განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 050310018002301500
საქმე N3/ბ-27-19წ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
18 მარტი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე გოჩა აბუსერიძე
სხდომის მდივანი ონისე გურეშიძე
აპელანტები:
1. კ-----------------ე და თ-------------–---–- (მოსარჩელეები)
2. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)
წარმომადგენლები – ლ-–--------ე, მ-----–-–--–----ე
3. კ-–--------–---–---- (მესამე პირი)
წარმომადგენელი – ე-------------–---
4. თ-------------- (მესამე პირი)
წარმომადგენელი – ფ--------------–---
მოპასუხე – ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო
წარმომადგენელი – ც---------------ე
დავის საგანი – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება
1.1. აპელანტების: კ-----------------ის და თ-------------–---–-ს მოთხოვნა – ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
1.2. აპელანტების: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის, კ-–--------–---–----ს და თ-------------ის მოთხოვნა – ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის უარყოფა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
2.1. 2018 წლის 06 თებერვალს კ-----------------ემ სარჩელით მიმართა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ და მოითხოვა:
- ბათილად ყოფილიყო ცნობილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 08 დეკემბრის N-, 2017 წლის 20 დეკემბრის N-- და 2018 წლის 30 იანვრის N--- ბრძანებები.
- ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერს დავალებოდა გამოეცა ბრძანება ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილების მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის კ-----------------ის მობილობის წესით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ზედამხედველობის სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილებაში მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე გადაყვანის შესახებ.
- გათავისუფლების დღიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე იძულებითი განაცდურის ანაზღაურება. გაანგარიშება განხორციელებულიყო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების თანახმად, დღეის მდგომარეობით, სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ზედამხედველობის სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის საშტატო ერთეულზე განსაზღვრული თანამდებობრივი სარგოს, თვეში 1100 (ათას ასი) ლარის ოდენობით, აგრეთვე 2018 წლის იანვრის თვის ხელფასის დარიცხვა.
- ბათილად ყოფილიყო ცნობილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის შეთავაზება მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე მობილობის წესით გადაყვანასთან დაკავშირებით და ბათილად ყოფილიყო ცნობილი 2018 წლის N---- შეთავაზება;
მოსარჩელის მითითებით, თვითმმართველი ქალაქი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ერთ თვითმმართველ ერთეულად - ოზურგეთის მუნიციპალიტეტად გაერთიანების შემდეგ ახლადარჩეულ მერს დაევალა პროფესიულ საჯარო მოსამსახურეთა მობილობის წესით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში გადაყვანა. 2017 წლის 08 დეკემბერს და 20 დეკემბერს მერმა გამოაცხადა N- და N-- ბრძანებები და მობილობის წესის დარღვევით უკანონოდ, სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილებაში III რანგის I კატეგორიის უფროს სპეციალისტებად გადაიყვანა (დააწინაურა) გაუქმებული ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის III რანგის II კატეგორიის უფროსი სპეციალისტები, მათ შორის ერთი საქმისწარმოების განყოფილების (კანცელარიის) სპეციალისტი, მათი გადაყვანის (დაწინაურების) შემდეგ მოსარჩელე კ-----------------ეს შესთავაზა სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილებაში III რანგის II კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობა, ე.ი. იმაზე დაბალი იერარქიის თანამდებობა, ვიდრე მის მიერ დაკავებული თანამდებობა გაუქმებულ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში. მერის მოქმედებით უხეშად დაირღვა საქართველოს კანონმდებლობით გათვალიწინებული ნორმები, დარღვეულია მობილობის წესი, რომლის თანახმადაც მობილობის პროცესში მოხელეთა დაწინაურება დაუშვებელია. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ მერის მოქმედებით დარღვეულია კონსტიტუციით გარანტირეული და კანონმდებლობით დაცული შრომის უფლება.
მოსარჩელის განმარტებით, მისთვის მიუღებელია დაბალი რანგის და კატეგორიის თანამდებობა, მით უფრო, როცა ახალი მუნიციპალიტეტის საშტატო განრიგი სრულად უზრუნველყოფს მისი კანონიერი ინტერესების დაკმაყოფილების შესაძლებლობას - მოსარჩელის თანამდებობის იდენტურ (ტოლფას) თანამდებობაზე გადაყვანას (ს.ფ. 2-35, ტ.1).
2.2. 2018 წლის 12 თებერვალს თ-------------–---–-- სარჩელით მიმართა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ და მოითხოვა:
- ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 8 დეკემბრის N-, 2017 წლის 20 დეკემბრის N-- და 2018 წლის 30 იანვრის N--- ბრძანებების ბათილად ცნობა.
- დაბალი იერარქიის თანამდებობაზე გადაყვანის შესახებ უკანონო შემოთავაზების ბათილად ცნობა.
- ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერს დავალებოდა გამოეცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (ბრძანება) ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილების მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის - თ-------------–---–-ს, მობილობის წესით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ზედამხედველობის სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილებაში მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე გადაყვანის შესახებ.
- განხორციელებულიყო 2018 წლის იანვრის თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის 18 იანვრის N- დადგენილებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტისთვის განსაზღვრული თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.
- ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას დავალებოდა კანონგარეშე ქმედებით გამოწვეული იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
მოსარჩელის აღნიშვნით, საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 15 ივნისის N------- დადგენილების მე-4 პუნქტის საფუძველზე, თვითმმართველი ქალაქი ოზურგეთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გაერთიანების შედეგად წარმოქმნილი ახალი თვითმმართველი ერთეულის- ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეულ მერს, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად ვალდებულებად განესაზღვა 2017 წელს ოზურგეთში გაუქმებული მუნიციპალიტეტების პროფესიულ საჯარო მოსამსახურეთა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში მობილობის წესის დაცვით გადაყვანა. 2017 წლის 08 და 20 დეკემბერს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა გამოსცა N- და N-- ბრძანებები და მობილობის წესის დარღვევით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ზედამხედველობის სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილებაში III რანგის პირველი კატეგორიის უფროს სპეციალისტად (ორი საშტატო ერთეული) უკანონოდ გადაიყვანა (დააწინაურა) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის III რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტები, მათ შორის ერთი საქმისწარმოების განყოფილების (კანცელარიის) სპეციალისტი. 2017 წლის 18 დეკემბერს ოზურგეთის მუნიციპლიტეტის მერმა მოსარჩელეს შესთავაზა სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილებაში III რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ადგილი, ე.ი. იმაზე ნაკლები იერარქიის თანამდებობა, რაც მოსარჩელეს ეკავა ქ.ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში. ამასთან, ყურადსაღებია ის გარემოება, რომ მოსარჩელის ტოლფასი თანამდებობის ორი საშტატო ერთეულიდან ერთი 2017 წლის 30 დეკემბრამდე ვაკანტური იყო. ამდენად ცალსახაა, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის ქმედებით უგულვებელყოფილ იქნა მობილობის წესი, რომლის მიხედვითაც მოხელე შეიძლება გადაყვანილ იქნას ტოლფას თანამდებობაზე, ან ასეთის არარსებობის შემთხვევაში - უფრო დაბალ თანამდებობაზე მისი კომპეტენციის გათვალისწინებით, რასაც ზემოაღნიშნულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია (ს.ფ. 2-19, ტ. 2).
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 აგვისტოს საოქმო განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ კ-–--------–---–---- და თ-------------- (ს.ფ.213, ტ. 1).
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 აგვისტოს საოქმო განჩინებით, კ-----------------ისა და თ-------------–---–-ს სარჩელებთან დაკავშირებული საქმეები გაერთიანდა ერთ წარმოებად და გაერთიანებულ საქმეს მიენიჭა №--17-18 (ს.ფ.263-265, ტ. 1).
2018 წლის 4 ოქტომბერს კ-----------------ემ და თ-------------–---–-- დააზუსტეს როგორც მოპასუხეთა წრე, ისე სასარჩელო მოთხოვა. მოპასუხეებად მიუთითეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო, ხოლო მესამე პირებად - თ--------------, კ-–--------–---–---- და დამატებით მოითხოვეს ბათილად ყოფილიყო ცნობილი:
- ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 24 აპრილის N----, 2018 წლის 28 მაისის N-8-- და 2018 წლის 26 ივლისის N----- განცხადება/წერილი.
- ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 05 სექტემბრის N-- დადგენილება;
- ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის 14 აგვისტოს N---- ბრძანება ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში არსებულ შტატებზე იერარქიული რანგისა და კატეგორიის ცვლილებების განხორციელების მიზნით რეორგანიზაციის დაწყების შესახებ'';
- ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 10 სექტემბრის N---- ბრძანება.
- ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 11 სექტემბრის N---- ბრძანება თ-------------ის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ზედამხედველობის სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე მობილობის წესით გადაყვანის შესახებ ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 20 დეკემბრის N-- ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ’’.
- ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 11 სექტემბრის N---- ბრძანება კ-–--------–---–----ს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ზედამხედველობის სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსის სპეციალისტის თანამდებობაზე მობილობის წესით გადაყვანის შესახებ ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 08 დეკემბრის N- ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ’’.
- ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას დავალებოდა ერთი თვის თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის 18 იანვრის N- დადგენილებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტისათვის განსაზღვრული თანამდებობრივი სარგოს ოდენობით (ს.ფ.250-262, ტ.2).
მოპასუხეების - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ასევე მესამე პირების - კ-–--------–---–----სა და თ-------------ის წარმომადგენლებმა სარჩელი არ ცნეს და მისი უარყოფა მოითხოვეს.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით:
1) თ-------------–---–-ს სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 08 დეკემბრის N-, 2017 წლის 20 დეკემბრის N-- და 2018 წლის 30 იანვრის N--- ბრძანებები, ასევე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის შემოთავაზება მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე მობილობის წესით თ-------------–---–-ს გადაყვანასთან დაკავშირებით, სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის მომენტიდან. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერს დაევალა გამოეცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - ბრძანება ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილების მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თ-------------–---–-ს, მობილობის წესით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ზედამხედველობის სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილებაში მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ტოლფას თანამდებობაზე გადაყვანის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის მომენტიდან. მოპასუხე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას თ-------------–---–-ს სასარგებლოდ დაეკისრა 130 (ასოცდაათი) ლარის ოდენობით - 2017 წლის დეკემბრის ხელფასის, ასევე 2018 წლის იანვრის ხელფასის ანაზღაურება 350 (სამასორმოცდაათი) ლარის ოდენობით და 2018 წლის თებერვლიდან ოზურგეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე დასარიცხი ხელფასის -1100 (ათას ასი) ლარის ანაზღაურება.
2) კ-----------------ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 08 დეკემბრის N- და 2017 წლის 20 დეკემბრის N-- ბრძანებები სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის მომენტიდან, ასევე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 30 იანვრის N--- ბრძანება და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერს დაევალა გამოეცა ბრძანება ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილების მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის კ-----------------ის, მობილობის წესით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ზედამხედველობის სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილებაში მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ტოლფას თანამდებობაზე გადაყვანის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის მომენტიდან. ასევე ბათილად იქნა ცნობილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის შეთავაზება კ-----------------ის მიმართ მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე მობილობის წესით გადაყვანასთან დაკავშირებით და ბათილად იქნა ცნობილი 2018 წლის N---- შეთავაზება სასამართლოს კანონიერ ძალაში შესვლის მომენტიდან. მოპასუხე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას კ-----------------ის სასარგებლოდ დაეკისრა 130 (ასოცდაათი) ლარის ოდენობით 2017 წლის დეკემბრის ხელფასის, 2018 წლის იანვრის ხელფასის 350 (სამასორმოცდაათი) ლარის ოდენობით ანაზღაურება და 2018 წლის თებერვლის თვიდან ოზურგეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე დასარიცხი ხელფასის - 1100 (ათას ასი) ლარის ანაზღაურება. დანარჩენ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა.
ამ დასკვნამდე სასამართლო მივიდა შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლოს მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები:
2.1.1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 08 დეკემბრის N- ბრძანებით, გაუქმებული ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის სამართლებრივი ექსპერტიზისა და სასამართლოსთან ურთიერთობის განყოფილების სამართლებრივი უზრუნველყოფის საკითხებში მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი კ-–--------–---–---- მობილობის წესით გადაყვანილი იქნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ზედამხედველობის სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე და მისი თანამდებობრივი სარგო განისაზღვრა თვეში 850 ლარით;
2.1.2. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 20 დეკემბრის N-- ბრძანებით, გაუქმებული ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოების განყოფილების დოკუმენტაციის მიღებისა და დამუშავების საკითხებში მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი თ-------------- მობილობის წესით გადაყვანილი იქნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ზედამხედველობის სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე და მისი თანამდებობრივი სარგო განისაზღვრა თვეში 850 ლარით;
2.1.3. სასამართლომ მიუთითა მოსარჩელეთა განმარტებაზე, რომლის თანახმად მობილობის განხორციელების პროცესში თ-------------- და კ-–--------–---–---- კანონის მოთხოვნათა დარღვევით ნაცვლად ტოლფასი სამსახურისა იქნენ დაწინაურებულინ, რაც წარმოადგენდა კანონის მოთხოვნათა უხეშ დარღვევას, რითაც შეიზღუდა მათი შრომითი უფლებები.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.2.1. სასამართლოს განმარტებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის თანახმად, ,,საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატის შემცირებისას შესაბამისი მოხელე შესაძლებელია მისი თანხმობით გადაყვანილ იქნეს იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით.''
ამავე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ,,მოხელის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მობილობით სხვა საჯარო დაწესებულებაში გადასვლა შესაძლებელია მხოლოდ ამ საჯარო დაწესებულების თანხმობით.'' მე-3 პუნქტის მიხედვით, ,,დაუშვებელია მოხელის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მობილობით გადასვლა სხვა საჯარო დაწესებულებაში არსებულ იმ ვაკანტურ თანამდებობაზე, რომლის დასაკავებლადაც დაწყებულია ამ კანონის 34-ე და 48-ე მუხლებით განსაზღვრული პროცედურები.'' მე-4 პუნქტის თანახმად, ,,მოხელის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მობილობის შეუძლებლობის შემთხვევაში იგი მოხელეთა რეზერვში ირიცხება და ეძლევა შესაბამისი კომპენსაცია.'' მე-5 პუნქტის შესაბამისად კი ,,თუ მოხელე უარს განაცხადებს შეთავაზებული მობილობით სარგებლობაზე, იგი მოხელეთა რეზერვში ირიცხება და ეძლევა კომპენსაცია 1 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.''
,,საჯარო სამსახურის შესახებ'' საქართველოს კანონის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ,,მოხელის გადაყვანა გულისხმობს მოხელისათვის იმავე იერარქიული რანგისა და თანამდებობის შესაბამისი სხვა ან/და ფუნქციურად მსგავსი უფლებამოსილებების მინიჭებას იმავე საჯარო დაწესებულებაში ან მის სისტემაში (ჰორიზონტალური გადაყვანა).''
სასამართლოს განმარტებით, მობილობის პროცესში კანონი იმპერატიულად უთითებს, რომ მოხელე გადაყვანილი უნდა იქნეს ტოლფას თანამდებობაზე. მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ დადგენიილად მიიჩნია, რომ კ-----------------ის და თ-------------–---–-ს შემთხვევაში არსებობდა ტოლფასი თანამდებობა, შესაბამისად სასამართლომ დაასკვნა, რომ სხვა სტრუქტურული ერთეულიდან თ-------------ის გადაყვანა მობილობის პროცესში არ შეესაბამებოდა კანონის მოთხოვნებს.
სასამართლომ დამატებით განმარტა, რომ რანგირება ხდება კანონის შესაბამისად და არა პირადი შეხედულებით. თითოელ სამსახურში რანგი და კატეგორია განისაზღვრება კანონის მოთხოვნათა ფარგლებში. ერთ სამსახურში არსებული კატეგორია ავტომატურად არ უნდა გაუთანაბრდეს სხვა სამსახურში არსებულ უფრო მაღალ რანგს და კატეგორიას მხოლოდ იმოტომ, რომ ეს მაღალი რანგი და კატეგორია რომელიმე სამსახურში არ არსებობს. ამდენად სასამართლომ ჩათვალა, რომ მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ავტომატურად არ შეიძლება მიჩნეულიყო მესამე რანგის პირველი კატეგორიის სპეციალისტად მხოლოდ იმის გამო, რომ სამსახურში პირველი კატეგორიის სპეციალისტის შტატი არ არსებობდა. აღნიშნული არ შეიძლება განხორციელებულიყო მით უფრო იმ შემთხვევაში, როცა არსებობდა შესაბამისი კატეგორიის სპეციალისტი.
ამასთან სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ მესამე პირებს გააჩნდათ კანონიერი ნდობა იმ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მიმართ, რაც უკავშირდებოდა მათ თანამდებობაზე დანიშვნას, ასევე მესამე პირები უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში თავადაც ასრულებდნენ კანონდებლობით გათვალისწინებულ ფუნქციებს. შესაბამისად იმისათვის, რომ არ დაზარალებულიყო როგორც მოსარჩელეების კანონიერი უფლებები და ინტერესები, ასევე მეორეს მხრივ სახელმწიფოს, საზოგადოებრივი ან სხვა პირების კანონიერი უფლებები და ინტერესები მესამე პირების საქმიანობის ბათილად ცნობის გზით, მესამე პირების თანამდებობაზე დანიშვნის ბრძანება ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი არა გამოცემის მომენტიდან, არამედ კონკრეტული თარიღის მითითებით. აღნიშნულის გათვალისწინებით რაიონულმა სასამართლომ ჩათვალა, რომ მოსარჩელეების ინტერესების გათვალისწინებით მოთხოვნა სამუშაოზე აღდგენის და განაცდურის დაკისრების ნაწილში უნდა დაკმაყოფილებულიყო, თუმცა პირველი ინტანციის გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსრულება უნდა დაკმაყოფილებულიყო მხოლოდ დანაკლისის და სამი თვის თანხის დაკისრების ნაწილში.
2.2.2. რაც შეეხება დაზუსტებულ მოთხოვნებს, სასამართლოს მოსაზრებით ისინი სცილდებოდა დავის საგანს; კერძოდ თავდაპირველი მოთხოვნის დაკმაყოფილებით კ-----------------ის და თ-------------–---–-ს სამუშაოზე აღდგენით ადმინისტრაციულ ორგანოს შესაბამისობაში უნდა მოეყვანა ადმინისტრაციული წარმოების გზით ის თანმდევი შედეგები, რაც დაკავშირებული იყო სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებასთან. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე რაიონულმა სასამართლომ კ-----------------ის და თ-------------–---–-ს სარჩელები ნაწილობრივ დააკმაყოფილა.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება კანონით დადგენილ ვადაში სააპელაციო წესით გაასაჩივრეს როგორც მოსარჩელეებმა - კ-----------------ემ და თ-------------–---–--, ისე მოპასუხე - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ და მესამე პირებმა -კ-–--------–---–----მ და თ--------------მ.
3.1. კ-----------------ის და თ-------------–---–-ს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.1.1. აპელანტების განმარტებით, სარჩელით დაყენებული მოთხოვნა სასამართლოს მიერ სამართლებრივად არასწორად იქნა შეფასებული და სასამართლოს გადაწყვეტილება ამ ნაწილში დაუსაბუთებელია, რადგან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის N-- დადგენილება ეწინააღმდეგება კანონმდებლობას, კერძოდ ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 1261 მუხლის მე-7 პუნქტის მოთხოვნებს, რომლის თანახმად, 2018 წლის 01 აპრილამდე საჯარო დაწესებულებას აქვს ამ კანონის 125-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების შედეგების კორექტირების უფლება. პროექტი ინიცირებულია კანონით დადგენილი ვადის გასვლიდან 24 დღის შემდეგ. ეს არის იმპერატიული ხასიათის ნორმა, რომელიც დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, კერძოდ 2018 წლის 1 აპრილის შემდეგ კრძალავს ამ ტიპის მოქმედებების განხორციელების შესაძლებლობას. წარდგენილი პროექტი სწორედ ასეთ მოქმედებას ითვალისწინებდა. ცხადია, რომ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ეს დადგენილება. ამასთან დადგენილება ეწინააღმდეგება მთელ რიგ საკანონმდებლო აქტებს. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად ნორმატიული აქტი გამოიცემა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში. ე.ი. ნორმატიული აქტი უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ კანონს. ამ შემთხვევაში კანონმდებლობით დადგენილია, რომ საშტატო განრიგში ცვლილება შეიტანება რეორგანიზაციის შედეგად. თავის მხრივ რეორგანიზაციის პროცესი მოიცავს მთელ რიგ ღონისძიებებს და გაწერილია თანმიმდევრულად. ამ მიმდევრობაში საშტატო განრიგის შემუშავება და საკრებულოსთვის წარდგენა არის რეორგანიზაციის დასრულების წინა ეტაპი. სადავო შემთხვევაში მუნიციპალიტეტის მერიის მიერ საშტატო განრიგის ინიცირება მოხდა 24 აპრილს, შემდეგ მერიის მოთხოვნით შეჩერდა 28 მაისს, შემდეგ ისევ განახლდა 26 ივლისს, ხოლო რეორგანიზაციის ბრძანება გამოიცა 2018 წლის 14 სექტემბერს, ანუ ინიცირებიდან თითქმის 4 თვის შემდეგ;
3.1.2. აპელანტების მოსაზრებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 103-ე მუხლი 1-ლი პუნქტის თანახმად, რეორგანიზაცია არის საჯარო დაწესებულების ინსტიტუციური მოწყობის შეცვლა, რის შედეგადაც მიიღება საჯარო დაწესებულების ნაწილობრივ ან მთლიანად ახალი სტრუქტურა. რეორგანიზაციად ითვლება აგრეთვე საჯარო დაწესებულების შტატების გადაადგილება ან/და შემცირება. რეორგანიზაციად არ ჩაითვლება საჯარო დაწესებულების ან მისი სტრუქტურული ერთეულის მხოლოდ დაქვემდებარების ან სახელწოდების შეცვლა ან/და საჯარო დაწესებულების სტრუქტურული ერთეულისათვის ახალი ფუნქციის დაკისრება.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის N--- დადგენილებით დამტკიცებული ,,პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის“ მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად: ,,რეორგანიზაცია არის საჯარო დაწესებულების ან მისი ცალკეული სტრუქტურული ერთეულის ინსტიტუციური მოწყობის შეცვლა, რის შედეგადაც მიიღება საჯარო დაწესებულების ნაწილობრივ ან მთლიანად ახალი სტრუქტურა. რეორგანიზაციად ითვლება აგრეთვე საჯარო დაწესებულების არავაკანტური შტატების გადაადგილება (როდესაც იცვლება თანამდებობ(ებ)ის ფუნქცია, იერარქიული რანგი ან/და კატეგორია) ან/და შემცირება. თანამდებობ(ებ)ის იერარქიული რანგის ან/და კატეგორიის ცვლილების გარეშე რეორგანიზაციად არ ჩაითვლება საჯარო დაწესებულების ან მისი სტრუქტურული ერთეულის მხოლოდ დაქვემდებარების ან სახელწოდების შეცვლა ან/და საჯარო დაწესებულების სტრუქტურული ერთეულისათვის ახალი ფუნქციის დაკისრება, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ვაკანტური შტატების გადაადგილება (როდესაც იცვლება თანამდებობ(ებ)ის იერარქიული რანგი ან/და კატეგორია) ან/და შემცირება.“ ამავე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების თანახმად: საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი გამოსცემს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის დაწყების შესახებ შესაბამის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე და 53-ე მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს და განსაზღვრავს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებებს. საჯარო დაწესებულების რეორგანიზაცია სრულდება ამ საჯარო დაწესებულების საქმიანობის მარეგულირებელ სამართლებრივ აქტში ან/და საშტატო ნუსხაში განხორციელებული ცვლილებების კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლით.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის N--- დადგენილებით დამტკიცებული ,,პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის“ მე-8, მე-9, მე-10 მუხლებით განსაზღვრულია სამართლებრივი საფუძველი რეორგანიზაციისას საშტატო განრიგის პროექტის მომზადებისა და მისი საკრებულოში ინიცირებისთვის. სწორედ კანონით დადგენილი მიმდევრობის და პროცედურების ზუსტი განხორციელება ქმნის ლეგიტიმურ საფუძველს საშტატო განრიგის პროექტის ინიცირებისათვის, რაც ამ შემთხვევაში ცალსახად დარღვეულია.
რაც შეეხება საკრებულოში წარმოების პროცესს, საკრებულომ წარმოება განახორციელა საფუძველშივე უკანონო სამართლებრივი აქტის მისაღებად და მიიღო კიდეც. მიუხედავად იმისა, რომ აპელანტებმა - კ-----------------ემ და თ-------------–---–-- ორჯერ წარადგინეს მოსაზრებები წარმოების პროცესში და საკრებულოს მიუთითეს იმ დარღვევების შესახებ, რაც კონკრეტულად ამ პროექტთან მიმართებით განხორციელდა, საკრებულომ საერთოდ არ გამოიკვლია არცერთი გარემოება. დადგენილება მიღებულია ისე, რომ მას არ გაუვლია კანონით დადგენილი აუცილებელი პროცედურები, მათ შორის პროექტი არ განუხილავს საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიას, მაშინ როდესაც ამ კომისიის პირდაპირი ვალდებულებაა განიხილოს საკითხი, დადოს შესაბამისი დასკვნა, რის საფუძველზეც შემდეგ საკრებულომ უნდა განსაზღვროს კანონიერია ეს აქტი თუ უკანონო;
3.1.3. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების თანახმად, მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისია იქმნება მუნიციპალიტეტის საკრებულოში საკითხების წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელშეწყობისათვის, რაც გულისხმობს ვალდებულებას, რომ კომისიამ სწორედ მსგავს შემთხვევებში უნდა მოახდინოს საკითხის სრული, ობიექტური და ყოველმხრივი გამოკვლევა. ვინაიდან საკრებულო არის ადმინისტრაციული ორგანო, იგი ვალდებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე კანონის 1064 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, ყველას აქვს უფლება, წარადგინოს საკუთარი მოსაზრება კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტთან დაკავშირებით. ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტთან დაკავშირებული ყოველი მოსაზრება უნდა განიხილოს შესაბამისმა კოლეგიურმა ადმინისტრაციულმა ორგანომ. მასზე პასუხის გაცემა სავალდებულო არ არის.
გარდა ზემოაღნიშნულისა, კ-----------------ე და თ-------------–---–- მიუთითებდნენ საკრებულოს, რომ თუ საკრებულო წარმოდგენილ პროექტს მიიღებდა, ეს გაართულებდა ან შეუძლებელს გახდიდა მათ (აპელანტების) აღდგენას იმ თანამდებობებზე, რომლებზეც კანონით ისინი უნდა ყოფილიყვნენ გადაყვანილნი, ხოლო წარმოდგენილი პროექტი ითვალისწინებდა მოსარჩელეების საშტატო ერთეულების გაუქმებას და არსებულ მოხელეებზე მორგებას, რაც არ გაითვალისწინა საკრებულომ და გახდა იმ უკანონო მოქმედებების თანამონაწილე, რამაც გამოიწვია აპელანტების - კ-----------------ის და თ-------------–---–-ს უფლებების ხელყოფა. მათ შორის საკრებულოს ამგვარმა უკანონო გადაწყვეტილებამ ხელი შეუწყო საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 21-ე და 23-ე მუხლებით გარანტირებული უფლებების ხელყოფას.
3.1.4. სარჩელით კ-----------------ე და თ-------------–---–- ითხოვდნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 24 აპრილის N----, 2018 წლის 28 მაისის N-8-- და 2018 წლის 26 ივლისის N----- განცხადების/წერილების ბათილად ცნობას და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის 14 აგვისტოს N---- ბრძანების ბათილად ცნობას.
აპელანტების განმარტებით, სასამართლოს მიერ სამართლებრივად არასწორად არის შეფასებული და სასამართლოს გადაწყვეტილება ამ ნაწილშიც დაუსაბუთებელია, რადგან სარჩელში დასაბუთებული იყო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 24 აპრილის N----, 2018 წლის 28 მაისის N-8-- და 2018 წლის 26 ივლისის N----- განცხადების/წერილების ბათილად ცნობის და "ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში არსებულ შტატებზე იერარქიული რანგისა და კატეგორიის ცვლილების განხორციელების მიზნით რეორგანიზაციის დაწყების შესახებ" ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის 14 აგვისტოს N---- ბრძანების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები. აპელანტების პოზიცია ემყარებოდა კონკრეტულ საკანონმდებლო აქტებს და სამართლის ნორმებს. ამდენად მიაჩნიათ, რომ სასამართლოს პოზიცია ამ ნაწილში დაუსაბუთებელია. ყველა ეს აქტი მომზადებული და გამოცემულია კანონით დადგენილი წესების დარღვევით შესაბამისად ისინი ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი;
3.1.5. აპელანტების მოსაზრებით, რეორგანიზაცია არის საჯარო დაწესებულების ან მისი ერთეულის ინსტიტუციური მოწყობის შეცვლა, აგრეთვე არავაკანტური შტატების იმგვარი გადაადგილება, როდესაც იცვლება თანამდებობ(ებ)ის ფუნქცია, იერარქიული რანგი ან/და კატეგორია, ე.ი. საჯარო დაწესებულების რომელიმე განყოფილებიდან საშტატო ერთეულის ამოღება და სხვა განყოფილებაში გადატანა, რაც იწვევს ამ საშტატო ერთეულის ფუნქციის ან რანგის ან/და კატეგორიის ცვლილებას. რეორგანიზაციაა ასევე არავაკანტური საშტატო ერთეულის შემცირება.
ამდენად, შტატების შემცირება არის ,,საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო საჯარო დაწესებულების საშტატო ნუსხით განსაზღვრული საშტატო თანამდებობების ზღვრული ოდენობის შემცირება ან/და არსებული საშტატო ერთეულისათვის დადგენილი ფუნქციის გაუქმება“, რაც გულისხმობს შემდეგ მოცემულობას: თუ საჯარო დაწესებულებას საშტატო ნუსხით განსაზღვრული აქვს 10 საშტატო ერთეული და რეორგანიზაციის შედეგად შემცირდება ზღვრული ოდენობა ანუ განისაზღვრება 9 საშტატო ერთეული, და მეორე მოცემულობა, როცა საერთოდ უქმდება საშტატო ერთეულისთვის მინიჭებული ფუნქცია. აღნიშნულიდან გამომდინარე მხოლოდ იერარქიული რანგის ან/და კატეგორიებში ცვლილების განხორციელების მიზნით რეორგანიზაციის დაწყების შესაძლებლობას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.
ამდენად, მერის მიერ გამოცემული აღნიშნული სამართლებრივი აქტის რეგულირების სამართლებრივი მიზანი არ არის ლეგიტიმური. აქტი სათაურშივე მცდარია და მოკლებულია შესაძლებლობას მიაღწიოს სამართლებრივ შედეგს, ხოლო ამ აქტის საფუძველზე განხორციელებული ყველა მოქმედება ცხადია ასევე უკანონო ქმედებად უნდა იქნას შეფასებული. ცალკე საკითხია რეორგანიზაციის გეგმა, რომელიც ასევე არასრულყოფილია, თუმცა მასში მერიის მიერ ცალსახადაა აღიარებული, რომ მოხდა მობილობის პროცესში მოხელეთა დაწინაურება. გარდა ამისა, ბრძანება არ შეიცავს დასაბუთებას. მასში არ არის მითითებული არცერთი ფაქტობრივი გარემოება, რამაც განაპირობა ამ აქტის მიღება. რაც შეეხება აქტის გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს, არც ამ თვალსაზრისით არ არის აქტი დასაბუთებული, მასში არასრულადაა მითითებული საკანონმდებლო ნორმები, სამაგიეროდ სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების და ოდენობების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის N- დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების მისაღებად, საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ“ ოზურგეთის მუნციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 10 აგვისტოს N-8 განკარგულება, ე.ი. მერი გამოსცემს ბრძანებას რომლის საფუძველია ის აქტი, რომელიც წესით ამ მომენტისათვის არ უნდა არსებობდეს, ხოლო ის, რომ ეს აქტი არსებობს, ცალსახად ბრძანების კანონსაწინააღმდეგო ხასიათზე მიუთითებს;
3.1.6. აპელანტების განმარტებით, არამარტო სამართლებრივ საფუძვლებს, არამედ ყოველგვარ გონიერებას არის მოკლებული გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილებაში აღარ იყოს მესამე რანგის პირველი კატეგორიის თანამდებობა და ისინი ,,გადაკეთდეს“ მესამე რანგის მეორე კატეგორიის საშტატო ერთეულებად. რანგში პირველი კატეგორიის თანამდებობის არარსებობა, წინაღმდეგობაშია საჯარო სამსახურის შესახებ კანონმდებლობის მიზნებთან, საჯარო მმართველობის ერთიანი სისტემის ჩამოყალიბების არსთან და რანგირების მარეგულირებელი ნორმების ნორმატიულ შინაარსთან, ამდენად აპელანტებს მიაჩნიათ, რომ საჯარო სამსახურის სტრუქტურა და სისტემა უნდა იყოს აგებული ჯაჭვური პრინციპით, რაც საჯარო მოხელეთა კონკრეტული თანამდებობის დაზღვევის პრინციპსაც უნდა ითვალისწინებდეს. კერძოდ ყოველ რანგს უნდა ჰქონდეს თანამდებობა, რომელსაც ექნება კომპეტენცია შეასრულოს უფროსის მოვალეობა მისი არყოფნის შემთხვევაში. ასეთის გაუთვალისწინებლობამ შესაძლოა მნიშვნელოვნად შეაფერხოს მოქალაქეთა მომსახურება საშუალო ან მაღალი მმართველობითი რგოლის რომელიმე თანამშრომლის არყოფნის შემთხვევაში და ა.შ.;
3.1.7. აპელანტების მოსაზრებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. დასაბუთება წინ უძღვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სარეზოლუციო ნაწილს. ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში უნდა მიეთითოს ის საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ან მისი შესაბამისი ნორმა, რომლის საფუძველზედაც გამოიცა ეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამავე კანონის 96-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად: ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. სწორედ დასახელებულ ნორმაში ვლინდება ამ აქტის კანონსაწინააღმდეგო ხასიათი. გამომდინარე აქედან სააპელაციო სასამართლოს მიერ ამ ნაწილშიც მიღებული უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება;
3.1.8. აპელანტების განმარტებით, სამართლებრივად დაუსაბუთებელია სასამართლოს პოზიცია კომპენსაციას დაკლებული თანხის (350 ლარი) და გაფრთხილების არარსებობის გამო დასარიცხი კომპენსაციის დარიცხვის დავალდებულებასთან დაკავშირებით. გაურკვეველია სასამართლოს მსჯელობა ამ საკითხებთან მიმართებაში, რადგან სამართლებრივ დასაბუთებაში სასამართლო ეყრდნობა ნორმებს, რომლებიც ამ ვალდებულებებზე მიუთითებენ, მაგრამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში არ არის გადაწყვეტილება აღნიშნული თანხების ჩარიცხვის დავლდებულების შესახებ. სასამართლომ გვერი აუარა იმ ფაქტებს, რაც გამოიხატება დაკლებული კომპენსაციისა და გაფრთხილების არარსებობის გამო დასარიცხი კომპენსაციის დარიცხვის ვალდებულების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით. აპლენატების განმარტებით, კანონი ცალსახად ადგენს ადმინისტრაციული ორგანოსთვის ამ ვალდებულებას, რაც ასევე არ იქნა შესრულებული მუნიციპალიტეტის მერიის მიერ. შესაბამისად ეს ფაქტები სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა და მიეღო გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ.
3.2. თამარ ბაქანაძის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.2.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, იგი არ გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მტკიცებულებებიდან რის გამოც არსებობს მისი გაუქმების აბსოლუტური საფუძველი;
3.2.2. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად განმარტა ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ კანონის 52-ე მუხლი, რის გამოც მიიღო არასწორი გადაწყვეტილება. სასამართლომ ასევე არასწორად განმარტა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-4 ნაწილი მოსარჩელეთა სასარგებლოდ. აპელანტ თ--------------ს გააჩნია კანონიერი ნდობა, რის გამოც მის მიმართ გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილება არასწორია. მოცემულ შემთხვევაში აპელანტის მიმართ არ არსებობს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-5 ნაწილის ბოლო წინადადებით გათვალისწინებული გარემოება, რადგან მას არავითარი უკანონო ქმედება არ განუხოციელებია. სასამართლომ თავად მიუთითა, რომ მესამე პირს აქვს კანონიერი ნდობა, ასეთ შემთხვევაში გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი წინააღმდეგობაში მოდის სასამართლოს აღნიშნულ მითითებასთან, რამდენადაც მას, აპელანტ თამარ ბაქანაძეს, გააჩნია კანონიერი ნდობა და ამას არც სასამართლო უარყოფს. ამდენად არ არსებობდა მისი - თამარ ბაქანაძის დანიშვნის ბრძანების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებიდან გამომდინარე. სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 და მე-7 მუხლებით გათვალისწინებული დისკრეციული უფლებამოსილება. ამდენად ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქებას სარჩელების დაკმაყოფილების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელების უარყოფას.
3.3. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.3.1. აპელანტის განმარტებით, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მიერ არასწორად იქნა გამოკვლეული და დადგენილი საქმისათვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ თითქოსდა თ-------------- და კ-–--------–---–---- კანონის მოთხოვნათა დარღვევით ნაცვლად ტოლფასი სამსახურისა იქნენ დაწინაურებულები, ისევე როგორც კ-----------------ისა და თ-------------–---–-ს მიმართ მობილობა განხორციელდა არასწორად, შემდეგ გარემოებათა გამო:
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის და ,,პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №199 დადგენილების მე-12 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატის შემცირებისას შესაბამისი მოხელე შესაძლებელია მისი თანხმობით გადაყვანილ იქნეს იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით. ანუ კანონის მოთხოვნა წარმოადგენს მოხელის მიმართ მობილობა განხორციელდეს თავისი კომპეტენციის გათვალისწინებით ტოლფასი თანამდებობის უზრუნველყოფით. კომპეტენცია თავის მხრივ გულისხმობს კონკრეტული ამოცანის შესრულებისათვის საჭირო უნარს, რომელიც მოიცავს უნარების, ცოდნისა და ქცევის ერთობლიობას, ხოლო ტოლფასი თანამდებობა გულისხმობს პოზიციურად (მენეჯერული თვალსაზრისით) და ანაზღაურების მხრივ იდენტურ თანამდებობას.
მოცემულ შემთხვევაში უნდა აღინიშნოს, რომ 2017 წელს გაუქმებულ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში პროფესიულ საჯარო მოხელეთათვის იერარქიული რანგისა და კატეგორიის მინიჭებამდე კ-----------------ესა და თ-------------–---–- მერიაში ეკავა მთავარი სპეციალისტის პოზიცია, ხოლო კ-–--------–---–---- და თ-------------- გამგეობაში მუშაობდნენ ასევე მთავარი სპეციალისტის თანამდებობებზე.
,,ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და მერიის მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ” - ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ნოემბრის №-- დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 30 ივნისის №-- დადგენილების შესაბამისად, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში მთავარი სპეციალისტის თანამდებობას მიენიჭა მე-3 რანგის პირველი კატეგორია, ხოლო „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და გამგეობის მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 08 იანვრის №- დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 05 ივლისის N-- დადგენილების შესაბამისად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში მთავარი სპეციალისტის თანამდებობას მიენიჭა მე-3 რანგის მეორე კატეგორია, ანუ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში მე-3 რანგის პირველი კატეგორიის მინიჭება არ მომხდარა.
2017 წელს გაუქმებული ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მე-3 რანგის მე-2 კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ფუნქციების შესრულების პასუხისმგებლობით, კომპეტენციითა და უფლებამოსილების გათვალისწინებით თანაბარი იყო ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მე-3 რანგის პირველი კატეგორიის სპეციალისტთან. შესაბამისად გაუქმებული ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მე-3 რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობა იდენტურია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ზედამხედველობის სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების Ш რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობისა;
3.3.2. აპელანტის განმარტებით, მოსარჩელეებს - კ-----------------ეს და თ-------------–---–- 2017 წელს გაუქმებულ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში ეკავა ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილების მე-3 რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობა, რომლის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო განსაზღვრული იყო 750 (შვიდასორმოცდაათი) ლარით. ხოლო იმ პირებს, რომელთა მიმართებაშიც მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ კანონის დარღვევით დაინიშნენ ახალშექმნილ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ზედამხედველობის სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების Ш რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობებზე, 2017 წელს გაუქმებულ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ეკავათ შემდეგი პოზიციები: კ-–--------–---–---- მუშაობდა იურიდიული სამსახურის სამართლებრივი ექსპერტიზისა და სასამართლოსთან ურთიერთობის განყოფილების, სამართლებრივი უზრუნველყოფის საკითხებში III რანგის მე-2 კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე, ხოლო თ-------------- ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოების განყოფილების, დოკუმენტაციის მიღებისა და დამუშავების საკითხებში მე-3 რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე, რომელთა ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო განსაზღვრული იყო 850 (რვაასორმოცდაათი) ლარით. თავდაპირველად, მობილობის პერიოდში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ზედამხედველობის სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების Ш რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობრივი სარგო განსაზღვრული იყო 850 (რვაასორმოცდაათი) ლარით, ხოლო ამავე სამსახურის მე-3 რანგის მე-2 კატეგორიის პოზიაციაზე, რომელიც მერის მხრიდან შეთავაზებული იქნა მოსარჩელე კ-----------------ისა და თ-------------–---–-სათვის თანამდებობრივი სარგო განსაზღვრული იყო 750 (შვიდასორმოცდაათი) ლარით. შესაბამისად კ-–--------–---–----სა და თ-------------ის მობილობის წესით გადაყვანა მოხდა როგორც მენეჯერული, ისე ანაზღაურების კუთხით იდენტურ თანამდებობებზე, ისევე როგორც კ-----------------ისა და თ-------------–---–-სათვის იქნა შეთავაზებული იდენტური თანამდებობა. ამდენად ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელების უარყოფას.
3.4. კ-–--------–---–----ს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.4.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად გამოიყენა საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლი, როდესაც გადაწყვეტილების 6.5. ნაწილში თავადვე მიუთითა, რომ დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ. აქვე სასამართლომ განმარტა, რომ მესამე პირებს გააჩნიათ კანონიერი ნდობა იმ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მიმართ, რაც უკავშირდება მათ თანამდებობაზე დანიშვნას.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ თავის ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ ,,ეროვნულმა სასამართლოებმა მმართველობის კანონიერების პრინციპისა და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობის პრინციპს შორის შეპირისპირების დროს თითოეულ შემთხვევაში უნდა მოახდინონ აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადებით ადრესატისადმი მიყენებული ზიანის და ამ აქტის ბათილად გამოუცხადებლობით მე-3 პირისა და საზოგადოებისათვის მიყენებული ზიანის შეპირისპირება, ასევე გათვალისწინებული უნდა იქნეს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტის ფორმა და წარმოების სახე (წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უფრო მეტ ნდობას იმსახურებს ვიდრევ ზეპირი, ასევე რაც უფრო ფორმალურია ადმინისტრაციული წარმოება, მით უფრო მეტია პირის კანონიერი ნდობის ხარისხი). მისი უკანონობის სიმძიმე ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდეგ გასული დრო, ყოველივე ამის გათვალისწინებით შესაძლებელია შეიზღუდოს აქტის ბათილად გამოცხადების შესაძლებლობა. რაც შეეხება დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებას სასამართლო ამოწმებს არა შერჩეული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობას, არამედ მის კანონიერ დასაბუთებულობას. დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციული ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას, საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება’’.
3.4.2. აპელანტის განმარტებით, რაიონულმა სასამათლომ ასევე არა სწორად განმარტა ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 52-ე მუხლი, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის ლიკვიდაციის ან/და სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებისას შესაბამისი მოხელე შესაძლებელია მისი თანხმობით გადაყვანილი იქნეს იმავე ან სხვა დაწესებულებაში მისი თანამდებობის თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას - დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით. ამავე კანონის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოხელის გადაყვანა გულისხმობს მოხელისათვის იმავე იერარქიული რანგისა და თანამდებობის შესაბამისი სხვა ან/და ფუნქციურად მსგავსი უფლებამოსილებების მინიჭებას იმავე საჯარო დაწესებულებაში ან მის სისტემაში(ჰორიზონტალური გადაყვანა).
საქართველოს მთავრობის №-15 დადგენილება განსაზღვრავს პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობათა დასახელებებს და იერარქიულ რანგებში განაწილების წესს, შესაბამისად, საჯარო სამსახურში მოხელის თითოეული თანამდებობა შეესაბამება თითო კარიერულ საფეხურს და ნაწილდება 4 იერარქიულ რანგში: ა)პირველი რანგი - მაღალი მმართველობითი დონე, ბ) მეორე რანგი-საშუალო მმართველობითი დონე, გ) მესამე რანგი - უმცროსი სპეციალისტის დონე.
დადგენილების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მესამე რანგი ანუ უფროსი სპეციალისტის დონე გულისხმობს საჯარო დაწესებულების საქმიანობის სფეროს მიკუთნებულ მიმართულებას, ქვემიმართულების ფუნქციების შესრულების პასუხისმგებლობას კომპეტენციასა და უფლებამოსილებას.
ზემოაღნიშნულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება მოსარჩელეების მიმართ განხორციელებულ იქნა შეთავაზებები, კონკრეტულად მე-3 რანგის უფროსი სპეციალისტის თანამდებობა, რაზედაც უარი განაცხადეს, რასაც სასამართლომ არ გაუკეთა სათანადო შეფასება. ამდენად ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელების უარყოფას.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზების, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებისა და სააპელაციო საჩივრების საფუძვლიანობა-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის, კ-–--------–---–----ს და თ-------------ის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო კ-----------------ის და თ-------------–---–-ს სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 05 სექტემბრის N-- დადგენილების ბათილად ცნობის შესახებ კ-----------------ის და თ-------------–---–-ს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და სახელმწიფო ბაჟის სახით მოსარჩელის მიერ გადახდილი თანხის მოპასუხეზე დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება; კ-----------------ის და თ-------------–---–-ს დაზუსტებული სარჩელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 05 სექტემბრის N-- დადგენილების ნაწილობრივ ბათილად ცნობის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს; ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 05 სექტემბრის N-- დადგენილება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის N- დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილებაში მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ორი საშტატო ერთეულის, მესამე რანგის მეორე კატეგორიის საშტატო ერთეულებად დამტკიცების ნაწილში; კ-----------------ეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს სარჩელზე და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი სულ 250 ლარი; დანარჩენ ნაწილში ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ა” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,,ე” ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევას - პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ნაწილობრივ იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, რაც მისი გაუქმების აბსოლუტური საფუძველია. შესაბამისად სააპელაციო პალატა უფლებამოსილია, საქმის პირველი ინსტანციისათვის დაბრუნების გარეშე, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება მოცემულ დავაზე.
4.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
4.1.1. პალატა აღნიშნავს, რომ შრომითი უფლების სრულყოფილი რეალიზების გარანტიები გათვალისწინებულია საქართველოს კონსტიტუციის, როგორც ქვეყნის უზენაესი საკანონმდებლო აქტის 30-ე მუხლით, კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შრომა თავისუფალია. შრომის თავისუფლება, ე.ი. უფლება თავისუფალ შრომაზე, მოიცავს როგორც ადამიანისათვის მინიჭებულ უფლებას, თავად განკარგოს საკუთარი შესაძლებლობები შრომით თავად აირჩიოს შრომითი საქმიანობის ესა თუ ის სფერო (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება №-/4-24, 28.02.1997), ასევე, „სახელმწიფოს ვალდებულებას, იზრუნოს მოქალაქეთა დასაქმებაზე და დაიცვას მათი შრომითი უფლებები“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება №-/2-389, 26.10.2007). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებითვე (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება №-/2-389, 26.10.2007), კონსტიტუციის 30-ე მუხლის 1-ლი პუნქტით „დაცულია არა მარტო უფლება, აირჩიო სამუშაო, არამედ ასევე უფლება განახორციელო, შეინარჩუნო და დათმო ეს სამუშაო”.
საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, საქართველოს ყოველ მოქალაქეს აქვს უფლება დაიკავოს ნებისმიერი საჯარო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. საჯარო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით. საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის ან პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა არ შეიძლება ეკავოს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც იმავდროულად სხვა სახელმწიფოს მოქალაქეა.
საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „კონსტიტუციის 29-ე მუხლის (ამჟამად მოქმედი რედაქციით 25-ე მუხლი) მიზნებისთვის სახელმწიფო სამსახური არის პროფესიული საქმიანობა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, სხვა საჯარო ფუნქციის განხორციელების მიზნით ჩამოყალიბებულ ინსტიტუციებში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 11 აპრილის №1/2/569 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - დ-------------–-----------–--------–--------------------–---–----------------------------------–-----------------------–---–- საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3). ამასთან, საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტი „მოიცავს სახელმწიფო სამსახურში საქმიანობის შეუფერხებელი განხორციელების სხვადასხვა უფლებრივ კომპონენტს, მათ შორის, სამსახურიდან დაუსაბუთებელი გათავისუფლებისგან დაცვის გარანტიას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 7 აპრილის №-/2/717 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები მ--------------–-–---–-----------------–---–----------------–-----–- საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-13). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ანალოგიური პოზიცია აქვს დაფიქსირებული საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კ----------- საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 2017 წლის 17 მაისის №-/3/600 გადაწყვეტილებაში (იხ. გადაწყვეტილების მე-20 და 21-ე პარაგრაფები). „სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლების დაცვით საქართველოს კონსტიტუცია ესწრაფვის, ერთი მხრივ, უზრუნველყოს მოქალაქეთა თანაბარი დაშვება სახელმწიფო სამსახურში გონივრული და კონსტიტუციური მოთხოვნების შესაბამისად, ხოლო, მეორე მხრივ, დაიცვას სახელმწიფო მოსამსახურე მის საქმიანობაში გაუმართლებელი ჩარევისგან, რათა მან შეძლოს კონსტიტუციითა და კანონით მასზე დაკისრებული მოვალეობების ჯეროვნად შესრულება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 11 აპრილის №1/2/569 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - დ-------------–-----------–--------–--------------------–---–----------------------------------–-----------------------–---–- საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-7).
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტით რეგლამენტირებული თავისუფალი შრომისა და 25-ე მუხლით დაცული საჯარო თანამდებობის დაკავების უფლებათა სამართლებრივი დაცვის გარანტიები გათვალისწინებულია არა მხოლოდ ეროვნული, არამედ საერთაშორისო საკანონმდებლო აქტებითაც. კერძოდ, პალატა მიუთითებს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც მოიცავს თითოეული ადამიანის უფლებას, მოიპოვოს საარსებო სახსრები შრომით, რომელსაც თავისუფლად აირჩევს ან რომელზეც თანხმდება, და მიიღებენ შესაბამის ზომებს ამ უფლების დასაცავად. ამასთან, 1948 წლის 10 დეკემბრის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყველას აქვს უფლება თანაბარ საფუძველზე შევიდეს თავისი ქვეყნის სახელმწიფო სამსახურში, ხოლო ამავე დეკლარაციის 23-ე მუხლის თანახმად კი, ყოველ ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობების და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება.
ევროპის სოციალური ქარტიის 24-ე მუხლის თანახმად, დასაქმების შეწყვეტის შემთხვევებში მუშაკთა მიერ დაცვის უფლების ეფექტურად განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ აღიარონ: ა) ყველა მუშაკის უფლება არ შეუწყდეთ დასაქმება ასეთი შეწყვეტის თაობაზე საპატიო მიზეზების გარეშე, რაც დაკავშირებული უნდა იყოს მათ შესაძლებლობასთან ან ქცევასთან ან განპირობებული უნდა იყოს შრომითი დაწესებულების, საწარმოს ან სამსახურის ოპერატიული მოთხოვნებით; ბ) მუშაკთა უფლება, რომელთა დასაქმება შეწყვეტილი იქნება საპატიო მიზეზების გარეშე, სათანადო კომპენსაციაზე ან სხვა შესაბამის დაკმაყოფილებაზე.
საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტია, რომ დასაქმებულის სამუშაო ადგილიდან დათხოვნისას, უნდა არსებობდეს გათავისუფლების გონივრული საფუძველი. 1919 წლის ვერსალის ხელშეკრულების საფუძველზე შექმნილია შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (შსო), რომლის ფარგლებშიც შემუშავებულია შრომითი უფლებების დაცვის საერთაშორისო სტანდარტები და კონვენციები. ერთ-ერთი მათგანია შსო-ს N158 შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კონვენცია, რომელიც 1982 წელს არის მიღებული და ითვალისწინების გონივრული საფუძვლის ცნებას. კონვენციის მიხედვით, „გონივრულობის“ პრინციპი ასახული უნდა იყოს ყველა სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივ დონეზე და განმტკიცებული უნდა იყოს საკანონმდებლო სისტემაში.
პალატა განმარტავს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განისაზღვრა საჯარო სამსახურის ძირითადი პრინციპები, რომელთა სულისკვეთებით და გათვალისწინებით სახელმწიფოში უნდა მოწესრიგდეს საჯარო სამსახურის განხორციელებასთან დაკავშირებული ურთიერთობები; სამოხელეო სამართალი წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართლის კერძო ნაწილს და შესაბამისად სრულად იზიარებს კანონიერების პრინციპის მნიშვნელობას საჯარო-შრომით ურთიერთობებში უფლება-მოვალეობების განხორციელებისას. აღნიშნული პრინციპი ბოჭავს გადაწყვეტილების მიმღებ საჯარო მოსამსახურეებს (მათ შორის თანამდებობის პირებს) მოქმედი კანონმდებლობის ნორმებით. ამავე კანონის ერთ-ერთ ძირითად პრინციპად აღიარებულია საჯარო მოსამსახურის სოციალური და სამართლებრივი დაცვა. საჯარო მოხელის სამართლებრივი დაცვის პრინციპი წარმოადგენს მისი უფლების დაცვის გარანტიას, რომ მასთან დაკავშირებით მიღებული ყველა გადაწყვეტილება მხოლოდ სამართლებრივი ინსტრუმენტებით და კანონის საფუძველზე განხორციელდება. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მოცემულ შემთხვევაში „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი აღჭურავს მოხელეს იმ უფლებებით და შეღავათებით, რაც ამ კანონით არის დადგენილი.
ასევე აღნიშნული კანონი ადგენს განსაკუთრებულ უფლებებს მოხელის მიმართ, რომ ის განსხვავებით კერძო სექტორში მომუშავე მოსამსახურისაგან, საჯარო დაწესებულებაში მუშაობის პერიოდში სწორედ ამ საჯარო-სამართლებრივი ნორმატიული აქტით იქნება დაცული, რომ კანონით გათვალისწინებული პროცედურებით იქნება განხილული როგორც მისი შრომითი მოწყობის, დაწინაურების, აგრეთვე, მისი გათავისუფლების საკითხიც.
4.1.2. პალატა აღნიშნავს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 152-ე მუხლის (მუნიციპალიტეტების ტერიტორიული ოპტიმიზაცია) საფუძველზე 2014 წლიდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტს გამოეყო ქალაქი ოზურგეთი. ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის 2014 წლის 31 დეკემბერის №------------ ბრძანებებით თ-------------–---–- და კ-----------------ე დაინიშნენ ქალაქ ოზურგეთის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე.
მოცემული პერიოდისთვის მოქმედი ,,ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 1 სექტემბრის №-- დადგენილების მე-8 მუხლის თანახმად, სამსახურის იურიდიული განყოფილება უზრუნველყოფდა: ა) საკრებულოს, მერის, მერიის სამსახურებისა და თანამდებობის პირების იურიდიულ კონსულტირებას, სამართლებრივი დასკვნების მომზადებას; ბ) საკრებულოსა და მერიაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების, ადმინისტრაციული გარიგებების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების და სხვა დოკუმენტების სამართლებრივ გამართულობას, მათ შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან და მუნიციპალიტეტის ნორმატიულ აქტებთან; გ) საკრებულოს დადგენილებების სისტემატიზაციასა და კოდიფიცირებას; დ) მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვას სასამართლოში; ე) მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვას სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან; ვ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.
4.1.3. თ-------------- 2014 წლის 4 აგვისტოს დაინიშნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიულ სამსახურში ზედამხედველობის განყოფილებაში სპეციალისტის ტანამდებობაზე (აღნიშნულ პერიოდამდე ასევე მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობებზე), ხოლო 2014 წლის 31 დეკემბერს დაინიშნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოების განყოფილების დოკუმენტაციის მიღებისა და დამუშავების საკითხებში მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე.
მოცემული პერიოდისთვის მოქმედი ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 27 აგვისტოს №-- დადგენილების მე-6 მუხლის თანახმად, სამსახურის საქმისწარმოების განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფდა: ა) გამგეობის კორესპონდენციის მიღებასა და ადრესატებისათვის გადაგზავნას; ბ) მიღებული კორესპონდენციის რეგისტრაციასა და მათ განაწილებას დანიშნულებისამებრ; გ) საქმისწარმოებაში დაშვებული დოკუმენტების სათანადოდ გაფორმებას და დოკუმენტბრუნვას; დ) საქმეთა ნომენკლატურის შედგენას და არქივირებას; ე) ადმინისტრაციული წარმოების დადგენილი წესებისა და პროცედურების დაცვას; ვ) შემოსული და ადგილზე შექმნილი დოკუმენტების აღრიცხვას; ზ) დოკუმენტების გადაცემას შემსრულებლისათვის; თ) დავალებების სათანადოდ გაფორმებას; ი) დოკუმენტების შესრულების კონტროლს და შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადებას; კ) გასული დოკუმენტების გაგზავნას; ლ) საქმეთა მომზადებას არქივისათვის ჩასაბარებლად; მ) საქმისწარმოებაში ბეჭდების, შტამპების, ბლანკების სათანადო გამოყენებას; ნ) გამგეობის მოხელეთათვის საქმისწარმოების წესის გაცნობას და კონტროლს მათ დაცვაზე; ო) მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
4.1.4. კ-–--------–---–---- 2014 წლის 31 დეკემბერს დაინიშნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის სამართლებრივი ექსპერტიზისა და სასამართლოსთან ურტიერთობის განყოფილების, სამართლებრივი უზრუნველყოფის საკითხებში უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე (აღნიშნულ პერიოდამდე ასევე მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობებზე).
მოცემული პერიოდისთვის მოქმედი ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 27 აგვისტოს №-- დადგენილების მე-6 მუხლის თანახმად, სამსახურის სამართლებრივი ექსპერტიზისა და სასამართლოსთან ურთიერთობის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფდა: ა) გამგეობაში მომზადებულ საკრებულოს დადგენილების, განკარგულების, გამგებლის, გამგებლის მოადგილეების, გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივ დახვეწას და მათ ვიზირებას; ბ) დავალების საფუძველზე ამზადებდა სამართლებრივ დასკვნებს ან/და შენიშვნებს მუნიციპალიტეტისათვის მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით; გ) დავალების საფუძველზე ამზადებდა სამართლებრივი აქტების პროექტებს; დ) თავის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხის სრულყოფილი განხილვა-გადაწყვეტისათვის აწარმოებდა ურთიერთობას გამგეობის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან, ადმინისტრაციულ ორგანოებთან, დაწესებულებებთან, ორგანიზაციებთან; ე) გამგებლის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე იცავდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ინტერესებს სასამართლო ორგანოებში; ვ) ამზადებდა სასამართლოში წარსადგენ საპროცესო დოკუმენტაციას (სარჩელს, განცხადებას, შუამდგომლობას, შესაგებელს, საჩივარს და ა.შ) და უზრუნველყოფდა მათ წარდგენას სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესით და ვადებში; ზ) სასამართლოში არსებულ საქმისწარმოებასთან დაკავშირებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ინტერესების სრულყოფილი დაცვისთვის აწარმოებდა ურთიერთობას ადმინისტრაციულ ორგანოებთან, დაწესებულებებთან, ორგანიზაციებთან, სათანადო მტკიცებულებათა მისაღებად და სასამართლოში წარსადგენად; თ) იხილავდა სასამართლო წარმოებაში არსებულ საქმესთან დაკავშირებით გამგეობაში შემოსული სხვა ადმინისტრაციული ორგანოების, ფიზიკური თუ იურიდიული პირების განცხადებებს, მიმართვებსა და წერილებს; ი) ატარებდა ადმინისტრაციულ წარმოებებს სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულებასთან დაკავშირებით; კ) იხილავდა სამსახურში შემოსულ კორესპოდენციებს, მიმართვებს (წერილებს); ლ) მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
4.1.5. საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 15 ივნისის N------- დადგენილებით (ამოქმედდა 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების დანიშვნის დღეს - 2017 წლის 21 ოქტომბერს) თვითმმართველი ქალაქი ოზურგეთი და ოზურგეთის მუნიციპალიტეტი გაერთიანდა ერთ თვითმმართველ ერთეულად − ოზურგეთის მუნიციპალიტეტად და მის ადმინისტრაციულ ცენტრად განისაზღვრა ქალაქი ოზურგეთი.
4.1.6. 2017 წლის 1 სექტემბერს (გამოქვეყნდა 2017 წლის 5 სექტემბერს) საქართველოს მთავრობის №417 დადგენილებით დამტკიცდა 2017 წელს გაუქმებული მუნიციპალიტეტების პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასების დროებითი წესი (შემდეგში - წესი).
წესის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იგი ადგენს 2017 წელს გაუქმებული მუნიციპალიტეტის ორგანოებში პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების ზოგად პრინციპებსა და შეფასების პროცედურებს. მე-2 პუნქტის მიხედვით, ამ წესის მიზანია 2017 წელს გაუქმებული მუნიციპალიტეტების მოხელეთა ცოდნის, გამოცდილების, პროფესიული უნარ-ჩვევებისა და კომპეტენციების შესაბამისობის დადგენა მათ მიერ დაკავებულ თანამდებობებთან და 2017 წელს შექმნილი მუნიციპალიტეტების შესაბამის ორგანოებში მათი მობილობის წესით გადაყვანის შესახებ ობიექტური გადაწყვეტილების მიღება.
წესის მე-2 მუხლის თანახმად, შეფასება წარმოებს კანონიერების, სამართლიანობის, ობიექტურობის, გამჭვირვალობის, მიუკერძოებლობისა და ინტერესთა შეუთავსებლობის დაუშვებლობის პრინციპების დაცვით.
წესის მე-3 მუხლის შესაბამისად, მოხელის შეფასებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოში შექმნილი მოხელის შეფასების კომისია.
მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შეფასებას ექვემდებარება მოხელე ან/და მის მიერ შესრულებული სამუშაო. მე-2 პუნქტის მიხედვით, შეფასება ხდება კომისიის მიერ მოხელესთან გასაუბრებით, რომლის დროსაც ფასდება მოხელის ფუნქციები, კომპეტენციები, გამოცდილება, ცოდნა და პროფესიული უნარ-ჩვევები. მოხელის კომპეტენციები ფასდება, ამ წესის დანართით გათვალისწინებული ცხრილის შესაბამისად, მოხელის უშუალო ხელმძღვანელის მიერ შევსებული მოხელის დახასიათების ან უშუალო ხელმძღვანელის არარსებობის შემთხვევაში – ზემდგომი თანამდებობის პირის მიერ შევსებული დახასიათების შინაარსის გათვალისწინებით. მე-5 პუნქტის შესაბამისად, მიმდინარე შეფასება უნდა დასრულდეს 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგ არჩევნებამდე არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა.
წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შეფასებისას კომისია იღებს შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) საუკეთესო შეფასება – შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და გააჩნია უფრო მაღალი თანამდებობისათვის აუცილებელი პროფესიული უნარ-ჩვევები; ბ) კარგი შეფასება – შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას; გ) არადამაკმაყოფილებელი შეფასება – არ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას.
მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, კომისია შეფასების შედეგებს გამგებელს/მერს/საკრებულოს თავმჯდომარესა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარუდგენს შეფასების დასრულებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა. მე-3 პუნქტის შესაბამისად, 2017 წელს შექმნილი შესაბამისი მუნიციპალიტეტების მერიებში/საკრებულოების აპარატებში მობილობის წესით გადაყვანისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ამ წესის შესაბამისად განხორციელებული მოხელის შეფასების შედეგები.
4.1.7. პალატა აღნიშნავს, რომ მართალია საქმეში წარმოდგენილია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასების კომისიის სხდომის ოქმი №- (იხ.ს.ფ 90-96, ტ.1; ს.ფ.100-103, 228-229, 244-245; ტ.2), თუმცა აღნიშნული დოკუმენტი არ ასახავს კოლეგიური ორგანოს მიერ ჩატარებული სხდომის მიმდინარეობას და იმ ფაქტების დეტალიზაციას, რასაც ადგილი ჰქონდა სხდომაზე, შესაბამისად არ იძლევა ჩატარებული გასაუბრებისა და შეფასების პროცედურის ანალიზის შესაძლებლობას. საყურადღებოა ის გარემოება, რომ დასახელებული ოქმით კომისიის მიერ საუკეთესო შეფასება მიეცათ როგორც თ--------------ს და კ-–--------–---–----ს, ისე კ-----------------ეს და თ-------------–---–-.
4.1.8. პალატა აღნიშნავს, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია, უზრუნველყოს კარიერულ წინსვლაზე, დამსახურებაზე, კეთილსინდისიერებაზე, პოლიტიკურ ნეიტრალიტეტზე, მიუკერძოებლობასა და ანგარიშვალდებულებაზე დაფუძნებული, სტაბილური, საქართველოს ერთიანი საჯარო სამსახურის ჩამოყალიბებისა და ფუნქციონირების სამართლებრივი საფუძვლების შექმნა.
ამავე კანონის 52-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატის შემცირებისას შესაბამისი მოხელე შესაძლებელია მისი თანხმობით გადაყვანილ იქნეს იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით.
პალატა აღნიშნავს, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონი და მის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე აქტები არ განსაზღვრავს ტოლფასი თანამდებობის ლეგალურ დეფინიციას. პალატის მოსაზრებით, ტოლფას თანამდებობად მიიჩნევა უწინდელი თანამდებობის ფუნქციურად იდენტური იმავე იერარქიული რანგის (დონის) თანამდებობა, რომელიც არსებითად არ ცვლის შრომის პირობებს და რომლის განსახორციელებლად საკმარისია ის ცოდნა, კვალიფიკაცია და გამოცდილება, რომელსაც ახმარდა უწინდელი სამუშაოს შესრულებისას, ამასთან ახალი თანამდებობა საჯარო მოხელეს არსებითად უნდა უნარჩუნებდეს მატერიალურ და სოციალურ სიკეთეს, რაც გააჩნდა უწინდელ თანამდებობაზე მუშაობისას.
4.1.9. პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 15 ივნისის N------- დადგენილების საფუძველზე განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2017 წლის 14 დეკემბრის №-- დადგენილებით დამტკიცდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სამართლებრივი უზრუნველყოფის და ზედამხედველობის სამსახურის დებულება, რომლის მე-6 მუხლის თანახმად, სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) მერიაში მომზადებულ საკრებულოს დადგენილების, განკარგულების, მერის, მერის მოადგილეების, მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივ დახვეწას და მათ ვიზირებას; ბ) დავალების საფუძველზე ამზადებს სამართლებრივ დასკვნებს ან/და შენიშვნებს მუნიციპალიტეტისათვის მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით; გ) დავალების საფუძველზე ამზადებს სამართლებრივი აქტების პროექტებს; დ) თავის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხის სრულყოფილი განხილვა-გადაწყვეტისათვის აწარმოებს ურთიერთობას მერიის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან, ადმინისტრაციულ ორგანოებთან, დაწესებულებებთან, ორგანიზაციებთან; ე) მერის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე იცავს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ინტერესებს სასამართლო ორგანოებში; ვ) ამზადებს სასამართლოში წარსადგენ საპროცესო დოკუმენტაციას (სარჩელს, განცხადებას, შუამდგომლობას, შესაგებელს, საჩივარს და ა.შ.) და უზრუნველყოფს მათ წარდგენას სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესით და ვადებში; ზ) სასამართლოში არსებულ საქმისწარმოებასთან დაკავშირებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ინტერესების სრულყოფილი დაცვისთვის აწარმოებს ურთიერთობას ადმინისტრაციულ ორგანოებთან, დაწესებულებებთან, ორგანიზაციებთან, სათანადო მტკიცებულებათა მისაღებად და სასამართლოში წარსადგენად; თ) იხილავს სასამართლო წარმოებაში არსებულ საქმესთან დაკავშირებით მერიაში შემოსული სხვა ადმინისტრაციული ორგანოების, ფიზიკური თუ იურიდიული პირების განცხადებებს, მიმართვებსა და წერილებს; ი) ატარებს ადმინისტრაციულ წარმოებებს სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულებასთან დაკავშირებით; კ) იხილავს სამსახურში შემოსულ კორესპოდენციებს, მიმართვებს (წერილებს); ლ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
4.1.10. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 8 დეკემბრის №- ბრძანებით, გაუქმებული ოზურგეთის გამგეობის იურიდიული სამსახურის სამართლებრივი ექსპერტიზისა და სასამართლოსთან ურთიერთობის განყოფილების, სამართლებრივი უზრუნველყოფის საკითხებში მე-3 რანგის მე-2 კატეგორიის უფროსი სპეციალისტი კ-–--------–---–---- მობილობის წესით გადაყვანილი იქნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების მე-3 რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე და მისი თანამდებობრივი სარგო განისაზღვრა თვეში 850 ლარით (ს.ფ.79-80, ტ.2).
4.1.11. გაუქმებული ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილების, სასამართლო და სხვა ორგანოებთან ურთიერთობის საკითხებში მე-3 რანგის პირველი კატეგორიის უფროს სპეციალისტს თ-------------–---–- 2017 წლის 18 დეკემბერს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა შესთავაზა მობილობის წესით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სამართლებრივი უზრუნველყოფის და ზედამხედველობის სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილებაში მე-3 რანგის მე-2 კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე გადაყვანა, რაც ამ უკანასკნელმა 2017 წლის 20 დეკემბრის პასუხით მიიჩნია უკანონოდ და შეთავაზებაზე უარი განაცხადა (იხ.ს.ფ.77-78, ტ.2).
4.1.12. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 20 დეკემბრის №-0 ბრძანებით, გაუქმებული ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოების განყოფილების, დოკუმენტაციის მიღებისა და დამუშავების საკითხებში მე-3 რანგის მე-2 კატეგორიის მთავარი სპეციალისტი თ-------------- მობილობის წესით გადაყვანილი იქნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების მე-3 რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე და მისი თანამდებობრივი სარგო განისაზღვრა თვეში 850 ლარით (ს.ფ.81-82, ტ.2).
4.1.13. გაუქმებული ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილების, სასამართლო და სხვა ორგანოებთან ურთიერთობის საკითხებში მე-3 რანგის პირველი კატეგორიის უფროს სპეციალისტს კ-----------------ეს 2017 წლის 21 დეკემბერს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა შესთავაზა მობილობის წესით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სამართლებრივი უზრუნველყოფის და ზედამხედველობის სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილებაში მე-3 რანგის მე-2 კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე გადაყვანა, რის პასუხად ამ უკანასკნელმა ადმინისტრაციული ორგანოდან მოითხოვა გარკვეული სახის დოკუმენტაცია. მითითებული წერილი არ შეიცავს შეთავაზებაზე თანხმობას ან უარის შესახებ ინფორმაციას (იხ.ს.ფ.97, 102, ტ.1).
პალატა განმარტავს, რომ რეორგანიზაციის ხასიათიდან გამომდინარე არ გამოირიცხება მოხელის გადაყვანა სხვა, მათ შორის რეორგანიზაციის შედეგად შექმნილ ახალ, თუნდაც რანგით უფრო დაბალზე, თუმცა ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის 1-ლი პუნქტის იმპერატიული მოთხოვნაა თავდაპირველად შეთავაზებული იქნას საჯარო მოხელის უწინდელი თანამდებობის ტოლფასი ვაკანტური თანამდებობა, ხოლო რამდენიმე კანდიდატის არსებობის პირობებში უპირატესობა მიენიჭოს იმ საჯარო მოხელეს, რომელსაც უფრო მაღალი იერარქიული რანგი, გამოცდილება, კვალიფიკაცია, კომპეტენცია, პიროვნული თუ სხვა სახის თვისებები გააჩნია. ამასთან მნიშვნელოვანია აღნიშნული უპირატესობა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დასაბუთებული იყოს შესაბამის საპროცესო დოკუმენტში, რათა სასამართლოს შეეძლოს ადმინისტრაციული ორგანოს ქმედებაზე ეფექტური კონტროლის განხორციელების შესაძლებლობა.
პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 აპრილის №-15 დადგენილებით განისაზღვრა პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობათა დასახელებებისა და იერარქიულ რანგებში განაწილების წესი და შესაბამისი იერარქიული რანგისთვის მიკუთვნებული მოხელეთა თანამდებობების იერარქიული ჩამონათვალი.
აღნიშნული დადგენილების მე-6 მუხლით განისაზღვრა მოხელის თანამდებობათა იერარქია; კერძოდ ამ ნორმის თანახმად, საჯარო დაწესებულების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობა უფრო მაღალი იერარქიული თანამდებობაა, ვიდრე საჯარო დაწესებულების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობა.
პალატა აღნიშნავს, რომ მართალია მოხელის კომპეტენციის შეფასება და მისი კვალიფიკაციის შესატყვისი თანამდებობის შეთავაზება ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებათა რიგს განეკუთვნება, თუმცა სფეროს სპეციფიკის გათვალისწინებით განსხვავდება ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული სფეროს რეგულირების ხარისხი,სასამართლო კონტროლის სიმჭიდროვე, ინტენსივობა, შესაბამისად სასამართლოს კონტროლი ამ პირობებში უნდა იყოს სათანადო და თანაზომიერი, დასაცავი ობიექტის მნიშვნელობიდან გამომდინარე არ არის გამორიცხული დისკრეციის მიმართ გამკაცრებული ტესტის გამოყენება (იხ. სუსგ 13.02.2013წ. Nბს-448-443(კ-12)). პრეტენზიის წარდგენის შემთხვევაში სასამართლოს შეუძლია შეაფასოს გადაწყვეტილების მიღების პროცედურული მხარე, კანონმდებლობით განსაზღვრული დისკრეციული უფლებამოსილების საზღვრების გამოყენების დაცულობა და მიზანთან მისი შესაბამისობის სისწორე, თანასწორობის პრინციპის დაცულობა.
მოცემულ შემთხვევაში პალატის მოსაზრებით მოსარჩელეებისა და მესამე პირების კომპეტენციისა და კვალიფიკაციის შეპირისპირებისას ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ადგილი ჰქონდა სუბიექტური გადაწყვეტილების მიღებას ამ უკანასკნელთა სასარგებლოდ; კერძოდ, იმ პირობებში, როდესაც როგორც მოსარჩელეები, ისე მესამე პირები პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასების კომისიამ შეაფასა საუკეთესოდ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა მობილობის პროცედურის დაუცველად არ გაითვალისწინა მოსარჩელეთა უპირატესობა როგორც უწინდელი თანამდებობის ფუნქციური დატვირთვის, ისე იერარქიული თვალსაზრისით, შესაბამისად მიიღო უკანონო გადაწყვეტილებები, რასაც არსებითად სწორი შეფასება მიეცა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ. ამასთან პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 სექტემბრის №417 დადგენილებით დამტიცებული 2017 წელს გაუქმებული მუნიციპალიტეტების პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასების დროებითი წესი, მისი დროებითი ხასიათიდან გამომდინარე იძლეოდა დავის არსებითად გადაწყვეტის საფუძველს.
პალატა ვერ გაიზიარებს ადმინისტრაციული ორგანოსა და მესამე პირების წარმომადგენელთა პოზიციას ბათილად ცნობილი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მიმართ მესამე პირთა კანონიერი ნდობის არსებობის შესახებ, რადგანაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. მოცემულ შემთხევევაში პალატა მიიჩნევს, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 8 დეკემბრის №- და 2017 წლის 20 დეკემბრის №-0 ბრძანებებით მოსარჩელეებზე მიყენებული ზიანი არათანაზომიერია და ვერ გადაწონის ის ინტერესი, რომელზეც აპელანტები (მესამე პირები) მიუთითებენ მოსარჩელეთა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად. აქვე პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ დასახელებული ბრძანებების ბათილად ცნობის პირობებში ადმინისტრაციულ ორგანოს გააჩნია ვალდებულება აპელანტებს (მესამე პირებს) შესთავაზოს მათი კომპეტენციისა და კვალიფიკაციის შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნა.
გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ,,საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების შემდეგ არჩეული მუნიციპალიტეტების მერებს დაევალათ საჯარო სამსახურის ბიუროსთან კოორდინაციით 2017 წელს გაუქმებული მუნიციპალიტეტების საჯარო მოსამსახურეთა მობილობის წესით გადაყვანა 2017 წელს შექმნილი შესაბამისი მუნიციპალიტეტების მერიებში/საკრებულოების აპარატებში.
საქმეში წარმოდგენილია საჯარო სამსახურის ბიუროს 2017 წლის 26 დეკემბრის წერილი მობილობის პროცედურის განმარტებასთან დაკავშირებით (იხ.ს.ფ.83-84, ტ.1), რომლის მიხედვითაც საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერს უმარტავს, რომ მობილობის წესით პირის ვაკანტურ თანამდებობაზე გადაყვანა უნდა განხორციელდეს ,,საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის და ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნათა დაცვით. ამასთან საჯარო სამსახურის პრინციპების გათვალისწინებით, საჯარო დაწესებულებამ უპირველეს ყოვლისა უნდა უზრუნველყოს ვაკანტური თანამდებობების გამოყენება მობილობის მიზნებისთვის. ამავე წერილის მიხედვით, მობილობის პროცესში, მოხელის ქვედა იერარქიული რანგის თანამდებობიდან ზედა იერარქიული რანგის თანამდებობაზე, ასევე დაბალი თანამდებობიდან იმავე იერარქიული რანგის მაღალ თანამდებობაზე გადაყვანა ეწინააღმდეგება მობილობის წესებს. პალატის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში აღნიშნული რეკომენდაცია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დაცული არ იქნა.
4.1.13. რაც შეეხება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 05 სექტემბრის N-- დადგენილების ნაწილობრივ ბათილად ცნობის მოთხოვნის საფუძვლიანობას, პალატა აღნიშნავს, რომ დასახელებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ცვლილება შევიდა ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ’’ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის N- დადგენილებაში და სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილებაში მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ორი საშტატო ერთეული გარდაიქმნა მესამე რანგის მეორე კატეგორიის საშტატო ერთეულებად, ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იმ საშტატო ერთეულებს, რომლებზეც პრეტენზიას აცხადებდნენ მოსარჩელეები, შეეცვალათ კატეგორია უფრო დაბალი იერარქიის თვალსაზრისით, რითაც ფაქტობრივად, სასამართლოს მიერ მოსარჩელეთა მოთხოვნის დაკმაყოფილების პირობებში შეიქმნა გადაწყვეტილების აღსრულების ხელოვნური ბარიერი, ამასთან გამოირიცხა მოსარჩელეთა არგუმენტი მობილობის წესით დასაქმებულ მესამე პირებთან დაკავშირებით დაწინაურების შესახებ.
ამ დასკვნის გაკეთების საფუძველს პალატას აძლევს ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 1261 მულის დანაწესი, რომლითაც განისაზღვრა გარდამავალ პერიოდში ამ კანონით გათვალისწინებული ზოგიერთი სამართლებრივი ურთიერთობის განხორციელების წესი; კერძოდ ამ მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, 2018 წლის 1 აპრილამდე საჯარო დაწესებულებას აქვს ამ კანონის 125-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების შედეგების კორექტირების უფლება. ბიურო საჯარო სამსახურში ერთგვაროვანი პრაქტიკის დანერგვის მიზნით შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს. საჯარო დაწესებულება უფლებამოსილია გაითვალისწინოს ბიუროს რეკომენდაციები და ამ პუნქტის საფუძველზე მოახდინოს საშტატო ნუსხების კორექტირება.
პალატა აღნიშნავს, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 125-ე მუხლის პირველი პუნქტი შეეხება საჯარო დაწესებულების ვალდებულებას არსებული თანამდებობების ამ კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად იერარქიულ რანგებში განაწილების, აგრეთვე საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ პირთა პროფესიულ საჯარო მოხელეებად გარდაქმნის ან შესაბამისი ფუნქციებისა და უფლება-მოვალეობების მქონე პირებთან შრომითი ხელშეკრულების ან ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების შესახებ.
პალატა იზიარებს აპელანტების (მოსარჩელეების) პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ კანონმდებელმა 2018 წლის 1 აპრილის შემდეგ აკრძალა უკვე განაწილებულ იერარქიულ რანგებში ცვლილების შეტანა, რაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მოთხოვნით განახოციელა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გასაჩივრებული ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
პალატა მიუთითებს, რომ გარდამავალი პერიოდის შემდგომ კანონმდებელი არ გამორიცხავს მუნიციპალიტეტის საჭიროებიდან გამომდინარე იერარქიულ რანგებში ან დაწესებულების სტრუქტურულ მოწყობაში ცვლილების შეტანის შესაძლებლობას, თუმცა აღნიშნული შესაძლებელია მხოლოდ საჯარო დაწესებულებაში დასაბუთებული რეორგანიზაციის დაწყების გზით და არა თვითნებობით, რაც მოცემულ შემთხვევაში განხორციელდა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ საშტატო განრიგის ინიცირება განხორციელდა 2018 წლის 24 აპრილს, მერიის მოთხოვნით შეჩერდა 28 მაისს და შემდეგ ისევ განახლდა 26 ივლისს, ხოლო რეორგანიზაციის ბრძნება გამოიცა 14 სექტემბერს (იხ.ს.ფ.282, 314-315, 316, 335-336; ტ.2), შესაბამისად პალატა მიიჩნევს, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 05 სექტემბრის N-- დადგენილება გასაჩივრებულ ნაწილში ეწინააღმდეგება ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 1261 მულის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონისა და ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 48.1 დას 61.6 მუხლების მოთხოვნებს, შესაბამისად გასაჩივრებულ ნაწილში არსებობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებული მისი ბათილად ცნობის წინაპირობები.
4.1.14. პალატა უსაფუძვლოდ მიიჩნევს აპელანტების (მოსარჩელეების) მოთხოვნას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 24 აპრილის N---- (პროექტი), 2018 წლის 28 მაისის N-8-- და 2018 წლის 26 ივლისის N----- განცხადების/წერილების და ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში არსებულ შტატებზე იერარქიული რანგისა და კატეგორიის ცვლილების განხორციელების მიზნით რეორგანიზაციის დაწყების შესახებ’’ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 14 აგვისტოს N---- ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ, რადგანაც აღნიშნული აქტები სამართლებრივი ბუნებით წარმოადგენენ შუალედურ, წინმსწრებ აქტებს, რომლებიც არ ექვემდებარებიან დამოუკიდებლად გასაჩივრებას, რადგანაც მათი გამოცემა უკავშირდება საბოლოო შემაჯამებელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, მოცემულ შემთხვევაში განხორციელებული რეორგანიზაციის საბოლოო შედეგის მიღებას. იმის გათვალისწინებით, რომ ამ აქტების საბოლოო შედეგი - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 05 სექტემბრის N-- დადგენილება მოსარჩელეთა ნაწილში ბათილადაა ცნობილი, არ არსებობს ამ ნაწილში მოსარჩელეთა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
4.1.15. რაც შეეხება აპელანტების (მოსარჩელეების) მოთხოვნას კომპენსაციის სახით დაკლებული თანხის (350 ლარი) და გაფრთხილების არარსებობის გამო დასარიცხი კომპენსაციის დარიცხვის დავალდებულების შესახებ, პალატა აღნიშნავს, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 118-ე მუხლი ამომწურავად აწესრიგებს იძულებითი განაცდურის/კომპენსაციის ანაზღაურების საკითხს, კერძოდ ამ ნორმის მე-4 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
პალატა განმარტავს, რომ იძულებითი განაცდური ეს არის მიუღებელი ყოველთვიური ფულადი სარგო, რასაც უკანონოდ გათავისუფლებული მოხელე საჯარო საქმიანობის დაუბრკოლებლად განხორციელების პირობებში მიიღებდა.
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით აპელანტებს მიეცათ იძულებითი განაცდური შესაბამისი საშტატო ერთეულისათვის გათვალისწინებული ფულადი სარგოს ოდენობით, რა მიმართებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას რაიმე სახის პრეტენზია არც სააპელაციო საჩივარში და არც საქმის არსებითი განხილვის დროს არ გამოუთქვავს, შესაბამისად პალატა აპელანტების (მოსარჩელეების) სამსახურში დასაქმების პირობებში დაუსაბუთებლად მიიჩნევს მათ მოთხოვნას კომპენსაციის ანაზღაურების მოპასუხეზე დავალების შესახებ.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
5.1. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ განსახილველ შემთხვევაში აპელანტებმა - კ-----------------ემ და თ-------------–---–-- ნაწილობრივ შესძლეს წარმოედგინათ დასაბუთებული სააპელაციო პრეტენზია, შესაბამისად უნდა გაუქმდეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 05 სექტემბრის N-- დადგენილების ბათილად ცნობის ნაწილში კ-----------------ის და თ-------------–---–-ს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და სახელმწიფო ბაჟის სახით მოსარჩელის მიერ გადახდილი თანხის მოპასუხეზე დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება; ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 05 სექტემბრის N-- დადგენილება ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის N- დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე’’ სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილებაში მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ორი საშტატო ერთეულის, მესამე რანგის მეორე კატეგორიის საშტატო ერთეულებად დამტკიცების ნაწილში, ასევე მოსარჩელეებს უნდა დაუბრუნდეთ საქმეზე შეცდომით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი; ხოლო რაც შეეხება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის, მესამე პირების - კ-–--------–---–----ს და თ-------------ის სააპელაციო საჩივრებს არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სასამართლო ხარჯები:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 9.1 მუხლის საფუძველზე მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
დადგენილია, რომ აპელანტის, კ-----------------ის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 250 ლარი (პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში). ამდენად კ-----------------ეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 250 ლარის ოდენობით უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, როგორც შეცდომით გადახდილი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12, 34 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 386-ე, 389-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის, კ-–--------–---–----ს და თ-------------ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. კ-----------------ის და თ-------------–---–-ს სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
3. გაუქმდეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 05 სექტემბრის N-- დადგენილების ბათილად ცნობის შესახებ კ-----------------ის და თ-------------–---–-ს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და სახელმწიფო ბაჟის სახით მოსარჩელის მიერ გადახდილი თანხის მოპასუხეზე დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
4. კ-----------------ის და თ-------------–---–-ს დაზუსტებული სარჩელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 05 სექტემბრის N-- დადგენილების ნაწილობრივ ბათილად ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს;
5. ბათილად იქნეს ცნობილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 05 სექტემბრის N-- დადგენილება ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ’’ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის N- დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილებაში მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ორი საშტატო ერთეულის, მესამე რანგის მეორე კატეგორიის საშტატო ერთეულებად დამტკიცების ნაწილში;
6. კ-----------------ეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს სარჩელზე და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი სულ 250 ლარი (1.სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარი გადახდილია კ-----------------ის მიერ 2018 წლის 06 თებერვალს, სს ,,ვ-------------------------–-, საგადახდო დავალება N1, მიმღები - ხაზინის ერთიანი ანგარიში, სახაზინო კოდი 300903150, ბანკის კოდი TRESGE22. 2. სახელმწიფო ბაჟი 150 (ას ორმოცდაათი) ლარი გადახდილია კ-----------------ის მიერ 2018 წლის 30 ნოემბერს სს ,,ვ-------------------------–-, საგადახდო დავალება N1, მიმღები - ხაზინის ერთიანი ანგარიში, სახაზინო კოდი 300183150, ბანკის კოდი TRESGE22);
7. დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება;
8. მხარეები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
9. გადაწყვეტილება შეიძლება საკასაციო წესით გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №-2), მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან ოცდაერთი დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (ქუთაისი, ნიუპორტის ქ.№-2).
მოსამართლე გოჩა აბუსერიძე