განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე N2ბ/6494-18 11 ივნისი, 2019 წელი
თბილისი
თავმჯდომარე - ლევან გვარამია
მოსამართლეები: დავით ახალბედაშვილი
გელა ქირია
სხდომის მდივანი - ნანა კაბულაშვილი
აპელანტები – ნესტან გ------–---–ი, მარიამ გ------–---–ი, ასმათ გ------–---–ი
წარმომადგენელი – მაია დარბაიძე
მოწინააღმდეგე მხარე – ავ--------– გ------–---–ი
წარმომადგენელი - ალექსანდრე შალუტაშვილი
დავის საგანი - საზიარო უფლების გაუქმება, რეალური წილის გამოყოფა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილება
აპელანტების მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით, მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა; გაუქმდა უძრავ ქონებაზე მდებარე ქ. კ----, 2-------- ქ. №22, საკადასტრო კოდით 67.01.34.155 ავ--------– გ------–---–--ა და ასმათ გ------–---–ის, მარიამ გ------–---–ის, ნესტან გ------–---–ის, ნინო კელაპტრიშვილის საზიარო უფლება და ავ--------– გ------–---–ს საცხოვრებელი სახლიდან გამოეყოს შენობა-ნაგებობის პირველ სართულზე 23.00 კვ.მ და 21.03 კვ. მ, ხოლო მეორე სართულზე 24.50კვ.მ და 21.83 კვ.მ (ჯამში 90.36 კვ.მ) ფართი შპს „გიპროექტის“ მიერ გაცემული აზომვითი ნახაზის შესაბამისად (პირველი და მეორე სართულის გეგმის შენობა-ნაგებობის დაშტრიხული ნაწილი).
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. ქ. კ----, 2-------- ქ. №22-ში, საკადასტრო კოდზე 67.01.34.155 რეგისტრირებული უძრავი ქონება თანასაკუთრების უფლებით აღრიცხულია მარიამ გ------–---–ის, ასმათ გ------–---–ის, ნინო კელაპტრიშვილის, ნესტან გ------–---–ისა და ავ--------– გ------–---–ის სახელზე და ავ--------– გ------–---–ის საკუთრებაში ირიცხება ამ ქონების 13/24 წილი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
2.2. გორის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 09 ივლისისა და 2016 წლის 05 აპრილის განჩინებებით სამოქალაქო საქმეზე დაინიშნა საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა, თუმცა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტების მიერ ვერ განხორციელდა სასამართლოს განჩინების შესაბამისად ექსპერტიზის ჩატარება მოპასუხეთა მიზეზით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მომართვები;
პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.3. უძრავი ქონება საჯარო რეესტრში აღრიცხულია როგორც თანასაკუთრება, თუმცა უკვე მრავალი წელია მესაკუთრეებს ფაქტობრივად გამოყოფილი აქვთ თანასაკუთრებაში არსებული ფართები, რომლითაც მოსარჩელე ვერ სარგებლობს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
მხარეთა ახსნა-განმარტება;
2.4. შპს „გიპროექტის“ მიერ ტექ. ბიუროს არქივში დაცული მასალების მიხედვით გაცემული აზომვითი ნახაზის თანახმად ქ. კ----, 2-------- ქ. №22, მდებარე საცხოვრებელი სახლის გამიჯვნა შესაძლებელია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შპს „გიპროექტის“ მიერ გაცემული აზომვითი ნახაზი;
გადაწყვეტილების მიღებისათვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია დადგინდეს შესაძლებელია თუ არა საზიარო უფლებების გაუქმება და ქ. კ----, 2-------- ქ. №22 მდებარე თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მხარეებს შორის რეალური გაყოფა.
შპს „გიპროექტის“ მიერ ტექ. ბიუროს არქივში დაცული მასალების მიხედვით გაცემული აზომვითი ნახაზის თანახმად დადგინდა, რომ აღნიშნული შენობა წარმოადგენს ორსართულიან ნაგებობას. აზომვითი ნახაზების და წარმოდგენილი შენობის გეგმების მიხედვით, სადაც მითითებულია ორივე სართულის მოცულობითი ფართობები, დასაშვებია მისი გამიჯვნა საჯარო რეესტრის ამონაწერში მითითებული წილების პროპორციულად.
კერძოდ, ნახაზის თანახმად შენობა-ნაგებობის გამიჯვნა შესაძლებელია, ისე როგორც ეს ნახაზზეა აღნიშნული, რა შემთხვევაშიც ავ--------– გ------–---–ს შესაძლებელია გამოეყოს მის მიერ შენობა-ნაგებობა პირველ სართულზე ფართობით 44.03 კვ.მ. ხოლო, მეორე სართულზე 46.33 კვ.მ, ჯამში ორივე სართულზე 90.36 კვ.მ, რომელიც წარმოადგენს საერთო წილის 13/24 ნაწილს (იხილეთ პირველი და მეორე სართულის გეგმის დაშტრიხული ნაწილი).
2.5. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ ქ. კ----, 2-------- ქ. №22-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის შპს „გიპროექტის“ მიერ გაცემული აზომვითი ნახაზის მიხედვით გამიჯვნა შესაძლებელია წილების პროპორციულად მისი ფუნქციური ღირებულების შემცირების გარეშე.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით. არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
საკუთრების უფლება აბსოლუტური უფლებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა მესამე პირი ვალდებულია თავი შეიკავოს სხვისი საკუთრების დარღვევისაგან. თუ არ ექნება ადგილი აღნიშნულ დარღვევას, მესაკუთრე შეძლებს ნივთთან თავისუფალი ურთიერთობის განხორციელებას. მესაკუთრის მოქმედებით ასევე არ უნდა ილახებოდეს მეზობლების ან მესამე პირთა უფლებები. სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების შინაარსი მდგომარეობს მასში, რომ მესაკუთრეს თავისუფლად უნდა შეეძლოს მის საკუთრებაში არსებული ნივთის თითოეული ნაწილის თავისუფალი სარგებლობა, ფლობა და განკარგვა.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ უძრავი ქონება მდებარე ქ. კ----, 2-------- ქ.
№22, საკადასტრო კოდით 67.01.34.155 მდებარე სახლთმფლობელობა წარმოადგენს მარიამ გ------–---–ის, ასმათ გ------–---–ის, ნინო კელაპტრიშვილის, ნესტან გ------–---–ისა და ავ--------– გ------–---–ის თანასაკუთრებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლის თანახმად, საერთო საკუთრება წარმოიშობა კანონის ძალით ან გარიგების საფუძველზე და იგი შეიძლება იყოს თანაზიარი ან წილადი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 953-ე მუხლის თანახმად თუ უფლება რამდენიმე პირს ერთობლივად ეკუთვნის, მაშინ გამოიყენება ამ თავის წესები, თუ კანონიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.
სასამართლო განმარტავს, რომ როდესაც რამდენიმე პირს ერთობლივად ეკუთვნის ესა თუ ის უფლება, მაშინ ეს უფლება საზიაროა. საზიარო უფლებები კანონისმიერ ვალდებულებით ურთიერთობებს მიეკუთვნებიან იმდენად, რამდენადაც საზიარო უფლების მონაწილეებს უფლებები და ვალდებულებები კანონიდან წარმოეშობათ და მათ შორის ურთიერთობები კანონით წესრიგდება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 954-ე მუხლის თანახმად, თუ სპეციალურად სხვა რამ არ არის დადგენილი, თითოეულ მოწილეს ეკუთვნის თანაბარი წილი. ამავე კოდექსის 955-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თითოეულ მოწილეს უფლება აქვს ისარგებლოს საზიარო საგნით ისე, რომ ზიანი არ მიადგეს დანარჩენ მოწილეთა სარგებლობას.
განსახილველ შემთხვევაში თბილისში, ქ. კ----, 2-------- ქ. №22, საკადასტრო კოდით
67.01.34.155 მდებარე უძრავი ქონება აღრიცხულია მარიამ გ------–---–ის, ასმათ გ------–---–ის, ნინო კელაპტრიშვილის, ნესტან გ------–---–ისა და ავ--------– გ------–---–ის სახელზე საიდანაც ავ--------– გ------–---–ის საკუთრებაში ირიცხება ნივთის 13/24 ნაწილი. მხარეთა მიერ სადავოდაა გამხდარი აღნიშნულ მისამართზე მხარეთა წილების პროპორციული მონაცემების მიხედვით საცხოვრებელი სახლის რეალური წილის გამოყოფა.
სამოქალაქო კოდექსის 961-ე მუხლის თანახმად, თითოეულ მონაწილეს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს საზიარო უფლების გაუქმება. ამავე კოდექსის 963-ე მუხლის თანახმად, საზიარო უფლება უქმდება ნატურით გაყოფისას, თუ საზიარო საგანი შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე.
სასამართლომ განმარტა, რომ ნივთებზე საერთო საკუთრების არსებობა არ ნიშნავს საკუთრების უფლების შეზღუდვას. თითოეული თანამესაკუთრე სრულფასოვნად უნდა ახორციელებდეს თავის უფლებას და თავისუფლად უნდა სარგებლობდეს თანასაკუთრებაში არსებული ნივთით, თუმცა – სხვა თანამესაკუთრეთა ინტერესების გათვალისწინებით. საკუთრების უფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, როდესაც მესაკუთრე საერთო (წილად) საკუთრებაში არსებულ ნივთზე სრულფასოვნად ვერ ახორციელებს თავის უფლებას ან სხვა რაიმე მიზეზით მისთვის მოუხერხებელია სხვა თანამესაკუთრესთან საერთო უფლებით დაკავშირება, კანონი ნებისმიერ თანამესაკუთრეს აძლევს უფლებას, ნებისმიერ დროს, ნებისმიერი მოტივით მოითხოვოს საზიარო უფლების გაუქმება.
საზიარო უფლება უქმდება საზიარო საგნის (საგნების) ნატურით გაყოფისას იმ შემთხვევაში თუ საზიარო საგანი (საგნები) შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად, ამასთან ამგვარი დაყოფის შედეგად არ მცირდება ნივთის ღირებულება. როგორც პირველი, ასევე მეორე ელემენტი უნდა არსებობდეს ერთდროულად იმისათვის, რომ დადგეს ამ ნორმით გათვალისწინებული იურიდიული შედეგი, ამასთან, ორივე შემთხვევაში ნატურით გამოყოფილმა საგანმა არ უნდა დაკარგოს ის დანიშნულება, რასაც ასრულებდა გაყოფამდე. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლი მხოლოდ იმ შემთხვევაში ითვალისწინებს საგნის ნატურით გაყოფის შესაძლებლობას, თუ იგი არ დაკარგავს თავის ფუნქციონალურ დანიშნულებას. ღირებულებაში ნივთის საბაზრო ღირებულება (ფასი) კი არ იგულისხმება, არამედ მოიაზრება მისი საგნობრივი (ფუნქციონალური) დანიშნულება, რომლის შემცირება ნივთის გაყოფამ არ უნდა გამოიწვიოს.
საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ შპს „გიპროექტის“ მიერ გაცემული აზომვითი ნახაზების მიხედვით აღნიშნული სადავო ორსართულიანი შენობა-ნაგებობის გამიჯვნა შესაძლებელია მხარეთა მიერ ფაქტობრივად დაკავებული ტერიტორიების მიხედვით საჯარო რეესტრში აღრიცხული მათი წილების პროპორციულად ღირებულების შემცირების გარეშე. აღნიშნულის უარმყოფელი მტკიცებულება მოპასუხე მხარის მხრიდან წარმოდგენილი არ ყოფილა.
განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე არ ეთანხმება სადავო უძრავ ქონებაზე საჯარო რეესტრის ამონაწერში მითითებულ ავ--------– გ------–---–ის წილობრივ მონაცემს და მის მიერ შპს „გიპროექტის“ მიერ გაცემული აზომვითი ნახაზის მიხედვით ქონების გაყოფას. ასეთი სადავოობისას სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის მიერ დასახელებულ ფაქტობრივ გარემოებებს, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის არგუმენტებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების უტყუარად არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს იმგვარად, რომ ფაქტის მტკიცება ობიექტურად შესაძლებელი იყოს. მხარეებს არ უნდა დაეკისროთ იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომლის დამტკიცებაც მისთვის ობიექტურად შეუძლებელია. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს უნდა დაეკისროს დაამტკიცოს, რომ შესაძლებელია საზიარო უფლება გაუქმდეს და მოცემულ შემთხვევაში შენობა-ნაგებობა რეალურად გაიყოს თანაბარ მნიშვნელოვან ნაწილებად, ღირებულების
შემცირების გარეშე, სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვით. აღნიშნული გარემოების დადგენა მოსარჩელის ინტერესში შედის და თვითონვე უნდა დაამტკიცოს იგი.
მოპასუხის საპროცესო ვალდებულებაა დაამტკიცოს, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერი შეიცავს უსწორობას. და საზიარო უძრავი ქონების 13/24 ნაწილი არასწორად არის აღრიცხული ავ--------– გ------–---–ის საკუთრებად.
სასამართლო, საქ. სკ-ის 311-ე და 312-ე მუხლებზე დაყრდნობით განმარტავს, რომ საჯარო რეესტრის ჩანაწერს აქვს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმპცია. უძრავი ქონების მესაკუთრედ ითვლება ის პირი, ვინც მესაკუთრედაა რეგისტრირებული. ამასთან ის იმ ფართისა და წილის მესაკუთრეა, რაც საჯარო რეესტრშია რეგისტრირებული. ბუნებრივია დაინტერესებულ პირს შეუძლია დავა დაიწყოს რეგისტრირებული მონაცემების უსწორობის თაობაზე, მაგრამ უსწორობის დადგენამდე რეგისტრირებული მონაცემები ითვლება უტყუარად. საზიარო უფლების გაყოფის დროს კი მხოლოდ ზეპირი განმარტება მასზედ, რომ მოსარჩელე ავ--------– გ------–---–ს არ ეკუთვნის სადავო ქონების 13/24, ვერ გახდება ჩანაწერის ნამდვილობის შემოწმებისა და ამ მოტივით სარჩელზე უარის თქმის საფუძველი.
მოსარჩელემ მოთხოვნა გაამყარა შპს „გიპროექტის“ მიერ გაცემული აზომვითი ნახაზის წარმოდგენით. სასამართლომ განმარტა, რომ ქონების ნატურით გაყოფის შესაძლებლობა რთული საკითხია. მისი გაყოფის შესაძლებლობის გარკვევა დამოკიდებულია სხვადასხვა სპეციფიკური საკითხების გამორკვევაზე. პირველ რიგში უნდა დადგინდეს საერთო საკუთრებაში თითოეული მესაკუთრის კუთვნილი წილი, მათ მიერ ფაქტობრივად დაკავებული ფართების მოცულობა, ამ ქონების რეალური გაყოფის შესაძლებლობა, გაყოფის შემდეგ თითოეული გაყოფილი ნაწილის ღირებულების, დანიშნულებისა და სარგებლობის წესის შენარჩუნება, ასევე სხვა მსგავსი ტექნიკური საკითხები. ამ საკითხების დადგენას სჭირდება სპეციალური ცოდნის გამოყენება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 162-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად, თუ საქმის განხილვასთან დაკავშირებულ საკითხზე მოსამართლეს სპეციალური ცოდნა არ გააჩნია, სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით დანიშნოს ექსპერტიზა საქმის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული საკითხის განმარტებას არსებითი მნიშვნელობა აქვს საქმის გადაწყვეტისათვის და მის გარეშე გადაწყვეტილების გამოტანა შეუძლებელია. მხარეებს შეუძლიათ სასამართლოსგან დამოუკიდებლად უზრუნველყონ ექსპერტიზის ჩატარება. ასეთ შემთხვევაში ექსპერტის დასკვნა სასამართლოს უნდა წარედგინოს სასამართლოში საქმის აღძვრის ან საქმის მომზადების სტადიაზე. სარჩელის (შესაგებლის) წარდგენისას მხარეს უფლება აქვს, მოითხოვოს ვადა ექსპერტის დასკვნის წარმოსადგენად.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ სასამართლოს გამოაქვს განჩინება, რომელშიც უნდა აღინიშნოს, თუ რა საკითხებზეა საჭირო ექსპერტის დასკვნა, ვინ დაინიშნა ექსპერტად და რა მასალები წარედგინა ექსპერტს გამოსაკვლევად. აუცილებლობის შემთხვევაში ექსპერტიზის ჩასატარებლად სასამართლო ნიშნავს რამდენიმე ექსპერტს.
სასამართლომ განმარტა, რომ სასამართლოს მხრიდან მოსარჩელის შუამდგომლობით არაერთხელ დაინიშნა საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა, რომლითაც უნდა დადგენილიყო შესაძლებელი იყო თუ არა ქ. კ---–-, 2--------- ქ. №22-ში (ს.კ №67.01.34.155) ავ--------–ი გ------–---–ის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული 13/24 იდეალური წილის რეალურად გამოყოფა და დადებით შემთხვევაში როგორ იყო შესაძლებელი ზემოაღნიშნული უძრავი ქონებიდან ავ--------–ი გ------–---–ის სახელზე არსებული საკუთრების უფლებით რეგისტრირებული 13/24 რეალური წილის გამოყოფა იმგვარად, რომ არ მომხდარიყო მისი ან სხვა რომელიმე წილის ღირებულების შემცირება და მხარეებს შეძლებოდათ უძრავი ქონებით სარგებლობა, თუმცა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტების მიერ ვერ განხორციელდა სასამართლოს განჩინების შესაბამისად ექსპერტიზის ჩატარება მოპასუხე მხარის მიზეზით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის მეოთხე ნაწილის მიხედვით, თუ მხარე არასაპატიო მიზეზით არ ასრულებს ექსპერტის მითითებებს ან სხვაგვარად ხელს უშლის ექსპერტიზის ჩატარებას, მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია ჩაითვლება დადასტურებულად.
სასამართლოს უპირველესი მიზანი საქმესთან დაკავშირებული ობიექტური ჭეშმარიტების დადგენაა. შეჯიბრებითობის პრინციპი არ გულისხმობს სასამართლოს აბსოლუტურ უმოქმედობას. სასამართლოს კანონმდებელი ანიჭებს გარკვეულ იძულებითი ღონისძიებების განხორციელების შესაძლებლობას, რომლებიც გამორიცხავს არაკეთილსინდისიერი მხარის მიერ მხარეთა შეჯიბრებითობის ბოროტად გამოყენების შესაძლებლობას. როგორც უკვე აღინიშნა, მხარეები თავად წყვეტენ თუ რომელი ფაქტობრივი გარემოება დაამტკიცონ საკუთარი მოთხოვნის გასამართლებლად. აღნიშნული შესაძლოა, მხარის მიერ, ინფორმაციის დამადასტურებელი მტკიცებულების დამალვის მასტიმულირებელ გარემოებად იქცეს.
იმ შემთხვევაში თუ მხარე ხელს უშლის სასამართლოს, მისთვის არახელსაყრელი ფაქტობრივი გარემოების დამტკიცებაში, სასამართლოს შეუძლია მტკიცების ტვირთი გამოიყენოს როგორც სანქცია, რაც გულისხმობს ფაქტის დაუმტკიცებლობით გამოწვეული, არასასურველი შედეგის არაკეთილსინდისიერი მხარისთვის დაკისრებას.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ სათანადო მტკიცებულებებზე მითითებით შეძლო დაესაბუთებინა მოთხოვნები, ხოლო მოპასუხემ ვერ გააქარწყლა სასარჩელო მოთხოვნის უსაფუძვლობა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობს სარჩელის სრულად დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველები, რის გამოც უნდა მოხდეს მხარეთა თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (საცხოვრებელ სახლზე) მდებარე ქ. კ----, 2--------- ქ. №22, საკადასტრო კოდით 67.01.34.155 შესაძლებელია საზიარო უფლების გაუქმება და რეალური წილის გამოყოფა.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
3.1. აპელანტების განმარტებით, არასწორად იქნა დადგენილი გარემოება იმის შესახებ, რომ თითქოს თანამესაკუთრეებს უკვე მრავალი წელია, რაც გამოყოფილი აქვთ თანასაკუთრებაში არსებული ფართები, რომლითაც მოსარჩელე ვერ სარგებლობა. წლების მანძილზე მოპასუხეები სრულად ფლობენ და განკარგავენ საცხოვრებელ სახლს საკარმიდამო მიწის ნაკვეთტან ერთად და არასოდეს მათთან ერთად არ უსარგებლია არანაირი ფართით ავ--------– გ------–---–ს.
3.2. აპელანტის მითითებით, არასწორად იქნა შეფასებული და სადავო დოკუმენტი დაედო საფუძვლად 3.1.2. სადაო გარემოების დადგენას. შპს „გიპროექტის“ მიერ გაცემული აზომვითი ნახაზი იქნა გამოყენებული საზიარო უფლების გაუქმების საფუძვლად. ასევე, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ნახაზის შედგენის პერიოდი გაურკვეველია და თარიღი არ არის მითითებული, რაც შესაძლოა არალიცენზირებული პირის მიერ იყოს შედგენილი.
3.3. აპელანტის მითითებით, გადაწყვეტილების გამოტყანის დროს არასწორად იქნა შესწავლილი ფაქტობრივი გარემოებები, რამაც რეალურად არასწორი სამართლებრივი შეფასება გამოიწვია და არ გამოიყენა კანონი რომელიც უნდა გამოეყენებინა. სასამართლომ არ შეაჩერა საქმის წარმოება, სხვა საქმის განხილვამდე, რომელიც მიმდინარეობს საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების და იმავე სასამართლოსათვის საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების დასაბუთება
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა, წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის და საქმის მასალების შესწავლის, საქმის ზეპირი განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ ნესტან გ------–---–ის, მარიამ გ------–---–ის და ასმათ გ------–---–ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს 2018 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. 394-ე მუხლის „ე1“ პუნქტი ადგენს, რომ გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
4. ფაქტობრივი დასაბუთება
4.1. წინამდებარე სააპელაციო საჩივრის ფარგლებში სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია იმსჯელოს განსახილველ საქმეზე საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევის საკითხთან დაკავშირებით. მოცემულ საკითხზე მსჯელობა არ ცდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ დანაწესს გასაჩივრებული გადაწყვეტილების სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმების თაობაზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.
4.2. წარმოდგენილი სარჩელით ავ--------– გ------–---–ი მოითხოვს გაუქმდეს საზიარო უფლება უძრავ ქონებაზე მდებარე - ქ. კ----, 2-------- ქ. N22, საკადასტრო კოდით 67.01.34.155 (შენობა-ნაგებობების N1 საცხოვრებელი სახლი, საერთო ფართი 166.82 კვ.მ.);
მოსარჩელის მითითებით, აღნიშნული ქონებიდან უნდა გამოეყოს სახლის სამხრეთ ნაწილში მდებარე მისი 13/24 იდეალური წილი, 90.36 კვ.მ რეალურ წილად, შპს „გიპროექტის“ მიერ ტექ. ბიუროს არქივში დაცული მასალების მიხედვით გაცემული აზომვითი ნახაზის შესაბამისად.
4.3. საქმის მასალებში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უძრავი ქონება მდებარე ქ. კ----, ქ------------- N22, თანასაკუთრების უფლებით რეგისტრირებულია მარიამ გ------–---–ის (1/8 წილი), ასმათ გ------–---–ის (1/6 წილი), ნინო კელაპტრიშვილის (1/24 წილი), ნესტან გ------–---–ის (1/8 წილი) და ავ--------– გ------–---–ის (13/24 წილი) სახელზე.
საჯარო რეესტრის ამონაწერში ნაკვეთის დანიშნულებაში მითითებულია - სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო); დაზუსტებული ფართობი 754.00 კვ.მ.; შენობა ნაგებობის ჩამონათვალი: N01 საცხოვრებელი, საერთო ფართი - 166.82 კვ.მ.
4.4. საქმის მასალებით დგინდება, რომ საქმეზე სადავო საკითხის შესწავლის მიზნით, გორის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 09 ივლისისა და 2016 წლის 05 აპრილის განჩინებებით სამოქალაქო საქმეზე დაინიშნა საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა, თუმცა ექსპერტიზის ჩატარება მოპასუხეთა მიზეზით ვერ მოხერხდა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნის და საპირისპირო მტკიცებულებების არ არსებობის პირობებში, სასამართლომ იხელმძღვანელა ტექ. ბიუროს არქივში დაცული, შპს „გიპროექტის“ მიერ გაცემული აზომვითი ნახაზით და დაადგინა, რომ ქ. კ----, 2-------- ქ. №22, მდებარე საცხოვრებელი სახლის გამიჯვნა შესაძლებელია.
სასამართლომ ასევე, დადგენილ სადავო ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია ის ფაქტი, რომ უკვე მრავალი წელია მესაკუთრეებს ფაქტობრივად გამოყოფილი აქვთ თანასაკუთრებაში არსებული ფართები, რომლითაც მოსარჩელე ვერ სარგებლობს.
ყოველივე ზემოაღიშნულის გათვალისწინებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა სადავო უძრავ ქონებაზე გაუქმდა ავ--------– გ------–---–--, ასმათ გ------–---–ის, მარიამ გ------–---–ის, ნესტან გ------–---–ის და ნინო კელაპტრიშვილის საზიარო უფლება. ავ--------– გ------–---–ს საცხოვრებელი სახლიდან გამოეყო შენობა-ნაგებობის პირველ სართულზე - 23.00 კვ.მ და 21.03 კვ.მ, ხოლო მეორე სართულზე 24.50კვ.მ და 21.83 კვ.მ. (ჯამში 90.36 კვ.მ) ფართი.
შესაბამისად, როგორც გასაჩივრებული გადაწყვეტილებიდან ირკვევა, სასამართლომ საზიარო უფლება გააუქმა მხოლოდ საცხოვრებელ სახლზე (შენობა-ბაგებობა), თუმცა როგორც საჯარო რეესტრის ამონაწერიდან დგინდება თანასაკუთრების ობიექტს წარმოადგენს ასევე საკარმიდამო (სასოფლო-სამეურნეო) მიწის ნაკვეთი ფართით 754.00 კვ.მ., რომლის შესახებაც სასამართლოს არ უმსჯელია. პალატის შეფასებით, ვინაიდან შენობა-ნაგებობასთან ერთად საერთო უფლების ობიექტს წარმოადგენს ასევე მიწის ნაკვეთი და იგი ვერ იქნება მიჩნეული მისგან დამოუკიდებელ საგნად, შესაბამისად, შენობა-ნაგებობასთან ერთად, საზიარო უფლების გაუქმება უნდა მომხდარიყო ასევე, მიწის ნაკვეთზე.
4.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 961-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულ მოწილეს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს საზიარო უფლების გაუქმება. სამოქალაქო კოდექსი იცნობს საზიარო უფლებისგაუქმების ორ შესაძლებლობას, საზიარო უფლების გაუქმებას ნატურით გაყოფის გზით (963-ე მუხლი) და საზიარო უფლების გაუქმებას საზიარო საგნის გაყიდვის გზით (964-ე მუხლი). ეს უკანასკნელი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ ნატურით გაყოფა გამორიცხულია.
სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლის თანახმად, საზიარო უფლება უქმდება ნატურით გაყოფისას, თუ საზიარო საგანი (საგნები) შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე.
სამოქალაქო კოდექსის 961-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულ მოწილეს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს საზიარო უფლების გაუქმება. დასახელებული ნორმის დისპოზიციით განსაზღვრულია საზიარო უფლების მქონე პირის უფლებამოსილება, ნებისმიერ დროს მოითხოვოს საზიარო უფლების გაუქმება, რომელიც შეიძლება განხორციელდეს საზიარო საგნის ნატურით გაყოფის გზით, ხოლო თუ ნატურით გაყოფა გამორიცხულია – საზიარო საგნის რეალიზაციით (სსკ-ის 964-ე მუხლი). საზიარო უფლების გაუქმებისათვის ამ ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილის მიერ ნების გამოვლენა საკმარისია.
დასახელებული ნორმა მიუთითებს ორ აუცილებელ პირობაზე, კერძოდ, საზიარო უფლება უქმდება საზიარო საგნის (საგნების) ნატურით გაყოფისას მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ: 1. საზიარო საგანი (საგნები) შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად; 2. ამგვარი დაყოფის შედეგად არ მცირდება ნივთის ღირებულება. როგორც პირველი, ასევე მეორე ელემენტი უნდა არსებობდეს ერთდროულად იმისათვის, რომ დადგეს ამ ნორმით გათვალისწინებული იურიდიული შედეგი, ამასთან, ორივე შემთხვევაში ნატურით გამოყოფილმა საგანმა არ უნდა დაკარგოს ის დანიშნულება, რასაც ასრულებდა გაყოფამდე. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლი მხოლოდ იმ შემთხვევაში ითვალისწინებს საგნის ნატურით გაყოფის შესაძლებლობას, თუ იგი არ დაკარგავს თავის ფუნქციონალურ დანიშნულებას. ღირებულებაში ნივთის საბაზრო ღირებულება (ფასი) კი არ იგულისხმება, არამედ მოიაზრება მისი საგნობრივი (ფუნქციონალური) დანიშნულება, რომლის შემცირება ნივთის გაყოფამ არ უნდა გამოიწვიოს. ნატურით გასაყოფმა საგანმა არ უნდა დაკარგოს ის დანიშნულება, რასაც ის ასრულებს გაყოფამდე, ე.ი. არ უნდა წაერთვას ის ფუნქცია და მნიშვნელობა. (ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა სუსგ ას-67-65-2014, 31 ივლისი, 2014; სუსგ ას-1653-1550-2012, 15 აპრილი, 2013; სუსგ ას-1089-1020-2012, 8 ოქტომბერი, 2012; სუსგ ას-932-875-2012, 17 სექტემბერი, 2012 წელი; სუსგ ას-1665-1562-2012, 4 თებერვალი, 2013, სუსგ 19.03.2015წ. საქმე №ას-1148-1094-2014).
4.6. პალატა მიუთითებს, რომ საზიარო უფლების გაუქმება, როდესაც ეს ხდება ნატურით გაყოფის გზით, ნიშნავს თანასაკუთრების რეჟიმიდან ინდივიდუალური საკუთრების რეჟიმზე გადასვლას, ანუ დაუშვებელია საზიარო საგანი ისე გაიყოს, რომ ნივთის გარკვეულ ნაწილზე ვრცელდებოდეს ინდივიდუალური საკუთრება, ხოლო სხვა ნაწილზე საერთო საკუთრება.
საზიარო უფლება, სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, განეკუთვნება კანონისმიერ ვალდებულებათა ურთიერთობების კატეგორიას. სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საერთო (თანაზიარი და წილადი) საკუთრება წარმოიშობა კანონის ძალით ან გარიგების საფუძველზე. ამდენად, საზიარო უფლების მოწილეებს უფლებები და ვალდებულებები კანონიდან წარმოეშობათ და მათ შორის ურთიერთობები კანონით წესრიგდება.
კანონმდებლის ნება ნათელი და ცალსახაა. საზიარო უფლების მქონეს ნებისმიერ დროს შეუძლია, მოითხოვოს თავისი იდეალური წილის რეალურად გამოყოფა. ერთადერთი შეზღუდვა, რასაც კანონმდებელი აღნიშნული უფლების რეალიზაციის მიზნებისათვის აწესებს არის ის, რომ საზიარო უფლების მქონე პირის უფლებით, გააუქმოს საზიარო საკუთრება, არ უნდა შეილახოს სხვა თანაზიარი მესაკუთრის საკუთრების უფლების ხელშეუვალობა. სწორედ ამიტომ, სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლი ნატურით გაყოფის გზით საზიარო უფლების გაუქმებას დასაშვებად მიიჩნევს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საზიარო საგანი შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე.
ამდენად, დაუშვებელია საზიარო უფლების გაუქმება ნატურით გაყოფის გზით, თუ შეუძლებელია ყველა თანამესაკუთრის საკუთრების უფლების ღირებულების შენარჩუნება საკუთარი იდეალური წილის შესაბამისად. მხოლოდ ერთი თანამესაკუთრის იდეალური წილის იმგვარი გამოყოფა, რომლითაც დაცულია ამ უკანასკნელის საზიარო საგნის გაყოფამდე არსებული მდგომარეობა (ღირებულება), საზიარო უფლების გაუქმებას ნატურით გაყოფის გზით სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლის კონტექსტში ლეგიტიმურს არ ხდის, თუ დაცული და შენარჩუნებული არ არის სხვა თანამესაკუთრეთა იდეალური წილის მდგომარეობა (ღირებულება).
სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლისა და 173-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ მესაკუთრე თავის ქონებასთან მიმართებით თავისუფალია, მაგრამ მისი უფლებამოსილებანი შესაძლოა, შეზღუდული იყოს ან კანონით, ან ხელშეკრულებით. მესაკუთრის მოქმედებით არ უნდა ილახებოდეს მეზობლების ან მესამე პირთა უფლებები. მოცემულ შემთხვევაში, საკუთრების ბუნებიდან (საზიარო საკუთრებიდან) გამომდინარე, ნივთით სარგებლობის თავისუფლება გარკვეულწილად იზღუდება, რაც სხვა თანამესაკუთრეთა არსებობით და მათი ინტერესების გათვალისწინებითაა გამოწვეული (სუსგ 19.08.2015წ. საქმე №ას-1148-1094-2014, 27.10.2017წ. საქმე №ას-1080-1000-2017).
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ უძრავ ქონებაზე, რომელზედაც მოსარჩელე მოითხოვს საზიარო უფლების გაუქმებას, მდებარე ქ. კ---- 2-------- ქუჩა 22, წარმოადგენს მარიამ გ------–---–ის (1/8 წილი), ასმათ გ------–---–ის (1/6 წილი), ნინო კელაპტრიშვილის (1/24 წილი), ნესტან გ------–---–ის (1/8 წილი) და ავ--------– გ------–---–ის (13/24 წილი) თანასაკუთრებას. თუმცა, საკითხის გადაწყვეტისას სასამართლომ არ იმსჯელა ყველა თანამესაკუთრის უფლებაზე, კერძოდ, იმაზე, ნატურით გაყოფის გზით, შეუძლებელია თუ არა ყველა თანამესაკუთრის საკუთრების უფლების ღირებულების შენარჩუნება საკუთარი იდეალური წილის შესაბამისად.
4.6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ: ა) ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. ამავე კოდექსის 394-ე მუხლის თანახმად გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ: ე) გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული; ე1) გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
იმის გათვალისწინებით, რომ განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ არ დადგენილა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, რამაც საბოლოოდ განაპირობა არასწორი სამართლებრივი დასკვნების გაკეთება, პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს. საქმის ხელახლა განხილვისას, სასამართლომ კანონით დადგენილი წესით უნდა იმსჯელოს, წინამდებარე განჩინების 4.4. და 4.6. პუნქტებში მითითებულ საკითხებზე და მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთოს დასკვნა სარჩელის საფუძვლიანობასთან დაკავშირებით. იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ საქმის წარმოების ამ ეტაპზე აღნიშნული დავის არსებითად განხილვის შემთხვევაში, მხარეები დაკარგავენ შესაძლებლობას ორი ინსტანციის სასამართლოს მიერ სრულყოფილად იქნეს გამოკვლეული და შესწავლილი საქმის როგორც სამართლებრივი, ასევე ფაქტობრივი გარემოებები, სააპელაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. უნდა გაუქმდეს გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე მოსამზადებელი ეტაპიდან ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
6. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამ ეტაპზე არ მსჯელობს მხარეთა შორის ხარჯების განაწილების საკითხზე.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნესტან გ------–---–ის, მარიამ გ------–---–ის და ასმათ გ------–---–ის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში (თბილისი, ძმ. ზუბალაშვილების ქ. N32) დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. N7ა);
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი), თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე ლევან გვარამია
მოსამართლეები: დავით ახალბედაშვილი
გელა ქირია