განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 060100119003069813
საქმე №1/ბ-624-2019წ.
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
08 ნოემბერი, 2019 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის
სამართლის საქმეთა პალატამ
მოსამართლე ლერი თედორაძე
სხდომის მდივანი მარინა მაკარიძე
სახელმწიფო ბრალმდებლის - გ-------–--ის
ადვოკატის – ნ----–---------ს
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების № 061250519001) რ---------------ს მიმართ, დაბადებულის 1971 წლის 02 ნოემბერს, საქართველოს მოქალაქის, (პირადი ნომერი 3----------) დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი).
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 02 აგვისტოს განაჩენით: რ--------------- ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი), და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში; რ---------------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა - გაუქმდა; რ--------------- დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან; გამართლებულ რ---------------ს განემარტა საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების უფლება; დადგინდა, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ჯოხი, რომელიც ინახება შს სამტრედიის რაიონულ სამმართველოში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 02 აგვისტოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სამტრედიის რიონული პროკურატურის პროკურორმა გ-------–--ემ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და რ---------------ს დამნაშავედ ცნობა წარდგენილ ბრალდებაში.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე დაცვის მხარემ იშუამდგომლა სისხლისამართლებრივი დევნის შეწყვეტა რ---------------ს მიმართ, ამ უკანასკნელის გარდაცვალების გამო.
შუამდგომლობას, რ---------------ს მიმართ სისხლისამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ, დაეთანხმა აპელანტი - ბრალდების მხარე.
სააპელაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა შუამდგომლობის მოტივების საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შუამდგომლობა რ---------------ს მიმართ სისხლისსმართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამართლიანი სასამართლოს უფლება უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით და ზოგიერთი საერთაშორისო აქტით, მათ შორის: საერთაშორისო პაქტით სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ (მე-9 და მე-14 მუხლები), ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის (მე-5 და მე-6 მუხლი) ევროპის კავშირის ფუნდამენტურ უფლებათა ქარტიით (47-ე მუხლი) ადამიანის უფლებათა ამერიკული კონვენციით (მე-8 მუხლი).
სასამართლოს მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილების დასაბუთება უნდა მოიცავდეს ყველა მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: მტკიცებულებათა შეფასება, ფაქტების დადგენა, სამართლებრივი არგუმენტები და მათ შორის, საპროცესო საკითხები, რა დროსაც, სასამართლოსათვის მიმართვის უფლება უნდა იყოს თანაზომიერი და რაც მთავარია, ზიანს არ უნდა აყენებდეს თავად უფლების არსს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნა არ უნდა დაიწყოს, ხოლო დაწყებული უნდა შეწყდეს, თუ ბრალდებული გარდაიცვალა.
დადგენილია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო განხილვისა და ბრალდების მხარის მიერ სააპელაციო საჩივრის წარმოდგენის შემდეგ გამართლებული რ--------------- გარდაიცვალა (გარდაცვალება რეგისტრირებულია 29.08.2019 წელს სსგს სამტრედიის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ).
მნიშვნელოვანია განიმარტოს, რომ აწ. გარდაცვლილ რ---------------ს მიმართ, სისხლისამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ დაცვის (მოწინააღმდეგე) მხარის შუამდგომლობას დაეთანხმა ბრალდების (აპელანტი) მხარე.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე, სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით დააყენოს შუამდგომლობა, მოიპოვოს, სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვოს, წარადგინოს და გამოიკვლიოს ყველა შესაბამისი მტკიცებულება.
პალატა მიუთითებს, რომ მხარეებმა აწ გარდაცვლილი რ---------------ს მიმართ სისხლისამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ იშუამდგომლეს სააპელაციო საჩივრის სასამართლო განხილვის დროს, რის გამოც, სასამართლო სისხლისამართლებრივი დევნის შეწყვეტის შუამდგომლობას იხილავს არა საკუთარი ინციციატივით (რომლის უფლებაც სასამართლოს არ გააჩნია), არამედ, მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, როდესაც არსებობს ამ კოდექსით დადგენილი საფუძველი, საქმის არსებითად განმხილველი სასამართლო მხარის შუამდგომლობით წყვეტს სისხლისსამართლებრივ დევნას. პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 191-ე მუხლის აღნიშნული დანაწესი არეგულირებს ზოგადად საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული საფუძვლებით დევნის შეწყვეტის საკითხს.
იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდების მხარე დაეთანხმა დაცვის მხარეს სისხლისამართლებრივი დევნის შეწყვეტის შუამდგომლობას, სამართლებრივად მიუთითებს, რომ აპელანტმა (ბრალდების მხარე) უარი თქვა სააპელაციო საჩივრის განხილვაზე, რაც, მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, აპელანტს (ბრალდების მხარე) უფლება ჰქონდა შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე გაეთხოვა თავისი სააპელაციო საჩივარი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს კანონმდებლობაში ხარვეზის არსებობისას დასაშვებია სისხლის სამართლის საპროცესო ნორმის ანალოგიით გამოყენება, თუ ამით არ იზღუდება საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ადამიანის უფლებები და თავისუფლებები. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებით მიღებული იქნება სამართლებრივად სწორი გადაწყვეტილება.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 107-ე მუხლის თანახმად, განჩინება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ შეიძლება გაასაჩივროს პროკურორმა. იმავე კოდექსის 95-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, საჩივრის შეტანა შეიძლება 10 დღის ვადაში მას შემდეგ, რაც მომჩივნისათვის ცნობილი გახდა იმ ქმედების ან გადაწყვეტილების თაობაზე, რომელსაც იგი უკანონოდ და დაუსაბუთებლად მიიჩნევს.
ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა, რ---------------ს მიმართ, სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სამტრედიის რაიონული პროკურატურის სააპელაციო საჩივარი, სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 02 აგვისტოს განაჩენზე, უნდა დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილით, 95-ე მუხლით, 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 291-ე მუხლით, 297-ე მუხლით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.რ---------------ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ----–---------ს შუამდგომლობა, რ---------------ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის თაობაზე, დაკმაყოფილდეს;
2. შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა რ---------------ს მიმართ;
3.რ---------------ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის გამო, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი;
4.განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში (მდებარე ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№6), მისი გამოტანიდან 10 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე /ლერი თედორაძე/