1. ჩიკაგოს კონვენციის მე-17 დანართის მე-5 თავის („მართლსაწინააღმდეგო ქმედებების საპასუხო მოქმედებების მართვა“) შესაბამისად:
ა) საჰაერო ხომალდზე მართლსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელების შესახებ სარწმუნო ინფორმაციის არსებობისას, უნდა გატარდეს ყველა საჭირო ზომა საჰაერო ხომალდის დასახმარებლად, კერძოდ, უზრუნველყოფილ იქნეს ხმელეთზე მყოფი საჰაერო ხომალდის დაცვის ღონისძიებების განხორციელება და ასეთი საჰაერო ხომალდის საქართველოს ტერიტორიიდან აფრენის შემთხვევაში, უმოკლეს ვადაში უნდა მოხდეს დაინტერესებული სახელმწიფოების აეროპორტებისა და სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს ინფორმირება;
ბ) მიღებულ იქნას ყველა შესაბამისი ზომები, რათა საჰაერო ხომალდი, რომლის მიმართაც ხორციელდება მართლსაწინააღმდეგო ქმედება და რომელიც დაფრინდა საქართველოს ტერიტორიაზე, დარჩეს ხმელეთზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მისი გაფრენა აუცილებელია ადამიანების სიცოცხლის შესანარჩუნებლად. ასეთ შემთხვევაში, მიზანშეწონილია, განხორციელდეს მოლაპარაკებები საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სახელმწიფოსთან და ცნობილი ან სავარაუდო დანიშნულების სახელმწიფოს ინფორმირება;
გ) უზრუნველყოფილი იქნეს, საქართველოს ყველა სამოქალაქო აეროპორტის ხელმისაწვდომობა საჰაერო ხომალდისათვის, რომელზეც ხორციელდება მართლსაწინააღმდეგო ქმედება;
დ) დახმარება გაეწიოს მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებულ საჰაერო ხომალდს, უზრუნველყოს სანავიგაციო საშუალებების, საჰაერო მოძრაობის მომსახურების ხელმისაწვდომობა და მიეცეს დაფრენის ნებართვა;
ე) მიღებულ იქნას ყველა საჭირო ზომა მის ტერიტორიაზე ხმელეთზე მყოფი იმ საჰაერო ხომალდის მგზავრებისა და ეკიპაჟის წევრების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რომელთა მიმართაც განხორციელდა მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ვიდრე ისინი არ შეძლებენ ფრენის გაგრძელებას.
2. სახელმწიფო უწყებები, ამ დაგენილებით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობენ ICAO-ს წევრი სახელმწიფოების შესაბამის უწყებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მართლსაწინააღმდეგო ქმედების აღსაკვეთად ერთობლივი ღონისძიებების განხორციელების მიზნით.
3. მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან საქართველოს სამოქალაქო ავიაციის დაცვის მიზნით განსახორციელებელი მოქმედებები რეგულირდება:
ა) ამ პროგრამით და სააგენტოს მიერ დადგენილი წესებით, რომელიც შეეხება ჰაერში მყოფ საჰაერო ხომალდს, რომელზეც ხორციელდება მართლსაწინააღმდეგო ქმედება;
ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დამტკიცებული „მართლსაწინააღმდეგო ქმედებების თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით სამოქალაქო ავიაციაში კრიზისულ-ექსტრემალური სიტუაციების მართვის სამოქმედო გეგმით“, ხმელეთზე მყოფი საჰაერო ხომალდისთვის.
4. უწყებები, საწარმოები და ორგანიზაციები, რომლებიც მონაწილეობენ მართლსაწინააღმდეგო ქმედების საპასუხო მოქმედებების ხელმძღვანელობაში, საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტები, აეროდრომის ექსპლუატანტი და მოიჯარეები უზრუნველყოფენ მართლსაწინააღმდეგო ქმედების სამოქალაქო ავიაციის დაცვის მიზნით გაუთვალისწინებელ ვითარებაში მოქმედების გეგმების შემუშავებას, კავშირის სისტემების დანერგვას და პერსონალისთვის გეგმით გათვალისწინებული მოქმედებების თეორიულ გაცნობას წელიწადში ერთხელ.
5. გაუთვალისწინებელ ვითარებაში მოქმედების გეგმის ეფექტურობის განსაზღვრის მიზნით, აეროპორტში უნდა განხორციელდეს გაუთვალისწინებელ ვითარებაში მოქმედებების არასრულმასშტაბიანი და სრულმასშტაბიანი პრაქტიკული სწავლებები.
6.არასრულმასშტაბიანი პრაქტიკული სწავლება უნდა განხორციელდეს სულ მცირე, წელიწადში ერთხელ. სრულმასშტაბიანი პრაქტიკული სწავლება – მართლსაწინააღმდეგო ქმედების საპასუხო მოქმედებებში ჩართული ყველა სუბიექტის მონაწილეობით, სულ მცირე, ორ წელიწადში ერთხელ.
7. სრულმასშტაბიანი პრაქტიკული სწავლების მიზანია, სხვადასხვა სახის საფრთხის პირობებში გაუთვალისწინებელ ვითარებაში მოქმედების გეგმის ადეკვატურობის განსაზღვრა, ხოლო არასრულმასშტაბიანი პრაქტიკული სწავლების მიზანია, გაუთვალისწინებელი ვითარების დროს საპასუხო მოქმედებებში ჩართულ უწყებებთან, ორგანიზაციებსა და ავიასაწარმოებთან კოორდინაციის უზრუნველსაყოფად გასატარებელი ღონისძიებების, ასევე გაუთვალისწინებელ ვითარებაში მოქმედების გეგმის ცალკეული კომპონენტების ადეკვატურობის განსაზღვრა, როგორიცაა საკომუნიკაციო სისტემები და სხვა;
8. აეროდრომის ექსპლუატანტმა უნდა განახორციელოს პრაქტიკული სწავლებების დოკუმენტირება, ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში, გაუთვალისწინებელ ვითარებაში მოქმედების გეგმაში ცვლილებების შეტანა.
9. აეროპორტებსა და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის მიზნით, აეროდრომის ექსპლუატანტს შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, უფლება აქვს შემოიღოს უშიშროების დამატებითი ზომები (როგორიცაა, აეროპორტის ტერმინალებში მოქალაქეთა დაშვების კონტროლი, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებისა და სადგომების კონტროლი და სხვ.).
10. აეროპორტის გაუთვალისწინებელ ვითარებაში მოქმედების გეგმა განსაზღვრავს აეროპორტის სხვადასხვა სამსახურის, აგრეთვე აეროპორტის მიმდებარედ განლაგებულ იმ ორგანოებს შორის კოორდინირებული მოქმედებების თანამიმდევრობას, რომლებსაც შეუძლიათ დახმარების აღმოჩენა მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის მცდელობის დროს.
11. ოპერატიული გამოყენების მიზნით აეროპორტში გაუთვალისწინებელ ვითარებაში მოქმედების გეგმა უნდა ითვალისწინებდეს:
ა) გაუთვალისწინებელი ვითარების შექმნამდე მოქმედებების წინასწარ დაგეგმვას;
ბ) გაუთვალისწინებელი ვითარების დროს მოქმედებებს;
გ) დამხმარე ოპერაციებს და გაუთვალისწინებელი ვითარების დამთავრების შემდეგ დოკუმენტაციის მომზადება