1. საჰაერო მოძრაობის მომსახურე ორგანო დაუყოვნებლივ აცნობებს ადმინისტრაციას და საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტს საჰაერო ხომალდზე განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო ქმედობის ან მისი განხორციელების საფრთხის შესახებ.
2. თუ საჰაერო ხომალდმა შეიცვალა ფრენის მიმართულება და მისი დანიშნულების ადგილი უცნობია, საჰაერო მოძრაობის მომსახურე ორგანო ცდილობს განსაზღვროს ფრენის სავარაუდო მარშრუტი და დანიშნულების პუნქტი და ამის შესახებ აცნობოს ადმინისტრაციას და საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტს.
3. საჰაერო მოძრაობის მომსახურე ორგანო აცნობებს ავარიულ ცნობებს საჰაერო მოძრაობის მომსახურების/მართვის შესაბამის სამსახურებს და გადასცემს მის ხელთ არსებულ ინფორმაციას.
4. საჰაერო მოძრაობის მომსახურე ორგანო გამოითხოვს აეროპორტიდან დამატებით მონაცემებს ფრენის გეგმის შესახებ.
5. ადმინისტრაცია აგროვებს მართლსაწინააღმდეგო ქმედობასთან დაკავშირებულ ყველანაირ ინფორმაციას და გადასცემს დაინტერესებულ სამინისტროებსა და უწყებებს.
6. აუცილებლობის შემთხვევაში, ფრენის ხანგრძლივობიდან გამომდინარე, ამ მუხლით გათვალისწინებული მოქმედებები შეიძლება განმეორდეს.
7. აეროპორტის საავიაციო უშიშროების სამსახური, სადაც დაფრინდა ან აპირებს დაფრენას საჰაერო ხომალდი, მოქმედებს გაუთვალისწინებელ ვითარებაში სამოქმედო გეგმის შესაბამისად, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მგზავრების, ეკიპაჟის წევრებისა და საჰაერო ხომალდის უსაფრთხოება. აუცილებლობის შემთხვევაში, აეროპორტის საავიაციო უშიშროების სამსახურს მოქმედებაში მოჰყავს საგანგებო შედეგების ლიკვიდაციის ღონისძიებათა გეგმა, რაც გამოწვეული იქნება აფეთქებით, ხანძრით ან საჰაერო ხომალდის დაჯდომის დროს საავიაციო შემთხვევით.
8. საჰაერო ხომალდის დანიშნულების პუნქტში ჩაფრენისა და მართლსაწინააღმდეგო ქმედობის დამთავრების შემთხვევაში, საჰაერო მოძრაობის მომსახურე ორგანო აგზავნის შეტყობინებას საჰაერო ხომალდის ჩაფრენის შესახებ გაფრენის აეროპორტში და ყველგან, სადაც დაიგზავნა ავარიული შეტყობინება. აღნიშნულთან დაკავშირებით ადმინისტრაცია იღებს პარალელურ ზომებს