განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310018002472677
საქმე № 3ბ/2844-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
12 თებერვალი, 2020 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - შოთა გეწაძე
სხდომის მდივანი - მარინე კახაძე
აპელანტი (მოსარჩელე) - ალ---- გა----------ი;
წარმომადგენლები - თამარ დეკანოსიძე, მიხეილ ჯახუა;
აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო;
წარმომადგენელი - და---- ტ-----ძე;
მოპასუხე - საქართველოს გენერალური პროკურატურა;
წარმომადგენელი - ან--------ძე;
მესამე პირი (ა.ს.კ -16.2) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი;
წარმომადგენელი - ან-----------ნი;
მესამე პირი (ა.ს.კ - 16.1) - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;
დავის საგანი - მორალური ზიანის ანაზღაურება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 2 მაისის გადაწყვეტილება;
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხეებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს გენერალურ პროკურატურას სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელე ალ---- გა----------ის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურება 1------ (ა----------) ლარის ოდენობით.
2. მოპასუხეების და მესამე პირების პოზიცია:
2.1. მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები წერილობით წარდგენილ შესაგებელში და სასამართლო სხდომაზე არ დაეთანხმნენ სარჩელს და მოითხოვეს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო;
2.2. მოპასუხე საქართველოს მთავარი პროკურატურის წარმომადგენელი წერილობით წარდგენილ შესაგებელში და სასამართლო სხდომაზე არ დაეთანხმა სარჩელის მოთხოვნას და მოითხოვა არ დაკმაყოფილდეს სარჩელი უსაფუძვლობის გამო;
2.3. მესამე პირის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლები წერილობით წარდგენილ შესაგებელში და სასამართლო სხდომაზე არ დაეთანხმნენ სარჩელის მოთხოვნას და მოითხოვეს არ დაკმაყოფილდეს სარჩელი უსაფუძვლობის გამო;
2.4. მესამე პირის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა;
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:
3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
მოსარჩელე ალ---- გა----------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. დაეკისრა, მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსარჩელე ალ---- გა----------ის სასარგებლოდ მორალური ზიანის - 25 000 (ოცდახუთი ათასი) ლარის ანაზღაურება. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:
4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 09 თებერვლის განაჩენით (საქმე N 1-------- N 0-----------), გი------ კ-------ია ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-115-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით. განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდა მიღებისთანავე. სასამართლომ, თითოეული მტკიცებულება შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიიჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად დასტურდებოდა, რომ გი------ კ-------იამ ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ თვითმკვლელობამდე მიყვანა, მსხვერპლისადმი სასტიკი მოპყრობით - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111-115-მუხლით (ტომი 1, ს.ფ. 55-64).
4.2. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ აწ გარდაცვლილი ან---–----–--ლი არის მოსარჩელე ალ---- გა----------ის შვილი, იგი 2013 წლიდან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა გი------ კ-------იასთან, რომელთანაც ჰყავს ერთი შვილი.
4.3. ქ. თბილისისს ისანი - სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორის 2017 წლის 13 მაისის დადგენილების (დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობის შესახებ, დოკუმენტის N0---------) თანახმად, ალ---- გა----------ი ცნობილ იქნა დაზარალებულის უფლებამონაცვლედ (ტომი 1, ს. ფ. 65).
4.4. საქმეში წარდგენილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 18 ივლისის MIA 3------------ წერილით პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2013 წლიდან 2017 წლის 19 თებერვლამდე სსიპ ,,112-ში’’ მოქალაქე ან---–----–--ლის მიერ ფიქსირდება შემდეგი შეტყობინებები.
2013 წლის 10 ნოემბერს, 23:48 საათზე, მოქალაქე ან---–----–--ლის მიერ (სატელეფონო ნომრიდან 55--------), მისამართზე: ქ. თბილისი, რო------- ხ----–--–-ს ქუჩა N5. ადგილზე იმყოფებოდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი 7---. მათი გადმოცემით, მისამართზე არავინ დახვდათ. სატელეფონო საუბრით ინიციატორმა ან---–----–--ლმა განაცხადა, რომ ყოფილი მეუღლე აწუხებდა, რომელმაც მისამართი დატოვა და დახმარებას აღარ საჭიროებდა.
2013 წლის 06 თებერვალს, 11:46 საათზე (სატელეფონო ნომრიდან 55-------), მისამართზე: ქ. თბილისი კახეთის ჩიხი N14. ადგილზე იმყოფებოდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი 7---. მათი გადმოცემით, ცოლ - ქმარს შორის იყო კონფლიქტი, გი------ კ-------იას მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი, რომელმაც მეუღლეს - ან---–----–--ლს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ასევე მასზე მუდმივად ახორციელებს ფსიქოლოგიურ ზეწოლას. გამოიკვეთა დანაშაული, შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია.
2013 წლის 12 ივნისს, 22:34 საათზე, მოქალაქე ლ----–--ლი----ს მიერ (სატელეფონო ნომრიდან 55--------), მისამართზე: ქ.თბილისი, რო------- ხ----–--–-ს ქუჩა N----------. ინიციატორის ინფორმაციით მეუღლესთან ჰქონდა კონფლიქტი, თუმცა მოგვიანებით განაცხადა, რომ მეუღლესთან პრობლემა მოგვარდა და აღარ საჭიროებდა დახმარებას.
2013 წლის 18 დეკემბერს, 02:13 საათზე, მოქალაქე ლ----–--ლი----ს მიერ (სატელეფონო ნომრიდან 55--------), მისამართზე: ქ. თბილისი, რო------- ხ----–--–-ს ქუჩა N----------. გამოძახებაზე იმყოფებოდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი 7---. პატრულ - ინსპექტორებს ინიციატორმა განუცხადა, რომ მისი მეუღლე გი------ კ-------ია იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში და სურდა სახლი დაეტოვებინა. მოქალაქე გი------ კ-------იამ დატოვა სახლი. შემაკავებელი ორდერის გამოცემაზე უარი განაცხადეს. შედგა ოქმი ნომრის გარეშე.
2013 წლის 08 დეკემბერს, 20:50 საათზე, მოქალაქე ლ----–--ლი----ს მიერ (სატელეფონო ნომრიდან 59--------), მისამართზე: ქ.თბილისი, რო------- ხ----–--–-ს ქუჩა N----------. ინიციატორს გამოძახება სურდა ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით (მეუღლესთან). მოქალაქე ან---–----–--ლმა მოგვიანებით განაცხადა, რომ აღარ სურდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის დახმარება, რადგან მისმა მეუღლემ დატოვა მისამართი.
2013 წლის 04 ოქტომბერს, 01:24 საათზე, მოქალაქე ლ----–--ლი----ს მიერ (სატელეფონო ნომრიდან 55--------), მისამართზე: ქ. თბილისი, რო------- ხ----–--–-ს ქუჩა N----------. 1 ადგილზე იმყოფებოდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი 7---, რომელთა გადმოცემით, მეუღლეებს ჰქონდათ კონფლიქტი ერთად თანაცხოვრების შესახებ. საქართველოს ასკ- ის 173-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის გი------ კ-------ია ადმინისტრაციული წესით დააკავა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა. შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია.
2013 წლის 03 ოქტომბერს, 03:02 საათზე, მოქალაქე ლ----–--ლი----ს მიერ (სატელეფონო ნომრიდან 55--------), მისამართზე: ქ.თბილისი, რო------- ხ----–--–-ს ქუჩა N----------. ინიციატორის ინფორმაციით მეუღლესთან ჰქონდა კონფლიქტი, თუმცა მოგვიანებით განაცხადა, რომ აღარ სურდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის დახმარება.
2013 წლის 28 სექტემბერს, 21:38 საათზე, მოქალაქე ლ----–--ლი----ს მიერ (სატელეფონო ნომრიდან 55--------), მისამართზე: ქ. თბილისი, რო------- ხ----–--–-ს ქუჩა N----------. ადგილზე იმყოფებოდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი 7---. მათი გადმოცემით, ინიციატორს და მის მეუღლეს - გი------ კ-------იას ჰქონდათ უთანხმოება, რომელიც წავიდა სახლიდან. ინიციატორმა შემაკავებელი ორდერის გამოცემაზე უარი განაცხადა. შედგა ოქმი ნომრის გარეშე.
2013 წლის 07 მაისს, 13:13 საათზე, მოქალაქე ლ----–--ლი----ს მიერ (სატელეფონო ნომრიდან 593 171615), მისამართზე: ქ. თბილისი, რო------- ხ----–--–-ს ქუჩა N5. ინიციატორის ინფორმაციით მეუღლემ სცემა და არ აძლევდა ბავშვის წაყვანის უფლებას. ადგილზე იმყოფებოდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი 7906. მათი გადმოცემით, მეუღლეებს ერთმანეთთან პრეტენზია არ აქვთ. შემაკავებელი ორდერის გამოცემაზე უარი განაცხადეს. შედგა ოქმი ნომრის გარეშე.
2014 წლის 06 დეკემბერს, 14:01 საათზე, მოქალაქე ლ----–--ლი----ს მიერ (სატელეფონო ნომრიდან 55--------), მისამართზე: ქ. თბილისი, კ--–-------- ქუჩა N-----------. გამოძახებაზე იმყოფებოდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი 7---, რომელთა გადმოცემით აღნიშნულ მისამართზე ინიციატორს მეუღლესთან - გი------ კ-------იასთან ჰქონდა კამათი ერთად თანაცხოვრებასთან დაკავშირებით. ეკიპაჟმა განუმარტა, რომ განქორწინების შესახებ უნდა მიმართონ თბილისის საქალაქო სასამართლოს. შემაკავებელი ორდერის გამოცემაზე უარი განაცხადეს. შეურაცხყოფა არ ყოფილა. ქალბატონი წავიდა მეუღლის ბინიდან. შედგა ოქმი ნომრის გარეშე.
2014 წლის 05 ივლისს, 13:59 საათზე, მოქალაქე ლ----–--ლი----ს მიერ (სატელეფონო ნომრიდან 55--------), მისამართზე: ქ.თბილისი, რო------- ხ----–--–-ს ქუჩა N----------. ინიციატორის განცხადებით მეუღლემ სცემა. ადგილზე იმყოფებოდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი 7---. საქართველოს ასკ-ის 45-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის ადმინისტრაციული წესით დაკავდა და შემაკავებელი ორდერი N0----- გამოიცა ინიციატორის მეუღლის მიმართ. ეკიპაჟმა ასევე გამოიძახა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს კრიმინალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სამსახური.
2014 წლის 21 აპრილს, 01:32 საათზე, მოქალაქე ლ----–--ლი----ს მიერ (სატელეფონო ნომრიდან 55--------), მისამართზე: ქ. თბილისი, რო------- ხ----–--–-ს ქუჩა N----------. ინიციატორის ინფორმაციით ყოფილი მეუღლე აწუხებდა. ადგილზე იმყოფებოდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი 7---. მათი გადმოცემით, მოქალაქე გი------ კ-------ია იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში და საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მითითებით დატოვა მისამართი. შედგა ოქმი ნომრის გარეშე.
2015 წლის 16 იანვარს, 14:07 საათზე (სატელეფონო ნომრიდან 55--------), მისამართზე: ქ. თბილისი, კ--–-------- ქუჩა, კორპუსი 4----------. ადგილზე იმყოფებოდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი 7---. მათი გადმოცემით, ანა ლ----–--ლს და გი------ კ-------იას შორის იყო ოჯახური კონფლიქტი. საქართველოს ასკ-ის 173-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის გი------ კ-------ია ადმინისტრაციული წესით დაკავდა. გამოიცა შემაკავებელი ორდერი NPO04104.
2015 წლის 21 ნოემბერს, 14:18 საათზე, მოქალაქე ლ----–--ლი----ს მიერ (სატელეფონო ნომრიდან 558 568566), მისამართზე: ქ. თბილისი, კ--–-------- ქუჩა N4ა, ბინა 12. ადგილზე იმყოფებოდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი 7909, რომელთა გადმოცემით, მეუღლეებს შორის იყო სიტყვიერი უთანხმოება. შედგა რეაგირების ოქმი.
2016 წლის 15 ოქტომბერს, 19:11 საათზე, მოქალაქე ლ----–--ლი----ს მიერ (სატელეფონო ნომრიდან 55--------), მისამართზე: ქ.თბილისი, კ--–-------- ქუჩა, კორპუსი 8---------. ადგილზე იმყოფებოდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი 7---. ინიციატორს ყოფილ მეუღლესთან ჰქონდა კონფლიქტი. შედგა რეაგირების ოქმი. მისამართზე ასევე გამოცხადდა ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი - სამგორის სამმართველოს I განყოფილება.
2016 წლის 16 ოქტომბერს, 18:04 საათზე (სატელეფონო ნომრიდან 55--------), მისამართზე: ქ.თბილისი, ჯავახეთის 1-ლი ჩიხი, კორპუსი 3, ბინა 46. ადგილზე იმყოფებოდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი 7---. მათი გადმოცემით, აღნიშნულ მისამართზე ანა ლ----–--ლმა განაცხადა, რომ ყოფილი მეუღლე გი------ კ-------ია აწუხებდა კარზე კაკუნით, რომელსაც პირად ურთიერთობასთან დაკავშირებით სურდა გასაუბრება. მოქალაქე გი------ კ-------ია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს ადგილზე აღარ დახვდათ. ინიციატორმა უარი განაცხადა შემაკავებელი ორდერის გამოცემაზე. შედგა რეაგირების ოქმი.
2017 წლის 19 თებერვალს, 02:13 საათზე, მოქალაქე ლა–----- ნ---ს მიერ (სატელეფონო ნომრიდან 59--------), დაფიქსირდა შეტყობინება სუიციდთან დაკავშირებით მისამართზე: ქ. თბილისი, კ--–-------- ქუჩა, კორპუსი 8---------. ადგილზე იმყოფებოდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი 7---. მათი გადმოცემით აღნიშნულ მისამართზე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს გარდაცვლილი დახვდათ ან---–----–--ლი (პ/ნ 0----------), რომელმაც თავი ჩამოიხრჩო; შემთხვევის ადგილზე ასევე იმყოფებოდა და საქმე გადაიბარა ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი - სამგორის სამმართველოს განყოფილებამ. შედგა რეაგირების ოქმი. სასწრაფოს ბრიგადის საშედეგო ფორმის მიხედვით დადგინდა სიკვდილი სხვა და დაუზუსტებელი უცნობი მიზეზებით (კოდით (99)).
4.5. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანიების მიერ შედგენილ შეტყობინებებზე (28.09.2013 წელი; 06.12.2014წ.; 16.01.2015წ.), რეაგირების ოქმებზე (28.09.2013წ; 06.12.20114წ; 21.11.2015წ. 15.10.2016წ.; 16.10; 2016წ. 13.02.2017წ), ან---–----–--ლისა და გი------ კ-------იას ახსნა - განმარტებებზე (16.01.2015 წელი; 05.07.2016წ.) (ტომი 1, ს.ფ. 33-34; 48-54; 131-133; 160).
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2015 წლის 16 იანვარს მომხდარ ფაქტზე შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს კრიმინალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საგამოძიებო სამსახურში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის N 0----------- საქმეზე, ან---–----–--ლის მიმართ განხორციელებული ოჯახური ძალადობის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე 2015 წლის 19 თებერვალს თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორის ანა კალანდაძის მიერ გამოტანილი დადგენილების საფუძველზე, შეწყდა გამოძიება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო (ტომი 1, ს.ფ. 197-198).
4.6. დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 06 თებერვლის გადაწყვეტილებით (საქმე N3-------) დამტკიცდა 2013 წლის 6 თებერვლის ქ. თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს პირველი სახაზო - საპატრულო სამმართველოს ისანი-სამგორის მიმართულების მეოთხე ოცეული პატრულ - ინსპექტორის მიერ გაცემული შემაკავებელი ორდერი გი------ კ-------იას (დაბ. 18.10.1988 წელს, მცხ. ქ. თბილისი, კახ-----------------, ბინა N5) მიმართ, მსხვერპლი ან---–----–--ლი. შემაკავებელი ორდერი დამტკიცდა შემდეგი პირობებით: მოძალადის მსხვერპლთან მის სამსახუ----დე და იმ სხვა ადგილებთა მიახლოების აკრძალვა, სადაც მსხვერპლი იმყოფება; მოძალადის იმ სახლისგან მოშორება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს.
4.7. დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 06 ივლისის გადაწყვეტილებით (საქმე N 3--------) დამტკიცდა ქ. თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს სახაზო საპატრულო სამმართველოს სამგორის პირველი ოცეულის პატრულ-ინსპექტორის ბექარ ქოჩიაშვილის მიერ 2014 წლის 05 ივლისს გამოცემული N0---- შემაკავებელი ორდერი გი------ კ-------იას (პ/ნ 0----------, დაბადებული 18.10.1988წ. რეგისტრირებული: თბილისი ზუ----------------, ბინა N10, მცხოვრები: თბილისი ხ----–--–-ს ქ. N-----------8) მიმართ.
4.8. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილებით (საქმე N--------) დამტკიცდა 2015 წლის 16 იანვრის N0----- შემაკავებელი ორდერი შემდეგი პირობებით: მოხდეს მოძალადე - გი------ კ-------იას (დაბ: 18.10.1988წ. მის: თბილისი, ზუ-------------- ბ N 10; მცხ: თბილისი, კ--–-------- ქ. კო---------------------------, პირადი N0----------) იმ სახლისგან მოშორება, სადაც მსხვერპლი - ან---–----–--ლი (დაბ. 23.07.1991 წ.; მის. თბილისი, რ. ხ----–--–-ს ქ. კორპ. N5, ბინა N28; მცხ. თბილისი. კ--–-------- ქ. კორპ. N4 „ა“, ბინა N12; პირადი N0----------) ცხოვრობს. აეკრძალოს მოძალადე გი------ კ-------იას მსხვერპლთან - ან---–----–--ლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება (ტომი 1, ს.ფ. 30-32; 35-37; 44-47);
4.9. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2007 წლის 07 აპრილის N MIA 5------------ წერილით, საქართველოს სახალხო დამცველს, მისივე N0-------- წერილის პასუხად ეცნობა, რომ ქ. თბილისის ისანი - სამგორის პოლიციაში მიმდინარეობდა გამოძიება სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე ან---–----–--ლის თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე, დანაშაულისათვის გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით. ამასთან, მიეწოდა დეტალური ინფორმაცია 2013 - 2016 წლებში შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში ან---–----–--ლის შეტყობინებების თაობაზე. ეცნობა, რომ 2015 წლის 16 იანვარს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს კრიმინალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საგამოძიებო სამსახურში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე გი------ კ-------იას მიერ მეუღლის ან---–----–--ლის მიმართ განხორციელებულ ოჯახში ძალადობის ფაქტზე გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 11-126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით. გამოძიებით არ დადასტურდა გი------ კ-------იას მიერ რაიმე სახის დანაშაულის ჩადენის ფაქტი, რის გამოც, ქ. თბილისის პროკურატურის მიერ 2015 წლის 19 თებერვლის დადგენილებით სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე შეწყდა გამოძიება (ტომი 1, ს. ფ. 26-29).
4.10. საქმეში წარდგენილია საქართველოს სახალხო დამცველის 2017 წლის 27 დეკემბრის რეკომენდაცია N08/17745, საქართველოს შინგან საქმეთა მინისტრისადმი, რომლის თანახმადაც 2017 წელს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის მიერ შესწავლილი იქნა ოჯახში ძალადობის შედეგად, ქალთა მკვლელობის მცდელობის და თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეები, სადაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო დანაშაულის ფაქტამდე ინფორმირებული იყო ოჯახში არსებული შესაძლო ძალადობის შესახებ. „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ„ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიმართავდნენ რეკომენდაციით:
- მოხდეს გამოცემული დამცავი და შემაკავებელი ორდერების აღსრულების მონიტორინგის სისტემის დანერგვა და ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
- გაიწეროს ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე რისკის შეფასების ინსტრუქცია და თითოეულ ოჯახში ძალადობის საქმეზე შემუშავდეს ინდივიდუალური სამუშაო გეგმა;
- გაანალიზდეს სსიპ 112-ის სამსახურში შესაძლო ოჯახში ძალადობის და ოჯახური კონფლიქტის შესახებ მიღებული შეტყობინებები.
ამასთანავე, ეთხოვათ, გატარებული ღონისძიებების თაობაზე აცნობონ საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლით დადგენილ ვადაში (ტომი 1, ს.ფ. 73-82).
4.11. თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორის 2015 წლის 19 თებერვლის დადგენილების (სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ - დოკუმენტი N 0---------) თანახმად, სისხლის სამართლის N 0----------- საქმეზე შეწყდა გამოძიება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო. დადგენილებაში აღინიშნა შემდეგი საქმის ფაქტობრივი გარემოებები: 2015 წლის 16 იანვარს ქ. თბილისში, კ--–-------- ქ. N-------------ში გამოვლენილი იქნა გი------ კ-------ია, რომელმაც ოჯახური კონფლიქტის დროს ძალადობა განახორციელა თავის მეუღლე ან---–----–--ლზე. გამოძიებთ დადგენილი გარემოებები: 2015 წლის 16 იანვარს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს კრიმინალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საგამოძიებო სამსახურში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე, ან---–----–--ლის მიმართ განხორციელებული ოჯახური ძალადობის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით. გამოძიებას საფუძვლად დაედო პატრულ - ინსპექტორ გუ---- ლ------ის პატაკი და შეტყობინება, იმის შესახებ, რომ 2015 წლის 16 იანვარს ქ. თბილისში, კ--–-------- ქ. N-------------ში, ოჯახური კონფლიქტის დროს ან---–----–--ლის მიმართ ძალადობა განახორციელა მეუღლემ გი------ კ-------იამ.
ჩატარებული გამოძიებით დადგინდა შემდეგი: 2015 წლის 16 იანვარს, მეუღლეებს - ან---–----–--ლსა და გი------ კ-------იას შორის, რომლებიც ცხოვრობდნენ ქ. თბილისში, კ--–-------- ქ. N-------------ში, მოხდა შელაპარაკება საყოფაცხოვრებო საკითხებზე, რა დროსაც გი------ კ-------იამ ანა ლ----–--ლს ერთხელ, მსუბუქად გაარტყა ხელი სახის არეში, ან---–----–--ლის განმარტებით, გი------ კ-------იას მისთვის სხვა სახის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია და მხოლოდ ერთხელ მსუბუქად გაარტყა ხელი სახის არეში, რა დროსაც ფიზიკური ტკივილი არ განუცდია. მანვე განმარტა, რომ გი------ კ-------იას მიერ მის მიმართ არ ხორციელდება სისტემატური შეურაცხყოფა, ძალადობა ან სხვა სახის ქმედებები, რის გამოც მეუღლის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია. ზემოაღნიშნული დაადასტურა საქმეზე მოწმის სახით დაკითხულმა გი------ კ-------იამ და განმარტა, რომ ან---–----–--ლს, მხოლოდ ერთხელ მსუბუქად გაარტყა ხელი სახის არეში. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, სამედიცინო დოკუმენტაციაში ან---–----–--ლის სხეულზე ფიზიკური დაზიანების ობიექტური ნიშნების არსებობაზე მითითებული არ არის. გამოძიების შეწყვეტის საფუძვლები: საქმეზე ჩატარებული გამოძიებით, კერძოდ: მოწმეების ანა ლ----–--ლის, გი------ კ-------იას და გუ---- ლ------ის ჩვენებებით, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნითა და სხვა მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ან---–----–--ლის მიმართ რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედებისას ადგილი არ ჰქონია. გი------ კ-------იამ მსუბუქად გაარტყა ხელი სახის არეში ან---–----–--ლს, რომელსაც აღნიშნული ქმედების შედეგად ფიზიკური ტკივილი არ განუცდა. მსგავს ფაქტს გი------ კორძაიას მხრიდან სისტემატიური ხასიათი არ აქვს და შესაბამისად, არავის მიმართ არანაირი პრეტენზია არ აქვს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია ოჯახის ერთერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობის, სისტემატური შეურაცხყოფის, შანტაჟის, დამცირებისათვის, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. როგორც ან---–----–--ლის ჩვენებიდან ირკვევა, ხელის დარტყმის შედეგად არანაირი დაზიანება არ მიუღია. ამდენად, სახეზე არ არის მოცემული დანაშაულის შემადგენლობის ერთ - ერთი აუცილებელი ნიშანი. ამასთან, საქმეზე არ იკვეთება სხვა დანაშაულის ნიშნები, რის გამოც საქმეზე უნდა შეწყდეს გამოძიება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, მოცემულ საქმეზე შეწყდა გამოძიება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო.‘’ (ტომი 1, ს.ფ. 196-198).
4.12. ქალაქ თბილისის პროკურატურის 2018 წლის 05 ივლისის N13/01-50924 წერილით, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას ეცნობა, რომ მათი 2018 წლის 03 ივლისის შეტყობინების საფუძველზე, ქალაქ თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმზე N 0----------, საქართველოს შს სამინსიტროს ცალკეულ თანამშრომელთა მიერ, ან---–----–--ლის მიმართ განხორციელებული ოჯახური ძალადობის შემთხვევზე არასათანადო რეაგირებისა და სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით. (ტომი 1, ს.ფ. 114).
5. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:
5.1. პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებით, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს, ანუ უნდა არსებობდეს ადმინისტრაციულ ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ განხორციელებულ ქმედებასა (მოქმედება ან უმოქმედობა) და დამდგარ შედეგს (ზიანი) შორის პირდაპირი და უშუალო მიზეზობრივი კავშირი. ამასთანავე, ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება, რომელმაც პირისათვის ზიანი გამოიწვია, უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებიდან და არსებობდეს ბრალეული, განზრახი ან უხეში გაუფრთხილებელი ბრალის სახით, რაც გამოიხატება ადმინისტრაციული ორგანოს მიზანმიმართულ უმოქმედობაში, ან უხეშ გაუფრთხილებლობაში, ანუ ადმინისტრაციული ორგანო შეგნებულად უნდა უშვებდეს პირისათვის ზიანის მიმყენებელი გარემოების დადგომას ან/და არ ახორციელებდეს მისთვის კანონით დაკისრებულ ვალდებულებებს ზიანის თავიდან აცილების მიზნით.
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მოსარჩელის იმ განმარტებაზე, მას ზიანი მიადგა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების უმოქმედობით, მოპასუხეების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობით, ვინაიდან, მათთვის ცნობილი იყო ოჯახური კონფლიქტის არსებობის ფაქტი, რომ აწგარდაცვლილ ან---–----–--ლზე, მისი მეუღლე გი------ კ-------ია სისტემატურად ახორციელბდა ძალადობას (ფსიქოლოგიური, ფიზიკური, სიტყვიერი შეურცხყოფა, ცემა, ჩხუბი და ა.შ) და ინფორმირებულები იყვნენ მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ. აღნიშნულის მიუხედავად, არ განახორციელეს კანონით დაკისრებული ვალდებულებები ზიანის თავიდან აცილების მიზნით და არ უზრუნველყვეს მოძალადისაგან ან---–----–--ლის სიცოცხლის დაცვა.
სასამართლომ მნიშვნელოვნად მიიჩნია ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასდეს აწგარდაცვლილ ან---–----–--ლის თითოეულ კონკრეტულ შეტყობინებაზე პოლიციის მიერ გამოყენებული ღონისძიებები, რამდენად შესაბამისობაში იყო კანონმდებლობით მათზე დაკისრებულ მოვალეობებთან და მათ მიერ გატარებული საპოლიციო ღონისძიებები რამდენად უზრუნველყოფდა ძალადობის აღკვეთასა და მსხვერპლის სიცოცხლის დაცვას.
საქმის განმხილველმა სასამართლომ საქმეში წარდგენილი შეტყობინებებით, რეაგირების ოქმებით, აწ გარდაცვლილ ან---–----–--ლისა და გი------ კ-------იას ახსნა - განმარტებებით დადასტურებულად მიიჩნია გი------ კ-------იას მხრიდან ან---–----–--ლის მიმართ, ძალადობის განხორციელების არაერთი ფაქტი, რასაც სასამართლოს მითითებით, ცალკეულ შემთხვევებში ადასტურებს, არ უარყოფს, თავად მოძალადეც. სასამართლომ აღნიშნა, რომ თუ მოძალადის (გი------ კ-------იას) მიერ განხორციელებული ქმედებები არ შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, ასეთ შემთხვევებში პოლიციის უფლებამოსილი პირები ვერ გამოიყენებენ ძალადობის აღკვეთის სისხლისსამართლებრივი მექანიზმებს. ამასთან, მიუთითა, რომ ოჯახში ძალადობის გამოვლენის ფაქტზე ოპერატიული რეაგირების მიზნით, პოლიციის უფლებამოსილ პირებს გააჩნიათ კანონისმიერი ვალდებულება, მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად, დროებითი ღონისძიების სახით გამოსცეს შემაკავებელი ორდერი (პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები).
პირველის ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ პირებს, თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში ეკისრებოდათ კანონისმიერი ვალდებულება, ოჯახში ძალადობის ყოველ ფაქტზე ოპერატიული რეაგირების მიზნით, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად, გაეტარებინათ დროებითი ღონისძიები და გამოეცათ შემაკავებელი ორდერი, ხოლო შემდგომ, გაეწიათ მეთვალყურეობა შემაკავებელი ორდერების აღსრულებაზე. სასამართლომ საქმის მასალებით დადასტურებულად მიიჩნია, რომ ოჯახური ძალადობის ფაქტები იძლეოდა საკმარის საფუძველს ვარაუდისთვის, რომ მოვლენათა მოსალოდნელი განვითარების შეუფერხებელი მსვლელობის შემთხვევაში დიდი ალბათობით ზიანი მიადგებოდა პოლიციის მიერ დასაცავ სიკეთეს - ან---–----–--ლის სიცოცხლეს. ასევე, დადასტურებულად მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში მოძალადისგან დაცვისა და ძალადობის აღკვეთის მიზნით, პოლიციის უფლებამოსილი პირების მიერ არ იქნა გატარებული ისეთი საპოლიციო ღონისძიება, რომელიც დაიცავდა მსხვერპლს მოძალადისგან.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია და ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე ალ---- გა----------ის შვილს ან---–----–--ლს, ოჯახში ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით, წერილობითი ან ზეპირი განცხადებით არ მიუმართავს საქართველოს პროკურატურის ორგანოებისათვის და საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მიიჩნია, რომ არ არსებობდა მოპასუხე საქართველოს გენერალური პროკურატურის (თანამდებობის პირის) მიერ განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს (ზიანი) შორის პირდაპირი და უშუალო მიზეზობრივი კავშირი.
რაც შეეხება მორალური ზიანის ანაზღაურების ოდენობას, სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნულს განსაზღვრავს სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე. მიუთითა, რომ მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს დაზარალებულის ცხოვრების პირობებს (საოჯახო, ყოფითი, მატერიალური, ჯანმრთელობის მდგომარეობა, სოციალური სტატუსი, ასაკი და ა.შ.), ბრალის ხარისხს და სხვა გარემოებებს.
6. ალ---- გა----------ის სააპელაციო მოთხოვნა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 2 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახლი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება სრულად.
6.1. ალ---- გა----------ის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
სააპელაციო საჩივრის ავტორი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შედეგს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, მიუთითებს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-13, მე-14 მუხლებზე, საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე, 208-ე მუხლებზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 992-ე, 1005-ე მუხლებზე, "პროკურატურის შესახებ" საქართველოს კანონის მე-15 და 48-ე მუხლებზე და მიიჩნევს, რომ პროკურატურა ვალდებულია დანაშაულის თაობაზე მიღებული განცხადება განიხილოს დაუყოვნებლივ და მიუთითებს, რომ სწორედ სავარაუდო დანაშაულთან დაკავშირებით მოხდა პროკურატურის ინფორმირება.
აპელანტი მიუთითებს "ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 მუხლზე და განმარტავს, რომ ოჯახში ძალადობის პრევენციის ღონისძიებების განხორციელებას თავისი კომპეტენციის ფარგლებში სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად უზრუნველყოფს საქართველოს პროკურატურა. კონკრეტულ ინციდენტებთან მიმართებით კი მიიჩნევს, რომ პროკურატურის უმოქმედობა, რომელიც ასევე წარმოადგენდა დისკრიმინაციულ უმოქმედობას ქალთა მიმართ ძალადობაზე რეაგირებასთან მიმართებით, გამოიხატა შემდეგში: 2015 წლის 16 იანვარს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს კრიმინალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საგამოძიებო სამსახურში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე გი------ კ-------იას მიერ მეუღლის ან---–----–--ლის მიმართ განხორციელებული ოჯახში ძალადობის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11-126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით. მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა გი------ კ-------იას მიერ განხორციელებული ძალადობის არაერთი ეპიზოდის დამადასტურებელი ფაქტები, მათ შორის შემაკავებელი ორდერები, არაერთი გამოძახება ან---–----–--ლის მიმართ ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით, აღნიშნული გამოძიება შეწყდა 2015 წლის 19 თებერვალს ქ. თბილისის პროკურატურის დადგენილების საფუძველზე იმ საფუძვლით, რომ გამოძიებამ ვერ დაადასტურა გ. კ-------იას მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი.
წარმომადგენლის განმარტებით, ცალსახაა, რომ ქმედების ოჯახში ძალადობად შეფასებისათვის პროკურატურა ეძებდა მხოლოდ ფიზიკური ძალადობის ნიშნებს. მიიჩნევს, რომ აღნიშნული ეწინააღმდეგება კანონს, ვინაიდან ფსიქოლოგიური ძალადობა ოჯახში ასევე კრიმინალიზებულია სსკ 126(1) მუხლით. როდესაც ან---–----–--ლმა უარყო, რომ მას ფიზიკური შეხებისას ტკივილი არ განუცდია, პროკურატუ---- მიიჩნია, რომ ქმედებაში დანაშაულის ნიშნები არ იკვეთებოდა. წარმომადგენლის განმარტებით, აღნიშნული ასევე ეწინააღმდეგება CEDAW-ს გადაწყვეტილებას საქმეზე V.K v Bulgaria (Communication N 20/2008), სადაც კომიტეტმა აღნიშნა, რომ გენდერული ძალადობის დროს არ არის განმსაზღვრელი, რომ მსხვერპლის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას ექმნებოდეს პირდაპირი და მყისიერი საფრთხე. ევროპულმა სასამართლომ საქმეზე Opuz v. Turkey აღნიშნა, რომ როდესაც მსხვერპლი გამოიხმობს თავის საჩივარს ოჯახში ძალადობის შესახებ, სისხლის სამართლებრივი დევნა მაინც უნდა განხორციელდეს საჯარო ინტერესზე დაყრდნობით.
აპელანტი მიიჩნევს, რომ ან---–----–--ლის მიერ განცდილი ძალადობა, რომელიც გამოიხატებოდა ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ზეწოლაში, თავისი სიხშირით, ინტენსივობით და სამართალდამცავი ორგანოებისთვის მიმართვების ოდენობით (ჯამში 16 მიმართვა გარდაცვალებამდე), იყო საკმარისად სერიოზული, რათა განხილულიყო როგორც არადამიანური მოპყრობა. ამასთან, სახელმწიფო ორგანოთა მხრიდან არ იქნა მიღებული ყველა გონივრული ზომა, რათა არ დაეშვა ან---–----–--ლის ხელშეუხებლობის განმეორებითი დარღვევა.
წარმომადგენლის განმარტებით, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტრუმენტები, მათ შორის გაეროს ქალთა მიმართ ყველა ფორმის დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტი, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია (რომელთა მონაწილე საქართველოა) და ევროპის საბჭოს კონვენცია ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის თაობაზე (რომლის ხელმომწერი საქართველოა) განამტკიცებს, რომ სახელმწიფომ უნდა გამოიჩინოს სათანადო გულისხმიერება (due diligence) ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციისთვის, ჩადენილია იგი სახელმწიფოს წარმომადგენლის თუ კერძო პირის მიერ. სახელმწიფომ უნდა მოახდინოს მსგავსი აქტების სათანადო გამოძიება და დასჯა. როდესაც სახელმწიფო არაეფექტურ რეაგირებას ახორციელებს ოჯახში ძალადობაზე და არ იღებს სათანადო ზომებს მისი პრევენციის, გამოძიებისა და დასჯისთვის, სახელმწიფო ჩადის ქალთა მიმართ დისკრიმინაციას სქესის ნიშნით (იხ. Opuz v Turkey, No. 33401/02).
წარმომადგენლის განმარტებით, კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლების დარღვევის შემთხვევაში, რომლებიც კონვენციის ყველაზე ფუნდამენტური დებულებებია, გამოწვეული არამატერიალური ზიანისთვის, აუცილებლდ უნდა მოიაზრებოდეს, როგორც სამართლებრივი დაცვის საშუალებების ნაწილი. საჩივრის ავტორი აპელირებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე, 409-ე და 413-ე მუხლებზე და განმარტავს, რომ თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან მისთვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი----ზღაურება. სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისთვის ვნების მიყენების შემთხვევაში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც.
7. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო მოთხოვნა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 2 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახლი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
7.1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
სააპელაციო საჩივრის ავტორი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შედეგს, მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე, 208-ე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლებზე, აპელირებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 22 ნოემბრის განჩინებაზე (საქმე #ბს-198-187(კ-07) და სამართლებრივი ნორმებისა და სასამართლო პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე მიიჩნევს, რომ სასამართლო წესით ანაზღაურებას ექვემდებარება არა ყოველგვარი ზიანი, არამედ ის რომელიც უშუალოდ გამომდინარეობდა სახელმწიფო ორგანოს ქმედებით.
ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლის განმარტებით, მოცემული საქმის ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, 2013 წლიდან 2017 წლის 19 თებერვლამდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ცენტრ "112"- ში მოქალაქე ან---–----–--ლის მიერ განხორციელდა 16 შეტყობინება, რომლებიც შეეხებოდა მეღლესთან გი------ კ-------იასთან სხვადასხვა სახის კონფლიქტის აღმოფხვრის მიზნით დახმარებას. მიუთითებს, რომ "112"-ში შესულ თითოეულ შეტყობინებაზე მოხდა შესაბამისი რეაგირება, ადგილზე მისულმა შს სამინისტროს უფლებამოსილმა თანამშრომლებმა მოახდინეს ფაქტობრივი გარემოებების იდენტიფიცირება და კანონშესაბამისი რეაგირების განხორციელება, თითოეულ შეტყობინებაზე ინდივიდუალურად, აქედან თითოეულ შეტყობინებაზე შედგენილია შესაბამისი ახსნა - განმარტებები, რეაგირების ოქმები, სამ შემთხვევაში მოხდა შემაკავებელი ორდერის გამოწერა, ორ შემთხვევაში მოხდა ადმინისტრაციული წესით დაკავება ასკ-ის 173-ე, 45-ე მუხლების საფუძველზე, ხოლო 4 შემთხვევაში შეტყობინების ინიციატორმა, თავად გააუქმა შეტყობინება, დახმარების საჭიროების არარსებობის საფუძვლით.
წარმომადგენლის განმარტებით, 2015 წლის 16 იანვარს, ოჯახში ძალადობის შესახებ შეტყობინების საფუძველზე, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება ან---–----–--ლის მეუღლის გი------ კ-------იას მიმართ და ვინაიდან, საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შედეგად არ იქნა გამოკვეთილი დანაშაულის ნიშნები, შესაბამისად პროკურორმა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში 2015 წლის 19 თებერვლის დადგენილებით შეწყვიტა გამოძიება, დანაშაულის ფაქტის არარსებობის გამო. მიუთითებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 9 თებერვლის განაჩენით (საქმე N1--------) გი------ კ-------ია ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 და 115-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ხოლო უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 9 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულ გი------ კ-------იას ქმედება საქართველოს სსკ-ის 111, 115-ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველ ნაწილზე.
ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ მსჯელობას, რომ პოლიციის თანამშრომლების მხრიდან ადგილი ქონდა უმოქმედობას და მათი უფლებამოსილების ფარგლებში დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობას. მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ვერ დაასაბუთა, თუ კონკრეტულად რაში გამოიხატებოდა პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან უმოქმედობა, ან დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობა, თუ რა კონკრეტული ქმედებები უნდა განეხორციელებინა პოლიციას კონკრეტულ შემთხვევაში და რა სამართლებრივი მექანიზმი გააჩნდა ხელთ და არ გამოიყენა, მაშინ როდესაც დადასტურებულად სახეზე იყო პოლიციის მხრიდან ფაქტის ირგვლივ სხვადასხვა სამართლებრივი/საპოლიციო ღონისძიებების გამოყენება.
წარმომადგენელი საგულისხმოდ მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის 2018 წლის 03 ივლისის განცხადების საფუძველზე თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძება შს სამინისტროს თანამშრომელთა მიერ, ან---–----–--ლის მიმართ განხორციელებული ოჯახში ძალადობის შემთხვევაზე არასათანადო რეაგირებისა და სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის ფაქტზე და რომ მოცემული გამოძიების ფარგლებში შს სამინისტროს თანამშრომელთა მხრიდან რაიმე სახის დანაშაულის/გადაცდომის ფაქტი არ დადასტურებულა.
ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელი აპელირებს „პოლიციის შესახებ კანონის“ მე-10 მუხლზე, მე-16 მუხლის მე-2 ნაწილზე, „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონზე და მიიჩნევს, რომ იმისათვის, რომ სამინისტროს მოცემულ შემთხვევაში დაეკისროს ზიანის ანაზღაურება, აუცილებელია დადგინდეს, რომ სამინისტრომ არ იმოქმედა „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის (მოცემული საქმის პერიოდში მოქმედი რედაქცია) მოთხოვნათა ფარგლებში. წარმომადგენლის განმარტებით, გი------ კ-------იას მხრიდან ან---–----–--ლის მიმართ განხორციელებული არცერთი ქმედება არ ყოფილა პოლიციის მხრიდან დარჩენილი სათანადო რეაგირების გარეშე და შესაბამისად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ სარჩელზე მსჯელობის ფარგლებში, საქმის განმხილველი სასამართლოს მიერ არ მოხდა საქმის ფაქტობრივი გარემოებების სწორი სამართლებრივი შეფასება, რაც აპელანტის განმარტებით, მოცემული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.
წარმომადგენელი არ ეთანხმება და არ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შედეგს და მსჯელობას სამინისტროსათვის დაკისრებული მორალური ზიანის ოდენობის ნაწილშიც, აპელირებს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 29 ივნისის Nბს-344-342(23-17) გადაწყვეტილებაზე და მიიჩნევს, რომ აუცილებელია სასამართლოს მხრიდან ყურადღება მიექცეს ანალოგიურ საქმეებთან მიმართებით დადგენილ პრაქტიკას მორალური ზიანის ანაზღაურების ოდენობის თვალსაზრისით.
8. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
8.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ აპელანტის ალ---- გა----------ის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ - სამართლებრივ საფუძვლებს.
პირველყოვლისა მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს იმ გარემოებაზე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 2 მაისის გადაწყვეტილება გასაჩივრდა როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში), ასევე მოსარჩელე ალ---- გა----------ის მიერ (სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში) და ამდენად, პალატა მსჯელობს სასარჩელო მოთხოვნაზე სრულად.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, როდესაც არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები (სსსკ-ის 394-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები), სააპელაციო სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოიტანოს გადაწყვეტილება, რა დროსაც სსსკ-ის 386-ე მუხლის მიხედვით გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
მეტი სიცხადისთვის პალატა განმარტავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება უკავშირდება პირველყოვლისა თანხის ანაზღაურების დაკისრებას, როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის, ასევე საქართველოს გენერალური პროკურატურისათვის სოლიდარულად და ასევე დაკისრებული თანხის ოდენობის გაზრდას.
პალატა საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა - განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა - კანონიერების შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ალ---- გა----------ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
8.2. პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს მორალური ზიანის ანაზღაურება და ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრდა როგორც მოსარჩელე ფიზიკური პირის, ასევე მოპასუხე ადმინისტრციული ორგანოს მიერ, საკითხზე მსჯელობის მიზნით უნდა დადგინდეს და პალატის მიერ უნდა შეფასდეს ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან ადგილი ჰქონდა თუ არა უმოქმედობას და ასევე სახეზე არის თუ არა მიზეზობრივი კავშირი უმოქმედობასა და დამდგარ შედეგს შორის, ვინაიდან ამ შედეგის გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს მოცემული დავისათვის უმნიშვნელოვანესი საკითხი - არსებობს თუ არა მორალური ზიანის ანაზღუარების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე საქართველოს გენერალური პროკურატურის მიმართ. თავისთავად ზიანის არსებობის ფაქტი არ ქმნის ადმინისტრაციული ორგანოსათვის ამ ზიანის დაკისრების სამართლებრივ საფუძველს. პალატა მიიჩნევს, რომ უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი ადმინისტრაციული ორგანოს ქმედებასა (მოქმედება/უმოქმედობა) და დამდგარ შედეგს (ზიანი) შორის.
სადავო გარემოებებზე არსებითად მსჯელობისათვის, პალატა ასევე მნიშვნელოვნად მიიჩნევს ყურადღება გამახვილდეს მოპასუხეთა და მათ მიერ განხორციელებულ/განსახორციელებელ ღონისძიებებზე, რაც კიდევ უფრო ნათელს გახდის პალატის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძვლებს და მოტივაციას თითოეულ ადმინისტრაციულ ორგანოსთან მიმართებით.
პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველ ნაწილზე, (სადავო პერიოდის რედაქციით) რომლითაც იმპერატიულადაა დადგენილი, რომ სიცოცხლე ადამიანის ხელშეუვალი უფლებაა და მას იცავს კანონი. კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული----ზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან. დღეს მოქმედი რედაქციით საქართველოს კონსტიტიუციის მე-18 მუხლის მე-4 ნაწილში ასევე ცალსახად არის მითითებული, რომ ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული----ზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.
პალატა განმარტავს, რომ სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის სახელმწიფოს პასუხისმგებლობის განსაკუთრებულ წესს ადგენს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-209-ე მუხლები.
სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისი ორგანოების მიერ მიყენებული ზიანისათვის დადგენილია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავის დებულებებით, იმის გათვალისწინებით, რომ ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, ამ კოდექსის 207-ე მუხლით განისაზღვრა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული. ამასთან, აღნიშნული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის მიერ ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურეობრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.
აქვე, პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლს, რომლის თანახმად პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. ამდენად, ცალსახაა, იმისთვის, რომ წარმოიშვას ზიანის ანაზღაურების მოვალეობა, სახეზე უნდა იყოს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება/უმოქმედობა), წარმოშობილი ზიანი და მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა (მოქმედება/უმოქმედობა) და დამდგარ ზიანს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად გაამახვილა ყურადღება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველ ნაწილზე (2017 წლის 01 ივლისამდე მოქმედი რედაქცია), რომლის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურეობრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს.
პალატა ეთანხმება და იზიარებას პირველი ინსტანციის სასამართლოს შედეგს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში და ეთანხმება იმ განმარტებას, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს, ანუ უნდა არსებობდეს ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ განხორციელებულ ქმედებასა (მოქმედება ან უმოქმედობა) და დამდგარ შედეგს (ზიანი) შორის პირდაპირი და უშუალო მიზეზობრივი კავშირი. ამასთანავე, ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება, რომელმაც პირისათვის ზიანი გამოიწვია, უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებიდან და არსებობდეს ბრალეული, განზრახი ან უხეში გაუფრთხილებელი ბრალის სახით, რაც გამოიხატება ადმინისტრაციული ორგანოს მიზანმიმართულ უმოქმედობაში, ან უხეშ გაუფრთხილებლობაში, ანუ ადმინისტრაციული ორგანო შეგნებულად უნდა უშვებდეს პირისათვის ზიანის მიმყენებელი გარემოების დადგომას ან/და არ ახორციელებდეს მისთვის კანონით დაკისრებულ ვალდებულებებს ზიანის თავიდან აცილების მიზნით.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ ოჯახური ძალადობის ფაქტები იძლეოდა საკმარის საფუძველს ვარაუდისთვის, რომ მოვლენათა მოსალოდნელი განვითარების შეუფერხებელი მსვლელობის შემთხვევაში დიდი ალბათობით ზიანი მიადგებოდა პოლიციის მიერ დასაცავ სიკეთეს - ან---–----–--ლის სიცოცხლეს. განსახილველ შემთხვევაში მოძალადისგან დაცვისა და ძალადობის აღკვეთის მიზნით, პოლიციიის უფლებამოსილი პირების მიერ არ იქნა გატარებული ისეთი ადექვატური საპოლიციო ღონისძიება, რომელიც დაიცავდა მსხვერპლს მოძალადისგან. მართებულად იქნა საქმის განმხილველი სასამართლოს მიერ შეფასებული, რომ არსებობდა მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირების მხრიდან მათზე დაკისრებული კანონისმიერი ვალდებულებების უგულებელყოფასა (უმოქმედობა) და დამდგარ შედეგს (მსხვერპლის ან---–----–--ლის თვითმკვლელობამდე მიყვანა და გარდაცვალება) შორის პირდაპირი და უშუალო მიზეზობრივი კავშირი. შესაბამისად, დასტურდება, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირების მიერ დაკისრებული პოზიტიური ვალდებულების (დაეცვა სიცოცხლის უფლება) შეუსრულებლობითა და უმოქმედობით, მოსარჩელეს (გარდაცვლილის დედას) მიადგა მორალური ზიანი, რომელიც ექვემდებარება ანაზღაურებას.
პალატა ვერ გაიზიარებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტებს და აღნიშნულს ვერ მიიჩნევს გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საკმარის საფუძვლად და განმარტავს, რომ მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირებს, თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში ეკისრებოდათ კანონისმიერი ვალდებულება, ოჯახში ძალადობის ყოველ ფაქტზე ოპერატიული რეაგირების მიზნით, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად, გაეტარებინათ დროებითი ღონისძიები და გამოეცათ შემაკავებელი ორდერი, ხოლო შემდგომ, გაეწიათ მეთვალყურეობა შემაკავებელი ორდერების აღსრულებაზე.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის დასასაბუთებლად პალატა მნიშვნელოვნად მიიჩნევს კიდევ ერთხელ შეფასდეს ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, აწგარდაცვლილ ან---–----–--ლის თითოეულ კონკრეტულ შეტყობინებაზე პოლიციის მიერ გამოყენებული ღონისძიებები თუ რამდენად შესაბამისობაში იყო კანონმდებლობით მათზე დაკისრებულ მოვალეობებთან და მათ მიერ გატარებული საპოლიციო ღონისძიებები რამდენად უზრუნველყოფდა ძალადობის აღკვეთასა და მსხვერპლის სიცოცხლის დაცვას.
საკითხზე მსჯელობის მიზნით პალატა მიუთითებს ,,პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, საპოლიციო ღონისძიება უნდა ემსახურებოდეს ლეგიტიმური მიზნის მიღწევას. შერჩეული საპოლიციო ღონისძიება უნდა იყოს გამოსადეგი, აუცილებელი და პროპორციული. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, პოლიციელის მიერ შერჩეული საპოლიციო ღონისძიება არის გამოსადეგი, თუ ის შესაძლებელს ხდის ლეგიტიმური მიზნის მიღწევას, მე-3 ნაწილით, პოლიციელის მიერ შერჩეული გამოსადეგი საპოლიციო ღონისძიება არის აუცილებელი, თუ ვერ იქნება გამოყენებული სხვა საშუალება, რომელიც ლეგიტიმური მიზნის მიღწევისას უფრო ნაკლებ ზიანს მიაყენებდა როგორც ღონისძიების ადრესატს, ისე სხვა პირს, ხოლო მე-4 ნაწილით, პოლიციელის მიერ განხორციელებული აუცილებელი საპოლიციო ღონისძიება არის პროპორციული, თუ კანონით დაცული სამართლებრივი სიკეთისათვის მიყენებული ზიანი არ აღემატება იმ სიკეთეს, რომლის დასაცავადაც ის განხორციელდა.
ამევე კანონის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პოლიციის ძირითადი ფუნქციაა, უზრუნველყოს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგისათვის საფრთხის თავიდან აცილება. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის ,,ა“ და „გ“ ქვეპუნქტების მიხედვით, პოლიციის ფუნქციებია: ა) ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა; გ) დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით პრევენციული ღონისძიებების განხორციელება. რაც შეეხება მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტს, პოლიცია საკუთარი ფუნქციების შესრულების უზრუნველსაყოფად თავისი კომპეტენციის ფარგლებში რეაგირებს სამართალდარღვევის ფაქტებზე, სახელდობრ: ა) ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის, მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად, დროებითი ღონისძიების სახით გამოსცემს შემაკავებელ ორდერს და მეთვალყურეობს დამცავი და შემაკავებელი ორდერების აღსრულებას. ამავე კანონის მე-18 მუხლით დადგენილია პოლიციის უფლებამოსილება საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგისათვის საფრთხის თავიდან აცილების ან მათი დარღვევის აღკვეთის მიზნით თავისი კომპეტენციის ფარგლებში პრევენციულ ღონისძიებების განხორციელებაზე.
განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით პალატა დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ალ---- გა----------ის შვილი, აწგარდაცვლილი ან---–----–--ლი (მსხვერპლი) 2013 წლიდან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა გი------ კ-------იასთან (მოძალადე), ჰყავდათ ერთი შვილი.
ასევე დადასტურებულია, რომ განსახილველ შემთხვევაში პოლიციის უფლებამოსილი პირების მიერ არაერთხელ იქნა გამოვლენილი გი------ კ-------იას მხრიდან ან---–----–--ლის მიმართ, ძალადობის ფაქტები. ამასთანავე, დასტურდება, რომ ოჯახური ძალადობის (ფსიქოლოგიური, ფიზიკური) ფაქტები, იძლეოდა საკმარის საფუძველს ვარაუდისთვის, რომ მოვლენათა მოსალოდნელი განვითარების შეუფერხებელი მსვლელობის შემთხვევაში დიდი ალბათობით ზიანი მიადგებოდა პოლიციის მიერ დასაცავ სიკეთეს - მსხვერპლის (ან---–----–--ლის) სიცოცხლეს. სულ დაფიქსირებულია ასეთი 16 შეტყობინება კერძოდ 06.02.2013 წელი; 07.05.2013 წელი; 12.06.2013 წელი; 28.09.2013 წელი; 03.10.2013 წელი; 04.10.2013 წელი; 10.11.2013 წელი; 08.12.2013 წელი; 18.12.2013 წელი; 06.12.2014 წელი; 21.04.2014 წელი; 05.07.2014 წელი; 16.01.2015 წელი; 21.11.2015 წელი; 15.10.2016 წელი; 16.10.2016 წელი, საიდანაც ოთხი შემთხვევა (10.11.2013; 12.06.2013; 03.10.2013; 08.12.2013 წელი) გააუქმა თვითონ მსხვერპლმა და მხოლოდ სამ შემთხვევაში (06.02.2013 წელი; 06.07.2014 წელი; 17.01.2015 წელი) გამოიცა შემაკავებელი ორდერი, რაც დამტკიცდა სასამართლოს მიერ და სამ შემთხვევაში შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ასკ 173-ე მუხლით 04.10.2013 წელს; ასკ 45-ე მუხლით 05.07.2014 წელს და ასკ 173-ე მუხლით 16.01.2015 წელს.
პალატა ყურადღებას ამახვილებს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის იმ განმარტებაზე, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 9 ივლისის განაჩენით ცვლილება შევიდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ნოემბრის განაჩენში და გი------ კ-------იას ქმედება საქართველოს სსკ-ის 111, 115-ე (თვითმკვლელობამდე მიყვანა) მუხლიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველ ნაწილზე (ოჯახური ძალადობა). ასევე პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ განმარტებაზე, რომ სახეზე აღარ არის ის გარემოება, რომ ყოფილმა მეუღლემ მოკლა ან მიიყვანა თვითმკვლელობამდე ან---–----–--ლი.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პალატა მიიჩნევს, რომ განაჩენის კვალიფიკაციის შეცვლა, კერძოდ იმ გარემოების დადგენა, რომ 2016 წლის იანვარში ადგილი ჰქოდა ოჯახში ძალადობის ფაქტს და აღნიშნულის საფუძველზე გი------ კ-------ია მიცემული იქნა სისხლის სამართლის პასუხისგებაში, ვერ მიიჩნევა ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან პასუხისმგებლობის თავიდან არიდების საკმარის საფუძვლად; წინამდებარე ადმინისტრაციული საქმე შეეხება არა გი------ კ-------იას მიმართ ზიანის ანაზღაურებას, არამედ ადმინისტრაციული ორგანოების უმოქმედობას და შესაბამის ზიანს. მართალია, უზენაესი სასამართლოს განაჩენით თვითმკვლელობამდე მიყვანა არ დადასტურდა, თუმცა ადმინისტრაციულსამართლებრივად სასამართლოს შეუძლია კონკრეტული ფაქტების შესწავლის შედეგად მაინც დადგენილად მიიჩნიოს სახელმწიფოს უმოქმედობა, რაც პირდაპირ შეიძლება არც ეფუძნებოდეს განაჩენს. ფაქტის მხოლოდ განაჩენის საფუძველზე დადგენილად მიჩნევისათვის სახეზე იქნებოდა არა ადმინისტრაციული დავა სახელმწიფოსაგან ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, არამედ სამოქალაქო დავა განაჩენით მსჯავრდებული ფიზიკური პირის წინააღმდეგ, საქმოქალაქო საპროცესო კოდექსის XXXIV3 თა---- გათვალისწინებული გამარტივებული სამართალწარმოების ფორმით. ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში ზიანის ანაზღუარებისათვის საკმარისია მართლსაწინააღმდეგო ფაქტების ერთობლიობა, რომლის შემფასებელს, განსახილველ შემთხვევაში კი სასამართლოს, დაარწმუნებს, რომ არ მომხდარა სათანადო რეაგირება და სათანადო რეაგირების არარსებობამ გამოიწვია დამდგარი შედეგი.
განსახილველ შემთხვევაში კი, განაჩენის მიუხედავად, ადმინისტრაციული ორგანოს კანონსაწინააღმდეგო უმოქმედობის დასადგენად პალატა მნიშვნელოვნად მიიჩნევს ყურადღება გამახვილდეს საქმეში წარმოდგენილ საქართველოს სახალხო დამცველის 2017 წლის 27 დეკემბრის N08/17745 რეკომენდაციაზე საქართველოს შინგან საქმეთა მინისტრისადმი, რომლის თანახმადაც 2017 წელს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის მიერ შესწავლილი იქნა ოჯახში ძალადობის შედეგად, ქალთა მკვლელობის მცდელობის და თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეები, სადაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო დანაშაულის ფაქტამდე ინფორმირებული იყო ოჯახში არსებული შესაძლო ძალადობის შესახებ.
სახალხო დამცველი შესწავლილი საქმეების ანალიზის საფუძველზე მიიჩნევს, რომ სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებს უჭირთ გენდერული ძალადობის იდენტიფიცირება, განსაკუთრებით სისტემური ფსიქოლოგიური ძალადობისა და მუქარის გამოვლენა. აქცენტი ძირითადად თვალით ხილულ ფიზიკურ დაზიანებაზე კეთდება. შესაბამისად, გატარებული პრევენციული ღონისძიებები სუსტია და სამართალდამცავი უწყების მხრიდან რეაგირება ხშირ შემთხვევაში მხოლოდ მას შემდეგ ხდება, რაც მოძალადემ მსხვერპლი უკვე ფიზიკურად იმსხვერპლა ან დააზიანა.
საქმეთა შესწავლის საფუძველზე ასევე მითითებულია, რომ სამართალდამცავი უწყების მიერ ოჯახში ძალადობის სისტემური და განგრძობითი ხასიათი გათვალისწინებული არ არის და მსხვერპლის მიერ განხორციელებული თითოეული მიმართვა ცალკე აღებულ შემთხვევად განიხილება. მსხვერპლის მიერ 112-ის სამსახურში დაფიქსირებული რამდენიმე შეტყობინების მიუხედავად, არ ხდება საქმეში ადგილობრივი პოლიციის განყოფილების ჩართვა და ოჯახში არსებული სიტუაციის პერიოდული გადამოწმება.
ყურადღება გამახვილდა საქმეთა შესწავლის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოთხოვილ ინფორმაციაზე და აღნიშნულით მიჩნეული იქნა, რომ რიგ შემთხვევებში რეაგირების არგანხორციელების მიზეზად მსხვერპლის მიერ შეტყობინების გაუქმების ფაქტორია მითითებული. სამწუხაროდ, ასეთ შემთხვევაში სამართალდამცავი უწყება არ ინტერესდება, რატომ გააუქმა მსხვერპლმა შეტყობინება, ხომ არ დგას შეტყობინების გაუქმების უკან მოძალადის შიში ან მუქარა. სახალხო დამცველის რეკომენდაციის თანახმად, განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს ის შემთხვევები, როდესაც სამართალდამცავ უწყებაში მსხვერპლს რამოდენიმე შეტყობინება აქვს დაფიქსირებული.
რეკომენდაციაში დასკვნის სახით მითითებულია, რომ ქალთა თვითმკვლელობამდე მიყვანისა და ქალთა მკვლელობის მცდელობის საქმეებთან დაკავშირებით სამართლდამცავი უწყებებიდან გამოთხოვილი ინფორმაციის ანალიზის შედეგად იკვეთება, რომ სამართალდამცავი უწყებების მიერ განხორციელებული რეაგირება ოჯახში ძალადობის საქმეებთან დაკავშირებით ხშირ შემთხვევაში არათანმიმდევრულია, რაც განაპირობებს გატარებული ღონისძიებების არაეფექტიანობას და ვერ უზრუნველყოფს დაზარალებულთა/მსხვერპლთა დაცვას.
პალატა მიუთითებს ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლითაც დადგენილია, საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალთა მიმართ ძალადობისათვის ან/და ოჯახში ძალადობისათვის დამახასიათებელ ქმედებათა ერთობლიობა, ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის სამართლებრივი და ორგანიზაციული საფუძვლები, მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვისა და დახმარების გარანტიები. ამავე კანონის მე-3 მუხლით, ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.
კანონის მე-9 მუხლის პირველი ნაწილით დარეგულირებულია შემდეგი: ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთისათვის გამოიყენება სისხლისსამართლებრივი სამოქალაქოსამართლებრივი და ადმინისტრაციულსამართლებრივი მექანიზმები. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, სისხლისსამართლებრივი მექანიზმები გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ამ მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქოსამართლებრივი მექანიზმები გამოიყენება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შედეგად მიყენებული ზიანის საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით ასანაზღაურებლად, ხოლო მე-4 ნაწილით, ადმინისტრაციულსამართლებრივი მექანიზმები გამოიყენება შემაკავებელი ორდერის/დამცავი ორდერის გამოცემით, აგრეთვე იმ შემთხვევაში, როდესაც სამართალდარღვევის ხასიათი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, არ იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას და მისი აღკვეთა შესაძლებელია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ნორმების გამოყენებით.
სადავო პერიოდში მოქმედი კანონის მე-13 მუხლის თანახმად, მხარეთა შერიგება არ აფერხებს დამცავი და შემაკავებელი ორდერების გამოცემას ან არ იწვევს გამოცემული დამცავი და შემაკავებელი ორდერების მოქმედების გაუქმებას, თუ ოჯახში ძალადობის ფაქტი ლახავს ოჯახის სხვა წევრთა, განსაკუთრებით - არასრულწლოვნის ინტერესებს. კანონის მე-16 მუხლის მე-3 ნაწილით იმპერატიულადაა დადგენილი პოლიციის ვალდებულებები ძალადობის ფაქტის არსებობის შემთხვევაში, კერძოდ: ძალადობის ფაქტის არსებობის შემთხვევაში პოლიცია ვალდებულია: ა) მიიღოს კანონით გათვალისწინებული ზომები ოჯახში ძალადობის ფაქტის აღსაკვეთად; ბ) განცალკევებულად გამოკითხოს ოჯახში ძალადობის სავარაუდო მსხვერპლი, მოწმე, მოძალადე, მათ შორის, არასრულწლოვანი, რაც წერილობით უნდა დაფიქსირდეს; (გ) ოჯახში ძალადობის მსხვერპლს მიაწოდოს ინფორმაცია მისი უფლებების შესახებ; დ) მსხვერპლის მოთხოვნით ან გადაუდებელ შემთხვევაში უზრუნველყოს მისი გადაყვანა სამედიცინო დაწესებულებაში; ე) მსხვერპლის მოთხოვნით ან გადაუდებელ შემთხვევაში უზრუნველყოს მისი ან/და არასრულწლოვნის გადაყვანა თავშესაფარში; ვ) მსხვერპლის სხვა ადგილზე გადაყვანის შემთხვევაში უზრუნველყოს მისი საცხოვრებელი ადგილიდან პირველადი საჭიროების ნივთებისა და საიდენტიფიკაციო დოკუმენტების წამოღება; ვ1) საჭიროების შემთხვევაში, ამ კანონის საფუძველზე მოძალადე გაარიდოს მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილიდან და უზრუნველყოს მსხვერპლის უსაფრთხოება; ზ) უზრუნველყოს იმ პირის უსაფრთხოება, რომელმაც განაცხადა ძალადობის ფაქტის შესახებ; თ) ამ კანონით დადგენილი წესითა და პირობებით გასცეს შემაკავებელი ორდერი.
ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული არგუმენტები ვერ გახდება პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი, ვინაიდან ცალსახაა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ პირებს ეკისრებოდათ კანონისმიერი ვალდებულება, ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირების მიზნით, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მსხვერპლის მოძალადისგან დაცვისა და ძალადობის აღკვეთის, მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველყოფის მიზნით, გაეტარებინათ ისეთი საპოლიციო ღონისძიებები, რომელიც დაიცავდა მსხვერპლს მოძალადისგან.
ამასთან, პალატას მიაჩნია, რომ მსხვერპლის მიერ განხორციელებული ზარის მხოლოდ ინდივიდუალურ, პირველ ზარად აღქმა, თითქოს ზარი პირველად ხორციელდება 112-ში, განპირობებულია იმითაც, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს არ აქვს უზრუნველყოფილი იმგვარი საინფორმაციო ტექნოლოგიური სისტემა, რომლის მეშვეობითაც სამართალდამცველი ინფორმაციის მიღებისთანავე მიხვდება, მსხვერპლი პირველად რეკავს დახმარებისთვის, თუ განმეორებით (ან უფრო მეტჯერ); განსახილველ შემთხვევაში, ამგვარი სისტემის არსებობა გამორიცხავდა ან---–----–--ლის მიერ 112-ში განხორციელებული მრავალი ზარის პირველ ზარად მიჩნევას და ამდენად, სამართალდამცვალები უფრო გულისყურითა და სიფრთხილით მოეკიდებოდნენ განსაკუთრებით განმეორებით შემოსულ ზარებს.
8.3. რაც შეეხება აპელანტის ალ---- გა----------ის მოთხოვნას, რომ მორალური ზიანის ანაზღაურება ასევე დაეკისროს საქართველოს გენერალურ პროკურატურას, აღნიშნულ ნაწილში პალატა ვერ გაიზიარებს და ვერ დაეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შედეგს და იმ მსჯელობას, რომ არ არსებობდა საქართველოს გენერალური პროკურატურის (თანამდებობის პირის) მიერ განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს (ზიანი) შორის პირდაპირი და უშუალო მიზეზობრივი კავშირი.
პალატა ყურადღებას ამახვილებს ალ---- გა----------ის წარმომადგენლის იმ განმარტებაზე, რომ ქმედების ოჯახში ძალადობად შეფასებისათვის პროკურატურა ეძებდა მხოლოდ ფიზიკური ძალადობის ნიშნებს, რაც მისივე განმარტებით, ეწინააღმდეგება კანონს. პალატა ასევე ყურადღებას ამახვილებს საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმომადგენლის იმ განმარტებაზე, რომ ერთადერთი გარემოება, სადაც ფიგურირებს საქართველოს პროკურატურა, არის სისხლის სამართლი საქმე, რომელზედაც შეწყდა გამოძიება. წარმომადგენელი ეთანხმება და სრულად იზიარებს აღნიშნულ საკითხში პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში განვითარებულ მსჯელობას, მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე და ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 2016 წლის იანვარში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით იმავე დღესვე დაიწყო გამოძიება და გამოძიებას ახორციელებდა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს კრიმინალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საგამოძიებო სამსახური, ხოლო აღნიშნულ საქმეზე პროკურატურის უფლებამოსილება და კომპეტენცია იყო მხოლოდ საპროცესო ზედამხედველობა. წარმომადგენელი აპელირებს პროკურატურის შესახებ კანონზე, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსზე და მიიჩნევს, რომ პროკურატურის მხრიდან განხორციელდა მასზე კანონით დაკისრებული მოვალეობა - საპროცესო ზედამხედველობა და ვინაიდან, საქმეში არსებობდა კონკრეტული დოკუმენტები, გამოკითხული იქნა მხარეები, საქმეზე ჩატარდა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა და ყოველივე აღნიშნულით არ გამოიკვეთა დანაშაულის ნიშნები, გამოძიება შეწყდა. მიუთითებს დადგენილების გასაჩივრების შესაძლებლობაზე და განმარტავს, რომ მიუხედავად აღნიშნულისა, შეწყვეტის შესახებ დადგენილება შესულია კანონიერ ძალაში, აღნიშნულის საწინააღმდეგო დამტკიცებული არ არის. მისივე განმარტებით, განაჩენის შეფასება სცილდება ადმინისტრაციული სასამართლოს კომპეტენციას, აპელირებს სასამართლოს პრაქტიკაზე და მიიჩნევს, რომ გამოძიების შეწყვეტის დროს პროკურატურა მოქმედებდა მასზე კანონით დაკისრებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში.
აღნიშნული მსჯელობის საწინააღმდეგოდ პალატა განმარტავს, რომ სასამართლოს აქვს უფლებამოსილება და კომპეტენცია შეეხოს მის წარმოებაში არსებულ საქმეზე, საკითხის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვან ნებისმიერ სამართლებრივ აქტს, სამართლის რომელი დარგის კუთვნილებაც არ უნდა იყოს იგი. აქვე პალატა ყურადღებას ამახვილებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის მიერ 2007 წლის 24 სექტემბერს მიღებულ Nბს-335-317(კ-07) განჩინებაზე, სადაც საუბარია განაჩენსა და გადაწყვეტილებაში დადგენილი ფაქტების კონკურენციაზე და მიიჩნევს, რომ ზიანის ანაზღაურების მიზნით და არა სისხლის სამართლის საპროცესო მიზნებისთვის, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში შესაძლებელია შეფასდეს პროკურატურის დადგენილების კანონიერება.
პალატა საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ განხორციელებულ/განსახორციელებელ ქმედებებზე მსჯელობის ფარგლებში პირველყოვლისა მიუთითებს „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონს (სადავო პერიოდში მოქმედი), რომლის მე-15 მუხლის თანახმად, პროკურატურა დანაშაულისა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა საქმეებზე, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისიწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, სრული მოცულობით ატარებს გამოძიებას და შეუძლია განახორციელოს ოპერატიულ - სამძებრო საქმიანობა.
აქვე, პალატა ყურადღებას ამახვილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-100 მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის ჩანაწერი - გამოძიების დაწყების მოვალეობა, როგორც დღეს მოქმედი რედაქციით, ასევე სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციით, იკითხება შემდეგნაირად: დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში გამომძიებელი, პროკურორი ვალდებული არიან დაიწყონ გამოძიება. გამომძიებლის მიერ გამოძიების დაწყების თაობაზე დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პროკურორს.
საკითხზე მსჯელობის მიზნით პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 8 ოქტომბრის N181 ბრძანებით დამტკიცებულ სისხლის სამართლის პოლიტიკის სახელმძღვანელო პრინციპების ზოგად ნაწილზე, სადაც გაწერილია პროკურატურის მისია, მიზნები და ამოცანები. უფრო კონკრეტულად კი, მითითებულია, რომ პროკურატურა სისხლის სამართლის პოლიტიკის შესაბამისად, ახორციელებს სახელმწიფოებრივ ფუნქციას, ეს არის მაღალი ხარისხის სისხლისსამართლებრივი დევნის წარმოება, რაც მოიცავს: დამნაშავეთა წარდგენას მართლმსაჯულების წინაშე; დანაშაულის შემცირებასა და საზოგადოებაში დანაშაულის მიმართ შიშის აღმოფხვრას; სწორედ პროკურორმა უნდა დაადგინოს, რომ სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს მართებულად, რომ დანაშაული ნამდვილად სახეზეა და არსებობს საკმარისი მტკიცებულებები კონკრეტული პირის მიმართ ბრალდების წარსადგენად და სხვა.
სახელმძღვანელო პრინციპებით ასევე დადგენილია სისხლისსამართლებრივი დევნის სახელძღვანელო პრინციპები, სადაც მითითებულია, რომ სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემაში პროკურორის როლი არსებითია. პროკურატურა არის ორგანო, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი შეაქვს კანონის უზენაესობის დაცვაში. პროკურორის თითოეული გადაწყვეტილება გავლენას ახდენს არამარტო ბრალდებულსა და სისხლის სამართლის პროცესის სხვა მონაწილეებზე, არამედ სრულიად საზოგადოებაზე. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ პროკურორის ნებისმიერი გადაწყვეტილება იყოს დასაბუთებელი, სამართლიანი და ასახავდეს სახელმწიფოსა და საზოგადოების ინტერესებს.
მითითებულია, რომ წინამდებარე დოკუმენტი აყალიბებს სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების სახელმძღვანელო პრინციპებსა და რეკომენდაციებს, რომელთა გათვალისწინებითაც პროკურორმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების თაობაზე დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში.
დისკრეციული უფლებამოსილება მრავალმხრივი ინტერპერატაციისა და ფართო ლავირების საშუალებას იძლევა. არასწორად მიღებულმა გადაწყვეტილებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს როგორც კონკრეტული პირის უფლებებსა და ინტერესებს, ასევე მთელ საზოგადოებას. რეკომენდაციები მიზნად ისახავს პროკურორის ფართო დისკრეციული უფლებამოსილების მოქცევას ზოგადი პრინციპებისა და სტანდარტების ჩარჩობებში, რაც გადაწყვეტილების მიღების პროცესს უფრო სტუქტურულს, თანმიმდევრულსა და გამჭვირვალეს გახდის, განამტკიცებს კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპს, ამასთან, ხელს შეუწყობს დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების შეძლებისდაგვარად ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებას.
ამავდროულად, პროკურორის გადაწყვეტილების თავისუფლება არ უნდა შეიზღუდოს იმგვარად, რომ საფრთხე შეექმნას სისხლისსამართლებრივი სისტემის მოქნილობასა და ეფექტურობას, ყოველი კონკრეტული საქმისადმი ინდივიდუალურ მიდგომასა და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებას. სწორედ ამიტომ, სახელმძღვანელო ჩამოყალიბებულია ზოგადი, სარეკომენდაციო პრინციპების სახით.
პალატა ყურადღებას ამახვილებს აღნიშნული დოკუმენტის იმ ნაწილზე, სადაც მითითებულია პროკურორის დისკრეციული უფლებამოსილება სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებაზე. კერძოდ, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას პროკურორი ხელმძღვანელობს კანონითა და ამ დოკუმენტში ჩამოყალიბებული პრინციპებით. ამის გარდა, გადაწყვეტილება უნდა დაეფუძნოს პროკურორის შინაგან რწმენას და კონკრეტული საქმის ფაქტობრივ გარემოებებს.
პროკურორმა სისხლისსამართლებრივი დევნის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას უნდა იხელმძღვანელოს ორი ტესტით, კრიტერიუმების ერთობლიობით და გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ მიღებულ უნდა იქნეს მხოლოდ სრული ტესტის დაკმაყოფილების შემთხვევაში. გადაწყვეტილებანი პროკურორმა უნდა მიიღოს მხოლოდ მაშინ, როცა შესაძლებელია ჩადენილი დანაშაულის ბუნებისა და სიმძიმის სრულად გაანალიზება და საქმესთან მიმართებაში საჯარო ინტერესის სწორად შეფასება. იმ შემთხვევაში, თუ პროკურორს არ გააჩნია საკმარისი ინფორმაცია, გამოძიება უნდა გაგრძელდეს და შეასაბამისი გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების თაობაზე მიღებულ იქნეს მოგვიანებით.
საჯარო ინტერესის განსაზღვრისას გასათვალისიწინებელია მრავალი სხვა და სხვა გარემოება და მათი განხილვის საჭიროება დამოკიდებულია კონკრეტულ საქმის გარემობებზე. ერთერთ გასათვალისწინებელ გარემოებად ასევე შესაძლებელია მიჩნეული იქნეს პირის დანაშაულებრივი წარსული. დევნის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას პროკურორმა უნდა გაითვალისწინოს პირის დანაშაულებრივი წარსული, თუ პირი ნასამართლევია, ან არსებობს საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ მან წარსულში ჩაიდინა დანაშაული, უნდა დაადგინოს – რა დანაშაულები აქვს პირს ჩადენილი და როდის, აგრეთვე რა კავშირი აქვს აღნიშნულ დანაშაულებს კონკრეტულ საქმესთან.
განსახილველ შემთხვევაში, პროკურატურას არ შეუსწავლია გი------ კ-------იას დანაშაულებრივი წარსული, რომ მის მიერ ჩადენილი ძალადობის შესახებ მრავალჯერ მიმართა მსხვერპლმა სამართალდამცავ ორგანოს; პროკურატურას არ გამოუთხოვია ეს ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროსაგან, რისი სრული შესაძლებლობაც გააჩნდა მას; ამ ინფორმაციის გამოთხოვის შემთხვევაში, დიდი ალბათობით პროკურატურა მიხვდებოდა, რომ მსხვერპლისათვის მსუბუქად ხელის გარტყმა (როგორც ამას ბრალდებული და დაზარალებული მიუთითებდნენ), შესაძლოა ფაქტობრივად და სამართლებრივად სრულიად სხვაგვარად წარმოჩენილიყო; ყოველივე ეს საშუალებას მისცემდა პროკურატურას სრულად აღექვა გი------ კ-------იას ქმედების ბუნება და სიმძიმე, დაეკავშირებინა ბრალდებულის წარსული მოქმედებანი მიმდინარე გამოსაძიებელ ფაქტთან, სწორად განესაზღვრა საჯარო მიზანი და თუ პროკურორს არ გააჩნდა საკმარისი ინფორმაცია, გამოძიება უნდა გაგრძელებულიყო და შეასაბამისი გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების თუ შეწყვეტის თაობაზე მიღებული უნდა ყოფილიყო მოგვიანებით, საკითხის სრულფასოვნად გამოძიების შემდეგ და არა იმგვარად, როგორც ეს განხორციელდა - უაღრსად ზედაპირულად.
ამდენად, პალატა განსახილველ საქმეში არსებული არაერთი ფაქტობრივი გარემოებისა და საკანონმდებლო რეგულაციის გათვალისწინებით ცალსახად მიიჩნევს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის წარმოების ფარგლებში პროკურორის აღნიშნული მოქმედება (გამოძიების შეწყვეტა) არ ასახავდა სახელმწიფოს და საზოგადოების ინტერესებს, დისკრეციული უფლებამოსილება გამოყენებულია დაუსაბუთებლად.
აქვე, პალატა ყურადღებას ამახვილებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 4 აპრილის (საქმე №ას-1322-2018) განჩინებაზე, რომლის 157-ე პარაგრაფში მითითებულია შემდეგი: „მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ შესაძლებელია, სისხლის სამართლის საქმემ არსებითი განხილვის ეტაპამდეც მიაღწიოს, მაგრამ ბრალდებამ ვერ შეძლოს გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებათა სტანდარტით ბრალდებულის დამნაშავეობის დამტკიცება და ამის გამო გამოტანილი იქნას გამამართლებელი განაჩენი. სწორედ ამიტომაც, არსებითი მნიშვნელობა ენიჭება იმ გარემოებას, რომ ყველა ზემოთ განხილულ შემთხვევაში დაუცველი არ დარჩეს კონკრეტული დაზარალებული, მისი ინტერესები და ანაზღაურდეს ის ზიანი, რომელიც მართლსაწინააღმდეგო ქმედებით იქნა მიყენებული. ცხადია, თუკი დანაშაულებრივი ქმედებით მიყენებული ზიანის არსებობისას, სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაკისრების აუცილებელ წინაპირობად, ზიანის მიმყენებლის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგომას ჩავთვლიდით, ამით უხეშად დაირღვეოდა დაზარალებულის უფლებები. გამოვიდოდა, რომ უფრო უპირატეს მდგომარეობაში იქნებოდა ის დაზარალებული, რომელსაც ზიანი არა დანაშაულებრივი, არამედ სხვაგვარი მართლსაწინააღმდეგო ქმედებით/სამოქალაქო-სამართლებრივი დელიქტით მიადგა“.
პალატა ყურადღებას ამახვილებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საქმეზე „რინგეოლდი ნორვეგიის წინააღმდეგ.“ მომჩივანი სწორედ ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუქტზე დაყრდნოით ასაჩივრებდა ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, მას დაზარალებულის სასარგებლოდ კომპენსაციის გადახდა დაეკისრა. კერძოდ, მომჩივანს ბრალი დასდეს არასრულწლოვანის მიმართ სექსუალური ხასიათის ძალმომრეობით ქმედების განხორციელებაში, თუმცა ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ იგი უდანაშაულოდ ცნო და გაამართლა. მიუხედავად ამისა, იმავე წარმოების ფარგლებში, განმცხადებელს დაეკისრა დაზარალებულისათვის კომპენსაციის გადახდა, რაც, გამამართლებელი ვერდიქტის არსებობის პირობებში, მომჩივანმა უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევად მიიჩნია. ევროპული სასამართლო არ დაეთანხმა მომჩივანის პოზიციას კომპენსაციის დაკისრების დაუშვებლობასთან დაკავშირებით და მიუთითა შემდეგი: მართალია, გარკვეულ შემთხვვებში, სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაკისრების წინაპირობებსა და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძვლებს შორის შესაძლოა თანხვედრა ხდებოდეს, მაგრამ განსახილველ საქმეში მოთხოვნა ზიანის ანაზღაურებაზე სამოქალაქო (კონკრეტულად, დელიქტური) სამართლის პრინციპების მიხედვით უნდა განხილულიყო. სისხლის სამართლის საქმის წარმოების შედეგი არ თამაშობდა გადამწყვეტ როლს კომპენსაციის დაკისრებასთან დაკავშირებული სამართალწარმოებისათვის. მსხვერპლს უფლება ჰქონდა მოეთხოვა კომპენსაცია, იმის მიუხედავად, ბრალდებულს გაამტყუნებდნენ თუ, როგორც ამ შემთხვევაში მოხდა, გაამართლებდნენ. საკითხის გადაწყვეტა კომპენსაციის მინიჭების თაობაზე, დამოუკიდებელ სამართლებრივ შეფასებას მოითხოვდა იმ კრიტერიუმებისა და მტკიცებით სტანდარტის საფუძველზე, რაც განსხვავდებოდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებისას გამოსაყენებელი კრიტერიუმებისა და სტანდარტებისაგან. (იხ. Ringvold v Norway, no. 34964/97, 11/02.2003, § 38.) .
ევროპულმა სასამართლომ კიდევ ერთხელ დაადასტურა მის მიერ დადგენილი პრაქტიკა მსგავს საქმეებზე და განმარტა, რომ დელიქტთან დაკავშირებული სამოქალაქო სამართალწარმოების ფარგლებში, პირისათვის (რომელიც სასამართლომ დამნაშავედ არ ცნო) პასუხისმგებლობის დაკისრება, თუნდაც ამ პირის მიერ ჩადენილი ქმედება ფარავდეს რომელიმე დანაშაულის დამაფუძნებელ ელემენტებს (შემადგენლობას), არ არღვევს უდანაშაულობის პრეზუმფციას. თავისთავად კომპენსაციის დაკისრების ფაქტი არ უთანაბრდება სისხლისსამართლებრივ სანქციას, მის მიზანს არ წარმოადგენს პასუხისგებაში მიცემული პირის დასჯა. სისხლისსამართლებრივი სანქციისაგან განსხვავებით, კომპენსაციის მინიჭების მთავარი არსი სწორედ დაზარალებული მხარისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაა და, ამდენად, ეს პროცესი არ შეიძლება განიმარტოს, კონვენციის გაგებით, როგორც პირის დადანაშაულება კონკრეტული ბრალეული ქმედების ჩადენაში. საქმეზე „ლაგარდერი საფრანგეთის წინააღმდეგ“ მომჩივანს ქონებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრა მამამისის მიერ ერთ-ერთი საწარმოს დირექტორად ყოფნის პერიოდში კომპანიის ქონების მითვისების გამო. მამკვიდრებელი გარდაიცვალა მის მიმართ სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანამდე. ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ ცალკე აღებული საკომპენსაციო თანხის დაკისრება მემკვიდრისათვის (მომჩივანი) მამკვიდრებლის სამკვიდროს აქტივის ფარგლებში, არ ხელყოფდა არც გარდაცვლილი მამკვიდრებლის და არც მემკვიდრის უდანაშაულობის პრეზუმფციას. აღნიშნულ მიზანს არა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის განსაზღვრა და დადგენა, არამედ, დაზარალებული კომპანიის მიერ განცდილი დანაკარგის ანაზღაურება წარმოადგენდა. ამრიგად, საკომპენსაციო თანხის დაკისრებით ადგილი არ ჰქონია გარდაცვლილი პირისათვის ბრალის წაყენებას დანაშაულის ჩადენის გამო, ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის მიზნებისათვის (იხ. Lagardere v France, no. 18851/07, 12/04/2012, § 61.).
პალატის მოსაზრებით, ოჯახში ძალადობის ფაქტის აღკვეთის მიზნით, კანონით გათვალისწინებული ყველა ზომის გამოყენება, არ გულისხმობს მხოლოდ სისხლისსამართლებრივი მექანიზმების გამოყენებას. საქმეში წარმოდგენილი შეტყობინებებით, რეაგირების ოქმებით, აწგარდაცვლილ ან---–----–--ლისა და გი------ კ-------იას ახსნა - განმარტებებით, დასტურდება გი------ კ-------იას მხრიდან ან---–----–--ლის მიმართ ძალადობის განხორციელების არაერთი ფაქტი, რასაც ცალკეულ შემთხვევებში ადასტურებს, არ უარყოფს, თავად მოძალადეც.
რაც შეეხება საკითხს - მსხვერპლმა თავი ჩამოიხრჩო თუ არა განცდილი ძალადობის გამო, რომლისგანაც ვერ დაიცვა სახელმწიფომ, პალატა განმარტავს შემდეგს: მართალია, საქმის მასალებში აღნიშნულის დამადასტურებელი პირდაპირი მტკიცებულება არ არსებობს, თუმცა საქმის გარემოებების ლოგიკური ჯაჭვი, ასევე ის, რომ ჯამში ან---–----–--ლმა 16-ჯერ დარეკა 112-ში დახმარებისათვის, რომ იგი 25 წლის იყო, მარტოხელა დედა, მცირეწლოვანი შვილით, უამრავი ზარის მიუხედავად, სახელმწიფო ქმედითად ვერ იცავდა მას და რაც აუცილებლად გამოიწვევდა ადამიანში დაუცველობის განცდას, რასაც ემატებოდა სამწუხაროდ საქართველოში შექმნილი სავალალო ვითარება ქალთა მიმართ გახშირებული ძალადობისა და მკვლელობის თვალსაზრისით, ყოველივე ეს, პალატის მოსაზრებით, საკმარისი საფუძველი იყო მსხვერპლის მძიმე ფსიქოლოგიური ფონისა, რასაც შეეძლო გამოეწვია და გამოიწვია კიდეც თვითმკვლელობა.
პალატა ასევე ცალსახად მიიჩნევს, რომ სახეზეა პირდაპირი და უშუალო მიზეზობრივი კავშირის არსებობა ადმინისტრაციული ორგანოების - საქართველოს გენერალური პროკურატურისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მათთვის კანონით დაკისრებული ვალდებულებების სათანადოდ შეუსრულებლობას - არადროული რეაგირების გამო პირის სიცოცხლის უფლების ხელყოფას შორის.
8.4. პალატა ყურადღებას ამახვილებს და დეტალურად შეეხება საკითხს, შვილის გარდაცვალებისათვის მშობლისათვის მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ შვილის გარდაცვალების გამო მშობლის ენით გამოუთქმელი მორალური ტრავმა უდავოდ სახეზეა. ეს უკანასკნელი გაიგივებულია სულიერ განცდასა და ფიზიკურ ტანჯვასთან. მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძველს წარმოადგენს დაზარალებულის სულიერი და ფიზიკური ტანჯვა, რომელიც გამოწვეულია მოქმედებით (უმოქმედობით) და რომელიც ხელყოფს მოქალაქის კანონით გათვალისწინებულ არამატერიალურ სიკეთეს. მორალური ზიანი----ზღაურდება ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად, ანუ როგორც ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისას, ისე მისგან დამოუკიდებლად. ამასთან, მორალური ზიანის ანაზღაურება ხდება ფულადი----ზღაურების სახით. მორალური ზიანის ანაზღაურება უნდა ეფუძნებოდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მიყენებული ფიზიკური და მორალური ტანჯვის ხარისხს. შესაბამისად, მორალური ზიანის ანაზღაურების მიღების უფლების მქონე პირთა განმსაზღვრელ კრიტერიუმს წარმოადგენს პიროვნებისათვის ფიზიკური ან ზნეობრივი ტანჯვის მიყენება. მორალური ზიანი სახეზეა, როდესაც სახეზეა ადამიანის ფსიქიკის სფეროში ნეგატიური ცვლილების არსებობა, რაც გამოიხატება ფიზიკურ და ზნეობრივ ტანჯვაში. ზიანის ანაზღაურებისას გადამწყვეტ როლს ასრულებს ზიანის სიმძიმე. მსუბუქი სულიერი განცდები, მსგავსად მსუბუქი ფიზიკური ტკივილისა, მხედველობაში არ მიიღება, ხოლო როდესაც ადგილი აქვს ისეთ ზიანს, რომლის დროსაც, როგორც წესი, მოსალოდნელია მძიმე ფსიქიკური განცდები, სულიერი ტანჯვა, და ა. შ. როგორიცაა ახლობელი ადამიანის (მეუღლის, შვილის, დედის, მამის, დის, ძმის) გარდაცვალება, მოქმედებს ე.წ. მორალური ზიანის პრეზუმფცია და ზიანის მიმყენებლის მიერ საწინააღმდეგოს დადასტურებამდე ივარაუდება, რომ აღნიშნულმა პირმა მძიმე სულიერი ტკივილი განიცადა.
ზოგადად, სამართლის სისტემები მოიცავენ წესებსა და პრინციპებს - მორალურ მტკიცებებს. მოსამართლეებმა უნდა განიხილონ სხვადასხვა შეხედულებები და მიიღონ ის გადაწყვეტილება, რომელიც სამართალს აქცევს, რაც შეიძლება, მორალურად საუკეთესოდ. ობიექტური სამართალი, რომელიც დავას არ იწვევს, არის მხოლოდ კანონმდებლებისა და მოსამართლეების მიერ მიღებული წარსულის ოფიციალური გადაწყვეტილებების კრებული. მორალური შეფასება არის სამართლის განუყოფელი ნაწილი (რონალდ დვორკინის თეორია).
სწორედ მოცემულ შემთხვევაშია სასამართლო ვალდებული, მშობლისათვის შვილის გარდაცვალებით მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურების საკითხი პოზიტიური სამართლის გვერდით ბუნებითი სამართლის გათვალისწინებითაც შეაფასოს, რომლიდან გამომდინარეც, ნებისმიერი ქცევა, რომელიც ლახავს ან არღვევს ადამიანის თანდაყოლილ ბუნებით უფლებება - მოვალეობებს, მორალურად გაუმართლებელ „დანაშაულად“ ითვლება. ეს ისეთი უფლება - მოვალეობებია, რაც ადამიანს თავისთავად ეკუთვნის, რომელთა დაცვასაც გვაკისრებს მისი ცოცხალ, გონიერ არსებად ყოფნა.
მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი მიდგომა საუკუნეთა წინ ჩაისახა და დამკვიდრდა, პალატის მოსაზრებით, იგი დღევანდელი რეალობისთვისაც ცოცხალია. ადამიანის გონი, როგორც მოაზროვნე სუბსტანცია, პოზიტიური სამართლის მიღმა ასევე შეიმეცნებს იმ ფუნდამენტურ, თანდაყოლილ ვალდებულებებსა თუ უფლებებს, რაც ადამიანად ყოფნას განაპირობებს და ამართლებს.
სწორედ ამგვარადაა განმარტებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს უახლესი პრაქტიკით შვილის გარდაცვალებით მშობლისათვის მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურების საკითხი (იხ. ას-660-660-2018), რომლის თანახმადაც (64-ე აბზაცის ბოლო ნაწილი), როდესაც ადგილი აქვს ისეთ ზიანს, რომლის დროსაც, როგორც წესი, მოსალოდნელია მძიმე ფსიქიკური განცდები, სულიერი ტანჯვა და ა.შ. მოქმედებს ე.წ. მორალური ზიანის პრეზუმფცია და ზიანის მიმყენებლის მიერ საწინააღმდეგოს დადასტურებამდე ივარაუდება, რომ დაზარალებულმა პირმა მძიმე სულიერი ტკივილი განიცადა. სწორედ ამგვარი განმარტებებია მოცემული უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაშიც - ას-979-940-2014.
გარდა ზემოაღნიშნულისა, პალატა მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (სტრასბურგი) პრაქტიკის გავლენით მიღებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს #ბს-327-309(2კ-07) გადაწყვეტილების თანახამდ, „მორალური ზიანი არის ის სულიერი განცდა და ფიზიკური ტკივილი, რომელსაც მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად განიცდის ფიზიკური პირი. უდავოა, რომ ახალგაზრდა შვილის გარდაცვალებით მშობელი განიცდის მნიშვნელოვან მორალურ ტკივილს, რაც დაკავშირებულია განგრძობად ნეგატიურ განცდებთან და სტრესულ მდგომარეობასთან. აღნიშნული გარემოება დადგენილი იქნა აგრეთვე საკასაცო პალატის 14.05.2008წ. გადაწყვეტილებითაც, თუმცა იმ ეტაპზე გ. ს-ს ვერ მიეკუთვნა სათანადო ანაზღაურება კანონმდებლობაში შესაბამისი მოწესრიგების არარსებობისა და იმ დროს მოქმედი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის (მაგ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 24.04.02წ. N3კ-1218-01; 06.04.01წ. N3კ/242; 29.01.03წ. N3კ-1443-02: 09.11.06წ. Nას-14-1466-05წ; 27.09.06წ. Nას-105-545-06 გადაწყვეტილებები) გათვალისწინებით. ამჟამად საკითხის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია, რომ ეროვნულ კანონმდებლობაში სათანადო რეგულირების არარსებობის მიუხედავად, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 19.07.2018წ. გადაწყვეტილებაში მიუთითა გარდაცვლილის დედისათვის განცდილი მორალური ტანჯვით მიყენებული ზიანის კომპენსირების აუცილებლობაზე. სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს კონვენციით, ისევე, როგორც შიდა სამართლის სხვა ნორმებით, ვინაიდან კონვენცია ინკორპორირებულია სახელმწიფოს სამართლებრივ სისტემაში. საქართველოს კონსტიტუციის 4.5 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონის 7.3 მუხლის თანახმად, საერთაშორისო ხელშეკრულებას საქართველოს სამართლებრივ სისტემაში კონსტიტუციის, კონსტიტუციური კანონისა და კონსტიტუციური შეთანხმების შემდეგ აქვს უპირატესი იურიდიული ძალა ორგანულ და მიმდინარე კანონებთან მიმართებით. ამდენად, ეროვნულმა ორგანოებმა უპირატესობა უნდა მიანიჭონ ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას ეროვნულ კანონმდებლობასთან მიმართებით. 27.06.2014წ. საქართველოს სახელმწიფოს მიერ ხელმოწერილ იქნა ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმება (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 18.07.2014წ. 2495-რს დადგენილებით), რომლითაც საქართველომ ვალდებულება იკისრა განახორციელოს ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებისკენ მიმართული ღონისძიებები, რა დროსაც ჯეროვან ყურადღებას მიაქცევს ევროპის სასამართლოს შესაბამის გადაწყვეტილებებს (146.2 მუხ.). ასოცირების ერთ - ერთ მიზნად დასახელდა მართლმსაჯულების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერება, კანონის უზენაესობის განმტკიცება და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა პატივისცემა (1.2 მუხ. „ფ“ ქვ.პ.). ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საქართველოს სახელწმიფომ იკისრა ვალდებულება ეროვნულ დონეზე მართლმსაჯულების განხორციელებისას (მათ შორის ადმინისტრაციულ საქმეებზე) გაითვალისწინოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებში ასახული მიდგომები.“ აღნიშნული ნათლად მეტყველებს უმაღლესი ინსტანციის ეროვნული სასამართლოს უახლეს პრაქტიკაზე - შვილის გარდაცვალების გამო მიაკუთვნოს მორალური ზიანი მშობელს, რასაც იზიარებს სააპელაციო სასამართლოც.
რაც შეეხება თავად ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (სტრასბურგი) პრაქტიკას ზემოაღნიშნული თვალსაზრისით, სააპელაციო პალატა მიუთითებს მაგ: სარიშვილი-ბოლქვაძე საქართველოს წინააღმდეგ, Sarishvili-Bolkvadze v. Georgia - § 53, 93, 96, 97; ქინანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, Keenan v. United Kingdom - § 130-133; ბაბინსი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, Bubbins v. United Kingdom - § 171; რეინოლდსი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, Reynolds v. United Kingdom - § 68; პოლ და ოდრი ედვარდსები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, Paul and Audrey Edwards v. United Kingdom - § 97-102; მოვსესიანი სომხეთის წინააღმდეგ, Movsesyan v. Armenia - § 73; ზეტი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, Z and others v. United Kingdom - § 109, ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ როდესაც სახეზეა კონვენციის ძირითადი მუხლების (მე-2 და მე-3 მუხლები) დარღვევა და აღნიშნულისათვის ეროვნული კანონმდებლობა არ ითვალისიწნებს მორალური კომპენსაციის შესაძლებლობას, ამგვარი გაუთვალისწინებლობა არღვევს ევროპული კონვენციის მე-13 მუხლს - ქმედითი სამართლებრივი მისაგებლის უფლებას.
8.5. რაც შეეხება მორალური ზიანის ოდენობას, პალატა განმარტავს შემდეგს: ზოგადი წესის მიხედვით, მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას განსაზღვრავს სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე. ამასთან, ეს მოთხოვნა მოსარჩელის მხოლოდ მოსაზრებაა, ანაზღაურების მოცულობის განსაზღვრა სასამართლოს მიხედულებით წყდება; სკ-ის 413-ე მუხლის მიხედვით, მორალური ზიანი----ზღაურდება გონივრული და სამართლიანი ოდენობით. მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს ისეთ გარემოებებს, როგორიცაა: დამდგარი ზიანის სიმძიმე, დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულება მორალური ზიანის მიმართ, განცდების ინტენსივობა, შელახული უფლების მნიშვნელობა და სხვ.. ამასთანავე, მხედველობაშია მისაღები, რომ მორალური ზიანის სპეციფიკის გათვალისწინებით, მორალური ზიანის ანაზღაურების უმთავრესი მიზანი არ არის ხელყოფილი უფლების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია. მორალური ზიანის კომპენსაციის მიზანია მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების, ნეგატიური განცდების შემსუბუქება, დადებითი ემოციების გამოწვევა. არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება ვერ აღუდგენს დაზარალებულს ხელყოფამდე არსებულ სულიერ მდგომარეობას, მისი მიზანია არამატერიალური სიკეთის ხელყოფით გამოწვეული ტანჯვის შემსუბუქება, ნეგატიური განცდების სიმძიმისა და ინტენსივობის შემცირება. მორალური ზიანის ანაზღაურება სასამართლოს მიერ ფულადი ფორმით განისაზღვრება ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად. მორალური (არაქონებრივი) ზიანის ანაზღაურების მოცულობა განისაზღვრება როგორც დამდგარი ზიანის სიმძიმის, ისე ბრალის ხარისხის მიხედვით. ამასთანავე, კომპენსაციის ოდენობა არ უნდა იყოს უსაშველოდ გაზრდილი და კონკრეტული ქვეყნის ეკონომიკურ შესაძლებლობებს მოწყვეტილი. მოცემულ შემთხვევაში, საქმის ფაქტობრივი გარემოებების, კერძოდ, შვილის რამდენიმე წლიანი მძიმე ძალადობრივი ოჯახური მდგომარეობის, ასაკის (გარდაცვლილი ან---–----–--ლი იყო 25 წლის) და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დარჩა მცირეწლოვანი შვილი, სააპელაციო პალატას გონივრულად და სამართლიანად მიაჩნია მორალური ზიანის სახით 5----- (ო-----–--------------) ლარის აპელანტებისათვის ანაზღაურების დაკისრება.
ამდენად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. ალ---- გა----------ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 2 მაისის გადაწყვეტილება საქართველოს გენერალური პროკურატურის მიმართ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის მორალური ზიანის სახით დაკისრებული თანხის მოცულობის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს გენერალურ პროკურატურას ალ---- გა----------ის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მორალური ზიანის ანაზღაურება 5----- (ო-----–--------------) ლარის ოდენობით. დანარჩენ ნაწილში, კერძოდ დარჩენილი 5----- (ო-----–--------------) ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
9. პროცესის ხარჯები:
9.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი. ამასთან, პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები დანაშაულით მიყენებული მატერიალური ზარალის ანაზღაურების სარჩელებზე. შესაბამისად, აპელანტი ალ---- გა----------ი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გაადახდისაგან.
9.2. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, აპელანტი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 24-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე, 257-ე, 372-ე, 386-ე, 389-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. ალ---- გა----------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
3. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 2 მაისის გადაწყვეტილება საქართველოს გენერალური პროკურატურის მიმართ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის მორალური ზიანის სახით დაკისრებული თანხის მოცულობის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს გენერალურ პროკურატურას ალ---- გა----------ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მორალური ზიანის ანაზღაურება 5----- (ო-----–--------------) ლარის ოდენობით.
4. დანარჩენ ნაწილში, კერძოდ დარჩენილი 5----- (ო-----–--------------) ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
5. მხარეები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
მოსამართლე:
შოთა გეწაძე -