განაჩენი შეიცვალა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 140100124008761642
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №781აპ-25 ქ. თბილისი
ს. მ. 781აპ-25 12 თებერვალი, 2026 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ია მეფარიშვილისა და მსჯავრდებულ მ. ს–ს ინტერესების დამცველი ადვოკატების ტ. კ–ისა და ნ. გ–ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 8 ივლისის განაჩენზე.
I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით: მ. ს–ს, – პირადი ნომერი ............., – ბრალად ედებოდა:
1.1. გამოძალვა, ესე იგი სხვისი ნივთის და ქონებრივი უფლების გადაცემის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის მიმართ სახელის გამტეხი ცნობის გახმაურების მუქარა, რომელმაც შეიძლება არსებითად დააზიანოს მისი უფლებები, – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 181-ე მუხლის პირველი ნაწილით.
მ. ს–ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2021 წელს, მ. ს–მა, რომელიც იყო თ.....ის რაიონის სოფელ ყ.... მ....ს მომლოცველი, გადაწყვიტა აღნიშნული მ.....ს სულიერი წინამძღოლის - ი....ს პერსონალური ვლოგის (ვიდეო დღიურის) ხელშესაწყობად განკუთვნილი აპარატურა და ვიდეოპორტალის ადმინისტრირების მომსახურება გამოეძალა მისი ნათესავისთვის - დ. მ....სთვის, რომელიც ეწეოდა წარმატებულ კომერციულ საქმიანობას. 2021 წლის აპრილში, იგი დაუკავშირდა დ. მ....ს, რომელსაც დაემუქრა სოციალურ ქსელებსა და მობილური ტელეფონის საკომუნიკაციო აპლიკაციებში შექმნილ ჯგუფებში სახელის გამტეხი ცნობის გახმაურებით იმ შემთხვევაში, თუ არ შეიძენდა ვიდეო აპარატურას და არ გადაიხდიდა ვიდეოპორტალ „.....“-ის ადმინისტრირების მომსახურების ღირებულებას. ვინაიდან ამგვარი ცნობების გახმაურება არსებითად აზიანებდა დ. მ....ს ღირსებას, იგი იძულებული გახდა ა–ის რ... დაკავშირებოდა მედია სერვისის მენეჯერს - შ...ა ი.... ....ას და შეუთანხმდა ვიდეოპორტალ „....."-ზე ხსენებული ი....ს ვლოგის ადმინისტრირების მომსახურებაზე. აღნიშნული შეთანხმებისამებრ, 2021 წლის 09 აპრილს, სამი თვის ვადით, შპს „.......“-სა და მ. ს–ს შორის გაფორმდა ციფრულ მედიასთან ურთიერთობის ხელშეკრულება, რომლის ღირებულება - 400 აშშ დოლარი (1368 ლარი), დ. მ....მ გადაიხადა. ამავდროულად, დ. მ.... იძულებული გახდა მ. ს–სათვის შეეძინა 400 ლარად ღირებული „Sony“-ს ფირმის ციფრული ფოტოაპარატი. ჯამურად დ. მ....სთვის მიყენებულმა ქონებრივმა ზიანმა შეადგინა 1768 ლარი.
1.2. გამოძალვა, ესე იგი სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენებისა და მისთვის სახელის გამტეხი ცნობის გახმაურების მუქარა, რომელმაც შეიძლება არსებითად დააზიანოს მისი უფლებები, – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით.
მ. ს–ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2021 წლის 3 აგვისტოს, მ. ს– დაუკავშირდა მის ნათესავს - დ. მ....ს და მოსთხოვა 2000 ლარი, წინააღმდეგ შემთვევაში დაემუქრა მას სოციალურ ქსელებსა და მობილური ტელეფონის საკომუნიკაციო აპლიკაციებში შექმნილ ჯგუფებში სახელის გამტეხი ცნობის გახმაურებითა და მისი მეუღლის - რ. უ–ის მიმართ ძალადობით. ვინაიდან ამგვარი ცნობის გახმაურება არსებითად აზიანებდა დ. მ....ს ღირსებას, ამასთან, გაუჩნდა ქმრის მიმართ გამოთქმული მუქარის რეალურად განხორციელების შიში, იგი იძულებული გახდა იმავე დღეს მ. ს–სთვის თ.....ის რაიონში გადაეცა 2000 ლარი.
1.3. გამოსაკითხი პირის იძულება ინფორმაციის მიწოდებაზე უარის თქმისათვის, რასაც ერთვის მისი და მისი ახლო ნათესავების მოკვლისა და ძალადობის მუქარა, – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 372-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
მ. ს–ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2021 წლის განმავლობაში, მ. ს– უკანონოდ უთვალთვალებდა დ. მ....სა და მისი ოჯახის წევრებს. ამასთან, იგი სისტემატურად არასასურველ კომუნიკაციას ამყარებდა დ. მ....სთან, რომლისთვისაც ამგვარი კომუნიკაცია იწვევდა მისი და მისი ოჯახის წევრების მიმართ ძალადობის გამოყენების საფუძვლიან შიშს. 2021 წლის 22 სექტემბერს, მ. ს. თ. შეხვდა დ. მ....ს, სადაც უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება, რის შემდეგაც, მისი და შვილების სიცოცხლის მოსპობის მუქარით, მან აიძულა დ. მ.... მასთან ერთად ჩასულიყო ქ.გ..., სადაც მიიყვანა სასტუმროში და 2 დღე არ აძლევდა თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობას. გათავისუფლების შემდეგ მ. ს. კვლავ აგრძელებდა დ. მ....სთან არასასურველ კომუნიკაციას, რა დროსაც მუდმივი მუქარით გამოწვეული შიშის შედეგად იგი იძულებული გახდა მნიშვნელოვნად შეეცვალა ცხოვრების წესი და განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა. მ. ს–ს მხრიდან ჩადენილ დანაშაულებრივ ფაქტებთან დაკავშირებით დ. მ....მ მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს. აღნიშნულის შესახებ ცნობილი გახდა მ. ს–სთვის, რომელმაც გადაწყვიტა მუქარით დ. მ....ს იძულება, რათა უარი ეთქვა სამართალდამცავი ორგანოსთვის მისი დანაშაულში მამხილებელი ინფორმაციის მიწოდებაზე. აღნიშნული მიზნით, 2022 წლის 18 ივნისს, 2022 წლის 9 ივლისს და 2023 წლის 6 მაისს, იგი დაუკავშირდა დ. მ....ს და უთხრა, რომ მისთვის ცნობილი იყო სამართალდამცავი ორგანოსთვის მის მიერ განცხადებით მიმართვის შესახებ და თუ იგი უარს არ იტყოდა საჩივარზე და საგამოძიებო ორგანოს მიაწვდიდა დანაშაულში მის მამხილებელ ინფორმაციას, მოკლავდა მას და მის შვილებს.
1.4. პირადად და მესამე პირის მეშვეობით პირის, მისი ოჯახის წევრის უკანონო თვალთვალი, არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის, ელექტრონული და სხვა საშუალებით, ნებისმიერი სხვა განზრახი ქმედება, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას და პირის, მისი ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის გამოყენების და ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს და შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის, ჩადენილი ჯგუფურად – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და თავისუფლების უკანონო აღკვეთა, – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით.
მ. ს–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
მ. ს–სათვის ცნობილი იყო, რომ მისი ნათესავი დ. მ.... ეწეოდა წარმატებულ კომერციულ საქმიანობას. 2021 წლის იანვარში, თ.....ის რაიონის სოფელ ყ–ში, მ. ს– შეხვდა დ. მ....ს, რომელსაც სთხოვა თ–დან ს.... მის ტვირთთან ერთად შემოეტანა ორი ყუთი, რომელშიც მ. ს–ს განმარტებით, მოთავსებული იქნებოდა რელიგიური წიგნები. მ. ს–ს საეჭვო რეპუტაციის გამო დ. მ....მ უარი განუცხადა მას ტვირთის ს.... შემოტანაზე. აღნიშნულის გამო, შურისძიების მოტივით მ. ს–მა, გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად, დაიწყო დ. მ....სა და მისი ოჯახის წევრების უკანონო თვალთვალი საცხოვრებელ სახლთან და სამუშაო ადგილზე, ასევე, სიცოცხლის მოსპობის მუქარა - კერძოდ, იგი სისტემატიურად არასასურველ კომუნიკაციას ამყარებდა და უკავშირდებოდა დ. მ....ს ტელეფონისა და ინტერნეტის საშუალებით სოციალურ ქსელებში, სთხოვდა შეხვედრებს ქალაქ თ--....- და თ.....ის რაიონის სხვადასხვა ადგილებში, წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებოდა სოციალურ ქსელებსა და მობილური ტელეფონის საკომუნიკაციო აპლიკაციებში შექმნილ ჯგუფებში სახელის გამტეხი ცნობის გახმაურებით, ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობითა და ქონების განადგურებით. იმისათვის, რომ მ. ს–ს დ. მ.... დაეშინებინა და დაერწმუნებინა მის მიერ ოჯახის წევრებისა და საქმიანობის კონტროლში, იგი პერიოდულად უგზავნიდა მისი მეუღლისა და მამამთილის საზოგადოებრივ სივრცეში ფარულად გადაღებულ ფოტოსურათებს, ასევე, მისი კუთვნილი საწარმოს სატვირთო ავტომანქანების ფოტოსურათებს. პარალელურად მ. ს–მა დ. მ.... გააწევრიანა მობილური ტელეფონის საკომუნიკაციო აპლიკაციაში შექმნილ ე.წ „მ.... .... ...." ჯგუფში, სადაც მის წევრებს ამზადებდნენ ს..... რ... წასაყვანად, თითქოსდა ობოლი ბავშვების დასახმარებლად. აღნიშნული ჯგუფიდან დ. მ.... პერიოდულად ღებულობდა სხვადასხვა დავალებებს, რაც მიმართული იყო მისი დამორჩილებისაკენ, სთხოვდნენ ჰ....ს ტარებასა და „ზ–ის წყლის" მიღებას. 2021 წლის სექტემბერში, დ. მ....მ ამავე ჯგუფიდან მიიღო დავალება, რომ იგი სამუდამოდ უნდა წასულიყო ს..... რ..., წინააღმდეგ შემთხვევაში დაუხოცავდნენ შვილებს, ხოლო ს.... – ...ს სახელმწიფო საზღვართან მას დახვდებოდნენ სხვა ქალებიც, ვისთან ერთადაც იგი წავიდოდა ს..... რ..., საიდანაც ვეღარ დაბრუნდებოდა და ვერც ოჯახის წევრებთან ექნებოდა ურთიერთობა, რაზეც დ. მ....მ განაცხადა უარი.
ვინაიდან დ. მ.... უარს აცხადებდა ს..... რ... სამუდამოდ გამგზავრებაზე, მისი დამორჩილების მიზნით მ. ს–მა გადაწყვიტა მისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა, კერძოდ: 2021 წლის 22 სექტემბერს, მ. ს– დაუკავშირდა დ. მ....ს და მოსთხოვა შეხვედრა, რაზეც იგი დათანხმდა მის მიმართ ჩამოყალიბებული შიშის გამო. იმავე დღეს, თ....., დ... ა... ...ის ხ....- შეხვედრის შემდეგ მ. ს–მა უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება დ. მ....ს, გაათიშინა მობილური ტელეფონი და ფსიქოლოგიურად აიძულა მისი ნების საწინააღმდეგოდ წასულიყო დ... – ... მიმართულებით. მ. ს–მა უკანონოდ თავისუფლებააღკვეთილი დ. მ.... მიიყვანა ქ.გ..., ი....- ს---....–ში მდებარე სასტუმრო „ლ....“, სადაც იმყოფებოდა ორი დღის განმავლობაში - 2021 წლის 24 სექტემბრის ჩათვლით, დ. მ....ს უკანონოდ არ აძლევდა თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობას, კერძოდ, არ აძლევდა სახლში დაბრუნებისა და სასტუმროს დატოვების უფლებას. მას შემდეგ, რაც მან დ. მ....სგან მიიღო მორჩილებისა და მომხდარზე დუმილის შენარჩუნების პირობა, იგი დააბრუნა ქ.თ..... და გაათავისუფლა. გათავისუფლების შემდეგ, მ. ს. კვლავ აგრძელებდა დ. მ....სთან სხვადასხვა მობილური ტელეფონის აპლიკაციებით არასასურველ კომუნიკაციას. ამასთან, 2023 წლის აპრილში, მ. ს– პირადად მივიდა დ. მ....ს სამუშაო ადგილზე თ....., ი....-.... ქ. №.. მდებარე რესტორან „გ---....--....", სადაც დ. მ.... ადგილზე არ დახვდა, თუმცა დაუტოვა სიცოცხლის მოსპობის მუქარის შემცველი შეტყობინება. მუდმივი მუქარით გამოწვეული შიშის შედეგად დ. მ....მ რამდენჯერმე შეიცვალა მობილური ტელეფონის სააბონენტო ნომერი, სატრანსპორტო საშუალება, სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომერი, საცხოვრებელი და სამუშაო ადგილი, მას მუდმივად ეშინოდა მისი შვილების ქუჩაში გადაადგილება, რითაც განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა.
2. გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 14 აგვისტოს განაჩენით:
2.1. მ. ს– საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (2021 წლის 3 აგვისტოს ეპიზოდი) ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;
2.2. მ. ს. საქართველოს სსკ-ის 372-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;
2.3. მ. ს. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;
2.4. მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 10 000 ლარი;
2.5. მ. ს. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;
2.6. მასვე, საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა - იარაღის დამზადების, შეძენისა და იარაღის (მათ შორის - სამსახურებრივ-საშტატო იარაღის) შენახვის, ტარებისა და გამოყენების შეზღუდვა და აკრძალვა - 5 წლით;
2.7. მ. ს. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;
2.8. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულმა მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, მ. ს–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;
2.9. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, მასვე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა - იარაღის დამზადების, შეძენისა და იარაღის (მათ შორის - სამსახურებრივ-საშტატო იარაღის) შენახვის, ტარებისა და გამოყენების შეზღუდვა და აკრძალვა - 5 წლით, რომლის მოხდის ვადა აეთვალა პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების მომენტიდან და ჯარიმა 10 000 ლარის ოდენობით;
2.10. მ. ს–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავებიდან - 2023 წლის 4 დეკემბრიდან.
3. სასამართლომ დაადგინა:
3.1. მ. ს–სათვის ცნობილი იყო, რომ მისი ნათესავი დ. მ.... ეწეოდა წარმატებულ კომერციულ საქმიანობას. 2021 წლის იანვარში, თ.....ის რაიონის სოფელ ყ–ში, მ. ს– შეხვდა დ. მ....ს, რომელსაც სთხოვა თ–დან ს.... მის ტვირთთან ერთად შემოეტანა ორი ყუთი, რომელშიც მ. ს–ს განმარტებით, მოთავსებული იქნებოდა რელიგიური წიგნები. მ. ს–ს საეჭვო რეპუტაციის გამო დ. მ....მ უარი განუცხადა მას ტვირთის ს.... შემოტანაზე. აღნიშნულის გამო, შურისძიების მოტივით მ. ს–მა, გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად, დაიწყო დ. მ....სა და მისი ოჯახის წევრების უკანონო თვალთვალი საცხოვრებელ სახლთან და სამუშაო ადგილზე, ასევე, სიცოცხლის მოსპობის მუქარა - კერძოდ, იგი სისტემატიურად არასასურველ კომუნიკაციას ამყარებდა და უკავშირდებოდა დ. მ....ს ტელეფონისა და ინტერნეტის საშუალებით სოციალურ ქსელებში, სთხოვდა შეხვედრებს ქალაქ თ--....- და თ.....ის რაიონის სხვადასხვა ადგილებში, წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებოდა სოციალურ ქსელებსა და მობილური ტელეფონის საკომუნიკაციო აპლიკაციებში შექმნილ ჯგუფებში სახელის გამტეხი ცნობის გახმაურებით, ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობითა და ქონების განადგურებით. იმისათვის, რომ მ. ს–ს დ. მ.... დაეშინებინა და დაერწმუნებინა მის მიერ ოჯახის წევრებისა და საქმიანობის კონტროლში, იგი პერიოდულად უგზავნიდა მისი მეუღლისა და მამამთილის საზოგადოებრივ სივრცეში ფარულად გადაღებულ ფოტოსურათებს, ასევე, მისი კუთვნილი საწარმოს სატვირთო ავტომანქანების ფოტოსურათებს. პარალელურად მ. ს–მა დ. მ.... გააწევრიანა მობილური ტელეფონის საკომუნიკაციო აპლიკაციაში შექმნილ ე.წ „მ.... .... ...." ჯგუფში, სადაც მის წევრებს ამზადებდნენ ს..... რ... წასაყვანად, თითქოსდა ობოლი ბავშვების დასახმარებლად. აღნიშნული ჯგუფიდან დ. მ.... პერიოდულად ღებულობდა სხვადასხვა დავალებებს, რაც მიმართული იყო მისი დამორჩილებისაკენ, სთხოვდნენ ჰ....ს ტარებასა და „ზ–ის წყლის" მიღებას.
2021 წლის სექტემბერში, დ. მ....მ ამავე ჯგუფიდან მიიღო დავალება, რომ იგი სამუდამოდ უნდა წასულიყო ს..... რ..., წინააღმდეგ შემთხვევაში დაუხოცავდნენ შვილებს, ხოლო ს.... – ...ს სახელმწიფო საზღვართან მას დახვდებოდნენ სხვა ქალებიც, ვისთან ერთადაც იგი წავიდოდა ს..... რ..., საიდანაც ვეღარ დაბრუნდებოდა და ვერც ოჯახის წევრებთან ექნებოდა ურთიერთობა, რაზეც დ. მ....მ განაცხადა უარი. ვინაიდან დ. მ.... უარს აცხადებდა ს..... რ... სამუდამოდ გამგზავრებაზე, მისი დამორჩილების მიზნით, მ. ს–მა გადაწყვიტა მისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა, კერძოდ: 2021 წლის 22
სექტემბერს, მ. ს– დაუკავშირდა დ. მ....ს და მოსთხოვა შეხვედრა, რაზეც იგი დათანხმდა მის მიმართ ჩამოყალიბებული შიშის გამო. იმავე დღეს, თ....., დ... ა... ...ის ხ....- შეხვედრის შემდეგ მ. ს–მა უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება დ. მ....ს, გაათიშინა მობილური ტელეფონი და ფსიქოლოგიურად აიძულა მისი ნების საწინააღმდეგოდ წასულიყო დ... – ... მიმართულებით. მ. ს–მა უკანონოდ თავისუფლებააღკვეთილი დ. მ.... მიიყვანა ქ.გ..., ი....- ს---....–ში მდებარე სასტუმრო „ლ....“, სადაც იმყოფებოდა ორი დღის განმავლობაში - 2021 წლის 24 სექტემბრის ჩათვლით, დ. მ....ს უკანონოდ არ აძლევდა თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობას, კერძოდ, არ აძლევდა სახლში დაბრუნებისა და სასტუმროს დატოვების უფლებას. მას შემდეგ, რაც მან დ. მ....სგან მიიღო მორჩილებისა და მომხდარზე დუმილის შენარჩუნების პირობა, იგი დააბრუნა ქ.თ..... და გაათავისუფლა. გათავისუფლების შემდეგ, მ. ს– კვლავ აგრძელებდა დ. მ....სთან სხვადასხვა მობილური ტელეფონის აპლიკაციებით არასასურველ კომუნიკაციას. ამასთან, 2023 წლის აპრილში, მ. ს– პირადად მივიდა დ. მ....ს სამუშაო ადგილზე თ....., ი....-.... ქ. №.. მდებარე რესტორან „გ-....-....-", სადაც დ. მ.... ადგილზე არ დახვდა, თუმცა დაუტოვა სიცოცხლის მოსპობის მუქარის შემცველი შეტყობინება. მუდმივი მუქარით გამოწვეული შიშის შედეგად, დ. მ....მ რამდენჯერმე შეიცვალა მობილური ტელეფონის სააბონენტო ნომერი, სატრანსპორტო საშუალება, სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომერი, საცხოვრებელი და სამუშაო ადგილი, მას მუდმივად ეშინოდა მისი შვილების ქუჩაში გადაადგილება, რითაც განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა.
3.2. 2021 წელს, მ. ს–მა, რომელიც იყო თ.....ის რაიონის სოფელ ყ.... მ....ს მომლოცველი, გადაწყვიტა აღნიშნული მ.....ს სულიერი წინამძღოლის - ი....ს
პერსონალური ვლოგის (ვიდეო დღიურის) ხელშესაწყობად განკუთვნილი აპარატურა და ვიდეოპორტალის ადმინისტრირების მომსახურება გამოეძალა მისი ნათესავისთვის - დ. მ....სთვის, რომელიც ეწეოდა წარმატებულ კომერციულ საქმიანობას. 2021 წლის აპრილში, იგი დაუკავშირდა დ. მ....ს, რომელსაც დაემუქრა სოციალურ ქსელებსა და მობილური ტელეფონის საკომუნიკაციო აპლიკაციებში შექმნილ ჯგუფებში სახელის გამტეხი ცნობის გახმაურებით იმ შემთხვევაში, თუ არ შეიძენდა ვიდეო აპარატურას და არ გადაიხდიდა ვიდეოპორტალ „.....“-ის ადმინისტრირების მომსახურების ღირებულებას. ვინაიდან ამგვარი ცნობების გახმაურება არსებითად აზიანებდა დ. მ....ს ღირსებას, იგი იძულებული გახდა ა–ის რ... დაკავშირებოდა მედია სერვისის მენეჯერს - შ...ა ი........ას და შეუთანხმდა ვიდეოპორტალ „....."-ზე ხსენებული ი....ს ვლოგის ადმინისტრირების მომსახურებაზე. აღნიშნული შეთანხმებისამებრ, 2021 წლის 9 აპრილს, სამი თვის ვადით, შპს „.......“-სა და მ. ს–ს შორის გაფორმდა ციფრულ მედიასთან ურთიერთობის ხელშეკრულება, რომლის ღირებულება - 400 აშშ დოლარი (1368 ლარი), დ. მ....მ გადაიხადა. ამავდროულად, დ. მ.... იძულებული გახდა მ. ს–სათვის შეეძინა 400 ლარად ღირებული „Sony“-ს ფირმის ციფრული ფოტოაპარატი. ჯამურად დ. მ....სთვის მიყენებულმა ქონებრივმა ზიანმა შეადგინა 1768 ლარი.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა:
4.1. გორის რაიონული პროკურატურის პროკურორი ია მეფარიშვილი ითხოვდა ცვლილებას გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 14 აგვისტოს ნაწილობრივ გამამართლებელ განაჩენში – მ. ს–ს დამნაშავედ ცნობას ყველა წარდგენილ ბრალდებაში და მისთვის შესაბამისი სასჯელის განსაზღვრას;
4.2. მ. ს–ს ინტერესების დამცველი ადვოკატები ტ. კ–ე და ნ. გ– ითხოვდნენ მ. ს–ს სრულად უდანაშაულოდ ცნობას და გამართლებას.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 8 ივლისის განაჩენით:
5.1. გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 14 აგვისტოს განაჩენში მ. ს–ს მიმართ, შევიდა ცვლილება:
5.2. მ. ს– ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით (2021 წლის 3 აგვისტოს ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;
5.3. მ. ს– ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 372-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;
5.4. მ. ს– ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა:
5.4.1. საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა ჯარიმა - 10 000 ლარი;
5.4.2. საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა იარაღის დამზადების, შეძენისა და იარაღის (მათ შორის - სამსახურებრივ-საშტატო იარაღის) შენახვის, ტარებისა და გამოყენების შეზღუდვა და აკრძალვა - 5 წლით;
5.4.3. საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;
5.5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულმა ძირითადმა სასჯელმა - 3 წლით თავისუფლების აღკვეთამ, შთანთქა დანარჩენი თანაბარი ძირითადი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მ. ს–ს სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. ასევე საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-8 ნაწილით, მ. ს–ს დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა ჯარიმა - 10 000 ლარი და იარაღის დამზადების, შეძენისა და იარაღის (მათ შორის - სამსახურებრივ-საშტატო იარაღის) შენახვის, ტარებისა და გამოყენების შეზღუდვა და აკრძალვა - 5 წლით;
5.6. მ. ს–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავებიდან - 2023 წლის 4 დეკემბრიდან.
6. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა:
6.1. გორის რაიონული პროკურატურის პროკურორი ია მეფარიშვილი ითხოვს მ. ს–ს დამნაშავედ ცნობას წარდგენილი ბრალდების ყველა ეპიზოდში და შესაბამისი სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას.
6.2. მსჯავრდებულ მ. ს–ს ინტერესების დამცველი ადვოკატები ტ. კ–ე და ნ. გ– ითხოვენ მ. ს–ს სრულად უდანაშაულოდ ცნობას და გამართლებას.
7. 2026 წლის 5 თებერვალს დაცვის მხარეს ეცნობა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გამოყენების მიზნით მ. ს–ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გამოყენებაზე დაზარალებულის თანხმობის საჭიროება (იხ.: სატელეფონო გასაუბრების ოქმი, ტ.15). განაჩენის გამოტანის მომენტისათვის, დაზარალებულის თანხმობა მ. ს–ს მიმართ ამნისტიის გამოყენებაზე, არ არის წარმოდგენილი.
II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, par. 30, ECtHR, 25/12/2001). დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, par. 31, ECtHR,11/11/2011). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, paras. 37, 41, ECtHR, 20/03/2009).
2. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა. ბრალდების მხარე ითხოვს – მ. ს–ს დამნაშავედ ცნობას ბრალადწარდგენილ ყველა ეპიზოდში, ხოლო დაცვის მხარე – მ. ს–ს სრულად უდანაშაულოდ ცნობას.
2.1. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ კასატორი დაცვის მხარის საკასაციო საჩივარში არსებული გრამატიკული შეცდომების სიმრავლის გამო, ხშირ შემთხვევაში, რთულია იმის გაგება თუ რისი თქმა სურს კასატორს. ამასთან, საკასაციო საჩივარში რიგ შემთხვევაში არასწორადაა მითითებული საქართველოს სსსკ-ის მუხლი (მაგალითად, დაცვის მხარე საქართველოს სსსკ-ის 84-ე მუხლზე მითითებით ითხოვს მტკიცებულებათა შეფასებას, იმ პირობებში, როდესაც საქართველოს სსსკ-ის მოქმედი რედაქციით საქართველოს სსსკ-ის 84-ე მუხლი ძალადაკარგულია).
3. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს შიდასახელმწიფოებრივ სასამართლოებს საკმარისი სიზუსტით აჩვენონ თავიანთი გადაწყვეტილებების მიზეზები (იხ. Taxquet v. Belgium [GC],no. 926/05, par. 91, ECtHR,16/11/2010, Nikolay Genov v. Bulgaria, no.7202/09, par. 27, ECtHR,13/07/2017). გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულება არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, par. 31, ECtHR, 11/11/2011), არამედ გულისხმობს, რომ „სამართალწარმოების მხარეები უნდა ელოდნენ კონკრეტულ და მკაფიო პასუხებს იმ არგუმენტებზე, რომლებიც გადამწყვეტია სამართალწარმოების შედეგებისთვის“ (იხ.Tchankotadze v. Georgia, no. 15256/05, par. 103, ECtHR, 21/06/2016; Deryan v. Turkey, no. 41721/04, par. 33, ECtHR, 21/07/2015). ამასთანავე „იმის განსაზღვრისას, საჭიროებდნენ თუ არა მომჩივნების არგუმენტები აშკარა პასუხს.... სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს თუ რამდენად დასაბუთებული იყო მომჩივნების პოზიცია იმისათვის, რომ ეჭვქვეშ დაეყენებინა .. ეროვნული სასამართლოების დასკვნები და საქმის მასალებში არსებული მტკიცებულებები“ (Lobzhanidze and Peradze v. Georgia, no 21447/11, no. 35839/11, par. 69, ECtHR, 27/02/2020).
4. საქართველოს სსსკ-ით გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის განსაზღვრული გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი გულისხმობს მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში, რაც არ გულისხმობს მტკიცებულებათა მხოლოდ რაოდენობრივ მახასიათებელს (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 27 ოქტომბრის N400აპ-21 განჩინება). მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა არ განსაზღვრავს, რომელი სახის და რა რაოდენობის მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში დაიშვება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა, მით უფრო არ ადგენს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ პირდაპირი სახის გამამტყუნებელ მტკიცებულებებს (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022წლის 21 ივლისის N594აპ-22 განჩინება). საკითხი იმის შესახებ, თუ რა სახის და რა რაოდენობის მამხილებელი მტკიცებულებების ერთობლიობაა საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, წყდება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 16 აგვისტოს N225აპ-24 განჩინება).
5. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი საჩივრების საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 8 ივლისის განაჩენში შევიდეს ცვლილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
6. საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული – გამოძალვა –დამთავრებულია ნივთის ან ქონებრივი უფლების გადაცემის ან ქონებრივი სარგებლობის მოთხოვნის მომენტიდან, რასაც ერთვის დაზარალებულის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან მათი ნივთის განადგურების ან დაზიანების ანდა მათთვის სახელის გამტეხი ცნობის გახმაურების ან სხვა ისეთი ცნობის გავრცელების მუქარა, რომელმაც შეიძლება არსებითად დააზიანოს მათი უფლებები (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 19 აპრილის N549აპ-21 განაჩენი). ობიექტური მხრივ, გამოძალვა გამოიხატება დამნაშავის მიერ ქონების მესაკუთრის/მფლობელის მიმართ მოთხოვნაში გადასცეს მას/მის მიერ განსაზღვრულ პირს ნივთი/მასზე უფლება. ამასთან, მოთხოვნას თან ერთვის დაზარალებულის/მისი ახლო ნათესავის მიმართ მუქარა. შესაბამისად, ობიექტური მხრივ, გამოძალვა მოიცავს ორ ურთიერთდაკავშირებულ ქმედებას: მოთხოვნას და მუქარას. ამასთან, მუქარა უნდა იყოს მიმართული მომავლისკენ (და არა იმწუთიერი ძალადობის მუქარა) და შეიძლება შეეხებოდეს სახელის გამტეხი ან/და ასეთი ინფორმაციის (გამოგონილი ან/და სინამდვილე) – მათ შორის, პირადი ცხოვრება, ჯანმრთელობა, ჩადენილი სამართალდარღვევა, საქმიანობა და სხვა ინფორმაცია – გახმაურებას, რომელმაც შეიძლება არსებითად დააზიანოს აღნიშნული პირის/პირების უფლებები. მუქარა შეიძლება ხორციელდებოდეს პირდაპირი ან/და შენიღბული ფორმით.
6.1. დაზარალებულ დ. მ....ს ჩვენებით დგინდება, რომ ყველაფერი ჯგუფში მისი ფოტოს გავრცელებით დაიწყო, რომელსაც ჰქონდა შეურაცხმყოფელი კომენტარი. გაარკვია, რომ ჯგუფებში ეს ფოტო გაავრცელა მისმა ნათესავმა - ლ. ვ-....მა, თუმცა ლ. აღნიშნულს უარჰყოფდა და სიმართლის დამტკიცებას მ–ი ყურანზე დაფიცებით აპირებდა. სწორედ აქედან დაიწყო მ. ს–ს და მისი (დ. მ....ს) ურთიერთობა, კერძოდ, დ–ს მამამ შ...– ნ. ო–მ დააკავშირა თავისი ოჯახის ნათესავი მ. ს–, რათა დახმარებოდა საქმის მოგვარებაში. მოწმის განმარტებით, მ.....-მ მოაგვარა საქმე და არც ლ.ს დააფიცებინა ყურანზე (იხ. გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 22 ივლისის სხდომის ოქმი 15:35:18-15:41:07). მ.....-ს ტელეფონი „ბიძათი“ ჰქონდა ჩაწერილი. მ.....- შაბათობით უგზავნიდა რელიგიური ხასიათის შეტყობინებებს, ლოცვებს. რამდენიმე დღის შემდეგ მ.....-მ დაურეკა და შეხვედრა სთხოვა. სოფელში ჩასვლის შემდეგ გადაწყვიტა მ.....თან შეხვედრა, რის შესახებაც მეუღლე გააფრთხილა, თუმცა ამ უკანასკნელმა უთხრა, რომ მას არ სურდა მ.....თან საქმის დაჭერა, რადგან თვლიდა, რომ საშიში პიროვნება იყო და თავად მისულიყო და გაერკვია რა უნდოდა (იხ. გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 22 ივლისის სხდომის ოქმი 15:49:17 – 16:01:20). მარტო, საკუთარი მანქანით მივიდა იმ მისამართზე რაც მ.....-მ უთხრა, მეზობელს ჰკითხა ზუსტად რომელი იყო მათი სახლის კარი, სახლში დახვდნენ მ.....-ს ოჯახის წევრები, დედა, მეუღლე და შვილები. მისმა ცოლმა გაამზადა ჩაი და დასხდნენ მაგიდასთან. მ.....-მ უთხრა, რომ მას ჰქონდა ლ.ს ფოტოები და შეეძლო დასამშვიდებლად თვითონაც გაევრცელებინა. ამის შემდეგ გავიდა ოთახიდან და მისმა მეუღლემ აჩვენა ფოტოები. მან უარი უთხრა აღნიშნულზე და წამოვიდა სახლიდან. რამდენიმე ხნის შემდეგ დაუკავშირდა მ.....-ს დედა, რომ მ.....-ს ქალიშვილი იყო ცუდად და სჭირდებოდა ექიმთან მისვლა, მასთან იყვნენ მ.....-ს და ი....--ს შვილები, რომ მიეყვანა ექიმთან. მისი მეუღლე სახლში აღარ მოდიოდა სტუმრების რელიგიიდან გამომდინარე. დაახლოებით 10 დღე იყვნენ მათთან სახლში. მ.....-ს ქალიშვილი სარგებლოდა მისი ტელეფონით და მუდმივ კომუნიკაციაში იყო დედასთან და მამასთან. მოწმე იხსენებს, რომ მას სტუმრებმა ასწავლეს, თუ როგორ ელოცა, რა დროსაც მათ ტანსაცმელს იცვამდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ, მას (დ–ს) მ.....-მ შეხვედრა სთხოვა, რადგან მნიშვნელოვანი საქმე ჰქონდა, ისინი ერთმანეთს გზად შეხვდნენ, რა დროსაც მ.....-მ უთხრა, რომ შეიტყო მისი სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ ლ....ზე მომუშავე ვ–თან, რაც მან უარყო და წამოვიდა (იხ. გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 22 ივლისის სხდომის ოქმი 16:01:20-16:03:04). თ..... დაბრუნებისას დ–მ მეუღლეს ყველაფერი უამბო, რაზეც მან უთხრა, რომ ხალხს უბრალოდ შურდა მისი და ამიტომ აბრალებდნენ ასეთ რამეს. ამის შემდეგ, დ–ს მხოლოდ ა–სთან ჰქონდა კავშირი (მ.....-ს შვილი), მ.....-ს აღარ სცემდა შეტყობინებებზე პასუხს (იხ. გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 22 ივლისის სხდომის ოქმი 16:01:20-16:03:04). ა–ც მისი დედის ტელეფონით ეკონტაქტებოდა. მოგვიანებით მ.....-მ კვლავ სთხოვა შეხვედრა, რაც დ–მ ისევ უთხრა თავის მეუღლეს რაზეც მან უთხრა, რომ მ.....- კვლავ რაიმე სისულელეს მოიგონებდა. დ– მ.....-ს „ი.... ...–ს“ ტერიტორიაზე შეხვდა, რა დროსაც მ.....-მ უთხრა, რომ მას (დაზარალებულს) ჰქონდა სასიყვარულო ურთიერთობა მისი შვილის ნათლიასთან, შემდეგ კი, მისი და თ–ს ფოტოშოპით დამუშავებული ფოტო აჩვენა. რეალურად ეს ფოტო ქორწილში იყო გადაღებული და ფოტოს ორიგინალ ვერსიაზე იყვნენ როგორც მისი მეუღლე, ასევე ნათლიის მეუღლეც. დ... ანერვიულდა და უთხრა, რომ ეს ფოტო იყო ფოტოშოპი და ამას მარტივად დაამტკიცებდა. მ.....-მ უპასუხა, რომ სოფელს ამას ვერ დაუმტკიცებდა (იხ. გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 22 ივლისის სხდომის ოქმი 16:03:04-16:09:03).
6.1.1. სასამართლო ითვალისწინებს, მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილ თ. ა–ის გამოკითხვის ოქმში მითითებული ინფორმაციას (მოწმემ განმარტა, რომ არასდროს უნახავს ფოტო, სადაც მხოლოდ დ. მ....სთან ერთადაა გამოსახული, რადგან ფოტოებს ყოველთვის ოჯახის წევრებთან ერთად იღებდნენ. მ. ს–ს და ვ. ო–ს იცნობს სოფლიდან და აღნიშნავს, რომ ორივე არის ვ....).
6.1.2. დაზარალებულის ჩვენების თანახმად, მ. ს–მა ჯერ თ–დან ყუთების ჩამოტანა სთხოვა, რაზეც დაზარალებული არ დასთანხმდა, შემდგომ კი ზემოთხსენებული ფოტოს სანაცვლოდ მ. ს–მა მოსთხოვა ვ. ო–ის არხის რეკლამისთვის გაეფორმებინა ხელშეკრულება კომპანიასთან „.....” არხის ადმინისტრირების შესახებ. როცა ამ რეკლამიდან შემოსავალი ექნებოდათ თავს დაანებებდნენ. აღნიშნულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით ვ. ო–საც შეხვდა, ოთახში იყვნენ მ.....- და ვ–ი, რომელმაც უთხრა, რომ ისე უნდა ემოქმედება, როგორც მ.....- იტყოდა. ვ–მა უთხრა აეხსნა „.....” არხის რეკლამა რამდენად იმოქმედებდა მათ ავტორიტეტზე და რამდენად კარგი იქნებოდა. ვ–ს აუხსნა „.....” არხის დეტალები, რომ რაც უფრო მეტი ნახვა ექნებოდა ვიდეომიმართვებს, მათაც მეტი თანხა ჩაერიცხებოდათ. მას აქვს ასევე შეხვედრის ამსახველი ფოტოსურათი, რომელსაც აწერია დროც, ეს ფოტოსურათი გამოუგზავნა მ. ს–მა, თუმცა მისთვის უცნობია რატომ გადაიღო ((ჩვენების მიცემისას წარადგინა ფოტოსურათი), იხ.: გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 22 ივლისის სხდომის ოქმი 16:12:15-16:29:03) თავიდან ამ ხელშეკრულების საფასური იყო 400 ლარი და შემდეგ 200 ლარი, დაახლოებით 170 დოლ–დე (რასაც იხდიდა ის (დ–)). სარეკლამო კომპანიის მენეჯერმა, ა-....მა უთხრა, რომ ვიდეომიმართვები ვიდეოკამერით უნდა გადაეღო, რაზეც თვითონ მ.....-მ მისწერა „მიდი რა ეს ვიდეოკამერაც იყიდე“. ჩავიდა, 400 ლარად იყიდა ვიდეოკამერა და მიაწოდა მათ (იხ.: გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 22 ივლისის სხდომის ოქმი 16:12:15-16:29:03). ის ამ ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ მ.....-ს თავი დაენებებინა და ფოტოშოპით შექმნილი ფოტოსურათი გადაეცა (იხ. გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 22 ივლისის სხდომის ოქმი 16:12:15-16:29:03). ხელშეკრულებას ხელი მ.....-მ მოაწერა. დაზარალებულის განმარტებით, ზემოთხსენებული ხელშეკრულების შემდეგ, ვ. ო–ის ვიდეოების ნახვები საგრძნობლად გაიზარდა. ყველა გადასახადს თავად იხდიდა. დაუკავშირდა მ. ს–ს და უთხრა, რომ ყველაფერი შეასრულა რაც დაავალა და ახლა მისთვის ფოტო გადაეცა, მ.....-ც დასთანხმდა. თავის ქალიშვილთან ერთად შუამთის გზაზე შეხვდა მ.....-ს, რა დროსაც ამ უკანასკნელმა ფლეშ მეხსიერების ბარათი მისცა და უთხრა, რომ სხვაგან ყველაფერი წაშალა. რადგან სოფელში ლეპტოპი არ ჰქონდა, ვერ ნახა ფლეშ მეხსიერების ბარათზე იყო თუ არა ფოტო, თ..... ჩამოსულმა კი აღმოაჩინა, რომ ფლეშ მეხსიერების ბარათი ცარიელი იყო. დაუკავშირდა მ.....-ს და ჰკითხა რატომ ატყუებდა, ადამიანის ცხოვრებით ასე რატომ თამაშობდა. მ.....- დაჰპირდა, რომ დაეხმარებოდა ამ ამბიდან მარტივად გამოსვლაში, თითქოს ამას თვითონ არ აკეთებდა (იხ. გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 22 ივლისის სხდომის ოქმი 16:12:15-16:29:03).
6.2. 2024 წლის 13 იანვრის ვ. ო–ის ოფიციალური „.....“ გვერდის (მისამართი http: ..... ......) დათვალიერების ოქმის თანახმად, ხელშეკრულების დადების შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა აღნიშნული ვიდეომიმართვების ნახვების რაოდენობა (ხელშეკრულების დადებამდე მაგ.: 2021 წლის 11 მარტს აქვს 3579 ნახვა, ხოლო ხელშეკრულების დადების შემდეგ, 2021 წლის 27 აპრილს – 61480 ნახვა (იხ.: ტ.3, ს.ფ. 56-58)).
6.2.1. მოწმე შ...ა ი....ას ჩვენებით დგინდება, რომ ხელშეკრულების პერიოდში ვ–ის ვიდეოებს მოემატა რეიტინგები, ყოველ თვე ვ. ო–ს თურქულ ანგარიშის ნომერზე ერიცხებოდა 40 დოლარი, სულ ხელშეკრულების პერიოდში დაერიცხა 480 დოლარი (იხ.: გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 8 აგვისტოს სხდომის ოქმი 14:41:40-14:53:31).
6.3. მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი ვ. ო–ის 2023 წლის 3 აგვისტოს გამოკითხვის ოქმით დგინდება, რომ მ. ს– არის სოფელ ყ–ს მაცხოვრებელი და იმ მ.....ს მსახური სადაც თავად არის მ.....ს ი.... (იხ.: ტ.1, ს.ფ. 147-150).
6.4. შპს „.......“-სა და მ. ს–ს შორის ციფრულ მედიასთან ურთიერთობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებასა და ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების ღირებულების დაზარალებულ დ. მ....ს მიერ გადახდას ადასტურებს მოწმე შ..ა ი...ა. მოწმის ჩვენებით, დ–მ სთხოვა, ვ. ო–ის ვიდეოების რეკლამირების მიზნით, ხელშეკრულების გაფორმება. 2021 წელს გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის ყოველთვიურ გადასახადს – 100 დოლარს იხდიდა დ–. „.....-ის“ და „G-ის“ რეკლამებზე დ– იხდიდა გადასახადს. ხელშეკრულების ვადა იყო სამი თვე, რომელიც სამი თვით კიდევ გაგრძელდა. ხელშეკრულების მეორე მხარე იყო მ. ს–. ხელშეკრულების ერთი ასლი გადაეგზავნა მ.....-ს, ხოლო ერთი პირი დარჩა მას (შ...ა ი........ას). ხელშეკრულების დადების დროს იყო ბ–, დ– ჩავიდა მასთან და იქ შეხვდნენ. შემდგომ დ–მ დაურეკა და უთხრა, რომ ის ვ–თან აღარ მუშაობდა და აღარც მას გაეგრძელებინა ხელშეკრულება, ვინაიდან ისინი საშიში პიროვნებები იყვნენ. მისთვის უცნობია, რა იგულისხმა ამაში დ–მ.
6.4.1. აღნიშნულის დასადასტურებლად, 2024 წლის 11 თებერვალს, შ...ა ი........ას მიერ წარმოდგენილ იქნა (განცხადებით) ხელშეკრულება შპს „.......“-სა და მ..... ს-ს შორის (რომელზეც არ ფიქსირდება მხარეთა ხელმოწერები (იხ.: ტ.3, ს.ფ. 201-211)).
6.5. სასამართლო ითვალისწინებს, რომ აღნიშნული ხელშეკრულების მოპოვება და სისხლის სამართლის საქმეზე დართვა განხორციელდა საქართველოს სსსკ-ით დადგენილი წესების არსებითი დარღვევით. კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სსსკ-ის 119-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „საქმისათვის მნიშვნელობის მქონე საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი შეიძლება ამოღებულ იქნეს, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ის ინახება გარკვეულ ადგილზე, გარკვეულ პირთან და მისი ძებნა საჭირო არ არის“ (თუ არ არსებობს საქართველოს სსსკ-ის 136-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა), – ბრალდების მხარის მიერ არ მოხდა შ...ა ი..ასგან მის მიერ ნებაყოფლობით წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელოვანი ზემოაღნიშნული ხელშეკრულების ამოღება.
6.5.1. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ მოქმედი საქართველოს სსსკ-ი არ ითვალისწინებს დოკუმენტის წარმოდგენას, როგორც საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებას/მტკიცებულების დამაგრების ხერხს/საშუალებას. შპს „.......“-სა და მ. ს–ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების სისხლის სამართლის საქმეზე დამაგრება უნდა განხორციელებულიყო საქართველოს სსსკ-ის 120-ე მუხლით დადგენილი წესით, შ...ა ი........ასგან მისი ამოღების გზით. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარემ უგულებელყო მტკიცებულების (მოცემულ შემთხვევაში – ხელშეკრულების) მოპოვების საქართველოს სსსკ-ით დადგენილი წესი.
6.5.2. „საქართველოს სსსკ-ით მკაცრად რეგლამენტირებულია მტკიცებულებათა მოპოვების წესი. საქართველოს სსსკ-ის 72-ე მუხლის თანახმად, დაუშვებელია და იურიდიული ძალა არ აქვს, მათ შორის, საქართველოს სსსკ-ის არსებითი დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებას. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს, მათ შორის მისი დასაშვებობის თვალსაზრისითაც“ (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 6 ოქტომბრის N364აპ-25 განჩინება), - რის გამოც სასამართლო მოკლებულია აღნიშნული ხელშეკრულების შინაარსის გაზიარების შესაძლებლობას (მაგალითისთვის, იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022წლის 3 ნოემბრის განჩინება N 845აპ-22 და mutatis mutandis საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 28 ივნისის N80აპ-21 განჩინება).
6.5.3. მოწმე შ...ა ი........ას ჩვენებით დგინდება, რომ ხელშეკრულების დასადებად არ იყო ჩასული მ. ს–, ხოლო დ. მ...., რომლის ჩასვლაზეც უთითებს მოწმე, მოცემული ხელშეკრულების მხარე არ არის. ამასთან, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება დ. მ....ს მიერ ხელშეკრულების დადებისას (2021 წლის 9 აპრილი) ან/და ხელშეკრულების დადებამდე პერიოდში საქართველოს საზღვრის გადაკვეთის ფაქტი ბ----- მიმართულებით. საქართველოს სსსკ-ის 78-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „მხარის მოთხოვნის შემთხვევაში, დოკუმენტს მტკიცებულებითი ძალა აქვს, თუ ცნობილია მისი წარმომავლობა და ის ავთენტიკურია“. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ როგორც შ...ა ი........ას, ასევე დ. მ....ს მიერ განცხადების საფუძველზე წარმოდგენილი შპს „.......“-სა და მ. ს–ს შორის გაფორმებული ხელშეკრულება მხარეთა მიერ არ არის ხელმოწერილი.
6.5.4. ზემოაღნიშნულთან ერთად, სასამართლო ითვალისწინებს მ. ს–ს განმარტებას (რომ დახმარების სურვილი თავად დ–მ გამოთქვა, ნახულობდა ვ–ის ვიდეო გაკვეთილებს და ამიტომ შესთავაზა, რომ რეკლამას გაუკეთებდნენ ამ გაკვეთილებს) და დაცვის მხარის პოზიციას, რომელსაც ხელშეკრულების დადება და ხელშეკრულებით გათვალისწინებული საფასურის დაზარალებულის მიერ გადახდა სადავოდ არ გაუხდია. შესაბამისად, მხარეთა შორის დავის საგანს არ წარმოადგენს, რომ აღნიშნული ხელშეკრულების დადება და ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გადახდა მოხდა სწორედ დაზარალებულ დ. მ....ს მიერ.
6.6. სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის შეფასებებს, რომ დაზარალებული დ. მ.... თავისი ნებით დაუკავშირდა მეგობარს – შ...ა ი........ას, საკუთარი სურვილით გააფორმა „ციფრულ მედიასთან ურთიერთობის შესახებ ხელშეკრულება“ და საკუთარი სურვილითვე იხდიდა ყოველთვიურ გადასახადს.
6.6.1. სასამართლო ითვალისწინებს მოვლენებს, რაც უსწრებდა აღნიშნული ხელშეკრულების დადებას და განვითარდა ხელშეკრულების დადების შემდეგ. დ. მ....ს ჩვენებით დგინდება, რომ აღნიშნული განპირობებული იყო მ. ს–ს მხრიდან დაზარალებულისთვის სახელის გამტეხი ინფორმაციის (მისი და ოჯახის ნათლიის ფოტოსურათის) გავრცელების მუქარით. სწორედ აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ დასთანხმდა მ. ს– დ. მ....ს ფლეშ მეხსიერების ბარათის გადაცემაზე. აღნიშნული ფლეშ მეხსიერების ბარათის გადასაცემად შეხვედრაზე დ. მ.... მივიდა ქალიშვილთან – ლ. ..ასთან ერთად, რაც ასევე დასტურდება ლ...-ას ჩვენებით (ლ. ...ამ განმარტა, რომ სოფელში წავიდა ძმასთან, მამასთან და დედასთან ერთად, რა დროსაც მისი ძმა დედამ ბებოსთან დატოვა, ხოლო თვითონ (ლ. ...ა) თან წაიყვანა შუამთისკენ, სადაც თეთრი მანქანა დახვდათ. ამ მანქანიდან მ. ს– გადაჯდა მათ მანქანაში და ფლეშ მეხსიერების ბარათი მიაწოდა დ–ს. ლ– დედას ჰკითხა თუ ვინ იყო ეს კაცი, რადგან მას საშიში გარეგნობა ჰქონდა და შეეშინდა, რაზეც მ.....-მ უთხრა, რომ ის კაციჭამია არ იყო. მოწმის განმარტებით დედას ეშინოდა ამ კაცის და სულ აფრთხილებდა, თუ დაინახავდა გაქცეულიყო. ჩვენების მიცემისას მოწმემ ასევე მიუთითა, რომ ეშინია მ. ს–ს და როგორც მოწმის ინტერესების დამცველი ადვოკატის, ასევე ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე მოსამართლის გადაწყვეტილებით მოწმე დაიკითხა მ. ს–ს სხდომის დარბაზში არ ყოფნის პირობებში(იხ.: გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 29 ივლისის სხდომის ოქმი).
6.6.2. სასამართლო ითვალისწინებს, დაზარალებულის ჩვენების იმ ნაწილს, სადაც მოწმე თანმიმდევრულად და დამაჯერებლად ხსნის იმ მიზეზებს, თუ რატომ ვერ ეუბნებოდა ვერავის მის მიმართ განხორციელებულ ქმედებებზე და რატომ ცდილობდა საკითხის დამოუკიდებლად მოგვარებას. დაზარალებულის განმარტებით, ცდილობდა, რომ ფოტო რომლითაც მ.....- აშანტაჟებდა არ გახმაურებულიყო, რადგან სჯეროდა, რომ მისი ოჯახის წევრები მის ნაცვლად ფოტოსურათს დაუჯერებდნენ, ამიტომ ძალიან შეშინებული იყო (იხ.: გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 22 ივლისის სხდომის ოქმი 16:38:05-16:42:10).
6.6.3. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ დაზარალებულმა საქართველოს დატოვების შემდეგ, როდესაც იმყოფებოდა ყ–ში მშობლებთან და გაუჩნდა დახმარების იმედი, დაურეკა შ...ა ი........ას და უთხრა, რომ ხელშეკრულება არ გაეგრძელებინა, რადგან მ.....- და ვ... საშიში ადამიანები იყვნენ.
6.7. შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დგინდება მ. ს–ს მიერ გამოძალვის – ესე იგი სხვისი ნივთის და ქონებრივი უფლების გადაცემის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის მიმართ სახელის გამტეხი ცნობის გახმაურების მუქარა, რომელმაც შეიძლება არსებითად დააზიანოს მისი უფლებები – ჩადენა შპს „.......“-სა და მ. ს–ს შორის ციფრულ მედიასთან ურთიერთობის ხელშეკრულების გაფორმების ნაწილში.
6.8. ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურებისათვის დ. მ....ს მიერ გადახდილი თანხის ოდენობასთან დაკავშირებით, სასამართლო ითვალისწინებს დაზარალებულ დ. მ....სა და მოწმე შ...ა ი........ას ჩვენებებს შორის არსებულ განსხვავებებს (დ. მ....ს განმარტებით ხელშეკრულების საფასური იყო 400 ლარი და შემდეგ ყოველთვიურად 200 ლარი, 170 დოლ–დე, ხოლო შ...ა ი....ას განმარტებით ხელშეკრულების ყოველთვიური საფასური იყო 100 დოლარი), იმ გარემოებას, რომ ბრალდების მხარის მიერ ზემოაღნიშნული ხელშეკრულების საქართველოს სსსკ-ის არსებითი დარღვევით მოპოვების გამო, დაუშვებელია ხელშეკრულებაში მითითებული მომსახურების ღირებულების გათვალისწინება. იმავდროულად, სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ გასაჩივრებული განაჩენით აღნიშნულ ეპიზოდში დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა დაცვის მხარის მიერ სადავოდ არ არის გამხდარი. შესაბამისად, საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის (საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში) საფუძველზე, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას დააზუსტოს აღნიშნულ ეპიზოდში (შპს „.......“-სა და მ. ს–ს შორის გაფორმებული ციფრულ მედიასთან ურთიერთობის ხელშეკრულებით) დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა.
6.8.1. გასაჩივრებული განაჩენის თანახმად, აღნიშნულ ეპიზოდში (შპს „.......“-სა და მ. ს–ს შორის გაფორმებული ციფრულ მედიასთან ურთიერთობის ხელშეკრულებით) დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა შეადგენს 400 აშშ დოლარს. 2024 წლის 29 მაისის საქართველოს ე....... ვებ გვერდიდან ინფორმაციის მოძიების შესახებ ოქმით დგინდება, რომ 2021 წლის 9 აპრილს 1 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში შეადგენდა 3,4260 ლარს და შესაბამისად 2021 წლის 9 აპრილს 400 აშშ დოლარის ექვივალენტი შეადგენდა 1368 ლარს (იხ.: ტ.7, ს.ფ. 62)).
6.9. დაზარალებულის მიერ მ. ს–ს დავალებით ვ. ო–ისათვის 400 ლარად ღირებული „Sony“-ს ფირმის ციფრული ფოტოაპარატის შეძენის იძულების ეპიზოდთან მიმართებით სასამართლო ითვალისწინებს, რომ აღნიშნულის დასადასტურებლად ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება და დაზარალებულისვე მონაწილეობით 2024 წლის 6 თებერვალს ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი (დ. მ....მ მიუთითა იმ მაღაზიაზე, სადაც შეიძინა „Sony“-ს ფირმის ციფრული ფოტოაპარატი). საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი და, მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულის ჩვენება ერთი წყაროდან მოპოვებული მტკიცებულებებია, რის გამოც, მსჯავრდების მიზნებისთვის, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი არ უნდა იქნეს განხილული დამოუკიდებელ მტკიცებულებად (იხ.: მაგალითისთვის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებები: 2023 წლის 2 ოქტომბრის N496აპ-23 და 2023 წლის 30 მაისის N158აპ-23).
6.9.1. შესაბამისად, ვინაიდან დაზარალებულ დ. მ....ს მიერ „Sony“-ს ფირმის ციფრული ფოტოაპარატის შეძენის ფაქტი დასტურდება მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებით (სხვა პირდაპირი ან/და გარემოებითი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა დ. მ....ს მიერ ფოტოაპარატის შეძენას ვ. ო–ისათვის (მაგალითად, შეძენის დამადასტურებელი ქვითარი, მიმოწერა, თავად ფოტოაპარატი)) ბრალდების მხარეს არ წამოუდგენია, ამასთან, დაზარალებულიც ჩვენებაში უთითებს, რომ მ. ს–მა უთხრა: „მიდი რა ეს ვიდეოკამერაც იყიდე“ (იხ.: გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 22 ივლისის სხდომის ოქმი 16:12:15-16:29:03)), საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად საჭირო მტკიცებითი სტანდარტით – გონივრულ ეჭვს მიღმა – არ დასტურდება დ. მ....სგან ფოტოაპარატის შეძენის გამოძალვა.
6.10. მ. ს–ს შვილებთან და ოჯახთან დ. მ....ს ურთიერთობაზე (სტუმრობა/საჩუქრები) დაცვის მხარე კასატორის მითითებასთან დაკავშირებით, სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაზარალებულიც არ უარჰყოფს მ. ს–თან და მის ოჯახთან ურთიერთობასა და მ. ს–ს შვილისა და ძმისშვილების დაზარალებულთან სტუმრად ყოფნის ფაქტებს.
6.10.1. დაცვის მხარის მტკიცებაზე, რომ აღნიშნული ფაქტები ხდებოდა შპს „.......“-სა და მ. ს–ს შორის ციფრულ მედიასთან ურთიერთობის შესახებ ხელშეკრულების დადების შემდეგ, რის დასადასტურებლადაც დაცვის მხარე კასატორები უთითებენ დაცვის მხარის მოწმეთა: ა. ს–ას ჩვენებაზე (მოწმის განმარტებით, დ–სთან სტუმრად ორი-სამი დღე იყო, ვინაიდან დერმატოლოგთან დადიოდა. მასთან ერთად იყვნენ ბიძაშვილები ა. და რ.), ა. ს-–ას (მ. ს–ს ძმისშვილი) უდავოდ ცნობილ გამოკითხვის ოქმზე (რომლის თანახმად, 2021 წლის აპრილი-მაისის თვეში რ.... დროს დ– თავის შვილთან ერთად იყო მისული მათ სახლში, რა დროსაც აჩუქა ყვავილები (ფოტო წარმოდგენილია). დ... ასევე იმყოფებოდა მისი დის ქორწილში 2021 წელს ივლისის თვეში) და რ. ს–ას უდავოდ ცნობილ გამოკითხვის ოქმზე (რომლის თანახმად, 2021 წლის აპრილის თვეში იყო სტუმრად დ–სთან, იქ დარჩა ორი დღე, ასევე უთითებს, რომ დ... თითქმის ყოველკვირეულად სტუმრობდა მ. ს–ს ოჯახს, მიჰქონდა საჩუქრები, ასევე იმყოფებოდა მის ქორწილში 2021 წლის ივლისში). სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაზარალებულის მ. ს–ს ოჯახთან მეგობრული ურთიერთობა per se არ გამორიცხავს მ. ს–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
6.10.2. დაცვის მხარის მიერ ი....- ს.....ს ტელეფონიდან გამოთხოვილ ინფორმაციასთან მიმართებით (ერთობლივად გადაღებული ფოტო/ვიდეო მასალა), სასამართლო ითვალისწინებს, რომ მიუხედავად მოცემული ინფორმაციის სასამართლოს განჩინებით გამოთხოვისა, ინფორმაციის გამოთხოვა განხორციელდა საქართველოს სსსკ-ის 136-ე მუხლისა და 111-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით. კერძოდ, საქართველოს სსსკ-ის 136-ე მუხლის პირველი ნაწილით – თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ კომპიუტერულ სისტემაში ან კომპიუტერულ მონაცემთა შესანახ საშუალებაში ინახება სისხლის სამართლის საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია ან დოკუმენტი, პროკურორი, დაცვის მხარე უფლებამოსილია გამოძიების ადგილის მიხედვით სასამართლოს მიმართოს შესაბამისი ინფორმაციის ან დოკუმენტის გამოთხოვის განჩინების გაცემის შუამდგომლობით. ამავე მუხლის მე-41-ე ნაწილით – ამ მუხლით გათვალისწინებულ საგამოძიებო მოქმედებაზე ვრცელდება ამ კოდექსის 111-ე, 112-ე და 134-ე მუხლების დებულებები. საქართველოს სსსკ-ის 111-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად კი დაცვის მხარის დასაბუთებული შუამდგომლობით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე საგამოძიებო მოქმედებას ატარებს გამომძიებელი, რომელიც არ შეიძლება იყოს იგივე პირი, რომელიც მოცემული საქმის გამოძიებას აწარმოებს. მოცემულ შემთხვევაში, დაცვის მხარემ თავად ჩაატარა ინფორმაციის გამოთხოვა, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სსსკ-ის 136-ე და 111-ე მუხლის მოთხოვნებს და შესაბამისად, მოპოვებული ინფორმაცია საქართველოს სსსკ-ის 72-ე მუხლის საფუძველზე დაუშვებელი მტკიცებულებაა (იმავდროულად, სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ დაცვის მხარის მიერ გამოთხოვილი არცერთი ეს ფოტოსურათი/ვიდეოგიფი ან ამ ფოტოსურათების/ვიდეოგიფების მახასიათებლები არ შეიცავს ინფორმაციას გადაღების/შექმნის/მოდიფიცირების თარიღის შესახებ).
7. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისია მ. ს–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.
7.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდების შესახებ დადგენილებით (სხვა ეპიზოდებისგან განსხვავებით), მ. ს–ს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 1511 და 143-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებში ერთობლივად აქვს წარდგენილი – მტკიცებულებების და ფაქტობრივი გარემოებების ცალკ-ცალკე მკაფიოდ იდენტიფიცირების გარეშე.
7.1.1. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ „საქართველოს სსსკ-ის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბრალდების შესახებ დადგენილებაში უნდა აღინიშნოს: ბრალდების ფორმულირება – ინკრიმინირებული ქმედების აღწერა, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით. ამდენად, წარდგენილი ბრალდების ფარგლებში მოიაზრება სწორედ პროკურორის მიერ ბრალდების შესახებ დადგენილებაში ჩამოყალიბებული ბრალდების ფორმულირება, რომელშიც მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების აღწერა (როგორ გამოიხატა), რომელსაც ბრალდების მხარე ედავება ბრალდებულს, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს შემდეგი განაჩენები: 2025 წლის 15 ივლისის №38აპ-25; 2024 წლის 20 დეკემბრის განაჩენი N745აპ-24, II-3.4; 2024 წლის 11 მარტის N1009აპ-23 განაჩენი, II-23; 2023 წლის 10 აგვისტოს განაჩენი N426აპ-23, II-9.1; 2014 წლის 24 ივნისის №230აპ-13 განაჩენი; საქართველოს უზენაესი სასამართლოს შემდეგი განჩინებები: 2022 წლის 11 ოქტომბრის N770აპ-22; 2022 წლის 12 სექტემბრის №781აპ-22; 2022 წლის 7 სექტემბრის №748აპ-22).
7.2. უტყუარობის კონსტიტუციური პრინციპი მოითხოვს არა მხოლოდ იმას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უტყუარ (სანდო, გაუყალბებელ) მტკიცებულებებს ეფუძნებოდეს, არამედ იმასაც, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ეჭვგარეშე დასტურდებოდეს პირის ბრალეულობა დანაშაულის ჩადენაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის N 2/2/1276 გადაწყვეტილება „გ. ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-77).
7.3. საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლით ისჯება ადევნება - პირადად ან მესამე პირის მეშვეობით პირის, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის უკანონო თვალთვალი, ან არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის, ელექტრონული ან სხვა საშუალებით, ან ნებისმიერი სხვა განზრახი ქმედება, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას ან/და პირის ან მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან/და ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს ან მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის. საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ჯანმრთელობა, უსაფრთხო გარემო და ცხოვრების წესის თავისუფლება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 17 მარტის 725აპ-19 განჩინება).
7.4. საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ალტერნატიულ ქმედებებში, ალტერნატიულ შედეგსა და ქმედებასა და შედეგს შორის მიზეზობრივ კავშირში.
7.5. ამდენად, საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება, წარმოადგენს ერთიან დანაშაულს ალტერნატიული ქმედებებით და ქმედების ამ მუხლით კვალიფიკაციისათვის საჭიროა არა მხოლოდ ამ მუხლში მითითებული რომელიმე შედეგის დადგომა, არამედ აღნიშნულის გამოწვევა კონკრეტული პირის (განსასჯელის/ბრალდებულის) მიერ ამავე მუხლში მითითებული ქმედებებით:
7.5.1. დაზარალებულის ან მისი ოჯახის წევრის ან დაზარალებულის ახლო ნათესავის უკანონო თვალთვალით – უკანონო თვალთვალი შეიძლება გამოიხატოს დაზარალებულზე სისტემატურ ადევნებაში თვალთვალის მიზნით, ე.ი. იმ მიზნით, რათა დამნაშავისათვის ცნობილი გახდეს მსხვერპლის თითოეული ნაბიჯი, როგორც სათანადო ტექნიკის გამოყენებით, ისე მის გარეშე.
7.5.2. ზემოაღნიშნულ პირებთან არასასურველი კომუნიკაციის დამყარებით ტელეფონის, ელექტრონული ან სხვა საშუალებით – დამნაშავე პირისპირ, ტელეფონისა თუ ინტერნეტის საშუალებით სისტემატურად ლანძღავს და შეურაცხყოფს პირს, აშინებს მას ადევნებით, იმის შეტყობინებით, რომ იგი მუდმივი თვალთვალის ობიექტია ან გახდება თვალთვალის ობიექტი, თუმცა ეს ისე კეთდება (ან ისე გაკეთდება), რომ თავად ვერ შეატყობს; რომ მას გაუვრცელებს ცრუ ინფორმაციას სოციალური ქსელით; გაუნადგურებს ქონებას; დააზიანებს მისი ოჯახის რომელიმე წევრს და სხვა. ამასთან არ აქვს მნიშვნელობა სინამდვილეში აპირებდა თუ არა დამნაშავე ამ მუქარის განხორციელებას. კომუნიკაცია არასასრურველად შეიძლება ჩაითვალოს, თუ მისი შინაარსი საზოგადოდ უარყოფითი ემოციის აღმძვრელია.
7.5.3. ნებისმიერი სხვა განზრახი ქმედებით, რომელიც სისტემატურად ხორციელდება – მაგალითად დაზარალებულთან/ახლობლებთან ისეთი სისტემატური კონტაქტი, რომლის მიზანია დამნაშავემ პერმანენტულად გაარკვიოს დაზარალებულის ადგილსამყოფელი და მარშრუტი, ასევე, ის თუ ვისთან აქვს მას ურთიერთობა, სისტემატური დაბრკოლებების შექმნა და ა.შ.
7.6. ადევნების ობიექტური შემადგენლობის თითოეული ელემენტის (მათ შორის დანაშაულებრივი ქმედების – უკანონო თვალთვალი, არასასურველი კომუნიკაცია ან სხვა ნებისმიერი განზრახი ქმედება, რომელიც სისტემატურად ხორციელდება) არსებობა პირის ქმედებაში უნდა დასტურდებოდეს მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43), რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ით გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის საჭირო მტკიცებით სტანდარტს.
7.7. ბრალდების მხარე, ბრალდების შესახებ დადგენილებით, ადევნების ნაწილში მ. ს–ს ედავება, შემდეგს:
- 2021 წლის იანვარში, თ.....ის რაიონის სოფელ ყ–ში, მ. ს– შეხვდა დ. მ....ს და სთხოვა თ–დან ს.... მის ტვირთთან ერთად შემოეტანა ორი ყუთი, რომელშიც მ. ს–ს განმარტებით, მოთავსებული იქნებოდა რელიგიური წიგნები. დ. მ....ს უარის გამო, შურისძიების მოტივით მ. ს–მა, გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად, დაიწყო დ. მ....სა და მისი ოჯახის წევრების უკანონო თვალთვალი საცხოვრებელ სახლთან და სამუშაო ადგილზე, ასევე, სიცოცხლის მოსპობის და სოციალურ ქსელებსა და მობილური ტელეფონის საკომუნიკაციო აპლიკაციებში შექმნილ ჯგუფებში სახელის გამტეხი ცნობის გახმაურების, ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობის და ქონების განადგურების მუქარა - კერძოდ, იგი სისტემატიურად არასასურველ კომუნიკაციას ამყარებდა და უკავშირდებოდა დ. მ....ს ტელეფონისა და ინტერნეტის საშუალებით სოციალურ ქსელებში, სთხოვდა შეხვედრებს ქალაქ თ--....- და თ.....ის რაიონის სხვადასხვა ადგილებში.
- დ. მ....ს დაშინების და მისი ოჯახის წევრებისა და საქმიანობის კონტროლში დაზარალებულის დარწმუნების მიზნით, იგი პერიოდულად უგზავნიდა დ. მ....ს მისი მეუღლისა და მამამთილის საზოგადოებრივ სივრცეში ფარულად გადაღებულ ფოტოსურათებს, ასევე, დაზარალებულის კუთვნილი საწარმოს სატვირთო ავტომანქანების ფოტოსურათებს.
- პარალელურად მ. ს–მა დ. მ.... გააწევრიანა მობილური ტელეფონის საკომუნიკაციო აპლიკაციაში შექმნილ ე.წ „მ.... .... ...." ჯგუფში.
აღნიშნული ჯგუფიდან დ. მ.... პერიოდულად ღებულობდა სხვადასხვა დავალებებს, რაც მიმართული იყო მისი დამორჩილებისაკენ, სთხოვდნენ ჰ....ს ტარებასა და „ზ–ის წყლის" მიღებას. 2021 წლის სექტემბერში, დ. მ....მ ამავე ჯგუფიდან მიიღო დავალება, სამუდამოდ წასულიყო ს..... რ..., წინააღმდეგ შემთხვევაში დაუხოცავდნენ შვილებს. ს.... – ...ს სახელმწიფო ს....რთან მას დახვდებოდნენ სხვა ქალებიც, ვისთან ერთადაც იგი წავიდოდა ს..... რ..., საიდანაც ვეღარ დაბრუნდებოდა და ვერც ოჯახის წევრებთან ექნებოდა ურთიერთობა, რაზეც დ. მ....მ განაცხადა უარი.
- მ. ს–ს მიერ დ. მ....ს თ..... დაბრუნების შემდეგ, მ. ს– კვლავ აგრძელებდა დ. მ....სთან სხვადასხვა მობილური ტელეფონის აპლიკაციებით არასასურველ კომუნიკაციას.
- 2023 წლის აპრილში, მ. ს– პირადად მივიდა დ. მ....ს სამუშაო ადგილზე და მისთვის გადასაცემად დატოვა სიცოცხლის მოსპობის მუქარის შემცველი შეტყობინება.
- მუდმივი მუქარით გამოწვეული შიშის შედეგად დ. მ....მ რამდენჯერმე შეიცვალა მობილური ტელეფონის სააბონენტო ნომერი, სატრანსპორტო საშუალება, სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომერი, საცხოვრებელი და სამუშაო ადგილი, მას მუდმივად ეშინოდა მისი შვილების ქუჩაში გადაადგილება, რითაც განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა.
7.8. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მ. ს–ს მიერ დ. მ....ს მიმართ თ–დან ტვირთის შემოტანის მოთხოვნის დასასაბუთებლად წარმოდგენილია მხოლოდ დაზარალებულ დ. მ....ს ჩვენება. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ტვირთბრუნვის დოკუმენტებთან და ამ დოკუმენტების დათვალიერების ოქმებთან მიმართებით (რომელზეც მხარე უთითებს, რომ აღნიშნული დოკუმენტებით დასტურდება, რომ დ. მ....ს ნამდვილად ჰქონდა ბიზნესი ამ პერიოდში და ნამდვილად ახდენდა ტვირთების ლეგალურად შემოტანას ქვეყანაში თ–დან) სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ინფორმაციის მოპოვება და სისხლის სამართლის საქმეზე დართვა განხორციელდა საქართველოს სსსკ-ით დადგენილი წესების არსებითი დარღვევით, ვინაიდან, მოქმედი საქართველოს სსსკ-ი არ ითვალისწინებს დოკუმენტის წარმოდგენას/განცხადებაზე დართვას, როგორც საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებას. მოცემულ შემთხვევაში ტვირთბრუნვის დოკუმენტების გამოთხოვა და სისხლის სამართლის საქმეზე დართვა უნდა განხორციელებულიყო საქართველოს სსსკ-ის 136-ე მუხლის საფუძველზე შემოსავლების სამსახურიდან, რის გამოც საქართველოს სსსკ-ის 72-ე და 82-ე მუხლის საფუძველზე არ არსებობს აღნიშნული ინფორმაციის (დაუშვებელი მტკიცებულების) გათვალისწინების სამართლებრივი საფუძველი.
7.8.1. სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ ტვირთის შემოტანაზე უარის გამო შურისძიების მოტივით მ. ს–მა, გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად, დაიწყო დ. მ....სა და მისი ოჯახის წევრების უკანონო თვალთვალი საცხოვრებელ სახლთან და სამუშაო ადგილზე, ასევე, სიცოცხლის მოსპობის მუქარა.
7.9. ბრალდების დადგენილების თანახმად, მ. ს–, დ. მ....ს დასაშინებლად და ოჯახის წევრების მიმართ თვალთვალში დასარწმუნებლად, პერიოდულად უგზავნიდა მისი მეუღლისა და მამამთილის საზოგადოებრივ სივრცეში ფარულად გადაღებულ ფოტოსურათებს, ასევე მისი კუთვნილი საწარმოს სატვირთო ავტომანქანების ფოტოსურათებს. სასამართლო ითვალისწინებს დაზარალებულის ჩვენებას, რომელიც უთითებს, რომ აღნიშნულ ფოტოსურათებს უგზავნიდნენ ჯგუფში და არა პირადად მ. ს–.
7.10. დ. მ....ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ი.... ბ–ის მიერ სისხლის სამართლის საქმეზე დასართავად შსს გ.... – .....ს გამომძიებლისათვის 2022 წლის 29 ნოემბერს განცხადებით წარდგენილ ფოტოსურათებთან (პირველი ფოტოსურათი წარმოადგენს ე.წ. სქრინშოტს, სადაც დაფიქსირებულია შეტყობინება ,,A....” და ასახავს დ. მ....ს და მისი ოჯახის ფოტოსურათებს. მეორე ფოტოსურათზე გამოსახულია დ. მ....ს მეუღლის რ. უ–ის ავტომანქანა უკანა მხრიდან. მესამე ფოტოსურათზე დაფიქსირებულია ს-ში წამსვლელთა ჯგუფი -„უ........-....-“; მეოთხე ფოტოსურათიც წარმოადგენს ს-ში წამსვლელთა ჯგუფს, მინაწერით ,,ა–.....---....“; მეხუთე ფოტოსურათზე გამოსახულია საწყობი, რომლის წინაც გაჩერებულია დ. მ....ს ავტომანქანა; მეექვსე ფოტოსურათზე გამოსახულია დ. მ....ს მამამთილის საცხოვრებელი სახლის კარი; მეშვიდე ფოტოსურათზე დასქრინულია ს–ში წამსვლელთა ჯგუფის ადმინის სახელი ჰ....-; მერვე ფოტოსურათზე გამოსახულია ტრაილერი) მიმართებით, რომლებსაც ადვოკატის განცხადებით, სავარაუდო დამნაშავე პირები უგზავნიდნენ დ. მ....ს მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მიზნით, საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ მოქმედი საქართველოს სსსკ-ი არ ითვალისწინებს დოკუმენტის/ფოტომასალის წარმოდგენას/განცხადებაზე დართვას, როგორც საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებას.
7.10.1. მოცემულ შემთხვევაში ადვოკატის მიერ განცხადებით წარმოდგენილი დოკუმენტაციის გამოთხოვა და სისხლის სამართლის საქმეზე დართვა უნდა განხორციელებულიყო საქართველოს სსსკ-ის 136-ე მუხლის საფუძველზე, იმ კომპიუტერული მოწყობილობიდან, სადაც ინახებოდა და საიდანაც ამობეჭდა განცხადებაზე დასართავად დაზარალებულის ადვოკატმა. ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაზარალებული და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი არ არიან სამართალწარმოების მხარე, ხოლო საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 23-ე ნაწილის თანახმად, მტკიცებულების მოპოვება/წარდგენა მხარეთა კომპეტენციაა. შესაბამისად, დაზარალებულის ადვოკატის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად მოპოვება და საპროცესო დამაგრება უნდა განეხორციელებინა ბრალდების მხარეს.
7.11. სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მ. ს–ს მიერ დ. მ....ს გაწევრიანება ე.წ. „მ.... .... ....“ ჯგუფში, ასევე, აღნიშნულთან მისი უშუალო შემხებლობა, რაზეც არც დაზარალებული უთითებს. დაზარალებულის ჩვენებიდან არ დგინდება ვინ გააწევრიანა, როდის, რატომ, ვერ დგინდება ჯგუფის წევრების ვინაობა და მათი კავშირი მ. ს–თან, მ. ს–ს კავშირი ჯგუფიდან დაზარალებულისთვის გაგზავნილ დავალებებთან, თუ მუქარასთან. ამასთან, სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით მოპოვებული მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ მუქარის შემცველ მიმოწერას/სურათების გაგზავნას ჯგუფიდან დაზარალებულისათვის.
7.12. დაზარალებულის ჩვენებით დგინდება, რომ დაუკავშირდნენ და ჩააგდეს მომლოცველი ქალების ჯგუფში – „ქ-........-....--“, ჯგუფში იყვნენ მხოლოდ ქალები და ყველაფერი იცოდნენ, რასაც ის (დაზარალებული) აკეთებდა. მან ჯგუფიდან გამოსვლა დააპირა, თუმცა მისი ოჯახის წევრების ფოტოები გაუგზავნეს და უთხრეს, რომ თუ კვლავ დააპირებდა გასვლას ჯგუფიდან, ის ხალხი ვინც ფოტოებზე ჩანდა ცოცხლები აღარ იქნებოდნენ, აღნიშნულმა ძალიან შეაშინა (იხ. გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 22 ივლისის სხდომის ოქმი 16:38:05-16:42:09). აღნიშნული ჯგუფის ადმინისტრატორი იყო ვინმე ჰ....-, ხოლო სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ არის წარმოდგენილი მ. ს–ს კავშირი აღნიშნულ პირთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში). დაზარალებული ჩვენებაში უთითებს, რომ ჯგუფიდან მიღებული შეტყობინებების გამო მას ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლა მოუწია – სახლში ლოცულობდა, ლოცვისას იცვამდა სპეციალურ/ნამაზის ტანსაცმელს, იღებდა ე.წ. „ზ–ის“ წყალს (აღნიშნული დასტურდება რ. უ–ის (დაზარალებულის ყოფილი მეუღლე, რომელმაც მიუთითა, რომ დ– სახლში ლოცულობდა, სპეციალურ ტანსაცმელსაც იცვამდა, ე.წ „ზ–ის“ წყალის იღებდა) და ლ. ..-ას (შვილი, რომელმაც დაადასტურა, რომ დაზარალებულის მიერ მითითებულ პერიოდში, დ. მ....მ შეიცვალა ცხოვრების წესი, კერძოდ ლოცულობდა, ნამაზის ტანსაცმელს იცვამდა და „ზ–ის“ წყალს სვამდა, რაც მამამისს არ მოსწონდა) ჩვენებებით, ასევე – ბ.. დ.. მ-....ის უდავოდ ცნობილი გამოკითხვის ოქმით), მის მიმართ ხორციელდებოდა თვალთვალი, არასასურველი კომუნიკაცია, მისი ოჯახის წევრების მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა, რაც იწვევდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას და აიძულებდა ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას. თუმცა აღნიშნულთან უშუალოდ მ. ს–ს შემხებლობა/ჩართულობა ვერ დგინდება საქართველოს სსსკ-ით დადგენილი მტკიცებითი სტანდარტით. აღნიშნულს არ ადასტურებს არც თავად დაზარალებული და მხოლოდ უთითებს, რომ მ. ს–სათვის ცნობილი იყო (ინფორმირებული იყო) აღნიშნული ჯგუფის მიერ დ. მ....სათვის მიცემული დავალებების შესახებ. დ. მ....ს განმარტებით, როდესაც ჯგუფი წაშალა 5 წუთიც არ იყო გასული, როდესაც ჰ....-მ, რომელიც იყო ჯგუფის ადმინი, ჩაუგდო მისი შვილების სკოლის ფოტო და უთხრა, რომ ცოცხლები ვერ მივიდოდნენ სახლში. მერე ისეც დაამატეს ჯგუფში და უთხრეს ჭკვიანად ყოფილიყო, მერე მ.....-ც დაუკავშირდა და უთხრა, რომ ჭკვიანად ყოფილიყო და დაეხმარებოდა ამ ჯგუფიდან თავის დაღწევაში (იხ: გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 22 ივლისის სხდომის ოქმი 16:44:26-17:12:44). დაზარალებულის ჩვენებითვე დგინდება, რომ მას ჯგუფიდან დაავალეს, რომ ქმართან ჰქონოდა კონფლიქტი, რათა წასვლის შემდეგ ქმარს არ მოეძებნა. ტელეგრამ არხით უთხრეს, რომ ამისთვის სასიყვარულო მიმოწერა უნდა ჰქონოდა ოჯახის ნათლიასთან. დაახლოებით ორ საათში დაურეკა მ.....-მ და უთხრა რომ ა-–-სგან იცოდა რაც სთხოვეს. შესთავაზა, რომ რასაც ნათლიასთან ავალებდნენ მასთან გაეკეთებინა, ოღონდ მისი ნომერი ექნებოდა ა-ს, რომელიც ყველაფერს გააკეთებდა რასაც ეტყოდნენ (იხ: გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 22 ივლისის სხდომის ოქმი 17:15:09-17:17:44). მ.....-მ უთხრა, რომ მისთვის მიეწერა, რადგან არავინ არ დაიჯერებდა, მისი ბიძა იყო. ვითომ ეხმარებოდა მას. სულ 4-5 ვოისი იყო მ.....-ს, იმ მიზნით, არ შეემჩნიათ რომ ყალბი მიმოწერა იყო, თუმცა ამბობდა, რომ მისი ტელეფონი ა-ს ჰქონდა (იხ: გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 22 ივლისის სხდომის ოქმი 17:41:38-17:50:21). 2021 წლის 22 სექტემბერს, როდესაც ს.....სკენ ჰქონდა გეზი, გზაში მ.....- დაუკავშირდა და უთხრა, რომ იცოდა მისი ს–ში წასვლის შესახებ და დაეხმარებოდა (იხ: გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 23 ივლისის სხდომის ოქმი 13:41:50-13:47:21).
7.12.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაზარალებული თავად განმარტავს ჩვენებაში, რომ ჯგუფიდან მიღებული დავალებები მ. ს–სთვის ცნობილი გახდა ვინმე „ა-სგან“. სისხლის სამართლის საქმის მასალებით ბრალდების მხარის მიერ არ არის დადგენილი ა-ს ვინაობა (ვისზეც უთითებს დაზარალებული) და არც მისი კავშირი მ. ს–თან.
7.13. დ. მ....ს ყ–ში ყოფნის პერიოდში მ. ს–ს მხრიდან დაზარალებულთან რაიმე სახის კომუნიკაციასა თუ კომუნიკაციის მცდელობასთან მიმართებით, სასამართლო ერთი მხრივ ითვალისწინებს დაზარალებულის განმარტებას, რომ ყ–ში ყოფნისას ასევე მისდიოდა მ.....-ს შეტყობინებები, რომელსაც ძმა პასუხობდა (იხ.: გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 23 ივლისის სხდომის ოქმი 13:15:10-13:24:45), თუმცა მეორე მხრივ ითვალისწინებს, რომ არც დაზარალებულის მშობლები (დედა – ხ. მ--....-, მამა - შ...– ნ. ო–) და ძმა (რ. მ--....ი. მოწმე უთითებს ვ–ისგან მიღებულ შეტყობინებებზე) არ უთითებენ მ.....-ს მხრიდან დ. მ....სთან კომუნიკაციის მცდელობაზე. მით უფრო იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ როგორც დაზარალებულის, ასევე მისი ოჯახის წევრების განმარტებით დ–ს ტელეფონი ჰქონდა მის ძმას – რ. მ-....ს და დ–ს ნაცვლად შეტყობინებებს სწორედ ის პასუხობდა. რაც შეეხება რ. მ--....ის მითითებას, დ. მ....ს ტელეფონზე “V“ ინიციალით შეტყობინების მოსვლის შესახებ, სასამართლო ითვალისწინებს, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ ამ შეტყობინების ავტორი იყო მ. ს– (მათ შორის დაზარალებული დ. მ.... განმარტავს, რომ მითითებული შეტყობინება მიიღო ვ–ისაგან (იხ.: გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 23 ივლისის სხდომის ოქმი 13:15:10 – 13:19:28). შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დგინდება მ. ს–ს უშუალო ჩართულობა იმ ჯგუფის მიერ განხორციელებულ ქმედებებში, რაზეც უთითებს დაზარალებული.
7.14. დაზარალებულ დ. მ....ს განმარტებაზე, რომ რამდენჯერმე შეცვალა მანქანის სარეგისტრაციო ნომერი, მობილური ტელეფონის ნომერი, საცხოვრებელი ადგილი სასამართლო ითვალისწინებს:
7.14.1. 2023 წლის 8 დეკემბრის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს რეგიონალური დ......--....-....-- ს..... ს.....ას წერილს, რომლითაც დგინდება, რომ სსიპ ს.....---..........–....ს გ-......-- ელექტორნულ ბაზაში მოქალაქე დ. მ....ს (პ/ნ .............) სახელზე რეგისტრირებულია და რეგისტრაციიდან მოხსნილია შემდეგი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებები:
- 07/05/2019 წელს ს--....- მოწმობის საფუძველზე დარეგისტრირდა სატრანსპორტო საშუალება, მარკა მოდელი: HYUNDAI TUCSON, VIN ნომრით: .........., ფერი: წითელი 7/8, წელი: 2017; სახელმწიფო სანომრე ნიშნით D.. რომელიც 25/09/2021 წელს მოქალაქე დ. მ....საგან ერთობლივი განცხადების საფუძველზე გადაფორმდა მოქალაქე მ..... მ.....ის (პ/ნ .............) სახელზე, გაიცა სახელმწიფო სანომრე ნიშანი H..;
- 26/07/2022 წელს ერთობლივი განცხადების საფუძველზე დარეგისტრირდა და დღემდე რეგისტრირებულია სატრანსპორტო საშუალება, მარკა მოდელი: MERCEDES-BENZ C---, VIN ნომრით: ....., ფერი: თეთრი, წელი: 2011: სახელმწიფო სანომრე ნიშნით Q.... რომელზეც 07/12/2022 წელს მოქალაქე დ. მ....მ შეცვალა სახელმწიფო სანომრე ნიშნები, გაიცა სახელმწიფო სანომრე ნიშანი .... .
- 30/05/2023 წელს ერთობლივი განცხადების საფუძველზე დარეგისტრირდა და დღემდე რეგისტრირებულია სატრანსპორტო საშუალება, მარკა მოდელი: TOYOTA LAND CRUISER LC150 VIN ნომრით J.... , ფერი: თეთრი, წელი: 2014, სახელმწიფო სანომრე ნიშნით D....
7.14.2. დ. მ....ს სახელზე რეგისტრირებულ ავტომობილებთან მიმართებით სასამართლო ითვალისწინებს, რომ დ. მ....ს სახელზე რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალება (მარკა მოდელი: HYUNDAI TUCSON, VIN ნომრით, K.... ფერი: წითელი 7/8, წელი: 2017; სახელმწიფო სანომრე ნიშნით D...) 2021 წლის 25 სექტემბერს დაზარალებულმა გადაუფორმა მოქალაქე მ..... მ.....ის (პ/ნ .............) ყოფილი ქმრის – რ. უ–ის მოთხოვნის საფუძველზე, რასაც კავშირი არ აქვს მ. ს–სათვის საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლით ბრალადწარდგენილ ქმედებებთან (აღნიშნული დასტურდება დაზარალბულის დედის – ხ-....- მ--....-ს ჩვენებითაც. კერძოდ, მოწმემ განმარტა, რომ რ.-ი დ–ს, ბავშვების სანაცვლოდ, სთხოვდა მანქანის გადაფორმებას. გადაფორმების შემდეგ რ.-მა მათთან მიიყვანა ვაჟიშვილი, ხოლო გოგონა დარჩა მასთან). ამასთან, ბრალდების დადგენილების თანახმად, ბრალდების მხარე მ. ს–ს საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება 2021 წლის იანვრიდან 2023 წლის აპრილის ჩათვლით. ბრალდების მხარე მ. ს–ს არ ედავება 2023 წლის მაისში ადევნების ჩადენას, ხოლო დ. მ....ს მიერ 2023 წლის 30 მაისს შეძენილი სატრანსპორტო საშუალების (მარკა მოდელი: TOYOTA LAND CRUISER LC150 VIN ნომრით J.... , ფერი: თეთრი, წელი: 2014 სახელმწიფო სანომრე ნიშნით D...) შეძენა ბრალდების დადგენილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის პერიოდის შემდგომ მხედველობაში ვერ მიიღება მ. ს–სათვის ბრალადწარდგენილი ქმედების სამტკიცებლად.
7.14.3. მოცემულ შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ დაზარალებულის მიერ ზემოაღნიშნული ავტომანქანების – MERCEDES-BENZ C--- და TOYOTA LAND CRUISER LC150 შეძენა ან/და სარეგისტრაციო ნომრების ცვლილება უკავშირდებოდა მ. ს–ს მიერ განხორციელებულ ქმედებებს.
7.14.4. სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის მე-8 მუხლის მე-2 ნაწილს, რომლის თანახმად, მიზეზობრივი კავშირი არსებობს მაშინ, როდესაც ქმედება წარმოადგენდა ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო შედეგის ან კონკრეტული საფრთხის აუცილებელ პირობას, ურომლისოდაც ამჯერად ეს შედეგი არ განხორციელდებოდა ან ასეთი საფრთხე არ შეიქმნებოდა.
7.14.5. დაზარალებულის მიერ ტელეფონის ნომრის არაერთხელ შეცვლას დაზარალებულის ჩვენებასთან ერთად ადასტურებს სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი „ს-....-დან“, შპს „მ.....----დან“ და სს „ს-....--დან“ გამოთხოვილი ინფორმაცია. კერძოდ, ტელეფონის ნომერი - 5... და 5... რეგისტრირებულია დ. მ....ს სახელზე (იხ.: 2024 წლის 12 მარტის დათვალიერების ოქმი ტ.7, ს.ფ. 445-446), დ. მ....ს სახელზე არის ასევე რეგისტრირებული 5... (დაზარალებულის განმარტებით).
7.14.6. მოცემულ მობილური ტელეფონის ნომრებთან მიმართებით ვერ დგინდება დაზარალებულის მიერ ტელეფონის ნომრების შეცვლა/ახალი ნომრის აღება მოხდა თუ არა უშუალოდ სადავო პერიოდში, სწორედ აღნიშნული მუქარების კონტექსტში. ასევე, არ დასტურდება, რომ ტელეფონის ნომრების შეცვლა უკავშირდებოდა მ. ს–საგან მომდინარე ქმედებებს.
7.14.7. შ...– ნ. ო–ს ჩვენებით დგინდება, რომ ს.... ჩამოსვლისა და პოლიციაში განცხადების შეტანის შემდეგ დაურეკა მ.....ს და უთხრა, რომ შეხვედროდნენ ერთმანეთს, ასეც მოიქცა, ნ. ბ....--ი და მ..... ს..... შეხვდნენ მას. ნ-ი მანქანიდან არ გადასულა, ხოლო მ.....- მას დაელაპარაკა, რა დროსაც ჩაიარა ლურჯი ფერის ჯიპმა, მ.....მა კი მიანიშნა მათზე და უთხრა, რომ ამ ამბავში გარეულები იყვნენ ისინი, აგრეთვე უთხრა, რომ ცოტა დრო სჭირდებოდა, შვილის ქორწილს გადაიხდიდა და შემდეგ დ–ს და მისი მეუღლის ამბავსაც მოაგვარებდა.
7.15. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს დაზარალებულ დ. მ....ს ჩვენებაში არსებულ წინააღმდეგობას მ. ს–ს მიერ მისი გ... წაყვანის მიზანთან მიმართებით. დაზარალებული ერთი მხრივ უთითებს, რომ ჯგუფისა და მ. ს–ს მიზანი არ იყო მისი მოკვლა, მათ სურდათ მისი გატაცება და ოჯახიდან დიდი თანხის ამოღება, ხოლო მეორეს მხრივ უთითებს, რომ ყურანზე ხელის დადებით დაფიცება მოსთხოვეს და როდესაც დაემორჩილა მათ მოთხოვნას და დაიფიცა, წამოსვლის საშუალება მისცეს. დაზარალებული ჩვენებაში ასევე არ უთითებს, რომ აღნიშნულის შემდეგ მის მიმართ/მისი ოჯახის მიმართ მ. ს–ს მხრიდან ადგილი ჰქონდა ფულის გამოძალვას.
7.16. რაც შეეხება რ. უ–ის ჩვენებას, რომელზე მითითებითაც ცდილობს სააპელაციო სასამართლო დაასაბუთოს დ. მ....ს მიმართ მ. ს–ს მხრიდან ჯგუფურად ჩადენილი ადევნების ფაქტი, სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემული მოწმის ჩვენება ეწინააღმდეგება დაზარალებულ დ. მ....ს ჩვენებას, რომელიც უთითებდა, რომ მეუღლეს ყველაფერს უყვებოდა მ. ს–თან შეხვედრის შესახებ (მოწმის განმარტებით არ აქვს ინფორმაცია, რომ დ– მ.....თან შესახვედრად მიდიოდა, მას ყოველთვის ეუბნებოდა, რომ ბებოსთან მიდიოდა), ასევე მას დახმარება სთხოვა რისთვისაც თავად აჩვენა და გაატანა თავისი ტელეფონი მასში არსებული მიმოწერებით (რ. უ–ის განმარტებით დ–ს მისთვის დახმარება არ უთხოვია), რის საპირისპიროდაც რ. უ–მა დ–ს მამას გაუგზავნა შეტყობინებები, რომ დ. მ.... მ. ს–თან ღალატობდა, თუმცა ჩვენების მიცემისას მიუთითა, რომ ღალატზე არ ჰქონდა დადასტურებული ინფორმაცია. ასევე დაზარალებული უთითებს, რომ დახმარების თხოვნაზე ქმარმა უარი უთხრა, რადგან მათი შიში ჰქონდა და უთხრა თავად მიეხედა თავისი თავისთვის, მისულიყო სადაც იბარებდნენ, რადგან მას ვერავინ ვეღარ დაეხმარებოდა (იხ.: გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 22 ივლისის სხდომის ოქმი 17:42:00-17:48:55). სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ როგორც დაზარალებულ დ. მ....ს ჩვენებით, ასევე დედამისის – ხ-....- მ--....-ს ჩვენებით დგინდება, რომ სწორედ რ. უ–ის მოთხოვნით გახდა იძულებული დაზარალებული თავისი კუთვნილი სატრანსპორტო საშუალება HYUNDAI TUCSON 2021 წლის 25 სექტემბერს გადაეფორმებინა მ..... მ.....ის სახელზე.
7.17. ადევნების ნაწილში, ბრალდების მხარე მ. ს–ს ასევე ედავება დ. მ....ს სამუშაო ადგილზე ქ. თ....., ი....-....- ქ. №.. მდებარე რესტორან „გ---....--....-–-" მისვლას, სადაც დ. მ.... ადგილზე არ დახვდა, თუმცა დაუტოვა სიცოცხლის მოსპობის მუქარის შემცველი შეტყობინება. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდების დადგენილებითვე დგინდება, რომ მ. ს–ს მიერ აღნიშნული ქმედება განხორციელდა 2023 წლის აპრილში, მას შემდეგ, რაც სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების თანახმად, დ. მ....მ მ. ს–ს მიმართ სისხლის სამართლის დევნის დაწყების განცხადებით მიმართა საგამოძიებო უწყებას – 2022 წლის 17 აგვისტოს (იხ.: ტ.1, ს.ფ.1). იმავდროულად, სამართლო ითვალისწინებს, რომ თავად დაზარალებულ დ. მ....ს ჩვენებითაც არ დგინდება, რომ 2021 წლის 22-24 სექტემბრის შემდეგ (მას შემდეგ რაც მ. ს–მა დ. მ.... წაიყვანა გ...), მათ შორის ს.... დაბრუნების შემდეგ – საგამოძიებო ორგანოში მ. ს–ს წინააღმდეგ განცხადებით მიმართვამდე – 2022 წლის 17 აგვისტომდე, მ. ს– ემუქრებოდა მას.
7.18. შესაბამისად, მ. ს–ს რესტორანში მისვლა და მუქარა, რომელზეც უთითებენ როგორც დაზარალებული დ. მ...., ასევე მოწმე დ. ა–ა მიემართება უკვე დ. მ....ზე გავლენის მოხდენის მცდელობას, რასაც საქართველოს სსკ-ის 372-ე მუხლის მე-2 ნაწილით ბრალდების მხარე არ ედავება მ. ს–ს.
7.19. სასამართლო ითვალისწინებს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2024 წლის 8 თებერვლის სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N.. დასკვნას, რომლის თანახმად, დ. მ....ს კვლევის შედეგებით ვლინდება ფსიქოლოგიური ტანჯვის მდგომარეობა.
7.19.1. ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა ექსპერტმა თ. კ–ემ. მართალია ფსიქოლოგიური ექსპერტიზის ფარგლებში ბრალდების მხარის მიერ დასმული კითხვები მიემართებოდა უშუალოდ მ. ს–ს (მ. ს–ს ქმედებებით დ. მ....მ განიცადა თუ არა ფსიქოლოგიური ტანჯვა? მ. ს–ს ქმედებებით დ. მ....მ განიცადა თუ არა ძლიერი ფსიქიკური ტკივილი ან/და მორალური ტანჯვა?), თუმცა ექსპერტ თ. კ–ის ჩვენებით დგინდება, რომ იგი პირადადაც ესაუბრა დ. მ....ს და ჩაუტარა კლინიკური კვლევა, დ–მ აღწერა მისი წარსული ცხოვრებიდან არაერთი უსიამოვნო და მატრავმირებელი ფაქტი, მდგომარეობა შეფასდა 2023 წლის 18 ოქტომბრის მდგომარეობით (13:00:01-13:04:21). ექსპერტის განმარტებით შეუძლებელია დადგინდეს საიდან დაიწყო ტანჯვა, რომელი თარიღიდან და სადამდე გასტანა, წარმოუდგენელია ფაქტების გადამოწმება მოახდინოს ექსპერტმა (13:04:21-13:10:24), ვერც ხანდაზმულობას ვერ იკვლევენ, ვერცერთი ტესტი ვერ ასახელებს წყაროს. ექსპერტი აფასებს პირის ემოციურ მდგომარეობას. არცერთი ტესტი არ ადგენს ფაქტს და წყაროს. დ. მ....ს ტესტური კვლევით დადგინდა, რომ ძირითადი პრობლემა არის შელახული თავმოყვარეობა (13:12:00-13:12:14). დ–მ გასაუბრებისას მიმდინარე საქმის ფარგლებში აღწერა საკუთარი მდგომარეობა და განცდები (12:48:39-12:52:35). ექსპერტის კვლევის სფერო არ არის გადმოსაცემი პირი სიმართლეს ამბობს თუ არა. დ–სთან გასაუბრებისას მას არ გასჩენია ეჭვი, რომ დ– არ იყო გულწრფელი, თუმცა ზოგადად ეს მისი შესაფასებელი არ არის. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ექსპერტთან გასაუბრებისას დ. მ....მ მიუთითა მათ შორის გ-ში მ. ს–ს მიერ თავისუფლების აღკვეთის ფაქტზე და ამით განცდილ სტრესსა თუ შიშებზე, ასევე ჯგუფის მიერ მისთვის მიცემული დავალებებით გამოწვეულ სტრესზე.
7.19.2. ფსიქოლოგ თ. კ–ის განმარტებით, მან დ. მ....ს მეორედ ჩაუტარა ფსიქოლოგიური ექსპერტიზა, ყ–იდან ჩამოსული დ– მალევე იყო მასთან მისული. პირველი კვლევა ეხებოდა ოჯახური ძალადობის საქმეს, კვლევა ჩაატარა გამოსაკვლევი პირის კერძო მიმართვის საფუძველზე და მაშინაც საკმაოდ მძიმე მდგომარეობა ჰქონდა დ. მ....ს (13:15:21-15:20:58), რაც ასევე დასტურდება დაზარალებულ დ. მ....ს ჩვენებითაც. კერძოდ, დაზარალებულმა ჩვენებაში მიუთითა მეუღლის – რ. უ–ის მხრიდან მის მიმართ ჩადენილი ფიზიკური ძალადობის ფაქტზე (მ..-ის ქუჩაზე მათ საცხოვრებელ სახლში) და აღნიშნა, რომ ჩვენებაც მისცა, თუმცა მისთვის საბოლოო გადაწყვეტილება უცნობია (იხ.: გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 23 ივლისის სხდომის ოქმი 13:40:55013:59:44).
7.20. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარე დაზარალებულ დ. მ....ს ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესაფასებლად ასევე უთითებს 2021 წლის 2 ოქტომბრის დ. მ....ს ფსიქოლოგიური კონსულტაციის შესახებ დასკვნაზე. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 23-ე ნაწილის თანახმად, მტკიცებულება არის კანონით დადგენილი წესით სასამართლოში წარდგენილი ინფორმაცია, ამ ინფორმაციის შემცველი საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება ან სხვა ობიექტი, რომლის საფუძველზედაც მხარეები სასამართლოში ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, სამართლებრივად აფასებენ მათ.
7.20.1. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ მითითებული 2021 წლის 2 ოქტომბრის ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესახებ დასკვნა დ. მ....ს ადვოკატმა ა....- თ.-მ მეილზე გაუგზავნა გამომძიებელ ნ. გ-.....–ს (იხ.: ტ.4, ს.ფ.32-35). ბრალდების მხარის მიერ არ განხორციელდა არც აღნიშნული დოკუმენტის მოპოვება საქართველოს სსსკ-ით დადგენილი წესით (ამოღება) და არც აღნიშნული დოკუმენტის გამცემი პირის დაკითხვა. სასამართლო ითვალისწინებს ასევე საქართველოს სსსკ-ის 78-ე მუხლს, რომლის თანახმად დოკუმენტს მტკიცებულებითი ძალა აქვს თუ, მათ შორის, ის ავთენტიკურია. მოქმედი საქართველოს სსსკ-ი არ ითვალისწინებს დოკუმენტის წარმოდგენას, როგორც საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებას. ბრალდების მხარეს უნდა განეხორციელებინა დ. მ....ს ფსიქოლოგიური კონსულტაციის შესახებ დასკვნის ამოღება და სისხლის სამართლის საქმეზე დართვა საქართველოს სსსკ-ის 120-ე მუხლის საფუძველზე.
7.21. მ. ს–სათვის საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მსჯავრადშერაცხილ ეპიზოდთან დაკავშირებით დაზარალებულ დ. მ....ს ტელეფონიდან გამოთხოვილ ინფორმაციასთან (კერძოდ: 2022 წლის 18 ივნისის, 2022 წლის 9 ივლისის და 2023 წლის 6 მაისის „სქრინები“) მიმართებით, სასამართლო იზიარებს კასატორი დაცვის მხარის მსჯელობას, რომ სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება (დაზარალებულს არ წარმოუდგენია) თავად მიმოწერა, რაც ბრალდების მხარეს მისცემდა შესაძლებლობას დაედგინა, მათ შორის, „D--ის“ ნომერი და შემდგომში ამ ნომრის კავშირი მ. ს–თან.
7.22. დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ მ. ს–ს ძმის ი....-- ს.....ს მობილური ტელეფონებიდან(აჩუქა მ. ს–მა), სასამართლო განჩინების საფუძველზე, გამოთხოვილ ინფორმაციასთან(ფოტოსურათები, გიფები და მოკლეტექსტური შეტყობინებების „სქრინები“) დაკავშირებით, სასამართლო ერთი მხრივ ითვალისწინებს, რომ ინფორმაციის გამოთხოვა განხორციელდა საქართველოს სსსკ-ის 136-ე და 111-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით (დაცვის მხარემ თავად ჩაატარა ტელეფონიდან ინფორმაციის გამოთხოვა), იმავდროულად, ითვალისწინებს, რომ აღნიშნული ტელეფონის ამოღება (ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით) ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე გაცემული სასამართლოს განჩინებით(იხ.: გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 6 მარტის განჩინება, ტ.13. ს.ფ. 208) ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებისას ვერ განხორციელდა, რადგან ი....-- ს–მა განმარტა, რომ მისთვის უცნობი იყო ტელეფონების ადგილსამყოფელი (იხ.: 2024 წლის 11 მარტისა და 19 მარტის სატელეფონო გასაუბრების ოქმები ტ.13, ს.ფ. 209-210).
7.22.1. ი....- ს.....ს განმარტებასთან (ჩვენებაში აღნიშნა, რომ ტელეფონები ყ–ში ჰქონდა წაღებული, სადაც ჩატარდა ჩხრეკა. მოგვიანებით, როდესაც ტელეფონებისთვის დაურეკეს აღმოაჩინა, რომ ტელეფონები არ იყო) მიმართებით სასამართლო ითვალისწინებს, რომ მ. ს–ს სახლის, ეზოს, დამხმარე სათავსოს და ავტომობილის ჩხრეკა ჩატარდა 2023 წლის 1 ნოემბერს (რასაც ესწრებოდა როგორც მ. ს–, ასევე გარეშე პირად – ნ. ბ–ი (იხ.: ტ.1, ს.ფ. 204-233), რა დროსაც ავტომობილიდან, მათ შორის, ამოიღეს ორი სამსუნგის ფირმის მობილური ტელეფონი (რომელიც 2023 წლის 10 ნოემბერს გაიგზავნა საინფორმაციო-ტექნოლოგიურ ექსპერტიზაზე (ტ.1, ს.ფ.235-236)), ხოლო დაცვის მხარის მიერ ი....-- ს..ს ტელეფონების დათვალიერება ჩატარდა 2024 წლის 10 იანვარს (იხ.: ტ. 5, ს.ფ. 191-200) და, გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 20 თებერვლის განჩინების საფუძველზე, დაცვის მხარის მიერ 2024 წლის 3 მარტს ი....- ს..ს ტელეფონებიდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია (იხ.: ტ. 13, ს.ფ. 5-35). შესაბამისად, ი....- ს.....ს განმარტება, რომ როდესაც ბრალდების მხარე დაუკავშირდა 2024 წლის 11 მარტსა და 19 მარტს (იხ.: ტ.13, ს.ფ. 209-210) მას ტელეფონები აღარ ჰქონდა, რადგან ჩხრეკის შემდეგ დაკარგა – დაუსაბუთებელია.
7.22.2. სასამართლო ითვალისწინებს ასევე, რომ არცერთი ფოტოსურათის, გიფის თუ ე.წ. „სქრინის“ მონაცემებით არ დგინდება გადაღების თარიღები, ამასთან, არ დგინდება მოცემულ „სქრინებში“ მიმიმოწერის მეორე მხარის ტელეფონის ნომრები, შესაბამისად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დგინდება, რომ აღნიშნული „სქრინები“ დ. მ..სა და მ. ს–ს კომუნიკაციის ამსახველია.
7.23. შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება მ. ს–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის მე-2 ნაწილია „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
8. მ. ს–სათვის საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრადშერაცხილ დანაშაულთან მიმართებით სასამართლო ითვალისწინებს:
8.1. ადამიანის თავისუფლება იმდენად წონადი ფუნდამენტური უფლებაა, რომ მასში ჩარევა სახელმწიფოს მხრიდანაც კი უნდა წარმოადგენდეს ultima ratio-ს. თავისუფლების უკანონო აღკვეთა დაკავშირებულია პირის იძულებით დაკავებასთან, რომელსაც ფაქტობრივად შეზღუდული აქვს თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა. სწორედ გადაადგილების თავისუფლება განასხვავებს თავისუფლების უკანონო აღკვეთას იძულებისაგან, როდესაც პირს შეუძლია შეასრულოს ან არ შეასრულოს ისეთი მოქმედება, რომლის განხორციელება ან მისგან თავის შეკავება მისი უფლებაა და მიუხედავად მის ნებაზე ფიზიკური ან ფსიქიკური ზემოქმედებისა, გადაადგილების თავისუფლება ფაქტობრივად (ობიექტურად) შეზღუდული არ აქვს (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 16 ივლისის N54აპ-20 განაჩენი).
8.2. იძულება შეიძლება ჩადენილი იქნეს ფიზიკური ან ფსიქიკური იძულების გზით. საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ობიექტური მხრივ გამოიხატება მოქმედებაში - ადამიანის მოქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვაში. ამასთან, აღნიშნული უნდა განხორციელდეს ამავე მუხლით პირდაპირ განსაზღვრული ხერხებიდან ერთ-ერთის (ან ერთდროულად ორივე ხერხის) გამოყენებით: ფიზიკური ან ფსიქიკური იძულებით (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 16 დეკემბრის N999აპ-24 განაჩენი).
8.3. ქმედების სწორად კვალიფიკაციისთვის უნდა დადგინდეს, მსჯავრდებულის ქმედებები შემოიფარგლა თუ არა დაზარალებულის ნებაზე ფიზიკური ან ფსიქიკური ზემოქმედებით, რამაც აიძულა იგი, ემოქმედა საკუთარი შეხედულების საწინააღმდეგოდ, თუ დაზარალებულისათვის გადაადგილების თავისუფლების ობიექტურად შეზღუდვით.
8.4. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, მ. ს–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება გამოიხატა შემდეგში: ქ. თ....., დ... ა... ...ის ხ....- შეხვედრის შემდეგ მ. ს–მა უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება დ. მ....ს, გაათიშინა მობილური ტელეფონი და ფსიქოლოგიურად აიძულა მისი ნების საწინააღმდეგოდ წასულიყო დ... – ... მიმართულებით. მ. ს–მა უკანონოდ თავისუფლებააღკვეთილი დ. მ.... მიიყვანა ქ.გ..., ი....- ს-.....–ში მდებარე სასტუმრო „ლ....“, სადაც იმყოფებოდა ორი დღის განმავლობაში - 2021 წლის 24 სექტემბრის ჩათვლით, დ. მ....ს უკანონოდ არ აძლევდა თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობას, კერძოდ, არ აძლევდა სახლში დაბრუნებისა და სასტუმროს დატოვების უფლებას. მას შემდეგ, რაც მან დ. მ....სგან მიიღო მორჩილებისა და მომხდარზე დუმილის შენარჩუნების პირობა, იგი დააბრუნა ქ.თ..... და გაათავისუფლა.
8.5. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის დავის საგანს არ წარმოადგენს 2021 წლის 22-24 სექტემბერს დ. მ....სა და მ. ს–ს გ..., სასტუმრო „ლ....“ ყოფნის ფაქტი, რაც დ. მ....სა და მ. ს–ს ჩვენებებთან ერთად, ასევე დასტურდება „მ.....-დან“, „ს-....---დან“ და „ს-....-დან“ გამოთხოვილი ინფორმაციით (მითითებულია აბონენტის ადგილმდებარეობის მონაცემები ანძების მიხედვით (იხ.: ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების 2024 წლის 18 თებერვლის ოქმი, ტ. 4, ს.ფ. 40-51)).
8.6. დაზარალებულ დ. მ....ს ჩვენებით დგინდება, რომ 2021 წლის სექტემბერში, ჯგუფიდან მიიღო დავალება, სამუდამოდ წასულიყო ს..... რ..., წინააღმდეგ შემთხვევაში დაუხოცავდნენ შვილებს. დრო ჰქონდათ დათქმული, რომ 28-29 სექტემბერს უნდა გასულიყო სახლიდან, დაეტოვებინა ტელეფონი, არც ნივთები უნდა აეღო, მისი წასვლის შემდეგ ქმარს უნდა ენახა მისი სასიყვარულო მიმოწერა მ.....-სთან და შემდეგ არ დაუწყებდა ძებნას (იხ.: გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 22 ივლისის სხდომის ოქმი 17:17:44-17:20:57). ს.... – ...ს სახელმწიფო ....-რთან მას დახვდებოდნენ სხვა ქალებიც, ვისთან ერთადაც იგი წავიდოდა ს..... რ..., საიდანაც ვეღარ დაბრუნდებოდა და ვერც ოჯახის წევრებთან ექნებოდა ურთიერთობა, რაზეც უარი განაცხადა. აღნიშნული უამბო ქმარს, ეგონა დაეხმარებოდა, რისთვისაც გაატანა ტელეფონი, თუმცა მის ტელეფონში შენახული სმს-ები მან გაუგზავნა დაზარალებულის ორივე მშობელს, ასევე თავის მშობლებს და ოჯახის ყველა წევრს. დაახლოებით 4 საათამდე შვილებთან ერთად სახლში იყო. ქმარმა დაურეკა შვილის, ლ-ს ტელეფონზე და უთხრა, რომ საწყობთან მისულიყო და ბავშვებიც მიეყვანა, მასთან სასაუბრო ჰქონდა. ქმარმა ბავშვები გადაიყვანა თავის მანქანაში, თავად კი ჩაუჯდა და აჩვენა, რომ შეტყობინებები მამამისს გაუგზავნა, უთხრა, რომ მისულიყო სადაც იბარებდნენ, რადგან მას ვერავინ ვეღარ დაეხმარებოდა. ძალიან ბევრს ცდილობდა აეხსნა, მაგრამ ქმარმა უარი უთხრა დახმარებაზე, რადგან შიში ჰქონდა ამ ადამიანების და უთხრა, რომ თვითონ მიეხედა საკუთარი თავისთვის, გარკვეული თანხაც მისცა. დაზარალებულმა თავად უთხრა, რომ ბავშვები მასთან (მამასთან) ყოფილიყვნენ და თავად იმას გააკეთებდა, რასაც ეუბნებოდნენ. გზა გააგრძელა უმისამართოდ, რა დროსაც დაურეკა ქმარმა და უთხრა, რომ მანქანაზე გენერალური მინდობილობა დაეტოვებინა საზღვარზე გასვლისას, არაფერი უპასუხია და გაუთიშა ტელეფონი. სადღაც ლ-.... მიმდებარე ტერიტორიაზე დაურეკა მამამისმა და ისეთი საშინელი სიტყვები უთხრა, აღარც იცოდა სად მიდიოდა, რას აკეთებდა, ისეთ დღეში იყო, რომ არ უნდოდა არაფერი, ერთი სული ჰქონდა ეს ყველაფერი დასრულებულიყო, თავი სიზმარში ეგონა. მამასაც აუხსნა, მაგრამ არ უსმენდა, რადგან მისმა ქმარმა აჩვენა მესიჯები, ის იყო მისთვის დამნაშავე და ფიქრობდა მხოლოდ მის ავტორიტეტზე. არ იცოდა სად მიდიოდა, უბრალოდ ს.....სკენ ჰქონდა გეზი (იხ.: გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 22 ივლისის სხდომის ოქმი 17:42:00-17:48:55), როდესაც ს.....სკენ ჰქონდა გეზი შემოვლითი გზით, გზაში მ.....- დაუკავშირდა და უთხრა, რომ იცოდა მისი ს–ში წასვლის შესახებ და დაეხმარებოდა. როგორც სხვა ქალებს დაეხმარა მ.....-, ასე იქნებოდა ალბათ მასთანაც. მის შემთხვევაშიც ჰქონდათ მოლოდინი, რომ მამამისიც გადაიხდიდა თანხას (იხ.: გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 22 ივლისის სხდომის ოქმი 17:30:50-17:32:30). დაახლოებით ზ-...ს გზასთან დახვდა შავი ფერის ქემრით, საჭესთან იჯდა სხვა მამაკაცი, რომელსაც არ იცნობს, 55-56 წლის, წვერით, და თხელი თმით - აღნიშნული პირი ნ. ბ–ი არ იყო, რადგან მას იცნობს. არ იცოდა საიდან გაიგო მ.....-მ მისი ადგილსამყოფელი. მ.....-მ გააჩერა მანქანა და გადაჯდა დ–ს მანქანაში. დაზარალებულის განმარტებით, მ.....-ს თავის დანებებას სთხოვდა, რა დროსაც მ.....-მ იარაღი აჩვენა, დაემუქრა და გააგრძელებინა გზა. მის (დაზარალებულის) მანქანას ჰქონდა პრობლემა და ამის გამო, ისინი დადიოდნენ ნელა, წვიმდა (იხ.: გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 23 ივლისის სხდომის ოქმი 13:41:50-13:47:21). მ.....-ს ეცვა ჯარისკაცის ფორმის მსგავსი დეტალებით ჟაკეტი, ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი. თან ჰქონდა შავი ფერის იარაღი ხის დეტალებით. თ--....- გამოსულები გაჩერდნენ ბენზინგასამართ სადგურზე, სადაც მ.....-მ უთხრა, რომ ბარათით არ გადაეხადა თანხა, დ–მაც დაუჯერა და ნაღდი ფულით გადაიხადა. მ.....- არ ეუბნებოდა თუ სად მიდიოდნენ, მხოლოდ გზას აგრძელებინებდა, ამ დროის პერიოდში იმის მიუხედავად რომ საჭეს თვითონ ატარებდა და ტელეფონიც თან ჰქონდა, მხოლოდ შვილებზე ფიქრობდა, ამიტომ არ ეწინააღმდეგებოდა მ.....-ს, რადგან მ.....- სულ ემუქრებოდა შვილების და მეუღლის სიცოცხლის მოსპობით. მ.....- ამ პერიოდში მობილურ ტელეფონზე საუბრობდა და მას (დაზარალებულს) ეუბნებოდა, რომ ვ–ი იყო, თუმცა დაზუსტებით მოწმემ არ იცის იყო თუ არა მართლაც ვ–ი. ეუბნებოდა, რომ რაც მათ სურდათ ის უნდა გაეკეთებინა, წინაააღმდეგ შემთხვევაში ბავშვებს დაუხოცავდნენ, ტერორისტებად გაზრდიდნენ, იცოდნენ მისი ძმა სად გადაადგილდებოდა. დაზარალებულის განმარტებით, გზაში მანქანაც კი გააჩერა, გადავიდა, დაიჩოქა და უთხრა მ.....-ს, რომ მოეკლა, რა დროსაც დაუსველდა და გაუჭუჭყიანდა ტანსაცმელი. მ.....-მ უთხრა, რომ მისი მოკვლა არ ჰქონდათ მიზნად, მისი გატაცებით ან მისი შვილებისათვის რამის გაკეთებით მათი ოჯახიდან სერიოზული თანხა უნდა ამოეღოთ(იხ.: გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 23 ივლისის სხდომის ოქმი 12:39:12-12:45:44). შემდეგ მათ ისევ გააგრძელეს გზა, წამოვიდნენ გ-.., იგი ასევე აღნიშნავს, რომ საერთოდ არ იცოდა გორის გზა, არასდროს არ იყო გ... ნამყოფი. გ... მივიდნენ სასტუმროში, რომლის წინაც არის პოლიციის შენობა. მ.....-მ უთხრა არაფერი გაებედა. დაზარალებულის განმარტებით, იგი ისეთ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იყო, არაფერი არ შეეძლო, ფიქრობდა არა საკუთარ თავზე, არამედ მის უკან მდგარ ოჯახის წევრებზე, რის გამოც ვერაფერს ვერ გაბედავდა, მათ შორის დახმარების თხოვნას. სასტუმრო მდებარეობდა ქ.... შესასვლელშივე, გზაზე პირდაპირ, რომლის სახელს ვერ იხსენებს. მ.....-მ ძალიან კარგად იცოდა გზები და დ–ს ხელით ანიშნებდა, საიდან უნდა შესულიყვნენ მანქანით. უკანა კარიდან შევიდნენ სასტუმროში, ტელეფონი მას დარჩა მანქანაში. სასტუმროში დახვდათ ორი ქალბატონი. ერთ-ერთ ქალბატონს მიაწოდა მ.....-მ თავისი პირადობის მოწმობა, უშუალოდ მოწმისათვის რაიმე დოკუმენტაცია არ მოუთხოვიათ. რეგისტრატურაში გაჩერდნენ ცოტა ხნით, ოცი წუთი ან უფრო ნაკლები, ზუსტად არ ახსოვს, რა დროსაც მ.....- ესაუბრებოდა ადმინისტრატორს, თავად კი მოშორებით იდგა. მოწმეს ინფორმაცია არ აქვს იმასთან დაკავშირებით ჰქონდა თუ არა რაიმე ურთიერთობა სასტუმროს ადმინისტრაციასთან, თუმცა იგი ვარაუდობს რომ მ.....- ადრეც იყო ამ სასტუმროში ნამყოფი საუბრიდან და იქიდან გამომდინარე, რომ ყველაფერი იცოდა სასტუმროში. აგრეთვე, ქალბატონმა მ.....-ს სახელით მიმართა, მანამ სანამ პირადობას მიაწვდიდა. სასტუმროში მომუშავე ორივე ქალბატონი ახსოვს ვიზუალურად. მათთვის მოწმეს დახმარება არ უთხოვია. ერთ-ერთმა ქალბატონმა ჰკითხა დ–ს ცუდად ხომ არ იყო და დახმარება ხომ არ სჭირდებოდა (იხ.: გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 25 ივლისის სხდომის ოქმი 13:05:44- 13:24:05). მ.....-მ ნომრის გასაღები აიღო და ისინი ავიდნენ კიბეზე, კიბის მოპირდაპირე მხარეს იყო ხის კარები, მან გააღო კარი და შევიდნენ ოთახში. ნომერში იყო კარადა, სადაც ეწყო ელექტრო ჩაიდანი და ჭიქები, მეორე მხარესაც კარადა, ოთახში იყო ორი ერთ ადგილიანი საწოლი. დაზარალებულის განმარტებით, თავად ნომერში მარტო იყო, მაგრამ ზუსტად რამდენი ნომერი აიღო მ.....-მ არ იცის, რადგან მათ უკან მოჰყვებოდა მანქანა, რომელშიც ვინ იყო მისთვის უცნობია (იხ.: გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 23 ივლისის სხდომის ოქმი 12:45:44-12:49:05). მ.....- რომ გავიდა ოთახიდან ესმოდა, რომ ტელეფონზე ესაუბრებოდა ვიღაცას, გარეთაც რომ გავიდა ესმოდა, რომ ვიღაცასთან ჰქონდა კონტაქტი. ნომერს ჰქონდა აივანზე გასასვლელი მეტალო-პლასტმასის კარი, საიდანაც ეზოში ჩანდა მისი (დაზარალებულის) მანქანა. ნომერში შესვლის შემდეგ მ.....- გავიდა ოთახიდან და წაიღო მანქანის გასაღები. მოგვიანებით, ნომერში შევიდა და მიუტანა მობილური ტელეფონი. უთხრა, რომ ზარებისათვის ეპასუხა და ეთქვა, რომ კარგადაა. ეს გაფრთხილება მისცა და გავიდა ოთახიდან.. თავად დარჩა ოთახში, ტელეფონზე იყო გამოტოვებული ზარები და შეტყობინებები, რომელსაც უპასუხა, რომ კარგად იყო. მამამისთან საუბრის შემდეგ ამ სიტუაციაში მას არავისი იმედი არ ჰქონდა, რადგან შეტყობინებების გამო ისე გამოვიდა, თითქოს ქმარს უღალატა. დაზარალებულის განმარტებით, მთელი ღამე სარკესთან ხალიჩაზე იჯდა. მის ნომერს და გვერდით ნომერს საერთო აივანი ჰქონდათ, საიდანაც იგი შევიდა მეორე ნომერში, თუმცა მეორე ნომრის კარიც დაკეტილი იყო. მეორე ოთახში გავიდა იმიტომ, რომ კაცების ....ულ ენაზე საუბარი ესმოდა და უნდოდა მათი დანახვა (იხ.: გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 23 ივლისის სხდომის ოქმი 12:53:53-12:59:37). გაქცევის მიზანი არ ჰქონდა, ვინაიდან საკუთარ თავზე არ ფიქრობდა, მას მართალია ტელეფონი ხელში ჰქონდა, თუმცა რადგან იცოდა, რომ მისი ტელეფონის აიქლაუდი მათ ჰქონდათ ვერაფერს აკეთებდა. ამ დროს საკუთარ თავზე ვეღარ ფიქრობდა, მხოლოდ შვილებზე და მისი ოჯახის უსაფრთხოებაზე ფიქრობდა. იჯდა ნომერში და ასე გაატარა მთელი ღამე. სასტუმროს ნომრის გასაღები ჰქონდა მ.....-ს, კარი იყო ხის, რომელიც გასაღებით იღებოდა. საკეტი შიგნიდან არ იღებოდა, რადგან მან სცადა და ზუსტად ახსოვს, რომ კარის საკეტი მექანიზმი შიგნით მხრიდანაც მხოლოდ გასაღებით იღებოდა (შიგნიდანაც გასაღების ბუდე ჰქონდა)(იხ.: გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 23 ივლისის სხდომის ოქმი 12:59:50-13:02:35). შემდეგ, ნომერში შევიდა მ.....- და უთხრა, რომ მისთვის წესები ექნებოდათ, ვიდეო-ზარით დააკავშირა ვ. ო–თან, ხოლო ამ უკანასკნელმა უთხრა, რომ რაც მან იცის და დაინახა არაფერი არ უნდა ეთქვა, ხელი დაედო ყურანზე და ალაჰი დაეფიცებინა. დაზარალებულის განმარტებით, მართალია იმედიც არ ჰქონდა, რომ თავს დაანებებდნენ, თუმცა მაინც ხელი დაადო ყურანს და დაიფიცა, რომ არავისთან არაფერს არ იტყოდა (იხ.: გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 23 ივლისის სხდომის ოქმი 12:53:53-12:59:37). შემდეგ ინსტაგრამზე მოუვიდა ძმის შეტყობინება, რომელიც ჰპირდებოდა, რომ დაეხმარებოდა. ამის შემდეგ, მათ დატოვეს სასტუმრო, მ.....- ცდილობდა საჭესთან დაჯდომას, მაგრამ მან (დაზარალებულმა) უფლება არ მისცა. საჭესთან დაჯდა თავად და წავიდნენ თ--....- მიმართულებით. მ.....- ჩავიდა ავტომანქანიდან თ--....- შესასვლელში. თავად გზა გააგრძელა ზღვის მიმართულებით ვარკეთილისაკენ. გზაში დედას ელაპარაკა და უთხრა სადაც იყო, მანქანის მართვა აღარ შეეძლო, რის გამოც გაჩერდა. მასთან მივიდა დედა, დეიდა და დეიდის მეუღლე ამ უკანასკნელის მანქანით. ამ დროს იყო ფეხშიშველი, ეცვა დახეული სასტუმროს ერთჯერადი ფეხსაცმელი და იყო ტალახიანი. გადაჯდა დეიდის ქმრის მანქანაში. მათთვის არაფერი უთქვამს, მხოლოდ ეუბნებოდა, რომ კარგად იყო და ვერაფერზე ვერ უპასუხებდა.
8.6.1. მის მანქანაში გადმოსული მ. ს– იარაღის დემონსტრირებით დაემუქრა და უთხრა გაეგრძელებინა მოძრაობა, თუმცა ბრალდების მხარის მიერ მ. ს–ს დაზუსტებული ბრალდების ფორმულირება არ შეიცავს მითითებას მ. ს–ს მიერ დ. მ....ს თავისუფლების უკანონო აღკვეთისას იარაღის დემონსტრირებით მუქარაზე(ბრალდების მხარე არ ედავება თავისუფლების უკანონო აღკვეთისას იარაღის გამოყენებას).
8.7. ქმედების საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით კვალიფიკაციისათვის სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უნდა დასტურდებოდეს გადაადგილების თავისუფლების ფაქტობრივად (ობიექტურად) შეზღუდვა.
8.8. დაზარალებულის ჩვენებით დგინდება, რომ მას შემდეგ რაც მ. ს– გადმოჯდა მის ავტომობილში, და გაემართნენ გ.. (მაშინ არ იცოდა სად მიდიოდნენ, მ.....-ს არ უთქვამს), მანქანას თავად მართავდა და ტელეფონიც ჰქონდა, გზად გაჩერდა საწვავის ჩასასხმელად, ასევე გააჩერა მანქანა და მანქანიდან გადასულმა დაუჩოქა მ. ს–ს, რომ მისთვის თავი დაენებებინათ, ტელეფონიც მას ჰქონდა, მაგრამ მის თავზე არ ფიქრობდა, ფიქრობდა მარტო შვილებზე და ოჯახზე, რომ არაფერი მოსვლოდათ (იხ.: გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 22 ივლისის სხდომის ოქმი 17:51:50-17:56:05). სასტუმროს დატოვების შემდეგ მ.....- ცდილობდა საჭესთან დაჯდომას, მაგრამ მან (დაზარალებულმა) უფლება არ მისცა (იხ.: გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 23 ივლისის სხდომის ოქმი 12:53:53-12:59:37), ასევე იმ გარემოებას, რომ მის მანქანაში გადმოსული მ. ს– იარაღის დემონსტრირებით დაემუქრა და უთხრა გაეგრძელებინა მოძრაობა (იხ.: გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 25 ივლისის სხდომის ოქმი 15:18:50-15:22:50).
8.8.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარე მ. ს–ს არ ედავება დ. მ....სთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთას იარაღის გამოყენებით, ხოლო სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (მათ შორის დაზარალებულის განმარტებების გათვალისწინებით) ვერ დგინდება, რომ ადგილი ჰქონდა მ. ს–ს მიერ დაზარალებულისათვის თავისუფლების უკანონო აღკვეთას (გადაადგილების თავისუფლების ობიექტურად შეზღუდვას) დაზარალებულის კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებისას.
8.9. გ..., სასტუმრო „ლ....“ მ..... ს.....სათვის ბრალადწარდგენილ დაზარალებულისათვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთასთან მიმართებით, სასამართლო ითვალისწინებს დაზარალებულის ჩვენებას, რომ სასტუმროს ნომერში ყოფნისას მ.....- შევიდა და მიუტანა ტელეფონი, რომელიც მანქანაში დარჩა, უთხრა ზარებისთვის ეპასუხა და ეთქვა რომ კარგადაა, თავად კი ოთახიდან გავიდა, მის ნომერს და გვერდითა ნომერს საერთო აივანი ჰქონდათ, საიდანაც იგი (დაზარალებული) შევიდა მეორე ოთახში. სასტუმრო „ლ-ს“ წინ იყო პოლიციის განყოფილება, მას დახმარება არავისთვის უთხოვია, არც სასტუმროს თანამშრომლებისთვის უთქვამს რამე. სასტუმროში ყოფნისას როდესაც მ.....-მ მიუტანა ტელეფონი, რამდენიმე ზარი იყო, ბებიამისმაც დაურეკა, რა ზარებიც იყო უპასუხა და უთხრა, რომ კარგად იყო (იხ.: გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 23 ივლისის სხდომის ოქმი 12:49:10-12:53:53), ასევე იმ გარემოებას, რომ ბრალდების მხარემ უდავოდ ცნო, მათ შორის, მოწმეების მ-....- პ-ის და მ..... პ-ის გამოკითხვის ოქმები (იხ.: გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 12 აგვისტოს სხდომის ოქმი 12:22:09-12:33:14), რომლითაც დგინდება, რომ სასტუმროს ნომრის კარის შიგნიდან გაღება გასაღების გარეშეც იყო შესაძლებელი. კერძოდ, მოწმე მ-....- პ-ემ (სასტუმრო „ლ-ს“ დამფუძნებელი) მიუთითა, რომ სასტუმროს კარი, გარედან დაკეტვის შემთხვევაში შესაძლებელია გაიღოს შიგნიდან გასაღების გარეშე (იხ.: ტ.5, ს.ფ. 82-85), ანალოგიურად გარედან დაკეტვის შემთხვევაში კარის შიგნიდან გაღების შესაძლებლობა დაადასტურა გამოკითხვისას და საგამოძიებო ექსპერიმენტის ფარგლებში დაცვის მხარის მოწმემ მ..... პ-ემ (სასტუმრო „ლ..ს-“ მენეჯერი) და მიუთითა, რომ ასეთი კარის მექანიზმი აქვს სასტუმროს კარებს 2018 წლიდან (იხ.: ტ. 5, ს.ფ. 102-115). შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც აღნიშული ჩვენებები ბრალდების მხარის მიერ უდავოდ იქნა ცნობილი, სასამართლოს არ აქვს საფუძველი ეჭვი შეიტანოს აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებების სარწმუნოობაში.
8.10. თავისუფლების უკანონო აღკვეთას იძულებისაგან განასხვავებს სწორედ გადაადგილების თავისუფლება. თუ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება დაზარალებულისათვის გადაადგილების თავისუფლების ფაქტობრივად (ობიექტურად) შეზღუდვის ფაქტი და მსჯავრდებულის ქმედებები შემოიფარგლება ფიზიკური და ფსიქიკური ზემოქმედებით დაზარალებულის ნებაზე, რაც აიძულებს, იმოქმედოს საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ, აღნიშნული გამორიცხავს ქმედების თავისუფლების უკანონო აღკვეთად კვალიფიკაციას (იხ.: მაგალითად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს შემდეგი განჩინებები: 2023 წლის 14 ივნისის N226აპ-23 და 2022 წლის 29 ივნისის N90აპ-22, პუნქტი 5.5.).
8.10.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 16 ივლისის N54აპ-20 განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისგან (მსჯავრდებული გარდა იმისა, რომ ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ზემოქმედებდა დაზარალებულზე, ასევე ჩაუკეტა მას ბინის კარი, ფანჯარას შიგნიდან ჰქონდა გისოსი, და შეუზღუდა თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა, რითაც მსჯავრდებულის ქმედება გასცდა იძულების ფარგლებს და გადაიზარდა თავისუფლების უკანონო აღკვეთაში) განსხვავებით, მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულის ჩვენებითაც არ დგინდება, რომ მას ობიექტურად ჰქონდა შეზღუდული გადაადგილების თავისუფლება.
8.11. სასამართლო ითვალისწინებს დაზარალებულ დ. მ....ს ჩვენებას, საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას, ასევე იმ გარემოებას, რომ ბრალდების მხარემ უდავოდ ცნო სასტუმროს იმ თანამშრომლების ჩვენებებიც, რომლებიც ცალსახად უთითებდნენ, რომ სასტუმროს ოთახის კარი იღებოდა შიგნიდან. შესაბამისად, ბრალდების მხარის პოზიციის არათანმიმდევრულობის და დაზარალებულის ჩვენების, ასევე საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის დანაწესის გათვალისწინებით, არ არსებობს მ. ს–ს საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლით მსჯავრდების სამართლებრივი საფუძველი.
8.12. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის არც დაზარალებულის ჩვენებით, არ დგინდება დაზუსტებულ ბრალდებაში (საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის ეპიზოდი) მითითებული გარემოება, რომ მ. ს–მა დ. მ....ს გაათიშინა ტელეფონი. პირიქით, დაზარალებულის ჩვენებითვე დგინდება, რომ სწორედ მ. ს–მა მიუტანა ტელეფონი და უთხრა ეპასუხა ზარებისთვის და ეთქვა, რომ კარგად იყო.
8.12.1. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ შპს „მ.....-დან“ ს-....-დან და ს-....-დან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, 2021 წლის 22 სექტემბრის 17:26:45 საათზე დ. მ.... არის ,,K...-, V........“-ს ანძის დაფარვის არეალში და ამ დროს მიღებული და გაგზავნილი ინტერნეტტრაფიკის მონაცემები გაზრდილია. ამავე ანძაზე ყოფნისას იმავე 17:26:45 საათიდან დ. მ....ს ტელეფონი კვლავ აქტიური არ არის. ნომერი აქტიურდება 2021 წლის 22 სექტემბრის 19:10:14 საათზე და იმ დროს დ. მ.... იმყოფება ,,S...“ სახელწოდების სატელეკომუნიკაციო ანძის დაფარვის არეალში. დეტალური ამონაწერის მიხედვით დ. მ....ს ნომერი 2021 წლის 22 სექტემბრის 19:10:14 საათიდან 2021 წლის 24 სექტემბრის 11:52:09 საათამდე იმყოფება იმავე ,,S..........“ სახელწოდების სატელეკომუნიკაციო ანძის დაფარვის არეალში და ამ ადგილას ყოფნისას დ. მ....ს 2021 წლის 23-24 სექტემბერს უკავშირდებიან .. - ჩ-....–....--; ......... - გ–ა მ..... ....ა–ა ს. ქ–ი; ...- - უ-ი ვ-.... 1........- - ვერ დადგინდა, ..... ..........; 9-... - (30 წამიანი საუბარი) მ.....- დ– ....... ყ– და ........ ა–---ი მ..... ....... ყ– სატელეფონო ნომრების აბონენტები.
8.13. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს დაზარალებულ დ. მ....ს განმარტებებს, – მიუხედავად იმისა, რომ საჭეს თავად მართავდა და ტელეფონიც თან ჰქონდა, ვინაიდან, მ.....- მუდმივად ემუქრებოდა მისი შვილების და მეუღლის სიცოცხლის მოსპობით... ეუბნებოდა, რომ რაც მათ სურდათ ის უნდა გაეკეთებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში ბავშვებს დაუხოცავდნენ, ტერორისტებად გაზრდიდნენ, იცოდნენ მისი ძმა სად გადაადგილდებოდა... ისეთ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იყო, არაფერი არ შეეძლო, ფიქრობდა არა საკუთარ თავზე, არამედ მის ოჯახის წევრებზე, რის გამოც ვერაფერს ვერ გაბედავდა, მათ შორის დახმარების თხოვნას... გაქცევის მიზანი არ ჰქონდა, ვინაიდან საკუთარ თავზე არ ფიქრობდა, მას მართალია ტელეფონი ხელში ჰქონდა, მაგრამ რადგან იცოდა, რომ მისი ტელეფონის აიქლაუდი მათ ჰქონდათ ვერაფერს აკეთებდა, მხოლოდ შვილებზე და მისი ოჯახის უსაფრთხოებაზე ფიქრობდა. იგი იჯდა ნომერში და ასე გაატარა მთელი ღამე. შემდეგ, ნომერში შევიდა მ.....- და უთხრა, რომ მისთვის წესები ექნებოდათ, ვიდეო-ზარით დააკავშირა ვ. ო–თან, ხოლო ამ უკანასკნელმა უთხრა, რომ რაც მან იცის და დაინახა არაფერი არ უნდა ეთქვა, ხელი დაედო ყურანზე და ალაჰი დაეფიცებინა. დაზარალებულის განმარტებით, მართალია იმედიც არ ჰქონდა, რომ თავს დაანებებდნენ, თუმცა მაინც ხელი დაადო ყურანს და დაიფიცა, რომ არავისთან არაფერს არ იტყოდა. ამის შემდეგ, მათ დატოვეს სასტუმრო და გამოემართნენ თ--....-კენ, რა დროსაც ასევე თავად იჯდა საჭესთან (მ.....- ცდილობდა საჭესთან დაჯდომას, თუმცა ამის უფლება არ მისცა), – რომლითაც დგინდება, რომ მ. ს–ს ქმედებები შემოიფარგლა დ. მ....ს ნებაზე ფსიქიკური ზემოქმედებით, რამაც დაზარალებული აიძულა ემოქმედა საკუთარი შეხედულების საწინააღმდეგოდ, რაც წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს.
8.14. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ,,სასამართლომ ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს ყველა მტკიცებულება და ერთმანეთისგან გამიჯნოს, რომელი ჩვენება, ან ჩვენების ნაწილი წარმოადგენს ირიბს და შემდეგ გადაწყვიტოს, რამდენად შესაძლებელია ამ ჩვენების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად“ (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 14 ივლისის განაჩენი N97აპ-20).
8.15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოწმეთა: ხ-....- მ--....-სა და ს. ნ–ას ჩვენებები პირდაპირია გ.... ჩამოსული დაზარალებულის ფსიქო-ემოციურ და ფიზიკურ მდგომარეობასთან მიმართებით. კერძოდ,8.15.1. მოწმე ხ-....- მ--....-ს ჩვენებით (დ. მ....ს დედა) 23 სექტემბერს ჩამოვიდა ს... თავდაპირველად წავიდა რ.-თან, რომელმაც უთხრა, რომ დ– არ იყო სახლში. პირველ დღეს ვერ ნახა დ– და პოლიციაში დარეკვასაც კი აპირებდა. მეორე დღეს 24 სექტემბერს თავად დ– დაელაპარაკა ტელეფონზე, უთხრა, რომ გზაში იყო და თ--....- ზ-სთან მისულიყო, ნაპირზე მის მანქანას დაინახავდა. იგი (მოწმე) დასთან ერთად ტაქსით წავიდა დ–სკენ. დ–, რომ დაინახა ცუდად გახდა, ეს უკანაკნელი იყო ტალახში დასვრილი, სასტუმროს ერთჯერადი ფეხსაცმელი ეცვა ფეხზე, იყო ძალიან შეშინებული და ეგონა, რომ უთვალთვალებდნენ. მან (მოწმემ) დაურეკა თავისი დის ქმარს, რომელიც მივიდა მანქანით და წამოიყვანა ისინი, ხოლო დ–ს მანქანა ადგილზე დატოვეს. სახლში მისვლის შემდეგ დ– გაასუფთავეს, თუმცა იგი კანკალებდა, ერთ წერტილს უყურებდა და გაუჩერებლად ტიროდა. შედარებით გონზე, რომ მოვიდა სთხოვა მოეყოლა რა გადახდა თავს, თუმცა დ–მ უთხრა, რომ ახლა ვერაფერს მოუყვებოდა.
8.15.2. საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის კომპიუტერულ მონაცემთა ბაზების მიხედვით - მოქალაქე დ. მ....ს მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის ფაქტები დაფიქსირდა ს.ს.კ.გ. ,,თ--....- აეროპორტის“ გავლით, მათ შორის, 2021 წლის 28 სექტემბერს (გასვლა-ყ–ი) და 2021 წლის 11 ოქტომბერს (შ...--....).
8.16. დაზარალებულისა და მოწმეთა: ხ-....- მ--....-სა და ს. ნ–ას ჩვენებების (რომლებმაც პირველებმა ნახეს გ-.. ჩამოსული დ. მ.... ტალახში დასვრილი ტანსაცმლით, სასტუმროს დახეული ერთჯერადი ფეხსაცმლით, შეშინებული, რადგან ეგონა რომ უთვალთვალებდნენ) გათვალისწინებით, უსაფუძვლოა დაცვის მხარის მტკიცება, რომ დ. მ...., მ. ს–თან არსებული სასიყვარულო ურთიერთობის გამო, გაჰყვა მას თავისი სურვილით (მ. ს–ს მიერ დაზარალებულის ნების თავისუფლებაზე ყოველგვარი ზემოქმედების გარეშე) გ.... შესაბამისად, არ არსებობს დაცვის მხარე მოწმე ნ. ბ–ის (მისივე განმარტებით არის მ. ს–ს ახლო ნათესავი) ჩვენების (მ. ს–თან დაზარალებულის სასიყვარულო ურთიერთობის გამო, ის საკუთარი ნება-სურვილით წაჰყვა მ. ს–ს გ...) გაზიარების საფუძველი. ამასთან, დაზარალებულის და მსჯავრდებულის შეხვედრის ლოკაცია გავლენას ვერ ახდენს მ. ს–ს მსჯავრდებაზე, ხოლო სასიყვარულო ურთიერთობა (ასეთის არსებობის შემთხვევაშიც კი), per se არ გამორიცხავს მ. ს–ს მიერ გამოძალვის ან/და იძულების ჩადენას.
8.17. დაცვის მხარის მითითებაზე, რომ ვინაიდან სასტუმროს თანამშრომლები არ ადასტურებენ დაზარალებულის მტკიცებას, რომ სასტუმროში დარჩა ფეხსაცმელი(ბოტასები) აღნიშნული ქმნის დაზარალებულის ჩვენების სარწმუნოობაში დაეჭვების საფუძველს, სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემულ შემთხვევაში სასტუმროს თანამშრომელთა გამოკითხვის ოქმებით საერთოდ არ დგინდება მ. ს–ს და დ. მ....ს ყოფნა სასტურმო „ლ....“ 2021 წლის 22-24 სექტემბერს, ხოლო მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი 2024 წლის 6 თებერვლის ლ.---....–-ს (შპს „ლ–ს“ ბუღალტერი) გამოკითხვის ოქმით დგინდება, რომ 2021 წლის 23 სექტემბერს და არც 2021 წლის სექტემბრის თვეში შპს ,,ლ.-” შემოსავლების სამსახურის შპს ,,ლ...” პერსონალურ გვერდზე არანაირი გადახდის შესახებ ინფორმაცია არ შესულა (აღნიშნული დასტურდება 2024 წლის 10 თებერვლის შემოსავლების სამსახურის ინტერნეტ პორტალის www.rg.ge და საბუღალტრო პროგრამა ,,ო--“ დათვალიერების ოქმითაც).
8.17.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაცვის მხარე სადავოდ არ ხდის დ. მ....ს და მ. ს–ს ქ. გ..., სასტუმრო „ლ....“ ყოფნას 2021 წლის 22-24 სექტემბერს, ასევე დაზარალებულის მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, როდესაც დაზარალებულმა არსებითად ზუსტად აღწერა სასტუმროს ნომერი (იხ.: ტ.1, ს.ფ. 45-59).
8.18. ვ. ო–თან დაკავშირებით დაზარალებულის მიერ გაკეთებულ განმარტებებს, სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილით მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. ამასთან, დაზარალებულ დ. მ....ს ჩვენების იმ ნაწილზე, სადაც დაზარალებული საუბრობს ვ. ო–ის მიერ ჩადენილ ქმედებებზე, სასამართლო კვალავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის, მე-12 და 166-ე მუხლების თანახმად – სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება, პირის ბრალდება და განხორციელება მხოლოდ პროკურორის დისკრეციული უფლებამოსილებაა. სასამართლო საქმეს განიხილავს წარდგენილი ბრალდების ფარგლებში (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 24 ივნისის განჩინება №230აპ-13) და შეზღუდულია ბრალის ფორმულირებით. ბრალდების მხარე კი ვ. ო–ს არ ედავება დ. მ....ს მიმართ პირადად ან/და მ. ს–თან ერთად ჯგუფურად რაიმე დანაშაულის ჩადენას.
8.19. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მ. ს–სათვის ბრალადშერაცხილი ქმედება საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის პირველი ნაწილიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
8.20. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალად წარდგენილი ქმედებისათვის კვალიფიკაციის შეცვლასთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, ბრალდების გადაკვალიფიცირება ბრალდებულისთვის საკმარისად განჭვრეტადად არის მიჩნეული თუ იგი ბრალდების თანდაყოლილ ელემენტს წარმოადგენს (De Salvador Torres v. Spain, no. 21525/93 par.33, ECtHR, 24/10/1996; Sadak and Others v. Turkey, 29900/96, 29901/96, 29902/96 and 29903/96, paras 52, 56, ECtHR, 17/07/2021, Juha Nuutinen v. Finland, no 45830/99, par. 32, ECtHR, 24/07/2007).
8.21. მ. ს–სათვის აღნიშნულ ეპიზოდში მსჯავრადშერაცხილი ქმედების გადაკვალიფიცირება საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლზე იწვევს მისი სამართლებრივი მდგომარეობის შემსუბუქებას. კერძოდ, საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის პირველი ნაწილი (ბრალადწარდგენილი) სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს – თავისუფლების აღკვეთას ვადით ორიდან ოთხ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ, ხოლო საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილი (მსჯავრადშერაცხილი) – ჯარიმას ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. შესაბამისად, წარდგენილი ბრალდების (საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის პირველი ნაწილი) გადაკვალიფიცირება – საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ამსუბუქებს მ. ს–ს სამართლებრივ მდგომარეობას.
8.22. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარე მ. ს–ს ბრალდების შესახებ დადგენილებით არ ედავებოდა საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით – უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ.
8.22.1. საქართველოს სსსკ-ის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის (პირის ბრალდება მხოლოდ პროკურორის უფლებამოსილებაა), მე-12 და 166-ე მუხლების (სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება და განხორციელება მხოლოდ პროკურორის დისკრეციული უფლებამოსილებაა) თანახმად, სასამართლო საქმეს განიხილავს წარდგენილი ბრალდების ფარგლებში (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 24 ივნისის განჩინება №230აპ-13). შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია აღნიშნულ საკითხზე მსჯელობის სამართლებრივ შესაძლებლობას.
9. იმავდროულად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორი ბრალდების მხარის მტკიცებას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისია მ. ს–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის პირველი ნაწილითა (2021 წლის 3 აგვისტოს ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 372-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.
9.1. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ უტყუარობის კონსტიტუციური პრინციპი მოითხოვს არა მხოლოდ იმას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უტყუარ (სანდო, გაუყალბებელ) მტკიცებულებებს ეფუძნებოდეს, არამედ იმასაც, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ეჭვგარეშე დასტურდებოდეს პირის ბრალეულობა დანაშაულის ჩადენაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის N 2/2/1276 გადაწყვეტილება „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-77). ამასთან, მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).
9.2. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიულ დანაწესის, საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის, მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნების გათვალისწინებით, „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).
9.3. ბრალდების მხარე, პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, მ. ს–ს ედავება 2021 წლის 3 აგვისტოს (საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით) დ. მ....სათვის 2000 ლარის გამოძალვას სოციალურ ქსელებსა და მობილური ტელეფონის საკომუნიკაციო აპლიკაციებში შექმნილ ჯგუფებში დ– მუსალიევისათვის სახელის გამტეხი ცნობის გახმაურებითა და მისი მეუღლის - რ. უ–ის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარით.
9.4. დ. მ....ს ჩვენებით, დგინდება, რომ მ. ს–მა დაურეკა და უთხრა, რომ სასწრაფოდ 2000 ლარი სჭირდებოდა. მ.....-ს უთხრა, რომ ამდენი ფული თან არ ჰქონდა, რაზეც მ.....-მ უთხრა, საიდანაც უნდოდა იქიდან აეღო თანხა და მიეცა. ჩანთაში არსებული თანხა დათვალა და შეტყობინებაც კი მისწერა მ.....-ს, რომ ა-–-სთან ერთად იყო და თანხა როგორ მიცეცა. მ.....-მ უთხრა, რომ მეგობრისთვის ეთქვა, ვითომ სოფელში ვიღაცის სახლს აკეთებდნენ და ბიძისთვის უნდა მიეცა ფული. წვიმიანი ამინდი იყო, მივიდნენ სოფელში და მან და ა-–-მ ერთად მისცეს ფული მ.....-ს მეჩეთთან. ფული რომ არ მიეცა ღმერთმა იცის რას იზამდნენ. როგორი მუქარა და შანტაჟიც იყო ყველაფერს გააკეთებდნენ, ყველანაირად ცდილობდა თავი დაეღწია ამ ყველაფრისთვის, არავისთვის მიუმართავს, რადგან მისი ოჯახი არ დაუჯერებდა და დაუჯერებდნენ ფოტოს (იხ.: გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 22 ივლისის სხდომის ოქმი 16:38:05-16:42:10).
9.5. მოწმე ა. კ-ამ (რომელიც დაზარალებულის განმარტებით, თან ახლდა როდესაც მ. ს–მა მას დაურეკა და შემდგომში თანხის გადაცემისას) მიუთითა, რომ დ. მ.... ნამდვილად შეხვდა ყ–ს შესასვლელთან ვიღაც პირს, გადავიდა მანქანიდან და როცა დაბრუნდა თქვა, რომ ბიძამისს ფული მისცა.
9.6. ამდენად, მ. ს–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით (2021 წლის 3 აგვისტოს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა დასტურდება მხოლოდ დაზარალებულ დ. მ....ს ჩვენებით. შესაბამისად, 2021 წლის 3 აგვისტოს ეპიზოდთან მიმართებით, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ მ. ს–ს საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (2000 ლარის გამოძალვის ეპიზოდი) მსჯავრდებისთვის წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ით გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის განსაზღვრულ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს. მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება არ არის საკმარისი. შესაბამისად, არ არსებობს 2021 წლის 3 აგვისტოს ეპიზოდში მ. ს–ს დამნაშავედ ცნობის შესახებ ბრალდების მხარე კასატორის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
9.7. მ. ს–სათვის საქართველოს სსკ-ის 372-ე მუხლის მე-2 ნაწილით ბრალადწარდგენილ ქმედებასთან მიმართებით, სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარე მ. ს–ს ედავება მხოლოდ კონკრეტულად 2022 წლის 18 ივნისს, 9 ივლისსა და 2023 წლის 6 მაისს დ. მ....სთან დაკავშირებას. ბრალდების მხარე მ. ს–ს არ ედავება 2023 წლის აპრილში, დ. მ....ს სამუშაო ადგილზე (თბილისი, ი....-.... ქ. №.. მდებარე რესტორან „გ.....--....ა") მისვლასა (სადაც დ. მ.... ადგილზე არ დახვდა) და სიცოცხლის მოსპობის მუქარის შემცველი შეტყობინების დატოვებას.
9.8. საქართველოს სსკ-ის 372-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის მ. ს–ს მიერ ჩადენის დასადასტურებლად ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია მხოლოდ დაზარალებულ დ. მ....ს ჩვენება, რომელმაც მიუთითა, რომ ს.... დაბრუნების შემდეგ ისევ გრძელდებოდა მასზე ზეწოლა. კერძოდ, 2022 წლის 18 ივნისს, 17:31 საათზე მობილურ ტელეფონზე - 5...- თ–დან შევიდა უცნობი ზარი, რომელსაც ეწერა „D...., უპასუხა აღნიშნულ ნომერს და იყო მ. ს–, რომელმაც გაიგო, რომ პოლიციას მიმართა დასახმარებლად და დაწყებული იყო გამოძიება. უთხრა, რომ არ დაერღვია გ-.. „ლ....“ დადებული ყურანის ფიცი, თორემ მას და მის შვილებს ერთად ააფეთქებდა. მას ძალიან შეეშინდა და განიცადა მუქარის რეალურად განხორციელების შიში. 2022 წლის 9 ივლისს 11:50 საათზე მ. ს–მა თავისი შვილის - დ-....- (იგივე ა–) ს.....ს ნომრიდან, რომელიც ჩაწერილი ჰყავდა “D-” სახელით მისწერა ახალ მობილური ტელეფონის ნომერზე (5...) ა–ულ ენაზე მოკლე ტექსტური შეტყობინება, რომ ჩამოდიოდა თ..... და საღამომდე ჰქონდა ერთი შანსი, გამოეტანა საჩივარი პროკურატურიდან, ეს შანსი არ გაეშვა ხელიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში ღმერთმა იცის რაც მოხდებოდა; 2023 წლის 6 მაისს, 15:11 საათზე მას თ... ნომრიდან დაუკავშირდა მ. ს– და უთხრა, რომ მისი ფეხები ძალიან შორს იყო წასული და მოაჭრიდა.
9.9. საკასაციო სასამართლო ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას, რომ მოცემულ ეპიზოდთან მიმართებით, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ სწორედ მ. ს– იყო ის პირი, რომელიც ცდილობდა, მუქარით, დ. მ....ს იძულებას უარი ეთქვა სამართალდამცავი ორგანოსთვის დანაშაულში მისი მამხილებელი ინფორმაციის მიწოდებაზე (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 372-ე მუხლის მე-2 ნაწილი).
9.9.1. დაზარალებულ დ. მ....ს მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაცით (ტელეფონში არსებული მესიჯების ე.წ. „სქრინებით“) არ დასტურდება, რომ 2022 წლის 9 ივლისის მესიჯი „D-“-სგან ((როგორც დაზარალებული განმარტავს ა–საგან) „ერთ შანსს გაძლევ საღამომდე, მერე რა მოხდება ღმერთმა იცის“), ასევე - დაზარალებულის მიერ თავის ტელეფონში აღნიშნული შემოკლებით/დასახელებით შენახული მობილური ტელეფონის ნომერი ნამდვილად ეკუთვნის მ. ს–ს შვილს - ა–ს, ასევე არ დასტურდება, რომ 2022 წლის 9 ივლისს სწორედ მ. ს– სარგებლობდა მობილური ტელეფონის აღნიშნული ნომრით და მან მისწერა აღნიშნული შეტყობინებები დაზარალებულს. საქმეში წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულებით ასევე არ დასტურდება, რომ დ. მ....ს მობილურ ნომერზე თ–დან შესული ზარი (დაზარალებულს დაუკავშირდა უცნობი პირი, რომელსაც ეწერა .... და უთხრა, რომ გაიგო გამოძიების დაწყების შესახებ და მოსთხოვა არ დაერღვია სასტუმროში დადებული ყურანის ფიცი, ემუქრებოდა მისი და შვილების აფეთქებით) განახორციელა მ. ს–მა. ანალოგიურად, დაზარალებულის ჩვენების გარდა სხვა არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ 2023 წლის 6 მაისს, დ. მ....ს თ-.. ნომრიდან სწორედ მ. ს– დაუკავშირდა და უთხრა, რომ მისი ფეხები ძალიან შორს იყო წასული და მოაჭრიდა.
9.10. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, გამომძიებელი ვალდებულია, გამოძიება აწარმოოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად. რაც, მათ შორის, გულისხმობს ბრალადწარდგენილ დანაშაულში პირის მსჯავრდებისათვის მნიშვნელოვანი ყველა ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოების დადგენას.
9.10.1. ბრალდების მხარის მიერ აღნიშნულ ეპიზოდში, ბრალდების დასადასტურებლად დაზარალებულის ჩვენების გარდა არ არის წარმოდგენილი სხვა მტკიცებულება/ები, რაც დაადასტურებდა მ. ს–ს მიერ პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული კომუნიკაციის დაზარალებულთან უშუალოდ/მისი დავალებით განხორციელებას, არ არის დადგენილი აღნიშნულ ეპიზოდში სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები – მათ შორის, ბრალდების მხარის მიერ არ მომხდარა დაზარალებულის მიერ თავის ტელეფონში „D-“-ს სახელწოდებით ჩაწერილი ტელეფონის ნომრის და მისი კუთვნილების დადგენა. არ დასტურდება, რომ მ. ს–ს შვილს – ა. ს–ს ვინმე ეძახდა დ-....-ს/დ---. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ამ ნაწილშიც მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს კასატორი ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა.
11. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს დაზარალებულ დ. მ....ს განმარტებას, რომ მან პირველად საგამოძიებო ორგანოებს მიმართა თ.....ში, საიდანაც გადაამისამართეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, სადაც დაახლოებით 10-ჯერ იმყოფებოდა გამოკითხვაზე. მან ასევე ექსპერტიზაზე დატოვა ტელეფონი, რომელშიც სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები ინახებოდა. თუმცა, როდესაც ტელეფონი დაუბრუნეს აღმოაჩინა, რომ ყველაფერი წაშლილი იყო. ახლა ეს ტელეფონი კვლავ ექსპერტიზაზეა (იხ.: გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 23 ივლისის სხდომის ოქმი 14:03:05-14:05:20).
11.1. დაზარალებულის აღნიშნული განმარტება თანხდენილია დედის – ხ. მ-....-ს (რომელმაც მიუთითა, რომ დ–ს მობილურ ტელეფონში შენახული იყო ბევრი მტკიცებულება, რომელიც ს... მიტანის შემდეგ გაქრა) და ძმის – რ. მ--....ის (განმარტა, რომ დ–ს მობილური ტელეფონი მან (მოწმემ) გადასცა დედას, ვინაიდან მასში შენახული იყო მტკიცებულებები. აღნიშნული ტელეფონო წარადგინეს ს.., თუმცა იქიდან სრულიად გასუფთავებულ მდგომარეობაში გამოატანეს) ჩვენებებთან.
11.2. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარემ, მათ შორის, დ. მ....ს მითითებულ ტელეფონზე დანიშნა საინფორმაციო-ტექნიკური ექსპერტიზა 2023 წლის 16 დეკემბერს(იხ. : ტ.1, ს.ფ 251). 2024 წლის 10 იანვარს შ...-....--... დეპარტამენტის გ.... – .....ს გ-...... განყოფილების გამომძიებელმა ნ.გ.....–მა შსს საექსპერტო კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს მიმართვით დაუზუსტა დადგენილებაში მითითებული კითხვები (მათ შორის, საკვლევ ობიექტში არის თუ არა წაშლილი ინფორმაცია (სატელეფონო ზარები, ფოტოსურათები, ვიდეოები, სმს და ხმოვანი შეტყობინებები), დადებით შემთხვევაში მოხდეს მათი გადატანა კომპიუტერულ დისკზე (იხ.: ტ.2, ს.ფ. 141). საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დირექტორ გ. თ–ის 2024 წლის 11 იანვრის წერილით ნ. გ-....–ს ეცნობა, რომ წარდგენილ ნივთმტკიცებებზე მიმდინარეობდა კვლევები და მათი დასრულებისთანავე გაიცემოდა ექსპეტიზის დასკვნა.
11.3. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ სასამართლო განხილვის არცერთ ეტაპზე არ იქნა წარმოდგენილი ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა.
11.4. დაზარალებულის განმარტებით, ტელეფონიდან ინფორმაციის წაშლის თაობაზე საჩივარი არ დაუწერია, არც გამოკითხვის ოქმში უთქვამს რამე, მისთვის არავის აუკრძალავს ამის თქმა (იხ.: გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 23 ივლისის სხდომის ოქმი 14:50:24-14:53:30). მან გამომძიებელს აღნიშნულზე არ უთხრა, რადგან უნდოდა ცალკე საქმე ეწარმოებინა ამ საკითხზე (იხ.: გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 23 ივლისის სხდომის ოქმი14:53:42-14:55:30). „სქრინები“ იყო როგორც მის, ასევე დედამისისა და მისი შვილის ტელეფონში და სამივე ტელეფონი ექსპერტიზაზეა (იხ.: გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 23 ივლისის სხდომის ოქმი 14:57:46-14:59:55). სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განცხადების შეტანისას განცხადებას რა ფოტოებიც ერთვოდა ყველა მისი ტელეფონიდან იყო, რადგან ეს ინფორმაცია მის ტელეფონში ინახებოდა, გ... შეტანილი „სქრინები“ და ფოტოებიც მისი ტელეფონიდან იყო, რადგან ეს ინფორმაცია არ იყო წაშლილი, წაშლილი იყო სხვა დამატებითი ინფორმაციები (იხ.: გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 23 ივლისის სხდომის ოქმი 15:02:10 – 15:05:25).
12. დაცვის მხარე სადავოდ არ ხდის მ. ს–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მსჯავრადშერაცხილი დანაშაულებისათვის განსაზღვრული სასჯელების კანონიერებას. აღნიშნულ საკითხს სადავოდ არ ხდის არც ბრალდების მხარე კასატორი. საკასაციო საჩივარში ბრალდების მხარე საერთოდ არ ეხება გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელების საკითხს, არ ითხოვს მათ გამკაცრებას. შესაბამისად, საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის (საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში) დანაწესიდან გამომდინარე, სასამართლო მოკლებულია აღნიშნულ ნაწილში გასაჩივრებული განაჩენის გადასინჯვის შესაძლებლობას.
12.1. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანს წარმოადგენს მ. ს–სათვის მხოლოდ საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით (საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის პირველ ნაწილზე) გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელის განსაზღვრა.
13. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა კი უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38), უნდა ეფუძნებოდეს საქმის სირთულეს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, დამნაშავის პიროვნების თავისებურებებს, სასჯელის ზემოქმედებას დამნაშავის მომავალ ცხოვრებაზე (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 11 ივლისის N1/7/851 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-10).
14. საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს – ჯარიმას ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
15. სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს და სასჯელის მიზნებს, მათ შორის, სასჯელის რესოციალიზაციის (სასჯელის მეშვეობით საზოგადოებაში საყოველთაოდ აღიარებული თანაცხოვრების წესებისადმი დამნაშავის შეგუებას) და ახალი დანაშაულის პრევენციის მიზანს, რომელიც ხორციელდება სპეციალური და ზოგადი პრევენციის ფარგლებში (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
16. მ. ს–ს მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივი საშიშროების და ხასიათის, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მართლსაწინააღმდეგო შედეგისა და მსჯავრდებულის პიროვნების, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებისა და სასჯელის მიზნების (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) გათვალისწინებით მ. ს–ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით, რაც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და უზუნველყოფს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
17. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის პირველი−მე-4 მუხლების, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-6 მუხლის მოქმედება ვრცელდება იმ პირზე, რომელმაც შესაბამისი დანაშაული 2024 წლის 1 ივლისამდე ჩაიდინა და ამავე კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტს, რომლის თანახმად მსჯავრდებულის (მათ შორის, ძებნილი მსჯავრდებულის) მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულების მიზნით გადაწყვეტილებას სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის სტადიაზე იღებს შესაბამისი სასამართლო.
18. საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის განსაზღვრულ სასჯელებზე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მოქმედება არ ვრცელდება ამავე კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე (ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება იმ დანაშაულზე, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლით).
19. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით – ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია. ამავე მუხლის მე-6 პუნქტით ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირზე, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული (გარდა ოჯახური დანაშაულისა), ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია გავრცელდება, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს იმავე პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.
19.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას დაზარალებულმა დ. მ....მ უარი განაცხადა მ. ს–ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გამოყენებაზე. საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვის თარიღისთვისაც წარმოდგენილი არ არის დაზარალებულის თანხმობა მ. ს–ს მიმართ „ამნისტიის გამოყენებაზე“. შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას მ. ს–სთვის საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის განსაზღვრული სასჯელის მიმართ გამოიყენოს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი შეღავათი.
20. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დანიშნული სასჯელი უნდა გაუნახევრდეს განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია მათ შორის საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის (გარდა ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა) პირველი ნაწილით, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.
20.1. ამავე კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით, ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია, ხოლო მე-9 მუხლის პირველი პუნქტით – ამ კანონით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან მე-4 მუხლით (გარდა მე-4 მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) გათვალისწინებული სასჯელის შემცირება ვრცელდება ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე (გარდა ჯარიმისა, ქონების ჩამორთმევისა, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვისა და სამხედრო წოდების ჩამორთმევისა).
20.2. მ. ს–სათვის საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის განსაზღვრულ სასჯელზე არ ვრცელდება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი-მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია, მას ასევე არ ჩაუდენია ამავე კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული. შესაბამისად, მე-4 მუხლის პირველი პუნქტით 1/6-ით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვროს 10 თვით თავისუფლების აღკვეთა.
21. სააპელაციო სასამართლომ მ. ს–სათვის საბოლოო სასჯელის განსაზღვრისას საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულ ძირითად სასჯელს - 3 წლით თავისუფლების აღკვეთას აშთანთქინა დანარჩენი თანაბარი ძირითადი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მ. ს–ს სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამასთან, საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელები შეკრიბა და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-8 ნაწილის საფუძველზე, მ. ს–ს დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად დაუნიშნა ჯარიმა - 10 000 ლარი და იარაღის დამზადების, შეძენისა და იარაღის (მათ შორის - სამსახურებრივ-საშტატო იარაღის) შენახვის, ტარებისა და გამოყენების შეზღუდვა და აკრძალვა - 5 წლით.
21.1. მიუხედავად იმისა, რომ დაცვის მხარე სადავოდ არ ხდიდა გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელების კანონიერებას, სასამართლო ითვალისწინებს, რომ გასაჩივრებული განაჩენით, დანაშაულთა ერთობლიობისათვის, საბოლოოდ, მოსახდელად განსაზღვრული სასჯელი ეწინააღმდეგება საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლით დადგენილ იმპერატიულ წესს. კერძოდ, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს. ამდენად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი დანაშაულთა ერთობლიობის შემთხვევაში (რეციდივის არარსებობის დროს) იმპერატიულად ადგენს მხოლოდ და მხოლოდ სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებას და არავითარ შემთხვევაში არ უშვებს არათუ სასჯელთა მთლიან, არამედ მათ ნაწილობრივ შეკრებასაც (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 18 ოქტომბრის N642აპ-21 განაჩენი). ამასთან, საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლით დადგენილი დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელთა დანიშვნის წესი მიემართება, როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელებს (იხ.: mutatis mutandis – საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 18 ოქტომბერი №642აპ-21 განაჩენი). სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ აღნიშნული ეხება როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელებს.
21.2. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 8 ივლისის განაჩენით დამატებითი სასჯელების შეკრებით დაირღვა საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა.
22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 8 ივლისის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება - მ. ს– ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, ხოლო მ. ს–სათვის საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის პირველ ნაწილზე, მ. ს– ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით შეუმცირდეს 1/6-ით და განესაზღვროს 10 თვით თავისუფლების აღკვეთა.
III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ია მეფარიშვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. მსჯავრდებულ მ. ს–ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - ტ. კ–ის და ნ. გ–ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 8 ივლისის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
3.1. მ. ს– ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით (2021 წლის 3 აგვისტოს ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;
3.2. მ. ს– ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 372-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;
3.3. მ. ს– ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;
3.4. მ. ს–ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის პირველ ნაწილზე;
3.3.1. მ. ს– ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით შეუმცირდეს 1/6-ით და განესაზღვროს 10 თვით თავისუფლების აღკვეთა;
3.5. მ. ს– ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;
3.6. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულმა ძირითადმა სასჯელმა - 3 წლით თავისუფლების აღკვეთამ, შთანთქას საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით შემცირებული სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მ. ს–ს სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 3 წლით;
3.7. მ. ს–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალოს ფაქტობრივი დაკავებიდან - 2023 წლის 4 დეკემბრიდან;
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 8 ივლისის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;
5. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
ლ. თევზაძე