განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310018002614430 (საქმე №3ბ/2029-19)
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
26 დეკემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
I შ ე ს ა ვ ა ლ ი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - გიორგი გოგიაშვილი
სხდომის მდივანი - ნინო ჭაბუკიანი
აპელანტი (მოსარჩელე) - მ-----ა ქ-------ა;
წარმომადგენელი - ი---- პ-------–---–ი;
აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს გენერალური პროკურატურა;
წარმომადგენელი - ა----------ე;
თავდაპირველი მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო;
წარმომადგენელი - მ---------------–--ე;
თავდაპირველი მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო - ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტი;
მესამე პირი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;
დავის საგანი - მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 03 აპრილის გადაწყვეტილება;
I I ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. აპელანტები მოთხოვნა:
1.1. მ-----ა ქ-------ა ითხოვს გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 03 აპრილის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი დაკმაყოფილდეს სრულად.
1.2. საქართველოს გენერალური პროკურატურა ითხოვს გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 03 აპრილის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
2.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
2.1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 03 აპრილის გადაწყვეტილებით მ-----ა ქ-------ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: საქართველოს გენერალურ პროკურატურას დაეკისრა მ-----ა ქ-------ას სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურება 8000 (რვა ათასი) ლარის ოდენობით; საქართველოს გენერალურ პროკურატურას დაეკისრა მ-----ა ქ-------ას სასარგებლოდ მატერიალური ზიანის ანაზღაურება 108 022,07 (ას რვა ათას ოცდაორი ლარი და შვიდი თეთრი) ლარის ოდენობით; ასევე 2005 წლის 15 აპრილიდან 2018 წლის 7 აგვისტომდე მიუღებელი წოდებრივი სარგოს ანაზღაურება, რომელიც გაანგარიშებული უნდა იქნეს ლეიტენანტის წოდებისთვის მოქმედი წოდებრივი სარგოს ოდენობით. სხვა ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
მოპასუხე საქართველოს გენერალურ პროკურატურას დაეკისროს მოსარჩელის მიერ ადვოკატის მომსახურებისათვის გადახდილი თანხის ანაზღაურება 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, ასევე _ სასამართლოსგარეშე ხარჯის, სანოტარო მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის 10 ლარის და მტკიცებულებათა მოძიების პროცესში საფოსტო მომსახურებისთვის გადახდილი თანხის 9.20 ლარის ანაზღაურება. სხვა ნაწილში სასამართლოსგარეშე ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
2.1.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 2 აგვისტოს განჩინებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 3 აპრილის №3/5627-18 გადაწყვეტილების წერილობით მომზადებული სარეზოლუციო ნაწილის „1.2“ პუნქტში შეტანილი იქნეს შესწორება და საბოლოოდ, ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: „საქართველოს გენერალურ პროკურატურას დაეკისროს მ-----ა ქ-------ას სასარგებლოდ მატერიალური ზიანის ანაზღაურება 108 022,07 (ას რვა ათას ოცდაორი ლარი და შვიდი თეთრი) ლარის ოდენობით; ასევე 2005 წლის 15 აპრილიდან 2018 წლის 7 აგვისტომდე მიუღებელი წოდებრივი სარგოს ანაზღაურება, რომელიც გაანგარიშებული უნდა იქნეს ლეიტენანტის წოდებისთვის მოქმედი წოდებრივი სარგოს ოდენობით.“
2.2. დასკვნები უდავო ფაქტობრივ გარმოებებთან დაკავშირებით:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის 1998 წლის 23 ივლისის №69პ/შ ბრძანებიდან ამონაწერის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის დაწესებულების სწავლების სამართალმცოდნეობის სპეციალობაზე პირველი კურსის კურსანტად ჩაირიცხა მ-----ა ქ-------ა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის 2002 წლის 11 ივლისის №64 ბრძანებიდან ამონაწერის თანახმად, მ-----ა ქ-------ას მიენიჭა „იურისტის“ კვალიფიკაცია სამართალმცოდნეობის სპეციალობით.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის 1998 წლის 23 ივლისის №69პ/შ ბრძანებიდან ამონაწერი (ტ.I, ს.ფ.54);
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის 2002 წლის 11 ივლისის №64 ბრძანებიდან ამონაწერი (ტ. I, ს.ფ.60).
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის 1998 წლის 12 სექტემბრის №89პ/შ ბრძანებიდან ამონაწერის თანახმად, მ-----ა ქ-------ას მიენიჭა უმცროს მეთაურთა შემადგენლობის სპეციალური წოდება „პოლიციის რიგითი“.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის 1998 წლის 12 სექტემბრის №89პ/შ ბრძანებიდან ამონაწერი (ტ.I, ს.ფ.55).
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის 1998 წლის 2 ივნისის №39პ/შ ბრძანებიდან ამონაწერის თანახმად, მ-----ა ქ-------ას საქართველოს შსს აკადემიაში „სტუდენტური დღეები - 99“-ის პროგრამით ჩატარებულ კურსანტთა სამეცნიერო კონფერენციის მუშაობაში აქტიური მონაწილეობისათვის, მაღალი აკადემიური შედეგებისათვის გამოუცხადდა „მადლობა“.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის 1998 წლის 2 ივნისის №39პ/შ ბრძანებიდან ამონაწერი (ტ. I, ს.ფ.56).
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2002 წლის 26 ივლისის №419პ/შ ბრძანების თანახმად, მ-----ა ქ-------ას მიენიჭა მეთაურთა შემადგენლობის სახელმწიფო სპეციალური წოდება „პოლიციის უმცროსი ლეიტენანტი“.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2002 წლის 26 ივლისის №419პ/შ ბრძანება (ტ. I, ს.ფ.61).
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის 2002 წლის 5 აგვისტოს №69პ/შ ბრძანებიდან ამონაწერის თანახმად, მ-----ა ქ-------ა მივლინებულ იქნა სამსახურის შემდგომი გავლის მიზნით საქართველოს შსს კადრებისა და პირად შემადგენლობასთან მუშაობის მთავარი სამმართველოს განკარგულებაში 2002 წლის 10 აგვისტოდან, შვებულებაში ყოფნის ვადით 2002 წლის 11 ივლისიდან 2002 წლის 10 აგვისტომდე.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის 2002 წლის 5 აგვისტოს №69პ/შ ბრძანებიდან ამონაწერი (ტ. I, ს.ფ. 62).
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2002 წლის 14 ნოემბრის №629პ/შ ბრძანებით მ-----ა ქ-------ა დაინიშნა წალენჯიხის შს რაიგანყოფილების ჯვარის პოლიციის ქვეგანყოფილების საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და პროფილაქტიკის ჯგუფის პოლიციის უბნის ინსპექტორად 2002 წლის 7 ნოემბრიდან, შსს კადრებისა და პირად შემადგენლობასთან მუშაობის მთავარი სამმართველოს განკარგულებაში ყოფნით 2002 წლის 10 აგვისტოდან 7 ნოემბრამდე.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2002 წლის 14 ნოემბრის №629პ/შ ბრძანება (ტ. I, ს.ფ. 63).
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2003 წლის 6 აგვისტოს №454პ/შ ბრძანების თანახმად, „პოლიციის უმცროს ლეიტენანტს“ მ-----ა ქ-------ას მიენიჭა მეთაურთა შემადგენლობის სახელმწიფო სპეციალური წოდება „პოლიციის ლეიტენანტი“.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2003 წლის 6 აგვისტოს №454პ/შ ბრძანება (ტ. I, ს.ფ. 66).
მ-----ა ქ-------ას 3-ჯერ აქვს მიღებული მადლობა 2003 წელს, კერძოდ 2003 წლის პირველ კვარტალში მიღწეული მაღალი მაჩვენებლისათვის, ცხელ - კვალზე ბოროტმოქმედის დაკავებისათვის, ყაჩაღობის ფაქტზე ძებნაში მყოფი პირის დაკავებისათვის.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- მ-----ა ქ-------ას შრომის წიგნაკი (ტ. I, ს.ფ. 72-83).
შსს სამეგრელოსა და ზემო - სვანეთის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს უფროსის 2004 წლის 20 მაისის №260პ/შ ბრძანებით პოლიციის ლეიტენანტი მ-----ა ქ-------ა განთავისუფლდა წალენჯიხის შს რაიგანყოფილების ჯვარის პოლიციის ქვეგანყოფილების პროფილაქტიკის ჯგუფის პოლიციის უბნის ინსპექტორის თანამდებობიდან და დაინიშნა წალენჯიხის შს რაიგანყოფილების ჯვარის პოლიციის ქვეგანყოფილების სისხლის სამართლის საგამოძიებო ჯგუფის ინსპექტორად 2004 წლის14 მაისიდან.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- შსს სამეგრელოსა და ზემო - სვანეთის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს უფროსის 2004 წლის 20 მაისის №260პ/შ ბრძანება (ტ.I, ს.ფ.67).
შსს სამეგრელოსა და ზემო - სვანეთის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს უფროსის 2004 წლის 29 ივლისის №348პ/შ ბრძანებიდან ამონაწერის თანახმად, ინსპექტორი - პოლიციის ლეიტენანტი მ-----ა ქ-------ა დაინიშნა მოვალეობის შემსრულებლად.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- შსს სამეგრელოსა და ზემო-სვანეთის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს უფროსის 2004 წლის 29 ივლისის №348პ/შ ბრძანებიდან ამონაწერი (ტ. I, ს.ფ. 68).
შსს სამეგრელოსა და ზემო - სვანეთის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს უფროსის 2004 წლის პირველი დეკემბრის №723პ/შ ბრძანებიდან ამონაწერის თანახმად, ინსპექტორ - პოლიციის ლეიტენანტ მ-----ა ქ-------ას მოეხსნა მოვალეობის შესრულება და დაინიშნა თანამდებობაზე შესაბამისი პერსონალური განლაგების მიხედვით 2004 წლის 4 ნოემბრიდან.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- შსს სამეგრელოსა და ზემო-სვანეთის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს უფროსის 2004 წლის პირველი დეკემბრის №723პ/შ ბრძანებიდან ამონაწერი (ტ. I, ს.ფ. 69).
შსს სამეგრელოსა და ზემო-სვანეთის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს უფროსის 2005 წლის 28 იანვრის №45პ/შ ბრძანებიდან ამონაწერის თანახმად, შტატგარეშედ დარჩენილი შსს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს განკარგულებაში მყოფი წალენჯიხის შს რაიონული განყოფილების პირადი შემადგენლობა, მათ შორის, ინსპექტორი - პოლიციის ლეიტენანტი მ-----ა ქ-------ა, დაინიშნა 2004 წლის 30 დეკემბრიდან შემდეგი პერსონალური განლაგების მიხედვით ჯვრის პოლიციის ქვეგანყოფილება, სისხლის სამართლის სამძებრო ჯგუფი.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- შსს სამეგრელოსა და ზემო - სვანეთის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს უფროსის 2005 წლის 28 იანვრის №45პ/შ ბრძანებიდან ამონაწერი (ტ. I, ს.ფ. 69).
შსს სამეგრელოსა და ზემო - სვანეთის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს უფროსის 2005 წლის 4 მაისის №20 ბრძანებიდან ამონაწერის თანახმად, 2005 წლის 15 აპრილს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ.თბილისის შს მთავარი სამმართველოსა და სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ ერთობლივად ჩატარებული სპეციალური ოპერაციის შედეგად, ეჭვმიტანილის სტატუსით დაკავებულ იქნა წალენჯიხის შს რაიგანყოფილების, ჯვარის პოლიციის ქვეგანყოფილების, სისხლის სამართლის სამძებრო ჯგუფის ინსპექტორი, პოლიციის ლეიტენანტი მ-----ა ქ-------ა, რომელიც ეჭვმიტანილი იყო დამნაშავეთა ჯგუფის მიერ გატაცებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების, არაკონტროლირებად გალის რაიონის ტერიტორიაზე გადაყვანაში.
აღნიშნული ბრძანების თანახმად, სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან დაკავშირებით საგამოძიებო ორგანოების მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე დროებით გადაყენებული იქნა თანამდებობიდან პოლიციის ლეიტენანტი მ-----ა ქ-------ა - წალენჯიხის შს რაიონული განყოფილების, ჯვარის პოლიციის ქვეგანყოფილების, სისხლის სამართლის სამძებრო ჯგუფის ინსპექტორი, „საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ“ დებულების მე-2 თავის მე-12 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- შსს სამეგრელოსა და ზემო - სვანეთის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს უფროსის 2005 წლის 4 მაისის №20 ბრძანებიდან ამონაწერი (ტ. I, ს.ფ. 70).
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 27 ივლისის განაჩენით (№1/1805 საქმეზე) დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება, დადებული პროკურორსა და ბრალდებულ მ-----ა ქ-------ას შორის 2005 წლის 20 ივლისს. მ-----ა ქ-------ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 332-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახით განესაზღვრა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოხდით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოხდით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად უფრო მძიმე სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მძიმე და საბოლოოდ სასჯელის სახით განესაზღვროს 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოხდით, ამასთან, დადგინდა, რომ განსაზღვრული სასჯელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლის საფუძველზე პირობით არ აღსრულდება, თუ იგი გამოსაცდელი ვადის 4 (ოთხი) წლის განმავლობაში არ ჩაიდენს ახალ დანაშაულს. აღკვეთის ღონისძიება დაპატიმრება გაუქმდა და მ-----ა ქ-------ა დაუყონებლივ გათავისუფლდა სხდომის დარბაზიდანვე. პირობით მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის დეპარტამენტის თბილისის ბიუროს. საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში მსჯავრდებული ვალდებულია, დაუყონებლივ აცნობოს დასახელებულ ბიუროს.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 27 ივლისის განაჩენი №1/1805 საქმეზე (ტ. I, ს.ფ. 92-94).
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 9 დეკემბრის №1078პ/შ ბრძანებიდან ამონაწერის თანახმად, შსს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს 2005 წლის 4 მაისის №20 ბრძანებით დაკავებული თანამდებობიდან გადაყენებული, წალენჯიხის შს რაიონული განყოფილების, ჯვარის პოლიციის ქვეგანყოფილების სისხლის სამართლის სამძებრო ჯგუფის ინსპექტორი, პოლიციის ლეიტენანტი მ-----ა ქ-------ა დათხოვნილ იქნა შს ორგანოებიდან 2005 წლის 4 მაისიდან, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად. საფუძველი: საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის 2005 წლის 21 ნოემბრის წერილი №10/2/20-6769 და გენერალური ინსპექციის 15.11.2005 წ. #9/22-2439 დასკვნა.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 9 დეკემბრის №1078პ/შ ბრძანებიდან ამონაწერი (ტ.I, ს.ფ.71).
2018 წლის 5 მარტის განცხადებით მ-----ა ქ-------ამ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსაგან მოითხოვა ინფორმაცია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 9 დეკემბრის №1078პ/შ ბრძანების საფუძვლად არსებული, ამავე ბრძანებაში მითითებული შსს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის 2005 წლის 21 ნოემბრის №10/2/20-6769 წერილისა და შსს გენერალური ინსპექციის 2005 წლის 15 ნოემბრის №9/22-2439 დასკვნის დამოწმებული ასლი.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 20 მარტის №MIA91800651427 წერილით მ-----ა ქ-------ას ეცნობა, რომ სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის 2005 წლის დოკუმენტაცია, შენახვის ვადის გასვლის
გამო, განადგურდა დეპარტამენტის დოკუმენტებისა და საქმეების განადგურების 2005 წლის №3 აქტით. შესაბამისად, სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის 2005 წლის 21 ნოემბრის წერილი №10/2/20-6769 საარქივო ფონდში დაცული არ არის. ამასთან, დანართის სახით გაეგზავნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- მ-----ა ქ-------ას 2018 წლის 5 მარტის განცხადება (ტ.I, ს.ფ.84).
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 20 მარტის №MIA91800651427 წერილი (ტ.I, ს.ფ. 85-86).
შსს გენერალური ინსპექციის 2005 წლის 14 ნოემბრის დასკვნის თანახმად, გენერალურმა ინსპექციამ მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის „ლ“ პუნქტის და შს სამინისტროს თანამშრომელთა დისციპლინური წესდების მე-3 მუხლის „თ“ პუნქტის საფუძველზე, წალენჯიხის შს განყოფილების ჯვრის ქვეგანყოფილების სისხლის სამართლის სამძებროს ინსპექტორი, პოლიციის ლეიტენანტი მ-----ა ქ-------ა დათხოვნილ იქნას შს ორგანოებიდან.
დასკვნის თანახმად, მ-----ა ქ-------ამ ჩაიდინა საქართველოს შს სამინისტროს თანამშრომელთა დისციპლინური წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება - პოლიციის თანამშრომელთათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს, რაც მისი მხრიდან გამოიხატა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც დადასტურებულია სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- შსს გენერალური ინსპექციის 2005 წლის 14 ნოემბრის დასკვნა (ტ. I, ს.ფ. 87-90).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 19 დეკემბრის განაჩენით (№1აგ/504-17 საქმეზე) საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის პროკურორის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 21 ივლისის გამამტყუნებელი განაჩენი მ-----ა ქ-------ას მიმართ. მ-----ა ქ-------ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
განაჩენის თანახმად, 2017 წლის 5 ოქტომბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა პროკურორმა, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 310-ე მუხლის „ზ“ პუნქტზე მითითებით, ითხოვა მსჯავრდებულ მ-----ა ქ-------ას მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 27 ივლისის განაჩენის გადასინჯვა, ვინაიდან 2017 წლის 29 სექტემბერს გამოტანილ იქნა პროკურორის დადგენილება მსჯავრდებულ მ-----ა ქ-------ას მიმართ სისხლის სამართლის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ. სააპელაციო პალატამ განიხილა რა აღნიშნული შუამდგომლობა, მოუსმინა მხარეებს, შეამოწმა შუამდგომლობის საფუძვლიანობა, გამოიკვლია და შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს.
განაჩენის მიხედვით, 2017 წლის 30 ივნისს, საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის №074300617803 საქმეზე, ცალკეულ საჯარო მოხელეთა მხრიდან მ-----ა ქ-------ას მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. პალატამ მიიჩნია, რომ გამოძიების პროცესში მოპოვებული და სასამართლო პროცესზე გამოკვლეული ახალი მტკიცებულებები ცალსახად ადასტურებს, რომ მ-----ა ქ-------ას მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეში რაიმე მტკიცებულება, რაც ირიბად მაინც მიუთითებდა მ-----ა ქ-------ას მხრიდან რაიმე დანაშაულის ჩადენაზე, წარმოდგენილი არ არის.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 19 დეკემბრის განაჩენი (№1აგ/504-17 საქმეზე) საკასაციო წესით არ გასაჩივრებულა.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 19 დეკემბრის განაჩენი №1აგ/504-17 საქმეზე (ტ.I, ს.ფ.96-103);
- თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბრის №1/8344 წერილი (ტ.I, ს.ფ.165).
მ-----ა ქ-------ამ 2018 წლის 6 მარტს განცხადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამსახურში აღდგენის, განაცდური ხელფასის ანაზღაურების, სპეციალური წოდების მინიჭებისა და ყოველწლიური კუთვნილი შვებულების ნატურით ანაზღაურების მოთხოვნით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 19 დეკემბრის განაჩენის საფუძველზე.
მ-----ა ქ-------ამ 2018 წლის 19 ივნისს კვლავ მიმართა განცხადებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და მოითხოვა 2018 წლის 5 მარტის განცხადებაზე პასუხი.
მ-----ა ქ-------ამ 2018 წლის 27 ივლისს, 2018 წლის 5 მარტის წერილის მსგავსი შინაარსის მოთხოვნით, მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.
2018 წლის 27 ივლისს მ-----ა ქ-------ამ განცხადებით მიმართა შსს გენერალურ ინპექციას თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 19 დეკემბრის განაჩენით მინიჭებული უფლებების აღდგენაში დახმარების მიზნით.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 7 აგვისტოს №MIA41801906833 წერილის თანახმად, 2018 წლის 19 ივნისისა და 2018 წლის 27 ივლისის წერილების პასუხად მ-----ა ქ-------ას ეცნობა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შესწავლილ იქნა მ-----ა ქ-------ას 2018 წლის 6 მარტის განცხადება და შს სამინისტრომ მიიჩნია, რომ არ არსებობს შინაგან საქმეთა სამინსიტროს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სამხარეო სს მთავარი სამმართველოს უფროსის 2005 წლის 4 მაისის №20 და 2005 წლის 9 დეკემბრის №1078პ/შ ბრძანებების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი. აღნიშნული წერილით მ-----ა ქ-------ას დამატებით ეცნობა, რომ ვინაიდან ქ.თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 19 დეკემბრის განაჩენით გაუქმდა მ-----ა ქ-------ას მიმართ არსებული გამამტყუნებელი განაჩენი, აღნიშნული, როგორც ახლად გამოვლენილი გარემოება შეიძლება გახდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სამხარეო შს სამმართველოს უფროსი 2005 წლის 4 მაისის №20 და 2005 წლის 9 დეკემბრის №1078პ/შ ბრძანებების ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- მ-----ა ქ-------ას 2018 წლის 6 მარტის განცხადება (ტ. I, ს.ფ. 104-105);
- მ-----ა ქ-------ას 2018 წლის 19 ივნისის განცხადება (ტ. I, ს.ფ. 108);
- მ-----ა ქ-------ას 2018 წლის 27 ივლისის განცხადება (ტ. I, ს.ფ. 109-110);
- მ-----ა ქ-------ას 2018 წლის 27 ივლისის განცხადება (ტ. I, ს.ფ. 111-112);
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 7 აგვისტოს №MIA41801906833 წერილი (ტ. I, ს.ფ. 125).
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 7 აგვისტოს №1906430 ბრძანებით ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სამხარეო შს სამმართველოს უფროსი 2005 წლის 4 მაისის №20 და 2005 წლის 9 დეკემბრის №1078პ/შ ბრძანებები, პოლიციის ლეიტენანტ მ-----ა ქ-------ას თანამდებობიდან დროებით გადაყენებისა და შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნის შესახებ. საფუძველი: შსს იურიდიული დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (27.04.2018წ.), თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი (ელ. ვერსია, 09.03.2018წ.)
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 7 აგვისტოს №1906430 ბრძანება (ტ. I, ს.ფ. 126).
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 7 აგვისტოს №1906593 ბრძანებით პოლიციის ლეიტენანტი - მ-----ა ქ-------ა აღდგენილ იქნა და დაინიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის წალენჯიხის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე (თანამდებობრივი სარგო 1200 ლარი).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 7 აგვისტოს №1906593 ბრძანება (ტ. I, ს.ფ.127).
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 21 მარტის №MIA31800666083 წერილის თანახმად, მ-----ა ქ-------ას შსს სამეგრელო -ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს წალენჯიხის რაიონული განყოფილების ჯვარის ქვეგანყოფილებაში მუშაობის პერიოდში მის მიერ დაკავებული ბოლო თანამდებობის შესაბამისად ერიცხებოდა ხელფასი, რომელიც შედგებოდა შემდეგი კომპონენტებისაგან: თანამდებობრივი სარგო - 190.09 ლარი, წოდებრივი სარგო - 7.21 ლარი, წელთა ნამსახურევი - 29.58 ლარი, კვება (ულუფის ფულადი კომპენსაცია) – 59 ლარი, სულ _ 285.79 ლარი.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 21 მარტის №MIA31800666083 წერილი (ტ. I, ს.ფ.107).
2018 წლის 27 ივლისს მ-----ა ქ-------ამ განცხადებით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურატურას სამსახურში აღდგენაში დახმარების, მატერიალური ზიანის სახით განაცდურისა და ყოველწლიური კუთვნილი შვებულების ნატურით ანაზღაურების თხოვნით. საქართველოს მთავარი პროკურატურის 2018 წლის 5 სექტემბრის №13/67697 წერილის თანახმად, მ-----ა ქ-------ას ეცნობა, რომ 2005 წლიდან 2018 წლამდე სამსახურში იძულებით არყოფნის გამო განაცდური ხელფასის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტა სცილდება საქართველოს პროკურატურის კომპეტენციას. მ-----ა ქ-------ას აღნიშნული წერილით განემარტა, რომ შეუძლია, მიმართოს სასამართლოს აღნიშნული მოთხოვნით.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- მ-----ა ქ-------ას 2018 წლის 27 ივლისის განცხადება (ტ. I, ს.ფ.113-115);
- საქართველოს მთავარი პროკურატურის 2018 წლის 5 სექტემბრის №13/67697 წერილი (ტ. I, ს.ფ. 168).
2018 წლის 27 ივლისს მ-----ა ქ-------ამ განცხადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და მოითხოვა შემდეგი ინფორმაცია: რომელ წლამდე არსებობდა წალენჯიხის შს რაიონული განყოფილების ჯვარის პოლიციის ქვეგანყოფილებაში სისხლის სამართლის სამძებრო ჯგუფის ინსპექტორის თანამდებობა, რა ოდენობის ხელფასი იყო გათვალისწინებული ამ თანამდებობისათვის 2005 წლიდან ამ პოზიციის არსებობამდე პერიოდში; თანამდებობრივი უფლებამოსილებისა და კომპეტენციების თანხვედრით საქართველოს შსს წალენჯიხის რაიონულ სამმართველოში განცხადების წარდგენის დღეს არსებულ რომელ თანამდებობას შეესატყვისება 2005 წელს წალენჯიხის შს რაიონული განყოფილების ჯვარის პოლიციის ქვეგანყოფილების სისხლის სამართლის სამძებრო ჯგუფის ინსპექტორის თანამდებობა; რომელი დოკუმენტით განისაზღვრებოდა წალენჯიხის შს რაიონული განყოფილების ჯვარის პოლიციის ქვეგანყოფილების სისხლის სამართლის სამძებრო ჯგუფის ინსპექტორის უფლებამოსილებანი და მისი სამუშაო აღწერილობა; 2005 წლიდან - 2018 წლამდე რამდენს შეადგენდა/შეადგენს უბნის ინსპექტორის, გამომძიებლის, დეტექტივის, დეტექტივ - გამომძიებლის, დეტექტივის თანაშემწის თანამდებობრივი სარგო.
იგივე შინაარსის წერილით იმავე დღეს მ-----ა ქ-------ამ ასევე მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო ზემო - სვანეთის პოლიციის დეპარტამენტს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 14 აგვისტოს №MIA21801968914 წერილის თანახმად, 2004 წლის 30 დეკემბრის შინაგან საქმეთა მინისტრის №698 საშტატო საორგანიზაციო ბრძანებით შეიქმნა შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს წალენჯიხის შს რაიონული განყოფილების ჯვარის პოლიციის ქვეგანყოფილების სისხლის სამართლის სამძებრო ჯგუფი, რომელიც გაუქმდა შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 18 იანვრის №71 საშტატო საორგანიზაციო ბრძანებით. ამავე ბრძანებით შეიქმნა შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის წალენჯიხის რაიონის შს განყოფილების ჯვარის პოლიციის ქვეგანყოფილება, ამდენად სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს, წალენჯიხის რაიონული განყოფილების ჯვარის პოლიციის ქვეგანყოფილებაში სისხლის სამართლის სამძებრო ჯგუფის ინსპექტორის თანამდებობა არსებობდა 2006 წლის პირველ თებერვლამდე და თანამდებობრივი სარგო შეადგენდა 210 ლარს. სამინისტროს წალენჯიხის რაიონული განყოფილების, ჯვარის პოლიციის ქვეგანყოფილების სისხლის სამართლის სამძებრო ჯგუფის ინსპექტორის ზღვრული წოდება იყო - „პოლიციის კაპიტანი“. თანამდებობრივი უფლება- მოვალეობებისა და ზღვრული წოდების თანხვედრით, აღნიშნული თანამდებობის ტოლფას თანამდებობად უნდა ჩაითვალოს შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის, წალენჯიხის რაიონული სამმართველოს, ჯვარის პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობა. რაც შეეხება ინფორმაციას თანამდებობრივი სარგოების შესახებ, ეცნობა, რომ (1) შს მინისტრის 2005 წლის 22 იანვრის №55 ბრძანების „საქართველოს შს სამინისტროს მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთის განსაზღვრის შესახებ“ ამოქმედების დრო 2005 წლის პირველი იანვარი, დანართი №21 და ამავე წლის 29 მარტის №290 ბრძანების „საქართველოს შსს თანამდებობის პირთა გათანაბრების“ შესახებ, დანართი №21 შესაბამისად მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგო განისაზღვრებოდა კატეგორიების მიხედვით და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მოქმედებდა II კატეგორიით: ოპერატიული თანამშრომელი და მასთან გათანაბრებული პირები, II კატეგორია - 210 ლარი; გამომძიებელი, II კატეგორია -280 ლარი. (2) შს მინისტრის 2006 წლის 2 თებერვლის №115 ბრძანების „საქართველოს შს სამინისტროს მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთის განსაზღვრის შესახებ“, ამოქმედების დრო 2006 წლის პირველი იანვარი, დანართი №19 და 2005 წლის 29 მარტის №290 ბრძანების, „საქართველოს შსს თანამდებობის პირთა გათანაბრების“ შესახებ დანართი №21 შესაბამისად განისაზღვრა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგო: უბნის ინსპექტორ- გამომძიებელი - 250 ლარი; გამომძიებელი - 280 ლარი. (3) შს მინისტრის 2007 წლის 14 მარტის №401 ბრძანების „საქართველოს შს სამინისტროს მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთის განსაზღვრის შესახებ“, ამოქმედების დრო 2007 წლის პირველი მარტი, დანართი №19 შესაბამისად განისაზღვრა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგო: უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი - 250 ლარი; გამომძიებელი - 280 ლარი. (4) შს მინისტრის 2007 წლის 14 აგვისტოს №1105 ბრძანების „საქართველოს შს სამინისტროს მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთის განსაზღვრის შესახებ“, ამოქმედების დრო 2007 წლის პირველი სექტემბერი, დანართის შესაბამისად განისაზღვრა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგო: უბნის ინსპექტორ- გამომძიებელი - 300 ლარი; გამომძიებელი - 350 ლარი. (5) შს მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1634 ბრძანების „საქართველოს შს სამინისტროს მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთის განსაზღვრის შესახებ“, ამოქმედების დრო 2008 წლის პირველი იანვარი, დანართის შესაბამისად განისაზღვრა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგო: უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი - 520 ლარი; გამომძიებელი - 580 ლარი. (6) შს მინისტრის 2008 წლის პირველი თებერვლის №151 ბრძანების „საქართველოს შს სამინისტროს მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთის განსაზღვრის შესახებ“, ამოქმედების დრო 2008 წლის პირველი თებერვალი, დანართის შესაბამისად განისაზღვრა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგო: უბნის ინსპექტორ- გამომძიებელი - 590 ლარი; დეტექტივ-გამომძიებელი - 970 ლარი; დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი - 730 ლარი. (7) შს მინისტრის 2008 წლის 25 მარტის №385 ბრძანების „საქართველოს შს სამინისტროს მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთის განსაზღვრის შესახებ“, ამოქმედების დრო 2008 წლის პირველი აპრილი, დანართი №30 შესაბამისად განისაზღვრა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგო: უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი - 710 ლარი; დეტექტივი-გამომძიებელი - 1090 ლარი; დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი - 854 ლარი. (8) შს მინისტრის 2010 წლის 18 მაისის №448 ბრძანების „ცვლილება შსს მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1634 ბრძანების „საქართველოს შს სამინისტროს მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთის განსაზღვრის შესახებ“, ამოქმედების დრო 2010 წლის პირველი მაისი, დანართის შესაბამისად განისაზღვრა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგო: უბნის ინსპექტორ - გამომძიებელი - 745 ლარი, დეტექტივ-გამომძიებელი - 1145 ლარი; დეტექტივის თანაშემწე - გამომძიებელი - 890 ლარი. (9) შს მინისტრის 2011 წლის 14 იანვრის №14 ბრძანების „ცვლილება შსს მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1634 ბრძანების - საქართველოს შს სამინისტროს მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთის განსაზღვრის შესახებ“, ამოქმედების დრო 2011 წლის პირველი იანვარი, დანართის „ტერიტორიული ორგანოები (ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, ტერიტორიული ორგანოების ადმინისტრაციის სამმართველოს) უფროსის, საერთო განყოფილების, კანცელარიის, ადამიანური რესურსების მართვისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების, საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის განყოფილებისა და კინოლოგიის ჯგუფის გარდა) შესაბამისად განისაზღვრა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგო: უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი -795 ლარი; დეტექტივ-გამომძიებელი - 1195 ლარი; დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი - 940 ლარი. (10) შს მინისტრის 2011 წლის 23 დეკემბრის №1046 ბრძანების „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ფულადი სარგოს (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და დანამატის განსაზღვრის შესახებ“, ამოქმედების დრო 2012 წლის 21 იანვარი, დანართი №28 შესაბამისად განისაზღვრა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგო: უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი - 820 ლარი; დეტექტივ- გამომძიებელი - 1220 ლარი; დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი - 965 ლარი. (11) შს მინისტრის 2016 წლის 25 აპრილის ბრძანება №211 „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ფულადი სარგოს (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და დანამატის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ (ბრძანება ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდა 2016 წლის პირველი აპრილიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე/ №38 დანართის შესაბამისად განისაზღვრა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგო: უბნის ინსპექტორ- გამომძიებელი - 950 ლარი; დეტექტივ-გამომძიებელი - 1220 ლარი; დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი - 1115 ლარი. (12) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 23 იანვრის ბრძანება №175306, ამოქმედების დრო პირველი იანვარი, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის საშტატო განრიგში ცვლილების შეტანის შესახებ“ შესაბამისად განისაზღვრა თანამდებობრივი სარგო: უბნის ინსპექტორ - გამომძიებელი - 950 ლარი, დეტექტივ - გამომძიებელი - 1220 ლარი; დეტექტივის თანაშემწე - გამომძიებელი - 1115 ლარი. (13) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 20 ივლისის ბრძანება №1743024, ამოქმედების დრო პირველი ივლისი, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის საშტატო განრიგში ცვლილების შეტანის შესახებ“ შესაბამისად განისაზღვრა თანამდებობრივი სარგო: უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი - 1200 - 1.20; დეტექტივ-გამომძიებელი - 1470 – 1.50; დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი - 1365 - 1.40.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- მ-----ა ქ-------ას 2018 წლის 27 ივლისის განცხადება (ტ.I, ს.ფ.116-117);
- მ-----ა ქ-------ას 2018 წლის 27 ივლისის განცხადება (ტ.I, ს.ფ.118-119);
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 14 აგვისტოს №MIA21801968914 წერილი (ტ. I, ს.ფ.121-124).
სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 18 ოქტომბრის №2/6697 წერილის თანახმად, მ-----ა ქ-------ა 2005 წლის 3 ოქტომბრიდან აღრიცხვაზე იმყოფებოდა თბილისის პრობაციის ბიუროში თბილისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 27 ივლისის განაჩენის საფუძველზე. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 19 სექტემბრის დადგენილების საფუძველზე, მ-----ა ქ-------ას მიმართ სააღსრულებო საქმის წარმოება შეწყდა.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს
2018 წლის 18 ოქტომბრის №2/6697 წერილი (ტ. I, ს.ფ.167).
შსს სამეგრელო - ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის საორგანიზაციო უზრუნველყოფის განყოფილების 2018 წლის 25 ოქტომბრის №MIA61802615783 წერილის თანახმად, შსს სამეგრელო - ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის წალენჯიხის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უბნის ინსპექტორ - გამომძიებელს - პოლიციის ლეიტენანტი მ-----ა ქ-------ას წელთა ნამსახურეობამ პროცენტული დანამატისათვის 15 ოქტომბრის მდგომარეობით შეადგინა 6 წელი და 10 თვე. შედეგად, მ-----ა ქ-------ას დაერიცხა ხელფასი თვეების მიხედვით: 2018 წლის აგვისტო - თანამდებობრივი სარგო 1200 ლარი, წოდებრივი სარგო (ლეიტენანტი) 25 ლარი; 2018 წლის სექტემბერი - თანამდებობრივი სარგო 1200 ლარი, წოდებრივი სარგო (ლეიტენანტი) 25 ლარი; 2018 წლის ოქტომბერი თანამდებობრივი სარგო 1200 ლარი, წოდებრივი სარგო (ლეიტენანტი) 25 ლარი, წელთა ნამსახურების დანამატი (15%) – 183.75 ლარი. ამასთან, 2018 წლის აგვისტოს თვეში მ-----ა ქ-------ას შრომის ანაზღაურება ეკუთვნოდა 7 აგვისტოდან, თუმცა დაერიცხა სრული თვის. შესაბამისად, 2018 წლის ნოემბრის თვეში გათვალისწინება მოხდება აღნიშნულის და დაუკავდება აგვისტოს თვეში ზედმეტად დარიცხული თანხა.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის საორგანიზაციო უზრუნველყოფის განყოფილების 2018 წლის 25 ოქტომბრის №MIA61802615783 წერილი (ტ. I, ს.ფ. 207-208);
- შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის საორგანიზაციო უზრუნველყოფის განყოფილების 2018 წლის 26 ოქტომბრის №MIA91802622337 წერილი (ტ. I, ს.ფ. 216).
2018 წლის პირველ ნოემბერს მ-----ა ქ-------ას ადვოკატმა წერილობით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო ზემო - სვანეთის პოლიციის დეპარტამენტს და მოითხოვა ინფორმაცია, რომელი წლები იგულისხმება კონკრეტულად 6 წელსა და 10 თვეში და რატომ არ ჩაეთვალა მ-----ა ქ-------ას შსს ორგანოებში ნამსახურებაში ბრალდებულის სახით მისი დაკავებიდან სამსახურში მის აღდგენამდე პერიოდი. აღნიშნული წერილი ადრესატს ჩაბარდა 2018 წლის 3 ნოემბერს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის 2018 წლის 12 ნოემბრის №MIA41802758945 წერილით მ-----ა ქ-------ას ადვოკატს ეცნობა, რომ შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის წალენჯიხის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის - მ-----ა ქ-------ას წელთა ნამსახურობაში ჩასათვლელი სტაჟი, პროცენტული დანამატის გასაცემად, დაანგარიშებულია შს სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის მიერ მ-----ა ქ-------ას პირადი საქმის მიხედვით. შესაბამისად, შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტს არ გააჩნია ინფორმაცია იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რომელი წლები იგულისხმება მ-----ა ქ-------ას წელთა ნამსახურობაში.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- მ-----ა ქ-------ას ადვოკატის 2018 წლის პირველი ნოემბრის განცხადება (ტ.I, ს.ფ.263);
- საფოსტო გზავნილის ჩაბარების დასტური (ტ.I, ს.ფ.266);
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის 2018 წლის 12 ნოემბრის №MIA41802758945 წერილი (ტ.I, ს.ფ.267).
შს სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის 2018 წლის 15 ოქტომბრის 2018 წლის 15 ოქტომბრის ცნობის თანახმად, შსს სამეგრელო - ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის წალენჯიხის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უბნის ინსპექტორ - გამომძიებლის - პოლიციის ლეიტენანტ მ-----ა ქ-------ას წელთა ნამსახურობაში ჩასათვლელი სტაჟი პროცენტული დანამატის გასაცემად 2018 წლის 15 ოქტომბრისათვის შეადგენდა 6 წელსა და 10 თვეს.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- შს სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის 2018 წლის 15 ოქტომბრის 2018 წლის 15 ოქტომბრის ცნობა (ტ.I, ს.ფ.272);
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის 2018 წლის 27 ნოემბრის №MIA11802872413 წერილი (ტ. I, ს.ფ. 271).
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო - ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის 2019 წლის 31 იანვრის №MIA41900255926 წერილის თანახმად, მ-----ა ქ-------ას წელთა ნამსახური მოიცავს - მისი შინაგან საქმეთა სამინისტროში მსახურობის პერიოდს (12.09.1998წ. - 04.05.2005წ. და 07.08.2018წ.-15.10.2018წ-მდე). შინაგან საქმეთა სამინისტროში მ-----ა ქ-------ას უწყვეტად მსახურობის შემთხვევაში, მას მიენიჭებოდა შემდეგი სპეციალური წოდებები: „პოლიციის უფროსი ლეიტენანტი“ - 2005 წლის 16 აგვისტოდან, „პოლიციის კაპიტანი“ - 2008 წლის 16 აგვისტოდან.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის 2019 წლის 31 იანვრის №MIA41900255926 წერილი (ტ. II, ს.ფ.27).
მ-----ა ქ-------ას ხელფასი - შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში უწყვეტად მსახურობის შემთხვევაში იქნებოდა (აღნიშნული მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, წოდებრივ სარგოს, წელთა ნამსახურობის დანამატს) შემდეგი: 2005 წლის მაისიდან - 2018 წლის დეკემბრის ჩათვლით სულ ჯამში - თანამდებობრივი სარგო - 118 090 ლარი, წოდებრივი სარგო - 5 468.81 ლარი (2005 წლის ივლისის ჩათვლით _ ლეიტენანტის, 2005 წლის აგვისტოდან 2008 წლის ივლისის ჩათვლით _ უფროსი ლეიტენანტის, 2008 წლის აგვისტოდან _ კაპიტნის წოდების მიხედვით), წელთა ნამსახურობის დანამატი - 23 887.99 ლარი, სულ - 147 446.8 ლარი; გადასახადის დაქვითვის შემდგომ, ხელზე ასაღები თანხა _ სულ 117 957,44 ლარი. 2018 წლის 7 აგვისტოდან წლის ბოლომდე მ-----ა ქ-------ას მიღებული აქვს ხელფასის სახით 5 125.85 ლარი.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის 2019 წლის 2 თებერვლის №MIA61900274512 (ტ. II, ს.ფ. 28-35).
2.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
პირველი ინსტანციის სასამართლომ ყურადღება გაამახვილა დავის საგანზე, მიუთითა სადავო პერიოდში მოქმედი „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის (1993 წლის 27 ივლისის N318 კანონი, ძალადაკარგულია 2014 წლის 1 იანვრიდან, 10/04/2013 N1444 საქართველოს კანონით) 21-ე მუხლის პირველი პუნქტი, ასევე მიუთითა სადავო პერიოდში მოქმედი „საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის №139 ბრძანებულების (ძალადაკარგულია საქართველოს პრეზიდენტის 12/28/2012 N 1141 ბრძანებულებით) მე-12 მუხლის მე-6 პუნქტი და განმარტა, რომ შს ორგანოს თანამშრომელი შეიძლება დროებით გადააყენოს თანამდებობიდან ხელმძღვანელმა თავისი კომპეტენციის ფარგლებში სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან დაკავშირებით საგამოძიებო ორგანოების მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ასევე, საგამოძიებო ორგანოების დადგენილების საფუძველზე. სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან დაკავშირებით თანამდებობიდან გადაყენებულ თანამშრომელს გამართლების შემთხვევაში უნდა მიეცეს ადრე დაკავებული ან მისი თანაბარი თანამდებობა, ამასთან, უნაზღაურდება იძულებით გადაუხდელი ხელფასი.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შსს სამეგრელოსა და ზემო - სვანეთის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს უფროსის 2005 წლის 4 მაისის №20 ბრძანებით, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე დროებით გადაყენებული იქნა თანამდებობიდან წალენჯიხის შს რაიონული განყოფილების, ჯვარის პოლიციის ქვეგანყოფილების, სისხლის სამართლის სამძებრო ჯგუფის ინსპექტორი - პოლიციის ლეიტენანტი მ-----ა ქ-------ა. აღნიშნულ ბრძანებას საფუძვლად დაედო ის ფაქტი, რომ მ-----ა ქ-------ას მიმართ დაიწყო სისხლის სამართლის საქმის წარმოება და დაკავებულ იქნა 2005 წლის 15 აპრილს ჩატარებული სპეციალური ოპერაციის შედეგად.
სასამართლომ ფაქტობრივ გარემოებაზე არგუმენტირებით მიუთითა, რომ მოსარჩელე დაკავებული თანამდებობიდან დათხოვნილ იქნა, როგორც მსჯავრდებული (კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენის საფუძველზე), რაც სადავო პერიოდში მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით წარმოადგენდა სამსახურიდან დათხოვნის საკმარის ფაქტობრივ საფუძველს. გამოცემის მომენტში სადავო ბრძანებები ეფუძნებოდა კანონმდებლობის მოთხოვნებს, თუმცა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 19 დეკემბრის განაჩენით, ახლად გამოვლენილი გარემოების გამო, მ-----ა ქ-------ას უდანაშაულოდ ცნობით კანონიერი საფუძველი გამოეცალა სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტს. გამამართლებელი განაჩენის დადგომის გამო თავად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2018 წლის 7 აგვისტოს №MIA71801906430 ბრძანებით ძალადაკარგულად გამოაცხადა 2005 წლის 4 მაისის №20 და 2005 წლის 9 დეკემბრის №1078პ/შ ბრძანებები, პოლიციის ლეიტენანტ მ-----ა ქ-------ას თანამდებობიდან დროებით გადაყენებისა და შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნის შესახებ. შედეგად, მ-----ა ქ-------ა აღდგენილია სამსახურში. თუმცა, მოსარჩელის ინტერესს სასამართლოს განმარტებით, წარმოადგენს მისი სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან ყველა სამართლებრივი შედეგის გაუქმება და უკუქცევა, მათ შორის _ მიუღებელი ხელფასის და ყველა იმ გასაცემლის ანაზღაურება, რასაც იგი მიიღებდა, რომ არ გამოცემულიყო 2005 წლის 4 მაისის №20 და 2005 წლის 9 დეკემბრის №1078პ/შ ბრძანებები. სწორედ ამ მიზნით ითხოვს იგი ამ ბრძანებების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ 2018 წლის 7 აგვისტოს ბრძანების ბათილად ცნობას და ძალადაკარგულად ცნობის ნაცვლად, იმავე ბრძანებების ბათილად გამოცხადებას. ამგვარად, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს, გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობა მათი ძალაში შესვლის დღიდან დამდგარი სამართლებრივი შედეგების გაუქმებით.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ ძალადაკარგულად გამოცხადება გულისხმობს კანონიერად გამოცემული აქტის გაუქმებას მაშინ, როდესაც მოცემული აქტის გამოცემის ფაქტობრივი ან სამართლებრივი საფუძვლები შეიცვლება, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს ართმევს შესაძლებლობას, გამოსცეს ასეთი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი. აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების ვალდებულება გამომდინარეობს კანონიერების პრინციპიდან. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და ძალადაკარგულად გამოცხადების სამართლებრივ შედეგებს შორის ძირითადი შინაარსობრივი განსხვავება მდგომარეობს ბათილად ან ძალადაკარგულად გამოცხადებული აქტის სამართლებრივი შედეგების გაუქმების წესში.
მოქმედი კანონმდებლობით, საჯარო და კერძო ინტერესებს შორის ბალანსის დადგენის მიზნით, აქტის ბათილად ცნობის საფუძვლების არსებობის მიუხედავად, სასამართლომ მიუთითა, რომ დასაშვებია მისი მოქმედების შეწყვეტა განისაზღვროს მისი ბათილად ცნობის დღიდან. ამით კი საკანონმდებლო რეგულაცია არ გამორიცხავს, რომ ბათილად ცნობასაც იგივე სამართლებრივი შედეგები მოჰყვეს, რაც ძალადაკარგულად გამოცხადებას, თუკი აქტის სამართლებრივი მოქმედების შეწყვეტა განისაზღვრება მისი ბათილად ცნობის მომენტიდან.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებით, მიუხედავად ამ დანაწესისა, ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ადმინისტრაციული აქტის გაუქმებისას, როდესაც მისი მოქმედების შეწყვეტას ადმინისტრაციული ორგანოები განსაზღვრავენ გაუქმების მომენტიდან, უმეტესწილად გამოიყენება აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების ინსტიტუტი და არა - აქტის ბათილად გამოცხადება მისი ბათილად ცნობის დღიდან (ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-7 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი), რაც რიგ შემთხვევებში პირდაპირ კანონით არის განსაზღვრული, ან კიდევ - წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოთა მიერ დანერგილ პრაქტიკას. სამართლებრივი შედეგების კუთხით კი, სასამართლომ განმარტა, რომ აქტის ძალადაკარგულად გამოცხადება უთანაბრდება აქტის ბათილად ცნობას მისი ბათილად ცნობის დღიდან.
პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა შემდეგი: განსახილველ შემთხვევაში სადავო არ არის ის გარემოება, რომ მ-----ა ქ-------ას სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლის - მის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის უკანონობა ცალსახად დადასტურდა კანონიერ ძალაში შესული გამამართლებელი განაჩენით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ გამოძიების პროცესში მოპოვებული და სასამართლო პროცესზე გამოკვლეული ახალი მტკიცებულებებით დადასტურებულად ჩათვალა, რომ მ-----ა ქ-------ას მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეში რაიმე მტკიცებულება, რაც ირიბად მაინც მიუთითებდა მ-----ა ქ-------ას მხრიდან რაიმე დანაშაულის ჩადენაზე, წარმოდგენილი არ არის. შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი ამ მოცემულობით ვეღარ ჩაითვლება მ-----ა ქ-------ას სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერ საფუძვლად. სასამართლოს მიაჩნია, რომ სამომავლოდ ამ განაჩენის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის მოქმედების გაგრძელება ეწინააღმდეგება კანონიერების პრინციპს.
თუმცა, სამომავლოდ მისი მოქმედება უკვე შეწყვეტილია თავად ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებით და დავის გადაწყვეტის მიზნებისთვის სასამართლომ უნდა შეაფასოს, მისი მოქმედების გაუქმება აქტის ძალადაკარგულად ცნობის მომენტიდან უნდა მომხდარიყო თუ _ გამოცემის მომენტიდან. ამ საკითხის გადაწყვეტისას კი სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს კერძო და საჯარო ინტერესების ურთიერთშეპირისპირებით და მათი დაბალანსების შედეგად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. სასამართლო მხედველობაში იღებს სამსახურიდან დათხოვნილი პირის ინტერესს, რომ სრულად იყოს აღდგენილი თავის უფლებებში. ვინაიდან პირვანდელი მდგომარეობის სრულად აღდგენა შეუძლებელია, დღეისათვის მას აქვს ინტერესი, მიიღოს ფულადი ანაზღაურება, რასაც იგი მიიღებდა გათავისუფლების შემდგომ პერიოდში, რომ არ გაეთავისუფლებინათ იგი სამსახურიდან. ამავდროულად, სასამართლომ გაითვალისწინა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს ინტერესი, თავიდან აიცილოს იმგვარი ფინანსური პასუხისმგებლობა, რაც წინასწარ ვერ იქნებოდა განჭვრეტადი, რადგან სამსახურიდან დათხოვნა არ მომხდარა მისი ბრალეული მოქმედების შედეგად. სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო მოკლებული იყო შესაძლებლობას, შეეფასებინა კანონიერ ძალაში შესული განაჩენის კანონიერება, უფრო მეტიც _ მას კანონი პირდაპირ ავალდებულებდა, გაეთავისუფლებინა სამსახურიდან სასამართლოს მიერ დამნაშავედ ცნობილი პირი. მნიშვნელოვანია სამართლებრივი განსაზღვრულობის პრინციპი და სამართლებრივი სტაბილურობის შენარჩუნების ინტერესი, რაც ანგარიშგასაწევია განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ინდივიდუალურმა ადმინისტრაციულ- სამართლებრივმა აქტმა შესასრულებლად სავალდებულო ძალა შეიძინა მაშინ, როდესაც მისი გამოცემის საფუძვლად გამოყენებული სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი კანონიერ აქტად ითვლებოდა და მხოლოდ ათეული წლის გასვლის შემდგომ შეიცვალა ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. ამავდროულად, როგორც ზემოთ აღინიშნა, გათავისუფლების საფუძველი არანაირად არ უკავშირდებოდა აქტის გამომცემი ორგანოს არამართლზომიერ ქმედებას.
სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრძანების გამოცემის მომენტიდან მისი სამართლებრივი შედეგების გაუქმება და უკუქცევა ეწინააღმდეგება სამართლებრივი განსაზღვრულობის პრინციპს, რაც გაუმართლებლად დააზარალებს აქტის გამომცემი ორგანოს ინტერესს. კერძოდ, გამოიწვევს ისეთ ხარჯებს, რაც წინასწარ ვერ იქნებოდა განჭვრეტადი, ასევე გამოიწვევს მის ვალდებულებას, მიანიჭოს წოდებები, რომელთა მინიჭების წესი დაკავშირებულია წელთა ნამსახურობასთან, რაც, თავის მხრივ, უკავშირდება საჯარო ინტერესს, რომ მხოლოდ შესაბამისი ფაქტობრივი ნამსახურობის ფარგლებში, გამოცდილ კადრებს ჰქონდეთ მინიჭებული შესაბამისი წოდება (ამ საკითხებს სასამართლო დეტალურად შეაფასებს გადაწყვეტილების შემდგომ პუნქტებში, კონკრეტულ სასარჩელო მოთხოვნებზე მსჯელობისას). ამასთან, გასათვალისწინებელია ისიც, რომ მოსარჩელეს შრომის ანაზღაურების მიუღებლობით დარღვეული უფლებების აღდგენის ალტერნატიული საშუალებაც გააჩნია _ სახელმწიფოსთვის ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის სახით, რაც უკანონოდ მსჯავრდებული პირისთვის გარანტირებულია საქართველოს კანონმდებლობით. განმარტა, რომ მატერიალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში აღნიშნული მოიცავს ასევე მიუღებელ ხელფასს და შრომის ანაზღაურების სხვა კომპონენტებს. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს უფროსის 2005 წლის 4 მაისის №20 და 2005 წლის 9 დეკემბრის №1078პ/შ ბრძანებები გამოცემის დროისათვის კანონის მოთხოვნათა დაცვით იქნა მიღებული, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 19 დეკემბრის განაჩენით შეიცვალა მათი საფუძვლები, სასამართლოს მიიჩნია, რომ საჯარო და კერძო ინტერესების დაბალანსების მიზნით, გაუმართლებელია შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სამხარეო შს სამმართველოს უფროსის 2005 წლის 4 მაისის №20 და 2005 წლის 9 დეკემბრის №1078პ/შ ბრძანებების ბათილად ცნობა მათი გამოცემის მომენტიდან სამართლებრივი შედეგების გაუქმებით და სრულიად კანონიერია 2018 წლის 7 აგვისტოს ბრძანება ამ აქტების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე, რაც, სასამართლოს განმარტებით, გულისხმობს ძალადაკარგულად გამოცხადებული აქტების სამართლებრივი შედეგების გაუქმებას ძალადაკარგულად გამოცხადების მომენტიდან.
რაც შეეხება მოთხოვნას - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალოს გამოსცეს მ-----ა ქ-------ასათვის პოლიციის მაიორის (თუ პოლიციის მაიორის ნაწილში არ დაკმაყოფილდება, ასეთ შემთხვევაში - პოლიციის კაპიტნის) მორიგი სპეციალური სახელმწიფო წოდებების მინიჭების შესახებ ბრძანება და აღიარებულ იქნას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მ-----ა ქ-------ას შორის 2005 წლის 15 აპრილიდან 2018 წლის 7 აგვისტომდე პერიოდში შრომითი ურთიერთობის არსებობა და მითითებული პერიოდი მ-----ა ქ-------ას ჩაეთვალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში ნამსახურობის უწყვეტ წლებად, შს ორგანოებში მუშაობის უწყვეტ სამსახურებრივ სტაჟად, სასამართლომ აღნიშნული მოთხოვნა მიიჩნია უსაფუძვლოდ და განმარტა შემდეგი:
იმისათვის, რომ პირს მიენიჭოს რიგითობით შემდეგი სპეციალური წოდება მნიშვნელოვანია აღნიშნულ პირს ჰქონდეს ამ წოდებისათვის განსაზღვრული მინიმალური წელთა ნამსახურობა და იმის გათვალისწინებით, რომ მ-----ა ქ-------ას თანამდებობიდან გათავისუფლება არ მომხდარა შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოთა მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად და თანამდებობიდან გათავისუფლების მომენტში გათავისუფლების საფუძველი _ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ითვლებოდა კანონიერ აქტად, ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა თანამდებობიდან გათავისუფლების მომენტიდან გათავისუფლების აქტის ბათილად ცნობის თაობაზე და კანონიერად ჩაითვალა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 7 აგვისტოს №MIA71801906430 ბრძანება, სასამართლომ მიიჩნია, რომ 2005 წლის 4 მაისიდან 2018 წლის 7 აგვისტომდე პერიოდი ვერ იქნება მიჩნეული მ-----ა ქ-------ას ნამსახურების უწყვეტ სტაჟში და შესაბამისად, არ არსებობდა მისთვის მაიორის სპეციალური წოდების მინიჭების საფუძველიც, განსაკუთრებით იმ პირობებში, რომ შს სამინისტროს წალენჯიხის რაიონული განყოფილების, ჯვარის პოლიციის ქვეგანყოფილების სისხლის სამართლის სამძებრო ჯგუფის ინსპექტორის ზღვრული წოდება იყო - „პოლიციის კაპიტანი“ და არ შეიძლებოდა პირს მინიჭებოდა აღნიშნულ თანამდებობაზე მაიორის წოდება შესაბამისი პირობების არ არსებობის შემთხვევაში. სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ არ არსებობდა ასევე მოსარჩელისათვის პოლიციის კაპიტნის სპეციალური წოდების მინიჭების საფუძველი იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ სასამართლო მხედველობაში მიიღო საჯარო ინტერესი, რომ მხოლოდ შესაბამისი ფაქტობრივი ნამსახურობის წლების და შესაბამისი გამოცდილების გათვალისწინებით უნდა მოხდეს სპეციალური წოდების მინიჭება.
რაც შეეხება მხარის მოთხოვნას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და ამავე სამინისტროს სამეგრელო - ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტს მ-----ა ქ-------ას სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის აგვისტოსა და 2018 წლის სექტემბრის თვეში თანამდებობრივ სარგოზე გაცემული დანამატი, შს ორგანოებში 2005 წლიდან 2018 წლამდე წელთა ნამსახურობისათვის, 13 წელზე ნამრავლის დაანგარიშებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და ამავე სამინისტროს სამეგრელო - ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტს მის სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 7 აგვისტოდან, მოცემულ საქმეზე მისაღები შემაჯამებელი სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდში თითოეული თვის თანამდებობრივ სარგოზე გაუცემელი პოლიციის მაიორის სპეციალური სახელმწიფო წოდებისათვის თანამდებობრივ სარგოზე გათვალისწინებული დანამატი, შს ორგანოებში მსახურების დაწყებიდან უწყვეტად მუშაობის პრინციპით დაანგარიშების მეთოდით, საქმის განმხილველმა სასამართლომ აღნიშნული მოთხოვნები მიიჩნია უსაფუძვლოდ და საქმეში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, იმის გათვალისწინებით, რომ კანონიერია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №1906430 ბრძანება, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა მისთვის პოლიციის მაიორის (ან _ პოლიციის კაპიტნის) მორიგი სპეციალური სახელმწიფო წოდებების მინიჭებისა და 2005 წლის 15 აპრილიდან 2018 წლის 7 აგვისტომდე პერიოდის ნამსახურობის უწყვეტ წლებად, შს ორგანოებში მუშაობის უწყვეტ სამსახურებრივ სტაჟად აღიარების თაობაზე იმავე სამართლებრივ საფუძვლებზე დაყრდნობით საქმის განმხილველმა სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნები.
ხოლო მხარის მოთხოვნაზე საქართველოს გენერალურ პროკურატურას მის სასარგებლოდ დაეკისროს მორალური (არაქონებრივი) ზიანის ანაზღაურება 80 000 ლარის ოდენობით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა ნაწილობრივ და მიუთითა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე, 208-ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18-ე, 413-ე, 1005-ე მუხლები და განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მითითებული ნორმის თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება მიუხედავად ზიანის მიმყენებლის ბრალისა, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის საკმარისია, სახეზე იყოს პირის მარეაბილიტირებელი გარემოება. მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძვლების მიმართ უნდა გავრცელდეს იგივე მოთხოვნები.
საქმის განმხილველმა სასამართლომ დეტალურად მიუთითა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და განმარტა, რომ მოქმედი კანონმდებლობით არსებობს გამართლებული პირის უფლების დაცვის მექანიზმი და გამართლებულ პირს შეუძლია, აღიდგინოს დარღვეული უფლებები. კერძოდ, გამართლებულ პირს აქვს შესაძლებლობა, დარღვეული უფლება აღიდგინოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული რეაბილიტაციისა და სისხლის სამართლის პროცესის ორგანოების უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედებების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების გზით.
სასამართლომ მიუთითა, რომ კანონი არ ადგენს მორალური ზიანის ასანაზღაურებელ ოდენობას, რამდენადაც მორალური ზიანის ანაზღაურების კონკრეტული შემთხვევა ინდივიდუალურია, განპირობებულია მრავალი სხვადასხვა ფაქტორით. ამასთან, მორალური ზიანის მოცულობა სასამართლოს მიერ ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად განისაზღვრება, როგორც დამდგარი ზიანის სიმძიმის, ისე ბრალის ხარისხის მიხედვით. სასამართლომ მიიჩნია, რომ უკანონო მსჯავრდებით მოსარჩელეს მიადგა მორალური ზიანი. შელახული სიკეთის ხასიათიდან გამომდინარე და სულიერი ტანჯვის ხარისხის ზუსტად განსაზღვრის შეუძლებლობის გამო, უფრო მართებულია ზიანის კომპენსაცია, რამდენადაც ეს შესაძლებელია საერთოდ.
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობის დადგენის მიზნებისთვის მხარე აპელირებდა მედიის საშუალებით მისი დაკავების ფაქტის რამდენიმეჯერ გაშუქდაზე, რომლითაც შელახა მისი პატივი და ღირსება. აღნიშნულზე მსჯელობისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, მათ შორის იმის გათვალისწინებით, რომ პირის ბრალდება ეფუძნებოდა გამოძიების პროცესში მისი უფლებების (თავისუფლების, სამართლიანი სასამართლო, პატივისა და ღირსების ხელშეუხებლობა) დარღვევას, რაც სასამართლოს განმარტებით, კიდევ უფრო ამძაფრებს უკანონო მსჯავრდებით გამოწვეულ მორალურ ტანჯვას, საქმის განმხილველმა სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შეთხვევაში მიყენებული მორალური ზიანის ასანაზღაურებლად გონივრული თანხა არის - 8 000 ლარი.
რაც შეეხება მოთხოვნას უკანონო მსჯავრდებით მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე, კერძოდ იმ მოთხოვნაზე, რომ საქართველოს გენერალურ პროკურატურას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და ამავე სამინისტროს სამეგრელო - ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტს მ-----ა ქ-------ას სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2015 წლის 15 აპრილიდან 2018 წლის 7 აგვისტომდე მიუღებელი ხელფასის ანაზღაურება მატერიალური (ქონებრი) ზიანის ანაზღაურების სახით, ხელფასში შემავალი ყველა კომპონენტის გათვალისწინებით 150 800 ლარის ოდენობით, კანონით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით, აღნიშნულზე სასამართლომ გარდა ზემოთ მითითებული სამართლებრივი საფუძვლებისა სასამართლომ დამატებით ყურადღება გაამახვილა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილ მატერიალური ზიანის ანაზღაურების საფუძვლების და წესის დამდგენ ნორმებზე. კერძოდ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე, 412-ე, 326-ე, 408-ე მუხლები და განმარტა, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება არა მხოლოდ დამდგარი ზიანი, არამედ მიუღებელი შემოსავალიც.
სასამართლომ აღნიშნულ მოთხოვნასთან დაკავშირებითაც, კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება ფაქტობრივ გარემოებებზე და განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილია უკანონო მსჯავრდების შედეგად მოსარჩელისთვის მიყენებული მატერიალური ზიანის დამადასტურებელი მტკიცებულებები. საქმის განმხილველმა სასამართლომ განმარტა, რომ მიუღებელი ხელფასი უნდა ანაზღაურდეს იმ ოდენობით, რაც მოსალოდნელი იყო, თუკი მ-----ა ქ-------ა გააგრძელებდა მუშაობას იმავე ან ტოლფას თანამდებობაზე, თანამდებობრივი უფლება-მოვალეობებისა და ზღვრული წოდების თანხვედრით. მიიჩნია, რომ მიუღებელი ხელფასი, რომლის ანაზღაურებაც უნდა დაეკისროს საქართველოს გენერალურ პროკურატურას, შედგება შემდეგი კომპონენტებისგან: თანამდებობრივი სარგო, წოდებრივი დანამატი და წელთა ნამსახურობის დანამატი. თუმცა, წოდებრივი დანამატი უნდა განისაზღვროს „პოლიციის ლეიტენანტის“ წოდების შესაბამისად, რადგანაც, შემდგომი საფეხურის მორიგი წოდებების მიღება გარკვეულ წინაპირობებს უკავშირდება და მიუღებელი შემოსავლის გაანგარიშების მიზნებისთვის სასამართლოს მიაჩნია, რომ უტყუარად დადასტურებულად ვერ ჩაითვლება გამამტყუნებელი განაჩენის არარსებობის შემთხვევაში მორიგი სპეციალური წოდებების („პოლიციის უფროსი ლეიტენანტი“ და „პოლიციის კაპიტანი“ მიღება მ-----ა ქ-------ას მხრიდან. რაც შეეხება „პოლიციის მაიორის“ წოდებას, როგორც მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან ირკვევა, მისი მინიჭების ვარაუდი სრულიად უსაფუძვლოა იმავე/ტოლფას თანამდებობაზე მუშაობის გათვალისწინებით, სადაც ზღვრული წოდებაა „პოლიციის კაპიტანი“. ასევე მიაჩნია, რომ მიუღებელი ანაზღაურების გამოანგარიშება უნდა მოხდეს ე.წ. „ხელზე ასაღები“ თანხის ოდენობით, რასაც მ-----ა ქ-------ა მიიღებდა კანონით დადგენილი საშემოსავლო გადასახადის დაქვითვის შედეგად, ვინაიდან საქართველოს გენერალურ პროკურატურას მისი გადახდა ეკისრება ზიანის ანაზღაურების და არა _ ხელფასის სახით. შესაბამისად, იგი არ იქნება ვალდებული, დაუქვითოს მოსარჩელეს მის მიერ გადახდილი თანხიდან საშემოსავლო გადასახადი. ამდენად, ზიანის ოდენობა უნდა განისაზღვროს იმ თანხიდან, რასაც მ-----ა ქ-------ა უშუალოდ მიიღებდა შრომის ანაზღაურების სახით, კანონით გათვალისწინებული გადასახადის დაქვითვის შემდგომ.
ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ოდენობა, რომლის ანაზღაურებაც უნდა დაეკისროს საქართველოს გენერალურ პროკურატურას მოიცავს თანამდებობრივ სარგოს 2005 წლის მაისიდან 2018 წლის 7 აგვისტომდე პერიოდზე, წოდებრივ დანამატს ამავე პერიოდზე და წელთა ნამსახურობის დანამატს ამავე პერიოდზე, რომლის დაანგარიშებაც ხდება ავტომატურად, უწყვეტად მსახურობის პირობებში. სასამართლოს მსჯელობით, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილია წოდებრივი დანამატის გაანგარიშება პოლიციის ლეიტენანტის შემდგომი მორიგი წოდებების გათვალისწინებით _ შესაბამის პერიოდებზე თანხა გამოთვლილია უფროსი ლეიტენანტის და შემდგომ _ პოლიციის კაპიტნის წოდების განაკვეთის მიხედვით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კომპონენტის ზუსტად განსაზღვრა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე შეუძლებელია და მისი დაანგარიშება უნდა მოხდეს გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპზე, პოლიციის ლეიტენანტის წოდების შესაბამისი განაკვეთის მიხედვით.
საქმეში წარმოდგენილ ცხრილში მოცემული ოდენობების შესაბამისად, მოსარჩელის მიერ მისაღები თანხა დაანგარიშდა სასამართლოს მიერ და სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს გენერალურ პროკურატურას უნდა დაეკისროს მ-----ა ქ-------ას სასარგებლოდ მატერიალური ზიანის ანაზღაურება 108 022,07 (ას რვა ათას ოცდაორი ლარი და შვიდი თეთრი) ლარის ოდენობით. სასამართლოს განმარტებით, ვინაიდან საქმეში არ იყო წარდგენილი სადავო პერიოდისათვის ლეიტენანტისათვის მოქმედი წოდებრივი სარგოს შესახებ სრული ინფორმაცია, სასამართლომ მიიჩია, რომ საქართველოს გენერალურ პროკურატურას, ასევე, უნდა დაეკისროს 2005 წლის 15 აპრილიდან 2018 წლის 7 აგვისტომდე მიუღებელი წოდებრივი სარგოს ანაზღაურება, რომელიც გაანგარიშებული უნდა იქნეს ლეიტენანტის წოდებისთვის მოქმედი წოდებრივი სარგოს ოდენობით, ლეიტენანტის წოდების მინიჭების პერიოდის გათვალისწინებით.
ამასთან, სასამართლომ განმარტა, რომ ზიანის ანაზღაურება უნდა დაეკისროს საქართველოს გენერალურ პროკურატურას, რომელიც წარმოადგენს სისხლისსამართლებრივი დევნის განმახორციელებელ ორგანოს, სწორედ სისხლისსამართლებრივი დევნის მიმდინარეობა, პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიებების გამოყენება გახდა მისი თანამდებობიდან გადაყენების საფუძველი და განმარტა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოები არ წარმოადგენდნენ სახელმწიფო ბრალდების განმახორციელებელ ორგანოს, ხოლო თანამდებობიდან მ-----ა ქ-------ას გადაყენების შესახებ ბრძანების გამოცემისას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ხელმძღვანელობდა სასამართლოს მიერ მიღებული კანონიერ ძალაში შესული განაჩენით.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოების ბრალით მ-----ა ქ-------ას სამსახურიდან უკანონო დათხოვნას, რის გამოც სასამართლოს მსჯელობით მოპასუხეებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და ამავე სამინისტროს სამეგრელო - ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტს არ ეკისრებათ განაცდური გასამრჯელოს ანაზღაურების ვალდებულება.
მოთხოვნაზე - საქართველოს გენერალურ პროკურატურას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და ამავე სამინისტროს სამეგრელო - ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტს მ-----ა ქ-------ას სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2005-2018 წლებში მ-----ა ქ-------ას მიერ გამოუყენებელი ყოველწლიური კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულების ნატურით ანაზღაურება, ყოველი წლისათვის 1 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით, საერთო ჯამში 14 000 ლარის ოდენობით, კანონით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით, საქმის განმხილველმა სასამართლომ ფაქტობრივ გარემოებებზე და სამართლებრივ ნორმებზე მითითებით განმარტა, რომ ვინაიდან, 2005 წლიდან 2018 წლის 7 აგვისტომდე პერიოდში მ-----ა ქ-------ა თანამდებობიდან გათავისუფლებულად ითვლებოდა, მას ვერ წარმოეშობოდა შვებულების მოთხოვნის უფლება. ამასთან, მისი გათავისუფლება არ მომხდარა დამსაქმებელი ორგანიზაციის - საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოების მიზეზით, არამედ იგი თანამდებობიდან გათავისუფლდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან დამოუკიდებელი მიზეზით - მ-----ა ქ-------ას მიმართ გამოტანილი სასამართლო განაჩენის საფუძველზე.
რაც შეეხება საქართველოს გენერალური პროკურატურის მიმართ იმავე სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლებს, მოსარჩელე გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურებას ითხოვდა უკანონო მსჯავრდებით მიყენებული ზიანის სახით. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, საქმის განმხილველმა სასამართლომ საქართველოს გენერალური პროკურატურის მიმართ აღნიშნული მოთხოვნა ასევე მიიჩნია უსაფუძვლოდ, რადგან შვებულების გამოყენების უფლება, შვებულების არსიდან გამომდინარე, უზრუნველჰყოფს შესრულებული სამუშაოსგან განტვირთვას, დასვენებას, ძალების აღდგენას და აქედან გამომდინარე, გამოუყენებელი შვებულება ანაზღაურდება ყოველთვის ნამუშევარი დროის პროპორციული ხანგრძლივობით. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხე საქართველოს გენერალურ პროკურატურას ზიანის ანაზღაურების სახით სასამართლომ დააკისრა ყოველი წლის 12 თვეზე გაანგარიშებით მისაღები ანაზღაურება. სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა გამოუყენებელი შვებულების საკომპენსაციო თანხის დამატებით დაკისრების წინაპირობები.
პირველი ინსტანციის სასამართლომ აქვე ყურადღება გაამახვილა მხარის მოთხოვნაზე -მოპასუხისთვის მის სასარგებლოდ სასამართლოს გარეშე ხარჯის - ადვოკატის მომსახურებისთვის გადასახდელი ჰონორარის თანხის 5 000 ლარის ოდენობით ანაზღაურების თაობაზე და განმარტა შემდეგი: მართალია მ-----ა ქ-------ას მიერ მისი წარმომადგენლისათვის არ მომხდარა საადვოკატო მომსახურების საფასურის გადახდა, მაგრამ ვინაიდან, მოსარჩელეს სასამართლოში საქმის წარმოებისას იცავდა ადვოკატი, რომლის მომსახურებაც როგორც წესი, სასყიდლიანია და მომსახურების ღირებულების ანაზღაურების თაობაზე მხარეთა შორის წერილობითი შეთანხმება წარდგენილია სასამართლოში, ამდენად, მოსარჩელეს ადვოკატის მომსახურების ღირებულება, რომლის გადახდის ვალდებულებაც მას წარმოეშვა, უნდა აუნაზღაურდეს გონივრული ოდენობით.
პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე ისმჯელა მოსარჩელის შუამდგომლობაზე მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს სასამართლოსგარეშე პროცესის ხარჯის სახით მოცემულ საქმეზე გაწეული ხარაჯი და დადასტურებულად მიიჩნია, მხოლოდ სანოტარო მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის 10 ლარის და მტკიცებულებათა მოძიების პროცესში საფოსტო მომსახურებისთვის გადახდილი თანხის 9.20 ლარის ანაზღაურების ნაწილში.
ხოლო რაც შეეხება სასამართლოში საქმის განხილვასთან დაკავშირებულ ტრანსპორტირების ხარჯებს, სასამართლომ ვერ მიიჩნია დადასტურებულად, რომ სწორედ მოსარჩელისა და მისი წარმომადგენლის მიერ, აღნიშნული საქმის განხილვის ფარგლებში იქნა გაწეული მოცემული ხარჯი.
მხარე ასევე ითხოვდა საქმის განხილვის უზრუნველსაყოფად მტკიცებულებათა მოძიებაზე (ამონაწერების მიღება და ა.შ.) გაღებული ხარჯის ანაზღაურებას 50 ლარის ოდენობით. სასამართლომ მიიჩნია, რომ ასეთი ხარჯის გაწევის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ იყო წარდგენილი. შესაბამისად, არ არსებობდა ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი. რაც შეეხება მოთხოვნას მტკიცებულებათა მოძიება - მოპოვებაზე გაღებული ხარჯების, საქმის განხილვის უზრუნველსაყოფად პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელის, წერილობითი განცხადებების, წერილობითი შუამდგომლობების მომზადებაზე დახარჯული ცელულოზის ქაღალდის ფურცლებისათვის გაწეული ხარჯის, სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების, ასევე სხვა მტკიცებულებების ასლების მომზადებაზე გაღებული ხარჯების, მათ აკინძვაზე გახარჯული ლითონის ამკინძვით შეკვრაზე გაღებული ხარჯების, საფოსტო კავშირისას მასალების საფოსტო კონვერტით შესაფუთად გაწეული დანახარჯს, ასევე მოსარჩელის და მისი წარმომადგენლის სასამართლოში გამოცხადებისას, მათი გამოცხადების პერიოდში აუცილებელ კვებაზე გაწეული გაზრდილი დანახარჯების, სასამართლოში მოცდენილი (დაკარგული) დროის ანაზღაურების, საქმეზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების სააღსრულებო ორგანოში აღსრულების უზარუნველსაყოფად სააღსრულებო ხარჯის ანაზღაურების თაობაზე, აღნიშნული მოთხოვნები ასევე უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული. ამდენად, სასამართლომ საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ მოსარჩელის სასარგებლოდ ანაზღაურებას დაუქვემდებარა სასამართლოს გარეშე ხარჯის, სანოტარო მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის 10 ლარის და მტკიცებულებათა მოძიების პროცესში საფოსტო მომსახურებისთვის გადახდილი თანხის 9.20 ლარის ანაზღაურება. სხვა ნაწილში სასამართლოს გარეშე ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნა მიიჩნია დაუსაბუთებლად.
3. სააპელაციო საჩივრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.1. მ-----ა ქ-------ას სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შედეგს, ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას უარყოფილ ნაწილში და სარჩელის სრულად დაკმაყოფიელბას.
აპელანტის განმარტებით, დაუსაბუთებელია სასამართლოს გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც უარი ეთქვა მოთხოვნაზე - ძალაში შესვლის დღიდან ბათილად იქნას ცნობილი „ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №1906430 ბრძანება. მიუთითებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ შეფასება არ მისცა თუ რის გამო იქნა გამოცემული ხსენებული ბრძანებები, რომ ის არ ყოფილა გამოცემული მ-----ა ქ-------ს ინიციატივით და უკანონო ფორმით მათი გამოცემა მოხდა სწორედ საქართველოს პროკურატურის მიერ მ-----ა ქ-------ას მიმართ განხორციელებული უკანონო მოქმედებებით.
წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. კერძოდ, მ-----ა ქ-------ას მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის მომენტისათვის მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (20.02.1998წ. რედაქცია, პარლამენტის უწყებანი, 13-14, 20/03/1998) 226-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის თანახმად, „პირს, რომელიც სამუშაოდან (თანამდებობიდან) გაათავისუფლეს იმასთან დაკავშირებით, რომ უკანონოდ ან დაუსაბუთებლად დაედო მსჯავრი, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობაში იმყოფებოდა, იყო დაკავებული ან მოთავსებული სამედიცინო დაწესებულებაში, სამუშაოდან (თანამდებობიდან) გადააყენეს ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემასთან დაკავშირებით, უნდა მიეცეს წინანდელი სამუშაო (თანამდებობა), ხოლო თუ ეს შეუძლებელია, — სხვა ტოლფასი სამუშაო (თანამდებობა)“, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით, „აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობაში ყოფნის დრო, სასჯელის მოხდის დრო, აგრეთვე ის დრო, რომლის განმავლობაშიც პირი არ მუშაობდა სამუშაოდან უკანონო ან დაუსაბუთებელი გადაყენების გამო, და სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნის დრო ითვლება საერთო სამუშაო და სპეციალობით მუშაობის სტაჟში“. მიუთითებს ამავე მუხლის მე-5 ნაწილზე და განმარტავს, რომ პირებს, რომელთაც ჩამოერთვათ სამხედრო და სხვა წოდებები, საკლასო ჩინები, აგრეთვე ორდენები და მედლები, დადგენილი წესით უნდა აღუდგეთ წოდებები, საკლასო ჩინები, დაუბრუნდეთ ორდენები და მედლები. ამდენად, მიიჩნევს, რომ კანონმდებლობა მოცემული შემთხვევისათვის ითვალისწინებს სადავო დოკუმენტების ბათილად ცნობას, რამეთუ ისინი უკანონობის შინაარსს ატარებს, ხოლო გაუმართლებელია პირის რეაბილიტაციის შემთხვევაში უკანონო დოკუმენტებისათვის კვლავ კანონიერი ძალის შენარჩუნება. საგულისხმოდ მიიჩნევს, რომ სადავო დოკუმენტების გაუქმებას ასევე ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-3 ნაწილიც, რომლის თანახმად, თუ პირის პატივის, ღირსების, საქმიანი რეპუტაციის ან პირადი ცხოვრების საიდუმლოების შემლახველი ცნობებს შეიცავს ორგანიზაციის მიერ გაცემული საბუთი, მაშინ ეს საბუთი უნდა შეიცვალოს და ამის შესახებ ეცნობოს დაინტერესებულ პირებს. მისივე განმარტებით, ზოგადი სამართლიანობისთვისაც მიუღებელია, რომ პირის მიმართ სახელმწიფოს მიერ განხორციელებული უკანონო მოქმედებების უკანონოდ აღიარების შემთხვევაში, ამ უკანონობის პროცესში გამოცემული აქტების ძალმოსილების შენარჩუნება.
სააპელაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, საქმის განმხილველმა სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის გათვალისწინებით, პირს უფლება აქვს, სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით მოითხოვოს და მიიღოს უკანონოდ ჩატარებული საპროცესო მოქმედებისა და უკანონო გადაწყვეტილების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება, რაც არ გულისხმობს, მხოლოდ მატერიალური და არამატერიალური სარგებლის მინიჭებას, ხსენებულში იგულისხმება უკანონო აქტების გამოცემით მიყენებული ზიანის გამოსწორება ამ აქტების გაბათილებით.
წარმომადგენლის მითითებით დაუსაბუთებელია და კანონის არასწორი გამოყნებითაა მიღებული გასაჩივრებული გადაწყვეტილება მორიგი სპეციალური სახელმწიფო წოდებების მინიჭების შესახებ ბრძანების გამოცემის დავალებაზე უარის თქმასთან და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მ-----ა ქ-------ას შორის 2005 წლის 15 აპრილიდან 2018 წლის 7 აგვისტომდე პერიოდში შრომითი ურთიერთობის არსებობის აღიარებასა და ამ პერიოდის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში ნამსახურობის უწყვეტ წლებად ჩათვლასთან დაკავშირებით. მიიჩნევს, რომ ხსენებულ მოთხოვნებზე უარის თქმა წარმოადგენს პრაქტიკულად პირის რეაბილიტაციაზე უარის თქმას. მიუთითებს, რომ ყველა ეპოქის საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებდა და მოქმედიც ითვალისწინებს უკანონო ბრალდებისა და უკანონო მსჯავრდების პერიოდში გაცდენილი ნამსახურობის შრომის საერთო სტაჟში ჩათვლას და გაუგებრად მიიჩნევს სასამართლომ თუ რა მოტოვებზე დაყრდნობით განაცხადა უარი აღნიშნული მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე.
აპელანტის განმარტებით, ალოგიკურია სასამართლოს გადაწყვეტილება ერთი მხრივ განაცდური ხელფასისი ზიანის სახით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე და მეორე მხრივ ამ პერიოდის უწყვეტ სტაჟად მიჩნევაზე უართან მიმართებაში და მიუთითებს, რომ რეაბილიტაცია თვისი არსებით სწორედ ხსენებული სიკეთეებში აღდგენაა და ბუნებრივია ამ პერიოდში პირი ვერ იმუშავებდა ფიზიკურად. წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ მხარეს უნდა აღუდგეს აღნიშნული უფლებები, რაც მდგომარეობს უკანონო ბრალდებისა და მსჯავრდების პერიოდში სპეციალური წოდების მინიჭებაში, რადგან აღნიშნული უფლებები მოსამარჩელემ სწორედ სახელმწიფოს ბრალით ვერ მიიღო.
წარმომადგენლის მტკიცებით, დაუსაბუთებელია და საქმის მასალებიდან არ გამომდინარეობს სასამართლოს მსჯელობა, რომ მოსარჩელეს არ მოუთხოვია პოლიციის უფროსი ლეიტენანტის წოდების მინიჭება. მისივე განმარტებით მოსარჩელემ მოითხოვა გათავისუფლებისას არსებულზე უფრო მეტი, არსებულის შემდგომი წოდებები სარჩელით და ამ მოტივით თუნდაც ამ წოდების მინიჭებაზე უარი დაუსაბუთებელია. წარმომადგენლის განმარტებით, ამავე პრინციპით უკანონოა სასამართლო გადაწყვეტილება წოდებრივი სარგოს დაანგარიშებაზე იმ მოტივით, რომ ის უნდა გამოთვლილიყო ლეიტენატისათვის დადგენილი სარგოსათვის და ამდენად, აპელანტი მიიჩნევს, რომ ამ ნაწილებში უნდა გაუქმდეს სასამართლო გადაწყვეტილება, როგორც უკანონო.
სააპელაციო საჩივრის ავტორი ასევე დაუსბუთებლად მიიჩნევს სასამართლოს გადაწყვეტილებას 2018 წლის აგვისტოსა და 2018 წლის სექტემბრის თვეში თანამდებობრივ სარგოზე გაცემული დანამატის შს ორგანოებში 2005 წლიდან 2018 წლამდე წელთა ნამსახურობისათვის 13 წელზე ნამრავლის დაანგარიშებით მიკუთვნებაზე უარის თქმის ნაწილში, ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და ამავე სამინისტროს სამეგრელო - ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტისათვის 2018 წლის 7 აგვისტოდან, მოცემულ საქმეზე მისაღები შემაჯამებელი სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდში თითოეული თვის თანამდებობრივ სარგოზე გაუცემელი პოლიციის მორიგი სპეციალური სახელმწიფო წოდებისათვის თანამდებობრივ სარგოზე გათვალისწინებული დანამატის მიკუთვნებზე უარის თქმის ნაწილშიც, შს ორგანოებში მსახურობის დაწყებიდან უწყვეტად მუშაობის პრინციპით დაანგარიშების მეთოდის გათვალისწინებით. აპელანტი მიიჩნევს, რომ განვითარებული მსჯელობა და მისი გაზიარება მთლიანად აცლის საფუძველს ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის გადაწყვეტილებასაც, ვინაიდან, მოსარჩელეს რეაბილიტაციის ნორმალური შედეგებით უნდა მისცემოდა 2018 წლის აგვისტოსა და 2018 წლის სექტემბრის თვეში თანამდებობრივ სარგოზე გაცემული დანამატის შს ორგანოებში 2005 წლიდან 2018 წლამდე წელთა ნამსახურობისათვის 13 წელზე ნამრავლის დაანგარიშებით და 2018 წლის 7 აგვისტოდან, მოცემულ საქმეზე მისაღები შემაჯამებელი სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდში თითოეული თვის თანამდებობრივ სარგოზე გაუცემელი პოლიციის მორიგი სპეციალური სახელმწიფო წოდებისათვის თანამდებობრივ სარგოზე გათვალისწინებული დანამატიც და ის არ უნდა დაანგარიშებულიყო ლეიტენანტის წოდებისათვის გათვალისწინებული დანამატით.
აპელანტი ასევე დაუსაბუთაბლად მიიჩნევს პირველი ინსტანციის სასამართლოს შედეგს მორალური ზიანის სრულად ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და განმარტავს, რომ მორალური ზიანის ანაზღაურება სასამართლომ ფიქციამდე დაიყვანა და არ გაითვალისწინა, რომ მოსარჩელეს და მისი ოჯახის წევრებს სახელმწიფომ პროკურატურის სახით მიაყენა შეუქცევადი მორალური ტანჯვა, რაც გამოწვეული იყო საქართველოს მთავარი პროკურატურის მხრიდან საზოგადოებაში გაჯერებული ცრუ ინფორმაციის გავრცელებით მოსარჩელის დამნაშავეობის შესახებ. მიუთითებს, რომ 2005 წლის 27 ივლისიდან 2017 წლის 19 დეკემბრამდე - 12 წელზე მეტი პერიოდის განმავლობაში მოსარჩელე ატარებდა მსჯავრდებულის სტატუსს, ხოლო მსჯავრდების, გასამართლებისა და ნასამართლობის შედეგის გამო - გამამტყუნებელი განაჩენის არსებობის საფუძვლით შს ორგანოებიდან გათავისუფლებული პირის სტატუსს. სისხლის სამართლის საქმეზე მისი დაკავებისა და დევნის გამო მოქმედ სამართალდამცველს დაეუფლა სახელმწიფო ორგანოების მხრიდან არარსებული დანაშაულის დაბრალების, დაუცველობის განცდა, უსამართლობის შიში, შეიგრძნო მის მიმართ უკანონო ფორმებით მიზამიმართული დევნის განცდა, განიცადა სულიერი ტკივილი, დაეუფლა სიმართლის ვერ დამტკიცების განცდა, უსაფუძვლოდ წარდგა მართლმსაჯულების ორგანოში, მის წინაშე ბრალდების მხარის მხრიდან მტკიცებულებების წარუდგენლობით თავი იგრძნო შეურაცხყოფილად, უსამართლო დევნილად, შეელახა საზოგადოებაში არსებული მისი პატივი და ღირსება, ასევე საქმიანი რეპუტაცია, არაერთ საინფორმაციო საშუალებებში დაკავების გავრცელებით, საზოგადოების წინაშე წარმოჩინდა, როგორც კრიმინალი და საზოგადოებას საქართველოს პროკურატურამ მისი თავი წარუდგინა ასოციალური ქცევის მქონე პიროვნებად. ყოველივე ხსენებული კი, აპელანტის განმარტებით, მოპასუხე - მთავარი პროკურატურისათვის არაქონებრივი ზიანის დაკისრების საფუძველია. ამასთან, თანამდებობიდან გადაყენებითა და შემდგომში შს ორგანოებიდან დათხოვნის გამო, 2005 წლის 4 მაისიდან (დენადად) დღემდე ვერ მიიღო კუთვნილი თანამდებობრივი სარგო (მასში შემავალი კომპონენტებით) და აგრეთვე - კუთვნილი სპეცალური წოდება, ვერ ისარგებლა კუთვნილი, ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულების უფლებით. ხსენებულის გამო, აპელანტის განმარტებით, 8000 ლარი ვერ გამოხატავს იმას, რომ სახელმწიფომ იგრძნო პასუხისმგებლობა და მან რაიმე ფორმით აგო პასუხი მოსარჩელის მიმართ განხორციელებული უკანონო მოქმედებებისათვის. ამდენად, მიიჩნევს, რომ მოცულობის ნაწილში სრულად უნდა დაკმაყოფილდეს სარჩელი.
აპელანტი მიიჩნევს, რომ ზიანის ანაზღაურება ასევე უნდა დაკისრებოდათ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და ამავე სამინისტროს სამეგრელო - ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტს, რამეთუ ისინი ერთიან ჯაჭვში მონაწილეობდნენ მის უკანონო მოქმედებების მიყენების დროს, ამდენად მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში უნდა გაუქმდეს სასამართლო გადაწყვეტილება. აპელანტი დაუსაბუთებლად მიიჩნევს უარს 2005-2018 წლებში მ-----ა ქ-------ას მიერ გამოუყენებელი ყოველწლიური კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულების ნატურით ანაზღაურებაზე უარის თქმის თაობაზე, რამეთუ ამ უფლებებით ვერ სარგებლობა იყო რეალური. წარმომადგენლის განმარტებით, აღნიშნული უფლებები წართმეული იქნა და ის უნდა სრულად დაკმაყოფილებულიყო, ის უნდა ანაზღაურებულიყო, როგორც მიუღებელი სარგებლით გამოწვეული დანაკარგი ჩვეულებრივი სამუშაოს შესრულების პიროებებისას.
რაც შეეხება პირველი ინსტანციის სასამართლოს შედეგს ადვოკატის დახმარებისათვის გაწეული თანხის 1500 ლარის ანაზღაურების ნაწილში, აპელანტი მიიჩნევს, რომ წარმომადგენლობა გაწეული იქნა იშვიათი კატეგორიის, განსაკუთრებით რთული კატეგორიის დავაზე, არაერთი მოთხოვნებით, რაც გაწეული შრომისათვის ძალზე მცირეა და ვერ უზრუნველყოფს ადვოკატის წინაშე მოსარჩელის მიერ ნაკისრი ვალდებულების ანაზღაურებას.
ასევე დაუსაბუთებლად მიიჩნევს სასამართლოს გადაწყვეტილებას სხვა სახის სასამართლოსგარეშე პროცესის ხარჯების ანაზღაურებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ ისინი გაწეული იქნა და უნდა ანაზღაურებულიყო.
აპელანტი მიუთითებს, რომ მტკიცების ვალდებულების (ტვირთის) განაწილებისა და მტკიცებულებათა წარმოდგენის ზოგად წესს არსებითად ცვლის მტკიცებულებითი პრეზუმფციები. მტკიცების ტვირთის განაწილების საფუძვლებს ქმნის სამოქალაქო სამართალში გათვალისწინებული ვარაუდები (პრეზუმფციები). მიუთითებს, რომ საქმის საწარმოებლად გასწიეს გარკვეული ხარჯები, ურომლისოდაც საქმეში ვერ იქნებოდა წარმოდგენილი ფურცლები, ასლები, ფოსტით გამოგზავნილი საჩივრები, აკინძული მასალები და სხვა.
წარმომადგენლის განმარტებით, პრეზუმირებული ფაქტის პროცესუალური თავისებურება კი ისაა, რომ მისი გაქარწყლება ევალება იმ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც მოქმედებს თავად ეს ფაქტი. მოცემულ შემთხვავში საქმეში ამ ნივთების არსებობის ფაქტი სადავოდ არ გაუხდია მოწინააღმდეგე მხარეს, შესაბამისად მოპასუხის წინააღმდეგ საქმის სასამართლოში წარმოებისათვის ამგვარი მომსახურების მოსარჩელის მხრიდან მიღების საჭირობა დასტურდება, ამ მომსახურების საბოლოო შედეგი საქმეში წარმოდგენილია, რომელიც ანაზღაურების პირობას დაქვემდებარეული მტკიცებულებაა, რომლის მოპოვება არ გამხდარა სადავო. შესაბამისად, ამ მასალებისა და ნივთების მოპოვებისათვის ხარჯის გაწევას რაიმე მტკიცებულებით დადასტურება არ ესაჭიროება. განმარტავს, რომ პრეზუმფცია, სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე მტკიცებას არ ექვემდებარება და მისი გაქარწყლების ტვირთი იმ მხარეს აკისრია, ვის წინააღმდეგაცაა ეს ვარაუდი მიმართული. მიუთითებს, რომ მოპასუხეს პირველი ინსტანციის სასამართლოში უნდა გაექარწლებინა ექსპერტის დასკვნასთან მიმართებაში სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილით დაშვებული კანონისმიერი პრეზუმფცია, რომლის თანახმადაც ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ამ კუთხით შესამჩნევია, რომ მოპასუხეს პირველი ინსტანციის სასამართლოში სადავო არ გაუხდია საზღაურის სანაცვლოდ საქმის საწარმოებლად სახარჯი მასალების მოპოვების ფაქტი და ამ მასალების ფასიანი სახით მოპოვებაში ეჭვი არ შეუტანია, ხოლო მოთხოვნილი თანხის უარყოფა სასამართლომ თავისი ინიციატივით განახორციელა.
აპელანტს დაუსაბუთებლად მიაჩნია სასმართლოს მსჯელობა საწვავის ანაზღაურებაზე უარის თქმასთან ნაწილშიც და განმარტავს, რომ თითოეული მათაგნი ადასტურებდა, რომ ის სხდომამადე იყო შეძენილი სასამართლოში გამოცხადების მიზნებისათვის და მის შეძენას სხვა მიზანი არ გააჩნდა.
აპელანტი ასევე სადავოდ ხდის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 2 აგვსიტოს განჩინებას უსწორობის გასწორების შესახებ და მიიჩნევს, რომ როგორც დასაბუთებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილიდან დგინდება, ის არ საჭიროებდა რაიმე უსწორობის გასწორებას.
აპელანტის განმარტებით, თანმდევი შედეგით უნდა გაუქმდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სასამართლოსგარეშე პროცესი ხარჯების ნაწილში.
აპელანტი აკონკრეტებს, რომ ითხოვს მოწინააღმდეგე მხარეებს, აპელანტის სასარგებლოდ დაეკისროს სასამართლოსგარეშე პროცესის ხარჯის სახით მოცემულ საქმეზე მინდობილობების, დავალების ხელშეკრულების იურიდიული მომოსახურების ხელშეკრულების, ადვოკატის სახელზე შედგენილი განცხადების და სხვა დოკუმენტების სანოტარო წესით დამოწმებისათვის გაღებული სანოტარო ხარჯი - 70 ლარის ოდენობით, სააპელაციო საჩივრის სასამართლოში წარდგენის, საქმის განხილვისას აპელანტებისა და მისი წარმომადგენლების სასამართლო სხდომაზე გამოცხადების უზრუნველსაყოფად, სასამართლო გადაწყვეტილების ჩაბარების მიზნით გადაადგილების გამო ტრანსპორტირებაზე გაღებული ხარჯის - 150 ლარის მოსარჩელისათვის ანაზღაურება, მტკიცებულებათა მოძიება - მოპოვებაზე გაღებული ხარჯების ანაზღაურება რაც აუცილებელი - გახდა წერილობითი და სხვაგვარი მტკიცებულებების მისაღებად - 20 ლარის ოდენობით, საქმის განხილვის უზრუნველსაყოფად მეორე ინსტანციის სასამართლოში სარჩელის, წერილობითი განცხადებების, წერილობითი შუამდგომლობების მომზადებაზე დახარჯული ცელულოზის ქაღალდის ფურცლებისათვის - 70 ლარის, სააპელაციო საჩივრისა და თანდართული დოკუმენტების, ასევე სხვა მტკიცებულებების ასლების მომზადებაზე გაღებული - ხარჯებისათვის - 40 ლარის, მათ აკინძვაზე გახარჯული ლითონის ამკინძვით შეკვრაზე გაღებული ხარჯებისათვის - 0.10 ლარის, საქმის მასალების სასამართლოში გადაგზავნისას საფოსტო კავშირისათვის გაღებული დანახარჯის - 60 ლარის, საფოსტო კავშირისას მასალების / საფოსტო კონვერტით შესაფუთად გაწეული დანახარჯის - 10 ლარის, ასევე აპელანტების და მისი წარმომადგენლის სასამართლოში გამოცხადებისას, მათი გამოცხადების პერიოდში; აუცილებელ კვებაზე გაწეული გაზრდილი დანახარჯების ანაზღაურება - 100 ლარის, სასამართლოში მოცდენილი (დაკარგული) დროის ანაზღაურება - 5 000 ლარის ოდენობით, საქმეზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების სააღსრულებო ორგანოში აღსრულების უზრუნველსაყოფად სააღსრულებო ხარჯის ანაზღაურება - 200 ლარის ოდენობით.
აღნიშნულის დასასაბუთებვლად აპელირებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველ ნაწილზე და მიუთითებს, რომ იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების (როგორც სასამართლო, ასევე არასასამართლო ხარჯების), გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ასევე მიიჩნევს, რომ მოთხოვნის მხარდამჭერი სამართლებრივი საფუძველია მატერიალურ – სამართლებრივი ნორმებიც, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 108-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
3.2. საქართველოს გენერალური პროკურატურის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შედეგს, ყურადღებას ამახვილებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ამავე კოდექსის 207-ე მუხლზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე და 1005-ე მუხლებზე და მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული მუხლების დეფინიცია ცხადყოფს, რომ პირს ზიანი უნდა მიადგეს ქმედების განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობის ბრალის ფორმით, ამასთან მიზეზობრივი კავშირი უნდა არსებობდეს განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს - ზიანს შორის. ასევე მოხელის უკანონო ქმედება, რომელმაც პირისათვის ზიანი გამოიწვია, უნდა გამომდინარეობდეს მოხელის სამსახურეობრივი მდგომარეობიდან და იყოს ბრალეული, განზრახი ან უხეში გაუფრთხილებელი და უნდა არსებობდეს პირდაპირი და არა სავარაუდო მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. მოცემულ შემთხვევაში კი, საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ აღნიშნულს ადგილი არ ჰქონია. კონკრეტული საგამოძიებო მოქმედების ჩატარება ეფუძნებოდა კანონს და კანონის საფუძველზე მიღებულ საპროცესო დოკუმენტებს. ამდენად, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები წარმომადგენლის განმარტებით არ შეიძლება გაგებულ იქნას, როგორც ვინმეს მხრიდან განზრახი ან უხეში გაუფრთხილებელი ქმედებით ზიანის მიყენებად.
წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ თუ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის მიმდინარეობისას ამ უკანასკნელის მიმართ საპროცესო მოქმედებები განხორციელდა კანონით დადგენილი წესის დაცვით, შესაბამისად, სახეზე არ არის თანამდებობის პირის უკანონო და დაუსაბუთებელი ქმედება და საბოლოოდ პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის მარეაბილიტირებელი საფუძვლით დამთავრების შემთხვევაშიც არ არსებობს პროკურატურის მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის კანონიერი საფუძველი. მისივე განმარტებით, პროკურატურა წინასწარ ვერ განსაზღვრავს სისხლის სამართლის საქმის შედეგს, რადგან საბოლოო გადაწყვეტილების მიღება სასამართლოს კომპეტენციაა.
საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმომადგენელი მიუთითებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-19, 32-ე, 37-ე, 268-ე, 269-ე მუხლებზე, დეტალურად მიუთითებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხე საქართველოს გენერალური პროკურატურისათვის მორალური ზიანის სახით 8 000 (რვა ათასი) ლარის ოდენობით დაკისრების თაობაზე არის დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო. მისი განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაქონებრივი ზიანიათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს, მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევაში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. ასევე მიუთითებს, რომ მორალური ზიანის ანაზღაურებას ითვალისწინებს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლი, რომელიც განსაზღვრავს იმ საფუძვლებს, რომლის ხელყოფის დროსაც პირს უფლება აქვს მოითხოვოს მორალური ზიანის ანაზღაურება. ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის გარემოება, რომ კომპენსაციის ოდენობა ვერ აღუდგენს დაზარალებულს ხელყოფამდე არსებულ მდგომარეობას, შესაბამისად ოდენობა უნდა გამომდინარეობდეს გონივრული და სამართლიანი განსჯის შედეგად. მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეზე (ბს-972-936(3კ-08) 08.04.2009 წელი) ჩამოყალიბებულ განმარტებაზე, კერძოდ მორალური ზიანის მოცულობას (რომელსაც არ გააჩნია მატერიალური გამოხატულება) განსაზღვრავს სასამართლო გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით, რაც გულისხმობს ზიანის მიმყენებლის ბრალეულობის ხარისხის, დაზარალებულის განცდების სიღრმისა და ინდივიდუალური თავისებურების გათვალისწინებას. მორალური ზიანის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს მოპასუხეების მიერ მატერიალური ზიანის ანაზღაურების ფაქტს, ასევე, დაზარალებულის სუბიექტურ დამოკიდებულებას მორალური ზიანის მიმართ და ობიექტურ გარემოებებს. ამ გარემოებათა შორისააა, დაზარალებულის ცხოვრების პირობები (საოჯახო, ყოფითი, მატერიალური, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასაკი და აშ), ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა და სხვა.
წარმომადგენელი აპელირებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლზე და აღნიშნულიდან გამომდინარე განმარტავს, რომ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე შუამდგომლობით, რაც საფუძველი გახდა მ-----ა ქ-------ას სამართლებრივ უფლებებში აღდგენისა და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის მიღების. საგულისხმოდ მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ პატიმრობას მ-----ა ქ-------ას ჯანმრთელობის მკვეთრი გაუარესება, კერძოდ, რაიმე დაავადების წარმოშობა ან უკვე არსებულის გართულება არ გამოუწვევია.
მორალური ზიანის საკითხის განხილვისას წარმომადგენელი აპელირებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოსთან მიმართებით დადგენილი პრაქტიკაზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებებზე და მიიჩნევს, რომ სახეზეა შემდეგი გარემოებები:
მ-----ა ქ-------ას თავისუფლება შეზღუდული ჰქონდა 3 თვისა და 12 დღის განმავლობაში, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას ადგილი არ ჰქონია, მისი სამართლებრივ უფლებებში აღდგენის საფუძველია საქართველოს პროკურატურაში ახალი გამოძიების პირობებში მოპოვებული მტკიცებულებები და შესაბამისი შუამდგომლობა სასამართლოსათვის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე. რაც შეეხება, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 03 აპრილის გადაწყვეტილების 36-ე გვერდზე მითითებას, რომ პირის ბრალდება ეფუძნებოდა მისი უფლებების დარღვევას, რაც კიდევ უფრო ამძიმებს მორალურ ტანჯვას, აღნიშნული წარმომადგენელს უსაფუძვლოდ მიაჩნია საქართველოს პროკურატურის მიმართ, ასევე მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში არ არის დადგენილი კონკრეტულ პირთა ბრალეულობა და გარდა ამისა, საგულისხმოდ მიიჩნევს, რომ ანალოგიურია ახლად აღმოჩენილ/გამოვლენილ გარემოებათა გამო გამამართლებელი განაჩენიდან გამომდინარე ზემოთმითითებული ადმინისტრაციული საქმეები სადაც სასამართლოს მიერ მორალური ზიანის ოდენობა სხვაგვარად განისაზღვრა, და არა ასე გადაჭარბებულად. ამდენად მიიჩნევს, რომ მორალური ზიანის სახით მოპასუხე საქართველოს გენერალური პროკურატურისათვის - 8 000 (რვა ათასი) ლარის დაკისრება არ გამომდინარეობს გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმებიდან და შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას წარმოადგენს.
რაც შეეხება მ-----ა ქ-------ას სასარგებლოდ მატერიალური ზიანის სახით მიუღებელი ხელფასის ანაზღაურებას 108 022. 07 ლარის (ას რვა ათას ოცდაორი ლარი და შვიდი თეთრი) ოდენობით და 2005 წლის 15 აპრილიდან 2018 წლის 7 აგვისტომდე მიუღებელი წოდებრივი სარგოს ანაზღაურებას, რომელიც გაანგარიშებული უნდა იქნეს ლეიტენანტის წოდებისათვის მოქმედი წოდებრივი სარგოს ოდენობით, საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ამ ნაწილშიც უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
წარმომადგენელი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 14 აგვისტოს № 2 18 01968914 წერილით დადგენილად მიიჩნევს, რომ 2004 წლის 30 დეკემბერის შინაგან საქმეთა მინისტრის №698 საშტატო საორგანიზაციო ბრძანებით შეიქმნა შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს წალენჯიხის შს რაიონული განყოფილების ჯვრის პოლიციის ქვეგანყოფილების სისხლის სამართლის სამძებრო ჯგუფი, რომელიც გაუქმდა შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 18 იანვრის №71 საშტატო საორგანიზაციო ბრძანებით. ამავე ბრძანებით შეიქმნა შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის წალენჯიხის რაიონის შს განყოფილების ჯვარის პოლიციის ქვეგანყოფილება, ამდენად სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს წალენჯიხის რაიონული განყოფილების ჯვრის პოლიციის ქვეგანყოფილებაში სისხლის სამართლის სამძებრო ჯგუფის ინსპექტორის თანამდებობა არსებობდა 2006 წლის 1 თებერვლამდე და თანამდებობრივი სარგო შეადგენდა 210 ლარს.
აპელანტის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ ისე დაადგინა, რომ მ. ქ-------ა იმუშავებდა 2005 წლიდან - 2018 წლამდე პერიოდში, რომ არ მიუთითებია რა თანამდებობაზე იმუშავებდა. მიუთითებს, რომ ის თანამდებობა, რაზედაც მ-----ა ქ-------ა დათხოვნამდე მუშაობდა 2006 წელს გაუქმდა, ხოლო გაუქმების შემდგომ გააგრძელებდა თუ არა მუშაობას უცნობია. მიუთითებს, რომ სამეგრელო - ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის 2019 წლის 02 თებერვლის წერილში საერთოდ არ არის მითითებული რა თანამდებობის მიხედვით არის შრომის ანაზღაურება დაანგარიშებული. წარმომადგენელი აპელირებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 20 იანვრის (ას-1156-1176-211) განჩინებაზე სადაც განმარტებულია, რომ მიუღებელი შემოსავალი წარმოადგენს სავარაუდო შემოსავალს, მაგრამ მისი დადგენისათვის გათვალისწინებულ უნდა იქნას, თუ რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. ზიანის ანაზღაურების ერთ - ერთი აუცილებელი ნიშანი კი ისაა, რომ ზიანი უნდა იყოს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგი. სასამართლომ უნდა შეაფასოს რომ არა ზიანის მიმყენებლის ქმედება მხარე მიიღებდა ამ სარგებელს და რამდენად რეალური იქნებოდა აღნიშნული. მიუღებელი შემოსავლის მტკიცება არ უნდა ეფუძნებოდეს აბსტრაქტულ, მხოლოდ მოსაზრებებზე დამყარებულ გარემოებებს, არამედ უნდა დასტურდებოდეს კონკრეტული ფაქტითა და მტკიცებულებებით.
ამასთან, მიუთითებს, რომ პირის დასაქმება მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული და მისი კვალიფიკაცია არის მისი დასაქმების მაღალი ალბათობის მაჩვენებლი, მაგრამ არა გარანტი. რაღაც პერიოდში მუშაობის ფაქტი არ გამორიცხავს, სამუშაოდან გაშვებას ლიკვიდაციის, რეორგანიზაციის, ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო. ამასთან, ანაზღაურების ოდენობაც განსხვავებულია, როგორც სხვადასხვა ორგანიზაციაში, ისე სხვადასხვა თანამდებობაზე.
ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ შსს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს 2005 წლის 04 მაისის №20 ბრძანებით, მ-----ა ქ-------ა სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან დაკავშირებით საგამოძიებო ორგანოების საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე დროებით გადაყენებული იქნა თანამდებობიდან. შსს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს 2005 წლის 09 დეკემბრის №1078 პ/შ ბრძანებით, მ-----ა ქ-------ა დათხოვნილ იქნა შს ორგანოებიდან 2005 წლის 4 მაისიდან. ასევე მიუთითებს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 07 აგვისტოს №1906430 ბრძანებით ძალადაკარგულად გამოცხადა შსს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს 2005 წლის 04 მაისის №20 და 2005 წლის 09 დეკემბრის №1078 პ/შ ბძანებები. ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 07 აგვისტოს №1906593 ბრძანებით მ-----ა ქ-------ა აღდგენილ იქნა და დაინიშნა შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის წალენჯიხის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უბნის ინსპექტორ - გამომძიებლის თანამდებობაზე.
წარმომადგენელი მიუთითებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის“ 33-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, სამინისტროს მოსამსახურე საგამოძიებო ორგანოს დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნის, სამინისტროს გენერალური ინსპექციის სათანადო დასკვნის ან შესაბამისი დანაყოფის ხელმძღვანელის მოთხოვნის საფუძველზე, მინისტრის ან დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირის ბრძანებით შეიძლება დროებით გადაყენებულ იქნეს დაკავებული თანამდებობიდან სისხლის სამართლის საქმეში მისი ბრალდებულად ცნობის გამო, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. აღნიშნული ბრძანება გამოიცემა იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება სამინისტროს მოსამსახურის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თანამდებობიდან გადაყენებული მოსამსახურე, გამართლების შემთხვევაში უნდა აღდგეს ადრე დაკავებულ თანამდებობაზე, ხოლო თუ ეს შეუძლებელია – ტოლფას თანამდებობაზე. გამართლების შემთხვევაში აღნიშნულ პირს შეიძლება აუნაზღაურდეს იძულებითი განაცდური არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში. აღნიშნულ პირს უფლება აქვს უარი განაცხადოს იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე ან/და შესაბამის თანამდებობაზე აღდგენის/დანიშვნის თაობაზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, წარმომადგენელი განმარტავს, რომ მ-----ა ქ-------ასა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის არსებობდა შრომითი ურთიერთობა, რომლის ფარგლებშიც გამოიცა შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტები, რაც თავისი სამართლებრივი ბუნებით წარმოადგენს ზემოთმითითებული 33-ე მუხლით გათვალისწინებულ ურთიერთობას, შესაბამისად, მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება სწორედ ამ მუხლით გათვალისწინებული წესით უნდა გადაწყდეს. რაც აპელანტის განმარტებით თავისთავად ნიშნავს, რომ მოთხოვნა საქართველოს გენერალური პროკურატურის მიმართ უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
აპელანტი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შედეგს იმ განმარტებას, რომ ზიანის ანაზღაურება უნდა დაეკისროს საქართველოს გენერალურ პროკურატურას, რომელიც წარმოადგენს სისხლისსამართლებრივი დევნის განმახორციელებელ ორგანოს და სწორედ სისხლისამართლებრივი დევნის მიმდინარეობა, პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენება გახდა მისი თანამდებობიდან გადაყენების საფუძველი. მიიჩნევს, რომ ზიანის ანაზღაურება საქართველოს გენერალურ პროკურატურას უნდა დაეკისროს, რომლის ქმედებებითაც იქნა გამოწვეული პირის მიერ თანამდებობრივი სარგოს მიუღებლობა და აღნიშნულზე განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, პროკურორის მიერ პირის მიმართ სისხლისამართლებრივი დევნის დაწყება არ იწვევს პირის სამსახურიდან გადაყენებასა თუ დათხოვნას, რაც შეეხება აღკვეთი ღონისძიების შეფარდებას, ამაზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო, შესაბამისად, მ. ქ-------ა შს სამინისტროს მიერ გადაყენებული იქნა მას შემდეგ, რაც მიღებულ იქნა შესაბამისი სასამართლო განჩინება აღკვეთი ღონისძიების შეფარდების შესახებ, ხოლო მისი სამსახურიდან დათხოვნა უკავშირდება ასევე სასამართლოს მიერ მიღებულ განაჩენს, საბოლოო ჯამში კი, შსს გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგად მიჩნეულ იქნა რა, რომ მ. ქ-------ას მხრიდან ადგილი ჰქონდა შს თანამშრომლის შეუფერებელ ქმედებას, თავისი კომპეტენციის შესაბამისად დაითხოვა შს ორგანოდან. კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ზიანის ანაზღურების ერთ - ერთი წინაპირობა პირდაპირი მიზეზობრივი კავშირია, მოცემული გარემოებები კი წარმომადგენლის განმარტებით ცხადყოფს, რომ საქართველოს პროკურატურის ქმდებასა და დამდგარ შედეგს პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი არ არსებობს.
აპელანტი ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნევს პირველი ინსტანციის სასამართლოს შედეგს სისხლის სამართლის საქმის წარმოების გამო ზიანის სახით მიუღებელი შემოსავალი 2005 წლის 15 აპრილიდან 2018 წლის 07 აგვისტომდე ანაზღაურების თაობაზე, მიუთითებს, რომ რადგან მ-----ა ქ-------ას მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოტანილია 2017 წლის 19 დეკემბერს, რაც აპელანტის განმარტებით ცალსახად გამორიცხავს მიზეზობრივ კავშირს დანარჩენ პერიოდთან მიმართებით. აპელანტი მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2011 წლის 24 ოქტომბრის №ას-307-291-2011 განჩინებაზე სადაც მითითებულია, რომ „მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით უნდა განისაზღვროს ზიანის ანაზღაურება, ისე რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება“.
წარმომადგენელი ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნევს ადმინისტრაციული დავის ფარგლებში, ადვოკატის მომსახურებისათვის 1500 ლარის საქართველოს გენერალური პროკურატურისათვის დაკისრებას, მიუთითებს საქმეში წარდგენილ მ-----ა ქ-------ასა და ი---- პ-------–---–ს შორის 2019 წლის 19 თებერვალს დადებულ „იურიდიული მომსახურების გაწევის შესახებ“ ხელშეკრულებზე, კერძოდ 4.1. პუნქტზე და განმარტავს, რომ მომსახურების საფასურად განისაზღვრა 5 000 ლარი, ხოლო 4.2. პუნქტის მიხედვით გადახდის პირობად მიეთითა სასამართლოს ნებისმიერი საბოლოო შემაჯამებელი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 50 დღის ვადა. ამდენად მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა იურიდიული მომსახურების ხელშეკრულება, რომელიც დადებულია სამომავლო გადახდის პირობით. განმარტავს, რომ ადვოკატის მომსახურებისათვის მხარეს არანაირი თანხა არ გაუღია და შესაბამისად არც ადვოკატისათვის გაღებული ხარჯის დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარუდგენია. წარმომადგენელი ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნევს საპროცესო ხარჯის სახით 19 ლარის და 20 თეთრის დაკისრება.
III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების დასაბუთება:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
პალატა აღნიშნავს, რომ სადავო საკითხის გადაწყვეტის კუთხით, ანუ სამართლებრივი შედეგის თვალსაზრისით, სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს და მისი გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლა უკავშირდება მხოლოდდამხოლოდ ადვოკატის მომსახურებისათვის გადახდილი თანხის ანაზღაურების ნაწილს.
განსახილველ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოში დავის საგანს წარმოადგენდა საქართველოს გენერალურ პროკურატურისათვის მ-----ა ქ-------ას სასარგებლოდ მორალური (არაქონებრივი) ზიანის ანაზღაურების - 80 000 ლარის ოდენობით დაკისრება; საქართველოს გენერალურ პროკურატურის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და ამავე სამინისტროს სამეგრელო - ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტისატვის მ-----ა ქ-------ას სასარგებლოდ სოლიდარულად 2005 წლის 15 აპრილიდან 2018 წლის 7 აგვისტომდე მიუღებელი ხელფასის ანაზღაურების დაკისრება მატერიალური (ქონებრივი) ზიანის ანაზღაურების სახით, ხელფასში შემავალი ყველა კომპონენტის გათვალისწინებით 150 800 ლარის ოდენობით, კანონით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით; საქართველოს გენერალურ პროკურატურის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და ამავე სამინისტროს სამეგრელო - ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტისათვის მ-----ა ქ-------ას სასარგებლოდ სოლიდარულად 2005-2018 წლებში მ-----ა ქ-------ას მიერ გამოუყენებელი ყოველწლიური კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულების ნატურით ანაზღაურების დაკისრება, ყოველი წლისათვის 1 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით, საერთო ჯამში 14 000 ლარის ოდენობით, კანონით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის მ-----ა ქ-------ასათვის პოლიციის კაპიტნისა და პოლიციის მაიორის მორიგი სპეციალური სახელმწიფო წოდებების მინიჭების შესახებ ბრძანების გამოცემის დავალება; ძალაში შესვლის დღიდან „ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №1906430 ბრძანების ბათილად ცნობა; ძალაში შესვლის დღიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს უფროსის 2005 წლის 4 მაისის №20 და 2005 წლის 9 დეკემბრის №1078პ/შ ბრძანებების ბათილად ცნობა მ-----ა ქ-------ას თანამდებობიდან გადაყენებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნის შესახებ; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და ამავე სამინისტროს სამეგრელო - ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტისათვის მ-----ა ქ-------ას სასარგებლოდ 2018 წლის აგვისტოსა და 2018 წლის სექტემბრის თვეში თანამდებობრივ სარგოზე გაუცემელი დანამატის დაკისრება, შს ორგანოებში 2005 წლიდან 2018 წლამდე წელთა ნამსახურობისათვის, 13 წელზე ნამრავლის დაანგარიშებით; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და ამავე სამინისტროს სამეგრელო - ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტისათვის მ-----ა ქ-------ას სასარგებლოდ 2018 წლის 7 აგვისტოდან, მოცემულ საქმეზე მისაღები შემაჯამებელი სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდში თითოეული თვის თანამდებობრივ სარგოზე გაუცემელი პოლიციის მაიორის სპეციალური სახელმწიფო წოდებისათვის თანამდებობრივ სარგოზე გათვალისწინებული დანამატის დაკისრება, შს ორგანოებში მსახურების დაწყებიდან უწყვეტად მუშაობის პრინციპით დაანგარიშების მეთოდით; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მ-----ა ქ-------ას შორის 2005 წლის 15 აპრილიდან 2018 წლის 7 აგვისტომდე პერიოდში შრომითი ურთიერთობის არსებობის აღიარება და მითითებული პერიოდის მ-----ა ქ-------ასათვის ჩათვლა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში ნამსახურობის უწყვეტ წლებად, შს ორგანოებში მუშაობის უწყვეტ სამსახურებრივ სტაჟად.
აქვე პალატა მიუთითებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 03 აპრილის გადაწყვეტილება სარჩელის უარყოფილ ნაწილში გასაჩივრად მოსარჩელე მ-----ა ქ-------ა მიერ, ხოლო გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში გასაჩივრდა საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ. შესაბამისად, პალატა მსჯელობს სასარჩელო მოთხოვნებზე სრულად. პალატა სააპელაციო საჩივრების დეტალური შესწავლის, მხარეთა ახსნა - განმარტებების მოსმენისა და მტკიცებულებათა შეფასების საფუძველზე პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მ-----ა ქ-------ას სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
პალატა თითოეულ მოთხოვნაზე მიუთითებს ქრონოლოგიურად და განმარტავს შემდეგს: ერთ - ერთ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს ძალაში შესვლის დღიდან ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს უფროსის 2005 წლის 4 მაისის №20 და 2005 წლის 9 დეკემბრის №1078პ/შ ბრძანებები მ-----ა ქ-------ას თანამდებობიდან გადაყენებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნის შესახებ. ასევე, ძალაში შესვლის დღიდან ბათილად იქნეს ცნობილი „ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №1906430 ბრძანება.
პალატა სადავო საკითხზე მსჯელობის მიზნით მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედი „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის (1993 წლის 27 ივლისის N318 კანონი, ძალადაკარგულია 2014 წლის 1 იანვრიდან, 10/04/2013 N1444 საქართველოს კანონით) 21-ე მუხლის პირველ პუნქტს რომლის თანახმად, პოლიციაში სამსახურის გავლის წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ნორმატიული აქტებით. სადავო პერიოდში მოქმედი „საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის №139 ბრძანებულების (ძალადაკარგულია საქართველოს პრეზიდენტის 12/28/2012 N 1141 ბრძანებულებით) მე-12 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, შს ორგანოს თანამშრომელი შეიძლება დროებით გადააყენოს თანამდებობიდან ხელმძღვანელმა თავისი კომპეტენციის ფარგლებში სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან დაკავშირებით საგამოძიებო ორგანოების მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ასევე, საგამოძიებო ორგანოების დადგენილების საფუძველზე. სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან დაკავშირებით თანამდებობიდან გადაყენებულ თანამშრომელს გამართლების შემთხვევაში უნდა მიეცეს ადრე დაკავებული ან მისი თანაბარი თანამდებობა, ამასთან, უნაზღაურდება იძულებით გადაუხდელი ხელფასი.
განსახილველ შემთხვევაში პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ შსს სამეგრელოსა და ზემო - სვანეთის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს უფროსის 2005 წლის 4 მაისის №20 ბრძანებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე დროებით გადაყენებული იქნა თანამდებობიდან წალენჯიხის შს რაიონული განყოფილების, ჯვარის პოლიციის ქვეგანყოფილების, სისხლის სამართლის სამძებრო ჯგუფის ინსპექტორი - პოლიციის ლეიტენანტი მ-----ა ქ-------ა. აღნიშნულ ბრძანებას საფუძვლად დაედო ის ფაქტი, რომ მ-----ა ქ-------ას მიმართ დაიწყო სისხლის სამართლის საქმის წარმოება და დაკავებულ იქნა 2005 წლის 15 აპრილს ჩატარებული სპეციალური ოპერაციის შედეგად.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიუთითა, რომ პოლიციელი, სამსახურებრივი სტატუსიდან გამომდინარე, თავად უზრუნველჰყოფს სახელმწიფო უსაფრთხოებასა და საზოგადოებრივ წესრიგს. მის მიმართ მოქმედებს მაღალი სადისციპლინო - საშემსრულებლო მოთხოვნები, რაც საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოს თანამშრომლებს ქცევის კიდევ უფრო მაღალ სტანდარტს უწესებს და მკვეთრად გამიჯნავს საჯარო სამსახურის სხვა მოხელეებისაგან. შესაბამისად, საქმის განმხილველმა სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ მ-----ა ქ-------ას დაკავების ფაქტი, მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების დაწყება ქმნიდა საფუძველს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით მისი თანამდებობიდან გადაყენებისათვის. ამდენად, ცალსახად დაუსაბუთებელია სასარჩელო მოთხოვნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო -ზემო სვანეთის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს უფროსის 2005 წლის 4 მაისის №20 ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში.
რაც შეეხება მოთხოვნას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო - ზემო სვანეთის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს უფროსის 2005 წლის 9 დეკემბრის №1078პ/შ ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე, პალატა მიუთითებს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველ პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტზე (2005 წლის 11 ნოემბრამდე მოქმედი რედაქცია), რომლის თანახმად, პოლიციის თანამშრომელს სამსახურიდან დაითხოვენ დანაშაულის ჩადენისათვის – კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე, ხოლო აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, პოლიციის თანამშრომლის დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირი.
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე 2005 წლის 11 ნოემბრის საქართველოს კანონით ცვლილება შევიდა 22-ე მუხლში, კერძოდ პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით განისაზღვრა, რომ პოლიციელი შეიძლება სამსახურიდან დათხოვნილ იქნეს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პოლიციელის დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ან საამისოდ უფლებამოსილი პირი. აღნიშნული დანაწესები განმტკიცებულია მითითებულ პერიოდში მოქმედი საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის №139 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულებით, კერძოდ, დებულების 59-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, შს ორგანოებში სამსახურის შეწყვეტის ერთ-ერთი ძირითადი საფუძველია შს ორგანოებიდან დათხოვნა.
მითითებული დებულების მე-60 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შს ორგანოს თანამშრომელი შეიძლება სამსახურიდან დაითხოვონ შემდეგი საფუძვლებით (მოტივებით) - ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ მსჯავრდებისათვის, როცა გამამტყუნებელი განაჩენი შესულია კანონიერ ძალაში. აღნიშნული დებულების 70-ე მუხლის თანახმად, რიგითი და ოფიცერთა შემადგენლობის პირები, რომლებსაც დანაშაულის ჩადენის გამო სასამართლომ გამოუტანა გამამტყუნებელი განაჩენი, დათხოვნილ უნდა იქნენ სასამართლოს მიერ მსჯავრდების გამო.
პალატა ყურადღებას ამახვილებს „საქართველოს შს სამინისტროს დისციპლინური წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2003 წლის 24 ივნისის №217 ბრძანების მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტზე, რომლითაც განსაზღვრულია, რომ დისციპლინური გადაცდომის ერთ - ერთი სახეა თანამშრომლისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს. ამავე ბრძანების მე-3 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დისციპლინური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი სახეა შს ორგანოებიდან დათხოვნა.
საქმის მასალებით პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 27 ივლისის განაჩენით (№1/1805 საქმეზე) დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება დადებული პროკურორსა და ბრალდებულ მ-----ა ქ-------ას შორის. მ-----ა ქ-------ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 332-ე მუხლის პირველი ნაწილით.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 9 დეკემბრის №1078პ/შ ბრძანებიდან ამონაწერის თანახმად, შსს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს 2005 წლის 4 მაისის №20 ბრძანებით დაკავებული თანამდებობიდან გადაყენებული, წალენჯიხის შს რაიონული განყოფილების, ჯვარის პოლიციის ქვეგანყოფილების, სისხლის სამართლის სამძებრო ჯგუფის ინსპექტორი, პოლიციის ლეიტენანტი მ-----ა ქ-------ა დათხოვნილ იქნა შს ორგანოებიდან 2005 წლის 4 მაისიდან. დათხოვნის საფუძვლად კი მიეთითა შსს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის 2005 წლის 21 ნოემბრის №10/2/20-6769 წერილისა და შსს გენერალური ინსპექციის 2005 წლის 15 ნოემბრის №9/22-2439 დასკვნა.
საქმის მასალებით, კერძოდ შსს გენერალური ინსპექციის 2005 წლის 14 ნოემბრის დაკვნის თანახმად, გენერალურმა ინსპექციამ მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის „ლ“ პუნქტის და შს სამინისტროს თანამშრომელთა დისციპლინური წესდების მე-3 მუხლის „თ“ პუნქტის საფუძველზე, წალენჯიხის შს განყოფილების ჯვრის ქვეგანყოფილების სისხლის სამართლის სამძებროს ინსპექტორი, პოლიციის ლეიტენანტი მ-----ა ქ-------ა დათხოვნილ იქნას შს ორგანოებიდან. დასკვნის თანახმად, მ-----ა ქ-------ამ ჩაიდინა საქართველოს შს სამინსიტროს თანამშრომელთა დისციპლინური წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება - პოლიციის თანამშრომელთათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს, რაც მისი მხრიდან გამოიხატა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც დადასტურებულია სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით.
პალატამ პირველი ინსტანციის მსგავსად დადგენილად მიიჩნია ასევე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 19 დეკემბრის განაჩენით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 21 ივლისის გამამტყუნებელი განაჩენი მ-----ა ქ-------ას მიმართ. მ-----ა ქ-------ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
აღნიშნულ საკითხზე, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიუთითა, რომ მოსარჩელე დაკავებული თანამდებობიდან დათხოვნილ იქნა, როგორც მსჯავრდებული (კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენის საფუძველზე), რაც სადავო პერიოდში მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით წარმოადგენდა სამსახურიდან დათხოვნის საკმარის ფაქტობრივ საფუძველს. გამოცემის მომენტში სადავო ბრძანებები ეფუძნებოდა კანონმდებლობის მოთხოვნებს, თუმცა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 19 დეკემბრის განაჩენით, ახლად გამოვლენილი გარემოების გამო, მ-----ა ქ-------ას უდანაშაულოდ ცნობით კანონიერი საფუძველი გამოეცალა სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტს. გამამართლებელი განაჩენის დადგომის გამო თავად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2018 წლის 7 აგვისტოს №MIA71801906430 ბრძანებით ძალადაკარგულად გამოაცხადა 2005 წლის 4 მაისის №20 და 2005 წლის 9 დეკემბრის №1078პ/შ ბრძანებები, პოლიციის ლეიტენანტ მ-----ა ქ-------ას თანამდებობიდან დროებით გადაყენებისა და შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნის შესახებ. შედეგად, მ-----ა ქ-------ა აღდგენილია სამსახურში. თუმცა, მის ინტერესს წარმოადგენს მისი სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან ყველა სამართლებრივი შედეგის გაუქმება და უკუქცევა, მათ შორის - მიუღებელი ხელფასის და ყველა იმ გასაცემლის ანაზღაურება, რასაც იგი მიიღებდა, რომ არ გამოცემულიყო 2005 წლის 4 მაისის №20 და 2005 წლის 9 დეკემბრის №1078პ/შ ბრძანებები. მართებულად გამახვილდა ყურადღება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, რომ სწორედ ამ მიზნით ითხოვს მხარე აღნიშნული ბრძანებების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ 2018 წლის 7 აგვისტოს ბრძანების ბათილად ცნობას და ძალადაკარგულად ცნობის ნაცვლად, იმავე ბრძანებების ბათილად გამოცხადებას. ამგვარად, მხარის მოთხოვნას წარმოადგენს, გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობა მათი ძალაში შესვლის დღიდან დამდგარი სამართლებრივი შედეგების გაუქმებით და სააპელაციო საჩივარში მხარე აპელირებს, რომ საქმის განმხილველმა სასამართლომ არ მისცა შეფასება თუ რის გამო იქნა გამოცემული ხსენებული ბრძანებები, რომ ის არ ყოფილა გამოცემული მხარის ინიციატივით და მიიჩნევს, რომ უკანონო ფორმით ბრძანებების გამოცემა მოხდა სწორედ საქართველოს პროკურატურის მიერ მხარის მიმართ განხორციელებული მოქმედებებით.
პალატა ვერ დაეთანხმება და ვერ გაიზიარებს აპელანტის იმ მოსაზრებას, რომ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელი უნდა გამოეყენებინა და შესაბამისად, პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის - მ-----ა ქ-------ას იმ მსჯელობას, რომ კანონმდებლობა მოცემული შემთხვევისათვის ითვალისწინებს სადავო დოკუმენტების ბათილად ცნობას, რამეთუ ისინი უკანონობის შინაარსს ატარებს, ხოლო გაუმართლებელია პირის რეაბილიტაციის შემთხვევაში უკანონო დოკუმენტებისათვის კვლავ კანონიერი ძალის შენარჩუნება.
პალატა ასევე ვერ დაეთანხმება აპელანტის იმ არგუმენტს, რომ სადავო დოკუმენტების გაუქმებას ასევე ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-3 ნაწილიც კი, რომლის თანახმად, თუ პირის პატივის, ღირსების, საქმიანი რეპუტაციის ან პირადი ცხოვრების საიდუმლოების შემლახველი ცნობებს შეიცავს ორგანიზაციის მიერ გაცემული საბუთი, მაშინ ეს საბუთი უნდა შეიცვალოს და ამის შესახებ ეცნობოს დაინტერესებულ პირებს. პალატა ასევე ვერ გაიზიარებს იმ არგუმენტს, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილი, რაც აპელანტის განმარტებით არ გულისხმობს, მხოლოდ მატერიალური და არამატერიალური სარგებლის მინიჭებას, ხსენებულში აპელანტის მოსაზრებით, იგულისხმება უკანონო აქტების გამოცემით მიყენებული ზიანის გამოსწორება ამ აქტების გაბათილებით.
აღნიშნულზე მსჯელობის მიზნით პალატა განმარტავს, რომ ძალადაკარგულად გამოცხადება გულისხმობს კანონიერად გამოცემული აქტის გაუქმებას მაშინ, როდესაც მოცემული აქტის გამოცემის ფაქტობრივი ან სამართლებრივი საფუძვლები შეიცვლება, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს ართმევს შესაძლებლობას, გამოსცეს ასეთი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი. აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების ვალდებულება გამომდინარეობს კანონიერების პრინციპიდან. პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და ძალადაკარგულად გამოცხადების სამართლებრივ შედეგებს შორის ძირითადი შინაარსობრივი განსხვავება მდგომარეობს ბათილად ან ძალადაკარგულად გამოცხადებული აქტის სამართლებრივი შედეგების გაუქმების წესში. ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში 2005 წლის 24 ივნისის #1801-რს კანონით განხორციელებული ცვლილებების ძალაში შესვლამდე მოქმედებდა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის მე-7 ნაწილი, რომლის მიხედვითაც, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადება ნიშნავდა მისი ძალაში შესვლიდან წარმოშობილი სამართლებრივი შედეგების გაუქმებას. ხოლო 61-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად კი, როგორც მაშინდელი, ისე - ამაჟამად მოქმედი რედაქციით (გარდა კონკრეტული გამონაკლისისა), ძალადაკარგულად გამოცხადება ნიშნავს ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის მოქმედების შეწყვეტას მისი ძალადაკარგულად გამოცხადების დღიდან. ამგვარად, ტერმინი „ძალადაკარგულად გამოცხადება“ _ ბათილად ცნობისგან განსხვავებით, თავის თავში სამართლებრივი შედეგის სახით მოიცავდა მხოლოდ ძალადაკარგულად გამოცხადების დღიდან მისი მოქმედების შეწყვეტას, ხოლო ტერმინი „ბათილად ცნობა“ გულისხმობდა აქტის მოქმედების შეწყვეტას მისი გამოცემის მომენტიდან, ყველა სამართლებრივი შედეგის გაუქმებით. ამგვარად, ამ ორ ტერმინს შორის არსებობდა პრაქტიკული მნიშვნელობის განსხვავება სამართლებრივი შედეგების კუთხით. თუმცა, საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში 2005 წლის 24 ივნისის #1801-რს კანონით განხორციელებული ცვლილებების შედეგად 2005 წლის 15 ივლისიდან ამოქმედდა მე-601 მუხლი, რომლის მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობასთან ერთად განსაზღვრავს ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის მოქმედების შეწყვეტის სამართლებრივ შედეგებს. შესაძლებელია განისაზღვროს ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტის მოქმედების შეწყვეტა: ა) მისი ძალაში შესვლის დღიდან; ბ) მისი ბათილად ცნობის დღიდან; გ) მომავალში, კონკრეტული თარიღის მითითებით.
ამდენად, პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ მსჯელობას, რომ მოქმედი კანონმდებლობით, საჯარო და კერძო ინტერესებს შორის ბალანსის დადგენის მიზნით, აქტის ბათილად ცნობის საფუძვლების არსებობის მიუხედავად, დასაშვებია მისი მოქმედების შეწყვეტა განისაზღვროს მისი ბათილად ცნობის დღიდან. ამით კი, საკანონმდებლო რეგულაცია არ გამორიცხავს, რომ ბათილად ცნობასაც იგივე სამართლებრივი შედეგები მოჰყვეს, რაც ძალადაკარგულად გამოცხადებას, თუკი აქტის სამართლებრივი მოქმედების შეწყვეტა განისაზღვრება მისი ბათილად ცნობის მომენტიდან. მიუხედავად ამ დანაწესისა, ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ადმინისტრაციული აქტის გაუქმებისას, როდესაც მისი მოქმედების შეწყვეტას ადმინისტრაციული ორგანოები განსაზღვრავენ გაუქმების მომენტიდან, უმეტესწილად გამოიყენება აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების ინსტიტუტი და არა - აქტის ბათილად გამოცხადება მისი ბათილად ცნობის დღიდან (ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-7 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი), რაც რიგ შემთხვევებში პირდაპირ კანონით არის განსაზღვრული, ან კიდევ - წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოთა მიერ დანერგილ პრაქტიკას. სამართლებრივი შედეგების კუთხით კი, აქტის ძალადაკარგულად გამოცხადება უთანაბრდება აქტის ბათილად ცნობას მისი ბათილად ცნობის დღიდან.
განსახილველ შემთხვევაში სადავო არ არის ის გარემოება, რომ მ-----ა ქ-------ას სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლის - მის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის უკანონობა ცალსახად დადასტურდა კანონიერ ძალაში შესული გამამართლებელი განაჩენით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ გამოძიების პროცესში მოპოვებული და სასამართლო პროცესზე გამოკვლეული ახალი მტკიცებულებებით დადასტურებულად ჩათვალა, რომ მ-----ა ქ-------ას მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეში რაიმე მტკიცებულება, რაც ირიბად მაინც მიუთითებდა მ-----ა ქ-------ას მხრიდან რაიმე დანაშაულის ჩადენაზე, წარმოდგენილი არ არის. შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი ამ მოცემულობით ვეღარ ჩაითვლება მ-----ა ქ-------ას სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერ საფუძვლად. სასამართლოს მიაჩნია, რომ სამომავლოდ ამ განაჩენის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის მოქმედების გაგრძელება ეწინააღმდეგება კანონიერების პრინციპს. თუმცა, სამომავლოდ მისი მოქმედება უკვე შეწყვეტილია თავად ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებით და დავის გადაწყვეტის მიზნებისთვის პალატამ მსგავსად პირველი ინსტანციისა უნდა შეაფასოს, მისი მოქმედების გაუქმება აქტის ძალადაკარგულად ცნობის მომენტიდან უნდა მომხდარიყო თუ - გამოცემის მომენტიდან. ამ საკითხის გადაწყვეტისას კი სასამართლომ ცალსახად უნდა იხელმძღვანელოს კერძო და საჯარო ინტერესების ურთიერთშეპირისპირებით და მათი დაბალანსების შედეგად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ მხედველობაში იღებს სამსახურიდან დათხოვნილი პირის ინტერესს, რომ სრულად იყოს აღდგენილი თავის უფლებებში. ვინაიდან, პირვანდელი მდგომარეობის სრულად აღდგენა შეუძლებელია, დღეისათვის მას აქვს ინტერესი, მიიღოს ფულადი ანაზღაურება, რასაც იგი მიიღებდა გათავისუფლების შემდგომ პერიოდში, რომ არ გაეთავისუფლებინათ იგი სამსახურიდან. ამავდროულად, სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ ითვალისწინებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს ინტერესს, თავიდან აიცილოს იმგვარი ფინანსური პასუხისმგებლობა, რაც წინასწარ ვერ იქნებოდა განჭვრეტადი, რადგან სამსახურიდან დათხოვნა არ მომხდარა მისი ბრალეული მოქმედების შედეგად. სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო მოკლებული იყო შესაძლებლობას, შეეფასებინა კანონიერ ძალაში შესული განაჩენის კანონიერება, უფრო მეტიც - მას კანონი პირდაპირ ავალდებულებდა, გაეთავისუფლებინა სამსახურიდან სასამართლოს მიერ დამნაშავედ ცნობილი პირი. მნიშვნელოვანია სამართლებრივი განსაზღვრულობის პრინციპი და სამართლებრივი სტაბილურობის შენარჩუნების ინტერესი, რაც ანგარიშგასაწევია განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ინდივიდუალურმა ადმინისტრაციულ - სამართლებრივმა აქტმა შესასრულებლად სავალდებულო ძალა შეიძინა მაშინ, როდესაც მისი გამოცემის საფუძვლად გამოყენებული სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი კანონიერ აქტად ითვლებოდა და მხოლოდ ათეული წლის გასვლის შემდგომ შეიცვალა ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. ცალსახაა, რომ გათავისუფლების საფუძველი არანაირად არ უკავშირდებოდა აქტის გამომცემი ორგანოს არამართლზომიერ ქმედებას.
შესაბამისად, სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ ბრძანების გამოცემის მომენტიდან მისი სამართლებრივი შედეგების გაუქმება და უკუქცევა ეწინააღმდეგება სამართლებრივი განსაზღვრულობის პრინციპს, რაც გაუმართლებლად დააზარალებს აქტის გამომცემი ორგანოს ინტერესს. კერძოდ, გამოიწვევს ისეთ ხარჯებს, რაც წინასწარ ვერ იქნებოდა განჭვრეტადი, ასევე გამოიწვევს მის ვალდებულებას, მიანიჭოს წოდებები, რომელთა მინიჭების წესი დაკავშირებულია წელთა ნამსახურობასთან, რაც, თავის მხრივ, უკავშირდება საჯარო ინტერესს, რომ მხოლოდ შესაბამისი ფაქტობრივი ნამსახურობის ფარგლებში, გამოცდილ კადრებს ჰქონდეთ მინიჭებული შესაბამისი წოდება (ამ საკითხებს სასამართლო დეტალურად შეაფასებს გადაწყვეტილების შემდგომ პუნქტებში, კონკრეტულ სასარჩელო მოთხოვნებზე მსჯელობისას). ამასთან, სასამართლომ მართებულად მიიჩნია გასათვალისწინებლად ისიც, რომ მოსარჩელეს შრომის ანაზღაურების მიუღებლობით დარღვეული უფლებების აღდგენის ალტერნატიული საშუალებაც გააჩნია - სახელმწიფოსთვის ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის სახით, რაც უკანონოდ მსჯავრდებული პირისთვის გარანტირებულია საქართველოს კანონმდებლობით.
პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ განსახილველ დავაში მატერიალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა აქვს წარმოდგენილი მოსარჩელეს საქართველოს გენერალური პროკურატურის მიმართ, რაც მოიცავს ასევე მიუღებელ ხელფასს და შრომის ანაზღაურების სხვა კომპონენტებს. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს უფროსის 2005 წლის 4 მაისის №20 და 2005 წლის 9 დეკემბრის №1078პ/შ ბრძანებები გამოცემის დროისათვის კანონის მოთხოვნათა დაცვით იქნა მიღებული, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 19 დეკემბრის განაჩენით შეიცვალა მათი საფუძვლები, პალატა მსგავსად პირველი ინსტანციისა მიიჩნევს, რომ საჯარო და კერძო ინტერესების დაბალანსების მიზნით, გაუმართლებელია შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სამხარეო შს სამმართველოს უფროსის 2005 წლის 4 მაისის №20 და 2005 წლის 9 დეკემბრის №1078პ/შ ბრძანებების ბათილად ცნობა მათი გამოცემის მომენტიდან სამართლებრივი შედეგების გაუქმებით და სრულიად კანონიერია 2018 წლის 7 აგვისტოს ბრძანება ამ აქტების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე, რაც, ცალსახად გულისხმობს ძალადაკარგულად გამოცხადებული აქტების სამართლებრივი შედეგების გაუქმებას ძალადაკარგულად გამოცხადების მომენტიდან. ამდენად, პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შედეგს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №1906430 ბრძანების, ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო - ზემო სვანეთის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს უფროსის 2005 წლის 4 მაისის №20 და 2005 წლის 9 დეკემბრის №1078პ/შ ბრძანებების ბათილად ცნობის ნაწილში სარჩელის უსაფუძვლობის თაობაზე.
პალატა ასევე მსჯელობს სასარჩელო მოთხოვნაზე - დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, გამოსცეს მ-----ა ქ-------ასათვის პოლიციის მაიორის (თუ პოლიციის მაიორის ნაწილში არ დაკმაყოფილდება, ასეთ შემთხვევაში _ პოლიციის კაპიტნის) მორიგი სპეციალური სახელმწიფო წოდებების მინიჭების შესახებ ბრძანება და აღიარებულ იქნას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მ-----ა ქ-------ას შორის 2005 წლის 15 აპრილიდან 2018 წლის 7 აგვისტომდე პერიოდში შრომითი ურთიერთობის არსებობა და მითითებული პერიოდი მ-----ა ქ-------ას ჩაეთვალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში ნამსახურობის უწყვეტ წლებად, შს ორგანოებში მუშაობის უწყვეტ სამსახურებრივ სტაჟად.
საკითხზე მსჯელობის მიზნით პალატა მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედი „სახელმწიფო სპეციალური წოდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 და მე-7 მუხლებს, რომელიც არეგულირებდა სპეციალური წოდების მინიჭების წესსა და პირობებს, კერძოდ, მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მორიგი სპეციალური წოდების მისანიჭებლად დაწესებულია სპეციალური წოდებით სამსახურის შემდეგი ვადა: ა) უმცროსი ლეიტენანტი, უმცროსი იურისტი, უმცროსი ინსპექტორი – 1 წელი; ბ) ლეიტენანტი, III კლასის იურისტი, III კლასის ინსპექტორი – 2 წელი; გ) უფროსი ლეიტენანტი, II კლასის იურისტი, II კლასის ინსპექტორი – 3 წელი; დ) კაპიტანი, I კლასის იურისტი, I კლასის ინსპექტორი – 3 წელი; ე) მაიორი, იუსტიციის უმცროსი მრჩეველი, III კლასის მრჩეველი – 4 წელი; ვ) ვიცე-პოლკოვნიკი, იუსტიციის მრჩეველი, II კლასის მრჩეველი – 5 წელი; ზ) პოლკოვნიკი, იუსტიციის უფროსი მრჩეველი, I კლასის მრჩეველი – 5 წელი.
ამავე კანონის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მომდევნო სპეციალური წოდების მინიჭება ხდება შესაბამისი წინა სპეციალური წოდების გათვალისწინებით. მე-6 პუნქტის მიხედვით, სპეციალური წოდების მინიჭება ხდება ამ კანონით დადგენილი თანამიმდევრობით. დაუშვებელია სპეციალური წოდების მინიჭება საფეხურგამოშვებით. მე-8 პუნქტის შესაბამისად, მოსამსახურეს, რომლის მიმართაც გამოყენებულია დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა ან მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა ან/და სამსახურებრივი მოკვლევა მის მიერ სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევის ფაქტზე, სპეციალური წოდება არ მიენიჭება დისციპლინური პასუხისმგებლობის მოხსნამდე, მარეაბილიტირებელ საფუძველზე სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტამდე ან სამსახურებრივი მოკვლევის დასრულებამდე.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ დავის განხილვის დროს მოქმედი რედაქციის მიხედვით მგავსი დანაწესებია გათვალისწინებული, კერძოდ, „სახელმწიფო სპეციალური წოდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მორიგი სპეციალური წოდების მისანიჭებლად დაწესებულია სპეციალური წოდებით სამსახურის შემდეგი ვადა: ა) უმცროსი ლეიტენანტი, უმცროსი იურისტი, უმცროსი ინსპექტორი – 1 წელი; ბ) ლეიტენანტი, III კლასის იურისტი, III კლასის ინსპექტორი – 2 წელი; გ) უფროსი ლეიტენანტი, II კლასის იურისტი, II კლასის ინსპექტორი – 3 წელი; დ) კაპიტანი, კაპიტან - ლეიტენანტი, I კლასის იურისტი, I კლასის ინსპექტორი – 3 წელი; ე) მაიორი, მესამე რანგის კაპიტანი, იუსტიციის უმცროსი მრჩეველი, III კლასის მრჩეველი, ინსპექტორი – 4 წელი; ვ) ვიცე - პოლკოვნიკი, მეორე რანგის კაპიტანი, იუსტიციის მრჩეველი, II კლასის მრჩეველი , წამყვანი ინსპექტორი – 5 წელი; ზ) პოლკოვნიკი, პირველი რანგის კაპიტანი, იუსტიციის უფროსი მრჩეველი, I კლასის მრჩეველი, მთავარი ინსპექტორი – 5 წელი. მითითებული კანონის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, მომდევნო სპეციალური წოდების მინიჭება ხდება სათანადო წინა სპეციალური წოდებისა და დაკავებული თანამდებობისათვის საშტატო განრიგით ან სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული ზღვრული წოდების გათვალისწინებით. მე-6 პუნქტის თანახმად, სპეციალური წოდების მინიჭება ხდება ამ კანონით დადგენილი თანამიმდევრობით. დაუშვებელია სპეციალური წოდების მინიჭება საფეხურგამოტოვებით, გარდა უმცროსი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურისთვის დადგენილი წესით პირველადი საშუალო სპეციალური წოდების (უმცროსი ლეიტენანტის ან მასთან გათანაბრებული წოდების) მინიჭებისა, რაც შეიძლება განისაზღვროს შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს (თანამდებობის პირის) ნორმატიული აქტით. მე-8 პუნქტის შესაბამისად, მოსამსახურეს, რომლის მიმართაც გამოყენებულია დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა ან მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა ანდა სამსახურებრივი მოკვლევა მის მიერ სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევის ფაქტზე, სპეციალური წოდება არ მიენიჭება დისციპლინური პასუხისმგებლობის მოხსნამდე, მარეაბილიტირებელ საფუძველზე სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტამდე ან სამსახურებრივი მოკვლევის დასრულებამდე.
პალატა განმარტავს, რომ იმისათვის, რომ პირს მიენიჭოს რიგითობით შემდეგი სპეციალური წოდება მნიშვნელოვანია აღნიშნულ პირს ჰქონდეს ამ წოდებისათვის განსაზღვრული მინიმალური წელთა ნამსახურობა.
აქვე, პალატა მიუთითებს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანების 57-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, მორიგი სპეციალური ან სამხედრო წოდება სამინისტროს მოსამსახურეებს მიენიჭებათ წოდებით სამსახურის ვადის გასვლის შემდეგ. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, უკანონოდ გათავისუფლებულ პოლიციელს სამსახურში აღდგენისას სამუშაო ადგილზე იძულებით არყოფნის მთელი პერიოდი ჩაეთვლება შესაბამისი სპეციალური წოდებით სამსახურის ვადაში. ამავე ბრძანების მე-60 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, გამართლების შემთხვევაში ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ პირებს ჩამორთმეული სპეციალური ან სამხედრო წოდება უნდა აღუდგინოს იმ თანამდებობის პირმა, რომელსაც აქვს ამ წოდების მინიჭების უფლება. მითითებული მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, გამართლებულ პირებს სამსახურში აღდგენისას, გაცდენილი წლების გათვალისწინებით, ენიჭებათ წოდება ადრინდელ წოდებაზე ერთი საფეხურით მაღლა, თუ გაცდენილი წლების ჩათვლით მათ ეკუთვნით მორიგი წოდება.
პალატა საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2003 წლის 6 აგვისტოს №454პ/შ ბრძანების თანახმად, „პოლიციის უმცროს ლეიტენანტ“ მ-----ა ქ-------ას მიენიჭა მეთაურთა შემადგენლობის სახელმწიფო სპეციალური წოდება „პოლიციის ლეიტენანტი“. ასევე დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 7 აგვისტოს №MIA71801906593 ბრძანებით იგი აღდგენილ იქნა და დაინიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის წალენჯიხის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უბნის ინსპექტორ - გამომძიებლის თანამდებობაზე. დადგენილია, ასევე, რომ მ-----ა ქ-------ას შს სამინისტროს ორგანოებში წელთა ნამსახურობაში ჩასათვლელი სტაჟი 2018 წლის 15 ოქტომბრისათვის შეადგენდა - 6 წელსა და 10 თვეს.
იმის გათვალისწინებით, რომ მ-----ა ქ-------ას თანამდებობიდან გათავისუფლება არ მომხდარა შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოთა მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად და თანამდებობიდან გათავისუფლების მომენტში გათავისუფლების საფუძველი - სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ითვლებოდა კანონიერ აქტად, ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა თანამდებობიდან გათავისუფლების მომენტიდან გათავისუფლების აქტის ბათილად ცნობის თაობაზე და კანონიერად ჩაითვალა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 7 აგვისტოს №MIA71801906430 ბრძანება, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ 2005 წლის 4 მაისიდან 2018 წლის 7 აგვისტომდე პერიოდი ვერ იქნება მიჩნეული მ-----ა ქ-------ას ნამსახურების უწყვეტ სტაჟში და შესაბამისად, არ არსებობს მისთვის მაიორის სპეციალური წოდების მინიჭების საფუძველიც, განსაკუთრებით იმ პირობებში, რომ შს სამინისტროს წალენჯიხის რაიონული განყოფილების, ჯვარის პოლიციის ქვეგანყოფილების სისხლის სამართლის სამძებრო ჯგუფის ინსპექტორის ზღვრული წოდება იყო - „პოლიციის კაპიტანი“ და არ შეიძლებოდა პირს მინიჭებოდა აღნიშნულ თანამდებობაზე მაიორის წოდება შესაბამისი პირობების არ არსებობის შემთხვევაში. სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ არ არსებობს ასევე მოსარჩელისათვის პოლიციის კაპიტნის სპეციალური წოდების მინიჭების საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო, კერძოდ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიღო მხედველობაში საჯარო ინტერესი, რომ მხოლოდ შესაბამისი ფაქტობრივი ნამსახურობის წლების და შესაბამისი გამოცდილების გათვალისწინებით უნდა მოხდეს სპეციალური წოდების მინიჭება. ზოგადი წესიდან გამონაკლისს ადგენს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანების 57-ე მუხლის მე-6 პუნქტი უკანონოდ გათავისუფლებული პოლიციელის სამსახურში აღდგენის შემთხვევაში, როდესაც სამუშაო ადგილზე იძულებით არყოფნის მთელი პერიოდი ჩაეთვლება შესაბამისი სპეციალური წოდებით სამსახურის ვადაში. პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ მსჯელობას, რომ განსახილველ შემთხვევაზე არ უნდა გავრცელდეს მითითებული საგამონაკლისო წესი, რადგანაც თანამდებობიდან გათავისუფლების უკანონობა არ უკავშირდება თავად შინაგან საქმეთა ორგანოების მხრიდან უკანონო საფუძვლით სამსახურიდან დათხოვნას, არამედ ამ შემთხვევაში სახეზეა მარეაბილიტირებელი საფუძვლით ვითარების შეცვლის გამო თანამდებობაზე აღდგენა, რისი შედეგებიც უკუქცევითი მოქმედებით ვერ გავრცელდება წარსულ პერიოდზე.
პალატა აქვე ყურადღებას ამახვილებს მ-----ა ქ-------ას წარმომადგენლის იმ განმარტებაზე, რომ ყველა ეპოქის საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებდა და მოქმედიც ითვალისწინებს უკანონო ბრალდებისა და უკანონო მსჯავრდების პერიოდში გაცდენილი ნამსახურობის შრომის საერთო სტაჟში ჩათვლას და აპელანტს გაუგებრად მიაჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს შედეგი თუ რა მოტოვებზე დაყრდნობით განაცხადა უარი ამ მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე. აპელანტს დაუსაბუთებლად მიაჩნია სასამართლოს გადაწყვეტილება ერთი მხრივ განაცდური ხელფასისი ზიანის სახით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე და მეორე მხრივ ამ პერიოდის უწყვეტ სტაჟად მიჩნევაზე უართან მიმართებით და ასევე გაუგებრად მიიჩნევს სასამართლომ რა განაცდური აანაზღაურა და ანაზღაურების პერიოდის წლები რატომ არ მიიჩნია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში ნამსახურობის უწყვეტ წლებად და განმარტა, რომ რეაბილიტაცია თვისი არსებით სწორედ ხსენებული სიკეთეებში აღდგენა და ბუნებრივია ამ პერიოდში პირი ვერ იმუშავებდა ფიზიკურად. მოცემულ შემთხვევაში პალატა ვერ გაიზაირებს და ვერ დაეთანხმება აპელანტის - მ-----ა ქ-------ას იმ განმარტებას, რომ ხსენებულ მოთხოვნებზე უარის თქმა წარმოადგენს პრაქტიკულად პირის რეაბილიტაციაზე უარის თქმას და კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას იმ გარემოებაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონიერად ჩათვალა მ-----ა ქ-------ას თანამდებობიდან დათხოვნის ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადება, რაც ასევე ნიშნავს იმას, რომ მისი სამართლებრივი შედეგების მოქმედება უნდა შეწყდეს ძალადაკარგულად გამოცხადების მომენტიდან. ამდენად, პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შედეგს აღნიშნულ ნაწილში და იმ განმარტებას, რომ სასარჩელო მოთხოვნები მ-----ა ქ-------ასთვის პოლიციის მაიორის (ან - პოლიციის კაპიტნის) მორიგი სპეციალური სახელმწიფო წოდებების მინიჭებისა და 2005 წლის 15 აპრილიდან 2018 წლის 7 აგვისტომდე პერიოდის ნამსახურობის უწყვეტ წლებად, შს ორგანოებში მუშაობის უწყვეტ სამსახურებრივ სტაჟად აღიარების თაობაზე არ შეესაბამება საკანონმდებლო დანაწესებს.
რაც შეეხება მოთხოვნას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და ამავე სამინისტროს სამეგრელო - ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტს მ-----ა ქ-------ას სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის აგვისტოსა და 2018 წლის სექტემბრის თვეში თანამდებობრივ სარგოზე გაცემული დანამატი, შს ორგანოებში 2005 წლიდან 2018 წლამდე წელთა ნამსახურობისათვის, 13 წელზე ნამრავლის დაანგარიშებით. ასევე, მოთხოვნას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და ამავე სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტს მის სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 7 აგვისტოდან, მოცემულ საქმეზე მისაღები შემაჯამებელი სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდში თითოეული თვის თანამდებობრივ სარგოზე გაუცემელი პოლიციის მაიორის სპეციალური სახელმწიფო წოდებისათვის თანამდებობრივ სარგოზე გათვალისწინებული დანამატი, შს ორგანოებში მსახურების დაწყებიდან უწყვეტად მუშაობის პრინციპით დაანგარიშების მეთოდით, პალატა ყურადღებას ამახვილებს აპელანტის იმ მოსაზრებაზე, რომ მოსარჩელეს რეაბილიტაციის ნორმალური შედეგებით უნდა მისცემოდა 2018 წლის აგვისტოსა და 2018 წლის სექტემბრის თვეში თანამდებობრივ სარგოზე გაცემული დანამატის შს ორგანოებში 2005 წლიდან 2018 წლამდე წელთა ნამსახურობისათვის 13 წელზე ნამრავლის დაანგარიშებით და 2018 წლის 7 აგვისტოდან, მოცემულ საქმეზე მისაღები შემაჯამებელი სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდში თითოეული თვის თანამდებობრივ სარგოზე გაუცემელი პოლიციის მორიგი სპეციალური სახელმწიფო წოდებისათვის თანამდებობრივ სარგოზე გათვალისწინებული დანამატიც და ის არ უნდა დაანგარიშებულიყო ლეიტენანტის წოდებისათვის გათვალისწინებული დანამატით.
პალატა საკითხზე მსჯელობის მიზნით ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და დადგენილად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 7 აგვისტოს №MIA71801906593 ბრძანებით პოლიციის ლეიტენანტი - მ-----ა ქ-------ა აღდგენილ იქნა და დაინიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო - ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის წალენჯიხის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უბნის ინსპექტორ - გამომძიებლის თანამდებობაზე და თანამდებობრივი სარგოდ განესაზღვრა - 1200 ლარი.
პალატა ასევე დადგენილად მიიჩნევს, რომ მ-----ა ქ-------ას წელთა ნამსახურობამ პროცენტული დანამატისათვის 15 ოქტომბრის მდგომარეობით შეადგინა 6 წელი და 10 თვე. შედეგად, მ-----ა ქ-------ას დაერიცხა ხელფასი თვეების მიხედვით: 2018 წლის აგვისტო - თანამდებობრივი სარგო 1200 ლარი, წოდებრივი სარგო (ლეიტენანტი) 25 ლარი; 2018 წლის სექტემბერი - თანამდებობრივი სარგო 1200 ლარი, წოდებრივი სარგო (ლეიტენანტი) 25 ლარი; 2018 წლის ოქტომბერი თანამდებობრივი სარგო 1200 ლარი, წოდებრივი სარგო (ლეიტენანტი) 25 ლარი, წელთა ნამსახურების დანამატი (15%) –183.75 ლარი. ამასთან, 2018 წლის აგვისტოს თვეში მ-----ა ქ-------ას შრომის ანაზღაურება ეკუთვნოდა 7 აგვისტოდან, თუმცა დაერიცხა სრული თვის. შესაბამისად,2 018 წლის ნოემბრის თვეში გათვალისწინება მოხდება აღნიშნულის და დაუკავდება აგვისტოს თვეში ზედმეტად დარიცხული თანხა.
ამდენად, საქმეში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე და იმის გათვალისწინებით, რომ კანონიერია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №1906430 ბრძანება, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა მისთვის პოლიციის მაიორის (ან - პოლიციის კაპიტნის) მორიგი სპეციალური სახელმწიფო წოდებების მინიჭებისა და 2005 წლის 15 აპრილიდან 2018 წლის 7 აგვისტომდე პერიოდის ნამსახურობის უწყვეტ წლებად, შს ორგანოებში მუშაობის უწყვეტ სამსახურებრივ სტაჟად აღიარების თაობაზე, რაც ასევე გაზიარებული იქნა პალატის მიერ, იმავე სამართლებრივ საფუძვლებზე დაყრდნობით პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია რომ დაუსაბუთებელია სასარჩელო მოთხოვნები აღნიშნულ ნაწილშიც.
რაც შეეხება მხარის მოთხოვნას მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე პალატა პირველყოვლისა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოთხოვნა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და აპელანტი მ-----ა ქ-------ა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას სადავოდ ხდის დაუკმაყოფილებელ ნაწილში.
პალატა მიუთითებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში მხარის მოთხოვნას წარმოადგენდა საქართველოს გენერალურ პროკურატურას მის სასარგებლოდ დაეკისროს მორალური (არაქონებრივი) ზიანის ანაზღაურება 80 000 ლარის ოდენობით.
პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის შედეგს აღნიშნულ ნაწილში და მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის მე-6 პუნქტის მე-2 წინადადებაზე, რომლის თანახმად, უკანონოდ თავისუფლებაშეზღუდულ პირს აქვს კომპენსაციის მიღების უფლება. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის (ძველი რედაქციით _ 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის) თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება, შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად გაამახვილა ყურადღება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, პირს უფლება აქვს, სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით მოითხოვოს და მიიღოს უკანონოდ ჩატარებული საპროცესო მოქმედებისა და უკანონო გადაწყვეტილების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება. სასამართლოს მოსაზრებით, მითითებული მუხლი წარმოადგენს ზოგადი ხასიათის ნორმას, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფოს ვალდებულებას უკანონოდ დაკავებულ, დაპატიმრებულ ან მსჯავრდებულ პირს შეუქმნას იმის სამართლებრივი შესაძლებლობა, რომ საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოს კომპენსაციის მოთხოვნისა და მიღების უფლების განხორციელების ეფექტური და რეალური სამართლებრივი მექანიზმი.
პალატა ეთანხმება საქმის განმხილველი სასამართლოს აპელირებას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილებიაზე (საქმე №2/3/423) სადაც განმარტებულია შემდეგი: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით ,,გათვალისწინებულია როგორც მატერიალური, ასევე, პროცესუალური ხასიათის კონსტიტუციური გარანტიები. 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ყველას ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს და მიიღოს ზარალის ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან. გარდა ამისა, ყველასთვის არის უზრუნველყოფილი სამართლებრივი დაცვის საშუალება - სასამართლოსათვის მიმართვა. ნათლად არის დადგენილი ანაზღაურების მასშტაბებიც – ზარალი სრულად უნდა ანაზღაურდეს. ამ სახით ჩამოყალიბებული კონსტიტუციური ნორმა კანონმდებელს უტოვებს თავისუფალი მოქმედების ვიწრო არეალს, რაც, უპირატესად, კონსტიტუციური მოთხოვნების დაცვით პროცედურული საკითხების მოწესრიგებას მოიცავს“.
პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლზე, რომლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ორგანოთა და მოსამსახურეთა მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანის სახელმწიფო სახსრებიდან ანაზღაურების უფლება აღიარებული და გარანტირებულია, როგორც საქართველოს კონსტიტუციით, აგრეთვე, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ ევროპული კონვენციის მე-5 მუხლით.
„ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყველას აქვს თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება. არავის შეიძლება აღეკვეთოს თავისუფლება, გარდა შემდეგი შემთხვევებისა და კანონით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად. ამავე ნორმის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ყველას, ვინც არის დაკავების ან დაპატიმრების მსხვერპლი ამ მუხლის დებულებათა დარღვევის გამო, აქვს კომპენსაციის მიღების უფლება.
სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისი ორგანოების მიერ მიყენებული ზიანისათვის დადგენილია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავის დებულებებით.
აქვე, ყურადღსაღებია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლით დადგენილი რეგულაცია, რომლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. ამავე კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილით, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.
საქმის განმხილველმა სასამართლომ ასევე მართებულად გაამახვილა ყურადღება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის (საქმე №ბს-648-623(2კ-13), 10.04.2014წ.) განმარტებაზე, რომლის თანახმად, „ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, შესაბამისად, კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული. ამასთან, აღნიშნული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის მიერ ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურეობრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.“
პალატა განმარტავს, რომ არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების წესს ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლი, რომელიც ადგენს, რომ არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით.
პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილს, რომლის თანახმად, პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან. რაც შეეხება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილს აღნიშნულის თანახმად, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ან გაუსვლელობის ხელწერილის უკანონოდ გამოყენების, პატიმრობის, ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებული ზიანი ანაზღაურდება სახელმწიფოს მიერ მოკვლევის, წინასწარი გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად.
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მითითებული ნორმის თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება მიუხედავად ზიანის მიმყენებლის ბრალისა, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის საკმარისია, სახეზე იყოს პირის მარეაბილიტირებელი გარემოება. მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძვლების მიმართ უნდა გავრცელდეს იგივე მოთხოვნები.
აქვე მნიშვნელოვანია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განმარტება (08.04.2009წ. საქმეზე №ბს-972-936(3კ-08), „არაქონებრივი უფლებები წარმოადგენს სამოქალაქო სამართლის იმ ობიექტს, რომელსაც გააჩნია მისთვის დამახასიათებელი თავისებურებები. არსებითი განსხვავება მდგომარეობს არაქონებრივი უფლების ხელყოფის შედეგად დამდგარი ზიანის შინაარსში. სამოქალაქო სამართლის აღნიშნული ობიექტის სპეციფიკის გათვალისწინებით მისი ხელყოფის შედეგად დამდგარ ზიანს ქონებრივი ეკვივალენტი არ გააჩნია. ამდენად, არაქონებრივი ზიანის მოთხოვნის წარმოშობისათვის საკმარისია, არსებობდეს არაქონებრივი უფლების ხელყოფის ფაქტი, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა. მორალური ზიანის მოცულობას (რომელსაც არ გააჩნია მატერიალური გამოხატულება) განსაზღვრავს სასამართლო გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლში მითითება მორალური ზიანის გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების თაობაზე გულისხმობს ზიანის მიმყენებლის ბრალეულობის ხარისხის, დაზარალებულის განცდების სიღრმისა და ინდივიდუალური თავისებურების გათვალისწინებას. მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს, მოპასუხეების მიერ მატერიალური ზიანის ანაზღაურების ფაქტს, ასევე დაზარალებულის სუბიექტურ დამოკიდებულებას მორალური ზიანის მიმართ და ობიექტურ გარემოებებს. ამ გარემოებათა შორისაა დაზარალებულის ცხოვრების პირობები (საოჯახო, ყოფითი, მატერიალური, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასაკი და ა.შ.), ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა და სხვა გარემოებები. მორალური ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში არ ხდება ხელყოფილი უფლების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია. შეუძლებელია ფულადი ფორმით ჯანმრთელობის შეფასება, კომპენსაციის მიზანია მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების, ნეგატიური განცდების შემსუბუქება, დადებითი ემოციების გამოწვევა, რომელიც ეხმარება დაზარალებულს სულიერი გაწონასწორების მიღწევაში, სოციალურ ურთიერთობებში ჩართვაში, რაც მორალური (არაქონებრივი) ზიანის ანაზღაურების სატისფაქციურ ფუნქციას შეადგენს“.
პალატა მიუთითებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 27 ივლისის განაჩენით (№1/1805 საქმეზე) დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება დადებული პროკურორსა და ბრალდებულ მ-----ა ქ-------ას შორის 2005 წლის 20 ივლისს. მ-----ა ქ-------ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 332-ე მუხლის პირველი ნაწილით. მ-----ა ქ-------ას საბოლოოდ სასჯელის სახით განესაზღვრა 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულებით დაწესებულებაშე მოხდით, ამასთან, დადგინდა, რომ განსაზღვრული სასჯელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლის საფუძველზე პირობით არ აღსრულდებოდა, თუ იგი გამოსაცდელი ვადის 4 (ოთხი) წლის განმავლობაში არ ჩაიდენდა ახალ დანაშაულს. აღკვეთის ღონისძიება დაპატიმრება გაუქმდა და მ-----ა ქ-------ა დაუყონებლივ გათავისუფლდა სხდომის დარბაზიდან.
პალატა ასევე ყურადღებას ამახვილებს საქმის იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ მ-----ა ქ-------ა დაპატიმრებული იყო 2005 წლის 15 აპრილიდან 2005 წლის 27 ივლისის პერიოდში. იგი 2005 წლის 3 ოქტომბრიდან აღრიცხვაზე იმყოფებოდა თბილისის პრობაციის ბიუროში თბილისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 27 ივლისის განაჩენის საფუძველზე. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 19 სექტემბრის დადგენილების საფუძველზე, მ-----ა ქ-------ას მიმართ სააღსრულებო საქმისწარმოება შეწყდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 19 დეკემბრის განაჩენით (№1აგ/504-17 საქმეზე) პროკურორის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 21 ივლისის გამამტყუნებელი განაჩენი მ-----ა ქ-------ას მიმართ. მ-----ა ქ-------ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
პალატა კვლავ მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლზე, რომლითაც განსაზღვრული ზიანის ანაზღაურებისთვის პირის მარეაბილიტირებელ გარემოებად უპირობოდ უნდა იქნეს მიჩნეული პირის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, ვინაიდან ამგვარი აქტი ადასტურებს, რომ გამართლებულ პირს დანაშაული არ ჩაუდენია, რაც, თავის მხრივ, განაპირობებს მის უფლებებში აღდგენას - მის რეაბილიტაციას. რაც შეეხება აღნიშნული მუხლის მეორე კომპონენტს - ქმედების უკანონობას, ქმედების უკანონობა არ უნდა შეფასდეს მხოლოდ კონკრეტული საპროცესო თუ მატერიალური ნორმის დარღვევის დადგენით, გამართლებულს პირს უნდა მიეცეს უფლებების აღდგენის ეფექტური შესაძლებლობა. მართალია, სისხლისსამართლებრივი დევნა და ბრალდებულის მიმართ გამოყენებული იძულების ღონისძიებები ემსახურება სახელმწიფოს ლეგიტიმურ მიზანს - საზოგადოების, მისი კონკრეტული წევრის უსაფრთხოების დაცვას, ამასთან, უფლებამოსილი ორგანო წინასწარ ვერ განსაზღვრავს კონკრეტული საქმის შედეგს, ვინაიდან მტკიცებულებათა შეფასება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საკმარისობის კუთხით წარმოადგენს სასამართლოს კომპეტენციას, თუმცა, პირს, რომლის მიმართაც დადგა გამამართლებელი განაჩენი, უნდა მიეცეს შესაბამისი კომპენსაცია სახელმწიფოს მხრიდან მისი უფლებებში გაუმართლებელი ან/და გადაჭარბებული ჩარევისთვის. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში სახეზეა სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული მარეაბილიტირებლი გარემოება და შესაბამისად, ქმედების უკანონობა.
ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ მოქმედი კანონმდებლობით არსებობს გამართლებული პირის უფლების დაცვის მექანიზმი და გამართლებულ პირს შეუძლია, აღიდგინოს დარღვეული უფლებები. კერძოდ, გამართლებულ პირს აქვს შესაძლებლობა, დარღვეული უფლება აღიდგინოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული რეაბილიტაციისა და სისხლის სამართლის პროცესის ორგანოების უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედებების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების გზით.
აქვე პალატა მიუთითებს, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას განსაზღვრავს სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე. მოსარჩელე უფლებამოსილია, სარჩელში მიუთითოს ფულადი თანხა, რომელსაც ის ითხოვს მიყენებული სულიერი თუ ფიზიკური ტკივილის კომპენსაციისათვის, მაგრამ ეს მოთხოვნა მოსარჩელის მხოლოდ მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ უნდა გადაწყდეს. მორალური ზიანი გულისხმობს ფიზიკურ და ზნეობრივ-ფსიქოლოგიურ ტანჯვას, რასაც პირი განიცდის ამა თუ იმ სიკეთის, უმეტესწილად არამატერიალურ ფასეულობათა ხელყოფით და მის ანაზღაურებას აკისრია სამი ფუნქცია: დააკმაყოფილოს დაზარალებული, ზემოქმედება მოახდინოს ზიანის მიმყენებელზე და თავიდან აიცილოს პიროვნული უფლების ხელყოფა სხვა პირების მიერ. მორალური ზიანის შეფასებისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულება ასეთი ზიანის სიმძიმის მიმართ, ასევე, ობიექტური გარემოებები, რითაც შეიძლება მისი ამ კუთხით შეფასება. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება დადგინდეს მორალური ზიანის არსებობა და მისი გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმები.
პალატის განმარტებით, კანონი არ ადგენს მორალური ზიანის ასანაზღაურებელ ოდენობას, რამდენადაც მორალური ზიანის ანაზღაურების კონკრეტული შემთხვევა ინდივიდუალურია, განპირობებულია მრავალი სხვადასხვა ფაქტორით. ამასთან, მორალური ზიანის მოცულობა სასამართლოს მიერ ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად განისაზღვრება, როგორც დამდგარი ზიანის სიმძიმის, ისე ბრალის ხარისხის მიხედვით. პალატა მიაჩნია, რომ უკანონო მსჯავრდებით მოსარჩელეს მიადგა მორალური ზიანი. შელახული სიკეთის ხასიათიდან გამომდინარე და სულიერი ტანჯვის ხარისხის ზუსტად განსაზღვრის შეუძლებლობის გამო, უფრო მართებულია ზიანის კომპენსაცია, რამდენადაც ეს შესაძლებელია საერთოდ. მორალური ზიანის ანაზღაურების უმთავრეს მიზანს არ წარმოადგენს ხელყოფილი უფლებების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია და შეუძლებელია მისი სრულად აღდგენა.
ამა თუ იმ ფორმით თავისუფლების აღკვეთა ყოველთვის იწვევს დისკომფორტს, მაგრამ დაპატიმრებული პირი, გონივრულ ფარგლებში, მაინც ვალდებულია ითმინოს ეს, როდესაც დაცულია გარკვეული სტანდარტები. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ხაზს უსვამს, რომ არსებობს ტანჯვის დონე, რომელიც გარდაუვალად უკავშირდება დაკავებას (პაპონი საფრანგეთის წინააღმდეგ, 2002 წლის 25 ივლისი, §40) და თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული სასჯელი ყველა შემთხვევაში იწვევს სირთულეს და ტანჯვას. იმავეს ვერ ვიტყვით პირზე, რომელიც უკანონოდ და დაუსაბუთებლად არის დაპატიმრებული. ის არ არის ვალდებული, ითმინოს პატიმრობასთან დაკავშირებული დისკომფორტი, რაც გამოიხატება თუნდაც მთელი რიგი უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობის შეუძლებლობაში ან შეზღუდვაში. უკანონოდ დაპატიმრებული პირის პატიმრობაში ყოფნაა, როგორც ასეთი, უკანონობა, მიუხედავად იმისა, დაირღვევა თუ არა რეჟიმის რომელიმე მოთხოვნა.
პალატა ყურადღებას ამახვილებს აპელანტის მ-----ა ქ-------ას მიერ საააპელაციო საჩივარში ზემოაღნიშნული სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში სარჩელის სრულად დაკმაყოფილების საფუძვლად მითითებულ იმ არგუმენტზე, რომ მორალური ზიანის ანაზღაურება სასამართლომ ფიქციამდე დაიყვანა და არ გაითვალისწინა, რომ მოსარჩელეს და მისი ოჯახის წევრებს სახელმწიფომ პროკურატურის სახით მიაყენა შეუქცევადი მორალური ტანჯვა, რაც გამოწვეული იყო საქართველოს მთავარი პროკურატურის მხრიდან საზოგადოებაში გაჯერებული ცრუ ინფორმაციის გავრცელებით დამნაშავეობისა და მისთვის კრიმინალის სტატუსის ქონის შესახებ. აპელირებს, რომ 2005 წლის 27 ივლისიდან 2017 წლის 19 დეკემბრამდე - 12 წელზე მეტი პერიოდის განმავლობაში ატარებდა მსჯავრდებულის სტატუსს, ხოლო მსჯავრდების, გასამართლებისა და ნასამართლობის შედგის გამო - გამამტყუნებელი განაჩენის არსებობის საფუძვლთ შს ორგანოებიდან გათავისუფლებული პირის სტატუსს. სისხლის სამართლის საქმეზე მისი დაკავებისა და დევნის გამო, მოქმედ სამართალდამცველს დაეუფლა სახელმწიფო ორგანოების მხრიდან არარსებული დანაშაულის დაბრალების, დაუცველობის განცდა, უსამართლობის შიში, შეიგრძნო მის მიმართ უკანონო ფორმებით მიზამიმართული დევნის განცდა, განიცადა სულიერი ტკივილი, დაეუფლა სიმართლის ვერ დამტკიცების განცდა, უსაფუძვლოდ წარდგა მართლმსაჯულების ორგანოში, მის წინაშე ბრალდების მხარის მხრიდან მტკიცებულებების წარუდგენლობით თავი იგრძნო შეურაცხყოფილად, უსამართლო დევნილად, შეელახა საზოგადოებაში არსებული მისი პატივი და ღირსება, ასევე საქმიანი რეპუტაცია, არაერთ საინფორმაციო საშუალებებში მათი დაკავების გავრცელებით საზოგადოების წინაშე წარმოჩინდა, როგორც კრიმინალი და საზოგადოებას საქართველოს პროკურატურამ მისი თავი წარუდგინა ასოციალური ქცევის მქონე პიროვნებად. მიიცნევს, რომ 8 000 ლარი ვერ გამოხატავს იმას, რომ სახელმწიფომ იგრძნო პასუხისმგებლობა და მან რაიმე ფორმით აგო პასუხი მის მიმართ განხორციელებული უკანონო მოქმედებებისათვის.
განსახილველ შემთხვევაში პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობის დადგენის მიზნებისთვის მოსარჩელე მიუთითებს იმ გარემოებაზეც, რომ მისი დაკავების ფაქტი რამდენიმეჯერ გაშუქდა მას- მედიის საშუალებით, აღნიშნულმა კი შელახა მისი პატივი და ღირსება. აპელანტის ზემოთმითებულ არგუმენტებს სააპელაციო სასამართლო ვერ მიიჩნევს მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების საფუძვლად და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, მათ შორის იმის გათვალისწინებით, რომ პირის ბრალდება ეფუძნებოდა გამოძიების პროცესში მისი უფლებების (თავისუფლების, სამართლიანი სასამართლო, პატივისა და ღირსების ხელშეუხებლობა) დარღვევას, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს უკანონო მსჯავრდებით გამოწვეულ მორალურ ტანჯვას, პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის შედეგს და იმ განმარტებას, რომ განსახილველ შეთხვევაში მიყენებული მორალური ზიანის ასანაზღაურებლად გონივრული თანხაა 8 000 ლარი. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე მართებულად დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ მოპასუხისათვის 8 000 ლარის დაკისრების ნაწილში.
რაც შეეხება მოთხოვნას უკანონო მსჯავრდებით მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე, პალატა ყურადღებას ამახვილებს აპელანტის იმ მოსაზრებაზე, რომ მხარეს მიადგა მატერიალური ზიანი, თუნდაც მორიგი წოდების დაკარგვითა და მისგან გამომდინარე დანამატების მიუღებლობით. პალატა ვერ გაიზიარებს აღნიშნულ არგუმენტს და მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილ მატერიალური ზიანის ანაზღაურების საფუძვლების და წესის დამდგენ ნორმებს. კერძოდ: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად კი, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც.მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის მიხედვით, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
რაც შეეხება ამავე კოდექსის 326-ე მუხლს, აღნიშნულის თანახმად, წესები სახელშეკრულებო ვალდებულების შესახებ გამოიყენება ასევე სხვა არასახელშეკრულებო ვალდებულებათა მიმართ, თუკი ვალდებულების ხასიათიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.
პალატა განმარტავს, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება არა მხოლოდ დამდგარი ზიანი, არამედ მიუღებელი შემოსავალიც. მიუღებელი შემოსავალი წარმოადგენს სავარაუდო შემოსავალს, მაგრამ მისი დადგენისათვის გათვალისწინებული უნდა იქნეს, თუ რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. ზიანის ანაზღაურების ერთ - ერთი აუცილებელი ნიშანი კი ისაა, რომ ზიანი უნდა იყოს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგი.
განსახილველ შემთხვევში მხარის მოთხოვნას წარმოადგენდა საქართველოს გენერალურ პროკურატურას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და ამავე სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტს მ-----ა ქ-------ას სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2015 წლის 15 აპრილიდან 2018 წლის 7 აგვისტომდე მიუღებელი ხელფასის ანაზღაურება მატერიალური (ქონებრი) ზიანის ანაზღაურების სახით, ხელფასში შემავალი ყველა კომპონენტის გათვალისწინებით 150 800 ლარის ოდენობით, კანონით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით. საკითხზე მსჯელობის მიზნით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად გაამახვილა ყურადღება სადავო პერიოდში მოქმედი „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, პოლიციის თანამშრომელი პოლიციაში სამსახურისათვის იღებს ხელფასს, რომელიც შეიცავს თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისათვის დადგენილ განაკვეთს.
სადავო პერიოდში მოქმედი „საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის №139 ბრძანებულების 55-ე მუხლის თანახმად, პოლიციაში სამსახურისათვის თანამშრომელი იღებს ხელფასს, რომელიც შეიცავს თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისათვის დადგენილ განაკვეთს, ნამსახურობის დანამატს, სასურსათო ულუფის ღირებულებას (თუ იგი ნატურით არ ეძლევათ), რაიონულ კოეფიციენტს, სადაც იგი დაწესებულია, დანამატს დასვენებისა და უქმე დღეებში მუშაობისათვის და სხვა გასამრჯელოს, კანონმდებლობით გათვალისწინებულ დანამატებსა და კომპენსაციებს.
პალატა მიუთითებს დავის განხილვის დროს მოქმედ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლს, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, პოლიციელის ხელფასი (ფულადი სარგო) შედგება თანამდებობრივი სარგოსა და წოდებისათვის დადგენილი სარგოსგან. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, პოლიციელს, ხელფასის გარდა, შეიძლება მიეცეს ხელფასზე (ფულად სარგოზე) დანამატი და კომპენსაცია.
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანების 91 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამინისტროს მოსამსახურეს უფლება აქვს, სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს ხელფასი. ამავე კანონის მე-3 პუნქტის თანახმად, სამინისტროს მოსამსახურის ხელფასი (ფულადი სარგო) შედგება თანამდებობრივი სარგოს ან/და წოდებისთვის დადგენილი სარგოსაგან. მითითებული კანონის მე-4 პუნქტის მიხედვით, სამინისტროს მოსამსახურეს ხელფასის გარდა შეიძლება მიეცეს ხელფასზე (ფულად სარგოზე) დანამატი ან/და კომპენსაცია. აღნიშნული კანონის მე-9 პუნქტის მიხედვით, სამინისტროს სისტემაში ხელფასისა (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოები) და დანამატის ოდენობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. (26.01.2018 №6 გავრცელდეს 2018 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე).
საქმის მასალებით პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ მ-----ა ქ-------ას შსს სამეგრელო -ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს წალენჯიხის რაიონული განყოფილების ჯვარის ქვეგანყოფილებაში მუშაობის პერიოდში მის მიერ დაკავებული ბოლო თანამდებობის შესაბამისად ერიცხებოდა ხელფასი, რომელიც შედგებოდა შემდეგი კომპონენტებისაგან: თანამდებობრივი სარგო - 190.09 ლარი, წოდებრივი სარგო - 7.21 ლარი, წელთა ნამსახურევი - 29.58 ლარი, კვება (ულუფის ფულადი კომპენსაცია) – 59 ლარი, სულ 285.79 ლარი.
ასევე დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში 2005-2018 წლებში განხორციელებული რეორგანიზაციების შედეგად, თანამდებობიდან გათავისუფლებამდე მ-----ა ქ-------ას მიერ დაკავებული თანამდებობის უფლება - მოვალეობებისა და ზღვრული წოდების თანხვედრით განსაზღვრული თანამდებობისათვის გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგოები იცვლებოდა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 7 აგვისტოს №MIA71801906593 ბრძანებით პოლიციის ლეიტენანტ - მ-----ა ქ-------ას განესაზღვრა თანამდებობრივი სარგო 1200 ლარის ოდენობით.
პალატა, პირველი ინსტანციის მსგავსად მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილია უკანონო მსჯავრდების შედეგად მოსარჩელისთვის მიყენებული მატერიალური ზიანის დამადასტურებელი მტკიცებულებები. კერძოდ, დადგენილია, რომ მოსარჩელეს ეკავა კონკრეტული თანამდებობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში და იღებდა ყოველთვიურ ხელფასს, თუმცაღა, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის მიმდინარეობის გამო იგი გადაყენებულ იქნა თანამდებობიდან და ამდენად, ვერ მიიღო ხელფასის სახით შემოსავალი. პალატა განმარტავს, რომ სახეზეა მარეაბილიტირებელი გარემოება, რაც ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას წარმოშობს. შესაბამისად, პალატა დადასტურებულად მიიჩნევს პირდაპირი მიზეზობრივი კავშირის არსებობას ფულად ზარალსა და აპელანტის მ-----ა ქ-------ას მიმართ მიმდინარე სისხლისსამართლებრივი დევნის თანმდევ შედეგებს შორის, რომელიც წარმოშობს საქართველოს გენერალური პროკურატურის მიმართ სასარჩელო მოთხოვნას 2005 წლის 15 აპრილიდან სამსახურში აღდგენამდე _ 2018 წლის 7 აგვისტომდე პერიოდზე გაანგარიშებით. მიუღებელი ხელფასი უნდა ანაზღაურდეს იმ ოდენობით, რაც მოსალოდნელი იყო, თუკი მ-----ა ქ-------ა გააგრძელებდა მუშაობას იმავე ან ტოლფას თანამდებობაზე, თანამდებობრივი უფლება - მოვალეობებისა და ზღვრული წოდების თანხვედრით. საქმის განმხილველმა სასამართლომ მართებულად იხელმძღვანელა საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებით და მართებულად მიიჩნია, რომ მიუღებელი ხელფასი, რომლის ანაზღაურებაც უნდა დაეკისროს საქართველოს გენერალურ პროკურატურას, შედგება შემდეგი კომპონენტებისგან: თანამდებობრივი სარგო, წოდებრივი დანამატი და წელთა ნამსახურობის დანამატი. თუმცა, წოდებრივი დანამატი უნდა განისაზღვროს „პოლიციის ლეიტენანტის“ წოდების შესაბამისად, რადგანაც, შემდგომი საფეხურის მორიგი წოდებების მიღება გარკვეულ წინაპირობებს უკავშირდება და მიუღებელი შემოსავლის გაანგარიშების მიზნებისთვის სასამართლოს მიაჩნია, რომ უტყუარად დადასტურებულად ვერ ჩაითვლება გამამტყუნებელი განაჩენის არარსებობის შემთხვევაში მორიგი სპეციალური წოდებების („პოლიციის უფროსი ლეიტენანტი“ და „პოლიციის კაპიტანი“ მიღება მ-----ა ქ-------ას მხრიდან. რაც შეეხება „პოლიციის მაიორის“ წოდებას, როგორც მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან ირკვევა, მისი მინიჭების ვარაუდი სრულიად უსაფუძვლოა იმავე/ტოლფას თანამდებობაზე მუშაობის გათვალისწინებით, სადაც ზღვრული წოდებაა „პოლიციის კაპიტანი“.
პალატა ასევე ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის იმ განმარტებას, რომ მიუღებელი ანაზღაურების გამოანგარიშება უნდა მოხდეს ე.წ. „ხელზე ასაღები“ თანხის ოდენობით, რასაც მ-----ა ქ-------ა მიიღებდა კანონით დადგენილი საშემოსავლო გადასახადის დაქვითვის შედეგად, ვინაიდან საქართველოს გენერალურ პროკურატურას მისი გადახდა ეკისრება ზიანის ანაზღაურების და არა _ ხელფასის სახით. შესაბამისად, იგი არ იქნება ვალდებული, დაუქვითოს მოსარჩელეს მის მიერ გადახდილი თანხიდან საშემოსავლო გადასახადი. ამდენად, ზიანის ოდენობა უნდა განისაზღვროს იმ თანხიდან, რასაც მ-----ა ქ-------ა უშუალოდ მიიღებდა შრომის ანაზღაურების სახით, კანონით გათვალისწინებული გადასახადის დაქვითვის შემდგომ.
ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ოდენობა, რომლის ანაზღაურებაც უნდა დაეკისროს საქართველოს გენერალურ პროკურატურას მოიცავს თანამდებობრივ სარგოს 2005 წლის მაისიდან 2018 წლის 7 აგვისტომდე პერიოდზე, წოდებრივ დანამატს ამავე პერიოდზე და წელთა ნამსახურობის დანამატს ამავე პერიოდზე, რომლის დაანგარიშებაც ხდება ავტომატურად, უწყვეტად მსახურობის პირობებში. ვინაიდან, საქმეში წარმოდგენილია წოდებრივი დანამატის გაანგარიშება პოლიციის ლეიტენანტის შემდგომი მორიგი წოდებების გათვალისწინებით _ შესაბამის პერიოდებზე თანხა გამოთვლილია უფროსი ლეიტენანტის და შემდგომ _ პოლიციის კაპიტნის წოდების განაკვეთის მიხედვით, სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ ამ კომპონენტის ზუსტად განსაზღვრა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე შეუძლებელია და ასევე მართებულდ განმარტა, რომ მისი დაანგარიშება უნდა მოხდეს გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპზე, პოლიციის ლეიტენანტის წოდების შესაბამისი განაკვეთის მიხედვით.
საქმეში წარდგენილ ცხრილში მოცემული ოდენობების შესაბამისად, პალატა ეთანხმება და იზიარებს მოსარჩელის მიერ მისაღები თანხის დაანგარიშებას კერძოდ, 2005 წლის მაისიდან 2018 წლის დეკემბრის ჩათვლით მოცემულ ჯამურ თანხას (რომელიც შეიცავს სამივე კომპონენტს) _ 147 446,80 ლარს უნდა გამოაკლდეს 2005 წლის მაისიდან 2018 წლის დეკემბრის ჩათვლით გამოთვლილი წოდებრივი დანამატის ჯამური თანხა (რადგან ეს კომპონენტი ცალკე უნდა დაანგარიშდეს აღსრულების ეტაპზე) _ 5468,81 ლარი, რის შედეგადაც მიიღება 141 977,99 ლარი (147 446,80-5468,81=141 977,99). მიღებულ შედეგს უნდა გამოაკლდეს ასევე 2018 წლის 7 აგვისტოდან 2018 წლის დეკემბრის ჩათვლით ცხრილში მითითებული თანამდებობრივი სარგოს ოდენობა _ (4800 ლარი სექტემბერი-დეკემბრის თვეების და 960 ლარი აგვისტოს თვის, 7 აგვისტოდან) და 2018 წლის 7 აგვისტოდან 2018 წლის დეკემბრის ჩათვლით ცხრილში მითითებული წელთა ნამსახურობის დანამატის ოდენობა (992 ლარი სექტემბერი-დეკემბრის თვეების და 198,40 ლარი აგვისტოს თვის, 7 აგვისტოდან). შედეგად, მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელი თანხის ოდენობა შეადგენს 135 027,59 ლარს (141 977,99-4800-960-992-198,4=135 027,59). შედეგად მიღებულ თანხას _ 135 027,59 ლარს უნდა გამოაკლდეს საშემოსავლო გადასახადის 20%-იანი განაკვეთის ექვივალენტური ოდენობა, რაც, საბოლოო ჯამში შეადგენს 108 022,07 ლარს. ამ თანხას (და - დამატებით, წოდებრივ დანამატს ლეიტენანტის წოდების მიხედვით) მიიღებდა მოსარჩელე 2018 წლის 7 აგვისტომდე პერიოდზე, რომ არ მომხდარიყო მისი გათავისუფლება გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე.
ზემოთმითითებულის გათვალისწინებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად დააკისრა საქართველოს გენერალურ პროკურატურას მ-----ა ქ-------ას სასარგებლოდ მატერიალური ზიანის ანაზღაურება 108 022,07 (ას რვა ათას ოცდაორი ლარი და შვიდი თეთრი) ლარის ოდენობით; ხოლო ვინაიდან საქმეში არ არის წარმოდგენილი სადავო პერიოდისათვის ლეიტენანტისათვის მოქმედი წოდებრივი სარგოს შესახებ სრული ინფორმაცია, პალატა მსგავსად პირველი ინსტანციისა მიიჩნევს, რომ საქართველოს გენერალურ პროკურატურას, მართებულად დაეკისრა 2005 წლის 15 აპრილიდან 2018 წლის 7 აგვისტომდე მიუღებელი წოდებრივი სარგოს ანაზღაურება, რომელიც გაანგარიშებული უნდა იქნეს ლეიტენანტის წოდებისთვის მოქმედი წოდებრივი სარგოს ოდენობით, ლეიტენანტის წოდების მინიჭების პერიოდის გათვალისწინებით.
რაც შეეხება აპელანტის - მ-----ა ქ-------ას იმ მოსაზრებას, რომ ზიანის ანაზღაურება ასევე უნდა დაკისრებოდათ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და ამავე სამინისტროს სამეგრელო - ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტს, რამეთუ ისინი ერთიან ჯაჭვში მონაწილეობდნენ მისთვის უკანონო მოქმედებების მიყენების დროს, პალატა ვერ გაიზიარებს აღნიშნულ არგუმენტს და ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის იმ მოსაზრებას, რომ საქართველოს გენერალურ პროკურატურა წარმოადგენს სისხლისსამართლებრივი დევნის განმახორციელებელ ორგანოს და სწორედ სისხლისსამართლებრივი დევნის მიმდინარეობა, პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიებების გამოყენება გახდა მისი თანამდებობიდან გადაყენების საფუძველი. ამრიგად, ზიანის ანაზღაურება საქართველოს გენერალურ პროკურატურას უნდა დაეკისროს, რომლის ქმედებებითაც იქნა გამოწვეული პირის მიერ თანამდებობრივი სარგოს მიუღებლობა.
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და ამავე სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტი არ წარმოადგენენ სუბიექტს, რომლის უშუალო ქმედების გამო მოსარჩელე იძულებული გახდა, აეტანა უკანონო პატიმრობიდან გამომდინარე უარყოფითი შედეგები, მათ შორის _ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა და ხელფასის მიუღებლობა. მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს ზიანის დაკისრებისათვის აუცილებელი კომპონენტი, კერძოდ, სახეზეა ზიანი, თუმცა იგი არ არის გამოწვეული საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოების მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით და შესაბამისად - არ არსებობს მიზეზ - შედეგობრივი კავშირი დამდგარ ზიანსა და საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოების მართლსაწინააღმდეგო ქმედებას შორის. ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და ამავე სამინისტროს სამეგრელო - ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტი არ წარმოადგენენ სუბიექტს, რომელსაც შეიძლება დაეკისროს მოსარჩელისთვის იძულებით განაცდური ხელფასის სახით, მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურება.
რაც შეეხება მოთხოვნას საქართველოს გენერალურ პროკურატურას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და ამავე სამინისტროს სამეგრელო -ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტს მ-----ა ქ-------ას სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2005 - 2018 წლებში მ-----ა ქ-------ას მიერ გამოუყენებელი ყოველწლიური კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულების ნატურით ანაზღაურება, ყოველი წლისათვის 1 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით, საერთო ჯამში 14 000 ლარის ოდენობით, კანონით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით პალატა სადავო პერიოდში მოქმედ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, პოლიციის თანამშრომლის წლიური შვებულების ხანგრძლივობა 30 კალენდარული დღეა, თუ მას აქვს შინაგან საქმეთა ორგანოებში მუშაობის 10 წლამდე სტაჟი; 35 კალენდარული დღე 10-დან 15 წლამდე; 40 კალენდარული დღე 15-დან 20 წლამდე; 45 კალენდარული დღე – 20 წელზე მეტი მუშაობის სტაჟისთვის, პალატა მიუთითებს „საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის №139 ბრძანებულების 49-ე მუხლის მიხედვით, შს ორგანოს თანამშრომლებისათვის განისაზღვრება შემდეგი სახის შვებულებები ხელფასის შენარჩუნებით: მორიგი ყოველწლიური, მოკლევადიანი. შვებულების შეცვლა ფულადი კომპენსაციით არ შეიძლება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა შს ორგანოს თანამშრომელს სამსახურიდან ითხოვენ და შვებულებით არ უსარგებლია. ამავე ბრძანებულების 50-ე მუხლის შესაბამისად, მორიგი ყოველწლიური შვებულება შს ორგანოს თანამშრომელს ეძლევა: 10 წლამდე სამსახურისათვის - 30 კალენდარული დღე. ყოველწლიური მორიგი შვებულება შს თანამშრომლებს ეძლევათ კალენდარული წლის განმავლობაში შვებულების გრაფიკის შესაბამისად. დავის განხილვის დროს მოქმედი „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, პოლიციელის ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობაა 30 კალენდარული დღე.
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანების 63-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით, სამინისტროს მოსამსახურის ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობა არის 30 კალენდარული დღე. შვებულება შეიძლება, გამოყენებულ იქნეს ნაწილ-ნაწილ. წლის ბოლოს აღებული შვებულება შესაძლებელია გაგრძელდეს მომდევნო წელს. მომდევნო წელს გაგრძელებული შვებულება ჩაითვლება წინა წლის შვებულებად. სამინისტროში მუშაობის 5 წელზე მეტი სტაჟის მქონე მოსამსახურის ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობა განისაზღვრება 35 კალენდარული დღით, 10 წელზე მეტი სტაჟის მქონე პირთათვის - 40 კალენდარული დღით.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ შვებულება არის დასაქმებულის უფლება, დაისვენოს _ სამუშაო ადგილისა და ხელფასის შენარჩუნებით. დასაქმებულის უფლება, ყოველწლიურად ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით, რეალიზდება დამსაქმებლის ვალდებულებით, უზრუნველჰყოს დასაქმებულის ანაზღაურებადი შვებულებით სარგებლობის შესაძლებლობა. შვებულების უფლება შეიძლება, განიმარტოს, როგორც დასაქმებულის უფლება, შესრულებული სამუშაოს შემდეგ დაისვენოს, ისე, რომ იგი კვლავ დარჩეს შრომით ურთიერთობაში და ამავდროულად, მიიღოს შრომის ანაზღაურება. ამასთან, პირს უფლება აქვს, გამოუყენებელი შვებულების საკომპენსაციო თანხის ანაზღაურება მოითხოვოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვერ ისარგებლა კუთვნილი შვებულებით, რომლითაც იგი სავარაუდოდ ისარგებლებდა. გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურების საფუძვლებს ადგენს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ 1936 წელს მიღებული #52 კონვენცია „ყოველწლიური ფასიანი შვებულებების შესახებ“ (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის მიერ), რომლის მე-6 მუხლი ადგენს დასაქმებულის უფლებას, კუთვნილი შვებულებით სარგებლობამდე დამსაქმებლის მიზეზით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შემთხვევაში მიიღოს ანაზღაურება კუთვნილი შვებულების ყოველი დღისთვის. აღნიშნული დანაწესიდან სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ორ ძირითად წინაპირობაზე: 1. შვებულება უნდა იყოს „კუთვნილი“, რაც ნიშნავს, რომ დასაქმებულს წარმოშობილი უნდა ჰქონდეს შვებულების უფლება, ნამუშევარი დროის გათვალისწინებით და მისი ხანგრძლივობა გამოიანგარიშება სწორედ ნამუშევარი დროის პროპორციულად; 2. შრომითი ურთიერთობა შეწყვეტილი უნდა იყოს დამსაქმებლის მიზეზით.
განსახილველ შემთხვევაში საქმის განმხილველმა სასამართლომ მართებულად აღნიშნავს, რომ არც ერთი ზემოთ მითითებული წინაპირობა არ არსებობს, ვინაიდან მოსარჩელე 2005 წლის 15 აპრილიდან 2018 წლის 7 აგვისტომდე პერიოდში არ მუშაობდა; სასამართლომ კანონიერად ჩათვალა მისი თანამდებობაზე დათხოვნის შესახებ ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადება, რაც სამართლებრივ შედეგებს წარმოშობს 2018 წლის 7 აგვისტოდან და განვლილ პერიოდზე მისი სამართლებრივი მოქმედების უკუქცევა დაუშვებელია. შესაბამისად, ვინაიდან 2005 წლიდან 2018 წლის 7 აგვისტომდე პერიოდში მ-----ა ქ-------ა თანამდებობიდან გათავისუფლებულად ითვლებოდა, მას ვერ წარმოეშობოდა შვებულების მოთხოვნის უფლება. ამასთან, მისი გათავისუფლება არ მომხდარა დამსაქმებელი ორგანიზაციის _ საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოების მიზეზით, არამედ იგი თანამდებობიდან გათავისუფლდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან დამოუკიდებელი მიზეზით _ მ-----ა ქ-------ას მიმართ გამოტანილი სასამართლო განაჩენის საფუძველზე. შედარებისთვის, სასამართლო აღნიშნავს, რომ კერძო შრომითსამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებშიც არ არის დადგენილი მსგავსი საფუძვლით დასაქმებულის გათავისუფლების შემთხვევაში დამსაქმებლის ვალდებულება, გასცეს გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურება. მას ეს ვალდებულება წარმოეშობა მხოლოდ საქართველოს ორგანული კანონის _ შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ვ“-„თ“ და „ო“ ქვეპუნქტების საფუძველზე სამსახურიდან დათხოვნის შემთხვევაში (იხ. ამავე კოდექსის 21-ე მუხლის მე-2 ნაწილი), და არა _ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე სამსახურიდან დათხოვნის დროს, რაც გათვალისწინებულია ამავე კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნულ ნაწილში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და ამავე სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მიმართ წარდგენილი სასარჩელო მოთხოვნა არის დაუსაბუთებელი და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
პალატა ყურადღებას ამახვილებს საჩივრის ავტორის არგუმენტზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში, კერძოდ სასამართლოსგარეშე პროცესის ხარჯების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში. პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მოსაზრებას აღნიშნულზე და მიუთითებს შემდეგს: მხარე შუამდგომლობა მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს სასამართლოსგარეშე პროცესის ხარჯის სახით მოცემულ საქმეზე მინდობილობების, დავალების ხელშეკრულებისა და სხვა დოკუმენტების სანოტარო წესით დამოწმებისათვის გაღებული სანოტარო ხარჯი - 70 ლარის ოდენობით, სარჩელის სასამართლოში წარდგენის, საქმის განხილვისას მოსარჩელეებისა და მისი წარმომადგენლების სასამართლო სხდომაზე გამოცხადების უზრუნველსაყოფად, სასამართლო გადაწყვეტილების ჩაბარების მიზნით გადაადგილების გამო ტრანსპორტირებაზე გაღებული ხარჯის მოსარჩელისათვის ანაზღაურება, მტკიცებულებათა მოძიება-მოპოვებაზე გაღებული ხარჯების ანაზღაურება, რაც აუცილებელი გახდა წერილობითი და სხვაგვარი მტკიცებულებების მისაღებად, საქმის განხილვის უზრუნველსაყოფად პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელის, წერილობითი განცხადებების, წერილობითი შუამდგომლობების მომზადებაზე დახარჯული ცელულოზის ქაღალდის ფურცლებისათვის - 70 ლარის, სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების, ასევე სხვა მტკიცებულებების ასლების მომზადებაზე გაღებული ხარჯებისათვის - 40 ლარის, მათ აკინძვაზე გახარჯული ლითონის ამკინძვით შეკვრაზე გაღებული ხარჯებისათვის - 0.10 ლარის, საქმის მასალების სასამართლოში გადაგზავნისას საფოსტო კავშირისათვის გაღებული დანახარჯის, საფოსტო კავშირისას მასალების საფოსტო კონვერტით შესაფუთად გაწეული დანახარჯის, ასევე მოსარჩელის და მისი წარმომადგენლის სასამართლოში გამოცხადებისას, მათი გამოცხადების პერიოდში აუცილებელ კვებაზე გაწეული გაზრდილი დანახარჯების ანაზღაურება - 100 ლარის, სასამართლოში მოცდენილი (დაკარგული) დროის ანაზღაურება - 5 000 ლარის ოდენობით, საქმეზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების სააღსრულებო ორგანოში აღსრულების უზარუნველსაყოფად სააღსრულებო ხარჯის ანაზღაურება - 200 ლარის ოდენობით.
პალატა ყურადღება ამახვილებს პირველი ინსტანციის მიერ დადგენილ გარემოებეზე, კერძოდ დადგენილია, რომ 2018 წლის 11 იანვრის საქართველოს ფოსტის გზავნილების ამონაწერის თანახმად, ი---- პ-------–---–მა საქართველოს შს სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთი პოლიციის დეპარტამენტისათვის წერილობით კორესპონდენციის ფოსტით გაგზავნის მომსახურებაში გადაიხადა 4.5 ლარი, ხოლო 2018 წლის 27 ივლისს, იგივე მომსახურებისათვის, 4.70 ლარი. ამასთან, 2018 წლის 18 ოქტომბერს მ-----ა ქ-------ამ ი---- პ-------–---–ის სახელზე გასცა რწმუნებულება/მინდობილობა, რომლის სანოტარო წესით დამოწმებისათვის გადაიხადა 10 ლარი. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი სასამართლოსგარეშე ხარჯის ანაზღაურება მართებულად მიიჩნია დადასტურებულად მხოლოდ სანოტარო მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის 10 ლარის და მტკიცებულებათა მოძიების პროცესში საფოსტო მომსახურებისთვის გადახდილი თანხის 9.20 ლარის ანაზღაურების ნაწილში.
სააპელაციო საჩირის ავტორი ასევე არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შედეგს და მსჯელობას საწვავის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და მიუთითებს, რომ ის სხდომამადე იყო შეძენილი სასამართლოში გამოცხადების მიზნებისათვის და მის შეძენას სხვა მიზანი არ გააჩნდა. აღნიშნულზე საქმის განმხილველმა სასამართლომ ყურადღება მართებულად გაამახვილა წარდგენილ სალარო აპარატის ჩეკებზე (2018 წლის 5 ნოემბერს შპს „რ------------–------------–--------ს“ გადახდილმა თანხამ შეადგინა 15 ლარი, 4 ნოემბერს - 50 ლარი. 2019 წლის 15 იანვარს - 40 ლარი (20 ლარი+10 ლარი+10 ლარი). 2019 წლის 6 მარტს „ს------ში“ გადახდილია 40 ლარი, 2019 წლის 19 თებერვალს ბენზინ გასამართ სადგურ „ს------ში“ (თბილისი, თბილისის ზღვის მიმდ. ტერიტ.) გადახდილია 40 ლარი. იხ. სალარო აპარატის ქვითრები, ტ. I, ს.ფ.212, ტ. II, ს.ფ.2, თიბისი ქვითარი ტ.II, ს.ფ.86, საქართველოს ბანკის ქვითარი, ტ. II, ს.ფ.67), თუმცა, საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტებით მართებულად არ მიიჩნია დადასტურებულად, რომ სწორედ მ-----ა ქ-------ას და მისი წარმომადგენლის მიერ, აღნიშნული საქმის განხილვის ფარგლებში იქნა გაწეული მოცემული ხარჯი. პალატა დადასტურებულად ვერ მიიჩნევს რომელ სატრანსპორტო საშუალებას მოხმარდა საწვავი, ვის მიერ იყო გაწეული ხარჯი, რა მანძილზე დასჭირდა გადაადგილება მოსარჩელის წარმომადგენელს და რამდენად შეესაბამება გაწეული ხარჯი არსებულ საჭიროებას.
რაც შეეხება საქმის განხილვის უზრუნველსაყოფად მტკიცებულებათა მოძიებაზე (ამონაწერების მიღება და ა.შ.) გაღებული ხარჯის ანაზღაურებას 50 ლარის ოდენობით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ ასეთი ხარჯის გაწევის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ იყო წარმოდგენილი და შესაბამისად არ არსებობდა მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი. ხოლო რაც შეეხება მოთხოვნას მტკიცებულებათა მოძიება - მოპოვებაზე გაღებული ხარჯების, საქმის განხილვის უზრუნველსაყოფად პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელის, წერილობითი განცხადებების, წერილობითი შუამდგომლობების მომზადებაზე დახარჯული ცელულოზის ქაღალდის ფურცლებისათვის გაწეული ხარჯის, სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების, ასევე სხვა მტკიცებულებების ასლების მომზადებაზე გაღებული ხარჯების, მათ აკინძვაზე გახარჯული ლითონის ამკინძვით შეკვრაზე გაღებული ხარჯების, საფოსტო კავშირისას მასალების საფოსტო კონვერტით შესაფუთად გაწეული დანახარჯის, ასევე მოსარჩელის და მისი წარმომადგენლის სასამართლოში გამოცხადებისას, მათი გამოცხადების პერიოდში აუცილებელ კვებაზე გაწეული გაზრდილი დანახარჯების, სასამართლოში მოცდენილი (დაკარგული) დროის ანაზღაურების, საქმეზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების სააღსრულებო ორგანოში აღსრულების უზარუნველსაყოფად სააღსრულებო ხარჯის ანაზღაურების თაობაზე, აღნიშნული მოთხოვნები ასევე მართებულად იქნა მიჩნეული უსაფუძვლოდ.
პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის იმ განმარტებას, რომ მოსარჩელე სარგებლობდა ადვოკატის მომსახურებით, რისთვისაც გაწეული ხარჯის ასანაზღაურებლად თანხა დაეკისრა მოპასუხეს. ჩამოთვლილი აუცილებელი დანახარჯების სპეციფიკიდან გამომდინარე, ივარაუდება, რომ მათი ნაწილი იქნებოდა გაწეული გარკვეული ოდენობით, თუმცა, საადვოკატო მომსახურება თავისი არსით მოიცავს ასევე ყველა იმ დანახარჯის გაწევას, რაც შუამდგომლობაშია ჩამოთვლილი. ამდენად, აღნიშნული ხარჯები საადვოკატო მომსახურების ხარჯში მოიაზრება და მათი ცალკე სასამართლოსგარეშე ხარჯის სახით ანაზღაურების საფუძველი არ არსებობს. ზოგიერთ ნაწილში კი არ არის წარდგენილი მტკიცებულება ხარჯის გაწევის თაობაზე.
პალატა ასევე მიუთითებს აპელანტის მ-----ა ქ-------ას წარმომადგენლის იმ განმარტებაზე, რომლითაც დაუსაბუთებლად მიიჩნევს პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილებას ადვოკატის დახმარებისათვის მარტოოდენ 1500 ლარის ანაზღაურების ნაწილში, მიუთითებს, რომ საქმე წარმოადგენდა განსაკუთრებით რთული კატეგორიის დავას, არაერთი მოთხოვნით, რაც გაწეული შრომისათვის ძალზე მცირეა და ვერ უზრუნველყოფს ადვოკატის წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს.
აღნიშნულზე პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების შეცვლა უკავშირდება სწორედ ადვოკატის მომსახურებისათვის გადახდილი თანხის ანაზღაურების ნაწილს.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოს გარეშე ხარჯები. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები სასამართლოს გარეშე ხარჯებს განეკუთვნება.
პალატა კიდევ ერთეხლ ამახვილებს ყურადღებას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულია ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ოდენობის გამოთვლის წესი, რომელიც უნდა იყოს გონივრული და შეესაბამებოდეს დავის საგნის ღირებულებას, კერძოდ დადგენილია, რომ ქონებრივი დავის დროს ადვოკატი მიიღებს ანაზღაურებას დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტამდე ოდენობით, ხოლო არაქონებრივი დავის დროს განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით 2 000 ლარამდე ოდენობით.
,,ხარჯების ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე. ამგვარი მტკიცებულების არარსებობის შემთხვევაში, სასამართლოს მხარის მოთხოვნის საფუძველზე თვითონაც შეუძლია გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს მხარის მიერ გაწეული ხარჯების ოდენობა, თუკი აშკარაა, რომ პირის უფლების დარღვევის აღკვეთის მიზნით ხარჯი გაღებულია“ (სუს 1330-1315(კ-11) 2012წ. 9.02 განჩინება).
პალატა მიუთითებს, რომ გარდა უკვე გაწეული ხარჯისა, საერთაშორისო თუ ეროვნული სასამართლოს პრაქტიკის გათვალისწინებით, ასევე ანაზღაურებას ექვემდებარება ხარჯი, რომელიც ჯერ არ არის გაწეული, თუმცა დასტურდება საადვოკატო მომსახურება და არსებობს საფუძვლიანი მოლოდინი ხარჯის გაწევის შესახებ.
პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა მოპასუხისთვის მის სასარგებლოდ სასამართლოს გარეშე ხარჯის - ადვოკატის მომსახურებისთვის გადასახდელი ჰონორარის თანხის ანაზღაურება 5 000 ლარის ოდენობით, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაკმაყოფილდა 1500 ლარის ნაწილში.
საქმის მასალებით პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ 2019 წლის 19 თებერვალს მ-----ა ქ-------ასა და ი---- პ-------–---–ს შორის დაიდო „იურიდიული მომსახურების გაწევის შესახებ“ ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების 4.1 პუნქტის თანახმად, მომსახურების საფასურად განისაზღვრა 5000 ლარი, ხოლო 4.2 პუნქტის მიხედვით გადახდის პირობად მიეთითა სასამართლოს ნებისმიერი საბოლოო შემაჯამებელი (აღსასრულებელი) გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 50 დღის ვადა.
პალატა მიიჩნევს, რომ მართალია მ-----ა ქ-------ას მიერ მისი წარმომადგენლისათვის არ მომხდარა საადვოკატო მომსახურების საფასურის გადახდა, მაგრამ ვინაიდან, მოსარჩელეს სასამართლოში საქმის წარმოებისას იცავდა ადვოკატი, რომლის მომსახურებაც როგორც წესი, სასყიდლიანია და მომსახურების ღირებულების ანაზღაურების თაობაზე მხარეთა შორის წერილობითი შეთანხმება წარდგენილია სასამართლოში, ამდენად, პალატა მიაჩნია, რომ მ-----ა ქ-------ას ადვოკატის მომსახურების ღირებულება, რომლის გადახდის ვალდებულებაც მას წარმოეშვა, უნდა აუნაზღაურდეს გონივრული ოდენობით.
საკითხზე მსჯელობის ფარგლებში, პალატა ყურადღებას ამახვილებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს შემდეგ განმარტებაზე „როგორც წესი, მართლმსაჯულების განხორციელება დაკავშირებულია სასამართლო ხარჯებთან და სასამართლოსგარეშე ხარჯებთან... ამგვარი ხარჯების ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე. ამგვარი მტკიცებულების არარსებობის შემთხვევაში, სასამართლოს მხარის მოთხოვნის საფუძველზე თვითონაც შეუძლია გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობა, თუკი აშკარაა, რომ პირის უფლების დარღვევის აღკვეთის მიზნით ხარჯი გაღებულია (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „პინკოვა და პინკი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ“). სასამართლომ მხარეს ხარჯების ანაზღაურება უნდა დააკისროს მხოლოდ იმ ოდენობით, რა ოდენობითაც ისინი რეალურად და საჭიროებისამებრ იქნა გაღებული იმ მიზნით, რომ აღკვეთილიყო სამოქალაქო უფლების დარღვევა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „ასანიძე საქართველოს წინააღმდეგ“). ამდენად, სასამართლომ ხარჯების განსაზღვრისას უნდა მოახდინოს მხარის სამართლიანი დაკმაყოფილება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სასამართლოს შეხედულებით ხარჯების ოდენობის განსაზღვრისას, დავის საგნის ღირებულებიდან გამომდინარე, პროცენტული ცენზის დადგენა გამორიცხავს ხარჯების ხელოვნურად გაზრდას და უზრუნველყოფს იმ მხარის ინტერესების დაცვას, რომელსაც ხარჯების გადახდა უნდა დაეკისროს“ (იხ. სუსგ №ას-792-1114-07, 11 თებერვალი, 2008 წელი). მსგავსი განმარტება გააკეთა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 09.02.2012 წლის (№ბს-1330-1315-კ11 საქმეზე) გადაწყვეტილებით, (იხ. ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 09.06.2005წ. გადაწყვეტილება საქმეზე „ფადეევა რუსეთის წინააღმდეგ“ განაცხადის №55723/00).
ზემოთმითითებული ფაქტობრივ გარემოებებისა და სამართლებრივი ნორმების საფუძველზე პალატა ვერ დაეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შედეგს საქართველოს გენერალურ პროკურატურისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ სასამართლოს გარეშე ხარჯის 1 500 ლარის ოდენობით ანაზღაურების დაკისრების ნაწილში და მიიჩნევს, რომ სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების პირობებში, საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, გონივრული ოდენობის სახით საქართველოს გენერალურ პროკურატურას მ-----ა ქ-------ას სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სასამართლოს გარეშე ხარჯის ანაზღაურება 2 500 ლარის ოდენობით.
რაც შეეხება აპელანტის შუამდგომლობას გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 2 აგვსიტოს განჩინება უსწორობის გასწორების შესახებ, პალატა მიუთითებს, რომ სადავო საკითხზე მსჯელობის მიზნით, პირველი ისტანციის სასამართლომ დეტალურად განიხილა სახელფასო ანაზღაურების ცხრილში მოცემული კომპონენტები და ცალსახაა, რომ შეჯამების კერძოდ, შეკრებისა და გამოკლების დროს, მატერიალური ზიანის ანაზღაურების ოდენობა სასამართლომ განსაზღვრა შემდეგი პრინციპით: 2005 წლის მაისიდან 2018 წლის დეკემბრის ჩათვლით მოცემულ ჯამურ თანხას (რომელიც შეიცავს ხელფასის სამივე კომპონენტს) _ 147 446,80 ლარს გამოაკლდა 2005 წლის მაისიდან 2018 წლის დეკემბრის ჩათვლით გამოთვლილი წოდებრივი დანამატის ჯამური თანხა (რადგან ეს კომპონენტი ცალკე უნდა დაანგარიშდეს აღსრულების ეტაპზე) _ 5468,81 ლარი. მიღებულ შედეგს გამოაკლდა ასევე 2018 წლის 7 აგვისტოდან 2018 წლის დეკემბრის ჩათვლით ცხრილში მითითებული თანამდებობრივი სარგოს ოდენობა _ (სექტემბერი- დეკემბრის თვეების და აგვისტოს თვის _ 7 აგვისტოდან) და 2018 წლის 7 აგვისტოდან 2018 წლის დეკემბრის ჩათვლით ცხრილში მითითებული წელთა ნამსახურობის დანამატის ოდენობა (სექტემბერი-დეკემბრის თვეების და აგვისტოს თვის _ 7 აგვისტოდან). შედეგად, მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელი თანხის ოდენობა შეადგენს 135 027,59 ლარს (147 446,80-5468,81-4800-960-992-198,4=135 027,59), რასაც უნდა გამოაკლდეს საშემოსავლო გადასახადის 20%-იანი განაკვეთის ექვივალენტური ოდენობა, რაც, საბოლოო ჯამში შეადგენს 108 022,07 ლარს.
საკითხზე მსჯელობის შედეგად, პალატა ცალსახად დადგენილად მიიჩნევს, რომ გაანგარიშებაში ტექნიკურად დაშვებული იქნა შეცდომა და საბოლოო თანხის ოდენობად გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში 108 022,07 ლარის ნაცვლად თანხის ოდენობად მიეთითა 107 362,34 ლარი, რაც საქმის განმხილველი სასამართლოს მიერ იმთავითვე გასწორდა დასაბუთებულ გადაწყვეტილებაში, ხოლო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს განჩინებით შესწორება შევიდა მხოლოდ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში. შესაბამისად პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის იმ მოსაზრებას, რომ უსწორობა ასევე უნდა ასახულიყო დასაბუთებულ გადაწყვეტილებაში უსწორო ფორმით და შემდეგ გამოსწორებულიყო შესაბამისი განჩინებით.
რაც შეეხება საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმომადგენლის პოზიციას და სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტებს პალატა მიიჩნევს, რომ არ უნდა იქნეს გაზიარებული. კერძოდ, პალატა ვერ დაეთანხმება და ვერ გაიზიარებს გენერალური პროკურატურის წარმომადგენლის იმ მოსაზრებას, რომ მორალური ზიანის სახით საქართველოს გენერალური პროკურატურისათვის 8 000 ლარის დაკისრება არ გამომდინარეობს გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმებიდან.
პალატა სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად ვერ მიიჩნევს და ვერ გაიზიარებს მოპასუხე საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმომადგენლის არგუმენტს იმის თაობაზე, რომ რადგანაც მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობა კონკრეტული სახელწოდებით არსებობდა 2006 წლის 1 თებერვლამდე, უცნობია, დაიკავებდა თუ არა იგი რეორგანიზაციის შედეგად შექმნილ ტოლფას თანამდებობებს, ასევე უცნობია, იმუშავებდა თუ არა იგი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. აღნიშნულზე პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურების დაკისრებისას ჰიპოთეტურად ყოველთვის არსებობს გარკვეული დაშვება იმისა, რომ რაიმე დამატებითი დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობის შემთხვევაში ეს შემოსავალი შეიძლება, ვერ მიეღო დაზარალებულს, თუმცა, როდესაც ასეთი კონკრეტული დამაბრკოლებელი გარემოება მხარეების მიერ არ დასახელებულა, პალატა მსგავსად პირველი ინსტანციისა ვერ გამორიცხავს მიზეზ - შედეგობრივ კავშირს გამამტყუნებელი განაჩენის დადგომასა და მ-----ა ქ-------ას მიერ შრომის ანაზღაურების მიუღებლობას შორის. რაც შეეხება რეორგანიზაციას, საჯარო სამსახურში რეორგანიზაციის მტკიცებულებებით დადგენილია, რომ რეორგანიზაციის შედეგად შეიქმნა ტოლფასი თანამდებობა თანამდებობრივი უფლება-მოვალეობებისა და ზღვრული წოდების თანხვედრით . 2006 წლის თებერვალში მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 96-ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველი წინადადების შინაარსიდან გამომდინარე, მხოლოდ რეორგანიზაცია ვერ გახდებოდა საკმარისი საფუძველი მოხელის თანამდებობიდან გასათავისუფლებლად. გათავისუფლება შესაძლებელი იყო მხოლოდ კადრების შემცირების შემთხვევაში. პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ რეორგანიზაცია მოხდა კადრების შემცირებით და მას მოჰყვა მოქმედი თანამშრომლების თანამდებობიდან დათხოვნა. ამასთან, სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ დადასტურებული უნდა იყოს, რომ თანამდებობიდან დათხოვნა მოხდა გარკვეული კრიტერიუმების საფუძველზე და მ-----ა ქ-------ას სწორედ ეს კრიტერიუმები ახასიათებს. წინააღმდეგ შემთხვევაში შეუძლებელია იმის განსაზღვრა, რომ სწორედ მ-----ა ქ-------ა იქნებოდა დათხოვნილი თანამდებობიდან რეორგანიზაციის მოტივით. ამგვარად, საქმის განმხილველმა სასამართლომ მართებულად მიიჩნევს, რომ ტოლფასი თანამდებობის დღემდე არსებობის პირობებში შეუძლებელია, სასამართლომ გამორიცხოს მისი მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა ამ თანამდებობაზე, განსაკუთრებით კი, იმის გათვალისწინებით, რომ მ-----ა ქ-------ა აღდგენილია და ამჟამადაც მუშაობს ტოლფას თანამდებობაზე, რაც ადასტურებს, რომ მას მუშაობის გაგრძელების დამაბრკოლებელი რაიმე საფუძველი (კვალიფიკაცია, ჯანმრთელობის მდგომარეობა და სხვ.) არ გააჩნია.
პალატა გადაწყვეტილებაში მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით ასევე დაუსაბუთებლად მიიჩნევს საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმომადგენლის იმ მოსაზრებას, რომ არ უნდა დაეკისროს ზიანის ანაზღაურება ვინაიდან პროკურორის მიერ პირის მიმართ სისხლისამართლებრივი დევნის დაწყება არ იწვევს პირის სამსახურიდან გადაყენებასა თუ დათხოვნას, რაც შეეხება აღკვეთი ღონისძიების შეფარდებას, ამაზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო.
პალატა ასევე დაუსაბუთებლად მიიჩნევს საქართველოს გენერალური პროკურატურის მოსაზრებას სისხლის სამართლის საქმის წარმოების გამო ზიანის სახით მიუღებელი შემოსავლის 2005 წლის 15 აპრილიდან 2018 წლის 07 აგვისტომდე ანაზღაურების ნაწილში და ასევე დაუსაბუთებელია სააპელაციო მოთხოვნა ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ნაწილში. პალატის მოსაზრებით ასევე მართებულად განმარტა საქმის განმხილველმა სასამართლომ, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ მოსარჩელის სასარგებლოდ ანაზღაურებას უნდა დაექვემდებაროს სასამართლოს გარეშე ხარჯის, სანოტარო მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის 10 ლარის და მტკიცებულებათა მოძიების პროცესში საფოსტო მომსახურებისთვის გადახდილი თანხის 9.20 ლარის ანაზღაურება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. მ-----ა ქ-------ას სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. უნდა შეიცვალოს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 03 აპრილის გადაწყვეტილების მე-2 პუნქტი ადვოკატის ხარჯის ანაზღაურების ნაწილში. მოპასუხე საქართველოს გენერალურ პროკურატურას უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ ადვოკატის მომსახურებისათვის გადახდილი თანხის ანაზღაურება 2500 (ორიათას ხუთასი) ლარის ოდენობით. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 03 აპრილის გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელი.
5. პროცესის ხარჯები:
5.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისგან თავისუფლდებიან მხარეები - უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიებად დაპატიმრების უკანონოდ გამოყენების ან გამასწორებელ სამუშაოთა სახით ადმინისტრაციული სახდელის უკანონოდ დადების შედეგად მოქალაქისათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურებასთან დაკავშირებულ სარჩელებზე.
ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, აპელანტი საქართველოს გენერალური პროკურატურა გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში მხარეები გათავისუფლებულნი არიან სასამართლო ხარჯებისაგან.
5.2. რაც შეეხება აპელანტის მოთხოვნას პროცესის ხარჯის სახით მოცემულ საქმეზე მინდობილობების, დავალების ხელშეკრულების, იურიდიული მომსახურების ხელშეკრულების, ადვოკატის სახელზე შედგენილი განცხადების და სხვა დოკუმენტების სანოტარო წესით დამოწმებისათვის გაღებული სანოტარო ხარჯი - 70 ლარის ოდენობით, სააპელაციო სარჩელის სასამართლოში წარდგენის, საქმის განხილვისას აპელანტის და მისი წარმომადგენლის სასამართლო სხდომაზე გამოცხადების უზრუნველსაყოფად, სასამართლო გადაწყვეტილების ჩაბარების მიზნით გადაადგილების გამო ტრანსპორტირებაზე გაღებული ხარჯის - 150 ლარის მოსარჩელისათვის ანაზღაურება, მტკიცებულებათა მოძიება - მოპოვებაზე გაღებული ხარჯების ანაზღაურება, რაც აუცილებელი გახდა წერილობითი და სხვაგვარი მტკიცებულებების მისაღებად - 20 ლარის ოდენობით, საქმის განხილვის უზრუნველსაყოფად მეორე ინსტანციის სასამართლოში სარჩელის, წერილობითი განცხადებების, წერილობითი შუამდგომლობების მომზადებაზე დახარჯული ცელულოზის ქაღალდის ფურცლებისათვის - 70 ლარის, სააპელაციო საჩივრისა და თანდართული დოკუმენტების, ასევე სხვა მტკიცებულებების ასლების მომზადებაზე გაღებული ხარჯებისათვის - 40 ლარის, მათ აკინძვაზე გახარჯული ლითონის ამკინძვით შეკვრაზე გაღებული ხარჯებისათვის - 0.10 ლარის, საქმის მასალების სასამართლოში გადაგზავნისას საფოსტო კავშირისათვის გაღებული დანახარჯის - 60 ლარის, საფოსტო კავშირისას მასალების საფოსტო კონვერტით შესაფუთად გაწეული დანახარჯის - 10 ლარის, ასევე აპელანტის და მისი წარმომადგენლის სასამართლოში გამოცხადებისას, მათი გამოცხადების პერიოდში აუცილებელ კვებაზე გაწეული გაზრდილი დანახარჯების ანაზღაურება - 100 ლარის, სასამართლოში მოცდენილი (დაკარგული) დროის ანაზღაურება - 5 000 ლარის ოდენობით, საქმეზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების სააღსრულებო ორგანოში აღსრულების უზარუნველსაყოფად სააღსრულებო ხარჯის ანაზღაურება - 200 ლარის ოდენობით არ უნდა დაკმაყოფილდეს ზემოთმითითებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების არარსებობის გამო. ხოლო რაც შეეხება აპელანტის მოთხოვნას - სასამართლოს გარეშე ხარჯის სახით სააპელაციო ინსტანციის ეტაპისთვის ადვოკატის დახმარებისთვის თანხის ანაზღაურებისა, პალატა განმარტავს, რომ მოსარჩელე სარგებლობდა ადვოკატის მომსახურებით, რისთვისაც გაწეული ხარჯის ასანაზღაურებლად თანხა დაეკისრა მოპასუხეს.
IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე მუხლებით
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. საქართველოს გენერალური პროკურატურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. მ-----ა ქ-------ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
3. შეიცვალოს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 03 აპრილის გადაწყვეტილების მე-2 პუნქტი ადვოკატის ხარჯის ანაზღაურების ნაწილში.
4. მოპასუხე საქართველოს გენერალურ პროკურატურას დაეკისროს მოსარჩელის მიერ ადვოკატის მომსახურებისათვის გადახდილი თანხის ანაზღაურება 2500 (ორიათასხუთასი) ლარის ოდენობით.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 03 აპრილის გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. N6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. N7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
მოსამართლე: გიორგი გოგიაშვილი