1. გემის სალოცმანო გაცილება ხორციელდება ნავსადგურის მისასვლელებთან და ნავსადგურის აკვატორიაში, ნაოსნობის უსაფრთხოების, საზღვაო ინციდენტების თავიდან აცილებისა და გარემოს დაცვის უზრუნველყოფის მიზნით.
2. სალოცმანო გაცილების გარეშე ნაოსნობა ნებადართულია მხოლოდ:
ა) სამხედრო-საზღვაო გემისათვის;
ბ) 500 ტონაზე ნაკლები საერთო ტევადობის გემისათვის;
გ) რეგულარულ ხაზებზე მომუშავე სამგზავრო კატარღისათვის;
დ) დასაღრმავებელი სამუშაოების განმხორციელებელი გემისათვის;
ე) ნავსადგურის დამხმარე ფლოტის გემებისთვის.
3. ნავსადგურში შემსვლელ გემებზე საზღვაო ლოცმანის ასვლა და ჩამოსვლა ხორციელდება ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილას (Pilot Station).
4. რეიდზე ლოცმანის მიღება (გემზე ასვლა) ხორციელდება ამინდის ფაქტობრივი მდგომარეობისა და არსებული პირობების (ქარის, ტალღისა და ხილვადობის) გათვალისწინებით, რომელიც უსაფრთხოა გემზე ამსვლელი ლოცმანისათვის/გემის მანევრირებისათვის.
5. გემმა ლოცმანის მიღებისას უნდა უზრუნველყოს უსაფრთხო სიჩქარე და ქარის/ტალღის მიმართულებიდან გამომდინარე სათანადო კურსი. ლოცმანის აყვანის/ჩამოყვანის ოპერაციისათვის საჭირო კურსი და სიჩქარე შეიძლება წინასწარ შეთანხმებული იქნეს გემის კაპიტანსა და ლოცმანს შორის.
6. გემზე ასვლისას ლოცმანი ვალდებულია წარუდგინოს გემის კაპიტანს ლოცმანის სერტიფიკატი და სალოცმანო ქვითარი. სალოცმანო ქვითარში შეტანილი უნდა იქნეს საქართველოს საზღვაო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული, აგრეთვე, გემის სალოცმანო გაცილების პერიოდში შექმნილი ვითარების შესახებ მონაცემები.
7. გემზე საზღვაო ლოცმანის ყოფნის განმავლობაში აღმართული უნდა იყოს შესაბამისი სასიგნალო ალამი – „H“ („მე მყავს გემზე ლოცმანი“).
8. იმ შემთხვევაში, თუ არახელსაყრელი ჰიდრომეტეოროლოგიური პირობების გამო გემზე ლოცმანის მიღება ლოცმანის აყვანის წერტილში შეუძლებელია, მაშინ ლოცმანი გემზე შეიძლება აყვანილ იქნეს სხვა უფრო დაცულ და უსაფრთხო წერტილში, იმ პირობის გათვალისწინებით, რომ აღნიშნულ წერტილამდე მისვლა გემს შეუძლია განახორციელოს უსაფრთხოდ ლოცმანის გარეშე და ლოცმანის აყვანის ახალი წერტილი შეთანხმებულია ნავსადგურის კაპიტნის სამსახურთან.
9. გემის კაპიტანი უფლებამოსილია დაავალოს ლოცმანს, რომ ლოცმანმა, ნაოსნობასთან ან გემის მანევრირებასთან დაკავშირებული მითითებები გასცეს უშუალოდ გემის მესაჭის მისამართით. აღნიშნული უფლებამოსილების გადაცემა არ ათავისუფლებს გემის კაპიტანს პასუხისმგებლობისაგან იმ შედეგებზე, რაც შეიძლება მოჰყვეს გემის მართვასთან დაკავშირებული უფლებამოსილების გადაცემას სხვა პირისათვის.
10. გემის გაცილებისას საზღვაო ლოცმანის მიერ კაპიტნის ხიდურის მიტოვება დასაშვებია მხოლოდ გემის კაპიტნის თანხმობით, რომელმაც უნდა შეცვალოს ლოცმანი ან შეაჩეროს გემის მოძრაობა.
11. თუ გემის კაპიტანი ლოცმანის გემზე მიღების შემდეგ მოქმედებს ლოცმანის რეკომენდაციების საწინააღმდეგოდ, ლოცმანს უფლება აქვს, მესამე პირის თანდასწრებით, უარი განაცხადოს გემის შემდგომ გაცილებაზე. ამ შემთხვევაში აღნიშნულის თაობაზე ჩანაწერი შეტანილი უნდა იქნეს სალოცმანო ქვითარსა და გემის ჟურნალში და დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურს.
12. თუ ამ მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად ლოცმანი უარს განაცხადებს გემის სალოცმანო გაცილებაზე, იგი ვალდებულია დარჩეს გემზე და მიაწოდოს გემის კაპიტანს უსაფრთხო ნაოსნობისათვის საჭირო მონაცემები. იმ შემთხვევაში, თუ გემის კაპიტანი მოითხოვს სალოცმანო გაცილების განახლებას, ლოცმანი ვალდებულია გააგრძელოს გემის გაცილება.
13. თუ გემის კაპიტანს ეჭვი ეპარება ლოცმანის რეკომენდაციების მართებულობაში, მას უფლება აქვს, მესამე პირის თანდასწრებით უარი განაცხადოს სალოცმანო მომსახურებაზე და აღნიშნულის თაობაზე ჩანაწერი შეიტანოს სალოცმანო ქვითარში, გემის ჟურნალში, მოითხოვოს საზღვაო ლოცმანის სხვა ლოცმანით შეცვლა და დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურს. ამასთან, რაიონებში, სადაც სალოცმანო გაცილება სავალდებულოა, გემის კაპიტანმა უნდა შეაჩეროს გემის მოძრაობა სხვა ლოცმანის გემზე მოსვლამდე.
14. ლოცმანს უფლება არა აქვს გემის კაპიტნის თანხმობის გარეშე მიატოვოს გემი მანამ, ვიდრე გემი დადგება ღუზაზე, იქნება უსაფრთხო ადგილას ან ნაოსნობის ისეთ რაიონში, სადაც სალოცმანო გაცილება სავალდებულო არ არის ან ვიდრე მას შეცვლის სხვა ლოცმანი.
15. ნავსადგურიდან გამსვლელ გემს ლოცმანი აჰყავს ნავსადგურში მისი დგომის ადგილზე. გემის კაპიტანი ვალდებულია გემზე ასულ ლოცმანს მიაწოდოს გემის შესახებ ყველა საჭირო ინფორმაცია.
16. სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაცია პასუხს არ აგებს გემის ნავმისადგომთან დაყენების დაყოვნებაზე, თუ:
ა) გემის კაპიტანი დროულად არ შეატყობინებს სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაციას გარე რეიდზე მოსვლის შესახებ;
ბ) ფარვატერი დაკავებულია;
გ) გემზე ლოცმანის გაგზავნა შეუძლებელია შტორმის ან სხვა არახელსაყრელი ჰიდრომეტეოროლოგიური პირობების გამო.
ბუქსირით მომსახურების ზოგადი პირობე