განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე N2ბ/6341-18 7 მაისი, 2019 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე - ლევან გვარამია
მოსამართლეები: გოგიტა თოთოსაშვილი
გელა ქირია
სხდომის მდივანი - ნანა კაბულაშვილი
აპელანტი – ნ-----–-------–-–---–-;
წარმომადგენელი – ტ------------------;
მოწინააღმდეგე მხარე – შ----------------–---;
წარმომადგენელი - ნ--------–------;
დავის საგანი - თანხის დაკისრება;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 7 აგვისტოს გადაწყვეტილება;
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე ნაწილობრივ უარის თქმა.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
შ----- ქ---------–--ის სარჩელი მოპასუხე ნ-----–-------–-–---–-ს მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. არ დაკმაყოფილდა შ----- ქ---------–--ის სარჩელი მოპასუხე ნ-----–-ა ა---–-–---–ის მიმართ 6 120 ლარის გადახდის დაკისრების თაობაზე. არ დაკმაყოფილდა შ----- ქ---------–--ის სარჩელი მოპასუხე ნ-----–-ა ა---–-–---–ის მიმართ 1 250 ლარის გადახდის დაკისრების თაობაზე. მოპასუხე ნ-----–-ა ა---–-–---–ს მოსარჩელე შ----- ქ---------–--ის სასარგებლოდ დაეკისრა 18 458.5 ლარის გადახდა. მოპასუხე ნ-----–-ა ა---–-–---–ს მოსარჩელე შ----- ქ---------–--ის სასარგებლოდ დაეკისრა 1 965 ლარის გადახდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. შ----------------–--- და ნ-----–-------–-–---–- რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 1997 წლის 11 ივლისიდან. თანაცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ შვილები - 1998 წლის 5 აგვისტოს დაბადებული ნ--- ქ---------–--ე და 2006 წლის 13 დეკემბერს დაბადებული ლ---- ქ---------–--ე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გადაწყვეტილება (ს.ფ. 16-28)
2.2. 2015 წლის 28 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს ქორწინების შეწყვეტის, ალიმენტის დაკისრების და თანამესაკუთრედ ცნობის თაობაზე სარჩელით მიმართა ნ-----–-ა ა---–-–---–მა მოპასუხე შ----- ქ---------–--ის მიმართ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გადაწყვეტილება (ს.ფ. 16-28)
2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებით შ----- ქ---------–--ესა და ნ-----–-ა ქ---------–--ეს შორის შეწყდა 1997 წლის 11 ივლისს რეგისტრებული ქორწინება.
შ----------------–---ს არასრულწლოვანი შვილების - 1998 წლის 5 აგვისტოს დაბადებული ნ--- ქ---------–--ისა და 2006 წლის 13 დეკემბერს დაბადებული ლ---- ქ---------–--ის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად თითოეულ მათგანზე 180-
180 ლარის, სულ 360 (სამას სამოცი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან 2015 წლის 28 მაისიდან ბავშვების სრულწლოვანებამდე. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გადაწყვეტილება (ს.ფ. 16-28)
2.4. ქორწინების განმავლობაში მოპასუხე ატარებდა გვარს ,,ქ---------–--ე’’, ამჟამად მისი გვარია ,,ა---–-–---–ი’’.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გადაწყვეტილება (ს.ფ. 16-28)
2.5. თანაცხოვრების პერიოდში მხარეები ცხოვრობდნენ მოპასუხის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაში, მდებარე ქ. თ---–------------------------–-----------------–---------------------------------, ბინა №11, ფართი 88.84 კვ.მ. აღნიშნული უძრავი ქონება მოპასუხის სახელზე საკუთრების უფლებით აღირიცხა 2005 წლის 20 ივლისს გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 38-39)
2.6. უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე, ქ. თბილისი, თ-------------------–-------------------–-------------------------------------------- ფართი 88.84 კვ.მ ამჟამად საკუთრების უფლებით აღრიცხულია მოპასუხე ნ-----–-------–-–---–-ს დედის - ი--- ა---–-–---–ის სახელზე.
აღნიშნულ უძრავ ქონებაზე ი--- ა---–-–---–ის საკუთრების უფლების დამდგენ დოკუმენტს წარმოადგენს 2016 წლის 31 მაისს დადებული უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 41-42)
2.7. მოსარჩელის მიერ 2015 წლის 06 ნოემბერს, 2015 წლის 29 დეკემბერს, 2016 წლის 12 თებერვალს და 2016 წლის 06 ოქტომბერს გადახდილია ააიპ საქართველოს საპატრიარქოს კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა პანსიონში არასრულწლოვანი შვილის, ლ---- ქ---------–--ის, სწავლის საფასური ჯამში 1 500 ლარის ოდენობით;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სალარო შემოსავლის ორდერები (ს.ფ. 29-32)
2.8. მოსარჩელის მიერ 14 თვის განმავლობაში, კერძოდ 2015 წლის მაისიდან 2016 წლის აგვისტომდე დროის მონაკვეთში ყოველთვიურად გადახდილია არასრულწლოვანი ნ-----–---- ქ---------–--ის ფეხბურთზე სიარულის საფასური 60 ლარი - სულ 840 ლარის ოდენობით. 2015 წლის ივლისსა და 2016 წლის იანვარში მოსარჩელის მიერ გადახდილია ასევე არასრულწლოვანი შვილის ნ--- ქ---------–--ის სპორტული აქტივობისთვის - ე.წ. „ზბორებზე“ წასვლის საფასური 1 000 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა განმარტება
- მოწმე ნ--- ქ---------–--ის ჩვენება
2.9. მოპასუხის მიერ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის მიმართვის საფუძველზე მოსარჩელის მიერ გადახდილია მათ შორის 2015 წლის აგვისტოდან 2016 წლის თებერვლამდე (6 თვის) თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2016 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტი თითოეული არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ ყოველთვიურად 180-180 ლარი, ჯამში 2 160 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა განმარტება
2.10. 2014 წლის 01 აგვისტოს ნ-----–-ა ა---–-–---–ს და სს „საქართველოს ბანკს“ შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, ნ-----–-------–-–---–-ს სახელზე გაიცა სესხი 7 000 ლარის ოდენობით 2015 წლის 01 დეკემბრამდე.
აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულება მოპასუხეს სრულად აქვს შესრულებული კრედიტორის წინაშე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება, ცნობა, გრაფიკი (ს.ფ. 102-104, 105, 106)
პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.11. მოსარჩელეს სს ,,საქართველოს ბანკის’’ წინაშე მოპასუხე ნ-----–-------–-–---–-ს სასესხო ვალდებულების შესრულების მიზნით 2015 წლის ოქტომბერსა და ნოემბერში არ გადაუხდია 1 040 ლარი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა- განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. აღნიშნული ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართალში მოქმედ ზოგად პრინციპს ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს’’ -,,აფფირმანტი, ნონ ლეგატი, ინცუმბიტ პრობატიო’’.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვითაც, მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას შედეგად მოჰყვება ამავე მხარისთვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მიუთითებს, რომ მის მიერ სს ,,საქართველოს ბანკის’’ წინაშე მოპასუხე ნ-----–-------–-–---–-ს სასესხო ვალდებულების შესრულების მიზნით, 2015 წლის ოქტომბერსა და ნოემბერში გადახდილია სესხის თანხა 1 040 ლარის ოდენობით. სარჩელს თან ერთვის სს ,,საქართველოს ბანკის’’ ამონაწერი, რომლის თანახმადაც დასტურდება საპირისპირო, კერძოდ, ის გარემოება, რომ აღნიშნულ პერიოდში თანხა გადახდილია მოპასუხე ნ-----–-------–-–---–-ს მიერ. სათანადო მტკიცებულების არ არსებობის გამო სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას იმასთან მიმართებით, რომ მართალია თანხა გადახდილია უშუალოდ ნ-----–-ა ა---–-–---–ის მიერ, მაგრამ აღნიშნული თანხა მან გადასცა მოპასუხეს. სამოქალაქო კანონმდებლობიდან და მოსარჩელეზე, როგორც ფაქტის მიმთითებელ მხარეზე დაკისრებული მტკიცების ტვირთიდან გამომდინარე, სასამართლო ვერ მიიჩნევს თანხის გადაცემის თაობაზე მოსარჩელის პოზიციას დასაბუთებულად და სარწმუნოდ მხოლოდ მისი ზეპირ განცხადებაზე დაყრდნობით. შესაბამისად, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება მოსარჩელის მიერ სს ,,საქართველოს ბანკის’’ წინაშე მოპასუხე ნ-----–-------–-–---–-ს სასესხო ვალდებულების შესრულების მიზნით, 2015 წლის ოქტომბერსა და ნოემბერში 1 040 ლარის გადახდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ანგარიშიდან ამონაწერი (ს.ფ. 138-141)
2.12. მხარეთა თანაცხოვრების განმავლობაში უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. თ---–------------------------–-----------------–-------------------------------------------------- კვ.მ. ფართიდან 43.53 კვ.მ. ფართზე მოსარჩელის მიერ ჩატარებული რემონტის ღირებულება შეადგენს 36 917.35 ლარს.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნა ემყარება სწორედ უძრავ ქონებაზე ჩატარებული რემონტის ღირებულების ნახევრის გადახდას. მხარეთა შორის სადავო არ არის უძრავ ქონებაში რემონტის ჩატარების ფაქტი, მაგრამ მოპასუხე არსებითად სადავოდ ხდის მოსარჩელის მიერ მითითებული სამუშაოების ღირებულებას.
მოსარჩელის მოთხოვნა ემყარება აუდიტორული ფირმა ,,სალომეს’’ მიერ 2017 წლის 15 ნოემბერს გაცემულ დამოუკიდებელი აუდიტორის საექსპერტო დასკვნას, რომლის თანახმადაც
88.84 კვ.მ ფართიდან 43.53 კვ.მ ფართში ჩატარებული სარემონტო სამუშაოების მთლიანმა ღირებულებამ 2017 წლის 5 ნოემბრის მდგომარეობით შეადგინა 36 917.35 ლარი.
აღნიშნულის საპირისპიროდ მოპასუხის მიერ წარმოდგენილია საშემფასებლო კომპანია ,,ერ ბი კომპანის’’ მიერ 2018 წლის 06 ივნისს შედგენილი ანგარიში უძრავი ქონების ღირებულების შეფასების შესახებ, რომლის თანახმადაც უძრავ ქონებაში 2006-2014 წლებში ჩატარებული კოსმეტიკური რემონტის საბაზრო ღირებულებად განისაზღვრა 17 769 ლარი.
წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, არც ერთ მტკიცებულებას არ გააჩნია რაიმე უპირატესობა სხვა მტკიცებულებასთან შედარებით. აგრეთვე, არც ერთ მტკიცებულებას არა აქვს, წინასწარ დადგენილი ძალა სასამართლოსათვის, რაც იმას ნიშნავს, რომ ამა თუ იმ მტკიცებულების მნიშვნელობა წინასწარ არ არის განსაზღვრული და მისი ძალა და მნიშვნელობა სასამართლოს შეფასებაზეა დამოკიდებული. მტკიცებულებათა შეფასების დროს მხარეებს უფლება აქვთ, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მტკიცებულებების სარწმუნოობა, თუმცა საბოლოოდ წარმოდგენილ მტკიცებულებებს აფასებს სასამართლო.
განსახილველ შემთხვევაში მოპასუხის მიერ წარმოდგენილ შეფასება სასამართლოს მოსაზრებით არ მოიცავს მითითებული სამუშაოების დეტალურ აღწერას განსხვავებით მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნისგან, კერძოდ, მასში მითითებულია ზოგადად იმ ფართების შესახებ, სადაც ჩატარდა რემონტი, თუმცა არაა აღწერილი კონკრეტულად რა ტიპის სამუშაოები იქნა ჩატარებული. ვინაიდან მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სარემონტო სამუშაოების ღირებულების განსაზღვრის ნაწილში ფაქტობრივად ურთიერთგამომრიცხავია, მათი შეფასებისას სასამართლო ასევე მოიხმობს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულ პირთა ჩვენებებს, რომლებიც უშუალოდ ახორციელებდნენ სარემონტო სამუშაოებს.
მოწმე მ-----– ბ-----–--ის მითითებით მის მიერ განხორციელებულია სამუშაოები გიფსო კარდონზე, მეტლახზე, მის მიერაა დაგებული ე.წ. ,,სტიაჟკა’’, გაკრულია შპალიერი, ჩატარებულია ე.წ. ,,მალიარკის სამუშაო’’, ასევე მის მიერაა შეცვლილი დენის გაყვანილობა. ამასთანავე მისი განმარტებით, აღნიშნული სამუშაოების სავარაუდო ღირებულება მისი ხელობის ანაზღაურების ჩათვლით შეადგენს 10 000 ლარს. ამასთანავე, დასახელებულმა მოწმემ მიუთითა, რომ ბინაში ჩატარებული სამუშაოები თავისი ხასიათის მიხედვით ფაქტობრივად წარმოადგენს კაპიტალურ რემონტს. მისივე განმარტებით, შეათანხმა მისთვის ასანაზღაურებელი სამუშაოს ღირებულება 3 500 ლარის ოდენობით, თუმცა ეს მეტი უნდა ყოფილიყო.
მოპასუხის მიერ წარმოდგენილ შეფასებაში მითითებულია, რომ შეფასების პროცესს ესწრებოდა ხელოსანი მ-----– ბ-----–--ე და მასთან კონსულტაციის შედეგად არის ჩამოყალიბებული შემფასებლის მოსაზრება დახარჯული მასალების და ხელობის ანაზღაურების შესახებ. აღნიშნული შეფასების სარწმუნოობის კუთხით სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მ-----– ბ-----–--ემ სრულიად გამორიცხა და ალოგიკურად მიიჩნია მაგალითად შეფასებაში მითითებული ერთი ლისტი ,,გიფსოს’’ ღირებულების განსაზღვრა შემფასებლის მიერ 5 ლარად და განმარტა, რომ მას აღნიშნული ინფორმაცია შემფასებლისთვის არ მიუწოდებია, ვინაიდან აღნიშნული მასალის საბაზრო ღირებულება არასდროს არ ყოფილა ასეთი დაბალი ფასი.
ამასთანავე, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლოზე დაკითხული მოწმეთა ჩვენებებიდან გამომდინარე, მ-----– ბ-----–--ეს ჩატარებული აქვს მხოლოდ გარკვეული ნაწილის სარემონტო სამუშაოები, შესაბამისად, მხოლოდ აღნიშნული ხელოსნის საფუძველზე ჩატარებული შეფასება სასამართლოს მოსაზრებით სრულად არ ასახავს რეალურ მდგომარეობას.
გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ შეფასების ცხრილში მუშახელის ანაზღაურება მთლიანი სამუშაოების განმავლობაში განსაზღვრულია 3 500 ლარად, მაშინ როდესაც სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მ-----– ბ-----–--ემ მიუთითა, რომ 3 500 ლარი იყო მხოლოდ მის მიერ ჩატარებულ სარემონტო სამუშაოებზე ხელობის ღირებულება, თუმცა ეს მეტიც უნდა ყოფილიყო, ხოლო მოწმის სახით დაკითხული ლევან აფხაძის განმარტებით კი უშუალოდ მის მიერაა განხორცილებული აივანზე შესრულებული და სანტექნიკის სამუშაოები. მოსარჩელის მიერ მისთვის გადახდილმა ხელობის ანაზღაურებამ კი შეადგინა 840 ლარი, რაც საერთოდ არ არის გათვალისწინებული წარმოდგენილ შეფასებაში. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული მ-----– ბ-----–--ის და ლევან აფხაძის ჩვენებები კონკრეტულად ჩატარებული სარემონტო სამუშაოების აღწერის, მათი მოცულობის, მათ მიერ აღნიშნული სამუშაოების სავარაუდო (ხშირ შემთხვევაში კი ზუსტი) ღირებულების გათვალისწინებით, ასევე მოსარჩელის მიერ მათთვის მხოლოდ ხელობის სანაცვლოდ გადაცემული თანხების ოდენობის გათვალისწინებით, უფრო მეტ თანხვედრაშია მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ საექსპერტო დასკვნასთან, კერძოდ, მასში აღწერილ სამუშაოებსა და მათ ღირებულებასთან. შესაბამისად, სასამართლო უძრავ ქონებაზე ჩატარებული რემონტის თანხების განსაზღვრის ნაწილში ეყრდნობა სწორედ აღნიშნულ საექსპერტო დასკვნას. ამასთან, სასამართლო აღნიშნულთან დაკავშირებით ასევე ითვალისწინებს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს (ს.ფ. 173-179), კერძოდ „ბი ემ სი გორგიას“ ინვოისს, რომელიც ასევე ადასტურებს, მიუხედავად იმისა, რომ არ აღნიშნავს იმ პერიოდის ფასებს, როდესაც სამშენებლო სამუშაოების წარმოება ხდებოდა, მხარის მიერ გაწეულის ხარჯების რეალურობას. მოპასუხეს არ წარმოუდგენია სარწმუნო მტკიცებულება მის მიერ მთითებული ღირებულებების დასადასტურებლად, მის მიერ წარმოდგენილი შეფასება კი აღნიშნულს მტკიცებულებათა ერთობლიობაში შეფასებით სარწმუნოდ არ ადასტურებს.
ექსპერტიზის დასკვნის სასამართლოს მიერ შეფასება გულისხმობს თავდაპირველად ექსპერტიზის დასკვნის შინაარსის სრულყოფილ შესწავლა-ანალიზს, ხოლო შემდეგ მისი იურიდიული ძალის (დამაჯერებლობის, სარწმუნოობის) შემოწმებას. ამასთანავე, ექსპერტის დასკვნა კრიტიკულად უნდა შეფასდეს, როგორც ცალკე აღებული, ასევე საქმეზე მოპოვებული ყველა სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობაში (იხ. სუსგ, საქმე №ას-633-966-07).
მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საექსპერტო დასკვნა შეიცავს ჩატარებული სამუშაოების დეტალურ აღწერას და ამასთანავე განსაზღვრავს განხორციელებული სამუშაოების ღირებულებებს, რის გამოც სასამართლო იზიარებს მასში მითითებულ დასკვნებს.
სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს მოპასუხის განმარტებას, რომ რემონტის ხარჯების ნაწილის მის მიერ გაწევასთან დაკავშირებით.
მართალია მოწმე მ-----– ბ-----–--ე განმარტავდა, რომ მისთვის თანხების გადაცემას ესწრებოდა როგორც მოსარჩელე, ისე მოპასუხე, თუმცა მხოლოდ აღნიშნული, ისევე როგორც მოპასუხის განმარტება ვერ გამოდგება იმის სარწმუნოდ დამადასტურებლად, რომ მოპასუხე მონაწილეობას იღებდა შესაბამისი ხარჯების გაწევაში. სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 2016 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებითაც დადგენილია, რომ მოპასუხის შემოსავალი შეადგენდა თვეში 300 ლარს. ამასთან, მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე მასთან მუშაობდა 2012 წლიდან. ამავე გადაწყვეტილებით დადგენილია ასევე, რომ მოსარჩელე ეწეოდა ინდივიდუალურ მეწარმეობას 2010 წლიდან. ნ-----–-------–-–---–- იმავე დავისას განმარტავდა, რომ შ----- ქ---------–--ე რეგულარულად დადიოდა თურქეთში, ჩამოქონდა საქონელი სარეალი---ციოდ და შედეგად იღებდა ყოველთვიურ შემოსავალს. მართალია, აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მან ვერ წარმოადგინა იმ დავის ფარგლებში, თუმცა სასამართლოს მიერ მითითებული მტკიცებულებები ერთობლიობაში შეფასებით და იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხემ სასამართლოს
დამადასტურებელი ვერ წარმოუდგინა, ადასტურებს, რომ შესაბამისი ხარჯები გაწეული იყო სწორედ მოსარჩელის მიერ.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მხარეთა თანაცხოვრების განმავლობაში უძრავ ქონებაზე, მდებარე: თ---–------------------------–-----------------–-------------------------------------------------- კვ.მ. ფართიდან 43.53 კვ.მ ფართზე ჩატარებული რემონტის ღირებულება შეადგენს 36 917.35 ლარს და აღნიშნული ხარჯები გაწეული იქნა მოსარჩელის მიერ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საექსპერტო დასკვნა (ს.ფ. 43-60)
- უძრავი ქონების ღირებულების შეფასების ანგარიში (ს.ფ. 142-147)
- მოწმეთა ჩვენება
2.13. მხარეთა თანაცხოვრებისას მოსარჩელის მიერ შეძენილია საყოფაცხოვრებო ნივთები: სარეცხის მანქანა LG, მაცივარი DEO, მაცივარი BEKO, ასევე კომპიუტერის კომპლექტი, სამი ტელევიზორი და ბავშვის საწოლი, რომელთა ღირებულება ჯამში შეადგენს 3 930 ლარს. აღნიშნული ნივთები წარმოადგენს მხარეთა თანასაკუთრებას.
მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ეკისრება შეძენილი საყოფაცხოვრებო ნივთების ღირებულების ნახევრის - 1 965 ლარის ანაზღაურება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1151-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა უფლება- მოვალეობებს წარმოშობს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ქორწინება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი.
უდავოა, რომ მხარეები რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 1997 წლიდან. სამართალწარმოებით დადგენილი შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხემ არსებითად სადავო არ გახადა მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოება ზემოაღნიშნული საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენის თაობაზე. მოპასუხე არ დაეთანხმა მათი ღირებულების განსაზღვრის თაობაზე მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ შეფასებას.
აღნიშნულ ნივთებთან მიმართებითაც სასამართლო მი---ნშეწონილად მიიჩნევს გაიზიაროს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საექსპერტო დასკვნა, ვინაიდან მოპასუხის მიერ წარმოდგენილი შეფასება არ მოიცავს სარეცხი მანქანის, ისევე როგორც მაცივრის ღირებულებაზე მითითებას.
შესაბამისად, სასამართლო ემყარება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ საექსპერტო შეფასებას ღირებულების განსაზღვროს ნაწილში და დადგენილად მიაჩნია, რომ მხარეთა თანაცხოვრებისას შეძენილია საყოფაცხოვრებო ნივთები: სარეცხის მანქანა LG, მაცივარი DEO, მაცივარი BEKO, ასევე კომპიუტერის კომპლექტი, სამი ტელევიზორი და ბავშვის საწოლი, რომელთა ღირებულება ჯამში შეადგენს 3 930 ლარს.
შესაბამისად, საოჯახო სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, საფუძვლიანია მოსარჩელის მოთხოვნა ჩატარებული რემონტის ღირებულების ნახევრის და შეძენილი საყოფაცხოვრებო ნივთების ნახევრის დაკისრების თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საექსპერტო დასკვნა (ს.ფ. 43-60)
2.14. მხარეთა თანაცხოვრების პერიოდში, 2008 წლის 11 ივლისის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,ვაგზლის მოედანის’’ №1-3225 კრების ოქმის საფუძველზე ნ-----–-ა ქ---------–--ის სახელზე აღირიცხა უძრავი ქონება - სარდაფი, მდებარე ქ. თ---–------------------------–-----------------–---------------------------------, ფართი 8.08 კვ.მ, რომლის ღირებულება შეადგენს 2 500 ლარს. აღნიშნული უძრავი ქონება არ წარმოადგენს მხარეთა თანასაკუთრებას. აღნიშნული სარდაფი წარმოადგენს მოპასუხე ნ-----–-ა ქ---------–--ის ინდივიდუალურ საკუთრებას, რის გამოც მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ არ ეკისრება 1 250 ლარის ანაზღაურება.
„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ 2007 წლის 11 ივლისის კანონის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა ინდივიდუალური საკუთრების საგანია ცალკეულ პირთა საკუთრებაში არსებული ბინა, აგრეთვე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრის მფლობელობაში არსებული მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსები (სარდაფები, სხვენები და ა. შ.).“
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრები კრებაზე აფიქსირებენ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა მიერ მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსების (სარდაფები, სხვენები და ა. შ.) მფლობელობის ამ კანონის ძალაში
შესვლის დროს არსებულ ფაქტობრივ მდგომარეობას და ხმათა 2/3-ით იღებენ გადაწყვეტილებას, რომლის თაობაზედაც დგება შესაბამისი ოქმი, თუ წესდებით არ განისაზღვრება განსხვავებული კვორუმი. მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსებზე (სარდაფები, სხვენები და ა.შ.) საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში დასარეგისტრირებლად ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრმა უნდა წარმოადგინოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრების მიერ შედგენილი ოქმი და ნახაზი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია სამეურნეო სათავსის ადგილმდებარეობის დადგენა.“.
მართალია, უდაოა, რომ აღნიშნული სარდაფი ნ-----–-ა ა---–-–---–ის საკუთრებაში მხარეთა თანაცხოვრების პერიოდშია აღრიცხული, მაგრამ აღნიშნულის საფუძველს წარმოადგენს 2008 წლის 11 ივლისის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,ვაგზლის მოედანის’’ №1-3225 კრების ოქმი. შესაბამისად, იგი ნ-----–-ა ქ---------–--ემ მიიღო ინდივიდუალურ საკუთრებაში როგორც ამხანაგობის წევრმა, რის გამოც იგი ვერ ჩაითვლება მხარეთა თანასაკუთრებად. შესაბამისად, არ არსებობს მოპასუხისთვის 1 250 ლარის დაკისრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 42)
- საექსპერტო დასკვნა (ს.ფ. 43-60)
2.15. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ არ ეკისრება 6 120 ლარის გადახდა.
მოსარჩელე ფაქტობრივ გარემოებებში მიუთითებს, რომ მოთხოვნილ 6 120 ლარში მოიაზრებს მოპასუხის ნაცვლად სს ,,საქართველოს ბანკის’’ სასარგებლოდ 2015 წლის ოქტომბერსა და ნოემბერში გადახდილ 1 040 ლარს, მის მიერ 2015 წლის აგვისტოდან 2016 წლის თებერვლამდე არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ ალიმენტის სახით ჯამში გადახდილ თანხას - 2 160 ლარს, არასრულწლოვანი შვილის ლ---- ქ---------–--ისთვის გადახდილ სწავლის საფასურს 1 500 ლარს, ასევე არასრულწლოვანი ნ--- ქ---------–--ისთვის სპორტული აქტივობისათვის (ფეხბურთზე სიარულის 7 თვის ღირებულება, ე.წ. ,,ზბორებზე’’ წასვლის ღირებულება) ჯამში გადახდილ თანხას 1 420 ლარის ოდენობით.
დადგენილია, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება მოსარჩელის მიერ სს ,,საქართველოს ბანკის’’ წინაშე მოპასუხე ნ-----–-------–-–---–-ს სასესხო ვალდებულების შესრულების მიზნით, 2015 წლის ოქტომბერსა და ნოემბერში 1 040 ლარის გადახდა. შესაბამისად, არ არსებობს მოპასუხისთვის აღნიშნული თანხის დაკისრების საფუძველი.
მოსარჩელე ითხოვს 2015 წლის აგვისტოდან 2016 წლის თებერვლამდე არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ ალიმენტის სახით ჯამში გადახდილ თანხას - 2 160 ლარს. თანხის დაკისრების საფუძვლად მოსარჩელე მიუთითებს, რომ ამ პერიოდის - 6 თვის განმავლობაში აღდგენილი იყო მხარეთა თანაცხოვრება და ის ისედაც ზრუნავდა არასრულწლოვან შვილებზე, რის გამოც აღარ უნდა გადაეხადა იძულებით თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი ალიმენტი.
აღსანიშნავია, რომ მოპასუხემ არსებითად სადავო გადახდა ამ პერიოდში მხარეთა ერთად თანაცხოვრების ფაქტი. მართალია მოწმის სახით დაკითხულმა ნ--- ქ---------–--ემ მიუთითა მოსარჩელის მსგავსად ამ პერიოდში ოჯახური ურთიერთობის აღდგენის ფაქტის შესახებ, მაგრამ სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ალიმენტის დაკისრების თაობაზე გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მიღებული აქვს მოსარჩელის მიერ მითითებული სადავო პერიოდის შემდეგ - 2016 წლის 15 ივნისს. აღნიშნული გადაწყვეტილებით სასამართლოს ნამსჯელი აქვს მოსარჩელის მიმართ ალიმენტის დაკისრების ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთა შედეგადაც ალიმენტი მოსარჩელეს დაეკისრა არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ სარჩელის აღძვრიდან - 2015 წლის 28 მაისიდან ბავშვების სრულწლოვანებამდე.
შესაბამისად, წარმოდგენილ სასარჩელო მოთხოვნას სასამართლო ვერ განიხილავს საალიმენტო ვალდებულებისგან გათავისუფლების ჭრილში იმ საფუძვლით, რომ მითითებული პერიოდის განმავლობაში მოსარჩელე ისედაც ახორციელებდა არასრულწლოვნებზე ზრუნვას. მოსარჩელის მიერ წამოდგენილია ამ პერიოდში მხოლოდ მათ სწავლაზე და ა.შ. გადახდის დამადასტურებელი, რაც მოპასუხეს სადაოდ არც გაუხდია. მისი განმარტებით, რაც ასევე აღნიშნული სააღსრულებო ბიუროში მის მიერ წარდგენილ განცხადებაში, მოსარჩელის მიერ გადახდილ თანხას არ თვლიდა ალიმენტში. ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ მათ შორის ხდებოდა ბავშვის სწავლაზე და ა.შ. შესაბამისი თანხების გადახდა, არ გამორიცხავს მის მიერ იმავე პერიოდში ალიმენტის გადახდის ვალდებულების შესრულებას და მისთვის დაკისრებას. ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ნამსჯელია როგორც ალიმენტის ოდენობაზე, ასევე მისი გადახდევინების დაწყების თარიღზე. მართალია თავად სამოქალაქო კანონმდებლობა ითვალისწინებს ალიმენტის დაკისრებას სარჩელის აღძვრის დროიდან, მაგრამ აღნიშნული, ცხადია, არ გულისხმობს იმას, რომ სხვაგვარი გარემოების დადგენის შემთხვევაში (გადაწყვეტილების გამოტანამდე ოჯახური ურთიერთობის აღდგენა ან/და შვილებზე ნაბაყოფლობით ზრუნვა), შესაბამისი გარემოებები არ შეიძლება გახდეს ალიმენტის დაკისრების საწყისი თარიღის ცვლილების ან მისი ოდენობის სხვაგვარად განსაზღვრის საფუძველი, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, მოსარჩელეს დაეკისრა ალიმენტის გადახდა არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ 2015 წლის 28 მაისიდან და მას გააჩნდა აღნიშნული თარიღიდან ალიმენტის გადახდის ვალდებულება სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანი---ციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გადახდილი ალიმენტის თანხის მოპასუხისთვის დაკისრების ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
გარდა აღნიშნულისა, მოსარჩელე ასევე მოითხოვს არასრულწლოვანი შვილის, ლ---- ქ---------–--ისთვის გადახდილ სწავლის საფასურს - 1 500 ლარს, ასევე არასრულწლოვანი ნ--- ქ---------–--ისთვის სპორტული აქტივობისათვის (ფეხბურთზე სიარულის 7 თვის ღირებულება, ე.წ. ,,ზბორებზე’’ წასვლის ღირებულება) ნებაყოფლობით გადახდილი თანხის ჯამში - 1 420 ლარის ოდენობით, მოპასუხისთვის გადახდის დაკისრებას. ~
სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია საოჯახო სამართალში მშობლებისა და შვილების ურთიერთობის უზოგადესი წესი და დადგენილია, რომ მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.
შესაბამისად, სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილია მშობლის მიერ არასრულწლოვანზე, მის ფიზიკურ, სოციალურ, თუ სულიერ განვითარებაზე ზრუნვის აუცილებელი მოთხოვნები. სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი ალიმენტის ოდენობა რომელიც ეკისრება მშობელს არასრულწლოვანი შვილის მიმართ არის არასრულწლოვანისთვის ელემენტარული, მინიმალური ცხოვრების დონის შექმნისთვის აუცილებელი გარანტი სახელმწიფოს მხრიდან. სასამართლოს მიერ დადგენილი ალიმენტის ოდენობა თავისთავად არ მოიაზრებს არასრულწლოვანის ყველა შესაძლო მოთხოვნების დაკმაყოფილების უზრუნველყოფას და შესაბამისად, სასამართლოს მიერ დაკისრებული ალიმენტი არ ათავისუფლებს მშობელს არასრულწლოვანზე დამატებითი ზრუნვის მოვალეობისაგან.
სასამართლოს შეფასებით გადაწყვეტილებით დაკისრებულ ალიმენტთან ერთად მშობლის მიერ არასრულწლოვანისათვის გადახდილი სწავლის საფასური, ასევე მისი ჯანსაღი ფიზიკური განვითარების მიზნით სპორტული აქტივობისათვის ნებაყოფლობით თანხის გადახდა შეესაბამება მშობლის მიერ შესასრულებელ ზნეობრივ მოვალეობას და უსაფუძვლოა არასრულწლოვანთა უზრუნველყოფისათვის ნებაყოფლობით გაღებული ხარჯის მოპასუხისთვის დაკისრების თაობაზე მოთხოვნა.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ არ ეკისრება 6 120 ლარის გადახდა.
2.16. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ეკისრება ჩატარებული რემონტის ღირებულების ნახევრის - 18 458.5 ლარის ანაზღაურება.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ შ----------------–--- და ნ-----–-------–-–---–- რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 1997 წლის 11 ივლისიდან. თანაცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ შვილები - 1998 წლის 5 აგვისტოს დაბადებული ნ--- ქ---------–--ე და 2006 წლის 13 დეკემბერს დაბადებული ლ---- ქ---------–--ე. ასევე დადგენილია, რომ თანაცხოვრების პერიოდში მხარეები ცხოვრობდნენ მოპასუხე ნ-----–-------–-–---–-ს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაში მდებარე თბილისი, თ-------------------–-----------------–-------------------------------------------, ფართი 88.84 კვ.მ. აღნიშნული უძრავი ქონება ნ-----–-ა ა---–-–---–ის სახელზე საკუთრების უფლებით აღირიცხა 2005 წლის 20 ივლისს გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე.
ასევე დადგენილია, რომ მხარეები განქორწინდნენ 2016 წლის 15 ივნისის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით. ასევე დადგენილია, რომ შესაბამისი უძრავი ქონება 2016 წლის 31 მაისის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე ირიცხება მოპასუხის დედის-ი--- ა---–-–---–ის საკუთრებაში. ასევე დადგენილია, რომ აღნიშნულ უძრავ ქონებაში დღემდე ცხოვრობს და სარგებლობს მოპასუხე შვილებთან და დედასთან ერთად. სასამართლოს მიერ ასევე დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ მოსარჩელის მიერ ჩატარებული იქნა შესაბამის ბინაში რემონტი და გაწეული იქნა ხარჯი, რომლის ღირებულების ნახევრის ანაზღაურებასაც ითხოვს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ „...კონდიქციური ვალდებულების წარმოშობისათვის ერთდროულად უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოვალის გამდიდრება; ამის შესაბამისად, კრედიტორის ქონებრივი დანაკლისი; კრედიტორიდან მოვალესთან სამართლებრივი სიკეთის გადანაცვლების უსაფუძვლობა/გაუმართლებლობა... სსკ-ის 980- ე მუხლის პირველი ნაწილი (თუ მიმღებმა გასწია ხარჯები ან მას წარმოეშვა ქონებრივი დანაკლისი იმასთან დაკავშირებით, რომ საგანი სამუდამოდ შეძენილად მიაჩნდა, მაშინ იგი მოვალეა, დააბრუნოს საგანი ხარჯებისა და დანაკლისის ანაზღაურების პირობით. ეს წესი არ გამოიყენება, როცა გადაცემული საგანი არ იძლევა იმის საფუძველს, რომ იგი მიჩნეულ იქნეს სამუდამოდ შეძენილად.
მიმღების მიერ გაწეული ხარჯები ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოვალე (პირი, რომელსაც დაუბრუნდა ქონება) ამით გამდიდრდა. თუ გამდიდრების ფაქტი არ არსებობს, მაშინ მხოლოდ ხარჯების გაწევა არ წარმოშობს კონდიქციურ ვალდებულებას. გამდიდრების ფაქტის დასადგენად უნდა გაირკვეს, თუ რა სახით იყო ნივთი გადაცემული და რა სახით ბრუნდება იგი, ანუ უნდა დადგინდეს გამდიდრების ხარისხი. ამ ფაქტის დადგენა აუცილებელია, რადგან გაწეული ხარჯები უნდა ანაზღაურდეს გამდიდრების ოდენობის შესაბამისად, ამასთან, კონდიქციურმა მოთხოვნამ არ უნდა გამოიწვიოს გამდიდრებული პირის ქონების იმაზე მეტად შემცირება, რითაც იგი გამდიდრდა. ანაზღაურების ვალდებულება გამორიცხულია, თუ გადაცემული საგანი არ იძლევა იმის საფუძველს, რომ იგი მიჩნეულ იქნეს სამუდამოდ შეძენილად (იხ. სუსგ ას-303-285-2014, 30.10.15 წ.).
განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ მოსარჩელე წლების განმავლობაში ფლობდა/ სარგებლობდა შესაბამისი უძრავი ქონებით/ბინით. ასევე, დადგენილად მიიჩნია სასამართლომ რომ ბინაზე მან გარკვეული ხარჯები გასწია, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით, მოწმეთა ჩვენებებით, საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, მათ შორის, ფოტოსურათებით. სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, შესაბამისი ოდენობით ხარჯების გაწევა მოსარჩელის მიერ.
მხარეებს შორის სადავო არ არის, რომ მოსარჩელე შესაბამის უძრავ ქონებას აღარ ფლობს, იქ აღარ ცხოვრობს 2016 წლიდან. ბუნებრივია, იმ წლების განმავლობაში, როდესაც მხარეები იმყოფებოდნენ ქორწინებაში და მოსარჩელე ცხოვრობდა შესაბამის ბინაში, იგი მისით სარგებლობდა და იღებდა შესაბამის სიკეთეს. ის, რომ ფლობით მიღებული სარგებელი აღემატება მის მიერ გაწეულს ხარჯებს, მოპასუხე მხარის მიერ დადასტურებული არ არის და მასზე მას არც მიუთითებია.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლებრივ სიკეთეთა უსაფუძვლო გადანაცვლების შედეგად ქონებრივი წონასწორობის აღდგენას კანონმდებელი უკავშირებს ფულად ანაზღაურებას, რომელიც განისაზღვრება მფლობელის (დაზარალებულის) მიერ ფაქტობრივად გაწეული დანახარჯებით გამოწვეული გამდიდრებით და არა ამ დანახარჯების საფუძველზე განხორციელებული გაუმჯობესების საბაზრო ღირებულებით. მოპასუხის მიერ შესაგებელში ამ მხრივ კვალიფიციური შედავება არ განხორციელებულა.
სამოქალაქო კოდექსის 987-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირს, რომელმაც შეგნებულად ან შეცდომით ხარჯები გასწია მეორე პირის ქონებაზე, შეუძლია მისგან მოითხოვოს თავისი დანახარჯების ანაზღაურება, თუ მეორე პირი ამით გამდიდრდა.
აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, სახეზე უნდა იყოს შემდეგი წინაპირობები: ვალდებულების გარეშე ხარჯების გაწევა ქონებაზე; ქონება არ უნდა ეკუთვნოდეს კრედიტორს; მოვალემ ამ ხარჯების გაწევით უნდა მიიღოს სარგებელი.
განსახილველი ნორმა წარმოადგენს ე.წ დანახარჯების კონდიქციას, რომლითაც განისაზღვრება იმ პირის უფლებები, ვინც სხვის ქონებაზე გასწია ხარჯები, მაგრამ ამ ნორმის გამოყენებისას მნიშვნელობა ენიჭება განსახილველ ფაქტობრივ სიტუაციას, რომლის თანახმად, მოსარჩელემ შეგნებულად თუ შეცდომით სხვის ქონებაზე არა თუ გაწია ხარჯი, არამედ თავის მხრივ ნივთის უკანონო მფლობელობით სარგებელი მიიღო. ამ ფაქტობრივ სიტუაციაზე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 987-ე მუხლის პირველი ნაწილის გამოყენებას გამორიცხავს ამავე კოდექსის 984-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის თანახმად, ხელმყოფი პირის მიერ გამოყენებული სიკეთის მიმართ გაწეული ხარჯები არ ამცირებს მისი გამდიდრების ოდენობას. ჩარევის კონდიქციის განსახილველი ნორმიდან გამომდინარე, თუ ხელმყოფი პირი გამდიდრდა გამოყენებული სიკეთით, ამ გამდიდრების ოდენობა ვერ შემცირდება მის (ხელმყოფი პირი) მიერ გამოყენებული სიკეთის მიმართ გაწეული ხარჯებით, ანუ განსახილველი ნორმა ითვალისწინებს არა მარტო იმ შემთხვევას, როდესაც სხვისი სიკეთის მიმართ ხდება ხარჯების გაწევა, არამედ, ასევე შემთხვევას, როდესაც ამით ხელმყოფი პირი მდიდრდება.
სამოქალაქო კოდექსის 987-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამდიდრების არსებობა განისაზღვრება იმ მომენტით, როცა მოვალეს უბრუნდება თავისი ნივთი, ან იგი ღირებულების გაზრდის შედეგად სხვაგვარად იღებს სარგებელს.
სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მტკიცება, რომ რემონტის ხარჯები არის გაბერილი და მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებ სთავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მიერ წარმოდგენილი შეფასება რემონტის ხარჯებთან დაკავშირებით. (იხილეთ ანაგლოგიური მსჯელობა საქმეში №ას-1084-1015-2012, 7 თებერვალი, 2013 წელი).
სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, ძირითადი მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა სადავო უძრავი ქონების გარემონტების ხარჯების ანაზღაურების შესახებ ეფუძნება იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომ მოსარჩელემ საკუთარი სახსრებით გაარემონტა ის უძრავი ქონება, რომელიც ირიცხებოდა მისი ყოფილი მეუღლის სახელზე ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე. მისი მოთხოვნა შემოიფარგლება მხოლოდ უძრავი ქონების მშენებლობისას გაწეული მთლიანი დანახარჯების ნახევრით, რამდენადაც მისი განმარტებით, ხარჯები გაწეული იყო მეუღლეთა ერთად ცხოვრების პერიოდში (თუმცა მოსარჩელე კატეგორიულად უარყოფს მოპასუხის. ყოფილი მეუღლის მონაწილეობას შესაბამისი ხარჯების გაწევაში). მისი განმარტებით, ის სადავო უძრავ ქონებაში ცხოვრობდა მათი დაქორწინებიდან, 1997 წლიდან, ფლობდა, როგორც საკუთარს და მიაჩნდა, რომ იცხოვრებდა იქ მთელი ცხოვრების განმავლობაში, თუმცა რემონტი ფაქტობრივად წარმოებდა ეტაპობრივად-2007-2014 წლებში. სასამართლო აღნიშნავს, რომ შედეგის განმაპირობებელი ფაქტების კვლევისა და დადგენის პროცესს ვერ დაიწყებს მანამ სანამ, ზუსტად და სწორად არ განსაზღვრავს იმ სამართლის ნორმას (ან ნორმებს), საიდანაც ეს შედეგი შეიძლება გამომდინარეობდეს.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის აღნიშნული მოთხოვნის მატერიალურსამართლებრივი საფუძველი სსკ-ის 987-ე მუხლის პირველი ნაწილიდან (პირს, რომელმაც შეგნებულად ან შეცდომით ხარჯები გაწია მეორე პირის ქონებაზე, შეუძლია, მისგან მოითხოვოს თავისი დანახარჯების ანაზღაურება, თუ მეორე პირი ამით გამდიდრდა) არ გამომდინარეობს, რადგანაც უსაფუძვლო გამდიდრება სუბსიდიური ხასიათისაა, რაც ნიშნავს იმას, რომ მხარეთა შორის არ უნდა არსებობდეს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სახელშეკრულებო ან სხვა კანონისმიერი საფუძველი.
ამდენად, მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების გამოყენება მხოლოდ მოთხოვნის სხვა სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის შემთხვევაშია შესაძლებელი.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის შესაბამისი მოთხოვნა ვერ დაეფუძნება ვერც საოჯახო-სამართლებრივ ნორმებს.
განსახილველ შემთხვევაში, ძირითადი მოსარჩელის მოთხოვნა შეიძლება, დაეფუძნოს სსკ-ის 163-ე მუხლის მე-2 ნაწილს (კეთილსინდისიერ მფლობელს შეუძლია, უფლებამოსილ პირს მოსთხოვოს იმ გაუმჯობესებისა და ხარჯების ანაზღაურება, რაც მან გაიღო ნივთზე კეთილსინდისიერი მფლობელობის დროს და რაც არ არის კომპენსირებული ამ ნივთით სარგებლობითა და მისგან მიღებული ნაყოფით. მფლობელის ბრალით მიუღებელი ნაყოფის ღირებულება უნდა გამოიქვითოს. იგივე წესი ვრცელდება ისეთ გაუმჯობესებებზე, რომელთა შედეგადაც გაი---რდა ნივთის ღირებულება, თუკი გაზრდილი ღირებულება ნივთის დაბრუნების მომენტისათვის ჯერ კიდევ არსებობდა).
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის შესამოწმებლად სასამართლო დადგენილად მიიჩნევს სსკ-ის 163-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელ ფაქტობრივი გარემოებებს:
ა) მოსარჩელე, როგორც ნივთის არაუფლებამოსილი კეთილსინდისიერი მფლობელი, ფლობდა ნივთს 1997 წლიდან 2016 წლამდე;
ბ) მან რემონტის ხარჯები მასზე გასწია კეთილსინდისიერი მფლობელობის დროს 36 917.35 ლარის ოდენობით. რომლის ნახევარსაც ითხოვს;
გ) მის მიერ ნივთზე გაწეული ხარჯი არ არის კომპენსირებული ამ ნივთით სარგებლობითა და ამ სარგებლობისგან მიღებული ნაყოფით.
მოსარჩელის სანივთო მოთხოვნა ამ შემთხვევაში მიზნად ისახავს გაწეული ხარჯების ანაზღაურებას და, შესაბამისად, სსკ-ის 163-ე მუხლი უფრო მეტად იცავს კეთილსინდისიერი მფლობელის ინტერესებს სსკ-ის 987-ე მუხლთან შედარებით, რადგანაც ამ უკანასკნელ შემთხვევაში, კრედიტორს მხოლოდ იმ დანახარჯების მოთხოვნა შეუძლია, რითაც გამდიდრდა ნივთის მესაკუთრე. ამდენად, იგი უპირატესად გამოსაყენებელი მოთხოვნის საფუძვლად უნდა იქნეს მიჩნეული. ამასთან, სსკ-ის 163-ე მუხლის სპეციალური ბუნება უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებთან მიმართებით უდავოა, ვინაიდან იგი კეთილსინდისიერი არამართლზომიერი მფლობელის სამართლებრივ სტატუსსა და უფლება-მოვალეობებს ამომწურავად აწესრიგებს. სსკ-ის 163-ე მუხლის გამოყენების სფეროს ავიწროებს ამ ნორმის საგამონაკლისო წინაპირობა - არაუფლებამოსილი მფლობელის კეთილსინდისიერების ფაქტი. სწორედ ამ წინაპირობის გათვალისწინებით, უდავოდ უნდა იქნეს მიჩნეული, რომ სსკ-ის 163-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა უსაფუძვლო გამდიდრების გამოყენების სფეროს გამორიცხავს. ამ შემთხვევაში იკვეთება განმდევნი თუ გამომრიცხველი კონკურენცია, რომლის შესაბამისად, სსკ-ის 163-ე მუხლით უნდა გამოირიცხოს კეთილსინდისიერი მფლობელის მიმართ სსკ-ის 976-ე და შემდგომი მუხლების გამოყენება (შდრ. მოთხოვნებისა და მოთხოვნის საფუძვლების კონკურენცია, გვ. 171, ს.ჩ., ევროპული და შედარებითი სამართლის ინსტიტუტის გამომცემლობა, თბილისი 2011, Olzen/Wank Zivilrechtliche Klausurenlehre mit Fallrepetitorium, 2. Aufl., 1998, S.407; Palandt/Bassenge, BGB Kommentar, 67. Aufl., 2008, par. 993, RdNr.1.; Stadler, Gestaltungsfhreiheit und Verkehrsschutz durch Abstraktion: Eine rechtsvergleichende Studie zur abstrakten und kausalen Gestaltung rechtsgeschatftlicher Zuwendungen anhand des deutschen, scweizerischen, osterreichischen, franzosischen und US amerikanischen Rechts, 1996, S. 229, f.; BGh Urteil vom 29.09.1995 – V ZR 130/94 (Karslruhe), NJW, 1996, S. 52.).
სასამართლო მფლობელობის ინსტიტუტის სამართლებრივ ბუნებასთან დაკავშირებით ყურადღებას მიაქცევს შემდეგზე: სსკ-ის 162-ე მუხლით მართლზომიერ მფლობელად მიიჩნევა პირი, რომელიც სამართლებრივ საფუძველზე ახორციელებს ნივთის მიმართ ფაქტობრივ ბატონობას, განსხვავებით კეთილსინდისიერი მფლობელისაგან, რომელსაც არ გააჩნია ნივთის ფლობის კანონისმიერი საფუძველი. კეთილსინდისიერება და არაკეთილსინდისიერება მიუთითებს სუბიექტურ კრიტერიუმებზე, რაც განისაზღვრება პირის დამოკიდებულებით ნივთის ფლობის სამართლებრივი საფუძვლების მიმართ. მართლზომიერი და არამართლზომიერი მფლობელობა მიგვითითებს ობიექტურად არსებულ ფაქტორებზე, რაც ვლინდება მფლობელობის სამართლებრივი საფუძვლის არსებობაში. ამრიგად, მართლზომიერი მფლობელია მესაკუთრე და ის პირები, რომელთა მფლობელობაც მესაკუთრის მფლობელობიდან გამომდინარეობს. ნივთის მართლზომიერი მფლობელობა ვრცელდება მანამ, სანამ არსებობს მართლზომიერი ფლობის საფუძველი. სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, დიფერენცირებულია მფლობელობა ობიექტური თუ სუბიექტური ფაქტორების მიხედვით (160-ე-164-ე მუხლები). კანონი გამიჯნავს კეთილსინდისიერი მფლობელის მოთხოვნას (160-ე-161-ე მუხლები) და მართლზომიერი მფლობელის მოთხოვნას (162-ე მუხლი). ასევე, არაუფლებამოსილი კეთილსინდისიერი მფლობელის ვალდებულებებს (163-ე მუხლი) და არაკეთილსინდისიერი მფლობელის ვალდებულებებს (164-ე მუხლი) (შდრ. სუსგ-ები: №ას-524-493-2012, 04.10.2012; №ას-211-196-2014, 25.01.2017).
სასამართლო მიიჩნევს, რომ მფლობელობის შეწყვეტის შემდეგ მოსარჩელემ დაკარგა სადავო უძრავი ნივთის ფლობის უფლება, რის გამოც, მოცემულ შემთხვევაში, იგი მიჩნეულ უნდა იქნეს არაუფლებამოსილ კეთილსინდისიერ მფლობელად (სსკ-ის 163.1).
შესაბამისად, რამდენადაც სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯების კომპენსირება არ მომხდარა ნივთის ფლობის შედეგად, რის გამოც მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯები არ გამოიქვითება (კომპენსირდება) ნივთის სარგებლობიდან მიღებული ნაყოფით, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მის მიერ გაწეული სარემონტო ხარჯების ანაზღაურება მის მიერ მოთხოვნილი-
18 458.5 ლარის ოდენობით.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.17. ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის” ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლის-სამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.
აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია.
სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას.
საქმეებზე ,,დევიერი ბელგიის წინააღმდეგ” და ,,დელკური ბელგიის წინააღმდეგ” ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ "ადამიანის უფლებათა" ევროპული კონვენციის ფრანგულ ტექსტში, მე-6 მუხლის პირველი პუნქტი შეიცავს ტერმინს "დასაბუთებული" (ბიენ-ფონდე), აღნიშნული კი ნიშნავს, რომ განაჩენი კარგად უნდა იყოს დასაბუთებული, როგორც სამართლებრივი, ისე ფაქტობრივი თვალსაზრისით. მართალია, აღნიშნულ საქმეებში საუბარია სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილ განაჩენზე, მაგრამ ეს პრინციპი სამოქალაქო დავებზე მიღებული გადაწყვეტილებების მიმართაც ვრცელდება.
2.18. სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო საქმეებზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებისა და ზოგადად, მართლმსაჯულების განხორციელების უწინარეს საფუძველს წარმოადგენს იმის სწორად განსაზღვრა, თუ რა სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარეობს მხარეთა შორის წარმოშობილი დავა. ამ მიზნით, საქმის განმხილველმა სასამართლომ პირველყოვლისა, უნდა დაადგინოს მოთხოვნის მატერიალური საფუძველი [მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა]. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გამოარკვიოს მოძიებული ნორმის წინაპირობები, მისი აბსტრაქტული შემადგენლობა და შეამოწმოს განხორციელებულია თუ არა განსახილველ საქმეზე ყველა მათგანი. ამ ასპექტში, ფორმალურ სამართლებრივი თვალსაზრისით, სასამართლო შეზღუდულია სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებით: იგი ამოწმებს რომელ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებს მოსარჩელე, ქმნიან თუ არა ისინი დამფუძნებელი ნორმის უკლებლივ ყველა წანამძღვარს. ამის შემდეგ მოწმდება, მოპასუხის პოზიცია რამდენად აქარწყლებს წარმოშობილ წანამძღვრებს (პროცესუალური და მატერიალური თვალსაზრისით) (იხ. სუსგ №ას-53-49-2017, 07 აპრილი 2017 წელი).
მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხისთვის 6 120 ლარის დაკისრება, რომელშიც მოიაზრებს როგორც მისი განმარტებით მოპასუხის სანაცვლოდ გადახდილი ორი თვის სესხის ხელშეკრულების სარგებელს, ასევე არასრულწლოვანთათვის მხარეთა ერთად თანაცხოვრებისას გადახდილი ნებაყოფლობით გაწეული ხარჯებს. მისი განმარტებით, ამავე თანხაში შედის ის თანხა, რაც მან გადაიხადა შემდგომ ალიმენტის სახით, რადგან მოპასუხემ მოახდინა იძულებით აღსრულება და მას სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტი გადაახდევინა იმ პერიოდზე, როდესაც ისინი შერიგებულნი იყვნენ და ნებაყოფლობით წევდა შესაბამის ხარჯებს.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება მოსარჩელის მიერ მოპასუხის სასესხო ვალდებულების შესრულების მიზნით 2015 წლის ოქტომბერსა და ნოემბერში 1 040 ლარის გადახდა. შესაბამისად, არ არსებობს მოთხოვნის ამ ნაწილში მისი დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანი---ციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს.
სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია საოჯახო სამართალში მშობლებისა და შვილების ურთიერთობის უზოგადესი წესი და დადგენილია, რომ მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. კანონის დასახელებული მიზნის მიღწევისათვის სამოქალაქო კოდექსი, ასევე, სხვა არა ერთი საერთაშორისო აქტი ადგენს რეგულაციათა სპექტრს, რომელიც მიმართულია ბავშვთა უფლებების დაცვისკენ.
,,ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.
ამავე კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია. ამავე კონვენციის 27-ე მუხლის მეორე ნაწილი კი განსაზღვრავს, რომ მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის აღმზრდელ სხვა პირებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა იმისათვის, რომ თავიანთი შესაძლებლობებისა და ფინანსური საშუალებების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.
სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა სასამართლო გადაწყვეტილებით ალიმენტის სახით დაკისრებული და მოსარჩელის მიერ გადახდილი თანხის უკან დაბრუნების საფუძველი და ამასთანავე, მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ არასრულწლოვანთა რჩენა-აღზრდისათვის, მათი სულიერი თუ ფიზიკური განვითარებისათვის ნებაყოფლობით გაღებული ხარჯი წარმოადგენს მშობლის ზნეობრივ მოვალეობას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასაცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება თუ: ა) ვალდებულება გარიგების ბათილობის ან საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში და ბ) ვალდებულების საწინააღმდეგოდ ისეთი შესაგებელი იქნა წარდგენილი, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამორიცხულია მოთხოვნის წარდგენა.
ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, უკან დაბრუნების მოთხოვნა გამორიცხულია თუ შესრულება შეესაბამება ზნეობრივ მოვალეობებს. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს ამ ნაწილში სარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
2.19. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლის თანახმად, საერთო (თანაზიარი და წილადი) საკუთრებაში წარმოიშობა კანონის ძალით ან გარიგების საფუძველზე.
ამავე კოდექსის 1151-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს წარმოშობს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ქორწინება. აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობა მხოლოდ რეგისტრირებული ქორწინების ფაქტს უკავშირებს მეუღლეთა უფლება-მოვალეობათა წარმოშობას და ამ უფლებებისა და მოვალეობების წარმოშობის მომენტთან მიმართებაში მითითებული ნორმის სხვაგვარი განმარტება ეწინააღმდეგება მის ნორმატიულ შინაარს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი.
ზემოაღნიშნული საოჯახო სამართლებრივი ნორმები განსაზღვრავენ მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმს, რომლითაც დადგენილია მათი უფლებები ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების შესახებ. განსახილველი ნორმის მი---ნს წარმოადგენს ოჯახის ინტერესების დაცვა. ივარაუდება, რომ ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონება შეძენილია ოჯახის გაძღოლის საერთო მიზნების უზრუნველსაყოფად, ამიტომ დავის არსებობის შემთხვევაში ქორწინების განმავლობაში ქონების შეძენის ფაქტი საკმარისი საფუძველია ამ ქონების მეუღლეთა თანასაკუთრებად მიჩნევისათვის, თუკი არ აქვს ადგილი კანონით დადგენილ გამონაკლისს. ამასთან, მეუღლეთა თანასაკუთრების კანონისმიერი რეჟიმი მეუღლეებს ანიჭებს თანასაკუთრების უფლებას ერთად ცხოვრების პერიოდში შეძენილ ქონებაზე, მიუხედავად იმისა თუ რომელი მეუღლის სახსრებითაა იგი შეძენილი.
სამოქალაქო კოდექსის 1161-ე მუხლის თანახმად, თითოეული მეუღლის საკუთრებას წარმოადგენს ა) ქონება, რომელიც თითოეულ მათგანს ეკუთვნოდა დაქორწინებამდე; ბ) ქონება, რომელიც ქორწინების განმავლობაში მიღებულია მემკვიდრეობით ან ჩუქებით.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეები რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 1997 წლის 11 ივლისიდან. სამოქალაქო კოდექსის 1164-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა საერთო ქონება თითოეული მეუღლის მოთხოვნით შეიძლება გაიყოს როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე მისი შეწყვეტის შემდეგ.
ამავე კოდექსის 1168-ე მუხლის თანახმად, იმ ქონების გაყოფისას, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენს, მეუღლეთა წილი თანაბარია, თუ მათ შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ თანაცხოვრების განმავლობაში მოხდა საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენა, რომელთა ღირებულებაა 3 930 ლარი. აღნიშნული წარმოადგენს მათ თანასაკუთრებას და შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა მისი ღირებულების ნახევრის ანაზღაურების თაობაზე 1 965 ლარის ოდენობით საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს;
2.20. „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ 2007 წლის 11 ივლისის კანონის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა ინდივიდუალური საკუთრების საგანია ცალკეულ პირთა საკუთრებაში არსებული ბინა, აგრეთვე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრის მფლობელობაში არსებული მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსები (სარდაფები, სხვენები და ა. შ.).“
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრები კრებაზე აფიქსირებენ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა მიერ მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსების (სარდაფები, სხვენები და ა. შ.) მფლობელობის ამ კანონის ძალაში შესვლის დროს არსებულ ფაქტობრივ მდგომარეობას და ხმათა 2/3-ით იღებენ გადაწყვეტილებას, რომლის თაობაზედაც დგება შესაბამისი ოქმი, თუ წესდებით არ განისაზღვრება განსხვავებული კვორუმი. მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსებზე (სარდაფები, სხვენები და ა.შ.) საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში დასარეგისტრირებლად ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრმა უნდა წარმოადგინოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრების მიერ შედგენილი ოქმი და ნახაზი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია სამეურნეო სათავსის ადგილმდებარეობის დადგენა. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მიუხედავად იმისა, რომ სარდაფი ნ-----–-------–-–---–-ს საკუთრებაში მხარეთა თანაცხოვრების პერიოდშია აღრიცხული, აღნიშნულის საფუძველს წარმოადგენს 2008 წლის 11 ივლისის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ვაგზლის მოედანის“ №1-3225 კრების ოქმი, შესაბამისად, იგი ნ-----–-ა ქ---------–--ემ მიიღო როგორც ამხანაგობის წევრმა ინდივიდუალურ საკუთრებაში, რის გამოც იგი ვერ ჩაითვლება მხარეთა თანასაკუთრებად. აღნიშნული კი გამორიცხავს მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებას მისი ღირებულების ნახევრის ანაზღაურების თაობაზე 1 250 ლარის ოდენობით.
2.21. სასამართლომ მიიჩნია, რომ რემონტზე გაწეული ხარჯების ანაზღაურებასთან დაკავშირებით მოსარჩელის მოთხოვნის მატერიალურსამართლებრივი საფუძველი სსკ-ის 987- ე მუხლის პირველი ნაწილიდან (პირს, რომელმაც შეგნებულად ან შეცდომით ხარჯები გაწია მეორე პირის ქონებაზე, შეუძლია, მისგან მოითხოვოს თავისი დანახარჯების ანაზღაურება, თუ მეორე პირი ამით გამდიდრდა) არ გამომდინარეობს, რადგანაც უსაფუძვლო გამდიდრება სუბსიდიური ხასიათისაა, რაც ნიშნავს იმას, რომ მხარეთა შორის არ უნდა არსებობდეს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სახელშეკრულებო ან სხვა კანონისმიერი საფუძველი. ამდენად, მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების გამოყენება მხოლოდ მოთხოვნის სხვა სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის შემთხვევაშია შესაძლებელი.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის შესაბამისი მოთხოვნა ვერ დაეფუძნება ვერც საოჯახო-სამართლებრივ ნორმებს.
განსახილველ შემთხვევაში, ძირითადი მოსარჩელის მოთხოვნა შეიძლება, დაეფუძნოს სსკ-ის 163-ე მუხლის მე-2 ნაწილს (კეთილსინდისიერ მფლობელს შეუძლია, უფლებამოსილ პირს მოსთხოვოს იმ გაუმჯობესებისა და ხარჯების ანაზღაურება, რაც მან გაიღო ნივთზე კეთილსინდისიერი მფლობელობის დროს და რაც არ არის კომპენსირებული ამ ნივთით სარგებლობითა და მისგან მიღებული ნაყოფით. მფლობელის ბრალით მიუღებელი ნაყოფის ღირებულება უნდა გამოიქვითოს. იგივე წესი ვრცელდება ისეთ გაუმჯობესებებზე, რომელთა შედეგადაც გაი---რდა ნივთის ღირებულება, თუკი გაზრდილი ღირებულება ნივთის დაბრუნების მომენტისათვის ჯერ კიდევ არსებობდა).
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის შესამოწმებლად სასამართლო დადგენილად მიიჩნევს სსკ-ის 163-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელ ფაქტობრივი გარემოებებს:
ა) მოსარჩელე, როგორც ნივთის არაუფლებამოსილი კეთილსინდისიერი მფლობელი, ფლობდა ნივთს 1997 წლიდან 2016 წლამდე;
ბ) მან რემონტის ხარჯები მასზე გასწია კეთილსინდისიერი მფლობელობის დროს 36 917.35 ლარის ოდენობით. რომლის ნახევარსაც ითხოვს;
გ) მის მიერ ნივთზე გაწეული ხარჯი არ არის კომპენსირებული ამ ნივთით სარგებლობითა და ამ სარგებლობისგან მიღებული ნაყოფით.
მოსარჩელის სანივთო მოთხოვნა ამ შემთხვევაში მიზნად ისახავს გაწეული ხარჯების ანაზღაურებას და, შესაბამისად, სსკ-ის 163-ე მუხლი უფრო მეტად იცავს კეთილსინდისიერი მფლობელის ინტერესებს სსკ-ის 987-ე მუხლთან შედარებით, რადგანაც ამ უკანასკნელ შემთხვევაში, კრედიტორს მხოლოდ იმ დანახარჯების მოთხოვნა შეუძლია, რითაც გამდიდრდა ნივთის მესაკუთრე. ამდენად, იგი უპირატესად გამოსაყენებელი მოთხოვნის საფუძვლად უნდა იქნეს მიჩნეული. ამასთან, სსკ-ის 163-ე მუხლის სპეციალური ბუნება უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებთან მიმართებით უდავოა, ვინაიდან იგი კეთილსინდისიერი არამართლზომიერი მფლობელის სამართლებრივ სტატუსსა და უფლება-მოვალეობებს ამომწურავად აწესრიგებს. სსკ-ის 163-ე მუხლის გამოყენების სფეროს ავიწროებს ამ ნორმის საგამონაკლისო წინაპირობა - არაუფლებამოსილი მფლობელის კეთილსინდისიერების ფაქტი. სწორედ ამ წინაპირობის გათვალისწინებით, უდავოდ უნდა იქნეს მიჩნეული, რომ სსკ-ის 163-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა უსაფუძვლო გამდიდრების გამოყენების სფეროს გამორიცხავს. ამ შემთხვევაში იკვეთება განმდევნი თუ გამომრიცხველი კონკურენცია, რომლის შესაბამისად, სსკ-ის 163-ე მუხლით უნდა გამოირიცხოს კეთილსინდისიერი მფლობელის მიმართ სსკ-ის 976-ე და შემდგომი მუხლების გამოყენება (შდრ. მოთხოვნებისა და მოთხოვნის საფუძვლების კონკურენცია, გვ. 171, ს.ჩ., ევროპული და შედარებითი სამართლის ინსტიტუტის გამომცემლობა, თბილისი 2011, Olzen/Wank Zivilrechtliche Klausurenlehre mit Fallrepetitorium, 2. Aufl., 1998, S.407; Palandt/Bassenge, BGB Kommentar, 67. Aufl., 2008, par. 993, RdNr.1.; Stadler, Gestaltungsfhreiheit und Verkehrsschutz durch Abstraktion: Eine rechtsvergleichende Studie zur abstrakten und kausalen Gestaltung rechtsgeschatftlicher Zuwendungen anhand des deutschen, scweizerischen, osterreichischen, franzosischen und US amerikanischen Rechts, 1996, S. 229, f.; BGh Urteil vom 29.09.1995 – V ZR 130/94 (Karslruhe), NJW, 1996, S.
52.).
სასამართლო მფლობელობის ინსტიტუტის სამართლებრივ ბუნებასთან დაკავშირებით ყურადღებას მიაქცევს შემდეგზე: სსკ-ის 162-ე მუხლით მართლზომიერ მფლობელად მიიჩნევა პირი, რომელიც სამართლებრივ საფუძველზე ახორციელებს ნივთის მიმართ ფაქტობრივ ბატონობას, განსხვავებით კეთილსინდისიერი მფლობელისაგან, რომელსაც არ გააჩნია ნივთის ფლობის კანონისმიერი საფუძველი. კეთილსინდისიერება და არაკეთილსინდისიერება მიუთითებს სუბიექტურ კრიტერიუმებზე, რაც განისაზღვრება პირის დამოკიდებულებით ნივთის ფლობის სამართლებრივი საფუძვლების მიმართ. მართლზომიერი და არამართლზომიერი მფლობელობა მიგვითითებს ობიექტურად არსებულ ფაქტორებზე, რაც ვლინდება მფლობელობის სამართლებრივი საფუძვლის არსებობაში. ამრიგად, მართლზომიერი მფლობელია მესაკუთრე და ის პირები, რომელთა მფლობელობაც მესაკუთრის მფლობელობიდან გამომდინარეობს. ნივთის მართლზომიერი მფლობელობა ვრცელდება მანამ, სანამ არსებობს მართლზომიერი ფლობის საფუძველი. სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, დიფერენცირებულია მფლობელობა ობიექტური თუ სუბიექტური ფაქტორების მიხედვით (160-ე-164-ე მუხლები). კანონი გამიჯნავს კეთილსინდისიერი მფლობელის მოთხოვნას (160-ე-161-ე მუხლები) და მართლზომიერი მფლობელის მოთხოვნას (162-ე მუხლი). ასევე, არაუფლებამოსილი კეთილსინდისიერი მფლობელის ვალდებულებებს (163-ე მუხლი) და არაკეთილსინდისიერი მფლობელის ვალდებულებებს (164-ე მუხლი) (შდრ. სუსგ-ები: №ას-524-493-2012, 04.10.2012; №ას-211-196-2014, 25.01.2017).
სასამართლო მიიჩნევს, რომ მფლობელობის შეწყვეტის შემდეგ მოსარჩელემ დაკარგა სადავო უძრავი ნივთის ფლობის უფლება, რის გამოც, მოცემულ შემთხვევაში, იგი მიჩნეულ უნდა იქნეს არაუფლებამოსილ კეთილსინდისიერ მფლობელად (სსკ-ის 163.1).
შესაბამისად, რამდენადაც სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯების კომპენსირება არ მომხდარა ნივთის ფლობის შედეგად, რის გამოც მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯები არ გამოიქვითება (კომპენსირდება) ნივთის სარგებლობიდან მიღებული ნაყოფით, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მის მიერ გაწეული სარემონტო ხარჯების ანაზღაურება მის მიერ მოთხოვნილი - 18 458.5 ლარის ოდენობით.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. აპელანტის მითითებით, სასამართლო სხდომაზე სრულად არ იქნა გამოკვლეული საქმის ფაქტობრივი გარემოებები და შესაბამისად, სამართლებრივადაც არ იქნა შეფასებული. ასევე, არ იქნა გაანალიზებული საქმის ფაქტობრივი გარემოებების მიზეზ-შედეგობრიობა, რაც თავის მხრივ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ უსწორობას წარმოადგენს. სასამართლოს მიერ ობიექტურად არ იქნა შეფასებული და გაზიარებული მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება და მოწმეების: მ-----– ბ-----–--ის, ნ--- ქ---------–--ის და სოფიო ნაცვალაძის ჩვენებები.
3.2. აპელანტის მითითებით, სასამართლომ არასწორად განმარტა და დადასტურებულად მიიჩნია, რომ შ----- ქ---------–--ის მიერ ჩატარებული რემონტის ხარჯებმა, ნ-----–-ა ა---–-–---–თან ერთ ოჯახად ცხოვრების პერიოდში 88.84კვ.მ ფართიდან 43.53კვ.მ ფართში, შეადგინა 36917.35 ლარი და ჩატარებული სამუშაოების ღირებულების, ასევე, საყოფაცხოვრებო ნივთების შეფასებისას (1965 ლარი) დაეყრდნო მხოლოდ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ საექსპერტო დასკვნას. სასამართლომ ობიექტურად არ შეაფასა მოპასუხე მხარის „ანგარიში უძრავი ქონების ღირებულების შეფასების შესახებ“, რომელიც უფრო ზუსტად, ცვეთის გათვალისწინებით, 2007-2014 წლებში ჩატარებული კოსმეტიკური რემონტის შეფასებას იძლევა.
3.3. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა შეიძლება დაეფუძნოს სკ-ის 163-ე მუხლის მე-2 ნაწილს (კეთილსინდისიერ მფლობელს შეუძლია უფლებამოსილ პირს მოსთხოვოს იმ გაუმჯობესებისა და ხარჯების ანაზღაურება, რაც მან გაიღო ნივთზე კეთილსინდისიერი მფლობელობის დროს და რაც არ არის კომპენსირებული ამ ნივთით სარგებლობითა და მისგან მიღებული ნაყოფით). თუ, ამ მუხლიდან გამომდინარე ვიმსჯელებთ, მოსარჩელე შ----------------–---, ნ-----–-ა ა---–-–---–თან დაქორწინებიდან - 1997 წლიდან - განქორწინებამდე ცხოვრობდა თ-----------------–------------------ში, შესაბამისად, მაშინ ამ პერიოდში მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯების კომპენსირება მოხდა მისი ბინაში ცხოვრებით. განსახილველ შემთხვევაში, სადავო საკითხის გადასაწყვეტად სასამართლოს საოჯახო სამართლებრივი ნორმა უნდა გამოეყენებინა - სკ 1163-ე მუხლი, ვინაიდან, საოჯახო სამართლებრივი ნორმები განსაზღვრავენ მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმს, რომლითაც დადგენილია მათი უფლებები ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების შესახებ. რაც შეეხება 2007-2014წწ აღნიშნულ ბინაში ჩატარებულ კოსმეტიკურ რემონტს, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საექსპერტო დასკვნით შესრულებული სამუშაოების ხარჯი არარეალურია და არ შეესაბამება საბაზრო ფასებს.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელ ად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
4. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. პალატა თავდაპირველად ყურადღებას გაამახვილებს დავის საგნის ფარგლებზე და აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის ფარგლებში სააპელაციო სასამართლოს განხილვის საგანია მოპასუხისათვის (აპელანტი) მოსარჩელის სასარგებლოდ 9574 ლარისა და 325 ლარის ანაზღაურების დაკისრების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმება. ერთ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა მის მიერ მოპასუხის კუთვნილ უძრავ ქონებაზე მდებარე - ქ. თ---–------------------------–----------------–---------------------------------- გაწეული სარემონტო ხარჯების ანაზღაურება, ხოლო მეორე შემთხვევაში მეუღლეთა თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი უძრავი ქონების (საყოფაცხოვრებო ნივთების) ღირებულების ნახევრის გადასახდელად დაკისრება. დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება მხარეთა მიერ არ გასაჩივრებულა და შესულია კანონიერ ძალაში (იხ. საქმის მასალები).
4.2. დადგენილია და მხარეთა შორის სადავოდ არ ხდება ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ მოსარჩლე და მოპასუხე 1997- 2016 წწ იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში და ცხოვრობდნენ ერთ ოჯახად. სადავოს არც ის გარემოება წარმოადგენს, რომ ქორწინების პერიოდში შ----------------–--- და ნ-----–-------–-–---–- ცხოვრობდნენ მოპასუხის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაში, რომელიც მდებარეობს - ქ. თ---–------------------------–----------------–----------------------------------, ბინა 11, ფართი 88.84 კვ.მ. მითითებული უძრავი ქონება 2005 წლის 20 ივლისის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე წარმოადგენდა მოპასუხე ნ-----–-------–-–---–-ს საკუთრებას, დღეის მდგომარეობით ბინაზე მოპასუხის დედის ი--- ა---–--–---–ის საკუთრების უფლებაა რეგისტრირებული (იხ. ტ.1, ს.ფ. 38-41);
4.3. დაადგენილია და მოპასუხის (აპელანტი) მიერ სადავო არ გამხდარა ის ფაქტობრივი გარემოებები, რომ მხარეებმა თანაცხოვრების პერიოდში გაარემონტეს უძრავი ქონება და ასევე შეიძინეს საყოფაცხოვრებო ნივთები. მოპასუხის მიერ სადავოდ არის გამხდარი მხოლოდ დაკისრებული თანხის ოდენობა, რაც განსახილველი სააპელაციო საჩივრის საგანს წარმოადგენს. კერძოდ, აპელანტმა საქმის ზეპირი განხილვისას მიუთითა, რომ მოპასუხე არ უარყოფს მოსარჩელის მონაწილეობას რემონტის ხარჯებში, თუმცა თანხის ნახევარი უნდა დაანგარიშდეს არა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დასკვნის საფუძველზე 36 917,35 ლარიდან, არამედ მოპასუხის მიერ წარმოდგენილი დასკვნის გათვალისწინებით, რომლის თანახმად, საბაზრო ღირებულებად განისაზღვრა 17 769 ლარით, შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 8 884.5 ლარი (17 769/2). რაც შეეხება, საყოფაცხოვრებო ნივთების ღირებულებას, აპელანტის განმარტებით, მითითებულ თანხას - 3930 ლარს, უნდა გამოაკლდეს 650 ლარი, ვინადან ვინაიდან 650 ლარი მხარეებმა თანაცხოვრები პერიოდში, შვილის შეძენისას საჩუქრის სახით მიიღეს მეგობრებისგან (იხ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2.04.2019წ. სხდომის ოქმი ტ. 2)
4.4. პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ უძრავ ქონებაზე გაწეულმა სარემონტო ხარჯებმა შეადგინა 36 917,35 ლარი, შესაბამისად, ამ თანხის ნახევრის ანაზღაურება სწორად დაეკისრა მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ.
მითითებული სადავო გარემოების დასადასტურებლად მოსარჩელის მიერ საქმის მასალებში წარმოდგენილია აუდიტორული ფირმა „სალომეს“ დამოუკიდებელი აუდიტორის საექსპერტო დასკვნა, რომლის თანახმად, 43,53 კვ.მ. ფართში ჩატარებული სარემონტო სამუშაოების მთლიანმა ღირებულებამ 2017 წლის 5 ნოემბრის მდგომარეობით შეადგინა 36917,35 ლარი. დასკვნის თანახმად, შესაფასებელი ქონების ღირებულების განსაზღვრისათვის გამოყენებული იქნა კომპლექსური მეთოდი, რაც ითვალისწინებს შემდეგი სამუშაოების ჩატარებას: 1. შესაფასებელი უძრავ-მოძრავი ქონების ვიზუალურ დათვალიერებას; 2. ქონების მფლობელის გამოკითხვას ინფორმაციის მოპოვების მიზნით; 3. შედეგების შეთანხმებას და საბოლოო ღირებულების დადგენას; 4. შეფასების დასკვნისა და ანგარიშის დადგენას (იხ. 15.11.2017 წ. საექსპერტო დასკვნა, ტ.1, ს.ფ. 43-53).
აღნიშნულის საპირისპიროდ, მოპასუხის მიერ წარმოდგენილია „ერ ბი კომპანის“ ანგარიში უძრავი ქონების ღირებულების შეფასების შესახებ 6.06.2018წ. რომლის თანახმად, დასკვნაში მოყვანილი ფაქტებისა და გარემოებების გათვალისწინებით 2006-2014 წლებში ჩატარებული კოსმეტიკური რემონტის საბაზრო ღირებულებად განისაზღვრა 17 769 ლარი (იხ. ტ.1, ს.ფ. 142-147)
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო საჩივარში მოყვანილ არგუმენტების იმის შესახებ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ არასწორად იქნა გაზიარებული 5.11.2017წ. დასკვნა სადავო გარემოებების გადაწყვეტისას და რომ სასამართლომ ობიექტურად არ შეაფასა მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი ქონების ღირებულების ანგარიში. პალატის შეფასებით, აპელანტის მითითება აღნიშნულის შესახებ მოკლებულია დასაბუთებას, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეებს უფლებებთან ერთად ეკისრებათ ფაქტების მითითებისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულება, რომელთა შეუსრულებლობა მხარეებისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლში, რომლის მიხედვითაც, მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
პალატა მიიჩნევს, რომ მოცემული კატეგორიის დავის სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტის მიზნებისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს მტკიცების ტვირთის განაწილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოქმედი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებლი ეფუძნება.
განსახილველ შემთხვევაში, სადავო გარემოებების დასადასტურებლად ორივე მხარის მიერ არის წარმოდგენილი შესბამისი დასკვნები, თუმცა ერთ შემთხვევაში, გაწეული ხარჯების ოდენობა შეადგენს 36 917,35 ლარს, ხოლო მეორე შემთხვევაში 17 769 ლარს.
სადავო საკითხთან მიმართებით, სააპელაციო პალატა მოიხმობს საკასაციო სასამართლოს განჩინებას, კერძოდ, უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა, რომ „მტკიცებულებათა სახეები, რომელიც შეიძლება გამოიყენოს სასამართლომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დასადგენად, ამომწურავადაა განსაზღვრული სსკ-ის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით. არც ერთ მტკიცებულებას არ გააჩნია რაიმე უპირატესობა სხვა მტკიცებულებასთან შედარებით. აგრეთვე, არც ერთ მტკიცებულებას არა აქვს, წინასწარ დადგენილი ძალა სასამართლოსათვის, რაც იმას ნიშნავს, რომ ამა თუ იმ მტკიცებულების მნიშვნელობა წინასწარ არ არის განსაზღვრული და მისი ძალა და მნიშვნელობა სასამართლოს შეფასებაზეა დამოკიდებული. მტკიცებულებათა შეფასების დროს მხარეებს უფლება აქვთ, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მტკიცებულებების სარწმუნოობა. მათი უტყუარობის თუ სიყალბის შესახებ მოსაზრებები შეიძლება გამოთქვან არამარტო მხარეებმა, არამედ მესამე პირებმა, აგრეთვე, სპეციალისტებმა და ექსპერტებმა, თუ ისინი მონაწილეობენ პროცესში. საბოლოოდ კი წარმოდგენილ მტკიცებულებებს აფასებს სასამართლო. ექსპერტიზის დასკვნის შეფასებისას, (იმდენად რამდენადაც იგი სპეციალური ცოდნით აღჭურვილი პირის კომპეტენციას ეფუძნება) ყურადღება უნდა მიექცეს რამდენიმე გარემოებას, მათ შორის: გამოსაკვლევად მიწოდებულ მასალას, მის კვლევით ნაწილს, რადგან სწორედ კვლევითი ნაწილია ასახული საბოლოო დასკვნაში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიუთითებს, რომ მტკიცებულების გამოკვლევა უპირველესად გულისხმობს მისი შინაარსის სრულყოფილ შესწავლა-ანალიზსს, ხოლო შემდეგ მისი იურიდიული ძალის (დამაჯერებლობის, სარწმუნოობის) შემოწმებას. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა შეიცავს კონკრეტული ფართების ჩამონათვალს და იქ არსებულ რემონტს მაგ: შემოსასვლელის მარცხენა მხარეს ჩაშენებულია 1,70 კვ.მ. ფართის სარკიანი კარადა,.... სამზარეულოში ერთი ნაწილი კედელი დაფარულია კაფელით, ხოლო 2 ნაწილი შპალერით, იატაკი დაფარულია გრანიტის ფილით .. და ა.შ. (იხ. ტ.1, ს.ფ. 48-49), მოპასუხის მიერ წარმოდგენილი დასკვნა კი არ შეიცავს ამგვარ აღწერას. გარდა ამისა, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოწმის სახით დაიკითხნენ ის პირები, რომლებიც უშუალოდ ახორციელებდნენ სარემონტო სამუშაოებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გაიზიარა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა და სწორად მიიჩნია, რომ უძრავ ქონებაზე გაწეულმა სარემონტო ხარჯებმა შეადგინა 36 917,35 ლარი და ამ თანხის ნახევრის 18 458.5 ლარის ანაზღაურება სწორად დააკისრა მოპასუხეს შ----- ქ---------–--ის სასარგებლოდ.
დასკვნის თანახმად, მხარეთა თანაცხოვრების პერიოდში შეძენილია საყოფაცხოვრებო ნივთების: სარეცხის მანქანა LG, მაცივარი DEO, გაზქურა BEKO, კომპიუტერი, სამი ტელევიზორი, ბავშვის საწოლი, ღირებულებაა - 3 930 ლარი, რომლის ნახევრის - 1 965 ლარის ანაზღაურება მართებულად დაეკისრა მოპასუხეს. სააპელაციო პალატის შეფასებით, ამ ნაწილშიც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება კანონიერია. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ რაიმე დასაბუთებული არგუმენტი აპელანტის მიერ სასამართლოსთვის წარმოდგენილი არყოფილა, კერძოდ, აპელანტმა სათანადოდ ვერ დაადასტურა სადავო ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ 650 ლარი, რომლითაც მოხდა სადავო ნივთების შეძენა, მიღებული იყო საჩუქრის სახით, შესაბამისად, პალატის შეფასებით მითითებული თანხა ვერ გამოაკლდება საყოფაცხოვრებო ნივთების ღირებულებას.
4.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი.
ამ მუხლის მი---ნს წარმოადგენს ოჯახის ინტერესების დაცვა. ამდენად, სამართლებრივი ნორმა მეუღლეთა თანასაკუთრების სამართლებრივი ინსტიტუტის შემოღებით ემსახურება სწორედ მეუღლეთა ურთიერთვალდებულებების სამართლიანი და ობიექტური ბალანსის უზრუნველყოფის მი---ნს. უძრავ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების წარმოშობის საფუძველია მეუღლეთა მიერ ამ ქონების შეძენა ქორწინების განმავლობაში. ივარაუდება, რომ ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონება შეძენილია ოჯახის გაძღოლის საერთო მიზნების უზრუნველსაყოფად, ამიტომ დავის არსებობის შემთხვევაში, ქორწინების განმავლობაში ქონების შეძენის ფაქტი საკმარისი საფუძველია ამ ქონების მეუღლეთა თანასაკუთრებად მიჩნევისათვის.
მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმის დაწესებით სამართლებრივი ნორმა წარმოადგენს საკუთრების კონსტიტუციური უფლების წარმოშობის წინაპირობას და კანონის ძალით აღჭურავს მეუღლეს ამ უფლებით.
სამოქალაქო კოდექსის 987-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირს, რომელმაც შეგნებულად ან შეცდომით ხარჯები გასწია მეორე პირის ქონებაზე, შეუძლია, მისგან მოითხოვოს თავისი დანახარჯების ანაზღაურება, თუ მეორე პირი ამით გამდიდრდა. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელემ გაწია გარკვეული ხარჯები ქონების გასაუმჯობესებლად და სადავო არ არის ის გარემოება, რომ ეს გაუმჯობესება ქონების დაბრუნების დროისათვის კვლავ შენარჩუნებულია,შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ნაწილში სახეზე იყო სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობები და სწორად იქნა დაკმაყოფილებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ.
4.6. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა მიდის იმ დასკვნამდე, რომ აპელანტმა ვერ უზრუნველყო გასაჩივრებული გადაწყვეტილების საპირისპიროდ შესაბამისი, მტკიცებულებებით გამყარებული დასაბუთებული პრეტენზიის წარმოდგენა. ის დასაბუთება, რაც აპელანტმა შესთავაზა სასამართლოს არ იძლევა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 7 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმებისათვის საკმარის საფუძველს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები
სააპელაციო საჩივრის დაუკმაყოფილებლობის გამო არ არსებობს წანამძღვრები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილებისათვის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლი 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. ამასთან, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგნის ღირებულება შეადგენდა 20413.5 ლარს, შესაბამისად მხარის მიერ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის თანხა გადახდილ იქნა 817 ლარის ოდენობით. აპელანტმა მთავარ სხდომაზე შეამცირა მოთხოვნა 10524.5 ლარით. ამდენად, მხარეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 210.49 ლარის ოდენობით.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ-----–-------–-–---–-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 7 აგვისტოს გადაწყვეტილება.
3. ნ-----–-ა ა---–-–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 210.49 ლარის ოდენობით.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში (თბილისი, ძმ. ზუბალაშვილების ქ. N32) დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. N7ა);
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი), თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე ლევან გვარამია
მოსამართლეები: გოგიტა თოთოსაშვილი
გელა ქირია