1. ამ წესებში გამოყენებულ ტერმინებს და ცნებებს გააჩნია შემდეგი მნიშვნელობა:

ა) გემი – ყველა სახეობის მცურავი ობიექტი, მათ შორის, არაწყალწყვის გემები და ჰიდროთვითმფრინავები, რომლებიც გამოიყენება ან შეიძლება გამოყენებულ იქნეს წყალზე გადაადგილების საშუალებად;

ბ) თევზსაჭერი გემი – ნებისმიერი გემი, რომელიც გამოიყენება თევზჭერისა და სხვა სახეობის საზღვაო რეწვისათვის. რეწვის იარაღი არის თევზსაჭერი გემის განუყოფელი ნაწილი;

გ) თევზსარეწი გემი – მცურავი საშუალება, რომელიც ახორციელებს თევზის ან/და ზღვის პროდუქტების დამუშავებას და სხვადასხვა პროდუქციის გამოშვებას;

დ) თევზის ნედლეულისა და რეწვის პროდუქციის სატრანსპორტო გემი – მცურავი საშუალება, რომელიც თევზსაჭერი ან/და თევზსარეწი გემებიდან ზღვაში ან/და სანავსადგურე ერთეულში იღებს თევზის ნედლეულსა თუ პროდუქციას და ეწევა ტრანსპორტირებას თევზჭერის საზღვაო რაიონებიდან ნავსადგურებში; ან ერთი სახელმწიფოს თევზჭერის რაიონიდან მეორე სახელმწიფოს ნავსადგურებში.

ე) მსხვილტონაჟიანი გემი – ამ წესის მიზნებისთვის 15 000 (თხუთმეტი ათასი) ტონა და მეტი საერთო ტევადობის გემი;

ვ) მცირეტონაჟიანი გემი – ამ წესის მიზნებისთვის 15 000 (თხუთმეტი ათასი) ტონაზე ნაკლები საერთო ტევადობის გემი;

ზ) ზომამცირე გემი – ამ წესების მიზნებისათვის 7 (შვიდი) მეტრი და ნაკლები სიგრძის გემი;

თ) ნავსადგურის დამხმარე ფლოტი – მცურავი საშუალება, რომელიც გამოიყენება სანავსადგურე ერთეულის უსაფრთხო ფუნქციონირებისათვის;

ი) გემის ადმინისტრაცია – გემის კაპიტანი, უფროსი მექანიკოსი, კაპიტნის უფროსი თანაშემწე, მეორე მექანიკოსი;

კ) დრეიფი – ქარის ან წყლის დინების ზემოქმედების შედეგად თავისუფლად მდომი გემის (არ აქვს მოძრაობა წყლის ზედაპირთან შეფარდებით და არ დგას ღუზაზე) მოძრაობა დაუდგენელი მიმართულებით;

ლ) კაბელტი – საზღვაო ნაოსნობაში გამოყენებული სიგრძის ერთეული (დაახლოებით 185,2 მეტრი);

მ) საზღვაო მილი – საზღვაო ნაოსნობაში გამოყენებული სიგრძის ერთეული (ერთი მილი უდრის 10 (ათი) კაბელტს, დაახლოებით 1852 მეტრი);

ნ) კვანძი – გემის სიჩქარის საზომი ერთეული, განისაზღვრება ერთ საათში გავლილი საზღვაო მილებით;

ო) ნავთობი – ამ წესების მიზნებისთვის ნავთობროდუქტი, რომელიც შეიძლება იყოს ნედლი ნავთობი, მისგან წარმოებული ნავთობპროპდუქტები (მათ შორის, თხევადი გაზი), ნარჩენები და წყლისა და ნავთობის მინარევები;

პ) სახიფათო ტვირთი – ტვირთი (ნივთიერება, მასალა, ნაკეთობა), რომელმაც გადაზიდვისას თავისი თვისებებით და განსაკუთრებული მახასიათებლებით შეიძლება საფრთხე შეუქმნას ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ზიანი მიაყენოს გარემოსა და ბუნებრივ რესურსებს, დააზიანოს ან გაანადგუროს მატერიალური ფასეულობანი;

ჟ) ცეცხლსაშიში ტვირთი – ტვირთი, რომელიც განსაზღვრულ პირობებში ადვილად შეიძლება აალდეს;

რ) სააგენტო – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო;

ს) ნავსადგური – საზღვაო ნავსადგური არის იმ სანავსადგურე ინფრასტრუქტურის ერთობლიობა, რომელიც განლაგებულია განსაზღვრულ გეოგრაფიულ ადგილზე და რომელშიც შეიძლება მდებარეობდეს ერთი ან ერთზე მეტი სანავსადგურე ერთეული;

ტ) სანავსადგურე ერთეული – საქართველოს ნავსადგურის ტერიტორიაზე მდებარე, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სამართლებრივი ფორმით შექმნილი, დამოუკიდებელი იურიდიული პირი, რომელსაც აქვს ჰიდროტექნიკური ნაგებობები, სატვირთო ოპერაციებისთვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურა და შესაბამისი ტერიტორია და რომლისთვისაც გამოყოფილია სათანადო სტატუსის მქონე საზღვაო აკვატორია. ორი ან ორზე მეტი სანავსადგურე ერთეულისთვის შეიძლება გამოყოფილი იყოს საერთო საზღვაო აკვატორია ან აკვატორიის ნაწილი. ტერმინში „სანავსადგურე ერთეული“ არ იგულისხმება სამხედრო დანიშნულების სანავსადგურე ინფრასტრუქტურა;

უ) სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაცია – სანავსადგურე ერთეულის მმართველი;

ფ) ტერმინალი – სანავსადგურე ერთეულში ცალკე გამოყოფილი ტერიტორია, სადაც ხორციელდება სატვირთო/მგზავრთა მომსახურების ოპერაციები;

ქ) ნავსადგურის კაპიტანი – სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის – ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურის უფროსი, რომელიც საზღვაო ნავსადგურის აკვატორიაში ახორციელებს ნაოსნობის უსაფრთხოების სახელმწიფო ზედამხედველობასა და კონტროლს, კანონით მასზე დაკისრებული უფლებამოსილებების ფარგლებში;

ღ) მორიგე ოფიცერი – სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის – ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურის თანამშრომელი, რომელიც ახორციელებს სანავსადგურე ერთეულსა და მის მიმდებარე აკვატორიაში სახელმწიფო ზედამხედველობასა და კონტროლს, კანონით მასზე დაკისრებული უფლებამოსილებების ფარგლებში;

ყ) ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის ინსპექტორი – სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურის თანამშრომელი, რომელიც ახორციელებს სანავსადგურე ერთეულში შესული გემების შემოწმებას და მათ შესაბამისობას საერთაშორისო კონვენციების მოთხოვნებთან, აგრეთვე ახორციელებს კანონმდებლობით მასზე დაკისრებულ სხვა მოვალეობებს;

შ) საზღვაო-სამაშველო საკოორდინაციო ცენტრი – საძიებო-სამაშველო რაიონში ავარიის შედეგად დაღვრილი ნავთობითა და მავნე ნივთიერებებით ზღვის დაბინძურების ლიკვიდაციისა და საძიებო-სამაშველო ოპერაციების განხორციელების ორგანიზებისა და კოორდინაციისათვის პასუხისმგებელი სააგენტოს სტრუქტურული ერთეული;

ჩ) VTS ოპერატორი – სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის – ზღვაზე ძებნა-გადარჩენისა და გემების მოძრაობის მონიტორინგის დეპარტამენტის, გემების მოძრაობის მონიტორინგისა და საინფორმაციო სისტემის ცენტრის თანამშრომელი, რომელიც გემებს უწევს მომსახურებას საქართველოს ტერიტორიულ ზღვასა და ნავსადგურის აკვატორიაში გემების მოძრაობის მონიტორინგისა და საინფორმაციო სისტემის ფუნქციონირების წესის შესაბამისად;

ც) სანაპირო დაცვა – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტი;

ძ) შემმოწმებელი – სათანადო მოწმობის/სერტიფიკატის მქონე ფიზიკური პირი, რომელიც ახორციელებს ამ მოწმობით/სერტიფიკატით განსაზღვრულ გემის ტვირთის შემოწმების მომსახურებას;

წ) სურვეიერი – სურვეიერის მოწმობის/სერტიფიკატის მქონე ფიზიკური პირი, რომელიც ახორციელებს ამ მოწმობით/სერტიფიკატით განსაზღვრულ სურვეიერულ მომსახურებას;

ჭ) „კარგი საზღვაო პრაქტიკა“ – ნაოსნობის ისტორიის პერიოდში გამომუშავებული საუკეთესო ტრადიციები, წეს-ჩვეულებები და მოქმედებები;

ხ) თავისუფალი პრაქტიკა – საზღვარგარეთიდან მოსული გემის უფლება განახორციელოს სატვირთო, სამგზავრო და სხვა ოპერაციები, რომელსაც იგი იძენს მის მიერ სასაზღვრო, საბაჟო საზღვრის გადაკვეთის, სანიტარიულ-საკარანტინო, ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო პროცედურების გავლის შემდეგ;

ჯ) კანჯო – კოლექტიური მოხმარების სამაშველო მცურავი საშუალება, რომელიც წარმოადგენს გემის განუყოფელ (აღჭურვილობის) ნაწილს;

ჰ) რეიდი – ნავსადგურის აკვატორიაში ან მის ფარგლებს გარეთ გემის ღუზაზე დგომისათვის განკუთვნილი საზღვაო რაიონი;

ჰ1) ფარვატერი – უსაფრთხო ნაოსნობისათვის განსაზღვრული წყლის დერეფანი;

ჰ2) კიჩოს ფლაგშტოკი – დროშის ასაწევი ანძა კიჩოზე;

ჰ3) გვარლი – მისაბმელი ბაგირი;

ჰ4) გროტ ანძა – მთავარი ანძა;

ჰ5) ბოფორტის შკალა – საერთაშორისო 12 (თორმეტი)-ბალიანი სისტემა, რომელიც გამოიყენება ქარის ძალის გასაზომად (დანართი №1);

ჰ6) დუგლასის შკალა – საერთაშორისო 9 (ცხრა)-ბალიანი სისტემა, რომელიც განსაზღვრავს ტალღის სიმაღლეს და ზღვის ლივლივის (Swell) სიმაღლეს (დანართი №2);

ჰ7) შეზღუდული ხილვადობა – 5 საზღვაო მილზე ნაკლები და 2 საზღვაო მილზე მეტი;

ჰ8) ცუდი ხილვადობა – 0,5 -2 საზღვაო მილი.

2. ამ წესებში გამოყენებულ შემოკლებებს გააჩნია შემდეგი მნიშვნელობა:

ა) IMO (International Maritime Organization) – საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია;

ბ) UTC (Coordinated Universal Time) – უნივერსალური კოორდინირებული დრო, რომელიც აითვლება გრინვიჩის ნულოვანი მერიდიანიდან;

გ) IMDG CODE (International Maritime Dangerous Goods) –„სახიფათო ტვირთების საერთაშორისო საზღვაო გადაზიდვის კოდექსი“;

დ) ISGOTT (International Safety Guide for Oil Tankers & Terminals) – საერთაშორისო უსაფრთხოების სახელმძღვანელო ტანკერებისა და ნავთობტერმინალებისათვის;

ე) ICS/INTERCO (International Code of Signals) – სიგნალების საერთაშორისო კრებული;

ვ) SOLAS 74 (International Convention for the Safety of Life at Sea) – „ზღვაზე ადამიანის სიცოცხლის დაცვის შესახებ საერთაშორისო კონვენცია“;

ზ) COLREG -72 (Convention on the International Regulations for Preventing Collisions at Sea, 1972) – „ზღვაში გემების შეჯახების თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო წესები“;

თ) ISPS CODE (International Ship and Port Facility Security Code) – „გემების და ნავსადგურების უშიშროების საერთაშორისო კოდექსი“;

ი) Black Sea MOU – შავი ზღვის ურთიერთგაგების მეომორანდუმი ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის შესახებ;

კ) კბტ – კაბელტი;

ლ) VTS (Vessel traffic service) – გემის მოძრაობის მომსახურება;

მ) SPM (Single Point Mooring) – ზღვის ფსკერზე განლაგებული და წყალში/წყლის ზედაპირზე მოძრავი ტივტივა მოწყობილობა/სისტემა, რომელიც გამოიყენება გემის 1 წერტილიდან (გემის ქიმის ნაწილიდან) მისაბმელად ნავთობისა და ნავთობპროდუქტების სატვირთო ოპერაციების ჩასატარებლად;

ნ) CBM (Conventional Buoy Mooring system) – უნავმისადგომო ჩამოსასხმელი ზღვის ფსკერზე მიმაგრებული წყალში/წყლის ზედაპირზე მოძრავი რამდენიმე ტივტივისგან შემდგარი გემმისაბმელი სისტემა, რომლებიც გამოიყენება გემის რამდენიმე ან ყველა მხრიდან მისაბმელად სატვირთო ოპერაციების ჩასატარებლად;

ო) VHF რადიოსადგური (Very High Frequency) წარმოადგენს ულტრამოკლეტალღურ (მეტრული დიაპაზონი) რადიოსადგურს, რომლიც მოქმედების არეალი დაახლოებით მერყეობს 20-30 საზღვაო მილის ფარგლებში, პირდაპირი რადიომხედველობის არეში და ტალღის გავრცელების მანძილი დამოკიდებულია გადამცემი და მიმღები რადიოსადგურების ანტენების განთავსების სიმაღლეზე ზღვის ზედაპირიდან.

3. ამ წესებში გამოყენებულ სხვა ტერმინებს და ცნებებს აქვს „საქართველოს საზღვაო კოდექსითა“ და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრული მნიშვნელობ