განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100119002969104
№1ბ/1466-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
11 ოქტომბერი, 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე მერაბ ჯორბენაძე
სხდომის სახე – ზეპირი მოსმენის გარეშე.
მსჯავრდებული - ა------- გ--–-----ი, დაბადების თარიღი: 1----–-–---------–--ი, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 3----------, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–------------–-------------------------–---–-----------------–----------.
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) – გამართლდა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახის წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა).
სასჯელი:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით – ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით. საქართველოს სსკ–ის 67-ე მუხლის საფუძველზე და ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მეხუთე და მერვე ნაწილების შესაბამისად, განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის სახედ ა------- გ--–-----ს განესაზღვრა – ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით და თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) თვისა და 5 (ხუთი) დღის ვადით. მასვე, დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა 327 (სამას ოცდაშვიდი) ლარის ოდენობით და 02 (ორი) წლის და 02 (ორი) თვის ვადით სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 31 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა, სახელმწიფო ბრალმდებელმა, თბილისის გლდანი–ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თინათინ ჭურღულიამ. წარმოდგენელი სააპელაციო საჩივრით აპელანტმა მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 31 ივლისის განაჩენში ცვლილების შეტანა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა და 111,3811–ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელის დამძიმება. შემდეგ გარემოებათა გამო: აპელანტს მიაჩნია, რომ მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს და ა------- გ--–-----ის მიმართ საქართველოს სსკ–ის 111,3811–ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი, ბრალდების მხარეს მიაჩნია რომ სასამართლოს მიერ გამოყენებულ იქნა ა------- გ--–-----ის ქმედების არათანაზომიერი სასჯელი და ამ ნაწილში განაჩენი უნდა შეიცვალოს სასჯელის დამძიმების კუთხით. აპელანტი განმარტავს რომ ა------- გ--–-----ის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ხასიათის მხედველობაში მიღებით მისი პიროვნული მახასიათებლების და იმის გათვალისწინებით რომ ა------- გ--–-----მა დანაშაული ჩაიდინა პირობით მსჯავრის ქვეშ ბრალდების მხარეს მიაჩნია რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მის მიმრთ სასჯელის დანიშვნისას სრულად არ გაითვალისწინა ზემოაღნიშნული ქმედების ხასიათი ჩაიდინა დანაშაულის მომეტებული საფრთხე ბრალდებული არაკანონმორჩილება რის გამოც ა------- გ--–-----ის მიმართ უნდა განისაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი. მოცემულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი მსჯავრდებულზე ვერ იმოქმედებს იმგვარად რომ იგი განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ვინაიდან მსჯავრდებულ ა------- გ--–-----ს ექნება განცდა რომ მისი მხრიდან მსგავსი ხასიათის ძალადობრივი დანაშაულების ჩადენის მიუხედავად, სასჯელის დანიშნვისას სასამართლო იხელმძღვანელებს მხოლოდ შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით და არ დაუნიშნავს მას სასჯელის მიზნების რელევანტურ სასჯელს, რაც თავის მხრივ ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილებისთვის ვერ იქნება ეფექტური შემაკავებელი მექანიზმი და ვერ იქნება მიღწეული საქართველოს სსკ–ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნები. ამავდროულად ა------- გ--–-----ი ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და განესაზღვროს სამართლიანი სასჯელი. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობა, კერძოდ კი მოწმეების ა-------–---–---–ის და ლ--–---------–---–ის ჩვენებები, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, ასევე გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ ა------- გ--–-----მა ჩაიდინა მის მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ–ის 1261–ე პირველი ნაწილით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვს მსჯავრდებულ ა------- გ--–-----ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 31 ივლისის განაჩენის გამამართლებელი ნაწილის გაუქმებას და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას, რითაც ა------- გ--–-----ი ცნობილი უნდა იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 1261–ე პირველი ნაწილით და ამავე კოდექსის 111,3811–ე მუხლის პირველი ნაწილით და უნდა დაენიშნოს კანონით გათვალისწინებული მკაცრი სასჯელი, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან.
ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარეს შესაგებელი არ წარუდგენია.
პირის ბრალდების შესახე დადგენილების მიხედვით:
ა------- გ--–-----მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;
მანვე ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა.
პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით, ა------- გ--–-----ის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 12 მარტს, ქ. თბილისში, გლდანის ხევის დასახლება №6-ში, თ----- მ------–---–ის სიტყვიერი შეურაცხყოფისათვის, ა------- გ--–-----ის მიმართ გამოიწერა №0----- შემაკავებელი ორდერი. აღნიშნულის შესაბამისად, მოძალადეს ერთი თვის განმავლობაში – 2019 წლის 11 აპრილამდე, აეკრძალა მსხვერპლთან, მის სახლთან, სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც თ----- მ------–---–ი შეიძლება იმყოფებოდა. ასევე აეკრძალა ნებისმიერ სახის კომუნიკაცია – ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. ა------- გ--–-----მა არ შეასრულა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები – 2019 წლის 16 მარტს, ა------- გ--–-----ი თ----- მ------–---–ს, შვილის – ლერი გ--–-----ის ტელეფონით დაუკავშირდა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, სამართალდამცავი ორგანოსთვის მიმართვის გემო.
2019 წლის 21 მარტს კი ს------–---------–-----------–---–----------–----------ში ნათესავის – ლ-----------–---–ის სახლში შვილებთან შესახვედრად მისულ თ----- მ------–---–ს ა------- გ--–-----მა მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. აღნიშნულის გამო თ----- მ------–---–მა შეატყობინა პოლიციას. ა------- გ--–-----ის ქმედებით თ----- მ------–---–ს მიადგა მორალური ზიანი.
2017 წლის 13 ივნისს, ქ. თ---–-----------–-------------------–---–----------–---------–ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში ა------- გ--–-----მა ოჯახური ძალადობა განახორციელა მეუღლის – თ----- მ------–---–ის მიმართ, რომელსაც რამდენჯერმე დაარტყა ხელი და ჯოხი, რა დროსაც თ----- მ------–---–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
სასამართლომ დაადგინა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 31 ივლისის განაჩენით, ა------- გ--–-----ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ–ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
ა------- გ--–-----ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 111,3811–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მიესაჯა – ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით. საქართველოს სსკ–ის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა ა------- გ--–-----ის მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 9 მარტის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ–ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი, თავისუფლების აღკვეთა - 04 (ოთხი) თვე და 05 (ხუთი) დღე და სრულად დაემატა დამატებითი სასჯელი - ჯარიმა 327 (სამას ოცდაშვიდი) ლარის ოდენობით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა - 02 (ორი) წლის და 02 (ორი) თვის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ა------- გ--–-----ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა – ძირითადი სასჯელი ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით და თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) თვის და 05 (ხუთი) დღის ვადით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა 327 (სამას ოცდაშვიდი) ლარი და 02 (ორი) წლისა და 02 (ორი) თვის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
მსჯავრდებულ ა------- გ--–-----ს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 26 მარტიდან 2019 წლის 31 ივლისის ჩათვლით.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი იქნა შემდეგი:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდების ნაწილში:
დაზარალებულმა თ----- მ------–---–მა, პირველი ინსტანციის სასამართლოში ისარგებლა, მისთვის საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილით მინიჭებული კონსტიტუციური უფლებით და არ მისცა ჩვენება ა------- გ--–-----ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე.
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, 2017 წლის 13 ივნისს, მოქალაქე თ----- მ------–---–ს სხეულზე აღენიშნებოდა მექანიკური დაზიანების ნიშნები სისხლნაჟღენთების და ნაკაწრის სახით. დაზიანებები, როგორც ერთობლიობაში, ასევე - იზოლირებულად, ცალ-ცალკე აღებულნი, მიეკუთვნებოდნენ მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. სისხლნაჟღენთები განვითარებული იყო რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებოდა წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს. ნაკაწრი განვითარებული იყო რაიმე მახვილი საგნის წვეტის, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივი-ბლაგვი საგნის შემხები ზემოქმედების შედეგად და ხანდაზმულობით შეეფარდებოდა 5-9 დღეს.
ამავე დასკვნის გამოკვლევით ნაწილში მითითებულია, რომ გამოსაკვლევი პირი დაზიანებებს უკავშირებდა 2017 წლის 12 ივნისს მეუღლის მიერ მისი ცემის ფაქტს.
მოწმე ა-------–---–---–მა, დაზარალებულის დეიდაშვილმა, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას აღნიშნა, რომ ა------- გ--–-----ის მხრიდან თ----- მ------–---–ზე ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ერთადერთი ფაქტის სესახებ, მისთვის ცნობილი გახდა თავად დაზარალებულისაგან, მას შემდეგ რაც გაცილდა მეუღლეს.
მოწმეებმა - ნ---- მ------–---–მა (დაზარალებულის დედამ), ლ--–---------–---–მა (დაზარალებულის დეიდამ) და ბ--–- გ--–-----მა (დაზარალებულის ყოფილმა დედამთილმა), სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას აღნიშნეს, რომ თანაცხოვრების პერიოდში ა------- გ--–-----ი და თ----- მ------–---–ი ხშირად კინკლაობდნენ, თუმცა მათი ურთიერთდაპირისპირება ჩხუბში და ფიზიკურ ძალადობაში არასოდეს გადაზრდილა. მათივე განმარტებით, მსგავს ფაქტს ადგილი რომ ჰქონოდა, თ----- მ------–---–ისგან აუცილებლად შეიტყობდნენ.
მოწმე ა-----– ბ-----–---–ის, ბრალდებულ ა------- გ--–-----ის ნათესავის, ჩვენებით დგინდება, რომ 2018 წელს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ ა------- გ--–-----მა გადაწყვიტა სოფელ დ------ში, მამამისის დანატოვარ მიწაზე, კერძო სახლის აშენება. ვინაიდან ოჯახის კუთვნილი მთელი უძრავი ქონება გაფორმებული იყო მისი მეუღლის - თ----- მ------–---–ის სახელზე, სამშენებლო პროექტის დასამტკიცებლად საჭირო გახდა ამ უკანასკნელის თანხმობა, მაგრამ თ-----მ სათანადო დოკუმენტაციას, გაურკვეველი მიზეზების გამო, ხელი არ მოაწერა. ა------- გ--–-----ი ოჯახური ძალადობის ბრალდებით აღნიშნულიდან რამდენიმე დღეში დააკავეს. მოწმე ა-----– ბ-----–---–მა ასევე განმარტა, რომ 2017 წლის 13 ივნისს ა------- გ--–-----ი არ იმყოფებოდა თბილისში და ივნისის თვიდან სექტემბრამდე მასთან და სხვა მეგობრებთან ერთად, გზის გაყვანაზე მუშაობდა აჭარაში. იმავე წელს, ა------- გ--–-----ის დაბადების დღის აღსანიშნავად, 23 ივლისს, აჭარაში ჩასული იყო მისი ცოლ-შვილიც, რომლებიც დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში ისვენებდნენ ა-------თან ერთად.
ბრალდებულის დედამ, ბ--–- გ--–-----მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ასევე დაადასტურა, რომ მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, ოჯახში შექმნილი ფინანსური პრობლემების გამო, მთელი უძრავი ქონება გააფორმეს რძლის, თ----- მ------–---–ის სახელზე. ა-------ის დაკავების შემდეგ თ-----მ მათ დაუბრუნა ყოფილი მეუღლის ოჯახის კუთვნილი ქონება, თუმცა, არასრულად, - სოფელ დ------ში არსებული მიწის ნაკვეთი დაიტოვა თავად.
ბრალდებულმა ა------- გ--–-----მა საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით მისთვის წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და დაკითხვისას განმარტა, რომ მეუღლის, თ----- მ------–---–ისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არც 2017 წლის 13 ივნისს და არც სხვა დროს არ მიუყენებია. ბრალდებულმა ასევე აღნიშნა, რომ აღნიშნულ დღეს იმყოფებოდა აჭარაში, სადაც მუშაობდა სექტემბრის თვემდე.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდების ნაწილში:
2019 წლის 12 მარტის N0----- შემაკავებელი ორდერის თანახმად, ა------- გ--–-----ს ერთი თვის განმავლობაში – 2019 წლის 11 აპრილამდე, აეკრძალა მსხვერპლთან თ----- მ------–---–თან, მის სახლთან, სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც თ----- მ------–---–ი შეიძლება იმყოფებოდა. ასევე აეკრძალა ნებისმიერ სახის კომუნიკაცია – ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.
შემაკავებელი ორდერით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებაზე მონიტორინგის მიზნით ძალადობის მსხვერპლთან სატელეფონო გასაუბრების ოქმით დგინდება, რომ 2019 წლის 22 მარტს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ზ----- კ------ეს თ----- მ------–---–მა აცნობა, რომ ა------- გ--–-----მა დაარღვია 2019 წლის 12 მარტის N0----- შემაკავებელი ორდერით განსაზღვრული აკრძალვა, რაც გამოიხატა მასთან სატელეფონო კომუნიკაციის დამყარებასა და ფიზიკურად მიახლოვებაში.
მოწმე ლ--–---------–---–მა, დაზარალებულ თ----- მ------–---–ის დეიდამ, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2019 წლის 21 მარტს ბ--–- გ--–-----თან ერთად, მეუღლის ავტომანქანით ბრუნდებოდა სამსახურიდან, რა დროსაც დაურეკა თ-----მ და სთხოვა მისულიყო ლ---------------- ყ------–---–--ის სახლში, რადგან ქუჩაში ა-------ი იმყოფებოდა, მისთვის გვერდის ავლას და შინ წასვლას ვერ ახერხებდა. ადგილზე მისულებს ა-------ი სხვა მაცხოვრებლებთან ერთად მართლაც ქუჩაში, ყ------–---–--ის სახლიდან მოშორებით დახვდათ.
მოწმე ბ--–- გ--–-----მა, ბრალდებულ ა------- გ--–-----ის დედამ, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2019 წლის 21 მარტს ლ--–---------–---–თან და მის მეუღლესთან ერთად ავტომანქანით მგზავრობისას, ლ--–---------–---–ს დაუკავშირდა თ-----, რის შემდეგაც ყველანი ყ------–---–--ის სახლისკენ გაემართნენ. ადგილზე მისულებს დახვდათ ა-------ი, რომელიც ყ------–---–--ის სახლიდან მოშორებით იდგა. მოწმის განმარტებით, თ-----ს შიშის რაიმე საფუძველი არ ჰქონდა, ვინაიდან თავისუფლად შეეძლო იქაურობას ისე გასცლოდა, რომ ყოფილ მეუღლეს არ შეხვედროდა.
მოწმე გ------- ყ------–---–მა, ბრალდებულ ა------- გ--–-----ის ნათესავმა, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ მისი და ა-------ის ოჯახები ერთმანეთის მეზობლად ცხოვრობენ. 2019 წლის 21 მარტს ა------- გ--–-----თან ერთად იმყოფებოდა ნოტარიუსთან, რის შემდეგაც იგი ყავის დასალევად დაპატიჟა სახლში. მისვლიდან დაახლოებით 10 წუთში მივიდა თ----- მ------–---–იც. ა-------ს არ მოეწონა თ-----ს გამოჩენა და „მიჩალიჩებო?“ ჰკითხა, რაზეც თ-----მ ირონიულად ჩაიცინა. როცა ა-------მა უთხრა, რომ გამომძიებელთან აპირებდა დარეკვას, თ-----მ უპასუხა, რომ მას ეს არ ანაღვლებდა. ა-------მა და თ-----მ დაახლოებით 10 წუთი ისაუბრეს და შემდეგ ა-------ი გაერიდა თ-----ს და გავიდა გარეთ.
მოწმე ლ-----------–---–მა, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2019 წლის 21 მარტს ა------- გ--–-----ი და თ----- მ------–---–ი მის სახლში შემთხვევით შეხდნენ ერთმანეთს. თ----- გაფრთხილებული ჰყავდა, რომ ა-------ი მათთან ხშირად სტუმრობდა და მოსვლისგან თავი შეეკავებინა. შემთხვევის დღეს თ-----ს დედა - ნ----ც გააფრთხილა, რომ ა-------ს ელოდნენ სტუმრად, თავად თ-----ს გაფრთხილება კი ვერ მოასწრო. მიუხედავად ამისა, თ----- ბავშვების სანახავად მაინც მივიდა. ა-------მა რომ დაინახა, ბავშვებს მიხედე, აღარ შემიძლია მათი კარდაკარ ტარებაო, თ-----ს უთხრა. თ-----ც აღელდა, ა-------თან ლაპარაკი დაიწყო და ეტყობოდა, რომ მისი გამოწვევა უნდოდა, თუმცა, ა-------ი არ აჰყვა და გარეთ გავიდა. თ-----მ უთხრა - „აი, ნახავ, ა-------ი ამ ყველაფრის გამო თუ არ დავაჭერინო“-ო. ამასობაში თ-----ს დეიდაც მოვიდა, რომელიც გარეთ ხმამაღლა ელაპარაკებოდა ა-------ს. ამის გაგონებაზე თ----- თვითონაც გავიდა გარეთ. მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ ა------- გ--–-----მა თავად დაურეკა უბნის ინსპექტორს, მას თ-----სთან შემთხვევით შემდგარი შეხვედრის თაობაზე აცნობა და ჰკითხა თუ როგორ მოქცეულიყო.
მოწმე ზ----- კ------ემ, უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ მის მოვალეობაში შედიოდა შემაკავებელი ორდერით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებაზე მონიტორინგი, რა მიზნითაც მსხვერპლთან და მოძალადესთან ახორციელებდა სატელეფონო გასაუბრებას. 2019 წლის 21 მარტს, თ----- მ------–---–ისა და ა------- გ--–-----ის შეხვედრის თაობაზე იმავე დღეს შეიტყო ბრალდებულ ა------- გ--–-----ისგან, 22 მარტის დილას კი თ----- მ------–---–მაც დაურეკა და აცნობა.
მოწმე ა-------–---–---–მა, დაზარალებულ თ----- მ------–---–ის დეიდაშვილმა, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ მეუღლესთან დაშორების შემდეგ თ----- მ------–---–ი მასთან ცხოვრობს. შემაკავებელი ორდერის გამოცემის შემდეგ, გარკვეული ხნის განმავლობაში, ა------- გ--–-----ი ყოფილ მეუღლეს არ აწუხებდა, შემდეგ კი, როგორც თ-----სგან შეიტყო, შემაკავებელი ორდერის ვადის გასვლამდე, მასზე დაკისრებული ვალდებულებები დაარღვია. მოწმე ა-------–---–---–მა დაკითხვისას, პროკურორის მიერ დასმულ შეკითხვაზე, თუ რა იცის 2019 წლის 16 მარტს ბრალდებულის მიერ დაზარალებულთან სატელეფონო კომუნიკაციასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე, განმარტა, რომ ა------- გ--–-----მა თ----- მ------–---–ს გაუგზავნა შეურაცხმყოფელი მოკლეტექსტური შეტყობინებები და ამ ფაქტის შესახებ მას თ-----მ უამბო. მოწმემ ასევე განმარტა, რომ სახლიდან თ-----ს წამოსვლის შემდეგ ა------- გ--–-----მა დაურეკა მასაც (მოწმეს) და აგინა, იმის გამო, რომ 2019 წლის 11 მარტს პოლიცია გამოიძახა. რასაც, სინამდვილეში, მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია.
2019 წლის 23 მარტის დათვალიერების ოქმით და მასზე დართული ფოტოსურათით დგინდება, რომ თ----- მ------–---–მა უცნობი აბონენტისგან გამოგზავნილი შეურაცხმყოფელი შინაარსის მოკლეტექსტური შეტყობინებები არა 2019 წლის 16 მარტს, არამედ, იმავე დღის 04:19 და 04:31 საათზე მიიღო.
შემავალი და გამავალი ზარების ამსახველი დეტალური ნუსხითა და მისი დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ 2019 წლის 16 მარტს, 00:10 სთ-ზე თ----- მ------–---–ის მობილური ტელეფონის ნომერზე განხორციელდა კომუნიკაცია, რომლის ხანგრძლივობამ შეადგინა 23 წუთი და 26 წამი. საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე თ----- მ------–---–ის განმარტებით, ზემოაღნიშნული ზარი განხორციელებული იქნა ა------- გ--–-----ის მიერ, მათი ვაჟის ტელეფონიდან, რა დროსაც ბრალდებულმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
ბრალდებულმა ა------- გ--–-----მა მისთვის საქართველოს სსკ-ის 111, 3811 მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და დაკითხვისას განმარტა, რომ ბრალდება ეფუძნება მისი ყოფილი მეუღლის, თ----- მ------–---–ის მიერ მოგონილ ფაქტებს, რომელსაც ქონებრივი ინტერესი ამოძრავებს. ბრალდებულმა აღნიშნა, რომ 2019 წლის 16 მარტს ყოფილ მეუღლესთან კომუნიკაცია არ ჰქონია და არც შეურაცხყოფა მიუყენებია მისთვის, 2019 წლის 21 მარტს კი მეზობლად მცხოვრებ ნათესავთან სტუმრობისას თ----- მ------–---–ს შემთხვევით შეხვდა, რადგან არ იცოდა, რომ იმ დროს ისიც აპირებდა ბავშვების სანახავად მისვლას.
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.
სამართლებრივი შეფასება:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო ბრალდების და დაცვის მხარეთა სააპელაციო საჩივრების მოთხოვნებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი ა------- გ--–-----ის მიმართ, უცვლელად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ა------- გ--–-----ის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).
სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Hirvisaari v. Finland, პარ. 30).
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ყოველი ბრალდებული უდანაშაულოდ მიიჩნევა, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ-მასრი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia) [დიდი პალატა], №39630/09, პარაგრ. 151, 13.12.2012, „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v The UK) [დიდი პალატა], №29750/09, პარაგრ.48, 16.09.2014).
სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამასთან, მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრება როგორც შიდასამართლებრივი, ისე საერთაშორისო სამართლით აღიარებული სტანდარტია. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი. (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 76-77, აგრეთვე, გადაწყვეტილება საქმეებზე - Lavents v. Latvia, პარ. 125 და Melich and Beck v. Czech Republic, პარ. 49).
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე–7 პუნქტის შესაბამისად, ,,დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.“. საქართველოს კონსტიტუციის 62–ე მუხლის მე–5 პუნქტის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებენ უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვენლოვან გარანტიას ქმნის. გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობის მითითებას, არამედ ასევე მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისათვის რელევანტური ფაქტებისა და გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც საბოლოო ჯამში პირის ბრალეულობაზე მიუთითებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–5 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“. ამავე კოდექსის 82–ე მუხლის მე–3 ნაწილის მიხედვით, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“, ხოლო ამავე კოდექსის 269–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, „არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ვერ დაეთანხმება სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას ა------- გ--–-----ის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანის და ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით (საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი) გამამტყუნებელი განაჩენის დადგენის თაობაზე.
სააპელაციო პალატა, ააანალიზებს რა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მხარეთა მიერ წარმოდგენილ და გამოკვლეულ მტკიცებულებებს, სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მსჯელობას, რომ ბრალდებას არ წარმოუდგენია უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდებოდა ა------- გ--–-----ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი. ბრალდების მხარეს სასამართლო განხილვისას არ წარუდგენია არათუ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ერთი პირდაპირი მტკიცებულებაც კი, რომელიც დაადასტურება 2017 წლის 13 ივნისს ა------- გ--–-----ის მიერ ფიზიკური ძალადობის ჩადენის ფაქტს. პირველი ისტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები: სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და მოწმე ა-------–---–---–ის ჩვენება, რომლებიც ა------- გ--–-----ის მიერ თ----- მ------–---–ის მიმართ ფიზიკური ძალადობის შესაძლო ფაქტზე ინფორმაციას იძლევა, ირიბი მტკიცებულებებია და საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტის ასახვისას სხვა წყაროდან მოპოვებულ ფაქტობრივ ინფორმაციას ეყრდნობა, კერძოდ ისინი მთლიანად ემყარება დაზარალებულ თ----- მ------–---–ისგან მიღებულ ინფორმაციას, თ----- მ------–---–ს კი თავის მხრივ, საქმის არსებითი განხილვისას ეს ფაქტი არ დაუდასტურებია.
პალატა ყურადღებას ამახვილებს საქართველო საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მეორე წინადადებისა და იმავე კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებდა აღნიშნული კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულებების – ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მხოლოდ ერთი მტკიცებულების არსებობა არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, რაც გულისხმობს ერთმანეთთან შეთანხმებულ, დამაჯერებელ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას (საქმე №291აპ-17, 9 ნოემბერი, 2017 წელი).
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ მოცემულ საქმეზე არც გამოძიების და არც სასამართლო განხილვისას არ ყოფილა მოპოვებული და გამოკვლეული უტყუარი მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა ა------- გ--–-----ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. წარდგენილი ბრალდება ამ ეპიზოდში ეფუძნებოდა მხოლოდ ერთ მტკიცებულებას - დაზარალებულ თ----- მ------–---–ის გამოკითხვისას მიღებულ ინფორმაციას.
შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალდების მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, არგუმენტაცია დაფუძნებულია ირიბ მტკიცებულებაზე. პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი ბრალდების ამ ეპიზოდში სავსებით სამართლიანად გადაწყვიტა ა------- გ--–-----ის სასარგებლოდ, რაც საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე–7 პუნქტის და საქართველოს სსსკ-ის მე–5 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნაა. გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მოცემულ საქმეში არ არსებობს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა იმის დამადასტურებლად, რომ ა------- გ--–-----მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშული.
საქართველოს სსკ–ის 111,3811–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთან მიმართებაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩვეულ ფაქტობრივ გარემოებებს სადაოდ არ ხდიან მხარეები და სააპელაციო პალატაც განმარტავს, რომ საქმეზე არსებული ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, მოწმეების: ბ--–- გ--–-----ის, გ------- ყ------–---–ის, ლ-----------–---–ის და თავად ბრალდებულ ა------- გ--–-----ის ჩვენებებით, დადგენილია, რომ 2019 წლის 21 მარტს ლ---------------- ყ------–---–--ის სახლში ბრალდებულისა და დაზარალებულის შეხვედრა ნამდვილად შედგა. ამავე მტკიცებულებებით ასევე უტყუარადაა დადგენილი, რომ 2019 წლის 12 მარტის N0----- შემაკავებელი ორდერით დადგენილი აკრძალვის მიუხედავად, ა------- გ--–-----ი თავად შევიდა თ----- მ------–---–თან კომუნიკაციაში და საყვედურით მიმართა მას, რასაც შედეგად მათ შორის კამათი და შემაკავებელი ორდერის დარღვევა მოჰყვა.
მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა თვლის, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ა------- გ--–-----მა ჩაიდინა ოჯახის წევრი მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ–ის 111,3811–ე მუხლის პირველი ნაწილით. რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 21 მარტს შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადაში, ამავე ორდერით დადგენილი კომუნიკაციის აკრძალვის მიუხედავად, ა------- გ--–-----ი კომუნიკაციაში შევიდა თ----- მ------–---–თან, რითიც დაარღვია და არ შეასრულა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები.
პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ა------- გ--–-----ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ.
სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას ა------- გ--–-----ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის ნაწილშიც, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რომლის სანქციის ფარგლებშიც დანიშნული აქვს სასჯელი ა------- გ--–-----ს, სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ,,სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს“.
პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება. დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულისა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ ა------- გ--–-----ისთვის განაჩენთა ერთობლიობით დანიშნულ სასჯელს სამართლიანად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისთვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები, ნასამართლობა, გაითვალისწინა რა ვითარებაში მოხდა ა------- გ--–-----ის მიერ დანაშაულის ჩადენა, ასევე გაითვალისწინა დანაშაულის ჩადენის ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება და ისე დაუნიშნა სასჯელი, რაც პალატის დასკვნით, სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ ა------- გ--–-----ს განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელის სახე და ზომა მის მიერ ჩადენილი ქმედებების პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედებები, გამოიტანოს სათანადო დასკვნები და მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 31 ივლისის განაჩენი ა------- გ--–-----ის მიმართ, არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი, არის სამართლიანი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ა------- გ--–-----ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის პირველი ნაწილით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
სახელმწიფო ბრალმდებლის, თბილისის გლდანი–ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ თინათინ ჭურღულიას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 31 ივლისის განაჩენი ა------- გ--–-----ის მიმართ დარჩეს უცვლელი.
ა------- გ--–-----ი ცნობილი იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ–ის 1261–ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
ა------- გ--–-----ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს – ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ–ის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამარლოს 2018 წლის 09 მარტის განაჩენით ა------- გ--–-----ის მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი.
საქართველოს სსკ–ის 59-ე მუხლის მე-5 და მე-8 ნაწილების შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს, წინა განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან, თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) თვის და 05 (ხუთი) დღის ვადით და სრულად დაემატოს დამატებითი სასჯელების მოუხდელი ნაწილი, ჯარიმა - 327 (სამას ოცდაშვიდი) ლარის ოდენობით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა 02 (ორი) წლის და 02 (ორი) თვის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ა------- გ--–-----ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს – ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) თვის და 05 (ხუთი) დღის ვადით და დამატებითი სასჯელი – ჯარიმა 327 (სამას ოცდაშვიდი) ლარის ოდენობით და 02 (ორი) წლისა და 02 (ორი) თვის ვადით სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა.
მსჯავრდებულ ა------- გ--–-----ს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 26 მარტიდან, 2019 წლის 31 ივლისის ჩათვლით.
მსჯავრდებული ა------- გ--–-----ი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოტანისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ.ჯორბენაძე