განაჩენი

სისხლის სამართლის 13.03.2020
საქმის ნომერი
330100119002814241
ინსტანცია
თარიღი
13.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100119002814241

საქმე № 1ბ/290 -20

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

13 მარტი, 2020 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე: მაკა გველესიანი

 

სხდომის სახე - ზეპირი მოსმენის გარეშე.

 

მსჯავრდებული - გ--- ლ---–---, დაბადებული 1----–-–-----------ს, პირადი №----------1, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: თ---–----------–-----------–---------------–------------------------------.

 

წარდგენილი ბრალდების მიხედვით - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი (2018 წლის 19 ოქტომბრის და 2018 წლის 14 დეკემბრის ეპიზოდები); საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილი (2018 წლის 14 დეკემბრის ეპიზოდი).

 

განაჩენის მიხედვით - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი (2018 წლის 14 დეკემბრის ეპიზოდი).

 

სასჯელი: საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400 (ოთხასი) საათის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, გ--- ლ---–---ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა განაჩენის მიღებამდე - 2018 წლის 19 დეკემბრიდან - 2019 წლის 24 მაისის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი და გათავისუფლდა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდისაგან.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 23 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სახელმწიფო ბრალმდებელმა ა----------–---–მა. წარმოდგენელი სააპელაციო საჩივრით, აპელანტმა მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 23 დეკემბრის განაჩენში ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას. კერძოდ, გ--- ლ---–---ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქ/პუნქტით (2018 წლის 19 ოქტომბრის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 14 დეკემბრის) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში დამნაშავედ ცნობა, ხოლო საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქ/პუნქტით (2018 წლის 14 დეკემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა. აპელანტი არ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, არგუმენტაციას და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქ/პუნქტით (2018 წლის 19 ოქტომბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალთან მიმართებით სასამართლოში წარუდგინა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი, რომელიც ქმნიდა სასამართლოსთვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას. საჩივარში მითითებულია, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმე გვაქვს ოჯახში ძალადობასთან, რაც საქმეთა განსაკუთრებული კატეგორიის მხედველობაში მიღებით, სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებულ მიდგომას საჭიროებს, ვინაიდან წინააღმდეგ შემთხვვევაში დანაშაულის ლატენტური ბუნებისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა კლასიკური ქცევის გათვალისწინებით ოჯახში ძალადობის მსხვერპლები მოძალადეების წინაშე დაუცველნი რჩებიან. ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ სასამართლოს უნდა შეეფასებინა ირიბი ჩვენების დასაშვებობისა და მისი გამოყენების აუცილებლობა, ვინაიდან დაზარალებულის ქმედებები ნამდვილად ჰგავს ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა კლასიკურ საქციელს, რომლებიც ძალადობის შემდგომ მუდმივ შიშსა და დაძაბულობაში განაგრძობენ ცხოვრებას, რაც უბიძგებს მას მოძალადისგან მომავალი საფრთხის განეიტრალებისკენ და აღნიშნულის გამოსავალს მის მიმართ ლმობიერი პოზიციის დაკავებაში ხედავს, რამაც განაპირობა მსხვერპლის პირვანდელი ნების - მართლმსაჯულების ხელშეწყობის განხორციელებისთვის ხელის შეშლა და სასამართლოში ჩვენების მიცემაზე უარის თქმით პოზიციის რადიკალური ცვლილება. აპელანტის მოსაზრებით, დაზარალებულის ჩვენების მიცემაზე უარის თქმა ცალსახად ქმნის საქმეში არსებული ირიბი ჩვენებებისთვის პირდაპირის თანაბარმნიშვნელოვნად გაზიარების საფუძველს, რაც მოცემულ შემთხვევაში გამომძიებლების, ბრალდებულის მეზობლების და ექსპერტის მიერ სასამართლოში მიცემულ ჩვენებას ნამდვილად ანიჭებს პირველწყაროს მნიშვნელობას. ამასთან, ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ სასამართლომ მსჯავრდებულ გ--- ლ---–---ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქ/პუნქტით (2018 წლის 14 დეკემბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 400 (ოთხასი) საათის ვადით, რაც ბრალდების მხარის შეფასებით არის მსუბუქი სასჯელი. ვინაიდან მის მიერ ჩადენილია ძალადობრივი ხასიათის დანაშაული დამამძიმებელ გარემოებაში, მისივე ოჯახის წევრის მიმართ და უნდა განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი. აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, რადგან არ არის შესაბამისი ბრალდებულის პიროვნებასთან და მის მიერ ჩადენილ დანაშაულთან.

 

ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარის მიერ შესაგებელი არ იქნა წარმოდგენილი.

 

წარდგენილი ბრალის არსი:

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ--- ლ---–---მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ (2018 წლის 19 ოქტომბრის ეპიზოდი).

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ--- ლ---–---ს მიერ დანაშაულის ჩადენა გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 19 ოქტომბერს, თ---–--–-----------------------------------------------ში, გ--- ლ---–---მ რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს, ქ------------ეს, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით დაარტყა ფეხი წელის არეში და საწოლის კიდეზე დაარტყმევინა თავი. ასევე, ყელის არეში უჭერდა ხელს და ცდილობდა მისთვის ზიანის მიყენებას. აღნიშნული ქმედებით ქ------------ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

გ--- ლ---–---ს ქმედებით ქ------------ეს მიადგა ფიზიკური და მორალური სახის ზიანი.

ე.ი. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ--- ლ---–---მ ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ--- ლ---–---ს ასევე ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ (2018 წლის 14 დეკემბრის ეპიზოდი).

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ--- ლ---–---ს მიერ დანაშაულის ჩადენა გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 14 დეკემბერს, დაახლოებით 20:30 საათზე, თ---–--–-----------------------------------------------ში, გ--- ლ---–---მ რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს, ქ------------ეს, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით დაარტყა ხელები მარჯვენა წინამხრისა და სახის არეში, წააქცია ძირს და ურტყამდა ძლიერად. ასევე მოქაჩა თმები და ცდილობდა მისთვის ზიანის მიყენებას. აღნიშნული ქმედებით ქ------------ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

გ--- ლ---–---ს ქმედებით ქ------------ეს მიადგა ფიზიკური და მორალური სახის ზიანი.

ე.ი. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ--- ლ---–---მ ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ--- ლ---–---ს ასევე ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (2018 წლის 14 დეკემბრის ეპიზოდი).

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ--- ლ---–---ს მიერ დანაშაულის ჩადენა გამოიხატა შემდეგში:

 

გ--- ლ---–--- რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს ქ------------ეს თვეების განმავლობაში ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით.

2018 წლის 14 დეკემბერს, თ---–--–-----------------------------------------------ში, გ--- ლ---–--- დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობის დაზიანებით რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს ქ------------ეს. კერძოდ: დაემუქრა, რომ მოკლავდა, გაგუდავდა. განხორციელებული ქმედებით ქ------------ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

გ--- ლ---–---ს ქმედებების შედეგად, ქ------------ეს მიადგა მორალური ზიანი.

 

ე.ი. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ--- ლ---–---მ ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

სასამართლომ დაადგინა:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 23 დეკემბრის განაჩენით, სასამართლომ აღნიშნა, რომ ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდებოდა გ--- ლ---–---ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 19 ოქტომბრის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 14 დეკემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას.

 

პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას და მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გ--- ლ---–--- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 19 ოქტომბრის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 14 დეკემბრის ეპიზოდი) დანაშაულთა ჩადენაში ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ.

 

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ გ--- ლ---–---მ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, (2018 წლის 14 დეკემბრის ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 14 დეკემბერს, დაახლოებით 20:30 საათზე, თ---–--–-----------------------------------------------ში, გ--- ლ---–---მ რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს, ქ------------ეს, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სხეულის სხვადასხვა არეში. ძალადობის შედეგად ქ------------ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე.

 

სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა რა თბილისის გლდანი - ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორის ა----------–---–ის სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი მსჯავრდებულ გ--- ლ---–---ს მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი იქნა შემდეგი:

2018 წლის 14 დეკემბერს, სსიპ „112-ში“ შესული შეტყობინების საფუძველზე შემთხვევის ადგილზე გამოცხადდა საპატრულო პოლიცია. I ოცეულის ,,----- ეკიპაჟის პატრულ ინსპექტორმა პოლიციას აცნობა, რომ ე----------------------------------ში, განმცხადებელმა - ქ------------ემ მიაწოდა ინფორმაცია, რომ მეუღლემ გ--- ლ---–---მ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. პოლიციის განყოფილებაში ასევე დაფიქსირდა ზარი, განმცხადებლის დედის ნ-------------–---–ის მხრიდან, ქალბატონი ითხოვდა დახმარებას და აცხადებდა, რომ მამამ 6 წლის, ასთმიან ბავშვს დაუმტვრია სასუნთქი აპარატი და სახლიდან გაიქცა.

 

შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება ოჯახში ძალადობის ფაქტზე. მოწმე გამომძიებლის თ-----------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მან გამოკითხა ქ------------ე, რომელმაც დაუდასტურა მეუღლის - გ--- ლ---–---ს მხრიდან ოჯახში ძალადობის და მუქარის ჩადენის ფაქტი. იგი იყო ზედმეტად ემოციური, ატირებული. სხეულზე რამდენიმე ადგილზე ეტყობოდა ძალადობის კვალი დაზიანების სახით, რომელსაც იტკიებდა. გამოკითხვის დაწყებამდე სასწრაფო დახმარების ბრიგადამ აღმოუჩინა დახმარება. მოწმემ დაზარალებულის სხეულზე, ფიზიკური ძალადობის შედეგად განვითარებული დაზიანებები დააფიქსირა ვიზუალური დათვალიერების ოქმში და აღბეჭდა ფოტოსურათებში.

 

სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნდა ქ------------ის ვიზუალური დათვალიერების ამსახველი ფოტომასალა და ოქმი. ფოტომასალაზე (გვ.18, 20) მკაფიოდ ჩანს ფიზიკური დაზიანების ობიექტური ნიშნები, დაზარალებულს მარჯვენა მხრის მიდამოში აღენიშნება სისხლნაჟღენთი, ნაჭდევი კოჭ-წვივის სახსრის გარეთა ზედაპირზე, ჰიპერემია.

 

პაციენტის №--------- სამედიცინო ბარათის მიხედვით, 2018 წლის 14 დეკემბერს, 22:28 საათზე, ექიმებმა ქ------------ეს გაუწიეს სამედიცინო დახმარება. პაციენტის სამედიცინო ბარათში აღწერილია დაზარალებულის კლინიკური მდგომარეობა და ექიმებისთვის მიწოდებული ინფორმაცია ოჯახური ძალადობის ფაქტზე. ,,პაციენტი უჩივის ფორიაქს, კანკალებს, გადმოცემით ცოტა ხნის წინ მოხდა კონლიქტი მეუღლესთან უმიზეზოდ, რის შემდეგაც მეუღლემ მიაყენა ფიზიკური ტრავმა, დაამტვრია გამათბობელი და ინჰალატორი. პირველადი დათვალიერებით მარჯვენა მხარზე და ლავიწზე აღენიშნება ჰიპერემია, ექსკორიაცია და სისხლნაჟღენთი. მარცხენა წვივის ლატერალურ ქვედა ზედაპირზე ექსკორიაცია და სისხლნაჟღენთი, ტუჩის კუთხესთან მარცხნივ აღენიშნება ჰიპერემია“. სამედიცინო ბარათში აღწერილ ინციდენტის ფაბულას ხელს აწერს პაციენტი ქ------------ე.

 

სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნის მიხედვით დადგენილია, რომ ქ------------ეს სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები ესკორაციებისა და სისხლნაჟღენთის სახით. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არსებული დაზიანებების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.

პირადი შემოწმებისას დაზარალებულს აღენიშნებოდა კანის დონიდან მაღლა მდებარე მუქი მოწითალო-მოყავისფრო ფერის ფუფხით დაფარული ნაჭდევები: მარჯვენა მხრის თავის მიდამოში ზომით 3,5X3სმ. ირგვლივ მოლურჯო ფერის სისხლნაჟღენთით 4X3,5სმ ფართზე. ასეთივე ხასიათის ნაჭდევები: მარცხენა კოჭწვივის სახსრის გარეთა ზედაპირზე ზომით 1,3X1,2 სმ ფართზე. მომწვანო, კიდეებზე მოყვითალო ფერის კონტურებწაშლილი სისხლნაჟღენთები: მარცხენა ლავიწის წინა ზედაპირზე, შუა მესამედში 6X2სმ ფართზე. მარჯვენა წვივის სახსრის წინა ზედაპირზე, შუა მესამედში 6X5სმ ფართზე და გარეთა ზედაპირზე 3X2 სმ ფართზე.

შესამოწმებელმა პირმა ქ------------ემ ექსპერტს დაუფიქსირა დაზიანების წარმოშობის მექანიზმი, ასევე დაზიანების მიმყენებელი პირი, შესამოწმებლის გადმოცემით - სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლემ გ--- ლ---–---მ.

 

ექსპერტმა ე-------–--–---–მა ზეპირ ჩვენებაში დაადასტურა სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნის სისწორე. დამატებით განმარტა, რომ შესამოწმებელი პირის განცხადებით, მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, მიღებული ინფორმაცია ასახა ექსპერტიზის დასკვნაში.

 

გამომძიებელის დ---------–-–---ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 14 დეკემბერს შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე, თ---–--–-----------------------------------------------ში, სადაც დახვდა ქ------------ე ბავშვთან ერთად. ქ------------ემ გამომძიებელს განუცხადა, რომ მეუღლემ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ასევე დაამტვრია ელექტრო ღუმელი და ბავშვის სასუნთქი აპარატი „ინჰალატორი“ და მიუთითა დამტვრეულ ნივთებზე. დაზარალებულისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე გამოიძახა ექსპერტ-კრიმინალისტები, მათი მოსვლის შემდეგ დაიწყეს დათვალიერება, ქ------------ემ მიუთითა დამტვრეულ ნივთებზე და ადგილზე სადაც განხორციელდა ფიზიკური ძალადობა. დაზარალებული იყო შეშინებული, აღელვებული, სახე გაწითლებული. ექსპერტებმა შემთხვევის ადგილის დათვალიერება ასახეს ფოტოსურათებზე. ფოტოსურათებზე ჩანს დაზარალებული, რომელიც აღწერს ძალადობის გარემოებებს.

ექსპერტების -ზ----------–--------------------------------- ჩვენებებით დადგენილია, რომ 2018 წლის 14 დეკემბერს, გამომძიებელთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში. ხ------- მ----------ს ჩვენებით, დაზარალებულმა ქ------------ემ მიუთითა ადგილზე, სადაც მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. დაზიანებული იყო „ინჰალატორი“ და ელექტრო გამათბობელი. აღნიშნული ნივთები ექსპერტებმა დალუქეს და გადასცეს გამომძიებელს ფოტოსურათებთან ერთად. დაზარალებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს იმყოფებოდა ბავშვთან ერთად.

მოწმე ნ--------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 14 დეკემბერს, შვილის ქ------------ის თხოვნით გამოცხადდა მის საცხოვრებელ მისამართზე. სახლი დახვდა არეული, ხოლო ელექტრო გამათბობელი და „ინჰალატორი“ გატეხილი. მოწმეს შვილმა განუცხადა, რომ კონფლიქტი ჰქონდა მეუღლესთან გ--- ლ---–---სთან. ჩხუბის დროს, მეუღლემ დაამტვრია სახლში ნივთები და წავიდა სახლიდან. მოწმის ჩვენებით ქ------------ე სახლში იყო მცირეწლოვან შვილთან ერთად და იყო აღელვებული მომხდარის გამო. ზეპირი ჩვენების პარალელურად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, გამოქვეყნდა მოწმის მიერ გამოძიებაში მიცემული ინფორმაცია. ამონარიდი 15.12.2018 წლის გამოკითხვის ოქმიდან: ,,...2018 წლის 14 დეკემბერს ვიმყოფებოდი სახლში, საღამოს საათებში ჩემი ოჯახის წევრებთან ერთად გადავურეკეთ ჩემს ქალიშვილს, რომელმაც დახმარება სთხოვა მამამისს, უთხრა, რომ დროზე მივსულიყავით სახლში, ვინაიდან მისმა მეუღლემ იძალადა მასზე, სცემა იგი ბავშვების თანდასწრებით, სახლში დალეწა ყველაფერი, დაუმტვრია ასთმიან უმცროსს შვილს ე. წ. ინგალატორი..., ...ჩემი მეუღლე სასწრაფოდ წავიდა ჩემი ქალიშვილის საცხოვრებელი ბინის მიმართულებით, მაშინვე გავყევით ოჯახის სხვა წევრებიც. როდესაც ბინაში შევედით დაგვხვდა დალეწილი ინგალატორი და ელექტროგამათბობელი, ხოლო ჩემს შვილს ეტყობოდა ტანზე მარჯვენა ბეჭზე, მარცხენა ფეხის კოჭზე, მარცხენა ლოყაზე დაზიანება, როდესაც ვკითხეთ, რა მოხდა გვიპასუხა, რომ მისმა მეუღლემ ბავშვების თანდასწრებით სცემა.“ გამოკითხვის ოქმის ამონარიდის გამოქვეყნების შემდეგ, მოწმემ უარყო მასში გადმოცემული ინფორმაცია ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით, თუმცა იქვე დაადასტურა, რომ ოქმზე ხელმოწერა ნამდვილად მას ეკუთვნის. ნ--------------ემ ზეპირ ჩვენებასა და გამოკითხვის ოქმში არსებული არსებითი წინააღმდეგობა ძალადობასთან დაკავშირებით, ახსნა იმ გარემოებით, რომ თავადაც იყო ანერვიულებული და გამოკითხვის ოქმს ხელი ისე მოაწერა, ოქმის შინაარს არ გაცნობია.

ბრალდებულმა გ--- ლ---–---მ შესავალ და დასკვნით სიტყვაში უარყო დანაშაულის ჩადენა.

დაზარალებულმა ქ------------ემ ისარგებლა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა თავისი ახლო ნათესავის (მეუღლის) წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

 

სამართლებრივი შეფასება:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში“. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის საქართველოს 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 19 ოქტომბრის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ბრალდების და სასჯელის ნაწილში, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები გ--- ლ---–---ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 14 დეკემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად და შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა იმსჯელებს მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის საქართველოს 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 19 ოქტომბრის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებების შემადგენლობისა და სასჯელის შესახებ.

 

სააპელაციო პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას გ--- ლ---–---ს საქართველოს მიმართ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 19 ოქტომბრის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 14 დეკემბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).

 

სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Hirvisaari v. Finland, პარ. 30).

 

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით დასჯადია - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში, ასევე პატივი ან ღირსება. ამ დანაშაულის ამსრულებელია არა საერთო სუბიექტი, არამედ მხოლოდ ოჯახის ბრალუნარიანი წევრი, რომელიც პასუხისმგებლობის ასაკსაა მიღწეული. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ალტერნატიულ ქმედებებში (ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება); ბ) მართლსაწინააღმდეგო შედეგში (ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი); გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. სუბიექტური მხრივ განსახილველი დანაშაულის მოტივსა და მიზანს არ აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა, ბრალის ფორმის მიხედვით კი სახეზეა განზრახი დანაშაული. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს რა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, სურს ფიზიკური ტკივილი მიაყენოს პირს თავისი ძალადობითი მოქმედებით ან შეგნებულად უშვებს ან/და გულგრილია ასეთი შედეგის მიმართ. დანაშაულის შემადგენლობისთვის ფიზიკური ძალადობის შემთხვევაში ქმედების განხორციელებასთან ერთად სავალდებულოა, რომ იმას, ვისზეც იძალადეს, განიცადოს ფიზკური ტკივილი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლით დასჯადია - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. დანაშაული გამოიხატება: სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარაში. დანაშაულის შემადგენლობისთვის მუქარის განხორციელებასთან ერთად სავალდებულოა, რომ იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ გ--- ლ---–---ს ქმედებას. საქმეში არსებული და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება გ--- ლ---–---ს მიერ ოჯახური ძალადობის ჩადენის ფაქტი მეუღლის - ქ------------ის მიმართ. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით კერძოდ, მოწმეთა ზეპირი ჩვენებებით, სხდომაზე გამოკვლეული ნ--------------ის გამოკითხვის ოქმით, პაციენტის სამედიცინო ბარათით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, შესამოწმებელი პირის მიერ სამედიცინო ექსპერტისთვის და სამედიცინო დახმარების ბრიგადის მედპერსონალისთვის მიწოდებული ინფორმაციით, ვიზუალური დათვალიერების ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და დამტვრეული ინვენტარით დასტურდება, გ--- ლ---–---ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქ/პუნქტით წარდგენილი დანაშაულის ჩადენის ფაქტი, რომ 2018 წლის 14 დეკემბრს მსჯავრდებულმა ფიზიკურად იძალადა მის მეუღლეზე. ძალადობის შედეგად მსხვერპლმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ძალადობა ჩადენილი იქნა არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, რასაც მოწმობს გამომძიებლის დ---------–-–---ს და ექსპერტის ხ------- მ----------ს ჩვენებები, აღნიშნული პირები შემთხვევიდან მცირე დროში გამოცხადდნენ ძალადობის ადგილზე, სადაც დახვდათ დაზარალებული ქ------------ე არასრულწლოვან შვილთან ერთად. დანაშაულის ამ მაკვალიფიცირებელ გარემოებას ადასტურებს ნ--------------ის ზეპირი ჩვენება და გამოკითხვის ოქმი.

 

სააპელაციო პალატა მიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა გ--- ლ---–---ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 19 ოქტომბრის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 14 დეკემბრის ეპიზოდი) დანაშაულის ჩადენის ფაქტები. იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება დანაშაულის ფაქტის არსებობა და გ--- ლ---–---ს დანაშაულებრივი კავშირი ამ ფაქტთან. მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებენ გ--- ლ---–---ს მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენას. კერძოდ, სასამართლო სხდომაზე არ დაკითხულა არცერთი პირდაპირი მოწმე და არ გამოკვლეულა არცერთი წერილობითი მტკიცებულება, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა გ--- ლ---–---ს მიერ ქ------------ის მიმართ - 2018 წლის 19 ოქტომბრის ფიზიკური ძალადობის და 2018 წლის 14 დეკემბრის სიცოხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარის გახორციელების ფაქტს.

 

პალატა აღნიშნავს, რომ მოცემული კატეგორიის დანაშაულთა სპეციფიკიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ თვითმხილველ მოწმეთა სიმრავლე ობიექტურად ვერ იარსებებს. შესაბამისად, ფაქტის უტყუარად დადასტურება შეუძლიათ მხოლოდ დაზარალებულს და მსჯავრდებულ გ--- ლ---–---ს. მოცემულ შემთხვევაში, როცა დაზარალებულმა - ქ------------ემ ისარგებლა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის მამხილებელი ჩვენების მიცემაზე, ხოლო გ--- ლ---–--- შესავალ და დასკვნით სიტყვაში უარყო დანაშაულის ჩადენის ფაქტი, ასეთ ვითარებაში ობიექტურად საჭიროა სხვა დამატებითი მტკიცებულებები, რომლებიც შექმნიან გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და სასამართლოს მისცემს შესაძლებლობას დადასტურებულად მიიჩნიოს ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა გ--- ლ---–---ს მიერ. ასეთ ვითარებაში კი, როდესაც სავარაუდო კონფლიქტის მონაწილე პირები უარს აცხადებენ ჩვენების მიცემაზე, ბრალდების მხარემ სააპელაციო საჩივარში გ--- ლ---–---ს მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის დამადასტურებელ მტკიცებულებებად მოიშველია მოწმეების გამომძიებლების, გ--- ლ---–---ს მეზობლების და ექსპერტის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებები, რომელთაც აპელანტი აფასებს პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებებად.

 

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს ზემოაღნიშნულ მოწმეთა ჩვენებებს პირდაპირ მტკიცებულებად, ვინაიდან აღნიშნული პირები არ შესწრებიან უშუალოდ გ--- ლ---–---ს მიერ ქ------------ის მიმართ განხორციელებულ ფიზიკური ძალადობის (2018 წლის 19 ოქტომბრის ეპიზოდი) და მუქრის განხორციელების ფაქტებს. მათი ჩვენებები არის ირიბი ხასიათის, რადგან მათ მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებები ეფუძნება დაზარალებულის მიერ მათთვის მიწოდებულ ინფორმაციას. მათი ჩვენებები, საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, წარმოადგენს ირიბს, რაც არ არის საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 21 თებერვლის №746აპ-19 გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ ,,საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კასატორის პოზიციას განსაკუთრებულ შემთხვევებში ირიბი ჩვენების გამოყენების დასაშვებობის თაობაზე. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების 36-ე პარაგრაფში, მართალია, მიუთითებს გამონაკლის შემთხვევებში ირიბი ჩვენების გამოყენების შესაძლებლობაზე, თუმცა ირიბი ჩვენების გამოყენებას უკავშირებს ირიბი ჩვენების გამოყენების მარეგულირებელი წესის მკაფიო და ამომწურავ საკანონმდებლო რეგლამენტაციას. კერძოდ, სასამართლო ცალსახად აღნიშნავს რომ „37. ირიბი ჩვენების დასაშვებად ცნობისა და მისი გამოყენების საკითხის გადაწყვეტა მკაფიოდ ფორმულირებული მარეგულირებელი ნორმებისა და სათანადო პროცესუალური გარანტიების პირობებში უნდა მოხდეს“. ,,52. ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში, ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.“

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე არ დგინდება გაუჩნდა თუ არა ქ------------ემ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამასთან, მოწმე, რომელსაც შეეძლო სასამართლოსთვის მიეწოდებინა ინფორმაცია მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, არის თავად დაზარალებული ქ------------ე, რომელმაც სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და მეუღლის წინააღმდეგ არ მისცა ჩვენება. შესაბამისად, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა მოკლებულია შესაძლებლობას დაადგინოს არსებობდა თუ არა მუქარა და მისი შემადგენლობის ყველა ნიშანი, კერძოდ, გ--- ლ---–---ს მხრიდან სავარაუდოდ განხორციელდა თუ არა მუქარა და აღნიშნული აღიქვა თუ არა ქ------------ემ რეალურად და გაუჩნდა თუ არა მას სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. შესაბამისად, გამოკველული მტკიცებულებებით არ დგინდება გ--- ლ---–---ს მიერ მის მიმართ ბრალად შერაცხული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალსიწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტიც.

 

პალატა მიუთითებს, რომ სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლება, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი, ერთმანეთთან შეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის საფუძველზე, რომელიც გამამტყუნებელი განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას წარმოადგენს და იმავდროულად, საკმარისობის თვალსაზრისით, გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდეს პირის ბრალეულობას. პალატა განმარტავს, რომ ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს, რომელმაც აღნიშნული ბრალდების დამტკიცება უნდა შეძლოს უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე. შესაბამისად, სააპელაციო პალატა ასკვნის, მოცემულ საქმეში არ არსებობს საკმარისი ფაქტობრივი და მტკიცებულებითი საფუძველი გონივრულ ეჭვს მიღმა იმის დასადგენად, რომ გ--- ლ---–---მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ (2018 წლის 19 ოქტომბრის ეპიზოდი), ასევე ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილი (2018 წლის 14 დეკემბრის ეპიზოდი).

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში ,,Tanişand Others v. Turkey" (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, აშკარა და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან”.

 

პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის იმპერატიული დანაწესის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს პირის მსჯავრდებას უტყუარი და გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. კონსტიტუციის დასახელებული დანაწესიდან გამომდინარე, მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, რომელსაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს“ და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს. იმავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. იგივე შინაარსის მატარებელია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.

 

პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

გ--- ლ---–---ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სასჯელის დანიშვნისას პალატა ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის პირველი მუხლის მე-3 ნაწილში განსაზღვრულია, რომ ამ კოდექსის მიზანია დანაშაულებრივი ხელყოფის თავიდან აცილება და მართლწესრიგის დაცვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პრევენციულობა (დანაშაულის თავიდან ასაცილებლად წინასწარი ზომების მიღება) უმნიშვნელოვანესია სანქციის განსაზღვრისას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

პალატა განმარტავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. შესაბამისად, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, ამასთან, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნების მისაღწევად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე - 2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 28 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია), რომლის სანქციის ფარგლებშიც დანიშნული აქვს სასჯელი გ--- ლ---–---ს, სასჯელის სახით ითვალისწინებს - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა რა მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, წარსული ცხოვრება და დამნაშავის რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, მსჯავრდებულს განუსაზღვრა შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა.

 

სააპელაციო პალატა აცხადებს, რომ თავისუფლების აღკვეთის ალტერნატიული სასჯელების შემოღებით, კანონმდებელი დამნაშავე პირთა გარკვეულ კატეგორიას აძლევს იმის საშუალებას და შანსს, რომ ჩადენილი დანაშაულისთვის დანიშნული სასჯელი არ მოიხადონ პენიტენციურ დაწესებულებაში, საზოგადოებისგან იზოლაციის გარეშე, რაც სრულად შეესაბამება ზოგადად სასჯელის მიზნების განხორციელებას.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ გ--- ლ---–---ს მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძვლად მითითებულ არგუმენტებს, რომ მსჯავრდებულის მიმართ სასამართლოს მიერ დანიშნული მსუბუქი სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ვინაიდან მსჯავრდებულის მიერ ჩადენილია ძალადობრივი დანაშაული ოჯახის წევრის მიმართ, რაც იძლევა საფუძველს, ვარაუდისთვის რომ მან შესაძლოა მომავალშიც გააგრძელოს დანაშაულებრივი ქმედება. სააპელაციო პალატის აზრით, აღნიშნული წარმოადგენს ჰიპოტეტიურ მოსაზრებას და ბრალდების მხარის პოზიცია დაუსაბუთებელი და აზრს მოკლებულია. მსჯავრდებულ გ--- ლ---–---ს პიროვნება არ შეიძლება განხილულ იქნას, როგორც აბსტრაქტული დანაშაულის სუბიექტი. თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის გამოტანიდან სააპელაციო სასამართლოში განაჩენის გამოტანამდე გ--- ლ---–---ს მხრიდან დაზარალებულის მიმართ ფსიქოლოგიურ ან ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია (საწინააღმდეგო არგუმენტი ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია). ამდენად, სახელმწიფო ბრალმდებლის ზემოთ მითითებული აბსტრაქტული მოსაზრება მოკლებულია კანონიერ საფუძველს და ვერ იქნება გაზიარებული.

 

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ გ--- ლ---–---ს მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძვლად მითითებულ არგუმენტს, რომ მსჯავრდებულმა ჩაიდინა ძალადობრივი ხასიათის დანაშაული ოჯახის წევრის მიმართ, რის გამოც სასამართლოს უფრო მკაცრი სასჯელი უნდა გამოყენებინა. პალატა მოცემულ შემთხვევაში, მხედველობაში იღებს ერთის მხრივ იმ გარემოებას, რომ გ--- ლ---–---მ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა მეუღლის მიმართ, არასრულწოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რისთვისაც მას უნდა დაეკისროს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, ვინაიდან აღნიშნული გარემოება წარმოადგენს მის მიერ ჩადენილი საქართველოს 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების ობიექტური მხარის ნიშანს, ურომლისოდაც აღნიშნული კვალიფიკაციით გათვალისწინებული დანაშაული სახეზე არ გვექნება. გარდა ამისა, აღნიშნულ გარემოებას სასჯელის განსაზღვრისას სააპელაციო პალატა მხედველობაში არ მიიღებს, ვინაიდან საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლი ან მუხლის ნაწილი დანაშაულის შემადგენლობის ნიშნად ითვალისწინებს შემამსუბუქებელ ან დამამძიმებელ გარემოებას, იგივე გარემოება სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში არ მიიღება. ამდენად, აღნიშნული არგუმენტი არ შეიძლება გამოყენებულ იქნას მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დასანიშნად.

 

სააპელაციო პალატა სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.

 

მოცემულ შემთხვევაში პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენს გ--- ლ---–---ს მიმართ თავისუფლების აღკვეთის ალტერნატიული სახის სასჯელის - საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის დანიშვნის შესახებ და ითვალისწინებს რა გ--- ლ---–---ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, კერძოდ, გ--- ლ---–---ს მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, არ არის ნასამართლევი და მის მიმართ პირველად უნდა იქნეს სისხლისსამართლებრივი სანქცია გამოყენებული, ზემოაღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით, პალატას გ--- ლ---–---ს მიმართ სასჯელის ისეთი სახე და ზომის განსაზღვრა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას, ასეთ ეფექტურ ღონისძიებად პალატას მიაჩნია სასჯელის სახით საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის გამოყენება, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს და გ--- ლ---–---ს სათანადო ქცევას.

 

ამასთან, ბრალდების მხარის მიერ სააპელაციო პალატის წინაშე მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების დამადასტურებელი რაიმე ახალი მტკიცებულება დამატებით არ ყოფილა წარმოდგენილი, რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა მისთვის დანიშნული სასჯელის დამძიმებაზე.

 

სააპელაციო პალატის შეფასებით, სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გ--- ლ---–---ს მიმართ დანიშნულია სამართლიანი სასჯელი, რაც უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, ამიტომ მისი დამძიმება პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის გლდანი - ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორის ა----------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 23 დეკემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის პირველი ნაწილით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

თბილისის გლდანი - ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორის ა----------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 23 დეკემბრის განაჩენი გ--- ლ---–---ს მიმართ დარჩეს უცვლელი.

 

გ--- ლ---–--- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 19 ოქტომბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.

გ--- ლ---–--- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 14 დეკემბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.

გ--- ლ---–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 14 დეკემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 400 (ოთხასი) საათის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, გ--- ლ---–---ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს განაჩენის მიღებამდე - 2018 წლის 19 დეკემბრიდან - 2019 წლის 24 მაისის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი და გათავისუფლდეს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდისაგან.

 

ცნობად იქნეს მიღებული, რომ გ--- ლ---–---ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.

 

ნივთიერი მტკიცებულება:

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად გადაღებული ფოტოსურათები ერთ ცალ ლაზერულ დისკზე - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით. ვიზუალური დათვალიერების ამსახველი ფოტომასალა ელექტრონულ დისკზე შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით. „ინჰალატორი“ და ელექტრო გამათბობელი, რომელიც დალუქულ მდგომარეობაში ინახება გლდანი-ნაძალადვის სამმართველოს მე-4 განყოფილებაში, დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოტანისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მაკა გველესიანი