1. პირდაპირი ხელშეკრულება სავალდებულოა სარეგისტრაციოდ წარედგინოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს ხელშეკრულების მოქმედების დაწყებამდე არა უგვიანეს 5 კალენდარული დღისა.
2. რეგისტრაციისათვის აუცილებელია შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა:
ა) სარეგისტრაციო განაცხადი დამტკიცებული ფორმის შესაბამისად;
ბ) ორივე მხარის შესაბამისი უფლებამოსილი პირების მიერ პირდაპირი ხელშეკრულების ყველა გვერდსა და დანართებზე ხემოწერილი და დამოწმებული ორი დედანი;
გ) ამ წესების მე-6 თავის შესაბამისად განაწილების ლიცენზიატებისა და პირდაპირი მომხმარებლების მიერ სარეზერვო სიმძლავრის უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტები;
დ) განაწილების ლიცენზიატის კუთვნილი ქსელის მეშვეობით ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა ან/და მიღების შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატთან გაფორმებული ხელშეკრულება ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გატარების მომსახურებაზე.
3. პირდაპირი ხელშეკრულება ძალაში შედის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან რეგისტრაციის შემდეგ.
4. ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უფლებამოსილია პირდაპირი ხელშეკრულების რეგისტრაციაზე განაცხადოს უარი იმ შემთხვევაში, თუ:
ა) პირდაპირი ხელშეკრულების რომელიმე მხარე არ წარმოადგენს კვალიფიციურ საწარმოს;
ბ) დარღვეულია პირდაპირი ხელშეკრულების სარეგისტრაციოდ წარმოდგენის ვადები;
გ) დარღვეულია ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები;
დ) პირდაპირი ხელშეკრულება ეწინააღმდეგება სამინისტროსა ან/და კომისიის მიერ მიღებულ ნორმატიული აქტების მოთხოვნებს;
ე) პირდაპირი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ელექტროენერგიის (სიმძლავრის) დისპეტჩირება შეუძლებელია ან/და ამ პირდაპირი ხელშეკრულების განხორციელებამ შესაძლებელია ხელი შეუშალოს სისტემის ოპერატიულ-დისპეტჩერულ მართვას;
ვ) პირდაპირ ხელშეკრულებაში არ არის მითითებული მისი მოქმედების დაწყებისა და დასრულების ზუსტი დრო და საორიენტაციო მოცულობები;
ზ) შესაბამისი კვალიფიციური საწარმოს მიერ არ არის დარეგისტრირებული შესაბამისი პირდაპირი ხელშეკრულება ელექტროენერგიის გადაცემის, დისპეტჩერიზაციის ან/და გატარების მომსახურების ნასყიდობაზე.
5. პირდაპირ ხელშეკრულების მხარეები ვალდებულნი არიან დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს ყოველი საანგარიშო პერიოდის დაწყებამდე 5 დღით ადრე მიაწოდონ ხელშეკრულების ფარგლებში მომავალი საანგარიშო პერიოდისათვის მოხმარებისა და მიწოდების ყოველსაათობრივი საპროგნოზო გრაფიკები. აღნიშნულ გრაფიკებში ცვილებების შესახებ მხარეებმა არანაკლებ ორი დღით ადრე უნდა აცნობონ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს.
6. თუ ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ხელშეკრულების წარმოდგენიდან 5 კალენდარული დღის ვადაში ორივე მხარეს არ გაუგზავნის შეტყობინებას ხელშეკრულების რეგისტრაციაზე უარის შესახებ, მაშინ ხელშეკრულება ითვლება რეგისტრირებულად.
7. ნებისმიერი ცვლილებების განხორციელება პირდაპირ ხელშეკრულებაში სარეგისტრაციოდ საჭიროებს იგივე პროცედურებს, რასაც პირდაპირი ხელშეკრულების რეგისტრაცია