1. გემის ნავსადგურში შესვლის და ნავსადგურიდან გასვლის გაფორმებას ახორციელებს ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახური.
2. თუ თევზსაჭერი გემის ან სხვა ტიპის მცურავი საშუალების გასვლა ხდება აკვატორიიდან, რომელიც არ შედის არცერთი სანავსადგურე ერთეულის ფარგლებში, ასეთ შემთხვევაში მის შემოწმებას/გაფორმებას ახდენს უახლოესი ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახური.
3. გემი, ნავსადგურში შესვლის ან ნავსადგურიდან გასვლის დროს, ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურს შესამოწმებლად წარუდგენს ამ წესების დანართი №3-ით გათვალისწინებულ დოკუმენტებს.
4. გემის ღუზაზე დგომის ადგილს (წერტილს) განსაზღვრავს ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახური. გემის კაპიტნისთვის ინფორმაციის მიწოდებას უზრუნველყოფს VTS ოპერატორი.
5. ნავსადგურში გემის ან/და ტვირთის დაკავების უფლება აქვს მხოლოდ ნავსადგურის კაპიტანს, აგრეთვე სხვა უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოებს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში და წესით. გემის ან/და ტვირთის დაპატიმრება/დაკავება ფიქსირდება შესაბამის ჟურნალში. გემის დაპატიმრება სამოქალაქო მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით ფორმდება ნავსადგურის კაპიტნის განკარგულებით გემის/ტვირთის დაპატიმრების შესახებ. (განკარგულების სტანდარტული ფორმა მოცემულია ამ წესების დანართით №4.)
6. გემის მოძრაობას რეიდზე და აკვატორიაში არეგულირებს ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახური ამ წესებისა და საქართველოს კანონდებლობის შესაბამისად, სააგენტოს ზღვაზე ძებნა-გადარჩენისა და გემების მოძრაობის მონიტორინგის დეპარტამენტის მონაწილეობით.
7. ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურს უფლება აქვს ნავიგაციის თვალსაზრისით დახუროს ან გახსნას ნავსადგური კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
8. სააგენტოს უფლებამოსილ პირებს, სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად, უფლება აქვთ დღე-ღამის ნებისმიერ დროს შევიდნენ და იმყოფებოდნენ ნავსადგურის ტერიტორიაზე და ავიდნენ გემზე განურჩევლად დროშის სახელმწიფოსი. უფლებამოსილ პირთა სიას განსაზღვრავს სააგენტოს დირექტორი საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №386 დადგენილების „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საფუძველზე.
9. ნავსადგურის ტერიტორიაზე, გემებზე და აკვატორიაში საგანგებო სიტუაციების შესახებ ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახური ატყობინებს შესაბამის საგანგებო სიტუაციებთან დაკავშირებული ამოცანების გადასაწყვეტად სპეციალურად უფლებამოსილ ორგანოს (დანართი №5).
10. ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახური ახორციელებს გემის დოკუმენტების და ეკიპაჟის სერტიფიკატების შემოწმებას.
11. ნავსადგურის კაპიტანი ახორციელებს:
ა) სახელმწიფო ზედამხედველობას და კონტროლს ზღვაოსნობის უსაფრთხოებაზე და საერთაშორისო კონვენციების, საქართველოს კანონმდებლობისა და ამ წესების შესრულებაზე ნავსადგურში და მიმდებარე აკვატორიაში მოძრავი, მათ შორის, ნავსადგურში მდგომი გემების მიერ, ასევე, თევზსაჭერი, კვლევითი და სპეციალური დანიშნულების გემების მიერ, განურჩევლად დროშის კუთვნილებისა;
ბ) გემის, მათ შორის, თევზსაჭერი გემის, ნავსადგურში შესვლა-გასვლის საბუთების გაფორმებას და უფლების გაცემას (Harbour Master Clearance) ნავსადგურიდან გემის გასვლის შესახებ;
გ) საზღვაო-სამაშველო საკოორდინაციო ცენტრთან ურთიერთობას და წარმოადგენს ადგილზე მოქმედების კოორდინატორს, თუ ზღვაში მყოფი გემის, ადამიანის და საფრენი აპარატის საძიებო-სამაშველო ოპერაცია ან ავარიის შედეგად დაღვრილი ნავთობითა და მავნე ნივთიერებებით ზღვის დაბინძურების ლიკვიდაცია ხორციელდება ნავსადგურში ან ნავსადგურიდან 12 (თორმეტი) საზღვაო მილის რადიუსში;
დ) გემის ნავსადგურიდან გასვლის მზადყოფნის შემოწმებას და გემის მდგრადობის მონაცემების შესაბამისობის კონტროლს, გემის დოკუმენტებსა და LL კონვენციით დადგენილ სტანდარტებთან;
ე) საზღვაო ნავსადგურში და მის მიმდებარე აკვატორიაში მცურავი საშუალებების უსაფრთხო დგომის კონტროლსა და გადაადგილების თანხმობის გაცემას.
12. სააგენტო, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, ადგენს ნავსადგურისა და მისი მიმდებარე აკვატორიის ფარგლებში ნაოსნობის წესებს, საზღვაო ნავსადგურთან მისასვლელს, შესასვლელსა და გასასვლელს.
13. ნავსადგურის კაპიტანი გასცემს თანხმობას გემზე ლოცმანის ასვლის და გემის გაცილების ან ნავსადგურში შემოყვანის შესახებ.
14. ნავსადგურის კაპიტნის მიერ თავისი კომპენტენციის ფარგლებში ზღვაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და სანავსადგურე ერთეულში წესრიგის დასაცავად გაცემული განკარგულებები სავალდებულოა შეასრულოს სანავსადგურე ერთეულში მყოფმა ყველა ფიზიკურმა და იურიდიულმა პირმა და გემმა.
15. ნავსადგურის კაპიტანს უფლება აქვს:
ა) არ გასცეს ნავსადგურიდან გემის გასვლის უფლება, თუ:
ა.ა) გემი არ აკმაყოფილებს ცურვის ვარგისიანობის კრიტერიუმებს;
ა.ბ) დარღვეულია დატვირთვის, მომარაგების, ეკიპაჟის დაკომპლექტების მოთხოვნები და აღმოჩენილია სხვა ნაკლოვანებები, რომლებიც საშიშროებას უქმნიან გემის უსაფრთხო ნაოსნობას, გემზე მყოფ ადამიანთა სიცოცხლეს და გარემოს დაბინძურებას;
ა.გ) არასწორადაა შედგენილი გემის საბუთები;
ა.დ) გადახდილი არ არის დადგენილი საფასური ან ჯარიმა;
ბ) დაიკავოს გემი ან ტვირთი:
ბ.ა) ფიზიკური ან იურიდიული პირის განცხადების საფუძველზე, თუ ეს დაკავშირებულია საერთო ავარიასთან, გადარჩენასთან, ტვირთის გადაზიდვის ხელშეკრულებასა და გემის შეჯახებასთან, გადასახადის გადაუხდელობასთან ან სხვა ზიანთან;
ბ.ბ) სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაციის მოთხოვნით, თუ მწყობრიდანაა გამოსული სანავსადგურო ნაგებობანი, ნავსადგურში არსებული სხვა ნაგებობანი, ნავსადგურში არსებული სხვა ქონება და სანავიგაციო მოწყობილობანი;
ბ.გ) ვიდრე გემის ან ტვირთის მფლობელი არ წარმოადგენს სათანადო უზრუნველყოფას;
გ) გემის ან ტვირთის უსაფუძვლო დაკავებისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება იმ პირს, რომლის მოთხოვნითაც არის დაკავებული გემი ან ტვირთი;
დ) ნავსადგურის კაპიტნის განკარგულება გემის ან ტვირთის დაკავების შესახებ მოქმედებს სამი დღე-ღამის განმავლობაში. ამ ვადაში არ შედის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დასვენებისა და უქმე დღეები. იმ შემთხვევაში, თუ ამ ვადაში სასამართლო არ გამოიტანს გადაწყვეტილებას გემის ან ტვირთის დაკავების შესახებ, ის დაუყოვნებლივ უნდა განთავისუფლდეს.
16. გემის ან/და ტვირთის უსაფუძვლო დაკავებისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება იმ პირს, რომლის მოთხოვნითაც არის დაკავებული გემი ან/და ტვირთი.
17. ნავსადგურის კაპიტნის განკარგულება გემის ან/და ტვირთის დაკავების შესახებ მოქმედებს სამი დღე-ღამის განმავლობაში. ამ ვადაში არ შედის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დასვენებისა და უქმე დღეები. იმ შემთხვევაში, თუ ამ ვადაში სასამართლო არ გამოიტანს გადაწყვეტილებას გემის ან/და ტვირთის დაკავების შესახებ, ის დაუყოვნებლივ უნდა განთავისუფლდეს.
18. ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურის მორიგე ოფიცერი:
ა) ასრულებს 24-საათიან მორიგეობას. სადღეღამისო ცვლისა და მორიგეობის პერიოდში უზრუნველყოფს ნავსადგურში გემების მოძრაობის, დგომის და სატვირთო ოპერაციების უსაფრთხოების მოთხოვნების ზედამხედველობასა და კონტროლს ამ წესებისა და საერთაშორისო რეგულაციების შესაბამისად. უზრუნველყოფს ზედამხედველობას რეიდზე მდგომი გემების მიერ ამ წესების შესრულებასა და ღუზაზე მათ უსაფრთხო დგომაზე;
ბ) VTS ოპერატორის მეშვეობით, დროულად აძლევს ინფორმაციას სანავსადგურე ერთეულში და რეიდზე მდგომ გემებს ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ;
გ) ამოწმებს გემის აგენტის მიერ წარდგენილი შემოსული და გამსვლელი გემების საბუთების მდგომარეობას.
19. ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის ინსპექტორი:
ა) ახორციელებს ნავსადგურში შემოსულ გემებზე ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლს და ეწევა ნავსადგურში შემოსული გემების ინსპექტირებას საერთაშორისო საზღვაო კონვენციებთან შესაბამისობის მიზნით;
ბ) ადგენს ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის შესახებ შავი ზღვის მემორანდუმით დამტკიცებულ გემის ინსპექტირების შესაბამის ოქმს, ათანხმებს ნავსადგურის კაპიტანთან და აგზავნის სააგენტოს საზღვაო უსაფრთხოების დეპარტამენტში;
გ) იმ შემთხვევაში, თუ ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის ინსპექტორის მიერ შედგენილი აქტის თანახმად, აღმოჩნდება გემის მოწყობილობების, საბუთების, ეკიპაჟის კომპლექტაციის ან სხვა სერიოზული საკითხების შეუსაბამობა არსებული საერთაშორისო კონვენციების მოთხოვნებთან და ამ დარღვევებმა გემის ნაოსნობაში გასვლით შეიძლება გამოიწვიოს გემის ან/და ადამიანთა დაღუპვა ან ზღვის/გარემოს დაბინძურება ნავსადგურის კაპიტანს უფლება აქვს შეაჩეროს ასეთი გემის გასვლა ნავსადგურიდან, ვიდრე შესაბამისი შენიშვნა(ები) არ იქნება მთლიანად შესრულებული და ნაკლოვანებები აღმოფხვრილი;
დ) ნავსადგურში შემოსული გემების ინსპექტირების პროცესს ასახავს ფოტო/ვიდეო გადაღების საშუალებით. ფოტო და ვიდეოჩანაწერი გამოიყენება, როგორც ვიზუალური მტკიცებულებები გემზე არსებული სიტუაციის ობიექტურად აღწერისათვის, ასევე, როგორც მტკიცებულებები გემების საქართველოს და საერთაშორისო კანონმდებლობასთან შესაბამისობის ან შეუსაბამობის დასადგენად. ამ პროცედურების განხორციელების დროს გამოყენებული უნდა იქნეს ფოტოაპარატი/ვიდეოკამერა თარიღისა და დროის ავტომატური რეჟიმით. ვიდეოჩანაწერის დაწყების დროდ განისაზღვრება ინსპექტორის გემის ტრაპზე ასვლის მომენტიდან. ტანკერის ტიპის გემის ინსპექტირებისას გამოყენებული უნდა იქნეს თვისობრივად უსაფრთხო (intrinsically safe) ვიდეოკამერა;
ე) აცნობებს გემის კაპიტანს სამხრე ვიდეოკამერის მეშვეობით ვიდეო-აუდიო ჩაწერის მიმდინარეობის თაობაზე.
20. ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის ინსპექტორს ნავსადგურში შემოსული გემების ინსპექტირებისას თან უნდა ჰქონდეს შემდეგი აღჭურვილობა და მასალები:
ა) თვისობრივად უსაფრთხო კავშირგაბმულობის საშუალებები;
ბ) კომპიუტერული საშუალება (პორტატიული/სატარებელი კომპიუტერი, პლანშეტი და სხვ.);
გ) თვისობრივად უსაფრთხო სამხრე ვიდეოკამერა;
დ) თვისობრივად უსაფრთხო ფოტოაპარატი;
ე) პერსონალური დაცვის საშუალებები, მათ შორის: მულტიგაზდეტექტორი, ჟილეტი, უსაფრთხო ჩაფხუტი, უსაფრთხო ფეხსაცმელი, უსაფრთხო სათვალე, ყურების დამცავი, ხელთათმანები.
21. ამ მუხლის მე-15 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებამდე ნავსადგურის კაპიტანმა უნდა აცნობოს ამის შესახებ სააგენტოს საზღვაო უსაფრთხოების დეპარტამენტ