1. იმ საჰაერო ხომალდის მგზავრებისა და ეკიპაჟის უშიშროების უზრუნველსაყოფად, რომელთა მიმართაც განხორციელდა მართლსაწინააღმდეგო ქმედობა, საქართველო იღებს საჭირო ზომებს, ვიდრე ისინი არ შეძლებენ ფრენის გაგრძელებას.
2. ნებისმიერი ორგანიზაცია, რომელიც მიიღებს ინფორმაციას მართლსაწინააღმდეგო ქმედობის ჩადენის ან მისი მცდელობის შესახებ, იღებს საგან-გებო ზომებს, რომლებიც განსაზღვრულია გაუთვალისწინებელი ვითარების სამოქმედო გეგმაში. საგანგებო ზომების მოქმედებათა თანამიმდევრობა შეიცავს:
ა) შეტყობინების სქემის მიხედვით შესაბამისი ორგანოებისა და ორგანიზაციებისათვის ინფორმაციის მიწოდებას;
ბ) ინფორმაციის შეფასებას და შესაბამისი ორგანოებისა და ორგანიზაციების თანხმობას საპასუხო მოქმედებების განხორციელების შესახებ.
3. ორგანიზაციები, რომლებიც მიიღებენ ასეთ ინფორმაციას, უზრუნველყოფენ რაც შეიძლება მეტი ცნობების შეგროვებას/დაზუსტებას და შეტყობინებაში ჩართვას, რათა შესაძლებელი იყოს მართლსაწინააღმდეგო ქმედობის ზუსტი შეფასება.
4. შემდგომი მოქმედებების მიმართ გადაწყვეტილების მიღებამდე ხორციელდება მიღებული ინფორმაციის შეფასება.
5. საფრთხის შეფასების შემდეგ შესაბამისი ინფორმაცია ეგზავნება ყველა დაინტერესებულ უწყებასა და ორგანიზაციას და შემდგომი ზომები მიიღება გაუთვალისწინებელ ვითარებაში სამოქმედო გეგმის შესაბამისად.
6. ადმინისტრაცია უზრუნველყოფს, რომ საქართველოს ყველა აეროპორტი ღია და ხელმისაწვდომი იყოს ყველა საჰაერო ხომალდისათვის, რომელზეც მოხდა მართლსაწინააღმდეგო ქმედობა.
7. აეროპორტში მყოფი ხელში ჩაგდებული საჰაერო ხომალდის მიმართ საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის მოქმედებებს განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელიც კოორდინაციას უწევს ყველა შესაბამის მოქმედებას ადმინისტრაციასთან, საჰაერო მომსახურების ორგანოსთან, აეროპორტის ადმინისტრაციასთან, შესაბამის საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტთან და, საჭიროების შემთხვევაში, სხვა ნებისმიერ ორგანიზაციასთან აეროპორტში ან მის ფარგლებს გარეთ.
8. როგორც ხმელეთზე, ისე ჰაერში ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედობისას სიტუაციის დარეგულირების პასუხისმგებლობის გადაცემა უნდა მოხდეს წინასწარ შემუშავებული სისტემის შესაბამისად, რომელიც აისახება გაუთვალისწინებელი ვითარების სამოქმედო გეგმაში.
9. საფრთხის გათვალისწინებით მგზავრების, მოქალაქეების და აეროვაგზლის პერსონალისა და ობიექტების დასაცავად შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდეგი ზომები:
ა) აეროვაგზლის შენობაში და მის გარშემო საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის შეიარაღებული თანამშრომლების რაოდენობის გაზრდა;
ბ) ფეთქებადი ნივთიერებების აღმოსაჩენად დაგეშილი სამსახურებრივი ძაღლების თანხლებით კინოლოგების გამოყენება;
გ) აეროვაგზლის შენობაში შეუზღუდავი დაშვების პუნქტების რაოდენობის შემცირება/დროებით გაუქმება და აეროვაგზლის შენობაში შემსვლელი პირების შერჩევითი შემოწმება;
დ) აეროვაგზლის მისასვლელებთან ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და პირების შერჩევითი შემოწმება;
ე) აეროვაგზლის უშუალო სიახლოვეს ტრანსპორტის დგომის აკრძალვა;
ვ) ბარგის ავტომატური შემნახველი საკნების გამოყენების შეზღუდვა ან აკრძალვა;
ზ) აეროვაგზლის ტერიტორიიდან სანაგვე ყუთების გატანა, რომლებშიც შეიძლება ჩაიდოს ასაფეთქებელი მოწყობილობა;
თ) აეროვაგზლის არაკონტროლირებადი ზონების და მიმდებარე ტერიტორიის მეთვალყურეობის გაძლიერება ჩაკეტილი სატელევიზიო სისტემით და ოპერატიული მორიგეობის განმახორციელებელი თანამშრომლების რაოდენობის გაზრდით