განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 170100119003054443
№1ბ/2005-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
17 თებერვალი 2020 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე: მერაბ ჯორბენაძე
სხდომის მდივანი: ნანა გიგიტაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი: გიორგი სახიაშვილი
დაცვის მხარე:
ადვოკატი: ი-----–--- მ--–---–---–ი
მსჯავრდებული: გ--–- ჩ-----–ი, დაბადებული - 1----–-–----------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N2----------, არასრული საშუალო განათლებით, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ------–-------------–----–-----------------–------------ში.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტები.
სხდომის სახე - ღია სასამართლო სხდომა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
მხარეთა პოზიციები:
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს, 2019 წლის 22 ოქტომბრის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა სახელმწიფო ბრალმდებელმა, მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი სახიაშვილმა და მოითხოვა, გ--–- ჩ-----–ის მიმართ თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს განაჩენის გამამართლებელი ნაწილში გაუქმება და ამ ნაწილშიც მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა შემდეგ გარემოებათა გამო. აპელანტს განმარტავს, რომ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 ოქტომბრის განაჩენით ბრალდებული გ--–- ჩ-----–ი გამართლდა საქართველოს სსკ–ის 1261–ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 16 ნოემბრის ეპიზოდი), ხოლო ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით (2019 წლის 18 მაისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით. აპელანტს მიაჩნია რომ თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება გამამართლებელ ნაწილში უკანონო და დაუსაბუთებელია შემდეგ გარემოებათა გამო: დაზარალებულმა ა---------– ჩ-----–მა გამოკითხვისას თავისუფალი თხრობის რეჟიმში ვერ გაიხსნა მასზე ფიზიკური ძალადობის ფაქტი (2018 წლის 16 ნოემბრის ეპიზოდი) მაგრამ ბრალდების მხარის მიერ საქართველოს სსსკ–ის 243-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე ჩვენების გამოქვეყნების შემდეგ დაზარალებული დაეთანხმა ჩვენებას. ამასთან სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული საგამოძიებო ექსპერიმენტითაც ასევე დასტურდება ძალადობის ფაქტი. დაზარალებულმა აჩვენა, რომ გამოკითხვისას უკეთ ახსოვდა ყველაფერი და დაეთანხმა გამოკითხვის ოქმში არსებულ ინფორმაციას. აღნიშნულიდან გამომდინარე მიაჩნია რომ ბრალდებულ გ--–- ჩ-----–ის მიმართ საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება დანაშაულის ჩადენის ფაქტი. შესაბამისად, აპელანტი ითხოვს, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს განაჩენში გ--–- ჩ-----–ის მიმართ შევიდეს ცვლილება, მას მსჯავრი დაედოს საქართველოს სსკ–ის 1261–ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 16 ნოემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაშიც და განესაზღვროს სამართლიანი და ადეკვატური სასჯელი.
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს, 2019 წლის 22 ოქტომბრის განაჩენი, სააპელაციო წესით ასევე გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა გ--–- ჩ-----–მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ი-----–--- მ--–---–---–მა და მოითხოვეს, გ--–- ჩ-----–ის მიმართ თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს განაჩენის გამამტყუნებელი ნაწილში გაუქმება და ამ ნაწილშიც მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა. აპელანტებს მიაჩნიათ, რომ გასაჩივრებული განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია. საქართველოს სსსკ–ის 13-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, ხოლო ამავე კოდექსის 259-ე მუხლის შესაბამისად განაჩენი უნდა იყოს კანონიერი დასაბუთებული და სამართლიანი. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორედ ამ ნორმათა დარღვევით დაადგინა გამამტყუნებელი განაჩენი. დაზარალებულმა ა---------– ჩ-----–მა განმარტა, რომ მისმა შვილმა გ--–-მ სახლში შესვლისთანავე თვალში დაარტყა მუშტი, ყელში წაუჭირა ხელი, შემდეგ გაუშვა ხელი ძირს დაეცა, ამის შემდეგ დაანება თავი და გარეთ გავიდა, რის შემდეგაც დაზარალებულმა დარკეკა პოლიციაში და პოლიციაც 10 წუთში მივიდა. მოწმე მ------ მ-----–--ემ კი განმარტა, რომ მისი მეუღლის ა---------– ჩ-----–ის მონათხრობიდან იცის, რომ შვილმა ცემა, მანვე განმარტა რომ დაზიანება ვერაფერი შეამჩნია სახეზე. გ--–- ჩ-----–ი წარდგენილ ბრალდებაში თავს არ ცნობს დამნაშავედ, ვინაიდან ზემოაღნიშნული დანაშაულებრივი ქმედება მას არ ჩაუდენია. აპელანტის განმარტებით, განაჩენი მიიჩნევა დასაბუთებულად როდესაც იგი სასამართლოს განხილვის დროს გამოკვლეულ ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას ემყარება. ამავდროულად განაჩენში ჩამოყალიბებული ყოველი დასკვნა თუ გადაწყვეტილება სათანადო დასაბუთებას მოითხოვს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტებს მიაჩნიათ რომ თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს განაჩენი დაუსაბუთებელია უკანონოა და ის უნდა გაუქმდეს და გ--–- ჩ-----–ის მიმართ დადგეს სრულად გამამართლებელი განაჩენი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი მოსმენით განხილვისას, სახელმწიფო ბრალმდებელმა, მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი სახიაშვილმა, მხარი არ დაუჭირა დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარს და მოითხოვა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება, რომ თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს, 2019 წლის 22 ოქტომბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება, გ--–- ჩ-----–ი დამნაშავედ იქნეს ცნობილი საქართველოს სსკ–ის 1261–ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 16 ნოემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაშიც და დაენიშნოს შესაბამისი და ადეკვატური სასჯელი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი მოსმენით განხილვისას, დაცვის მხარემ, მსჯავრდებულმა გ--–- ჩ-----–მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ი-----–--- მ--–---–---–მა მხარი არ დაუჭირეს სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარს, მოითხოვეს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება და გ--–- ჩ-----–ის მიმართ სრულად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით:
გ--–- ჩ-----–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრი მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ–ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ და არაერთგზის (ორი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 18 მაისს, დაახლოებით 12:00 საათზე, თ------–-----------------------------–--–----–-----------------------ში, ჩ-----–ების ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2016 წლის 29 მარტის განაჩენის საფუძველზე ოჯახური ძალადობისთვის ნასამართლევმა გ--–- ჩ-----–მა, თუ რატომ ცხოვრობდა თავის კუთვნილ სახლში ა---------– ჩ-----–ი, მარჯვენა ხელის მუშტის მარცხენა თვალის არეში დარტყმისა და ყელში ხელების მოჭერის გზით, იცოდა რა, რომ დაზარალებული იყო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი, ფიზიკურად იძალადა თავისი მამის – ა---------– ჩ-----–ის მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2018 წლის 16 ნოემბერს, საღამოს, თ------–-----------------------------–--–----–-----------------------ში, ჩ-----–ების ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2016 წლის 29 მარტის განაჩენის საფუძველზე ოჯახური ძალადობისთვის ნასამართლევმა გ--–- ჩ-----–მა მუშტის მარჯვენა მხარის არეში დარტყმის გზით, იცოდა რა, რომ დაზარალებული იყო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი, ფიზიკურად იძალადა თავისი მამის – ა---------– ჩ-----–ის მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა:
ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებულ აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა გ--–- ჩ-----–ის ბრალეულობას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 16 ნოემბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.
გ--–- ჩ-----–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 16 ნოემბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.
ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, ერთმანეთთან შეთანხმებულ აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ გ--–- ჩ-----–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით (2019 წლის 18 მაისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაული. რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 18 მაისს, დაახლოებით 12:00 საათზე, თ------–-----------------------------–--–----–-----------------------ში, ჩ-----–ების ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2016 წლის 29 მარტის განაჩენის საფუძველზე ოჯახული ძალადობისთვის ნასამართლევმა გ--–- ჩ-----–მა, მარჯვენა ხელის მუშტის მარცხენა თვალის არეში დარტყმისა და ყელში ხელების მოჭერის გზით, იცოდა რა, რომ დაზარალებული იყო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი, ფიზიკურად იძალადა თავისი მამის - ა---------– ჩ-----–ის მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
გ--–- ჩ-----–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით (2019 წლის 18 მაისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ გ--–- ჩ-----–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2019 წლის 18 მაისიდან.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი იქნა შემდეგი:
დაზარალებულმა ა---------– ჩ-----–მა განმარტა, რომ ცხოვრობს მ----–--–----–----------------ში მეუღლესთან ერთად, არის მე-2 ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი 2014 წლიდან, რაც გ--–- ჩ-----–ისთვისაც ცნობილია. მაისში სახლში მივიდა შვილი - გ--–- ჩ-----–ი საკვების წასაღებად, რომ შევიდა ერთხელ თვალში დაარტყა მუშტი, მარცხენა მხარეს, შემდეგ ყელში წაუჭირა ხელი, თითქოს ახრჩობდა, შემდეგ გაუშვა ხელი და ძირს დაეცა, ამის შემდეგ დაანება თავი და გარეთ გავიდა, რა დროსაც მან დარეკა პოლიციაში. თვალის არეში და ყელში ჰქონდა დაზიანება და ორივე შემთხვევაში განიცადა ტკივილი. ამ დროს მისი მეუღლე მეზობელთან იმყოფებოდა. პოლიცია დაახლოებით 10 წუთში მივიდა, ხოლო გ--–- ბოსტნის გავლით გაერიდა პოლიციას.
2018 წლის ნოემბერში აღნიშნავდა დაბადების დღეს, ჰყავდა სტუმრები, მათი წასვლის შემდეგ დარჩნენ ის, მეუღლე და გ--–-, რა დროსაც ამ უკანასკნელმა მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ფიზიკურად არ შეხებია, არ ახსოვს იმ დღეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თუ არა ბრალდებულმა. რამდენჯერმე შეეხო და იმ დღეს შეეხო თუ არა არ ახსოვს. გ--–- ჩ-----–ის შეკითხვაზე განმარტა: „ფიზიკური არა მაგრამ სიტყვიერი მომაყენე“, გამოკითხვის ოქმთან დაკავშირებით განმარტა, რომ არ ახსოვდა ამგვარი ჩვენება თუ ჰქონდა მიცემული, რაც მანამდე პროკურორმა გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ ხელის დარტყმას ჰქონდა ადგილი.
საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის მიხედვით, ა---------– ჩ-----–მა საკუთარ სახლში მიუთითა ადგილი, სადაც 2018 წლის 16 ნოემბერს გ--–- ჩ-----–მა მუშტის ერთჯერადი დარტყმით მარჯვენა მხრის არეში მიაყენა ფიზიკური ტკივილი.
ვიზუალური დათვალიერების ოქმის მიხედვით, ა---------– ჩ-----–ს მარცხენა თვალბუდის არეში თვალის გარშემო კანის საფარზე აღენიშნება სიწითლე, მარცხენა თვალის თეთრ შიდა გარსში ასევე აღენიშნება სიწითლე, რაც დაადასტურა დათვალიერების ჩამტარებელმა პირმა ს---–---- მ-----–--ემ მოწმის სახით დაკითხვისას.
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, პირადი გასინჯვით, ა---------– ჩ-----–ს აღენიშნება სისხლჩაქცევები მარცხენა თვალბუდის შიგნითა კიდესთან და ამავე თვალის სკლერაზე. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება 2019 წლის 18 მაისს.
მოწმე გ---------------ემ განმარტა, რომ გამოძახების საფუძველზე მივიდა ა---------– ჩ-----–ის სახლში, რომელსაც ყელზე ჰქონდა სიწითლე, ხოლო თვალთან ნაკაწრი.
მოწმე მ------ მ-----–--ემ (გ--–- ჩ-----–ის დედა) განმარტა, რომ 18 მაისს მას შვილი არ უნახავს, მეზობელთან იმყოფებოდა. 16 ნოემბერს კი გ--–- ჩ-----–ი და ა---------– ჩ-----–ი ნასვამები იყვნენ, სიტყვიერად შეკამათდნენ, დარტყმას კი ადგილი არ ჰქონია. გამოკითხვის ოქმთან დაკავშირებით, რომ ხელის დარტყმას ჰქონდა ადგილი, მოწმემ განმარტა, რომ ასე იყო, თუმცა აღნიშნულის შემდეგ დაცვის მხარის შეკითხვაზე საბოლოოდ განმარტა, რომ პირადად არ უნახავს მხარში ხელის დარტყმა, “რო დაიწყო ჩხუბი და შევედი, რა ხდება მეთქი, და აი აქ დამარტყაო და მე რა ვიცი. მისგან გავიგე. სულ იქ არ ვიჯექი, გავდიოდი, შემოვდიოდი”.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თეთრიწყაროს რაიონული განყოფილების 2019 წლის 22 მაისის N0----------- წერილის თანახმად, ა---------– ჩ-----–ი ბაზაში ირიცხება, როგორც მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი 2019 წლის 30 სექტემბრამდე.
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2016 წლის 29 მარტის განაჩენით, გ--–- ჩ-----–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი), სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (ხუთი ეპიზოდი) და სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.
ქმედების სამართლებრივი შეფასება:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო ბრალდების და დაცვის მხარეთა სააპელაციო საჩივრების მოთხოვნებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი გ--–- ჩ-----–ის მიმართ, უცვლელად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ გ--–- ჩ-----–ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, ,,არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს“ (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).
სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Hirvisaari v. Finland, პარ. 30).
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ყოველი ბრალდებული უდანაშაულოდ მიიჩნევა, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ-მასრი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia) [დიდი პალატა], №39630/09, პარაგრ. 151, 13.12.2012, „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v The UK) [დიდი პალატა], №29750/09, პარაგრ.48, 16.09.2014).
სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამასთან, მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრება, როგორც შიდასამართლებრივი, ისე საერთაშორისო სამართლით აღიარებული სტანდარტია. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე, უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი. (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 76-77, აგრეთვე, გადაწყვეტილება საქმეებზე - Lavents v. Latvia, პარ. 125 და Melich and Beck v. Czech Republic, პარ. 49).
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე–7 პუნქტის შესაბამისად, ,,დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.“. საქართველოს კონსტიტუციის 62–ე მუხლის მე–5 პუნქტის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრობითობის საფუძველზე“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებენ უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობის მითითებას, არამედ ასევე მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისათვის რელევანტური ფაქტებისა და გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც საბოლოო ჯამში პირის ბრალეულობაზე მიუთითებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–5 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“. ამავე კოდექსის 82–ე მუხლის მე–3 ნაწილის მიხედვით, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“, ხოლო ამავე კოდექსის 269–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, „არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი “.
სააპელაციო პალატა, აანალიზებს რა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მხარეთა მიერ წარმოდგენილ და გამოკვლეულ მტკიცებულებებს, ვერ გაიზიარებს აპელანტის - სახელმწიფო ბრალმდებლის პოზიციას, რომ 2018 წლის 16 ნოემბრის ეპიზოდთან დაკავშირებით საქმეში არსებობს საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა (დაზარალებულ ა---------– ჩ-----–ის ჩვენება და მასთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი), გ--–- ჩ-----–ის მიერ დანაშაულის ჩადენის თაობაზე და სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მსჯელობას, რომ ბრალდებას არ წარმოუდგენია უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდებოდა გ--–- ჩ-----–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტით (2018 წლის 16 ნოემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი. კერძოდ: დაზარალებულმა ა---------– ჩ-----–მა სასამართლოში არსებით განხილვაზე უარყო 2018 წლის 16 ნოემბერს მის მიმართ გ--–- ჩ-----–ის მხრიდან განხორციელებული ფიზიკური ძალადობა, მართალია გამოკითხვის ოქმის წაკითხვის შემდეგ დაადასტურა ოქმში და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში მითითებული - 2018 წლის 16 ნოემბრის ძალადობის ფაქტი, თუმცა გ--–- ჩ-----–ის შეკითხვაზე კვლავ უარყო ფიზიკური ძალადობის არსებობა და განმარტა, რომ ადგილი ჰქონდა მხოლოდ სიტყვიერ შეურაცხყოფას. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატა განმარტავს, რომ გ--–- ჩ-----–ის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება 2018 წლის 16 ნოემბრის ეპიზოდთან დაკავშირებით, შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციას და არ შეიძლება მიჩნეული იქნას უტყუარ მტკიცებულებად. რაც შეეხება საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, იქ არსებული ინფორმაცია წარმოადგენს გ--–- ჩ-----–ის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, იდენტურია გამოკითხვის ოქმში არსებული ინფორმაციის და ვინაიდან ინფორმაციის წყარო არის ერთი და იგივე პირი, ის განხილულ უნდა იქნეს გ--–- ჩ-----–ის ჩვენებასთან ერთობლიობაში და არა დამოუკიდებელ მტკიცებულებად, შესაბამისად აპელანტის მიერ დაზარალებულის ჩვენების და მასთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის, მტკიცებულებათა ერთობლიობად მიჩნევა არასწორია. პალატა განმარტავს, რომ ასევე ურთერთსაწინააღმდეგო ინფორმაციის შემცველია, მოწმე მ------ მ-----–--ის, ჩვენება 2018 წლის 16 ნოემბრის ეპიზოდთან დაკავშირებით, მან ჩვენების მიცემისას უარყო ფიზიკური ძალადობის ფაქტი, გამოკითხვის ოქმის წაკითხვის შემდეგ კი, ჩვენების ბოლოს განმარტა, რომ პირადად არ უნახავს მხარში ხელის დარტყმა, შემდეგ გაიგო. შესაბამისად, გარდა წინააღმდეგობრივი ხასიათისა მ------ მ-----–--ის ჩვენება აღნიშნულ ეპიზოდში - ირიბი ჩვენებაა. სხვა მტკიცებულება კი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 16 ნოემბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით ბრალდების მხარის მიერ არ ყოფილა წარდგენილი სასამართლოში.
პალატა განმარტავს, იმ შემთხვევაშიც კი თუ ა---------– ჩ-----–ის ჩვენებას სასამართლო მიიჩნევდა დამაჯერებლად, უტყუარად არ დგინდება ძალადობის შედეგად ტკივილის განცდის ფაქტი, ამასთან მხოლოდ ერთი მტკიცებულების არსებობა არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, რაც გულისხმობს ერთმანეთთან შეთანხმებულ, დამაჯერებელ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას. პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი ბრალდების ამ ეპიზოდში სავსებით სამართლიანად გადაწყვიტა გ--–- ჩ-----–ის სასარგებლოდ. შესაბამისად, სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს გ--–- ჩ-----–ის დამნაშავედ ცნობის თაობაზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 16 ნოემბრის ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდების ნაწილში.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ასევე დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი, გ--–- ჩ-----–ის უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე, დანაშაულში გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით (2019 წლის 18 მაისის ეპიზოდი), ვინაიდან აღნიშნულ ეპიზოდში ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი იქნა და სასამართლოში გამოკვლეულია ერთმანეთთან შეთანხმებულ აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც სრულიად საკმარისია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით პირის დამნაშავედ ცნობისათვის. კერძოდ: მხარეთა მიერ სადავოდ არ გამხდარა ის გარემოება, რომ 2019 წლის 18 მაისს გ--–- ჩ-----–ი იმყოფებოდა დაზარალებულ ა---------– ჩ-----–ის სახლში. დაზარალებულმა ა---------– ჩ-----–მა დეტალურად აღწერა გ--–- ჩ-----–ის მიერ 2019 წლის 18 მაისს მასზე განხორციელებული ძალადობის დეტალები და ტკივილის განცდა. მოწმე მ------ მ-----–--ის ჩვენება, რომ მას არ შეუმჩნევია ა---------– ჩ-----–ის სახეზე დაზიანებები, აპრიორი არ ნიშნავს, რომ ა---------– ჩ-----–ს არ ჰქონია დაზიანებები. დაზარალებულის ჩვენებას და მის მიერ ჩვენებაში მითითებულ ძალადობის ჩადენის დროს და მისი სხეულის კონკრეტულ ადგილებზე განხორციელებული ფიზიკურ ძალადობას, სრულად ადასტურებს: 1. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნა, რომლის თანახმად, ,,პირადი გასინჯვით, ა---------– ჩ-----–ს აღენიშნება სისხლჩაქცევები მარცხენა თვალბუდის შიგნითა კიდესთან და ამავე თვალის სკლერაზე. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება 2019 წლის 18 მაისს“. 2. მოწმე გ---------------ის ჩვენება, რომ მან გამოძახებაზე მისვლისას, შეამჩნია ა---------– ჩ-----–ს ყელზე აღენიშნებოდა სიწითლე, ხოლო თვალთან ნაკაწრი. 3. ვიზუალური დათვალიერების ოქმი, რომ ა---------– ჩ-----–ს მარცხენა თვალბუდის არეში თვალის გარშემო კანის საფარზე და მარცხენა თვალის თეთრ შიდა გარსში აღენიშნებოდა სიწითლე. რაც შეეხება დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშნებს, ისინი დადგენილია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თეთრიწყაროს რაიონული განყოფილების 2019 წლის 22 მაისის #0----------- წერილით და თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2016 წლის 29 მარტის განაჩენით. შესაბამისად, სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს გ--–- ჩ-----–ის უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით (2019 წლის 18 მაისის ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდების ნაწილში.
პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
გ--–- ჩ-----–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ის რომ არის ნასამართლობის მქონე.
სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
სააპელაციო პალატას მიაჩნია, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გ--–- ჩ-----–ის მიმართ დანიშნულია სამარლიანი სასჯელი და აღნიშნულ ნაწილშიც განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რომლის სანქციის ფარგლებშიც დანიშნული აქვს სასჯელი გ--–- ჩ-----–ს, სასჯელის სახით ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ,,სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს“.
პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება. დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულისა.
საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას.
საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას, მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის, ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2016 წლის 29 მარტის განაჩენით, გ--–- ჩ-----–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი), სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (ხუთი ეპიზოდი) და სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2017 წლის 6 ივნისს სასჯელის მოხდით. სსკ-ის 79-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ნასამართლობა გაქარწყლდება ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულისა – სასჯელის მოხდიდან სამი წლის შემდეგ. აღნიშნულიდან გამომდინარე გ--–- ჩ-----–ი 2019 წლის 18 მაისს იყო ნასამართლობის მქონე სსკ-ის 236-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც სსკ-ის 58-ე მუხლით რეციდივის გათვალისწინებით სასჯელის დანიშვნის საფუძველია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ გ--–- ჩ-----–ის მიმართ დანიშნულ სასჯელს სამართლიანად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული იქნა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნები, მათ შორის ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დანაშაულის ჩადენა ნასვამ მდგომარეობაში, დანაშაულის რეციდივი, მსჯავრდებულის პიროვნება, კონფლიქტური ხასიათი, მისი მიდრეკილება ძალადობისკენ და ისე დაუნიშნა სასჯელი, რაც პალატის დასკვნით, სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 ოქტომბრის განაჩენი გ--–- ჩ-----–ის მიმართ, არის კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის, მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი სახიაშვილის, მსჯავრდებულ გ--–- ჩ-----–ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ი-----–--- მ--–---–---–ის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი გ--–- ჩ-----–ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის პირველი ნაწილით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
სახელმწიფო ბრალმდებლის, მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი სახიაშვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
მსჯავრდებულ გ--–- ჩ-----–ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ი-----–--- მ--–---–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 ოქტომბრის განაჩენი გ--–- ჩ-----–ის მიმართ დარჩეს უცვლელი.
გ--–- ჩ-----–ი ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ–ის 1261–ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 16 ნოემბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.
გ--–- ჩ-----–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით (2019 წლის 18 მაისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს – თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ გ--–- ჩ-----–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.
მსჯავრდებულ გ--–- ჩ-----–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2019 წლის 18 მაისიდან.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოტანისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ.ჯორბენაძე