1. ნავსადგურში გემის შესვლის შესახებ ინფორმაციის მიწოდების, თავისუფალი პრაქტიკის მიღების პირობები და წესი რეგულირდება ამ „წესების“ შესაბამისად.
2. ნავსადგურთან მიახლოების, ღუზაზე დგომის ან ღუზიდან მოხსნის, აკვატორიაში მოძრაობის და ნავსადგურიდან გასვლის დროს გემის კაპიტანმა და ეკიპაჟმა უნდა იხელმძღვანელოს „ზღვაზე გემების შეჯახების თავიდან აცილების საერთაშორისო წესებით“ (COLREG-72), ოფიციალურად გამოცემული საზღვაო ლოციებით, ქაღალდისა და ელექტრონული რუკებით, ALRS პუბლიკაციებით, ამ წესებით ნაოსნობის სახელმძღვანელოების რეკომენდაციებით, „კარგი საზღვაო პრაქტიკით“ და საქართველოს კანონმდებლობით.
3. ნავსადგურში შესულ გემს უნდა ჰქონდეს საქართველოს საზღვაო სანაპიროს რუკები, აგრეთვე სააგენტოს, სააგენტოს ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურის და საზღვაო-სამაშველო საკოორდინაციო ცენტრის (შემდგომში – საკოორდინაციო ცენტრი), და სანაპირო დაცვის დეპარტამენტის საკონტაქტო მონაცემები.
4. საქართველოს საძიებო-სამაშველო რაიონში შესვლამდე ყველა გემის კაპიტანი ვალდებულია აღნიშნულის შესახებ წინასწარ აცნობოს საზღვაო-სამაშველო საკოორდინაციო ცენტრს, „ზღვაზე ადამიანის სიცოცხლის გადარჩენის შესახებ“ (SOLAS) 1974 წლის საერთაშორისო კონვენციის 8-1(ჰ) წესის, „ზღვის ნავთობით დაბინძურების თავიდან აცილების შესახებ“ (MARPOL 73/78) საერთაშორისო კონვენციის I ოქმის V(1) მუხლისა და IMO-ს SN/CIRC230 20.03.2003 (GEOREP) ცირკულარის შესაბამისად.
5. გემის კაპიტანი ვალდებულია ნავსადგურში გარე რეიდზე ან დატვირთვა/გადმოტვირთვის ოპერაციების დროს გემთან დაკავშირებული საზღვაო ინციდენტის შესახებ, ინფორმაცია დაუყოვნებლივ აცნობოს სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაციას, ნავსადგურის კაპიტანს და საზღვაო-სამაშველო საკოორდინაციო ცენტრს.
6. კატარღებს, ნავებს, იახტებს, სპორტულ, თევზსაჭერ, აგრეთვე სანავსადგურე მცურავ ობიექტებს უფლება აქვთ ნავსადგურში შესვლა ან/და გასვლა უშუალოდ აგენტის გარეშე გააფორმონ ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურში.
7. ნავსადგურში ბუქსირით შესული გემი, თუ მასზე იმყოფება კაპიტანი და ეკიპაჟი, ნავსადგურში შესვლას აფორმებს დამოუკიდებლად. ყველა სხვა შემთხვევაში ბუქსირზიდვის ქარავნის ნავსადგურში შესვლის გაფორმებაზე პასუხისმგებელია ბუქსირმზიდი გემის კაპიტანი.
8. ნავსადგურში შემსვლელი გემის მაქსიმალური დასაშვები წყალშიგი და გემის კილქვეშ არსებული წყლის მარაგი (UKC) უნდა შეესაბამებოდეს ამ წესებით, ნავსადგურის კაპიტნის მიერ ოფიციალურად გამოცხადებულ ყოველწლიურ ან პერიოდულ სიდიდეებს, რომელიც ეფუძნება სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაციის ან სსიპ „სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის“ მიერ წარდგენილ ტოპო-ბათიმეტრიულ რუკების მონაცემებს.
9. გემები მიუხედავად მათი ნავსადგურში შემოსვლის თარიღისა და მანევრირების რიგითობის თანმიმდევრობისა ნავსადგურში უნდა შევიდნენ ან ნავსადგურიდან გავიდნენ შემდეგი უპირატესობით:
ა) განგაშის გამო ან დასახმარებლად გამსვლელი გემი, ავარიული გემი;
ბ) სამხედრო და სანაპირო დაცვის გემი;
გ) ჰუმანიტარული დანიშნულების გემი;
დ) საკრუიზო გემი;
ე) სახაზო სატვირთო-სამგზავრო გემი;
ვ) სახაზო-სატვირთო გემი;
ზ) სხვა გემები, განაცხადის გაკეთების რიგითობის მიხედვით.
10. დღის ნათელ პერიოდში საქართველოს ტერიტორიულ წყლებში შემოსვლისას ყველა გემი ვალდებულია აღმართოს გემის ქვეყნის რეგისტრაციის სახელმწიფო დროშა, საქართველოს სახელმწიფო დროშა და შესაბამისი საკარანტინო სასიგნალო ნიშანი. საკარანტინო სასიგნალო ნიშანი უნდა შეესაბამებოდეს ICS-ს მოთხოვნებს.
11. ნავსადგურში გემის შესვლის უფლების მოთხოვნა ხედვითი კავშირის საშუალებებით ხორციელდება გემის მიერ მისი „მოსახმობის“ აღმართვით (გადაცემით).
12. შეტყობინება გემის ნავსადგურში შესვლის აკრძალვის შესახებ მისთვის ნავმისადგომის მოუმზადებლობის, ტვირთის მოუწოდებლობის ან სხვა მიზეზის გამო, დროულად უნდა გადაეცეს რადიოტელეფონით VHF რადიოსადგურით.
13. გემი, რომლის ნავსადგურში შესვლა შეყოვნდა გარკვეული გარემოებების გამო, ვალდებულია დაუყოვნებლივ შეჩერდეს, შესაძლებლობისამებრ გადავიდეს ფარვატერიდან, ან მინიშნებულ ადგილას დადგეს ღუზაზე. აღნიშნულ შემთხვევაში გემის აგენტმა, ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურთან ან/და VTS ოპერატორთან შეთანხმების შემდეგ უნდა შეატყობინოს გემს ნავსადგურში შესვლის სავარაუდო დრო.
14. გემების სანავსადგურე ერთეულში შესვლის რიგითობას განსაზღვრავს სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაცია ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურთან შეთანხმებით, გემის რეიდზე დადგომის, ამ მუხლის მე-9 პუნქტით დადგენილი რიგითობის, ნავმისადგომისა დატვირთის მზადყოფნის, ჰიდრომეტეოროლოგიური და სხვა პირობების გათვალისწინებით.
15. გემების სანავსადგურე ერთეულში შესვლის სავარაუდო თარიღის და დროის შესახებ წინასწარი ინფორმაციის მიღებისთანავე, სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაცია ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურის უფროსს – ნავსადგურის კაპიტანს გემების სანავსადგურე ერთეულში შემოსვლის განრიგის თაობაზე განახლებული ინფორმაცია.
16. გემის ნავსადგურში შესვლა ხორციელდება დღე-ღამის ნებისმიერ პერიოდში, გარდა ნაოსნობისათვის არახელსაყრელი ჰიდრომეტეოროლოგიური და სხვა პირობებისა, როცა შეიძლება აიკრძალოს ნავსადგურში შესვლა/გასვლა, რის შესახებ წინასწარ უნდა გადაიცეს შესაბამისი შეტყობინება ულტრამოკლეტალღიანი რადიოან სხვა სახის კავშირით.
17. ნავსადგურში შემოსვლის წინ გემის კაპიტანი ვალდებულია იმგვარად დააბალანსოს გემის კორპუსის მდგომარეობა წყლის ზედაპირის სიბრტყესთან მიმართებაში, რომ გემის მამოძრავებელი ხრახნი (პროპელერი) მთლიანად იყოს დაფარული წყლით და გემის დიფერენტი (სხვაობა ცხვირსა და კიჩოს შორის ჰორიზონტალურ სიბრტყეში) არ აღემატებოდეს გემის მაქსიმალური სიგრძის 2,0 (ორი) პროცენტ