1. სახელმწიფოს, რომლის სამოქალაქო ავიაციის მიმართაც განხორციელდა მართლსაწინააღმდეგო ქმედება, საქართველო უწევს თანადგომას საქართველოს კავშირგაბმულობის, სანავიგაციო და სარადიოლოკაციო  საშუალებებით სარგებლობის უფლების მიცემის, საჰაერო მოძრაობის მომსახურებისა და აეროპორტში დაფრენის უფლების მიცემის გზით.

2. ნებისმიერ უცხო ქვეყნის საჰაერო ხომალდს, რომელზეც ჩადენილ იქნა მართლსაწინააღმდეგო ქმედება, სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს წინასწარი თანხმობის გარეშე უფლება აქვს ფრენის უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვით შემოფრინდეს საქართველოს საჰაერო სივრცეში და დაფრინდეს ნებისმიერ  სამოქალაქო აეროდრომზე. ასეთ საჰაერო ხომალდს სააერნაოსნო მომსახურების საწარმოები და აეროდრომები ემსახურებიან პირველ რიგში.

3. საჰაერო მოძრაობის   მეთვალყურე   მზად უნდა იყოს ამოიცნოს ნებისმიერი ნიშანი, რომელიც მიუთითებს, რომ საჰაერო ხომალდის მიმართ ხორციელდება მართლსაწინაღმდეგო ქმედება.

4. საჰაერო ხომალდზე მართლსაწინააღმდეგო ქმედების შესახებ ზუსტი ან სავარაუდო ინფორმაციის ან აფეთქების მუქარის არსებობისას, საჰაერო მოძრაობის მეთვალყურემ დაუყოვნებლივ უნდა შეასრულოს საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის ყველა მოთხოვნა,   მიაწოდოს საჭირო ინფორმაცია სააერნაოსნო საშუალებების, პროცედურებისა და მომსახურების შესახებ როგორც მთელი ფრენის განმავლობაში ასევე  ნებისმიერ აეროდრომზე დაფრენის შემდეგ,  განახორციელოს  საჭირო ქმედებები შეუფერხებელი ფრენის უზრუნველსაყოფად  ფრენის ყველა ეტაპზე.

5. საჰაერო მოძრაობის   მეთვალყურე   ვალდებულია:

ა) იმ შემთხვევაში, თუ უცხო ქვეყნის საჰაერო ხომალდმა, რომელზეც ჩადენილ იქნა მართლსაწინააღმდეგო ქმედება, გადმოკვეთა საქართველოს საჰაერო სივრცე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის საჰაერო ოპერაციების ცენტრთან შეთანხმებით, უზრუნველყოს მისი ფრენის უსაფრთხოება საქართველოს საჰაერო სივრცეში ყოფნის დროს, აგრეთვე გადასცეს ინფორმაცია მოსაზღვრე სამეთვალყურეო პუნქტს და ცნობილი ან სავარაუდო დანიშნულების პუნქტის აეროპორტს მარშრუტზე და დაფრენის სავარაუდო აეროპორტში დაცვის ღონისძიებების დროულად განხორციელებისათვის;

ბ) არ დაელოდოს საჰაერო ხომალდის საფრენოსნო ეკიპაჟის პასუხს და ფრენის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად განახორციელოს საჰაერო ხომალდზე საჭირო  ინფორმაციის მიწოდება უწყვეტ რეჟიმში;

გ) ყველა შესაძლო საშუალების გამოყენებით თვალყური ადევნოს და ხელი შეუწყოს საჰაერო ხომალდის ფრენის მიმდინარეობას, საჰაერო ხომალდის მხრიდან რადიოსიხშირის გადართვის მოთხოვნის გარეშე უზრუნველყოს მოსაზღვრე სამეთვალყურეო პუნქტისთვის  მართვის გადაცემა  იმ საჰაერო ხომალდებზე, რომელთან კავშირი სათანადოდ არ ხორციელდება;

დ) ეცადოს  განსაზღვროს ფრენის სავარაუდო მარშრუტი და დანიშნულების პუნქტი, იმ შემთხვევაში თუ საჰაერო ხომალდმა შეიცვალა ფრენის მიმართულება და მისი დანიშნულების პუნქტი უცნობია. სააერნაოსნო მომსახურების საწარმო ვალდებულია   აღნიშნულის შესახებ აცნობოს სააგენტოს და ექსპლუატანტს;

ე)უზრუნველყოს მართლსაწინააღმდეგო ქმედებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცვლა/გადაცემა საჰაერო ხომალდსა და იმ  სუბიექტებს შორის, რომლებიც ჩართულნი არიან საპასუხო მოქმედებების  მართვის პროცესში. მათ შორის:

ე.ა) ავიაგადამზიდველს;

ე.ბ) აეროპორტის საავარიო-ოპერატიულ ცენტრს;

ე.გ) სააგენტოს.

6. აეროდრომზე დაშვების შემდეგ საჰაერო ხომალდი უნდა გაჩერდეს იზოლირებულ სადგომზე, რის შემდეგაც ყველა მოქმედება აეროპორტში ხორციელდება სამოქალაქო ავიაციაში კრიზისულ-ექსტრემალური სიტუაციების მართვის სამოქმედო გეგმისა და აეროპორტის გაუთვალისწინებელ ვითარებაში მოქმედების გეგმის  მიხედვით.

7. იმ საჰაერო ხომალდის განსაზღვრის/ამოცნობის წესი, რომელზეც ჩადენილ იქნა მართლსაწინააღმდეგო ქმედება, აგრეთვე ამ ქმედების ჩადენის დროს ინფორმაციის გადაცემის წესი და მოქმედება, რომელიც უნდა განახორციელოს სააერნაოსნო მომსახურების საწარმომ, განისაზღვრება აღნიშნული ორგანოს საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამით.

8.  საქართველოში რეგისტრირებულ საჰაერო ხომალდზე ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების შემთხვევაში, საქართველოს საჰაერო სივრცეში მისი ფრენის მომსახურება ხორციელდება გაუთვალისწინებელ ვითარებაში მოქმედებების  გეგმის შესაბამისად, რომელიც სავალდებულოა შესასრულებლად საქართველოში რეგისტრირებული საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის და სააერნაოსნო მომსახურების საწარმოებისათვის.

9. საჰაერო ხომალდის დანიშნულების პუნქტში დაფრენისა და მართლსაწინააღმდეგო ქმედების დასრულების შემდეგ, სააერნაოსნო მომსახურების საწარმო  აგზავნის შეტყობინებას საჰაერო ხომალდის დაფრენის შესახებ გაფრენის აეროპორტში და ყველგან, სადაც დაიგზავნა  შეტყობინება. აღნიშნულთან დაკავშირებით სააგენტო თავისი კომპეტენციის ფარგლებში  უზრუნველყოფს  დაინტერესებული მხარეების ინფორმირება