განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 28.11.2019
საქმის ნომერი
050210118002534792
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
28.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 050210118002534792

საქმე №2/ბ-109

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

28 ნოემბერი 2019 წელი ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სამოქალაქო საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

 

თავმჯდომარე: თამარ სვანიძე

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე

ირმა პერანიძე

 

სხდომის მდივანი - ბექა გიორგაძე

 

აპელანტი/მოწინააღმდეგე მხარე: ხ---- ხ--–-–---–ი

 

შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორი/ მოწინააღმდეგე მხარე: ს----- ნ-------–---–ი

 

დავის საგანი: ხელშეკრულებიდან გასვლა; თანხის დაკისრება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილება

 

აპელანტის ხ---- ხ--–-–---–ის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორის ს----- ნ-------–---–ის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სასამართლოს გარეშე ხარჯის მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილება

 

აღწერილობით ნაწილი:

 

1. ს----- ნ-------–---–მა (შემდგომში: მოსარჩელე, შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორი, შემკვეთი) სარჩელით მიმართა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხედ ხ---- ხ--–-–---–ი (შემდგომში: მოპასუხე, აპელანტი, მენარდე) მიუთითა და ითხოვა ს----- ნ-------–---–სა და ხ---- ხ--–-–---–ს შორის, 2015 წლის 30 ივლისს, სანოტარო წესით დამტკიცებული ნარდობის ხელშეკრულების და მისგან გამომდინარე 2016 წლის 07 მაისს გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტა. ხ---- ხ--–-–---–ისათვის ნარდობის ხელშეკრულების ხარჯების 7600 ლარის, ასევე მიუღებელი შემოსავალის სახით - 911 ლარის დაკისრება.

2. მოსარჩელის განმარტებით: საფუტკრე მეურნეობის გაფართოების და ახალი საფუტკრის მოწყობის მიზნით, 2014 წლის 7 ივლისს, შეიძინა მიწის ნაკვეთი (ს.კ. 2-----------), ლ--------ის რაიონის სოფელ შ-------ში. მას სურდა, 2015 წლის სექტემბრის თვეში, ოქროწკეპლის ყვავილობისთვის, თავისი საფუტკრე მეურნეობის ნაწილი, კეხეთიდან გადაეტანა ლ--------ის რაიონის სოფელ შ-------ში, თავის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთში, სადაც არანაირი ნაგებობა არ იყო, ამასთან მოსარჩელე არ იყო ენერგო კომპანიის აბობენტი. ფუტკრის ოჯახების გადაყვანამდე - ფუტკრის პროდუქტების პირველადი წარმოებისთვის საჭირო იყო ნაგებობა და ენერგოდისტრიბუციული კომპანიის აბონენტად გახდომა. მოსარჩელე დაინტერესდა სენდვიჩ პანელის ასაწყობი კონსტრუქციით, რომლის აწყობის მიზნით ის შეუთანხმდა ხ---- ხ--–-–---–ს, იმედოვნებდა, რომ 2015 წლის ოქროწკეპლის ყვავილობის სეზონით (სექტემბერი - ოქტომბერი) ისარგებლებდა, რის გამოც 2015 წლის 30 ივლისს, მოპასუხესთან გააფორმა ნარდობის ხელშეკრულება. ხელშეკრულების გაფორმებამდე მენადემ შეადგინა ხარჯთაღრიცხვა, მაგრამ აღნიშნული ხარჯთაღრიცხვა არ მიაწოდა შემკვეთს. ნაგებობის სიმცირის მიზეზით, მოპასუხემ პროექტისთვის შპს „ა-----------თან“ თანამშრომლობაზე უარის განაცხადა და ნახაზი თავად შეადგინა. შემკვეთმა, მენარდეს ნაღდი ანგარიშსწორების გზით, ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხის ნახევარი, 4000 ლარი გადაიხადა მშენებლობის დაწყებადე. მენარდემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და სამუშაოების მესამე ეტაპი კვლავ შეუსრულებელია. მიუხედავად იმისა, რომ 2015 წლის 30 ივლისს გაფორმებული ნარდობის ხელშეკრულების 1.3 მუხლის თანახმა, თანხის მეორე ნახევრის გადახდა შემკვეთს უნდა მოეხდინა მშენებლობის დასრულებისას, (ანუ მაშინ, როცა შემკვეთი მიიღებდა მენარდისგან შესრულებულ სამუშაოს, სამუშაოს დასრულების თარიღს კი შეადგენდა 2015 წლის 20 აგვისტო), მენარდემ დაარღვია აღნიშნული შეთანხმება და მოითხოვა ნაღდი ანგარიშსწორებით თანხის მეორე ნახევრის 3600 ლარის გადახდა, რაც შემკვეთისგან მიიღო კიდეც, თუმცა მენარდეს მშენებლობის მესამე ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულება არც კი დაუწყია. პირველი და მეორე ეტაპით განხორციელებული სამუშაოს დროს დაშვებული ხარვეზები არ გამოასწორა. მშენებლობის დროს დაშვებული ხარვეზები მნიშვნელოვანია, კერძოდ საჭიროა ნაგებობის მთლიანად დემონტაჟი, მშენებლობისას გამოყენებული მასალის ნახევრის გამოცვლა და თავიდან აწყობა. მენარდე კი უარს აცხადებს მათ გამოსწორებაზე, რადგან მისთვის კარგად არის ცნობილი, რომ მშენებლობისას დაშვებული ხარვეზების გამოსწორება დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. მოსარჩელის განმარტებით, მიუხედავად ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე დამატებითი ვადის არაერთგზის უშედეგოდ გასვლისა, მან 2016 წლის 7 მაისს, მაინცა გააფორმა მოპასუხესთან წერილობით დოკუმენტი, სადაც ხ---- ხევსურიანმა მშენებლობის დასრულებისა და ხარვეზების აღმოფხვრისთვის განსაზღვრა ვადა 2016 წლის 15 მაისამდე, თუმცა მოპასუხემ არც მითთებულ ვადაში დაასრულა სამუშაო და არ აღმოფხვრა დაშვებული ხარვეზები.

3. მშენებლობისთვის, მენარდემ ხელშეკრულების შესრულების ადგილას ჩაიტანა დაზიანებული მასალა, 3 ცალი დეფორმირებული პანელი. ნაგებობისთვის არ გააკეთა საძირკველი, ჩაწნული არმატურით და მშენებლობა დაიწყო პირდაპირ რკინის კონსტრუქციის აწყობით, რომელიც პირდაპირ მიწაზე დადო. ამასთან ნაგებობა ნაცვლად 17 კვ.მ-ისა შეადგენდა 15.66 კვ.მ-ს. ხარვეზები ქონდა კარ - ფანჯარასაც.

4. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მენარდეს შეხვდა ქ. თ---–--ში, სამშენებლო კომპანია იმპორტსერვისის შენობაში, სამუშაო კაბინეტში და თავის მიერ გადაღებული ფოტო მასალით გააცნო მშენებლობის ადგილზე არსებული მდგომარეობა და მშენებლობის ხარვეზები. 2015 წლის 30 ივლისს დადებული ნარდობის ხელშეკრულებით განსაზღვრული ფართობის აღდგენა შეუძლებელი იყო, დიდი ძალისხმევის შემდეგ მენარდე დათანხმდა ანაზღაურება შემცირებულიყო ნაგებობის შემცირებული ფართობის შესაბამის თანხით. 1 კვ.მ.-ში მენარდის ანაზღაურება შეადგენდა 211 აშშ დოლარსა და 76 ცენტს (3600 აშშ დოლარი / 17 კვ.მ. = 211.76 აშშ დოლარს (კურსით 1აშშ დოლარის = 2,27 ლარს). შესაბამისად ნაგებობის შემცირებული ფართობის გათვალისწინებით, მენარდისთვის გადასახდელი თანხა შემცირდა 572 ლარით (252 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარით).

5. 2015 წლის 30 ივლისს დადებული ნარდობის ხელშეკრულების 1.3. პუნქტის დარღვევით, წინასწარ, მენარდის მიზეზით გაჩერებული მშენებლობის გაგრძელებამდე, მისივე კატეგორიული მოთხოვნით, ნაღდი ანგარიშსწორებით მოპასუხეს გადასცა თანხის მეორე ნახევარი 3600 ლარის ოდენობით ლ-------------ის ლ--------ის ფილიალის სალაროსთან. ნარდობის ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხის მეორე ნახევარის მიღების შემდეგ, მენარდემ ხარვეზების გამოსწორების მიზნით, 3 ცალი დეფორმირებული პანელი მოხსნა, მაგრამ დეფორმაციები ვერ გამოასწორა და შემდეგ ისევ დეფორმირებული პანელები მიამაგრა. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად მოსარჩელემ სასამართლოს წარუდგინა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 27 ივლისის დასკვნა. ფანჯრები მენარდეს ჩასმული აქვს პოლიუეთილინის ქაფით, რომელიც მენარდის მიერ არ არის ჩამოჭრილი და არ არის დაფარული თუნუქის ნაჭრებით. რკინის კონსტრუქციას გაჩენილი აქვს კოროზია.

6. ნარდობის ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხის მეორე ნახევრის მიღების შემდეგ, მენარდემ სამუშაოები გააგრძელა არასწორად, რითიც დამატებით დააზიანა 5 ცალი პანელი 10 გამჭოლი ხვრელით; ანუ სულ დაზიანებულია 8 ცალი პანელი.

7. საძირკველთან დაკავშირებით ხარვეზები მენარდემ გამოასწორა შემდეგნაირად: სენდვიჩ პანელის ნაგებობისათვის არ გააკეთა საძირკველი, შიგ ჩაწნული არმატურით და საძირკველის ნაცვლად მიწაზე დადებული რკინის კონსტრუქცია აწია და დადო ორ აგურზე. შიდა სივრცე ამოავსო ეზოში მოპოვებული მიწაშერეული ღორღით და ნაგვით. არ შეკრა 20/20-ზე არმატურის ბადე და ისე დაასხა 5 სანტიმეტრის სიმაღლის იატაკი და ბეტონის საფარი ერთიანად. მენარდემ არასწორად ჩააყენა ნაგებობის ბეტონის იატაკში ტრაპი.

8. მენარდემ სენდვიჩ პანელის ნაგებობისთვის კარ ფანჯრის ჩაყენებისთვის არ გამოიყენა სათანადო ჩარჩო რის გამოც კედლის პანელსა და მეტალო პლასტმასის ჩარჩოს შორის ცალკეულ ადგილებში დარჩენილია სამ სანტიმეტრამდე სიცარიელე. აღნიშნული სიცარიელის დასაფარად, მენარდემ გამოიყენა უსწორმასწოროდ დაჭრილი ლითონის ფურცლები, რომელიც ერთი მხრიდან არის თეთრი, მეორე მხრიდან კი მუქი შიდისფერი. მიუხედავად აღნიშნულისა, სიცარიელე დაფარული მაინც არ არის.

9. მენარდემ, სენდვიჩ პანელის ასაწყობ კონსტრუქციაზე მეტალო პლასტმასის კარ - ფანჯრის ჩარჩოები ჩასვა ხარვეზიანად, ჩარჩოები დახრილ მდგომარეობაშია ჩასმული, რის გამოც კარიც და ფანჯარაც გაღებულ მდგომარეობაში არ ჩერდება და იხურება.

10. მოსარჩელემ განმარტა, რომ მას სურდა 2016 წლის აპრილის თვეში, აკაციის ყვავილობისას მაინც გადაეყვანა ფუტკრები ლ--------ში, რის გამოც დათანხმდა მენარდის წინადადებას ხარვეზების გამოსწორების შესახებ, თუმცა უშედეგოდ. 2016 წლის აპრილის თვეში შ-------ში, აკაციის ყვავილობამ ჩაიარა და მენარდეს შესრულებული სამუშაო შემკვეთის თვის არ ჩაუბარებია.

11. 2016 წლის 7 მაისს დადებულ ხელშეკრულებაში, ხ---- ხ--–-–---–მა მიუთითა ხარვეზების გამოსწორების და მშენებლობის ღირებულების გონივრულ ვადად 15 მაისი. მიუხედავად აღნიშნული დათქმისა, მოპასუხემ სამუშაოები არ დაასრულა და არც ხარვეზები გამოასწორა, მოსარჩელემ კი აღნიშნული შესრულების მიმართ დაკარგა ინტერესი, რაც ხელშეკრულებიდან გასვლის და გადახდილი თანხის უკან დაბრუნების საფუძველია.

 

მოპასუხის პოზიცია:

 

12. მოპასუხე მხარე, თავის მარტივ შესაგებელში, სარჩელის უსაფუძვლობასთან დაკავშირებით ზოგადი მითითებით შემოიფარგლა, არ ცნო ის და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ითხოვა. მოსარჩელე მხარის მიერ მითითებული 40 ფაქტობრივი გარემოებებიდან, პუნქტობრივად მოპასუხე არც ერთ მათგანს არ შედავებია. აღნიშნა, რომ 2015 წლის 30 ივლისს გააფორმა ნარდობის ხელშეკრულება ს----- ნ-------–---–თან, რომლის თანახმად უნდა აეშენებინა დროებით ნაგებობა. შენობა-ნაგებობა მოსარჩელეს ჩაბარდა მისი დაწყებიდან ერთ თვეში დასრულებულ მდგომარეობაში. მშენებლობის ჩაბარების დროს რაიმე პრეტენზია მოსარჩელეს არ გამოუთქვამს. ხ---- ხ--–-–---–მა ასევე მიუთითა, რომ ს----- ნ-------–---–ის სარჩელი არის ხანდაზმული, მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სამუშაოს დასრულებიდან სამი წლის შემდეგ, ანუ აშენებული ობიექტის მდგომარეობასთან დაკავშირებით პრეტენზიების წარდგენისათვის კანონით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ. (იხ. ტ.2.ს.ფ.60-68).

 

სარჩელის განმხილველი სასამართლოს გადაწყვეტილება და სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

13. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილებით: ს----- ნ-------–---–ის სარჩელი მოპასუხე ხ---- ხ--–-–---–ის მიმართ ხელშეკრულებიდან გასვლისა და თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა. შეწყდა ს----- ნ-------–---–სა და ხ---- ხ--–-–---–ს შორის 2015 წლის 30 ივლისს სანოტარო წესით დამტკიცებული ნარდობის ხელშეკრულებიდან და მისგან გამომდინარე 2016 წლის 07 მაისს გაფორმებული ხელშეკრულება; ხ---- ხ--–-–---–ს დაეკისრა ს----- ნ-------–---–ის მიერ გადახდილი ნარდობის ხელშეკრულების ხარჯების 7600 ლარის ანაზღაურება; ხ---- ხ--–-–---–ს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ 3600 ლარის მიუღებელი შემოსავალის გამო, ზიანის თანხი 911 ლარის, ასევე მოსარჩელის მიერ წინასწარ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის 256 ლარის ანაზღაურება.

14. სარჩელის განმხილველი სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა, რომ ახალი საფუტკრის მოწყობის მიზნით, 2014 წლის 7 ივლისს, ს----- ნ-------–---–მა შეიძინა მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი №2-----------) ლ--------ის რაიონის სოფელ შ-------ში. მეტი მოგების მიზნით გადაწყვიტა თავისი საფუტკრე მეურნეობის გაფართოება და კახეთის საფუტკრეებიდან 2015 წლის სექტემბრის თვეში ფუტკრის ოჯახების ნაწილის ლ--------ის რაიონის სოფელ შ-------ში გადაყვანა თავის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე - ოქროწკეპლის ყვავილობისთვის.

15. 2015 წლის 29 ივლისს ს----- ნ-------–---–სა და სს ,,ლ-------------ს’’ შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება.

16. 2018 წლის 12 თებერვლის ლ-------------ის ცნობის თანახმად, სს ,,ლ-------------ში’’ ანაბარი პატრიოტის წლიური საპროცენტო განაკვეთები ეროვნულ ვალუტაში შეადგენდა:

1) 2015 წელი - 11.00%.

2) 2016 წლის 20 ივნისიდან - 01 ოქტომბრამდე - 10.00 %.

3) 2016 წლის 01 ოქტომბრიდან - 29 დეკემბრამდე - 8.00 %.

4) 2016 წლის 29 დეკემბრიდან - 2017 წლის 01 დეკემბრამდე - 10.00 %.

5) 2017 წლის 01 დეკემბრიდან- დღემდე - 9.00%.

17. 2015 წლის 30 ივლისს ს----- ნ-------–---–სა და ხ---- ხ--–-–---–ს შორის დაიდო ნარდობის ხელშეკრულება. ხელშეკრულების 1.1. პუნქტის თანახმად, ,,შემკვეთი ავალებს, ხოლო მენარდე კისრულობს შეასრულოს სამშენებლო სამუშაოები სოფელ შ-------ში ააშენოს 17 კვადრატული კონტეინერის სტილის საცხოვრებელი. იატაკი იქნება ბიტონის საფარის (ალმატურის ბადე 20/20), რომელშიც ჩაყოლებული იქნება ტრაპი. კონტეინერს ექნება ორფრთიანი მეტალოპლასმასის (1,5 მეტრი) კარები და ერთი ფანჯარა (ორფრთიანი ერთი მხარე იღებოდეს, ხოლო მეორე მხარე იყოს ყრუ).’’ ხელშეკრულების 1.3. პუნქტის თანახმად, ,,შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს ფულადი გასამრჯელო შესრულებული სამუშაოსთვის თანხის 50 % დოლარი ექვივალენტი ლარში (ეროვნული კურსით) და დარჩენილი 50 % სამუშაოს დასრულებისას სრული თანხა 8172 (რვა ათას ას სამოცდათორმეტი ) ლარი.’’ ხელშეკრულების 3.1. პუნქტის თანახმად, ,,შემკვეთი აწარმოებს ანგარიშსწორებას მენარდესთან სამუშაოების ცალკეული ეტაპის დასრულების შემდეგ. პირველადი გადასახდელი თანხა შეადგენს სრული თანხის 50 %. დარჩენილი თანხა 50 % გადაიხდება 25-25 % (ანუ ორ ეტაპად) ურთიერთ შეთანხმებით.’’ ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2015 წლის 20 აგვისტომდე.

18. 2015 წლის 30 ივლისის დადებული ნარდობის ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხის პირველი ნახევარი (4000 ლარი) ს----- ნ-------–---–მა გადაიხადა ნაღდი ანგარიშსწორებით. 2015 წლის 31 ივლისს, ლ-------------ის ნაძალადევის ფილიალიდან გამოიტანა უვადო ანაბარ ,,პატრიოტის’’ ანგარიშზე განთავსებული თანხა - 4000 (ოთხიათასი) ლარი და სალაროსთან, ნაღდი ანგარიშსწორებით გადაუხადა ხ---- ხ--–-–---–ს.

19. 2016 წლის 07 მაისს ს----- ნ-------–---–სა და ხ---- ხ--–-–---–ს შორის გაფორმდა შეთანხმება, მენარდის მიერ შეუსრულებელი ვალდებულების და ჩატარებულ სამუშაოებში დაშვებული ხარვეზების გამოსწორების შესახებ. შეთანხმების თანახმად, შემცირდა ნარდობის ხელშეკრულებაში ჩაწერილი ფასი 8172 ლარი და ის განისაზღვრა 7600 ლარით. ვინაიდან ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნაგებობის ფართობი 17 კვ. მეტრი, შემცირდა 15,66 კვ. მეტრამდე. აღნიშნულ შეთანხმებაში მითითებულია, რომ ნარდობის ხელშეკრულებით სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 2015 წლის 20 აგვისტომდე. 4000 ლარი ხ---- ხ--–-–---–ს მიღებული აქვს 2015 წლის 31 ივლისს ნაღდი ანგარიშსწორებით. ასევე, მისაღები თანხის 50 % (მეორე ნახევარი) 3600 ლარი მიღებული აქვს მშენებლობის დასრულებამდე 2015 წლის 02 სექტემბერს ნაღდი ანგარიშსწორებით. შეთანხმებაში მითითებულია, რომ მშენებლობის დროს დაშვებული ხარვეზების გამოსწორება და სამშენებლო სამუშაოები დამთავრებოდა 2016 წლის 15 მაისისათვის.

20. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 2016 წლის 12 ივლისს მომზადებული იქნა ექსპერტიზის №004094116 დასკვნა. დასკვნის თანახმად: „ლ--------ის რ/ნ სოფ. შ-------ში სენდვიჩ-პანელებიანი მშენებარე კონტეინერის ტიპის საცხოვრებელი ფართი, ნაცვლად მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული 17,00 კვ.მ-სა ფაქტიურად შეადგენს 15,66 კვ.მ-ს (2,70X5,80მ), რაც არ აკმაყოფილებს ხელშეკრულების 1 მუხლის 1.1. პუნქტის მოთხოვნას, ასევე ხელშეკრულების 2 მუხლის 2.2. პუნქტის თანახმად, სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 2015 წლის 20 აგვისტომდე, რაც დღემდე არ არის შესრულებული. რაც შეეხება არსებული ნაგებობის მონაცემებს დადგინდა, რომ სენდვიჩ-პანელის ნაგებობის ფაქტიური გაბარიტული ზომების გათვალისწინებით ნაგებობის ფართი მ2-ში შეადგენს 15,66 კვ.მ-ს (2,70X5,80მ). სენდვიჩ-პანელის ნაგებობას არ გააჩნია საძირკველი და მოწყობილია მიწის დონიდან ბეტონის ცოკოლზე. ბეტონის იატაკის საფარის სისქე შეადგენს 5 სმ-ს. ბეტონის იატაკის ხარისხზე ექსპერტიზა ვერ იმსჯელებს, ვინაიდან არ არის წარმოდგენილი ბეტონის მარკა, სინჯი და ლაბორატორიული კვლევა, ასევე არ არის წარმოდგენილი პროექტი თავისი სპეციფიკაციით. იატაკში ტრაპი მოწყობილია ბეტონის იატაკის ნიშნულიდან ზემოთ (დასაწევია იატაკის ნიშნულამდე). ნაგებობის რკინის კონსტრუქცია (მილკვადრატები) განიცდის კოროზიას, არ არის დამუშავებული შესაბამისი ანტიკოროზიული საღებავით. ნაგებობის კედლები და გადახურვა სენდვიჩ-პანალებით მოწყობილია, ხოლო ვინაიდან არ არის წარმოდგენილი პროექტი, აღნიშნული მოწყობის სპეციფიკაზე ექსპერტიზა ვერ იმსჯელებს. მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრები მოწყობილია და არ გამოვლინდა რაიმე ტიპის ხარვეზი. რაც შეეხება, თუ რა მასალებით და როგორ უნდა შესრულდეს სენდვიჩ-პანელებით უნაკლო ნაგებობა, აღნიშნულზე ექსპერტიზა ვერ იმსჯელებს, ვინაიდან არ არის წარმოდგენილი მხარეებს შორის შეთანხმებული პროექტის, როგორც არქიტექტურული ნაწილი, ასევე კონსტრუქციული ნაწილი, თავისი სპეციფიკაციით, ასევე დასმული კითხვების სხვა ნაწილში, საკვლევი მასალების უკმარისობის გამო ექსპერტიზა ვერ იმსჯელებს.“

21. ლ--------ის რაიონ სოფელ შ-------ში სენდვიჩ-პანელების ნაგებობას დაზიანებული აქვს რვა ცალი პანელი, რომელთაგან სამი ცალ პანელს აქვს სერიოზული დეფორმაცია და ხუთ ცალ პანელს ათი ცალი გამჭოლი ხვრელი. აღნიშნული დაადასტურა მოპასუხე მხარემ.

22. სარჩელის განმხილველი სასამართლოს მითითებით: მოცემულ შემთხვევაში, გამოვლენილია ვალდებულების დარღვევა, რომლის გამოსასწორებლად კრედიტორმა განსაზღვრა ვადა, რომლის მიუხედავადაც ნაკლოვანებები არ გამოსწორებულა, მოსარჩელის განმარტებით დღემდე არ არის შესრულებული ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები. მენარდემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები შეასრულა ხარვეზით, არ აღმოფხვრა არსებული ნაკლოვანებები შემკვეთის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში. შემკვეთმა დაკარგა ხელშეკრულების შემდგომი გაგრძელების ინტერესი. შესაბამისად, კრედიტორის მიერ მოვალისათვის ვალდებულების შესასრულებლად დამატებით კიდევ ერთხელ ვადის მიცემა აშკარად გამოიწვევდა შემკვეთის უფლებების უხეშ დარღვევას, რის გამოც სასამართლომ გამართლებულად მიიჩნია მოთხოვნა ხელშეკრულების მოშლის თაობაზე.

23. რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას მიუღებელი შემოსავალის გამო, ზიანის თანხის 911 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების შესახებ, სასამართლომ საფუძლიანად მიიჩნია და განმარტა, რომ ზიანის მიყენების ფაქტისა და ზიანის ოდენობის შეფასება განსაკუთრებულ თავისებურებას იძენს, როცა საქმე შეეხება ფულად ვალდებულებას. ამგვარი დამოკიდებულება, განპირობებულია ფულის განსაკუთრებული თვისებებით. კერძოდ, ყიდვაუნარიანობის მაღალი ხარისხი ყველა შემთხვევაში ანიჭებს ფულს სარგებლის მოტანის უნარს. იგი ყოველთვის წარმოადგენს შემოსავლის წყაროს, ვინაიდან შეუძლია შესძინოს მესაკუთრეს არა მხოლოდ მისთვის სასურველი ქონება, არამედ გარკვეული პერიოდული შემოსავალი პროცენტის სახით. ს----- ნ-------–---–მა ვერ მიიღო ის მინიმალური შემოსავალიც კი, რასაც ის მიიღებდა საკუთარი ფულის საბანკო დაწესებულებაში ანაბრის სახით განთავსების შემთხვევაში. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ფულს, სხვა ნივთებთან შედარებით, გააჩნია სამოქალაქო ბრუნვაში მონაწილეობის ყველაზე მაღალი შესაძლებლობა, რის გამოც მას ყოველთვის შეუძლია - მესაკუთრეს მოუტანოს სარგებელი, თუნდაც მხოლოდ საბანკო დეპოზიტზე განთავსების გზით (ამგვარი განმარტება შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკას; იხ. საქმე №ას-597-565-2014). მოცემული შემთხვევაში საქმის არსებული მასალებით დგინდება, რომ 2015 წლის 02 სექტემბერს ს----- ნ-------–---–მა ლ-------------ის ლ--------ის ფილიალში ანაბარი ,,პატრიოტიდან’’ მოხსნა 3600 ლარი, რომელიც გადასცა ხ---- ხ--–-–---–ს.

24. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-130-ე მუხლებზე მითითებით, სასამართლომ წარდგენილი სარჩელი ხანდაზმულად არ მიიჩნია.

25. სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 319-ე, 317-ე, 629-ე, 361-ე, 639-ე, 641-ე, 400-ე, 644-ე, 405-ე, 636-ე, 352-ე, 411-ე, 414-ე, 412-ე, 408-ე, 648-ე, 128-ე, 129-ე, 655-ე, 130-ე, 122-ე, 123-ე მუხლებზე.

 

სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

 

26. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით იქნა გასაჩივრებული ხ---- ხ--–-–---–ის მიერ. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ს----- ნ-------–---–ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ითხოვა. აპელანტის განმარტებით, არასწორია სასამართლოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე, რადგან აღნიშნული გადაწყვტილების მიღებისას, მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულება უკვე შეწყვეტილი იყო შესრულებით. საქმეზე წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ ნაგებობის მშენებლობა ძირითადად შესრულებულია და გამოვლენილია მხოლოდ უმნიშვნელო ტიპის ხარვეზები, კერძოდ იატაკში ტრაპი არის დასაწევი ნიშნულამდე და რკინის კონსტრუქცია (მილკვადრატები) არის დასამუშავებელი შესაბამისი ანტიკოროზიული საღებავით, რაც შეეხება არსებითი ტიპის ხარვეზებს, ასეთი ექსპერტიზიას არ გამოუვლენია. შესაბამისად არასწორად განხორციელდა მოპასუხისათვის 7600 ლარისა და 911 ლარის დაკისრება.

27. ხ---- ხ--–-–---–ის სააპელაციო საჩივარზე შეგებებული სააპელაციო საჩივარი წარადგინა ს----- ნ-------–---–მა და ექსპერტიზის დასკვნის ღირებულების 200 ლარის, მოსარჩელის მიერ ელ.ფოსტაზე ჩატარებული ფაქტის კონსტანტაციის საფასურის - 100 ლარის; სენდვიჩ პანელის ნაგებობაზე მოსარჩელის მიერ ჩატარებული ფაქტის კონსტანტაციის ღირებულების 100 ლარისა და სარჩელის უზრუნველყოფის ღუონისძიებისთვის სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის 50 ლარის, სულ 450 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება მოითხოვა. შეგებებული სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად კი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლზე მიუთითა;

 

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

28. სააპელაციო სასამართლო საქმის მასალათა გაცნობის, მხარეთა ახსნა განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ ხ---- ხ--–-–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. ს----- ნ-------–---–ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

29. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი ან სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არასწორად განმარტა კანონი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის თანახმად თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

ფაქტობრივი დასაბუთება:

30. დადგენილია, რომ საფუტკრე მეურნეობის გაფართოების და ახალი საფუტკრის მოწყობის მიზნით, 2014 წლის 7 ივლისს, მოსარჩელემ შეიძინა მიწის ნაკვეთი, ლ--------ის რაიონის სოფელ შ-------ში (ს.კ. 2-----------). მას სურდა, 2015 წლის სექტემბრის თვეში, ოქროწკეპლის ყვავილობისთვის, თავისი საფუტკრე მეურნეობის ნაწილი, კეხეთიდან გადაეტანა ლ--------ის რაიონის სოფელ შ-------ში, თავის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთში. ფუტკრის ოჯახების გადაყვანამდე - ფუტკრის პროდუქტების პირველადი წარმოებისთვის საჭირო იყო ნაგებობა და ენერგოდისტრიბუციული კომპანიის აბონენტად გახდომა. მოსარჩელე დაინტერესდა სენდვიჩ პანელის ასაწყობი კონსტრუქციით, რომლის აწყობის მიზნით ის შეუთანხმდა ხ---- ხ--–-–---–ს (იხ. სარჩელი ტ.1. ს.ფ. 2-47).

31. უდავოა, რომ 2015 წლის 30 ივლისს, მოდავე მხარეთა შორის გაფორმდა ნარდობის ხელშეკრულება. (ტ.1. ს.ფ.48-51).

32. უდავოა, რომ შემკვეთმა, მენარდეს ნაღდი ანგარიშსწორების გზით, ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხის ნახევარი, 4000 ლარი გადაუხადა მშენებლობის დაწყებადე.

33. უდავოდაა დადგენილი, რომ 2015 წლის 02 სექტემბერს, ს----- ნ-------–---–მა ლიბერთი

ბანკის ლ--------ის ფილიალში ანაბარი ,,პატრიოტიდან’’ მოხსნა 3600 ლარი (ტ.1.ს.ფ.359), რომელიც გადასცა ხ---- ხ--–-–---–ს ნაღდი ანგარიშსწორების გზით.

34. დადგენილია, რომ მშენებლობის დროს დაშვებული ხარვეზები მნიშვნელოვანია, კერძოდ საჭიროა ნაგებობის მთლიანად დემონტაჟი, მშენებლობისას გამოყენებული მასალის ნახევარი არის გაოსაცვლელი და თავიდან აწყობი, რადგან 3 პანელი არის დეფორმირებული, ხოლო 5 პანელს აქვს 10 ცალი გამჭოლი ხვრელი. (მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია მოსარჩელე მხარის ახსნა განმარტებით, ექსპერტიზის დასკვნით და აღსრულების ეროვნული ბიუროს ფაქტების კონსტანტაციის შესახებ ოქმით (ტ.1. ს.ფ.2-47; 55-82;141-151);

35. დადგენილია, რომ მენარდემ, ნაცვლად საძირკველზე ნაგებობის აღმართვისა, მშენებლობა დაიწყო პირდაპირ რკინის კონსტრუქციის აწყობით, რომელიც პირდაპირ მიწაზე დადო. (ფოტომასალა ტ.ფ. ს.ფ.325-329).

36. უდავოა, რომ ნაგებობა ნაცვლად 17 კვ.მ-ისა შეადგენს 15.66 კვ.მ-ს. 1 კვ.მ.-ში მენარდის ანაზღაურება შეადგენდა 211 აშშ დოლარსა და 76 ცენტს (3600 აშშ დოლარი / 17 კვ.მ. = 211.76 აშშ დოლარს (კურსით 1აშშ დოლარის = 2,27 ლარს). შესაბამისად ნაგებობის შემცირებული ფართობის გათვალისწინებით, მენარდისთვის გადასახდელი თანხა შემცირდა 572 ლარით (252 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარით). (იხ. მოსარჩელის განმარტება ტ.1. ს.ფ.8; მე-9 ფაქტობრივი გარემოება);

37. ფანჯრები მენარდეს ჩასმული აქვს პოლიუეთილინის ქაფით, რომელიც მენარდის მიერ არ არის ჩამოჭრილი და არ არის დაფარული თუნუქის ნაჭრებით. რკინის კონსტრუქციას გაჩენილი აქვს კოროზია. (იხ. მოსარჩელის ახსნა განმარტება ტ.1.ს.ფ.10. მე-11 ფაქტობრივი გარემოება; ექსპერტიზის დასკვნა ს.ფ.ტ.1.ს.ფ. 57-58);

38. მოსარჩელე მხარემ სასამართლოს წარუდგინა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 2016 წლის 12 ივლისს მომზადებული ექსპერტიზის №004094116 დასკვნა. დასკვნის თანახმად: [ლ--------ის რ/ნ სოფ. შ-------ში სენდვიჩ-პანელებიანი მშენებარე კონტეინერის ტიპის საცხოვრებელი ფართი, ნაცვლად მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული 17,00 კვ.მ-სა ფაქტიურად შეადგენს 15,66 კვ.მ-ს (2,70X5,80მ), რაც არ აკმაყოფილებს ხელშეკრულების 1 მუხლის 1.1. პუნქტის მოთხოვნას, ასევე ხელშეკრულების 2 მუხლის 2.2. პუნქტის თანახმად, სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 2015 წლის 20 აგვისტომდე, რაც დღემდე არ არის შესრულებული. რაც შეეხება არსებული ნაგებობის მონაცემებს დადგინდა, რომ სენდვიჩ-პანელის ნაგებობის ფაქტიური გაბარიტული ზომების გათვალისწინებით ნაგებობის ფართი მ2-ში შეადგენს 15,66 კვ.მ-ს (2,70X5,80მ). სენდვიჩ-პანელის ნაგებობას არ გააჩნია საძირკველი და მოწყობილია მიწის დონიდან ბეტონის ცოკოლზე. ბეტონის იატაკის საფარის სისქე შეადგენს 5 სმ-ს. ბეტონის იატაკის ხარისხზე ექსპერტიზა ვერ იმსჯელებს, ვინაიდან არ არის წარმოდგენილი ბეტონის მარკა, სინჯი და ლაბორატორიული კვლევა, ასევე არ არის წარმოდგენილი პროექტი თავისი სპეციფიკაციით. იატაკში ტრაპი მოწყობილია ბეტონის იატაკის ნიშნულიდან ზემოთ (დასაწევია იატაკის ნიშნულამდე). ნაგებობის რკინის კონსტრუქცია (მილკვადრატები) განიცდის კოროზიას, არ არის დამუშავებული შესაბამისი ანტიკოროზიული საღებავით. ნაგებობის კედლები და გადახურვა სენდვიჩ-პანალებით მოწყობილია, ხოლო ვინაიდან არ არის წარმოდგენილი პროექტი, აღნიშნული მოწყობის სპეციფიკაზე ექსპერტიზა ვერ იმსჯელებს. მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრები მოწყობილია და არ გამოვლინდა რაიმე ტიპის ხარვეზი. რაც შეეხება, თუ რა მასალებით და როგორ უნდა შესრულდეს სენდვიჩ-პანელებით უნაკლო ნაგებობა, აღნიშნულზე ექსპერტიზა ვერ იმსჯელებს, ვინაიდან არ არის წარმოდგენილი მხარეებს შორის შეთანხმებული პროექტის, როგორც არქიტექტურული ნაწილი, ასევე კონსტრუქციული ნაწილი, თავისი სპეციფიკაციით, ასევე დასმული კითხვების სხვა ნაწილში, საკვლევი მასალების უკმარისობის გამო ექსპერტიზა ვერ იმსჯელებს.] (ტ.1. ს.ფ. 55-77);

39. საძირკველთან დაკავშირებით ხარვეზები მენარდემ გამოასწორა შემდეგნაირად: სენდვიჩ პანელის ნაგებობისათვის არ გააკეთა საძირკველი, შიგ ჩაწნული არმატურით და საძირკველის ნაცვლად მიწაზე დადებული რკინის კონსტრუქცია აწია და დადო ორ აგურზე. შიდა სივრცე ამოავსო ეზოში მოპოვებული მიწაშერეული ღორღით და ნაგვით. არ შეკრა 20/20-ზე არმატურის ბადე და ისე დაასხა 5 სანტიმეტრის სიმაღლის იატაკი და ბეტონის საფარი ერთიანად. მენარდემ არასწორად ჩააყენა ნაგებობის ბეტონის იატაკში ტრაპი. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება დადასტურებულია, როგორც მხარეთა განმარტებებით, ისე ექსპერტიზის დასკვნით;

40. მენარდემ სენდვიჩ პანელის ნაგებობისთვის კარ ფანჯრის ჩაყენებისთვის არ გამოიყენა სათანადო ჩარჩო რის გამოც კედლის პანელსა და მეტალო პლასტმასის ჩარჩოს შორის ცალკეულ ადგილებში დარჩენილია სამ სანტიმეტრამდე სიცარიელე. აღნიშნული სიცარიელის დასაფარად, მენარდემ გამოიყენა უსწორმასწოროდ დაჭრილი ლითონის ფურცლები, მიუხედავად აღნიშნულისა, სიცარიელე დაფარული მაინც არ არის. (იხ. სარჩელი ტ.1. ს.ფ.12. სარჩელში მითითებული მე-15 ფაქტობრივი გარემოება);

41. მენარდემ, სენდვიჩ პანელის ასაწყობ კონსტრუქციაზე მეტალო პლასტმასის კარ - ფანჯრის ჩარჩოები ჩასვა ხარვეზიანად, ჩარჩოები დახრილ მდგომარეობაშია ჩასმული, რის გამოც კარიც და ფანჯარაც გაღებულ მდგომარეობაში არ ჩერდება და იხურება. (იხ. სარჩელი ტ.1. ს.ფ.12. სარჩელში მითითებული მე-17 ფაქტობრივი გარემოება);

42. დადგენილია, რომ მოსარჩელეს სურდა 2016 წლის აპრილის თვეში, აკაციის ყვავილობისას მაინც გადაეყვანა ფუტკრები ლ--------ში, რის გამოც დათანხმდა მენარდის წინადადებას ხარვეზების გამოსწორების შესახებ, თუმცა უშედეგოდ.

43. დადგენილია, რომ 2016 წლის 7 მაისს დადებულ ხელშეკრულებაში, ხ---- ხ--–-–---–მა ხარვეზების გამოსწორების და მშენებლობის ღირებულების გონივრულ ვადად განსაზღვრა ამავე წლის 15 მაისი. (ტ.1. ს.ფ.52);

44. მიუხედავად აღნიშნული დათქმისა, მოპასუხემ სამუშაოები არ დაასრულა და არც ხარვეზები გამოასწორა (იხ სარჩელი, ასევე ექსპერტიზის დასკვნა ტ.1. ს.ფ.55-77);

45. დადგენილია, რომ თავდაპირველი სახელშეკრულებო ვადა გავიდა და მოსარჩელემ ვერ მიიღო შესრულება, შესაბამისად 2015 წლის სექტემბერში ლაჩხუთის რაიონის სოფელ შ-------ში ოქროწკეპლის ყვავილობამ ისე ჩაიარა, რომ შემკვეთმა ფუტკრები ვერ გადმოიყვანა ამავე მისამართზე; ასევე უშედეგოდ გავიდა ნაკლის გამოსწორებისა და სამუშაოს შესრულებისთვის შემკვეთის მიერ მენარდისთვის განსაზღვრული დამატებითი ვადა - 2016 წლის 15 მაისი, რაც უკავშირდებოდა აკაციის ყვავილობას. პალატა იზიარებს მოსარჩელის მითითებას იმის შესახებ, რომ ხელშეკრულების შესრულების მიმართ მან დაკარგა ინტერესი, რაც ხელშეკრულებიდან გასვლის და გადახდილი თანხის უკან დაბრუნების საფუძველია.;

46. დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 23 აპრილის განჩინებით, ხ---- ხ--–-–---–ის სააპელაციო საჩივართან დაკავშირებულ N2/ბ-109-19წ. საქმეზე დაინიშნა ექსპერტიზა; ექსპერტიზის წინაშე გამოსაკვლევად დაისვა შემდეგი საკითხები: 1) შეესაბამება თუ არა ლ--------ის რაიონის სოფელ შ-------ში, ს----- ნ-------–---–ის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (ს.კ. 2-----------) განთავსებული ფუტკრის პროდუქტების პირველადი გადამუშავებისთვის (წარმობისთვის) აშენებული საამქროს სახლი (ნაგებობა) მხარეთა შეთანხმებას, რომელიც იყო შემდეგი შინაარსის: ნაგებობის ფართი 17კვ.მ. კონტეინერის სტილის, ბეტონის საფარით (არმატურის ბადე 20/20-ზე), რომელშიც ჩაყოლებული იქნება ტრაპი, კონტეინერს ექნება ორფრთიანი მეტალოპლასტმასის (1.5. მეტრი) კარები და ერთი ფანჯარა (ორფრთიანი), რომლის ერთი მხარე გაიღება, მეორე კი იქნება ყრუ. 2) თუ ნაგებობა არ შეესაბამება მხარეთა შეთანხმებას, არის თუ არა იგი ვარგისი ჩვეულებრივი გამოყენებისთვის; 3) თუ შესრულებული სამუშაოს (სენდვიჩ პანელის ნაგებობა) ხარვეზიანია, რაში გამოიხატება ეს ხარვეზები და რა ოდენობის თანხებია საჭირო არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად, რათა მენარდის მიერ შესრულებული სამუსაო გახდეს ვარგისი გამოყენებისთვის; 4) რა ღირებულების არის შესრულებული სამუშაო (მიღებული შესრულება) და არის თუ არა შესაძლებელი მისი ნატურით დაბრუნება მენარდისთვის; 5) თუ შესრულებული სამუშაო ხარვეზიანია, რამდენით ანუ რა თანხებით შემცირდა ნაკეთობის ღირებულება ამ ხარვეზების გამო; ამავე განჩინებით, აპელანტ ხ---- ხ--–-–---–ს დაევალა ექსპერტიზის ხელშეკრულების გაფორმებისა და მასთან დაკავშირებული ხარჯების გადახდის მიზნით შესაბამის საექსპერტო დაწესებულებისთვის მიმართვა (იხ. ტ.3. ს.ფ.155-163);

47. დადგენილია, რომ აპელანტის ხ---- ხ--–-–---–ის მიერ, საექსპერტო ხარჯის გადაუხდელობის გამო, საქმე დაუბრუნდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ექსპერტიზის დასკვნის გარეშე; (იხ. ტ.3. ს.ფ.170);

48. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია, მტკიცებულებები დაურთოს პასუხს (შესაგებელს). თუ მოპასუხეს საპატიო მიზეზით არ შეუძლია პასუხთან ერთად მტკიცებულებათა წარდგენა, იგი ვალდებულია, ამის შესახებ მიუთითოს პასუხში. წინააღმდეგ შემთხვევაში მოპასუხეს ერთმევა უფლება, შემდგომში წარადგინოს მტკიცებულებები, ასევე სადავო გახადოს ფაქტობრივი გარემოებები.

49. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპატიოდ ჩაითვლება ის მიზეზი, რომელიც მხარეს ობიექტურად, მისგან დამოუკიდებლად არ მისცემს საშაუალებას შეასრულოს განსაზღვრული საპროცესო მოქმედება კანონით განსაზღვრულ საპროცესო ეტაპზე.

50. საქმის მასალებით დგინდება, რომ სარჩელზე წარდგენილი შესაგებლით, მოპასუხე მხარე ხ---- ხ--–-–---–ი არ შედავებია მოსარჩელე მხარის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს იმის თაობაზე, რომ მხარეთა შორის არსებული ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები მენარდემ დაარღვია, შემკვეთს გადასცა დაუსრულებელი და ხარვეზებით შესრულებული სამუშაო. მოპასუხეს არ გაუკეთებია შედავება იმ კონკრეტულ ხარვეზებზე, ნაკლის ხარისხზე და სახელშეკრულებო ვალდებულებებზე, რომლებიც მოსარჩელემ დაასახელა და რომლებზეც გადაწყვეტილებაში ზემოთ უკვე იყო საუბარი.

51.სააპელაციო პალატა მოიხმობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლს, რომლის თანახმადაც, სამართალწარმოება მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები და მტკიცებულებები. შეჯიბრებითობის ზემოხსენებული ზოგადი პრინციპი კონკრეტულად რეგულირდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის სპეციალური ნორმებით.

52. შეჯიბრებითობის პრინციპის ერთ-ერთი გამოხატულება არის სარჩელზე შესაგებლის წარდგენის სავალდებულობა. სწორედ შესაგებლით იგებს მოსარჩელე, თუ სარჩელში მითითებულ რომელ ფაქტებს ხდის სადავოდ მოპასუხე და რომელი გარემოებების მტკიცება მოუწევს მას.

53. თუ სარჩელში მითითებულ, ამა თუ იმ, ფაქტს მოპასუხე არ ედავება, ეს ფაქტი ითვლება უდავოდ, ანუ დადასტურებულად: სამოქალაქო სამართალწარმოების პრინციპიდან გამომდინარე, სამტკიცებელი არის მხოლოდ ის, რაც სადავოა.

54. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის 1-ლი „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საქმის სასამართლო განხილვისათვის მომზადების მიზნით სასამართლო უნიშნავს ვადას მოპასუხეს იმისთვის, რომ მან წარმოადგინოს შესაგებელი.

55. დადგენილ ვადაში, საპროცესო მოქმედების არასაპატიო მიზეზით შეუსრულებლობა მხარეს ართმევს უფლებას შეასრულოს ეს საპროცესო მოქმედება პროცესის სხვა ეტაპზე: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, არასაპატიო მიზეზით საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება ქარწყლდება. ამრიგად, თუ მოპასუხე შესაგებელში არ მოახდენს ფაქტობრივ გარემოებებზე შედავებას, შემდგომში მისი ეს უფლება ქარწყლდება და სასამართლოს სხდომაზე მოპასუხეს არა აქვს სარჩელში მითითებული ფაქტების შედავების უფლება.

56. მოცემულ შემთხვევაში დადგენილი არის, რომ წარდგენილი შესაგებლით, მოპასუხე მხარე ხ---- ხ--–-–---–ი არ შედავებია მოსარჩელე მხარის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს, ამიტომ, სასამართლომ დამტკიცებულად ჩათვალა სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იმის თაობაზე, რომ მხარეთა შორის არსებობდა ნარდობის სახელშეკრულებო ურთიერთობა, რომელიც მენარდემ არ დაასრულა, ამასთან შესრულებული ნაწილი იყო ხარვეზიანი, რომლის აღმოფხვრისთვის საჭიროა შეუსაბამოდ მაღალი თანხა; ამასთან დადგენილია, რომ მოსარჩელემ შესრულების მიმართ დაკარგა ინტერესი;

57. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილისა და მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დავის საგანს და იმ ფაქტებს, რომლებიც უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს განსაზღვრავენ მხარეები.

58. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილით „ყოველი ადამიანი, მისი სამოქალაქო ხასიათის უფლებებისა და მოვალეობების ან მისთვის წარდგენილი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, აღჭურვილია გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნოდ განხილვის უფლებით კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ“. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ერთ ერთ გადაწყვეტილებაში განმარტა შემდეგი „სასამართლო ეთანხმება კომისიას, მასზედ, რომ როდესაც ეს დაკავშირებულია სასამართლო დავასთან დაპირისპირებული კერძო ინტერესების მქონე პირებს შორის, „შეჯიბრებითობის პრინციპი“ გულისხმობს, რომ თითოეულ მხარეს უნდა მიეცეს გონივრული შესაძლებლობა წარმოადგინოს მისი საქმე – მტკიცებულებების ჩათვლით – ისეთ პირობებში, რომელიც არ მოათავსებს მას არსებითად არახელსაყრელ პირობებში თავის მოწინააღმდეგე მხარესთან მიმართებით“ (1993 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქმეზე Dombo Beheer B.V. v. the Netherlands, აბზაცი 33, 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, აბზაცი 33, 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება საქმეზე Peric v. Croatia, აბზაცი 19).

59. საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლივი შეფასებით, (მხარეთა განმარტებები, მოწმეთა ჩვენებები) ასევე იმის გათვალისწინებით, რომ წერილობითი შეჯიბრებითობის ეტაპზე მოპასუხე მხარემ არ გამოიყენა საპროცესო კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლება - შედავებოდა მოსარჩელე მხარის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებას - პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის არსებული ნარდობის სახელშეკრულებო ურთიერთობით ნაკისრი ვალდებულებები მენარდემ არ შეასრულა, ამასთან შესრულებული ნაწილი შეიცავდა მნიშვნელოვან ხარვეზებს, რომლის აღმოფხვრისთვის საჭიროა შეუსაბამოდ მაღალი თანხა; ამასთან მოსარჩელემ შესრულების მიმართ დაკარგა ინტერესი;

60. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის მიხედვით, პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ნარდობა ითვალისწინებს რაიმე ნაკეთობის დამზადებას და მენარდე მას ამზადებს თავის მიერ შეძენილი მასალით, მაშინ იგი შემკვეთს გადასცემს საკუთრებას დამზადებულ ნაკეთობაზე. თუ დამზადებულია გვაროვნული ნივთი, მაშინ გამოიყენება ნასყიდობის წესები.

61. საქართველოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 639-ე მუხლით, თუ მომსახურება მოიცავს რაიმე ნაკეთობის დამზადებას, მაშინ მენარდემ შემკვეთს უნდა წარუდგინოს ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნაკეთობა. ამავე კოდექსის 641-ე მუხლის პირველი ნაწილით, ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეესაბამება შეთანხმებულ პირობებს;

62. კოდექსის 642-ე მუხლის თანახმად: თუ ნაკეთობა ნაკლის მქონეა, შემკვეთს შეუძლია მოითხოვოს დამატებითი შესრულება. მენარდეს შეუძლია თავისი არჩევანით ან აღმოფხვრას ნაკლი, ან დაამზადოს ახალი ნაკეთობა. დამატებითი შესრულების მიზნით მენარდე ვალდებულია გასწიოს აუცილებელი ხარჯები, მათ შორის, ტრანსპორტის, სამუშაოსა და მასალების ხარჯები. მენარდეს შეუძლია უარი თქვას დამატებით შესრულებაზე, თუ იგი მოითხოვს არათანაზომიერ ხარჯებს. თუ მენარდე დაამზადებს ახალ ნაკეთობას, მას შეუძლია შემკვეთს მოსთხოვოს ნაკლის მქონე ნაკეთობის უკან დაბრუნება.

63. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 644-ე მუხლით ნაკეთობის ნაკლის გამო შემკვეთს

შეუძლია 405-ე მუხლის მიხედვით უარი თქვას ხელშეკრულებაზე. ამ შემთხვევაში მენარდე ვალდებულია აუნაზღაუროს შემკვეთს ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ხარჯები.

64. დადგენილია, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა მოპასუხის მიერ ნაკისრი ვალდებულებების დარღვევა, ვინაიდან მას აღნიშნული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეუსრულებია, შესრულებული ნაწილი კი შეიცავს მნიშვნელოვან ხარვეზებს, ასევე დადგენილია, რომ დამატებით განსაზღვრულ ვადაში მენარდემ არ აღმოფხვრა არსებული ხარვეზი, ამასთან მოსარჩელემ შესრულების მიმართ დაკარგა ინტერესი;

65. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.

66. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არ არის აუცილებელი დამატებითი ვადის დაწესება ან გაფრთხილება, თუ აშკარაა, რომ მას არავითარი შედეგი არ ექნება.

67. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება).

68. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ხელშეკრულების შესრულებისა და ნაკლოვანებების აღმოფხვრისთვის კრედიტორმა მენარდეს განუსაზღვრა ვადა, რომლის მიუხედავადაც ნაკლოვანებები არ გამოსწორდა, და არ არის შესრულებული ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები. შემკვეთმა დაკარგა ხელშეკრულების შემდგომი გაგრძელების ინტერესი, რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ გამართლებულია მოთხოვნა ხელშეკრულების მოშლის და გადახდილი ღირებულების 7600 ლარის დაბრუნების თაობაზე.

69. სააპელაციო პალატა აქვე განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლი უფლებამოსილებას ანიჭებს მოპასუხე მხარეს ხ---- ხ--–-–---–ს ს----- ნ-------–---–ისაგან ითხოვოს მიღებული შესრულების უკან დაბრუნება.

70. სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დასამუთებას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-412-ე და 414-ე მუხლებზე, ასევე სასამართლოს ერთგვაროვან პრაქტიკაზე მითითებით, მიუღებელი შემოსავლის სახით მოპასუხისათვის 911 ლარის დაკისრების შესახებ.

71. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

72. დადგენილია, რომ ს----- ნ-------–---–მა ექსპერტიზის ჩატარებისთვის გაიღო ხარჯი 200 ლარის ოდენობით; ელ.ფოსტაზე ჩატარებული ფაქტის კონსტანტაციის საფასურის სახით - 100 ლარის; სენდვიჩ პანელის ნაგებობაზე მოსარჩელის მიერ ჩატარებული ფაქტის კონსტანტაციის ღირებულების სახით გადახდილი იქნა 100 ლარი და სარჩელის უზრუნველყოფის ღუონისძიებისთვის სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი იქნა თანხის 50 ლარის ოდენობით;

73. დადგენილია, რო ს----- ნ-------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა; შესაბამისად ხ---- ხ--–-–---–ს უნდა დაეკისროს ს----- ნ-------–---–ის სასარგებლოდ ხ--–-–---–ისათვის სასამართლოს გარეშე ხარჯების სახით 450 ლარის გადახდა და სააპელაციო წარმოებისთვის სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის სანაცვლოდ 75 ლარის გადახდა.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

გადაწყვიტა:

 

1. ხ---- ხ--–-–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ს----- ნ-------–---–ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

3. გაუქმდეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილება ს----- ნ-------–---–ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

4. ს----- ნ-------–---–ის სარჩელი ხ---- ხ--–-–---–ისათვის სასამართლოს გარეშე ხარჯების 450 ლარის დაკისრების მოთხოვნით დაკმაყოფილდეს;

5. დაეკისროს ხ---- ხ--–-–---–ს ს----- ნ-------–---–ის სასარგებლოდ სასამართლოს გარეშე ხარჯის სახით გაწეული 450 ლარის და სააპელაციო წარმოებისთვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 75 ლარის გადახდა;

6. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების მე-7-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.

8.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

9. საქართველოს სამოქალაქო საროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

თავმჯდომარე: თამარ სვანიძე

 

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე

 

ირმა პერანიძე