1. გემის ნავსადგურიდან გასვლა ფორმდება დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში. გემის აგენტმა გემის ნავსადგურიდან გასვლის შესახებ ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურს უნდა აცნობოს წინასწარ, ნავსადგურიდან გასვლამდე არაუგვიანეს 6 (ექვსი) საათით ადრე, ხოლო თუ გემის ნავსადგურში დგომის დრო 6 (ექვსი) საათზე ნაკლებია – გასვლამდე არაუგვიანეს 4 (ოთხი) საათით ადრე.

2. ნავსადგურიდან გემის გასვლის გაფორმება საჭირო არ არის, თუ გემი ნავსადგურიდან გადის ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურის მითითებით, რაც გამოწვეულია ნაოსნობისათვის არახელსაყრელი ჰიდრომეტეოროლოგიური პირობებით, საფრთხეში ჩავარდნილი ადამიანებისა და/ან გემის გადარჩენის აუცილებლობით, ან ზღვის დაბინძურების ლიკვიდაციის საჭიროებით. ამ შემთხვევაში გემის კაპიტანმა ნავსადგურიდან გასვლის დროის შესახებ ვალდებულია აცნობოს ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურს, რომელიც, თავის მხრივ, აღნიშნულ ინფორმაციას აწვდის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციას და სანაპირო დაცვის შესაბამის ქვედანაყოფებს.

3. გემის თვითნებური გასვლა ნავსადგურიდან აკრძალულია. გემის კაპიტნის პასუხისმგებლობა აღნიშნული მოთხოვნის დარღვევისათვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

4. გემის ნავსადგურიდან გასვლისათვის მზადყოფნაზე პასუხისმგებელია გემის კაპიტანი/გემთმფლობელი.

5. გემმა, განურჩევლად დროშის სახელმწიფოსა და კუთვნილების ფორმისა, ნავსადგურიდან გასვლისათვის წინასწარ უნდა მიიღოს ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურის შესაბამისი წერილობითი თანხმობა (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), რომელიც ძალაშია გაცემის მომენტიდან 24 საათის განმავლობაში.

6. თუ საბუქსირე გემზე იმყოფება კაპიტანი და ეკიპაჟი, მაშინ ნავსადგურიდან გასვლას აფორმებს თავად კაპიტანი, ხოლო ყველა სხვა შემთხვევაში ბუქსირზიდვის ქარავნის ნავსადგურიდან გასვლის გაფორმებაზე პასუხისმგებელია ბუქსირმზიდი გემის კაპიტანი.

7. თუ გემი შეყოვნდა ნავსადგურში ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული წერილობითი თანხმობის მოქმედების ვადაზე მეტი დროით, გემის კაპიტანი ვალდებულია აღნიშნულის შესახებ აცნობოს ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურს და სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაციას და განმეორებით მიიღოს ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურიდან წერილობითი თანხმობა გემის ნავსადგურიდან გასვლის შესახებ.

8. საზღვარგარეთ გამსვლელი გემი, ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურში ნავსადგურიდან გასვლის გაფორმების შემდეგ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადის სასაზღვრო კონტროლს.

9. გემის ნავსადგურიდან გასვლა ხორციელდება დღე-ღამის ნებისმიერ პერიოდში, გარდა ნაოსნობისათვის არახელსაყრელი ჰიდრომეტეოროლოგიური და სხვა პირობებისა, როცა შეიძლება აიკრძალოს ნავსადგურში შესვლა/გასვლა, რის შესახებ წინასწარ უნდა გადაიცეს შესაბამისი შეტყობინება რადიოკავშირი VHF რადიოსადგურით ან სხვა სახის კავშირი