განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 29.11.2019
საქმის ნომერი
330310018002790305
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
29.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3ბ/2674-19 (330310018002790305)

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი

 

29 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე: გიორგი გოგიაშვილი

 

აპელანტი (მოსარჩელე) - ნ--------ა

 

აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს გენერალური პროკურატურა

 

მესამე პირი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;

 

დავის საგანი - მორალური ზიანის ანაზღაურება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 10 მაისის გადაწყვეტილება გადაწყვეტილება

 

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

 

I I ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1.აპელანტ საქართველოს გენერალური პროკურატურის მოთხოვნა:

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 7 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

1.2 აპელანტ ნ--------ას მოთხოვნა:

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 7 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

2.1.გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 7 მაისის გადაწყვეტილებით ნ--------ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. საქართველოს გენერალურ პროკურატურას ნ--------ას სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება 100 000 (ასი ათასი) ლარის ოდენობით. სხვა ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

2.1. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 15 აგვისტოს განაჩენით ნ--------ას მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 109-ე მუხლის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 17, 105-ე მუხლზე (1996 წელს მოქმედ რედაქციაზე). იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით), 17, 105-ე მუხლით (1996 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) და ერთობლივად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის გამოყენებით შეეფარდა უვადო თავისუფლების აღკვეთა.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 16 აპრილის განაჩენი №1/ბ-2161-06 საქმეზე (ს.ფ.19-59).

 

2.1.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 16 აპრილის განაჩენით (№1/ბ-2161-06 საქმეზე) ნ--------ას დანაშაულებრივი ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 109-ე მუხლის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტიდან (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციიდან) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 17, 105-ე მუხლზე (1996 წელს მოქმედ რედაქციაზე). საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის საფუძველზე ნ--------ას დანაშაულებრივი ქმედება, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) შესაბამისობაში მოვიდა და დაკვალიფიცირდა განაჩენის გამოტანის დროისათვის მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ხოლო 109-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტი (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) შესაბამისობაში მოვიდა განაჩენის გამოტანის დროისთვის მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსთან და დაკვალიფიცირდა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით. სხვა ნაწილში კვალიფიკაცია დატოვებული იქნა უცვლელად. ნ--------ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა უვადო თავისუფლების აღკვეთა.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

 

- თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 16 აპრილის განაჩენი №1/ბ-2161-06 საქმეზე (ს.ფ.19-59).

 

2.1.3. ნ--------ას ადვოკატის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 16 აპრილის განაჩენთან (№1/ბ-2161-06 საქმეზე) დაკავშირებით დაუშვებლად იქნა ცნობილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 11 დეკემბრის განჩინებით №999აპ საქმეზე.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 11 დეკემბრის განჩინება (ს.ფ.60-62).

 

2.1.4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 11 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულ ნ--------ას შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. ცვლილება შევიდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 16 აპრილის განაჩენში: ნ--------ა ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მოქმედი რედაქცია) და 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით); საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), სსკ-ის 17,105-ე მუხლით (1996 წელს მოქმედი რედაქციით); სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (მოქმედი რედაქციით) და 109-ე მუხლის „ი“ და „ო“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მოქმედი რედაქცია) და 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) _ თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით; 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) _ თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით, 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე გათავისუფლდა დანიშნული სასჯელის მოხდისგან; საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) _ თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე გათავისუფლდა დანიშნული სასჯელის მოხდისგან; სსკ-ის 17,105-ე მუხლით (1996 წელს მოქმედი რედაქციით) _ თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით, 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე გათავისუფლდა დანიშნული სასჯელის მოხდისგან; სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (მოქმედი რედაქციით) და 109-ე მუხლის „ი“ და „ო“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) _ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა; 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ნ--------ას საბოლოოდ განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 13 მარტის განაჩენით მსჯავრდებულ ნ---------ას ადვოკატების საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 11 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 20 თებერვლის განაჩენი №1აგ/999-16 საქმეზე (ს.ფ. 63-128).

 

2.1.5. საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციის პროკურორის მიერ 2016 წლის 24 ოქტომბერს გამოტანილ იქნა დადგენილება მსჯავრდებულების - ნ--------ასა და სხვათა მიმართ სისხლის სამართლისწარმოების პროცესში მათი უფლებების არსებითი დარღვევის შესახებ.

 

აღნიშნული დადგენილების საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 310-ე მუხლის „ზ“ პუნქტის შესაბამისად, პროკურორმა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ნ--------ასა და სხვათა მიმართ განაჩენის გადასინჯვა ახლად გამოვლენილი გარემოებათა გამო.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 20 თებერვლის განაჩენით (№1აგ/999-16 საქმეზე) ნ--------ა ცნობილ იქნა უდანაშულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით); საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (განაჩენის გამოტანის დღისათვის მოქმედი რედაქციით) და სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ,,ი“ და „ო“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) წარდგენილ ბრალდებაში (ნ. ლომინაძის მკვლელობის ეპიზოდი). დანარჩენ ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 11 ივლისის და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 13 მარტის განაჩენები დარჩა უცვლელად, კერძოდ: ნ--------ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მოქმედი რედაქციით) და 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით); საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით), სისხლის სამართლის კოდექსის 17,105-ე მუხლით (1996 წელს მოქმედი რედაქციით) და სასჯელის ზომად საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 7 (შვიდი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

განაჩენის მიხედვით, სასამართლოში წარდგენილი მასალებით დადგინდა, რომ 2006 წლის 4 აპრილს საქართველოს მთავარ პროკურატურაში შევიდა გამოძიების ფედერალური ბიუროს ლაბორატორიის 2006 წლის 31 მარტის დასკვნა, რომლის თანახმადაც, ნ--------ასა და სხვა პირთა ნერწყვის ნიმუშების წყაროები გამორიცხული იყვნენ შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სიგარეტის ნამწვის ნიმუშიდან მოპოვებული დნმ-ის ნარევის პოტენციური წარმომქმნელები. იმავე ლაბორატორიიდან საქართველოს პროკურატურაში გამოგზავნილი იქნა ასევე 2006 წლის 7 სექტემბრით დათარიღებული დასკვნა, რომლის თანახმად, შედარებისთვის გაგზავნილი თითის ანაბეჭდები არ ეკუთვნოდათ ნ--------ას და სხვა პირებს. ვინაიდან აღნიშნული დასკვნები არ მოხვდა სისხლის სამართლის საქმეში, დაიწყო გამოძიება. მითითებულ განაჩენში სასამართლო აღნიშნავს, რომ ახალი მტკიცებულებების გაანალიზების საფუძველზე ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი მოწმის ჩვენებების ფალსიფიცირების თაობაზე. სასამართლომ ეჭვქვეშ დააყენა მოწმეთა ჩვენებები, რომლებსაც ეყრდნობოდა გამამტყუნებელი განაჩენი, ასევე განმარტა, რომ საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნები იყო არაერთგვაროვანი და რიგ შემთხვევებში _ ურთიერთსაწინააღმდეგო. ახალი გამოძიების ფარგლებში მოპოვებულ მტკიცებულებათა შეფასების შედეგად, სასამართლომ დაასკვნა, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით შეუძლებელია იმის მტკიცება, რომ განაჩენში მითითებულ პირთა მიერ ჩადენილია ნ-----–------–-------ის მკვლელობის ეპიზოდში ბრალად შერაცხული დანაშაული.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 20 თებერვლის განაჩენი №1აგ/999-16 საქმეზე (ს.ფ. 63-128).

 

2.1.6. ნ--------ას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2005 წლის 23 დეკემბრიდან და 2017 წლის 20 თებერვალს გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 16 აპრილის განაჩენი №1/ბ-2161-06 საქმეზე (ს.ფ.19-59);

- თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 20 თებერვლის განაჩენი №1აგ/999-16 საქმეზე (ს.ფ.63-128).

 

2.1.7. „ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ“ 2018 წლის 31 ივლისის ცნობის თანახმად, ნ--------ას დიაგნოზად განისაზღვრა: ცხვირის ძგიდე გამრუდებული J34.2, ცხვირის ნიჟარის ჰიპერტროფია J34.3, თანმხლები დაავადება ჰეპატიტი C. ცნობის თანახმად, ნ--------ას ჩაუტარდა შემდეგი მკურნალობა - ცხვირის ძგიდის გაკვეთა, ტურბინოპლასტიკა (ნიჟარების პლასტიკა), სხვა ზოგადი ანესთეზია, ცხვირის ძგიდის გაკვეთა და ტურბინოპლასტიკა ლაზერის გამოყენებით გაკეთდა ზ/ა ქვეშ.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- „ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ“ 2018 წლის 31 ივლისის ცნობა (ს.ფ.129).

 

2.2. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

2.2.1. სასამართლო მიუთითა, საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის მე-6 პუნქტის მე-2 წინადადებაზე, რომლის თანახმად უკანონოდ თავისუფლებაშეზღუდულ პირს აქვს კომპენსაციის მიღების უფლება.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის (ძველი რედაქციით _ 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის) თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება, შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით მოითხოვოს და მიიღოს უკანონოდ ჩატარებული საპროცესო მოქმედებისა და უკანონო გადაწყვეტილების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება. სასამართლოს მოსაზრებით, მითითებული მუხლი წარმოადგენს ზოგადი ხასიათის ნორმას, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფოს ვალდებულებას უკანონოდ დაკავებულ, დაპატიმრებულ ან მსჯავრდებულ პირს შეუქმნას იმის სამართლებრივი შესაძლებლობა, რომ საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოს კომპენსაციის მოთხოვნისა და მიღების უფლების განხორციელების ეფექტური და რეალური სამართლებრივი მექანიზმი.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილების (საქმე №2/3/423) განმარტების თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით ,,გათვალისწინებულია როგორც მატერიალური, ასევე, პროცესუალური ხასიათის კონსტიტუციური გარანტიები. 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ყველას ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს და მიიღოს ზარალის ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან. გარდა ამისა, ყველასთვის არის უზრუნველყოფილი სამართლებრივი დაცვის საშუალება - სასამართლოსათვის მიმართვა. ნათლად არის დადგენილი ანაზღაურების მასშტაბებიც – ზარალი სრულად უნდა ანაზღაურდეს. ამ სახით ჩამოყალიბებული კონსტიტუციური ნორმა კანონმდებელს უტოვებს თავისუფალი მოქმედების ვიწრო არეალს, რაც, უპირატესად, კონსტიტუციური მოთხოვნების დაცვით პროცედურული საკითხების მოწესრიგებას მოიცავს“.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ სახელმწიფო ორგანოთა და მოსამსახურეთა მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანის სახელმწიფო სახსრებიდან ანაზღაურების უფლება აღიარებული და გარანტირებულია, როგორც საქართველოს კონსტიტუციით, აგრეთვე, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ ევროპული კონვენციის მე-5 მუხლით.

 

„ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყველას აქვს თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება. არავის შეიძლება აღეკვეთოს თავისუფლება, გარდა შემდეგი შემთხვევებისა და კანონით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად. ამავე ნორმის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ყველას, ვინც არის დაკავების ან დაპატიმრების მსხვერპლი ამ მუხლის დებულებათა დარღვევის გამო, აქვს კომპენსაციის მიღების უფლება.

 

სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისი ორგანოების მიერ მიყენებული ზიანისათვის დადგენილია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავის დებულებებით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.

 

ამავე კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილით, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის განმარტების (საქმე №ბს-648-623(2კ-13), 10.04.2014წ.), თანახმად, „ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, შესაბამისად, კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული. ამასთან, აღნიშნული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის მიერ ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურეობრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.“

 

არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების წესს ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლი, რომელიც ადგენს, რომ არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილით, პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურეობრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს; ამავე ნორმის მე-3 ნაწილის თანახმად, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ან გაუსვლელობის ხელწერილის უკანონოდ გამოყენების, პატიმრობის, ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებული ზიანი ანაზღაურდება სახელმწიფოს მიერ მოკვლევის, წინასწარი გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად.

 

სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მითითებული ნორმის თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება მიუხედავად ზიანის მიმყენებლის ბრალისა, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის საკმარისია, სახეზე იყოს პირის მარეაბილიტირებელი გარემოება. მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძვლების მიმართ უნდა გავრცელდეს იგივე მოთხოვნები.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განმარტებით (08.04.2009წ. საქმეზე №ბს-972-936(3კ-08), „არაქონებრივი უფლებები წარმოადგენს სამოქალაქო სამართლის იმ ობიექტს, რომელსაც გააჩნია მისთვის დამახასიათებელი თავისებურებები. არსებითი განსხვავება მდგომარეობს არაქონებრივი უფლების ხელყოფის შედეგად დამდგარი ზიანის შინაარსში. სამოქალაქო სამართლის აღნიშნული ობიექტის სპეციფიკის გათვალისწინებით მისი ხელყოფის შედეგად დამდგარ ზიანს ქონებრივი ეკვივალენტი არ გააჩნია. ამდენად, არაქონებრივი ზიანის მოთხოვნის წარმოშობისათვის საკმარისია, არსებობდეს არაქონებრივი უფლების ხელყოფის ფაქტი, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა. მორალური ზიანის მოცულობას (რომელსაც არ გააჩნია მატერიალური გამოხატულება) განსაზღვრავს სასამართლო გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლში მითითება მორალური ზიანის გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების თაობაზე გულისხმობს ზიანის მიმყენებლის ბრალეულობის ხარისხის, დაზარალებულის განცდების სიღრმისა და ინდივიდუალური თავისებურების გათვალისწინებას. მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს, მოპასუხეების მიერ მატერიალური ზიანის ანაზღაურების ფაქტს, ასევე დაზარალებულის სუბიექტურ დამოკიდებულებას მორალური ზიანის მიმართ და ობიექტურ გარემოებებს. ამ გარემოებათა შორისაა დაზარალებულის ცხოვრების პირობები (საოჯახო, ყოფითი, მატერიალური, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასაკი და ა.შ.), ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა და სხვა გარემოებები. მორალური ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში არ ხდება ხელყოფილი უფლების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია. შეუძლებელია ფულადი ფორმით ჯანმრთელობის შეფასება, კომპენსაციის მიზანია მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების, ნეგატიური განცდების შემსუბუქება, დადებითი ემოციების გამოწვევა, რომელიც ეხმარება დაზარალებულს სულიერი გაწონასწორების მიღწევაში, სოციალურ ურთიერთობებში ჩართვაში, რაც მორალური (არაქონებრივი) ზიანის ანაზღაურების სატისფაქციურ ფუნქციას შეადგენს“.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 16 აპრილის განაჩენით (№1/ბ-2161-06 საქმეზე) ნ--------ას სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის „ი“ და „ო“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულისთვის შეეფარდა უვადო თავისუფლების აღკვეთა.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 11 ივლისის განაჩენით კი ცვლილება შევიდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 16 აპრილის განაჩენში. სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (მოქმედი რედაქციით) და 109-ე მუხლის „ი“ და „ო“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული მსჯავრდების ნაწილში სასჯელის სახით განესაზღვრა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა; 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციის პროკურორის მიერ 2016 წლის 24 ოქტომბერს გამოტანილი დადგენილების (მსჯავრდებულების - ნ--------ასა და სხვათა მიმართ სისხლის სამართლისწარმოების პროცესში მათი უფლებების არსებითი დარღვევის შესახებ) საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 310-ე მუხლის „ზ“ პუნქტის, შესაბამისად, პროკურორმა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ნ--------ასა და სხვათა მიმართ განაჩენის გადასინჯვა ახლად გამოვლენილი გარემოებათა გამო.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 20 თებერვლის განაჩენით (№1აგ/999-16 საქმეზე) ნ--------ა ცნობილ იქნა უდანაშულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით); საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (განაჩენის გამოტანის დღისათვის მოქმედი რედაქციით) და სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ,,ი“ და „ო“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) წარდგენილ ბრალდებაში (ნ. ლომინაძის მკვლელობის ეპიზოდი). დანარჩენ ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 11 ივლისის და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 13 მარტის განაჩენები დარჩა უცვლელად, კერძოდ: ნ--------ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მოქმედი რედაქციით) და 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით); საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით), სისხლის სამართლის კოდექსის 17,105-ე მუხლით (1996 წელს მოქმედი რედაქციით) და სასჯელის ზომად საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 7 (შვიდი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

ნ--------ას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2005 წლის 23 დეკემბრიდან და 2017 წლის 20 თებერვალს გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

სასამართლო განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლით განსაზღვრული ზიანის ანაზღაურებისთვის პირის მარეაბილიტირებელ გარემოებად უპირობოდ უნდა იქნას მიჩნეული პირის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, ვინაიდან ამგვარი აქტი ადასტურებს, რომ გამართლებულ პირს დანაშაული არ ჩაუდენია, რაც, თავის მხრივ, განაპირობებს მის უფლებებში აღდგენას - მის რეაბილიტაციას. რაც შეეხება აღნიშნული მუხლის მეორე კომპონენტს - ქმედების უკანონობას, ქმედების უკანონობა არ უნდა შეფასდეს მხოლოდ კონკრეტული საპროცესო თუ მატერიალური ნორმის დარღვევის დადგენით, გამართლებულს პირს უნდა მიეცეს უფლებების აღდგენის ეფექტური შესაძლებლობა. მართალია, სისხლისსამართლებრივი დევნა და ბრალდებულის მიმართ გამოყენებული იძულების ღონისძიებები ემსახურება სახელმწიფოს ლეგიტიმურ მიზანს - საზოგადოების, მისი კონკრეტული წევრის უსაფრთხოების დაცვას, ამასთან, უფლებამოსილი ორგანო წინასწარ ვერ განსაზღვრავს კონკრეტული საქმის შედეგს, ვინაიდან მტკიცებულებათა შეფასება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საკმარისობის კუთხით წარმოადგენს სასამართლოს კომპეტენციას, თუმცა, პირს, რომლის მიმართაც დადგა გამამართლებელი განაჩენი, უნდა მიეცეს შესაბამისი კომპენსაცია სახელმწიფოს მხრიდან მისი უფლებებში გაუმართლებელი ან/და გადაჭარბებული ჩარევისთვის. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში სახეზეა სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული მარეაბილიტირებლი გარემოება და შესაბამისად, ქმედების უკანონობა.

 

ამრიგად, მოქმედი კანონმდებლობით არსებობს გამართლებული პირის უფლების დაცვის მექანიზმი და გამართლებულ პირს შეუძლია, აღიდგინოს დარღვეული უფლებები. კერძოდ, გამართლებულ პირს აქვს შესაძლებლობა, დარღვეული უფლება აღიდგინოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული რეაბილიტაციისა და სისხლის სამართლის პროცესის ორგანოების უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედებების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების გზით.

 

2.2.1. მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას განსაზღვრავს სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე. მოსარჩელე უფლებამოსილია, სარჩელში მიუთითოს ფულადი თანხა, რომელსაც ის ითხოვს მიყენებული სულიერი თუ ფიზიკური ტკივილის კომპენსაციისათვის, მაგრამ ეს მოთხოვნა მოსარჩელის მხოლოდ მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ უნდა გადაწყდეს. მორალური ზიანი გულისხმობს ფიზიკურ და ზნეობრივ-ფსიქოლოგიურ ტანჯვას, რასაც პირი განიცდის ამა თუ იმ სიკეთის, უმეტესწილად არამატერიალურ ფასეულობათა ხელყოფით და მის ანაზღაურებას აკისრია სამი ფუნქცია: დააკმაყოფილოს დაზარალებული, ზემოქმედება მოახდინოს ზიანის მიმყენებელზე და თავიდან აიცილოს პიროვნული უფლების ხელყოფა სხვა პირების მიერ. მორალური ზიანის შეფასებისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულება ასეთი ზიანის სიმძიმის მიმართ, ასევე, ობიექტური გარემოებები, რითაც შეიძლება მისი ამ კუთხით შეფასება. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება დადგინდეს მორალური ზიანის არსებობა და მისი გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმები.

 

კანონი არ ადგენს მორალური ზიანის ასანაზღაურებელ ოდენობას, რამდენადაც მორალური ზიანის ანაზღაურების კონკრეტული შემთხვევა ინდივიდუალურია, განპირობებულია მრავალი სხვადასხვა ფაქტორით. ამასთან, მორალური ზიანის მოცულობა სასამართლოს მიერ ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად განისაზღვრება, როგორც დამდგარი ზიანის სიმძიმის, ისე ბრალის ხარისხის მიხედვით.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ უკანონო პატიმრობით მოსარჩელეს მიადგა მორალური ზიანი, მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას განსაზღვრავს სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე, მაგრამ ეს მოთხოვნა მხოლოდ მოსარჩელის მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობის ოდენობის გონივრულ ფარგლებში განსაზღვრა სასამართლოს მიერ უნდა გადაწყდეს. შელახული სიკეთის ხასიათიდან გამომდინარე და სულიერი ტანჯვის ხარისხის ზუსტად განსაზღვრის შეუძლებლობის გამო, უფრო მართებულია ზიანის კომპენსაცია, რამდენადაც ეს შესაძლებელია საერთოდ. მორალური ზიანის ანაზღაურების უმთავრეს მიზანს არ წარმოადგენს ხელყოფილი უფლებების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია და შეუძლებელია მისი სრულად აღდგენა.

 

ამა თუ იმ ფორმით თავისუფლების აღკვეთა ყოველთვის იწვევს დისკომფორტს, მაგრამ დაპატიმრებული პირი, გონივრულ ფარგლებში, მაინც ვალდებულია ითმინოს ეს, როდესაც დაცულია გარკვეული სტანდარტები. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ხაზს უსვამს, რომ არსებობს ტანჯვის დონე, რომელიც გარდაუვალად უკავშირდება დაკავებას (პაპონი საფრანგეთის წინააღმდეგ, 2002 წლის 25 ივლისი, §40) და თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული სასჯელი ყველა შემთხვევაში იწვევს სირთულეს და ტანჯვას. იმავეს ვერ ვიტყვით პირზე, რომელიც უკანონოდ და დაუსაბუთებლად არის დაპატიმრებული. ის არ არის ვალდებული, ითმინოს პატიმრობასთან დაკავშირებული დისკომფორტი, რაც გამოიხატება თუნდაც მთელი რიგი უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობის შეუძლებლობაში ან შეზღუდვაში. უკანონოდ დაპატიმრებული პირის პატიმრობაში ყოფნაა, როგორც ასეთი, უკანონობა, მიუხედავად იმისა, დაირღვევა თუ არა რეჟიმის რომელიმე მოთხოვნა.

 

მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობის დადგენის მიზნებისთვის მოსარჩელე დამატებით მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ მისი ძმა - ბ---------ამ მიიღო ინსულტი, მას შემდეგ რაც ნ--------ას მიესაჯა უვადო პატიმრობა, ხოლო დედა - დ------------ა ნერვიულობისა და სტრესული მდგომარეობის გამო გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობის შედეგად გარდაიცვალა. საქმეში წარმოდგენილი „ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ“ ცნობების თანახმად, ბ---------ას ზემოაღნიშნული დიაგნოზი დაუდგინდა 2010 წელს, ამასთან დ------------ა გარდაიცვალა 2012 წელს, ხოლო ნ--------ა მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილია 2006 წელს. სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმის განხილვისას გამოკვლეული გარემოებებით არ დასტურდება მიზეზობრივი კავშირი ზემოაღნიშნულ გარემოებებს შორის, ამდენად სასამართლო ზიანის ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში ვერ მიიღებს ამ გარემოებას.

 

სასამართლოს მოსაზრებით, გადაწყვეტილება ზიანის ანაზღაურების მოპასუხისთვის დაკისრების თაობაზე ვერ დაეფუძნება მოსარჩელის მიერ მითითებულ ერთ-ერთ საფუძველს, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნისას იგი იყო წამების მსხვერპლი. სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ ფაქტების დადასტურების შემთხვევაშიც კი, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით შეუძლებელია იმის დადასტურება, თუ რა კავშირი ჰქონდა საქართველოს პროკურატურას სასჯელაღსრულების სისტემას დაქვემდებარებულ დაწესებულებაში ყოფნისას მისი ცემისა და წამების ფაქტებთან. ამდენად, სასამართლო დადასტურებულად ვერ ჩათვლის მიზეზობრივ კავშირს პროკურატურის თანამშრომელთა ქმედებებსა და ნ--------ას ჯანმრთელობის დაზიანებას შორის. მიზეზობრივი კავშირის დადგენის გარეშე კი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილება შეუძლებელია.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობის განსაზღვრის მიზნით სასამართლომ მხედველობაში მიიღო იმ გარემოება, რომ პირის ბრალდება (სსკ-ის 236-ე და 109-ე მუხლებით გათვალისწინებული მსჯავრდების ნაწილში) ეფუძნებოდა გამოძიების პროცესში მისი უფლებების დარღვევას, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს უკანონო პატიმრობით გამოწვეულ მორალურ ტანჯვას, ასევე _ უკანონო ბრალდების გამო (სსკ-ის 236-ე და 109-ე მუხლებით გათვალისწინებული მსჯავრდების ნაწილში) მნიშვნელოვნად გახანგრძლივებული თავისუფლების აღკვეთის პერიოდს, ასევე ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ თავისუფლების აღკვეთაში ყოფნის პერიოდიდან უმეტესი დროის განმავლობაში 2006 წლის 15 აგვისტოდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 11 ივლისის განაჩენის გამოტანამდე ნ--------ა სასჯელს იხდიდა უვადო თავისუფლების აღკვეთის სახით, რაც შეეფარდა იმ დანაშაულისთვის, რომელიც მას არ ჩაუდენია. სასამართლომ მიიჩნია, რომ უვადო თავისუფლების აღკვეთის სახით სასჯელის მოხდა განსაკუთრებით ამძაფრებდა პატიმრობაში ყოფნით გამოწვეულ მორალურ ტანჯვას იმ პერიოდშიც კი, როდესაც იგი სხვა დანაშაულებისთვის მართებულად იხდიდა სასჯელს (იგულისხმება გამამტყუნებელი განაჩენის ის პუნქტები, რომლებიც არ გაუქმებულა 2017 წლის 20 თებერვლის განაჩენით), რადგანაც „ვადის განუსაზღვრელობა, თავისთავად, პატიმარს უქმნის განსაკუთრებულ ფსიქოლოგიურ სტრესს, მიუხედავად იმისა, რამდენ ხანს გასტანს იგი“ (იხ. ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის საწინააღმდეგო ევროპული კომიტეტის 2016 წლის აპრილის 25-ე საერთო ანგარიში უვადოდ თავისუფლებააღკვეთილ პირთა მდგომარეობის შესახებ).

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ ზემოთ მითითებული ფაქტორების გათვალისწინებით, განსახილველ შეთხვევაში მიყენებული მორალური ზიანის ასანაზღაურებლად გონივრული თანხაა 100 000 (ასი ათასი) ლარი. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეს უნდა დაეკისროს 100 000(ასი ათასი) ლარის გადახდა.

 

3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.1. ნ--------ას სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

სააპელაციო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის 7 მაისის გადაწყვეტილებით, სასამართლომ არასწორად მიუთითა ფაქტობრივი გარემოება, რომ აპელანტის ძმამ ბ---------ამ ინსულტი მიიღო 2010 წელს, ნაცვლად 2007 წლისა.

 

აპელანტი უთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლზე, რომლის თანახმად არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც აღნიშნული კოდექსის მე-18 მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან.

 

აპელანტი აღნიშნავს, რომ სასამართლოს განმარტებით კანონით ერთმნიშვნელოვნად არის დადგენილი მორალური ზიანის ანაზღაურება პატივის, ღირსების, პირადი ცხოვრების საიდუმლობის, პირადი ხელშეუხებლობისა ან საქმიანი რეპუტაციის შელახვისას, ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენებისას. ამდენად, პირის კანონით დაცული სხვა უფლებების შეზღუდვა არ წარმოშობს არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას, რაც გამოწვეულია მორალური ზიანის სპეციფიკით, რამეთუ სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლით განსაზღვრული სიკეთის ხელყოფისას, პირი განსაკუთრებულად განიცდის სულიერ თუ ფიზიკურ ტანჯვას. აღნიშნულიდან გამომდინარე, არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება ხდება მხოლოდ კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი სიკეთის ხელყოფისას, მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძველი განსახილველ შემთხვევაში არის სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მესამე ნაწილი, რადგან მის მიმართ მიმდინარეობდა სისხლისსამართლებრივი დევნა, მის მიმართ გამოყენებული იყო აღკვეთის ღონისძიება, იგი იმყოფებოდა პატიმრობაში, რაც იწვევს ღირსების შელახვას, ადგილი ჰქონდა მის მიმართ ისეთ მოქმედებას რომელიც აყენებდა მას ფიზიკურ და ზნეობრივ ფსიქოლოგიურ ტანჯვას აღნიშნული სამართლებრივი სიკეთის ხელყოფა კი არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების საფუძველია.

 

აპელანტი აღნიშნავს, რომ მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის უკანონოდ აღძვრა, აღკვეთის ღონისძიების გამოყენება, უკანონო პატიმრობაში ყოფნა ერთმნიშვნელოვნად წარმოადგენს პირისთის მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძველს, სახეზეა მიზეზობრივი კავშირი სახელმწიფო ორგანოს ქმდებასა და დამდგარ შედეგს შორის. მორალური ზიანის ანაზღაურების კონკრეტული შემთხვევა ინდივიდუალურია, განპირობებულია მრავალი სხვადასხვა ფაქტორით. აღსანიშნავია ის რომ სისხლისსამართლებრივი დევნა და აღკვეთის ღონისძიების მოქმედება არ არის ჩვებულებრივი და რიგითი მოვლენა ადამიანის ცხოვრებაში, ის დაკავშირებულია ნეგატიურ განცდებთან, სტრესთან და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან. აპელანტი არ იყო ვალდებული ეთმინა უკანონო სისხლისსამართლებრივ დევნასთან დაკავშირებული დისკომფორტი, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზემოქმედება.ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტს მიაჩნია, რომ მიყენებული მორალური ზიანის ასანაზღაურებლად მოთხოვნილია გონივრული თანხა, ხოლო სასამართლოს მიერ განსაზღვრული 100 000 ლარი მორალური ზიანის ასანაზღაურებლად ვერ უზრუნველყოფს მიყენებული მორალური ზიანის კომპენსაციას.

 

3.2. საქართველოს გენერალური პროკურატურის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტი უთითებს, საქართველოს კონსტიტუციის 18-ე მუხლის მე-4 პუნქტს, რომლის თანახმად ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტარციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამავე კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად კი - თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად არაქონებრივი ზიანისთვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით, ხოლო მორალური ზიანის ანაზღაურებას ითვალისწინებს ამავე კოდექსის მე-18 მუხლი, რომელიც განსაზღვრავს იმ საფუძვლებს, რომლის ხელყოფის დროსაც პირს უფლება აქვს მოითხოვოს მორალური ზიანის ანაზღაურება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად "პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად "რეაბლიტირებული პირისთვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უკანონოდ გამოყენების, ადმინისტრაციული პატიმრობის, დისციპლინური პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებულ ზიანს აანაზღაურებს სახელმწიფო, გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად. განზრახვისას ან უხეში გაუფრთხილებლობისას ეს პირები სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებენ პასუხს.

 

აპელანტი განმარტავს, რომ აღნიშნული მუხლების დეფინიცია ცხადყოფს, რომ პირს ზიანი უნდა მიადგეს ქმედების განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობის ბრალის ფორმით. ამასთან, მიზეზობრივი კავშირი უნდა არსებობდეს განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს-ზიანს შორის. ასევე მოხელის უკანონო ქმედება, რომელმაც პირისათვის ზიანი გამოიწვია, უნდა გამომდინარეობდეს მოხელის სამსახურეობრივი მდგომარეობიდან და იყოს ბრალეული, განზრახი ან უხეში გაუფრთხილებელი და უნდა არსებობდეს პირდაპირი და არა სავარაუდო მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. მოცემულ შემთხვევაში კი, საქართველოს პროკურატურის მხრიდან ამგვარ ქმედებებს ადგილი არ ჰქონია.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 32-ე თანახმად, პროკურატურა სისხლისსამართლებრივი დევნის ორგანოა. ამ ფუნქციის შესრულების უზრუნველსაყოფად პროკურატურა ახორციელებს გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობას. პროკურატურა ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, სრული მოცულობით ატარებს დანაშაულის გამოძიებას, სასამართლოში მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლის თანახმად კი, პროკურორი თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს სახელმწიფოს სახელით. სასამართლოში პროკურორი არის სახელმწიფო ბრალმდებელი, მას ეკისრება ბრალდების მტკიცების ტვირთი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-14 პუნქტის თანხმად, განაჩენი – პირველი ინსტანციის, სააპელაციო ან საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაა, რომელიც ბრალდებულს ცნობს დამნაშავედ დანაშაულის ჩადენაში ან ამართლებს მას. ამავე მუხლის მე-15 პუნქტის თანახმად, განჩინება - სასამართლოს გადაწყვეტილება (განაჩენის და განკარგულების გარდა) ნებისმიერ საკითხზე.ამავე კოდექსის მე-19 მუხლის თანახმად, სასამართლო სახელმწიფო ხელისუფლების ერთადერთი ორგანოა, რომელიც უფლებამოსილია განახორციელოს მართლმსაჯულება, განიხილოს სისხლის სამართლის საქმე, გამოიტანოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენი.

 

აპელანტი აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 15 აგვისტოს განაჩენით ნ---------ას მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 109-ე მუხლის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 17, 105-ე მუხლზე (1996 წელს მოქმედ რედაქციაზე). იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით), 17, 105-ე მუხლით (1996 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) და ერთობლივად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის გამოყენებით შეეფარდა უვადო თავისუფლების აღკვეთა.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 16 აპრილის განაჩენით (№1/ბ-2161-06 საქმეზე) ნ--------ას დანაშაულებრივი ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 109-ე მუხლის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტიდან (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციიდან) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 17, 105-ე მუხლზე (1996 წელს მოქმედ რედაქციაზე). საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის საფუძველზე ნ--------ას დანაშაულებრივი ქმედება, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) შესაბამისობაში მოვიდა და დაკვალიფიცირდა განაჩენის გამოტანის დროისათვის მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ხოლო 109-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტი (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) შესაბამისობაში მოვიდა განაჩენის გამოტანის დროისთვის მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსთან და დაკვალიფიცირდა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით. სხვა ნაწილში კვალიფიკაცია დატოვებული იქნა უცვლელად. ნ--------ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა უვადო თავისუფლების აღკვეთა.

 

ნ--------ას ადვოკატის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 16 აპრილის განაჩენთან (№1/ბ-2161- 06 საქმეზე) დაკავშირებით დაუშვებლად იქნა ცნობილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 11 დეკემბრის განჩინებით №999აპ საქმეზე.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 11 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულ ნ--------ას შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. ცვლილება შევიდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 16 აპრილის განაჩენში: ნ--------ა ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მოქმედი რედაქცია) და 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით); საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), სსკ-ის 17,105-ე მუხლით (1996 წელს მოქმედი რედაქციით); სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (მოქმედი რედაქციით) და 109-ე მუხლის „ი“ და „ო“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მოქმედი რედაქცია) და 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) _ თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით; 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) _ თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით, 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე გათავისუფლდა დანიშნული სასჯელის მოხდისგან; საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) _ თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე გათავისუფლდა დანიშნული სასჯელის მოხდისგან; სსკ-ის 17,105-ე მუხლით (1996 წელს მოქმედი რედაქციით) _ თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით, 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე გათავისუფლდა დანიშნული სასჯელის მოხდისგან; სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (მოქმედი რედაქციით) და 109-ე მუხლის „ი“ და „ო“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) _ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა; 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ნ--------ას საბოლოოდ განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციის პროკურორის მიერ 2016 წლის 24 ოქტომბერს გამოტანილ იქნა დადგენილება მსჯავრდებულების - ნ--------ასა და სხვათა მიმართ სისხლის სამართლისწარმოების პროცესში მათი უფლებების არსებითი დარღვევის შესახებ.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 20 თებერვლის განაჩენით (№1აგ/999-16 საქმეზე) ნ--------ა ცნობილ იქნა უდანაშულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით); საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (განაჩენის გამოტანის დღისათვის მოქმედი რედაქციით) და სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ,,ი“ და „ო“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) წარდგენილ ბრალდებაში (ნ. ლომინაძის მკვლელობის ეპიზოდი). დანარჩენ ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 11 ივლისის და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 13 მარტის განაჩენები დარჩა უცვლელად, კერძოდ: ნ--------ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მოქმედი რედაქციით) და 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით); საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით), სისხლის სამართლის კოდექსის 17,105-ე მუხლით (1996 წელს მოქმედი რედაქციით) და სასჯელის ზომად საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 7 (შვიდი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

ნ--------ას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2005 წლის 23 დეკემბრიდან და 2017 წლის 20 თებერვალს გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება მიუხედავად ზიანის მიმყენებელის ბრალისა. ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ის გარემოება, რომ კომპენსაციის ოდენობა ვერ აღუდგენს დაზარალებულს ხელყოფამდე არსებულ მდგომარეობას, შესაბამისად ოდენობა უნდა გამომდინარეობდეს გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმებიდან.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 08.04.2009 წლის ადმინისტრაციულ საქმეზე ბს-972-936(3კ-08) ჩამოყალიბებული განმარტების შესაბამისად, მორალური ზიანის მოცულობას (რომელსაც არ გააჩნია მატერიალური გამოხატულება) განსაზღვრავს სასამართლო გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით, რაც გულისხმობს ზიანის მიმყენებლის ბრალეულობის ხარისხის, დაზარალებულის განცდების სიღრმისა და ინდივიდუალური თავისებურების გათვალისწინებას. მორალური ზიანის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს მოპასუხეების მიერ მატერიალური ზიანის ანაზღაურების ფაქტს, ასევე, დაზარალებულის სუბიექტურ დამოკიდებულებას მორალური ზიანის მიმართ და ობიექტურ გარემოებებს. ამ გარემოებათა შორისააა, დაზარალებულის ცხოვრების პირობები (საოჯახო, ყოფითი, მატერიალური, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასაკი და აშ), ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა და სხვა.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 10.04.2014 წლის ადმინისტრაციულ საქმეზე ბს-648-623(3კ-13) ჩამოყალიბებული განმარტების შესაბამისად, კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები, რომ კომპენსაციის ოდენობა არ უნდა იყოს უსაშველოდ გაზრდილი და არ უნდა მოწყდეს რეალობას. მართალია მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას განსაზღვრავს სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე, მაგრამ ეს მოთხოვნა მხოლოდ მოსარჩელის მოსაზრებაა და სასამართლოს მიხედულებით უნდა გადაწყდეს.

 

სასამართლოს, ასევე, მხედველობაში უნდა მიეღო როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოსთან მიმართებით დადგენილი პრაქტიკა ისე, საქართველოს საერთო სასამართლოებში დამკვიდრებული პრაქტიკა. რომელთაგან საორიენტაციოდ დავასახელებ რამოდენიმე მათგანს:

 

· საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილებით (#ბს-648-623(2კ-13) გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში, რომლითაც საქართველოს პროკურატურას ლ.ა-ს სასარგებლოდ დაეკისრა 10 000 ლარის გადახდა (ლ.ა გორის რაიონული სასამართლოს განჩინების საფუძველზე ცნობილი იქნა დამნაშავედ და პატიმრობაში გაატარა თითქმის 1 წელი) საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ევროსასამართლოს პრაქტიკის გათვალისწინებით, მიყენებეული მორალური ზიანის ასანაზღაურებლად გონივრიული თანხაა 7 500 ლარი.

 

· ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 25 მაისის #1/380-12 გადაწყვეტილება, რომლითაც მორალური ზიანის თანხად განისაზღვრა 7 500 ლარი. მოსარჩელე რ.ხ-მ პატიმრობაში გაატარა 1 წელი და 13 დღე.

 

· თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 14 აგვისტოს #3/110-17 გადაწყვეტილება, რომლითაც მორალური ზიანის თანხად განისაზღვრა 9 600 ლარი, მოსარჩელე ზ. გ-მპატიმრობაში გაატარა 01 წელი 03 თვე და 03 დღე.

 

· თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 იანვრის #3/5200-17 გადაწყვეტილება, რომლითაც მორალური ზიანის თანხად განისაზღვრა 10 800 ლარი, მოსარჩელე რ.ა-მსასამართლო განაჩენის საფუძველზე პატიმრობაში გაატარა 1 წელი და 6 თვე.

 

· თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 29 მარტის #3ბ/164-19 გადაწყვეტილებით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს გენერალურ პროკურატურას კ.ე-ს სასარგებლოდ დაეკისრა 10 000 ლარის ანაზღაურება (კ.ე თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის საფუძველზე პატიმრობაში იმყოფებოდა 1 წელი, 1 თვე და 7 დღე) სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ევროპული და ეროვნული სასამართლოების პრაქტიკის გათვალიწინებით, მორალური ზიანის ასანაზღაურებლად გონივრული თანხა შეადგენს 6 500 ლარს.

 

ამასთან, აპელანტი აღნიშნავს, რომ სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს ის გარემოება, რომ გამამართლებელი განაჩენი ნ--------ას მიმართ დადაგა სწორედ, რომ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე.

 

აპელანტი აღნიშნავს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ნ--------ა სასჯელს იხდიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე, რომლითაც მას მიესაჯა უვადო თავისუფლების აღკვეთა, ხოლო მის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დადგა პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 20 თებერვლის განაჩენით. შესაბამისად, საქმის ფაქტობრივი გარემოებების, სამართლებრივი ნორმების, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 8 აპრილისა (ბს-972-936 (3კ-08) და 2014 წლის 10 აპრილის (ბს-648-323(3კ-13) განჩინებებში ჩამოყალიბებული განმარტებების შესაბამისად, ასევე მსგავს საქმეებზე საქართველოს სასამართლო პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე, საქართველოს გენერალური პროკურატურისთვის მორალური ზიანის სახით 100 000 ლარის დაკისრება არ გამომდინარეობს გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმებიდან და სასამართლოს გადაწყვეტილება ამ ნაწილში უნდა გაუქმდეს.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს გენერალური პროკურატურა ითხოვს დაკმაყოფილდეს წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით უარი ეთქვას ნ--------ას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

 

III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

4.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

რამდენადაც სააპელაციო სასამართლო სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებსა და სამართლებრივ შეფასებებს, განჩინების დასაბუთების თვალსაზრისით შემოიფარგლება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილზე მითითებით და თავის მხრივ დამატებით განმარტავს შემდეგს:

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის შესაბამისად, ადამიანის ღირსება ხელშეუვალია და მას იცავს სახელმწიფო. დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ადამიანის თავისუფლება დაცულია. თავისუფლების აღკვეთის ან თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვის შეფარდება დასაშვებია მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით.

 

საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კონსტიტუციაში მითითებული ადამიანის ძირითადი უფლებები, მათი შინაარსის გათვალისწინებით, ვრცელდება აგრეთვე იურიდიულ პირებზე.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.

 

პალატა მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებაზე, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით (ამჟამინდელი რედაქციით მე-18 მუხლის მეოთხე ნაწილი) ,,გათვალისწინებულია როგორც მატერიალური, ასევე, პროცესუალური ხასიათის კონსტიტუციური გარანტიები. 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ყველას ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს და მიიღოს ზარალის ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან. გარდა ამისა, ყველასთვის არის უზრუნველყოფილი სამართლებრივი დაცვის საშუალება - სასამართლოსათვის მიმართვა. ნათლად არის დადგენილი ანაზღაურების მასშტაბებიც – ზარალი სრულად უნდა ანაზღაურდეს. ამ სახით ჩამოყალიბებული კონსტიტუციური ნორმა კანონმდებელს უტოვებს თავისუფალი მოქმედების ვიწრო არეალს, რაც, უპირატესად, კონსტიტუციური მოთხოვნების დაცვით პროცედურული საკითხების მოწესრიგებას მოიცავს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 7 დეკემბრის №2/3/423 გადაწყვეტილება).

 

„კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის უპირველეს მიზანს წარმოადგენს დაზარალებული პირის ინტერესების დაცვა მიყენებული ზარალის ანაზღაურების გზით. სახელმწიფო რესურსის მასშტაბის, მოცულობის და ბუნების გათვალისწინებით, სახელმწიფოს მხრიდან არამართლზომიერ ქმედებათა განხორციელება ხშირ შემთხვევებში გაცილებით მეტი საფრთხის შემცველია კერძო სუბიექტების მხრიდან განხორციელებულ ანალოგიური სახის ქმედებასთან შედარებით. ამიტომ მიყენებული ზარალის ანაზღაურების ვალდებულების დაწესება ხელს უწყობს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა თვითნებობის და ძალაუფლების უკანონოდ გამოყენების პრევენციას. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ზარალის ანაზღაურების უფლებას რამდენიმე წინაპირობის არსებობას უკავშირებს: 1. უნდა არსებობდეს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა სახელით მოქმედი პირის ქმედებით პირისათვის ზარალის მიყენების ფაქტი; 2. ხსენებულ პირთა ქმედების უკანონო ხასიათი დადგენილი უნდა იყოს სათანადო წესით; 3. პირისათვის მიყენებული ზარალი გამოწვეული უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტში მითითებული სუბიექტების უკანონო ქმედებით და უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი უკანონო ქმედებასა და დამდგარ ზარალს შორის.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 7 დეკემბრის 2015 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება №2/3/630).

 

სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისი ორგანოების მიერ მიყენებული ზიანისათვის დადგენილია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავის დებულებებით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამავე კოდექსის 207-ე მუხლის მიხედვით კი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განმარტებაზე (საქმე №ბს-648-623(2კ-13), 10.04.2014წ), რომლის თანახმადაც ,,ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, შესაბამისად, კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული. ამასთან, აღნიშნული კოდექის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის მიერ ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურეობრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო." საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის) უსაფუძვლო გამდიდარების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ვალდებულებითი სამართალი აწესრიგებს ისეთ ვალდებულებებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, რომელთა დარღვევისათვის დამრღვევს სასამართლოს მეშვეობით შეიძლება დაეკისროს შესრულება ან ზიანის ანაზღაურება. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილი ვალდებულების წარმოშობის წინაპირობად მიიჩნევს როგორც ხელშეკრულებას, ასევე, დელიქტს, უსაფუძვლო გამდიდრებას ან კანონით გათვალისწინებულ სხვა საფუძვლებს.

 

სააპელაციო პალატა უთითებს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (საქმე №ბს-52-47(კ-13)23.07.2013წ) განმარტებაზე, რომ ,,დელიქტური ვალდებულება ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილი ვალდებულებაა და არასახელშეკრულებო ვალდებულების ერთ-ერთი სახეა. ზიანი შეიძლება იყოს ხელშეკრულების დარღვევიდან წარმოშობილი ვალდებულების დარღვევის შედეგი, ხოლო დელიქტის დროს კი თვით ზიანის მიყენების ფაქტი წარმოადგენს ვალდებულების წარმოშობის საფუძველს, რომელი ვალდებულების ძალითაც დაზარალებულს უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება მიმყენებლისაგან. ამასთან, ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრება შესაძლებელია, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი." საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს დამდგარი ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს. ხსენებული კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად კი, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

მითითებული მუხლების თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. იმისათვის, რომ წარმოიშვას ზიანის ანაზღაურების წინაპირობა, სახეზე უნდა იყოს პირის მართლსაწინააღმდეგო მოქმედება (უმოქმედობა), წარმოშობილი ზიანი და მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი. ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა წარმოადგენს დელიქტური პასუხისმგებლობის დადგომის სავალდებულო პირობას და გამოიხატება იმაში, რომ პირველი წარმოშობს მეორეს. პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზიანი იყო ზიანის მიმყენებლის მოქმედების (უმოქმედობის) პირდაპირი და გარდაუვალი შედეგი.

 

არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების წესს ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლი, რომელიც ადგენს, რომ არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან.

 

ამავე კოდექსის მე-18 მუხლი ასევე განსაზღვრავს მორალური ზიანის ანაზღაურების კონკრეტულ საფუძვლებს. კერძოდ, მითითებული მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლით გათვალისწინებული სიკეთის დაცვა ხორციელდება, მიუხედავად ხელმყოფის ბრალისა. ხოლო, თუ დარღვევა გამოწვეულია ბრალეული მოქმედებით, პირს შეუძლია მოითხოვოს ზიანის (ზარალის) ანაზღაურებაც. ბრალეული ხელყოფის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს უფლება აქვს მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურებაც. მორალური ზიანის ანაზღაურება შეიძლება ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სიცოცხლე ადამიანის ხელშეუვალი უფლებაა და მას იცავს კანონი. კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების მიხედვით, ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია. დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს.

 

სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლით განსაზღვრული ზიანის ანაზღაურებისთვის პირის მარეაბილიტირებელ გარემოებად უპირობოდ უნდა იქნას მიჩნეული პირის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, ვინაიდან ამგვარი აქტი ადასტურებს, რომ გამართლებულ პირს დანაშაული არ ჩაუდენია, რაც, თავის მხრივ, განაპირობებს მის უფლებებში აღდგენას - მის რეაბილიტაციას. რაც შეეხება აღნიშნული მუხლის მეორე კომპონენტს - ქმედების უკანონობას, ქმედების უკანონობა არ უნდა შეფასდეს მხოლოდ კონკრეტული საპროცესო თუ მატერიალური ნორმის დარღვევის დადგენით, გამართლებულს პირს უნდა მიეცეს უფლებების აღდგენის ეფექტური შესაძლებლობა. მართალია, სისხლისსამართლებრივი დევნა და ბრალდებულის მიმართ გამოყენებული იძულების ღონისძიებები ემსახურება სახელმწიფოს ლეგიტიმურ მიზანს - საზოგადოების, მისი კონკრეტული წევრის უსაფრთხოების დაცვას, ამასთან, უფლებამოსილი ორგანო წინასწარ ვერ განსაზღვრავს კონკრეტული საქმის შედეგს, ვინაიდან მტკიცებულებათა შეფასება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საკმარისობის კუთხით წარმოადგენს სასამართლოს კომპეტენციას, თუმცა, პირს, რომლის მიმართაც დადგა გამამართლებელი განაჩენი, უნდა მიეცეს შესაბამისი კომპენსაცია სახელმწიფოს მხრიდან მისი უფლებებში გაუმართლებელი ან/და გადაჭარბებული ჩარევისთვის. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში სახეზეა სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული მარეაბილიტირებლი გარემოება და შესაბამისად, ქმედების უკანონობა.

 

ამრიგად, მოქმედი კანონმდებლობით არსებობს გამართლებული პირის უფლების დაცვის მექანიზმი და გამართლებულ პირს შეუძლია, აღიდგინოს დარღვეული უფლებები. კერძოდ, გამართლებულ პირს აქვს შესაძლებლობა, დარღვეული უფლება აღიდგინოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული რეაბილიტაციისა და სისხლის სამართლის პროცესის ორგანოების უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედებების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების გზით.

 

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მითითებული ნორმის თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება მიუხედავად ზიანის მიმყენებლის ბრალისა, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის საკმარისია, სახეზე იყოს პირის მარეაბილიტირებელი გარემოება. მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძვლების მიმართ უნდა გავრცელდეს იგივე მოთხოვნები.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განმარტებით (08.04.2009წ. საქმეზე №ბს-972-936(3კ-08), „არაქონებრივი უფლებები წარმოადგენს სამოქალაქო სამართლის იმ ობიექტს, რომელსაც გააჩნია მისთვის დამახასიათებელი თავისებურებები. არსებითი განსხვავება მდგომარეობს არაქონებრივი უფლების ხელყოფის შედეგად დამდგარი ზიანის შინაარსში. სამოქალაქო სამართლის აღნიშნული ობიექტის სპეციფიკის გათვალისწინებით მისი ხელყოფის შედეგად დამდგარ ზიანს ქონებრივი ეკვივალენტი არ გააჩნია. ამდენად, არაქონებრივი ზიანის მოთხოვნის წარმოშობისათვის საკმარისია, არსებობდეს არაქონებრივი უფლების ხელყოფის ფაქტი, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა. მორალური ზიანის მოცულობას (რომელსაც არ გააჩნია მატერიალური გამოხატულება) განსაზღვრავს სასამართლო გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლში მითითება მორალური ზიანის გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების თაობაზე გულისხმობს ზიანის მიმყენებლის ბრალეულობის ხარისხის, დაზარალებულის განცდების სიღრმისა და ინდივიდუალური თავისებურების გათვალისწინებას. მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს, მოპასუხეების მიერ მატერიალური ზიანის ანაზღაურების ფაქტს, ასევე დაზარალებულის სუბიექტურ დამოკიდებულებას მორალური ზიანის მიმართ და ობიექტურ გარემოებებს. ამ გარემოებათა შორისაა დაზარალებულის ცხოვრების პირობები (საოჯახო, ყოფითი, მატერიალური, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასაკი და ა.შ.), ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა და სხვა გარემოებები. მორალური ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში არ ხდება ხელყოფილი უფლების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია. შეუძლებელია ფულადი ფორმით ჯანმრთელობის შეფასება, კომპენსაციის მიზანია მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების, ნეგატიური განცდების შემსუბუქება, დადებითი ემოციების გამოწვევა, რომელიც ეხმარება დაზარალებულს სულიერი გაწონასწორების მიღწევაში, სოციალურ ურთიერთობებში ჩართვაში, რაც მორალური (არაქონებრივი) ზიანის ანაზღაურების სატისფაქციურ ფუნქციას შეადგენს“.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 16 აპრილის განაჩენით (№1/ბ-2161-06 საქმეზე) ნ--------ას სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის „ი“ და „ო“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულისთვის შეეფარდა უვადო თავისუფლების აღკვეთა.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 11 ივლისის განაჩენით კი ცვლილება შევიდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 16 აპრილის განაჩენში. სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (მოქმედი რედაქციით) და 109-ე მუხლის „ი“ და „ო“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული მსჯავრდების ნაწილში სასჯელის სახით განესაზღვრა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა; 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციის პროკურორის მიერ 2016 წლის 24 ოქტომბერს გამოტანილი დადგენილების (მსჯავრდებულების - ნ--------ასა და სხვათა მიმართ სისხლის სამართლისწარმოების პროცესში მათი უფლებების არსებითი დარღვევის შესახებ) საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 310-ე მუხლის „ზ“ პუნქტის, შესაბამისად, პროკურორმა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ნ--------ასა და სხვათა მიმართ განაჩენის გადასინჯვა ახლად გამოვლენილი გარემოებათა გამო.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 20 თებერვლის განაჩენით (№1აგ/999-16 საქმეზე) ნ--------ა ცნობილ იქნა უდანაშულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით); საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (განაჩენის გამოტანის დღისათვის მოქმედი რედაქციით) და სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ,,ი“ და „ო“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) წარდგენილ ბრალდებაში (ნ. ლომინაძის მკვლელობის ეპიზოდი). დანარჩენ ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 11 ივლისის და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 13 მარტის განაჩენები დარჩა უცვლელად, კერძოდ: ნ--------ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მოქმედი რედაქციით) და 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით); საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით), სისხლის სამართლის კოდექსის 17,105-ე მუხლით (1996 წელს მოქმედი რედაქციით) და სასჯელის ზომად საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 7 (შვიდი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

ნ--------ას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2005 წლის 23 დეკემბრიდან და 2017 წლის 20 თებერვალს გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

4.2. პალატა განმარტავს, მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას განსაზღვრავს სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე. მოსარჩელე უფლებამოსილია, სარჩელში მიუთითოს ფულადი თანხა, რომელსაც ის ითხოვს მიყენებული სულიერი თუ ფიზიკური ტკივილის კომპენსაციისათვის, მაგრამ ეს მოთხოვნა მოსარჩელის მხოლოდ მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ უნდა გადაწყდეს. მორალური ზიანი გულისხმობს ფიზიკურ და ზნეობრივ-ფსიქოლოგიურ ტანჯვას, რასაც პირი განიცდის ამა თუ იმ სიკეთის, უმეტესწილად არამატერიალურ ფასეულობათა ხელყოფით და მის ანაზღაურებას აკისრია სამი ფუნქცია: დააკმაყოფილოს დაზარალებული, ზემოქმედება მოახდინოს ზიანის მიმყენებელზე და თავიდან აიცილოს პიროვნული უფლების ხელყოფა სხვა პირების მიერ. მორალური ზიანის შეფასებისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულება ასეთი ზიანის სიმძიმის მიმართ, ასევე, ობიექტური გარემოებები, რითაც შეიძლება მისი ამ კუთხით შეფასება. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება დადგინდეს მორალური ზიანის არსებობა და მისი გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმები.

 

კანონი არ ადგენს მორალური ზიანის ასანაზღაურებელ ოდენობას, რამდენადაც მორალური ზიანის ანაზღაურების კონკრეტული შემთხვევა ინდივიდუალურია, განპირობებულია მრავალი სხვადასხვა ფაქტორით. ამასთან, მორალური ზიანის მოცულობა სასამართლოს მიერ ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად განისაზღვრება, როგორც დამდგარი ზიანის სიმძიმის, ისე ბრალის ხარისხის მიხედვით.

 

სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის მსჯელობას, რომ უკანონო პატიმრობით მოსარჩელეს მიადგა მორალური ზიანი, მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას განსაზღვრავს სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე, მაგრამ ეს მოთხოვნა მხოლოდ მოსარჩელის მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობის ოდენობის გონივრულ ფარგლებში განსაზღვრა სასამართლოს მიერ უნდა გადაწყდეს. შელახული სიკეთის ხასიათიდან გამომდინარე და სულიერი ტანჯვის ხარისხის ზუსტად განსაზღვრის შეუძლებლობის გამო, უფრო მართებულია ზიანის კომპენსაცია, რამდენადაც ეს შესაძლებელია საერთოდ. მორალური ზიანის ანაზღაურების უმთავრეს მიზანს არ წარმოადგენს ხელყოფილი უფლებების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია და შეუძლებელია მისი სრულად აღდგენა.

 

ამა თუ იმ ფორმით თავისუფლების აღკვეთა ყოველთვის იწვევს დისკომფორტს, მაგრამ დაპატიმრებული პირი, გონივრულ ფარგლებში, მაინც ვალდებულია ითმინოს ეს, როდესაც დაცულია გარკვეული სტანდარტები. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ხაზს უსვამს, რომ არსებობს ტანჯვის დონე, რომელიც გარდაუვალად უკავშირდება დაკავებას (პაპონი საფრანგეთის წინააღმდეგ, 2002 წლის 25 ივლისი, §40) და თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული სასჯელი ყველა შემთხვევაში იწვევს სირთულეს და ტანჯვას. იმავეს ვერ ვიტყვით პირზე, რომელიც უკანონოდ და დაუსაბუთებლად არის დაპატიმრებული. ის არ არის ვალდებული, ითმინოს პატიმრობასთან დაკავშირებული დისკომფორტი, რაც გამოიხატება თუნდაც მთელი რიგი უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობის შეუძლებლობაში ან შეზღუდვაში. უკანონოდ დაპატიმრებული პირის პატიმრობაში ყოფნაა, როგორც ასეთი, უკანონობა, მიუხედავად იმისა, დაირღვევა თუ არა რეჟიმის რომელიმე მოთხოვნა.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობის დადგენის მიზნებისთვის მოსარჩელე დამატებით მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მისი ძმა - ბ---------ამ მიიღო ინსულტი, მას შემდეგ რაც ნ--------ას მიესაჯა უვადო პატიმრობა, ხოლო დედა - დ------------ა ნერვიულობისა და სტრესული მდგომარეობის გამო გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობის შედეგად გარდაიცვალა. პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ საქმის განხილვისას გამოკვლეული გარემოებებით არ დასტურდება პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი ზემოაღნიშნულ გარემოებებს შორის, ამდენად სასამართლო ზიანის ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში ვერ მიიღებს ამ გარემოებას.

 

ასევე პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ გადაწყვეტილება ზიანის ანაზღაურების მოპასუხისთვის დაკისრების თაობაზე ვერ დაეფუძნება მოსარჩელის მიერ მითითებულ იმ საფუძველს, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნისას იგი იყო წამების მსხვერპლი. ვინაიდან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით შეუძლებელია იმის დადასტურება, თუ რა კავშირი ჰქონდა საქართველოს პროკურატურას სასჯელაღსრულების სისტემას დაქვემდებარებულ დაწესებულებაში ყოფნისას მისი ცემისა და წამების ფაქტებთან. ამდენად, დადასტურებულად ვერ ჩაითვლება მიზეზობრივი კავშირი პროკურატურის თანამშრომელთა ქმედებებსა და ნ--------ას ჯანმრთელობის დაზიანებას შორის. მიზეზობრივი კავშირის დადგენის გარეშე კი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილება შეუძლებელია.

 

სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობის განსაზღვრის მიზნით სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ პირის ბრალდება (სსკ-ის 236-ე და 109-ე მუხლებით გათვალისწინებული მსჯავრდების ნაწილში) ეფუძნებოდა გამოძიების პროცესში მისი უფლებების დარღვევას, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს უკანონო პატიმრობით გამოწვეულ მორალურ ტანჯვას, ასევე _ უკანონო ბრალდების გამო (სსკ-ის 236-ე და 109-ე მუხლებით გათვალისწინებული მსჯავრდების ნაწილში) მნიშვნელოვნად გახანგრძლივებული თავისუფლების აღკვეთის პერიოდს, ასევე ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ თავისუფლების აღკვეთაში ყოფნის პერიოდიდან უმეტესი დროის განმავლობაში 2006 წლის 15 აგვისტოდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 11 ივლისის განაჩენის გამოტანამდე ნ--------ა სასჯელს იხდიდა უვადო თავისუფლების აღკვეთის სახით, რაც შეეფარდა იმ დანაშაულისთვის, რომელიც მას არ ჩაუდენია. სასამართლოს მიაჩნია, რომ უვადო თავისუფლების აღკვეთის სახით სასჯელის მოხდა განსაკუთრებით ამძაფრებდა პატიმრობაში ყოფნით გამოწვეულ მორალურ ტანჯვას იმ პერიოდშიც კი, როდესაც იგი სხვა დანაშაულებისთვის მართებულად იხდიდა სასჯელს (იგულისხმება გამამტყუნებელი განაჩენის ის პუნქტები, რომლებიც არ გაუქმებულა 2017 წლის 20 თებერვლის განაჩენით), რადგანაც „ვადის განუსაზღვრელობა, თავისთავად, პატიმარს უქმნის განსაკუთრებულ ფსიქოლოგიურ სტრესს, მიუხედავად იმისა, რამდენ ხანს გასტანს იგი“ (იხ. ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის საწინააღმდეგო ევროპული კომიტეტის 2016 წლის აპრილის 25-ე საერთო ანგარიში უვადოდ თავისუფლებააღკვეთილ პირთა მდგომარეობის შესახებ).

 

ზიანის ანაზღაურების მოცულობასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტავს,რომ არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება, შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში, გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. კანონი არ ადგენს მორალური ზიანის ოდენობას, რამდენადაც მორალური ზიანის ანაზღაურების კონკრეტული შემთხვევა ინდივიდუალურია, განპირობებულია მრავალი სხვადასხვა ფაქტორით. ამასთან, მორალური ზიანის მოცულობა სასამართლოს მიერ ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად განისაზღვრება,როგორც დამდგარი ზიანის სიმძიმის, ისე ბრალის ხარისხის მიხედვით. სასამართლოს მიაჩნია, რომ კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები, რომ კომპენსაციის ოდენობა არ უნდა იყოს უსაშველოდ გაზრდილი და არ უნდა მოწყდეს რეალობას. მართალია მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას განსაზღავრავს სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე, მაგრამ ეს მოთხოვნა მხოლოდ მოსარჩელის მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობის განსაზღვრა სასამართლოს მიხედულებით უნდა გადაწყდეს. შელახული სიკეთის ხასიათიდან გამომდინარე და სულიერი ტანჯვის ხარისხის ზუსტად განსაზღვრის შეუძლებლობის გამო, უფრო მართებულია ზიანის კომპენსაცია, რამდენადაც ეს შესაძლებელია საერთოდ. როგორი დიდიც არ უნდა იყოს კომპენსაცია, იგი მაინც ვერ აღუდგენს დაზარალებულს ხელყოფამდე არსებულ სულიერ მდგომარეობას. მორალური ზიანის ანაზღაურების უმთავრეს მიზანს არ წარმოადგენს ხელყოფილი უფლებების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია და შეუძლებებლია მისი სრულად აღდგენა. სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ევრო-სასამართლოს პრაქტიკა არ არის ერთგვაროვანი და ევრო-სასამართლოს მიერ არამატერიალური (მორალური) ზიანის თანხის ოდენობის განსაზღვრა ხორციელდება თითეულ საქმეში ინდივიდუალურად, საქმის ფაქტობრივი გარემოებების, მორალური ზიანის მიმართ დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულების, ობიექტური გარემოებების (დაზარალებულის საოჯახო, ყოფითი, მატერიალური, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასაკი და ა.შ.) და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით (Patsuria v. Georgia; Nikolaishvili v. Georgia; Jashi v. Georgia). (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე #ბს-648-623(2კ-13).

 

სააპელაციო სასამართლო მორალური კომპენსაციის ოდენობის შეფასებისას ითვალისწინებს საერთაშორისო და შიდაეროვნული კანონმდებლობით აღიარებული აბსოლუტური უფლების დარღვევის ხასიათს, მის მნიშვნელობას დემოკრატიული საზოგადოების არსებობისათვის, მოსარჩელის მიმართ დამდგარი ზიანის სიმძიმეს, ფიზიკურ და სულიერ ტკივილს, რისი გათვალისწინებითაც, მიიჩნევს რომ განსახილველ შეთხვევაში ნ--------ასთვის მიყენებული მორალური ზიანის ასანაზღაურებლად პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრული თანხა გონივრულია და საქართველოს გენერალური პროკურატურისა და ნ--------ას მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრები მის შეცვლასთან დაკავშირებით არ უნდა იქნას გაზიარებული.

 

5. საპროცესო ხარჯები:

 

5.1 „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით აპელანტები გათავისუფლებული არიან სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. საქართველოს გენერალური პროკურატურისა და ნ--------ას სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

 

2. ძალაში დარჩეს უცვლელად თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 7 მაისის გადაწყვეტილება;

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21(ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე: გიორგი გოგიაშვილი