გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს

სამოქალაქო 03.04.2025
საქმის ნომერი
ას-700-2023
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
03.04.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-700-2023 03 აპრილი, 2025 წელი,თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),გიორგი მიქაუტაძე,თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენით

სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ნ.კ–ძე

მოწინააღმდეგე მხარე – თ.კ–ია, ი.მ–ძე, ი.ნ–ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 14.02.2023 წლის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით თ.კ–იას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ნ.კ–ძის სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – წილის მესაკუთრედ ცნობა, თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თ.კ–იას სასარჩელო მოთხოვნა:

1. თ.კ–ია აღირიცხოს შპს „ჩვენთანის“ (შემდეგში ტექტში მოხსენიებული როგორც „შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება” ან „საზოგადოება”) ნ.კ–ძის სახელზე რეგისტრირებული 50% წილის, ი.მ–ძის სახელზე რეგისტრირებული 25% წილისა და ი.ნ–ის სახელზე რეგისტრირებული 25% წილის მესაკუთრედ.

ნ.კ–ძის სასარჩელო მოთხოვნა:

2. ნ.კ–ძე ცნობილ იქნეს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ი.მ–ძის სახელზე რეგისტრირებული 25% წილისა და ი.ნ–ის სახელზე რეგისტრირებული 25% წილის მესაკუთრედ, საკუთრება აღირიცხოს საჯარო რეესტრში ნ.კ–ძის სახელზე. თ.კ–იას ნ.კ–ძის სასარგებლოდ დაეკისროს 207 025 ლარის ანაზღაურება.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 23.06.2021 წლის განჩინებით - სამოქალაქო საქმე N2/1110-21 (ნ.კ–ძის სარჩელისა გამო მოპასუხეების: თ.კ–იას, ი.ნ–ისა და ი.მ–ძის მიმართ) და სამოქალაქო საქმე N2/24348-20 (თ.კ–იას სარჩელისა გამო მოპასუხეების: ნ.კ–ძის, ი.ნ–ისა და ი.მ–ძის მიმართ) გაერთიანდა ერთ წარმოებად და სამოქალაქო საქმეს მიენიჭა ნომერი 2/1110-21.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 23.07.2021 წლის გადაწყვეტილებით - ნ.კ–ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; თ.კ–იას სარჩელი ნ.კ–ძის, ი.მ–ძისა და ი.ნ–ის მიმართ დაკმაყოფილდა, თ.კ–ია აღირიცხა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ნ.კ–ძის სახელზე რეგისტრირებული 50% წილის, ი.მ–ძის სახელზე რეგისტრირებული 25% წილისა და ი.ნ–ის სახელზე რეგისტრირებული 25% წილის მესაკუთრედ.

გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:

4.1. თ.კ–ია იყო შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების 100% წილის მფლობელი დამფუძნებელი პარტნიორი.

4.2. 26.06.2020 წელს დაიდო საზოგადოების 100% წილის გასხვისების სამი ხელშეკრულება, კერძოდ, 50% წილი გასხვისდა ნ.კ–ძეზე, 25% წილი -ი.მ–ძეზე, ხოლო 25% წილი - ი.ნ–ზე. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორთა კრების ოქმი, სადაც დაფიქსირდა თ.კ–იას გადაწყვეტილება და გაფორმდა სამი ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლებიც ერთმანეთის განუყოფელი ნაწილია. სამივე მყიდველი რეესტრში აღირიცხა შესაბამისი წილის მესაკუთრედ.

4.3. 26.06.2020 წელს თ.კ–იას (გამყიდველი) და ნ.კ–ძეს (მყიდველი) შორის დადებული საზოგადოების წილის ნასყიდობის ხელშეკრულების შესაბამისად, მხარეები შეთანხმდნენ შემდეგზე: მყიდველი გამყიდველს საკუთრებაში არსებული წილის ყიდვის/საკუთრებაში მიღების სანაცვლოდ ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით გადაუხდის 750 000 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს გადახდის დროისთვის არსებული კომერციული კურსის შესაბამისად. საიდანაც მყიდველი 200 000 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს გამყიდველს უხდის ხელშეკრულებაზე მხარეთა მიერ ხელის მოწერისთანავე უნაღდო ანგარიშსწორებით, ხოლო დარჩენილ თანხას - 550 000 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს გადაიხდის 31.10.2020 წლამდე. ხელშეკრულების 4.8 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ მყიდველი თანხის 31.10.2020 წლის ჩათვლით სრულად არდაფარვის შემთხვევაში, კარგავს წინასწარ თანხაზე უკან მოთხოვნის უფლებას. უკან გადააფორმებს წილს.

4.4. 26.06.2020 წელს თ.კ–იას (გამყიდველი) და ი.მ–ძეს (მყიდველი) შორის დადებული ხელშეკრულებით, თ.კ–იამ ი.მ–ძეს მიჰყიდა საზოგადოების 25% წილი 100 აშშ დოლარად. თანხა უნდა გადახდილიყო 31.10.2020 წლის ჩათვლით, უნაღდო ანგარიშსწორების გზით. ხელშეკრულების 4.8 პუნქტის თანახმად, მყიდველი უკან გადააფორმებს წილს თანხის 31.10.2020 წლის ჩათვლით სრულად არდაფარვისა და 26.06.2020 წლის თ.კ–იასა და ნ.კ–ძეს შორის გაფორმებული წილის ნასყიდობის ხელშეკრულებით(რომლებიც ერთი ხელშეკრულების ნაწილად იგულისხმება) მყიდველის მიერ ნაკისრი ვალდებულებების სრულად შეუსრულებლობის შემთხვევაში.

4.5. 26.06.2020 წელს თ.კ–იას (გამყიდველი) და ი.ნ–ს (მყიდველი) შორის დადებული ხელშეკრულებით თ.კ–იამ ი.ნ–ს მიჰყიდა საზოგადოების 25% წილი 100 აშშ დოლარად. თანხა უნდა გადახდილიყო 31.10.2020 წლის ჩათვლით, უნაღდო ანგარიშსწორების გზით. ხელშეკრულების 4.8 პუნქტის თანახმად, წილის მყიდველი უკან გადააფორმებს წილს თანხის 31.10.2020 წლის ჩათვლით სრულად არდაფარვისა და 26.06.2020 წლის თ.კ–იასა და ნ.კ–ძეს შორის გაფორმებული წილის ნასყიდობის ხელშეკრულებით(რომლებიც ერთი ხელშეკრულების ნაწილად იგულისხმება) მყიდველის მიერ ნაკისრი ვალდებულებების სრულად შეუსრულებლობის შემთხვევაში.

4.6. 26.06.2020 წელს თ.კ–იამ სრულად გაასხვისა საზოგადოების 100% წილი ნ.კ–ძეზე, ი.მ–ძეზე და ი.ნ–ზე და სამივე წილის ნასყიდობის ხელშეკრულება იყო ერთმანეთის განუყოფელი ნაწილი - იმ შემთხვევაში თუ ნ.კ–ძე 31.10.2020 წლამდე სრულად არ გადაიხდიდა 50% წილის ღირებულებას, სამივე მყიდველმა იკისრა ვალდებულება, თ.კ–იასთვის უკან დაებრუნებინა საზოგადოების შესაბამისი წილები.

4.7. 27.06.2020 წელს ნ.კ–ძემ თ.კ–იას ანგარიშზე ჩარიცხა 612 200 ლარი, რაც ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად შეადგენდა 200 353, 45 აშშ დოლარს (1 აშშ დოლარი=3,0556 ლარი); 30.10.2020 წელს ნ.კ–ძემ თ.კ–იას ანგარიშზე ჩარიცხა 500 000 ლარი, რაც ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად (1 აშშ დოლარი = 3,2338 ლარი) შეადგენდა 154 616,86 აშშ დოლარს. 31.10.2020 წელს ნ.კ–ძემ თ.კ–იას ანგარიშზე ჩარიცხა 500 000 ლარი - 154 669,47 აშშ დოლარი (1 აშშ დოლარი = 3,2327 ლარი), ხოლო 02.11.2020 წელს - 400 000 ლარი - 123 735,58 აშშ დოლარი (1 აშშ დოლარი = 3,2327 ლარი). სულ ნ.კ–ძის მიერ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების 50% წილის ღირებულების სახით თ.კ–იას ანგარიშზე ჩარიცხულია 633 375,36 აშშ დოლარი.

4.8. ი.ნ–მა 26.06.2020 წლის წილის ნასყიდობის ხელშეკრულებით შეთანხმებული თანხა - 100 აშშ დოლარი, თ.კ–იას საბანკო ანგარიშზე ჩარიცხა 30.10.2020 წელს.

4.9. ი.მ–ძეს არ გადაუხდია 26.06.2020 წლის წილის ნასყიდობის ხელშეკრულებით შეთანხმებული ფასი.

4.10. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება შინაარსობრივად ნასყიდობის ხელშეკრულებაა და მასზე სრულად ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 477-ე მუხლის წინაპირობები. ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირველადი მოთხოვნებია გამყიდველის მიერ ნივთის გადაცემა, ხოლო მყიდველის მიერ - ნასყიდობის ფასის გადახდა. განსახილველ შემთხვევაში თ.კ–ია, როგორც გამყიდველი, ითხოვს გაყიდული წილის უკან დაბრუნებას (477-ე მუხლის მეორადი მოთხოვნა), რადგან მყიდველმა ნ.კ–ძემ, ი.ნ–მა და ი.მ–ძემ ერთობლივად არ შეასრულეს ხელშეკრულების არსებითი პირობა (არ გადაიხადეს ნასყიდობის საგნის ღირებულება). მოსარჩელე მისი მოთხოვნის მართებულებას ასაბუთებს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების განსაკუთრებული პირობის 4.8 პუნქტზე მითითებით, რომლითაც ცალსახად განსაზღვრულია, რომ წილის მყიდველმა იკისრა ვალდებულება, თანხის სრულად გადაუხდელობის შემთხვევაში უკან დაებრუნებინა წილი. სასამართლოს განმარტებით, მეორადი მოთხოვნის უფლებათა კონკურენციის საკითხი თითქმის ყველა სამართლებრივ სივრცეში განსაზღვრულ იერარქიასა და ეტაპობრიობას ექვემდებარება, რაც გულისხმობს, რომ ვალდებულების დარღვევის ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შესაძლებელია კონკრეტული მეორადი მოთხოვნის უფლება იყოს პრიორიტეტული.

4.11. სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ნ.კ–ძეს არ შეუსრულებია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და განსაზღვრულ ვადაში არ გადაუხდია ნასყიდობის საგნის ფასი. 26.06.2020 წელს თ.კ–იამ საზოგადოების 100% წილი სრულად მიჰყიდა ნ.კ–ძეს, ი.მ–ძესა და ი.ნ–ს და სამივე წილის ნასყიდობის ხელშეკრულება წარმოადგენდა ერთმანეთის განუყოფელ ნაწილს - იმ შემთხვევაში, თუ 31.10.2020 წლამდე ნ.კ–ძე სრულად არ გადაიხდიდა 50 % წილის ღირებულებას, სამივე მყიდველმა იკისრა ვალდებულება, თ.კ–იასთვის დაებრუნებინა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების შესაბამისი წილები. უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ მითითებული იყო სამივე ნასყიდობის ხელშეკრულების არსებითი პირობა, წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთი ხელშეკრულებები არ დაიდებოდა, რადგან გამყიდველის მიზანი იყო საზოგადოების 100% წილის სრულად გასხვისება და მისი საფასურის მიღება 31.10.2020 წლამდე. შესაგებელში აღნიშნულია, რომ ნ.კ–ძემ ვალდებულება შეასრულა თ.კ–იას მიერ შესრულებული ვალდებულების პროპორციულად, თუმცა რა კონკრეტულ ფაქტს ეყრდნობა ეს მოსაზრება, დაუდგენელია. სასამართლოს განმარტებით, მეორადი მოთხოვნის დაკმაყოფილებისას უნდა იკვეთებოდეს გარემოება, როდესაც ხელშემკვრელ მხარეს არ აქვს ხელშეკრულების შენარჩუნების ინტერესი, თუმცა ასეთი ინტერესი ყოველთვის ლოგიკური განსჯის შედეგად უნდა შეფასდეს, განსახილველ შემთხვევაში მყიდველთა განმარტება, რომ ვალდებულება შესრულდა პროპორციულად, კიდევ უფრო მნიშვნელოვნად უსვამს ხაზს მყიდველთა დამოკიდებულებას გამყიდველისადმი. კანონი გამყიდველს არ უზღუდავს უფლებას, თავად განსაზღვროს, თუ რომელ მოთხოვნას მიანიჭოს უპირატესობა, ამგვარი დამოკიდებულებისაგან თავის დასაცავად, თუმცა ყოველ ჯერზე სასამართლოს შესაფასებელია მოთხოვნის ფარგლები ორმხრივი ინტერესებიდან გამომდინარე, რაც სავსებით მიზნობრივია.

4.12. სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 319-ე, 327-ე მუხლებზე და განმარტა, რომ სამივე მყიდველმა იკისრა ვალდებულება, რომ ფულადი ვალდებულების დათქმულ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში თ.კ–იას უკან დაუბრუნებდნენ საზოგადოების შესაბამის წილებს. როგორც გამყიდველი აცხადებს, სწორედ ეს წარმოადგენდა სამივე ნასყიდობის ხელშეკრულების არსებით განსაკუთრებულ პირობას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთი ხელშეკრულებები არ დაიდებოდა, რადგან მოსარჩელის მიზანი იყო საზოგადოების 100% წილის სრულად გასხვისება და მისი საფასურის მიღება 31.10.2020 წლამდე. მხარეები თანხმდებიან, რომ თითოეული ხელშეკრულების 4.8 პუნქტი ხელშეკრულების არსებითი პირობაა, რომლის გარეშეც ხელშეკრულება არ დაიდებოდა.

4.13. სასამართლოს განმარტებით, წილის ნასყიდობის ხელშეკრულებები უკავშირდება ბიზნესსაქმიანობას, სადაც მხარეები თავად წყვეტენ, რომელი გადაწყვეტილება იქნება მეტი სარგებლისა და მოგების მომტანი. თ.კ–იამ გამოავლინა თავისი დაფუძნებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების 100% წილის 750 000 აშშ დოლარად გაყიდვის ნება (წილის ხელშეკრულების ფარგლებში, მყიდველებს საკუთრებაში გადაეცათ საზოგადოების ძვირადღირებული უძრავ-მოძრავი ქონება იხ. ხელშეკრულების დანართი, ტომი I, ს.ფ. 29-32), ამდენად, ხელშეკრულების 4.8 პუნქტი, გადაცემული ქონების ფასის პროპორციის თვალსაზრისითაც უნდა შეფასდეს.

4.14. სსკ-ის 508-ე მუხლის თანახმად, თუ გამყიდველი უარს ამბობს ხელშეკრულებაზე მყიდველის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, ყოველი მხარე ვალდებულია ერთმანეთს დაუბრუნოს ის, რაც ხელშეკრულებით მიიღეს. ამის საწინააღმდეგო შეთანხმება ბათილია. მყიდველებს არ განუცხადებიათ, რომ მათ მიერ გამოვლენილი ნება ბათილი და კანონსაწინააღმდეგოა, თუმცა სასამართლო იმსჯელებს ხელშკრულებების 4.8. პუნქტისა და სსკ-ის 508-ე მუხლის ერთმანეთთან შესატყვისობაზე. სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვანია საქმეში არსებული ფაქტების ქრონოლოგია, მხარეთა შესაძლებლობები და მათი პროცესუალური სტატუსი. მოცემულ შემთხვევაში, მოდავე მხარეებად გვევლინებიან თანაბარსტატუსიანი პირები, რომლებიც გაცნობიერებულად გამოვლენილი ნების შედეგად შეთანხმდნენ ხელშეკრულების განსაკუთრებულ პირობებზე. ხელშეკრულების 4.8. პუნქტი არ ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგსა და ზნეობის ნორმებს. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ხელშეკრულების 4.8 პუნქტი მხარეთა გაცნობიერებული ნების შედეგია, რომელიც გამყიდველს აძლევს საშუალებას, მყიდველის მიერ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში გავიდეს ხელშეკრულებიდან და დაიბრუნოს ის, რაც ხელშეკრულების დადებამდე ეკუთვნოდა.

4.15. წილის მიკუთვნების თაობაზე ნ.კ–ძის სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა, რადგან დადგენილია, რომ მან სრულად არ გადაიხადა ნასყიდობის ხელშეკრულებით შეთანხმებული ფასი. მოცემულ შემთხვევაში გაფორმდა საზოგადოების წილის ნასყიდობის სამი ხელშეკრულება, რომლებიც ერთმანეთის განუყოფელი ნაწილია, სრულად გასხვისდა გამყიდველის კუთვნილი 100% წილი, ხელშეკრულებების არსებითი პირობა იყო გამყიდველის ინტერესი - 750 000 აშშ დოლარის 31.10.2020 წლამდე მიღება.

4.16. სსკ-ის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება. ვალდებულების შესრულებას 31.10.2020 წლამდე გააჩნია განსაკუთრებული მნიშვნელობა გამყიდველისთვის. ვინაიდან ნ.კ–ძემ არ შეასრულა წილის ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და არ გადაიხადა ნასყიდობის საფასური სრულად, სამივე მყიდველი ვალდებულია, თ.კ–იას უკან დაუბრუნოს 100% წილი და არ არსებობს ნ.კ–ძის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

4.17. უსაფუძვლოა ზიანის ანაზღაურების თაობაზე ნ.კ–ძის სასარჩელო მოთხოვნა. ნ.კ–ძის განმარტებით, თ.კ–იას არ გადაუცია სარჩელში ჩამოთვლილი მოძრავი ქონება, რაც არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან. წილის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების დროს, კომპანიის დირექტორი იყო 25% წილის მყიდველი ი.მ–ძე, მხარეებმა ერთობლივად შეამოწმეს საზოგადოების ქონებრივი მდგომარეობა, მიიჩნიეს ის დამაკმაყოფილებლად და დადეს შესაბამისი ხელშეკულებები (ეს ფაქტი აისახა ხელშეკრულებაშიც). ნასყიდობის ხელშეკრულებების დანართად ქონების ჩამონათვლის მითითება მოწმობს იმას, რომ ახალ პარტნიორებს ეს ნივთები გადაეცათ სრულად და საწინააღმდეგოს დადასტურება მყიდველთა მტკიცების საგანია. წილის ნასყიდობის ხელშეკრულების დადების შემდეგ, თუ სარჩელში მითითებულ ნივთებს ნამდვილად აღარ ფლობდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, პრეტენზია წარდგენილი უნდა იყოს პასუხისმგებელი პირის მიმართ. თ.კ–იამ ნ.კ–ძეს მიჰყიდა საზოგადოების 50 % წილი და გარიგება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში, ანუ გამყიდველის მხრიდან ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულია - წილზე საკუთრების უფლება გადაეცა მყიდველს. არადამაჯერებელია სარჩელის შინაარსი, რომ საზოგადოებას 9 ავტომანქანიდან აღარ აქვს 7, როგორც თ.კ–იამ განაცხადა მის მიერ სარჩელის აღძვრამდე, ამაზე პრეტენზია არავის განუცხადებია. გარდა ამისა, ნ.კ–ძეს არ გააჩნია მოთხოვნის უფლება თანხის დაკისრებასთან დაკავშირებით, სადავო ნივთები შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების საკუთრებაა და ამ ნივთებთან დაკავშირებით პრეტენზია გააჩნია მესაკუთრეს და არა დამფუძნებელ პარტნიორს.

5. ნ.კ–ძემ გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო წესით და მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით თ.კ–იას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ნ.კ–ძის სარჩელის დაკმაყოფილება. ნ.კ–ძემ სააპელაციო წესით ასევე გაასაჩივრა ი.მ–ძის მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე უარის თქმის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს საოქმო განჩინება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 14.02.2023 წლის განჩინებით - სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 23.07.2021 წლის გადაწყვეტილება და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე უარის თქმის შესახებ ამავე სასამართლოს 23.06.2021 წლის საოქმო განჩინება.

სააპელაციო სასამართლო სრულად დაეთანხმა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას, სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ სამართლებრივ შეფასებებს. სააპელაციო სასამართლომ ასევე დაუსაბუთებლად მიიჩნია პრეტენზია ი.მ–ძის მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნასთან მიმართებით და განმარტა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობდა პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობები.

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:

7. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ნ.კ–ძემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით, თ.კ–იას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ნ.კ–ძის სარჩელის დაკმაყოფილება. ნ.კ–ძემ საკასაციო წესით ასევე გაასაჩივრა ი.მ–ძის მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე უარის თქმის შესახებ სააპელაციო სასამართლოს საოქმო განჩინება (იხ. 20.12.2022 წლის საოქმო განჩინება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე).

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე სასამართლოს განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

9. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად (საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა სსსკ-ის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა), საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების კანონიერებას სწორედ საკასაციო საჩივარში გამოთქმული პრეტენზიების შესაბამისად შეამოწმებს.

10. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორის მიერ წარმოდგენილია ნაწილობრივ დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო საჩივარი. სსსკ-ის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. მოცემულ შემთხვევაში, სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის საფუძველზე უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

11. სასამართლოს უპირველესი ამოცანაა დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც ითვალისწინებს იმ შედეგს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში ასახული აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველ სამართლებრივ შედეგს (სუსგ №ას-1601-2018, 11.03.2021წ.). მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის განსაზღვრა სასამართლოს პრეროგატივაა. სამართალში დამკვიდრებულია პრინციპი - „jura novit curia“ (სასამართლომ იცის კანონი). მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა მოიაზრებს სასამართლოს მხრიდან დამფუძნებელი ნორმების სწორად მოძიებას, რომელიც დავის გადაწყვეტის ფუნდამენტს წარმოადგენს (სუსგ. Nას-1764-2018, 13.04.2020წ., სუსგ Nას-351-2020, 29.12.2020წ.). სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს, თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება სასამართლოს კომპეტენციაა (შდრ. სუსგ №ას-1163-2018, 08.02.2019წ.).

12. მოცემულ შემთხვევაში:

12.1. თ.კ–ია სარჩელით ითხოვს ნ.კ–ძის მიერ 26.06.2020 წლის ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის, ხელშეკრულებით შეთანხმებული ვადაში შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების წილის სყიდვის ფასის არასრულად გადახდის გამო დაუბრუნდეს გასხვისებულ წილებზე უფლება და აღირიცხოს საზოგადოების 100 % წილის მესაკუთრედ.

ფაქტობრივად, გამყიდველი ითხოვს ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გასვლას და მისი პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას. ამასთან, ხელშეკრულების 4.8 პუნქტსა და სახელშეკრულებო თავისუფლების პრინციპზე დაყრდნობით უარყოფს ორმხრივ რესტიტუციას, კერძოდ, მყიდველის მიერ გადახდილი თანხის მისთვის გამყიდველის მიერ დაბრუნებას.

12.2. ნ.კ–ძე სარჩელით ითხოვს ი.მ–ძისა და ი.ნ–ის სახელზე რიცხული წილების მესაკუთრედ აღიცხვას იმ საფუძვლით, რომ სრულად შეასრულა წილის ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება. ასევე ითხოვს თ.კ–იას დაეკისროს ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოძრავი ქონების ნაწილის ღირებულება - 207 025 ლარი, ვინაიდან მან დაარღვია მოძრავი ნივთების გადაცემის ვალდებულება.

13. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით მოწესრიგებული ურთიერთობებიდან წარმოიშობა. სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშობა ან წყდება შესაბამისი სამართლებრივი წინაპირობების საფუძველზე.

14. სასამართლოს მიერ დადგენილია და საკასაციო საჩივრით შედავებული არ არის, რომ:

14.1. 26.06.2020 წელს გაიმართა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების კრება, რომელსაც ესწრებოდნენ საზოგადოების 100%-იანი წილის მფლობელი პარტნიორი, თ.კ–ია და დირექტორი - ი.მ–ძე. კრებაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება, თ.კ–იას საზოგადოების 50% წილი გაესხვისებინა ნ.კ–ძეზე, 25 % წილი - ი.ნ–ზე და 25 % წილი - ი.მ–ძეზე. კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებით საზოგადოების დირექტორად კვლავ რჩებოდა ი.მ–ძე (ტ.1, ს.ფ.54).

14.2. 26.06.2020 წელს დაიდო საზოგადოების 100% წილის გასხვისების შესახებ სამი ხელშეკრულება: 50% წილი გასხვისდა ნ.კ–ძეზე, 25% წილი - ი.მ–ძეზე, 25% წილი - ი.ნ–ზე. სამივე მყიდველი რეესტრში აღირიცხა შესაბამისი წილის მესაკუთრედ. ნასყიდობის ხელშეკრულებები იყო ერთმანეთის განუყოფელი ნაწილი, ანუ საუბარია რამდენიმე ნაწილისაგან შემდგარ ერთ შეთანხმებაზე, კერძოდ:

14.2.1. 26.06.2020 წელს თ.კ–იას (გამყიდველი) და ნ.კ–ძეს (მყიდველი) შორის გაფორმებული 50%-იანი წილის ნასყიდობის ხელშეკრულებით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მყიდველი გამყიდველს საკუთრებაში არსებული წილის ყიდვის/საკუთრებაში მიღების სანაცვლოდ ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით გადაუხდიდა 750 000 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს გადახდის დროისთვის არსებული კომერციული კურსის შესაბამისად, საიდანაც მყიდველი 200 000 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს გამყიდველს გადაუხდიდა ხელშეკრულების მხარეთა მიერ ხელმოწერისთანავე უნაღდო ანგარიშსწორებით, ხოლო დარჩენილ თანხას, 550 000 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს - 31.10.2020 წლამდე. ხელშეკრულების 4.8 პუნქტის თანახმად, მყიდველი თანხის 31.10.2020 წლის ჩათვლით სრულად გადაუხდელობის შემთხვევაში კარგავდა წინასწარ გადახდილი თანხის დაბრუნების უფლებას და უკან უნდა გადაეფორმებინა წილი (ტ.1, ს.ფ. 22-30).

14.2.2. 26.06.2020 წელს თ.კ–იას (გამყიდველი) და ი.მ–ძეს (მყიდველი) შორის დადებული ხელშეკრულებით, თ.კ–იამ ი.მ–ძეს მიჰყიდა საზოგადოების 25% წილი 100 აშშ დოლარად. თანხა უნდა გადახდილიყო 31.10.2020 წლის ჩათვლით, უნაღდო ანგარიშსწორების გზით. ხელშეკრულების 4.8 პუნქტის თანახმად, მყიდველი უკან გადააფორმებდა წილს 31.10.2020 წლის ჩათვლით თანხის სრულად გადაუხდელობისა და 26.06.2020 წლის თ.კ–იასა და ნ.კ–ძეს შორის გაფორმებული წილის ნასყიდობის ხელშეკრულებით (რომლებიც ერთი ხელშეკრულების ნაწილად იგულისხმება) მყიდველის მიერ ნაკისრი ვალდებულებების სრულად შეუსრულებლობის შემთხვევაში (ტ.1, ს.ფ.43-49).

14.2.3. 26.06.2020 წელს თ.კ–იას (გამყიდველი) და ი.ნ–ს (მყიდველი) შორის დადებული ხელშეკრულებით თ.კ–იამ ი.ნ–ს მიჰყიდა საზოგადოების 25% წილი 100 აშშ დოლარად. თანხა უნდა გადახდილიყო 31.10.2020 წლის ჩათვლით უნაღდო ანგარიშსწორების გზით. ხელშეკრულების 4.8 პუნქტის თანახმად, მყიდველი უკან გადააფორმებდა წილს 31.10.2020 წლის ჩათვლით თანხის სრულად გადაუხდელობისა და 26.06.2020 წლის თ.კ–იასა და ნ.კ–ძეს შორის გაფორმებული წილის ნასყიდობის ხელშეკრულებით (რომლებიც ერთი ხელშეკრულების ნაწილად იგულისხმება) მყიდველის მიერ ნაკისრი ვალდებულებების სრულად შეუსრულებლობის შემთხვევაში (ტ.1, ს.ფ.55-61).

14.3. ნ.კ–ძის მიერ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების წილის ღირებულების სახით თ.კ–იას ანგარიშზე ჩარიცხულია 633 375,36 აშშ დოლარი, კერძოდ: 27.06.2020 წელს - 612 200 ლარი, რაც ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად შეადგენდა 200 353, 45 აშშ დოლარს; 30.10.2020 წელს - 500 000 ლარი, რაც ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად შეადგენდა 154 616,86 აშშ დოლარს; 31.10.2020 წელს - 500 000 ლარი, რაც ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად შეადგენდა 154 669,47 აშშ დოლარს; 02.11.2020 წელს - 400 000 ლარი, რაც ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად შეადგენდა 123 735,58 აშშ დოლარს.

14.4. ი.ნ–მა 26.06.2020 წლის წილის ნასყიდობის ხელშეკრულებით შეთანხმებული თანხა - 100 აშშ დოლარი, თ.კ–იას საბანკო ანგარიშზე ჩარიცხა 30.10.2020 წელს. ი.მ–ძეს არ გადაუხდია 26.06.2020 წლის წილის ნასყიდობის ხელშეკრულებით შეთანხმებული ფასი.

14.5. მხარეები არ დავობენ, რომ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების წილის ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ე.წ. „განსაკუთრებული პირობის“ თანახმად, საზოგადოებას მყიდველზე საკუთრების უფლების გადასვლისას უნდა ჰქონოდა განსაზღვრული ქონებრივი და ფინანსური მდგომარეობა. ქონებრივი მდგომარეობა გულისხმობდა როგორც უძრავ, ისე მოძრავ ქონებას, რომელთა ჩამონათვალიც მოცემული იყო №2 და №3 დანართებში, რაც წარმოადგენდა ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს (ტ.1, ს.ფ.26, 30; 46,51; 58,64).

14.6. ი.მ–ძე, რომელიც საზოგადოების დირექტორი იყო თ.კ–იას მიერ წილის ფლობის დროს და რომლის ამ პოზიციაზე დატოვების გადაწყვეტილებაც იქნა მიღებული 26.06.2020 წლის პარტნიორთა კრებაზე, დირექტორის თანამდებობას იკავებდა 11.11.2020 წლის პარტნიორთა კრებაზე მისი გათავისუფლების გადაწყვეტილების მიღებამდე, რაც რეგისტრაციაში გატარდა 13.11.2020 წელს (ტ.1, ს.ფ.54; ტ.3, ს.ფ.63,64; ტ.1, ს.ფ. 80,81).

15. სააპელაციო პალატის მიერ ხელშეკრულებების პირობის შინაარსის საფუძველზე დადგენილია, რომ ახალ პარტნიორებს №2 და №3 დანართებში ჩამოთვლილი ნივთები გადაეცათ სრულად, ანუ პირობა შესრულდა. კასატორი არ ეთანხმება აღნიშნულს და უთითებს მის დარღვევას, ასევე სადავოა რესტიტუციის ცალმხრივად გამომრიცხავი პირობის ნამდვილობა.

16. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ქვემდგომმა სასამართლომ ყოველმხრივად, სრულად და ობიექტურად არ გამოიკვლია, სათანადოდ არ შეაფასა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები (სსსკ-ის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილი) და არ დაადგინა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება.

17. სამეწარმეო საზოგადოებაში წევრობას წილის ფლობა და მისგან გამომდინარე უფლებამოსილებათა (მოვალეობათა) ერთობლიობა განაპირობებს. წილის უკან გარკვეული კორპორაციულსამართლებრივი უფლებები და მოვალეობები დგას, რომელიც პარტნიორს საზოგადოებაში მმართველობით (თანამმართველობით) და ქონებრივ უფლებებს ანიჭებს (ბურდული ი., სამეწარმეო საზოგადოებაში წილის კეთილსინდისიერად მოპოვება, შედარებითი სამართლის ჟურნალი, №2/2019, გვ.25). ამდენად, წილი არის პირის უფლება, საკუთრების საგანი, რომელიც განსაზღვრავს პირის მონაწილეობას სამეწარმეო საზოგადოებაში. წილი არის ის ერთეული, რომლითაც დგინდება მეწილის პროპორციული მონაწილეობა საზოგადოებაში (Bourne, Bourne on Company Law, 6th ed., 2013, 51; ბურდული ი., მახარობლიშვილი გ., თოხაძე ა., ზუბიტაშვილი ნ., ალადაშვილი გ., მაღრაძე გ., ეგნატაშვილი დ., საკორპორაციო სამართალი, მეორე გადამუშავებული გამოცემა, თბილისი 2022, გამომცემლობა „იურისტების სამყარო,“ გვ. 317).

18. იურიდიულ ლიტერატურაში წევრობის სტატუსის მოპოვების გარკვეულ დოგმატურ სტრუქტურაზე საუბრობენ. ამის მიხედვით, განასხვავებენ წევრის უფლება-მოვალეობათა ერთობლიობის - ა) თავდაპირველ შეძენას, რომელიც, თავის მხრივ, ორ ძირითად ნაწილად იყოფა: წევრობის მოპოვება საწარმოს დაფუძნების პროცესში მონაწილეობით ან საზოგადოების კაპიტალის გაზრდისას წილის შეძენით; ბ) ე.წ. მიმდინარე შეძენა, ანუ წილის შემდგომი მიღება, რომლის ასევე ორ ძირითად სახეობას გამოყოფენ: წილის მემკვიდრეობით მიღება ან წევრის სტატუსის მოპოვება გარიგებითსამართლებრივ საფუძველზე (ბურდული ი., სამეწარმეო საზოგადოებაში წილის კეთილსინდისიერად მოპოვება, შედარებითი სამართლის ჟურნალი, №2/2019, გვ.26). როდესაც საუბარია საზოგადოებაში მცირე წილობრივი მონაწილეობით სამართლებრივ უფლებაზე, აქ იგულისხმება ის, რომ უმცირესობაში მყოფი პარტნიორისთვის წევრობა მხოლოდ კაპიტალდაბანდება და დივიდენდის მოლოდინის ეკონომიკური ინტერესია. საკონტროლო წილის შემძენი პირისთვის კი წილში გამოხატული ინტერესი არა მხოლოდ კაპიტალდაბანდებით არის განპირობებული, არამედ ამას ემატება საწარმოს მართვის, მისი მთლიანად კონტროლის ინტერესი. ამ მოსაზრებებიდან გამომდინარე, საზოგადოების წილის მფლობელი საზოგადოების მესაკუთრედაც მოიხსენიება და ეს სრულიად შეესაბამება მის ეკონომიკურ იმპლიციტურ ბუნებას (იხ. იქვე, გვ. 28).

19. სამეწარმეო საზოგადოებაში წილის ფლობა წარმოადგენს არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეს (სსკ-ის 147-ე და 152-ე მუხლები), (შდრ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 02.03.2017 წლის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-664-635-2016, პუნ. 191; Bramelid and Malmström v. Sweden (განაცხადის №8588/79, №8589/79, 1982).

20. ნასყიდობის ხელშეკრულების მომწესრიგებელ ცენტრალურ ნორმას წარმოადგენს სსკ-ის 477-ე მუხლი, რომლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. ნასყიდობა ორმხრივი, კონსენსუალური გარიგებაა, სადაც, როგორც გამყიდველს, ისე მყიდველს აქვს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები (სუსგ №ას-437-2022, 02.05.2023წ.).

21. მხარეთა შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებები აწესრიგებს წილის, როგორც არამატერიალური ქონებრივი სიკეთის ნასყიდობას. დავა შეეხება ამ ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევას.

22. სსკ-ის 352-ე და შემდგომ მუხლებში მოწესრიგებულია ხელშეკრულებიდან გასვლის სამართლებრივი შედეგები (ჯანაშია ლ., წიგნში: ძლიერიშვილი ზ., ცერცვაძე გ., რობაქიძე ი., სვანაძე გ., ცერცვაძე ლ., ჯანაშია ლ., სახელშეკრულებო სამართალი, თბილისი, 2014, გვ.504), როდესაც ერთ-ერთი მხარე იყენებს კანონით მინიჭებულ ხელშეკრულებიდან გასვლის უფლებას 405-ე მუხლის შესაბამისად. მიუხედავად იმისა, რომ 352.1 მუხლი მხოლოდ 405-ე მუხლზე უთითებს და არა ზოგადად გასვლის ყველა სხვა კანონისმიერ საფუძველზე, 352-ე მუხლი მაინც არის სამართლებრივი შედეგების მომწესრიგებელი ნორმა ყველა სხვა კანონით განსაზღვრული, ანუ ხელშეკრულებიდან გასვლის კანონისმიერი უფლებისათვის. აუცილებელი არ არის, რომ გასვლის უფლება გამომდინარეობდეს კანონიდან. ამ უფლებას შეიძლება ითვალისწინებდეს მხარეთა შეთანხმება, სახელშეკრულებო გასვლის უფლება – ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს ე.წ. „გასვლის დათქმით“ (ჭანტურია ლ., სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი მესამე, მუხლი 352, თბილისი, 2001, გვ. 235, 231), ან დათქმით, რომ გარკვეული წინაპირობების დადგომის შემდეგ „მხარე თავისუფალია“, „აღარ არის ვალდებული, შეასრულოს“ და ა.შ.. ამ შემთხვევებზე 352-ე და შემდგომი მუხლები უნდა გამოვიყენოთ ანალოგიით (რუსიაშვილი გ., სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, III ნაწილი, ვალდებულებითი სამართლის ზოგადი ნაწილი, 2019, მუხლი 352, ველი 1).

23. სსკ-ის 352.1 მუხლის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება). სსკ-ის 405-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს ქცევის შემდეგ წესს: თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, არ არის აუცილებელი დამატებითი ვადის დაწესება ან გაფრთხილება, თუ: ა) აშკარაა, რომ მას არავითარი შედეგი არ ექნება; ბ) ვალდებულება არ შესრულდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, ხოლო კრედიტორმა ურთიერთობის გაგრძელება ხელშეკრულებით დაუკავშირა ვალდებულების დროულ შესრულებას; გ) განსაკუთრებული საფუძვლებიდან გამომდინარე, ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით, გამართლებულია ხელშეკრულების დაუყოვნებლივ მოშლა.

24. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ყველა სამართლებრივ სისტემაში ვალდებულების შესრულება წარმოადგენს ვალდებულებითი სამართლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტს. ისევე, როგორც კონტინენტური სამართლის სისტემის ქვეყნებში, საქართველოს შემთხვევაშიც ვალდებულების შესრულების მომწესრიგებელ ნორმებს ძირითადად დისპოზიციური ხასიათი აქვთ. ქართული სამოქალაქო კოდექსის როგორც ზოგადი, ისე კერძო ნაწილი შესრულების მექანიზმებზეა აგებული. მთავარია შესრულება და არა პასუხისმგებლობა (სუსგ Nას-1166-2019, 06.04.2020წ.; სუსგ Nას-287-2021, 09.03.2023წ.). ვალდებულების შესრულების ლეგიტიმური სახელშეკრულებო ინტერესი, სამართლებრივი დაცვის თვალსაზრისით, განსაკუთრებული სიკეთეა ნებისმიერ სამართლებრივ სისტემაში. სახელშეკრულებო ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნების შეუსრულებლობა უკვე ვალდებულების დარღვევაა. ვალდებულების დარღვევისათვის სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობა გამოიხატება მოვალეზე კანონით დადგენილი ქონებრივი ზემოქმედების ზომებში. სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილე, რომელიც არღვევს ვალდებულებას, პასუხს აგებს დაზარალებულის წინაშე. დაზარალებულს უფლება აქვს მოითხოვოს დარღვეული უფლების დაცვა (იხ: თოდუა მ., ვილემსი ჰ., ვალდებულებითი სამართალი, თბილისი, 2006, გვ. 37) (სუსგ №ას-1069-2021, 23.12.2021წ.).

25. ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძველია ორმხრივ ხელშეკრულებაში ვალდებულების დარღვევა. ამ დროს სახელშეკრულებო ურთიერთობა ქონებრივ ასპექტში უბრუნდება პირვანდელ მდგომარეობას, ანუ ხდება შესრულებისა და სარგებლის უკუქცევა. ხელშეკრულებიდან გასვლის ინსტიტუტი იმის მაუწყებელია, რომ მხარეთა ნების თავისუფლება (ავტონომია) არ მთავრდება ხელშეკრულების დადებით და იგი ბოლომდე თან სდევს მის შესრულებას. ისევე, როგორც ხელშეკრულების დადება იყო მხარეთა ნებაზე დამოკიდებული, მისი შემდგომი არსებობაც მათ ნებაზეა დამოკიდებული. მართალია, მხარე ხელშეკრულებით შებოჭილია და იგი უნდა შესრულდეს, მაგრამ ხელშეკრულების მონაწილე ვერ შეიბოჭება მეორე მხარის ისეთი მოქმედებით, რაც მისთვის ზიანის მომტანია. დაუშვებელია ორმხრივი ხელშეკრულება, რომელიც ერთი მხარისათვის თავისუფლება იქნება და მეორისათვის კი ამ თავისუფლების შეზღუდვა (ზოიძე ბ., ევროპული კერძო სამართლის რეცეპცია საქართველოში, 2005, გვ. 266). ამდენად, ხელშეკრულების დადების მომენტიდან, მხარეები ვალდებული არიან, შეუდგნენ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და მათ არ შეუძლიათ ცალმხრივად თქვან უარი ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე. მაგრამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში ხელშეკრულების მხარეს უფლება აქვს, გავიდეს ხელშეკრულებიდან და უარი თქვას ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე (შდრ. სუსგ №ას-459-438-2015, 07.10.2015წ; №ას-38-38-2018, 08.06.2018წ.). ვალდებულების დარღვევა იწვევს მოთხოვნის უფლებას იმ მხარისათვის, რომლის მიმართაც და ინტერესთა საზიანოდ შეთანხმების პირობები დაირღვა (სუსგ №ას-696-696-2018, 06.07.2018წ.). ხელშეკრულებიდან გასვლით მხარეები წყვეტენ სახელშეკრულებო ურთიერთობას რეტროაქტიული ეფექტით, რის შედეგადაც ორივე მხარეს წარმოეშობა შესრულებისა და მისგან მიღებული სარგებლის უკუქცევის ვალდებულება (სსკ-ის 352 I მუხლი) (ვაშაკიძე გ., სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, ვალდებულებითი სამართლის ზოგადი ნაწილი, 2019, მუხლი 405, ველი 3). სსკ-ის 352-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულებიდან გასვლის სამართლებრივი შედეგი რესტიტუციაა. ამ დროს თავდაპირველი ვალდებულებითი ურთიერთობის ადგილს იკავებს უკუქცევის შედეგად წარმოშობილ შესრულებათა უკან დაბრუნების ურთიერთობა, რაც ხელშეკრულების დადების შემდეგ შესრულებათა გაცვლამდე არსებული ვითარების აღდგენას გულისხმობს, ანუ ხელშეკრულებიდან გასვლით წარმოიშობა ახალი ვალდებულება (პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის ვალდებულება) (შდრ. სუსგ №ას-667-634-2014, 16.10.2015წ., პუნ. 23). ხელშეკრულებიდან გასვლის შემდეგ, მხარეები თავისუფლდებიან ხელშეკრულებით ნაკისრი პირველადი ვალდებულების შესრულებისაგან და გარდაიქმნებიან რესტიტუციის კრედიტორად და რესტიტუციის მოვალედ (სუსგ №ას-1209-1169-2016, 12.07.2017წ.; სუსგ Nას-168-158-2017, 20.07.2018წ.).

26. იმ მოცემულობაში, როდესაც მოსარჩელე/გამყიდველი ითხოვს ხელშეკრულებიდან გასვლასა და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას მისთვის წილზე საკუთრების უფლების დაბრუნების გზით, უნდა დადგინდეს:

- ნასყიდობის ხელშეკრულებით რეგლამენტირებული მყიდველის მიერ ვალდებულების დარღვევისას გამყიდველის ხელშეკრულებიდან გასვლის წესის/შესაბამისი პირობების ნამდვილობა;

- ხელშეკრულებიდან გასვლის მოთხოვნის კანონისმიერი/სახელშეკრულებო წინაპირობების არსებობა/არარსებობა;

- გასვლის გამომრიცხველი გარემოებების არსებობა/არარსებობა.

მხოლოდ მითითებულ გარემოებათა გამოკვლევა/დადგენის შედეგად შეიძლება განისაზღვროს, რამდენად მართლზომიერია ხელშეკრულებიდან გასვლის თაობაზე გამყიდველის მოთხოვნა. განსახილველ შემთხვევაში მითითებული გარემოებები ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ სათანადოდ გამოკვლეული და შეფასებული არ არის.

27. ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება კანონით გათვალისწინებული უფლებაა. ამიტომ კანონი ამომწურავად განსაზღვრავს ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძვლებსა და წესს, კერძოდ, იმას, თუ როდის შეუძლია ხელშეკრულების მხარეს მოითხოვოს ხელშეკრულებიდან გასვლა (სსკ-ის 405-ე, 352-359-ე მუხლები). თუმცა, ეს არ გამორიცხავს, რომ მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულებიდან გასვლის დამატებით პირობებზე. ხელშეკრულებიდან გასვლის, როგორც მეორადი მოთხოვნის უფლების საფუძვლები შეიძლება დაიყოს მატერიალურ და ფორმალურ ნაწილებად. მატერიალურში იგულისხმება ვალდებულების დარღვევა, ხოლო ფორმალურში - დამატებითი ვადის დაწესება (გაფრთხილება) და ხელშეკრულებაზე უარის თქმის შეტყობინება (სუსგ Nას-742-2021, 02.12.2021წ., პუნ. 45).

28. ზოგადი წესით, ხელშეკრულებიდან გასვლა, არ შეიძლება განხორციელდეს მოვალისათვის ვალდებულების შესასრულებლად ხელმეორე შესაძლებლობის მიცემის გარეშე, რათა ამით თავიდან იქნეს აცილებული ხელშეკრულების ანულირება. სწორედ ამიტომ, კანონი ითვალისწინებს შემთხვევებს, როდესაც ვალდებულების შესასრულებლად მოვალეს მიეცემა დამატებითი ვადა, ამ დროს კრედიტორი სარგებლობს შეზღუდული უფლებით გავიდეს ხელშეკრულებიდან, ხოლო მოვალის ინტერესები კი გარკვეულწილად დაცულია (ანალოგიურადაა საკითხი გადაწყვეტილი გერმანიის სამოქალაქო კოდექსის 323-ე პარაგრაფით). ვალდებულების ხასიათიდან გამომდინარე, შესაძლებელია, რომ დამატებითი ვადის განსაზღვრას გაუთანაბრდეს გაფრთხილება, რომლითაც კრედიტორი ავალდებულებს მოვალეს შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. გაფრთხილება ერთგვარი შეხსენებაა ვადამოსული ვალდებულების შესასრულებლად (სუსგ Nას-141-2021, 27.05.2021წ., პუნ. 119).

29. ამასთან, მხარეებს ხელშეკრულებით შეუძლიათ სსკ-ის 405.1 მუხლით გათვალისწინებული წინაპირობების მოდიფიკაცია ან საერთოდ უარი თქვან დამატებით ვადაზე, როგორც ხელშეკრულებიდან გასვლის წინაპირობაზე (შეზღუდვა მოქმედებს სტანდარტული პირობების გამოყენებისას, მუხ. 347,348) (ვაშაკიძე გ., სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, ვალდებულებითი სამართლის ზოგადი ნაწილი, 2019, მუხლი 405, ველი 44).

მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შეთანხმებით დამატებით ვადის განსაზღვრა/გაფრთხილება არ იყო გამყიდველის ხელშეკრულებიდან გასვლის წინაპირობა. ამასთან, შეთანხმებული იყო ვალდებულების სრულად შესრულების საბოლოო ვადა, კერძოდ: 26.06.2020 წლის წილის ნასყიდობის ხელშეკრულებებით, თანხა უნდა გადახდილიყო 31.10.2020 წლის ჩათვლით.

30. დასადგენია რესტიტუციის ცალმხრივად გამომრიცხველი პირობის ნამდვილობაც. პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 352-ე მუხლი დისპოზიციური შინაარსისაა, შესაბამისად, მხარეებს შეუძლიათ განსაზღვრონ გასვლის სპეციალური წესი, განსხვავებით სსკ-ის 508-ე მუხლისაგან, რომლიც ასეთ შეთანხმებას ბათილად მიიჩნევს. სსკ-ის მე-10 მუხლის მე-3 ნაწილით, უფლებათა ბოროტად გამოყენებისაგან სხვათა თავისუფლებას იცავს სამოქალაქო კანონების იმპერატიული ნორმები. მოქმედებები, რომლებიც ეწინააღმდეგება ამ ნორმებს, ბათილია, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა კანონი პირდაპირ მიუთითებს სხვაგვარ შედეგებზე. 26.06.2020 წლის ხელშეკრულებები არ შეიძლება მივიჩნიოთ ნასყიდობად გადახდის განვადებით, რამეთუ ისინი არ შეესაბამება სსკ-ის 506 მუხლის მოთხოვნებს. მითითებული ნორმით დადგენილია განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმა და სავალდებულო რეკვიზიტები, რაც მიზნად ისახავს მყიდველის ინფორმირებას იმ დამატებითი ფინანსური ვალდებულებების შესახებ, რომელიც მას ტვირთად დააწვება ასეთი ხელშეკრულების დადების შემთხვევაში (ჩაჩავა ს., საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, მუხ.506, ველი 1 /https://gccc.tsu.ge/). განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის წერილობით დადებული წილის ნასყიდობის ხელშეკრულებები არ შეიცავს სსკ-ის 506-ე მუხლით დადგენილი მოწესრიგების ელემენტებს: ა) ნაღდი გადახდის ოდენობა; ბ) ნაწილ-ნაწილ გადასახადი თანხის ოდენობა და დრო; გ) წლიური პროცენტის ოდენობა.

ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე უნდა განისაზღვროს მხარეთა კეთილსინდისიერება, რათა გამოირიცხოს ხელშეკრულებიდან გასვლის უფლების ბოროტად გამოყენება (შდრ. BGH, Urteil vom 18. April 1984 – VIII ZR 46/83 – WM 1984, 936 Rn. 16-18; Staudinger/Kaiser/Sittmann-Haury (2022) Vorbemerkungen zu §§346–354).

სამოქალაქო სამართალში აღიარებულია, რომ ნდობისა და კეთილსინდისიერების (სსკ-ის 8.3 მუხლი) ზოგადი პოსტულატიდან გამომდინარე, ყოველგვარი უფლებით სარგებლობის ზღვარს მისი ბოროტად გამოყენების აკრძალვა წარმოადგენს (რუსიაშვილი გ., ჰაგენლოხი უ., ნორმის ან ხელშეკრულების მიზანს აცდენილი უფლების განხორციელების მცდელობა: უფლების ბოროტად გამოყენება და ზიანის ანაზღაურება, პროფესორ ლადო ჭანტურიას 60 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო კრებული, 2023, გვ. 474).

შესაბამისად, რესტიტუციის ცალმხრივად გამორიცხვა, შესაძლოა, მოიაზრებოდეს დისპოზიციური შეთანხმების ნამდვილ პუნქტად, თუ სხვა დანაწესთან არ კოლიდირებს და, რაც მთავარია, ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპს არ ეწინააღმდეგება. ამისათვის კი აუცილებელია მხარეთა ურთიერთობის ყველა ასპექტის გათვალისწინება როგორც ხელშეკრულებების დადებამდე/მოლაპარაკებების წარმოების დროს, ისე, ხელშეკრულებების გაფორმებისა და მათი მოქმედების პერიოდშიც.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ხელშეკრულების თავისუფლება სახელშეკრულებო სამართლიანობის ფარგლებში მოქმედებს და სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეებმა სამოქალაქო უფლებები კეთილსინდისიერად უნდა განახორციელონ.

31. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ, ზოგადად, ყველა მართლწესრიგი სამართლის სუბიექტთა ქცევის წესს კეთილსინდისიერების პრინციპზე აფუძნებს და ამ პრინციპს ნორმატიულ კონცეფციად განიხილავს. იგი თანამედროვე სამართლის, ფილოსოფიისა და ბიზნესის ერთ-ერთი ფუძემდებლური დებულებაა. თანამედროვე ქართულ სამართლებრივ სივრცეში კეთილსინდისიერება მატერიალურსამართლებრივ ნორმად გადაიქცა და სამართლიანობასა და თანასწორობაზე დამყარებულ სამართლებრივ სისტემაში გაერთიანდა, რითაც უფრო ვრცელი დატვირთვა შეიძინა. კეთილსინდისიერება ნიშნავს გულწრფელობას, სამართლიანობას, ვალდებულებების მიმართ პატიოსან დამოკიდებულებას. კეთილსინდისიერების ინსტიტუტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამოქალაქო სამართლისათვის და იგი მთლიანად კერძო სამართლის უმთავრეს პრინციპს წარმოადგენს (სუსგ Nას-1338-1376-2014, 29.06.2015წ.).

კეთილსინდისიერების პრინციპის ძირითადი ფუნქცია სამართლიანი შედეგი და, ამავე დროს, აშკარად უსამართლო შედეგის თავიდან აცილებაა, რაც პირდაპირ უკავშირდება სამოქალაქო ურთიერთობათა სტაბილურობასა და სიმყარეს (სუსგ Nას-549-521-2015, 18.11.2015წ.).

32. სსკ-ის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს კერძოსამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეების ქცევის მასშტაბს - კეთილსინდისიერების ვალდებულებას, ინდივიდის მოქმედებას სამართლიანობის კრიტერიუმთან ურთიერთკავშირში (ჭანტურია ლ., სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, თბილისი, 2017, მუხ.8, ველი 1, 10-12). სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებული არიან, კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. კოდექსის ეს დანაწესი, რომელსაც ავსებს სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი, მოიცავს მთელ კერძო სამართალს. აღნიშნული მუხლების მოქმედება ცალსახა და იმპერატიულია, ამიტომაც მხარეებს არ აქვთ უფლება, ხელშეკრულებით ან შეთანხმებით გამორიცხონ მათი მოქმედება. სსკ-ის მე-8 მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს კეთილსინდისიერებას, როგორც ვალდებულების ძირითად და აუცილებელ კომპონენტს და მხოლოდ ვალდებულებათა შესრულებით არ შემოიფარგლება, ხოლო სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის დანაწესი იმის შესახებ, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს კეთილსინდისიერად, წარმოადგენს კანონისმიერ მოთხოვნას და გულისხმობს, ზოგადად, სამოქალაქოსამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა მიერ სხვა მონაწილის ინტერესების პატივისცემას, საკუთარი როლისა და პასუხისმგებლობის გათავისებას, თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც მას კონკრეტული პირდაპირი ვალდებულება არ ეკისრება (სუსგ Nას-1338-1376-2014, 29.06.2015წ; Nას-189-2020, 20.04.2021წ.).

33. სახელშეკრულებო სამართალში შეიძლება გამოვყოთ კეთილსინდისიერების რამდენიმე ფუნქცია: 1) კანონისა და ხელშეკრულების ხარვეზის შევსება, რაც გულისხმობს მხარეთათვის დამატებით ვალდებულებების დადგენას, ანუ სახელშეკრულებო ვალდებულებების განვრცობას, გაფართოებას, შევსებას; 2) ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლებების შეზღუდვა; 3) ხელშეკრულების კორექტირება; 4) ხელშეკრულების განმარტება (ხუნაშვილი ნ., კეთილსინდისიერების პრინციპი სახელშეკრულებო სამართალში, თბილისი, 2016, გვ.102,103).

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კეთილსინდისიერება გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მოქმედებას პასუხისმგებლობით, ერთმანეთის უფლებებისადმი პატივისცემით მოპყრობას. კეთილსინდისიერება როგორც ნორმატიული, ისე სუბიექტური ნების განმარტების ინსტრუმენტია. მის საფუძველზე აღმოიფხვრება როგორც კანონის, ისე ხელშეკრულების ხარვეზი (სუსგ №ას-559-2019, 04.12.2019წ., პუნ. 185).

34. ამა თუ იმ ხელშეკრულებაში, შესაძლოა, არც კი იყოს ჩამოყალიბებული განსაზღვრულად ქცევის წესი, მაგრამ განსაზღვრული წესით ქცევის, განსაზღვრული მოქმედების შესრულების ვალდებულება კეთილსინდისიერების პრინციპის მოთხოვნებიდან გამომდინარეობდეს (მაგ: ინფორმაციის გაცემისა და ზრუნვის ვალდებულება). კეთილსინდისიერების პრინციპი მხარეებს ავალდებულებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინებას. თუ უფლება იმდაგვარად გამოიყენება, რომ მხარეთა ინტერესების ურთიერთგათვალისწინების ვალდებულება (მოთხოვნა) ირღვევა, უფლების ასეთი გამოყენება ბოროტ განზრახვად უნდა დაკვალიფიცირდეს (Christian Eckl, Treu und Glauben im spanischen Vertragsrecht, Mohr Siebeck, Tübingen, 2007, 34, მითითებულია ხუნაშვილი ნ., კეთილსინდისიერების პრინციპი სახელშეკრულებო სამართალში, თბილისი, 2016, გვ.117,118).

35. კეთილსინდისიერი ქცევის დადგენა კონკრეტული ფაქტის შეფასების საკითხია და მოსამართლის მიერ უნდა გადაწყდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით. მოსამართლის მიერ წარმოებული შეფასების ეს პროცესი საკმაოდ კომპლექსურია და დიდ დაკვირვებას მოითხოვს, რადგან კეთილსინდისიერების მოთხოვნას არ გააჩნია აბსოლუტური უპირატესობა სახელშეკრულებო თავისუფლების მიმართ და დაუშვებელია ყოველი გადაწყვეტილების დასაბუთება აბსტრაქტული პრინციპების საფუძველზე. აუცილებელია ყოველი კონკრეტული შემთხვევის სპეციფიკურობის გათვალისწინება (სუსგ №ას-559-2019, 04.12.2019წ., პუნ. 186).

36. სსკ-ის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილი (სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეებს შეუძლიათ განახორციელონ კანონით აუკრძალავი, მათ შორის კანონით პირდაპირ გაუთვალისწინებელი ნებისმიერი მოქმედება) განამტკიცებს მხარეთა კერძო ავტონომიას, რომელიც კერძო სამართლის ერთ-ერთ ფუძემდებლურ პრინციპს წარმოადგენს. მის თანახმად კერძოსამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეებს შეუძლიათ განახორციელონ კანონით აუკრძალავი ნებისმიერი მოქმედება, მათ შორის ისეთიც, რომელიც კანონით პირდაპირ არ არის გათვალისწინებული. კერძო ავტონომიის პრაქტიკულ გამოვლინებას წარმოადგენს ხელშეკრულების თავისუფლება (319.1 მუხლი). კერძო ავტონომიის შეზღუდვა გამოიხატება სამოქალაქო უფლებების კეთილსინდისიერად განხორციელების ვალდებულების დაკისრებასა (სსკ-ის 8.3 მუხლი) და უფლების ბოროტად გამოყენების დაუშვებლობაში (სსკ-ის 10.3 მუხლი). ორივე შემთხვევაში ამ შეზღუდვის მიზანი არის სხვათა თავისუფლების დაცვა (ჭანტურია ლ., სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, თბილისი, 2017, მუხ.10, ველი 16,17, 20).

37. საქმის ხელახლა განხილვისას, ნასყიდობის ხელშეკრულებით რეგლამენტირებული გამყიდველის გასვლის წესის/შესაბამისი პირობების ნამდვილობის დადასტურების შემთხვევაში, სასამართლომ უნდა დაადგინოს ხელშეკრულებიდან გასვლის მოთხოვნის კანონისმიერი/სახელშეკრულებო წინაპირობების არსებობა თუ მათი არარასებობა.

გათვალისწინებით იმისა, რომ ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძველს წარმოადგენს ხელშეკრულების კონტრაჰენტის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა, პირველ რიგში, სასამართლომ სარჩელში და შესაგებელში გამოთქმული პოზიციებისა და საქმის მასალების გამოკვლევის, ურთიერთშეჯერებით უნდა გამოარკვიოს, რა სახელშეკრულებო ვალდებულებები აკისრიათ კონტრაჰენტებს ერთმანეთის მიმართ, რა ვალდებულება შესრულდა შეთანხმებულ ვადაში და იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება წილის მყიდველის მიერ ხელშეკრულების დარღვევის ფაქტი, ხელშეკრულებიდან გასვლის მართლზომიერების შეფასების მიზნით უნდა განისაზღვროს ვალდებულების დარღვევის მასშტაბიც.

ხელშეკრულებიდან გასვლის მოთხოვნის კანონისმიერი წინაპირობაა მოვალის მხრიდან ხელშეკრულების მნიშვნელოვანი (არსებითი) დარღვევა (დარღვევა არსებითი ხასიათისაა, თუ მოვალის მხრიდან ძირითადი ვალდებულების დარღვევის გამო, ფაქტობრივი შესრულების დანიშნულებისამებრ გამოყენება შეუძლებელი ხდება ან იკარგება მომავალში მისი შესრულების იმედი ანდა კრედიტორს ეკარგება შესრულებისადმი ინტერესი) (სუსგ Nას-1003-924-2017, 01.12.2017წ., პუნ. 34).

38. ხელშეკრულებიდან გასვლისა და წილზე საკუთრების უფლების დაბრუნების თაობაზე წილის გამყიდველის მოთხოვნას შესაგებლითა და დამოუკიდებელი სარჩელით უპირისპირდება წილის მყიდველი ნ.კ–ძე, რომელიც უარყოფს მოძრავი ნივთების ნაწილის მყიდველებისათვის გადაცემას და აპელირებს ნასყიდობის ფასის გადახდის ვალდებულების მისი მხრიდან შესრულებაზე. წილის გამყიდველის სარჩელის საპირისპიროდ შესაგებელი წარდგენილი აქვს ერთ-ერთ მყიდველს, ი.ნ–საც, რომელიც განმარტავს, რომ ნ.კ–ძემ წილის გამყიდველის მხრიდან ვალდებულების შესრულების პროპორციულად შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება და, შესაბამისად, არ არსებობს ხელშეკრულებიდან გასვლისა და საზოგადოების წილის თავდაპირველი მესაკუთრისთვის დაბრუნების წინაპირობა.

39. გასაჩივრებულ განჩინებაზე, რომლითაც გაზიარებულ იქნა თ.კ–იას სარჩელის საფუძვლიანობასა და ნ.კ–ძის სარჩელის უარყოფის თაობაზე პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები, კასატორის ძირითადი პრეტენზია ისაა, რომ წილის გამყიდველს არ გადაუცია სადავო მოძრავი ნივთები და, შესაბამისად, კასატორმაც ვალდებულება შეასრულა გამყიდველის მიერ შესრულებული ვალდებულების პროპორციულად - (სსკ-ის 369-ე მუხლი), რის გამოც დაუშვებელია წილის გამყიდველის ხელშეკრულებიდან გასვლა (სსკ-ის 405.3 მუხლი) (იხ. საკასაციო საჩივარი, ტ.4, ს.ფ. 176).

40. სსკ-ის 477.1 ადგენს გამყიდველის სინალაგმატურ ვალდებულებას, მყიდველს გადასცეს საკუთრების უფლება ქონებაზე, რომელიც შეიძლება განხორციელდეს როგორც უშუალოდ ნასყიდობის საგნის, ისე ამ საგანზე ნამდვილი უფლების გადაცემით (მაგ: ნივთის პირდაპირი მფლობელისაგან გამოთხოვის უფლება). კანონი ნასყიდობის ნამდვილობისათვის რაიმე შეზღუდვას არცერთი ხსენებული წესის მიმართ არ ადგენს და, როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაში (ბუნებრივია, მხარეთა შეთანხმების პირობებში), გამყიდველის მხრიდან ვალდებულებას შესრულებულად მიიჩნევს. სწორედ ამ წესის დაცვის შემდგომ წარმოეშვება გამყიდველს შემძენისაგან საპასუხო შესრულების (ფასის გადახდა) მოთხოვნის უფლება, რამდენადაც, სსკ-ის 369-ე მუხლის თანახმად, იმ პირს, რომელსაც ვალდებულება აკისრია ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შეუძლია უარი თქვას ვალდებულების შესრულებაზე საპასუხო მოქმედების განხორციელებამდე, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა იგი ვალდებული იყო, თავისი ვალდებულება წინასწარ შეესრულებინა (შდრ. სუსგ-ებები: Nას-671-642-2016, 20.01.2017წ.; Nას-1193-2023, 05.12.2023წ.; Nას-883-2021, 09.12.2021წ.).

41. სსკ-ის 369-ე მუხლის გამოყენება შესაძლებლობას იძლევა, მხარემ ვალდებულების შესრულებაზე უარი თქვას მანამ, სანამ საპირისპირო შესრულებას მიიღებდეს. ამდენად, ნორმა ვრცელდება ყველა იმ ორმხრივ ხელშეკრულებებზე, რომელთა საფუძველზეც წარმოშობილი მოთხოვნები სინალაგმატურ დამოკიდებულებაშია ერთმანეთის მიმართ. ნორმას „სუსპენზიური ეფექტი“ აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ „მოვალის“ მიერ შესრულების დაყოვნების უფლების განხორციელებით, ვალდებულებიდან გამომდინარე, ორმხრივი შესრულება ყოვნდება. შესრულება შეიძლება დაყოვნებულ იქნეს იმ ხანგრძლივობით, რომლის განმავლობაშიც არ სრულდება საპასუხო ვალდებულება. ნორმის „სუსპენზიური ეფექტი“ გამოიხატება როგორც ვალდებულების შესრულებაზე უარის თქმით, ასევე - დაწყებული ვალდებულების შესრულების შეჩერებით (მესხიშვილი ქ., სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, ვალდებულებითი სამართლის ზოგადი ნაწილი, 2019, მუხლი 369, ველი 2, 6). მოვალე, რომელიც „სუსპენზიური შესაგებლის“ უფლებას იყენებს, თავისი ვალდებულების შესრულების ვადაგადამცილებლად არ მიიჩნევა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მას ეს ვალდებულება წინასწარ უნდა შეესრულებინა (მესხიშვილი ქ., სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, ვალდებულებითი სამართლის ზოგადი ნაწილი, 2019, მუხლი 369, ველი 26).

42. პალატა აქვე განმარტავს, რომ, მართალია, ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ე.წ. „განსაკუთრებული პირობის“ თანახმად, საზოგადოებას მყიდველზე საკუთრების უფლების გადასვლისას უნდა ჰქონოდა განსაზღვრული ქონებრივი და ფინანსური მდგომარეობა (ქონებრივი მდგომარეობა კი გულისხმობდა როგორც უძრავ, ისე მოძრავ ქონებას, რომელთა ჩამონათვალიც მოცემული იყო №2 და №3 დანართებში, რაც წარმოადგენდა ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს (ტ.1, ს.ფ.26, 30; 46,51; 58,64)), ანუ საუბარი იყო სამეწარმეო საზოგადოებისათვის და არა უშუალოდ პარტნიორებისთვის აქტივის გადაცემაზე, ამ პირობის შესრულება უშუალოდ მყიდველთა ინტერესის საგანი იყო.

კერძოდ: საწარმო სამეწარმეო საქმიანობის შინაარსის პრაქტიკულ ცხოვრებისეულ ურთიერთობაში განხორციელების ერთგვარი ინსტრუმენტია, რითიც მეწარმე მის ძირითად მიზანს - მოგების მიღებას, მის ოპტიმიზაციას აღწევს. თუმცა, სამართლებრივი შეხება აქვს არა საწარმოსთან უშუალოდ, არამედ მის მატარებელ სუბიექტთან, ანუ იმ კონკრეტულ ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმასთან, რომელიც ეკონომიკური სამეწარმეო საქმიანობისთვის გამოიყენება და სამართლის სუბიექტად გვევლინება (ბურდული ი., მახარობლიშვილი გ., თოხაძე ა., ზუბიტაშვილი ნ., ალადაშვილი გ., მაღრაძე გ., ეგნატაშვილი დ., საკორპორაციო სამართალი, მეორე გადამუშავებული გამოცემა, თბილისი 2022, გამომცემლობა „იურისტების სამყარო,“ გვ.62). საწარმოს, ეკონომიკური სუბიექტის კონტექსტში, განასხვავებენ მისი ხასიათისა და მოცულობის მიხედვით. იმისათვის, რომ სახეზე იყოს საწარმო, საჭიროა ამ ორი ნიშნის თანხვედრა: 1. ხასიათი/სახე/ფორმა - იგი წარმოადგენს საწარმოს ხარისხობრივ (კვალიტატურ) ნიშანს. მასში მოიაზრება, მაგალითად, პროდუქციის წარმოება, ნივთების შეთავაზება, დასახულ ამოცანათა, მიზანთა სირთულე, მაღალი ტექნოლოგიების გამოყენება მომსახურების თუ პროდუქციის წარმოების პროცესში, ორგანიზაციული სტუქტურა, კომუნიკაცია, დაფინანსება, დასაქმებული პერსონალის ხარისხი...2. ეს არის სიდიდე, მოცულობა - რაოდენობრივი, ანუ კვანტიტატური ნიშანი. აქ შედის: საწარმოს სიდიდე, მომხმარებელთა წრე, საწარმოში დასაქმებულთა რაოდენობა, ბრუნვის სიდიდე, კაპიტალის მოცულობა, მოწყობილობები, ასევე საბრუნავი კაპიტალი, მისი სიდიდე/მოცულობა და სიხშირე. აღნიშნული ნიშნები, საბოლოო ჯამში, თვით საწარმოს ეკონომიკურ ღირებულებას განსაზღვრავს ბაზარზე და მისი წილის (აქციის) საბაზრო ღირებულების კარგი ინდიკატორია (იხ. იქვე, გვ.62,63).

შესაბამისად, ისეთ პირობებში, როცა სადავო გარიგებებით სხვისდებოდა ჯამში საზოგადოების 100% წილი, წილის მყიდველებისათვის მნიშვნელოვანი იყო შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას რეალურად ჰქონოდა/გადასცემოდა ხელშეკრულებების ე.წ. „განსაკუთრებული პირობებში“ აღნიშნული და დანართში ჩამოთვლილი ნივთები, როგორც წილის ღირებულების გასაზღვრის ერთ-ერთი კომპონენტი.

43. განსახილველ შემთხვევაში, წილის გამყიდველი მოვალეობათა შესრულების დამტკიცებისა და მოძრავი ნივთების სრულად გადაცემის დადასტურების მიზნით მიუთითებს თავად მხარეთა შორის გაფორმებულ წილის ნასყიდობის ხელშეკრულებაზე და მიიჩნევს, რომ სწორედ ხელშეკრულებით დასტურდება სადავო ნივთების გადაცემის ფაქტი, რასაც ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოც.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული საკითხის გასარკვევად უნდა განიმარტოს ნასყიდობის ხელშეკრულებების შესაბამისი პირობები. სსკ-ის 52-ე მუხლით, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. უნდა გაირკვეს, ეს ნივთები საზოგადოებას უკვე ჰქონდა გადაცემული, თუ უნდა გადასცემოდა. თუ ეს უკვე მოხდა, დასადგენია, რამ განაპირობა აღნიშნულის ე.წ. „განსაკუთრებული პირობებში“ ფორმულირება. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს თავად ხელშეკრულების 4.6 პუნქტზე, რომლითაც წილის მყიდველი ადასტურებს, რომ გაეცნო წილის გამყიდველის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას საზოგადოების ქონებრივი, ფინანსური და სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ, რაც ვერ მიიჩნევა მოძრავი ნივთების უშუალოდ გადაცემის დამადასტურებელ სახელშეკრულებო ჩანაწერად. ხელშეკრულების პირობები უნდა განიმარტოს კონკრეტული შემთხვევისთვის დამახასიათებელი გარემოებების გათვალისწინებით. გამოვლენილი ნება უნდა განიმარტოს სისტემურად.

44. ამასთან, ის გარემოება, რომ ხელშეკრულების გაფორმების დროს საზოგადოების დირექტორი იყო 25% წილის მყიდველი ი.მ–ძე, იმთავითვე არ ათავისუფლებს წილის მესაკუთრეს სახელშეკრულებო ვალდებულების ჯეროვნად შესრულების ვალდებულებისაგან. სასამართლოს მსჯელობა, რომ თუ სარჩელში მითითებული ნივთები ნამდვილად აღარ იყო შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების მფლობელობაში, პრეტენზია წარდგენილი უნდა იყოს პასუხისმგებელი პირის მიმართ, მოითხოვს დაზუსტებას. იმისათვის, რომ პრეტენზია საზოგადოების მართვაზე პასუხისმგებელი პირისკენ/დირექტორისკენ წარიმართოს, უნდა დგინდებოდეს მყიდველებზე წილების გადაფორმებისას ან შემდგომ აქტივების სამეწარმეო საზოგადოების განკარგულებაში ყოფნა (ანუ გამყიდველის მიერ ვალდებულების შესრულება) და საზოგადოების სახელით მათი შემდგომი განკარგვა. ცალკე შეფასების საგანია გამყიდველის და ი.მ–ძის ქცევის კეთილსინდისიერების ასპექტი. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ, საქმის ხელახალი განხილვისას, უნდა გაანაწილოს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი (სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი), სრულყოფილად გამოიკვლიოს და შეაფასოს როგორც სარჩელსა და შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი საფუძვლები, ისე - მათი დამადასტურებელი მტკიცებულებები და დაადგინოს წილის გამყიდველის მხრიდან ნაკისრი ვალდებულებების შესრულება/არშესრულების თაობაზე დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოება. მხოლოდ ზემოაღნიშნული გარემოებების დადგენისა და გამოკვლევის შემდეგ უნდა იმსჯელოს სასამართლომ წილის მყიდველის მხრიდან ნასყიდობის ფასის დათქმულ ვადაში გადაუხდელობისა და ამ საფუძვლით წილის გამყიდველის ხელშეკრულებიდან გასვლის მართებულობის შესახებ. საკასაციო პალატა აქვე აღნიშნავს, რომ სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევა თავისთავად არ აფუძნებს ხელშეკრულებიდან გასვლის უფლებას. ვალდებულების დარღვევა ობიექტური მასშტაბით უნდა გაიზომოს (შდრ. სუსგ Nას-742-2021, 02.12.2021წ.; სუსგ Nას-12-2019, 09.06.2020 წ.).

45. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ კონტრაჰენტის მიერ სსკ-ის 369-ე მუხლით გათვალისწინებული შესრულების დაყოვნების უფლების განხორციელებით, ვალდებულებიდან გამომდინარე, ორმხრივი შესრულება ყოვნდება, თუმცა საპასუხო შესრულებისგან მოვალეს სამოქალაქო კანონმდებლობა მხოლოდ იმ შემთხვევაში ათავისუფლებს, თუ ის დაამტკიცებს, რომ ნასყიდობის საგანი ვერ მიიღო ან მიიღო შეთანხმებული ხარისხისგან განსხვებული ხარისხის ან რაოდენობის ნივთი. ამგვარ გარემოებათა არსებობა მოვალეს კრედიტორის მიმართ ნივთის ნაკლის გამოსწორების (სსკ-ის 490 მუხლი), ნაკლიანი გვაროვნული ნივთის შეცვლის (სსკ-ის 490 მუხლი), ფასის შემცირების (სსკ-ის 492 მუხლი) ან ზიანის ანაზღაურების (სსკ-ის 494 მუხლი) მოთხოვნებს წარმოუშობს. მას შეუძლია მოითხოვოს ხელშეკრულების მოშლაც სსკ-ის 352-ე მუხლის მიხედვით (სსკ-ის 491-ე მუხლი) (შდრ. სუსგ Nას-437-2022, 02.05.2023 წ.). საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 491-ე მუხლში ნახსენები „ხელშეკრულების მოშლა“ თავისი შინაარსით წარმოადგენს ხელშეკრულებიდან გასვლის უფლებას, ვინაიდან მიუთითებს სსკ-ის 352-ე მუხლზე, რომელიც ეხება ხელშეკრულებიდან გასვლის სამართლებრივ შედეგებს (შდრ.სუსგ Nას- 168-158-2017, 20.07.2018წ.).

46. საქმის განმხილველმა სასამართლომ ასევე უნდა განსაზღვროს, ნ.კ–ძე შესაგებლით ნივთების ნაწილის არგადაცემის ფაქტზე აპელირებით ფაქტობრივად ხომ არ აყენებდა ფასის შემცირების შესაგებელს (სსკ-ის მუხლი 492) და რამდენად იყო აღნიშნულთან შესაბამისობაში მისი სასარჩელო მოთხოვნა მოძრავი ქონების ნაწილის ღირებულების - 207 025 ლარის ანაზღაურების თ.კ–იასთვის დაკისრების თაობაზე. სსკ-ის 487-ე მუხლის თანახმად, გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლისაგან თავისუფალი ნივთი. ამავე კოდექსის 488-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ნაკლს უთანაბრდება, თუ გამყიდველი გადასცემს ნივთის მხოლოდ ერთ ნაწილს, სულ სხვა ნივთს, მცირე რაოდენობით ან, თუ ნივთის ერთი ნაწილი ნაკლის მქონეა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ნაკლი არსებით გავლენას ვერ მოახდენს შესრულებაზე (შდრ Nას-845-811-2016, 15.09.2017წ., პუნ.33). ფასის შემცირება ხელშეკრულებიდან გასვლის ალტერნატიული მოთხოვნაა, რომელიც ხელშეკრულების შენარჩუნებას ემსახურება მხარეთა ინტერესების დაბალანსების გზით. ის ხელშეკრულებიდან გასვლასთან შედარებით ნაკლებად მკაცრი საშუალებაა მყიდველის ინტერესების უზრუნველსაყოფად. იმ შემთხვევში თუ მყიდველი კვლავ დაინტერესებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულებით და სურს ხელშეკრულების ძალაში დატოვება, ფასის შემცირება სამართლიანად ახდენს ხელშეკრულების შინაარსის მისადაგებას არსებულ გარემოებებთან იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც გამყიდველმა არ შეასრულა მასზე დაკისრებული ვალდებულება ფინანსური ადაპტაციის გზით (ჩაჩავა ს., სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, მუხლი 492, ველი 1, https://gccc.tsu.ge).

47. ვალდებულების დარღვევის - დადგენილ ვადაში ნასყიდობის ფასის სრულად გადაუხდელობის შესახებ გარემოების კვლევისას სასამართლოს მხრიდან უნდა შეფასდეს ის ფაქტიც, რომ ნასყიდობის საფასურის ანგარიშში ბოლოს 400 000 ლარი გადახდილია 02.11.2020 წელს, ანუ ვალდებულების შესასრულებლად განსაზღვრული თარიღის, 31.10.2020 წლის შემდგომ, რაც სავარაუდოს ხდის დაშვებას, რომ მხარეთა შორის მიმდინარეობდა გარკვეული მოლაპარაკებები ორმხრივად შესასრულებელ ვალდებულებებზე და მათ მოცულობაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, გონივრულ აზრსაა მოკლებული უკვე დარღვეული ვალდებულების პირობებში, რაც სახელშეკრულებო ჩანაწერის მიხედვით წილის მყიდველს უკარგავდა უფლებას როგორც წილზე, ასევე გადახდილ თანხაზე, მყიდველს დამატებით გადაეხადა თანხა ვალდებულების შესასრულებლად.

48. წინამდებარე განჩინებაში ჩამოყალიბებული დასაბუთების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, შეამოწმოს გასაჩივრებული განჩინების კანონიერება, ვიდრე საქმეზე არ დადგინდება დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება.

49. სსსკ-ის 404-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი შეიძლება იყოს აგრეთვე სასამართლოს ის განჩინებები, რომლებიც წინ უსწრებს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას, იმისგან დამოუკიდებლად, დასაშვებია თუ არა მათ მიმართ კერძო საჩივრის შეტანა. მოცემულ შემთხვევაში კასატორი პრეტენზიას აცხადებს მოპასუხე ი.მ–ძის მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე უარის თქმის შესახებ სააპელაციო სასამართლოს საოქმო განჩინებაზე (იხ. 20.12.2022 წლის საოქმო განჩინება). საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნულზე მხარეს სათანადოდ დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენია. შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სსსკ-ის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული რაიმე საფუძველი არ არსებობს.

50. საკასაციო პალატა ნაწილობრივ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს და აუქმებს გასაჩივრებულ განჩინებას, თუმცა, ვინაიდან საჭიროა მტკიცებულებათა ხელახალი გამოკვლევა, საქმეს ხელახლა განსახილველად უბრუნებს იმავე სასამართლოს, რომელმაც უნდა შეაფასოს საქმის მასალები, სრულყოფილად დაადგინოს დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და შემდგომ გადაწყვიტოს უფლების საკითხი.

51. სსსკ-ის 53-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. ვინაიდან მოცემული საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა ქვემდგომ სასამართლოს, პროცესის ხარჯების საკითხი უნდა გადაწყდეს შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანისას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ.კ–ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 14.02.2023 წლის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე

თეა ძიმისტარაშვილი