გაუქმდა და მიღებულია ახალი გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№ას-330-2026 4 ივნისი 2026 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
არჩილ კოჭლამაზაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლევან ნემსაძე, მიხეილ ჯინჯოლია
პირველი კასატორი – დ.ბ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „რ.ა–ი“ (მოპასუხე)
მეორე კასატორი – სს „რ.ა–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – დ.ბ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 12 თებერვლის განჩინება
პირველი კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
მეორე კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა
დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. დ.ბ–მა (შემდეგში: მოსარჩელე, პირველი კასატორი) სარჩელი აღძრა რუსთავის საქალაქო სასამართლოში სს „რ.ა–ის“ (შემდეგში: მოპასუხე, მეორე კასატორი) მიმართ შემდეგი სასარჩელო მოთხოვნებით:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სს „რ.ა–ის“ გენერალური დირექტორის ჯ.პ.ჯ–ს 2024 წლის 16 ოქტომბრის N776 ბრძანება მოსარჩელე დ.ბ–თან შრომითი ურთიერთობის შეჩერების თაობაზე.
1.2. მოპასუხე სს „რ.ა–ს“ დაეკისროს დ.ბ–ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2024 წლის 16 ოქტომბრიდან ყოველთვიურად 2025 წლის 31 იანვრამდე.
1.3. ბათილად იქნეს ცნობილი სს „რ.ა–ის“ გენერალური დირექტორის ჯ.პ.ჯ–ს 2025 წლის 30 იანვრის N73 ბრძანება მოსარჩელე დ.ბ–თან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე.
1.4. მოსარჩელე დ.ბ–ი აღდგენილ იქნას გათავისუფლებამდე დაკავებულ სამსახურებრივ პოზიციაზე.
1.5. მოპასუხე სს „რ.ა–ს“ დაეკისროს განაცდურის ანაზღაურება დ.ბ–ისთვის გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენამდე.
2. სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
3.1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებით დ.ბ–ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სს „რ.ა–ის“ გენერალური დირექტორის 2024 წლის 16 ოქტომბრის N776 ბრძანება დ.ბ–თან შრომითი ურთიერთობის შეჩერების თაობაზე; მოპასუხეს დაეკისრა იძულებით განაცდურის ანაზღაურება 2024 წლის 16 ოქტომბრიდან 2025 წლის 30 იანვრამდე, ყოველთვიურად 5294.99 ლარის ოდენობით, ჯამში - 18532.47 ლარის (გადასახადების ჩათვლით) გადახდა; ბათილად იქნა ცნობილი სს „რ.ა–ის“ გენერალური დირექტორის 2025 წლის 30 იანვრის N73 ბრძანება დ.ბ–თან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე; მოპასუხეს დაეკისრა კომპენსაციის - ათი თვის სახელფასო ანაზღაურების, ჯამში 52949.90 ლარის (გადასახადების ჩათვლით) გადახდა; დ.ბ–ს უარი ეთქვა გათავისუფლებამდე დაკავებულ სამსახურებრივ პოზიციაზე აღდგენის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
4. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
4.1. დ.ბ–ი მუშაობდა სს „რ.ა–ში“ 2017 წლის 01 აპრილიდან - გათავისუფლების დღემდე უსაფრთხოების განყოფილების უფროსად და იღებდა შესაბამის ანაზღაურებას.
4.2. 2024 წლის 26 ოქტომბრის N776 ბრძანებით დ.ბ–თან შეჩერდა შრომითი ურთიერთობა 2024 წლის 16 ოქტომბრიდან სისხლის სამართლის N01209101024002 საქმის საფუძველზე და ამ დღიდან აღარ ერიცხება ანაზღაურება.
4.3. დ.ბ–ის ხელფასი შეადგენდა 5294.99 ლარს გადასახადების ჩათვლით. 31.10.2024 წლის სს „ს.ბ–ის“ ცნობით მოსარჩელემ, 26.12.2017, 29.01.2019, 10.05.2021, 24.01.2022, 21.04.2022, 07.05.2020, 23.12.2020, 10.02.2021, 07.05.2020, 23.12.2020, 10.02.2021, 23.12.2022, 09.01.2023, 26.12.2023 წლებში ჩარიცხულ იქნა თანხა დანიშნულებაში „პრემიის“ მითითებით. სხვა შემთხვევებში სხვადასხვა პერიოდში ჩარიცხული თანხების დანიშნულებაში მითითებულია: „ხელფასი“ და „მე-13 ხელფასი“.
4.4. სს „რ.ა–მა“ 2024 წლის 08 ოქტომბრის N01/1611 მიმართვით მიმართა რუსთავის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილებას და განმარტა, რომ 2024 წლის 13 სექტემბერს დილის საათებში, სავარაუდოდ ადგილი ჰქონდა სს „რ.ა–ის“ კუთვნილი ქონების დაახლოებით 30 ცალი ე.წ. პადონის და 3 ცალი ლურჯი ფერის ტენტის ქურდობის მცდელობას. კერძოდ, სს „რ.ა–ის“ უსაფრთხოების სამსახურის უფროსი დ.ბ–ი, ამავე სამსახურის სპეციალისტი გ.ჩ–ძე და რ.ჯ–იძე სს „რ.ა–ის“ კუთვნილი ა/მანქანით, შეეცადნენ დასახელებული ნივთების ტერიტორიიდან ფარულად გატანას და დაუფლებას მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რა დროსაც აღკვეთილ იქნა მათი ქმედება. აღნიშნული ფაქტის ირგვლივ, მონაწილე პირებს ჩამოერთვათ ახსნა-განმარტებები. ე.წ. პადონები და ტენტები დასაწყობებულია სს „რ.ა–ის" ტერიტორიაზე. ამავე წერილით მოთხოვნილ იქნა გამოძიების დაწყებისა და საქმისათვის შესაბამისი მსვლელობის მიცემა.
4.5. სს „რ.ა–ის“ 2025 წლის 15 იანვრის N2 ბრძანებით დაიწყო 2024 წლის 13 სექტემბერს მომხდარი ფაქტის თაობაზე ნაკისრი ვალდებულების სავარაუდო დარღვევის საკითხის შესახებ მოკვლევა, დ.ბ–ის, გ.ჩ–ძის და რ.ჯ–იძის მიმართ. შესაბამის სამსახურს დაევალა დარღვევის შესწავლა და გამოვლენა, დამდგარი ზიანის განსაზღვრა და მათზე რეაგირება, სისხლის სამართლის საქმის განახლება და ინფორმირება როგორც საქმის მსვლელობაზე და ეტაპებზე, ასევე ზარალის გაანგარიშებაზე. 2024 წლის 13 სექტემბრის ფაქტზე დასაქმებულთა და ფაქტთან კავშირში მყოფთა ახსნა-განმარტებები შედგენილია 2024 წლის 26 სექტემბრიდან - 2024 წლის 01 ოქტომბრამდე.
4.6. 2025 წლის 24 იანვარს გაანგარიშდა სს „რ.ა–ისთვის“ მიყენებული ზარალი. გაანგარიშების თანახმად მიყენებული ზარალის სრულმა ოდენობამ შეადგინა 2061.92 ლარი. 2024 წლის 18 დეკემბრის N46/7/7-2047 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ექსპერტიზაზე წარდგენილი 30 ცალის ხის მასალის ე.წ. „პადონის“ საბაზრო ღირებულება ექსპლუატაციაში ყოფნის გათვალისწინებით, შეადგენს 300 ლარს, ხოლო ლურჯი ფერის 3 ცალი ტენტის საბაზრო ღირებულება ექსპლუატაციაში ყოფნის გათვალისწინებით შეადგენს 45 ლარს. ჯამში ორივე ნივთის საბაზრო ღირებულებამ (ექსპლუატაციაში ყოფნის გათვალისწინებით) შეადგინა 345 ლარი. რუსთავის პოლიციის საქალაქო სამმართველოს 2025 წლის 23 იანვრის მიმართვით დგინდება, რომ სისხლის სამართლის საქმე სს „რ.ა–იდან“ 30 ცალი ე.წ. პადონისა და 3 ცალი ე.წ. „ტენტის“ ქურდობის მცდელობის ფაქტზე საბოლოო შემაჯამებელი გადაწყვეტილება არ არის მიღებული. რუსთავის საქალაქო სამმართველოს 2025 წლის 25 იანვრის ცნობით დგინდება, რომ სისხლის სამართლის საქმეში დ.ბ–ი სარგებლობს მოწმის სტატუსით.
4.7. 2025 წლის 30 იანვრის N73 ბრძანებით შეწყდა დ.ბ–თან შრომითი ურთიერთობა. ბრძანების თანახმად, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მიზეზია დასაქმებულის მიერ ნაკისრი ვალდებულებების უხეში დარღვევა, რაც უკავშირდება სს „რ.ა–ში“ 2024 წლის 13 სექტემბერს გამოვლენილ შემთხვევას. კერძოდ: დარღვეულ იქნა დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით ნაკისრი ვალდებულებები - გაუფრთხილდეს მისთვის მიბარებულ ფასეულობებს და მიიღოს შესაბამისი ზომები ნებისმიერი ზიანის (ზარალის) თავიდან ასაცილებლად; დროულად შეატყობინოს მის უშუალო ხელმძღვანელს მისდამი მინდობილი მატერიალური ფასეულობების შენახვისთვის საფრთხის შემქმნელი ყველა გარემოების შესახებ; მკაცრად დაიცვას მატერიალური ფასეულობების შენახვის და მატერიალურ ფასეულობებთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოების დადგენილი წესები; დამატებით კი, დასაქმებულის მიერ, როგორც უსაფრთხოების განყოფილების უფროსის პოზიციაზე დასაქმებული პირის მიერ, ზემოთხსენებულ ვალდებულებათა დარღვევამ. მისი დაკავებული თანამდებობის სპეციფიკიდან გამომდინარე, დაარღვია ნდობა. ბრძანების საფუძველი: საქართველოს ორგანული კანონის შრომის კოდექსის 47-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ზ“ პუნქტი, კერძოდ დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა. მხარეთა შორის 01.04.2017 წელს გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების 4.7.1, 4.7.2., 4.7.3., 7.1.3.. 13.2.1.3. პუნქტები; სს „რ.ა–ის“ 2017 წლის შინაგანაწესის 1-ლი მუხლის 1-ლი, მე-3 პუნქტები, მე-3 მუხლის მე-11 და მე-15 პუნქტები, სს „რ.ა–ის“ 2017 წლის დასაქმებულთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ დებულების მე-3 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები, მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტი, მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნტი; სს „რ.ა–ის“ 2025 წლის 15.01. ბრძანება; ფ.პ. დ.ბ–ის ახსნა-განმარტება და სხვ.
4.8. 2024 წლის 07 ოქტომბერს სს „რ.ა–სა“ და ო.ც–ას შორის გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება, რის თანახმადაც ო.ც–ა დაინიშნა კომპანიაში უსაფრთხოების სამსახურის უფროსად. შრომითი ურთიერთობის დაწყების თარიღად განისაზღვრა 07.10.2024 წელი.
5. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა. მოსარჩელემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება. მოპასუხემ კი, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა.
6. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
6.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 12 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
7. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება:
7.21. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და შეფასება, იმსჯელა შრომითი უფლებების დაცვის თეორიულ და ტრაქტიკულ საკითხებზე და მიუთითა „შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ“ N158 კონვენციის მე-4 მუხლზე, რომლის თანახმად, დაუშვებელია დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობების შეწყვეტა, თუ არ არსებობს ასეთი შეწყვეტის კანონიერი მიზეზი, დაკავშირებული დასაქმებულის უნართან ან ქცევასთან, ან რომელიც ეფუძნება საწარმოს, დაწესებულების ან სამსახურის საოპერაციო მოთხოვნებს. პალატის მითითებით, კონვენციის ამ ნორმის მსგავსად, საქართველოს შრომის კოდექსის შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლად ითვალისწინებს შრომითი ვალდებულების სწორედ არა ყოველგვარ, არამედ „უხეშ“ დარღვევას. პალატის მოსაზრებით, თუ სამუშაოს მოპოვება მნიშვნელოვანია და დაცულია სამართლებრივი სახელმწიფოს მიერ, მით უფრო, მნიშვნელოვანი და დაცულია უკვე მოპოვებული სამუშაოს შენარჩუნების შესაძლებლობა.
7.22. პალატამ შეაფასა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის სამართლებრივ საფუძველი და მიუთითა სსკ-ის 405-ე მუხლის 1-ელი ნაწილის შინაარსზე, რომლის თანახმადაც, თუ ერთი მხარე არღვევს ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მეორე მხარე უფლებამოსილია, უარი თქვას ხელშეკრულებაზე (მოშალოს ხელშეკრულება) დამატებითი ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. გამონაკლისის სახით ანალოგიური სამართლებრივი შედეგი დადგება მაშინ, თუ, ვალდებულების ან მისი დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, დამატებითი ვადა არ გამოიყენება, ან დამატებითი ვადის ნაცვლად გამოიყენება გაფრთხილება. სასამართლომ აღნიშნა, რომ შრომითი ურთიერთობის განგრძობადი ბუნებიდან გამომდინარე, ხშირ შემთხვევაში დამატებითი ვადის გამოყენება გაუმართლებელია და მას უტოლდება გაფრთხილება (საყვედური, შენიშვნა თუ სხვ.), რაც მიზნად ისახავს დასაქმებულისათვის სახელშეკრულებო ურთიერთობის შენარჩუნების დამატებითი შანსის მიცემას (BAG, Urteil vom 21-05-1992 − 2 AZR 551/91 (Hamburg), NJW 1993, 154-157.). შესაბამისად, გაფრთხილება, როგორც წესი, სავალდებულოდ გამოსაყენებელი ხელშეკრულების მოშლის წინაპირობაა. გაფრთხილების ვალდებულებისაგან დამსაქმებელი შეიძლება გათავისუფლდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარღვევა იმდენად მძიმეა, რომ ურთიერთობის შემდგომი გაგრძელება დამსაქმებელს არ შეიძლება მოეთხოვოს (Preis, Staudinger OK, 626, Rn. 104.). ცალკეულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს სსკ-ის 405-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გაფრთხილების ვალდებულებისაგან გათავისუფლების საფუძვლები.
7.23. პალატამ აღნიშნა, რომ დამსაქმებლის მხრიდან დასაქმებულისადმი ნდობის დაკარგვა მხოლოდ იმ შემთხვევაში გამორიცხავს გაფრთხილების ვალდებულებას, თუ, გაფრთხილების მიუხედავად, შეუძლებელია მხარეთა შორის გამართული შრომითი ურთიერთობის გაგრძელება (Preis, Staudinger OK, 626, Rn. 116).
7.24. უდავო იყო, რომ მოსარჩელის დ.ბ–ის სამსახურიდან გათავისუფლება/შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა და შეჩერებაც უკავშირდება 2024 წლის 13 სექტემბრს მომხდარ ფაქტს. მოსარჩელე დ.ბ–ს სურვილი ჰქონდა ქარხნიდან პირადი საჭიროებისათვის გაეტანა საწარმოსათვის გამოუსადეგარი 30 ცალი ე.წ. პადონი და 3 ცალი ტენტი, რის შესახებაც მოსარჩელემ აცნობა თანამშრომლებს: გ.ჩ–ძეს და რ.ჯ–იძეს, რომლებიც ეხმარებოდნენ მოსარჩელეს. ზემოხსენებული პირები დარწმუნებული იყვნენ, რომ ადმინისტრაციის თანხმობა ნივთების გატანის შესახებ არსებობდა, რის გამოც დატვირთული იქნა ავტომობილი და მივიდა გამშვებ პუნქტამდე, სადაც გასვლაზე მიიღო უარი, წერილობითი ნებართვის არარსებობის გამო.
7.25. პალატის მითითებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ მართებულად დაადგინა, რომ სს „რ.ა–ში“ საწარმოსათვის უსარგებლო/გამოუსადეგარი და არასასურველი ნივთების ქარხნის ტერიტორიიდან გატანის დამკვიდრებული პრაქტიკა არსებობდა, მსურველის/დასაქმებულის მიერ შესაბამისი მოთხოვნით განცხადების დაწერის შემდგომ, რომელზეც კონკრეტული საამქროს უფროსისა (ვის დაქვემდებარებაშიც იმყოფება ასეთი ნივთები) და უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანხმობის საფუძველზე გარკვეული თანხის გადახდით (ან გადახდის გარეშე) ხორციელდებოდა ასეთი ნივთების გატანა. ხსენებულ წესს ადასტურებდა მოპასუხის მიერ საქმეზე წარმოდგენილი შესაგებელზე თანდართული არაერთი განცხადება.
7.26. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მყარად დადგენილ პრქტიკაზე, რომლის თანახმად, სამსახურიდან გათავისუფლება და შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა არის უკიდურესად მძიმე დისციპლინარული ღონისძიება, რომელიც შესაძლოა გამოიწვიოს შრომითი მოვალეობის ან შინაგანაწესის განსაკუთრებით უხეშმა დარღვევამ. ამდენად, განსაკუთრებით მძიმე სახის ქმედების საპირწონეა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა როგორც გასაკიცხი ქმედების შედეგი. პალატამ მიუთითა, მოსარჩელის მიერ ჩადენილ ქმედებაზე, რომელიც დადგენილი წესების უგულებელყოფით დაახლოებით 345 ლარის ღირებულების გამოუსადეგარი ან საწარმოო საქმიანობისთვის უვარგისი ნივთების საწარმოს ტერიტორიიდან გატანის მცდელობაში გამოიხატა, რათა გამოეყენებინა პირადი მიზნებისთვის. ქმედების უმნიშვნელო ხასიათისა და გასატანად გამზადებული ნივთების ღირებულების გათვალისწინებით პალატამ მოსარჩელის ქმედება არ მიიჩნია განსაკუთრებით უხეშ დარღვევად.
7.27. სს „რ.ა–ის“ დასაქმებულთა დისციპლინარული პასუხისმგებლობის შესახებ დებულების მე-4 მუხლის თანახმად, ,,შრომის დისციპლინის დარღვევისათვის საზოგადოების ადმინისტრაცია იყენებს შემდეგი სახის დისციპლინურ სასჯელებს: ა) შენიშვნა; ბ) საყვედური; გ) სასტიკი საყვედური; დ) დაბალ (სხვა) თანამდებობაზე გადაყვანა; ე) დათხოვნა. პალატამ მიიჩნია, რომ დამსაქმებელს შესაგებელში უნდა ედასტურებინა, რატომ არ გამოიყენა გათავისუფლების ბრძანების მიღების შესაძლებლობამდე არსებული სხვა დისციპლინარული ღონისძიება.
7.28. რაც შეეხება შრომითი ურთიერთობის შეჩერების შესახებ გამოვლენილი ნების ბათილად ცნობას, პალატამ მიუთითა სადავო ბრძანების დროს მოქმედი შრომის კოდექსის 46.1 მუხლის დისპოზიციაზე, რომლის თანახმადაც, შრომითი ურთიერთობის შეჩერება არის შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს დროებით შეუსრულებლობა, რაც არ იწვევს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შრომითი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლებია: ა) გაფიცვა; ბ) ლოკაუტი; გ) აქტიური საარჩევნო უფლების ან/და პასიური საარჩევნო უფლების განხორციელება; დ) საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგამოძიებო, პროკურატურის ან სასამართლო ორგანოში გამოცხადება; ე) წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ან არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევა; ვ) სარეზერვო სამხედრო სამსახურში გაწვევა; ზ) შვებულება ორსულობისა და მშობიარობის გამო, შვებულება ბავშვის მოვლის გამო, შვებულება ახალშობილის შვილად აყვანის გამო, დამატებითი შვებულება ბავშვის მოვლის გამო; თ) ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის თავშესაფარში ან/და კრიზისულ ცენტრში მოთავსება, თუ იგი ვეღარ ასრულებს სამსახურებრივ მოვალეობას, მაგრამ წელიწადში არაუმეტეს 30 კალენდარული დღისა; ი) დროებითი შრომისუუნარობა, თუ მისი ვადა არ აღემატება ზედიზედ 40 კალენდარულ დღეს ან 6 თვის განმავლობაში საერთო ვადა არ აღემატება 60 კალენდარულ დღეს; კ) კვალიფიკაციის ამაღლება, პროფესიული გადამზადება ან სწავლა, რომლის ხანგრძლივობაც წელიწადში 30 კალენდარულ დღეს არ უნდა აღემატებოდეს; ლ) ანაზღაურების გარეშე შვებულება; მ) ანაზღაურებადი შვებულება.
7.29. პალატამ განმარტა, რომ განსახილველ საქმესთან ყველაზე ახლოს შრომითი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლებში საგამოძიებო ორგანოში გამოცხადება იყო, თუმცა ეს შეეხება ერთ კონკრეტულ ან რამდენიმე საპროცესო მოქმედების განხორციელებას, როგორიცაა დაკითხვა, გამოკითხვა, საგამოძიებო ექსპერიმენტისა თუ სხვაგვარი საპროცესო მოქმედების განხოციელება. საქმეში არსებული ვითარების გათვალისწინებით არ არსებობდა აუცილებლობა გამოძიების დასრულებამდე მომხდარიყო პირთან შრომითი ურთიერთობის შეჩერება.
7.30. პალატამ მიიჩნია, რომ შრომითი ურთიერთობის შეჩერების მომენტიდან დამსაქმებელმა შრომითი ხელშეკრულება ფაქტობრივად და პრაქტიკულად შეწყვეტილად მიიჩნია დასაქმებულთან; მის პოზიციაზე დაასაქმა სხვა პირი, მაშინ როდესაც შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ კიდევ მიღებული არ იყო. ასეთ ვითარებაში, შრომითი ურთიერთობის შეჩერების ან/და შეწყვეტის შესახებ გამოვლენილი ცალმხრივი ნება წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 54-ე ( ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს) და 115-ე (სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას ) მუხლების დისპოზიციასთან. პალატის შეფასებით ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება დასაბუთებული და კანონიერი იყო.
7.31. რაც შეეხება განაცდურის ანაზღაურებისა და კომპენსაციის დაკისრების შესახებ მოთხოვნებს, პალატის მითითებით, დამსაქმებლის სააპელაციო საჩივარი ამ ნაწილში შედავებას არ შეიცავდა.
7.32. მოსარჩელის სააპელაციო საჩივართან მიმართებით, პალატამ მიუთითა, რომ მის მოთხოვნას წარმოადგენდა სამუშაოზე აღდგენა, ხოლო შეუძლებლობის შემთხვევაში, კომპენსაციის ოდენობის გაზრდა.
7.33. პალატამ აღნიშნა, რომ სამუშაოზე აღდგენა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი უკანონოდ გათავისუფლებული პირის პოზიციაზე დანიშნულია მხოლოდ მოვალეობის შემსრულებელი ან იგი სრულიად ვაკანტურია. ფაქტია, რომ თანამდებობა არამც თუ ვაკანტური იყო ან მოვალეობის შემსრულებელი იყო დანიშნული, არამედ დაკავებულია. პალატის მოსაზრებით, მოსარჩელის პოზიციაზე სხვა პირის დასაქმება წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს აღდგენის ნაწილში დაუსაბუთებლად აქცევდა.
7.34. რაც შეეხება მიკუთვნებული კომპენსაციის ოდენობას, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს შრომის კოდექსი არ განსაზღვრავს კომპენსაციის გამოანგარიშების წესსა და კრიტერიუმებს. კომპენსაციის, როგორც დასაქმებულის უფლებრივი რესტიტუციის საშუალების, დადგენა და მისი ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს დისკრეციაა, რა დროსაც გათვალისწინებულ უნდა იქნეს, რომ შრომითსამართლებრივი კომპენსაცია ერთდროულად ფარავს იმ მატერიალურ დანაკარგს, რაც მხარემ უკანონოდ დათხოვნით განიცადა და რასაც იგი საშუალოდ შესატყვისი სამსახურის მოძებნამდე განიცდის, ასევე - იმ მორალურ ზიანს, რაც მას უკანონოდ დათხოვნით მიადგა. პალატამ აღნიშნა, რომ კომპენსაცია შრომითი ურთიერთობის არამართლზომიერი შეწყვეტის შემთხვევაში, სპეციალური ნორმით გათვალისწინებული დამსაქმებლის პასუხისმგებლობის განმსაზღვრელი ერთ-ერთი ზომაა, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს დასაქმებულისათვის მინიმალური სოციალური გარანტიის შექმნას, რაც მას სავსებით განასხვავებს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენისაგან. კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრის თვალსაზრისით, პალატამ აღინიშნა, რომ ხსენებული სამართლებრივი საკითხი განეკუთვნება სასამართლოს დისკრეციის სფეროს, რა დროსაც, გათვალისწინებული უნდა იქნეს, კომპენსირების მიზანი. სასამართლომ აღდგენის ნაცვლად ათი თვის ანაზღაურების ოდენობით კომპენსაცია მიიჩნია, დამსაქმებლისათვის სამოქალაქო პასუხისმგებლობის საკმარის ზომად, რაც სრულ შესაბამისობაში იყო დამფუძნებელი ნორმის სწორ განმარტებასთან.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 12 თებერვლის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრეს მხარეებმა. მოსარჩელემ მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო მოპასუხემ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა.
9. დ.ბ–ის საკასაციო საჩივრის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
9.1. კასატორი აღნიშნავს, რომ მოსარჩელეს დამსაქმებელთან ხანგრძლივი შრომითი ურთიერთობის გათვალისწინებით აქვს სამსახურში აღდგენის ინტერესი და არსებობს აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობები. ასევე მიიჩნევს, რომ მას დაუსაბუთებლად ეთქვა უარი განაცდურის ანაზღაურებაზე. კასატორი სადავოდ ხდის ასევე დაკისრებული კომპენსაციის ოდენობას და მიაჩნია, რომ იგი შეუსაბამოა მოცემულ დავასთან და უნდა განისაზღვროს გონივრულად დადგენილი კრიტერიუმების გათვალისწინებით.
10. სს „რ.ა–ის“ საკასაციო საჩივრის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
10.1. კასატორი მიუთითებს შრომის კოდექსის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, დასაქმებულის ბრალით გამოწვეული იძულებით მოცდენა არ ანაზღაურდება. საგულისხმოა ფაქტი, რომ იგი არ ახორციელებს სამსახურებრივ ფუნქცია-მოვალეობებს მის მიერ შრომითი ხელშეკრულების უხეში დარღვევის შემდგომ, აღნიშნული კი, თავისთავად გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილებას.
10.2. მატერიალური რესურსების უნებართვო განკარგვის/გამოყენების/დაუფლების ფაქტი, რაზეც აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და რასაც თავად მოსარჩელეც ადასტურებს, წარმოადგენს შრომითი ხელშეკრულებისა და შრომის შინაგანაწესის იმ სტანდარტის დარღვევას, რაც დასაქმებულის მიმართ დამსაქმებლის ნდობას აქარწყლებს.
10.3. კასატორის პრეტენზია შეეხება ასევე როგორც დაკისრებულ განაცდურს, ასევე კომპენსაციის ოდენობას. სს „რ.ა–ი“ მიიჩნევს, მოსარჩელეს აღნიშნული მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარი უნდა ეთქვას.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 25 მარტისა და 07 აპრილის განჩინებებით საკასაციო საჩივრები, სსსკ-ის 396-ე მუხლის საფუძველზე მიღებულ იქნა წარმოებაში, ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 25 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივრები დასაშვებად იქნა ცნობილი სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
12. საკასაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები ნაწილობრივ დასაბუთებულია, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში. ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხოლოდ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებსა და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის გამოყენება ან/და განმარტება. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორებმა წარმოადგინეს დასაშვები და ნაწილობრივ დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
14. დ.ბ–ი სასამართლოში წარდგენილი სარჩელით ითხოვდა შრომითი ურთიერთობის შეჩერების შესახებ ბრძანებისა და სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობას, სამუშაოზე აღდგენას, იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასა და კომპენსაციის დაკისრებას. პირველი ინსტანციის სასამართლომ სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. კერძოდ, ბათილად იქნა ცნობილი სს „რ.ა–ის“ გენერალური დირექტორის 2024 წლის 16 ოქტომბრის N776 ბრძანება დ.ბ–თან შრომითი ურთიერთობის შეჩერების თაობაზე; მოპასუხეს დაეკისრა იძულებით განაცდურის ანაზღაურება 2024 წლის 16 ოქტომბრიდან 2025 წლის 30 იანვრამდე, ყოველთვიურად 5294.99 ლარის ოდენობით, ჯამში - 18532.47 ლარის (გადასახადების ჩათვლით) გადახდა; ბათილად იქნა ცნობილი სს „რ.ა–ის“ გენერალური დირექტორის 2025 წლის 30 იანვრის N73 ბრძანება დ.ბ–თან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე; მოპასუხეს დაეკისრა კომპენსაციის - ათი თვის სახელფასო ანაზღაურების, ჯამში 52 949.90 ლარის (გადასახადების ჩათვლით) გადახდა; დ.ბ–ს უარი ეთქვა გათავისუფლებამდე დაკავებულ სამსახურებრივ პოზიციაზე აღდგენის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოს განჩინებით უცვლელად იქნა დატოვებული. საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია როგორც მოსარჩელის, ასევე მოპასუხის საკასაციო საჩივრები, სადაც პრეტენზიები შეეხება სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლიანობას.
15. საკასაციო პალატა პირველ რიგში იმსჯელებს შრომითი ურთიერთობის შეჩერებისა და შეწყვეტის შესახებ ბრძანებების ბათილობის საფუძვლის არსებობაზე.
16. შრომითსამართლებრივ დავებში მნიშვნელოვანია გამოირიცხოს დამსაქმებლის მიერ უფლების ბოროტად გამოყენება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. სასამართლოს უპირველესი ფუნქციაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაა. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხს, რის საფუძველზეც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად კი, აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელი გარემოებების მართლზომიერების საკითხის შესწავლა (სუსგ Nას-1350-2019, 27.11.2019წ.).
18. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, არაერთ საქმეში განმარტა, რომ სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას, სასამართლო პირველ რიგში ამოწმებს, რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას. ამ საკითხის გამორკვევა კი, შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაში მითითებული გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (იხ. სუსგ საქმე №ას-151-147-2016, 19 აპრილი, 2016 წელი; №ას-539-539-2018, 21 დეკემბერი, 2018 წელი). მუშაკის სამუშაოდან დათხოვნის შესახებ ყოველ კონკრეტულ ბრძანებას თავისი საფუძველი გააჩნია, რაც ამართლებს ან არ ამართლებს მის გამოცემას. ასეთ დროს, სასამართლოს როლი სწორედ ბრძანების საფუძვლის მართლზომიერების საკითხის გამორკვევაა, რაც დასაქმებულის სარჩელის იურიდიული ბედის განმსაზღვრელია (იხ. სუსგ: №ას-1304-2020, 11.06.2021; №ას-151-147-2016,1 9.04.2016).
19. პალატა განმარტავს, რომ შრომითი ურთიერთობების შეწყვეტა მოწესრიგებულია „საქართველოს შრომის კოდექსის“ 47-48 მუხლებით, რომელთაგან პირველი მოიცავს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებს, ხოლო მეორე არეგულირებს შეწყვეტის პროცედურულ მხარეს. აღნიშნული მუხლების კუმულატიური ერთობლიობით შესაძლოა განიმარტოს, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებლის პოზიტიური ვალდებულებაა დაასრულოს დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა მხოლოდ ლეგიტიმური გზებით, ხოლო ნეგატიური ვალდებულებაა, სათანადო საფუძვლის გარეშე არ შეწყვიტოს შრომითი ურთიერთობა. (სუსგ №ას-1776-2019, 10.04.2020წ.; №ას-1189-2020, 04.02.2021წ.).
20. პალატა იზიარებს ქვევმდგომი ინსტანციის შეფასებას შრომითი ურთიერთობის შეჩერებისა და შეწყვეტის საფუძვლის არარსებობის შესახებ და აღნიშნავს, რომ საქართველოს შრომის კოდექსის 46-ე მუხლი ითვალისწინებს შრომითი ურთიერთობის შეჩერებას. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შრომითი ურთიერთობის შეჩერება არის შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს დროებით შეუსრულებლობა, რაც არ იწვევს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილში მოცემულია შრომითი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები ა) გაფიცვა; ბ) ლოკაუტი; გ) აქტიური საარჩევნო უფლების ან/და პასიური საარჩევნო უფლების განხორციელება; დ) საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგამოძიებო, პროკურატურის ან სასამართლო ორგანოში გამოცხადება; ე) წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ან არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევა; ვ) სარეზერვო სამხედრო სამსახურში გაწვევა; ზ) შვებულება ორსულობისა და მშობიარობის გამო, შვებულება ბავშვის მოვლის გამო, შვებულება ახალშობილის შვილად აყვანის გამო, დამატებითი შვებულება ბავშვის მოვლის გამო; თ) ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის თავშესაფარში ან/და კრიზისულ ცენტრში მოთავსება, თუ იგი ვეღარ ასრულებს სამსახურებრივ მოვალეობას, მაგრამ წელიწადში არაუმეტეს 30 კალენდარული დღისა; ი) დროებითი შრომისუუნარობა, თუ მისი ვადა არ აღემატება ზედიზედ 40 კალენდარულ დღეს ან 6 თვის განმავლობაში საერთო ვადა არ აღემატება 60 კალენდარულ დღეს; კ) კვალიფიკაციის ამაღლება, პროფესიული გადამზადება ან სწავლა, რომლის ხანგრძლივობაც წელიწადში 30 კალენდარულ დღეს არ უნდა აღემატებოდეს; ლ) ანაზღაურების გარეშე შვებულება; მ) ანაზღაურებადი შვებულება. ზემოაღნიშნულ ნორმაში მოცემულია სრული ჩამონათვალი, რამაც შეიძლება შრომითი ურთიერთობის შეჩერება გამოიწვიოს და სხვა საფუძველი, გარდა ჩამონათვალში მითითებულისა, არ შეიძლება გახდეს შრომითი ურთიერთობის შეჩერების საფუძველი. მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოების გამო შრომითი ურთიერთობის შეჩერების შესაძლებლობას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. შესაბამისად, აღნიშნული ბრძანება მართებულად იქნა ბათილად ცნობილი.
21. რაც შეეხება შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების მართზომიერებას, მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი გახდა საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა.
22. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებების თანახმად, უმნიშვნელოვანესი პრინციპი, რომელიც უნდა იყოს გათვალისწინებული ვალდებულების უხეში დარღვევის საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის კანონიერების შეფასებისას, არის პროპორციულობისა და გონივრული საფუძვლის პრინციპი. პროპორციულობის, იგივე თანაზომიერების პრინციპი ნიშნავს, რომ კანონის მიზნის მისაღწევად გამოყენებული ღონისძიება უნდა იყოს დასაშვები, აუცილებელი და პროპორციული. ერთ-ერთ საქმეში საქართველოს უზენაესმა სასამართლომ პროპორციულობის პრინციპის გამოყენებისას განმარტა, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა დამსაქმებლის მიერ დასაშვები უნდა იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გაუმართლებელია ამ უკანასკნელის უფლების დაცვის სხვა საფუძვლების გამოყენება (იხ. სუსგ საქმე №ას-106-101-2014, 02 ოქტომბერი, 2014 წელი; №ას-1183-1125-2014, 13 თებერვალი, 2015 წელი).
23. გათავისუფლების მიზნებისათვის, საჭიროა დარღვევის ხასიათისა და ბუნების შემოწმება (მაგ. სიმძიმე, მნიშვნელობა), დარღვევის ხარისხის დადგენა, ბრალეულობა. უნდა შეფასდეს რამდენად გონივრული, აუცილებელი, პროპორციული და თანაზომიერია დარღვევებთან მიმართებით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა და ხომ არ არის შესაძლებელი უფრო მსუბუქი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენება.
24. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ შრომით სამართლებრივი ურთიერთობის შენარჩუნებას აქვს პრიორიტეტი მის რღვევასთან შედარებით. შესაბამისად, დასაქმებულის მიერ ჩადენილი ყოველი დარღვევა შეფასებულ უნდა იქნეს მისი ჩადენის სიხშირის, სიმძიმის და რაც მთავარია, შედეგობრივი თვალსაზრისით. შესაბამისად, შრომის სამართალში “Ultima Ratio-ს“ პრინციპი ითხოვს დამსაქმებლის მხრიდან დასაქმებულის სამსახურიდან დათხოვნამდე მისი ქმედების შეფასებას მიზეზ-შედეგობრივი თვალსაზრისით, ასევე, დარღვევასა (გადაცდომას) და გათავისუფლებას შორის ზომიერი ბალანსის დაცვას. ნიშანდობლივია, რომ ამავე პრინციპის შესაბამისად, დამსაქმებლის მიერ დარღვევის (გადაცდომის) ჩადენისას გამოყენებულ უნდა იქნეს ისეთი ზომები, რომელიც არსებულ ვითარებას გამოასწორებს, გააუმჯობესებს, დასაქმებულ მუშაკს უკეთესს გახდის, კვალიფიკაციას აუმაღლებს, უფრო წინდახედულად და გულისხმიერად მოქცევას აიძულებს. შესაბამისად, მიზანშეწონილობის კუთხით, გადაცდომის დროს არჩეულ უნდა იქნეს პროპორციული დასჯის მექანიზმი, რაც, შედეგობრივად, გარდა იმისა, რომ დამრღვევს დასჯის, მას და სხვა დასაქმებულებს უფრო ეფექტური შრომის მოტივაციას შეუქმნის“ (იხ. სუსგ საქმე Nას-1350-2019, 27.11.2019წ; №ას-368-2019, 31.07. 2019წ; Nას-416-399-2016, 29.06.2016წ.).
25. საკასაციო პალატა, ყურადღებას გაამახვილებს მტკიცების ტვირთის გადანაწილების საკითხზე და მიუთითებს სასამართლოს მიერ დადგენილ ერთგვაროვან პრაქტიკაზე, რომლის თანახმად, მოსარჩელე, რომელიც სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის თაობაზე მიუთითებს, ვერ დაადასტურებს სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. მოსარჩელის მითითება მასზე, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს, მტკიცების ტვირთს აბრუნებს დამსაქმებლის მხარეს, რომელსაც აკისრებს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას (იხ. სუსგ საქმე №ას-379-2020, 21.10.2021წ.).
26. მოცემულ შემთხვევაში, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების კანონიერების დადგენა დამოკიდებული იყო მოპასუხის მხრიდან დამაჯერებელი არგუმენტებისა და მტკიცებულებების წარმოდგენაზე, რომლითაც ის დაამტკიცებდა, რომ მოსარჩელემ სამსახურებრივი მოვალეობა ნამდვილად უხეშად დაარღვია და არსებობდა მის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გამოყენების სახით სამუშაოდან დათხოვნის ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობა.
27. მოსარჩელის დ.ბ–ის სამსახურიდან გათავისუფლება უკავშირდება 2024 წლის 13 სექტემბრს მომხდარ ფაქტს. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, მოსარჩელე დ.ბ–ს სურვილი ჰქონდა ქარხნიდან პირადი საჭიროებისათვის გაეტანა საწარმოსათვის გამოუსადეგარი 30 ცალი ე.წ. პადონი და 3 ცალი ტენტი, რის შესახებაც მოსარჩელემ აცნობა თანამშრომლებს: გ.ჩ–ძეს და რ.ჯ–იძეს, რომლებიც ეხმარებოდნენ მოსარჩელეს. ზემოხსენებული პირები დარწმუნებული იყვნენ, რომ ადმინისტრაციის თანხმობა ნივთების გატანის შესახებ არსებობდა, რის გამოც დატვირთული იქნა ავტომობილი და მივიდა გამშვებ პუნქტამდე, სადაც გასვლაზე მიიღო უარი, წერილობითი ნებართვის არარსებობის გამო. პალატის მოსაზრებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ მართებულად დაადგინა, რომ სს „რ.ა–ში“ საწარმოსათვის უსარგებლო, გამოუსადეგარი და არასასურველი ნივთების ქარხნის ტერიტორიიდან გატანის დამკვიდრებული პრაქტიკა არსებობდა, დასაქმებულის მიერ შესაბამისი მოთხოვნით განცხადების დაწერის შემდგომ (კონკრეტული საამქროს უფროსისა (ვის დაქვემდებარებაშიც იმყოფება ასეთი ნივთები) და უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანხმობის საფუძველზე) გარკვეული თანხის გადახდით (ან გადახდის გარეშე) ხორციელდებოდა ასეთი ნივთების გატანა. აღნიშნული წესის არსებობის დასადასტურებლად მოპასუხის მიერ საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელზე დართულია არაერთი განცხადება.
28. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შესაფასებელი ქმედება, რომელიც დადგენილი წესების უგულებელყოფით დაახლოებით 345 ლარის ღირებულების გამოუსადეგარი ან საწარმოო საქმიანობისთვის უვარგისი ნივთების საწარმოს ტერიტორიიდან გატანის მცდელობაში გამოიხატა, რა თქმა უნდა წარმოადგენდა დარღვევას, რასაც შედეგად უნდა მოჰყოლოდა დისციპლინური ღონისძიება, თუმცა პალატის მოსაზრებით, დამსაქმებელმა ვერ შეძლო დაედასტურებინა ის გარემოება, რომ სხვა, უფრო მსუბუქი გამაფრთხილებელი ზომის გამოყენება არ იქნებოდა მიზნის მიღწევის პროპორციული და შეუძლებელი იქნებოდა დასაქმებულთან შრომით ურთიერთობის გაგრძელება. მითუმეტეს, რომ სს „რ.ა–ის“ დასაქმებულთა დისციპლინარული პასუხისმგებლობის შესახებ დებულების მე-4 მუხლი სამსახურიდან დათხოვნასთან ერთად ითვალისწინებდა შრომის დისციპლინის დარღვევისათვის შემდეგი სახის დისციპლინურ სასჯელებს: ა) შენიშვნა; ბ) საყვედური; გ) სასტიკი საყვედური; დ) დაბალ (სხვა) თანამდებობაზე გადაყვანა.
29. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ასახულ ფაქტობრივ და სამართლებრივ მსჯელობას და დასკვნას, რომ დამსაქმებელმა არამართლზომიერად გაათავისუფლა მოსარჩელე სამსახურიდან. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხე მხარემ, როგორც დამსაქმებელმა ვერ დაადასტურა შრომითი ხელშეკრულების უხეში დარღვევის შედეგად მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობა, ვერ წარმოადგინა სათანადო არგუმენტები, რომლითაც ის ხელმძღვანელობდა გადაწყვეტილების მიღებისას, ვერ დაადასტურა ის გარეოება, რომ მოსარჩელის მიერ ჩადენილი დარღვევის ხასიათის, სიმძიმისა და შედეგის გათვალისწინებით, მისი სამსახურიდან გათავისუფლება დასაშვებ, აუცილებელ და პროპორციულ ღონისძიებას წარმოადგენდა. აღნიშნული კი, გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველს ქმნიდა.
30. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ თანამდებობა, რომელზეც დასაქმებული იყო დ.ბ–ი, ვაკანტური არ არის. შესაბამისად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ერთი ადამიანის შრომის უფლების აღდგენით არ შეიძლება სხვების შრომითი უფლებების იგნორირება, პალატა მიიჩნევს, რომ მართებულად არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში.
31. პალატა განმარტავს, რომ შრომითი ურთიერთობის უკანონოდ შეწყვეტის ბათილად ცნობა, მაშინ, როდესაც პირვანდელ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის აღდგენა ობიექტურად შეუძლებელია, იწვევს უკანონოდ დათხოვნილი დასაქმებულისათვის ტოლფასი თანამდებობით უზრუნველყოფის ვალდებულებას, თუმცა, უნდა არსებობდეს მოთხოვნა ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ და მოსარჩელემ უნდა მიუთითოს და დაამტკიცოს, დამსაქმებელთან არსებული საშტატო ნუსხიდან კონკრეტულად რომელი სამუშაო (თანამდებობა) წარმოადგენს განთავისუფლებამდე მის მიერ დაკავებული სამუშაოს ტოლფას თანამდებობას.
32. განსახილველ შემთხვევაში, არ დასტურდება პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსარჩელის მხრიდან დარღვეული უფლების რესტიტუციის სახით, კონკრეტულად რომელიმე ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ მითითების ფაქტი. შესაბამისად, აღნიშნული გარემოება არ გამხდარა სასამართლოს მსჯელობის საგანი. დასახელებული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა სწორი სამართლებრივი შეფასება მისცეს ფაქტობრივ გარემოებებს და მართებულად დაადგინეს, რომ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანებების ბათილად ცნობის შედეგი უნდა ყოფილიყო არა სამსახურში პირვანდელ ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა, არამედ მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეთათვის კომპენსაციის დაკისრება.
33. ორივე კასატორის პრეტენზია შეეხება სასამართლოს გადაწყვეტილებას კომპენსაციისა და განაცდურის დაკისრების ნაწილშიც. კერძოდ, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მოპასუხისათვის დაკისრებული კომპენსაციის ოდენობა არ არის გონივრული, ხოლო განაცდურის ანაზღაურება უნდა მომხდარიყო კანონიერ ძალაში შესრული გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდისათვის. მოპასუხის საკასაციო პრეტენზია ამ ნაწილში მიმართულია სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლის არარსებობისა და შესაბამისად, აღნიშნული მოთხოვნების უსაფუძვლობისაკენ.
34. საკასაციო პალატა პირველ რიგში აღნიშნავს, რომ საქმის გარემოებათა ანალიზის საფუძველზე მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის დადგენა და მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის მოძიება, სასამართლოს ვალდებულებაა. პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ, 2024 წლის 16 ოქტომბრიდან 2025 წლის 30 იანვრამდე პერიოდისათვის იძულებითი განაცდურის სახით დაკისრებული 18532.47 ლარი, წარმოადგენს არა იძულებით განაცდურს, არამედ სახელფასო დავალიანებას. მოსარჩელის მიერ მითითებული პერიოდის შრომის ანაზღაურების მოთხოვნა ეფუძნებოდა შრომითი ერთიერთობის შეჩერების შესახებ ბრძანების არამართზომიერებას, რაც გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლომ და ბრძანება ბათილად იქნა ცნობილი. შრომითი ურთიერთობა შეწყდა 2025 წლის 30 იანვარს. შესაბამისად, აღნიშნულ პერიოდამდე დამსაქმებლის ბრალით განპირობებული მიუღებელი შემოსავლის სახით განცდილი ზიანი წარმოადგენს სახელფასო დავალიანებას.
35. საკასაციო პალატა ნაწილობრივ იზიარებს როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხის საკასაციო პრეტენზიებს და მიიჩნევს, რომ დ.ბ–ის მოთხოვნა განაცდურის ანაზღაურების ნაწილში საფუძვლიანია. ასევე საფუძვლიანია სს „რ.ა–ის“ საკასაციო პრეტენზია დაკისრებული კომპენსაციის ოდენობის ნაწილში.
36. საქართველოს შრომის კოდექსის 48-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შრომითი ხელშეკრულება შეუწყდა ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. სშკ-ის 58-ე მუხლის მიხედვით, ინდივიდუალური შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისთვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. სსკ-ის 409-ე მუხლის საფუძველზე, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება. სშკ-ის 48-ე მუხლის მე-9 ნაწილით, დასაქმებულს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ პირვანდელ ან ტოლფას სამუშაო ადგილზე აღდგენის ან მის ნაცვლად დაკისრებული კომპენსაციის გადახდის გარდა, მოითხოვოს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღიდან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების თარიღამდე. იძულებითი განაცდურის ანაზღაურების განსაზღვრისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს, ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტის შესაბამისად, დამსაქმებლის მიერ დასაქმებულისთვის მიცემული კომპენსაცია. განაცდური განგრძობადია და მისი შეწყვეტა დამოკიდებულია შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების თარიღზე. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ არაერთ საქმეზე დადგენილი პრაქტიკით იძულებითი განაცდური განიმარტება იმ მიუღებელი შემოსავლის სახით, რასაც დასაქმებული მიიღებდა იმ შემთხვევაში, დამსაქმებელს არამართლზომიერად რომ არ დაერღვია მისი უფლებები. შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის ბათილად ცნობა, შედეგობრივი თვალსაზრისით, იწვევს ხელშეკრულების საფუძვლის ბათილობამდე არსებული მდგომარეობის აღდგენასა და იმ ზიანის ანაზღაურებას, რომელიც დასაქმებულს დამსაქმებლის მხრიდან არამართლზომიერი გათავისუფლებით მიადგა.
37. მოქმედი შრომის კოდექსით იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესაძლებლობა უკანონოდ გათავისუფლებულ დასაქმებულს მიენიჭა არა მხოლოდ სამსახურში აღდგენის შემთხვევაში, არამედ - კომპენსაციის მიკუთვნების პირობებშიც (სუსგ №ას-888-2022, 16.11.2022წ.). განსახილველ შემთხვევაში უდავოა, რომ მოსარჩელე უვადო შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შედეგად გათავისუფლდა თანამდებობებიდან, ხოლო, ამავე ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების არამართლზომიერად ცნობის მიუხედავად, მისი პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა შეუძლებელია, ვაკანტური თანამდებობის არარსებობის გამო. დასაქმებულის ნაწილობრივი უფლებრივი რესტიტუციის მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს სშკ-ის 48.9-ე მუხლით გათვალისწინებული მოწესრიგება და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს იძულებით განაცდურის ანაზღაურება სამუშაოდან გათავისუფლების დღიდან, 2025 წლის 30 იანვრიდან კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების თარიღამდე (შდრ. სუსგ №ას-888-2022, 16.11.2022წ; №ას-1183-2022, 23.12.2022წ; №ას-1610-2022, 21.03.2023წ.), ყოველთვიურად 5294.99 (გადასახადების ჩათვლით) ლარის ოდენობით.
38. რაც შეეხება კოომპენსაციის ოდენობას სშკ-ის 48-ე მუხლის მე-8 ნაწილის მიხედვით კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრის კრიტერიუმებს ნორმატიული დანაწესი არ ადგენს და იგი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე სასამართლოს უფლებამოსილების სფეროს განეკუთვნება. კომპენსაციამ შეძლებისდაგვარად უნდა უზრუნველყოს სამართლიანი ბალანსის აღდგენა გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის შემთხვევაში. კომპენსაცია წარმოადგენს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის თანამდევ სამართლებრივ შედეგს (სშკ-ის 48-ე მუხლის მე-8 ნაწილი) იმ შემთხვევებისათვის, როდესაც არ კმაყოფილდება მოსარჩელის მოთხოვნა სამსახურში აღდგენისა ან მისი ტოლფასი თანამდებობით უზრუნველყოფის თაობაზე. კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე, სასამართლო მხედველობაში იღებს იმ დროს, რა დროის განმავლობაშიც უნდა ემუშავა დასაქმებულს დამსაქმებელთან, რა იყო მისი სახელფასო ანაზღაურება, მისი დასაქმების პერსპექტივა და სხვა.
39. საქართველოს უზენაესი სასამართლო არაერთ საქმეში განმარტავს, რომ „კომპენსაცია შრომითი ურთიერთობის არამართლზომიერი შეწყვეტის შემთხვევაში, სპეციალური ნორმით გათვალისწინებული დამსაქმებლის პასუხისმგებლობის განმსაზღვრელი ერთ-ერთი ზომაა, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს დასაქმებულისათვის მინიმალური სოციალური გარანტიის შექმნას, რაც მას სავსებით განასხვავებს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენისაგან. კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრის თვალსაზრისით, უნდა აღინიშნოს, რომ ხსენებული სამართლებრივი საკითხი განეკუთვნება სასამართლოს დისკრეციის სფეროს, რა დროსაც, გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ შრომით სამართლებრივი კომპენსაცია ერთდროულად ფარავს იმ მატერიალურ დანაკარგს, რაც მხარემ უკანონოდ დათხოვნით განიცადა და რასაც იგი საშუალოდ შესატყვისი სამუშაოს მოძებნამდე განიცდის, ასევე, იმ მორალურ ზიანს, რაც მას უკანონოდ დათხოვნით მიადგა. ამდენად, კომპენსაციამ შეძლებისდაგვარად უნდა უზრუნველყოს სამართლიანი ბალანსის აღდგენა გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის შემთხვევაში. კომპენსაციის განსაზღვრასთან დაკავშირებით, გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ ეს არის პასუხისმგებლობის ზომა, რაც ეკისრება დამსაქმებელს მუშაკის უკანონოდ დათხოვნისათვის და მანვე (კომპენსაციის ოდენობამ) უნდა უზრუნველყოს დასაქმებულის მინიმალური სოციალური გარანტიის შექმნა, რითაც კომპენსაცია განსხვავდება ზიანის ანაზღაურებისას პირვანდელი მდგომარეობის აღდგენისგან (იხ. სუსგ-ები Nას-727-680-2017, 15.09.2017წ.; Nას-353-338-2016, 03.05.2016წ.). ამასთან, მხედველობაშია მისაღები, რომ კომპენსაციის ზოგადი მიზანი და ორიენტირი არის ის რომ მან დაფაროს დროის ის მონაკვეთი (მინიმალურად), რაც საჭირო იქნებოდა ახალი სამსახურის მოსაძებნად. საგულისხმოა, რომ სშკ-ის 48.8 მუხლი არ განსაზღვრავს კომპენსაციის ოდენობას. ამ მოცემულობაში, კომპენსაციის ოდენობა ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით ხორციელდება (იხ. სუსგ-ები №ას-1623-2018, 29.01.2019 წ.; Nას-1203-2022, 23.12.2023წ.; Nას-552-2023, 20.06.2023წ.) .
40. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, კომპენსაცია შეძლებისდაგვარად უნდა უზრუნველყოფდეს იმ ზიანის ანაზღაურებას, რომელიც გათავისუფლების შესახებ ბათილი ბრძანების შედეგად წარმოეშვა დასაქმებულს, ამავდროულად, მისი ოდენობა უნდა იყოს გონივრული და არ უნდა ქმნიდეს არც ერთი მხარისათვის უსაფუძვლო გამდიდრების ობიექტურ წინაპირობებს (იხ.სუსგ-ები №ას-727-680-2017, 15.09.2017წ.; ას-361-2022, 10.06.2022წ; ას-1163-2022, 15.02.2023წ.; ას-523-2023, 6.07.2023წ.). როგორც უკვე აღინიშნა, დასაქმებულის დარღვეული უფლებების აღდგენის, მისი უფლებრივი რესტიტუციის შესაძლებლობები კიდევ უფრო გაფართოვდა საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს შრომის კოდექსში 2020 წლის 29 სექტემბრის ცვლილების შემდგომ (ძალაშია 2020 წლის 5 ოქტომბრიდან) ამოქმედებული 48-ე მუხლის მე-9 ნაწილით, რომელიც განსხვავებით მანამდე მოქმედი რედაქციისგან კომპენსაციის დაკისრებასთან, როგორც პირვანდელ პოზიციაზე აღდგენის შეუძლებლობის გამო მიყენებული მატერიალური თუ მორალური ზიანის ანაზღაურების სახესთან, ერთად იძულებითი განაცდურის დაკისრებასაც ითვალისწინებს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების თარიღამდე. ამდენად, კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას, რა თქმა უნდა, უპირველესია დასაქმებულის უფლების დაცვა, რათა, გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სამართლიანი ბალანსის აღდგენა მოხდეს. ამასთან, იძულებითი განაცდურის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე დაკისრების თანადროულად, კომპენსაციის ოდენობა უნდა იყოს გონივრული, არ ქმნიდეს მოსარჩელის უსაფუძვლო გამდიდრების წინაპირობებს. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეთა შორის შრომითი ხელშეკრულება დადებული იყო უვადოდ, რაც 2025 წლის 30 იანვარს, შეწყდა. მოსარჩელეს მოთხოვნილი აქვს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება გადაწყვეტილების აღსრულებამდე. დასაქმებულის აღდგენა პირვანდელ პოზიციაზე შეუძლებელია. შესაბამისად, დასაქმებულს მისი მოთხოვნის ფარგლებში, უნდა აუნაზღაურდეს შრომითი ხელშეკრულების უსაფუძვლოდ შეწყვეტისათვის სშკ-ის 48.8 მუხლით გათვალისწინებული კომპენსაცია, რომლის გონივრულ და სამართლიან ოდენობად სასამართლო, კანონით მისთვის მინიჭებული დისკრეციის ფარგლებში - დასაქმებულის ასაკის, კვალიფიკაციის, ხელფასის ოდენობის, შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადის, დაკისრებული იძულებითი განაცდურის, ასევე, სამოქალაქო ბრუნვაში სამართლიანობის, წონასწორობის, უსაფუძვლო გამდიდრების დაუშვებლობის პრინციპების გათვალისწინებით - მიიჩნევს 5294.99 ლარს (გადასახადების ჩათვლით).
41. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო საქმეზე გადაწყვეტილებას თვითონ მიიღებს, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე. პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 12 თებერვლის განჩინება განაცდურისა და კომპენსაციის დაკისრების ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე ახალი გადაწყვეტილება. სს „რ.ა–ს“ დ.ბ–ის სასარგებლოდ დაეკისროს კომპენსაციის ანაზღაურება - 5294.99 ლარის (გადასახადების ჩათვლით) ოდენობით; ასევე დაეკისროს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, 2025 წლის 30 იანვრიდან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიურად 5294.99 (გადასახადების ჩათვლით) ლარის ოდენობით.
42. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
43. განსახილველ შემთხვევაში, რამდენადაც მოსარჩელე განაცდურისა და კომპენსაციის მოპასუხისათვის დაკისრების შესახებ მოთხოვნებზე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან, ამასთან, მისი სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს პირველი ინსტანციის სასამართლოში გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის გადახდა 2938.71 ლარის ოდენობით (საკასაციო სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული მოთხოვნების გათვალისწინებით). სააპელაციო სასამართლოში გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა სს „რ.ა–ისათვის“ შეადგენდა 2859.29 ლარს, თუმცა, სააპელაციო საჩივარზე გადახდილია 3035 ლარი. საკასაციო სასამართლოში გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა სს „რ.ა–ისათვის“ შეადგენდა 3574.11 ლარს, თუმცა, საკასაციო საჩივარზე გადახდილია 3792 ლარი. სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოებში გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნების პროპორციულად შეადგენს 7148.23 (3971.24+3176.99) ლარს. მართალია, მოპასუხის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და შემცირდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოპასუხისათვის დაკისრებული კომპენსაციის ოდენობა, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სს „რ.ა–ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოებში გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის 321.23 [7148.23-6827(3035+3792)] ლარის გადახდა. დ.ბ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 408.3-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. დ.ბ–ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. სს „რ.ა–ის“ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
3. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 12 თებერვლის განჩინება კომპენსაციისა და გადანაცდურის ანაზღაურების ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს უცვლელად დატოვების შესახებ (თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილების 1.4. და 3. პუნქტები) და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
4. სს „რ.ა–ს“ დ.ბ–ის სასარგებლოდ დაეკისროს კომპენსაციის ანაზღაურება - 5294.99 ლარის (გადასახადების ჩათვლით) ოდენობით;
5. სს „რ.ა–ს“ დ.ბ–ის სასარგებლოდ დაეკისროს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, 2025 წლის 30 იანვრიდან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიურად 5294.99 ლარის (გადასახადების ჩათვლით) ოდენობით.
6. სს „რ.ა–ს“ (.........) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სამივე ინსტანციის სასამართლოში გადასახდელი სახელმფიფო ბაჟის - 3259.94 ლარის გადახდა;
7. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე არჩილ კოჭლამაზაშვილი
მოსამართლეები: ლევან ნემსაძე
მიხეილ ჯინჯოლია