1. სადისპეტჩერო ცენტრი, ენერგოსისტემის ენერგოობიექტები უნდა იყვნენ აღჭურვილნი დისპეტჩერული და ტექნოლოგიური მართვის საშუალებებით, მოქმედი ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციის შესაბამისად. დისპეტჩერული და ტექნოლოგიური მართვის საშუალებების ექსპლუატაცია უნდა უზრუნველყოფდეს მის მუდმივ ფუნქციონირებასა და ინფორმაციის გადაცემისათვის მზადყოფნას ენერგოსისტემის მუშაობის ნორმალურ და ავარიულ რეჟიმებში, დადგენილი ხარისხით.
2. ელექტროფიცირებული სარკინიგზო გზების, გაზის და ნავთობსადენების, სამრეწველო საწარმოების საუწყებო სადისპეტჩერო პუნქტებს უნდა ჰქონდეთ აუცილებელი კავშირგაბმულობისა და ტელემექანიკის საშუალებები ენერგოსისტემის დისპეტჩერულ პუნქტებთან შეთანხმებულ მოცულობაში. 35 კვ და მეტი ძაბვის სააბონენტო ქვესადგურებიდან ინფორმაცია უნდა გადაეცეს, კონკრეტული პირობებიდან გამომდინარე როგორც საუწყებო დისპეტჩერულ პუნქტებს, ისე ენერგოსისტემის სადისპეტჩერო ცენტრს. სააბონენტო ქვესადგურიდან გადასაცემი ინფორმაციის მოცულობა და მიმართულება უნდა იყოს შეთანხმებული მართვის შესაბამისი დონის დისპეტჩერულ ცენტრებთან (პუნქტებთან).
3. მართვის სხვადასხვა დონის სადისპეტჩერო ცენტრებში დაყენებული აპარატურა უნდა იყოს მიმაგრებული მართვის შესაბამისი დონის დისპეტჩერული და ტექნოლოგიური მართვის საშუალებების სამსახურებზე (საწარმოებზე). მართვის დაბალი დონის კავშირისა და ტელემექანიკის აპარატურას, ექსპლუატაციას უნდა უწევდეს მოცემული ობიექტის დისპეტჩერული და ტექნოლოგიური მართვის საშუალებების მომსახურე პერსონალი.
4. ტელემზომების გადამწოდების (გარდამქმნელების) ტექნიკური მომსახურება და შემოწმება, რომელიც ჩართულია დენისა და ძაბვის ტრანსფორმატორების მეორადი გრაგნილების წრედში, უნდა წარმოებდეს რელეური დაცვის ავტომატიკისა და მეტროლოგიური უზრუნველყოფის სამსახურის შესაბამისი პერსონალის მიერ.
5. ელექტროენერგეტიკის სუბიექტების მართვის ქვედა დონის დისპეტჩერული და ტექნოლოგიური მართვის საშუალებების სამსახურების (საწარმოების, ქვედანაყოფების) პერსონალი უნდა იმყოფებოდეს ოპერატიულ დაქვემდებარებაში ზედა დონის შესაბამის სამსახურებთან დისპეტჩერული და ტექნოლოგიური საშუალებების მოწყობილობის ექსპლუატაციის ნაწილში, რომელიც იმყოფება მის ოპერატიულ მართვაში (გამგებლობაში).
6. ელექტრონული კომუნიკაციების ქსელების მაგისტრალური საკაბელო ხაზების და რადიოსარელეო ხაზების ტექნიკური ექსპლუატაცია უნდა იყოს ორგანიზებული ზემოაღნიშნული ხაზების ექსპლუატაციის მოქმედი ნორმების შესაბამისად.
7. ელექტროგადაცემის ხაზების ანძებზე განლაგებული ელექტრონული კომუნიკაციების ქსელების ოპტიკურ-ბოჭკოვანი ხაზების ტექნიკური ექსპლუატაცია უნდა იყოს ორგანიზებული 110 კვ და მეტი ძაბვის ელექტროგადაცემის საჰაერო ხაზებზე ელექტრონული კომუნიკაციების ქსელების ოპტიკურ-ბოჭკოვანი ხაზების პროექტირების, მშენებლობის და ექსპლუატაციის მოქმედ ნორმებთან შესაბამისობაში.
8. მაღალი ძაბვის ხაზებზე არსებული მაღალსიხშირული კავშირგაბმულობის სისტემის მოწყობილობის ტექნიკური ექსპლუატაცია უნდა იყოს ორგანიზებული ელექტროენერგეტიკის ნორმატიულ დოკუმენტებთან შესაბამისობაში.
9. დისპეტჩერული და ტექნოლოგიური მართვის საშუალებების ოპერატიული და ტექნიკური მომსახურება უნდა იყოს უზრუნველყოფილი:
ა) მართვის საშუალებების ცენტრალური კვანძებით, რომლებიც ეკუთვნით დისპეტჩერული მართვის შესაბამისი დონის ორგანოებს, ენერგოსისტემას, ელექტროსადგურებს;
ბ) მართვის საშუალებების ადგილობრივი კვანძებით იმ ორგანიზაციებისა, რომელთა ექსპლუატაციაშია ელექტრული ქსელი, ელექტროსადგური;
გ) ლაბორატორიებით, რომლებიც შედიან დისპეტჩერული და ტექნოლოგიური მართვის საშუალებების სამსახურების (საწარმოების) შემადგენლობაში.
დისპეტჩერული და ტექნოლოგიური მართვის საშუალებების შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფის მიზნით მართვის ყველა დონის კვანძებში უნდა იყოს ორგანიზებული ოპერატიული პერსონალის დღეღამური მორიგეობა. მართვის საშუალებების ცენტრალური და ადგილობრივი კვანძები უნდა იქნეს აღჭურვილი შემყვან-კომუტაციური, მზომი და შესამოწმებელი მოწყობილობებით, და ასევე უზრუნველყოფილი ინსტრუმენტებით, მასალებით და მარაგნაწილებით.
10. ოპერატიულ-დისპეტჩერული და ტექნოლოგიური მართვის საშუალებები უნდა იქნეს უზრუნველყოფილი გარანტირებული ელექტრომომარაგებით მოქმედი ნორმატიული დოკუმენტების შესაბამისად.
11. რადიოსარელეო ხაზების და რადიოკავშირის საშუალებების (ულტრამოკლე და მოკლე ტალღების რადიოსადგურების) მუშაობაში შეყვანა და ექსპლუატაცია უნდა იყოს ორგანიზებული მოქმედი ნორმატიული დოკუმენტების შესაბამისად.
12. ყველა დონის საუწყებო სატელეფონო ქსელების სტრუქტურა და ხარისხობრივი მაჩვენებლები უნდა შეესაბამებოდეს სატელეფონო კავშირის სისტემების შესახებ მოქმედ დარგობრივ ნორმებს. ელექტროენერგეტიკის საუწყებო სატელეფონო ქსელის ურთიერთჩართვა ელექტრონული კომუნიკაციების საერთო სარგებლობის ქსელებთან უნდა განხორციელდეს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად.
13. ელექტროენერგეტიკის საუწყებო ელექტრონულ საკომუნიკაციო ქსელებზე ვრცელდება „ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2007 წლის 4 ივლისის №134 დადგენილების მოთხოვნები.
14. ელექტრონული კომუნიკაციების ქსელების სახაზო ნაგებობები უნდა იქნეს დაცული მაღალი ძაბვის ელექტროდანადგარების საშიში და ხელის შემშლელი ზემოქმედებისაგან მოქმედი ნორმების შესაბამისად.
15. ხელის შემშლელი და დამაბრკოლებელი ზემოქმედების დონის გაზომვის წესი და პერიოდულობა, აგრეთვე კავშირგაბმულობის კვანძის პერსონალის მოქმედების წესი დამაბრკოლებელი და ხელის შემშლელი ზემოქმედების დასაშვებ მნიშვნელობებზე გადაჭარბების შემთხვევაში უნდა იყოს დადგენილი ადგილობრივი ინსტრუქციებით.
16. ელექტროგადაცემის ხაზებითა და ქვესადგურებით წარმოქმნილი რადიოდაბრკოლებების ველის დაძაბულობის გაზომვით მიღებული მნიშვნელობები უნდა შეესაბამებოდეს ინდუსტრიული რადიოდაბრკოლებების დასაშვებ ნორმებს.
17. ელექტროგადაცემის ხაზებზე, რომლებზედაც ორგანიზებულია ელექტრონული კომუნიკაციების და ტელემექანიკის მაღალსიხშირული არხები, სამუშაოების ჩატარების დროს თუ მოითხოვება დამიწების დადება, უნდა იქნეს გამოყენებული გადასატანი მაღალსიხშირული დამამიწებელი გადამღობები.
18. დისპეტჩერული და ტექნოლოგიური მართვის საშუალებების მუშაობიდან გეგმური ან ავარიული გამოყვანა უნდა გაფორმდეს ოპერატიული ან ავარიული განაცხადით.
19. ტელემართვის მოწყობილობა მისი რომელიმე ერთ-ერთი ელემენტის დაზიანების შემთხვევაში უნდა გამორიცხავდეს სამართავი მოწყობილობის მცდარი გამორთვის (ჩართვის) შესაძლებლობას. ტელემექანიკის მოწყობილობებისა და პანელების მომჭერების ამკრებებზე ის მომჭერები, რომელთა შემთხვევითმა შეერთებამ შეიძლება გამოიწვიოს მოწყობილობის ჩართვა ან გამორთვა, არ უნდა იყოს განლაგებული ერთმანეთის გვერდით.
20. ტელეგაზომვისა და ტელესიგნალიზაციის გადამწოდებლებიდან (გარდამქმნელებიდან) ინფორმაციის მიღებისა და დამუშავების მოწყობილობამდე ელექტრული წრედების შესრულების ხერხი და ექსპლუატაციის რეჟიმი უნდა გამორიცხავდეს ინფორმაციის დამახინჯების გამომწვევ დაბრკოლებებს.
21. გარე კავშირებთან ერთად (ელექტრულ გამომთვლელ მანქანებსა და ტელემექანიკის არხების აპარატურასთან კავშირის გამოკლებით) ტელემექანიკის მოწყობილობების ელექტრულად დაკავშირებულ წრედებს შორის იზოლაციის წინაღობა უნდა გაიზომოს 250-500ვ მეგომ მეტრით და არ უნდა იყოს 1 მეგაომზე ნაკლები. ტელემექანიკის მოწყობილობის წრედის იზოლაციის შემოწმებისას, რომელიც შეიცავს ნახევრად გამტარ ელემენტებს, უნდა იყოს მიღებული ღონისძიებები მათი დაზიანებების თავიდან ასაცილებლად.
ტელემართვის გამოსავალი წრედების და 220ვ ძაბვის ტელემექანიკის მოწყობილობების კვების წრედების იზოლაციის წინაღობა უნდა გაიზომოს 1000-2500ვ მეგაომმეტრით. მონაცემები არ უნდა იყოს 10 მეგაომზე ნაკლები.
22. ელექტროსადგურებზე, ქვესადგურებსა და დისპეტჩერულ ცენტრებში ბრძანებების ფორმირების წრედების და ტელემართვის გამოსავალი წრედების მუშაობიდან გამოყვანისათვის უნდა იქნეს გამოყენებული სპეციალური საერთო გასაღები ან გამომრთველი მოწყობილობა. დისპეტჩერის კომპიუტერიზებული სამუშაო ადგილიდან ტელემართვის ბრძანებების ფორმირებისას უნდა გამოიყენებოდეს ტელემართვის ბრძანებების ფორმირების ფუნქციის მუშაობიდან გამოყვანის საიმედო პროგრამული საშუალებები.
23. საწარმოო ქვედანაყოფის პერსონალი, რომელიც ემსახურება დისპეტჩერული და ტექნოლოგიური მართვის საშუალებებს, საწარმოო ინსტრუქციების შესაბამისად პერიოდულად უნდა ათვალიერებდეს აპარატურას, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს გადამრთველი მოწყობილობების სწორ მდგომარეობას და სიგნალიზაციას.
24. დისპეტჩერული და ტექნოლოგიური მართვის საშუალებების მოწყობილობას უნდა ჰქონდეს საშემსრულებლო სქემების შეესაბამისი მარკირება. აპარატურაზე უნდა იყოს წარწერა ელექტროკვების წყაროს საკომუტაციო მოწყობილობის აღნიშვნით.
25. დისპეტჩერული და ტექნოლოგიური მართვის მოწყობილობების სრული და ნაწილობრივი შემოწმება და რემონტი უნდა სრულდებოდეს დამტკიცებული გრაფიკით, რომელიც შეთანხმებულია სადისპეტჩერო ცენტრთან და დისპეტჩერული და ტექნოლოგიური მართვის საშუალებების ზემდგომ ორგანოსთან.
26. დისპეტჩერული და ტექნოლოგიური მართვის საშუალებების ყველა გაუმართაობა და არასწორი მოქმედება დაუყონებლივ უნდა აღმოიფხვრას, აღირიცხოს და გაანალიზდეს დადგენილი წესით.
მოწყობილობების არასწორი მოქმედების, მათი დაზიანებისა და პარამეტრების ნორმირებული მაჩვენებლებიდან გადახრის შემთხვევაში უნდა ჩატარდეს დამატებითი შემოწმება, გასწორდეს დარღვევები და ეცნობოს დისპეტჩერსა და დისპეტჩერული და ტექნოლოგიური მართვის ზემდგომ სამსახურს
ელექტროსადგურების და ქსელების ტექნიკური ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 04.10.2010
მუხლი 55. დისპეტჩერული და ტექნოლოგიური მართვის საშუალებები
თავი VII — ოპერატიულ-დისპეტჩერული მართვა
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 55. დისპეტჩერული და ტექნოლოგიური მართვის საშუალებები
- მუხლი 54. დისპეტჩერული მართვის ავტომატიზებული სისტემები
- მუხლი 51. ოპერატიულ-დისპეტჩერული პერსონალი
- მუხლი 18. სარეზერვო სიმძლავრის შესყიდვაზე პირდაპირი ხელშეკრულების რეგისტრაცია დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან
- მუხლი 45. ოპერატიული კავშირი დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს, გადაცემის ლიცენზიატსა და ელექტროენერგეტიკული სისტემის მონაწილეებს შორის
- მუხლი 29. პირდაპირი ხელშეკრულება ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გადაცემის, დისპეტჩერიზაციისა და გატარების მომსახურების შესყიდვაზე
მეზობელი მუხლები
- მუხლი 49. ავარიების თავიდან აცილება და ლიკვიდაცია
- მუხლი 50. მოთხოვნები ოპერატიული სქემების მიმართ
- მუხლი 51. ოპერატიულ-დისპეტჩერული პერსონალი
- მუხლი 52. გადართვები ელექტრულ დანადგარებში
- მუხლი 53. გადართვები თბოენერგოდანადგარების სქემებში
- მუხლი 54. დისპეტჩერული მართვის ავტომატიზებული სისტემები
- მუხლი 56. ელექტრული ენერგიის და სიმძლავრის კონტროლისა და აღრიცხვის ავტომატიზებული სისტემები
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ელექტროსადგურების და ქსელების ტექნიკური ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 55, №52, 04.10.2010, სარეგისტრაციო კოდი 300350000.22.025.016001 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.10.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1036317/muxli-55/