ის ნაკეთობები და ნივთიერებები, რომლებმაც, შეიძლება, საფრთხე შეუქმნან ჯანმრთელობას, უსაფრთხოებას, ქონებას, გარემოს, და რომლებიც „ტექნიკური ინსტრუქციების” სახიფათო ტვირთის ჩამონათვალით არის მითითებული ან ამ ინსტრუქციით არის კლასიფიცირებული. შენიშვნა: სახიფათო ტვირთების კლასიფიკაცია მოცემულია იკაოს მე–18 დანართის მე–3 თავში. ჰ.1) მაქსიმალური მასა – მაქსიმალური სერტიფიცირებული ასაფრენი მასა. ჰ.2) მახასიათებლებზე დაფუძნებული ნაოსნობა (PBN) - ზონალური ნაოსნობა, დაფუძნებული სმმ მარშრუტზე, ხელსაწყოებით დასაფრენად შესვლის სქემაზე ან დადგენილ საჰაერო სივრცეში მფრენ სხ-ს მახასიათებლების მიმართ წაყენებულ მოთხოვნებზე. ჰ.3)მინიმალური აღჭურვილობის ჩამონათვალი (MEL) – ჩამონათვალი, რომელიც სხ-ის გარკვეულ პირობებში (აღჭურვილობის რაიმე ნაწილის მტყუნებისას) ექსპლუატაციას ითვალისწინებს. ჩამონათვალს ადგენს ექსპლუატანტი, ამ ტიპის სხ-ის MMEL-ის ან უფრო მკაცრი მოთხოვნების შესაბამისად. ჰ.4) მინიმალური აღჭურვილობის (დასაშვები მტყუნებების) ძირითადი ჩამონათვალი (MMEL) – სხ-ის კონკრეტული ტიპისათვის ამ კონსტრუქციაზე პასუხისმგებელი ორგანიზაციის მიერ შედგენილი და სახელმწიფოს მიერ დამტკიცებული ჩამონათვალი იმ აღჭურვილობისა, რომელთა (ერთის ან მეტის) გაუმართაობა ფრენის დაწყებას არ აფერხებს. MMEL-ით შეიძლება მიეთითოს განსაკუთრებული საექსპლუატაციო პირობები, შეზღუდვები და წესები. ჰ.5) საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატი (AOC) – ექსპლუატანტისათვის გარკვეული კომერციული საჰაერო გადაზიდვების უფლების მიმნიჭებელი სერტიფიკატი. ჰ.6) საჰაერო ხომალდის მეთაური – ექსპლუატანტის მიერ ან, საერთო დანიშნულების ავიაციის შემთხვევაში, სხ-ს მფლობელის მიერ დანიშნული პილოტი, რომელიც ასრულებს მეთაურის მოვალეობებს და ფრენის უსაფრთხოდ შესრულებაზეა პასუხისმგებელი. ჰ.7) სახელსაწყო მეტეოროლოგიური პირობები (IMC) – მეტეოროლოგიური პირობები, გამოხატული ხილვადობის სიშორით, ღრუბლებამდე მანძილით და ღრუბლების ქვედა საზღვრის სიმაღლით. ეს სიდიდეები ნაკლებია ვიზუალური მეტეოროლოგიური პირობებით დადგენილ მინიმუმებზე. შენიშვნა: ვიზუალური მეტეოროლოგიური პირობებისათვის დადგენილ მინიმუმებს შეიცავს ჩიკაგოს კონვენციის №2 დანართის მე-4 თავი. ჰ.8) რემონტი – საავიაციო ტექნიკის დაზიანების ან გაცვეთის შემდეგ მისი საფრენად ვარგისობის აღდგენა სხ–ს შემდგომი შესაბამისობის უზრუნველსაყოფად მის კონსტრუირების მოთხოვნებთან, განსაზღვეული შესაბამისი საფრენად ვარგისობის ნორმებით, რომლებიც გამოიყენებობდნენ შესაბამის სხ–ზე ტიპის სერტიფიკატის გასაცემად . ჰ.9) საავიაციო სამუშაოები – სხ-ის გამოყენება ისეთი დარგების მომსახურებისათვის, როგორებიცაა სოფლის მეურნეობა, მშენებლობა, ფოტოგადაღება, ტოპოგრაფიული გადაღება, პატრულირება, ძებნა-შველა, საჰაერო რეკლამა და სხვა. ჰ.10) ტექნიკური მომსახურება – საავიაციო ტექნიკის ვარგისობის შესანარჩუნებლად საჭირო სამუშაო, საკონტროლო აღსადგენი სამუშაოების, შემოწმების, შეცვლის, ხარვეზების აღმოფხვრის ჩათვლით, რაც ტარდება როგორც ცალ-ცალკე, ასევე – შეთავსებით, აგრეთვე, მოდიფიცირების ან რემონტის ჩატარება. ჰ.11) ტექნიკური მომსახურების პროგრამა – საბუთი, რომელიც შეიცავს ტმ-ის კონკრეტული სამუშაოებისა და მათი პერიოდულობის აღწერას, აგრეთვე – მათთან დაკავშირებულ პროცედურებს, მაგ. – საიმედოობის პროგრამას, რომელიც სხ-ს უსაფრთხო ექსპლუატაციის უზრუნველსაყოფად არის საჭირო. ჰ.12) საექსპლუატაციო სპეციფიკაციები (დაშვებები) – ექსპლუატანტის სერტიფიკატთან დაკავშირებული და ფშს-ით მოცემულ პირობებზე დამოკიდებული ნებართვები, პირობები და შეზღუდვები. ჰ.13) სათადარიგო ვერტოდრომი – ვერტოდრომი, სადაც სხ შეიძლება გაფრინდეს, თუ შეუძლებელია ან მიზანშეუწონელია დანიშნულების ვერტოდრომამდე ფრენის გაგრძელება ან დაფრენა. სათადარიგოებს განეკუთვნება: ჰ.13 ა) აფრენის – სათადარიგო ვერტოდრომი, სადაც სხ-ს შეუძლია დაფრენა, თუ ამის აუცილებლობა იქმნება აფრენისთანავე, და გაფრენის ვერტოდრომით სარგებლობა შეუძლებელია; ჰ.13 ბ) დანიშნულების პუნქტის – სათადარიგო ვერტოდრომი, სადაც სხ-ს შეუძლია დაფრენა, თუ შეუძლებელია ან მიზანშეუწონელია დანიშნულების ვერტოდრომზე დაფრენა; ჰ.13 გ) მარშრუტის – სათადარიგო ვერტოდრომი, სადაც სხ-ს შეუძლია დაფრენა, თუ, მარშრუტზე ფრენისას, ის არასტანდარტულ ან ავარიულ ვითარებაში აღმოჩნდა. შენიშვნა: აფრენის ვერტოდრომი, ასევე, შეიძლება იყოს მარშრუტის ან დაფრენის პუნქტის სათადარიგო ვერტოდრომი. ჰ.14) დამახასიათებელი წერტილი აფრენის შემდეგ (DPATO) – წერტილი აფრენისა და სიმაღლის აღების დაწყების ეტაპის ფარგლებში, რომლის მიღწევამდე ვერტმფრენის შესაძლებლობა განაგრძოს უსაფრთხო ფრენა ერთი უმოქმედო ძრავით არ არის უზრუნველყოფილი და შესაძლოა იძულებითი დაფრენა გახდეს საჭირო. შენიშვნა: დამახასიათებელი წერტილი გამოიყენება მხოლოდ იმ ვერტმფრენებთან მიმართებაში, რომლებიც ასრულებენ II კლასის საფრენოსნო-ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისი ექსპლუატაციას. ჰ.15) დამახასიათებელი წერტილი დაფრენამდე (DPBL) – წერტილი დასაფრენად შესვლის და დაფრენის ეტაპის ფარგლებში, რომლის შემდეგ ვერტმფრენის შესაძლებლობა განაგრძოს უსაფრთხო ფრენა ერთი უმოქმედო ძრავით არ არის უზრუნველყოფილი და შესაძლოა იძულებითი დაფრენა გახდეს საჭირო. შენიშვნა: დამახასიათებელი წერტილი გამოიყენება მხოლოდ იმ ვერტმფრენებთან მიმართებაში, რომლებიც ასრულებენ II კლასის საფრენოსნო-ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისი ექსპლუატაციას. ჰ.16) სანაოსნო სპეციფიკაცია – სხ-სა და საფრენოსნო ეკიპაჟის მიმართ წაყენებული მოთხოვნების ერთობლიობა, რაც საჭიროა ფრენების უზრუნველსაყოფად მახასიათებლებზე დაფუძნებული ნაოსნობის პირობებში, დადგენილი საჰაერო სივრცის ფარგლებში. ჰ.17) საჭირო სანაოსნო მახასიათებლების სპეციფიკაცია (RNP) - ზონალურ ნაოსნობაზე დაფუძნებული სანაოსნო სპეციფიკაცია, რაც შეიცავს მახასიათებლების შეუსრულებლობაზე გაფრთხილების გაცემაზე კონტროლის მოთხოვნას, აღინიშნება პრეფიქსით RNP; მაგ. RNP 4, RNP APCH; ჰ.18) ზონალური ნაოსნობის სპეციფიკაცია (RNAV) - ზონალურ ნაოსნობაზე დაფუძნებული სანაოსნო სპეციფიკაცია, რაც არ შეიცავს მახასიათებლების შეუსრულებლობაზე გაფრთხილების გაცემაზე კონტროლის მოთხოვნას, აღინიშნება პრეფიქსით RNAV; მაგ. RNAV 5, RNAV 1. შენიშვნა: სანაოსნო სპეციფიკაციების საინსტრუქციო მასალას შეიცავს იკაოს DOC 9613-ის II ტომი. ჰ.19) სასამსახურო დრო - დროის მონაკვეთი, რომელიც იწყება მაშინ, როცა ეკიპაჟის წევრი, ექსპლუატანტის მითითებით, ვალდებულია გამოცხადდეს ან შეუდგეს სასამსახურო მოვალეობების შესრულებას, და მთავრდება მაშინ, როცა ის სასამსახურო მოვალეობების შესრულებისაგან სრულად თავისუფლდება. ჰ.20) მჭიდროდასახლებული რაიონი – ქალაქის ან დასახლებული პუნქტის მიმართებაში – ნებისმიერი რაიონი რომელიც ძირითადად გამოიყენება საცხოვრებლად, კომერციული საქმიანობისთვის და დასასვენებლად. ჰ.21) სასამსახურო საფრენოსნო დრო – დროის მონაკვეთი, რომელიც იწყება მაშინ, როცა ეკიპაჟის წევრი ვალდებულია გამოცხადდეს სასამსახურო მოვალეობების შესასრულებლად, ფრენის ან ფრენების სერიის შესრულებისას, და მთავრდება სხ-ს სრული შეჩერებისა და ძრავების გამორთვისას, ბოლო იმ ფრენის დასრულების შემდეგ, სადაც იგი ეკიპაჟის წევრია. ჰ.22) საფრენოსნო დრო, ფრენის დრო - საერთო დრო, ვერტმფრენის მზიდი ხრახნის ბრუნვის დაწყებიდან ვერტმფრენის სრულ გაჩერებამდე ფრენის დასრულებისას და მზიდი ხრახნის ბრუნვის შეჩერებამდე. შენიშვნა: ეს ტერმინი არის სინონიმი ტერმინებისა: „სრული საფრენოსნო დრო“ ან „დრო ხუნდების აღებიდან დაყენებამდე“, რაც სხ-ის მოძრაობის დაწყებიდან (აფრენის მიზნით) მის სრულ შეჩერებამდე (ფრენის დასრულებისას) იზომება. ჰ.23) საფრენად ვარგისი – სხ-ის, ძრავის, საჰაერო ხრახნის ან ნაწილის ისეთი მდგომარეობა, როცა ის დადგენილ აგებულებას შეესაბამება და უსაფრთხო ექსპლუატაციას უზრუნველყოფს. ჰ.24) საფრენად ვარგისობის შენარჩუნება – ღონისძიებების ერთობლიობა, რის საშუალებითაც უზრუნველყოფილია საფრენად ვარგისობის მოთხოვნებთან სხ-ების შესაბამისობა, და მათი შენარჩუნება იმ მდგომარეობაში, რაც საჭიროა უსაფრთხო ექსპლუატაციისათვის, საექსპლუატაციო ვადის განმავლობაში. ჰ.25) საფრენოსნო ეკიპაჟის წევრი – ავიასპეციალისტის მოწმობის მფლობელი ეკიპაჟის წევრები (მფრინავები), რომლებსაც, სასამსახურო-საფრენოსნო დროის განმავლობაში, სხ-ს მართვასთან დაკავშირებული მოვალეობები აკისრიათ. ჰ.26) საფრენოსნო ექსპლუატაციის სახელმძღვანელო - საფრენად ვარგისობასთან დაკავშირებული სახელმძღვანელო, რომელიც შეიცავს იმ შეზღუდვებს, რის ფარგლებშიაც სხ საფრენად ვარგისად ითვლება, და საფრენოსნო ეკიპაჟის წევრებისათვის საჭირო, სხ-ს უსაფრთხო ექსპლუატაციის უზრუნველსაყოფ, ინსტრუქციებსა და ინფორმაციას. ჰ.27) საზღვაო ოპერაციები – ოპერაციები, როდესაც ფრენის უმეტესი ნაწილი ოფშორულ პუნქტებზე და უკან ხორციელდება ზღვის თავზე. ასეთი ოპერაციები, სხვა დანარჩენებთან ერთად, შეიცავს ნავთობის,გაზის და სხვა სასარგებლო მადნეულის საზღვაო საბადოების ექსპლუატაციის უზრუნველყოფას, აგრეთვე საზღვაო ლოცმანების გადაყვანას. ჰ.28) ტექნიკური მომსახურების მოწმობა – საბუთი, რომელიც შეიცავს მასში მითითებული ტექნიკური მომსახურების სამუშაოების დამაკმაყოფილებლად შესრულების დამადასტურებელ მონაცემებს, რაც შეესაბამება ტექნიკური მომსახურების ორგანიზების სახელმძღვანელოთი ან ეკვივალენტური სისტემის ფარგლებში აღწერილ დამტკიცებულ პროცედურებს. ჰ.29) ტექნიკური მომსახურების ორგანიზაციის პროცედურების სახელმძღვანელო – ტექნიკური მომსახურების ორგანიზაციის ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული საბუთი, რომელიც ორგანიზაციის სტრუქტურაზე, მისი ხელმძღვანელების მოვალეობებზე, შესასრულებელი სამუშაოების სახეობებზე, საწარმოო ბაზაზე, ტექნიკური მომსახურების პროცედურებზე, ხარისხის სისტემაზე და საინსპექციო შემოწმებებზე დაწვრილებით ინფორმაციას შეიცავს. ჰ.30) ფრენის სამუშაო გეგმა – ფრენის უსაფრთხოდ შესასრულებლად, ექსპლუატანტის მიერ შედგენილი გეგმა, რითაც სხ-ს საფრენოსნო-ტექნიკური მახასიათებლები, საექსპლუატაციო შეზღუდვები და დასახულ მარშრუტზე და აეროდრომ(ებ)ზე მოსალოდნელი პირობები გაითვალისწინება. ჰ.31) ფრენის გეგმა – საჰაერო მოძრაობის ორგანოსათვის წარდგენილი ცნობები დაგეგმილ ფრენაზე ან მის ნაწილზე. ჰ.32) ფრენების შესრულების სახელმძღვანელო - წესების, ინსტრუქციებისა და რეკომენდაციების შემცველი დოკუმენტი, რომლითაც ექსპლუატანტის პერსონალი საკუთარი მოვალეობების შესრულებისას სარგებლობს. ჰ.33) საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციის სახელმძღვანელო - ექსპლუატანტის სახელმწიფოსათვის მისაღები საბუთი, რომელიც შეიცავს საფრენოსნო ეკიპაჟის ქმედებებს ჩვეულ, განსაკუთრებულ და საავარიო ვითარებებში, საკონტროლო შემოწმებათა ნუსხებს, შეზღუდვებს, საფრენოსნო-ტექნიკურ მახასიათებლებს და ცნობებს სხ-ს სისტემებზე, აგრეთვე – სხვა, სხ-ს ექსპლუატაციასთან დაკავშირებულ, მასალებს. შენიშვნა: საფრენოსნო ექსპლუატაციის სახელმძღვანელო არის ფრენების შესრულების სახელმძღვანელოს ნაწილი. ჰ.34) ფსიქოაქტიური ნივთიერებები - ალკოჰოლი, ოპოიდები, კანაბინოიდები, სედატიური საშუალებები, გიპოტიური პრეპარატები, კოკაინი, სხვა ფსიქოსტიმულატორები, ჰალუცინოგენები და აქროლადი გამხსნელები (თამბაქო და კოფეინი ფსიქოაქტიურ ნივთიერებად არ ითვლება). ჰ.35) ღამე – დროის მონაკვეთი, საღამოს სამოქალაქო ბინდის დასრულებიდან დილის სამოქალაქო ბინდის დაწყებამდე ან დროის სხვა ის მონაკვეთი, მზის ჩასვლასა და ამოსვლას შორის, რასაც უფლებამოსილი ორგანო დაამტკიცებს. შენიშვნა: სამოქალაქო ბინდი მთავრდება საღამოს, როცა მზის დისკოს ცენტრი ჰორიზონტის ხაზის დაბლა 60-ზეა, და იწყება დილით, როცა მზის დისკოს ცენტრი ჰორიზონტის ხაზის დაბლა 60-ზეა. ჰ.36) ფრენების უსაფრთხოების დოკუმენტაციის სისტემა - ექსპლუატანტის მიერ დადგენილი ურთიერთდაკავშირებული საბუთების კომპლექტი, რომელიც შეიცავს სისტემატიზებულ იმ ინფორმაციას, რაც საჭიროა საფრენოსნო და სახმელეთო ოპერაციებისათვის (სულ ცოტა, ფშს-ს და ტექნიკური მომსახურების რეგულირების სახელმძღვანელოს). ჰ.37) ფრენების უსაფრთხოების მართვის სისტემა - ფრენების უსაფრთხოებისადმი სისტემური მიდგომა, საორგანიზაციო სტრუქტურის, პასუხისმგებლობის დონეების, სახელმძღვანელო პრინციპებისა და პროცედურების ჩათვლით. ჰ.38) ფრენების ხელმძღვანელობა – სხ-ს უსაფრთხოების, ფრენების რეგულარობისა და ეფექტურობის ინტერესებიდან გამომდინარე, ფრენის დაწყებაზე, დამთავრებაზე, მარშრუტის შეცვლაზე უფლებამოსილების განხორციელება. ჰ.39) ხილვადობის სიშორე ადზ–ზე (RVR) – მანძილი, რომლის ფარგლებშიაც ადზ-ის ღერძულა ხაზზე მდებარე სხ-ს პილოტს შეუძლია შეამჩნიოს ადზ-ის ზედაპირზე განთავსებული სიგნალები (ნიშნები) ან ადზ-ის შემომსაზღვრელი ან მისი ღერძულა ხაზის მანიშნებელი ნათურები. ჰ.40) ფრენის იმიტაციის საწაფი - ქვემოთ ჩამოთვლილი მოწყობილობები, რომელთა მეშვეობითაც ხმელეთზე ხდება ფრენის პირობების ასახვა: ჰ40.ა) საწაფი – მოწყობილობა, რითაც კაბინაში რეალური ვითარების, ხელსაწყოების ჩვენებების, მექანიკური, ელექტრული, ელექტრონული და საბორტო სხვა სისტემების მარტივი ფუნქციების, სხ-ის ტიპის საფრენოსნო-ტექნიკური მახასიათებლების ასახვაა უზრუნველყოფილი. ჰ.40ბ) მათვის ტექნიკის შესამუშავებელი საწაფი – მოწყობილობა, რომელიც ზუსტად ასახავს სხ-ის ტიპის კაბინას, აგრეთვე, მექანიკური, ელექტრული, ელექტრონული და საბორტო სხვა სისტემების რელური ფუნქციების,საფრენოსნო ეკიპაჟის წევრებისათვის ჩვეული ვითარების, სხ-ის ტიპის საფრენოსნო-ტექნიკური მახასიათებლების ასახვას უზრუნველყოფს. ჰ.40გ) ძირითადი სახელსაწყო ფრენისათვის მოსამზადებელი საწაფი – შესაბამისი ხელსაწყოებით აღჭურვილი საწაფი, რითაც სხ-ის სახელსაწყო ფრენა აისახება კაბინაში. ჰ.41) მიწისზედა მომსახურება – საჰაერო მოძრაობის მომსახურების გარდა, სხ–ს აეროპორტში ჩამოფრენის და აეროპორტიდან გაფრენისთვის აუცილებელი მომსახურება. ჰ.42) ძრავა – სხ-ის მოძრაობაში მომყვანი მოწყობილობა, რომელიც შეიცავს, სულ ცოტა, იმ ნაწილებსა და აღჭურვილობას, რაც მის სამოქმედოდ და საკონტროლოდ არის საჭირო. ძრავა არ შეიცავს საჰაერო/მზიდ ხრახნს. ჰ.43) კრიზისული ძრავა – ის ძრავა, რომლის მტყუნებაც სხ-ის მახასიათებლებზე ყველაზე უფრო არახელსაყრელ გავლენას ახდენს. ჰ.44) მარშრუტზე ფრენის ეტაპი – ფრენის მონაკვეთი, აფრენისა და სიმაღლის აღების პირველადი ეტაპის დამთავრებიდან დასაფრენად შესვლისა და დაფრენის ეტაპის დასაწყისამდე. შენიშვნა. იმ შემთხვევაში, როდესაც არ არის გარანტირებული დაბრკოლების ვიზუალურად გადაფრენის სათანადო სიმაღლე, ფრენები უნდა დაიგეგმოს იიმგვარად, რომ უზრუნველყოფილი იყოს დაბრკოლების გადაფრენა სიმაღლის საკმარისი მარაგით. კრიტიკული ძრავის მთყუნების შემთხვევებისთვის ექსპლუატანტს შეიძლება დასჭირდეს ალტერნატიული პროცედურების შემოღება. ჰ.45) ფრენების უზრუნველყოფის დისპეჩერი – ექსპლუატანტის მიერ ფრენების საკონტროლოდ და სამეთვალყურეოდ დანიშნული პირი (მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა მას მოწმობა), რომელსაც აქვს ჩიკაგოს კონვენციის №1 დანართის შესაბამისი კვალიფიკაცია და ატარებს ინსტრუქტაჟს და/ან მეთაურს ეხმარება ფრენის უსაფრთხოდ შესრულების უზრუნველყოფაში.
ვერტმფრენების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ