განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 13.06.2019
საქმის ნომერი
330310018002261833
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
13.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330310018002261833

საქმე №3ბ/2470-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

13 ივნისი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - თამარ ონიანი

სხდომის მდივანი - ნათია ზანდუკელი

 

აპელანტი (მოსარჩელე) - გ----- გ--------–--ე

წარმომადგენელი - რ----------------ე

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

წარმომადგენელი - ი--------–---

 

მესამე პირი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

წარმომადგენელი - გ--------------–-–---–ი

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა; ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

 

სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება

 

1.1. აპელანტის მოთხოვნა:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

2.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილებით გ----- გ--------–--ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

2.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.2.1. გ----- გ--------–--ე 2004 წლის 27 დეკემბრამდე სამხედრო მოსამსახურედ ირიცხებოდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების რიგებში.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 28 მარტის ბრძანებით გ----- გ--------–--ე 2004 წლის 27 დეკემბრიდან ამოირიცხა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების რიგებიდან.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების რიგებიდან გ----- გ--------–--ის ამორიცხვის შემდგომ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მისი ჩარიცხვის თაობაზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ გამოცემულა. შესაბამისად, არ გამოცემულა მისი საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან ამორიცხვის შესახებ ბრძანება.

 

2.2.2. გ----- გ--------–--ემ 2017 წლის 6 ნოემბერს განცხადებით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, წარუდგინა საქართველოს შეიარაღებული ძალების J-1 პირად შემადგენლობასთან მუშაობის დეპარტამენტის უფროსის მიერ დამტკიცებული აქტი პირადი საქმეების გადაცემის თაობაზე, სადაც მისი განმარტებით, მისი გვარი შეცდომით იქნა მითითებული და ითხოვა მისი პირადი საქმის მოძიება, საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში მისი ჩარიცხვისა და ამორიცხვის თაობაზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა და მისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით სათანადო წარდგინების გამოცემა მისი წელთა ნამსახურობის შესახებ, რაზეც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2017 წლის 16 ნოემბრის №MOD 7------------ წერილობითი მიმართვით ეთქვა უარი იმის გამო, რომ მისი პირადი საქმე საქართველოს თავდაცვის სამინისტროში არ ინახებოდა.

 

გ----- გ--------–--ემ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2017 წლის 16 ნოემბრის №MOD 7------------ წერილობითი მიმართვა ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, რაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2017 წლის 20 დეკემბრის №MOD 7------------ წერილობითი მიმართვის შესაბამისად დარჩა განუხილველი.

 

2.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.3.1. საქართველოს კონსტიტუციის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის) 42-ე მუხლის პირველ პუნქტზე, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 23-ე მუხლის პირველ ნაწილზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „დ” ქვეპუნქტებზე მითითებით, სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2017 წლის 16 ნოემბრის №MOD 7------------ და 2017 წლის 20 დეკემბრის №MOD 7------------ წერილობითი მიმართვები ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტებია, ხოლო დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი კანონშესაბამისობა. სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს ასევე მოსარჩელის მოთხოვნა გ----- გ--------–--ის საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ჩარიცხვისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან ამორიცხვის შესახებ აქტის გამოცემისა და მისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით წარდგინების გამოცემის დავალების თაობაზე.

 

2.3.2. საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 101-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის, 32-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, სასამართლომ განმარტა, რომ სამხედრო სამსახურის დაწყებისა და დასრულების აუცილებელ სამართლებრივ საფუძვლებად პირის სამხედრო სამსახურში ჩარიცხვასა და ამორიცხვას ადგენს. სასამართლომ მიუთითა 2017 წლის 1 ივლისამდე მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე და 110-ე მუხლების პირველ პუნქტებზე, რომელთა მიხედვით, თანამდებობაზე დანიშვნა და გათავისუფლება ფორმდებოდა ბრძანებით, განკარგულებით ან დადგენილებით.

 

2.3.3. „საქართველოს სამხედრო ძალებში სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №616 ბრძანებულებით განხორციელდა შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების რეორგანიზაცია და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების მოცემული ბრძანებულების დანართში აღნიშნული ქვედანაყოფები, არსებული საშტატო რიცხოვნობით, გადაეცა თავდაცვის სამინისტროს. თავდაცვის სამინისტროს დაევალა უზრუნველეყო ბრძანებულების პირველი პუნქტით გადაცემული შინაგანი ჯარების ქვედანაყოფების და ცენტრალური აპარატის შესაბამისი სამხედრო მოსამსახურეების მიერ სამხედრო სამსახურის გაგრძელება საქართველოს შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. თავდაცვის სამინისტროს დაევალა საშტატო რიცხოვნობისა და დაფინანსების გათვალისწინებით 2005 წლის პირველ თებერვლამდე გადაცემული ქვედანაყოფების რეორგანიზაცია და დაკოპლექტება.

 

გ----- გ--------–--ე 2004 წლის 27 დეკემბრამდე სამხედრო მოსამსახურედ ირიცხებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების რიგებში. შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 28 მარტის ბრძანებით გ----- გ--------–--ე 2004 წლის 27 დეკემბრიდან ამოირიცხა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების რიგებიდან. ამასთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების რიგებიდან გ----- გ--------–--ის ამორიცხვის შემდგომ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მისი ჩარიცხვის თაობაზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ გამოცემულა. შესაბამისად, არ გამოცემულა მისი საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან ამორიცხვის შესახებ ბრძანება.

 

საქართველოს პრეზიდენტის მითითებული ბრძანებულებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განესაზღვრა ვალდებულება 2005 წლის 1 თებერვლამდე გამოეცა შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, მათ შორის, გ----- გ--------–--ის საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში სამსახურის გაგრძელების (ჩარიცხვის) თაობაზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი ვადის დარღვევა ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის თქმად და იგი გასაჩივრდება ამ თავით დადგენილი წესით. სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ, საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №616 ბრძანებულებით განსაზღვრულ ვადაში გ----- გ--------–--ის საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ჩარიცხვის თაობაზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადის დარღვევა ჩაითვალა ასეთი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარად და გ----- გ--------–--ეს ჰქონდა შესაძლებლობა იგი გაესაჩივრებინა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლოში, რაც მას არ განუხორცილებია. შესაბამისად, გ----- გ--------–--ის საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ჩარიცხვაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უარის სამართლებრივი შედეგები ძალაშია და იგი ბათილად არ ყოფილა ცნობილი, ხოლო მოცემული დავის ფარგლებში მისი კანონიერება, სასამართლოს მიერ ვერ შემოწმდება.

 

ამასთან, სამართლებრივი სტაბილურობისა და უზუსტობის თავიდან აცილების უზრუნველსაყოფად, სამართალში დადგენილია მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადები, რაც გულისხმობს შესაბამისი ვადის გასვლის შემდეგ უფლების სასამართლოს მეშვეობით დაცვის გამორიცხვას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს ათ წელს. მოცემულ საკითხთან მიმართებით პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2013 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილებაზე საქმეზე „ზოლოტასი საბერძნეთის წინააღმდეგ“, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 17 მარტის განჩინებაზე №ბს-833-825(კს-15).

 

დადგენილია, რომ გ----- გ--------–--ემ 2016 და 2017 წლებში, შესაბამისად, მისი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ჩარიცხვის უფლების წარმოშობიდან ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ მიმართა განცხადებით საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს და ითხოვა მისი საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის თაობაზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რაზეც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2017 წლის 16 ნოემბრის №MOD 7------------ წერილობითი მიმართვით ეთქვა უარი იმის გამო, რომ მისი პირადი საქმე თავდაცვის სამინისტროში არ ინახებოდა.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე. სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გ----- გ--------–--ის მოთხოვნა მისი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2004 წლის 27 დეკემბრიდან ჩარიცხვისა და 2005 წლის აპრილიდან ამორიცხვის შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე, სამართლებრივად უსაფუძვლო და ხანდაზმულია, რაც მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აძლევს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის უფლებას.

 

რაც შეეხება გ----- გ--------–--ის პირადი საქმის მოძიებას, სასამართლომ აღნიშნა, რომ იმ პირობებში, როდესაც მისი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ჩარიცხვის თაობაზე ბრძანება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ არ გამოცემულა და შესაბამისად, მისი საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან ამორიცხვის ბრძანება უფლებამოსილ თანამდებობის პირს არ გამოუცია, მოცემულ შემთხვევაში პირადი საქმის გადაცემაზე უარი არ აყენებს მის კანონიერ უფლებას და ინტერესს ზიანს, რადგან მის ინტერესს სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა წარმოადგენს, ხოლო სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის კანონით გათვალისწინებულ საფუძველს სწორედ სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი წარმოადგენს, რაც გ----- გ--------–--ესთან მიმართებაში არ გამოცემულა და ამას მხარეები სადავოდ არ ხდიან.

 

სასამართლომ მიუთითა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტზე, 26-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებზე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის N 46/ნ ბრძანებით დამტკიცებული სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესის (დანართი N2) მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე. სასამართლომ განმარტა, პირისათვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის კანონით გათვალისწინებული ერთ-ერთი აუცილებელი პირობა სამხედრო სამსახურიდან დათხოვნა და შესაბამისი ბრძანების უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოსათვის წარდგენაა, რაც მოცემულ შემთხვევაში არ განხორციელებულა. შესაბამისად, ასეთ პირობებში, მოსარჩელის პირადი საქმის მოუძიებლობა პირდაპირ და უშუალო ზიანს არ აყენებს მის კანონიერ უფლებას და ინტერესს, რადგან მისი პირადი საქმის მოძიების შემთხვევაშიც, უდავოდ არის დადგენილი, რომ იგი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სათანადო ბრძანებით არ ჩარიცხულა და ასევე ბრძანებით არ ყოფილა დათხოვნილი სამხედრო სამსახურიდან, რის გამოც საქართველოს თავდაცვის სამინისტრო არ ჩაითვლება შესაბამის დაწესებულებად, რომელმაც გ----- გ--------–--ის სამხედრო სამსახურში წელთა ნამსახურობის გაანგარიშება უნდა მოამზადოს და უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა წარუდგინოს, რადგან მისი სამხედრო სამსახურში - საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სამსახურის სამართლებრივი საფუძვლები (ჩარიცხვა-ამორიცხვის ბრძანებები) კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ არ გამოცემულა.

 

2.3.4. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლზე მითითებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის, ასევე გ----- გ--------–--ის საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2004 წლის 27 დეკემბრიდან ჩარიცხვისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან 2005 წლის აპრილიდან ამორიცხვის შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების კანონით გათვალისწინებული საფუძვლები.

 

3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტი აღნიშნავს, რომ მის ინტერესს წარმოადგენს სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა, რომელსაც ვერ მიიღებს სამხედრო ძალებიდან დათხოვნის ბრძანების გამოცემისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსადმი წარდგინების გარეშე. სააპელაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 28 მარტის N1--- ბრძანებაში მითითებული, მოსარჩელის ჯარიდან ამორიცხვის საფუძველი, კერძოდ, შემდგომი სამსახურის გაგრძელების მიზნით „საქართველოს თავდაცვის სამინისტროზე გადაცემა.“

 

სააპელაციო საჩივრის თანახმად, საქმის განხილვისას მხარეთა მსჯელობის საგანი არ გამხდარა ხანდაზმულობის ვადები. უფრო მეტიც, მოპასუხე არ მიუთითებდა სარჩელის ხანდაზმულობაზე, არამედ მხოლოდ იმ გარემოებაზე აპელირებდა, რომ პირადი საქმე თავდაცვის სამინისტროში არ ინახებოდა. აპელანტის მოსაზრებით, დარღვეულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის მოთხოვნები. ამასთანავე, მოსარჩელის იურიდიულ ინტერესს არა სამსახურში აღდგენა, არამედ სამსახურიდან თადარიგში დათხოვნის ბრძანების გამოცემა წარმოადგენს, რომელიც ერთ-ერთი აუცილებელი დოკუმენტია სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად.

 

აპელანტი დამატებით აღნიშნავს, რომ სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისათვის საჭირო დოკუმენტების მოთხოვნით თავდაპირველად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა, სადაც განუმარტეს, რომ ამ საკითხზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის უნდა მიემართა. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ადმინისტრაციული საქმისწარმოება საქართველოს თავდაცვის სამინისტროში საქართველოს სამხედრო ძალებიდან თადარიგში დათხოვნის ბრძანების გამოცემის მოთხოვნით. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლიდან გამომდინარე, უსაფუძვლოა სასამართლოს მითითება სარჩელის ხანდაზმულობაზე.

 

სააპელაციო საჩივრის მიხედვით, აპელანტის პირადი საქმე და სამხედრო ბილეთი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გადაეცა და სწორედ ეს სამინისტრო იყო ვალდებული საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის N616 ბრძანებულების მე-2 პუნქტის თანახმად, შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოეცა, რაც გახდებოდა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის საფუძველი. საყურადღებოა, რომ მსგავსი საკითხების მოწესრიგების მიზნით საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 6 თებერვლის №MOD1---------- ბრძანებით სამინისტროში შექმნილია კომისია, თუმცა საკითხის კომისიაზე განხილვის ნაცვლად, აპელანტს მიეთითა სასამართლოსადმი მიმართვის შესახებ.

 

აპელანტი მიიჩნევს, რომ სარჩელი ფაქტობრივ-სამართლებრივად დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების დასაბუთება:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს ამავე კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, როდესაც არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები), სააპელაციო სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოიტანოს გადაწყვეტილება, რა დროსაც, ამავე კოდექსის 386-ე მუხლის მიხედვით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

სააპელაციო სასამართლო სააპელაციო საჩივრის ფარგლებში აფასებს რა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებას, მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება არ მისცა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, რის გამოც გადაწყვეტილების სამართლებრივ დასაბუთებას არ იზიარებს.

 

5.1. ფაქტობრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატა სააპელაციო საჩივრის ფარგლებში დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის - შეიარაღებული ძალების მთავარი შტაბის უფროსის 1992 წლის 18 ნოემბრის N--- ბრძანებით, საქართველოს რესპუბლიკის გ---------------- ბრიგადის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადასვლასთან დაკავშირებით, გ----- ლ--------- გ--------–--ე დაინიშნა 2----------------------–--------–-------------------–---–-----------------------–-–--–- ოცეულის მეთაურად.

 

საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 1993 წლის 15 აპრილის N--- ბრძანებით გ----- გ--------–--ე 1993 წლის 24 მარტიდან დაინიშნა მ--------------------------------------------------–--------------------–------------------–--------–-------–-----ს უფროსად.

 

საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების მთავარი სამმართველოს 1993 წლის 1------------------ ბრძანებით გ-----ი გ--------–--ე დაინიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების რიგებში.

 

საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების მთავარი სამმართველოს 1993 წლის 24 დეკემბრის N-----– ბრძანებით გ-----ი გ--------–--ე დაინიშნა შინაგანი ჯარების ს-------------------------------–--–--------–------ მეთაურის მოადგილედ 1993 წლის პირველი დეკემბრიდან.

 

საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების მთავარი სამმართველოს 1994 წლის 11 ოქტომბრის N-----– ბრძანებით კაპიტანი გ-----ი ლ--------- გ--------–--ე 1994 წლის 14 სექტემბრიდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნა შსს შინაგანი ჯარების კადრების განკარგულებაში, საქართველოს რესპუბლიკის შსს შინაგანი ჯარების ს----------------–----------------------------–--–----------–------ის კადრირებულ შტატებზე გადაყვანასთან დაკავშირებით.

 

საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების სარდლის 1996 წლის 5 თებერვლის N----– ბრძანებით გ-----ი გ--------–--ე 1995 წლის 20 დეკემბრიდან დაინიშნა შინაგანი ჯარების ცალკეული მოტომსროლელი ბატალიონის მეთაურის მოადგილედ.

 

საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების სარდლის 1996 წლის 6 ნოემბრის N-----– ბრძანებით გ-----ი გ--------–--ე 1996 წლის 22 აგვისტოდან დაინიშნა შინაგანი ჯარების ს---------–--–-----–----------------–--–--------–----ის (ს/ნ 2---) მეთაურის მოადგილედ.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების სარდლის 1997 წლის 5 დეკემბრის N--- ბრძანებით მაიორ გ-----ი გ--------–--ეს მიენიჭა ომში მონაწილის კატეგორია.

 

საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების სარდლის 1998 წლის 12 აგვისტოს N-----– ბრძანებით გ-----ი გ--------–--ე 1998 წლის 1 ივლისიდან დაინიშნა შინაგანი ჯარების ც--–-----–----------------–--–----------ის (ს/ნ 2---) მეთაურის მოადგილედ ს--–-----–----–---- სამსახურის დარგში.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების სარდლის 1999 წლის 21 მაისის N-----– ბრძანებით გ-----ი გ--------–--ე 1999 წლის 22 მარტიდან დაინიშნა N2--- შტაბის უფროსის მოადგილედ სამსახურის დარგში.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების სარდლის 2000 წლის 7 ნოემბრის N-----– ბრძანებით გ-----ი გ--------–--ე 2000 წლის 25 აგვისტოდან დაინიშნა მე------------------–----------ის (ს/ნ 2---) შტაბის უფროსის თანამდებობაზე.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2001 წლის 1 ოქტომბრის N-----– ბრძანებით გ-----ი ლ--------- გ--------–--ეს მიენიჭა შინაგანი ჯარების ვიცე-პოლკოვნიკის წოდება.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების სარდლის 2004 წლის პირველი ივნისის N-----– ბრძანებით გ----- გ--------–--ე დაინიშნა შინაგანი ჯარების მე------------------–---------------------------------–--ის თანამდებობაზე, სამხედრო წოდების „ვიცე-პოლკოვნიკის“ მინიჭებით.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 28 მარტის №1-----– ბრძანების თანახმად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროზე გადაცემული შინაგანი ჯარების ქვედანაყოფში მოსამსახურე სამხედრო მოსამსახურე გ----- გ--------–--ე 2004 წლის 27 დეკემბრიდან ამოირიცხა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების რიგებიდან.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 9 თებერვლის №M------------- ბრძანებით ცვლილება იქნა შეტანილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 28 მარტის N1-----– ბრძანებაში და განისაზღვრა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროზე გადაცემული შინაგანი ჯარების ქვედანაყოფებში მოსამსახურე სამხედრო მოსამსახურეები, წარდგენილი თანდართული სიის შესაბამისად, დათხოვნილ იქნენ (სხვა დაწესებულებათი გადასვლასთან დაკავშირებით) შინაგან საქმეთა სამინისტროდან 2005 წლის პირველი იანვრიდან.

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯ-1 პირად შემადგენლობასთან მუშაობის დეპარტამენტის უფროსის 2005 წლის 18 თებერვლის აქტის თანახმად, შინაგანი ჯარების პირადი საქმეების არქივიდან თავდაცვის სამინისტროს პირადი საქმეების საცავს გადაეცა ქვემდებარეობით ყოფილი შინაგანი ჯარების სამხედრო მოსამსახურეთა პირადი საქმეები, მათ შორის დასახელებულია ვიცე-პოლკოვნიკი გ----- ლ--------- გ--------–--ე.

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჩუღურეთის რაიონის გამგეობის 2016 წლის 7 დეკემბრის N2-------- წერილის შესაბამისად, გამგეობის სამხედრო განყოფილებაში პირველად და რეზერვის საერთო აღრიცხვაძე გ-----ი გ--------–--ე არასდროს ყოფილა და მისი სამხედრო პირადი საქმე განყოფილებაში არ მოიპოვება.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 12 ივნისის №M------------- წერილით გ-----ი გ--------–--ეს განემარტა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 8 დეკემბრის N566 და 27 დეკემბრის N616 ბრძანებულებების საფუძველზე, შემდგომი სამსახურის გაგრძელების მიზნით, გ-----ი გ--------–--ის საქმე ქვემდებარეობით გადაეგზავნა საქართველოს შეირაღებული ძალების J-1 პირად შემადგენლობასთან ერთად მუშაობის დეპარტამენტს.

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2017 წლის 17 ოქტომბრის წერილით გ-----ი გ--------–--ეს ეცნობა, რომ გ-----ი გ--------–--ის პირადი საქმის მისთვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტაცია ვერ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მოპოვებული. მხარეს ეცნობა, რომ მისი პირადი საქმის მოძიების მიზნით, მიზანშეწონილია, მიმართოს შესაბამისი მუნიციპალიტეტის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურს.

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 შემადგენლობის დეპარტამენტის 2017 წლის 27 ოქტომბრის №M------------- წერილით გ----- გ--------–--ეს განემარტა, რომ დეპარტამენტში ჩატარდა ადმინისტრაციული წარმოება, რომლის შედეგად გ----- გ--------–--ის შესახებ დოკუმენტი ვერ მოიძებნა. ამდენად, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ჩარიცხვისა და ამორიცხვის შესახებ აქტები გამოცემა ვერ განხორცილდება.

 

გ----- გ--------–--ემ 2017 წლის 6 ნოემბერს განცხადებით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, წარუდგინა საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯ-1 პირად შემადგენლობასთან მუშაობის დეპარტამენტის უფროსის მიერ დამტკიცებული აქტი პირადი საქმეების გადაცემის თაობაზე, სადაც მისი განმარტებით, გვარი შეცდომით იქნა მითითებული და ითხოვა მისი პირადი საქმის მოძიება, საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში მისი ჩარიცხვისა და ამორიცხვის თაობაზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა და მისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით სათანადო წარდგინების გამოცემა წელთა ნამსახურობის შესახებ.

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2017 წლის 16 ნოემბრის №M------------- წერილის თანახმად, 2005 წლის 18 თებერვლის N1--- მიღება-ჩაბარების აქტი ითვალისწინებს შინაგანი ჯარების პირადი საქმეების არქივიდან თავდაცვის სამინისტროს პირადი საქმეების საცავისთვის სამხედრო მოსამსახურის პირადი საქმის გადაცემას, რომელთა შორის გ-----ი ლ--------- გ--------–--ე არ ფიგურირებს, არამედ 187-ე ნომრად მითითებულია ლეიტენანტი მ-----–-------–----- გ--------–--ე, ხოლო 188-ე ნომრად - ვიცე პოლკოვნილი გ-----ი ლ--------- გ--------–--ე. ამავე წერილით გ-----ი გ--------–--ეს გვართან მიმართებით შესაძლო ტექნიკური ხარვეზის არსბეობასთან დაკავშირებით განემარტა, რომ ვინაიდან პირადი საქმეები არ ინახება სამინისტროში, იგი მოკლებულია იგივეობის საკითხის შესწავლის შესაძლებლობას.

 

გ-----ი გ--------–--ემ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2017 წლის 16 ნოემბრის №M------------- წერილობითი მიმართვა ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში.

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2017 წლის 20 დეკემბრის №M------------- წერილობითი მიმართვის შესაბამისად, ადმინისტრაციული საჩივარი არ იქნა განხილული და გ-----ი გ--------–--ეს განემარტა, რომ აქვს სასამართლოსადმი მიმართვის უფლება.

 

სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის, კერძოდ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 10 აპრილის N0-------- წერილის თანახმად, სამოქალაქო აქტების მონაცემთა ბაზაში ფიქსირდება გ-----ი ლ--------- გ--------–--ის საიდენტიფიკაციო მონაცემებით (დაბადებული 19---–-–----------------). ამასთან, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 12 აპრილის N0-------- წერილის თანახმად, სამოქალაქო აქტების მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში გ----- (გ-----ი) ლ--------- გ--------–--ის დაბადებისა და გარდაცვალების შესახებ მონაცემები არ ფიქსირდება. ამასთან, ელექტრონული ბაზა არ არის სრულყოფილი, რადგან შეიქმნა 2008 წელს და ამ დრომდე არსებული აქტის ჩანაწერების დიგიტალიზაცია მიმდინარეობს ეტაპობრივად.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2019 წლის 11 აპრილის №M------------- და №M-------------, 2019 წლის 12 აპრილის №M------------- წერილების შესაბამისად, გ-----ი ლ--------- გ--------–--ის სამხედრო ნამსახურობის დამადასტურებელი ინფორმაცია და ბრძანებები სამინისტროს საარქივო ფონდში არ იძებნება.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის საქმისწარმოების ორგანიზების განყოფილების სპეციალისტის 2019 წლის ცნობის შესაბამისად, განყოფილებაში (არქივში) ყოფილი შინაგანი ჯარების დაცულ დოკუმენტებში გ-----ი ლ--------- გ--------–--ის ფულადი უზრუნველყოფის (სახელფასო) ბარათები დაცული არ არის.

 

5.2. სამართლებრივი დასაბუთება:

 

5.2.1. სააპელაციო სასამართლო სააპელაციო საჩივრის განხილვის ფარგლებში მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად არ დაადგინა საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები, ხოლო დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს მისცა არასწორი სამართლებრივი შეფასება, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას განაპირობებს.

 

5.2.2. განსახილველ შემთხვევაში სადავოა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნებისთვის მოსარჩელის საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ნამსახურობის წლების გაანგარიშების წარდგენა, რასაც უკავშირდება მოსარჩელის მიერ სახელმწიფო კომპენსაციის მიღება.

„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, ამ კანონის შესაბამისად კომპენსაციის მიღების უფლება აქვთ სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირებს. მითითებული კანონის 26-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების თანახმად, კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის თაობაზე განცხადება ყველა საჭირო დოკუმენტთან ერთად წარედგინება კომპეტენტურ ორგანოს. კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნისათვის საჭირო დოკუმენტების ნუსხა, შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოების, აგრეთვე კომპენსაციის დანიშვნის წესი და პირობები განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტით.

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის N46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-15 მუხლის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) პირველი პუნქტის მიხედვით, კომპენსაციას შესაბამისი განცხადების საფუძველზე ნიშნავს სააგენტო. განაცხადს თან უნდა ერთოდეს შესაბამისი უწყების წარდგინება, რომელიც მზადდება კანონით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების საფუძველზე და თან ერთვის ყველა საჭირო დოკუმენტი. იმავე მუხლის მოქმედი რედაქცია ასევე ადგენს, რომ კომპენსაციას შესაბამისი განცხადების საფუძველზე ნიშნავს სააგენტო. განცხადებას თან უნდა ერთოდეს შესაბამისი უწყების წარდგინება, რომელიც მზადდება კანონით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების საფუძველზე.

 

ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ სამხედრო მოსამსახურეები აღჭურვილნი არიან დამატებითი სოციალური გარანტიებით, მათ შორის, მათ ენიშნებათ სახელმწიფო კომპენსაცია, რომელიც დაკავშირებულია სამხედრო სამსახურის ხანგრძლივობასთან. ამასთან, სახელმწიფო კომპენსაციის მინიჭებისთვის სოციალური მომსახურების სააგენტოში აუცილებლად უნდა იქნეს წარდგენილი წელთა ნამსახურობის ნუსხა, რომელსაც უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო ამზადებს. მათ შორის, სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 19 ივნისის N448 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის დებულების“ (ძალადაკარგულია 2018 წლის 1 ივნისიდან თავდაცვის მინისტრის 05/18/2018წ. N41 ბრძანებით) მე-6 მუხლის „პ“ პუნქტის თანახმად, დეპარტამენტის ფუნქციაა სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლების მქონე ყოფილ სამხედრო მოსამსახურეთა ნამსახურებ წელთა გაანგარიშება და საბუთების გადაგზავნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში კომპენსაციის დასანიშნად.

 

5.2.3. „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) მიხედვით, სამხედრო სამსახური არის სახელმწიფო სამსახურის განსაკუთრებული სახე, რომელიც მოიცავს სავალდებულო, საკონტრაქტო (პროფესიულ) და კადრის სამხედრო სამსახურებს, აგრეთვე სარეზერვო სამხედრო სამსახურს სამხედრო შეკრებებისა და სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში. სამხედრო სამსახურის გავლის წესი განისაზღვრება ამ კანონით და სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. სამხედრო სამსახურში გაწვევისა და სამხედრო მოსამსახურესთან სამსახურებრივი ურთიერთობების საკითხებზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დისკრეციული უფლებამოსილებების ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება განისაზღვროს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პერსონალის მართვის პოლიტიკის საკითხები.

 

მითითებული კანონის 32-ე მუხლის მეორე და მესამე პუნქტების თანახმად, სამხედრო სამსახურის დაწყების დღედ ითვლება სამხედრო ნაწილის პირად შემადგენლობაში ან შესაბამისი სამხედრო უწყების სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის დღე. სამხედრო სამსახურის დამთავრების დღედ ითვლება ამ კანონით დადგენილი სამხედრო სამსახურის ვადის გასვლისა და სამხედრო ნაწილის პირადი შემადგენლობის სიიდან ამორიცხვის დღე.

 

„სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურის სტატუსი საქართველოს მოქალაქეს, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეს ენიჭება სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის დღიდან და ეხსნება სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღესვე.

 

2017 წლის 1 ივლისამდე მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე და 110-ე მუხლების პირველი პუნქტების მიხედვით, თანამდებობაზე დანიშვნა და გათავისუფლება ფორმდებოდა ბრძანებით, განკარგულებით ან დადგენილებით.

 

განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილია გ-----ი გ--------–--ის სამსახურში დანიშვნის ბრძანებები, რომლებითაც დასტურდება, რომ 1992 წლიდან გ-----ი გ--------–--ე მსახურობდა სამხედრო სამსახურში. ამასთან, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 28 მარტის №1--- პ/შ ბრძანების თანახმად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროზე გადაცემული შინაგანი ჯარების ქვედანაყოფში მოსამსახურე სამხედრო მოსამსახურე გ-----ი გ--------–--ე 2004 წლის 27 დეკემბრიდან ამოირიცხა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების რიგებიდან. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 9 თებერვლის №M------------- ბრძანებით ცვლილება იქნა შეტანილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 28 მარტის N1-----– ბრძანებაში და განისაზღვრა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროზე გადაცემული შინაგანი ჯარების ქვედანაყოფებში მოსამსახურე სამხედრო მოსამსახურეები, წარდგენილი თანდართული სიის შესაბამისად, დათხოვნილ იქნენ (სხვა დაწესებულებათი გადასვლასთან დაკავშირებით) შინაგან საქმეთა სამინისტროდან 2005 წლის პირველი იანვრიდან. ამდენად, საქმეში არსებული მასალებით დასტურდება, რომ სამხედრო სამსახურში გ-----ი გ--------–--ე მსახურობდა 1992 წლიდან 2004 წლის ჩათლით. აღნიშნულის შემდეგ იგი დათხოვნილ იქნა სამსახურიდან და მიზეზად მიეთითა სხვა დაწესებულებაში გადასვლა - „საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის გადაცემა“.

 

ამასთან, საყურადღებოა, რომ „საქართველოს სამხედრო ძალებში სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №616 ბრძანებულების პირველი, მე-2 და მე-5 პუნქტების შესაბამისად, განხორციელდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების რეორგანიზაცია და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების, მოცემული ბრძანებულების დანართში აღნიშნული ქვედანაყოფები, არსებული საშტატო რიცხოვნობით, გადაეცა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა უზრუნველეყო წინამდებარე ბრძანებულების პირველი პუნქტით გადაცემული შინაგანი ჯარების ქვედანაყოფების და ცენტრალური აპარატის შესაბამისი სამხედრო მოსამსახურეების მიერ სამხედრო სამსახურის გაგრძელება საქართველოს შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა გადაცემული საშტატო რიცხოვნობისა და დაფინანსების გათვალისწინებით 2005 წლის პირველ თებერვლამდე გადაცემული ქვედანაყოფების რეორგანიზაცია და მათი დაკოპლექტება.

 

მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, საქმეში არ მოიპოვება და სასამართლოს მიერ ვერ იქნა მოპოვებული მტკიცებულებები გ----- გ--------–--ის საქართველოს თავდაცვის სამინისტროში საქმიანობის შესახებ 2005 წლის განმავლობაში, თუმცა მოსარჩელის განმარტებით, იგი საქართველოს თავდაცვის სამინისტროში 2005 წლის მაისამდე მსახურობდა. მართალია, გ----- გ--------–--ის საქართველოს თავდაცვის სამინისტროში დანიშვნის შესახებ ბრძანებები წარმოდგენილი არ არის, თუმცა საგულისხმოა, რომ მოცემული განპირობებულია გ----- გ--------–--ის პირადი საქმის მოუძიებლობით. კერძოდ, მოპასუხის განმარტებით, მას გ----- გ--------–--ის პირადი საქმე არ გააჩნია, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე, მოსარჩელის პირადი საქმე გადაცემულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან მოსარჩელის დათხოვნის მიზეზზე, კერძოდ, ბრძანების თანახმად გ-----ი გ--------–--ე გადავიდა სხვა სამსახურში, ამასთან, რეორგანიზაცია განხორციელდა სწორედ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №616 ბრძანებულების საფუძველზე, რაც მიუთითებს, რომ მოსარჩელის პირადი საქმე გადაეცა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია საქმეში წარმოდგენილი კორესპონდენცია. საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯ-1 პირად შემადგენლობასთან მუშაობის დეპარტამენტის უფროსის 2005 წლის 18 თებერვლის აქტის თანახმად, შინაგანი ჯარების პირადი საქმეების არქივიდან თავდაცვის სამინისტროს პირადი საქმეების საცავს გადაეცა ქვემდებარეობით ყოფილი შინაგანი ჯარების სამხედრო მოსამსახურეთა პირადი საქმეები, მათ შორის დასახელებულია ვიცე-პოლკოვნიკი გ----- ლ--------- გ--------–--ე. (ტ. 1, ს.ფ. 33-35). ასევე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 12 ივნისის №M------------- წერილით გ----- გ--------–--ეს განემარტა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 8 დეკემბრის N566 და 27 დეკემბრის N616 ბრძანებულებების საფუძველზე, შემდგომი სამსახურის გაგრძელების მიზნით, გ-----ი გ--------–--ის საქმე ქვემდებარეობით გადაეგზავნა საქართველოს შეირაღებული ძალების J-1 პირად შემადგენლობასთან ერთად მუშაობის დეპარტამენტს. (ტ. 1, ს.ფ. 25).

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს სადავო, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2017 წლის 16 ნოემბრის №M------------- წერილის შინაარსზე, რომლის თანახმად, 2005 წლის 18 თებერვლის N1--- მიღება-ჩაბარების აქტი ითვალისწინებს შინაგანი ჯარების პირადი საქმეების არქივიდან თავდაცვის სამინისტროს პირადი საქმეების საცავისთვის სამხედრო მოსამსახურის პირადი საქმის გადაცემას, რომელთა შორის გ----- ლ--------- გ--------–--ე არ ფიგურირებს, არამედ 187-ე ნომრად მითითებულია ლეიტენანტი მ-----–-------–----- გ--------–--ე, ხოლო 188-ე ნომრად - ვიცე პოლკოვნილი გ----- ლ--------- გ--------–--ე. ამავე წერილით გ----- გ--------–--ეს გვართან მიმართებით შესაძლო ტექნიკური ხარვეზის არსბეობასთან დაკავშირებით განემარტა, რომ ვინაიდან პირადი საქმეები არ ინახება სამინისტროში, იგი მოკლებულია იგივეობის საკითხის შესწავლის შესაძლებლობას. (ტ. 1, ს.ფ. 38).

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, მართალია, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსადმი გადაცემული საქმეების ჩამონათვალში მითითებულია გ----- ლ--------- გ--------–--ე, ხოლო მოსარჩელე წარმოადგენს გ----- ლ--------- გ--------–--ეს, თუმცა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სათანადოდ არ შეუსწავლია და გამოუკვლია მოცემულ პირთა იდენტურობის საკითხი, ხომ არ იყო გვარის მითითებისას შეცდომა დაშვებული. მსგავსი შეცდომის არსებობაზე კი მიუთითებს ის გარემოება, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 12 აპრილის N0-------- წერილის თანახმად, სამოქალაქო აქტების მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში გ----- (გ-----ი) ლ--------- გ--------–--ის დაბადებისა და გარდაცვალების შესახებ მონაცემები არ ფიქსირდება. ასევე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2019 წლის 11 აპრილის №M------------- და №M-------------, 2019 წლის 12 აპრილის №M------------- წერილების შესაბამისად, გ----- ლ--------- გ--------–--ის სამხედრო ნამსახურობის დამადასტურებელი ინფორმაცია და ბრძანებები სამინისტროს საარქივო ფონდში არ იძებნება. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის საქმისწარმოების ორგანიზების განყოფილების სპეციალისტის 2019 წლის ცნობის შესაბამისად, განყოფილებაში (არქივში) ყოფილი შინაგანი ჯარების დაცულ დოკუმენტებში გ----- ლ--------- გ--------–--ის ფულადი უზრუნველყოფის (სახელფასო) ბარათები დაცული არ არის. შესაბამისად, არ დასტურდება პიროვნების არსებობა მონაცემებით - გ----- ლ--------- გ--------–--ე და მით უფრო, არ დასტურდება ასეთი მონაცემების მქონე პიროვნების საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მუშაობა. მოცემული ფაქტების ერთობლიობა კი მიუთითებს, რომ მიღება-ჩაბარების აქტი შეიცავს ტექნიკურ ხარვეზს და გ----- ლ--------- გ--------–--ის ნაცვლად მითითებული უნდა იყოს გ----- ლ--------- გ--------–--ე.

 

შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებები მოსარჩელის პირადი საქმის საქართველოს თავდაცვის სამინისტროსადმი გადაცემაზე მიუთითებს. რაც შეეხება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ პირადი საქმის მოუძიებლობას, სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმ პირობებში, როდესაც ადმინისტრაციულ ორგანოთა მიერ სათანადოდ არ იქნა მოსარჩელის პირადი საქმის შენახვის ვალდებულება შესრულებული, საქმეში არსებული მტკიცებულებებით პირადი საქმე გადაეცა სწორედ თავდაცვის სამინისტროს, სადაც მოსარჩელის განმარტებით, იგი დასაქმებული იყო 2005 წლის მაისამდე, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოიყენოს მისთვის კანონით მინიჭებული ყველა შესაძლებლობა, რათა სადავო საკითხი დაადგინოს და გადაწყვიტოს, გასცეს მოსარჩელის მოთხოვნილი ინფორმაცია. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ვალდებულების ჯეროვანი შეუსრულებლობა - მოსარჩელის პირადი საქმის მოუძიებლობა არ შეიძლება გახდეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ქმედების განხორციელებაზე უარის თქმის საფუძველი, არამედ გ----- გ--------–--ის თავდაცვის სამინისტროში ნამსახურობის საკითხის გარკვევა, მისი საერთო ნამსახურობის წლების გაანგარიშება უნდა მოხდეს არსებული წერილობითი მტკიცებულებებისა და სხვა მტკიცებულებების სრულყოფილი შესწავლისა და ურთიერთშედარების საფუძველზე.

 

5.2.4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ან სხვა სახის ქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების ან თავისუფლებების შეზღუდვას, დაიშვება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის შესაბამისად, კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე. ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს, ხოლო 96-ე მუხლის პირველ ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

 

„ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა. ამ ვალდებულების შესრულება ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოს ასევე უმნიშვნელოვანეს - მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებას -ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა ახსნას, განმარტოს, დაასაბუთოს, თუ რატომ, რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება, გარდა აღნიშნულისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით, მას უნდა შეეძლოს იცოდეს რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია. აგრეთვე, დასაბუთებული აქტის გამოცემა აადვილებს საჩივრის ან სარჩელის განმხილველი ორგანოების მიერ მისი კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების პროცესს. კანონმდებელი იმდენად არსებით და აქტის კანონიერების განმსაზღვრელ ფუნქციას ანიჭებს საქმის გარემოებათა გამოკვლევას, რომ იმპერატიულად კრძალავს, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაუდოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილები).“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 23 სექტემბრის განჩინება საქმეზე №ბს-246-243(კ-14)).

 

განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული წარმოება არ წარმართულა ზემოაღნიშნულ ნორმათა შესაბამისად. კერძოდ, ადმინისტრაციულმა ორგანომ (მოპასუხემ) მიუთითა, რომ მას არ გადასცემია გ----- ლ--------- გ--------–--ის პირადი საქმე, რასაც, მისივე განმარტებით, ადასტურებს კორესპონდენციის მისთვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის არარსებობა და მიღება-ჩაბარების აქტში გ----- ლ--------- გ--------–--ის მითითება. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს არ შეუფასებია ის გარემოება, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მიუთითებს პირადი საქმის თავდაცვის სამინისტროსთვის გადაცემაზე, რაც დასტურდება მიღება-ჩაბარების აქტით და ასეთი ვალდებულების არსებობა გამომდინარეობდა საქართველოს პრეზიდენტის N616 ბრძანებულებიდან, გარდა ამისა, „გ----- ლ--------- გ--------–--ის“ საიდენტიფიკაციო მონაცემების მქონე პიროვნების დაბადების ჩანაწერი არ არსებობს, მისი შეიარაღებულ ძალებში სამსახურის ფაქტი არ დგინდება, რაც მიუთითებს მიღება-ჩაბარების აქტში გვარში ტექნიკური შეცდომის დაშვებაზე. ამდენად, თავდაცვის სამინისტროს უნდა უზრუნველეყო სამხედრო მოსამსახურის პირადი საქმის სათანადოდ შენახვა და პირადი საქმის მოუძიებლობა, მით უფრო, ადმინისტრაციულ ორგანოთა ბრალეულობით, არ შეიძლება გახდეს პირის ნამსახურობის გაანგარიშებაზე უარის თქმის საფუძველი, არამედ საკითხი უნდა გადაწყდეს ყველა სხვა მტკიცებულების ერთობლივად განხილვის, შესწავლისა და გამოკვლევის შედეგად, საჭიროების შემთხვევაში სათანადო დოკუმენტაციის გამოთხოვნის გზით. მათ შორის, თავდაცვის სამინისტრომ უნდა შეაფასოს მოსარჩელის შესახებ არსებული, სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები (დანიშვნის ბრძანებები), შემდგომში კი შესწავლილი უნდა იქნეს გ----- გ--------–--ის საქართველოს თავდაცვის სამინისტროში დასაქმებისა და ნამსახურობის წლების დადგენის საკითხი. ამრიგად, წარდგინების მომზადების ნაწილში საქმე საჭიროებს დამატებით გამოკვლევასა და შეფასებას.

 

ამასთან, ვინაიდან მოთხოვნა უკავშირდება სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით წელთა ნამსახურობის გაანგარიშებას და სათანადო წარდგინების მიღების, მოცემული უფლების განხორციელება კი მოსარჩელეს შეუძლია ნებისმიერ დროს, მითითებული სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში დაუშვებელია ხანდაზმულობის ვადის ათვლა დაუკავშირდეს მოსარჩელის სამსახურიდან დათხოვნის პერიოდს. პალატა განმარტავს, რომ სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლება უკავშირდება სამსახურიდან დათხოვნასა და შესაბამისი ხანგრძლივობით მუშაობის სტაჟის შეძენას, მაგრამ ასეთი უფლების მოპოვების შემდეგ პირი არ არის დროში შეზღუდული, თუ როდის მიმართავს სახელმწიფოს კომპენსაციის მიღების მოთხოვნით.

 

რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის გ----- გ--------–--ის საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ჩარიცხვისა და ამორიცხვის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე, სააპელაციო პალატა ითვალისწინებს, რომ, ერთი მხრივ, მოსარჩელის ინტერესს წარმოადგენს სახელმწიფო კომპენსაციის მიღება და ამისთვის სათანადო წარდგინების გამოცემა, მეორე მხრივ კი, გ----- გ--------–--ის საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მუშაობის, მისი ჩარიცხვისა და ამორიცხვის ბრძანებების არსებობის საკითხის გარკვევა, წელთა ნამსახურების გაანგარიშება უნდა მოხდეს სწორედ საქმის გარემოებების გამორკვევის შედეგად, სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით. ასეთი ბრძანებების არარსებობისა და მოსარჩელის საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მუშაობის დაუდასტურებლობის შემთხვევაში კი, სააპელაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს დღეის მდგომარეობით აპელანტის საქართველოს თავდაცვის სამინისტროში დასაქმებისა და გათავისუფლების თაობაზე, რამეთუ პირის სამსახურში ჩარიცხვა და ამორიცხვა ხდება შესაბამისი საფუძვლით, მათ შორის, საქართელოს პრეზიდენტის ბრძანებულებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა გადაცემული საშტატო რიცხოვნობისა და დაფინანსების გათვალისწინებით გადაცემული ქვედანაყოფების რეორგანიზაცია და მათი დაკოპლექტება 2005 წლის პირველ თებერვლამდე. ამდენად, აქტის გამოცემა შეზღუდული იყო დროში. გარდა ამისა, მოსარჩელე არ ითხოვს სამსახურში აღდგენას, გათავისუფლების კანონიერების შემოწმებას, რაც სასამართლოს მისცემდა მისი სამსახურში დანიშვნის, ხოლო შემდგომ - გათავისუფლების საკითხის კანონიერების გადამოწმების შესაძლებლობას. მოცემული დავის ფარგლებში უნდა მოხდეს მხოლოდ უკვე არსებული ფაქტობრივი და სამართლებრივი მდგომარეობის, უკვე დამდგარი შედეგის - გ----- გ--------–--ის ნამსახურობის წლების დადგენა და გაანგარიშება. ამდენად, აღნიშნული მოთხოვნის ნაწილში სარჩელი უსაფუძვლოა.

 

5.2.5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ არსებობს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობა, რომლის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს იგი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. „მითითებული ნორმით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ ვითარებაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. შესაბამისად, შეუძლებელია სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება.“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება საქმეზე №ბს-861-853(კ-16)). „სასკ-ის 32.4 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუკვლევია საკითხის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რაიმე ფაქტობრივი გარემოება და სასამართლო წარმოების ფარგლებში ვერ ხერხდება სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადგენა ან მისი დადგენა მნიშვნელოვან სირთულეებთან არის დაკავშირებული.“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილება საქმეზე №ბს-380-375(2კ-16)). სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში დაცული მტკიცებულებები და სასამართლოს მიერ საქმის გარემოებათა გამოკვლევა შესაძლებელს არ ხდის სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტას გ----- გ--------–--ის წელთა ნამსახურობის საკითხის გამოკვლევის თვალსაზრისით. სწორედ ამიტომ, სადავო აქტები სადავო საკითხის გადაუწყევტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სათანადო წარდგინების მიღების ნაწილში და თავდაცვის სამინისტროს უნდა დაევალოს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, კანონით დადგენილ ვადაში. კერძოდ, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ უნდა გამოიკვლიოს და შეისწავლოს გ----- გ--------–--ის საქართველოს თავდაცვის სამინისტროში დასაქმების ფაქტი, მოახდინოს სამხედრო სამსახურში მისი ნამსახურობის წლების გაანგარიშება და მოამზადოს შესაბამისი წარდგინება. დანარჩენ ნაწილში სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძველს. შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება: სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2017 წლის 16 ნოემბრის №M------------- და 2017 წლის 20 დეკემბრის №M------------- წერილობითი მიმართვები მოსარჩელე გ-----ი გ--------–--ისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით სათანადო წარდგინების გამოცემაზე უარის თქმის ნაწილში და მოცემულ ნაწილში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა კანონით დადგენილ ვადაში. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლისა და „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.

 

რაც შეეხება 1000 ლარის ოდენობით ადვოკატის მომსახურების ხარჯების ანაზღაურების მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაკისრებას, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველ ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და საქმეში წარმოდგენილი სალაროს შემოსავლის ორდერით დასტურდება საადვოკატო მომსახურებისთვის 200 ლარის გადახდის ფაქტი (ტ. 1, ს.ფ. 317), მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ ორასი ლარის ანაზღაურება.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, მე-13, 32-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. გ-----ი გ--------–--ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

 

3. გ-----ი გ--------–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

4. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2017 წლის 16 ნოემბრის №M------------- და 2017 წლის 20 დეკემბრის №M------------- წერილობითი მიმართვები მოსარჩელე გ-----ი გ--------–--ისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით სათანადო წარდგინების გამოცემაზე უარის თქმის ნაწილში და აღნიშნულ ნაწილში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა კანონით დადგენილ ვადაში;

 

5. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

6. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გ-----ი გ--------–--ის სასარგებლოდ დაეკისროს ადვოკატის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის - 200 (ორასი) ლარის ანაზღაურება;

 

7. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან;

 

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე თამარ ონიანი