1. სააგენტო უზრუნველყოფს ინფორმაციის შეგროვებას და გაავრცელებას იმ საჰაერო ხომალდის შესახებ, რომლის მიმართაც ხორციელდება მართლსაწინააღმდეგო ქმედება, იმ მიზნით, რომ მიაწოდოს ინფორმაცია სახელმწიფოებს, რომლებსაც აქვთ გარკვეული ინტერესი ამ ფრენის მიმართ. ამ მიზნის მისაღწევად:
ა) სააერნაოსნო მომსახურების საწარმო წარუდგენს სააგენტოს მის ხელთ არსებულ ინფორმაციას საჰაერო ხომალდის შესახებ და ცდილობს, მიიღოს დამატებითი ინფორმაცია ეკიპაჟის წევრებისაგან რადიოკავშირის საშუალებით;
ბ) საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი აწვდის სააგენტოს მის ხელთ არსებულ ინფორმაციას, მათ შორის იმ ფრენის შესახებ, რომელიც არ არის ფრენის გეგმაში;
გ) აეროდრომის ექსპლუატანტის საავიაციო უშიშროების სამსახური ახორციელებს ინფორმაციის შეკრებას და სააგენტოსთვის მიწოდებას, რომელიც თავის მხრივ უზრუნველყოფს მის სისტემატიზაციას და ანალიზს, ითვალისწინებს შესაბამისი სპეციალისტების რეკომენდაციებს, საჰაერო ხომალდის მეთაურის მიერ მოთხოვნილ ინფორმაციას და დაუყოვნებლივ გადასცემს ინფორმაციას როგორც დაინტერესებულ მხარეებს, ისე, საჭიროების შემთხვევაში, საჰაერო ხომალდის მეთაურს.
2. სააგენტოს მიერ სხვა სახელმწიფოებისთვის ინფორმაციის მიწოდება ხორციელდება სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საავიაციო უშიშროების საკონტაქტო ქსელითა (PoC Network) და ევროპის სამოქალაქო ავიაციის კონფერენციის ქსელით (SECLIST) განსაზღვრული საკონტაქტო წყაროების გამოყენებით, მათ შორის:
ა) ელექტრონული ფოსტის, სატელეფონო და სატელეგრაფო კომუნიკაციის ან საავიაციო ფიქსირებული მომსახურების (AFS) საშუალებით იმ მართლსაწინააღმდეგო ქმედების შესახებ, რომელიც შეიძლება მოხდეს უახლოესი 12 საათის განმავლობაში;
ბ) ელექტრონული ფოსტისა და სატელეგრაფო კომუნიკაციის საშუალებით ან საავიაციო ფიქსირებული მომსახურების (AFS) საშუალებით იმ მართლსაწინააღმდეგო ქმედების შესახებ, რომელიც შეიძლება მოხდეს მომდევნო 12 საათის შემდეგ და არაუგვიანეს 12 დღისა;
გ) ფოსტით ან სატელეგრაფო კომუნიკაციის საშუალებით, იმ მართლსაწინააღმდეგო ქმედების შესახებ, რომელიც შეიძლება მოხდეს მომდევნო 12 დღის შემდეგ.
3. ინფორმაცია უნდა მოიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) ფრენის ცნობილი ან სავარაუდო მარშრუტი;
ბ) ცნობილი ან სავარაუდო დანიშნულების პუნქტი, დაფრენის სავარაუდო დრო;
გ) საფრენოსნო გეგმასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაცია, მათ შორის: ფრენის სავარაუდო ხანგრძლივობა საწვავის რაოდენობის გათვლით, აღნიშნულ მარშრუტზე ეკიპაჟის და მგზავრების რაოდენობა;
დ) საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის შემადგენლობა, ინფორმაცია ეკიპაჟის მიერ სავარაუდო მარშრუტზე ფრენის გამოცდილების შესახებ;
ე) ინფორმაცია საჰაერო ხომალდზე საჰაერო დაცვის ოფიცრის არსებობის შესახებ;
ვ) საჰაერო ხომალდზე სანავიგაციო რუკებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შესახებ;
ზ) საჰაერო ხომალდის ეკიპაჟისათვის დაწესებული ფრენის დროის და მოცემულ მომენტში ნაფრენი საათების შესახებ.
4. სააგენტო აგზავნის დამატებით ინფორმაციას (ასეთის არსებობის შემთხვევაში): მგზავრებისა და მართლსაწინააღმდეგო ქმედების განმახორციელებელი პირების რაოდენობის, სახელებისა და გვარების, მათი მოქალაქეობის შესახებ; დაშავებულების რაოდენობის, საჰაერო ხომალდზე არსებული იარაღის, ასაფეთქებელი მოწყობილობის და სხვა სახიფათო მოწყობილობებისა და ნივთიერებების არსებობის, მათი ტიპისა და რაოდენობის შესახებ, ეკიპაჟის წევრებისა და საჰაერო დაცვის ოფიცრის მდგომარეობის შესახებ.
5. ინფორმაცია გადაეცემა:
ა) საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სახელმწიფოსა და საჰაერო ხომალდის რეგისტრაციის სახელმწიფოს;
ბ) იმ სახელმწიფოებს, რომლის მოქალაქეებიც დაშავდნენ ან დაიღუპნენ;
გ) სახელმწიფოებს, რომლის მოქალაქეებიც მძევლებად იქნენ აყვანილნი;
დ) სახელმწიფოებს, რომლის მოქალაქეები არიან ან შეიძლება იმყოფებოდნენ საჰაერო ხომალდზე;
ე) სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას და ევროპის სამოქალაქო ავიაციის კონფერენცია