1.  სამოქალაქო ავიაციის უშიშროების უზრუნველყოფის სფეროში მოთხოვნათა შესრულების ხარისხის კონტროლი ხორციელდება სააგენტოს მიერ შემუშავებული „სამოქალაქო ავიაციის სფეროში საავიაციო უშიშროების ხარისხის კონტროლის სახელმწიფო პროგრამის“ (შემდგომში – ხარისხის კონტროლის სახელმწიფო პროგრამა)  მოთხოვნების შესაბამისად.

2. სააგენტო რისკის შეფასების საფუძველზე უზრუნველყოფს კონტროლის ღონისძიებების დაგეგმვას და მისი განხორციელების სიხშირეს.

3. სახელმწიფო პროგრამის მოთხოვნათა შესრულების ხარისხის კონტროლის მიზნით, ნაკლოვანებების სწრაფი და ეფექტური აღმოფხვრისათვის, სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორები  სააგენტოს მიერ შემუშავებული სახელმძღვანელოსა და გეგმის მიხედვით, ახორციელებენ ხარისხის კონტროლის ღონისძიებებს, მათ შორის: სრულმასშტაბიან  შემოწმებას, საინსპექციო შემოწმებას და საავიაციო უშიშროების სისტემის გამოცდას.

4. საავიაციო უშიშროების სისტემის გამოცდის სატესტო ობიექტის სახეობას განსაზღვრავს სააგენტო.

5. ხარისხის კონტროლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში  განსახორციელებელი ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება ხორციელდება  იმ ავიასაწარმოებისა და იურიდიული პირებისაგან დამოუკიდებლად, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებაზე.

6. სააგენტო უზრუნველყოფს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორების მომზადებას სააგენტოს ნორმატიული აქტის  შესაბამისად.

7. სააგენტო შეიმუშავებს საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის  დამატებითი კონფიდენციალური ინფორმაციის შეგროვების  მექანიზმს ინფორმაციის ისეთი წყაროებიდან, როგორიცაა: მგზავრები, ეკიპაჟის წევრები, მიწისზედა მომსახურების პერსონალი და სხვა.

8. სააგენტო ახორციელებს ხარისხის კონტროლის ფარგლებში  შესრულებული ღონისძიებების   შედეგად გამოვლენილი ნაკლოვანებების დოკუმენტირებას და მის შემდგომ ანალიზს სახელმწიფო პროგრამის  სრულყოფის მიზნით.  ასევე უზრუნველყოფს გამოვლენილი  ნაკლოვანებების გამომწვევი მიზეზების      დადგენას და  ახორციელებს  ნაკლოვანებების აღმოფხვრის კონტროლს.

9. სააგენტო ადგენს წლიურ ანგარიშს, სადაც ასახული იქნება წლის განმავლობაში ხარისხის კონტროლის სახელმწიფო პროგრამაში შეტანილი ცვლილებები (ასეთის არსებობის შემთხვევაში), განხორციელებული ხარისხის კონტროლის ღონისძიებების რაოდენობა და ტიპი,  მათ შორის აღმოფხვრილი და აღმოსაფხვრელი ნაკლოვანებების მითითებით. წლიური ანგარიში უნდა მოიცავდეს ინფორმაციას  ხარისხის კონტროლის პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებისთვის საჭირო ადამიანური და მატერიალური რესურსების შესახებ.

თავი VIII

საქართველოს სამოქალაქო ავიაციაში მართლსაწინააღმდეგო ქმედების საპასუხო მოქმედებების  მართ