1. სახელმწიფოს, რომლის სამოქალაქო ავიაციის მიმართაც განხორციელდა მართლსაწინააღმდეგო ქმედობა, საქართველო უწევს თანადგომას საქართველოს სანავიგაციო საშუალებებით სარგებლობის უფლების მიცემის, საჰაერო მოძრაობის მართვა/მომსახურებისა და აეროპორტში დაფრენის უფლების მიცემის გზით.
2. ნებისმიერ უცხოურ საჰაერო ხომალდს, რომელზეც ჩადენილ იქნა მართლსაწინააღმდეგო ქმედობა, საჰაერო მოძრაობის მომსახურების ორგანოს წინასწარი თანხმობის გარეშე უფლება აქვს ფრენის უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვით შემოფრინდეს საქართველოს საჰაერო სივრცეში და დაფრინდეს ნებისმიერ აეროდრომზე. ასეთ საჰაერო ხომალდს საჰაერო მოძრაობის მომსახურების ორგანოები და აეროდრომები ემსახურებიან პირველ რიგში.
3. აეროდრომზე დაშვების შემდეგ საჰაერო ხომალდი გაჩერებული უნდა იქნეს იზოლირებულ სადგომზე, რის შემდეგაც ყველა მოქმედება აეროპორტში ხორციელდება გაუთვალისწინებელ ვითარებაში სამოქმედო გეგმის მიხედვით.
4. იმ შემთხვევაში, თუ უცხო ქვეყნის საჰაერო ხომალდმა, რომელზეც ჩადენილ იქნა მართლსაწინააღმდეგო ქმედობა, გადმოკვეთა საქართველოს საჰაერო სივრცე, საჰაერო მოძრაობის მომსახურების ორგანო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-საჰაერო ძალებთან შეთანხმებით უზრუნველყოფს მისი ფრენის უსაფრთხოებას საქართველოს საჰაერო სივრცეში ყოფნის დროს, აგრეთვე გადასცემს ინფორმაციას მეზობელი ქვეყნების საჰაერო მოძრაობის მომსახურების ორგანოებს და ცნობილი ან სავარაუდო დანიშნულების პუნქტის აეროპორტს მარშრუტზე და დაფრენის სავარაუდო აეროპორტში დაცვის ღონისძიებების დროულად განხორციე-ლებისათვის.
5. იმ საჰაერო ხომალდის განსაზღვრის/ამოცნობის წესი, რომელზეც ჩადენილ იქნა მართლსაწინააღმდეგო ქმედობა, აგრეთვე ამ ქმედობის ჩადენის დროს ინფორმაციის გადაცემის წესი და მოქმედება, რომელიც უნდა განახორციელოს საჰაერო მოძრაობის მომსახურების ორგანომ, განისაზღვრება აღნიშნული ორგანოს საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამით.
6. საქართველოში რეგისტრირებულ საჰაერო ხომალდზე ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედობის შემთხვევაში, საქართველოს საჰაერო სივრცეში მისი ფრენის მომსახურება ხორციელდება გაუთვალისწინებელ ვითარებაში სამოქმედო გეგმის შესაბამისად, რომელიც სავალდებულოა შესასრულებლად საქართველოში რეგისტრირებული საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის და საჰაერო მოძრაობის მართვის სამსახურებისთვის