1. საქართველო, ჩიკაგოს კონვენციის მე-17 დანართის V თავის („მართლსაწინააღმდეგო ქმედობების საპასუხო მოქმედებების ხელმძღვანელობა“) შესაბამისად, ვალდებულია კონკრეტული სიტუაციის გათვალისწინებით, ხელში ჩაგდებული/გატაცებული საჰაერო ხომალდის დასახმარებლად მიიღოს ზომები აერონავიგაციის და საჰაერო მოძრაობის მართვის საშუალებებით სარგებლობისა და მის ტერიტორიაზე დაჯდომის უფლების მიცემის ჩათვლით.
2. საქართველო უზრუნველყოფს, რომ ხელში ჩაგდებული და/ან გატაცებული საჰაერო ხომალდი, რომელიც დაფრინდა საქართველოს ტერიტორიაზე, დარჩეს მიწაზე, თუ მისი გაფრენა არ არის განპირობებული ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის აუცილებლობით.
3. საქართველო თანამშრომლობს ICAO-ს წევრ სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მართლსაწინააღმდეგო ქმედობის აღსაკვეთად ერთობლივი ღონისძიებების განხორციელების მიზნით.
4. მართლსაწინააღმდეგო ქმედობისაგან საქართველოს სამოქალაქო ავიაციის დაცვის მიზნით განსახორციელებელი მოქმედებები რეგულირდება ამ მუხლითა და კრიზისულ-ექსტრემალური სიტუაციების მართვის სამოქმედო გეგმით, რომლის შემუშავებას უზრუნველყოფს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
5. ჩიკაგოს კონვენციის მე-14 დანართის („აეროდრომები“) შესაბამისად, გაუთვალისწინებელ ვითარებაში ავიასაწარმოს მოქმედების გეგმას ადმინისტრაციასთან შეთანხმებით ამტკიცებს ავიასაწარმოს ხელმძღვანელი.
6. ავიასაწარმოს პერსონალი გადის სწავლებას გაუთვალისწინებელ ვითარებაში საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფად საპასუხო მოქმედებების ეფექტიანად განხორციელების კუთხით.
7. უწყებები და ორგანიზაციები, რომლებიც მონაწილეობენ მართლსაწინააღმდეგო ქმედობის საპასუხო მოქმედებების ხელმძღვანელობაში, საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტები, აეროპორტის ადმინისტრაცია და მოიჯარეები უზრუნველყოფენ მართლსაწინააღმდეგო ქმედობის სამოქალაქო ავიაციის დაცვის მიზნით გაუთვალისწინებელ ვითარებაში მოქმედების გეგმების შემუშავებას, ინსტრუქციების მომზადებას, კავშირის სისტემების დანერგვას და პერსონალის მომზადებას.
8. საჰაერო ხომალდის ხელში ჩაგდებასთან/გატაცებასთან ან აეროპორტში სამოქალაქო ავიაციის საქმიანობაში სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედობასთან დაკავშირებული გაუთვალისწინებელი ვითარების წარმოქმნისას ან წარმოქმნის საფრთხის არსებობისას, გაუთვალისწინებელი ვითარების რეგულირებისათვის საჭირო მოქმედებების ოპერატიული ხელმძღვანელობისთვის საქართველოს შინაგან საქმეთა, თავდაცვის სამინისტროების ქვედანაყოფების და სხვა დაინტერესებული უწყებების საქმიანობის კოორდინაციისათვის აეროპორტებში იქმნება ოპერატიული შტაბები, რომლებსაც ხელმძღვანელობენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი თანამდებობის პირები.
9. აეროპორტებში და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის მიზნით აეროპორტის ადმინისტრაციას შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე უფლება აქვს შემოიღოს უშიშროების დამატებითი ზომები (აეროვაგზლებში მოქალაქეთა დაშვების კონტროლი, შემოწმება შესასვლელებში, სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებისა და სადგომების კონტროლი და სხვ.).
10. აეროპორტში გაუთვალისწინებელ ვითარებაში მოქმედების გეგმა განსაზღვრავს აეროპორტის სხვადასხვა სამსახურის, აგრეთვე აეროპორტის მიმდებარედ განლაგებულ იმ ორგანოებს შორის კოორდინირებული მოქმედებების თანამიმდევრობას, რომლებსაც შეუძლიათ დახმარების აღმოჩენა მართლსაწინააღმდეგო ქმედობის ჩადენის მცდელობის დროს.
11. ოპერატიული გამოყენების მიზნით აეროპორტში გაუთვალისწინებელ ვითარებაში მოქმედების გეგმა უნდა ითვალისწინებდეს:
ა) გაუთვალისწინებელი ვითარების შექმნამდე მოქმედებების წინასწარ დაგეგმვას;
ბ) გაუთვალისწინებელი ვითარების დროს მოქმედებებს;
გ) დამხმარე ოპერაციებს და გაუთვალისწინებელი ვითარების დამთავრების შემდეგ დოკუმენტაციის მომზადებას