძე.

 

2016 წლის 15 მარტს ალეკო ურუშაძემ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 07 მარტის სააღსრულებო ფურცელი წარუდგინა კერძო აღმასრულებელ ჯამბულ ძირკვაძეს და მოითხოვა სააღსრულებო დოკუმენტის წარმოებაში მიღება, იძულებითი აღსრულების მიზნით.

 

2016 წლის 15 მარტს კერძო აღმასრულებელ ჯამბულ ძირკვაძის მიერ გადაწყვეტილების შესრულების შესახებ წინადადება გაეგზავნათ მოვალეებს, დალი ბლადაძეს, მაია ვერულიძეს, ხატია ვერულიძეს, ნათია ვერულიძეს და გიორგი ვერულიძეს, 25 600 აშშ დოლარის მატერიალური ზიანის და 2000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ოდენობით მორალური ზიანის თანხის გადახდის შესახებ, რაც მოსარჩელეებს ჩაბარდათ და ეს სადავო არ არის. ამასთან, კერძო აღმასრულებელმა დაიწყო ინფორმაციის შეგროვება, მოვალეთა საკუთრებაში არსებული ქონების შესახებ.

 

2016 წლის 18 მარტს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს №66083 წერილით კერძო აღმასრულებელ ჯამბულ ძირკვაძეს ეცნობა, რომ 2015 წლის 12 ოქტომბერს საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული იქნა დალი ბლადაძის საკუთრების უფლება, ქ. ბათუმში, ვახტანგ გორგასალის ქ. №125/თაყაიშვილის ქ. №30-ში მდებარე მშენებარე სახლში, 92.40 კვ.მ. ფართის ბინა №21-ზე, საკადასტრო კოდი: 05.23.26.016.01/021. რეგისტრაციისთვის უფლების დამდგენ დოკუმენტად მითითებულია 2015 წლის 06 ოქტომბრის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით, გამოსყიდვის ვადა იყო 2016 წლის 16 აპრილი.

 

კერძო აღმასრულებელ ჯამბულ ძირკვაძის 2016 წლის 12 აპრილის წერილით საჯარო რეესტრის ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურისადმი მოთხოვნილი იქნა, დალი ბლადაძის საკუთრებაში რიცხულ უძრავ ქონებაზე, მდებარე, ქ. ბათუმში, ვახტანგ გორგასალის ქ. №125/თაყაიშვილის ქ. №30-ში, ბინა №21 ყადაღის დადება.

 

სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილებით დარეგისტრირდა ყადაღა, კერძო აღმასრულებელ ჯამბულ ძირკვაძის მიერ მოთხოვნილ უძრავ ნივთზე.

 

2016 წლის 06 მაისს ალეკო ურუშაძის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა კერძო აღმასრულებელ ჯამბულ ძირკვაძეს და მოითხოვა ქ. ბათუმში, ვახტანგ გორგასალის ქ. №125 / თაყაიშვილის ქ. №30-ში, ბინა №21-ის იძულებით აუქციონზე სარეალიზაციოდ გატანა.

 

2016 წლის 22 აგვისტოს მოსარჩელე დალი ბლადაძის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა კერძო აღმასრულებელ ჯამბულ ძირკვაძეს და მოითხოვა სააღსრულებო წარმოების მასალების ასლები, რაც მას გადაეცა.

 

შპს „ექსპერტი XXI-ის“ მიერ კერძო აღმასრულებელ ჯამბულ ძირკვაძის მოთხოვნით ქ. ბათუმში, ვახტანგ გორგასალის ქ. №125/თაყაიშვილის ქ. №30-ში, ბინა №21-ის საბაზრო ღირებულება შეფასებული იქნა, 50 000 ლარად.

 

აღნიშნული უძრავი ქონების ელექტრონული აუქციონის ჩატარების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა აღსრულების ეროვნული ბიუროს ოფიციალურ ვებგვერდზე, WWW.eauction.ge .

 

ელექტრონულ იძულებით საჯარო აუქციონში გაიმარჯვა დიმიტრი მჟავიამ, რომელმაც უძრავი ქონება შეიძინა 2500 ლარად და სრულად გადაიხადა ნასყიდობის თანხა.

 

აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ გამოცემული იქნა 2016 წლის 16 ნოემბრის №A16025317-015/001 განკარგულება, ქ. ბათუმში, ვახტანგ გორგასლის ქუჩა №125, თაყაიშვილის ქუჩა N30-ში მდებარე ბინა №21-ის (საკადასტრო კოდი: 05.23.26.016.01.021) საჯარო აუქციონზე რეალიზაციის შედეგად ქონების შემძენად დიმიტრი მჟავიას გამოცხადებასთან დაკავშირებით.

 

დალი ბლადაძემ, მაია ვერულიძემ, ნათია ვერულიძემ, ხატია ვერულიძემ და გიორგი ვერულიძემ სარჩელი აღძრეს სასამართლოში, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს, კერძო აღმასრულებელი მაია ზოიძის, ალეკო ურუშაძის და დიმიტრი მჟავიას მიმართ, რომლითაც მოითხოვეს: აუქციონის შედგების გაუქმება, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2016 წლის 16 ნოემბრის №A16025317-015/001 განკარგულების ბათილად ცნობა;

აღსრულების ეროვნული ბიუროს დავალდებულება, მოვალეთა რეესტრიდან მოსარჩელეთა ამორიცხვის შესახებ.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად საქალაქო სასამართლომ მიუთითა, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. ამავე კანონის 251-ე მუხლით განსაზღვრულია სააღსრულებო წარმოების ეტაპები. თანხის გადახდევინების საქმეებზე სააღსრულებო წარმოების ეტაპებია: ა) აღსრულების დაწყება;

ბ) ქონებაზე ყადაღის დადება; გ) აუქციონის ჩატარება; დ) კრედიტორისათვის თანხის გადაცემა.

 

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-146 მუხლი განსაზღვრავს კერძო აღმასრულებლის უფლებამოსილებებს, რომელიც ამ საჯარო უფლებამოსილებას – სააღსრულებო საქმიანობას ახორციელებს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის საფუძველზე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ამ კანონის მე-147 მუხლით განისაზღვრება კერძო აღმასრულებლის კომპეტენცია, ხოლო აღმასრულებლის უფლება-მოვალეობებს ადგენს, ამავე კანონის მე-17 მუხლი.

 

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-147 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, კერძო აღმასრულებელი ყადაღადადებული ქონების საჯარო აუქციონზე რეალიზაციის მიზნით: ა) კრედიტორის შესაბამისი განცხადების საფუძველზე დამოუკიდებლად ახორციელებს ამ კანონით დადგენილ აუქციონის მოსამზადებელ პროცედურებს; ბ) მიმართავს აღსრულების ეროვნულ ბიუროს სააუქციონო მომსახურების გაწევის შესახებ განაცხადით, წარუდგენს მას სააუქციონო დოკუმენტაციის (სააღსრულებო წარმოების შესაბამისი მასალების) თავის მიერ დამოწმებულ ასლებს და აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე შეაქვს სააუქციონო მომსახურების დადგენილი საფასური, რომლის ოდენობაც განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. სააუქციონო მომსახურების გაწევის შესახებ განაცხადის მართვის ავტომატური საშუალებებით წარდგენის შემთხვევაში სააღსრულებო წარმოების მასალები დამოწმებას არ საჭიროებს; გ) საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს განმეორებითი და ხელახალი აუქციონების მომზადებას ამ მუხლით გათვალისწინებული წესით.

6. კერძო აღმასრულებელი პასუხისმგებელია წარდგენილი სააუქციონო დოკუმენტაციის ფაქტობრივი მონაცემების სისწორეზე. 7. აღსრულების ეროვნული ბიურო ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული კერძო აღმასრულებლის სააუქციონო მომსახურების გაწევის შესახებ განაცხადის მიღებიდან 05 სამუშაო დღის ვადაში აკმაყოფილებს განაცხადს ან უარს ამბობს მის დაკმაყოფილებაზე. 12. აღსრულების ეროვნული ბიურო პასუხისმგებელია მხოლოდ აუქციონის ჩატარების დღეს განხორციელებული, ქონების რეალიზაციასთან დაკავშირებული პროცედურის ამ კანონთან შესაბამისობისთვის. ყველა სხვა მოსამზადებელ თუ აუქციონისშემდგომ მოქმედებას ახორციელებს კერძო აღმასრულებელი საკუთარი პასუხისმგებლობით.

 

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლით განსაზღვრულია იძულებითი აუქციონის ჩატარების პირობები, რომლის თანახმად იძულებით აუქციონს ამ კანონით დადგენილი წესით ატარებს აღსრულების ეროვნული ბიურო ან სხვა პირი მასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. თუ მოვალე საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია ქონების მესაკუთრედ, აღსრულების ეროვნული ბიურო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს იძულებითი აუქციონის ჩატარებას.

 

კანონის 71-ე მუხლის მიხედვით, იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმები, წესი და მასთან დაკავშირებული სხვა პროცედურები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.

 

საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემული დავის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანია, კერძო აღმასრულებლის, ჯამბულ ძირკვაძისა და თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ განხორციელებული იმ მოქმედებების სამართლებრივი ანალიზი და შეფასება, რაც უკავშირდება აღსრულების დაწყების, მოვალის კუთვნილი ქონების აღსრულებაზე მიქცევისა და აუქციონის ჩატარების კანონით დადგენილი წესების დაცვას.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ სააღსრულებო წარმოებისა და სააღსრულებო მოქმედების განხორციელების პროცესში აღმასრულებელი ვალდებულია, შეამოწმოს აღსრულების სამართლებრივი საფუძველი, მათ შორის სრულფასოვნად გააანალიზოს სააღსრულებო ფურცლის შინაარსი. იგივე ვალდებულება გააჩნია აღსრულების ეროვნულ სააგენტოსაც.

 

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების თანახმად, სააღსრულებო წარმოება არ დაიშვება სააღსრულებო ფურცლის (დედნის) გარეშე. სააღსრულებო ფურცელი გაიცემა იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ამ კანონით ექვემდებარება აღსრულებას. სააღსრულებო ფურცელი გაიცემა კრედიტორზე.

 

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლით განსაზღვრული რეგულაცია აღმასრულებელს აძლევს შესაძლებლობას, აღსასრულებელი გადაწყვეტილების განმარტებისათვის: აღსასრულებელი გადაწყვეტილების განმარტება ხდება სააღსრულებო წარმოების მხარეთა განცხადების ან აღსრულების ეროვნული ბიუროს შუამდგომლობის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. ეს არის ის შემთხვევა, როდესაც აღსასრულებელი გადაწყვეტილება თავისი შინაარსით არის ბუნდოვანი და ამის გამო მისი აღსრულების შესახებ მხარეებს გააჩნიათ არაერთგვაროვანი შეხედულება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს. სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვეტილების განმარტების საკითხი გადაწყვიტოს ზეპირი მოსმენის გარეშე. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მხარეებს ეგზავნება შეტყობინება, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს გადაწყვეტილების განმარტების საკითხის განხილვას.

 

დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 25 დეკემბერის გადაწყვეტილებით ალეკო ურუშაძის სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად და 2006 წლის 19 დეკემბრის განაჩენით და მის საფუძველზე, 2008 წლის 26 ივნისს გაცემული სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრულ ვალდებულებაზე, რომლის თანახმად ჯემალ ვერულიძეს დაზარალებულ ალეკო ურუშაძის სასარგებლოდ დაეკისრა 25 600 აშშ დოლარის მატერიალური ზიანის და 2000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურება, ჯემალ ვერულიძის უფლებამონაცვლედ ცნობილი იქნენ დალი ბლადაძე, მაია ვერულიძე, ხატია ვერულიძე, ნათია ვერულიძე და გიორგი ვერულიძე.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 25 დეკემბერის გადაწყვეტილებაზე 2016 წლის 07 მარტს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული №2-659/2009 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე ალეკო ურუშაძის მოთხოვნით დაწყებული იქნა სააღსრულებო წარმოება.

 

სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოსარჩელე მხარემ მას შემდეგ, როდესაც სააღსრულებო წარმოების მასალებს გაეცნო, კერძო აღმასრულებელს აცნობა იმის თაობაზე, რომ დალი ბლადაძის საკუთრების უფლება აღსრულების საგანზე, ქ. ბათუმში, ვახტანგ გორგასლის ქ. №125/თაყაიშვილის ქ. №30-ში მდებარე მშენებარე სახლში, 92.40 კვ.მ. ფართის ბინა №21-ზე, დარეგისტრირდა 2015 წლის 12 ოქტომბერს და ამ უძრავ ქონებასთან გარდაცვლილ ჯემალ ვერულიძეს რაიმე კავშირი არ გააჩნდა. ბინა ლალი ბლადაძეს მემკვიდრეობის გზით არ ჰქონდა მიღებული, არამედ საკუთარი სახსრებით შეიძინა, რის გამოც ალეკო ურუშაძის ვალში ბინა აუქციონზე არ უნდა გაეტანა აღმასრულებელს.

 

ამის მიუხედავად, კერძო აღმასრულებელმა განაგრძო კრედიტორ ალეკო ურუშაძის მიერ წარდგენილი სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება, მოსარჩელეებისაგან ფულადი თანხის გადახდევინების საქმეზე. საჯარო რესტრიდან გამოთხოვილი ინფორმაციით მისთვის ცნობილი გახდა, რომ დალი ბლადაძის საკუთრების უფლება, ქ. ბათუმში, ვახტანგ გორგასალის ქ. №125/თაყაიშვილის ქ. №30-ში მდებარე მშენებარე სახლში, 92.40 კვ.მ. ფართის ბინა №21-ზე, საკადასტრო კოდი: 05.23.26.016.01/021. 2015 წლის 12 ოქტომბერს იქნა საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული და რეგისტრაციისთვის უფლების დამდგენ დოკუმენტად მითითებულია 2015 წლის 06 ოქტომბრის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებაზე გამოსყიდვის უფლებით, გამოსყიდვის ვადა - 2016 წლის 16 აპრილი. კერძო აღმასრულებელმა ჯამბულ ძირკვაძემ ჩათვალა, რამდენადაც 2016 წლის 07 მარტს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული №2-659/2009 სააღსრულებო ფურცლით დალი ბლადაძე მიჩნეული იყო გარდაცვლილი მოვალის, ჯემალ ვერულიძის უფლებამონაცვლედ, ეს აღმასრულებელს აძლევდა შესაძლებლობას, აღსრულება მიექცია დალი ბლადაძის საკუთრებაში დარეგისტრირებულ უძრავ ნივთზე. შპს „ექსპერტი XXI-ის“ მიერ კერძო აღმასრულებელ ჯამბულ ძირკვაძის მოთხოვნით ქ. ბათუმში, ვახტანგ გორგასლის ქ. №125/თაყაიშვილის ქ.№30-ში, ბინა №21-ის საბაზრო ღირებულება შეფასებული იქნა 50 000 ლარად.

 

აღნიშნული უძრავი ქონების ელექტრონული აუქციონის ჩატარების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა აღსრულების ეროვნული ბიუროს ოფიციალურ ვებგვერდზე, WWW.eauction.ge .

 

ელექტრონულ იძულებით საჯარო აუქციონში გაიმარჯვა დიმიტრი მჟავიამ, რომელმაც უძრავი ქონება შეიძინა 2500 ლარად.

 

აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ გამოცემული იქნა 2016 წლის 16 ნოემბრის №A16025317-015/001 განკარგულება, ქ. ბათუმში, ვახტანგ გორგასლის ქუჩა №125, თაყაიშვილის ქუჩა N30-ში მდებარე ბინა №21-ის (საკადასტრო კოდი: 05.23.26.016.01.021) საჯარო აუქციონზე რეალიზაციის შედეგად ქონების შემძენად დიმიტრი მჟავიას გამოცხადებასთან დაკავშირებით.

 

საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ კერძო აღმასრულებელ ჯამბულ ძირკვაძისა და შემდეგ, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ სწორად არ იქნა შეფასებული ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 25 დეკემბერის გადაწყვეტილების საფუძველზე 2016 წლის 07 მარტს გაცემული №2-659/2009 სააღსრულებო ფურცლის შინაარსი, მოსარჩელეთა უფლებამონაცვლეობის ფარგლებთან დაკავშირებით, რამაც მისი არასწორი აღსრულება გამოიწვია.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ალეკო ურუშაძის სარჩელის გადაწყვეტისას იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი პროცედურული წესით და 2009 წლის 25 დეკემბერის გადაწყვეტილებით ჯემალ ვერულიძის უფლებამონაცვლედ ცნო დალი ბლადაძე, მაია ვერულიძე, ხატია ვერულიძე, ნათია ვერულიძე და გიორგი ვერულიძე, თუმცა აღსრულების დროს აღმასრულებლის მიერ არასწორად იქნა აღქმული ამ უფლებამონაცვლეობის მოცულობა და ის საზღვრები, რაც გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული მატერიალურ-სამართლებრივი ნორმებიდან.

 

კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის დანაწესის თანახმად, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი),ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის. ამავე კოდექსის 1484-ე მუხლით კი განსაზღვრულია, მემკვიდრეთა პასუხისმგებლობა კრედიტორების წინაშე, რომლის შესაბამისად: 1. მემკვიდრეები ვალდებულნი არიან მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად. 2. თუ მამკვიდრებელი მემკვიდრეებზე გადასული ვალებით სოლიდარული მოვალე იყო, მაშინ მემკვიდრეები სოლიდარულად აგებენ პასუხს. 3. მამკვიდრებლის ვალებისათვის პასუხისმგებელნი არიან სავალდებულო წილის მიმღები მემკვიდრეებიც.

 

ამ ნორმით დადგენილი რეგულაციის შესაბამისად, იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რაც გარდაცვლილი მოვალის, ჯემალ ვერულიძის ვალისა და მისი დანაშთი სამკვიდრო ქონების მიმართ არსებობს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 25 დეკემბერის გადაწყვეტილებით მოსარჩელეები დალი ბლადაძე, მაია ვერულიძე, ხატია ვერულიძე, ნათია ვერულიძე და გიორგი ვერულიძე ცნობილი იქნენ ჯემალ ვერულიძის უფლებამონაცვლეებად, მხოლოდ ჯემალ ვერულიძის დანაშთი სამკვიდრო ქონების, ანუ მიღებული აქტივის ფარგლებში.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია და უდავო, რომ დალი ბლადაძის საკუთრების უფლება აღსრულების საგანზე, ქ. ბათუმში, ვახტანგ გორგასალის ქ. №125 / თაყაიშვილის ქ. №30-ში მდებარე მშენებარე სახლში, 92.40 კვ.მ. ფართის ბინა №21-ზე, დარეგისტრირდა 2015 წლის 12 ოქტომბერს და ამ უძრავ ქონებასთან გარდაცვლილ ჯემალ ვერულიძეს რაიმე კავშირი არ გააჩნდა, ლალი ბლადაძეს ეს ქონება მემკვიდრეობის გზით არ ჰქონდა მიღებული, არამედ საკუთარი სახსრებით შეიძინა, რის შესახებაც მოსარჩელე მხარემ დროულად აცნობა აღმასრულებელს და ამის თაობაზე ამომწურავ ინფორმაციას საჯარო რეესტრის ამონაწერიც იძლეოდა.

მართალია, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 25 დეკემბერის გადაწყვეტილებაში მემკვიდრეთა უფლებამონაცვლეობის ფარგლების შესახებ არ არის მითითებული, როგორც ამას მოპასუხე მხარე აღნიშნავს, მაგრამ აღმასრულებელს ამ შემთხვევაში თვითონ უნდა გაეკეთებინა სწორი სამართლებრივი ანალიზი და ამ ქონებაზე არ უნდა მიექცია აღსრულება, ამასთან, მას შეეძლო „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსთვის მიემართა განმარტებისათვის, რამდენადაც აღსასრულებელი სასამართლო გადაწყვეტილება თავისი შინაარსის გათვალისწინებით, მისი აღსრულების შესახებ იწვევდა მხარეების განსხვავებულ შეხედულებას. კერძოდ, დადგენილია და უდავო, რომ მოსარჩელე მხარემ მას შემდეგ, როდესაც სააღსრულებო წარმოების მასალებს გაეცნო, კერძო აღმასრულებელს აცნობა იმის თაობაზე, რომ დალი ბლადაძის საკუთრების უფლება აღსრულების საგანზე, ქ. ბათუმში, ვახტანგ გორგასლის ქ. №125/თაყაიშვილის ქ. №30-ში მდებარე მშენებარე სახლში, 92.40 კვ.მ. ფართის ბინა №21-ზე საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა 2015 წლის 12 ოქტომბერს და ამ უძრავ ქონებასთან გარდაცვლილ ჯემალ ვერულიძეს რაიმე კავშირი არ გააჩნდა, რომ ბინა ლალი ბლადაძეს მემკვიდრეობის გზით არ ჰქონდა მიღებული, არამედ საკუთარი სახსრებით შეიძინა, რის გამოც ალეკო ურუშაძის ვალში ბინა აუქციონზე არ უნდა გაეტანა აღმასრულებელს.

 

აღმასრულებელსა და სააღსრულებო სამსახურს სამართლებრივად უნდა შეეფასებინათ ის ფაქტობრივი მოცემულობა, რომ დალი ბლადაძის მიერ ქ. ბათუმში, ვახტანგ გორგასლის ქ. №125/თაყაიშვილის ქ. №30-ში მდებარე საცხოვრებელი ბინა შეძენილი იქნა იმ დროს, როდესაც მასზე გადაცემული სამკვიდროს აქტივები (ქონებაზე უფლებები) უკვე აღარ არსებობდა, რადგანაც მთელი აქტივებიდან მიღებული ქონება მანამდე გადაეცა ჯემალ ვერულიძის ერთ-ერთ კრედიტორს. ამასთან, ამ უძრავ ქონებასთან აღსასრულებელი სასამართლო გადაწყვეტილებები არანაირ შემხებლობაში არ ყოფილა და შესაბამისად, მოსარჩელე დალი ბლადაძის უფლებამონაცვლეობის ფარგლებში მისი ინდივიდუალური საკუთრება სამართლებრივად არანაირად მოიაზრებოდა. შესაბამისად, მასზე არ უნდა განხორციელებულიყო სააღსრულეო წარმოება.

 

საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოვალის მიმართ იძულებითი აღსრულების შესახებ სააღსრულებო წარმოების დაწყება და ვალის უზრუნველსაყოფად მოვალის ქონების გაყიდვის მიზნით იძულებითი აუქციონის ჩატარება, პროცედურულად მთლიანად უკავშირდება სააღსრულებო სამსახურის უფლებამოსილებას და ეს პროცედურული მოქმედება სასამართლო უწყების ფარგლებს გარეთ რეგულაციის სფეროს წარმოადგენს.

 

ამ პროცედურების სამართლებრივ შედეგს ხშირ შემთხვევაში წარმოადგენს მოვალის კუთვნილი უძრავი ქონების მისი საკუთრებიდან იძულებით გამოსვლა და საკუთრების უფლების სხვა პირისათვის გადაცემა, რასაც თავისი უფლებამოსილების ფარგლებში აღმასრულებელი და სააღსრულებო სამსახური განახორციელებს, ეს კი განსაკუთრებულად ზრდის სააღსრულებო წარმოების მნიშვნელობას და შესაბამისად, აღმასრულებლის ვალდებულებას, მაქსიმალურად უზრუნველყოს მხარეთა, მათ შორის მოვალის უფლებების დაცვა, იმ მხრივ, რომ მას დროულად და ამომწურავი სახით მიეწოდოს ინფორმაცია, განსახორციელებელი სააღსრულებო პროცედურების და სააღსრულებო მოქმედებებით მოსალოდნელი შედეგის შესახებ. ამ შემთხვევაში განუზომლად დიდი და მნიშვნელოვანია ის სამართლებრივი ღირებულება, რაც უკავშირდება პირის საკუთრების უფლების დაცულობას. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია ამ პროცედურის შინაარსობრივი მხარეც, რომ იძულებითი აღსრულების შედეგად, შესაძლებელია სერიოზული საფრთხის ქვეშ დადგეს მოვალის ქონებრივი უფლებები.

 

ამის შესაბამისად, აღმასრულებლის უფლება-მოვალეობების განმსაზღვრელი „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, აღმასრულებელი ვალდებულია მიიღოს ყველა კანონიერი ზომა გადაწყვეტილების აღსრულებისათვის, განუმარტოს მხარეებს მათი უფლებები და მოვალეობები, აღსრულების ცალკეული სახეების შინაარსი და შესაძლებლობები, დაეხმაროს მათი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვაში.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ კერძო აღმასრულებელს შეეძლო, მიემართა სასამართლოსთვის გადაწყვეტილების განმარტების მიღების შესახებ, უფლებამონაცვლე დალი ბლადაძის უფლებამონაცვლეობის ფარგლების დასადგენად, აუქციონზე გასატან ქონებასთან დაკავშირებით, რითაც იგი დაადგენდა, რომ ქ. ბათუმში, ვახტანგ გორგასალის ქ. №125/თაყაიშვილის ქ. №30-ში მდებარე მშენებარე სახლში, 92.40 კვ.მ. ფართის ბინა №21-ზე არ უნდა ყოფილიყო მიქცეული აღსრულება, რაც 2016 წლის 07 მარტს გაცემული №2-659/2009 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე იქნა დაწყებული.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, არ იყო ამოწურული კანონით გათვალისწინებული ყველა შესაძლო ღონისძიება, რაც კერძო აღმასრულებელს შეეძლო განეხორციელებინა, მოვალე დალი ბლადაძის კანონიერი ინტერესების დაცვას შეეხებოდა.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ქ. ბათუმში, ვახტანგ გორგასალის ქ. №125/თაყაიშვილის ქ. №30-ში მდებარე მშენებარე სახლში, 92.40 კვ.მ. ფართის ბინა №21-ის იძულებით, აუქციონზე რეალიზაციის შესახებ სააღსრულებო მოქმედებები ეწინააღმდეგებოდა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს და ამდენად გააუქმა.

 

სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2016 წლის 16 ნოემბრის №A16025317-015/001 განკარგულება, ქ. ბათუმში, ვახტანგ გორგასლის ქუჩა №125, თაყაიშვილის ქუჩა №30-ში მდებარე ბინა №21-ის (საკადასტრო კოდი: 05.23.26.016.01.021) საჯარო აუქციონზე რეალიზაციის შედეგად ქონების შემძენად დიმიტრი მჟავიას გამოცხადებასთან დაკავშირებით „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-183 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს წარმოადგენს. სააღსრულებო წარმოებისას ქონების შემძენისათვის საკუთრების უფლების მინიჭების შესახებ განკარგულება არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და იგი გასაჩივრდება სასამართლოში. შესაბამისად, ამ აქტზე ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული რეგულაციები.

 

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, იძულებით აუქციონს ამ კანონით დადგენილი წესით ატარებს აღსრულების ეროვნული ბიურო ან სხვა პირი მასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. თუ მოვალე საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია ქონების მესაკუთრედ, აღსრულების ეროვნული ბიურო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს იძულებითი აუქციონის ჩატარებას.

 

იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანებით დამტკიცებული იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმები და წესის 1.1. მუხლის თანახმად, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იძულებითი აუქციონი ტარდება ელექტრონული (ინტერნეტაუქციონის) გზით და მის ჩატარებას უზრუნველყოფს და აუქციონზე გასატან ქონებას განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო.

 

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულია, რომ აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ ქონების ფასის სრულად გადახდის შემდეგ აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსცემს განკარგულებას აუქციონზე შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების შესახებ. ამავე კანონის მე-147 მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო პასუხისმგებელია მხოლოდ აუქციონის ჩატარების დღეს განხორციელებული, ქონების რეალიზაციასთან დაკავშირებული პროცედურის ამ კანონთან შესაბამისობისთვის და ყველა სხვა მოსამზადებელ თუ აუქციონისშემდგომ მოქმედებას ახორციელებს კერძო აღმასრულებელი საკუთარი პასუხისმგებლობით, თუმცა სასამართლო აღნიშნავს, რომ იძულებითი აუქციონი წარმოადგენს მისი წინარე სააღსრულებო მოქმედებების შედეგს და თუ ეს სააღსრულებო მოქმედებები კანონსაწინააღმდეგოდ იქნა შეფასებული, შესაბამისად, მიჩნეული უნდა იქნას, რომ იძულებითი აუქციონი და აუქციონის შედეგად მიღებული ქონების შემძენისათვის საკუთრების უფლების მინიჭების შესახებ განკარგულებაც კანონსაწინააღმდეგო აქტს წარმოადგენს. წინააღმდეგ შემთხვევაში აზრს დაკარგავს დავა, იმ ვითარებაშიც, როდესაც დადგენილი იქნება სააღსრულებო მოქმედებები კანონსაწინააღმდეგო ხასიათი.

 

საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-147 მუხლით განსაზღვრულია კერძო აღმასრულებლის კომპეტენცია. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, კერძო აღმასრულებელი სააუქციონო მომსახურების გაწევის შესახებ განაცხადით აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიმართავს. ამავე მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრულია, რომ აღსრულების ეროვნულ ბიუროს უფლება აქვს, კერძო აღმასრულებლის მიერ მისთვის წარდგენილი სააუქციონო დოკუმენტაციის ამ კანონის მოთხოვნებთან შეუსაბამობის საფუძვლით კერძო აღმასრულებელს განაცხადის მიღებისას დაუდგინოს ხარვეზი, რომლის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 1 თვეს. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ კერძო აღმასრულებლისათვის დადგენილი ხარვეზის გამოსწორების ვადის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში აღსრულების ეროვნული ბიურო უარს ეუბნება კერძო აღმასრულებელს სააუქციონო მომსახურების გაწევაზე.

 

კერძო აღმასრულებელი უფლებამოსილია იმ გარემოებათა აღმოფხვრისას, რომლებიც საფუძვლად დაედო აღსრულების ეროვნული ბიუროს უარს, მიმართოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს სააუქციონო მომსახურების გაწევის შესახებ ახალი განაცხადით.

 

მოცემულ შემთხვევაში კერძო აღამსრულებელ ჯამბულ ძირკვაძის მიერ აღსრულების ეროვნულ ბიუროსათვის სააუქციონო მომსახურების გაწევის შესახებ განაცხადით მიმართვის შემდეგ სააუქციონო დოკუმენტაციის „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებთან შეუსაბამობის საფუძვლით ხარვეზი არ დადგენილა.

 

აღსრულების ეროვნული ბიურო ვალდებული იყო, სრულყოფილად გამოეკვლია ყველა ის გარემოება, რაც უკავშირდებოდა მიღებული სააუქციონო დოკუმენტაციის კანონშესაბამისობას.

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-183 მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად კი, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე უფლებამოსილია თავისი ინიციატივით გააუქმოს აღმასრულებლის მიერ განხორციელებული სააღსრულებო მოქმედება.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი იმ შემთხვევაშია ბათილი, თუ ის ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად არღვევს მისი მომზადების ან გამოცემის კანონით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით, თუმცა ამავე კოდექსის 32-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო იმ შემთხვევაში მიიღებს გადაწყვეტილებას აქტის ბათილად ცნობის თაობაზე თუ ეს აქტი ან მისი ნაწილი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.

 

ზემოაღნიშნულ შემთხვევაში საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2016 წლის 16 ნოემბრის №A16025317-015/001 განკარგულებას ქ. ბათუმში, ვახტანგ გორგასლის ქუჩა N125, თაყაიშვილის ქუჩა №30-ში მდებარე ბინა №21-ის (საკადასტრო კოდი: 05.23.26.016.01.021) საჯარო აუქციონზე რეალიზაციის შედეგად ქონების შემძენად დიმიტრი მჟავიას გამოცხადებასთან დაკავშირებით, საფუძვლად უდევს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებთან შეუსაბამო სააღსრულები პროცედურები.

 

რამდენადაც აუქციონის მოსამზადებელი სააღსრულებო მოქმედებები სასამართლოს მიერ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით შესრულებულად არ იქნა მიჩნეული, საქალაქო სასამართლომ ჩათვალა, რომ სადავო განკარგულების გამოცემისას დარღვეულია კანონით დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის წესი, რადგანაც მას საფუძვლად დაედო უკანონოდ მიჩნეული სააღსრულებო მოქმედებები.

 

მართალია აღსრულების ეროვნული ბიუროს 2016 წლის 16 ნოემბრის №A16025317-015/001 განკარგულება დიმიტრი მჟავიას მიმართ აღმჭურველი ხასიათის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს წარმოადგენს, მაგრამ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმდ, არსებობს საგამონაკლისო წესიც, იმ შემთხვევისათვის, როდესაც ასეთ აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ ერთმნიშვნელოვნად და დადგენილად მიიჩნია, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2016 წლის 16 ნოემბრის №A16025317-015/001 განკარგულების შედეგად არსებითად დარღვეულია, მოსარჩელე დალი ბლადაძის კანონიერი უფლება და ინტერესი, მისი კუთვნილი ქონების საკუთრებასთან დაკავშირებით, რამდენადაც მოპასუხე მხარის უკანონო ქმედებისა და სადავო განკარგულების შედეგად, მას წაერთვა საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე, რაც საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის თანახმად, აღიარებულ და ხელშეუვალ უფლებას წარმოადგენს.

 

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი ამ ნაწილში დასაბუთებული და სამართლებრივი საფუძვლის მქონე იყო და დააკმაყოფილა, ბათილად ცნო 2016 წლის 16 ნოემბრის №A16025317-015/001 განკარგულება, ქ. ბათუმში, ვახტანგ გორგასლის ქუჩა №125, თაყაიშვილის ქუჩა N30-ში მდებარე ბინა №21-ს (საკადასტრო კოდი: 05.23.26.016.01.021) საჯარო აუქციონზე რეალიზაციის შედეგად ქონების შემძენად დიმიტრი მჟავიას გამოცხადებასთან დაკავშირებით.

 

რაც შეეხება მოვალეთა რეესტრში მოსარჩელეთა რეგისტრაციის კანონიერებას, სასამართლომ აღნიშნა, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის“ მე-191 მუხლის თანახმად, მოვალეთა რეესტრი არის ფულადი მოთხოვნის აღსრულების უზრუნველყოფამდე წარმოებული საშუალება – სისტემატიზებული ელექტრონული ერთობლიობა მონაცემებისა იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა და სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნთა შესახებ, რომელთა მიმართაც აღსრულება დაიწყო 2010 წლის 1-ლი იანვრიდან, გარდა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და უზრუნველყოფილი მოთხოვნის მოვალისა. პირი მოვალეთა რეესტრში შეიტანება დაუყოვნებლივ, მას შემდეგ, რაც მის წინააღმდეგ დაიწყება სააღსრულებო წარმოება. მე-191 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით კი, მოვალეთა რეესტრის წარმოების წესს ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 28 დეკემბრის №234 ბრძანებით დამტკიცებული „მოვალეთა რეესტრის წარმოების წესის“ მე-3 მუხლის თანახმად, 1. რეესტრს აწამოებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - აღსრულების ეროვნული ბიურო (შემდგომში - აღსრულების ეროვნული ბიურო). 2. რეესტრის მონაცემები საჯაროა და აღსრულების ეროვნული ბიურო უზრუნველყოფს რეესტრის მონაცემების მუდმივ განახლებას და ხელმისაწვდომობას კანონით განსაზღვრული დაწესებულებებისა და სხვა პირებისათვის. 3. რეესტრში მოვალის შესახებ მონაცემების რეგისტრაცია, კანონით განსაზღვრული საფუძვლებით, ხორციელდება აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებლების მიერ. რეესტრიდან პირის ამორიცხვა ხორციელდება აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებლების მიერ. კერძო აღმასრულებლები მათ წარმოებაში არსებულ საქმეებზე უშუალოდ ახორციელებენ მოვალის მონაცემების რეესტრში რეგისტრაციას და რეესტრიდან პირის ამორიცხვას. 4. რეესტრის წარმოებას უზრუნველყოფს და მასში მონაცემების რეგისტრაციაზე ზედამხედველობას ახორციელებს (პასუხისმგებელია) აღსრულების ეროვნული ბიუროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეული. რეესტრის წარმოებაზე, მის წარმოებაში არსებულ საქმეებთან დაკავშირებით, პასუხისმგებელია აგრეთვე კერძო აღმასრულებელი. 5. რეესტრის წარმოება ერთიანია, დაუშვებელია აღმასრულებელთა მიერ ინდივიდუალური რეესტრების წარმოება. 6. რეესტრში არასწორი მონაცემების რეგისტრაციაზე პასუხისმგებელია ასეთი მონაცემების მარეგისტრირებელი აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებელი. კერძო აღმასრულებლის მიერ რეგისტრირებულ მონაცემებზე პასუხისმგებელია კერძო აღმასრულებელი. სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი ან უკვე რეგისტრირებული მონაცემები ეჭვის არსებობის შემთხვევაში ექვემდებარება აღსრულების ეროვნული ბიუროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ დაუყოვნებლივ გადამოწმებას. 7. რეესტრის წარმოება ხორციელდება ელექტრონული საშუალებების გამოყენებით. 8. რეესტრში მოვალის შესახებ მონაცემების რეგისტრაცია/რეესტრიდან პირის ამორიცხვა ხორციელდება კანონით დადგენილი საფუძვლების წარმოშობისას, იმავე სამუშაო დღეს.

 

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის“ 25-ე მუხლის შესაბამისად, აღმასრულებელი სააღსრულებო წარმოებას იწყებს კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.

 

დადგენილია, რომ 2016 წლის 15 მარტს ალეკო ურუშაძემ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 07 მარტის სააღსრულებო ფურცელი წარუდგინა კერძო აღმასრულებელ ჯამბულ ძირკვაძეს და მოითხოვა სააღსრულებო დოკუმენტის წარმოებაში მიღება, იძულებითი აღსრულების მიზნით. სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე კერძო აღმასრულებელ ჯამბულ ძირკვაძის მიერ დაწყებული იქნა სააღსრულებო წარმოება.

 

ამის პარალელურად, კანონით განსაზღვრული საფუძვლებით, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოსარჩელეები, დალი ბლადაძე, მაია ვერულიძე, ნათია ვერულიძე, ხატია ვერულიძე და გიორგი ვერულიძე შეყვანილი იქნენ მოვალეთა რეესტრში, რამდენადაც მათ მიმართ დაიწყო სააღსრულებო წარმოება.

 

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის“ მე-194 მუხლი განსაზღვრავს რეესტრში რეგისტრირებული პირის მიმართ დაწესებული შეზღუდვების მოხსნისა და რეესტრიდან ამორიცხვის წესს და საფუძვლებს: 1. რეესტრში რეგისტრირებულ პირზე დაწესებული შეზღუდვები მთლიანად იხსნება რეესტრიდან მისი ამორიცხვისთანავე. 2. პირის რეესტრიდან ამორიცხვის საფუძველია: ა) ფულადი გადახდევინების სრულად აღსრულება; ბ) დაკისრებული ჯარიმის სხვა სახდელით შეცვლა; გ) ამ კანონის 34-ე და 35-ე მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევები; დ) სასამართლოს გადაწყვეტილება.

 

მოსარჩელე მხარე არ მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მათ დაფარული აქვთ კრედიტორ ალეკო ურუშაძის მიმართ ვალდებულება, რომელიც ეკისრება №2-659 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. ამასთან, აღსრულების ეროვნულ სააგენტოში არ მოუთხოვიათ მათ მიმართ დაწყებული სააღსრულებო წარმოების შეწყვეტა. შესაბამისად, მოვალის უფლებამონაცვლე პირები არ უნდა ამოირიცხონ მოვალეთა რეესტრიდან. ამდენად, ამ ეტაპზე, სანამ მოსარჩელეთა მიმართ მიმდინარეობს სააღსრულებო წარმოება, არ არსებობს მათი მოვალეთა რეესტრიდან ამორიცხვის საფუძველი.

 

სასამართლომ ამასთან ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ თუ მოვალე დალი ბლადაძეს, ან სხვა მოვალეებს დაუდგინდებათ გარდაცვლილი მამკვიდრებლის, ჯემალ ვერულიძის დანაშთი სამკვიდროდან სხვა რიმე სახის აქტივის მიღების ფაქტი, სააღსრულებო წარმოება გაგრძელდება და კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილება დაუკავშირდება ამ აქტივს.

 

ამასთან, საქალაქო სასამართლომ მიუთითა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის“ მე-18 მუხლის 1-ლი პუნქტზე, რომლის თანხმად, გაასაჩივრონ აღმასრულებლის ქმედება აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესთან − ასეთი ქმედების განხორციელებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში ან პირდაპირ სასამართლოში − ასეთი ქმედების განხორციელებიდან 1 თვის ვადაში;

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით ასეთ შემთხვევაში გამოიტანს გადაწყვეტილებას, ადმინისტრაციული ორგანოს დავალდებულების თაობაზე, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეებს არ მოუთხოვიათ მათ მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 07 მარტის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოების შეწყვეტა და არ გაუსაჩივრებიათ აღმასრულებლის მოქმედება აღსრულების ეროვნულ ბიუროში, მათ მოვალეთა რეესტრიდან ამორიცხვა არც აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის მოუთხოვიათ, სასამართლოში სარჩელის აღძვრამდე. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეთა ამ სასარჩელო მოთხვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი (მოვალეთა რეესტრიდან ამორიცხვის დავალდებულების შესახებ) ამ ეტაპზე არ არსებობდა.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა როგორც დალი ბლადაძემ, მაია, ნათია, ხატია, გიორგი ვერულიძეებმა, ისე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურომ და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიურომ.

 

1. აპელანტების - დალი ბლადაძის, მაია, ნათია, ხატია, გიორგი ვერულიძეების განმარტებით, საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილების 3.2.პუნქტში დადგენილად მიჩნია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც მნიშვნელოვანი იყო დავის გადასაწყვეტად. თუმცა არასწორად არ მიიჩნია დადგენილად რომ უფლებამონაცვლეობა ვეღარ იარსებებს მომავალში რადგანაც არ არსებობს ჯემალ ვერულიძის (აწ.გარდაცვლილის) სამკვიდრო აქტივები და შესაბამისად მისი უფლებამონაცვლეები - დალი ბლადაძე, მაია, ნათია, ხატია და გიორგი ვერულიძეები მომავალში ვერ იქნებიან ვალდებულნი (უფლებამონაცვლეები) ჯემალ ვერულიძის ვალდებულებების გამო. ამიტომაც აპელანტების მოვალეთა რეესტრში დატოვება, როგორც სამართლებრივად ასევე კანონიერად გაუმართლებელია, ანუ მოვალეთა რეესტრში აპელნტების - დალი ბლადაძის, მაია, ნათია, ხატია და გიორგი ვერულიძეების რეგისტრაციის კანონიერი საფუძველი აღარ არსებობს. ამდენად ბათუმის საქალაქო სასამართლომ ამ ნაწილში მიიღო უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი გადაწუყეტილება. კერძოდ: ბათუმის სასამართლომ არაერთგზის გადადო სასამართლო საქმისწარმოება და მხარეს ალეკო ურუშაძეს მისცა დრო რათა წარმოედგინა ჯემალ ვერულიძის აქტივების ფარგლებში არსებობდა თუ არა ქონება. თუმცა ალეკო ურუსაძემ ვერ წარმოადგინა ვერცერთი დოკუმენტი და ვერც წარმოადგენდა, რადგანაც ჯემალ ვერულიძის დანაშთი ქონებიდან აქტივები აღარ არსებობს. აპელანტების - დალი ბლადაძის, მაია, ნათია, ხატია და გიორგი ვერულიძეების მიერ წარდგენილ იყო საჯარო რეესტრის წერილები სადაც ნათლად ჩანს, რომ ჯემალ ვერულიძეზე ქონება არ არის აღრიცხული. ასევე ალეკო ურუშაძემ კრედიტორმა ვერ წარმოადგინა ინფორმაცია ჯემალ ვერულიძის დანაშთი აქტივების შესახებ. ამიტომაც აპელანტების - დალი ბლადაძის, მაია, ნათია, ხატია და გიორგი ვერულიძეების მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციაც არასაფუძვლიანია და უკანონო (უსამართლოც).

 

აპელანტების განმარტებით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, ის ფაქტობრივი გარემოება, რომ კერძო აღმასრულებლისა და შემდეგ ეროვნული ბიუროს მიერ სწორად არ იქნა შეფასებული ბათუმის საქალაქო სასამართლოს 25.12.2009 წლის გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული N2-659/2009 სააღსრულებო ფურცლის შინაარსი, მოსარჩელეთა უფლებამონაცვლეობის ფარგლებთან დაკავშირებით, რამაც მისი არასწორად აღსრულება გამოიწვია.

 

აპელანტების განმარტებით ბათუმის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ აღსრულების ეროვნულ სააგენტოში მოსარჩელეებს დალი ბლადაძეს, მაია, ნათია, ხატია და გიორგი ვერულიძეებს არ მოუთხოვიათ მათ მიმართ დაწყებული სააღსრულებო წარმოების შეწყვეტა. თუმცა დალი ბლადაძემ 26.10.2016წ. მოითხოვა აუქციონის შეჩერება, მაგრამ სასამართლომ ზემოაღნიშნული არ ჩათვალა დადგენილად და შესაბამისად მიიღო გადაწყვეტილება, რომ მოვალის უფლებამოლაცვლე პირები არ უნდა ამოირიცხონ მოვალეთა რეესტრიდან, რაც არასწორია.

 

სასამართლო საქმისწარმოება თითქმის 02 (ორი) წელი მიმდინარეობდა ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ამ 02 (ორი) წლის განმავლობაში ალეკო ურუშაძემ ვერცერთი დოკუმენტი ვერ წარმოადგინა ჯემალ ვერულიძის დატოვებულ აქტივებთან დაკავშირებით. ამ ფაქტობრივი მოცემულობის პირობებში, გაუგებარია სასამართლო გადაწყვეტილება (რომ მხარემ არ მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს).

 

ამდენად აპელანტები დალი ბლადაძე, მაია, ნათია, ხატია და გიორგი ვერულიძეები ითხოვენ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებას და სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას.

 

2. აპელანტების - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს განმარტებით, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-151 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, სააღსრულებო წარმოებაში მოვალეა ფიზიკური პირი, იურიდიული პირი, სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, პირთა გაერთიანება იურიდიული პირის შეუქმნელად, სახელმწიფო ორგანო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, რომლებსაც ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილება ავალდებულებს, შეასრულონ განსაზღვრული მოქმედებები ან თავი შეიკავონ განსაზღვრული მოქმედებების შესრულებისაგან. ამავე კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.

 

არსებული საკანონმდებლო მოწესრიგების მიხედვით, სააღსრულებო წარმოების განხორციელების საფუძველს წარმოადგენს აღსასრულებელი აქტი. სწორედ, მისი შინაარსი განსაზღვრავს წარმოების მონაწილე მხარეებსა და აღსრულების წესს, კერძოდ, ვის მიმართ, რა სახის და რა მოცულობით უნდა განხორციელდეს სააღსრულებო მოქმედებები. აღსრულების ეროვნული ბიურო ვალდებულია სააღსრულებო წარმოების განხორციელებისას იხელმძღვანელოს აღსრულებას დაქვემდებარებული აქტით და მისი შინაარსის გათვალისწინებით გაატაროს კანონით რეგლამენტირებული ღონისძიებები. მოცემულ შეთხვევაში, აღსრულების ეროვნულ ბიუროში სააღსრულებო წარმოების დაწყების საფუძველს წარმოადგენდა სასამართლო გადაწყვეტილება და განჩინება, რომლის მიხედვითაც დადგინდა ძირითად გადაწყვეტილებაში მითითებული მოვალის უფლებამონაცვლეები და გაიცა სააღსრულებო ფურცელი. აღნიშნული სააღსრულებო ფურცლის თანახმად, უნდა განხორციელდეს იძულებითი აღსრულება, მოვალის უფლებამონაცვლეების მიმართ.

 

მითითებული სამართლებრივი და ფაქტობრივი მოცემულების გათვალისწინებით აღსრულების ეროვნულ ბიუროში დაიწყო იძულებით აღსრულება მოსარჩელეთა, როგორც სააღსრულებო წარმოების მიზნებისათვის მოვალეების მიმართ არაუზრუნველყოფილი მოთხოვნების აღსრულების მიზნით, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონით დადგენილი მოთხოვნების სრული დაცვით.

 

რაც ეხება, სასამართლოს მითითებას, იმის თაობაზე, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს მხრიდან არასწორად მოხდა აღსრულების წესის განსაზღვრა, მოკლებულია ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს, ვინიდან: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე.

 

მითითებული მუხლის მიხედვით, უფლება ან მოვალეობა შეიძლება ერთი პირიდან მეორეზე გადავიდეს. საპროცესო უფლებამონაცვლეობას ადგილი აქვს მაშინ, როდესაც სადავო მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობიდან გადის ერთ-ერთი მხარე. საპროცესო უფლებამონაცვლეობა ეს არის მხარეებისა და მესამე პირების შეცვლა იმ პირებით, რომლებზეც მათი უფლება-მოვალეობები გადავიდა. იგი მთლიანად ეფუძნება უფლებამონაცვლეობას მატერიალურ სამართალში, როდესაც მატერიალური სამართლის ნორმების მიხედვით, დასაშვებია სამართლებრივ ურთერთობაში უფლება-მოვალეობების სუბიექტის შეცვლა, მაშინ დაიშვება საპროცესო უფლებამონაცვლეობაც, რა დროსაც მხარის საპროცესო სტატუსი გადადის სხვა პირზე. თუ უფლებამონაცვლეობა მატერიალური სამართლის მიხედვით დაუშვებელია, აღნიშნული გამორიცხავს საპროცესო უფლებამონაცვლეობასაც.

 

აპელანტის განმარტებით საპროცესო უფლებამონაცვლეობის ერთ-ერთ საფუძველს წარმოდგენს დავის მონაწილე ფიზიკური პირის გარდაცვალება. ამ შემთხვევაში მატერიალურ-სამართლებრივ ურთიერთობებში უფლებამონაცვლეობის ფარგლებს და წესს განსაზღვრას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მემკვიდრეობითი სამართლის მომწესრიგებელი მატერიალური ნორმები.

 

სამოქალაქო კოდექსის 1484-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მემკვიდრეები ვალდებულნი არიან მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად.

 

მითითებული მუხლის ნორმატიული შინაარსის, სამართლის ნორმათა განმარტების როგორც გრამატიკული, ასევე ლოგიკური მეთოდის გამოყენებისას, ცალსახაა, რომ მემკვიდრეები კრედიტორების წინაშე პასუხს აგებენ მიღებული აქტივის ღირებულების ფარგლებში და არა აქტივში შემავალი კონკრეტული ნივთებითა და არამატერიალური ქონებრივი სიკეთით, ვინაიდან კანონმდებელი იყენებს ტერმინს - „მიღებული აქტივის ფარგლებში“ და არა მიღებული აქტივით; ნორმის შინაარსის იმგვარი გაგება, რომ მემკვიდრე პასუხისმგებელი იყოს მხოლოდ სამკვიდრო მასაში შემავალი აქტივით (კონკრეტული ქონებით) ზიანს აყენებს მამკვიდრებელის კრედიტორებს და არათანაბარ მდგომარეობაში აქცევს კერძო სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეებს, ასევე, აღსასრულებელი გადაწყვეტილების აღსრულებას დამოკიდებულს ხდის მემკვიდრის კეთილსინდისიერებაზე, ვინაიდან, სამკვიდრო მასაში შემავალი პასივის აღსასრულებელ მოთხოვნად ტრანსფორმირების შემთხვევაში მისი აღსრულება დამოკიდებული იქნება იმაზე, ამ დროისათვის კვლავ მემკვიდრის საკუთრებაში ირიცხება თუ არა მიღებულ აქტივში შემავალი კონკრეტული ქონება ან შესაძლებელია თუ არა მისი მოძიება.

 

სამოქალაქო კოდექსის 1484-ე მუხლის ნორმატიული შინაარსის ასეთივე გაგებას ავითარებს უზანაესის სასამართლო 2016 წლის 30 აგვისტოს №: ას-461-435-2014 გადაწყვეტილებაში.

 

აპელანტის განმარტებით ზემოაღნიშნული კანონების შინაარსის გათვალისწინებით, უფლებამონაცვლეობის საფუძვლის არსებობას და ფარგლებს ადგენს დავის განხილვასა და მის საფუძველზე აღსასრულებას დაქვემდებარებული გადაწყვეტილების მიმღების უფლებამოსილების მქონე ორგანო და არა აღსრულების ეროვნული ბიურო. აღსრულების ეროვნული ბიურო არ არის უფლებამოსილი იკვლიოს, რამდენად სწორად შეაფასა მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობა და დაადგინა საპროცესო უფლებამონაცვლეობა სააღსრულებო აქტის მიმღებმა ორგანომ. სააღსრულებო წარმოების დაწყების საფუძველს წარმოდგენად სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი, რომლითაც განსაზღვრულია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 21-ე მუხლით დადგენილი ყველა აუცილებელია რეკვიზიტი, მათ შორის მოვალეთა ვინაობა და აღსასრულებელი მოთხოვნის მოცულობა.

 

აპელანტის განმარტებით „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტი მიხედვით იძულებითი აღსრულების პირობებში აღმასრულებელი უფლებამოსილია განახორციელოს გადახდევინება მოვალის ქონებაზე. შესაბამისად, იმ პირობებში, როცა აღსასრულებელი აქტი ეხება არაუზრუნველყოფილ მოთხოვნას აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილი და ვალდებულია კრედიტორის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად აღსრულება მიაქციოს მოვალის ნებისმიერ ქონებზე აღსასრულებელი მოთხოვნის ფარგლებში.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტი განმარტავს, რომ აღსრულების ეროვნული ბიურო არ წარმოდგენს უფლებამონაცვლეობის დამდგენ ან/და აღსრულების წესის განსაზღვრის უფლებამოსილების მქონე ადმინისტრაციულ ორგანოს და მისი კანონისმიერი ვალდებულებაა აღასრულოს კრედიტორის დადასტურებული მოთხოვნა აღსასრულებელ გადაწყვეტილებაში მოცემულ ფარგლებში და წესით. აღნიშნულის გათვალისწინებით, აპელანტი მხარე მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების გზით მოსარჩელეებს უარი უნდა ეთქვათ სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

სააპელაციო სასამართლო, გამოცხადებული მხარის მოსაზრების მოსმენის, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზების, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებისა და სააპელაციო საჩივრების საფუძვლიანობა-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ აპელანტების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ საკითხებთან დაკავშირებით, შესაბამისად, სააპელაციო პალატა დამტკიცებულად მიიჩნევს საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, რაც არის დადგენილად მიჩნეული ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით და როგორი სახითაც არის ისინი მითითებული წინამდებარე განჩინებაში გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნების კონსტატირებისას. საქალაქო სასამართლოს დასკვნები საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად და მტკიცების ტვირთიც, იმავე კოდექსის 102-ე მუხლისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მხარეებზე განაწილებულია სწორად.

 

სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე:

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სააღსრულებო სამართალი საჯარო სამართალს მიეკუთვნება, ვინაიდან მისი საგანია სასამართლო გადაწყვეტილებების და კანონით გათვალისწინებული სხვა აქტების ,,იძულების ძალით’’ განხორციელება, რაც ლეგიტიმირებულია არა კრედიტორის კერძოსამართლებრივი მოთხოვნით, არამედ მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოს მიერ მინიჭებული უფლებამოსილებით. შესაბამისად, სახელმწიფოს ვალდებულებაა სააღსრულებო სამართლით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობისას მოვალის უფლებებსა და თავისუფლებებში კანონისმიერი ჩარევის გზით აღასრულოს კრედიტორის მოთხოვნა – სახელმწიფოს დახმარებით განახორციელოს სასამართლო ხელისუფლების მიერ (გადაწყვეტილებით) ტიტულირებული, დადასტურებული მოთხოვნა, რაც წარმოადგენს სახელმწიფოს სააღსრულებო კომპეტენციის გამოვლინებას.

 

პალატა დამატებით განმარტავს, რომ ვინაიდან იძულებითი აღსრულება, როგორც წესი, ვერ ხორციელდება უფლებებსა და თავისუფლებებში ჩარევის გარეშე, აუცილებელია მისი ეფექტური სასამართლო კონტროლი წარმოების დასაწყისიდან, მის ყველა სტადიაზე. ამას ითხოვს ასევე ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის’’ მე-13 მუხლის დანაწესი, რომლის თანახმად ყველას ვისაც დაერღვა ამ კონვენციით გათვალისწინებული უფლებები და თავისუფლებები, უნდა ჰქონდეს სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალება ეროვნული ხელისუფლებისაგან, თუნდაც ეს დარღვევა ჩაიდინოს პირმა, რომელიც სამსახურებრივ უფლებამოსილებას ახორციელებდა. პალატა მიიჩნევს, რომ სამართლებრივი საშუალებები სააღსრულებო წარმოების ფარგლებში უნდა უზრუნველყოფდეს, რომ ერთი მხრივ, არ გაჭიანურდეს იძულებითი აღსრულება და შეძლებისდაგვარად სწრაფად და სრულად განხორციელდეს კრედიტორის მოთხოვნები, ხოლო მეორე მხრივ, მოვალეს ან დაინტერესებულ მესამე პირს უნდა შეეძლოს კანონით გაუთვალისწინებელი ჩარევისაგან თავის დაცვა, რაც გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით, რომლის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. ამდენად ცალსახაა, რომ სააღსრულებო ორგანოებს აღსრულების პროცესში ევალებათ სამართლიანი ბალანსის დაცვა კრედიტორის მოთხოვნებსა და მოვალის, ასევე სააღსრულებო წარმოებაში მონაწილე სხვა პირთა ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის.

 

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-146 მუხლი განსაზღვრავს კერძო აღმასრულებლის უფლებამოსილებებს, რომელიც ამ საჯარო უფლებამოსილებას – სააღსრულებო საქმიანობას ახორციელებს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის საფუძველზე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ამ კანონის მე-147 მუხლით განისაზღვრება კერძო აღმასრულებლის კომპეტენცია, ხოლო აღმასრულებლის უფლება-მოვალეობებს ადგენს, ამავე კანონის მე-17 მუხლი.

 

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლით განსაზღვრულია იძულებითი აუქციონის ჩატარების პირობები, რომლის თანახმად იძულებით აუქციონს ამ კანონით დადგენილი წესით ატარებს აღსრულების ეროვნული ბიურო ან სხვა პირი მასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. თუ მოვალე საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია ქონების მესაკუთრედ, აღსრულების ეროვნული ბიურო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს იძულებითი აუქციონის ჩატარებას. ამავე კანონის 71-ე მუხლის მიხედვით, იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმები, წესი და მასთან დაკავშირებული სხვა პროცედურები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 25 დეკემბერის გადაწყვეტილებით ალეკო ურუშაძის სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად და 2006 წლის 19 დეკემბრის განაჩენით და მის საფუძველზე, 2008 წლის 26 ივნისს გაცემული სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრულ ვალდებულებაზე, რომლის თანახმად ჯემალ ვერულიძეს დაზარალებულ ალეკო ურუშაძის სასარგებლოდ დაეკისრა 25600 აშშ დოლარის მატერიალური ზიანის და 2000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურება, ჯემალ ვერულიძის უფლებამონაცვლედ ცნობილი იქნენ დალი ბლადაძე, მაია, ხატია, ნათია და გიორგი ვერულიძეები.

 

2016 წლის 07 მარტს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 25 დეკემბერის გადაწყვეტილებაზე გაცემულ იქნა №2-659/2009 სააღსრულებო ფურცელი და ზემოაღნიშნული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე ალეკო ურუშაძის მოთხოვნით დაწყებულ იქნა სააღსრულებო წარმოება.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელე მხარემ მას შემდეგ, როდესაც გაეცნო სააღსრულებო წარმოების მასალებს, კერძო აღმასრულებელს აცნობა იმის თაობაზე, რომ დალი ბლადაძის საკუთრების უფლება აღსრულების საგანზე, ქ. ბათუმში, ვახტანგ გორგასლის ქ. №125/თაყაიშვილის ქ.№30-ში მდებარე მშენებარე სახლში, 92.40 კვ.მ. ფართის ბინა №21-ზე, დარეგისტრირდა 2015 წლის 12 ოქტომბერს და ამ უძრავ ქონებასთან გარდაცვლილ ჯემალ ვერულიძეს რაიმე კავშირი არ გააჩნდა. ბინა ლალი ბლადაძემ საკუთარი სახსრებით შეიძინა რის გამოც ალეკო ურუშაძის ვალის გამო აღმასრულებელს ბინა აუქციონზე არ უნდა გაეტანა.

 

მიუხედავას ზემოაღნიშნულისა კერძო აღმასრულებელმა განაგრძო კრედიტორ ალეკო ურუშაძის მიერ წარდგენილი სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება, მოსარჩელეებისაგან ფულადი თანხის გადახდევინების საქმეზე. საჯარო რესტრიდან გამოთხოვილი ინფორმაციით მისთვის ცნობილი გახდა, რომ დალი ბლადაძის საკუთრების უფლება, ქ. ბათუმში, ვახტანგ გორგასალის ქ. №125/თაყაიშვილის ქ. №30-ში მდებარე მშენებარე სახლში, 92.40 კვ.მ. ფართის ბინა №21-ზე, საკადასტრო კოდი: 05.23.26.016.01/021. 2015 წლის 12 ოქტომბერს იქნა საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული და რეგისტრაციისთვის უფლების დამდგენ დოკუმენტად მითითებულია 2015 წლის 06 ოქტომბრის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებაზე გამოსყიდვის უფლებით, გამოსყიდვის ვადა - 2016 წლის 16 აპრილი.

 

დადგენილია, რომ კერძო აღმასრულებელმა ჯამბულ ძირკვაძემ ჩათვალა, რამდენადაც 2016 წლის 07 მარტს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული №2-659/2009 სააღსრულებო ფურცლით დალი ბლადაძე მიჩნეული იყო გარდაცვლილი მოვალის, ჯემალ ვერულიძის უფლებამონაცვლედ, ეს აღმასრულებელს აძლევდა შესაძლებლობას, აღსრულება მიექცია დალი ბლადაძის საკუთრებაში დარეგისტრირებულ უძრავ ნივთზე.

 

შპს „ექსპერტი XXI-ის“ მიერ კერძო აღმასრულებელ ჯამბულ ძირკვაძის მოთხოვნით ქ. ბათუმში, ვახტანგ გორგასლის ქ. №125/თაყაიშვილის ქ. №30-ში, ბინა №21-ის საბაზრო ღირებულება შეფასებული იქნა 50 000 ლარად.

 

აღნიშნული უძრავი ქონების ელექტრონული აუქციონის ჩატარების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა აღსრულების ეროვნული ბიუროს ოფიციალურ ვებ.გვერდზე, www.eauction.ge.

 

ელექტრონულ იძულებით საჯარო აუქციონში გაიმარჯვა დიმიტრი მჟავიამ, რომელმაც უძრავი ქონება შეიძინა 2500 ლარად.

 

აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 16 ნოემბრის №A16025317-015/001 განკარგულებით, ქ.ბათუმში, ვახტანგ გორგასლის ქუჩა №125/თაყაიშვილის ქუჩა N30-ში მდებარე №21 ბინის (საკადასტრო კოდი: 05.23.26.016.01.021) საჯარო აუქციონზე რეალიზაციის შედეგად ქონების შემძენად გამოცხადებულ იქნა დიმიტრი მჟავია.

 

პალატა მიუთითებს, რომ სააღსრულებო წარმოებისა და სააღსრულებო მოქმედების განხორციელების პროცესში აღმასრულებელი ვალდებულია, შეამოწმოს აღსრულების სამართლებრივი საფუძველი, მათ შორის სრულფასოვნად გააანალიზოს სააღსრულებო ფურცლის შინაარსი. იგივე ვალდებულება გააჩნია აღსრულების ეროვნულ სააგენტოსაც.

 

პალატა მიიჩნევს, რომ კერძო აღმასრულებელ ჯამბულ ძირკვაძისა და შემდეგ, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ სწორად არ იქნა შეფასებული ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 25 დეკემბერის გადაწყვეტილების საფუძველზე 2016 წლის 07 მარტს გაცემული №2-659/2009 სააღსრულებო ფურცლის შინაარსი, მოსარჩელეთა უფლებამონაცვლეობის ფარგლებთან დაკავშირებით, რამაც მისი არასწორი აღსრულება გამოიწვია.

 

დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლომ ალეკო ურუშაძის სარჩელის გადაწყვეტისას იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი პროცედურული წესით და 2009 წლის 25 დეკემბერის გადაწყვეტილებით ჯემალ ვერულიძის უფლებამონაცვლედ ცნო დალი ბლადაძე, მაია, ხატია, ნათია და გიორგი ვერულიძეები, თუმცა აღსრულების დროს აღმასრულებლის მიერ არასწორად იქნა აღქმული ამ უფლებამონაცვლეობის მოცულობა და ის საზღვრები, რაც გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული მატერიალურ-სამართლებრივი ნორმებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი),ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის. ამავე კოდექსის 1484-ე მუხლით კი განსაზღვრულია, მემკვიდრეთა პასუხისმგებლობა კრედიტორების წინაშე, რომლის შესაბამისად: 1. მემკვიდრეები ვალდებულნი არიან მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად. 2. თუ მამკვიდრებელი მემკვიდრეებზე გადასული ვალებით სოლიდარული მოვალე იყო, მაშინ მემკვიდრეები სოლიდარულად აგებენ პასუხს. 3. მამკვიდრებლის ვალებისათვის პასუხისმგებელნი არიან სავალდებულო წილის მიმღები მემკვიდრეებიც.

 

ზემოაღნიშნული ნორმით დადგენილი რეგულაციის შესაბამისად, იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რაც გარდაცვლილი მოვალის, ჯემალ ვერულიძის ვალისა და მისი დანაშთი სამკვიდრო ქონების მიმართ არსებობს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 25 დეკემბერის გადაწყვეტილებით მოსარჩელეები დალი ბლადაძე, მაია, ხატია, ნათია და გიორგი ვერულიძეები ცნობილი იქნენ ჯემალ ვერულიძის უფლებამონაცვლეებად, მხოლოდ ჯემალ ვერულიძის დანაშთი სამკვიდრო ქონების, ანუ მიღებული აქტივის ფარგლებში.

 

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების თანახმად, სააღსრულებო წარმოება არ დაიშვება სააღსრულებო ფურცლის (დედნის) გარეშე. სააღსრულებო ფურცელი გაიცემა იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ამ კანონით ექვემდებარება აღსრულებას. სააღსრულებო ფურცელი გაიცემა კრედიტორზე. ამავე კანონის 27-ე მუხლით განსაზღვრული რეგულაცია აღმასრულებელს აძლევს შესაძლებლობას, აღსასრულებელი გადაწყვეტილების განმარტებისათვის: აღსასრულებელი გადაწყვეტილების განმარტება ხდება სააღსრულებო წარმოების მხარეთა განცხადების ან აღსრულების ეროვნული ბიუროს შუამდგომლობის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. ეს არის ის შემთხვევა, როდესაც აღსასრულებელი გადაწყვეტილება თავისი შინაარსით არის ბუნდოვანი და ამის გამო მისი აღსრულების შესახებ მხარეებს გააჩნიათ არაერთგვაროვანი შეხედულება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს. სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვეტილების განმარტების საკითხი გადაწყვიტოს ზეპირი მოსმენის გარეშე. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მხარეებს ეგზავნება შეტყობინება, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს გადაწყვეტილების განმარტების საკითხის განხილვას.

 

ამდენად აღმასრულებელს ზემოაღნიშნულ შემთხვევაში ან თვითონ უნდა გაეკეთებინა სწორი სამართლებრივი ანალიზი და ამ ქონებაზე არ უნდა მიექცია აღსრულება, ან მას შეეძლო „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსთვის მიემართა განმარტებისათვის, რამდენადაც აღსასრულებელი სასამართლო გადაწყვეტილება თავისი შინაარსის გათვალისწინებით, მისი აღსრულების შესახებ იწვევდა მხარეების განსხვავებულ შეხედულებას.

 

აღმასრულებელსა და სააღსრულებო სამსახურს სამართლებრივად უნდა შეეფასებინათ ის ფაქტობრივი მოცემულობა, რომ დალი ბლადაძის მიერ ქ. ბათუმში, ვახტანგ გორგასლის ქ. №125/თაყაიშვილის ქ. №30-ში მდებარე საცხოვრებელი ბინა შეძენილი იქნა იმ დროს, როდესაც მასზე გადაცემული სამკვიდროს აქტივები (ქონებაზე უფლებები) უკვე აღარ არსებობდა, რადგანაც მთელი აქტივებიდან მიღებული ქონება მანამდე გადაეცა ჯემალ ვერულიძის ერთ-ერთ კრედიტორს. ამასთან, ამ უძრავ ქონებასთან აღსასრულებელი სასამართლო გადაწყვეტილებები არანაირ შემხებლობაში არ ყოფილა და შესაბამისად, მოსარჩელე დალი ბლადაძის უფლებამონაცვლეობის ფარგლებში მისი ინდივიდუალური საკუთრება სამართლებრივად არანაირად მოიაზრებოდა. შესაბამისად, მასზე არ უნდა განხორციელებულიყო სააღსრულებო წარმოება.

 

ამდენად პალატა მიიჩნევს, რომ ქ. ბათუმში, ვახტანგ გორგასალის ქ. №125 / თაყაიშვილის ქ. №30-ში მდებარე მშენებარე სახლში, 92.40 კვ.მ. ფართის N21 ბინის იძულებით, აუქციონზე რეალიზაციის შესახებ სააღსრულებო მოქმედებები ეწინააღმდეგება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით, თუმცა ამავე კოდექსის 32-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო იმ შემთხვევაში მიიღებს გადაწყვეტილებას აქტის ბათილად ცნობის თაობაზე თუ ეს აქტი ან მისი ნაწილი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2016 წლის 16 ნოემბრის №A16025317-015/001 განკარგულებას, ქ. ბათუმში, ვახტანგ გორგასლის ქუჩა N125, თაყაიშვილის ქუჩა №30-ში მდებარე ბინა №21-ის (საკადასტრო კოდი: 05.23.26.016.01.021) საჯარო აუქციონზე რეალიზაციის შედეგად ქონების შემძენად დიმიტრი მჟავიას გამოცხადებასთან დაკავშირებით, საფუძვლად უდევს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებთან შეუსაბამო სააღსრულები პროცედურები.

 

რამდენადაც აუქციონის მოსამზადებელი სააღსრულებო მოქმედებები მიჩნეულ იქნა კანონის მოთხოვნათა დარღვევით შესრულებულად პალატა თვლის, რომ სადავო განკარგულების გამოცემისას დარღვეულია კანონით დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის წესი, რადგანაც მას საფუძვლად დაედო უკანონოდ მიჩნეული სააღსრულებო მოქმედებები.

 

მართალია აღსრულების ეროვნული ბიუროს 2016 წლის 16 ნოემბრის №A16025317-015/ 001 განკარგულება დიმიტრი მჟავიას მიმართ აღმჭურველი ხასიათის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს წარმოადგენს, მაგრამ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმდ, არსებობს საგამონაკლისო წესიც, იმ შემთხვევისათვის, როდესაც ასეთ აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. ზემოაღნიშნულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო ერთმნიშვნელოვნად და დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2016 წლის 16 ნოემბრის №A16025317-015/001 განკარგულების შედეგად არსებითად დარღვეულია, მოსარჩელე დალი ბლადაძის კანონიერი უფლება და ინტერესი, მისი კუთვნილი ქონების საკუთრებასთან დაკავშირებით, რამდენადაც მოპასუხე მხარის უკანონო ქმედებისა და სადავო განკარგულების შედეგად, მას წაერთვა საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე, რაც საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის თანახმად, აღიარებულ და ხელშეუვალ უფლებას წარმოადგენს.

 

ამდენად სწორად იქნა ბათილად ცნობილი 2016 წლის 16 ნოემბრის №A16025317-015/001 განკარგულება, ქ. ბათუმში, ვახტანგ გორგასლის ქუჩა №125, თაყაიშვილის ქუჩა N30-ში მდებარე ბინა №21-ს (საკადასტრო კოდი: 05.23.26.016.01.021) საჯარო აუქციონზე რეალიზაციის შედეგად ქონების შემძენად დიმიტრი მჟავიას გამოცხადებასთან დაკავშირებით.

 

რაც შეეხება მოვალეთა რეესტრიდან მოსარჩელეთა ამორიცხვას პალატა აღნიშნავს, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონში 2008 წლის 15 ივლისის №210–რს საქართველოს კანონით განხორციელდა ცვლილება (ამოქმედდა 2010 წლის 1 იანვრიდან), რომლის მიხედვით კანონს დაემატა IV1 თავი მოვალეთა რეესტრის შესახებ.

 

მითითებული საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით, მოვალეთა რეესტრი განიმარტებოდა როგორც მონაცემთა სისტემატიზებული ბაზა იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა შესახებ, რომელთა მიმართაც გასული იყო ფულადი გადახდევინების თაობაზე ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული აღსრულებას დაქვემდებარებული აქტების ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის დადგენილი ვადა, გარდა უზრუნველყოფილი მოთხოვნის მოვალისა (მუხლი 1911).

 

ამ ნორმის ამჟამინდელი რედაქციის მიხედვით, მოვალეთა რეესტრი არის სისტემატიზებული ელექტრონული ერთობლიობა მონაცემებისა იმ ფიზიკური, იურიდიული პირებისა და სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების (გარდა სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა) შესახებ, რომელთა მიმართაც აღსრულება დაიწყო 2010 წლის 01 იანვრიდან და რომელთა მიმართაც გავიდა ფულადი გადახდევინების თაობაზე ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული აღსრულებას დაქვემდებარებული აქტების ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის დადგენილი ვადა, გარდა უზრუნველყოფილი მოთხოვნის მოვალისა.

 

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 191 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მოვალეთა რეესტრს აწარმოებს აღსრულების ეროვნული ბიურო. რეესტრის წარმოების წესს ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

 

,,მოვალეთა რეესტრის წარმოების წესის დატკიცების შესახებ’’ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 28 დეკემბრის N234 ბრძანების მე-2 მუხლის მიხედვით, რეესტრის წარმოების მიზანია იძულებით აღსრულების ღონისძიებების ეფექტურობის ხარისხის გაზრდა, კანონით დადგენილ ფარგლებში აღსრულების პროცესის საჯაროობის უზრუნველყოფა, კერძო სამართლებრივი ურთიერთობებისას შესაძლო რისკების შემცირების ხელშეწყობა და პოტენციურ პარტნიორთა საიმედობის დამატებითი გარანტიების შექმნა. ამავე ბრძანების მე-3 მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად - რეესტრში მოვალის შესახებ მონაცემების რეგისტრაცია/რეესტრიდან პირის ამორიცხვა ხორციელდება კანონით დადგენილი საფუძვლების წარმოშობისას, იმავე სამუშაო დღეს.

 

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის“ 25-ე მუხლის შესაბამისად, აღმასრულებელი სააღსრულებო წარმოებას იწყებს კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.

 

დადგენილია, რომ 2016 წლის 15 მარტს ალეკო ურუშაძემ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 07 მარტის სააღსრულებო ფურცელი წარუდგინა კერძო აღმასრულებელ ჯამბულ ძირკვაძეს და მოითხოვა სააღსრულებო დოკუმენტის წარმოებაში მიღება, იძულებითი აღსრულების მიზნით. სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე კერძო აღმასრულებელ ჯამბულ ძირკვაძის მიერ დაწყებული იქნა სააღსრულებო წარმოება.

 

ამის პარალელურად, კანონით განსაზღვრული საფუძვლებით, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოსარჩელეები, დალი ბლადაძე, მაია, ნათია, ხატია და გიორგი ვერულიძეები შეყვანილ იქნენ მოვალეთა რეესტრში, რამდენადაც მათ მიმართ დაიწყო სააღსრულებო წარმოება.

 

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის IV1 თავის მიხედვით, რეესტრის მონაცემები საჯაროა, ამასთან რეესტრში რეგისტრაციისთანავე პირს აღსრულების ეროვნული ბიუროს ან კრედიტორის თანხმობის გარეშე ეზღუდება შესაბამის რეესტრში რეგისტრაციას დაქვემდებარებული უძრავი და მოძრავი ქონების და სხვა არამატერიალური ქონებრივი სიკეთის განკარგვის (უფლებრივად დატვირთვის) უფლება, ასევე საბანკო დაწესებულების მიერ ამ პირის ანგარიშზე (ანგარიშებზე) ვრცელდება ყადაღა აღსასრულებელი მოთხოვნის ფარგლებში.

 

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-194 მუხლი განსაზღვრავს რეესტრში რეგისტრირებული პირის მიმართ დაწესებული შეზღუდვების მოხსნისა და რეესტრიდან ამორიცხვის წესს და საფუძვლებს: 1. რეესტრში რეგისტრირებულ პირზე დაწესებული შეზღუდვები მთლიანად იხსნება რეესტრიდან მისი ამორიცხვისთანავე. 2. პირის რეესტრიდან ამორიცხვის საფუძველია: ა) ფულადი გადახდევინების სრულად აღსრულება; ბ) დაკისრებული ჯარიმის სხვა სახდელით შეცვლა; გ) ამ კანონის 34-ე და 35-ე მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევები; დ) სასამართლოს გადაწყვეტილება.

 

მოსარჩელე მხარე არ მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მათ დაფარული აქვთ კრედიტორ ალეკო ურუშაძის მიმართ ვალდებულება, რომელიც ეკისრება №2-659 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. ამასთან, აღსრულების ეროვნულ სააგენტოში არ მოუთხოვიათ მათ მიმართ დაწყებული სააღსრულებო წარმოების შეწყვეტა. შესაბამისად, მოვალის უფლებამონაცვლე პირები არ უნდა ამოირიცხონ მოვალეთა რეესტრიდან, სანამდე მოსარჩელეთა მიმართ მიმდინარეობს სააღსრულებო წარმოება. ამდენად არ არსებობს მოსარჩელეების - დალი ბლადაძის, მაია, ნათია, ხატია და გიორგი ვერულიძეების მოვალეთა რეესტრიდან ამორიცხვის საფუძველი.

 

5.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლომ კანონის მართებულად გამოყენებისა და განმარტების შედეგად საქმეზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო. სააპელაციო საჩივრები არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გადაწყვეტილების უკანონობის თაობაზე, რის გამოც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება.

 

6. სასამართლო ხარჯები

აპელანტების - დალი ბლადაძის, მაია, ნათია, ხატია, გიორგი ვერულიძეების, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსა და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს მიერ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150-150 ლარი არ უბრუნდებათ სააპელაციო საჩივრებზე უარყოფის გამო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 257-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. დალი ბლადაძის, მაია, ნათია, ხატია, გიორგი ვერულიძეების, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსა და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტების მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №32), დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 21(ოცდაერთი) დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (მისამართი: ქუთაისი, ნიუ-პორტის ქუჩა №32).

 

მოსამართლე: მურთაზ მეშველიანი